უკრაინა – ტკივილი…


KIEV

ძალიან სამწუხაროა ამ საშინელი კადრების ყურება კიევიდან.
იღუპება ხალხი… ქალაქის ცენტრში ისვრიან და ცეცხლი მეფობს…
სახეზეა სულ უფრო მეტი ძალადობა, რომლის შეჩერება პოლიტიკოსებს მგონი არც სურთ, ან აღარ შეუძლიათ (იანუკოვიჩს, მაგალითად, არ სურს, აშკარად… ხოლო კლიჩკოს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს – არ შეუძლიათ)… დასავლეთი სრულ გაუგებრობაშია იმაზე, თუ რა შეიძლება იმოქმედონ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ელოდნენ (რატომ, არ ვიცი…), პუტინი გახარებული ხელებს იფშვნეტს და ემზადება სატახტო სეფე-სიტყვისათვის, როცა (სირიის შემდეგ) კიდევ ერთხელ გამოვა მშვიდობისმქმნელის დაფნის გვირგვინით დამშვენებული და ობამას, მერკელს და სხვებს მოუწოდებს, აცალონ უკრაინელებს “მშვიდობიანი ცხოვრება”…

ჩემთვის აშკარაა, რომ იმ პირებში, ვინც სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესვრის, და მეტალის ხელჯოხებს ურტყამს არიან იანუკოვიჩის მხარდამჭერი პროვოკატორები. თუმცა ბევრი მაინც, ალბათ, მათაყოლილი ევროინტეგრაციის გულწრფელი მხარდამჭერებია – ძალიან ძნელია ორი თვე ყინვაში იდგე, უყურებდე ოპოზიციის უსუსურ ნაბიჯებს, ხედავდე, რომ არაფერი იცვლება, რომ პარლამენტი უკვე მიტინგების თავისუფლებასაც კრძალავს, და ამ ფონზე ლიდერების უმოქმედობამ და საკუთარი უილაჯობის განცდამ არ გიბიძგოს “ენერგიული ქმედებებისაკენ”… 😦 მაგრამ ამით ისინი მშვენიერ საბაბს აძლევენ იანუკოვიჩს, რომ სისხლში ჩაახშოს ევრომაიდანი და ეს ყველაფერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებით გაამართლოს.

თუმცა თავად იანუკოვიჩისათვის ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კარიერის დასასრულიც იქნება. არა მგონია, ასე სისხლში გასვრილი მალე ხელახლა აირჩიონ! მაგრამ პუტინი სხვას მონახავს, უფრო მორჩილს, რომელსაც დასავლეთისაკენ გახედვაც კი არ მოუვა თვალში!

ალტერნატივა მხოლოდ ქვეყნის ორად გაყოფაა. და უკრაინელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ალტერნატივის პლიუსები და მინუსები.

ჩემთვის დღევანდელ დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, რას გადავურჩით 2003 წელსაც და 2012 წელსაც!
ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძესაც, და სააკაშვილსაც (რომელთაც ეყოთ ჭკუა, ვა-ბანკზე არ წასულიყვნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში ხალხის ხოცვა-ჟლეტის სეზონი არ გაეხსნათ) და დასავლეთსაც, (პირველ რიგში, ამერიკის საელჩოს) რომელმაც ჩვენს შემთხვევაში უფრო აშკარა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ხალხის არჩევნის მხარდასაჭერად… აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, აქ მგონი, განგებას უნდა ვუთხრათ მადლობა…

მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ მადლობა – მთელ ხალხს, რომელმაც ყბადაღებული “ერთი ფოთლის არჩამოგდების” სტრატეგია აირჩია… დღეს სულ არ მეღიმება ამაზე… 😦

მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან იმსახურებს, რომ მონობაში არ ცხოვრობდეს! რომ თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდეს! რომ ასეთ ძმათამკვლელ ომში არ ჩაებას…
ვუსურვებ მათ უფრო დაფიქრებულ ნაბიჯებს, უფრო გონიერ და პატიოსან პოლიტიკოსებს, უკეთეს ბედს და ამ ძალიან მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გამოტანას!

ბრძოლა არ დამთავრებულა. იგი მხოლოდ იწყება!
მაგრამ ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაგრძელდეს!

😦
kiev-dead


ფიქრები უკრაინაზე (2013 წლის 1-2 დეკემბერი)


Ukraine-pro

1 დეკემბერი, 20:30 –
ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე მომწიფებული რევოლუციის უკან ან არავინ არ დგას (დასავლელ ლიდერებს ვგულისმობ), ან თუ ვინმე დგას, ეს შეიძლება სულაც ვლადიმერ პუტინი იყოს!
პუტინი არ აპატიებს იანუკოვიჩს იმას, რომ მან ლამის მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, და შეეცდება, ახლა ისეთივე (ან მეტი!) სარგებელი ნახოს უკრაინაში დაწყებული არეულობიდან, როგორც 2008 წელს საქართველოში ნახა.

რა თქმა უნდა, იგი ვერ მოახერხებდა უკრაინაში ტანკების შესაყვანად ნიადაგის მომზადებას, მაგრამ ახლა, თუ იანუკოვიჩმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა (და ამაში მას, ალბათ, აღარავინ დაეხმარება), სერიოზული შანსია, რომ უკრაინა ორად გაიხლიჩოს და აღმოსავლეთ უკრაინამ რუსეთს პროტექტორატი თხოვოს.

ვლადიმერ პუტინი ერთადერთი “რიცკიანი” მოთამაშეა, რომელიც ასეთ ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს!

რაც დავწერე, სულაც არ ნიშნავს, რომ იანუკოვიჩს მხარს ვუჭერ! მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში პროდასავლელი ლიდერის მოსვლას აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსული მოსახლეობა და მათი პროტექტორი რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს!
და საკითხი ასე შეიძლება დადგეს – ან უკრაინას კიდევ უფრო პრორუსი ლიდერი ეყოლება, ან ქვეყანა შეიძლება ორად გაიყოს!

1 დეკემბერი – 23:45
კიევის მილიცია არაოფიციალურად (!!!) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში 1,6 მილიონი ადამიანი გამოსული ქუჩებში საპროტესტო მიტინგებზე! ამავე დროს იგივე მილიცია ოფიციალურად მხოლოდ 40,000 პროტესტანტის შესახებ იუწყება! ანუ, ეს აშკარა დეზინფორმაციაა, რომ საკუთარი ქვემდებები და ძალადობა გაამართლონ, ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქისაკენ ტანკები მოდის!
აი, ეს არის ბიბისის 6-7 საათის წინანდელი კადრები – სადმე იგრძნობა, რომ აქ ათობით ათასი ადამიანია? აღარ ვამბობ ასობით ათასზე და მილიონებზე? და დააკვირდით, რას ამბობს ბიბისის ჟურნალისტი, რომ მილიცია უცებ კვირას სადღაც გაქრა და არავინ უშლის ხელს ხალხს, ააგონ ბარიკადები… სპეციალურად დადგმულ პროვოკაციას ჰგავს ეს – 26 მაისის მსგავსად უნდათ გამოაცხადონ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა. სამწუხაროდ, მოლოტოვისა კოქტეილებიც იქნება და უარესიც, ალბათ… http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25174937

2 დეკემბერი – 00:25
თუ ტანკები მართლა მოდის კიევისაკენ, ეს იმას ამტკიცებს, რასაც ვამბობდი.
ეს რევოლუცია იმიტირებულ სპექტაკლს ჰგავს – 45 მილიონიან ქვეყანაში 3,000 კაციანი მიტინგი არ იღებს პრეზიდენტის სასახლეს, თუ ეს ყველაფერი დადგმული არაა.
მოლოტოვის კოქტეილებით “შეშინებულ იანუკოვიჩს” ტანკები შემოჰყავს ქალაქში? D:D
ბარემ ყინწვისის შეთქმულების და “ზილის” ზღაპრებიც მოჰყვნენ…

საინტერესოა, იგივე ევროპელები, რომლებიც 26 მაისის მერეც სააკაშვილის “პროგრესულობაზე” და “დემოკრატიულობაზე” გვაბოლებდნენ – ლისეკი, ბილდტი, ევროპის სახალხო პარტია და სხვები, და მიშას დადგმულ სპექტაკლებზე რომ კურცხლი სდიოდათ, ახლა როგორ აღშფოთდებიან…
D:D:D – ხალხია ცოდო… იმედია, უკრაინულ ოპოზიციას ეყოფა ჭკუა, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს ძლიერი საპროტესტო მუხტი ლოზუნგით – “ევროპაში – იანუკოვიჩის გარეშე!”

2 დეკემბერი, 01:29

მიმაჩნია, რომ კიევში მიმდინარე პროტესტი ევროპიდან არ იმართება!

ორი ვარიანტია – ან
1)საერთოდ არც იმართება და ქაოტური მრისხანებაა, რაც სრულიად გასაგებიც იქნებოდა ასეთი ფრუსტრაციის ფონზე, როცა ერთი კვირის წინ ყველას სჯეროდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უცილობელი ფაქტი იყო, ან –
2) თუ იმართება, სწორედაც რომ პუტინისაგან იმართება!

ამ ბოლო ვერსიას ორი ქვევარიანტი აქვს –
2ა) – პუტინი ამას იანუკოვიჩის ხელით მართავს და ეს ყველაფერი იანუკოვიჩის ხელისუფლების გასამყარებლადაა, ან
2ბ) – პუტინი ამას იანუკოვიჩის გადმოსაყუდებლად, და უფრო მეტად კი – უკრაინის ორად გასახლეჩად აკეთებს, რათა “ნიღაბი” ისე ჩამოიგლიჯოს, რომ 2008 წელს გამოჩენილი სიფათი ბავშვურ ღიმილად მოეჩვენოს ყველას მსოფლიოში!

თუ ეს ასეა – ძალიან დიდ ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ აქამდე გამოსდიოდა, და გასაგებია, რომ ვისაც გამოსდის, იმას თავს გასდის!
ძალიან მეეჭვება, დღეს ჭკუათმყოფელ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იანუკოვიჩის რევოლუციური გადმოგდება ჰქონდეს ერთადერთ და სსასწრაფო ნატვრად… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში სპეციალური მე-5 კოლონა არ ჭირდება. იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედაც რომ პრორუსულია და ეკონომიურადაც ჭიპლარითაა მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე. ხოლო უკრაინის ეკონომიკის 2/3, თუ მეტი არა, სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაზე მოდის…


ჩა(მავთულ)ხლართული პოლიტიკა


რუსი სამხედროების მიერ სოფლებსა დიცსა და დვანში ე.წ. სასაზღვრო ხაზის გადმოწევამ რამდენიმე სერიოზული საკითხი კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა:

1. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკის ხმარებიდან ამოღება იმის გარანტიას ქმნის, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ადექვატურ სამეზობლო პოლიტიკას გაატარებს და საკუთარ წილ აგრესიულობას და ავ ზრახვებს დათმობს. “არა შეჯდა მწყერი ხესაო…” საკმაოდ სწორად ასახავს რუსული იმპერიული პოლიტიკის სიხისტეს და პოლიტიკურ ურთიერთობებში სერიოზული გაუჯობესების მიღწევის სიძნელეს. ეს რომ ასეა, ამას იმ ქვეყნების მაგალითებიც ამტკიცებს, რომელთა მთავრობები რუსეთის მიმართ გაცილებით არადეკლარატიულ დათმობებზე წავიდნენ (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი), მაგრამ სამაგიეროდ ტერიტორიულ თუ ეკონომიურ საკითხებში გაცილებით ნაკლები სარგებელი მიიღეს, ვიდრე ამის იმედი შეიძლებოდა ჰქონებოდათ.

2. რუსეთის მთავრობას სააკაშვილის მთავრობა, მიუხედავად პირადი აუტანლობისა, ძალიანაც აწყობდა. ყველას გასაგონად, ხშირ-ხშირად იმეორებდნენ, რომ სააკაშვილს ისინი არასოდეს დაელაპარკებოდნენ, და ამიტომ არხეინად შეეძლოდ ფეხებზე დაეკიდებინათ მსოფლიო საზოგადოების სურვილი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი დაწყებულიყო. ხოლო ახლა კი ახალი რეალობა ასეთია – საქართველოს მთავრობა აპირებს სერიოზულად შეცვალოს რუსეთთან დამოკიდებულება, გამოაცხადა რა, რომ ტერიტორიულ საკითხს და რუსეთის მიერ მათი აღიარების უარყოფას არ განიხილავს მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად. ამიტომ რუსეთი იძულებულია ან თავადაც შეარბილოს პოზიცია, ან რაიმე ახალი საბაბი მოძებნოს, რომელიც მას საშუალებას მისცემდა “სტატუს ქვო” უზრუნველად და არხეინად შეენარჩუნებინა.

3. ის, რომ ასეთი დემონსტრატიული და აგრესიული დემარში, რასაც ამ სოფლებში წყლის მომარაგების გაუარესების გამო მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრა და მცოცავი ანექსიის საუკეთესო პირობების შექმნა შეიძლება მოჰყვეს, სწორედ ახლა იქნა განხორციელებული და არა – სააკაშვილის ხელისუფლების დროს, საფიქრებელს ხდის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რაღაც ისეთი დაინახა, რამაც მისი გაღიზიანება გაამძაფრა და გადაწყვიტა, ახალი ხელისუფლება „დასაჯოს“. აქ რამდენიმე შესაძლო ვარიანტია:
3.1 რუსები ძალიან ელოდნენ, რომ ივანიშვილი ნატოს მხრივ წინსვლას დაამუხრუჭებდა, მაგრამ ივანიშვილის განცხადებებიც და ნატოს ოფიციალურ პირთა აღიარებებიც (ახალ მთავრობასთან უფრო უკეთაც კი ვთანამშრომლობთო) სულ საპირისპიროს ამტკიცებს.
3.2 რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით შეაშფოთა იმან, რომ რეინტეგრაციის პოლიტიკა იცვლება და აფხაზებმაც და ოსებმაც (განსაკუთრებით – ახალი ერგნეთის მსგავსი ბაზრობის აღორძინებით) შეიძლება ქართველებზე გული მოიბრუნონ. ამიტომ მოუნდათ, რომ იქ სადაც საზღვარი მკვეთრად გავლებული არაა, ეს სასწრაფოდ “გამოასწორონ”, თანაც ოსებსა და ქართველებს შორის დაძაბულობის ახალი კერა შექმნან, რაც სასმელი და სარწყავი წლის გაყოფა შეიძლება გახდეს.
3.3. რუსეთის ხელისუფლება ელოდა, რომ სააკაშვილი ენერგიულ წინააღმდეგობას გაუწევდა ივანიშვილს და ორხელისუფლებიანობის პირობებში საქართველოს ეკონომიკას სტაგნაცია და საინვესტიციო შიმშილი ელოდა, ხოლო ეს ხალხის უკმაყოფილებას გაზრდიდა. მაგრამ ეკონომიკური ანალიზის და პროგნოზების მიხედვით, მდგომარეობა საკმაოდ მალე გამოსწორდა და უკვე პირველი იმედისმომცემი პერსპექტივებიც ჩანს. თავისი ნაბიჯით რუსეთს ისევ სურს პოტენციურ უცხოელ ინვესტორებში გაურკვევლობის და საფრთხის მოლოდინი დაამკვიდროს. ამით იგი საქართველოს ხელისუფლებასაც დააძაბუნებს და უფრო გაზრდის შანსს, რომ საქართველოში, რუსულის გარდა, არავითარი ინვესტიცია არ შემოვიდეს.
3.4 შეიძლება უშუალოდ საქართველო იმდენად არც იყოს ამ გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი: ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და, ახლა უკვე, თურქეთშიც სერიოზული ესკალაცია, რაც უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საომარი კონფლიქტის რისკს სულ უფრო ზრდის, რუსეთის მთავრობას კიდეც აიძულებს და კიდეც შანსს აძლევს, რომ მღვრიე წყალში თავადაც შეტოპოს და რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭიროს. საქართველოსთვის ყველაზე საშიში ვარიანტი ქვეყანაში რუსების სამხედრო კონტიგენტის შემოჭრაა – ამჯერად იმ საბაბით, რომ რუსულ ნაწილებს სომხეთისკენ სასწრაფოდ კორიდორის გაჭრა დაჭირდეთ და საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ ფეხებზე დაიკიდონ. თუ ეს მთავარი მიზეზია, მაშინ, სავარაუდოდ, მავთულხლართების გადმოწევა, ძირითადად, ქართული ხელისუფლების გაღიზიანების და სერიოზულ პროვოკაციაზე წამოგების პირველ ნაბიჯად უნდა განვიხილოთ და, სამწუხაროდ, ალბათ, ამით საქმე არ შემოიფარგლება.
3.5. ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომელიც ლევან ბერძენიშვილმა გამოთქვა ნინო ჟიჟილაშვილის „პოლიტმეტრში“ 4 ივნისს – თუ მართალია ის მოსაზრებები, რასაც ბევრი პოლიტოლოგი თუ პოლიტიკოსი – ირაკლი კაკაბაძე, გოგა ხაინდრავა და ზოგადად ქართული მედია (კერძოდ, წინა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მისი ნაწილი) მუდმივად გამოთქვამდნენ ვანო მერაბიშვილის რუსულ ისტებლიშმენტთან საიდუმლო კავშირების შესაძლებლობის შესახებ, მაშინ არაა გამორიცხული, რომ მავთულხლართების გადმოწევა, რაც მერაბიშვილის დაკავებიდან 2 დღეში მოხდა, სწორედ რომ პუტინის მკვეთრი რეაქცია იყოს მისთვის ძვირფასი და სანდო პირის ხელისუფლებიდან – უმუშევრობაში, ხოლო ახლა კი – უკვე ციხეში, გადაბარგებაზე. აქვე ვიტყვი, რომ მე პირადად, ამ აზრს მაინცდამაინც არ ვიზიარებ. თუ ვანო ივანიშვილი მართლაც რუსეთის აგენტია (რასაც არ გამოვრიცხავ), მაშინ რუსეთის ხელისუფლება, ლოგიკის მიხედვით, უნდა მორიდებოდა თავისი გასაგები იმედგაცრუების ასე სასწრაფოდ და აშკარად დემონსტრირებას. თუმცა ლევან ბერძენიშვილის მიერვე გადაცემაში მოყვანილი ტიუტჩევის სტროფი – „Умом Россию не понять“ – ძალიანაც უპრიანია იმის შესახსენებლად, რომ ლოგიკა ხშირად შეიძლება არც განსაზღვრავდეს ამ ქვეყნის მმართველი ძალის საქციელს.

4. რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი მიზანი ამ საქციელით შეიძლება იყოს, ქართულის გარდა, დასავლური ხელისუფლებების დამცირება. უნდა ითქვას, რომ როგორც 2008 წლის ომის შედეგებით, ასევე 2009 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისადმი უაზრო მხარდაჭერით დასავლეთის პოზიციები და პოპულარობა ქართულ საზოგადოებაში სერიოზულად შერყეულია და, მართალია, რუსეთის ხელისუფლება ამ აგრესიით თავის თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბოროტ ხულიგნად, რომელსაც წესიერება, მიღებული ნორმები და სამართალი ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ სერიოზულად ურტყამს ამ ყველაფრის დამცველების რეპუტაციას. თუ რუსეთმა მოახერხა და თავისი გაიტანა, ეს საგრძნობი სილა იქნება როგორც ქართული, ასევე – შეიძლება, მეტადაც კი – დასავლური მხარეებისათვის. დამკვირვებელთა პოზიცია – „ჩვენ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით!“ თითქმის გროტესკამდე მიდის და რუსეთი შეგნებულად კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას: – „ჩვენ ძალა გვაქვს და გაგვიდის! აბა, თქვენმა წესიერმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოახერხონ და დაგიცვან!“

5. მაგრამ მოდით, სხვა პოტენციური მიზეზიც განვიხილოთ. დავუშვათ, ეს არც არის რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქცია? უფრო სწორად – მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებისა. გარდა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისა, კიდევ ვის ინტერესებში შედის მოვლენების ასეთი განვითარება? და ვის შეეძლო ამ განვითარებისათვის ხელის შეწყობა? ბოლო დღეებში ქართული სოფლების მოსახლეობა სულ უფრო მეტად იხრება იმ აზრისაკენ, რომ რუს ჯარისკაცებს ამ მავთულხლართების გადმოწევისა და გაჭიმვისათვის სპეციალურად ფულს უხდიან. არ ვიცი, რამდენად დასაბუთებულია ეს ეჭვი, მაგრამ გამორიცხული არ არის. მოდით, ახლა გავიხსენოთ, თუ როდის მოხდა ბოლო ხანებში, როცა რუს ჯარისკაცებს ან მეთაურებს, გარკვეული მიზნების გამო, მავანმა საქართველოს ტერიტორიაზე ფული გადაუხადა ანდა დაჰპირდა:
5.1. განმუხურის სპექტაკლი. 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტმა თავისი რეჟისორული უნარ-ჩვევები ნათლად აჩვენა. განმუხურში რუსების “განდევნის” და პრეზიდენტის მიერ კალაშნიკოვებზე მკერდით მიწოლის შთამბეჭდავი საგა სწორედაც რომ პირველი “მოდელირებული ქრონიკა” იყო, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია, რუსი სამხედროებისათვის თანხის გადახდის გარეშე მომხდარიყო http://www.myvideo.ge/?video_id=411618 განმუხურის სპექტაკლი
5.2. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „…შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გადაუშალა გული რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ და ისეთი რამ თქვა, რის გამოც თავის მართლება მერე არაერთხელ მოუხდა. „იცით, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50,000 დოლარი შესთავაზა იმისათვის, რომ გორში სტალინის ძეგლი დაენგრიათ. მაშინ ხომ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულის მეშვეობით რუსებისგან ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა და გადაწყდა, სტალინის ჩამოშორება ფულზე გადაცვლილიყო. მათ გორი დაბომბეს, მაგრამ სტალინის ძეგლს ხელი არ ახლეს.“ სააკაშვილის სისტემის მაშინდელი „ხერხემლის“ ეს „აღიარებითი ჩვენება“ კარგად ამტკიცებს, რომ საქართველოს ვარდოვანი ხელისუფლება არ ერიდებოდა ომში მოწინააღმდეგე მხარესთან ძალიან საეჭვო სახის ფინანსური გარიგეებების დაგეგმვას! http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2047026.html
5.3. აგვისტოს ომის დროს საქართველოს ხელისუფლებამ (სავარაუდოდ, კახა ლომაიამ), რუს გენერალ ბორისოვს გადაუხადა 50,000 დოლარი, იმის სანამცვლოდ, რომ მას ქართული სამხედრო ბაზის რამდენიმე ახალი კორპუსი არ აეფეთქებინა. ბორისოვმა პირობა შეასრულა. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ მას მადლობა გამოუცხადა გორში წესრიგის დამყარებისათვის. (უნდა ითქვას, რომ ბორისოვმა მართლაც აღკვეთა გორში მაროდიორობის ფაქტები, მაგრამ არა მგონია, მსგავს სიტუაციაში ანექსირებული ქვეყნის ხელისუფლება მადლობას უნდა იხდიდეს).
5.4. არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ 2008 წლის ივნისიდან საქართველოს ხელოისუფლების სხვადასხვა წევრების მხრიდან მოულოდნელად დამტკბარი ენა რუსეთის ხელისუფლების და კერძოდ, რუსი სამშვიდობოების სარდლის მარატ კულახმეტოვის მიმართ (ხშირად ლაპარაკობდნენ იმაზე, როგორ „არ უჯერებს“ კოკოითი კულახმეტოვს, რომ რუსეთის სამშვიდობოები „ვერ ახერხებენ“ ოსი სამშვიდოებების კონტროლს…, კულახმეტოვს აქებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი), იმას უკავშირდებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ გენერალს სერიოზული თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ საომარი კონფლიქტის შემთხვევაში, რუს სამშვიდობოებს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ და საერთოდ, ყაზარმიდან გარეთ არც კი გამოსულიყვნენ. შემდგომში, იგივე მოსაზრება გაიმეორა აგვისტოს ომის “გამომძიებელი კომისიის” მიმართ ეროსი კიწამრიშვილმა. ამ ეჭვის საფუძველს აძლიერებს ის, რომ ომის მეორე დღიდანვე, ქართულმა მხარემ რუსი სამშვიდოებების მიმართ რიტორიკა სასწრაფოდ შეცვალა, ხოლო კულახმეტოვი კი მალე მის წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტს, სადაც ჟიგულში 20 კგ ტროტილი იყო ჩამონტაჟებული, რომელმაც 7 სამხედრო და რუსების შტაბის უფროსი პეტრიკი იმსხვერპლა, სასწაულებრივ გადაურჩა. http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=1577

რატომ უნდა უნდოდეთ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დღემდე ხელისუფლებაში დარჩენილ ნარჩენებს (სააკაშვილის, ბოკერია, უგულავა, ნაცმოძრაობის ფრთა პარლამენტში, შოდა ქართლის გუბერნატორი) მავთულხლართის გადმოწევა? რატომ და როგორ შეიძლება ემთხვეოდეს მათი ინტერესები რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს?
აი, რატომ:

ა) რომ ჩავიდნენ კონფლიქტის არეში, ფარშევანგებივით კუდები გაშალონ და ადგილობრივ მოსახლეობას დააყვედრონ – “აი, ჩვენ დროს რა მშვიდად იყავით და ახლა რა საშინელებები ხდება – ივანიშვილი ვერ გიცავთო!” (თუმცა ამაზე ღირსეული პასუხი მიიღეს ადგილობრივებისაგან)
ბ) რომ მოაწყონ ახალი პროპაგანდისტული კამპანია („კმარა“-ს ადგილი დაიკავა „დროა“-მ) და თავისი იდეოლოგიური პლატფორმა ააღორძინონ.
გ) რომ შესთავაზონ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას „მდგომარეობიდან გამოსავლის ერთად ძიება“, რაც, შეიძლება იგივე იყოს, ბანკის მძარცველებმა რომ პოლიციას თანამშრომლობა შესთავაზონ… მძარცვლების დაკავებაში.
დ) რომ გაამხნევონ გენმდივნის დაკავებით დაბნეული თავისი თანამოაზრენი, და საზოგადოებაში იმის ილუზია შექმნან, რომ მათ გარეშე ივანიშვილის მთავრობა ვერაფერს ახერხებს და ისევ ისინი არიან ქვეყნის „გადამრჩენლები“;
ე) რომ შეეცადონ მიიღონ გარანტიები თავიანთი უსაფრთხოების შესახებ და ისევ არხეინად გააგრძელონ თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობა.
ვ) რომ დაანახონ უცხოელ თანამოაზრეებს, რომ მათი დახმარებით “კურთხეული” კოჰაბიტაცია წარმატებით გრძელდება, ხოლო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ეს ბედკრული სიტყვა ჭირივით შესძულდა, რაც შეიძლება მეტად გაუცრუონ სამართლის მიერ პურის ჭამის იმედი.

დასკვნა:
ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების 100-300 მეტრით გადმოწევის მცდელობა სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც ხელს აძლევს ერთი მხრივ – რუსეთის ხელისუფლებას და, მეორე მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას.

საქართველოს ხელისუფლებამ, (მისმა იმ ნაწილმა, რომელსაც ეს არ აწყობს! და არა იმან – რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზებაში შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს) ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს, ამავდროულად ემოციებს არ უნდა აჰყვეს. კერძოდ, – იმუშაოს ყველა იმ მიმართულებით სადაც რეალური შედეგის მიღწევა შეიძლება: უცხოელებთან, იმის მოთხოვნით, რომ მათ რუსებზე ზეწოლის უფრო ქმედითი მონაცემები გამოიყენონ; რუსეთის ხელისუფლებასთან – ყველა მიღებული დიპლომატიური საშუალებებით (პროტესტი, ნოტა, ჟენევის ფორმატი); მედია საშუალებებთან (სწორედ „ვაშინგტონ პოსტიდანაა“ დასაწყები – 10,000 კმ-დან რომ „გვაკვირდება“ და გვმოძღვრავს); ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ მათ ბედს ანაბარად მიტოვებულად არ იგრძნონ თავი.

და რაც მთავარია, უნდა გაგრძელდეს ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ დაწყებული გამოძიება. თუ ჩემი ვარაუდი სწორია და ბოლო დროს ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ პრობლემებში (17 მაისი, მავთულხლართების გადმოწევის, „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის და ა.შ.) მართლაც მათი – „საშიშროების საბჭოს“ ხელი ურევია, შანტაჟისტებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი შანტაჟი წარმატებული გამოდგა.

და ალბათ, უპრიანი იქნება, „საშიშროების საბჭოს“ ეთხოვოს, წარმოადგინოს ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა.

P.S. ბატონ ბოკერიას და მის მეუღლეს ნუ ეგონებათ, რომ მართლა Mr. and Mrs. Smith-ები არიან.
ეგრე, სააკაშვილიც “tough guy”-დ („მიშა მაგარიად“) გვაჩვენებდა თავს, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ მისი სიმაგრე მკვეთრად ბოტოქსირებული და ფუყე ყოფილა 🙂

putin2-bok