კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან –  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!


საქართველოს სკანდალური საარჩევნო კამპანია (დევიდ იგნატიუსის სტატია The Washington Post-ში)


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელი კონსერვატორების  ფავორიტი ფერადი რევოლუციების ჩემპიონობის მიზეზით, ამჟამად  ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული საკუთარი შიდა ოპოზიციური მოძრაობის სავარაუდო ჩახშობის გამო. იმ მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი.

სააკაშვილი შერაცხულ იქნა რეფორმატორად მას შემდეგ, რაც  ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდა 2004 წელს, და მამაცურად დაუპირისპირდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას. მაგრამ მან ასევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებითი შეფასების მცდარი მაგალითი, როდესაც გადადგა უგუნური სამხედრო ნაბიჯები, რითაც რუსეთს საბაბი მისცა, რომ 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყო. ახლა კრიტიკოსები ბრალად უყენებენ სააკაშვილს, რომ მისი მთავრობა ზედმეტი აღტყინებით იბრძვის, როცა უკვე შიდა არენაზე პოლიტიკურ ოპონენტებს უპირისპირდება.

სააკაშვილის კონკურენტია მდიდარი ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ ხელისუფლების მიერ რეპრესიული ნაბიჯების მთელი სერიის შესახებ, მათ შორის კომპიუტერული კიბერშეტევის შესახებ, რომელაც მოიცვა არა მარტო „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტები, არამედ ამერიკელი იურისტები, ლობისტები და უსაფრთხოების მრჩეველები, რომლებიც „ქართული ოცნებისათვის“ მუშაობენ.

კიბერშეტევის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები საქმის კურსში ჩააყენა  2012 წ. 7 სექტემბერს თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გუნდის სხვა წევრებმა. ჯაფარიძემ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც „საარჩევნო კამპანია გადააქცია ომად ‘სახელმწიფოსა’და ‘სახელმწიფოს მტრებს’ შორის“.

ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.

ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს.  მაგალითად, ერთი ასეთი „ეკრანის ჩაჭერა“, რაც მე ვნახე, აფიქსირებდა ივანიშვილის საბანკო ინვოისს „ნეშენალ სტრატეგიზ“ კომპანიისადმი, რომელიც ვაშინგტონში არსებული უსაფრთხოების მრჩეველთა ფირმაა. მეორე იყო ივანიშვილის მიმართ ვაშინგტონშივე არსებული კომპანია „პატტონ ბოგზის“ ადვოკატის მესიჯი. ეს ფირმა ივანიშვილის ლობისტური საქმიანობის წარმართველი კომპანიაა.

კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: ჯაფარიძის გუნდმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.

ეს ახალი დოკუმენტები კიდევ უფრო ამძიმებს მომდევნო თვეში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ურთიერთბრალდებების ისედაც საკმაოდ სქელ საქაღალდეს. აგვისტოში ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა მთავრობის მიერ საარჩევნო პროცესისთვის შეგროვილი შემოწირულობების ჩამორთმევის კამპანია, როგორც “იარაღი, რათა გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია, და რომლის ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებია.” და თომას მელიამ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე აღნიშნა გასულ კვირას “ბოლო თვეებში სხვადასხვა ტიპის მრავალი ხარვეზი”, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ „საქართველოში კონკურენტული კამპანია გრძელდება“.

წყარო: http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html

გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი, 2012 – The Washington Post


დეგრადირებულის “კომპრომისი”


ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოც, დრამატულიც და შავბნელი ფიგურაც ნამდვილად არის ბ-ნი გიგა ბოკერია.

განსხვავებით სააკაშვილისაგან, მას არ ჰყოლია კგბ-ს ოფიცერი გამზრდელი ბიძა და არც რუსეთის ბიზნეს წრეებთან საიდუმლო გარიგებებში არის (დღემდე) შემჩნეული. განსხვავებით ვანო მერაბიშვილისაგან და ზურაბ ადეიშვილისაგან, იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ადამიანად, რომელმაც კარგად იცის ადამიანის უფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპები და ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული ამ მხრივ – როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე, პრაქტიკული საქმიანობით. განსხვავებით, ნუგზარ წიკლაურის, კობა ხაბაზისა და კობა ნაყოფიასაგან, ბოკერია ნამდვილად არის ერუდირებული ინტელექტუალი და ნიჭიერი პოლიტიკოსი…

და მაინც, თუ ვინმე მკითხავს, რომელი ადამიანის დრაკონად ქცევა და იდეურ-ზნეობრივი დეგრადაცია არის ყველაზე საჩვენებელი მაგალითი ბოლო ათწლეულის განმავლობაში და რომელი ადამიანი იქცა ნეობოლშევიზმის, უსამართლობის „გაპრავების“, თავისუფალი მედიის ნაცისტურ-სტალინურ პროპაგანდისტულ მანქანად გადაქცევის, და სახელმწიფო ტერორის სულისჩამდგმელად, მე სწორედ გიგა ბოკერიას (და მის თანამეცხედრეს, თამარა ჩერგოლეიშვილს, – თანამედროვე საქართველოს მაკბეტების წყვილს) დავასახელებდი.

პირადად არ ვიცნობდი გიგა ბოკერიას, მაგრამ მახსოვს მისი შთამბეჭდავი – ცინიზმისა და პათოსის საკმაზით გაზავებული – გამოსვლები შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ. ბატონი გიგა ნამდვილად იდგა ლიბერალურ ღირებულებათა სადარაჯოზე და ის, რომ ამ სადარაჯოზე ყოფნისას თავის აგრესიული ანტიკლერიკალიზმით გამოირჩეოდა, ჩემთვის მაინც არ იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანი მომავალში ლიბერალიზმიდან აგრესიულ ნეობოლშევიზმში გადაიჭრებოდა. რადგან ის რელიგიური პირები, რომელთა წინააღმდეგ ილაშქრებდა გიგა ბოკერია, ნამდვილად არ დამამხსოვრდნენ, როგორც ქრისტიანული სათნოების და მიმტევებლობის ნიმუშები და ვაღიარებ, მაშინ ამ ჭიდილში ჩემი სიმპათიები გიგა ბოკერიასკენ იხრებოდა, რომლის მეთოდებს – არა, მაგრამ მიდგომებს – ვიზიარებდი. და მე ნამდვილად არ ვარ გამონაკლისი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დღეს გიგა ბოკერიას უპირისპირდებიან, ხოლო მაშინ – მისი თანამოაზრენი, თუ სულაც – მხარდამჭერები იყვნენ.

რა მოხდა?

მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე პოლიტიკაში – ადამიანი, რომელიც დრაკონს ებრძოდა, დრაკონის დამარცხების და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავად იქცა დრაკონად… და გაცილებით უარეს დრაკონად, ვიდრე ის, რომელიც მან დაამარცხა!

1)      დღეს გიგა ბოკერია არის კორუმპირებული ჩინოვნიკი! მას შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ქონება, მაგრამ მამამისის, ლევან ბოკერიას სამშენებლო და არქიტექტურული ფირმები „ლებო“ და „არქსტუდია“ 2004 წლიდან ზედიზედ იგებენ სხვადასხვა ძვირადღირებულ ტენდერებს, განსაკუთრებით – თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს, „არქსტუდია“ ასევე მონაწილეობდა აღმაშენებლის გამზირის მრავალმილიონიანი სამუშაოების შესრულებაში და ვაჟა-ფშაველაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაში. ბოკერიების ოჯახს  აქვს წილი ტურისტულ ფირმა „არქტურშიც“ და მეტროში განთავსებული ბილობორდების სარეკლამო ბიზნესშიც. გიგა ბოკერიას ცოლს – თამარა ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის სააკაშვილის რეჟიმის გებელსური პროპაგანდის ყველაზე დახვეწილი ინსტრუმენტი, ჟურნალი „ტაბულა“, რომელსაც რეჟიმის აპოლოგეტები ბენდუქიძე, კეზერაშვილი, ნაყოფია გულუხვად აფინანსებენ. გიგა ბოკერიას ცოლისდას კი ეკუთვნის სამშენებლო ფირმა „არტიქსი“ (რომლის სინდისზეა რუსთავი2-ის ორი ოპერატორის ტრაგიკული სიკვდილი ვარსკვლავების აკადემიის შენობის უკანონო და არაპროფესიონალური გადაკეთებისას ჩამონგრევის გამო),  საგამოფენო გალერეა მთაწმინდაზე და ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც ახლახანს თავის ახლობლებზე გადააფორმა. ეს ყველაფერი – ბოკერიების ოჯახური ბიზნესი – სათავეს იღებს 2004 წლიდან და ნამდვილად უკავშირდება გიგა ბოკერიას კარიერულ წინსვლას. თორემ გიგა ბოკერიას ქონება 2003 წელს ორიოდე ჯინსით შემოფარგლებოდა და არც მამამისს ეტყობოდა კოჭებში წარმატებული ბიზნესმენობა.

2)      გიგა ბოკერია უფლებადამცველიდან იქცა უფლებადამრღვევად და ადამიანის მკვლელელების და მოძალადეების დამცველად! პირველად ეს იყო 2006 წელს, როდესაც სწორედ გიგა ბოკერიამ კბილებით დაიცვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი – ოლეგ მელნიკოვი. ეს გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბერს, რომლის დაგეგმვაში გიგა ბოკერიამ სერიოზული როლი ითამაშა. გიგა ბოკერია, რომელიც ხმას არ ძრავს საქართველოს ციხეებში ახალაიას, შაშკინის თუ კალმახელიძის დროს მიმდინარე წამებებსა და ადამიანების მკვლელობებზე, საქართველოს ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის საშინელ დინამიკაზე, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადგილზე ჩახოცილ ათეულობით ახალგაზრდაზე, 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დარბევაზე – არაადამიანურ დარბევაზე!.. გიგა ბოკერიას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელფეხშეკრული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი ჯიხურის სახურავზე დენის დარტყმით გარდაიცვალნენ… ხოლო გიგა ბოკერიას მეუღლე – თამარა ჩერგოლეიშვილი თავის კონტაქტებს ევროსაბჭოში სრულად იყენებდა იმისათვის, რომ  სანდრო გირგვლიანის “უბედური შემთხვევით გამოწვეული” სიკვდილი და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების უცოდველობა დაემტკიცებინა… გიგა ბოკერია, როგორც ადამიანის უფლებისდამცველი, დიდი ხანია, აღესრულა! დღეს არსებობს გიგა ბოკერია, რომელიც არის მკვლელების და მოძალადეების დოსტი და ნამუსის მომწმენდი!

3)      გიგა ბოკერია იყო შეკრებების თავისუფლების ინიციატორთაგანი. თუ არ მეშლება, სწორედ მას მიუძღვის წვლილი იმაში, რომ საქართველოში შეკრებას და მანიფისტაციის სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ ინფორმირება და არაა საჭირო სპეციალური ნებართვის მიღება. მაგრამ დიდი დრო გავიდა მის შემდეგ და საკაშვილის ხალხისგან სულ უფრო დისტანცირებული ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს წნეხს შეკრებებისა და აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე. დაწესდა აბსურდული შეზღუდვები სახელმწიფო დაწესებულებებთან მიახლოების დასაშვებ ნორმებზე, რომლებიც ზოგიერთ დაწესებულებასთან მიტინგის ჩატარებას პრაქტიკულად გამორიცხავს. დაწესდა შეზღუდვები იმ საყოფაცხოვრებო საგნებზე, რომელთა პოვნის შემთხვევაში მიტინგზე მყოფი პირი შეიძლება დააკავონ და ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისცენ. თავის მხრივ განუზომლად გაიზარდა ადმინისტრაციული წესით სასჯელის ვადა და საოცრად გამარტივდა ასეთი წესით ადამიანის გასამართლება თუნდაც მხოლოდ ერთი მოწმის – მათ შორის ხშირად – მხოლოდ პოლიციელის – ჩვენების საფუძველზე. ამ მეთოდით ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ადამიანი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მათ ოპოზიციის მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა და ასობით ადამიანი კი – სამსახურიდან გაანთავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით! გიგა ბოკერია არ დაინტერესებულა არცერთი ასეთი ფაქტით, არ დაინტერესებულა, რატომ აგდებენ მასწავლებლებს სკოლიდან პოლიტიკიური ნიშნით, რატომ ადებენ ყადაღას პოლიტიკური სიმპათიების გამო, რატომ აუკრეს პირი საჯარო მოხელეებს და რატომ გაანთავისუფლეს რამდენიმე ადამიანი საჯარო სამსახურიდან ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის ფაქტის გამო.

4)      გიგა ბოკერია იყო მედიის თავისუფლების აქტიური მხარდამჭერი შევარდნაძის ეპოქაში და გახდა მედიის დამუნჯების და დაკაბალების ერთ-ერთი ფარული, მაგრამ აქტიური მხარდამჭერი ამჟამად. მას ხმა არ ამოუღია „იმედის“ უკანონო დარბევაზე და „კავკასიის“ უკანონო გათიშვაზე 2007 წლის 7 ნოემბერს. არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რომ საქართველოში 2003 წელს არსებული 12 თავისუფალი ტელევიზიიდან 11 „გაკოტრდა“, დაიხურა ან ხელისუფლების ახლო წრის ხელში გადავიდა. იგი ვერ ხედავს ვერაფერს უცნაურს „ინფო-9“-ის ჟურნალისტების მიმართ წარმოებულ მორალურ და ფიზიკურ ძალადობაში, ვერ ამჩნევს, რომ ყოფილი პოლიციელებით და რეალ-ტვ-ის „ჟურნალისტებით“ დაკომპლექტებული ფსიქოლოგიური ტერორის განმახორციელებული ჯგუფები “ინფო-9”-ის ჟურნალისტებს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და მორალურ წნეხს ახორციელებენ. ბოკერიას კომენტარი ამ საკითხზე, რომ ეს, თურმე, არის “კონკურენტი ჟურნალისტების მხრიდან „ინფო-9“-ის მეთოდების გადაღება“ არის აბსოლუტურად დემაგოგიური და ამორალური!  ეს არის ირიბი დადასტურება იმისა, რომ ჟურნალისტების ეს სამარცხვინო დევნა სწორედაც რომ ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი. ვინ ვინ-და, გიგა ბოკერიამ მშვენივრად უნდა იცოდეს, რომ არსებობს სერიოზული განსხვავება იმაში, როცა ჟურნალისტი ცდილობს მოიპოვოს საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია საჯარო მოხელისაგან და იმაში, როცა ჟურნალისტებად შენიღბული დილეტანტები ცდილობენ უაზრო ან უღირსი კითხვებით პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს. ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ სწორედ ის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ერთ დროს თავისუფალი მედიის ადვოკატი და დღეს გებელსური პროპაგანდის მანქანის არქიტექტორი – გიგა ბოკერია ცდილობს განახორციელოს და მისაღებად ჩათვალოს! ყალბი, ხელოვნური, პლასტმასის „სინამდვილე“ პროსახელისუფლებო, ცენზურას დაქვემდებარებული მედიასაშუალებების ეთერში, ჟურნალისტები, რომლებიც ერთიდაიგივე ტექსტს კითხულობენ არა იმაზე, რატომ მოხვდა და როგორ დაიღუპა პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილი ადამიანი, არამედ იმაზე, რატომ ჩამოვიდნენ დაღუპულის ოჯახში სამძიმარზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები!.. გიგა ბოკერია, რომელსაც ყველაფერ ამაზე და „მოდელირებულ ქრონიკაზე“ კითხვები არ უჩნდება… ადამიანი, რომელიც თითქოს ვაცლავ ჰაველის თაყვანისმცემელი იყო და მიხეილ სააკაშვილის უსიტყვო მსახურად და თაყვანისმცემელად იქცა… გიგა ბოკერია, რომელიც აქტურად ეწინააღმდეგება სატელიტური თეფშების გავრცელებას საქართველოში – ანუ სიმართლის გავრცელებას. გიგა ბოკერია, როგორც სიმართლის გაყალბების აპარატის ლაქია – მართლაც, რა საოცარი დეგრადაციაა!

მართალი გითხრათ, ამ სტატიის დაწერისაკენ მიბიძგა გიგა ბოკერიას მისამართით გაკეთებულმა იმ ლამის კომპლიმენტებმა, რაც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. ყბადაღებული (უცხოელების თავის მოსაქონად შექმნილი) ე.წ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ბატონმა ბოკერიამ „მაესტროს“ დაყადაღებულ თეფშებზე ასეთი კომპრომისული მორიგება შესთავაზა მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელებს – ლაშა ტუღუშს, ნინო ზურიაშვილს და შორენა შავერდაშვილს: „მაესტროს“ თეფშებს შეიძლება აეხსნათ ყადაღა, თუკი „მაესტრო“ თანახმა იქნება, რომ მისი თეფშები რეგიონებში „საქართველოს ფოსტამ“ დაარიგოს და დაამონტაჟოს, თანაც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდეს და თანაც „მაესტრომ“ ამაში ბიზნეს-ინტერესი არ უნდა ჩადოსო. მედია ადვოკატირების წევრები მადლობას უხდიდნენ გიგა ბოკერიას და კმაყოფილები იყვნენ, რომ კომპრომისი გამოინახა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, ამ წინადადებაზე თანხმობა ტელეკომპანია „მაესტრომაც“ განაცხადა.

თავიდანვე უცნაური იყო, როგორ მოახერხა თუნდაც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა თითქოსდა “სამართლებრივ სახელმწიფოში”! ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არავითარი სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არსებობს და მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერ ფიგურას მოუნდეს, და ყველანაირი სასამართლო განჩინება წამიერად აორთქლდება. მეორე უცნაურობა კი ის იყო, რომ თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღა ეხსნება, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ “მაესტროს” თეთრი ძაფით ნაკერი „ბრალეულობა“ არ დადასტურდა! ჰოდა, მაშინ რა უფლება აქვს ვინმეს, კომპანიას მისთვის დასაბრუნებელ ქონებაზე პირობები უდოს და ულტიმატუმები წაუყენოს? დაბოლოს – თავიდან იმას ედავებოდნენ “გლობალ ტვ”-ს – კომერციული ინტერესი არ გქონდა თეფშების გავრცელებაში ჩადებულიო, ახლა კი “მაესტროს” სწორედაც რომ „კომერციული ინტერესის“ ჩადება აუკრძალეს…

მოკლედ,  სად – სამართალი, და სად – მიშას კანტორა?!

თუმცა ამაზე მაინცდამაინც ბევრი არავის ულაპარაკებია, რადგან „მაესტროს“ ადვოკატი კოალიციის წევრები, რომელთაც, ჩემგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ის – ძველი გიგა ბოკერია ახსოვთ და, არ გამოვრიცხავ, სულის სიღრმეში იმის მოლოდინში არიან, როდის განჯადოვდება დრაკონად ქცეული მზეჭაბუკი და როდის გადმოვა ხალხის და სიმართლის მხარეზე, მგონი, ზედმეტად მოხიბლულნი იყვნენ ბოკერიას მხრიდან გამოჩენილი ინიციატივით და „კომპრომისით“!

მაგრამ იყო კი ეს კომპრომისი გიგა ბოკერიას მხრიდან?

შეიძლება, მე ვცდები და „მედიის ადვოკატირების“ კოალიციის წევრთა კმაყოფილება დროული და გამართლებულია (ბოდიშს ვიხდი ამ ადამიანებთან, რომელთა შემართებას და მრავალთვიან თუ მრავალწლიან მონდომებას დიდ პატივს ვცემ, თუ ცოტა მიამიტური ან ნაადრევი მეჩვენა მათი სიხარული), მაგრამ ნაცმოძრაობის ბონზების საქციელის ხანგრძლივმა ანალიზმა დამარწმუნა იმაში, რომ ყოველი მათი მხრიდან გადმოდგმული „კომპრომისული“ ნაბიჯი სინამდვილეში ოსტატური ხაფანგია, რომელშიც ყველიც კი არაა დატოვებული, არამედ – ყველის ფორმის „კუკლა“…

რატომ გააკეთა ბოკერიამ ეს მოულოდნელი „კომპრომისული ნაბიჯი“?

ჩემი აზრით, ძირითადად იმიტომ, რომ კარგად გაიაზრა თავისი სეხნია ამერიკული კომისიის ხელ-ლის – თომას მელიას დიპლომატიურად შეფარული, მაგრამ მაინც სერიოზული კრიტიკა და მოუნდა თავი რაიმეთი „გამოეჩინა“- რაიმე ჟღერადი „კომპრომისით“. გარდა ამისა, მელიას კომისიაც, დიპლომატიური კორპუსიც, ევროკავშირიც – ყველა უნისონში რბილად, მაგრამ დაჟინებით ხაზს უსვამენ, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი 1 ოქტომბრის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს! ხოლო ნაციონალური მოძრაობის მთელი წინასაარჩევნო პერიოდი უეჭველს ხდის იმას, რომ მათ მყარად აქვთ გადაწყვეტილი არჩევნების ისე გაყალბება, რომ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადონ. მათ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმას ეხება, საკუთარ თავს სააკაშვილისთვის სანუკვარი 70-75% დაუწერონ, თუ 55%-ით „დაკმაყოფილდნენ“. ჰოდა ამ სიტუაციაში მათთვის „მასთ ქერის“ გაგრძელება უეჭველი დამარცხების ტოლფასია! ოღონდ ამას აარიდონ თავი და არამცთუ „მაესტროს“, შეიძლება „გლობალ ტვ“-ის თეფშებსაც ახსნან ყადაღა! (რა თქმა უნდა – სპეც. პირობებით!)

მაგრამ, რეალურად რა ხდება იმ დროს, თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღას ახსნიან და დასარიგებლად კეზერაშვილის, კახა ბაინდურაშვილის (ყოფილი ფინანსთა მინისტრის) და ლევან სანაძის (შინაგან საქმეთა მინისტრის მომსახურების ყოფილი სააგენტოს უფროსის) მიერ მართულ და ნაცმოძრაობის ყურმოჭრილ ორგანოს – „საქართველოს ფოსტას“ გადასცემენ?

არც არაფერი მოხდება!

ამ კომპრომისის გაჟღერებიდან არჩევნებამდე დარჩენილ 3 კვირაში?? – სრულიად არაფერი!!!

„საქართველოს ფოსტა“, რომელსაც თეფშების მონტაჟთან შეხება არასდროს ჰქონია, ალბათ 1-2 კვირა საკითხის სპეციფიკას შეისწავლის, კიდე ერთი კვირა რაიონებში დარიგებას მოანდომებს და საბოლოოდ შედეგი ის იქნება, რომ, მხოლოდ რამდენიმე რაიონში (ძირითადად, ალბათ, სამეგრელოში და ქვემო ქართლში, სადაც ნაცმოძრაობას შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს), ძირითადად, –  ნაცმოძრაობის აქტივისტებს, ალბათ, – 500-მდე თეფშს დაურიგებენ… თან, ალბათ, 29 ან 30 სექტემბერს მოხდება ეგ ამბავი, ანუ „მასთ ქერის“ ნაციონალებისთვის სანატრელ დასასრულამდე რამდენიმე საათით ადრე. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სოციალურად დაუცველი პირები გააფრთხილონ – “მაესტროს” ან მე-9 არხის ყურება არ გაბედოთ, თორემ პენსიებს და დახმარებებს მოგიხსნითო!

ვითომ, ვაჭარბებ?

ნეტამც ეგრე იყოს და ჯანდაბას ჩემი ეჭვიანობა…

ნეტარ არიან მორწმუნენი! თუმცა, როგორც მახსოვს, ბოკერიას მიმართ მორწმუნეებზე არ თქმულა ეს ფრაზა…

ბოკერიამ სათნო ყვავის როლი ითამაშა და მორიგი კაკალი მოხდენილად გადმოგვიგდო… ჩვენ კი გვიხარია, რომ კაკალი გავაგდებინეთ! ფშუტეა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს კაკალი! ისევე როგორც ფშუტე იყო ნაცმოძრაობის მიერ გადმოგდებული ნებისმიერი კაკალი და დაპირება 9 წლის განმავლობაში… „მაესტროს“ ანტენების დარიგებას აზრი ივლისში და აგვისტოში ჰქონდა და თან მაშინ, თუ თავად „მაესტრო“ დაარიგებდა, თორემ ნაცმოძრაობის “კასირის “კეზერაშვილის ფოსტა რას და როგორ დაარიგებს, თუ ამაზე ილუზია გვაქვს, მაშინ წესით პაჩკა-პაჩკა საქართველოს ლატარიის ბილეთების ყიდვის დროც მოსულა!..

====================================================

როცა შულერთან კარტის სათამაშოდ ჯდები, ძალიან დიდი ილუზიაა იმის მოლოდინი, რომ გამოუცდელებს უმართლებს. და ან თუ მოწინააღმდეგემ პატიოსნად თამაშზე დედა დაიფიცა, რომ ამას დიდი ფასი აქვს…

ხოლო როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფილ უფლებადამცველთან, ხოლო დღეს დემაგოგიის მარშალთან და პროპაგანდის მინისტრთან ვჯდებით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ… ჯობდა, შულერთან კარტი გვეთამაშა – მიზერული, მაგრამ ათჯერ მეტი შანსი მაინც გვექნებოდა…

 


„საქართველოვ, შენ სადა გყავს, შვილი დასაკარგავი?“


ამ ტკივილით სავსე კითხვას, ალბათ, ჯერ კიდევ იმ დროინდელ კითხვას, როდესაც ქართველი ტყვეებით სავსე იყო სტამბოლის, ქაიროს და დამასკოს ტყვეთა ბაზრები, წელს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა საქართველოს ვარდოვანმა ხელისუფლებამ. ე.წ. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის სახელით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა არა სიტყვით, არამედ თავიანთი გადაწყვეტილებებით, ბრძანებებით და ქმედებებით ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს:

– ყველგან!

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ წელს მომხიბვლელი ლოზუნგი აირჩია – „ავსახავთ რეალობას!“ იმის სანახავად, როგორია მათემატიკოს ზურაბ ხარატიშვილის მიერ დანახული რეალობა, მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ის უნამუსო ტყუილი, რასაც მათემატიკოსის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება თურმე „რეალობად (ა)სახავს“:

ცესკო-საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “ინტერპრესნიუსს”ცესკო-დან აცნობეს, საზღვარგარეთ
აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა  42 613-შეადგენს.
მათ შორის 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოებში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.
დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა – №43 საარჩევნო უბანი – ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა; №44 საარჩევნო უბანი – კანადა, ქ. ოტავა; №45 საარჩევნო უბანი – ირლანდია, ქ. დუბლინი; №48 საარჩევნო უბანი – უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი; №49 საარჩევნო უბანი – პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ცესკო-დადგენილებით, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

42,613 ?!

თურმე საქართველოს საზღვარგარეთ 42,613 აქტიური უფლების მქონე ამომრჩეველი ჰყოლია!

და თურმე 10 სექტემბრისთვის მხოლოდ 1409 ადამიანს გაუვლია რეგისტრაცია 10 სექტემბრისთვის, არჩევნებამდე 21 დღით ადრე… 1409 კაცი ჩემს ბავშვობაში ალბათ ჩემს სოფელში ცხოვრობდა… არაა თერნალი დიდი სოფელი…

მინდა შეგახსენოთ, რომ იმავე ცესკოს და მის დანამატად ქცეულ კაციტაძის „ასდუკ“-ის მონაცემებით, თურმე თავად საქართველოში 3,621,000 ამომრჩეველია, რაც თუ საქართველოში მცხოვრებთა სავარაუდო რაოდენობას შევადარებთ (საქართველოს სტატისტიკის ცენტრალური სააგენტოს მონაცემებით – 4,469,000), გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 81% – აქტიური ამომრჩეველია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია! თუმცა ქვეყანაში, სადაც ზოგიერთ სოფელსა და რაიონში უფრო მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ვიდრე იქ სინამდვილეში ადამიანი ცხოვრობს, ყველაფერი მოსულა!

მაგრამ თუ საზღვარგარეთ დავბრუნდებით, და ვიკითხავთ, რამდენი ქართველი არის წასული ემიგრაციაში, აღმოჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არც იცის და არც აინტერესებს. ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ, რომ შეიძლება ეს იყოს 300 ათასიდან 500 ათასამდე კაცი… მაგრამ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციები ასახელებენ სრულიად განსხვავებულ და გაცილებით მაღალ ციფრებს – მაგალითად ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა 1990 წლიდან მუდმივად იზრდება (მცირედი გამონაკლისი იყო 2005-2006 წლები, როცა ხალხის გადინება შემცირდა), და თუ 2005 წელს  ქართველ ემიგრანტთა ოდენობა, სავარაუდოდ, 1,025,000 იყო (აქედან 634,000 – რუსეთში!), რაც ქვეყნის მაშინდელი მოსახლეობის 22%-ს შეადგენდა, დღეს იმავე ორგანიზაციების მონაცემებით  სავარაუდო ციფრი  უკვე 1,1-1,2 მილიონია,  რაც ქვეყნის მოსახლეობის 25,1%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ლიდერთა შორისაა – მე-20 ადგილს იკავებს  და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მას მხოლოდ სომხეთი უსწრებს (28,2%).

http://siteresources.worldbank.org/INTPROSPECTS/Resources/334934-1199807908806/Top10.pdf

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლება ვალების დაგროვებით და გიგანტომანიური და ფუქსავატური პროექტებში ასეულ მილიონი დოლარის ხარჯვით არის გატაცებული (საიდანაც მერე უდიდესი ნაწილი მათ საკუთარ ჯიბეებში ხვდება) და როცა საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 4 მილიარდ დოლარს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს გადააჭარბა, სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელთა მეოხებით ქვეყნის ეკონომიკა ოდნავ მაინც სულს ითქვამს. ყოფილი პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის აღიარებით, ამ უარყოფითი სავაჭრო სალდოს დაფარვა 25%-ით მაინც სწორედ საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარი ნათესავებისათვის გადმორიცხული წლიურად მილიარდზე მეტი დოლარით ხდება! საქართველოში დარჩენილი ოჯახების ლამის მეხუთედს არაოფიციალური სტატისტიკით, სწორედ უცხოეთში მყოფი ნათესავები არჩენენ. და სწორედ ამ ხალხს, რომელთა უმეტეს ნაწილს არა ძალიან ფუფუნებაში მცხოვრები ლეგალური ემიგრანტები, არამედ გაჭირვებული ქალები, უცხოეთში მომვლელებად გადახვეწილი არალეგალური მიგრანტები წარმოადგენენ, სხვათა შვილებს და დედებს რომ უვლიან და საკუთარი შვილების ნატვრაში ამოსდით სული, სწორედ ამ სამშობლოზე და ახლობლებზე მზრუნავ ადამიანებს საქართველოს კრიმინალური და კორუმპირებული რეჟიმი აუწერელი ცინიზმით უარს ეუბნება მათი უპირველესი მოქალაქეობრივი უფლების ასრულებაზე!..

თუ დავუშვებთ, რომ საზღვარგარეთ, სულ ცოტა 1,1 მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ცესკო-მ მხოლოდ 42,163 ამომრჩეველი დააფიქსირა, გამოდის, რომ ქვეყანა, რომლის შიდა მოსახლეობის 81%-ია აქტიური ამომრჩეველი, ქვეყნიდან გასულ ემიგრანტთა მხოლოდ 4%-ს აძლევს საარჩევნო უფლებას!!

81% და 4% !

როგორ მოახერხეს ეს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა?

ჯერ ერთი, ვაშაძის უწყებამ გამოსცა  ბრძანება, რომლის მიხედვით 2003 წელს შევარდნაძის დროს გაუქმებული მოთხოვნა ამომრჩეველთა წინასწარი საკონსულო რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ ისევ ძალაში შევიდა. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ 2003 წელს ამ ბარიერის გაუქმების ინიციატორი სწორედ ოპოზიციური ძალები და მათ შორის – მიხეილ სააკაშვილი იყო! მაგრამ მაშინ შევარდნაძის საწინააღმდეგოდ დარაზმული საზოგადოებაც და ემიგრაციაც სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი შეზღუდვა აღადგინა, თან რეგისტრაციის გასავლელად ძალიან მცირე დრო მისცა მოქალაქეებს, და თან სპეციალურად შეეცადა, რომ უცხოეთში მაცხოვრებელთა ფართო ფენებს ეს ინფორმაცია არც გაეგოთ.

მაგრამ გაცილებით უარესი და დრაკონული იყო ვაშაძის შემდეგი ნაბიჯი – მან თავისი ბრძანებით მოსთხოვა საზღვარგარეთ მაცხოვრებელ მიგრანტებს, რომ საკონსულო რეგისტრაციისათვის მათ უნდა წარმოედგინათ უცხოეთში ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი (საბჭოთა კავშირში და რუსეთში აღზრდილი და „გამოწრთობილი“ გრიგოლ ვაშაძე იმდენად დილეტანტი აღოჩნდა, რომ არც კი იცოდა, რომ ჩაწერის ინსტიტუტი დასავლეთის უმრავლეს ქვეყნებში არც არსებობს, მერე ეს შეიცვალა ფრაზით – „საცხოვრებელი ადგილიდან წარმოდგენილი დოკუმენტი“). თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იგივე მსოფლიო ბანკის და გაეროს მონაცემებით ქართველ ემიგრანტთა დაახლოებით 75% არალეგალურად ცხოვრობს, მათთვის ასეთი დოკუმენტის მოთხოვნის აუცილებლობა მათი დეპორტაციის საფრთხეს უკავშირდება!

ამით ვაშაძემ და სააკაშვილმა ცინიკურად უთხრეს ქართველ ემიგრანტებს:

– სჯობს სახლებში დაეტიოთ და არ მოხვიდეთ არჩევნებზე, თორემ ხომ იცით, რეადმისიაზე ხელი გვაქვს უკვე მოწერილი და დაემშვიდობებით თქვენს სამუშაოს, უცხოეთში სიმწრით მოწყობილ თქვენს ბუდეს და იმის მაგიერ, რომ თქვენ ახლობლებს უგზავნოთ ყოველთვიურად საქართველოში ფული და ისინი გადაარჩინოთ, საქართველოში დეპორტირებულებს, თქვენც მათსავით უმუშევრად ყოფნა და თავის გადარჩენაზე ფიქრი მოგიწევთო!

ეს არის ღია, დაუფარავი, ცინიკურ-გესლიანი სახელმწიფო ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის თანამედროვე „ჯოღორიები“ ახორციელებენ!

დაბოლოს, როცა ემიგრანტთა აქტიურმა საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც მთელ ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას მოედო, მიხეილ სააკაშვილს, ვაშაძეს და ხარატიშვილს აფიქრებინათ, რომ  ესეც არ იყო საკმარისი,  არჩევნები ორშაბათ დღეს სწორედ იმიტომ დანიშნეს, რომ მათ მიერვე შეთხზული სიყალბე, რომ თურმე საზღვარგარეთ 50,000 ზე ნაკლები ქართველი ამომრჩეველი ცხოვრობს – გაამართლონ!

1 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, მაშინ როცა სულ რაღაც 42 ქალაქშია გახსნილი საარჩევნო უბანი და ქართველ ემიგრანტთა დიდი კონცენტრაციის მქონე ისეთი ცენტრებიც კი, როგორიცაა მიუნხენი, ფრანკფურტი, ატლანტა, სალონიკი, მილანი, და მრავალი სხვა, სადაც რამდენიმე ათასობით და ათეულათასობით ქართველი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გარეშე დარჩნენ, ძალიან ართულებს იმ ამოცანას, რომ ადამიანმა, მით უფრო, რომელიც მუშაობს და სამუშაოს ვერ გააცდენს, რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა გაიაროს და ხმა მისცეს მხოლოდ დედაქალაქში.

ყველაფერი კი „დააგვირგვინა“ რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამორიცხვამ “ტექნიკური მიზეზების” გამო, რამაც დაახლოებით 600 ათასიდან – 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე საერთოდ საარჩევნო უფლების გარეშე დატოვა! საინტერესოა, რა „ტექნიკური მიზეზებია“ ასეთი? ხომ არსებობს რუსეთში შვეიცარიის საელჩო, რომელიც საქართველოს წარმომადგენლობის უფლებებს ითავსებს? ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ შვეიცარიის საელჩოსა და საკონსულოებში არჩევნები 2-3 ქალაქში მაინც დანიშნულიყო? მხოლოდ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით 300 ათასიდან ნახევარ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეა, რომელთა ხმები უნდა დაიკარგოს!

თუმცა ნაციონალურ მოძრაობა ხომ სწორედ ამ ხმების გაყალბების იმედზეა!

სწორედ ამ წინასწარ სიიდან ამორიცხული ადამიანების ხარჯზე მოახდინა კაციტაძის სამარცხვინო ასდუკ-მა ისედაც გაბერილი საარჩევნო სიის კიდევ უფრო გაბერვა მკვდარი სულებით! სწორედ ეს იყო ამ კომისიის ამოცანა – რეალური ამომრჩევლებისთვის ხმის უფლების წართმევა და მკვდარი სულების ხმების „გაპრავება“!

მე მინდა მოგმართოთ უცხოეთში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა შორის ათეულობით ჩემი ნათესავი, მეგობარი და ახლო ნაცნობია:

ძვირფასო ადამიანებო! საქართველოს შვილებო! საქართველოს მოქალაქეებო, რომელთაც გართმევენ მოქალაქეობის დამადასტურებელ უპირველეს უფლებას – არჩევნებში მონაწილეობის უფლებას!

ეს ხელისუფლება (ისევე როგორც წინა ხელისუფლება) არის თქვენი უმუშევრად დატოვების, ქვეყნიდან გადახვეწის და უკან ვერდაბრუნების ხშირად უმთავრესი მიზეზი! უკვე 9 წელია, ეს ხელისუფლება ქვეყანაში ნერგავს საყოველთაო ტერორს, უსამართლობას და ძალადობას! სწორედ მათ მიერ ბიზნესის დატერორების და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის და პატიოსანი ბიზნესმენებისათვის მათი კანონიერი საკუთრების ჩამორთმევის და აწყობილი წარმოებისა თუ მეურნეობის დანგრევის შედეგია ის, რომ თქვენ ვერ მონახეთ სამუშაო და სარჩო-საბადებელი საკუთარ სამშობლოში, ჩავარდით კაბალურ ვალებში და იძულებული გახდით, სხვაგან გადახვეწილიყავით! ან, თუ უკვე იყავით წასული საზღვარგარეთ, არაფრის დიდებით არ მოგეცათ შანსი, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავით, სადაც თქვენი ნათესავები უმუშევრად და ულუკმაპუროდ დარჩენილები გეხვეწებიან, რომ ისევ მანდ დარჩეთ და საკუთარი თავიც უმუშევრებად და უსასოოდ დარჩენილად არ აქციოთ.

სწორედ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიზეზით ხდება ის, რომ საქართველოს სახელმწიფო სულ უფრო მეტ უცხოურ ვალს აგროვებს, რომლის მოცულობა ბოლო 9 წლის განმავლობაში 3-ჯერ გაიზარდა და 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა! ხოლო ამ დროს თქვენ უცხო ქვეყნების ეკონომიკას ემსახურებით, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში გეცხოვრათ და აქ გქონოდათ დასაქმების უფლება!

სანამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იქნება, თქვენ საქართველოში ღირსეულად დაბრუნების შანსი აღარ გექნებათ!

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ოცნებაა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მისი მონა და ხელისმკოცნელი არაა, აიძულოს, გადაიხვეწონ სამშობლოდან და მათ ნაცვლად აქ დაასახლოს ნებისმიერი უცხოელი, რომელიც გარანტირებულად სწორედ მათ დაუჭერს მხარს არჩევნებზე. სწორედ ამას ემსახურება მასწავლებლებად ინგლისურენოვანი უმუშევრების, ხოლო მუშებად და მშენებლებად – ჩინელი და თურქი არაკვალიფიციური მუშების მასობრივი ჩამოყვანა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამას ემსახურება ბურებისათვის, ინდოელებისა და ირანელებისათვის მიწების ჩალის ფასად მიყიდვა, იმ მიწების, ტყეებისა, სახნავ-სათესებისა და საძოვრებისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას წაართვეს და გაუყიდეს!

სააკაშვილის რეჟიმი კაბალურ პირობებს თავაზობს ბანკებში კრედიტების ამღებებს და გამიზნულად ახდენს საქართველოს მოქალაქეების ქონების გადაცემას ბანკებისათვის, რომლებიც შემდეგ ამის სანაცვლოდ არჩევნებზე სააკაშვილს ლეგალურადაც და (უფრო მეტად) ფარულად აფინანსებენ. თუ სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩა, ისინი მასიურად დაიწყებენ თბილისსა და სხვა ქალაქების ცენტრალურ უბნებში კერძო საკუთრების ჩამორთმევას, სახლების დანგრევას და მოსახლეობის გასახლებას ქალაქების გარეუბნებში და ფოცხოეწერის მსგავს, საცხოვრებლად აუტანელ რეზერვაციებში!

თქვენთვის აქტიური საარჩევნო უფლების წართმევის პარალელურად სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებამ მიიღო მსოფლიოში უპრეცედენტო კანონი, რომლითაც უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც იმავდროულად არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მიენიჭათ ის უფლებაც, რომ აირჩიონ საქართველოს ხელისუფლება და ის უფლებაც, რომ თავად იქნან არჩეულნი საქართველო ხელისუფლების ნებისმიერ უმაღლეს პოსტზე. საინტერესო ისაა, რომ ისინი ამ უფლებას კარგავენ, თუ ერთდროულად საქართველოს მოქალაქეობაც ექნებათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყველაზე დიდი ქველმოქმედი და მოამაგე ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლებამ მოქალაქეობის გარეშე დატოვა და შესთავაზა, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს ისე ეყარა კენჭი არჩევნებში. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქის სტატუსის გარეშე – სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ მოგონილი უსამართლო და გაუგონარი „კანონის“ საფუძველზე.

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომლის გამარჯვების პირობებში თქვენი დანაშაულებრივად შელახული კანონიერი უფლებები სრულად აღდგება და თქვენ გექნებათ საქართველოში დაბრუნების და დასაქმების უფლებაც და რეალური შესაძლებლობაც.

ძვირფასო თანამოქალაქეებო!

თუ თქვენ  არ მოგცეს უფლება, 1 ოქტომბერს მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე, გამოდით, მიდით საქართველოს საკონსულოებთან და საელჩოებთან და ერთად გააპროტესტეთ ეს სახელმწიფო ტერორი!

დაანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ უცხოეთში არა 42,613 ქართველია, არამედ ამაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ადამიანი, რომელსაც საქართველოში მოპარპაშე კრიმინალური რეჟიმი  უმოწყალოდ ჩაგრავს და არჩევნებში მონაწილეობის ელემენტარულ უფლებას ართმევს!

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ ვარდისფერი „სამოთხე“, რომელსაც სააკაშვილი ქართველი ხალხის გატყავების და დამცირების, ვალებში ჩაძირვის და ლტოლვილად ქცევის ხარჯზე აშენებს, სინამდვილეში ჩვეულებრივი მარაზმია, ნეობოლშევიკი კრიმინალების კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდისფრად გაფერადებული პლასტმასის სიცრუე…

1 ოქტომბერს – ერთად დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო!

ერთად გავანთავისუფლოთ მედროვე ავაზაკების უკანონო პარპაშისაგან საქართველო, რომელიც თითოეულ თქვენგანსაც და თქვენს შვილებსაც ეკუთვნის!

http://www.youtube.com/watch?v=25R6Yz0fgOY

P.S.

ქართველი ემიგრანტები, როლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც “პალიტრა ტვ”-ს კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ორი ავტობუსით დაბრუნდნენ – დაახლოებით 100-მდე ადამიანი.

მათი ინფორმაციით, სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში ორი ავტობუსით გამოემგზავრნენ. ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ.

საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ვიდეო – http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/21354-emigrantebi-sarfis-gavlith-saqarthveloshi-brundebian-qvithkhovth-samarthlian-archevnebsq.html

 

 


მარიამობის ენვერიადა – “აგვისტოს 5 დღე”-2, როგორც მოდელირებული ფარსი


And the Oscar for the Most Absurd Blokbaster nomination goes to… Mikhail Saakashvili!

საქართველოს ერთიანი ნაცმოძური პოლიტბიურო იუწყება, რომ 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, როცა მთელი ქართველი ხალხი თავის წილხვედრ ღვთისმშობელს მისი წილხვედრი ქვეყნის გადარჩენას, აყვავებას და დიადი ნაცმოძური პარტიის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ შემდგომ გამდგრადებას და მეტ სარგებელს ევედრებოდა, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა, გარედან ადრე თვალებში ჩახედილი მოღალატე პუწინის, და შიგნიდან – ადრე ნდობით აღჭურვილი მილიარდერის ქურქში გახვეული ოლიგარქის ბორის ივანიშვილის,  –  თამადობით ისევ ვერაგად შემოუტიეს ჩამოუშლელ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის სიმბოლოს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – მსხ (მეტი სარგებელი ხალხს!)!

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მმართველმა და ბრძენმა ძალამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დადებულიყო ერთიანი ნაცმოძების დეპუტატთა კანდიდატების ყოვლისწამლეკი სია, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა ჩატარებულიყო ჰაერიდან ავია და კოსმოსური დაკვირვება 11 ქართულ ქალაქში ნაცმოძური მობილიზაციის აღლუმზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო აუდიტის სამსახურმა ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლის და ერის ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ერის უპირველესი სატრაპის სტატუსი მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიაგნო თავის ყველაზე განმაცვიფრებელ სტატუსს – მსხ-ს, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ახალი ნავსაყუდელი დაიდო ერის სინდისის დასაყუდებლად, და როდესაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყო მეათმემილიონე ტურისტი ვგკ ვვს (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი – ვინმე ვლადიმერ სოკორი), ქვეყნის მტრებმა მოსალოდნელად მოულოდნელი ლახვარი ჩასცეს ჩვენს დემოკრატიას!

მაგრამ – ნურას უკაცრავად!

მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ბორის ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა: ხარება მ.-მ, გოგია უ.-მ, ბეემვე ხ-მ, კოჭოია ჭ.-მ და კლარა ყ.-მ  გაითამაშეს საკუთარი გატაცების ინსცენირება. ეჭვი რომ არავის შეპარვოდა, ისინი გავიდნენ კახეთის ტყეებში და საეჭვოდ დიდხანს დუმდნენ. შემდეგ მათ განახორციელეს თვითგაკოჭვა (გაზპრომის აგენტის, ცნობილი ინგლისელი ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის მეთოდიკით) და მოახდინეს თავისი ადგილსამყოფელის ესემესირება შსს ოპერატიული მუშაკის, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ენვერ ქიბროწ…-ლის მობილურზე. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ გაეტყუებინათ ქვეყნის ყველა ქვეითთა ბრიგადები, სატანკო-მოტორიზებული კოლონები და არტილერია ლოპოტას ხეობაში, გაეშიშვლებინათ ქვეყნის ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები და მიეცათ   გავეშებული მტრისათვის ქვეყნის ჯერგადაუცემელი ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი შანსი!

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ – ნურას უკაცრავად!

ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერშიფმა და ერის უცვლელმა მესაჭემ (დღეგრძელი იყოს დიდი პრაპორშჩიკი!) მყისვე გაშიფრეს მტრის ვერაგული გეგმები და კოვზი ნაცარში ჩაუგდეს (მსხ!)

კახეთის სოფელ ლაფანყურაში იქნა შეყვანილი საპოლიციო ნაწილები ქვეყნის აწმთავარი პოლიციელის და ადრე – თავდაცვის მინისტრის, სწორუპოვარი ახალაიას ხაზის არქიტექტორის, ქვეყნის ახალი ხერხემლის – ბაჩანა როლანდოვიჩ ახალაიას მენეჯმენტით! პოლიციური, საციხო, უფლებადამცავი, სადისტური და თავდაცვითი უნარ-ჩვევების უზადო პროპორციამ განაპირობა ჩამოუშლელი ტაქტიკა – მტრის პიკაპური დევნის და მოწინააღმდეგეზე წერტილოვან-დეფისური საავიაციო დარტყმების კომბინირებით. ტანკების ნაცვლად შეყვანილი იქნა მფრინავი ტანკები, რომლებიც აუწერელ ზარალს აყენებენ ლაფანყურაში გამაგრებულ სადივერსიო ნინძიათა რაზმეულს და მტრისგან იცავენ ლოპოტის დამსვენებლებს – თან ისე აკეთებენ  ამას, რომ ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ სპეცნაზელებს არ ავიწყდებათ ღიმილით ნომერში საუზმედ მიართვან ნანატრი ბეკონი და ორანჯჯუსი! რაზეც ტურისტების ასევე ღიმილიან გაგებას იმსახურებენ ხურდაში (მსტ! – მეტი სარგებელი ტურისტებს!)

ამავდროულად კახეთის კუდი, სოდი, მოდი, წადი და ჩფწ („ჩემს ფეხებს წავალ!“) დანაყოფები ატარებენ საძიებო-ოპერატიულ-ენისგამხსნელ-აღიარებაამოგლეჯვით სამუშაოებს ზემოთ დასახელებულ დაკავებულებთან, რამაც უკვე გამოიღო ნაყოფი – უკვე 2-მა პირმა აღიარა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ მთელი ოპერაციის დაგეგმვა, დაფინანსება და იდეოლოგიურ-ლობისტური მხარდაჭერა განხორციელდა ბორის ივანიშვილის მიერ და მისი პოლიტიკური ალიანსის ადამიანური რესურსების გამოყენებით! ამასვე ემსახურებოდა ბერა ივანიშვილის კონცერტები, სადაც მაყურებელს ჩუმად დაურიგებდნენ პარაშუტებს, რომლებიც გაშლის შემდეგ სატელიტურ თეფშებად გადაიქცეოდნენ (პარაშუტულ-თეფშური მოსყიდვის მერამდენე მცდელობა!)

საქართველოს უშიშროების საბჭოს და მისი ქორების მიერ განხორციელდა ოპერატიული გეგმა ენვერი-DDD  გეგმის ამოქმედება:

  1. საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მიეცა დავალება ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით მოახდინონ მტრის დისკრედიტაცია
  2. სტუდენტ გვარამიას მიეცა დავალება სასწრაფოდ დაასრულოს მუშაობა სცენარზე „ოქტომბრიდან – ოქტომბრამდე“
  3. საქართველოს უდიდეს ალპინისტ პარლამენტარს მიეცა დავალება შეავსოს სალუსტრაციო ცხრილი წინასწარ შეთანხმებული კანდიდატურებით
  4. ბატონ გიგა ნასარიძის ორგანიზაციას მიეცა დავალება საკუთარი და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყოველ 10 მეტრში ჩაასონ პალოები „საქართველო არ იყიდება!“, გარდა შემდეგი ობიექტების ტერიტორიებისა: „ენგურჰესი“, „თელასი“, „მადნეული“, „თბილისის წყალი“,  თბილისის რკინიგზა და საქართველოს კანცელარია.
  5. დაინიშნოს სამარშრუტო ხაზები ლაფანყური-გორის ჰოსპიტალი, რომელზეც მარშრუტირება განახორციელონ სასწრაფო დახმარების მიკროავტობუსებმა ჩართული სირენებით და ბანერებით – „მსხ!“ „#5“ „მსხ!“. ფანჯრებზე განთავსდეს სისხლიანი ხელების ანაბეჭდები! აღნიშნული ტრანსპორტით რეგიონიდან სასწრაფოდ გამოყვანილ იქნას 105 წელზე მეტი ხნის ნებისმიერი ქალბატონი და ჩატარდეს მათი გინეკოლოგიური ექსპერტიზა საჭირო მტკიცებულებების მისაღებად.
  6. ქვეყნის ყველა სამხედრო და არასამხედრო ჰოსპიტლის სახურავზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში სამდეიცინო თუ არასამედიცინო ვერტმფრენების აფრენა თუ დაფრენა, იქედან შავ ნაჭერში გახვეული პარალელეპიპედის  ფორმის საგნების გატანა-შემოტანით. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს ჩვეულებრივი და გამართული – „მიმართეთ პრეს-ცენტრს!“
  7. მოხდეს საპრეზიდენტო სასახლიდან ცხრა დაბურულმინებიანი ლიმუზინის ერთდროული გამოსვლა და ქვეყნის ცხრა კუთხეში გადანაწილება მტრის კვალის დასაბნევად.
  8. მოხდეს მეტეოსამსახურის სრული და საყოველთაო მობილიზაცია მოღრუბლული ცის უზრუნველსაყოფად.
  9. მომზადდეს ჯაჭვი საქართველო იმ 11 ქალაქში, სადაც უნდა ჩატარებულიყო საარჩევნო დემონსტრაციები. საქართველოს მთელს ტერიტორიას გადაეფაროს თალხი ზეწარი, რომლის შეკერვა დაევალოს ლაურა ღაჭავას გაკოტრებულ ფირმას.
  10. მომზადდეს ნიადაგი საარჩევნო დამკვირვებლების სასწრაფო იძულებითი ევაკუაციისათვის. ვინც უარს განაცხადებს, ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, რომ შედეგებზე თავად იღებს პასუხისმგებლობას და რომ გადასვენების ხარჯების დაფარვაზე პრეტენზია არ გააჩნია!
  11. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა
  12. პრეზიდენტი გადადგეს გენერალსიმუსად და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოვდეს ყველასათვის. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს პლასტიკური ოპერაცია ყველაფრის შეცვლით (მგზნებარების გარდა!).
  13. არჩევნები გადატანილ იქნას…

სადღეისოდ მთელი საერთაშორისო მედია მხარს უჭერს საქართველოს მარადჩამოუშლელი გმირული  მთავრობის თავგანწირულ ბრძოლას ურიცხვი და გათავხედებული მტრის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პოლკოვნიკმა მაკკეინმა უკვე გამოთქვა სურვილი უხელმძღვანელოს მოიერიშეთა ავიარაზმს.

ჩვენთან არს კალისტრატე!

————————————————–

ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

საქართველოს მთავრობა იქცა მსოფლიო მასშტაბის კლოუნად, რომელიც კოლუნადაში ისეთ საშიშ სათამაშოებს იყენებს, როგორიცაა ვერტმფრენები, ბომბები, და სამხედრო ძალა… და ნამდვილ ადამიანებს აკისრებს ჭანჭიკების და სათამაშო სამიზნეების როლს… დააკვირდით, ნაციონალური არხები ჯერჯერობით არ აქტიურობენ ამ ყველაფრის გაშუქებაში. მათ უნდათ ჯერ პანიკა დათესონ და მერე პანიკით მოცული ხალხი ანახონ საქართველოსაც და მსოფლიოსაც!.. ძალიან დიდია ფსონი… ძალიან ბევრს კარგავდნენ აქამდე, ხოლო ახლა, თუ მათ თამაშს არ ავყვებით და მსოფლიო კიდევ ერტხელ დაინახავს რა მასშტაბის “ორსონ უელსთან” აქვს საქმე, ბევრს კი არა, ყველაფერს დაკარგავს, ვინძლო პლასტიკურმა ოპერაციამაც აღარ უშველოს! ამიტომაა, რომ მათ სპექტაკლში ჩაბმული სტატისტებიც ძალიან ნერვიულობენ და სახეებს მალავენ! იციან, რომ გიჟის პროვოკაციაში მონაწილეობა ძალიან სახიფათოა, იმის გარანტიაც არ გაქვს, რომ გადარჩები და არ გაგასაღებენ, როგორც თანამზრახველს, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცის და არც იმის, თავს სხვისი სიგიჟით გაიმართლებ – ხომ გეტყვიან, კი მაგრამ შენც გიჟი ხომ არ იყავიო?!

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქამდე მკაცრ იზოლაციაში ჰყავთ ის პირები, რომელთა “განსათავისუფლებლად” დაიწყო ვითომ ეს გიგანტური სპეცოპერაცია! მათ არავისთან არ აკონტაქტებენ! სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა მიდის, რომ რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალა მოიპოვონ “ქართული ოცნების” ლიდერებზე. ასევე უცნაურია, რომ არ გვაჩვენებენ დაჭრილებს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სადღაც მიიყვანეს დაჭრილები, მაგრამ ექიმები ამის შესახებ ჟურნალისტებისგან იგებენ… ხურჩის დროსაც “დაიჭრა: ერთი ქალი, რომელიც კვნესოდა და მეგრულად იძახდა, რა ვიცოდი, თუ მართლა დავიჭრებოდი, რატომ არაფერი მითხარითო! 🙂

მართალი გითხრათ, რაღაც მსგავს მოდელირებას ველოდი, თუმცა არა ასე მასშტაბურს, და თანაც – უფრო ზუგდიდთან. არაა გამორიცხული, ეს გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდეს და მთავარი სპექტაკლი მაინც სამეგრელოში დადგან. განმუხური და ხურჩა ძალიან კარგად “გამოუვიდათ”…

განმუხური… ხურჩა… ლაფანყურა… „7 ნოემბრის გადატრიალების მცდელობა“… პატარკაციშვილის „შეთქმულება“… „მუხროვანის ბუნტი“… “მოდელირებული ქრონიკა”… კოჭოიები… ენვერები… ბომბებიანი ტუშონკები… „იმედის“ განადგურების მცდელობები… ამერიკის საელჩოს აფეთქებები… კოჭოიები… კოჭოიები… რამპა… ცუმპა… რამპა…

ნუთუ განვითარებული მსოფლიო ახლაც ვერ ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი სულ სხვა „თეატრშია“?


პაქტი მზაკვრისგან


ნაციონალურ მოძრაობას მოუნდა ხელშეკრულების დადება!

მოამზადეს ხელშეკრულება, რომელიც კარგად გამოიყურება… კარგად ჟღერს… გარეგნულად არაუშავს და თითქოს, არც ყარს!

მაგრამ, ხალხნო და ჯამაათნო,  როცა ხელშეკრულებას დებ, ორ მთავარ რამეს აქვს მნიშვნელობა:

ა) რამდენად ნორმალურია ხელშეკრულება, რომელსაც გთავაზობენ

ბ) რამდენად ნორმალური და სანდოა ის პირი, ვინც ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მეორე მხარეა!

რა უფრო სანდოა – კარგი, გამართული ხელშეკრულება ჰიტლერის, კადაფის ან ბაშარ ასადის მსგავს ადამიანთან? თუ – უფრო დაუხვეწავი, გაუმართავი და იურიდიულად მოწყვლადი, სულაც  სიტყვიერი შეთანხმება დალაი ლამას, დედა ტერეზას ან ვაცლავ ჰაველის მსგავს ადამიანთან?

როდის უფრო უნდა დაფიქრდე და ასჯერ გაზომ-აწონო?

რამდენად ღირს კი, საერთოდ, პაქტი მზაკვართან?

როცა იცი, რომ ეს მზაკვარი ის ყვავია, რომელიც არასდროს გათეთრდება, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, და ისეთი კუზიანია, რომელსაც მხოლოდ სამარე გაასწორებს. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორია ეს ხელშეკრულება – რამდენად აწონილი და გამართული?

ასე რომ მე პირადად, ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართა, რასაც ნაციონალური მოძრაობა თავაზობს ოპონენტებს. ეს არის მორიგი ფანდი, მორიგი ხრიკი, მორიგი ფოჩიან ქაღალდში გახვეული ნაღმი.

როცა ნაცმოძრაობა იყენებს რეზერვად წოდებული ზონდერჯგუფების მომზადებას ამომრჩევლების დასათრგუნად, მიტინგების და შეხვედრების ჩაშლის დახვეწილ მეთოდიკებს, ფსიქოლოგიურ ტერორს, ფიზიკურ ძალადობას, ქვის სროლას, პოლიტიკურ პოლიციას,  ყოველდღიურ გაყალბებას, აგრესიულ დემაგოგიას, ოპონენტებისათვის ბინძური იარლიყების მიკერებას, თავისუფალ ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას, სიძულვილის ენას, ფანტასტიური მასშტაბის ტოტალურ დაყადაღებებს, ტოტალურ უსამართლობას ეროვნული ბანკის, საგადასახდო ინსპექციის, კონტროლის პალატის და სასამართლოების მხრიდან, საქართველოს საელჩოების მიერ უცხოელ დიპლომატთა შეგნებულად შეცდომაში შეყვანას და პარტიული ნეიტრალობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვას, საარჩევნო სიების შელამაზებას (და არა 0 გამჭვირვალედ და სამართლიანად გასწორებას!), თეფშების წინაღმდეგ – თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ არანახული მასშტაბის ომს… და არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს უკვე ჩადენილი კრიმინალის გამოსაძიებლად, უკვე დამახინჯებული საარჩევნო გარემოს გამოსასწორებლად… აი, ამ დროს და აი ამ მოცემულობით, როგორ შეიძლება ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ რაიმე ხელშეკრულების დადებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება??

კიდევ უფრო ახლოს რომ მივიდეთ მიხეილ მაჭავარიანის მიერ ჩაფიქრებულ ღოთვერნობასთან (ხომ არ გგონიათ, მართლა უმწიკვლო დოკუმენტი შემოგვთავაზა ძალიან ბინძური მეთოდოლოგიების პროფესორმა?), ლაქები ამ, თითქოს-და, ”ქათქათა დოკუმენტზეც” საკმაოდ ჩანს.

  1. ჯერ ერთი, როგორ გგონიათ, შემთხვევით მოხდა, რომ არასამთავრობოთა 17 მუხლი 1 მუხლად გამოძერწეს, ხოლო საკუთარი ინიციატივები 4-ად გაშალეს? საქმე იმაშია, რომ ის ყველა 17 ინიციატივა, რომელიც არასამთავროებმა მოამზადეს, ძირითადად არსებული საარჩევნო გარემოს სიმახინჯეებს ასახავს და გამოსწორებას ისახავს მიზნად. ხელისუიფლებას კი სწორედ ის უნდა, რომ მახინჯი საარჩევნო გარემო შეინარჩუნოს, ”ქართულ იცნებას” ბინძური თამაშის წესებით და საკუთარი მსაჯებით (ცესკო, ”სანდო” დამკვირვებლები და ა.შ.) მოუგოს და მერე აყვირდეს, ”- აბა, არ გაბედოთ გაპროტესტებაო! ეს ზუსტად იგივე ტაქტიკაა, დანით და პისტოლეტით შეიარაღებული ბანდიტი, რომ ვინმეს მიერ დამცველი ფარის ან ჩაფხუტის ქონებას  აპროტესტებს – ეგ ომისთვის ემზადებაო! თანაც, რადგან 17 ერთად აქციეს, შეიძლება ისიც გათვლილი აქვთ, რომ მათ მიერ ამ 17-ვე მუხლის დარღვევა მხოლოდ -1 ქულად დაეწერებათ და თუ ”ქართულმა ოცნებამ” უდრტვინველად არ მიიღო თეთრი ძაფით ნაკერი და ”გაპრავებული” შედეგები, იმწამსვე აყვირდებიან – ჩვენ ერთი უბრალო, ”დამატებული” პუნქტი შეიძლება დავარღვიეთ, მაგრამ ესენი ”მთავარ” ფუძემდებლურ” პუნტს არღვევენო!
  2. ვინ განსაზღვრავს რომელი სადამკვირებლო ორგანიზაციაა ”სანდო” და რომელი ”არასანდო”? ალბათ – ”სანდო” ზურაბ ხარატიშვილი და მისი ”სანდო” – ცესკო! ჰოდა, გაგიკვირდებათ, რომ მსგავს ”სანდოებში” მოხვდნენ – სუფთა პოლიტიკა, ვიტაუტას ლანდსბერგისი და ნავარო და მისი რაზმი (კავკასიის კვლევით რესურსთა ცენტრი და მისი უკვდავი თარხნიშვილით)??
  3. რატომ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ არჩევნები არ მთავრდება არჩევნების დღეს და რომ საბოლოო შედეგები მაშინ იდება, როცა ყველა საჩივარი სამართლიანად არის განხილული და ყველა სადავო ოლქის შედეგები სამართლიანად გადათვლილი ან სულაც განმეორებით ჩატარებული?
  4. რატომ არ არის არაფერი ნათქვამი იმაზე, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში? თუ მხოლოდ პარტიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხოლო მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების და საკრებულოს თუ მუნიციპალიტეტების თანამშრეომლების, ჯარის და პოლიციის, მასწავლებლების და უბნის ე.წ. ”სოცაგენტების” გამოყენება არ ითვლება, მაშინ ხომ გასაგებია, რომ ასეთ მაღვალაკებთან ხელშეკრულების გაფორმება საკუთარი დამარცხების წინასწარი გაფორემაბ იქნება?

ეს ის პირველი რიგის კითხვებია, რაც თათარიახლად მომაფიქრდა და ან რაც სხვებისგანაც მესმის.

მთავარი კი ისაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ხელშეკრულება ისე შემოაგდო, რომ არც კი უკითხია, – რამე ხომ არ გინდათ, განვიხილოთ, დავაზუსტოთ და შევთანხმდეთო… ეს ხომ მათი ”უკვდავი” სტილია – ხელშეკრულება საქართველოსთან! კომპენსაცია კახეთის სტიქიით დაზარალებულებს! საერთო საცხოვრებლები (ფოცოხოეწერში) – ლტოლვილებს! ლაზიკა – საქართველოს!- ეს არაფერი არასდროს არ განუხილავთ, მეფურად შემოგვთავაზებენ ხოლმე. მეფურად კი არა – მაფიოზურად – როგორც ისეთ წინადადებას, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება!

დაბოლოს, ეს წინადადება ისეთმა ცნობილმა მზაკვარმა გაახმოვანა და ისეთმა გაშიფრულმა ”გამპრავებლებმა” დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ – ეს მორიგი ხრიკი, ფანდი და ღოთვერნობაა, ლამაზი ყველის ნაჭერი – ოსტატურად შენიღბულ სათაგურში…  


ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი როდჰემ კლინტონს


ძვირფასო ქალბატონო ჰილარი,

ჩვენ ბევრჯერ გვსმენია ამერიკის ადმინისტრაციის ლამის ყოველი ოფიციალური პირისაგან განცხადება, რომ საქართველოში 2012 და 2013 წლის არჩევნების დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩატარებას და ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობის ლიგიტიმაციისათვის, ასევე – თავად ქვეყნის ნატოსა და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო თქვენს მიერ ამ ცოტა ხნის წინ ბათუმში სტუმრობისას ამ განცხადების ხელმეორედ საჯაროდ დადასტურება.

კარგად მესმის, რომ დიპლომატიური ეტიკეტი პოლიტიკური მანევრირების, ქვეტექსტების და ღმერთმა-ჰქნას-და-იქნებ-გამოვიდეს იმედების საკმაოდ რთული (მაგრამ საჭირო)  ნაზავია… ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული და კიდევ უფრო საჭიროც კი იყოს, როცა საქმე პოლიტიკურ პარტნიორს ეხება. ისიც კარგად მესმის, რომ ნატო-ს ISAF ოპერაციებში მონაწილეობამ, სხვა პოლიტიკური მომენტებმა და თავად სააკაშვილის მიერ დასავლური დემოკრატიის პრინციპების ფასადურად ათვისებულმა უნარ-ჩვევებმა ხელი შეუწყო ამ პიროვნების ამერიკის პოლიტიკურ მოკავშირედ აღქმას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის დასავლური დემოკრატიული ფასეულობების მოზიარე და, ამდენად, რეალობაში აშშ ადმინისტრაციის ისეთივე „მოკავშირედ“ თუ გამოდგება, როცა ანასტასიო (ტაჩო) სომოსა იყო ფრანკლინ რუზველტისათვის.  ეს „ალიანსი“ კი რა „დიდებულად“ დამთავრდა და როგორი შედეგები მოუტანა მან ნიკარაგუელ ხალხსაც, და – გრძელვადიან პერსპექტივაში – აშშ-ნიკარაგუის ურთიერთობებსაც, კარგადაა ცნობილი. და ვერ წამომიდგენია თანამედროვე ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც იგივეს ისურვებდა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების განვითარების მხრივ. შეიძლება ეს ჩემი გულუბრყვილობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ადმინისტრაციისათვის დემოკრატიული ფასეულობების და პრინციპების ერთგულება უფრო მაღლა დგას, ვიდრე დიპლომატიური ეტიკეტი და რეალპოლიტიკის წესები.

ბ-ნი სააკაშვილი, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად ეშვება ქვევით 2008 წლის შემდეგ, წარმოადგენს ჭირვეულ ბავშვს (“L’Enfant terrible”) დასავლური დიპლომატიისთვისაც და – კიდევ უფრო მეტად და უფრო სავალალოდ – ქართული საზოგადოებისათვისაც. მისი ვარსკვლავის კაშკაშა ამობრწყინება და მკვეთრი ვარდნა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს უკონტროლო ძალაუფლებამ თუნდაც საკმაოდ იმედისმომცემი პოლიტიკოსი. სააკაშვილის დაცემა უცილობელი შედეგია 2008 წლის გაყალბებული არჩევნების „მოგებისა“, რომელიც მნიშვნელოვანწილად, ან – მთლიანადაც კი, იყო შედეგი დასავლელი ლიდერების მიერ მის მიმართ ავანსად გაცემული მცდარი მხარდაჭერისა, რომელიც სააკაშვილის მიერ დამსახურებული ნდობის ყველანაირ კრედიტს ცდებოდა. არჩევნების პროცესში დასავლელი ლიდერების ნაადრევი მილოცვები და არჩევნების „დემოკრატიის ტრიუმფად“ შერაცხვა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ხმების დათვლაც კი არ იყო დამთავრებული, გახდა სააკაშვილის მიერ 2008 წლის არჩევნების (ჯერ საპრეზიდენტო და შემდეგ – საპარლამენტო) „მოგების“ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი. მაგრამ ამავე დროს სწორედ ამან გამოურეცხა საფუძველი სააკაშვილის გამარჯვების  ლეგიტიმაციას. საარჩევნო გადაცდენები და დარღვევები მას შემდეგ ბევრჯერ გახდა სხვადასხვა  – OSCE ODIHR, ევროსაბჭოს თუ აშშ სახ. დეპარტამენტის  – ანგარიშებში სინანულის (სამწუხაროდ –  ნაგვიანები სინანულის) მიზეზი:

„საერთაშორის დამკვირვებლების აზრით, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უმრავლეს შემთხვევაში შეესაბამებოდა ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებას. თუმცა, იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის დაშინების და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდგავრცელებული მცდელობები, ხმათა არასწორი დათვლა და დაჯამება, და ხარვეზები საჩივრებისა და განაცხადების განხილვის პროცესში.  ეს და სხვა პრობლემები ასევე ლაქად დააჩნდა 2008 წლის მაისის არჩევნებსაც, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა არათანაბარ და საერთაშორისო სტანდარტებთან არასრული შესაბამისობის არჩევნებად ჩათვალეს.“ (აშშ სახ. დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ)   

ნება მიბოძეთ, ეჭვი შევიტანო 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებასთან შესაბამისობაში, რადგან სწორედ ეუთოს საბოლოო ანგარიშში წერია, რომ ამ არჩევნებში, სადაც მეორე ტურის არ-საჭიროება ხმათა მხოლოდ 3%-მა გადაწყვეტა, დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნების 19%-ზე (!) ხმების ჩათვლა ჩაითვალა ცუდად ან ძალიან ცუდად!

ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ იყო რუსეთის მიერ ეშმაკურად დაგებული ხაფანგი სამხრეთ ოსეთში, რომელშიც ბ-ნმა სააკაშვილმა თავქუდმოგლეჯილმა შეალაჯა მიუხედავად აშშ ადმინისტრაციის მხრიდან მრავალი გაფრთხილებისა… და ამის შემდეგ ბ-ნი სააკაშვილი სულ უფრო ქვევით ვარდება და როგორც თავად, ასევე მისი მთავრობაც, სულ უფრო დისტანცირდება დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპებისაგან. სადღეისოდ ის წარმოადგენს უცნაურ და საკმაოდ საშიშ შემთხვევას – ძალიან მცირე დოზით დრ. ჯეკილს და საკმაოდ „უხვად მომადლებულ“ მრ. ჰაიდს. აშკარაა, რომ პერიოდულად ამ ნაზავის დრ. ჯეკილად გარდასაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის გვერდით ყოფნა. თუმცა, როგორც კი „მონიტორინგის პროცესი“ სრულდება, გავეშებული მრ. ჰაიდი იმწამსვე თავს იშვებს და ისეთი ენერგიით და სისწრაფით ცდილობს ბოროტების ქმნის გაშვებული შესაძლობლების  ამოქაჩვას, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადს და უგო ჩავესსაც კი შეშურდებოდათ!

თქვენს ვიზიტამდე ახლად გახსნილმა ოპოზიციურმა სატელევიზიო მე-9 არხმა თბილისის მასშტაბით მაუწყებლობის შანსი მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა და თქვენი გამგზავრებისთანავე შეწყდა… ის „დარღვევა“, რაც საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „აღმოაჩინა“, ამას იგი მანამდე წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა სხვა – პროსახელისუფლებო ან გასართობი – არხების მიმართ, მაგრამ ახლა უცებ მაუწყებლობის ამ სახით გავრცელება საოცარ კრიმინალად და რაღაც მითიური ბიზნეს გარემოს საოცრად შემავიწროებელ ასპექტად იქნა შერაცხული.

თქვენს ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე მე-9 ტელეარხმა, როგორც იქნა, 6 თვის წვალების შემდეგ მოახერხა საჭირო აპარატურის აღდგენა იმ კონდიციამდე, რომ ეთერში გასულიყო. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა სახელმწიფო ტერორი ამ კომპანიის მიმართ, როცა საბაჟოზე უცხოეთიდან შემოსული ტექნიკური აღჭურვილობა უაზროდ დიდ ხანს ჩერდებოდა, ხოლო შემდეგ საბაჟოდან დაზიანებულ და უვარგის მდომარეობაში გამოდიოდა. დაზიანება რომ სწორედ ქართული საბაჟოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს დადასტურებული იქნა უცხოელი ექსპერტების მიერ და ასახულია სახ. დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ბოლო ანგარიშში. სამწუხაროდ, როგორც კი თქვენ წაბრძანდით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეს ტერორისტული პრაქტიკა ოპოზიციური ტელეარხის მიმართ ისევ განახლდა!

სილქნეტი – საკაბელო და ციფრული ტელევიზიის კომპანია, რომელიც რეგიონებში მაღალსიჩარიანი ინტერნეტის მიწოდების პრაქტიკული მონოპოლისტია, ჯიუტად და ურცხვად უარს ეუბნება ინტერნეტის მომსახურების მიწოდებაზე რეგიონებში „ქართული ოცნების“ ოფისებს. ხოლო საქართველოს კომუნიკაციათა მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ იმჩნევს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების ამ ფუძემდებლური პრინციპის დარღევას. კომისიის თავმჯდომარე და ბიზნეს-ოლიგარქი ირაკლი ჩიქოვანი ხომ სწორედ ისინი არიან, ვინაც გლობალ ტვ-ს და ტვ-9-ს ნორმალური მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევს. გასაგებია, რომ სააკაშვილთან ასოცირებული და „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ დამჩაგვრელი ოფშორული „სილქნეტი“ კომუნიკაციების კომისიისა და მისი შეფისთვის ბუნებრივი მოკავშირეა და მის ყველა უმსგავსოებაზე ინდულგენცია წინასწარაა გაცემული.

თქვენს ვიზიტამდე სააკაშვილის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ოპოზიისთვის მხარდამჭერი სპორტსმენი, ძიუდოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი მოატაცებინა თავის უკანონო ზონდერბრიგადას და 2 საათის განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებული ჰყავდათ! ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, ცინიკური ზეწოლა და დაშინება – აი, რა იარაღს იყენებს სააკაშვილის სანაქებო მაფიოზი მინისტრი, რომელმაც ასე განუცხადა მოტაცებულ სპორტსმენს, ყველას ვინც ივანიშვილის მხარეზე გადავიდა, დავიჭერთ და ელექტროშოკით ვაწამებთო! ოღონდ ჯერ არჩევნები მოვიგოთ და მერე ამერიკელები რომ აღარ დაგვაკვირდებიან, მერე განახებთ სეირსო!  – ამას ამბობს 2008 წლის აგვისტოს ომში კურდღელივით დამფრთხალი და რუსი გენერლებისთვის მძღოლად დამდგარი მხდალი, რომელსაც ახლა მაფიოზი მაჩოს ნიღაბი აუფარებია და  თანამოქალაქეების დაშინებით უნდა საკუთარი სკამის და კრიმინალური სტატუსის შენარჩუნება.

საქართველო სულ უფრო ემსგავსება ჯორჯ ორუელის ფანტასმაგორიულ სახელმწიფოს მინი-მოდელს – „დიდი ძმის“ მიერ მუდმივად დაკვირვების და მოსმენის საფრთხის ქვეშ მყოფი საზოგადოების მენტალიტეტი… პოლიცია ყველგან და ყოველთვის… საკუთარი არჩევნის გამოხატვის საფასურად ნებისმიერი სახის დაშინება (უპირველეს ყოვლისა – სამუშაოს დაკარგვა, ან სულაც – ციხეში მოხვედრა), ხელისუფლების გებელსური პროპაგანდის მანქანად ქცეული ნაციონალური მედია… სასამართლოები, სადაც აღლუმი პროკურატურას მიჰყავს… 30,000-მდე პატიმარი… ასეულათასობით პრობაციონერი, რომელთაც შეთითხნილი და აბსურდული ბრალდებების გამო იძულებული გახადეს საპროცესო გარიგებაზე ხელი მოეწერათ და   ბიუჯეტის სასარგებლოდ ფული გადაეხადათ, რითაც მართლმსაჯულება „მომგებიანი ბიზნესის“ რელსებზე გადაიყვანეს… ბიზნესის 90%-ის სამთავრობო წრეების მიერ გაკონტროლება, არაკონოტროლირებადი და ფარული ელიტური კორუფცია… სულ უფრო მეტად გაუმჭვირვალე სამთავრობო ხარჯები, რომლებიც სახელისუფლებო ნუვორიშული ფანტაზიების და ფუტურისტული მეგა-პროექტების განსახორციელებლად იხარჯება, იმ ქვეყანაში, სადაც 1,5 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და 2 მილიონზე მეტს საერთოდ დაზღვევა არ  გააჩნია…

იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცათ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციათა და 12 პარტიის მიერ მხარდაჭერილ კამპანიაზე – „აუცილებლად ჩართე! აუცილებლად შესთავაზე!“, რომელიც დაავალებდა საკაბელო და სატელიტურ მაუწყებელ კომპანიებს აუცილებლად ჩაერთოთ თავის პროგრამებში ნებისმიერი ლიცენზირებული ქართული სატელევიზიო არხი, ხოლო სატელევიზიო არხებს ასევე დაავალდებულებდა, შეეთავაზებინათ ნებისმიერი მაუწყებლისთვის და საკომუნიკაციო არხისათვის საკუთარი ტელეპროგრამები, რითაც დამთავრდებოდა საქართველოს რეგიონებში (სადაც მოსახლეობის 75% ცხოვრობს) სამთავრობო პროპაგანდის 8-წლიანი მონოპოლიური ბატონობის ერა – ბ-ნი სააკაშვილის მთავრობამ ბოროტების იმპერიის მსგავსად საპასუხო დარტყმა განახორციელა მაშინვე, რაც თქვენ  საქართველო დატოვეთ. კონტროლის პალატის და სასამართლოს მიერ კოსმოსური სისწრაფით მიტანილი იქნა იერიში გლობალ ტვ-ის სამაუწყებლო კომპანიაზე, რომელიც დაავალდებულეს, შეწყვიტოს სატელიტური ანტენების განთავსება და უკვე მოახდინოს დამონტაჟებული 11,000 ანტენის დემონტაჟი!, რითაც საქართველოს მოსახლეობის 75% ისევ დაბრმავებული და დაყრუებული დარჩება სამთავრობო პროპაგანდის ამარა. ჩაიდინა რა ეს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად და ნათლად განუცხადა საქართველოს მოსახლეობას: „თქვენ არ გაქვთ უფლება უყუროთ და უსმინოთ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ! თქვენ უნდა უყუროთ და უსმინოთ მხოლოდ ჩვენს პროპაგანდას და სიცურეს! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ინფორმირებულ ელექტორატად იქცეთ, რადგან მერე ჩვენ გაგვიჭირდება თქვენით მანიპულაცია!“

„ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უცოდინრობა ძალაა!“ (ჯ. ორუელი)

ეს არის ის, რასაც თქვენ ბ-ნ სააკაშვილს ასწავლით?

სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს,  რომ თქვენ მხარს უბამთ სააკაშვილს მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში – და განსაკუთრებით ბ-ნი სააკაშვილის ოცნებაა, რომ მათ ასე იფიქრონ! როცა თქვენი წასვლისთანავე მისი მარიონეტი მოსამართლეები ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას აცხადებენ, ამით ბ-ნი სააკაშვილი ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს – „მე ქ-ნმა კლინტონმა მომცა ლიცენზია, რომ ის გავაკეთო, რასაც სწორად ჩავთვლი! ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დამარწმუნეს, რომ ჩემი ძალაუფლება იმის გარანტიაა, რომ ქართველი ხალხის აზრი ფეხებზე დავიკიდო! ამერიკის ადმინისტრაცია მიმაგრებს მე ზურგს და თქვენთვისვე აჯობებს, ფრთხილად იყვეთ, თორემ!…“

ა.წ. 12 ივნისს საქართველოს უსამართლო სასამართლომ (რომელმაც სუნთქვისშემკრელ 99.7%-ს მიაღწია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის და პროკურატურის უპირობოდ დამორჩილების საქმეში)  სააკაშვილის კონკურენტი მომავალ არჩევნებზე, – ბ-ნი ივანიშვილი, აბსურდული და ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე დააჯარიმა ასტრონომიული თანხით – 148 მილიონი ლარით (91 მილიონი დოლარით!)! ეს გადაწყვეტილება მარიონეტმა მოსამართლემ სულ რაღაც 15 წუთში მიიღო, ისე, რომ დაცვის მხარეს არც კი მოუსმინა! მანამდე კი ივანიშვილის მხარეს მხოლოდ 2 დღე მიეცა 600-გვერდიანი საბრალდებო დასკვნის გასაცნობად, რომელიც ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით არის სრული სიგიჟე, ფანტაზია და ფსიქოპათია ფაქტების ნაცვლად. ბ-ნ ივანიშვილს მხოლოდ 7 დღე მისცეს იმისათვის, რომ ეს თანხა გადაიხადოს, თუ არადა ქართული „მართლმსაჯულება“ მას საქართველოში და საზღვარგარეთ ქონების დაყადაღებით ემუქრება.

და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის მხრიდან აღფრთოვანების და ტაშისკვრის ფონზე – ამ მედია-საშუალებების ურნალისტი „ჟურნალისტები“ მონაწილეობდნენ ქუთაისში ოპოზიციური მასობრივი მიტინგის დროს დადგმულ ფალსიფიცირებულ სპექტაკლებში, როცა ცდილობდნენ მოსახლეობის დაჯერებას, რომ ქართული ოცნების ოპოზიციური მოძრაობის წევრები მოსახლეობისათვის მაცივრების, სარეცხი მანქანების და სხვა საჩუქრების გადაცემას და ამით მოსახლეობის მოსყიდვას ახდენდნენ. თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ იმ ოჯახმა, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ქრთამის სახით საჩუქრების მიღება დააბრალა, სინამდვილეში თავად შეიძინა ელექტროტექნიკა, ხოლო რუსთავი2-ის „მოწმის“ როლში სააკაშვილის პარტიის აქტივისტი იყო გამოყენებული! ეს არ არის ჟურნალიზმი! ეს უკვე პროპაგანდაც აღარ არის! ეს არის პოლიტიკურ ფაბრიკაციაში მონაწილეობა, რომლისთვისაც, ალბათ, ეს ურნალისტები ხელფასს და წოდებებს შსს-ში იღებენ.

სანამ თქვენ საქართველოში ჩამობრძანდებოდით, 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე 120,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა  ქართული ოცნების გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის და მისი ლიდერის მხარდასაჭერად. ახლა, 10 ივნისს მსგავსი დიდი მასა – 30,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ბ-ნმა ივანიშვილმა ამ მიტინგზე კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზა და ამავე დროს ბევრ იმედისმომცემ ცვლილებებს დაჰპირდა მოსახლეობას – მრეწველობის აღორძინებას, 1-მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბებას სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, თანამედროვე დონის  საუნივერსიტეტო ქალაქს უახლესი ტიპის ბიზნეს-ინკუბატორებით, და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანდათანობით რეინტეგრაციას დემოკრატიულ, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებელი ხელისუფლების მქონე განახლებულ საქართველოში.

მეორე მხარეს კი – თბილისის მერ გიგი უგულავასთან დაახლოებულმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს რადიოს მოსმენა(!), რადგან ისინი უპირატესად სწორედ ოპოზიციურ (უფრო ზუსტად  – მთავრობის მიერ არაკონტროლირებულ) რადიოარხებს უსმენდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მძღოლი, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია, სამუშაოდან გაანთავისუფლეს.

ბ-ნი სააკაშვილის ყველაფერზე კვერის დამკვრელმა სანოტარო კანტორამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უძახიან, 12 ივნისს, 101 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და სტრატეგიული გეგმა შავი ზღვის სანაპიროს ჭაობიან ზოლში ქალაქ ლაზიკის აშენების შესახებ. ეს ფუტურისტული ქალაქი-მირაჟი, რომელიც ბ-ნ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, 2022 წელს, მისი აზრით, 500,000 მოსახლეობით საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი უნდა გახდეს. არავითარი დაფინანსების წყაროები და მასშტაბები არ ყოფილა გაცხადებული ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ.

დაბოლოს, მინდა მოგილოცოთ, ქ-ნო კლინტონ, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა ბათუმში გიმასპინძლათ და თავის მეორე იდეა-ფიქსი – ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობა არ დაგათვალიერებინათ, რომელიც სულ რაღაც 7 თვეში დაჩქარებული ტემპებით და სააკაშვილის დაჟინებული მუქარის ფონზე შენდებოდა (…თუ ქუთაისის პარლამენტი 26 მაისს ვერ გაიხსნება, რამაზ ნიკოლაიშვილს, ალბათ, ინფარქტი დაემართება, ხოლო ბევრი ადამიანი, ვისაც ამასთან შეხება აქვს, სამუშაოს დაკარგავს, – აცხადებდა 5 მაისს სააკაშვილი). დაუმთავრებელი, თუმცა ახლადგახსნილი შენობის ფლიგელი გახსნიდან ორ კვირაში – 7 ივნისს ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე ერთი მუშის სიკვდილი მოჰყვა. ამაზე სულმოკლე სააკაშვილმა სასწრაფოდ ასეთი კომენტარი გააკეთა – სულ ვრეკავდი და ვაფრთხილებდი რამაზ ნიკოლაიშვილს, რამაზ, მიხედე უსაფრთხოებას!..  ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ პოლიციამ კატასტროფის მოხდენისთანავე დაბლოკა ნგრევის ადგილზე ჟურნალისტთა მისვლის შესაძლებლობა მანამ, სანამ მთელი ჩამონგრეული სამშენებლო ნაგავი არ გაწმინდეს (სააკაშვილმა იცრუა, რომ ვითომ ხარაჩო ჩამოინგრა და ამიტომ იყო დაბლოკილი ჟურნალისტების იქ მისვლა). ასევე რამდენიმე დღე ქუთაისის ყველა საავადმყოფოში არ უშვებდნენ ჟურნალისტებს, სანამ იქ მიყვანილი ყველა დაშავებული არ გამოწერეს, ან სხვაგან გადაიყვანეს. აი, სწორედ ამიტომ თვლის ბ-ნი სააკაშვილი თავისუფალ, არაკონტროლირებად მედიას თავისი რეჟიმის ძლიერების უპირველეს მტრად.

==============================================================================

თქვენ ძლევამოსილი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ბრძანდებით და მე – საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე.

რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ, დრო არ დახარჯოთ ჩემი მოსაზრებების გაცნობაზე. მით უფრო, ვიცი, რა დაკავებული ბრძანდებით ახლა, როცა მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდა.

მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს სახელს და თქვენს ქვეყანას ზედმეტად  არ დაუკავშირებთ იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის ფუძემდებელი პრინციპების ყველა ასპექტის სირცხვილს წარმოადგენს, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება და აშკარა გახდება უახლოეს მომავალში.

ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჩუმებულია სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „1984“-ში, მაგრამ ჩვენ ბრმები არ ვართ! ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – ეს იგივე პუტინი-2-ია. სააკაშვილს არ შეუძლია, ძალაუფლებას განეშოროს! ის ძალაუფლების მანიაკია და ეს მანია მას აიძულებს რეალობის ფალსიფიცირება მოახდინოს!

იმედი მაქვს, არ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომ მანიაკს ამ ილუზორულ დაღმართში სიარულში ხელი შეაშველოთ.

 

პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი

ბლოგერი

https://solomonternaleli.wordpress.com