წარმატებები, ია მას!


Ia

დღეს ია ანთაძის წიგნის „პირველად იყო… ლაქა“ პრეზენტაცია იყო ექსპო ჯორჯიაში.

წიგნი შევიძინე, იას ძვირფასი ავტოგრაფიც მივიღე, თუმცა წიგნი ჯერ არ წამიკითხავს…

არის იქ ადრეული პერიოდის ბლოგები და სტატიები, რომლებიც არ ვიცი და უეჭველად წავიკითხავ, აი, 2009 წლის შემდეგ კი ალბათ არაფერი ყოფილა, რაც გამომრჩენოდა…

სრულიად გადაუჭარბებლად და ალალად შემიძლია ვთქვა, რომ ია ანთაძე მიმაჩნია ეტალონურ ფენომენად ქართულ ჟურნალისტიკაში.

იას ტელეინტერვიუები და სტატიები მახსოვს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. ყოველთვის მაოცებდა ის სიწრფელე და სიღრმე, რაც მის ნაფიქრალში ჩანდა. მერე კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ია განათლებით ჟურნალისტი არცაა და მავანი კრიტიკოსები ხშირად ამას წამოაძახებენ ხოლმე. მე კი მგონია, რომ იას შემთხვევაში ამან პოზიტიური როლი ითამაშა.

რადგან ია, პირველ რიგში, – მასწავლებელია!

და ბევრმა იმ ადამიანმა, ვინც მისი ბლოგის აქტიური თანაშემოქმედები ვიყავით “იანეთზე”, ჩვენთვის და ქვეყნისთვის მძიმე 2009-12 წლებში, მისი უნივერსიტეტი დავამთავრეთ! უნივერსიტეტი, სადაც პირადი მაგალითით ხდებოდა სწავლა, დაახლოებით ისეთი მეთოდით, ამერიკელები მედიცინაში რომ იყენებენ და PBL – Problem Based Learning – ჰქვია, როცა უმწიფარ სტუდენტს ჯერ წლობით კი არ ასწავლი თეორიას, არამედ პირველივე კურსიდან პრაქტიკული პრობლემების შუაგულ ცეცხლში შეაგდებ, და სწორედ ასე ასწავლი თეორიასაც, პრაქტიკასაც და მიზნის მიღწევასაც… გაცილებით რთულია, მაგრამ წარმოუდგენლად უფრო ეფექტური!

იას თითოეული სტატიის გარჩევა ხდებოდა რადიო „თავისუფლების“ მის ბლოგზე, სივრცეში, რომელსაც ჩვენ “იანეთი” დავარქვით, და სადაც ბლოგის ავტორი და იანეთის დიასახლისი ჩვენ გვეძახდა „ბლოგერებს“. ამით მან, როგორც გამოცდილმა მენტორმა, სპეციალურად დროზე ადრე, ავანსად დაგვახურა მაგისტრის ქუდი და მონომახის ქუდის მსგავსად მისი ტარების პასუხისმგებლობაც შეუმჩნევლად აგვკიდა. გამართული ქართულით წერის, მყარი არგუმენტაციის, კონტრარგუმენტირების, კამათის ეთიკის, მედიის სტანდარტების შესწავლა ხდებოდა ყოველდღიურ დისპუტებში ისე შეუმჩნევლად, ბავშვებს რომ თამაშ-თამაშში ასწავლი გამრავლების ტაბულას… ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ეს მეთოდი, ძალიან ეფექტური…

და თან, ამერიკელი მედიკოსების პრობლემებისაგან განსხვავებით, ჩვენი პრობლემები, გორკის „ჩემი უნივერსიტეტების“ ანალოგიურად, ხომ ძალიან რეალური პრობლემები იყო – ჩვენ ვწერდით, იმიტომ რომ უსამართლო და ყალბი ცხოვრება გვტკიოდა, და გადავრჩით მნიშვნელოვანწილად იმიტომაც, რომ ვწერდით! და ერთმანეთს ხელიხელჩაჭიდებულები ერთმანეთის იმედი ვიყავით… იამ აღნიშნა პრეზენტაციაზე, რომ იმ დროს „იანეთის“ ბირთვის საკმაო ნაწილი ანონომურ სახელებს იყო ამოფარებული, რადგან თან ჩვენი პრინციპები არ გვეთმობოდა, თან ქვეყნის უფსკრულისკენ ვარდნას ვგრძნობდით, და თან იყო მთელი რიგი ვალდებულებები ახლობელი ადამიანების მიმართ, რომლებიც, რეალობების გათვალისწინებით, რისკზე წასვლისაგან თავშეკავებას გვაიძულებდა… დღეს ჩვენ აღარ ვართ ანონიმები, და ზოგიერთი ჩვენთაგანი უფრო წარმატებულებიც ვართ და იმედი მაქვს, რომ იანეთის გამოცდილება და პრინციპების ერთგულება წარმატების საწინადარი გახდება  მათთვისაც, ვინც ჯერ მხოლოდ უფრო უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს შექმნით არის მოგებული…

ზურა ვარდიაშვილი, ირაკლი აბსანძე, ზვიად თხელიძე, მანანა იაშვილი, ლაშა ზარგინავა, ირაკლი შავიშვილი, ირაკლი როგავა, ოჩი კონცელიძე, თორნიკე თევზაძე, ირმა ირემაშვილი, აზა კოპალიანი, თემურ მიმინოშვილი, მიშა გოგინაშვილი, ნინო გოგიჩაიშვილი, გიორგი ხარაშვილი… და ამ სტრიქონების ავტორი, მაშინ სოლომონ თერნალელად ცნობილი – აი, იანეთის მხოლოდ ნაწილი… რა თქმა უნდა, ყველა არ მახსენდება… და ზოგიერთის გახსენება კი სულ არაა სასიამოვნო, რამეთუ გახლეჩილი ქვეყნის შუამდინარის მეორე ნაპირზე იდგნენ და კბილებით იცავდნენ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნდა… თუმცა მათი მადლობელიც ვარ – დემაგოგიასთან ბრძოლის ხელოვნებას ია ხომ ვერ გვაწავლიდა ისე ლაზათიანად, რომ არა მათი ფენომენალური დემაგოგია… განსაკუთრებით, კავკასიოლოგისა, რომელიც ნამდვილად ღირსეული მეფისტოფელი იყო, მრავალგანზომილებიანი და მრავალსახიანი… 🙂

ია კიდევ იმით იყო საუკეთესო მასწავლებელი, რომ თავადაც სწავლობდა… მასწავლებელი, რომელიც სწავლას წყვეტს, ამით მასწავლებლობასაც ემშვიდობება… ფაქტიურად – ნებისმიერ სფეროში თვითგანათლების შეწყვეტა სწრაფი პროფესიული დაისის საწინდარია. და სწორედ ამით არის ია გამორჩეულად კარგი ჟურნალისტი – საკუთარი თავის სრულყოფის მუდმივი სურვილის განხორციელებით…

იას არასდროს გამოუყენებია, ჩემგან გასხვავებით, ნიღაბი… ის არასდროს წასულა მატერიალური დაინტერესების გამო პროფესიულად უფრო საინტერესოდან ნაკლებ საინტერესო ასპარეზზე… სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში ურნალისტების ზეობა იყო, მან მოახერხა არა მარტო მავნე სენისაგან განრიდება, მაგალითის მიცემაც სხვებისათვის (ამ მხრივ ჩემთვის საკუთარი ბლოგის წერის სტიმული გახდა იას სტატია, „ვინც არ გატყდა და არ გაიყიდა“), და ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს შექმნა, რომელსაც ყველანაირად აბუჩად იგდებდნენ სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგები და კარის ჟურნალისტები… და როგორც კი შექმნა ეს საბჭო, მაშინვე დატოვა, რომ საკუთარი გავლენისაგან გაეთავისუფლებინა ეს პირმშო… იამ ყველაზე კარგად იცის, რას საშიშროებაა ხელმწიფის ნავში ჩაჯდომა და როგორ არ უნდა გახდე ბეჭდის მრძანებელი და მონა… და ამიტომაც ნებისმიერი ხელისუფლება მას თავისიანად არასოდეს თვლის, და თან მას ყოველთვის ანგარიშს უწევს…

წიგნზე იამ ასეთი მოძღვნა წამიწერა – „ამ წიგნის ინსპირატორს“ – ასეა, დიდი კონსპირატორიდან ახლა უკვე ინსპირატორი გავხდი :). მას შემდეგ, რაც საკუთარი წიგნი დავბეჭდე, თანაც იას და გია გორგოძის რედაქტორობით, (ისე, რომ ჯერ კიდევ არეცერთი მათგანი პირადად არ მიცნობდა), სულ ამას ვეუბნებოდი იას, რომ მასაც უნდა გამოეცა თავისი ბლოგები. და ძალიან გამიხარდა, რომ ბოლოს, მისი კახური სიჯიუტის მიუხედავად, ეს ასეც მოხდა!.. 🙂  თუმცა, მნიშვნელოვანწილად, იას ნების საწინააღმდეგოდ – მადლობა გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელმაც ეს მძიმე პრობლემა – იას დაყოლება – გადაჭრა და წიგნმა დღის სინათლე იხილა.

ამ ბლოგის დღესვე დაწერა კიდევ უფრო იმან გადამაწყვეტინა, რომ დღეს ჩემს ფეისბუქის გვერდზე იას „მედროვე“ უძახა ერთმა კაცმა, რასაც პასუხი იქვეც გავეცი და მაინც არ მეყო ის პასუხი. ია ანთაძეზე ნაკლებად მედროვე ადამიანი ხომ, მე პირადად, ირგვლივ, ლამის არც გამიგია! ვისაც ასეთი ჭორებისა და ინსინუაციების სჯერა, შეუძლიათ იას შემოსავლებით დაინტერესდნენ. საქართველოს სინამდვილეში ჩვენ გვყავს ჟურნალისტური პროფესიის ვარსკვლავები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, როგორც წესი, ხუთნიშნა ციფრებით გამოხატება, იას, მგონი, ოთხნიშნა ციფრებიც არ დამუქრებია არასოდეს 🙂 და არა იმიტომ, რომ არ იმსახურებს…

რა თქმა უნდა, ია ანთაძე, შეიძლება ცდებოდეს, შეიძლება მისი რომელიმე ბლოგი არ იყოს ისე წარმატებული, როგორც სხვები… და მაინც, ჩემი აზრით, მას აქვს დახვეწილი პოლიტიკური ალღო, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტი, და მშვენივრად იცის, რა არის ქართული ჟურნალისტიკის ნაკლი და სიდუხჭირე… ამის მაგალითია მისი ბოლო, ჩემი აზრით – ძალიან წარმატებული, პროდუქტი – გადაცემათა ციკლი „მედიასტანდარტი“, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის სარკული ასახვის მშვენიერი მცდელობაა და სწრაფად გახდა პოპულარული. და აქაც, იამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარ პირად რეიტინგისთვის არ მუშაობს – მან გადაცემის ყოველ ციკლზე ახალ-ახალი წამყვანები, მართლაც ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები მოიწვია და მათ ანდო სრულად საკმაოდ სერიოზული პროექტის წარმართვა, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ესაა სწორი მიდგომა, და არა ის, რასაც საქართველოში მუდამ ვხედავთ, – საკუთარი თავის ტირაჟირება და მარად შეუცვლელად წარმოჩენა!..

ამიტომ, ასე გამიხარდა მე დღევანდელი დღე, როდესაც იას ნიჭის მხოლოდ თაყვანისმცემელებს კი არა, ფართო საზოგადოებასაც მიეცა საშუალება, რომ წიგნად თავმოყრილს გაეცნოს მის მრავალწლიან პოლიტიკურ ჟურნალისტიკას. თუმცა ვფიქრობ, რომ ია ანთაძის, როგორც ძალიან კარგი მასწავლებლის და სამაგალითო ჟურნალისტის მთავარი სარბიელი მაინც განათლების სფერო უნდა იყოს – სწორედ მან და მისნაირმა მაღალი სტანდარტის პატიოსანმა პროფესიონალებმა უნდა ასწავლონ მომავალ ქართველ ჟურნალისტებს. ია ხომ ორივე თავის პროფესიას ბრწყინვალედ ფლობს და თან – უყვარს საკუთარი გამოცდილების – არა მარტო წარმატებების, არამედ მარცხის – გაზიარებაც… და არასოდეს ეცდება, თავისი სტუდენტებისაგან იაანთაძეები გამოძერწოს, რადგან მათ თავიდანვე ყველაზე მთავარს ასწავლის ხოლმე – საკუთარი ინდივიდუალური აზრის პატივისცემას და იმ საზოგადოების პატივისცემას, რომელსაც შენი აზრი კი უნდა მიაწოდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოატყუო და შეცდომაში არ უნდა შეიყვანო…

– წარმატებები, ია მას!

Advertisements

სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ ჟურნალისტებისათვის გამოუცხადებელი ომის ქრონიკა – 2012 წ. გაზაფხული


ახალი ამბების კოორდინირებული გაშუქება სერიოზული ინდიკატორია იმის, რომ ქვეყნის მთავარ მაუწყებლებში სარედაქციო დამოუკიდებლობის დეფიციტია“

(უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“).

 

საქართველოს რეგიონულ მედიაში არსებული მდგომარეობა საშიშია. არაერთხელ სმენია ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, თუმცა კონკრეტული შემთხვევების შესახებ დღეს პირადად დაზარალებულებისგან მოვისმინე.ცუდია, რომ ზეწოლის ფაქტები ძირითადად სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთადერთი ის შეგვიძლია, რომ საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ და ქართულ მედიაში არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ“

(მეთ შელი, საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის მედიაპროგრამების ხელმძღვანელი)

 

ორივე წამყვანი კერძო ტელეკომპანიის – „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მესაკუთრეებს ადმინისტრაციასთან აქვთ კავშირი და ამ არხების საინფორმაციო გამოშვებებში მთლიანად დომინირებს სააკაშვილის გამოსვლების და პიარკამპანიების გულუხვი გაშუქება... „იმედი“, რომელმაც იმიტირებულ ინტერვენციაზე რეპორტაჟი მოამზადა, ერთ დროს სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია იყო, რომელიც ოპოზიციონერ მაგნატს ეკუთვნოდა, მაგრამ არხი დახურეს, როდესაც პოლიციამ 2007 წელს საპროტესტო აქციები დაარბია და ბოლოს მთავრობის მხარდამჭერების ხელში აღმოჩნდა.

(მეთიუ კოლინი, AFP  ჟურნალისტი)

 

„ქურდს რა უნდა და – ბნელი ღამეო“

(ქართული ხალხური ანდაზა)

 

2009 წლის 28 ნოემბერს ია ანთაძემ რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია – „ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა“. სტატია იამ მიუძღვნა ჟურნალ „ბათუმელების“ გმირ ჟურნალისტებს, რომლებიც სახელისუფლებო და განსაკუთრებით, პოლიციური სტრუქტურების მხრიდან შევიწროების და დაშინების მრავალი მცდელობის მიუხედავად, მედგრად იცავდნენ და ახორციელებდნენ თავიანთ უპირველეს მოვალეობას – ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის დროულად მიტანის ფუნქციას.

2009 წ. 12 დეკემბერს, თქვენმა მონა-მორჩილმა გამოვაქვეყნე სტატია „ჰავლაბრის ტურფები, ჟურნალისტები და ურნალისტები, ანუ – მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა“. განსხვავებით იმ დროს საქართველოს მედია-სივრცეში მიღებული დაუწერელი წესისაგან, გადავწყვიტე, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა აუცილებელს ხდიდა იმ მთავრობის მიერ მოსყიდული ფსევდოჟურნალისტების მხილებას (მათ „ურნალისტები“ ვუწოდე), რომლებიც ­ თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, სიმართლეს გვიმალავდნენ და ჟურნალიზმი პორპაგანდითა და სამთავრობო პიარ-კომპანიით ჩაანაცვლეს. სტატიას წინ წავუმძღვარე დავით გურამიშვილის კითხვად ნათქვამი აფორიზმი: „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო? ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?  კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ია ანთაძეს და დავით მჭედლიძეს თანადგომისათვის და სტატიის გამოქვეყნებისათვის და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მედიის პროფესიონალების და ექსპერტების უმრავლესობა მაინცდამაინც არ უჭერდა მხარს ჟურნალისტებს შორის მსგავსი გარჩევების და ბრალდებების წაყენებას.

ამ დროიდან დღემდე ჩემს ბლოგზე https://solomonternaleli.wordpress.com უკვე 200-ზე მეტი სტატია გამოვაქვეყნე, რომელიც 80,000-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ამ სტატიებში ზოგი უფრო წარმატებულიც ყოფილა და ბევრი თავად აღარც მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის პირველი სერიოზული სტატია „ურნალისტებზე“ სრულად გამართლებული იყო. დრომ აჩვენა, რომ საქართველოს აბსოლუტურად უგვანი და უსინდისო ხელისუფლების ყველაზე სერიოზული რესურსი წლების განმავლობაში სწორედ მსოფლიო და ქართული საზოგადოების წარმატებული დაბრმავება და დაყრუებაა. სწორედ ურნალისტთა დარაზმული ასეულები და მათ პიარ-სტატიებში მთავრობის მიერ დახარჯული ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული მილიონები უმაგრებს ძირს საკაშვილის ანტიხალხურ და ძირმომპალ რეჟიმს. და რომ თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში, ეს რეჟიმი დიდი ხანია ისევე იქნებოდა ისტორიის სანაგვეზე გადაგდებული, როგორც ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება.

როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მიხეილ სააკაშვილმა – თავისი წინამორბედის ბედის თავიდან ასაცილებლად, მიზნად დაისახა რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა მედიის სფეროში:

1)      საქართველოში არ უნდა ყოფილიყო ნაციონალური მასშტაბის თავისუფალი ტელევიზია და მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო თავისუფალი მედიის მოქმედების არეალი, მათ შორის ლიცენზირებისა და საკაბელო თუ სატელიტური მაუწყებლობის შეზღუდვით. ამავდროულად, სააკაშვილმა სპეციალურად დაუშვა, დარჩენილიყო 1-2 დამოუკიდებელი ტელევიზია თბილისის ფარგლებში და რამდენიმე შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების რეგიონული ტელეარხი, რომელთა ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეპორტაჟები სააკაშვილს საშუალებას მისცემდა მთელი მსოფლიოსათვის ემტკიცებინა, რომ საქართველოში მედია თავისუფალია და ხელისუფლების კრიტიკა დაშვებულია. ის, რომ ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიების (ანუ – „მიშავიზიების“) მიერ საქართველოს მოსახლეობის 80-90%ის სრული ზომბირება ხდებოდა, ამას დასავლეთი დიდხანს ვერ ან არ იმჩნევდა;

2)      საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს უნდა შეზღუდოდათ დაფინანსების, სახელმწიფო დაწესებულებებში გავრცელების, და ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობები;

3)      საქართველოში არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი ბიზნესი, რომელიც გაბედავდა და დააფინანსებდა დამოუკიდებელ მედიას, მისცემდა მას პროფესიონალური და ტექნიკური განვითარების საშუალებას.

4)      საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს უნდა გასჩენოდათ იმის შეგრძნება, რომ მათი მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირპორპორციული იქნებოდა მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობის და ოპოზიციის განქიქების უნარ-ჩვევების. ამისათვის უნდა გამოეყენებინათ როგორც სამთავრობო სამსახურებში და პროსამთავრობო ბიზნეს-სტრუქტურებში ჟურნალისტების დასაქმების, ასევე მორჩილი ჟურნალისტების პრემირების და ურჩთა – დაშინების და შანტაჟის მწყობრი სისტემა.  

2011 წ. 30 ნოემბერს სტატიაში „მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები“  ვწერდი:

„ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები (ურნალისტები), რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური ძაღლური ერთგულებით ასრულებენ. შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე და მისი ხელქვეითი გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობენ. ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია, რომლებიც მერიის მხრიდან პრესის თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და როგორც ტოქ-შოუ ”არგუმენტებში” ჟურნალისტ ელისო ჩაფიძესთან „პრაიმ-ტაიმის“ წარმომადგენლის კამათიდან გამოჩნდა, მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ! და ეს არცაა გასაკვირი, ისინი ხომ ხელისუფლების დანამატები არიან და საფრთხეს კი არა, თავიანთ ”ბედნიერ მომავალს” სწორედ ნაცმოძრაობის უღრუბლო და მარადიულ ბატონობას უკავშირებენ. მათი რეალური შემოსავლები მათი პროსამთავრობო პოზიციის პროპორციულია.“

შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის დროს სამინისტროებში ტარდებოდა ღია კარის დღეები და ბრიფინგები პრესისათვის, სადაც მინისტრები ჟურნალისტებს ხვდებოდნენ და მართალია, ხშირად თავიანთ რეალურ თუ მოგონილ წარმატებებზეც ტრაბახობდნენ, მაგრამ შემდეგ პრესის საკმაოდ კრიტიკულ  და მწარე შეკითხვებზეც უწევდათ პასუხების გაცემა. ეს ყველაფერი კი შემდეგ ჟურნალ-გაზეთებსა და რადიო-ტელევიზიებში ხვდებოდა. ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ უკვე 2005 წლიდან სააკაშვილის მიშკურთხეულმა მინისტრებმა, რომლებიც ყოველთვიურად ათეულათასაობით ლარიან პრემიებს იღებენ, ეს საქმიანობა თავიანთ მოადგილეებს გადააბარეს, ხოლო შემდეგ სამინისტროებმა საერთოდ შეწყვიტეს ღია კარის დღეები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტროების თანამშრომლებს საერთოდ აეკრძალათ მინისტრის ნებართვის გარეშე ინფორმაციის გაცემა!

2010 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის მერიის მიერ მთელი რიგი საჯარო ინფორმაციის ჟურნალისტებისათვის მიწოდების პრაქტიკის სისტემატურ დარღვევას. 2012 წლიდან თბილისის მერს რეგიონულმა მმმართველებმა და სხვა ქალაქების მერებმაც მიბაძეს.

(შემდგომში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდის და ინტერპრესნიუსის, და www.presage.tv-ის  მასალები)

www.radiotavisupleba.ge/content/regional_media/24577486.html

  • ახალი გაზეთისინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის თანხმობის გარეშე, მერიის სამსახურების უფროსები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. უკვე რამდენიმე კვირაა, ჟურნალისტებს ინტერვიუების ჩაწერა მას შემდეგ უხდებათ, რაც პრესსამსახურის წარმომადგენლები ქალაქის მერთან საკითხებს შეათანხმებენ. როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პირად საუბარში აცხადებენ, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ მერის ნებართვის გარეშე, მერიიდან არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს.
  • გურია ნიუსისჟურნალისტებისთვის 12 მარტიდან (ანუ იმ დროიდან, რაც კონტროლის პალატის მიერ მინიციპალიტეტების შენობებში მოქალაქეთა დაკითხვა მიმდინარეობდა), მუნიციპალიტეტების შენობები, პრაქტიკულად, დაიხურა. ჟურნალისტ ჯანა მეგრელიშვილის თქმით, როცა ერთ საჯარო მოხელესთან შესვლისთვის ყველა პროცედურას გაივლის და საშვს მოიპოვებს, იმავე სართულზე, გვერდით კაბინეტში მეორე საჯარო პირთან შესასვლელად ყველაფრის თავიდან დაწყება და მეორე საშვის აღება უხდება და .. ამავე დროს, სხვა ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან. შენობაში მოქალაქეებსაც არ სთხოვენ საშვებს და ეს მოთხოვნა მხოლოდგურია ნიუსისჟურნალისტებზე მოქმედებს.
  • გაზეთაჭარა P.S.”-ის ინფორმაციით, 6 აპრილს საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, საცხოვრებლიდან ოჯახების გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ქობულეთში პოლიციის თანამშრომლები, ქობულეთის პოლიციის უფროსის დავით ბეჟანიძის თანდასწრებითაჭარა P.S.“-ის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს ფიზიკურად შეეხნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მისთვის ვიდეოკამერის წართმევას ცდილობდნენ. რედაქციის განცხადებით, გადაღებულ მასალაზე ეს ფაქტი გარკვევით ჩანს.
  • გაზეთრუსთავის ამბებისინფორმაციით, 17 აპრილს ქვეყნის რამდენიმე მინისტრი რუსთავს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრისა და კინორუსთაველისშენობაში გასაიდუმლოებული შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრაზე სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების გაერთიანებისა დარუსთავის კორპუსისწარმომადგენლები დაიბარეს დანაციონალური მოძრაობისგაძლიერებისთვის დავალებები მისცეს. მერიის პრესსამსახურის სრულმა შემადგენლობამრუსთავის ამბებიშეკრებაზე იმ მიზეზით არ შეუშვა, რომ შეხვედრა პარტიული და პრესისთვის დახურულად გამოცხადდა. გაზეთის რედაქტორს, თამარ ბატიაშვილს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო კორძაიამ შენობის დატოვება მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან რედაქტორისგან უარი მიიღო, საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე და ვიცემერი, შორენა გარდაფხაძე ჩაერივნენთეატრის თანამშრომელი კაბინეტში დაიბარეს და არასასურველი სტუმრის შენობიდან დათხოვნა უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. „რუსთავის ამბებისინფორმაციით, მსგავსი პრობლემები არ შექმნია ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორს, ხათუნა მამარდაშვილს, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტები შენობიდან გააძევეს, თეატრის მიმდებარე სკვერში გადაინაცვლეს და ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებაშიც უშლიდნენ ხელს.
  • კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდალში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გადაღების უფლება არ მისცეს.
  • შიდა ქართლში გამომავალიხალხის გაზეთისფოტოკორესპონდენტს რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინცინდენტია ასახული. ამ მასალაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი, სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. „როგორც კი ეს ვიდეო მასალა გავრცელდა, ჩემს სახლში დარეკა უცხო პირმა და ჩემზე დაიმუქრა, სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრიო“, – ამბობს ჟურნალისტი რეზო ნადირაძე.
  • 2 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების შენობაში არ შეუსვეს, ხოლო გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • ამავე დღეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენესახალი გაზეთისჟურნალისტს ქრისტინე ქარჩხაძესა დამეგა TV”- ჟურნალისტს ალეკო გვეტაძეს. გაზეთ „P.S.”- ჟურნალისტის ნოდარ ჯოჯუას ინფორმაციით, მის მამას დაემუქრნენ, რომ თუ მისი შვილი არ შეწყვეტდა ხელისუფლების კრიტიკას, მას სამსახურიდან გააგდებდნენ.
  • 3 მაისს ქუთაისის მერიის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში მათი შესვლა დაცვის მიერ უნდა გაკონტროლდეს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე არაფერი იციან.
  • 3 მაისს ფოთში პრეზიდენტის დაცვის ექვსმა წევრმა TSpress.ge ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. შემდეგ კი დაცვამ ჟურნალისტს კამერა დაპირადი ნივთები ეზოში დაუყარა. ამასთანავე, კუთვნილი ნივთები აღების შემდეგ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ კამერაში მეხსიერების ბარათი აღარ იყო და შესაბამისად, მას აღარ ჰქონდა გადაღებული მასალაც.
  • 4 მაისს ქუთაისში, რესტორანიმპერიალშიმიმდინარე პარტიული შეხვედრიდან (რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა) გამოსულმა ნაციონალებმა newspress.ge- ჟურნალისტს, თეკლა მორგოშიას ფოტოგადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს. ამავე დღეს ზუგდიდში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმალაივპრესისდანეტგაზეთისჟურნალისტებს, თამარ ზამთარაიას და ოთო დალაქიშვილს, რომლებიც ზუგიდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად იყვნენ მისულები, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მათ ვიდეოკამერები წაართვეს და გადაღებული მასალებიც წაუშალეს.
  • შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისს, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. დაცვის წევრები ამტკიცებდნენ, რომ რედაქციის აივნიდან აღლუმის გადაღებას პოლიციის პრესსამსახურის ნებართვა სჭირდებოდა

http://www.presage.tv/?m=society&AID=12356

  • რეფორმირებული პოლიციის დაუფარავი სახეძალოვანთა თავდასხმის ობიექტიკვირის რეპორტაჟისოპერატორი გახდა
  • 11 მაისს დუშეთის რაიონის გამგეობის შენობის გარე კადრების გადაღებისას, „კვირის რეპორტაჟისგადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. გადაღებისას შენობიდან დაცვის თანამშრომელი გამოვიდა, „კვირის რეპორტაჟისოპერატორს ზურაბ პატარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერის დამტვრევა სცადა. ამ ინციდენტის შემდეგ გამგეობის შენობასთან უკვეკვირის რეპორტაჟისჟურნალისტი ბელა ზაქაიძეც მივიდა და შეეცადა დაცვის თანამშრომლებთან გაერკვია, რა მოტივით უშლიდნენ ისინი ხელს ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში, რასაც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან კვლავ აგრესია მოყვა. თავდასხმის ობიექტი ამჯერადაც ვიდეოკამერა გახდა. მოგვიანებით, დუშეთის გამგებელმა ვლადიმერ ბადაგაძემკვირის რეპორტაჟსგანუცხადა, რომ ის მომხდარის შესახებ საქმის კურსშია, ამ ფაქტის დეტალებში გაერკევა და თუ დაცვის თანამშრომელმა კანონი დაარღვია, მომხდარზე რეაგირება აუცილებლად მოხდება. თუმცა, შემდეგ მცხეთამთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გამგებელმა ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, თითქოს გადამღები ჯგუფი აგრესიის მსხვერპლი იმიტომ გახდა, რომ ის კამერის თანხლებით შედიოდა შენობაში. თუმცა როცა გამგებელმა გაიგო, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, განცხადა, თითქოს მას მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მსგავსი რამ არ უთქვამს. http://www.presage.tv/?m=society&AID=12363

 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოჟურნალისტთა უფლებების შელახვის ფაქტების მოხშირებას დაუსჯელობის სინდრომით ხსნის. საბჭოს მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ”ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების მოხშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენსდაიზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები.”

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზეწოლა გაძლიერდა საქართველოს რეგიონებში განთავსებული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებზე, და იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ამ ცენტრებისათვის აგროვებენ მასალებს. ამის მკაფიო დადასტურება იყო 20 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის გელა მთივლიშვილის დაკავება, პოლიციაში უკანონო დაპატიმრება (რასაც თავიდან უტიფარი უტიაშვილი უტიფრად უარყოფდა) და ფიზიკური დამორალური შეურაცხყოფის მიყენება. ყველაფერი ეს იმას უკავშირდება, რომ სააკაშვილი (ტიპური აზიური დესპოტებისაგან განსხვავებით) ვერ დაკეტავს ქვეყანას არჩევნების დროს. და თუ ადრე მისი რეპუტაცია და მისდამი აშშ თუ ევროკავშირის მაშინდელი ელჩების ლოიალური დამოკიდებულება უზრუნველყოფდა იმას, რომ საარჩევნო პროცესის დარღვევის თუნდაც საკმაოდ უხეში ფაქტები ჩაეფარცხა (გაიხსენეთ, 2008 წელს ევროკავშირის მისიის თავ-რე პიტერ სემნები ნაცმოძრაობის ზონდერბრიგადის წევრებს 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ, მაგრამ თავად სემნებიმ ეს ფაქტი მიაჩუმათა), დღეს სიტუაცია სხვაა და მოსალოდნელია, რომ დასავლეთის დამკვირვებლები თვალს აღარ დახუჭავენ. მრავალი  ფაქტი შეიძლება გახდეს მათი დაინტერესების საგანი, ხოლო ამ ფაქტის უეჭველობა სწორედ პირუთვნელი და მტკიცე რეგიონული ჟურნალისტების მასალების წყალობით დამტკიცდება. ვინაც გელა მთივლიშვილს, საბა წიწიკაშვილს, ელისო ჯანაშიას, ნესტან ცეცხლაძეს, გიორგი გირკელიძეს, გერონტი ყალიჩავას, შორენა ღლონტს, ლაშა ზარგინავას და სხვა მრავალ მამაც და პატიოსან რეგიონულ ჟურნალისტს იცნობს, კარგად იცის, რომ მათი მოსყიდვა და ურნალისტებად გადაქცევა ხელისუფლებას არ გამოუვა. ხელისუფლებამაც იცის ეს და ჯერ კიდევ არჩევნებამდე ყველანაირად ეცდება ძალის დემონსტრირება მოახდინოს და იმას მაინც მიაღწიოს, რომ პატიოსან ჟურნალისტთა კოჰორტის ზრდა რამენაირად შეანელოს, ხოლო ერთგული მანქურთ-ურნალისტები -გაამხნევოს. სწორედ ახლა გამოჩნდება ქართული საზოგადოების, ოპოზიციის, და უცხოური დემოკრატიული ძალების სიმტკიცე – ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის ქვეყნის სასარგებლოდ (და არა ავაზაკთა კორუმპირებული კლანის სასარგებლოდ) გადაწყვეტაში – იქნება ეს დავით გარეჯის გადარჩენა, თუ ეკოლოგიური და ტექნოლოგიური კატასტროფების მიზეზების გამოკვლევა, თბილისის „პრიხვატიზაციის“ შეჩერება, თუ ქართველი გლეხის და სოფლის გადარჩენა – გადამწყვეტი სიტყვა, განაგაშის ატეხვა და ჩვენი გამოღვიძება სწორედ ჟურნალისტის საქმეა და თუ ჩვენ გვინდა, რომ ძილში არ გამოგვისვან დანა ყელში და ჩვენი სახლები წყალმა არ წაიღოს, ხოლო ჩვენ ქონება ძლიერთა ამა სოფლისათა და მათმა ნათესავებმა არ მიიტაცონ, პირველ რიგში სწორედ ჩვენი მამაცი ჟურნალისტები უნდა დავიცვათ!

მედია უნდა  უზრუნველყოფდეს საზოგადოების დაცვას! და საზოგადოება უნდა იცავდეს მედიას!

ჩვენი მთავარი შეცდომა და კატასტროფის დასაწყისი სწორედ ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა მედიის მსახურთა დიდი ნაწილის განეიტრალება, ხოლო ბევრის – ”გაბახებაც”! საბედნიეროდ, საქართველოს ბევრი ღირსეული ჟურნალისტი ჰყავს და სწორედ მათთან მხარდამხარ დგომით უნდა გაიმარჯვოს საზოგადოებამ ქვეყნის მოღალატე უზნეო ხელისუფლებაზე!  უსამართლობასთან ბრძოლაში ჩვენი ფრონტის ყველაზე სერიოზული ხაზი დღეს სწორედ ჟურნალისტების დაცვაზე გადის. პატიოსანი ჟურნალისტების არსებობა ჩვენი საზოგადოებისათვის დღეს იგივეა, რაც ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადისათვის – ლადოგისკენ მიმავალი “სიცოცხლის გზა” იყო.

დაბოლოს, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი ფაქტი.

ერთი, ეს იყო ფოთში ირაკლი ალასანიას გამოსვლის შემდეგ პირველი არხის ჟურნალისტის ნატო ბერულავას მიერ TSPress-ის ჟურნალისტის კამერისათვის მიკროფონის ჩარტყმა და იმის მოთხოვნა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალათ! (თურმე ქუჩაში ინტერვიუს აღებისას რესპოდენტის პასუხის ჩაწერა სახელისუფლებო პრინციპებზე აღზრდილ ქ-ნ ბერულავას ექსკლუზიური უფლება ჰგონია).

http://www.youtube.com/watch?v=S0EX6X4OyhI 

იქნებ, ვცდები, და ეს არც იყო მზვერავ-ურნალისტის მიერ ზემოდან მიღებული დირექტივის პირნათლად ასრულების სამაგალითო ნიმუში, და ყველაფერი პიროვნული აუტანლობის ბრალი, ან სულაც – ცხელ ამინდში გადაღლილი ემოციური სფეროს  გავლენა იყო. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მაგალითები სულ უფრო გახშირდეს. ხელისუფლება კიდევ უფრო მწარედ წავა საკუთარი მომხრეებისაგან ნებისმიერი სახით ხარკის აკრეფაზე – იქნება ეს საკუთარი ბიზნესმენებისთვის შეწერილი მილიონები, საკუთარი ნათესავებისათვის მხარდამჭერი ლეგიონების მოგროვების დავალება, თუ საკუთარი ურნალისტებისათვის სწორედაც რომ საბრძოლო დავალებების მიცემა! ხომ გვახსოვს, წინა არჩევნების დროს  საზოგადოებრივი არხის აბსოლუტურად საშუალო დონის ურნალისტმა, ვინმე ნიკა ავალიანმა, ისე პირნათლად შეასარულა მღვდელი გაპონის ფუნქცია, რომ სამინისტრო ბლანჟეს ტარების უფლებაც კი მიიღო! მოვიდა დრო, როცა რეალ-ტივის პროვოკატორების ურნალისტებად გასაღების მაგიერ, ურნალისტების წმინდა პროვოკატორებად და მოიერიშე „შტურმოვიკებად“ დაბრუნება გახდა აქტუალური.

მეორე და მეტად მნიშვნელოვანი ნიშნული კი იყო სტატია სამთავრობო პროპაგანდის ინტერნეტ-საიტ WWW.PRESA.GE-ზე, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთ ინიციატორს, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს ია ანთაძეს უძღვნა ურნალისტების ერთ-ერთი გაულიატერის და მთავარი მანქურთის გიორგი კაპანაძის ერთგულმა კადრმა, ვინმე ეკა იაშვილმა.

დღემდე უცნობი ურნალისტი იაშვილი (ისე, ამსტატიით სახელი რომ „გაითქვა“, ვერავინ უარყოფს) მთელი საქართველოსათვის (და არა მარტო საქართველოსათვის) ბრწყინვალედ ცნობილ და პროფესიონალიზმის და მიუკერძოებლობის ნიმუშად მიჩნეულ (თუ გიგა ბოკერიას თანამეცხედრის, „ტაბულას“ რედაქტორ ჩერგოლეიშვილისა და მისი ფსევდოლიბერალ-ნეობოლშევიკური „სუფთა პოლიწიკის“  “კრეაწივისტებს“ არ ჩავთვლით) ია ანთაძის განქიქებას ცდილობს და ამისათვის იყენებს მეთოდებს, რომელიც 1937 წლის „პრავდის“ და „იზვესტიის“ ჩეკისტ-რედაქტორებს შეშურდებოდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მედიის სფეროში მიხეილ სააკაშვილის მთავარი კერპი იოზეფ გებელსია და მეთოდოლოგიაც სწორედ ამ „დიდი ადამიანისაგან“ აქვთ აღებული:

==================================

ვრცელი ამონარიდები [სადაც ჩემი კომეტარები კვადრატული ფრჩხილებითაა გამოყოფილი]:

„გავრცელებული ინფორმაციით [პრესა.გე ეტყობა ამ “გავრცელებულ/გასავრცელებელ” ინფორმაციას დრონი.გე-სგან იღებს!], ია ანთაძე ბიძინას დავალებით მონიტორების ჯგუფებს ქმნის. ეს ჯგუფები, შეეცდებიან საზოგადოებრივ აზრზე იმუშაონ და შექმნან წინასწარი განწყობა, რომ ოქტომბერში არჩევნები აუცილებლად გაყალბდება [თორემ ისე, არავინ აპირებს, ხომ? Bullshit!საპრეზიდენტო სტილი დაცულია]. შუშის სასახლეში გამაგრებული, პუტინის საყრდენი დაჯგუფების ამოცანაა, შემოდგომისთვის „გაპრავებული“ ჰქონდეთ ვითარება, თითქოს [ჰუჰ!] არჩევნები გაყალბდა.“

… პრაქტიკულად, ია ანთაძე სათავეში უდგება მოძრაობას, რომელმაც უნდა შეამზადოს ნიადაგი, საარჩევნოდ სიტუაციის დასაძაბად. მნიშვნელობა არ აქვს შედეგებს [შედეგებს თუ მნიშვნელობა არა აქვს, ნავაროს დაქირავებული ბიჭები რას ჩალიჩობენ ველებზე?], შედეგი წინასწარ უნდა გაცხადდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა მედლის ორივე მხარეს ერთი რამ ახატია: „ხელისუფლების დასამხობად გარდაუვალი არეულობა, რადგან არჩევნები გაყალბდა“. [არც გაყალბებულა არასდროს, გოგრიშვილ-მაჭავარიან-ბასიშვილის კასტავ?!]

ახლა კი, უბრალოდ, გავიხსენოთ ვინ არის ია ანთაძე და რა გზა გაიარა მან „მწვანე მანტოიანი“ გოგოობიდან [ნეტა ეს „მწვანე მანტო“ საიდან მოელანდა იაშვილის ქალს? ეტყობა ბავშვობაში თავად ნატრობდა და არ უყიდეს], „დუბლიონკიან ხანდაზმულ მანდილოსნობამდე“ და რა არჩევანი აქვს: „ნორკისქურქიანი“ სიბერე თუ ზოლიანი ხალათი. ზოლიანი ხალათი ცუდად არ გაიგოთ [მაინტერესებს, კარგად როგორ უნდა გავიგოთ ზოლიანი ხალათი, გებელსის ნასტუდენტარო?]. ის შეიძლება ეცვათ, პატიმრებსაც, გიჟებსაც და „სასოწარკვეთილ დიასახლისებსაც“ [რა მაღალი სტილია, ეთიკის როგორი ევერესტები!]. თუმცა, ვინც ქვეყნის სტაბილურობას, დამოუკიდებლობას და მომავალს ჰყიდის, პირველ ორს შორისაც შეიძლება მოუწიოს არჩევანის გაკეთება [ბარემ დაგემთავრებია, წინაპარცხონებულო და გეთქვა ბოლომდე – „ვინც ქვეყნის სტაბილურობას, დამოუკიდებლობას და მომავალს ჰყიდის, ასევე – ჰყიდის დავითგარეჯას, აჭარას, საქართველოს სასაზღვრო რეგიონებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ტყეებს და მდინარეებს, ვინც ქართველი ხალხის ისტორიულ მემკვიდრეობას ჰყიდის და ანგრევს…. იმას მოუწევს წვრილზოლიან ხალათს და მსხვილზოლიან ხალათს შორის არჩევნის გაკეთება! ქე შეგძლებია, შე კაი ურნალისტო, თუ ცოტა თავს ძალას დაატან და სიმართლეს თვალს გაუსწორებ!]

ია ანთაძემ გადაწყვიტა და „ექსპერტი“ დაირქვა [თუ მათე კირვალიძე და ნოდარიკო მგელაძე “ჟურნალისტებია”, ია „ექსპერტი“ კი არა, გურუ უნდა იყოს, წესით, ოღონდ ეგეთების გურუ ნაღდად არ იქნება] . მერე გადაწყვიტა და „ლიბერალიც“ მიიმატა [ არა, ბიჭო, კეზერა და რურუა არიან „ლიბერალები“, ჯაბას და კიტოვანის მადლმა! ანდა – თავხელიძე-გაბიანის ტანდემი…]. უფრო ადრე, მან ჟურნალისტობა დაიბრალა. არადა [აქ მძიმე იყო საჭირო, არგუმენტებზე მსუბუქო ეკავ!] გარეუბნის ერთერთი სკოლის საშუალო დონის პედაგოგი გახლდათ [ნუ, ახლა ყველა შაშკინის დონის მაკარენკო ხომ ვერ იქნება, ან – ბენდუქიძის დონის შვაიცერი!]. ერთხელ ერთერთ რედაქციაში წერილი მიიტანა და სამუშაოდაც იქ დარჩა. სკოლასთან შეთავსებით [აბა, ყველას “ხარ-ვარდი” ხომ არ ექნება დამთავრებული დონაძესავით, ან „სწენ-ფორდი“ – კაპანაძესავით!].

… ამბობენ, რომ არ იყო ურიგო პედაგოგი, თუმცა იყო უსახური ჟურნალისტი [ჰო, სახიერი უნდა იყოს ჟურნალისტი – ნანუკა ჟორჟოლიანივით]!. ნეტარის ხმით [- მაია ასათიანივით!] , კდემამოსილი გამომეტყველებით [- კვესიტაძის წამწამთკეცვით!] და პედაგოგიური მანერებით, პოლიტიკაში იგი ყოველთვის ძველმოდური დიქტოფონი იყო [ახალმოდური აი-პედი – ნოდარიკოა, სულიკო!], ვიდრე რეპორტიორი. [ნატოსმსრბოლელ გოგოტიშვილს შემოევლოს ბუბა ბიძია!]

…„მწვანე მანტო“. „მწვანე მანტოში“ გახვეული, საშუალო მონაცემების, კრავის ხმიანი მგელქალი [ვახ, ლედი მაკბეტ ჩერგო რომ გეყოლება გვერდით და მაინც მგელქალების გამოაშკარავებაზე რომ ხარ დაქოქილი], ყოველთვის „ჩურჩულით“ მიძვრებოდა იმ გზით, რომელ გზაზეც უჩინრებს ვერ ამჩნევენ. მას არასდროს ჰქონია პოზიცია. {!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ია ანთაძეს არასდროს ჰქონია პოზიცია! პოზიცია ჰქონდათ მხოლოდ გია ბარამიძეს, გიგი წერეთელს და მატრიცა ზალიკო უდუმაშვილს!]

ის ყოველთვის იქ „ჩურჩულებდა“, სადაც ჯერ არს… ყოველთვის იმის სასიკეთო პასუხს იძლეოდა, ვინც ეკითხებოდა – შეეძლო დილით პეტრეს მხარეს ყოფილიყო, მზის ჩასვლისას კი პავლესთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა [ბარემ გიორგი თარგამაძეს მეტრით აზომე, ეკავ, ია-შვილო].  როცა ყველგან ამოწურა რესურსი, ოლიგარქს მიაშურა. არადა, დასავლური ღირებულებები იზიდავდა, თუმცა როცა საქმე „ნორკაზე“ მიდგა, პუტინის ლანდს გაჰყვა. ახალი ამ ქალის ისტორიაში არაფერია. ნახეთ კლარა ცეტკინის ან როზა ლუქსემბურგის ფოტო. დააკვირდით იას… „მწვანემანტოიანი“ ქალები ლიბერალური ღირებულებებით იწყებენ და მერე სისასტიკეებს სჩადიან…”

[აი, ბოლოში კი დავაფასე ქალბატონ ეკა ვაი-შვილის რესურსები. რაც არ უნდა ნეობოლშევიკი იყოს მიშისტი ურნალისტი, კლარა ცეტკინის ან როზა ლუქსემბურგის სახელების ცოდნა უკვე ინტელექტის გაბრწყინებად უნდა ჩაითვალოს. ხოლო თუ ქალბატონი ეკა ამ ქალბატონების ფოტოებსაც სცნობს, ესეიგი, კაპანაძის აგიტპროპი მართლა ვარსკვლავებს კრეფს… პლასტმასის ციდან]

————————————————————————–

ამ დაბალი დონის, გებელსური მეთოდოლოგიით გაშალაშინებულ პასკვილში  ყველაფერი გასაგებია. ია ანთაძის ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში მედია-მონიტორინგს ახორციელებს და უკვე პირველი კვირების მაგალითზე აშკარა ხდება, როგორი კატასტროფული დისბალანსია მედიაში! ნაცმოძრაობის ლიდერებს ასეთი პირუთვნელი და ავტორიტეტული მონიტორინგის კი საოცრად ეშინიათ!

მიხეილ სააკაშვილი მაშინ იყო საშიში, როცა ქარიზმატული ყალბი იმიჯით შემოსილი და ცხვრის ქურქში გახვეული ხალხში დადებით ემოციებს აღვიძებდა! მისი სირინოზული გამოსვლების გამო, ხალხს მართლა იმის ფიქრი ჰქონდა მხოლოდ, სოხუმის დაბრუნება უფრო ადრე მოხდებოდა (ზეგ!) თუ ნატოში შესვლა (მაზეგ!)

მიხეილ სააკაშვილი დღეს ან ფუნდამენტალურად დაბოლილი გვევლინება, ან ბრუტალურად კბილებდაკრეჭილი. უკვე მის გამწარებულ მომხრეებსაც კი სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ მიშა მათი სისტემისთვის მხოლოდ ბალასტია. (თუ ნახეთ ბოლო „ბარიერში“ საოცრად პირშიწყალჩაგუბებული გიგა ნასარიძე!) ტრაგიკული წყალდიდობის საღამოს სლოვენიაში გაფრენილი გაფრენილი ან მეორე დღეს მილანში შოპინგში ჩაფლული მთავარსარდალი, რომელსაც რადიო „თავისუფლების“ ჩვეულებრივ თავშეკავებულმა რედაქციამაც კი მცირე, მაგრამ დახვეწილად მომთხრელი სტატია უძღვნა – http://www.rferl.org/content/saakashvili_milan_shopping-georgia/24584209.html –  უკვე მსოფლიო პოლიტიკის მოვეტონად იქცა და ამას მისმა უდროოდ დაობლებულმა პარტიამ თვალი უნდაგაუსწოროს. დღეს ნაციონალურ მოძრაობას აღარ ჰყავს მამა, დედა, იდეოლოგია და ლიდერი. მას მხოლოდ მუშტი დარჩა, მაგრამ მუშტი უთაოდ  – დიდი ვერაფერი ბედენაა…

დარჩენილ პერიოდში ნაციონალური მოძრაობა სულ უფრო გააძლიერებს და გააშიშვლებს მედიაზე ზეწოლას. მაგრამ სანამ ხელისუფლებაში მოსული ავაზაკთა ბანდა ახალ „კაპო დი კაპის“ არ აირჩევს, მათი სტრატეგია და ტაქტიკა (თუნდაც – დაშინებები) დაახლოებით ისეთივე ”ეფექტური” იქნება, როგორც მათი დღევანდელი დაპირებები, ხოლო მათი დამარცხებები – სულ უფრო ცხადი და მზარდი – როგორც ეს გამოჩნდა დავითგარეჯის და წყალდიდობის მენეჯმენტის მაგალითებზე…

ეკა იაშვილი – ია ანთაძის წინააღმდეგ?

სულ ეგა ხარ, მიშა? შენი დღევანდელი მედია-ფალავანი ვინმე ეკა იაშვილია?

აბა, სად – ია, და სად – ვინმე „ია-შვილი“?

იას მწვანე მანტო გამოგონილია, არ არსებობს, აი, შენი მწვანე რეიტუზიანი თათბირები კი – „არ ამოვა ხალხის გულიდან“! 🙂


მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები


ვარდების რევოლუცია იყო მედიის პირმშო!

და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა იქცნენ სამართლიანი მედიის ყველაზე დაუძინებელ მტრად! თანაც – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან!

ქართულ მედიაზე შეტევა სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო. უკვე 2004 წელს  ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია – ტელეკომპანია ”იბერია”, გაზეთი ”ახალი ეპოქა”, ”დილის გაზეთი”, ”მთავარი გაზეთი”, ჟურნალი ”ომეგა”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესი”; დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები – ”ღამის კურიერი”, ”ღამის მზერა”, ”რა ხდება”, ”ტაიმაუტი”, ”ცაიტნოტი” და, განსაკუთრებით აღსანიშნავია – ”60 წუთი”,  შევარდნაძის დროს საოცრად მაღალი რეიტინგის მქონე ყოველკვირეული ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მაშინდელი ოფიციოზის რამდენიმე პირის კარიერა ემსხვერპლა. დაიწყო ეთერიდან ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტების მოხსნა. ჟურნალისტების დახარისხების პარალელურად დაიწყო ზოგიერთი მათგანის ხელის მოოქროვების, ხოლო სხვების – არშემჩნევის, განქიქების და მოკვეთის  პოლიტიკა.

2005 წელს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაიხურა ტელეარხ ”მზის” საინფორმაციო გადაცემები – იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მკაცრად გასართობი არხი, და რომ მოსახლეობას არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია. პარლამენტარ კობა ბექაურის მიმართ თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს პოპულარული ჟურნალისტი და სააკაშვილის პიარ-ქმედებების მენეჯერი, პოპულარული შოუ “დარდუბალას” ავტორი და ტელეკომპანია 202-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ხოლო არხი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდებოდა მთავრობის მოქმედებების კრიტიკოსი, ასევე დაიხურა.

აი, რა განცხადება გააკეთეს ქართველმა ჟურნალისტებმა 2005 წლის 8 ივლისს რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის ხმაურიანი დაშლის და ზოგიერთი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების პასუხად:

”ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა. აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა, პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში. განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედია-საშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ თოქ-შოუებიც არ მოეწონება. დღევანდელ საქართველოში მედია-საშუალებებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა მზარდი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განვითარების საუკეთესო ინდიკატორად ნამდვილად არ გამოდგება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ.” 

2005 წლის 1 დეკემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. იმის მაგიერ, რომ ბობოხიძე პოლიტიკური საქმიანობისათვის ჩამოეშორებინა, პრეზიდენტმა თავისი სურვილით თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო დააწინაურა – საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად! ხოლო ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტი, სავარაუდოდ – მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად – იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ამჟამად ინგლისში ცხოვრობს.

2005 წლის დეკემბერშივე გაზეთებში თავისი თავის მიმართ მზარდი კრიტიკით გაღიზიანებულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ქართულ პრესას თითქმის არ კითხულობს. მანვე გასცა არაოფიციალური ზეპირი ბრძანება, რომლითაც სამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ (!) ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად ხარჯების გაწევა. ამ სერიოზული ფინანსური წნეხის გავლენა 2006 წელს ძალიან მტკივნეულად იგრძნეს ქართულმა გაზეთებმა, რომელთა უმრავლესობის ტირაჟი  1000-3000-ით შემცირდა.

2006 წელს სატენდერო განცხადებების განთავსების უფლება მიიღო შევარდნაძის დროს ყველაზე მკვეთრად ოპოზიციურმა გაზეთმა „24 საათი“,  რომელიც 2004 წლიდან მკვეთრად პროსამთავრობო გახდა. ბოლო 3-4 წელია, აღნიშნული გაზეთის რეიტინგი უაღრესად დაბალია და მისი არსებობის ერთ-ერთი ან ერთადერთი სერიოზული წყარო სწორედ სატენდერო განცხადებებიდან შემოსული მსუყე დოტაციაა.

2006 წ. 7 ივლისს -ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემის “თავისუფალი თემის” ავტორმა და წამყვანმა, და ამავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში ძალოვნების მიერ ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მოტაცების, სადისტურად წამების და მკვლელობის თემის განხილვისას განაცხადა, რომ მან ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – გიგა ბოკერიასაგან (დღეს – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი) მიიღო ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა ეთქვა და რა – არა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წამოსულმა ასეთი ”რჩევებმა” უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, რომ იგი არ აპირებს, დაემორჩილოს ზეწოლას და პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია რუსთავი-2. არავითარი გამოძიება ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

სტუდია „მონიტორის“ (ავტორი – ნინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრ და საინტერესო ფილმი ქართული  ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ (http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38)  დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2003 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში აქედან 11-ს (“რუსთავი2”-ს, “იბერიას”, მე-9 არხს, “202”-ს, “ევრიკას”, … ფაქტიურად ყველას, გარდა ტვ „კავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული  ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევე – მათდამი ნდობის ხარისხთან

http://www.epfound.ge/files/geo_media_research_report_ge.pdf   http://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიო-სივრცე-საქარ/ http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3795〈=ge

ამჟამად საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატელევიზიო არხის მფლობელი, მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, იყვნენ ან არიან ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ან მათი ოჯახების წევრები, (კონკრეტულად – კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი, ამავე კომისიის  წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი გიორგი არველაძე), მუნიციპალიტეტები (ახმეტის) ან მუნიციპალიტეტის წევრები. გამოვლენილია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებული კომპანია – Degson Limited  – ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ ერთად ფლობს ეროვნული რანგის ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „მზე“.  მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკის“ 51%-ს ფლობს. ტელეკომპანია „იმედის“ აქციების 100%–ის მფლობელია „Georgian media production group”.  ამ კომპანიების უმრავლესობა რეგისტრირებული ოფშორულ ზონებში და მიუხედავად სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს მოახდინოს ეროვნულ სამაუწყებლო კომპანიებზე ასეთი ოფშორული მფლობელობის წესის პრაქტიკულად აკრძალვა და ტელეკომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციების გასაჯაროება.

2004 წლიდან დაწყებული I სატელევიზიო არხის – ანუ საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობაში მოდიოდნენ მთავრობის მიერ დანიშნული – სულ უფრო ოდიოზური, სულ უფრო მეტად კონტროლირებადი პირები და საზოგადოებრივი არხიც სულ უფრო ხდებოდა სააკაშვილის სურვილების შემსრულებელი და ქართული საზოგადოების დეზინფორმაციის სერიოზული ინსტრუმენტი…

2006-07 წლები – ვანო მერაბიშვილმა და ნაცმოძრაობის სხვა დიდმოხელეებმა მოახერხეს მრავალი მედიასაშუალების დაქვემდებარება, რის შემდეგ ეს მედიარესურსები ან დაიხურა,  ან მყვირალა, არაეთიკურ და ნაკლებად ობიექტურ მედიასაშუალებებად იქცა, რომელთა საქმიანობის სტილი მარტივად შეიძლება ასე დახასიათდეს – „ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ლაფში გავსვაროთ ოპოზიცია!“

2007 წლის 7 ნოემბერი – უკანასკნელი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია – „იმედი“განადგურებულ იქნა  სპეცნაზის შეჭრის და არნახული დარბევის შედეგად.

2008 წელი – იმედის ტელეარხი ღამით ზეწოლისა და სხვადასხვა მაქინაციებით გადაუფორმდა პატარკაციშვილის შორეულ ნათესავს, საქართველოს მთავრობასთან გარიგებაში მყოფ ჯოზეფ კეის, ხოლო შემდეგ – ვითომ არაბულ ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგს”, რომლის ”წარმომადგენელი”, ვინმე მარკ მონემი, ისე გაქრა პრეზენტაციის შემდეგ, რომ არავის არსად აღარ უნახავს. არაბული კომპანიის ”რაკ”-ის ხელმძღვანელმა 2009 წელს განაცხადა, რომ ტელევიზია ”იმედი” მათი აქტივი არასოდეს ყოფილა და რომ ის ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგი” მისთვის უცნობი კომპანია იყო! და ამით ირიბად დაადასტურა, რომ ”იმედი” სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა, შექმნა რა არაბული რაკიინის ვითომდა შვილობილი მსგავსი სახელის მქონე კომპანია, რომელიც რეალურად ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირები მართვადნენ. ამას ისიც ადასტურებდა,რომ 2008 წელს ტელეკომპანია იმედის სახელფასო ხარჯებს ქ. თბილისის მერია ფარავდა! 2011 წელს პატარკაციშვილის ოჯახმა სხვა აქტივების დათმობის სამაგიეროდ ოფიციალურად დაუთმო იმედი საქართველოს მთავრობას, რითაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ ჯოზეფ ქეიც და ”არაბებიც” სააკაშვილის ხელისუფლების შირმა იყო მხოლოდ.

2008 წლიდანვე დაიწყო სამივე ნაციონალურ მასშტაბის ტელეარხის – ”საზოგადოებრივი არხი”, ”რუსთავი2”, ”იმედი” – თანდათან სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ცენზურა. ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერები – გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე – სხვადასხვა დროს ამ არხების პირადი ცენზორების როლს ასრულებდნენ.

2010 წ. – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა – თუნდაც სტელაჟებიდან – გარე ვაჭრობის ნაირსახეობად ჩაითვალა და აიკრძალა. რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისში უმუშევარი დარჩა.

2010 წ. – სტელაჟებიდან მოვაჭრეების ლიკვიდაციის შემდეგ თბილისის მერის გიგი უგულავას განკარგულებით თბილისში რამდენიმე ასეული Press ჯიხური ჩაიდგა. ამ Press ჯიხურებში, რომელსაც ვითომ დუბაიური ფირმა, ხოლო სინამდვილეში – ლატარიის კომპანიის მაშინდელი მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა, მალე საქართველოს ლატარეის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ისინი ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაზე უკვე ნაკლებ დამოკიდებულნი გახდნენ. დღეს ეს ჯიხურები ჟურნალ-გაზეთებსაც ჰყიდიან, მაგრამ ეს მათი შემოსავლების მინიმუმია და თუ მთავრობას (ვინც მათ საკუთარი ახლობლების ხელით მართავს) დასჭირდა, რომ პრესა, ან  რომელიმე კონკრეტული გაზეთი, არ გაიყიდოს, ეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება.

2010-2011 – საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის პროცესი და საბოლოოდ ეს უკვე კერძო კომპანია სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ფინანსთა მინისტრს – კახა ბაინდურაშვილს ჩააბარა. არაა გამორიცხული, რომ სხვა მიზნებთან ერთად ეს ფოსტის მეშვეობით ჟურნალ-გაზეთების გავრცელების კონტროლის მიზნითაც გაეკეთებინოთ. კერძო კომპანიას ერთ დღეს შეუძლია რაღაც მოგონილი მიზეზით უარი თქვას პრესის გავრცელებაზე, ან – უფრო ტექნიკურად, დისტრიბუციის ისეთი ტარიფი დააწესოს, რომელიც ნებისმიერი გაზეთის ბინაზე მოტანის შემთხვევაში მის ფასს გააორმაგებს. სანამ გაზეთები ჯიხურებში იყიდება, და ეს ჯიხურები საკმარისად მრავლადაა, გამოწერის პრობლემა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ჯიხურებზე ზეწოლის ახალი ნაბიჯები სწორედ ამჟამად ხორციელდება.

2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”მაესტრომ” ლამის ერთწლიანი ბრძოლის შედეგად სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით დაიწყო  ”მაესტროს” მიმართ საკაბელო ტელევიზიების დაუსაბუთებელი უარის კამპანია, რის შედეგად თელავის, რუსთავის, ახმეტის და ბევრ სხვა ქალაქებში ”მაესტროს” გავრცელება შეიზღუდა. ხშირად საკაბელო კომპანიების თანამშრომლები კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ მათ ამ სახის დავალება სახელისუფლებო წრეებისაგან მიიღეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ბოჭკოვანი ქსელების და კაბელური ტელევიზიის ორივე დუოპოლისტი  – ”სილკნეტი” და ”კავკაზუს ონლაიანი” – ტელეკომპანია ”მაესტროს” ჯიუტად არ რთავს თავის პროგრამების სიაში, აშკარაა, რომ როგორც კი მაღალსიჩქარული  ინტერნეტის და ტელევიზიის ერთობლივ პაკეტზე დემპინგური ფასებით მოხიბლულ თბილისელთა უმრავლესობა ამ საკაბელო ტელევიზიებიდან ერთ-ერთს აირჩევს, მათ მოუწევთ ცხოვრება „მაესტროს“ გარეშე და „მაესტროს“ მიღების ერთადერთი წყარო სატელიტური თეფში გახდება, რაც არც მაღალი ხარისხით იქნება გარანტირებული, და თანაც – საეჭვოდ ჩატარებული ტენდერის შემდეგ – ტელეანძის საეჭვო მფლობელს არაა გამორიცხული, საჭირო მომენტში (მაგალითად – არჩევნების დღეს!) ტექნიკური პრობლემების ”გაუჩნდეს”.

2011 წ. 26 მაისის ღამეს – ხელისუფლებამ არნახული სისასტიკით დაარბია უკვე არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი რუსთაველზე. მიტინგის დარბევისას დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანას დაბრალდა, თუმცა გამოძიებამ და ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ დაადასტურა. მიტინგის დარბევის დროს ათობით ჟურნალისტის მიმართ პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან გამოყენებულ იქნა ფიზიკური და მორალური ძალადობის მეთოდები. ზოგიერთი უკანონოდ დააკავეს და უკვე განყოფილებაშიც სცემეს, ჩამოართვეს აპარატურა და გადაღებული მასალები. დღემდე ამ საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

2011 წელი ივნისიდან – საგადასახადო პოლიციამ დაიწყო უსასრულო (დღემდე დაუსრულებელი! მხოლოდ – შეჩერებული!) შემოწმება მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ 6 დამოუკიდებელ სტრუქტურაში. მართალია, დარღვევები ფაქტიურად ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი იყო, რომ „პალიტრა“ დაეხურათ და სავარაუდოდ „პალიტრა“ გადარჩა მხოლოდ იმ არნახული სოლიდარობისა წყალობით, რაც საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და უცხოელმა დიპლომატებმა (განსაკუთრებით – აშშ საელჩომ) გამოიჩინეს. შემოწმების ბოლო ვადის დამთავრებამდე 4 დღით ადრე შეჩერებული შემოწმება შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს და ეს დამოკლეს მახვილი საგადასახადომ იმიტომ დატოვა  ”პალიტრის” თავზე, რომ მედია, რომელმაც 26 მაისის მიტინგის სისხლიანი დარბევის ბეჭდვითი და ვიდეომასალები გაავრცელა, მორჩილი გახადოს!

2011 წ. 7 ივლისს დაიწყო ე.წ. ”ჯაშუში ფოტოგრაფების” საქმე. დაკავებულ იქნა ის 4  ფოტოგრაფი (მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), სწორედ რომელთა მიერ გადაღებულ იქნა და გავრცელდა  26 მაისის მიტინგის სასტიკი დარბევის ფოტომასალა. დაკავებულ იქნა ერთ-ერთი მათგანის მეუღლეც – ასევე ფოტოგრაფი, რომელიც მალე გაასამართლეს და 10,000 ლარის გირაოთი გამოუშვეს, ხოლო მისმა ქმარმა ნახევარ საათში ჯაშუშობის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა… აშშ საელჩოს ჩარევით დაკავებიდან მალევე გაანთავისუფლეს ”Associated Press”-ის თანამშრომელი შაჰინ აივაზოვი, რაც ადასტურებს, რომ ეს თათრი ძაფით ნაკერი საქმე პოლიტიკური შეკვეთა იყო და მართლაც რომ ჯაშუშობა ყოფილიყო, ამერიკის საელჩო ვერ მოითხოვდა ”რუსი ჯაშუშის” განთავისუფლებას(!). საბოლოოდ, ჟურნალისტებზე განხორციელებული არნახული ზეწოლის შედეგად საქმე საპროცესო გარიგებით დამთავრდა და „ჯაშუშები“ – საქმის დეტალების საიდუმლოდ შენახვის პირობით – გაანთავისუფლეს! თავისი ამ საქციელით სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკურად არასასურველი მასალების გავრცელებისას ის ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი იარლიყის მიკერებაზე წამსვლელია, თან ისე, რომ არც არაფერს დაამტკიცებს და დაადასტურებს (ერთადერთი ნივთმტკიცება იყო სიმბარათი, რომელიც ვითომ რუსეთის ფსბ თანამშრომელს ეკუთვნოდა და ბოლოს თბილისელი პენსიონიერის საკუთრება აღმოჩნდა).

2011 წ აგვისტო – სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ საკუთარ კარის ბიზნესმენებს (კერძოდ – ძმებ შარანგიებს და ოფშორულ ზონაში დაფუძნებულ International Online Network-ს) საბოლოოდ ჩაუგდეს ხელში ორივე ინტერნეტ პროვაიდერი – სილქნეტი და კავკაზუს ონლაინი. ამავდროულად, კავკაზუსის მფლობელობაში მყოფი ორივე ინტერნეტ რესურსი – ITV.ge  და presa.ge ასევე ნაცმოძრაობის ერთგული პოლიციელ-ჟურნალისტ გურამ დონაძის პოლიციურ ტელევიზიას რეალ-ტივის მფლობელობაში გადავიდა.

2011 წლის ნოემბერი – თბილისის მერიამ წამოიწყო ტენდერი, რომ გაანადგუროს ის რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური, რომელიც გიგი უგულავას და ნაცმოძრაობის კონტროლის გარეთ რჩება. სატენდეროდ გამოცხადდა სწორედ ის ადგილები, სადაც ათეული წლებია „პლანეტა ფორტეს“, „ელვა-სერვისის“ და „მაცნეს“ პრესის ჯიხურები იყო განთავსებული. ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტში სერვერი გაითიშა და ზოგიერთმა მსურველმა მონაწილეობა ვერ მიიღო. ძველი ჯიხურები 2 დღეში ასაღებად გამოაცხადეს (მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად სამართლიანად აქვს შეძენილი ეს ჯიხურები), ხოლო ახალი ჯიხურის მეპატრონეებს სრული თავისუფლება მიანიჭეს, რომ გაყიდონ იქ ნებისმიერი პროდუქტი (ხელისუფლების ერთ- ერთი პროპაგანდისტული მედიასაყვირის – ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორის და ამავე დროს ქვეყნის უშიშროების მდივნის გიგა ბოკერიას თანამეცხედრის – თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებით არაა გამორიცხული, რომ ჯიხურებში შაურმა, ან ცოცხები გაიყიდოს, როგორც საკუთრების ახალი  მფლობელი გადაწყვეტს).

ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები, რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური  ერთგულებით ასრულებენ.

ერთ-დროს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკით ცნობილი იმედის ტელევიზი გაცილებით უფრო ცნობილი გახდა 2010 წლის 13 მარტს, როდესაც მისმა ხელმძღვანელობამ ერთერში ე.წ. რუსეთთან მოდელირებული ომის ქრონიკა ისე გაუშვა, რომ მაყურებლები არ გაუფრთხილებია, რამაც საქართველოში მასიური პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით ინტერნეტში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ არხის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე სავარაუდოდ არხის საინფორმაციო უზრუნველყოფის უფროსს ეკა წამალაშვილს ეუბნებოდა, რომ ”მიშას” სურვილია, სუბტიტრებით არ წასულიყო წარწერა, რომ ეს მოდელირებული, და არა რეალური ომის სცენები იყო! აღნიშნულის შესახებ ასევე არ ჩატარებულა გამოძიება, ხოლო ოპოზიციის მიერ ინგლისის ცნობილ კერძო ფირმაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სავარაუდოდ ჩანაწერი ავთენტური იყო.

www.news.bbc.co.uk/2/hi/8566571.stm

http://www.rferl.org/content/Saakashvilis_Erratic_Response_To_Invasion_Hoax_Raises_Suspicions/1984530.html?page=2 

ხელისუფლების, სავარაუდოდ – შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე ხელმძღვანელობს.

www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4664&lang=en     www.civil.ge/eng/article.php?id=11921

ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია, რომლებიც მერიის მხრიდან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებზე და ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ.

დაბოლოს, 2011 წლის 30 ნოემბერს, დილის 07:15-ზე ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი 10 დაუდგენელ პირთან ერთად შეიჭრა დამოუკიდებელი კომპანია ”მაესტროს” ტერიტორიაზე, არ მისცა ”მაესტროს” თანამშრომელ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, გამოაცხადა, რომ მმართველობიდან აძევებს კომპანიის დამფუძნებლებს და გენერალურ დირექტორს (რისი უფლებაც წესდებით არ ჰქონდა!), გამაგრდა შენობაში პოლიციის დახმარებით, რომელიც არ ამხელს, ვისი ბრძანებით მოქმედებს, და ფაქტიურად თავისი რეიდერული დაპყრობით ჩაშალა ”მაესტროს” გადაცემები. აღნიშნული ძალიან ჰგავს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ნტვ-ს რეიდერულ დაპყრობას. საქართველოს ხელისუფლება ისეთ პოზას იჭერს, რომ ეს თითქოს დამოუკიდებელი კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველს შორის მიმდინარე ყოფითი გაუგებრობაა, შინაგან სამინისტროს პრესს-სპიკერი მთელი დღე ტელეფონს არ იღებს და აცხადებს, რომ არ იცის,ვის უნდა მიმართონ დაზარალებულმა დაფუძნებლებმა და ”მაესტროს” ჟურნალისტებმა.  სავარაუდოდ, ხელისუფლების მოთმინების ფიალა აავსო იმან,  რომ 29 ნოემბერს ”მაესტროზე” გავიდა ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილის – ახალი ოპოზიციონერი კანდიდატის – მილიარდერი ბიზნესმენის და ფილანტროპის – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. ხელისუფლებამ მოთმინება დაკარგა და ეროსი კიწმარიშვილის ხელით თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ბოლო კუნძულის მოსპობას შეეცადა. ხაზი უნდა გავუსვათ, თავის პირველივე გამოსვლებში ბატონი ივანიშვილი საკმაოდ უარყოფით აზრებს გამოთქვამდა ბ-ნი კიწმარიშვილის როლზე, რომელმაც დააფუძნა ოპოზიციური პარტია – ” ქართული პარტია”, რომლის მთავარი მოქმედების გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ქუჩის აქციებით დასრულება იყო. გასაგებია, რომ კიწმარიშვილის და ხელისუფლების ინტერესები, სულ ცოტა, ერთმანეთს დაემთხვა. ხელისუფლება ისევ ცდილობს სხვის ზურგს ამოფარებულმა მოახერხოს დამოუკიდებელი მედია საშუალების დაპატრონება, დამუნჯება და არჩევნების წინ საზოგადოების სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში გადაყვანა.

აუცილებელია, მივმართოთ ყველა უფლებისდამცველ ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა თავისუფლების დამცველ პროფესიულ ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, Human Rights Watch-ს, Transparency International-ს, საქართველოში განთავსებულ დიპლომატიურ კორპუსს – მისცენ შეფასება მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ მართული ნაცმოძრაობისა და მთავრობის მთელ რიგ მწყობრ, დესტრუქციულ, უკანონო და პროვოკატორულ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისათვის თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდვას, ჟურნალისტთა საქმიანობის დაბლოკვას და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ჟურნალისტების დაშინებას, ცენზურისა და თვითცენზურის დამკვიდრებას, მედია საშუალებების ტოტალურ კონტროლს და მედიის პროპაგანდისტულ მანქანად ქცევას, იმ მანქანად, რომელიც განამტკიცებს მითს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული სამოთხის აშენების შესახებ…

No Lie Can Live Forever!


”შუა უნდა გაიკრიფოს” – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ია ანთაძესთან (21/10/11)


ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?
მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.

დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.
პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?
– ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.

ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან – ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო – და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.

ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.
ბიზნესმენი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია და პირადი კეთილდღეობით რისკავს. პოლიტიკოსი იძულებულია, გადაწყვეტილებები სხვებთან შეათანხმოს და მის რისკებზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?
– სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი – ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს – როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.

ვინც წარმატებას მიაღწია – და მე არ ვიქნები გამონაკლისი – ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.

ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შედეგი იყო, რომ როდესაც დეფოლტი მოხდა და ბანკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ერთი თანამშრომელი ადგილიდან არ დაძრულა, თვეობით მუშაობდნენ უხელფასოდ.

ახლა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შევადაროთ. დემოკრატია რა არის? ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიზნესმენი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ლიბერალი არ არის და ერთპიროვნულად მართავს. მეორე მხრივ, პოლიტიკოსიც პირადი წარმატებისთვის იღვწის, თუმცა, ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასეა.

წარმატებისკენ სწრაფვაში პოლიტიკოსი ბიზნესმენისგან არ განსხვავდება, პირიქით, ხშირად უფრო მეტადაც აგრესიულია. ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია – და ამის მაგალითი ბევრია – რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად. გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით.
ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქმედურანიანი, ენერგიული მთავრობა. ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმედით შეჰყურებდა. შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული და მიუღებელი გახდა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ხელისუფლებისადმი ნდობა უნდობლობად გადააქცია?
– ქმედუნარიანი მთავრობა?! ვერ დაგეთანხმებით. რამდენიმე პროექტი მართლაც განხორციელდა. პოლიციაში მოხდა რეფორმა და ის სირცხვილიც მოვიშორეთ, როდესაც უმაღლესში ქრთამით ეწყობოდნენ. მე არ მინდა, რომ ის კარგი დავკარგო, რაც გაკეთდა. მაგრამ განათლების სისტემაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაზეც ახლა არ შევჩერდები. საუბედუროდ, პოლიციამაც ის ეფექტურობა მთლიანად დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – პრაქტიკულად, სათავისოდ და ხალხის დასაშინებელ მანქანად იყენებენ.

ამიტომაც, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ქმედუნარიანი მთავრობა შეიქმნა. თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.

სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვერსტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია. ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა.
მაინც, რა იყო მიზეზი, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა? ყველამ თავისი გზა გაიარა ნდობიდან უნდობლობამდე. თავიდან ხომ იყო ნდობა?
– დიახ, ნდობა იყო და მეც ეიფორიაში ვიყავი. ცალ-ცალკე ვიტყვი, რა იყო უნდობლობის გაჩენის მიზეზი ჩემთვის, და რა იყო, ჩემი აზრით, იმავეს მიზეზი ხალხისთვის. ნდობამ ჩაქრობა დაიწყო მაშინ, როცა ამათ თავისი რეალური სახის ჩვენება დაიწყეს; როცა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო სახლებს ანგრევდნენ, როდესაც დამსახურებულ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ და ასე შემდეგ.

დიახ, ეიფორია ნამდვილად იყო, რომ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა. მეც ამ განწყობით ვიყავი. თუნდაც, იგივე მეცხრე არხი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ სათადარიგო არხად მქონდა. მთელმა პერსონალმა იცოდა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ჩვენ გამოვიწევდით წინა პლანზე თავისუფალი სიტყვის დასაცავად. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ვერ ვიკადრე, რომ ამ ტელევიზიას ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ვფიქრობდი, რომ, ასრულდა ჩვენი ოცნება და არ მინდოდა, ჩასაფრებულის როლში აღმოვჩენილიყავი. ხელისუფლებას ვაჩუქე ტელევიზია, რომლის ნაწილი “რუსთავი 2”-ს მისცეს, ნაწილი, მე მგონი, პირველ არხს გადაულოცეს.

გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს… ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა… ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.

მათ ნელ-ნელა გამოაჩინეს საკუთარი სახე. დღეს ხომ არ დაბადებულან? ყოველთვის ასეთები იყვნენ. მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი.

არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი – რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი.

დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დავურეკე. მითხრა, მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში “იმედის” ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვე: “შეაჩერე!” მეუბნებოდა: შენ არ იცი, რა ხდება… საშინელება ხდება… სახელმწიფო გადატრიალება ხდება… მერე აგიხსნიო.

მეორე დღეს ჩამოვედი და ვკითხე, აბა, რა მოხდა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდათ რეალური, რითიც დამარწმუნებდნენ.

სულ მეუბნებოდა, შენთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასიაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე აღარ იყო საუბარი – “სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ”.

მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო. მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.

გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში. ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, – ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი – ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა – მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ – ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ნდობა იმის გამო ხომ არ დაკარგა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა? პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად გაჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ყველა ადგილობრივ არჩევით ორგანოში – უმრავლესობა; რაც სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, არავისთვის გაეწია ანგარიში და თვითნებური გადაწყვეტილებები მიეღო.
– გეთანხმებით. როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ⅔-ს პლუს ერთი. ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია.

როცა პარტია სულ რამდენიმე ადამიანით არის წარმოდგენილი პარლამენტში და გუნდი არ ჰყავს, ხედვებს ვერ აყალიბებს და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და ნაციონალების ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.
როგორი იქნებოდა კარგი კონსტიტუცია თქვენთვის? რა პრეტენზია გაქვთ ამ კონსტიტუციასთან?
– ამათ ხელწერას ვხედავ – როცა უნდათ და როგორც უნდათ, ერთ ღამეში ისე გადაწერენ და მოირგებენ კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მიაღწიონ სინგაპურიზაციას, თუ რაღაც ასეთს… მაგათ რომ ჰკითხო, სულ ეგენი უნდა იყვნენ და იყვნენ. კარგი ის კონსტიტუცია კი არ იქნება, რომელსაც მე დავწერ, არამედ, ის, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება. ასევე, უნდა შედგეს – რასაც მიშასაც ვთავაზობდი – ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა: რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, აღმოსავლეთში, მთაში, ბარში… ეს გეგმა უნდა შეადგინონ პროფესიანალებმა და ის მისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ მარტო არაფერს გადავწყვეტ, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წესით სურს ცხოვრება.
მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ხსნიდა იმით, რომ ქვეყანაში სწრაფ და ეფექტიან რეფორმებს მხოლოდ ერთიანი, შეკრული გუნდი გაატარებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არც მთავრობაში ფერხდება და არც პარლამენტში, მაგრამ ამ რეალობამ შეიწირა დემოკრატია. ხომ არ ჯობდა, რეფორმები უფრო ნელა, დებატებისა და დისკუსიების ფონზე წარმართულიყო, რაც, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდებოდათ, მაგრამ ასეთ რეჟიმში მუშაობა მოსახლეობას ბევრი თვითნებური გადაწყვეტილებისგან დაიცავდა? ის არგუმენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის არგუმენტს.
– რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ვართო, რომ აცხადებდნენ, რეალურად, ორი რეფორმა გაატარეს და ორივე დიდი ხარვეზებით, რაზეც ზემოთაც გესაუბრეთ. ამის გარდა, მათ არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებიათ.

მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, არც იციან და ვერც შეიძენენ ვერასდროს. რაც მოხდა, ამათ სიჩქარის გამო კი არ მოუვიდათ, არამედ – უცოდინრობით. ვერ დავწამებ, რომ არ უნდოდათ. ბევრი მეუბნებოდა, ესენი ქვეყნის დასანგრევად არიან მოსულებიო. მე ამას ვერ ვიზიარებ. ბევრ რამეს მათი უმეცრებითა და თავისებურებით ვხსნი.

ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ – რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.
და მაინც უნდა ჩაგეძიოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ცუდად დაებედა ე.წ. “აბსოლუტური უმრავლესობის” სინდრომი. შეუძლებელია, დავივიწყოთ, რომ პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ დიდი უმრავლესობით და დიდი ნდობით, მაგრამ მიდიოდნენ პოლიტიკური კატაკლიზმებით. მათ ადგილს იკავებდა ახალი უმრავლესობა – იმავე პერსპექტივით. თქვენ საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვალთ და ორ–სამ წელიწადში არსებით რეფორმებს გაატარებთ. თავად ეს უმრავლესობა ხომ არ აღმოჩნდება საფრთხე, ერთი მხრივ, თქვენთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის? უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს და ძალთა ბალანსზე დამყარებული პარლამენტი ჩამოყალიბდეს? თუნდაც, შეიქმნას კანონი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარს განუსაზღვრავს და კოალიციის შექმნას აიძულებს?
– ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ამას ვაპირებ, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით – ერთი მესამედით – რომ მოვიდეთ – ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს: ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას. ამის პრეცედენტი მინდა, რომ შევქმნა.
ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ, რომელიც გულზე ჩამოკიდებული ლოდივით გექნებათ: გინდათ, მოხვიდეთ უმრავლესობით, რათა შექმნათ კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის მოდელი, რომელიც ერთპარტიულ მართვას და ავტორიტარიზმს გამორიცხავს.
– დიახ, კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.
ბევრი კრიტიკა ისმის დღევანდელი მთავრობის პერსონალური შემადგენლობის მიმართ. აპირებთ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადოთ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შედარების საშუალება?
– ჩრდილოვან კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია, მზა პასუხი არ მაქვს. ნელ-ნელა შემექმნება ხედვა, ვის რა შეუძლია და ვინ სად აჯობებს, რომ დადგეს. ზოგს არ მოსწონს ალასანია, ზოგს რესპუბლიკელები, ზოგს სხვა და ზოგს – სხვა. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ეს არის. მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან. მეც ბევრს არ მოვწონვარ… უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ. მეც აქედან შევარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს.
ბევრი დარწმუნებულია, რომ თქვენ არჩევნების მოსაგებად საკმარის ხმებს მოიზიდავთ; ასევე, ბევრი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე არჩევნებში თქვენს მონაწილეობასაც კი ეკარგება აზრი – რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც იმ შედეგს დადებს, რაც მას სჭირდება. როგორ აპირებთ, აიძულოთ ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო გარემო? თუ მიგაჩნიათ, რომ არსებულ პირობებშიც შესაძლებელია არჩევნების მოგება? საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას თუ აპირებთ?
– გუნდის ჩამოყალიბებას აუცილებლად ვაპირებ. ცხადია, პარტიაც უნდა ჩამოვაყალიბო. მართალია, არსებობს განცდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ხელისუფლება ლეგიტიმურ ჩარჩოში მოექცევა. ამის რწმენას არ ვკარგავ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს: მაგალითად, მზად ვარ პირადად დავაფინანსო ბიომეტრიული პასპორტები, რაკი მთავრობამ განაცხადა, რომ ამის ფული არ აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, სულ რომ არაფერი შეიცვალოს.

ეს კანონმდებლობა მაშინ არის საშიში, თუკი ჩვენი და მათი შედეგი ახლოს იქნება ერთმანეთთან. ნაციონალები რეალურად მიიღებენ ათიდან ოც პროცენტამდე ხმებს. იმისათვის, რომ ამერიკამ და ევროპამ შედეგები ლეგიტიმურად ცნოს, მაქსიმუმ, ამ პროცენტის გაორმაგება შეუძლიათ და მეტი – არა. მე უკიდურეს ვარიანტს გეუბნებით, ამის მეტს ვერ შეძლებენ.
– 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა, თუ შევარდნაძე ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, ის მიიღებს რევოლუციასო. თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილს არ უნდა მივცეთ ქვეყნის მართვის გაგრძელების უფლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუ იგი მაინც ვერ შეელევა ძალაუფლებას, ამ შემთხვევაში, თქვენს ლექსიკონში ხომ არ გაჩნდება სიტყვა “რევოლუცია”?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. თუ ამ სიტყვის გამოყენება მომიხდა, ჩავთვლი, რომ ჩემი მოსვლა პოლიტიკაში მცდარი იყო. მაგრამ, მე მგონია, რომ დროულად და სწორად მოვედი და ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ. თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მექანიზმით მოახერხებს, შევძლებთ მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებას. ის ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით ვერ მოვა. სიტყვა “რევოლუციის” გაგონება არ მინდა და არც სიტყვა “ქუჩის” ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება.
ბევრ ადამიანს გაუკვირდა თქვენი მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზება ვანო მერაბიშვილისადმი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარ ხერხემლად მიაჩნია. მერაბიშვილი – ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სხვა პირები – როგორ შეიძლება სასარგებლო და მისაღები აღმოჩნდნენ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც თქვენგან დღევანდელი სისტემის ძირფესვიანად შეცვლას ელოდება?
– როიტერმა ასეთი შეკითხვაც კი დამისვა, მთავრობაში თუ მოიაზრებთ მერაბიშვილსო. ცხადია, რომ არა. რა თქმა უნდა, ეს არ მქონდა მხედველობაში, როცა მერაბიშვილს მივმართე. დღევანდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებიან. მათ დათვური სამსახური გაუწიეს თვითონ სააკაშვილს და დღეს რაც გვჭირს – ამაში მათი დიდი წვლილია. მერაბიშვილისადმი ჩემი მიმართვის არსი იყო ის, რომ თუ სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში დარჩებიან არჩევნებამდე – რისი დიდი სურვილიც მაქვს – მათ მიეცემათ საშუალება, რომ, თუნდაც, პოლიტიკური პარტია შექმნან, თუნდაც, იყვნენ ბიზნესში, ან სხვა რამე მოიფიქრონ. მაგრამ ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან.
მალე ახლოს გაიცნობთ ქართულ სასამართლოს და მოგეცემათ შანსი, ამტკიცოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, სადაც შობილხართ, გაზრდილხართ და გისროლიათ ისარი… თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლო. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი იყო სასამართლო რეფორმის ავტორი. თქვენ რას გვთავაზობთ – რომ ვენდოთ თქვენს კეთილ ნებას, თუ რაიმე მექანიზმი გეგულებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად?
– არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოვკრებ სპეციალისტებს და პოლიტიკური ნების პირობებში სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი, როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი.
საქართველოში მეტად მტკივნეულია უკანონო პატიმრების თემა. როგორ უნდა გაიმიჯნონ ერთმანეთისგან უკანონო და კანონიერი პატიმრები? არსებულმა სასამართლომ უნდა გადახედოს მათ საქმეებს? თუ ახალი სასამართლოს ფორმირებას უნდა დაელოდონ? ან, იქნებ, რაიმე საგანგებო კომისია უნდა შეიქმნას სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად?
– ძალიან რთული კითხვა მომეცით. მზა პასუხი არ მაქვს, ვინაიდან ეს საკითხიც სპეციალისტების გადასაწყვეტია. პროცედურები მათ უნდა შეიმუშაონ. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ბევრი მიფიქრია. შევქმნი იმ პირობებს, რომ სპეციალისტებმა შეძლონ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. საშინელ დღეში ჩააგდეს საზოგადოება. მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ შეცდომას შეცდომა დავამატოთ. ვაცნობიერებ, რა საშინელება დამხვდება ამ კუთხითაც. საზოგადოების დიდი ნაწილი გაატარეს პირობითი სასჯელების წნეხში. ეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები სახლებს ყიდიან, რომ ოჯახის წევრი ციხიდან დაიხსნან. წამლის ფული აღარ რჩებათ, ხალხი გაუგონარ სიღატაკემდე მიიყვანეს. ყველაფერს ყიდიან და ქუჩაში რჩებიან. არაფერი გააჩნიათ, გარდა ვალებისა.
საქართველოს არაერთმა მოქალაქემ თავისი კუთვნილი ქონება, სხვადასხვა სახის ზეწოლის შედეგად, სახელმწიფოს აჩუქა. მათ უნდა ჰქონდეთ თუ არა იმედი, რომ საკუთარ ქონებას დაიბრუნებენ?
– მყისიერად ვერც ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დავეხმაროთ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ სასამართლოს მეშვეობით, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს ახალი ადამიანის, ახალი ქართველის შექმნას. თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ეს ახალი ადამიანი? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ იდეის მიმართ?
– ასეთი ტერმინები, როგორიცაა “ახალი ადამიანის შექმნა” – კომკავშირული გამონათქვამების მსგავსია და ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. ამაზე ჩემს პირველ წერილშიც მოგახსენეთ – უახლოეს დროში უნდა შევქმნათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული მასა. საზოგადოება დაშლილია. ამათ მოახერხეს და ის მუხტი, რაც იყო, ბოლომდე გაანადგურეს. მე საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაქვს პრეტენზია, საზოგადოებასთან ერთად დავდგები და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ახალი ტიპის ადამიანის შექმნა და ახალი ტიპის ადამიანის გამოყვანა ჩემთვის ძალიან უხერხული ტერმინებია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს გარდაქმნა. ამ პროცესში ქართველებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და შევცვალოთ.
თქვენ გაავლეთ სადემარკაციო ხაზი დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ყველას მოუწოდეთ, რომ მკაფიოდ განსაზღვროს თავისი ადგილი. სად უტოვებთ სივრცეს დამოუკიდებელ მედიას?
– ობიექტური მედია, ვისაც უნდა ცვლილებები – არის სადემარკაციო ხაზის აქეთ. მე უფრო ტელევიზიებს ვაკვირდებოდი, რადგან ისინი ქმნიან ძირითად კლიმატს და ამჯერად მხოლოდ მათზე ვისაუბრებ. “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ხაზის იქით არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემი რეაქცია “მაესტროსა” და “კავკასიის” მიმართ. აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ბატონ რამაზ საყვარელიძის მიმართ. დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ იქნა დამოუკიდებელი მედია, ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და პირიქით. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვეკუთხედი, რომელიც უნდა შევქმნათ.
მაგრამ სადერმაკაციო ხაზის აქეთ ყოფნა ოპოზიციონერობას ნიშნავს. ოპოზიციონერობა კი არ არის ჟურნალისტის საქმე. კეთილსინდისიერებაა მთავარი.
– მე ოპოზიციონერობისკენ არავის მოვუწოდებ. ეტყობა, თქვენც ვერ გამიგეთ, ან ჩემს ტექსტში ვერ გამოვხატე კარგად. არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის ცოდნაზე და შეიძლება, ტერმინები სწორად არ გამოვიყენე. მინდა, რომ, პირველ რიგში, ჟურნალისტმა აჩვენოს სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის და მეორე – ის იყოს ღირებულებების მხარეს. უნდა მოახერხოს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს და თუ ორივე ცუდია, გაარჩიოს, რომელია ცუდი და რომელი – უარესი.
როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა? რომელი სფეროები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად?
– მე კარგად ვიცი თანამედროვე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

ჩვენ, ტრადიციულად, აგრარული ქვეყანა ვართ, ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან ადვილია. თუმცა, მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინტელექტი შენარჩუნდება საფინანსო ჯგუფებში, საბანკო სექტროში, თუ ეს სფეროები კარგად აწყობილი არ არის, ეკონომიკა არ განვითარდება. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგრამ ეს სისტემა, ძირითადად, გამართულია.

ტურიზმი, თავისთავად, საინტერესოა. მაგრამ ეს ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, სად რა გააკეთოს, კარნახით არ მოხდება. საინტერესო ქვეყანაა, საინტერესო კლიმატური პირობები გვაქვს, ჩამოვლენ, ნახავენ, გადაწყვეტენ.

მთავარი საფუძველი კანონიერებაა, ეს უნდა შეიქმნას. ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუძახებენ და რაღაცას მოსთხოვენ. მე ვიცი, რა აფრთხობს ბიზნესმენს. აუცილებელია სტაბილური პოლიტიკა. კანონდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს უფლება, კანონის ზევით ბიზნესმენს რაღაც მოსთხოვოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მაქვს განცდა, რომ ამას მოვახერხებ. ჩინოვნიკი ბიზნესმენს თუ არ ჩამოეხსნა, ილუზიაა, რომ ევროპელები აქ ინვესტიციას ჩადებენ.

ქართველები ზარმაცები რომ ჰგონიათ და ამბობენ, საქმის კეთება არ იციანო, სინამდვილეში, ქართველებს დიდი კულტურა გვაქვს. კულტურა კი იწვევს იმას, რომ თუ სწორად აუხსნი, უცებ იგებენ. ოღონდ, ერთი რამ არ შეგვეშალოს: ზოგიერთ ქართველს რომ მიაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვას არავის აქვს, ასე არ არის. მაგრამ ქართველს აქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება სხვაგანაც ნახო. სხვაგანაც მშვენიერი ბუნებაა, მაგრამ ამ ერთი ბეწო მიწაზე თუ ყველაფერი გინახავს, სხვაგან აღარაფერი გაგაოცებს.
როგორ საგადასახადო მოწყობას უჭერთ მხარს?
– ძალიან მოკლედ გეტყვით: მთავრობამ იმდენი კვერცხი უნდა გამოართვას ქათამს, რამდენიც მის გამრავლებას არ შეაფერხებს. თუმცა, პენსიონერების რაოდენობაც უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო სტრუქტურებსაც შენახვა უნდა. ეს ყველა ქვეყანაში მუდმივად საკამათო თემაა. ამას ვერც საქართველო გადაურჩება. შუალედური პოზიცია უნდა მოვძებნოთ. ქათამი არ უნდა დავკლათ, ანუ ბიზნესი არ უნდა წავაქციოთ. ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში – ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ? შარვალი ვიყიდოთ? თეატრში წავიდეთ? ახალი სახლის მშენებლობა დავიწყოთ?

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.
დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფოს იდეალად სინგაპური მიაჩნია. გვიამბეთ ცოტა რამ იმ საქართველოზე, რომელში ცხოვრებასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას; მაგალითად, სახელმწიფო რა დოზით მონაწილეობს ახალგაზრდების განათლებაში? ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაში? მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში?
– ამ სფეროებში სახელმწიფო იშვიათად და ნაკლებად უნდა ჩაერიოს; მაგრამ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც აუცილებელია. ამის მაგალითი იყო, როცა მიშას ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი სოფლის მეურნეობას. ასევე შეიძლება მოხდეს განათლებაშიც – მასაც დასჭირდეს დახმარება. სტრატეგიულ დარგებში – განათლება იქნება თუ მეცნიერება – განვითარებული სახელმწიფოები ამის კოორდინაციას ახდენენ და ჩვენთანაც ასე მოხდება. რა დოზით ჩაერევა სახელმწიფო, ამაზე პასუხის გაცემა ამჟამად რთულია. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან ერთად. სოფლის მეურნეობას არ შეიძლებოდა, არ დავხმარებოდით. სხვათა შორის, პირველი ორი წელიწადი მევენახეებს ვეხმარებოდი. მესამე წელიწადს მიშამ მითხრა, აღარ არის საჭიროო.
თქვენ მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თქვენი ფონდი აკადემიკოსებს ეხმარებოდა, რომლებიც უკვე ნაკლებად პროდუქტიულები არიან. ფაქტობრივად, ფონდი ადამიანებს ეხმარებოდა სიცოცხლის გადარჩენაში, მაგრამ პროგრესზე არ იყო ორიენტირებული.
– მომავალს უნდა მივცეთ დაფინანსება პირველ რიგში და ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას. მაგრამ, თქვენ აკადემიკოსები ახსენეთ და – არც დამსახურებული ადამიანები უნდა გავწიროთ შიმშილით სიკვდილისთვის. ვისაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ შეუქმნია და დღეს აღარ შეუძლიათ, მათაც უნდა მივხედოთ, ეს ჩვენი ვალია. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ქველმოქმედება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვეყნისთვის საუკეთესოა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანი თვითონ დასაქმდეს, თავისი ფული იშოვნოს. მეგობრები დავკარგე ამის გამო. თუ ეხმარები, დამოკიდებული ხდება და ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას. მძიმეა, როცა თვალებში გიყურებს კაცი იმის გამო, რომ დავალებულია. ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს ეს არ სჭირდებოდეთ. ამ გაჭირვებულ ყოფაში სხვა ვერაფერი შევძელი და იოლი გზა ვნახე. უფრო დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შემექმნა. ორი პროექტი მოვიფიქრე, რაზეც წერილშიც ვსაუბრობდი. პირველი არ გამომივიდა, რადგან უარი მითხრეს; მეორე პროექტის – მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იდეა მოეწონათ, ოღონდ, შენობის ნაწილში. მაშინვე მითხრეს, ცათამბჯენი ააშენეო. ძლივს დავარწმუნეთ “ჩვენი მაღალი”, რომ ეს არ შეიძლებოდა.
სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამახსენდა – უფრო ადრე უნდა მეკითხა – ტელეკომპანია მეცხრე არხი რატომ დახურეთ?
– ჩვენ გვეჭირა შუალედური პოზიცია. შეგიძლიათ, ჟურნალისტებს ჰკითხოთ. შევარდნაძის მთავრობის დროს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები იგრძნობოდა. ჩანდა, რომ რაღაც არ მოსწონდათ “რუსთავი 2”-ის, რომელიც კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომ, ჩვენ შუალედური პოზიცია გვეჭირა და სათადარიგო ტელევიზიის როლი გვქონდა. თუ “რუსთავი 2”-ს საფრთხე დაემუქრებოდა, წინა პლანზე გადავიდოდით. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც, რევოლუციის მერე, ეიფორიაში მყოფმა, ვეღარ ვიკადრე, რომ სათადარიგო ტელევიზია შემენარჩუნებინა, რაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო.
სახელმწიფოში რისი გაყიდვა მიგაჩნიათ შეუძლებლად?
– არ შეიძლება იმ ობიექტების გაყიდვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მგონი, ასეთი აღარაფერი დატოვეს, თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ, ზოგადად, სახელმწიფო საკუთრების ყველაზე არაეფექტური მმართველია.
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ორ ქვეყანას, ფაქტობრივად, გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დღევანდელი ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით მოახდინოს რუსეთზე ზემოქმედება. რა არის თქვენი სტრატეგიის შინაარსი? როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა?
– ძალიან რთული კითხვაა. ვაცნობიერებ, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა უფრო ფართო არჩევანი გამსახურდიას მთავრობის დროს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს. ამას მოჰყვა ახალი შეცდომები შევარდნაძის მთავრობის დროს, მესამემ კიდევ დაამატა, თავის მხრივ. მანევრის საშუალება სულ უფრო მეტად შეგვიმცირდა.

პატარა ქვეყნების საქმე ასეა: ზოგს ამერიკის გავლენის სფეროში ასახელებენ, ზოგს – რუსეთის… ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. ამ მხრივ საქართველო რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება.

რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა – როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც, როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში – სწორი არ ვიქნები. მე ვიცი ერთი რამ, ისტორია და დღევანდელობა დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა დიდი სახელმწიფოები, რომ ურთიერთობისთვის გადაეხედათ. ამერიკის და რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა ერთმანეთის მიმართ და კიდევ შეიცვლება, ისევე, როგორც ევროპისა და რუსეთის.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და არ გავხდებით საინტერესო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და ძლიერი, – შედეგს ვერ მივაღწევთ. შიდა ვითარება დიდ გავლენას ახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. აფხაზები კი არა, ქართველები გარბიან საქართველოდან. აქ გაჩერება არავის უნდა. ამ პირობებში, როგორ მოახერხებ, აფხაზი დაარწმუნო, ჩვენთან მოდი, ჩვენთან ჯობიაო.

მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, თუ არ დაინახეს, რომ აქ მართლაც დემოკრატიაა და კომფორტული გარემოა, თვითონ თუ არ გაუჩნდათ ცდუნება, ძალიან რთული იქნება მათთან საუბარი.

ცალკე თემაა რუსეთი. რუსეთთან დაკავშირებით ერთ-ერთი – და არა ერთადერთი – იმედი ისაა, რომ მასთან ინტერესების თანხვედრა მოხდეს. ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი ლოდივით ექნება ჩამოკიდებული. თანაც, ამას ძალიან კარგად იყენებენ მისი ოპონენტები და მუდმივად გამოიყენებენ მომავალშიც. გარდა ამისა, ეს თვითონ რუსეთის მდგრადობისთვისაც საშიშია. კავკასია ძალიან რთული რეგიონია და ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების თანხვედრა.
როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რისი დათმობაც რუსეთს დააკმაყოფილებდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებდა?
– მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია, დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი. თავისუფლების გარეშე არაფერი გვინდა. ეს არც კი შეიძლება, კითხვის საგანი გახდეს. ეკონომიკიდან რამე სერიოზული, რაც რუსეთს შეიძლება აინტერესებდეს, მგონი, არაფერი დაგვრჩა.

ის, რაც მოხდა, საშინელებაა ჩვენთვის. და არც მათთვის არის მომგებიანი. იმედი მაქვს, ამას ჩემ გარეშეც მიხვდებიან და მეც შევეცდები, დავარწმუნო. ამის იმედი მაქვს ძირითადად. ასეთი სამხრეთ ოსეთი და ასეთი აფხაზეთი რუსეთისთვისაც მძიმე ტვირთია. სხვა რამ დამატებით შეთავაზებებს რუსეთისთვის მე ვერ ვხედავ. თუ რამე გამოჩნდა მომავალში, საზოგადოებას დავეკითხები.
თუ უშვებთ, რომ ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინოთ?
– რა თქმა უნდა. ამას ვაცნობიერებ. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ეს ორ-სამ წელიწადში მოხდება, თუმცა, გამორიცხული არ არის.
სულ რომ არ დაიძრას პროცესი ადგილიდან?
– ამას თითქმის გამოვრიცხავ. პროცესის დაძვრას აუცილებლად მოვახერხებთ. მტკიცე განცდა მაქვს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ისეთ ვადებში რომ მე ნამდვილად მოვესწრები.
ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– პირველი და გადამწყვეტია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა; მეორე – ეს არის რუსეთთან ინტერესების თანხვედრა; მესამე – ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამ სამი კომპონენტის ერთიანობა წარმოადგენს პრობლემის გასაღებს.
საგარეო საფრთხეებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ გზად ხელისუფლებას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ესახება. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის. იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ამ როლის რეალურ კონტურებზე. როგორ ჯდება ამ კონტექსტში ნატო–ში გაწევრიანების თემა? ხომ არ გულისხმობს ეს როლი საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას?
– ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე – რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი – ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები.

ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენთვის და მადლიერების მეტი არაფერი შეიძლება გამოვხატოთ მის მიმართ. მომავალში უნდა ვცადოთ ამ ურთიერთობის გაღრმავება და ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო, პირველ რიგში, მათთვის. ეს ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია. მას ვერავინ შეცვლის და სხვაგან ვერ გადაიტანს.
რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ნატო, რუსეთი, ამერიკა, ევროპა…
– გლობალური პოლიტიკის ჭრილში ნატოს და რუსეთის დაახლოება ჩვენ გარეშე მიმდინარეობს. სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს იციან. პროცესი იქით მიდის, რომ მათ ერთმანეთი საფრთხედ არ განიხილონ. მე მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება. ეს ჩვენც მოგვცემს, საშუალებას, რომ უფრო იოლად ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და ჩვენც ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხო ადგილი.
მიგაჩნიათ, თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის კარგი პარტნიორი ამერიკისთვის?
– რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს განიხილავდა, როგორც საინტერესო პრეცედენტს რეგიონში, სადაც შეიძლებოდა დემოკრატიზაციის პროცესი დაჩქარებულიყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამერიკელებს, ქართველების მგავსად, ჰქონდათ ეიფორია, რომ მოხდა ის, რაც მათ სურდათ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი საინტერესო იყო მათთვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველისთვის. პირდაპირ გავავლებდი პარალელს. როგორც გვიყვარდა რევოლუციის დროს და პირველ ხანებში, ისევე უყვარდათ მაშინ ამერიკელებს. მე მგონი, ის გაწბილება, რაც ქართველებმა განვიცადეთ, განიცადეს ამერიკაშიც.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკას საქართველოზე უარესი დემოკრატიის ქვეყნებთანაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ამერიკელები არ გადადებენ თავს, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც ჩვენ, ქართველებს, სანატრელი გვაქვს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და უნდა მიიღოს ის, რაც სურს. ამავდროულად, ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება.

რითია გამორჩეული მაინცდამაინც სააკაშვილი? ჩვენც მოვახერხებთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ინტერესები გავითვალისწინოთ. რას აკეთებს სააკაშვილი ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ? ამერიკა ისეთივე მსხვერპლია თავისი პროექტის – სააკაშვილის – როგორც ჩვენ. დღეს მისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც – ჩვენთვის.

დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. ხელისუფლებამ მოახერხა ლობისტური ჯგუფების შექმნა, ამაში უამრავ ფულს ხარჯავს და ლობისტებს ერთი დავალება აქვთ, რომ აქ დაგვაჯერონ; გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებლს არავინ გააკეთებს.

მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა – არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის. და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ.
ესე იგი, თქვენ ბალანსს უჭერთ მხარს?
– დიახ, ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.
ბევრი ადამიანი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ დიდ პროექტებზე და ქველმოქმედებაზე. თუმცა, ჭორ–მართალი ერთმანეთშია არეული და საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მათ კონკრეტულ შინაარსსა და მასშტაბზე. ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდოთ?
– მსოფლიო ბანკისგან აღიარებული ხუთი აუდიტორული ფირმა არსებობს. მათგან ერთ-ერთი ყოველ წელიწადს აწარმოებს ჩემი საქმიანობის აუდიტს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სრულიად ღიაა – ფულის წარმოშობა, მოძრაობა, სად მიდის და რაში იხარჯება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებული აუდიტორული ჯგუფი ამოწმებს.
თქვენ მიმართ სამგვარი დამოკიდებულება შეიმჩნევა: ბევრს გულწრფელად ეიმედებით; ამავე დროს, თქვენ წინააღმდეგ ღვარძლიანი კამპანია მიმდინარეობს და, ამის პარალელურად, თქვენი გაიდეალების ტენდენციაც შეინიშნება. როგორც წესი, ასეთ გარემოში მაამებლური გარემოცვა ლიდერსა და ხალხს შორის თანდათან გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა და მლიქვნელები გაცილებით საშიშები ხდებიან, ვიდრე აშკარა მოწინააღმდეგეები. როგორ ფიქრობთ, რამდენად გემუქრებათ ასეთი საფრთხე დღეს და, მით უმეტეს, სამომავლოდ, თუკი თქვენს დიდ ავტორიტეტს და ფინანსურ რესურსს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობაც დაემატება? ვინ და რა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საპირწონე?
– ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ. ჩემი პიროვნება, ჩემი ცხოვრების წესი უნდა იყოს ჩემი საპირწონე. ჩემი განვლილი ცხოვრების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გამაჩნია. ჩვენს პოლიტიკოსებს რიტორიკაში ვერ ვაჯობებ. ამბობენ, თუ გინდა, კაცი გაიცნო, მიეცი მას ფული და ძალაუფლებაო. მგონია, რომ ორივე გამოცდა ჩავაბარე. ხელისუფლებაში არც ფულისთვის მოვდივარ და არც ძალაუფლებისთვის. ვინც აგრესიულად მლანძღავს, მგონია, რომ მათი უმრავლესობა მთავრობის მიერ არის დაქირავებული, ვინაიდან, არც ერთი ქართველისთვის ლანძღვის საფუძველი არ მიმიცია ჩემი ცხოვრების წესით.

ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ, სულ ცოტა, შენი მეზობელი არ უნდა შეაწუხო შენი ყოფით. მე ასე ვცხოვრობ და საგინებელი რატომ უნდა ვიყო? იმის გამო, რომ ვიღაცეებმა კონკურენტად მიმიჩნიეს, მლანძღველთა მთელი ჯარი დაიქირავეს, ინტერნეტიც და ტელევიზიებიც ამით არის აჭრელებული.
მაინც მგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან ძლიერი ცენტრი გამოგივათ. საინტერესოა, რა დაგაბალნსებთ?
– მხოლოდ ჩემი ადამიანობა, ჩემ მიერ განვლილი ცხოვრება და ხელწერა. სხვა არგუმენტი არ მაქვს. აბა, ჩემზე უფრო ლამაზად სხვა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ.
როგორ მოახერხებთ, თავი დაიცვათ იმ მლიქვნელებისგან, ვინც თქვენსა და საზოგადოებას შორის ჩადგომას შეეცდებიან?
– მოვახერხებ, მოვახერხებ. ჩემი წარმატების საფუძველი – თუ თქვენც იზიარებთ, რომ წარმატებული ვარ ბიზნესში – ზუსტად ის არის, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. თუ ადამიანს ცოტა რამ აკლია წარმატებისთვის, ვეხმარები, რომ სწრაფად ჩამოყალიბდეს – ეს კარგად ვიცი. ყველაზე ნაკლებად ამის მეშინია. რადგან ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი – კარგად ვერკვეოდი, კარგად ვაყალიბებდი და კარგად ვეხმარებოდი. რუსეთში პირველი კოლეჯი მე შევქმენი, ლექტორი ვიყავი და უამრავი კადრი გავზარდე. კადრების სამჭედლოს ეძახდნენ “როსიისკი კრედიტს”. მთელი საბანკო სექტორი უზრუნველვყავი, იმდენი ახალგაზრდა გავზარდე. ნადირობა იყო ჩემ მიერ გამოზრდილ კადრებზე.
კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ხვალ და ზეგ, ეჭვი გამოითქმის ხოლმე, რომ მათი მხარდაჭერა ნაყიდია. ადამიანები ამით თითქოს დაკომპლექსდნენ. ბევრი შეიძლება გულწრფელად გიჭერდეთ მხარს, მაგრამ თავი შეიკავოს დემონსტრირებისგან სწორედ იმის გამო, რომ “ნაყიდის” იარლიყი არ მიეწებოს.
– კარგი შეკითხვაა. მაქსიმალურად ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა. მრჩეველთა საბჭოს შექმნა ჯერ არ დამთავრებულა და ყველა წევრთან დაკავშირებით ძალიან ვფრთხილობ. არ მინდა, საზოგადოებას იმედი გაუცრუვდეს. მგონი, შევძლებ, თუ საუკეთესო არა, ოპტიმალური ჯგუფის შეკრებას.

შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება. ნუ მომთხოვენ, რომ ყველა იდეალური იყოს. თვითონ ჩემი იდეალიზებაც ჩემივე სერიოზული პრობლემაა. სადაც მაიდეალებდნენ როგორც ყოველისშემძლეს, ამ ილუზიას სწრაფად ვუქარწყლებდი, რადგან არასდროს არავის ვპირდები იმას, რაც არ გაკეთდება.

რაც შეეხება კადრებს, პირველ რიგში, ვეცდები, რომ უმწიკვლო ადამიანები შემოვიკრიბო. მეორეც – თუ საჭირო გახდა, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით განმარტებებს გავაკეთებ. შემიძლია, რომ წარსული შეცდომებიც ვაპატიო, თუ რომელიმე პიროვნებას თავისი გამოცდილებით საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ერთად უნდა დავდგეთ, არავინ უნდა დარჩეს პროცესებისგან გარიყული. საზოგადოებაში ისედაც ცოტა რესურსია, ჩვენ ეს ვართ, რაც ვართ – ეს არის ჩვენი საზოგადოება და ამ რესურსით უნდა წავიდეთ წინ. ცუდიც გვაქვს და კარგიც, წარსულიც გვაქვს, აწმყოც და მომავალიც უნდა გვქონდეს.
დღევანდელი საუბრის ფონზე, არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წერილები კონფრონტაციული იყო?
– მე ვფიქრობ, რომ პირველი ორი წერილი სწორი იყო. და რაც ვთქვი, ამის თქმა მნიშვნელოვნად და საჩქაროდ მიმაჩნდა. ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

შუა უნდა გაიკრიფოს.

იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.

მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.

ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს.

ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება.
მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ არც იქით იყოს და არც აქეთ.
– ისინი ჩუმად არიან. არ თამაშობენ და არ ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ პროცესებზე.
ესე იგი, პრობლემა გქონიათ ორპირობასთან და არა იმ ადამიანებთან, ვისაც არც იქით უნდა დგომა და არც აქეთ.
– დიახ, მათთან პრობლემა არ მაქვს. ასეთები ტელევიზიით არ გამოდიან. ეს კარგი ხალხია.

მე მოთამაშე-მოლაპარაკეებს ვამხელ, საჯაროდ რომ გამოდიან და გვატყუებენ. თორემ, ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთვის არიან, სულ ეჭვით გიყურებენ, პოპულარობის პიკზეც რომ იყო, მაინც იმას ამბობენ – მხარი რომ დაგიჭირო, კიდევ უნდა გამოგცადო, რას წარმოადგენო!
საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის თქვენი ოჯახის შესახებ, თუმცა, ბერა მეტად პოპულარულია. რამდენი შვილი გყავთ? ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი? სიმღერა თუ გეხერხებათ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული სუფრის მიმართ? თამადობა თუ გიწევთ? რომელ ღვინოს სცემთ განსაკუთრებულ პატივს? ნარდი, ჭადრაკი თუ გიყვართ? რა ინტერესები აქვთ თქვენს შვილებს?
– ევროპულ ასაკში დავქორწინდი – 35 წლის ვიყავი. ვიეშმაკე და 19 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად. ოთხი შვილი გვყავს. ყველაზე კარგი, რაც შემიქმნია ცხოვრებაში, ჩემი ოჯახია. მაქვს პრეტენზია, რომ თუ კარგი ოჯახი არსებობს, ჩვენი – სწორედ ასეთია. მეუღლე – ეკა ხვედელიძე – ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. დღეს ჩვენი ჯვრისწერის ოცი წლისთავია და ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას – ეს ცალკე საკითხია.

რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს.

რადგან სიმღერაზე მკითხეთ, სიმღერა ჩემი ჰობია. კარგად ვმღეროდი. ჩემი ძმა პროფესიონალია, მამია ხატელიშვილის გუნდში მღეროდა. მამაჩემი და დედაჩემიც კარგად მღეროდნენ. ჩემს შვილებს ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ.

უტა მყავს 19 წლის, ბერა – 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის – ცოტნე. უტას კი შეეძლო, მაგრამ მუსიკოსობა არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში. გვანცა ძალიან კარგად ხატავს, უკრავს და მღერის. არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. როგორც მე ვიყავი ნეიტრალური პოლიტიკის მიმართ, ისე იყვნენ ესენიც. მაგრამ ასე მოხდა, რომ გვანცას გარდა ყველანი ჩავერთეთ. პატარა ცოტნემაც კი ჩაიცვა მაისური “ქართული ოცნებით” და ყოველ საღამოს მახსენებს, მამიკო, შენ რატომ არ გაცვიაო.

სუფრაზეც ვთქვათ. თამადობა მიწევს, როცა სახლში სტუმრები მყავს და როცა ხასიათზე ვარ, მაგალითად, როცა ჩემს მეგობრებთან ვარ, “ქართულ ხმებთან”. მათ უყვართ ჩემი თამადობა. არავის ეწყინოს, მაგრამ, კარგი ტრადიცია ცოტა არ იყოს დავამახინჯეთ: სამი კაცი რომ შეიკრიბება და 60 სადღეგრძელოს ამბობს – არ მგონია ლამაზი. ეს უნდა ხდებოდეს იშვიათად და იმ პეწით, რაც ამშვენებს ქართულ სუფრას. კარგი ლექსი უნდა ითქვას სუფრაზე, კარგი სიმღერა, უნდა შეზარხოშდე კიდეც და არა – გატიალდე. და ეს შეზარხოშება, რაღა დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესად არ უნდა იქცეს.

ქართული ღვინოები მომწონს ძალიან. ღვინოს სახლში ვაყენებ, მამაჩემის დანატოვარ ქვევრებში. ჩემი სიმამრიც მოყვარული იყო ამ საქმის. ამ ათი წლის წინ დიდი ტრაგედია გვქონდა ჩემს მეუღლეს და მე – სამი მშობელი დავმარხეთ ერთ წელიწადში.

დედა მყავს 89 წლის. ერთად ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც მამაჩემს ჰქონდა და მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე. მხოლოდ ჩემი სახლის ღვინოს მოვიხმარ, თუმცა ფრაგული ღვინოების კარგი კოლექცია მაქვს.

დედაჩემმა პოლიტიკაში ჩემი წასვლის ამბავი რომ გაიგო, ტელეფონში მითხრა, შვილო, დაწინაურებას გისურვებო. მეორეჯერ რომ დაველაპარაკე – ჩემი ყოველი დილა იმით იწყება, რომ დედას ვურეკავ და მოვიკითხავ, სადაც არ უნდა ვიყო – ვეკითხები, დედა, დაწინაურებას აღარ მისურვებ-მეთქი? ეცინება და მეუბნება, კარგი, დამანებე თავი, დაივიწყე, რაც გითხარიო.

ნარდი ძალიან მიყვარს და ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ. ნარდი ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. გრძელი ნარდი მიყვარს ძალიან და “ქართულ ხმებთან” მაგარი ომი გვაქვს. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე.
რა ნიშნავს თქვენთვის ჭორვილა? რითი ხართ სოფელში დაკავებული თავისუფალ დროს? ნადირობთ? თევზაობთ? ბოსტანს უვლით?
– არც ვნადირობ და არც ვთევზაობ. ძალიან მიყვარს ბუნება და ამას ვერაფრით ვიკადრებ. მახსოვს, 19 წლის ვიყავი, როცა მწყერზე ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ნახნავებიდან გვრიტი აფრინდა და ვესროლე. წაფრთხიალდა და დავარდა. მეორე, როგორც ეტყობა, მისი წყვილი იყო. იმდენი იწვალა, ჩავიდა-ამოვიდა იმის ამოსაყვანად, ჩავიდა-ამოვიდა. ისე გამიფუჭდა ხასიათი, დავაგდე ორლულიანი თოფი და მახსოვს, რომ კონდახი შუაში ამოტყდა. იმის შემდეგ თოფი ხელში აღარ ამიღია.

სხვათა შორის ბეღურები არ მიყვარს. მუდმივად ართმევენ ბუდეს მერცხლებს და ეს ვერ მიპატიებია.

ბუნება ძალიან მიტაცებს. ჩემი ჰობია – სეირნობა და ფიქრი. ჭორვილაა ჩემი სამშობლო. ყველაფერი მიყვარს მისი, სულ მესიზმრებოდა. სამი წელიწადია, გარეთ არ გავსულვარ, ისე მეძნელებოდა მისი დატოვება. უნიკალური ნერგები ჩამოვიტანე. ძალიან მიყვარს ბაღის გაშენება და სულ ჩემი ხელით ვაკეთე პარკი ჯერ ჭორვილაში, მერე ურეკში და თბილისშიც. უამრავი ნერგი მაქვს დარგული…

(გადმოტანილია გვერდიდან: http://kalmasoba.com/politika/516 )


“…არის ასეთი ქვეყანა! მას საქართველო ჰქვია!”


მოზეიმე, ოპტიმისტურად შემართული, გაჩახჩახებული, მოცეკვავე, მომღერალი, მტრისთვის თვალებში ნაცრის შემყრელი…
 
მართალია, ახლა ამ ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკით 1 მილიონი სიღარიბის გამო დახმარებას საჭიროებს, არაოფიციალური სტატისტიკით 1,5 მილიონი ქვეყნიდან გაჭირვების გამო გადახვეწილია, სამშობლოში დარჩენილთა ნახევარზე მეტს არ  აქვს ისეთი სამუშაო, რომელიც მის ოჯახს სიღარიბის ზღვარს ოდნავ მაინც ააცილებდა, მაგრამ მაინც – თუ მთავრობის ლაქია ტელევიზიების ომახიან განცხადებებს დავუჯერებთ, მთელი პლანეტის წინ ვართ, ეკონომიკა ზრდის ტემპით ჩინეთს უსწრებს, ჩვენი მინისტრი ყველაზე მდგრადია და ჩვენი პენსიონერების ყოფას ინგლისელები შენატრიან.
 
დავკარგეთ ტერიტორიები, დევნილები შეაგუეს იმ აზრს, რომ მათი ბედნიერების პიკი ვარდისფერი წეროვანია – დასაქმების, სასოფლო-საკარმიდამო ნაკვეთების და პერსპექტივის გარეშე… ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა, თავიდან აქციეს დევნილებად, აყარეს დედაბუდიანად, პოლიციის ძალით, ჩაყარეს ავეჯის ფურგონებში, გადაასახლეს იქ, საიდანაც წეროვანი მართლაც სამოთხედ ჩანს… მინისტრმა სუბელიანმა, რომელიც სპეციალურად რუსთაველზე აბსოლუტურად ცარიელი საფულით დადის, ომახიანად განაცხადა – დამთავრდა თბილისის სასტუმროებსა და სახელმწიფო შენობებში ლტოლვილების დუხჭირი და დამამცირებელი ეპოპეა და დაიწყო მათი ბედნიერება და ნეტარება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზეო! და სად – ფოცხოეწერში, საიდანაც  ხალხი ადრე აიყარა და წამოვიდა და რომელსაც სრულ იდილიამდე მხოლოდ ცნობილი წარწერა აკლია – “Arbeit macht frei!” ალბათ იმიტომ, რომ იქ სამუშაოც არ არის, საკონცენტრაციო ბანაკებისაგან განსხვავებით…
შედეგი? – მთავრობის ლაქია ნაცოვიზიებში გამოდიან ლტოლვილები და ამბობენ – მადლობა მიშას, მადლობა კობას – ჩვენზე ზრუნვისთვის! მადლობა ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლისათვის!

 
სადაც გაიხედავ, უმუშევრობა ყოველდღე იზრდება! ყოველთვიურად ათასობით ადამიანი ჰკარგავს სამუშაოს! ათეულ ათასობით ადამიანი ქონებას აგირავებს, ბანკის ვალებიდან ვერ ამოდის და ყველაფერს გროშებად ყიდის და მერე საზღვარგარეთ გარბის!
შედეგი? – რაღაც ფუტურისტული ინდექსები, რომლებიც ”ამტკიცებენ”, რომ ქართული ეკონომიკა პირველ ადგილებზეა – ბიზნესის დაწყების სიიოლის მხრივ! ბიზნესის დაქცევის და გაპარტახების სიიოლის ქართულ ფენომენზე კრინტს არ ძრავენ სამთავრობო ურნალისტები…
 
ყოველ კვირას ათობით ბიზნესს – უკვე საშუალოსა და წვრილსაც – ატერორებენ! ნებისმიერი მოგონილი და შეთითხნილი მიზეზით აიძულებენ დათმონ წილები, ჩადებული ნარკოტიკების და იარაღის გამო გადაიხადონ უზარმაზარი თანხები, რაც მათ ბიზნესს აქცევს და გუშინდელ სამუშაოს მიმცემს აკოტრებს და მთელ მის თანამშრომელთა ჯგუფს უმუშევრად ტოვებს. საპროცესო შეთანხმებები! – აი, საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების ჩემპიონი!
შედეგი? ერთდროს სახელოვანი გამომძიებელი ჟურნალისტი გოგიჩაიშვილი უსუსური გადაცემებით გვიყვება, როგორ გაიზარდა შოკოლადის წარმოება და რა სერიოზული შანსი აქვს ქართული ლოკოკინების ბიზნესს მსოფლიოში…
 
დაიქცა ჯანდაცვა! გააპარტახეს და კაპიკებად გაჰყიდეს საავადმყოფოები, უმუშევრად დატოვეს და გამოყარეს ექიმები. ავადმყოფებს დაურიგეს 5-ლარიანი სადაზღვევო პოლისები, რაც ფიქცია იყო! გამოაცხადეს 100 საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ქაღალდზევე დარჩა! 100 საავადმყოფოდან ააშენეს ერთნახევარი! მერე გადასცეს საავადმყოფოები სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს და ამაყად ხსნიან და ჭრიან ლენტებს იმ საავადმყოფოებში, სადაც ისეთი ფასებია, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს შანსი არ აქვს, იმკურნალოს!
შედეგი?  მთავრობის ლაქია ნაცოვიზიებში გამოჰყავთ ავამდყოფები, რომლებიც ამბობენ – მადლობა მიშას, რომ ასეთი გადასარევი საავადმყოფო აგვიშენა! ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ!
 
ომი რომ წავაგეთ – მოვიგეთო თქვეს!
პრეზიდენტმა ჰალსტუხი რომ ღეჭა, ასეა საჭირო – ჰალსტუხის ღეჭვა დემოკრატობის და რეფორმატორობის ნიშანიაო და საჭმელი ჰალსტუხები გამოუშვეს…
ომი რომ წავაგეთ, პრეზიდენტმა მილიარდიანი სასახლე აიშენა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”წაგებული ომის და დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე პრეზიდენტმა მილიარდიანი სასახლე აიშენა!”
ხორცი რომ 8-დან 18 ლარი გახდა, პრეზიდენტმა 100 მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ – ”ხორცის და სხვა პროდუქტების გაძვირების ხარჯზე პრეზიდენტმა 100 მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა!”
 
ლტოლვილებს რომ ასახლებდნენ, იმ პერიოდში ამაყად გვაჩვენებდნენ სამაგალითოდ მოსაწონებელ 20-მილიონიან ბლოკბასტერს  წაგებულ-მოგებულ ომაზე და ძვირფას-გასახლებულ ლტოლვილებზე. ამ პერიოდში გვეღირსა შერონ სტოუნის, რენე ჰარლინის, ენდი გარსიას, ენრიკე ეგლესიასის და სხვა სასიქადულო პირთა გამონათებები, რომლებსაც მთავრობის ლაქია ნაცოვიზიები ისე გვიჩვენებდნენ, როგორც სალბუნს ლტოლვილთა სულების მოუშუშებელ ჭრილობებზე.
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”ლტოლვილების გასახლების ხარჯზე მთავრობამ ლტოლვილების ბედზე აცრემლებული ვარსკვლავები აგულავა და იგულავა!”
ნაცოვიზიების თანახმად აშენდა ბედნიერების ოაზისი, რომელსაც შურით შეჰყურებენ ნიცა და დუბაი – 7-ვარსკვლავიანი ტურისტული მექა, მეგაპოლისად ქცეული მიკროსოფელი ანაკლია, რომელსაც არაფერი არაკლია! მაგრამ იქნებ სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საცხოვრებელი ადგილებიდან ლტოლვილების მასიურად გამოსახლების და ამ ობიექტების გაყიდვის ხარჯზე მთავრობამ ააშენა ტურისტული მეგაპოლისი ანაკლია, რომელსაც სწორედ იმიტომაც არაფერი არ აკლია, რომ ლტოლვილებს ყველაფერი მოაკლეს!
 
საჯარო საბავშვო ბაღებში რომ გადასახადი დაწესდა, მთელმა მთავრობამ, პარლამენტმა და ზონდერებმა ლიტვაში 2 კვირა იგულავეს – ვითომდა კალათბურთის სიყვარულის მომიზეზებით… ბევრ ქალბატონს თვალწარმტაც მკერდზე გულწამტაცი პრეზიდენტის სურათი ჰქონდათ დაბეჭდილი, აბა სანიკიძის და ბოისას სურათებს ხომ არ დაიხატავდნენ (მით უფრო, რომ ერთი სწორედ ბოისას მეუღლე იყო, თურმე)!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღების წყალობით საქართველოს პრეზიდენტმოყვარულმა ელიტამ ლიტვაში ორკვირიანი ვოიაჟი ჩაატარა დასასვენებლად და კალათბურთელების მხარდასაჭერად!”
 
როდესაც თბილისში ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდა, მთავრობამ თავისი პირობა სკლეროზიანი მოხუცივით დაივიწყა და მგზავრობაც გაძვირდა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”მგზავრობის გაძვირების ხარჯზე (როგორც ახალ, ასევე ძველ მიკროავტობუსებში!) მთავრობის მეგობრების მიერ თათარიახლის მზადების გვერდით თათარიახლად დარეგისტრირებულ 100-ლარიან კომპანიებს ახალი მიკროავტობუსების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ!”
 
ქვეყანაში, სადაც თავს დებენ დემოკრატიის პრინციპების ერთგულებაზე, პოლიცია გაფიცულ მუშებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებს და აიძულებს, რომ იმუშაონ! საქართველოს პოლიცია დგას ინდუსი მეწარმის ინტერესების სადარაჯოზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებს! იმიტომ, რომ ეს ინდუსი მეწარმე მერაბიშვილის და სააკაშვილის დაქირავებულია! მან უნდა გაამაგროს მითი საქართველოს ინვესტიციური კლიმატის ფანტასტიურობაზე! მან უნდა დაუბრუნოს ”ატკატები” საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მას გროშებად გადასცა საწარმო და ასე თავგამოდებით იცავს მის უკანონო წარმოებას მუშების კანონიერი მოთხოვნებისაგან!
 
ხოლო ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ შვეიცარიაზე წინ ვართ! გვაქვს საუკეთესო თოვლი და ყველაზე მდგრადი ეკონომიკა! რომ ანაკლია მტრის ჯინაზე ნიცას და მონტე-კარლოს აჯობებს (ალბათ უფრო მშიერი ლტოლვილების ჯინაზე) და ანაკლიის ხიდი სოხუმამდე მივა! რომ ბიჭები გაუშვა (ლუარსაბ თათქარიძესავით) და მათ უყიდეს მისი დანაზოგიდან (რომელიც დეკლარირებული არ იყო) 30,000 ლარად ვენახი. რომ საქართველოს მოსახლეობაში მუსულმანი ქართველი მეტია,ვიდრე ქრისტიანი ქართველი… რომ მარტო დაფრინავს თვითმფრინავით (თუმცა ფრენა არ უსწავლია და მოწმობა არ აქვს) და ყველა აეროპორტს თავად გახსნის, რომ ზანგები არ ვართ და ვერ იგებს, მაშინ რატომ ვიქცევით ველურებივით… რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ლეგოს კუბიკებით დიდი სახლების აშენებაზე და როგორც იქნა აისრულა ოცნება… რომ მის მინისტრ ქალბატონს წვეტიანი კბილები აქვს და მაგარი კბენა იცის (თუმცა არ აზუსტებს, დრ. დოტზე უფრო მაგარი კბენა თუ არა), რომ მოვიდა დრო ციხეების მინისტრი გაათხოვოს (არაა გასაკვირი, ბევრი ჰყავს გათხოვებული და ხანუმობაში ხელი გაიწაფა), რომ ჯარისკაცი უფრო მაგარია, ვიდრე ბალერინა და ყელმოღერებული პოლიტიკოსი… რომ მისი უკვდავი პარტია 50 წელი იქნება მმართველი, რომ  არაფერი არაა იმაზე საზიზღარი, რომ მტრის წინაშე ხოხავდე და ხელს ულოკავდე… რომ მისთვის სკამი და თანამდებობა არაფერია!..
 
და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის ხალხის გაჭირვება და დაბეჩავება მისი მთავრობის გალაღების და გაქსუების პარალელურად კატასტროფული ტემპებით იზრდება…
 
არის ასეთი ქვეყანა – პარადოქსების ქვეყანა, რომლის მედია და  სტატისტიკა მხოლოდ პენსიის ზრდას ამჩნევს 14-დან 100 ლარამდე, ხოლო ხორცის ფასის ზრდას 4-დან 18 ლარამდე – ვერა! დენის გადასახადის ზრდას 4-დან 22 თეთრამდე – ვერა! ბენზინის ფასის ზრდას 0.8 ლარიდან 2.2 ლ-მდე – ვერა! და რაც მთავარია, ვერ ამჩნევს, რომ მინისტრების და პარლამენტარების  ხელფასები საშუალო პენსიონერის ხელფასზე 50-200-ჯერ მეტია… ვერა, ვერა და ვერა! უუუმ-დ’გრადესსს…
 
ქვეყანა დაქცევისკენ მიდის…
და რაც უფრო ახლოს არის კოლაფსი, მით უფრო მედგრად შორდება სამთავრობო პროპაგანდა – რეალობას…

მით უფრო უბერავს და უბერავს ჩვენი შებერილი პრეზიდენტი… მისი მოდელირებულ-ჰიპერბოლიზირებული ზღაპრების მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა… თუმცა ბარონი მიუნჰაუზენი ერთი კეთილი ფანტაზიორი იყო, რომელიც თავის ფანტაზიებს საკუთარი თავის და ნაცნობთა გასართობად იყენებდა და არა – მთელი მსოფლიოს გასაცურებლად და საკუთარი ხალხის დასამონებლად!

 
რაც უფრო მეტი გაჭირვებული და უსახსრო გვყავს, რაც უფრო მეტი უმუშევარი და მიუსაფარი ბავშვი, რაც მეტი ავადმყოფი კვდება ისე, რომ საავადმყოფოში წასვლის შანსი არ გააჩნია, – მით უფრო ხმამაღლა იცინის ქვეყნის მოზეიმე და მოპარპაშე მთავრობა!
სურს, რომ თავისი სიცილ-ხარხარით გაჭირვებულთა ოხვრა და კვნეს გადაფაროს…
 
ეს მხოლოდ ჭკუასუსტობის და უზნეობის სიცილია…
ჩვენ გვყავს უზნეო და ჭკუასუსტი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა სანახევროდ უკვე დააქცია და ახლა ერთადერთ გამოსავლად მის სრულ დაქცევას, დაქუცმაცებას და ნაწილ-ნაწილ გაყიდვას მიიჩნევს!

 

 


”რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაული”


სამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველას ჰგონია, რომ საქართველომ წააგო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა, ყველას ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლის და მხედართმთავრის სულელური ავანტურის და რუსულ ხაფანგში ოთხივე კიდურით შევარდნის შედეგი იყო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელშიც საქართველომ დაკარგა, მისი პრეზიდენტის და კონსტიტუციის გარანტის თქმით, „სულ რაღაც ორი რაიონი“, 150-ზე მეტი სოფელი, 500-ზე მეტი მოკლული, სამაგიეროდ მიიღო ათასამდე დაჭრილი, 40,000-მდე ახალი ლტოლვილი და, რაც მთავარია, 4,5 მილიარდი დოლარი!!! და განა ვინმეს მოუბრუნდება კიდევ ენა, რომ ენა შეუბრუნოს საქართველოს კონსტიტუციის გარანტს და შეეპასუხოს, რომ ეს გამარჯვება არ იყო? თქვენ ჭკუაზე ხართ? – სულ რაღაც 2 რაიონი და სამაგიეროდ – 4,5 მილიარდი დოლარი??? სადაც ორ რაიონში 4,5 მილიარდი იშოვა, ის კაცი დარჩენილ 68 რაიონს რამდენად „გააიმასქნებს“, წარმოგიდგენიათ?!!

სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არნახული და არგაგონილი:

  • ·         ის 4,5 მილიარდი დოლარი ხომ შესანსლა და არც დაუბოყინებია, მერე ისიც მოახერხა, რომ საქართველოს საგარეო ვალი გააორმაგა! (ისე, ცოდვა გატეხილი ჯობს, იმ 4,5 მილიარდიდან 2,5 მილიარდი ვალი იყო, ჰოდა, აბა, რას ერჩით ამ კაცს…)
  • ·         40,000 ლტოლვილი 3 თვით თბილისში ჩაასახლა, ხოლო შემდეგ 100,000-ზე მეტი ლტოლვილის თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლების გეგმა შეადგინა და ისე უნაკლოდ ანხორციელებს, რომ რუსებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც პირი დააღეს – ეთნოწმენდა ამას რომ ცოდნია, ისე უნდა – ბარემ თავიდანვე ამისთვის გვეცლია და ჩვენ შორიდან სერიალივით გვეყურებინაო!
  • ·         დაკარგულ ტერიტორიებს დაუმატა სოფლები და ტეორიტორიები რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მიღწულით და ორი რაიონის დაკარგვით ხომ არ დაკმაყოფილდება?! ის ომი როგორც “მოიგო”, ახლა მშვიდობიანობის დროსაც განაგრძობებს სასაზღვრო “მოგებებს”. სასაზღვრო რაიონების მოსახლეობისაგან დაცარიელება ხაზინის დაცირიელების პროპორციულად მიმდინარეობს და ალბათ ხაზინის თუ არა, პირადი ჯიბეების შევსებას ემსახურება… გეგმები დიდია – თურქებს – აჭარა, აზერებს – გარეჯი, სომხებს – სამცხე… და ეკლესიებიც! განა მარტო ენა და მამული იყიდება, უკვე – სარწმუნოებაც!
  • ·         სასწრაფოდ დაასრულა გადაცემა, გადასცა ან მოამზადა გადასაცემად აგრესორისათვის აქამდე ჯერვერგადაცემული სტრატეგიული ობიექტები – ენგურჰესი, საქართველოს რკინიგზა, თბილისის წყალი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა… განსაკუთრებული სასათბურე პირობები შეუქმნა რუსულ “მადნეულს” და კიდევ მეტი – რუსულ მობილურ ოპერატორს „მობიტელს“ („ბილაინს“), რომელიც „ვიმპელკომის“ საკუთრებაა და აფხაზეთშიც და ოსეთშიც ახორციელებს მობილურ კავშირს;
  • ·          ჩაატარა ჟენევის შეხვედრები, სადაც უცვლელად აფიქსირებდა, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა. ჟენევის შეხვედრებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წევრების გულაობის პარალელურად სწრაფი ტემპებით მიდიოდა თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან აფხაზეთიდან და ოსეთიდან ლტოლვილების გადასახლება-გაფოცხოეწერების პროცესი.
  • ·         მაქსიმალურად გააძვირა ყველაფერი, რომ თავად არ მოეკლო არაფერი! წყალი, დასუფთავება, მუნიციპალური ტრანსპორტი, ხორცი, შაქარი, ბენზინი, ჯარიმები… – რათა საქართველოს მოსახლეობამ ფასების ევროპული დონით მაინც იგრძნოს, რომ სულ უფრო ახლოს ვართ ნანატრ ევროპასთან;
  • ·         ჩაკლა მცირე და საშუალო ბიზნესის ის დარჩენილი მცირეოდენი კერები, რომლითაც ჯერ კიდევ თავს ირჩენდა ხალხი – გარემოვაჭრეები, სამარშრუტე ტაქსების მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, ბაზრობაზე მოვაჭრეები – შეუერთდნენ მსოფლიოში ”ყველაზე თავისუფალი ბიზნესის” (ბაბუ გიცხონდა!) იარლიყიანი ქვეყნის უმუშევართა არმიას, რომელსაც არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ არჩევნებზე თავისი ხმის და სინდისის გაყიდვის იმედად იყოს. ხოლო თუ მანამდე ვერ მიაღწევს, დროზე აიბარგოს „სინათლის ქალაქიდან“ და „ნიცა-კანიდან“ და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ევროპის დამლაგებელ-მომვლელთა მრავალმილიონიანი არმია შეავსოს;
  • ·         მოაწერა ხელი რეადმისიის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის ძალითაც სწორედ იმ ევროპაში ემიგრანტთა უკან გადმოსახლების პროცესი დაიწყება. ეს იმისთვის სჭირდება, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს და ადრე მომუშავე და ოჯახის მარჩენალი ხალხი და მათი ოჯახები უმუშევრებად და ისევ იმ დამშეულ საარჩევნო ფარად აქციოს, 10 ლარის დანახებით, 100-დოლარიანი პენსიის ცრუდაპირებით, ციხეში ჩასმის ან ნარკოტიკის ჩადების მუქარით რომ, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს!
  • ·         ობამას შეხვდა!!!!!! ობამას შეხვდააააააააააა! ობამას ხელი ჩამოართვა და… 80 მეძავიც იქირავა ევროპელი პოლიტიკოსების თვალისდასაფსებად!!!
  • ·         ვერა?!! ვერიჩქა? ვერონიკა??! ვინმეს სადმე ჰყავს ესეთი [დღისით] “მდგრადი” მინისტრი, რომ დაალილავებ და მაინც ერთგულად შემოგციცინებს თვალებში??? ვერა გადაარჩენს ქართულ ეკონომიკას! გადაარჩენს ვერა?.. ვერა!..
  • ·         მონოპოლია გაუკეთა მონოპოლიებს – ლატარია, ბენზინი, მშენებლობა, ბანკები, ვაჭრობა, სურსათი, უნივერსიტეტები, სასტუმროები!!!! ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის დამაარსებელი (ისევე როგორც თბილისში კიდევ ორისა) მისი დედაა! ბათუმის „რედისონის“ მოწილე – მისი კლავიატურაზე მოკაკუნე რეკორდსმენი შვილი!!! რა ოჯახია! რა ტალანტი – ა, ტალანტი! რამდიდარი!!!
  • ·         ჩამოიყვანააააა, მარა რა ჩამოიყვანა! კუტუნიოებს გასცდა და მოაგროვა დიდებული კოლექცია – ბრაიან ადამსი (რუსების ფულით!), პლასიდო დომინგო, ანდრია ბოჩელი, სტინგი, ენრიკე და თავად შერონი!!! მოახდინა თბილისის შერონიზაცია და ბათუმის იგლესიასიზაცია! დიდმა ბასტარდმა დადგა ბლოკბასტერი! ნაყოფიას ნაყოფმა ეკრანზე ხომ მაინც მოგვაგებინა დიდი ომი და პუტინისგან თბილისში ჩამოსულმა შერონმა იტირა ისე მაგრად, რომ პრეზიდენტი ენძი გარსია თბილისიდან სასწრაფოდ პუტინთან წავიდა…
  • ·         ჟურნალისტიკა აქცია ჩერგოლისტიკად და ფიგოვი ლისტიკად! ჟურნალისტები აქცია პიარისტებად და პრესსმდივნებად, ცოლებად და ისე… ვინც არ ისურვა ლაქიობა და ბოზობა, დაუკეტა ყველა არხი და ბოლოს შპიონებადაც გამოაცხადა იმის გამო, რომ თურმე თბილისელი პენსიონერის ტელეფონის ნომერზე რეკავდნენ… „მოდელირებული ქრონიკა“ დადგა – მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დეგენერატული და ყველაზე დიდი სიაფანდობა! ამით ხალხს უთხრა, მაშინ ხომ მე ვჭამე ჰალსტუხი, ახლა თქვენ გიჩვენებთ, შეშინება როგორ უნდაო…
  • ·         და ამდენი ჯაშუშების დაჭერა?!!!! განა ვინმეს ოდესმე სადმე დაუჭერია დიდი ქვეყნის ამდენი ჯაშუში! განა ვინმეს აუხდენია დიდი ლოზუნგი – „ყოველ 3 კაცში ოთხი აგენტია!“? მარტო ამერიკის საელჩოს “ამფეთქებელი კოჭოია” რად ღირდა?! რად ღირდა ”იმედის” ეზოში მიმობნეული ტროტილიანი ”ტუშონკები” და ”ბამბანერკები”, 6 თვის მერე ფეხქვეშ რომ ააცალეს მარადმომღიმარე ნოდარიკო მელაძეს და მარადიულ ლაშა ხარაზიშვილს! რად ღირდა ”ენვერი” და იმის აღიარება, რომ ყოველი მესამე სამხედრო მფრინავი თურმე ჯაშუში იყო :((( და მუხროვანის „ბუნტის“ მოდელირება? ერთი კაცის „აღიარებებზე“ დამყარებული ფანტასმაგორია?.. ისედაც სისხლგამოცლილი ჯარის მთლად მოსპობა და სათავეში სადისტის დაყენება? კობა კობალაძის დაპატიმრება იარაღის ქონებისათვის? წინ დღეს მოკლული გია კრიალაშვილის გვამით დადგმული სისხლიანი სპექტაკლი?!..
  • ·         და ხალხზე ძალადობა? – ლტოლვილებზე, მოვაჭრეებზე, ინვალიდებზე, ექიმებზე, მძღოლებზე, მოსწავლეებზე… პოლიცია და სპეცნაზი ისევ ხალხზე დაგეშილ ძაღლებად აქცია… 26 მაისი… თავისუფლების დღის სისხლიანი აღლუმი, როცა სისხლიანი რუსთაველი ნაუცბათევად მორეცხეს საცეკვაოდ და მედლების დასაკიდებლად… ხალხზე მუდმივი, ყოველდღიური ძალადობა – დაგიჭერთ… გაგასახლებთ… სამსახურიდან გაგიშვებთ… შვილს დაგიჭერთ… სახლს დაგინგრევთ… ბიზნესს წაგართმევთ… 112 მილიონი ნაშოვნი წურბელების მიერ – საპროცესო გარიგებებით და ხალხის სისხლის წოვით…

=======================

3 წლის წინ ომი რომ დაიწყო, ცოლს ვუთხარი – დიდ უბედურებას გადაგვკიდა ამ ტვინთხელამ, მაგრამ ასე იქნება, თუ ისე, ერთი რამ მაინც იქნებ გამოვიდეს მცირე ნუგეშად-თქო – თუ გამოუვიდა ეს ავანტურა (ე.ი. მართლა ჩაუწყვია ეს ყველაფერი რუსებთან-მეთქი) – მაშინ უბედურება ის იქნება, რომ ამას ვეღარასოდეს ვერ მოვიცილებთ, დიდგორს გადაფარავენ ამის მოგებაზე ლაპარაკით მეთქი ნაცები და არჩევნები ალბათ სულ გაუქმდება, მაგრამ სამხრეთ ოსეთს მაინც ხომ დავიბრუნებთ-თქო… (თუმცა იმას კი ვფიქრობდი, ეტყობა – აფხაზეთში გაცვალა მეთქი)…

ხოლო თუ არც არაფერი ჩაუწყვია, ორ კვირაში რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენ და საშინელება იქნება, მაგრამ არა მგონია, ანექსია გაბედონ… ალბათ, მალევე უკან გაბრუნდებიან და ის მაინც ხომ იქნება ნუგეშად, რომ ამ ავანტურისტს მოგვაცილებენ მეთქი!!

შევცდი! ორივე უბედურება მოხდა – რუსეთმა ოსეთიც და აფხაზეთიც წაიღო და მიშას სავარძელიც ჩაცემენტდა :(((

მას მერე 3 წელი გავიდა და ქვეყანა სულ უფრო უკან მიდის… ოღონდ ეს უკანსვლა საზეიმო ალაფურშეტებით და ფეირვერკებითაა გასხივოსნებული! ალბათ, საბოლოოდ რომ ჩაიძირება ფელინის გემივით, ბათუმის პიაცაზე ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ ვერდის „ნაბუკოს“…

ახლა ამდგარან და ყაყაჩოები დაუბნევიათ ამ ტაკიმასხარებს… ვითომ გლოვობენ… სინამდვილეში კი დაგვცინიან – ჩვენი უბედურებით გადაუწყვეტიათ საკუთარი ბედნიერების შენება… ზეიმობენ… აკი თქვა ერთმა აღზევებულმა – „რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულიო“… რატო არ ეზეიმებათ?.. უკვე გამზადებული აქვთ საპარლამენტო არჩევნებში დამშეული ხალხის მოსასაყიდლად ხალხისგანვე ჯიბიდან ამოცლილი მილიონები…

მე არასოდეს მქონდა იმდენი რწმენა, რომ ახვრებისთვის, რომელთაც ადამიანის რტყმევის და დამცირების მეტი არაფერი იციან, ქრისტიანობის გამო ლოყები მეშვირა და მოყვასივით მყვარებოდა… ახლაც ასე მჯერა – ეს არაკაცები, რომლებმაც ხალხის უბედურებით მოიწყვეს ბედნიერი ბუდე, და ხალხის გარყვნით აპირებენ მუდამ ზეობას, უნდა გვძულდეს! არ შეიძლება მოძალადე გიყვარდეს და ეგუებოდე ძალადობას… ისინი არ არიან ჩვენი სისხლი და ხორცი… ისინი ჩვენს სისხლს და ხორცს გადაშენებით ემუქრებიან… კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიშოროთ ეს მაჯლაჯუნა…

 


ღია წერილი მის აღმატებულებას, აშშ-ის ელჩს საქართველოში – ბატონ ჯონ ბასს


თქვენო აღმატებულებავ,

 

გადავწყვიტე მოგმართოთ ამ წერილით, რადგან ვფიქრობ, რომ შემიძლია გამოვხატო იმ მრავალი ჩემი თანამემამულის გრძნობები და გულისწუხილი, ვისაც გულწრფელად გვჯეროდა, რომ ქვეყანა, რომლის ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ, საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლის შემდეგ გახდებოდა როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის და დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში საქართველოს ხელახლა დაბადებული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი და პარტნიორი.

მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ აშშ-ის მთავრობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ოდესმე საქართველოს დაეხმარება საკუთარი ინტერესების საზიანოდ, მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ ბევრ სფეროში და მიმართულებით ამ ინტერესთა თანხვედრა თვალსაჩინოა.

მაგრამ პრობლემა, რომელიც მე დღეს ძირეულად მიმაჩნია აშშ და საქართველოს ურთიერთობებში, მდგომარეობს იმაში, ვინ მიაჩნია აშშ ხელისუფლებას, და როგორც მისი ინტერესების გამტარებელს – თქვენდამი რწმუნებულ საელჩოს – თავის პარტნიორად და საქართველოს ინტერესების სრულყოფილად გამომხატველად: საქართველოს ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი, თუ – ქართველი ხალხი?!

ვინაიდან დღეს ეს ორი კატეგორია დღეს არის აბსოლუტურად გამიჯნული და ერთმანეთს დაპირისპირებული.

პრაქტიკულად ერთადერთის – რუსეთთან დამოკიდებულების – გარდა, თითქმის აღარ დარჩა არცერთი საკითხი, რომელშიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ხალხის დიდ უმრავლესობას არ უპირისპირდებოდეს. მე არ შევეცდები ამ საკითხებს დეტალურად შევეხო, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენ საკმაოდ ინფორმირებული უნდა იყოთ იმის თაობაზე, რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება და იმედს ვიტოვებ, რომ მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი არ გაძლევთ არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ მკაცრი განცხადებების გაკეთების უფლებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პირადად, ისევე როგორც თქვენი წინამორბედნი, ხშირად და ხმამაღლა აცხადებთ, რომ ამერიკის მთავრობა, სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ საელჩო და თავადაც მხარს უჭერთ სწორედ ქართველ ხალხს, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამის შესახებ. რაც უფრო მეტად მკრეხელური, ამაზრზენი და აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული ხდება საქართველოს ფსევდოდემოკრატიული და გაყალბებულ PR-ზე დაფუძნებული დღევანდელი ნეობოლშევიკური რეჟიმი და მისი ცრუპენტელა და გულბოროტი ლიდერი, მით უფრო მეტი ჩემი თანამემამულე  ეკითხება დღევანდელ საქართველოში საკუთარ თავს და იმათ, ვისაც საყოველთაო შიშზე და მოსმენებზე დამყარებულ დღევანდელ ჩვენს რეალობაში მაინც ენდობიან – რატომ უჭერს მხარს ამერიკის მთავრობა იმ ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად სხვა ინტერესებს და მცნებებს ემსახურება, და არა იმათ, რაც აშშ-ის კონსტიტუციაში და თავისუფლების დეკლარაციაში არის აღიარებული?

 

ძირითადად შევეხები იმ ბოლო ფაქტს, რაც დღეს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა – 5 ფოტორეპორტიორის დაკავებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ბრალდების შესახებ.

დიახ, ხუთი! არ შემშლია, ბატონო ბას – სწორედაც რომ 5! რადგან თავიდან ასევე დაკავებული იყო Associated Press-ის საშტატო თანამშრომელი შაჰ აივაზოვიც, რომელიც სწორედ თქვენი საელჩოს მხრიდან აქტიური ჩარევის წყალობით გაანთავისუფლეს.

მადლობის მეტი რა გვეთქმის თითქოს, რომ თქვენი გამოისობით ერთი ადამიანი მაინც გადაურჩა იმ საშინელებას, რასაც დღეს „საგამოძიებო პროცესი“ და „ქართული სასამართლო“ ჰქვია! იმედია, ეჭვი არ გეპარებათ, რომ რომ არა თქვენი ჩარევა და აივაზოვის დაკავებიდან რამდენიმე საათში განთავისუფლება, დღეს შესაძლოა მისი „აღიარებითი ჩვენებაც“ უკვე ხელმოწერილი ყოფილიყო!

 

იმ ქვეყანაში, სადაც ადვოკატებს ათასნაირ პრობლემებს უქმნიან დაკავებულთან დროულად შესახვედრად… სადაც სახაზინო ფსევდოადვოკატების მთელი არმია ჩამოყალიბდა, რომელთა ერთადერთი „პროფესიული ნიჭი“ დაკავებულის უსწრაფესად დარწმუნებაა, რომ მან აღიარებით ჩვენებას ხელი მოაწეროს… სადაც სასამართლო მხოლოდ ბრალდების არგუმენტებს ითვალისწინებს და განჩინებათა მხოლოდ 0.06% არის გამამრთლებელი (სტალინის „ტროიკების“ დროსაც კი ეს მაჩვენებელი 7%-ზე დაბალი არ ყოფილა!!)… სადაც შსს მინისტრი, დეპუტატები და თავად პრეზიდენტიც, რომ არაფერი ვთქვათ იმ „ნაციონალურ“ მედიასაშუალებებზე, რომელთა მფლობელობის საკითხის გარკვევას არაფრით დაადგა საშველი – ჯერ კიდევ სასამართლომდე თავს უფლებას აძლევენ ბრალდებულის ბრალზე ისე ილაპარაკონ, როგორც აქსიომაზე და ამით გავლენა მოახდინონ ბრალდებულის ოჯახის წევრებზე და მთლიანად საზოგადოებაზე… სადაც არა მტკიცებულებები, არამედ აშკარა ზეწოლის შემდეგ მიღებული აღიარებითი ჩვენება გამხდარა ისეთივე „მტკიცებულებათა დედოფალი“, როგორც ეს სტალინის გენერალური პროკურორის – ვიშინსკის დროს იყო მიღებული… – თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ ჩვეულებრივ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ვერ უძლებს ზეწოლას, ახლობელი ადამიანებისადმი ძალადობის მუქარის ფსიქოლოგიურ წნეხს და დაშინებას და ხელს აწერს იმ აბსურდულ აღიარებით ჩვენებებზე, რასაც შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ამაყად აფრიალებს მთელი მსოფლიოს დასაბრმავებლად? როგორ გგონიათ, აშშ საელჩოს რამდენი თანამშრომელი გაუძლებს, თუ მათ გამომძიებელი განუცხადებს, რომ მათ შვილებს „პრობლემები შეექმნებათ“, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრების მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა,  რომ ანახონ ფოტომონტაჟი, სადაც ისინი გამოსახულნი იქნებიან მაკომპრომეტირებელ გარემოებებში… განსაკუთრებით, გაითვალისწინეთ, როცა ეს ხდება ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამ მაღაზიის თავზე დაყრილი ხელფეხშეკრული ადამიანების გვამები „ელექტროდენით გარდაცვლილებად“ გაასაღა, ხოლო მიტინიგის შემდეგ გამქრალი რამდენიმე ათეული ადამიანის ბედი ბოლომდე გაურკვეველი რჩება!

ბატონ ბას, რა ვქნათ, თუ ყველა დაკავებული ფოტორეპორტიორი არ აღმოჩნდა ამერიკული მედია საშუალების საშტატო თანამშრომელი?

რამდენად გამართლებულია ტაქტიკა, როცა თქვენ მხოლოდ შაჰ აივაზოვის განთავისუფლებაზე შეწუხდით, ხოლო გერმანიის ელჩი  – EPA PressPhoto-ს თანამშრომლის ბედით? არ მოვიდა დრო უფრო გლობალურად შევხედოთ ამ პრობლემას, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლება თავისი ფსევდოიმიჯის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად ასეთ სპექტაკლებს დგამს და არ ერიდება ჟურნალისტების უპრეცედენტო დევნას და თან გამოძიებაზე „საიდუმლო“ გრიფის დადებას, როდესაც თავდებით განთავისუფლება კატეგორიულად არ გამოიყენება, როდესაც უაპელაციოდ აცხადებენ, რომ პროცესი დახურული იქნება, როდესაც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის აღიარებითი ჩვენება მისი ასევე დაკავებული მეუღლის განთავისუფლებიდან 30 წუთში „ფორმდება“, როცა ბრალდებულ აბდალაძეს ძალოვანი უწყებიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მან 26 მაისს გადაღებული დარბევის ფოტოკადრები მათთან უნდა მიიტანოს, როცა შსს მინისტრი აღიარებს, რომ მას სხვა სამხილი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული 2004 წელს რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა (საუბრების შინაარსი არ ქვეყნდება!) იმ პირებს, რომლებიც შემდეგ გრუ-ს აგენტებად იყვნენ აღიარებული?..

 

–  რა უნდა ჰქნას ასეთ ქვეყანაში თავისუფალმა ჟურნალისტმა, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებათა გამოაშკარავებით არის დაკავებული?

 

– რა ჰქნან ნანა ლეჟავამ, ნინო ზურიაშვილმა, ნათია მიქიაშვილმა და ნესტან ცეცხლაძემ? რომელ უცხოურ სააგენტოს ევედრონ შტატში აყვანას, რომ ამ ხელისუფლებისაგან დაცულობის შეგრძნება ჰქონდეთ?

 

განა ვინმესთვის საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს, რომ დაკავებულმა ჟურნალისტებმა – ირაკლი გედენიძემ, ზურაბ ქუციკიძემ და გიორგი აბდალაძემ – მთავრობის რისხვა მათ მიერ 26 მაისს დემონსტრაციის დროს პოლიციისაგან და ზონდერბრიგადებისაგან გამოჩენილი სიმხეცის და უბრალო ადამიანებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ფოტო- და ვიდეოკადრების გამო დაიმსახურეს? სწორედ იმის გამო, რომ ეს კადრები უცხოურ სააგენტოებში მოხვდა და სააკაშვილის „რეფორმატორობაზე“ მოკამათე უცხოურ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა,  რომ მიტინგების დაშლაში საქართველოს „დემოკრატი“ ხელისუფალი არაფრით განსხვავდება დიქტატორ ლუკაშენკოსაგან!

ბატონო ბას, თქვენ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობა მედიასთან შეხვედრით დაიწყეთ და მე ვიცი, როგორ გამხნევებული იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები თქვენი გულწრფელი საუბრით და აქტიური დაინტერესებით – განსხვავებით თქვენი წინამორბედისაგან, რომელიც მხოლოდ ფასადურად ინტერესდებოდა თავისუფალი მედიის ბედით და გაცილებით მეტ დაუდგრომელ ძალისხმევას იჩენდა ხალხის კრიტიკისაგან ქართული ხელისუფლების (!) დასაცავად.

მაგრამ თქვენი ჩამოსვლიდან გავიდა ორ წელზე მეტი და საქართველოში მედიის მდგომარეობა, სამწუხაროდ, იოტისოდენაც არ გაუმჯობესებულა.

გვყავს უფრო მეტი შევიწროებული ჟურნალისტი, გვყავს შვეიცარიაში პოლიტიკურ დევნილად აღიარებული ნიჭიერი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, გვაქვს ისევ ისეთი ხელისუფლების ლაქია ე.წ. საზოგადოებრივი არხი, რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მტკიცედ უარს აცხადებს, პოლიტიკურ არხად შერაცხული მეორე არხის რესურსები ისევ ძველებურად უაღრესად მწირია და იგი საქართველოს მთელი ტერიტორიის მეოთხედსაც კი ვერ ფარავს, სამაგიეროდ, გაჩნდა ქართველი ხალხის ფულით  მთავრობისაგან გულუხვად დაფინანსებული პროპაგანდისტული რუსულენოვანი არხი „პირველი კავკასიური“,  რომელიც რუსეთთან ცივ ომში გამარჯვების არარეალურ ამოცანას მიხეილ სააკაშვილის პერსონის გალამაზებასთან ათავსებს (ერთადერთი გამონაკლისი 26 მაისის მოვლენების გაშუქება იყო, ალბათ ბატონი პარსონსის პირადი გაოცების გამო ამ შემზარავი სისასტიკით), ისევ არაფერი ვიცით იმაზე, ვისია და ვისი ფულით აყალბებენ რეალობას „რუსთავი-2“, „რეალ-ტვ“ და „იმედი“ (რომელზეც პატარკაციშვილის ოჯახმა ახლახანს განაცხადა, რომ მთავრობას უთმობს ამ აქტივს და ამით კიდევ ერთხელ გამოაშკარავა ვითომ ქეის და ვითომ არაბების ვითომ მფლობელობა!)… 26 მაისს პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან განხორციელდა აქციის გასაშუქებლად და თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად იქ მყოფი ჟურნალისტების მიმართ მასიური ფიზიკური ძალადობა და შეურაცხყოფა, ისევ გრძელდება თითო-ოროლა შემორჩენილი თავისუფალი ტელევიზიის მიმართ ფარული თუ საგადასახადო ტერორი, რის მაგალითადაც 26 მაისის შემდეგ აჭარის დამოუკიდებელი ტელევიზიის „25-ე არხის“ დროებით დახურვა და მედია-ჰოლდინგ „პალიტრაში“  ვითომ „გეგმიურად“ დაწყებული მასიური საფინანსო შემოწმებებია (აქვე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და პირადად ბატონ კენტ ლენგსდონს „პალიტრისადმი“ გამოჩენილი თანადგომის გამო, რომლის გარეშე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება თავის ანგარიშსწორებას ბოლომდე მიიყვანდა)… მალე „მაესტროს“ სატრანსლაციო სიიდან ამოიღებენ ვითომ თავისუფალი (ხოლო სინამდვილეში ხელისუფლების დამქაშების მიერ მართული) საკაბელო კომპანიები „სილქ ტვ“ და „კაუკაზუს ონლაინი“, ასევე, ალბათ, მათ მფლობელობაში მალე გარდამავალი „აიეტი ტვ“-ც, რაც უკვე თბილისშიც საზოგადოების სრული დაყრუების და დამუნჯებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და თავისუფალი სიტყვის კუბოში ჩაჭედებული ბოლოსწინა ლურსმანი იქნება… იქამდეც მივედით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის და სახალხო დამცველის ანგარიშებში ხსენებული ე.წ. ჟურნალისტი გურამ დონაძე, რომელიც მხილებულია პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის გვამთან იარაღების დაწყობასა და მტკიცებულების გაყალბებაში, ასევე სანდრო გირგვლიანის მკლელობაში სავარაუდო მონაწილეობაში – საქართველოს „რჩეულ ჟურნალისტად“ იქნა აღიარებული და საპატიო პრემიით დაჯილდოვდა მის მიერ ჟურნალისტიკაში შეტანილი „ღვაწლისათვის“…

 

– ხომ არ გსურთ მედიის წარმომადგენლებთან ისევ შეხვედრა, ბატონო ბას?

 

იქნებ განუმარტოთ, რა არის ამერიკის მთავრობისათვის უფრო მნიშვნელოვანი: – საქართველოს მთავრობის მიერ ავღანეთში ამერიკული საჯარისო ნაწილების შემცირების ფონზე სულ უფრო მზარდი ოდენობით ქართული კონტიგენტის გაგზავნა (რომელთა წევრების დაღუპვის თუ დაჭრის შესახებ ინფორმაციას ძირითადად უცხოური საშუალებებიდან თუ ვიღებთ ხოლმე), თუ – საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ფასეულობების – სამართლიანი არჩევნების, სამართლიანი სასამართლოს, სამართლიანი ინფორმაციის შეუზღუდავობის, სიტყვის თავისუფლების, ხელისუფლების შტოების განაწილებისა და დაბალანსების, შეკრებების თავისუფლების, წარმომადგენლობითი ხელისუფლების, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნეს გარემოს, ღარიბი მოსახლეობის, უმუშევრების, ინვალიდების, ავადმყოფების, პატიმრების და სხვა დაუცველი ფენების უფლებების დაცვის, არაპოლიტიზირებული პოლიციის და საგანმანათლებლო სისტემის – პრინციპების უგულებელყოფა და სულ უფრო მზარდი მასშტაბით დარღვევა, რაც საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლების მოშლას და ქართველი ხალხის მზარდ უუფლებობას და უკმაყოფილებას იწვევს?

რეალურად ვის ინტერესებს იცავს ამერიკის მთავრობა და მისი საელჩო, ბატონო ბას?

და მაშინაც კი, თუ ქართველი ხალხის უფლებები და საქართველოში განვითარებული დემოკრატიის მყიფე შენობის სულ უფრო მზარდი ეროზია არ გაფიქრებთ, ნუთუ ის მაინც არ არის თქვენი და თქვენი მთავრობის ჩაფიქრების მიზეზი, რომ ქართული ეკონომიკა სულ უფრო უნიათო და გარედან დახმარებაზე დამოკიდებული ხდება, რომ საქართველოში პროდუქტებზე ინფლაციამ უკვე 30%-ს გადააჭარბა, რომ ქვეყნის უკვე კატასტროფული საგარეო ვალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო მთავრობა ახალი ვალების სასწრაფოდ აღებაზე „ჩალიჩობს“, რომ ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადების ზრდის ტემპი არავითარ ლოგიკას და ადრე გაცხადებულ დაპირებებს აღარ ექვემდებარება, რომ სულ უფრო გაუმჭვირვალე ბიუჯეტი სულ უფრო კორუმპირებული პრეზიდენტის და მისი კლანური გარემოცვის პირად კაპრიზებს, პიარ-კომპანიებს და ახირებებს ხმარდება, რომ გუბერნატორების და მინისტრების წლიური შემოსავალი  პენსიონერების შემოსავალს 50-200-ჯერ აჭარბებს და რომ ეს ქვეყანა ისევე მიდის დეფოლტისაკენ და/ან მზარდი დესტაბილიზაციისაკენ, როგორც ეგვიპტე, ტუნისი, იემენი… რომ გაუსაძლისი ცხოვრების პირობებით და ქვეყნის ამორალური და დეგრადირებული მმართველების მხრიდან განაწამები მოსახლეობა მალე უპირობოდ მიიღებს ნებისმიერ ძალას – შიდას თუ გარეს – რომელიც მას ამ აბსოლუტურად დისკრედიტირებულ რეჟიმს მოაშორებს და პირიქით – ნებისმიერი ის პოლიტიკოსი თუ ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერად რჩებიან, რეჟიმის დანაშაულებათა გამოაშკარავების შემდეგ შეიძლება დიდი ხნით მიუღებელნი გახდნენ ქართული საზოგადოებისათვის?!

 

ნუთუ აშშ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ თუ დღესაც ისევ რჩება სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერად, ამით ხელს უწყობს პრორუსული აქცენტების და განწყობილებების ზრდას ქართულ საზოგადოებაში?

მე ეს ნამდვილად არ მახარებს და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დღეს თქვენ ამას – პრორუსული ტენდენციების ზრდას, ვერ ან არ ამჩნევთ, და თუ ასეა, ალბათ იმიტომ, რომ ამერიკაც ისეთივე თავისი კაცის დამცველი აღმოჩნდა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, – ხვალ თქვენ შეიძლება მოგიწიოთ შეგუება საქართველოში იმ ადამიანების მმართველობასთან, რომლებიც ღიად მოახდენენ თავისი პრორუსული ამბიციების გამჟღავნებას. და დამერწმუნეთ, სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკოსი იყოს – სწორედ მთავრობაშიც არიან ძალზე ძლიერი და ჯერჯერობით ფარული პრორუსული ძალები – მაგალითად შინაგან საქმეთა შეუცვლელი მინისტრი. და დღეს სააკაშვილის ნეობოლშევიკური ხელისუფლების დაცვა ყველაზე მეტად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ პუტინის ინტერესებს ემსახურება – ქართულ ეკონომიკაშიც (რომელიც სულ უფრო რუსიფიცირებული ხდება) და ქართულ პოლიტიკაშიც, რადგან თქვენ ამით თითქოს იმეორებთ სავალალოდ ცნობილ ამერიკულ თეზისს: „მართალია სომოსა ძაღლისშვილია, მაგრამ სამაგიეროდ – ჩვენი ძაღლისშვილიაო!“ – და ამით უნებლიედ ხელს უწყობთ პუტინის და ლავროვის ცინიკურ გამონათქვამებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ამერიკის მთავრობისათვის მხოლოდ ლამაზი ფრაზებია და რეალურად თქვენ მხოლოდ სააკაშვილის მთავრობის და გარეგნული სტაბილურობის იმიჯის შენარჩუნებით ბრძანდებით დაინტერესებულნი!

 

მე გულწრფელად გთხოვთ – დაანებოთ თავი ძაღლისშვილების დაცვას! თუნდაც, თქვენიანად რომ მოაქვთ თავი, ისეთებისას!

ამან არ გაამართლა ხანშიშესულ მუბარაქთან და არ გაამართლებს ახალგაზრდა სააკაშვილთანაც, რომელიც თავისი კორუმპირებულობით მუბარაქზე ნაკლები რომ არ არის, ეს მალე დადასტურდება.

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, თქვენია მიშა თუ რუსების, ხოლო მისი რეჟიმის მომაგრებით და მისთვის ფინანსური გადასხმებით, რომელსაც მერე რეჟიმი ისევ ხალხის საწინააღმდეგოდ და პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურების გამოსაკვებად იყენებს, თქვენ ქართველი ხალხის თვალში ერთ დროს არსებულ პოპულარობას კარგავთ. იმედია, თქვენ თავად არ გჯერათ ისეთი „ავტორიტეტული“ კვლევების, რომელსაც ან სააკაშვილის მიერ ბოლომდე ნაყიდი „გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“, ან NDI-ს თუ IRI-ის მიერ დაქირავებული ქართული პროსამთავრობო სააგენტოები ასრულებენ… დამერწმუნეთ, ისინი სწორედ იმ წინასწარ მომზადებულ „არიებს“ ასრულებენ, რასაც სააკაშვილი უკვეთავს – სწორედ ამაში იხარჯება ამერიკული თუ ევროპული დახმარება, ისევე როგორც Financial Times-ში თუ Economist-ში დაკვეთილ ძირადღირებულ სარეკლამო სტატიებში.

 

დაბოლოს, ჩემს შესახებ – ბლოგერობისთვის საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ უკვე 2 წელია, რაც რადიო “თავისუფლების” ვებ-გვერდზე განთავსებულ ია ანთაძის ბლოგზე და ფეისბუქში ვწერ, მაქვს საკუთარი ბლოგიც – https://solomonternaleli.wordpress.com, ჩემს სტატიები ქვეყნდება სხვა პოპულარულ ვებ-გვერდებზეც – http://www.kalmasoba.com და http://www.tribuna.ge, ასევე – რეგიონულ მედია საშუალებებში. რამდენიმე ბლოგი („10 Giant Steps Back – “That is What Mikheil Did!”– Georgia’s United National Movement (2003-2010): Words and Deeds“, THE GREAT SIMULATOR – Mikhail Saakashvili as a prominent film director and his technique of Overlapping) ინგლისურ ენაზეც მაქვს განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე 1500-ზე მეტი მეგობარი მყავს, ხოლო ჩემი ბლოგის მნახველთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, არცერთმა მათგანმა არ იცის ჩემი ნამდვილი სახელი. ბევრი მათგანისთვის ეს გამაღიზიანებელია, რამდენიმემ უარიც მითხრა მეგობრობაზე, ხოლო პირადად ჩემთვის, ეს ჩემი ინკოგნიტობა ძალიან დამთრგუნველია. 1500-ვე არა, მაგრამ არის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი რეალურ ცხოვრებაში. ნამდვილად არ ვარ ისეთი პროფესიის და ფილოსოფიის პატრონი, რომ ვირტუალური და მით უფრო გაორებული ცხოვრების ჟინი მქონოდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვარ ასე დამალული, ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამეფებული წესი, როდესაც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ნებისმიერი ადამიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ტლანქი ან დახვეწილი დაშინების და სოციალური შევიწროების (მათ შორის – სამუშაოდან დათხოვნის, საგადასახადო დატერორების, თუ ცილისწამების) მეთოდები გამოიყენება. მე არ ვარ გმირი და ვაღიარებ, რომ მერაბიშვილის ტონტონ- მაკუტებისთვის არ იქნება ძალიან ძნელი ჩემგან „აღიარებითი ჩვენების“ მიღება, ვითომ მე რომელიმე აგენტ „კოჭოიას“ დავალებით (რომელიც თურმე ამერიკის საელჩოს აფეთქებდა! – ნუთუ ამან მაინც არ დაგაფიქრათ, რა დონის ავანტიურისტია ჩვენი პრეზიდენტი და რა დონის ფლეიმექერები – მისი ძალოვნები) რუსების სასარგებლოდ ვწერდი ჩემს სტატიებს…

2 წლის წინ დავწერე, რომ სააკაშვილის ნეობოლშევიკური იდეოლოგიის მატარებელი დროში უკან მოგზაურობს, უკვე გაიარა სადგური „1984“ და სადგურ „1937“-საკენ მიემართება-მეთქი. მაშინ ბევრმა გადაჭარბებად მიიჩნია ჩემი ეს მეტაფორა. ახლა ის ხალხი, ვინც მაშინ  ჩემს გადაჭარბებაზე ლაპარაკობდა, დღეს, მგონი, უკვე დარწმუნდა, რომ სწორი ვიყავი. სააკაშვილის რეჟიმს არ აქვს არავითარი მორალური პრინციპი და შეზღუდვა, იგი მხოლოდ ძალის დიქტატს ცნობს და მხოლოდ ძალის (მათ შორის – პოლიტიკური, ფინანსური) მეშვეობით შეიძლება მისი დემონტაჟი მოხდეს. მას არ გააჩნია გაუმჯობესების არავითარი შანსი, რადგან სულ უფრო მყარად ეფლობა ისეთი დანაშაულების ჭაობში, რომელთაც გამართლება არ გააჩნიათ. რაც შეეხება მის მიერ ახლახანს მიღებულ რელიგიური გაერთიანების კანონს, ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ ამ კანონის “პროგრესულობაში”, იგი მიღებული იქნა აბსოლუტურად ერთპიროვნულად და კულუარულად, არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის განწყობას და რაც მთავარია, მხოლოდ ერთი რეალური მიზანი აქვს – ქართული ეკლესიების სომხური ეპარქიისათვის და დიასპორისათვის მიყიდვა და ამ შემოსავლით ეკონომიკურად სულთმობრძავი რეჟიმის მოსულიერება! ამით სააკაშვილმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა – თან შემოსავალი მიიღო, თან დასავლურ საზოგადოებას ისე მოაჩვენა, რომ რელიგიური თანასწორობის დამცველია და მის წინააღმდეგ მხოლოდ მართლმადიდებლური სამღვდელოების წევრები და მათ მიერ დარაზმული ხალხი თუ გამოდის…

იმედი მაქვს, რომ ჩემს წერილს არ ჩამითვლით არც კადნიერებაში და არც პირად ამბიციებში. შემეძლო ისე მომეწერა, რომ ეს არ გახმაურებულიყო, მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ჩემს მსგავსად საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას სწორედ აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირებს. თუმცა მგონია, რომ ჩვენი რიცხვი სააკაშვილის რეჟიმის გათავხედების და მისდამი აშშ მთავრობის მსუბუქი გაკრიტიკებით და შეშფოთებებით შემოფარგვლის კვალობაზე სულ უფრო მცირდება. დარწმუნებული ვარ, ამ წერილის გამოქვეყნებით ხელს შევუწყობ აღნიშნული საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამოვლენას და მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე პოლემიკა აუცილებელია.

გამოგიტყდებით, არ ველოდები, რომ თქვენ მიპასუხებთ, ხოლო თუ მიპასუხებთ, რომ ეს პასუხი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებს გასცდება. მე ვაცნობიერებ, რომ თქვენი უშუალო ამოცანა არ არის და არც იქნება საქართველოს ხელისუფლების დატუქსვა და გამოსწორების გზაზე დაყენება (მართალი გითხრათ, არც მგონია, რომ ეს შეძლოთ, ვხედავ რა ბატონი სააკაშვილის ზღვარგადასულობის და უკონოტროლობის “პროგრესს”). მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ, როგორც ადამიანმა ადამიანს, რომ თქვენი საქმიანობით ხელი შეუწყოთ არა მოძალადე რეჟიმის განმტკიცებას, არამედ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს, ქართველი ადამიანები მასიურად არ გარბოდნენ ქვეყნიდან ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალადობის გამო, ქართული სახელმწიფო და ტერიტორია არ იქცეს შემდგომი დაქუცმაცების და სახელისუფლო ვაჭრობის საგნად, რომ ქართველმა ხალხმა მოახერხოს თავისი უფლებების დაცვა და არ მოხდეს აშშ მხრიდან აბსოლუტურად გაყალბებული არჩევნების დაწყებიდან რამდენიმე საათში „დემოკრატიის ტრიუმფად“ შერაცხვა (ამერიკაში კორუფციის ბრალდებით განთავისუფლებული ყოფილი მოსამართლე-სენატორების მხრიდან), რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ულოცავდეს საქართველოს პრეზიდენტს მაშინ, როცა ხმის მიცემაც კი არ არის ჯერ დამთავრებული, რომ საქართველო არ იქცეს ამერიკისათვის მისაღებ დიქტატურად, რომ  ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის პარტნიორებად და დემოკრატიული ფასეულობების მიმდევრებად დარჩნენ, ხოლო ჩვენი შვილები ერთმანეთის მეგობრებად ჩამოყალიბდნენ და არა ისე გაუცხოებულ ადამიანებად, როგორც ეს ჩვენი თაობების დროს იყო…

 

წერილს კი იმ სიტყვებით დავამთავრებ, რომელიც სომოსას შესახებ აფორიზმისაგან განსხვავებით, ყოველი ნორმალური ადამიანის – მათ შორის  – ქართველის – ცხოვრებისეულ კრედოდ  მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან თავისუფალი მედიის და თავისუფალი სასამართლოს წინააღმდეგ შეუწყვეტელ ომს და ტერორს ეწევიან, ამ სიტყვებს არ იზიარებენ:

 

Without justice, there can be no peace.

He who passively accepts evil is as much involved in it as he who helps to perpetrate it.

He who accepts evil without protesting against it is really cooperating with it.“

 

სოლომონ თერნალელი

https://solomonternaleli.wordpress.com