კონსერვატორობის დაკარგული ხიბლი


trump-lepenn-putin-2
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგრამ ერთი საერთო მიზეზი, რაც აერთიანებს ისეთი პოპულისტი და დემოკრატიული სამყაროსათვის საშიში პოლიტიკოსების აღზევებას, როგორებიც არიან მარინ ლე პენი, დონალდ ტრამპი, ნაიჯელ ფარაჯი და ზოგი ცენტრალურევროპელი ლიდერი, ეს არის დასავლური კონსერვატიზმის დეგრადაცია და დასუსტება.
 
“Cвято место пусто не бывает”-ო, ამბობენ რუსები და როდესაც კონსერვატულ ფრონტზე დამთავრდა რეიგანის, თეტჩერის და კოლის ერა, როდესაც კონსერვატორი პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად ეჯიბრებიან დემოკრატ და ლიბერალ ლიდერებს ლიბერალიზმსა და დემოკრატიაში, კონსერვატიზმის ფლანგი საჩუქრად დარჩა ვლადიმერ პუტინს, რომელიც თავის დიქტატურას ტრადიციული ფასეულობების – ოჯახის, რწმენის, პატრიოტიზმის და სხვათა – დაცვის ლოზუნგებით ღებავს და აძლიერებს. განა სავალალო და აშკარა არ არის, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი ულტრამემარჯვენე/პოპულისტი ლიდერი სწორედ ვლადიმერ პუტინზე, როგორც ერის მამაზე და ძლიერ პოლიტიკოსზე აკეთებს სწორებას?
 
ვშიშობ, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლა ძალიან სერიოზული კატაკლიზმების დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. – პირველ რიგში ეს იქნება მსოფლიოში ულტრამემარჯვენეების გაძლიერება, დასავლური სამყაროს შემობრუნება ნაციონალური იზოლაციონიზმისაკენ, სამყაროს ახალ-ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფარდებით გადატიხვრა, მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული მკვეთრი შოვინიზმი და “წმენდა” და მთელი რიგი აფეთქებები და შეჯახებები რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე, რასობრივი შუღლისა და ეთნოციდის დაბრუნება მსოფლიო არენაზე… თუნდაც განვითარებული ქვეყნებში ჰეიტ-პოლიტიკის რეალიზაცია, რომელიც ძალად დაშაქრული რეალპოლიტიკის ალტერნატივად შეიძლება მოგვევლინოს.
 
რა თქმა უნდა, ეს სურათი ზედმეტად ჰიპერბოლიზებული და სუპერპესიმისტურია. მაგრამ კარგად მახსოვს ერთი მშვენიერი გამოთქმა – “პესიმისტი არის ადამიანი, რომელმაც დიდხანს ოპტიმისტების გარემოცვაში იცხოვრაო”. არც 30-იანი წლების დასაწყისში არ ეგონა ვინმეს, თუ გულჩახვეული ფანატი ეფრეიტორი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის (ბახის, ბეთჰოვენის, კანტის, ფოიერბახის, ჰაინეს, და სხვათა) შლეგ დიქტატორად იქცეოდა და ამ ქვეყნის მრავლმილიონიან მოსახლეობას, ხოლო შემდეგ ლამის ნახევარ მსოფლიოს ფაშიზმის იდეებს თავზე მოახვევდა. მაგრამ ეს მოხდა. და მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ის რეალური პრობლემები, რაც ჰიტლერმა თავისი აღზევებისათვის ასე უნაკლოდ გამოიყენა, უფრო ჭკუადამჯდარმა პოლიტიკოსებმა ვერ და არ გადაჭრეს.
 
როდესაც დღეს ყველას გვიკვირს, როგორ მოხდა, რომ ტრამპის ცოდნის და პრინციპების მქონე გაქნილი პოპულისტი ასე ახლოს მივიდა მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი, ამავდროულად, – დემოკრატიის ლიდერად ცნობილი ქვეყნის სათავეების ხელში ჩაგდებასთან, უნდა ვაღიაროთ: ის იმას ამბობს, რაც ძალიან ბევრ ადამიანს, ლამის ამერიკის მოსახლეობის ნახევარს, ან ვაითუ ნახევარზე მეტსაც, – მოსწონს!
ამიტომ, თუ ტრამპი დამარცხდება და მსოფლიო გადაწყვეტს, რომ ამით ტრამპიზმი დაამარცხეს, ისე იქნება ყველაზე სულელური დასკვნა ამჯერად ყველაზე სასურველი სცენარის რეალიზებიდან…
ფოტო: Ian Bremmer-ის ბლოგიდან

“კადრები წყვეტენ ყველაფერს!”


Bortnikov speaks on a phone as he arrives for a wreath laying ceremony at the Kremlin wall in Moscow

– ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ!

– რომელი ხარ, კაცო?

– ბორტნიკოვი…

– რაო, შურა? ხომ მშვიდობაა?

– რაციონალიზატორული წინადადება მაქვს…

– აბა, ჰე!..

– ხალხი შეგვიძლია შევამციროთ. სერიოზული ეკონომია გამოვა.

– სად?

– საქართველოში. ასე, 25 კაცი…

– რაშია საქმე?

– რა და, დაზვერვის საჭიროებამ იკლო.

– როგორ?

– სასწაული ამბავია…ტელევიზორში ჰყვებიან ყველაფერს: რას ყიდულობენ, სად აპირებენ დადგან… ჯერ ძველი თავდაცვის მინისტრი ჰყვება… მერე ახალი აზუსტებს… მერე ძველი ისევ… მთელი შესყიდვების გამომზეურება ხდება, ფაქტიურად…

– ტელევიზორში? ჩვეულებრივ არხზე?

– კი, ახალ ამბებში, თოქ-შოუებში, ინტერვიუებში…

– იქნებ, დეზაა?

– არ ჰგავს, ძალიან დეტალებს ჰყვებიან და ყველაფერი ემთხვევა… უფრო სწორედ, ისეთი რაღაცეებიც გავიგეთ, რაც ადრე არ ვიცოდით!

– საიდან გვეცოდინებოდა, ჩვენ ანალიზს ვაკეთებდით და ანალიზში რაღაც შეგეშლება…

– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ! ახლა ყველაფერი ღია ტექსტითაა…

– ფრანგები რას ამბობენ?

– უარყოფენ, სიმწრით! რაც ძალი და ღონე აქვთ!..

– საწყლები, რა დღეში არიან, ალბათ… მესმის მაგათი.  არაა ადვილი მოსასმენი, პარტნიორი ტელევიზორში რომ ჰყვება საიდუმლო შეთანხმებას…სისხლი შეიძლება ჩაგექცეს…

– მოკლედ, 25 კაცი შეგვიძლია გადავისროლოთ სადმე… ესტონეთში ან პოლონეთში მაგალითად… გამოცდილი ხალხია… ან შეგვიძლია შევამციროთ, როგორც იტყვი… აქ ერთ თარჯიმანს დავტოვებ მარტო… ძველი კადრია…

– რომელი?

– “წიოწია ნინა”…

– “წიოწია ნინა იზ ტბილისი”?

– აჰა, ეგაა ზუსტად!

– ეგ კიდე ცოცხალია?

– კი, უბერავს!

– კაი, შურა! კარგად გიმუშავია!

– ვცდილობ!..

– სანთელი უნდა დავანთოთ!

– უკვე დავანთე!

– ნამეტანი არ მოგივიდეს, კიდე პაჟარი არ გააჩინო…

– ვეცდები!


მესამე მსოფლიო ღომი (ტრაგედია კომიკურ ფერებში)


პუტინ-პოროშენკო-ეშტონ-ლუკაშენკო

მოკლედ, ასეა ეს ამბავი – მთელი მსოფლიო ებრძვის აგრესორს, რომელსაც პირობითად „რუხეთი“ დავარქვათ.

ბრძოლა მიდის აღმავალი ხაზით – ჯერ იყო დაკვირვებების და გაკვირვებების კანტი-კუნტი სროლა. მერე გაძლიერდა შეშფოთებები, რომელმაც რუხეთის მიერ ღირიმის მწვანე კაცუნებით შეტევისა და რეფერენდუმული ანშლუსის ფონზე საარტილერიო ზალპის სახეც მიიღო. ზალპურმა შეშფოთებებმა გვარიანად ასიამოვნა რუხეთის პრეზიდენტი რუტინი, რომელმაც ამის საპასუხოდ მწვანე კაცუნები აღმოსავლეთ უღრაინაშიც მოთესა და მოსავალს გატრუნული დაელოდა.

ამაზე მსოფლიო სულ გადაირია და გამოაცხადა მასიური და გეომეტრიულად პროგრესირებადი სანქციები! სანქციები იმდენად მასიური იყო, რომ თავიდან მისი ადრესატების სია A4 ფორმატის გვერდის 1/8-ზე ვერ ეტეოდა. უღრაინის რაც უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს იკავებდნენ უნიშნო, უსახო და უსახელო მწვანე კაცუნები, მით უფრო იზრდებოდა სანქციებში ჩართული ქვეყნების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობის ლიდერები დილიდანვე გმობდნენ რუხეთის მოქმედებებს და გულში მჯიღს იცემდნენ, რათა საღამოსვე დაერეკათ რუტინისათვის და სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვა შეეთავაზებინათ, თან ელეგანტურად ბოდიშიც მოეხადათ მჯიღის ცემის ზედმეტი ექსპრესიულობის გამო…

უღრაინის ლიდერშიფმა უყურა ამ კატავასიას, უყურა და მიხვდა, რომ შეშფოთებებიდან აღშფოთებებამდე უსასრულო გზაზე უღრაინისაგან 1/8-ც აღარ დარჩებოდა, ამიტომ აქტიური ბრძოლის მივიწყებულ მეთოდებზე გადავიდა. იმდენად მივიწყებულზე, რომ დღეში 1 თვითმფრინავს და 2 ვერტმფრენს კარგავდა, ხოლო მწვანე კაცუნები ჰამასის მსგავსად გათხრილი გვირაბებიდან (ან სულაც ღია სასაზღვრო პუნქტიდან) ახალ-ახალ ამოუცნობ სატანკო ელემენტებს იღებდნენ… ნუ, ხომ ხვდებით, რომ მწვანე კაცუნები მწვანე ტანკების გარეშე წარმოუდგენელია, მათი სიმბიოზი კი ისეთივე სანუკვარი და გულისამაჩუყებელია, როგორც დედაზე აკრული ბემბი… არა, უფრო – როგორც იმპერიულ „სათნოებაზე“ და „მოყვასზე ზრუნვაზე“ მილესილი სეპარატიზმი…

თუმცა თანდათან მდგომარეობა შეიცვალა. რადგან გაგიკვირდებოდათ, მაგრამ როცა აქციების ადრესატთა სიებში რუხეთის ყველაზე პტივსაცემი რუხი მგლების სახელებიც დაფიქსირდა, რუტინმა თავი მოიქექა და აღიარა, რომ ღირიმში ის მწვანე კაცუნები მისი კაცუნები იყვნენ (ოღონდ, ტანკებზე არ გამოტყდა სათუთი… ტანკის ზღაპარი უფრო კარგად „პრავდება“, ეტყობა, და არც არავინ უსვამდა დასავლეთიდან ამ უხერხულ კითხვას!), მაგრამ ამავე დროს მკვეთრად გაემიჯნა აღმოსავლეთ უღრაინაში ზუსტად ისეთნაირივე მწვანე კაცუნებს და მათ არანაკლებ ანშლუსურ რეფერენდუმების მცდელობებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცუნებმა გვარების გადაკეთებით მოიწყეს სარდლობები და პრეზიდენტობები და უკვე ცოტა უკლდათ, რომ აღმოსავლეთ უღრაინაში ფულის ერთეულიც გრივნას ნაცვლად გირკა გამხდარიყო, მათი ლიდერის უკვდავსაყოფად… მაგრამ იმ დროს, როცა თავად ხატზე იფიცებდნენ, რუტინი ჩვენ არაფერს გვაძლევს, ეგ გადამგდებიო, სწორედ იმ დღეებში მსოფლიოს მორიგი უღრაინული ბომბდამშენის განადგურება უპატაკეს და მალევე პირკატა ეცათ, როცა გაიგეს, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავი იყო – სულაც დასავლური ქვეყნიდან, სადაც ერთ დროს რუხეთის მეფე განათლებას იღებდა და დროშაც კი წამოიღო იქედან…

მერე კი აშკარა გახდა, რომ თვითმფრინავი იმ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელსაც აფთიაქში ნამდვილად ვერ იყიდი (თუმცა, ეშმაკმა იცის, რუხულ აფთიაქში იქნებ მოგცენ კიდეც, თავის ტკივილის ასალაგმავად)…

მალე აღმოჩნდა და გამოჩნდა, რომ თვითმფრინავის და უდანაშაულო შემთხვევითი ადამიანების დაღუპვამ ელვისებურად სწრაფად ითამაშა დასავლურ შეშფოთებებსა და აღშფოთებებს შორის არსებული უხილავი ზღვრის გადამლახავი ფაქტორის როლი. მთელი ორი კვირის განმავლობაში (!) მართლაც გაერთიანებული დასავლეთი იქამდე მივიდა, რომ სანქციების ადრესატთა სიამ უკვე ერთ გვერდს გადააჭარბა და ბატონ რუტინს თავის ქექვა ქრონიკულ ჩვევაში გადაუვიდა. მაგრამ აქ კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდი გამოიყენა.

რამდენადაც სანქციები ძირითადად მისი ჰელიტის მიმართ იყო მიმართული, ასე არ უნდაო, და თავად დაუწესა მთელ ხალხს სანქციები – თქვენ რას გვიზამთ იმისთანას, ჩვენ რომ არ გვიქნია ამათთვისო! და პირდაპირ მასობრივი კვებითი ხარაკირი გამოაცხადა – აწი, აღარაფერს ვიყიდით თქვენგან და სულ შიმშილით რომ დაიხოცება ჩვენი მოსახლეობა, მერე ნახეთ, რა მოგივათ, გულები რომ დაგეთუთქებათ და მორალი რომ ბოყინით მოგკლავთო!

გაოგნებულმა დასავლეთმა ჯერ ერთმანეთს გადახედა, ეს ალაოდ ხომ არ არისო, და რომ მიხვდნენ, არ იყო ეს ბლეფი, გაფითრდნენ და აღშოთებების ტონუსი მკვეთრად ჩამოუვიდათ შეშფოთებების დონის ქვემოთ, რამეთუ, მართალია, რუხეთის მოსახლეობას იმაზე ცოტად ნაკლებადაც ნაღვლობდნენ, ვიდრე უღრაინისას, მაგრამ იმას კი მაშინვე ზურგის ტვინით მიხვდნენ, რომ ასე თუ გაგრძელდებოდა, ყველიც ოხრად დარჩებოდათ, და ფუა-გრაც! და ფუა-გრა თუ ოხრად დაგრჩა, მერე მარტო ვიაგრა რას გიშველის 21-ე საუკუნის განათლებულ საბაზრო საზოგადოებას?!

ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამ გარდამტეხ მომენტში უღრაინელებმა შეუტიეს, მარა რა შეუტიეს!.. თანდათან გაახსენდათ ძველი ტრადიციული ბრძოლა, და მართალია, თვითმფრინავებს ისევ ხშირად კარგავდნენ, მაგრამ სამაგიეროდ მწვანე კაცუნებს დაადეს მიტკლისფერი… და ამბოხებული აღმოსავლეთ უღრაინა შაგრენის ტყავივით შეავიწროვეს…
აყვირდა უკვე სერიოზულად შეშფოთებული და სახეწამოწითლებული ფეოლა-დასავლეთი – „ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვასო!“ და შიგადაშიგ, ოლღა ბებიასავით გამოურია – „მოაბრუნე, ილარიონ, მოსაწველია, რძე შეაწუხებსო!“, მაგრამ უღრაინის პრეზიდენტმა ილარიონის ნაცვლად, იროდიონივით გადაწყვიტა, ტემპი არ დაეკარგა და „ხვედელიძე“-ზე ხომ, საერთოდ სულ არ რეაგირებდა!

– არ გვინდოდა, ჩვენ, ეს გლახა ამბავიო! – გულწრფელად წუწუნებდნენ მისტრალების და მერსედესების მწარმოებლები, მაგრამ რუტინს რა ენაღვლებოდა, სულ რძესავით თეთრები ჰქონდა მოსხმული დედა ტერეზასავით და იძახდა, – ახია თქვენზეო. მერე როგორც იქნა მოლბა და ხრისტიანულად თავი მდაბლა დახარა – ჯანდაბას, ვინმეს ხომ უნდა შეეცოდოს ხალხი, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს გაჭირვებულ ადამიანებზე და ჩემზე უკეთ, ხომ ვიცი, ეს არავის გამოუვა (განდიც მკვდარია, და ტერეზაცო!)

ჰოდა, იმისთანა უნივერსალური იარაღი დააძრო, ყველამ ხელი აწია – 300 სპარტელი და 300 არაგველი რა მოსატანია, 300 რძისფერი ტროას „ღრუზავიკი“ გამოიღო სახელოდან და „ჰუმანიტარიუს“ დააწერა მისტიურ სიტყვად ჩვენი დროის ჯადოქარმა. დაიძრნენ „ღრუზავიკები“ ხვნეშა-ხვნეში (თუმცა ნახევრად ცარიელები იყო, მაგრამ მაინც ხვენშდნენ ყასიდად – „ქალაქი ანარას“ გმირი „გრელკებიანი ვაშკაცივით“) და რაც უნდოდათ, ის შეიტანეს უღრაინაში, და უფრო მეტად, რაც უნდოდათ, ის გამოიტანეს – უთვალავი იარაღი და დანახშირებული მწვანე კაცუნების გვამები, რომ „ძერჟავას“ რძესავით ქათქათა რეპუტაციას ჩრდილი არ მისდგომოდა…

და ამ უნივერსალური იარაღით თვითნებურ შეჭრას (ხალხი იღუპება, და – რა დროს წესებიაო, მოუკვდა პატრონი, კამაზით შემოვარდნილა რუტინი ბატონი) მეორე დღესვე საკვირველი შედეგი მოჰყვა – მწვანე კაცუნებმა უცებ ლამის მთელი უღრაინის ჯარების ტოლი არტილერიით და ტანკებით რომ დაცხეს, ეს არაფერი. ამას ის დაემატა, რომ გულზეშემოყრილმა დასავლეთმა პირდაპირ განაცხადა ფრაუ მერხელის პირით, ძაან გვინდა უღრაინის ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ ისეთი, რუხეთის ბედნიერებას რომ არ ხელყოფსო… თან ყველა ძაან გვიყვარხართ, მაგრამ თავო და თავო, ხომ გაგიგონიათო… და ჩვენი ფერმერები ანერვიულდნენ, ემანდ ჩილემ და არგენტინამ არ ჩაგვანაცვლონ აგრესორ იმპერიაშიო…

უღრაინის პრეზიდენტიც ადგა და წავიდა კანოსაში (ნუ, თითქმის იქვე) თავისი ფეხით…
დანარჩენი ტექნიკის ამბავია…

ასე გადაარჩინა ჰუმანიტარულმა ტროას ცხენებმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისაგან!

და შედეგად მივიღეთ ნელა მოთუხთუხე მესამე მსოფლიო ღომი…

= = = = = = = = = =

ეპილოგი:

ათასობით ხალხია დახოცილი – უკრაინელებიც და რუსებიც. არა მარტო სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც, ამ ტრაგიკული ადამიანური მსხვერპლის გარდა, რაც მართლაც საშურია, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს, ქვეყანა სულ უფრო პარტახდება. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს სეპარატისტული ანკლავი დონბასში და ლუგანსკში რამენაირად ავტონომიურ ერთეულად დააფიქსიროს და შემდეგ ისევე მოახდინოს ნელი მოქმედების ბომბის ხელახალი აფეთქება, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმში… და როგორც შეიძლება, მომავალში გეგმავდეს, გააკეთოს ეს ლონდონში, პრაღაში თუ ბრონქსში, თუმცა ეს დღეს მართლაც აბსაურდული ზღაპარად ჩანს, მაგრამ სულაც არაა ზღაპარი, რომ ზუსტად იგივე თავად რუსეთს მალე გაუკეთოს ჩინეთმა ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში…

თანამედროვე დასავლური სამყარო რბილად მოქმედებს. ამაში არის პოზიტიური მომენტიც და ნეგატიურიც. თავის დროზე ჰიტლერის დაშოშმინება სერიოზული მარაზმი აღმოჩნდა. ვნახოთ, ახლა რამდენად პოზიტიური იქნება დაშოშმინების პოლიტიკა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევანი ფაქტიურად არც არის, რადგან ადამიანური სიცოცხლის ღირებულების, როგორც განუმეორებელი განზომილების მუდმივმა ზრდამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ თავდაუზოგავ ავკაცებს არ ედარდებათ არაფერი და დაუფიქრებლად მიდიან სამხედრო ავანტურაზე…

რეცეპტები არ არის… არის მწარე სარკაზმი და მარადიული დეჟავიუს განცდა… რუსეთი სულ უფრო ემსგავსება კამორას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის სურს, ხოლო რუსეთს თავისი კამორობა არ ეთმობა და მზადაა ისევ დაბრუნდეს ტოტალიტარულ იზოლაციაში, რაც მართლაც არ იქნება გამოსავალი, თუ გავიხსენებთ, რომ საზარელ 1914 წელს არანაკლებ საზარელი 1917 წელი მოჰყვა…


ვალდებულების სიმძიმე – ყირიმული გაკვეთილები


russian_soldiers.jpg.size.xxlarge.letterbox

„ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“ (ა. სენტ-ეგზიუპერი, „პატარა უფლისწული“)

ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები უკრაინაში და გასაგებია, რომ ეს პუტინის მიერ ხდება დაჩქარება – რუსეთი ხომ ყველაზე დიდხანს ემზადებოდა ამ შესაძლო სცენარებისათვის, ყველაზე ნაკლებ სჭირდება პოზიციების ვინმესთან შეჯერება (საერთოდ არავისთან, რადგან არავინ – ჩინეთი და ყაზახეთიც კი – რეალურად მხარს არ დაუჭერენ!), და ყველაზე მეტად წააგებს, თუ გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდება – ყოველდღე ძალიან ძვირი უჯდებათ ვარდნისკენ წასული რუბლის და საფონდო ინდექსების შენარჩუნება!

მაგრამ ეს ობიექტური ფაქტორებია!

არის სუბიექტური ფაქტორიც, რომელიც პუტინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია!
პუტინს მუდმივად სურს განამტკიცოს თავისი უძლეველობის მითი! 2008 წლის შემდეგ მას აღარ აქვს იმის ილუზია, რომ მსოფლიოს თავის დემოკრატობას (სუვერენულს, ტანდემურს, ევრაზიულს თუ ჯანდაბურს) დააჯერებს. უკეთეს შემთხვევაში, იცის, რომ მას მხოლოდ რაკეტების და ენერგომატარებლების გამო აიტანენ. ასე რომ, რაც უფრო მეტად დააშინებს იგი მსოფლიოს, მით უკეთესი მისთვის. აი, ქვეყნის შიგნით კი მისი რეიტინგი მისი დემოკრატობის უკუპროპორციულია. ამიტომაც, რაც უფრო მეტი იქნება დასავლეთის თუნდაც ზიზღნარევი ძრწოლა პუტინის მიმართ, მით უფრო მაღალი იქნება მისი რეიტინგი რუსეთის იმპერიაში (დავივიწყოთ, რომ რუსეთს უახლოეს დეკადაში მაინც დემოკრატიული განვითარება უწერია, ან რომ იმპერიულ სტატუსზე რომელიმე რუსი მმართველი, ნავალნი იქნება თუ კასიანოვი – გადაჭრით უარს იტყვის…)

ხოლო პუტინის ამ შიშისმომგვრელ იმიჯს საშინელი დარტყმა მიადგა 3 მარტს! არა მარტო იმით, რომ რუსეთის ეკონომიკამ ერთ დღეში 72 მილიარდი დოლარი იზარალა, არამედ იმიტომ, რომ იმ დღეს რუსეთს ულტიმატუმი გამოუცხადეს! სულაც რომ 700 მილიარდი ყოფილიყო პუტინის ზარალი იმ დღეს, მისი სტრატოსფერული ცნობიერება და ჰიპერეგო ვერაფრით აიტანდა ამ ფაქტს, რომ მას ობამამ (რეიგანი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო!) ულტიმატურად მოსთხოვა ყირიმიდან ჯარების გაყვანა. ამიტომ მან ის გააკეთა, რასაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც პუტინის ფსიქოლოგიას იცნობს, ადვილად იწინასწარმეტყველებდა – მარტის ბოლოს ყირიმის დამოუკიდებლობაზე დანიშნული რეფერენდუმი გაცილებით ადრე – 16 მარტისთვის გადმოიტანა, ხოლო ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა იმაში, ეს რეფერენდუმი რა შედეგს მოიტანს, ყირიმის პარლამენტმა უკვე დღეს ხმათა 100%-ით სთხოვა რუსეთს ყირიმის შემადგენლობაში რუსეთის შეყვანა!

გასაგებია, რომ მთელი დასავლური სამყარო გაოგნებულია! ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არალეგიტიმური გადაწყვეტილებაა, რომ უკრაინის კონსტიტუციით ასეთი გადაწყვეტილების რეფერენდუმი მარტო ყირიმში კი არა, მთელ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, რომ დაუშვებელია სხვის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების შეყვანა, ახალი მთავრობის კომპლექტაცია, უკრაინის ჯარების ბლოკირება, უკრაინის მთავრობის სრული იგნორირება, ათასნაირი ტყუილების შეთხზვა უკრაინაში რუსების დევნის შესახებ და 45 მილიონიანი ქვეყნისათვის 26,000 კვ. კმ ტერიტორიის და 2 მილიონი მოსახლეობის „შეწერა“… რომ საზღვრების ურყევობა და სუვერენიტეტი, როცა საქმე დემოკრატიულად არჩეულ ქვეყანას ეხება, განუხრელად უნდა იყოს დაცული…

ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ…

ა) ყირიმი უკრაინას ხრუშჩოვმა აჩუქა და მანამდე იგი რუსეთის ტერიტორია იყო, ხოლო მანამდე – თურქეთის…
ბ) თუ ლაპარაკია უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ იანუკოვიჩის გადაყენების და ამჟამად მოქმედის მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები არსებობს.
გ) ყველაფერი სწორი იქნებოდა, როცა საქმე საზღვრების ურყევობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება, რომ არა კოსოვოს პრეცედენტი. გასაგებია, რომ მილოშევიჩის მთავრობას დემოკრატიულს ვერაფრით დაარქმევდი, მაგრამ კოსოვო ხომ მაშინ აღიარეს, როცა მილოშევიჩი აღარ იყო, ხოლო სერბეთის მთავრობა – ძალიანაც დემოკრატიული?!
დ) დაბოლოს, ვლადიმერ პუტინისთვის დასავლეთის ყველა არგუმენტი ძალიან უსუსურია, რადგან ეს არგუმენტები არსებობდა 2008 წლის აგვისტოშიც და მიუხედავად ამისა, მან საქართველოში სრულმასშტაბიანი ანექსია განახორციელა და ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო დე-ფაქტო – მიიერთა! და ეს ყველაფერი, დროებით და მცირე პრობლემებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, გაუვიდა! ჰოდა, პუტინის გაგებით, რაც ერთხელ გაუვიდა, ის მეორედაც უნდა გაუვიდეს!

საინტერესო ისაა, რომ თავიდან ალბათ უკრაინისგან ყირიმის დამოუკიდებლობის ვარიანტიც განიხილებოდა, ზუსტად ისევე როგორც აფხაზეთისა, ყოველგვარი რუსეთთან მიერთების გარეშე, რაც „უხერხულობას“ ნამდვილად უქმნის რუსებს. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით, რუსეთს ყირიმთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ხოლო მედვედევი როდის ააშენებს ქერჩის სრუტეზე ხიდს – უცნობია, ამიტომ პუტინმა ეს ნიღაბიც ჩამოიხსნა და ყირიმის გადაყლაპვის სურვილი ღიად გამოაცხადებინა ყირიმის პარლამენტს…
მოკლედ, ბიჭი ვარ და მოვდივარო!.. ეს იყო ულტიმატუმზე პუტინის თავხედური პასუხი…
ვნახოთ, რას უპასუხებს შეშფოთებული დასავლეთი… ფაქტია, რომ დეესკალაცია აღარ გამოვა – როცა ვინმე კედელთან მიგიმწყვდევს, მერე მობოდიშებას უკვე დეესკალაცია აღარ ჰქვია.

გამოსავალი?
კრიზისის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ უკრაინული ოპოზიციის მხრიდან იანუკოვიჩის გადაყენება არჩევნებამდე იქნებოდა ძალიან მძიმე შეცდომა. არც შევცდარვარ. სხვათა შორის მისი კიევიდან გაქცევის შემდეგაც, ალბათ, ჯერ კიდევ არ იყო გვიან მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემა და იმის მიღწევა, რომ ლეგიტიმურად წასულიყო. მაგრამ ეტყობა, რევოლუციურმა მართლაც არნახულმა წარმატებამ და თავდავიწყებამ, სევე, როგორც საოცარმა სისხლიანმა ტრაგედიამ, რომელსაც იანუკოვიჩს მართლაც ვერაფრით ჩამოაწერ, არ მისცათ ამის საშუალება…
ასევე ყველასთვის გასაგები იყო, რომ პუტინი ან მიიღებდა მთელ უკრაინას ფეშქეშად, ან – ყირიმის დათრევას მაინც შეეცდებოდა, თუ დარწმუნდებოდა, რომ მთელი უკრაინის დაიღლიავება არ გამოუვიდა…
ძალიან დიდი შეცდომა იყო იანუკოვიჩის გაქცევისთანავე ევრომაიდნის მიერ ხელისუფლების ისე ფორმირება, რომ აღმოსავლეთ უკრაინასთან არავითარი კონსულტაციები არ ჩაატარეს, ხოლო კიდევ უფრო მიუტევებელი – რადას ნაჩქარევი გადაწყვეტილება რუსული ენის სტატუსის გაუქმებაზე. მართალია, მერე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და რუსული ენის სტატუსი ისევ იგივე დარჩა, მაგრამ სიტყვა ჩიტზე უსწრაფესად გაფრინდა და რუსეთს და აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მეტი არ უნდოდათ…

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ როგორც პუტინმა ვერ მიიღო მთელი უკრაინა, ასევე ნაკლები შანსია იმის (ამჟამად მაინც), რომ პროდასავლურმა, მაგრამ აღმოსავლეთ რეგიონების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულმა ხელისუფლებამ მოახერხოს მთელი უკრაინის ევროკავშირისკენ და ნატოსაკენ წაყვანა (არც ეს ნატოში შესვლის დაკანონება იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან დიდი სიბრძნე, აჯობებდა, ეს საკითხი რეფერენდუმზე გამოეტანათ)…

მოკლედ არჩევანი ასეთია –
ა) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება უბრუნდება 21 თებერვლის ავადსახსენებელ შეთანხმებას (რაც იანუკოვიჩის პრეზიდენტად დაბრუნებას ნიშნავს და ახლა უკვე მეც გამორიცხული მგონია!);
ბ) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ თანახმაა უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაუყონებლივ ხელმოწერაზე და ნატოში მისაწრაფებაზეც და ორივე ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს, იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყვის ყირიმის პარლამენტის თხოვნის შესრულებაზე, მოხსნის ყველანაირ ბლოკადას და გაიყვანს ყირიმიდან ყველა იმ საჯარისო ფორმირებას, რომელიც იქ 1 თვის წინ არ იყო;
გ) ან უკრაინის ხელისუფლება ღიად და არაორაზროვნად მიმართავს ევროკავშირს და ნატოს, მიიღოს იგი თავის რიგებში ყირიმის გარეშე და ამით ფაქტიურად აღიარებს, რომ დე-ფაქტო ყირიმი უკვე დაკარგულია.

ხოლო აშშ, ევროკავშირსიდა ნატო, თუ სურთ, რომ მათ მიერ მიერ შარაგზის ყაჩაღისათვის გამოცხადებული ულტიმატუმი უსუსურ ბლეფად არ ჩაითვალოს, ვალდებულნი არიან:
ა) საქმით დაამტკიცონ ყბადაღებული სიტყვები იმაზე, რომ უკრაინას დაიცავენ! კერძოდ, – გაამკაცრონ სანქციები, არა მარტო უკრაინის ყოფილი ხელისუფლების, არამედ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართაც.
ბ) თუ საჭირო გახდება, მოახდინონ სამხედრო ძალის დემონსტრირებაც საზღვაო ხომალდების სახით;
გ) ღიად განაცხადონ, რომ, გამომდინარე არსებული ექსტრემალური მდგომარეობიდან, რუსეთის მიერ ყირიმიდან ჯარების არგაყვანის შემთხვევაში და თუკი რუსეთის დუმა დაამტკიცებს ყირიმის რუსეთისათვის მიერთებას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სტრუქტურები დაიწყებენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაციის დაჩქარებულ პროცესს, თუ ასეთი ტიპის თხოვნა გამოხატული იქნება შესაბამისი მთავრობების მიერ.

… ხოლო თუ ხვდებიან, რომ ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება, მაშინ აჯობებს, დროულად აღიარონ ეს, რადგან როგორც დანტემ ჯოჯოხეთში აღმოაჩინა, უმძიმესი ცოდვაა დაპირება და მინდობილის მოტყუება…
=====
Tu deviens responsable pour toujours de ce que tu as apprivoisé.
„- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი.
შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…


მძიმე ფიქრები


ვინ იყვნენ ის დღემდე მოუხელთებელი სნაიპერები, რომლებმაც კიევში პროტესტანტები და პოლიციელები დახოცეს?

ბოლო დღეებში ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვერსიები, ვიდეოკლიპები და ანალიზები, რომელშიც ისმის ასეთი კითხვა – ნამდვილად იანუკოვიჩის მომხრეებმა დახოცეს კი მაიდანზე ათობით პროტესტანტი?

დღეს კი გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქეთრინ ეშტონთან (http://www.youtube.com/watch?v=ZEgJ0oo3OA8), სადაც მინისტრი უყვება ევროკომისარს კიევში ვიზიტის შესახებ და უზიარებს მაიდნის სამედიცინო სამსახურის უფროსის – ოლგა ბოგომოლეცის – ეჭვებს იმის შესახებ, რომ როგორც პროტესტანტები, ასევე პოლიციელები მოკლულნი არიან ზუსტად ერთი და იგივე ტაქტიკით და ტყვიების ანალიზიც საეჭვოს ხდის იმას, რომ ისინი შეიძლება ერთიდაიმავე სნაიპერთა ჯგუფის მსხვერპლნი იყონ!

მოდით, ასე დავსვათ კითხვა (რასაც თავად ესტონეთის მინისტრიც კითხულობს დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე – http://rus.postimees.ee/2718414/press-konferencija-urmasa-pajeta-v-svjazi-s-ego-razgovorom-s-kjetrin-jeshton-tekstovaja-transljacija) – თუ ეს სატელეფონო საუბარი მაშინვე – 26 თებერვალს მოისმინეს, რატომ გაჩნდა ჩანაწერი ქსელში სწორედ ახლა და არა ერთი კვირის წინ? დიდი შანსია, რომ მაშინ მას, ვინც ეს საუბარი ჩაწერა, არ ეგონა, რომ მისი ასე მალე გამოყენება დაჭირდებოდა. ახლა კი მოვლენები ისე ვითარდება, რომ მომსმენმა მხარემ თავისი პირვანდელი პოზიცია – “მოდი, ეს „ბომბი“ სამომავლოდ შევინახოთ!” – შეცვალა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომელ მხარეს გადაიხარა პოლიტიკური უპირატესობა 26 თებერვლის შემდეგ, გასაგებია, რომ ჩამწერი მხარე რუსეთი ან მისი ერთგული იანუკოვიჩის სპეცსამსახურები იყო (იუთუბზე ატვირთულ ვიდეოს სწორედ ასე აწერია, რომ ჩაწერა იანუკოვიჩის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა!), ამიტომ ახლა გავრცელებაც (როცა რუსეთმა ყველაზე სერიოზული მოკავშირე – იანუკოვიჩი დაკარგა) ლოგიკურად სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედის.

ვერსია 1) – სნაიპერები რუსები (რუსი სპეცნაზელები) იყვნენ!
ახლა ეს ვიკითხოთ – შეეძლო თუ არა რუსეთის მხარეს დაექირავებინა სნაიპერები, რომლებიც ორივე მხარეს დახოცავდნენ ხალხს? თუ დავუშვებთ, რომ სახურავებიდან სწორედაც რომ რუსეთის სპეცნაზის წევრები ისროდნენ, არაა გამორიცხული, რომ მათ სწორედ ასეთი დავალება ჰქონდათ, როგორც ის, რომ ისინი მას “წარმატებით ასრულებდნენ”, უფრო წარმატებით და უყოყმანოდ, ვიდრე ამას უკრაინელი სპეცნაზი იზამდა… რა უნდა ყოფილიყო ამ ქმედების მიზანი? – იმის მერე, რაც დაინახა, რომ იანუკოვიჩს ქვეყნის მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და რომ არც ძალის გამოყენებას აპირებდა, რუსეთს, სავარაუდოდ, აწყობდა ორივე მხრიდან სისხლის დაღვრა, რაც ან იანუკოვიჩს აიძულებდა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა, ან სრული ანარქიის პირობებში რუსეთს მისცემდა საბაბს ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ანექსია მოეხდინდა და წესრიგის დამმყარებლად მოვლენილიყო.

ვერსია 2) – სნაიპერები მემარჯვენე ნაციონალისტები იყვნენ!
რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ მაიდნის მხარეს პრინციპულად არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ძალები, რომლებიც ასეთ საშინელ გეგმას დასახავდნენ. ის ფაქტი, რომ მრავალ ვიდეოში ისინი საკმაოდ დამიზნებით ისვრიან მოწინააღმდეგის მხარეს, ნამდვილად ართულებს ასეთი იდეალისტურ შეხედულებას. რა უნდა ყოფილიყო ამ ქმედების მიზანი? – იანუკოვიჩის ხელისუფლების ჩამოგდება და ევოლუციურიდან რევოლუციურ სცენარზე გადასვლა, სადაც უფრო ზომიერი და პროდასავლელი ლიდერების ჩანაცვლებას მოახერხებდნენ.
ასე რომ, გამოძიებაა ჩასატარებელი. მიუკერძოებელი გამოძიება!

ვერსია 3) = ვერსია 1) + ვერსია 2)დაბოლოს, როდესაც ვისმენდი ამ მემარჯვენე სექტორის “მოლოდჩიკების” განცხადებებს – რომ უკრაინა უკრაინელებისთვის უნდა იყოს და რომ ყველა დანარჩენი უნდა წავიდეს თავის სამშობლოში, სულ იმას ვფიქრობდი, თუ ვისთვის იყო პოლიტიკურად ხელსაყრელი ოპოზიციის მხრიდან: ა)მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, ბ)ხელისუფლების შენობებში შევარდნა, და გ) უკვე იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგაც კი ასეთი ქსენოფობიური განცხადებები ბი-ბი-სის ეთერში? პასუხი ლოგიკურად ერთია – რუსეთისთვის! რომელიც ამ ყველაფრის გამოყენებით საკმაო არგუმენტებს აგროვებს იმისათვის, რომ ამტკიცოს, მაიდნის მხრიდან ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი და მაიდნით მოსული ხელისუფალნი არ არიან(ნაწილობრივ მაინც) ევროპული დემოკრატიის განუხრელი მცველები!

ასე რომ მესამე ვარიანტი, რომელიც ორივე პირველს აერთიანებს ასეთია –
დიახ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის დაგეგმილი!
დიახ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მემრაჯვენე ნაციონალისტების ნამოქმედარიც!
და
დიახ, მემარჯვენე ნაციონალისტები შეიძლება ყოფილიყვნენ რუსეთის ფსბ-ს იარაღი, ისე, რომ იქნებ თავად (მათმა უმრავლესობამ) არც იცოდა ეს! D:D:D

ის, რომ ეს ამბავი დღეს გასკდა, როცა ევროკავშირმა უკრაინისათვის 11-მილიარდიანი (ხოლო ცოტა ხნის შემდეგ 15-მილიარდიანი (!) დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა, იმას მაფიქრებინებს, რომ იუთუბზე პაეტის და ეშტონის საუბრის ჩანაწერი სწორედაც რომ რუსების ატვირთულია, რომელთაც დღეს ევროკავშირის ამ დახმარების მოსმენაზე „ჟიდკოსტმა გაუსხა!“ 🙂 არადა, თუ ნამდვილად სუფთები არიან და ასეთი სერიოზული კომპრომატი (თუ – კომპრომატული ეჭვი) ჰქონდათ, წესით მაშინვე უნდა განეთავსებინათ, ხომ?! და უშიშროების საბჭოს სხდომაზეც სულ ეს ჩანაწერი უნდა ეფრიალებინა ჩურკინს და არა – იანუკოვიჩის ძველი რიცხვით შეთხზული ლიპა წერილი… ასე რომ, ვფიქრობ, არც ისე სუფთადა ჰქონდათ (რუსებს) საქმე. მოკლედ, ჩემი აზრით ან #1 ვერსიაა სიმართლე, ან – #3!
სხვანაირად, სწორი ვერსია რომ #2 ყოფილიყო – სულ ცოტა 1 მარტს უნდა გაგვეგო ეს ამბავი!

რევოლუციის დროს იქ, სადაც არიან გმირები, მათ გვერდზე არიან ხოლმე პოლიტიკოსებიც, პროვოკატორებიც და ბანდიტებიც… გმირები უფრო ხშირად იღუპებიან (ბევრი მათგანი სწორედ მერე იქცევა გმირად!), დანარჩენები – უფრო ხშირად იმარჯვებენ…

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი იყოს ზედმიწევნით ობიექტურად გამოძიებული…


მიუნხენი-2? (მიმართვა 21-ე საუკუნის დემოკრატ მმართველებს)


obama-putin-faceoff1

ვფიქრობ, ამაღამ (04.03.2014) რუსული ჯარები ყირიმში სისხლიან კონფრონტაციაზე წავლენ!

მიუხედავად რუსების მიერ უკრაინელებისათვის დილის 5 საათამდე “დიდსულოვნად” მიცემული ულტიმატუმისა, მათ უკვე დაიწყეს სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბზე შეტევა! ნაცნობი პროვოკაციული მეთოდით – წინ გაუშვეს ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები და სპორტსმენები – ტიტუშკები. თუ უკრაინელები თავდასაცავად იარაღს გამოიყენებენ, რუსები მათ ჩახოცავენ, თან წინასწარ გადაიღებენ, როგორ გაიხსნა “პირველი ცეცხლი” უკრაინელების შტაბიდან! D:D:D

პუტინის აჩქარების მიზეზი ორია –
1) მას არ სურს ეუთოს სადამკვირებლო მისიის შესაძლო ჩამოსვლის შემდეგ (ამაზე უარს კი ვერ იტყვის) აკეთოს ბნელი საქმეები. ტერიტორია მანამდე უნდა “მოასუფთავოს”…

მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა:
2) დღეს რუსულმა საფინანსო ბაზრებმა დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის ზარალი ნახეს!

პუტინის ამოცანაა, დაუყონებლივ დაარწმუნოს მსოფლიო და თავად რუსებიც, რომ თავად უმაგარესია, და რომ მსოფლიო მის წინაშე უსუსურია. თუ სასწრაფოდ ამის დემონსტრირებას მოახერხებს, რუსული საფონდო ინდექსები და რუბლი მალე ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება! პუტინის ხსნა ელვისებურ გამარჯვებაშია! თან ძალიან კარგად ხვდება, რომ რაც უფრო მეტად დაიცდის, უკრაინელებიც და დასავლეთიც უკეთ მოახერხებს გეგმების დასახვას და კოორდინაციას!

ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ, როგორც დღეს გამოჩნდა, განსხვავებით ამერიკისაგან, ევროპელი ლიდერების დახმარების მაქსიმუმი მხოლოდ სოჭში G8 შეხვედრაზე წასვლის შესახებ გულდამწყდარი უარი და უკრაინისათვის 600 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფაა! მხოლოდ კანადის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები წავიდნენ მოსკოვიდან ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევაზე…
მართალია, უკვე მარტია, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა და გაზის გადაკეტვის პერსპექტივა უფრო მძიმე ალტერნატივაა, ვიდრე პუტინის მიერ ჯერ ყირიმის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება… ასეა?

იმედია, მიუნხენის მეორე სამარცხვინო შეთანხმებას არ ვიხილავთ! თუმცა, ჯერჯერობით პერსპექტივა საკმაოდ არაოპტიმისტურია… 😦

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღშფოთებულმა განაცხადა, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის დაპყრობითი ტაქტიკის და მეთოდების გამოყენება, და ეს დაუშვებელიაო!..

ბატონებო და ქალბატონებო!

მოვიდა დრო, ანახოთ მე-19 საუკუნის უკვე მრავალჯერ ნიღაბჩამოხსნილ აგრესორს, როგორ მოსვამთ თავის ადგილზე 21-ე საუკუნის ნატიფი დიპლომატიური მეთოდებით! (და ეს შეუძლებელი მართლაც არაა!)
მაგრამ თუ ამას ვერ ანახებთ, თქვენი მჭერმეტყველების ფასი გახვრეტილი ცენტი იქნება.

რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარება სჯობს ომს და სისხლისღვრას. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმათ, ვისაც თქვენგან მესამე მსოფლიო ომის დაწყება „ეიმედებოდა“…

მაგრამ თუ ამ მშვიდობის მისაღწევად მტაცებლისთვის რიგრიგობით თქვენი მეზობლების ბარტყების გადაყრის ტაქტიკა იგულისხმება, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი ახალი მეზობლის გაწირვა რიგში თქვენც სულ უფრო წინა პოზიციაზე გწევთ.

რადგან მტაცებლის მადა ჭამაში მოდის,!.. და მერე როგორ მოდის…

რამდენიმე დღეში ალბათ პუტინი ყირიმზე სრულ კონტროლს დაამყარებს და ცინიკური ღიმილით მსოფლიოს კიდევ ერთ სილას გააწნის…

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საბოლოო დამარცხება.
დამარცხება ის იქნება, თუ თქვენ ამას შეშფოთებით, მაგრამ მაინც ელეგანტურად შეეგუებით…

მაშინ გამოვა, ჯობდა, უკრაინელებისათვის ტყუილი იმედები არ მიგეცათ…


უკრაინული რუბიკონი


OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხელისუფლება სვეტებს ეყრდნობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, შემდეგი სვეტებია:
1) სამართლის ძალა
2) განათლების ძალა
3) რწმენის (იდეოლოგიის) ძალა
4) რეპრესიული (პოლიციური) ძალა
5) სამხედრო ძალა
6) ხალხის ნდობის (ერთობის) ძალა
7) ფულის (ეკონომიკის) ძალა
8) დემოკრატიის ძალა
9) გარე (საერთაშორისო) ფაქტორების ძალა.

სხვადასხვა სტრუქტურის თუ ქვეყნის ხელისუფლების სიმტკიცეს, როგორც წესი, ამ სვეტების სიმტკიცე განსაზღვრავს. ზოგიერთ ქვეყანის ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სვეტი გააჩნია საყრდენად, სხვები – უფრო ჰარმონიულ პორტალს ქმნიან. საინტერესოა, რომ თავად დასახელებული ფაქტორები სულაც არ არიან ერთმანეთის მიმართ ჰარმონიული და შეიძლება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ რაც უფრო სტაბილურია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ენერგეტიკაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ან – იმპერიული ტიპის სახელმწიფოების რეპრესიული და სამხედრო ძალა, მით უფრო სუსტია იქ არსებული დემოკრატიული ფაქტორი. თუ შევადარებთ, მაგალითად ჩინეთის და ლუქსემბურგის სახელისუფლებო სვეტების არქიტექტონიკას, საკმაოდ განსხვავებული სურათი გამოვა. და არც ისე ადვილი იქნება იმის ანალიზი, ამ ორი სრულიად განსხვავებული სისტემიდან რომელია ამჟამად უფრო მდგრადი, ან – რომლის პერსპექტივაა უფრო სტაბილური. მეტიც, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავე სახელმწიფოს საყრდენი სვეტების სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ხანომკლე ისტორიის მანძილზე ხელისუფლების საყრდენი სვეტების კონფიგურაცია და სიმტკიცე აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა 1918, 1938, 1958, 1978 და 1988 წლებში. სავარაუდოდ, რაც უფრო ნაკლებია მყარი და მდგრადი სვეტების რაოდენობა, მით უფრო მოწყვლადია ასეთი ხელისუფლება, რადგან თუ ის ბოლო 1-2 სვეტიც გაიბზარა, თითქოსდა გარეგნულად მყარი სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება ერთიანად ჩამოიშალოს. მეტიც, ხანდახან სწორედ ის სვეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცენტრალური საყრდენი იყო, შეიძლება ისე გაიბეროს და დამძიმდეს, რომ სტრუქტურის ყველაზე მტკიცე ნაწილიდან სწორედ ყველაზე საშიშ და მოწყვლად რგოლად იქცეს, და მცირედი ბიძგის შემთხვევაში სწორედ მისგან დაიწყოს რღვევა. რამეთუ იმაზე, რაც თითქოს ძალიან ძლიერია, შესაბამისად ნდობის ყველაზე მეტი ტვირთი მოდის. მაგრამ თუ სიმტკიცის შინაგანი მექანიზმი დალპა, იგი ისევე უცებ შეიძლება გადატყდეს, როგორც გარეგნულად მძლავრი, მაგრამ შიგნიდან გამოფუტუროებული ხე. ასე მოუვიდა რომის იმპერიას, მონღოლთა ურდოს, საბჭოთა კავშირს…

უკრაინის ხელისუფლების ბოლო 10 წლის ანალიზი ნამდვილად უკრაინელი ისტორიკოსების, პოლიტიკოსების და ეკონომისტების საქმეა, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად გააცამტვერა საკუთარი ხელისუფლების სიმყარის უკანასკნელი ელემენტებიც. ეს უზარმაზარი და მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანა კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს იმ მასშტაბურმა კორუფციამ და ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დეფიციტმა, რაც მუდმივად ასუსტებდა თუნდაც იმ სვეტებს (მაგალითად – ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის და ხელისუფლებისადმი ნდობის, თუ საკმაოდ სწრაფადგანვითარებადი დემოკრატიის სვეტებს), რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მთავარ და ძლიერ მხარეებად მოიაზრებოდა.

მაგრამ პოსტიმპერიულ სივრცეზე გაჩენილ თუ აღორძინებულ სახელმწიფოების სერიოზული პრობლემა საერთაშორისო ფაქტორების და ურთიერთდაპირისპირებული ვექტორების ძლიერი ზეწოლა და არასტაბილურობაა. გასაგები მიზეზების გამო, ჯერ კიდევ სუპერსახელმწიფოს ამბიციების მქონე ექს-იმპერიას ერთი სული აქვს, ხელახლა აღადგინოს თავისი სტატუსი და ზეგავლენა. მეორე მხრივ, ახლადგაჩენილი ქვეყანა მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვა ძლიერი სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო გაერთიანებებისათვის ორი მიზეზის გამო – ან რომ საკუთარი თავი გაიძლიერონ ახალი წევრის თუ სტრატეგიული მოკავშირის შემოერთებით (არაა გამორიცხული, „სტრატეგიული კავშირის“ უკან მხოლოდ ეკონომიკური კავშირი – ნედლეულის წყაროების მიწოდება ან საკუთარი პროდქუციის გასაღების ბაზრად პერსპექტივა – იყოს), ან – უფრო იმისათვის, რომ დასუსტებული იმპერიული კონკურენტის ხელახლა გაძლიერებას შეუშალონ ხელი. არც ისაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ამა თუ იმ ახლადაღორძინებული სახელმწიფოს მიმართ ახალი შესაძლო პარტნიორების ინტერესი შეიძლება გაცივდეს ან გაგრილდეს, იმის მიხედვით, თუ როგორი საკუთარი პრობლემები და წინააღმდეგობები შეხვდებათ მათ. ინტერესის ნაკლებობაც შეიძლება იყოს პრობლემა, არა მხოლოდ – ახალი ინტერესების კონფლიქტი ძველთან…

სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ხელისუფლების (ნებისმიერი, და არა კონკრეტული ხელისუფლების!) ამოცანა უნდა იყოს:
ა) არ დაუშვას შიდა სიმძლავრეების გაპარტახება (თუ იმას ვერ ახერხებს, რომ გაძლიერება მოახდინოს);
ბ) მუდმივად ზრუნავდეს საკუთარი ხალხის ნდობის რეიტინგის შენარჩუნებაზე, რისთვისაც ყველაზე ადვილია სამართლის და დემოკრატიის სვეტების განმტკიცება;
გ) მკაფიოდ მოახდინოს საკუთარი საგარეო ინტერესების დემარკაცია, ოღონდ ისე, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა ძველ პარტნიორთან/სუზერენთანაც და შეძლებისდაგვარად არ დაუშვას ამ ურთიერთობის აგრესიული ესკალაცია.

იანუკოვიჩმა პირველი და მეორე პრინციპები აბსოლუტურად უგულვებელყო, ხოლო მესამე პრინციპთან მიმართებაში ისეთი ვაჭრობა წამოიწყო, რომ ორივე მხარისთვის არასანდო პარტნიორად გამოჩნდა. ასე რომ ის მიიღო, რაც ამ დროს ხდება ხოლმე – ქვეყნის შიგნითაც და გარეთად რეიტინგის სრული დევალვაცია. საბოლოო ჯამში, დღეს ალბათ არავინ აღარ დარჩა იმის მსურველი, რომ იანუკოვიჩის შენარჩუნებაზე სერიოზულად იზრუნოს.

mezhogorie-COMB
(ფოტოებზე: იანუკოვიჩის რეზიდენცია მეჟიგორიეში. კიდევ ორი რეზიდენცია, მათ შორის ერთი ყირიმში, არანაკლები ფუფუნების ამსახველია).

ხოლო ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ის კორუფცია, რომლის დაფარვას იანუკოვიჩი მაინცდამაინც არც ცდილობდა. ხალხის მხრიდან გაჭირვების გაძლების უძლიერესი მაგალითები, რაც ლონდონელებმა თუ ლენინგრადელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს აჩვენეს, უკავშირდებოდა პირველ რიგში იმას, რომ ხალხს ჰქონდა იმის განცდა, რომ ხელისუფლებაც იზიარებდა გაჭირვებას. ამას ინგლისის დედა-დედოფლის ცნობილი ფრაზა მოწმობს – ბაკინჰემის სასახლის ბუხრიდანაც არ უნდა ამოდიოდეს კვამლი, მაშინ როდესაც მთელი ინგლისი გათოშილიაო. ამავდროულად, საკუთარი გაჭირვების მოთმინებით ატანის სურვილი მომენტალურად ქრება, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ ქამრები მხოლოდ მათ აქვთ შემოჭერილი, ხოლო ხელისუფალნი ქამრების მუდმივად მოშვების რეჟიმში არიან და განცხრომის ახალ-ახალ საფეხურებს იპყრობენ.

იანუკოვიჩის ხელისუფლების დასასრული ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოდგენილი მქონდა, თუმცა არ მეგონა, რომ იგი ასე შორს წავიდოდა, და შესაბამისად, ასე უცებ დაკარგავდა კიდეც ხელისუფლებას. იგი ნამდვილად არ არის ლუკაშენკოზე უფრო სასტიკი. და შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ვერ მიხვდა (როგორც სტრატეგიც, იგი ნამდვილად ვერ შეედრება ლუკაშენკოს), რომ მისი ხელისუფლების არსენალში მხოლოდ ორი სვეტიღა თუ იყო დარჩენილი – რეპრესიული და რუსული ფაქტორი. ხოლო როცა ასე მცირე არჩევანი დარჩა, ყოყმანი უკვე დამღუპველი იყო. თუმცა ბოლომდე რომ მისწოლოდა, ამით საკუთარი კრახის გადავადებას მიაღწევდა ალბათ, და არა – აცილებას.

საინტერესოა, რომ არამარტო რუსი მეკავშირეებისთვისაც (რომელთათვისაც იანუკოვიჩი მხოლოდ მანამდეა საინტერესო, სანამ მას უკრაინის, ნაწილის მაინც, მათ ორბიტაში დასაბრუნებლად რაიმე შანსი აქვს), არამედ დასავლეთისთვისაც (ყოველ შემთხვევაში – ევროკავშირის ლიდერებისთვისაც) ის, რაც უკრაინაში მოხდა – სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა… ევროპელები თავიდან იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ უკრაინა ხელიდან ეცლებოდათ (სანამ პუტინმა ცხვირწინ არ გამოაცალათ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოსაწერი ეგზემპლარი). და ის ხომ საერთოდ სიზმარია, რომ უკვე დაკარგულად შეგუებული უკრაინა, თურმე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეთ… თუმცა ალბათ, იმას კი კარგად ხვდებიან ახლა, რომ თუ უკრაინა დაუბრუნდათ, ეს იმდენად საჩუქარი ვეღარ იქნება, როგორც ტვირთი! განსაკუთრებით, – პირველ თვეებში და წლებში…

მაგრამ როგორც უკრაინელებისათვისაც, ისე – ჩვენთვის მით უფრო, შედარებით მეტად საინტერესო ახლა ის კი აღარ არის, რატომ მოუვიდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას ის, რაც მოუვიდა, არამედ ის – რა შეიძლება მოხდეს ახლა, რას იზამს რუსეთი, რა საფრთხეები და პერსპექტივები არსებობს და ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ იქედან, რაც ხდება…

1. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მაგალითზე თავიდანვე თვლიდა (ევროკავშირისაგან და თავად იანუკოვიჩისაგან განსხვავებით), რომ თუ უკრაინა მთლიანად არ დარჩებოდათ, ნაწილის (ნაწილების!) მიერთების და ამით უკრაინული პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის შანტაჟის კარგი შანსი ექნებოდათ.

2. იანუკოვიჩის გადაყენება რამდენად სამართლებრივი მექანიზმების დაცვით მოხდა, საკითხავია. ჩვეულებრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ კანონი დაცული არ იყო (და მაშინაც კი, თუ დაცული იყო!), გასაგებია, რომ დასავლეთისათვის მისაღები და ლეგიტიმური ორგანო – უკვე უკრაინის პარლამენტია, სადაც რეგიონების პარტიამ თავად დათმო ძალაუფლება და სპიკერი „ბატკივშინის“ ერთ-ერთი ლიდერი ტურჩინოვი გახდა, ხოლო რუსეთისათვის – იანუკოვიჩი.

3. იმით აჟიტირება, რომ იანუკოვიჩმა დონეცკიდან რუსეთში გადასვლა ვერც თვითმფრინავით და ვერც სახმელეთო საზღვრით, უკრაინელი მესაზღვრეების პრინციპული პოზიციის გამო, ვერ მოახერხა, არ ღირს. ჯერ ერთი, ეგ ინფორმაცია რამდენად სარწმუნოა, არ ვიცით. მეორეც უკრაინა-რუსეთის ლამის 2,000 კმ-იან საზღვარზე ნამდვილად მოიძებნება ალბათ ადგილი, სადაც იანუკოვიჩი ამას შეძლებს. სხვა საქმეა, რომ რუსეთს ლტოლვილი იანუკოვიჩი არაფერში ჭირდება და მედვედევის მხრიდან მის მიმართ გახმოვანებული ზედსართავი – „ჩვარი“ ნამდვილად არ საჭიროებს ზედმეტ დაზუსტებას იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა მაინც იანუკოვიჩმა, თუ არ უნდა, რომ ჩვრის სტატუსიც კი სანატრელი გაუხდეს. სავარაუდოდ, იგი შეეცდება ხარკოვში, დონბასსა და ყირიმში ვანდეა ჩამოაყალიბოს და ცენტრალურ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საბოტაჟი დაიწყოს. დიდი შანსია, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, განსაკუთრებით, კიევში ფაშისტების და ბენდეროველების გამეფებაზე და რუსების მიმართ დაგეგმილ გენოციდზე რუსული პროპაგანდის მიერ საუბრებით გაჟღენთილი, ამას გაგებით მოეკიდოს. ყირიმის პარლამენტზე, სევასტოპოლის ფაქტორზე და რუსულ ფლოტზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, სეპარატისტების სახელით მოქმედება არაა მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა და იმედია, კიევის ახალი ხელისუფლება თავისი ხისტი ნაბიჯებით (მაგალითად – რუსულ ენასთან მიმართებაში)
არ უბიძგებს რეგიონების რუსულენოვანი დამფრთხალი მოსახლეობის და ელიტის დიდ ნაწილს აქეთკენ.

4. რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური ვნებათღელვების გრადუსი დაიწევს, წინა პლანზე ეკონომიკური ფაქტორები გამოვა. ქვეყანა ისედაც იყო დეფოლტის საშიშროების წინ, და ახლა ამის შანსი 50%-ზე მეტია. კიევის ცენტრში გამუდმებულმა ბრძოლებმა და ხანძრებმა შეიძლება ისე დიდი ფინანსური ზიანი არ მიაყენა ქვეყანას, მაგრამ სტაბილურობის იმიჯი მნიშვნელოვანწილად შელახა. თავად მომიტინგეთა მიერ იარაღის და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებამ, მათ ნაწილს შორის აგრესიული ნაციონალიზმის პოპულარობამ და რამდენიმე საელჩოს დაკეტვამ გაცილებით სერიოზული დარტყამ შეიძლება მიაყენოს უკრაინულ ეკონომიკას, ევრობონდების სავალალო მდგომარეობას და ეროვნულ ვალუტას. მით უფრო, რომ ქვეყნის ოქროს რესურსები კატასტროფულად დაბალ დონეზეა თურმე.

5. მეტად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამდენ ხანს ბარიკადებზე მებრძოლი უბრალო ადამიანების მასაში ახლა დაბადებული რევოლუციური წარმატებით თრობის ფენომენი. მით უფრო, რომ ამ ადამიანებმა სწორედ საკუთარი თავგანწირვით, სისხლით, გმირობით და ერთმანეთის გატანით შეძლეს წარმატების მიღწევა და არა იმდენად, – შინაური თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით თუ თანადგომით. მათთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს ავტორიტეტი ისინი, ვისაც დასავლეთი ასე თუ ისე იცნობს, ხოლო ვისაც ისინი უფრო ენდობიან, ე.წ. „მემარჯვენე სექტორი“, Пра́вий се́ктор, ანუ ნიუ-ბენდეროველები, თავისი მკვეთრი ნაციონალიზმით თუ ნეოფაშიზმთან სიახლოვით – არ აღმოჩნდეს მისაღები დასავლეთისათვის. რაც უფრო მალე გამოიკვეთება ახალი ლიდერები და რაც უფრო მალე მოახერხებენ ისინი დასავლეთისათვის მისაღებ ძველ ლიდერებთან საერთო ენის და კონსენსუსის გამონახვას, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მიღწეული წარმატება განმტკიცდეს და არ დაინგრეს. ხოლო დასავლეთის დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან მშიერი ქვეყანა საშინელებაა, ხოლო მშიერი პოლიცია და ჯარი -საშიში… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ამ მემარჯვენე სექტორის (თუ „მართალი სექტორის“) ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სულაც არ სურს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრირება და ევროკავშირს ლამის ისეთივე საფრთხედ განიხილავს, როგორც რუსეთს…

6. დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა მოახერხოს იმის გათვლაა და გამოცხადება, რა ფინანსური დახმარება შეიძლება გაუწიოს უკრაინას. ერთი საქმეა შორიდან მოკითხვების თუ შეშფოთების გამოხატვა, და მეორე, – როცა მომავალ პარტნიორად შერაცხულ ქვეყანას უნდა მილიარდებით დაეხმარო, როცა ფული საკუთარი მოსახლეობისთვისაც არ გყოფნის…

7. პუტინის მხრიდან უკრაინის საქმეების რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას, ევროკავშირისაგან განსხვავებით, არ დაუხევია უკან 15 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და 3 მილიარდი კიდეც გადარიცხა უკვე (რასაც ახლა ალბათ ძალიან ნანობს). მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა – უკრაინის დახლეჩვა და მისი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ნაწილის – სამხრეთ-აღმოსავლეთის – მითვისება პუტინისთვის თითქოს უდავო პოლიტიკური წარმატება უნდა იყოს, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი რუსი ხალხის თვალში, ვიდრე პატარა თვალწარმტაცი აფხაზეთის და რუსებისათვის კიდევ უფრო ნაკლებმომხიბვლელი ცხნივალის რეგიონისა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სულაც შეიძლება არ აღმოჩნდეს პოზიტიური! საქმე იმაშია, რომ უკრაინის გახლეჩვას ძალიან სერიოზული დარტყმა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზეც. რუსეთს მოუწევს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯის საკუთარ თავზე აღება. წარმოების დიდი ნაწილი უკრაინაში ქვეყნის დეზინტეგრაციის შემთხვევაში გარკვეული დროით შეიძლება გაჩერდეს, რაც რუსეთის თავდაცვით მრეწველობას და მანქანათმშენებლობას დააზიანებს. რუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული სახსრების ამოღება სათუო გახდება. და თან უეჭველად დაიწყება რუსეთიდან კაპიტალის გადინების კიდევ უფრო შეუჩერებელი ზრდა. დასავლეთი საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინის გადასანსვლის მკაფიოდ დემოსტრირების ფონზე სულ უფრო მეტად დაფიქრდება, რამდენად ღირს რუსული გაზის ხიბლით რუსი დათვის მძევლად ყოფნა. პოლონეთის, ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და ბულგარეთის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა ძველ ევროპაზე, რომ მათ საკადრისი პასუხი გასცენ რუსეთს. სავარაუდოდ, რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალი, ალბათ, რამდენჯერმე მეტი იქნება, ხოლო რეცესია უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს 2008 წლის საქართველოში შემოჭრას მოჰყვა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სირიასა და ირანში საომარი მოქმედებების ალბათობის მკვეთრად შემცირების და ერაყიდან ჯარების გაყვანის ფონზე ამერიკისათვის რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობა მცირდება, ხოლო ტონალობა შეიძლება გამკაცრდეს. ეს კი ამ სიტუაციაში ძალიან გაართულებს რუსეთის თუნდაც ისეთი ტრადიციული მოკავშირეების პუტინისადმი ლიბერალიზმსაც კი, როგორც გერმანია და საფრანგეთია. თავისდაუნებლიედ, პუტინი შეიძლება აღმოჩნდეს იმის მსგავს სიტუაციაში, როგორც ბრეჟნევი 1980 წელს, როცა ლამის ერთ დღეში დაპყრობილი ავღანეთი და მოსკოვის ოლიმპიადის გახსნით გამოწვეული სიამაყე გედის სიმღერის პირველი აკორდები აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიის კრახის წინ… ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი დროზე მიხვდეს, რომ მისთვის მომგებიანი უკრაინის გახლეჩვის ბლეფია მხოლოდ, ხოლო რეალური გახლეჩა უპროგნოზო განვითარების რთულ კასკადს დაუდებს სათავეს, რომელშიც დამნაშავედ რუსეთში სწორედ პუტინს ჩათვლიან და მაშინ მას უკვე საკუთარი სახელისუფლებო სვეტების სიმყარის გამოცდა მოუწევს… საკმაოდ უცნაური იქნება რუსეთის ხელისუფალთა როლი ამ როლში, როცა ისინი მუდმივად შეეცდებიან აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის რუსოფილ ხელისუფალთა დარწმუნებას იმაში, რომ მათუ გეგმები უკრაინის გახლეჩვის მიმართულებით სულაც არაა ბლეფი, ხოლო მეორე მხრივ, დასავლელი პოლიტოლოგების და ეკონომისტების დარწმუნებას იმაში, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და რომ რუსეთისთვის გახლეჩილი და დასუსუტებული უკრაინა აბსოლუტურად მიუღებელია… თანაც, სულ არაა გამორიცხული, რომ პუტინი ხან ერთ როლში იყოს გულწრფელი და ხანაც – მეორეში!

8. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო რამდენიმე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ:
– ა) უკრაინის პრობლემები ძალიან შორსაა გადაწყვეტისაგან და იანუკოვიჩის გადაყენებას, პოზიტიური მხარის გარდა, ნეგატიურიც აქვს. ნამდვილად კარგი იქნებოდა, იანუკოვიჩი ისევე წასულიყო, როგორც თავის დროზე შევარდნაძე წავიდა და საკანონმდებლო-კონსტიტუციური ვაკუუმი არ შეექმნა ქვეყანაში.
– ბ) აუცილებელია არსებული მმართველობითი ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორება არჩევნების დანიშვნით და იმის გარანტირებით, რომ არჩევნები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი შედეგები სწორედ მთელ ტერიტორიაზე იქნება ლეგიტიმური. ამისათვის აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იქნას (რაც შეიძლება უცვლელად!) ერთადერთი კანონიერი სტრუტურა, რაც ფუნქციონირებს – უკრაინის რადა! გამარჯვებულმა ძალებმა არ უნდა სცადონ რადაში ბალანსის ხელოვნური დარღვევა, რაც რუსალენოვანი რეგიონების მოსახლეობის შიშებს და რუსეთის გაღიზიანებას გაზრდის.
– გ) აშშ, ევროკავშირი და რუსეთი – უკრაინული პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით (არ გამოვრიცხავდი იანუკოვიჩის მონაწილეობასაც, მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემის საფასურად კი მის მიერ პოსტის დატოვების სამართლებრივი პროცედურების დაცვას, თუმცა ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ) სასწრაფოდ უნდა შეთანმხდნენ ქვეყნის ინტეგრაციის და მმართველობის კანონიერი სტრუქტურების არჩევნების ჩატარების ფორმებზე და ვადებზე, ასევე – უკრაინისათვის სასწრაფო ეკონომიკური დახმარების გამოყოფის მოცულობაზე და ვადებზე.
– დ) ზემოთხსენებული გარეშე ძალები უნდა შეთანმხდნენ იმაზეც, რომ ხელს არ შეუშლიან უკრაინის განვითარებას არჩევნების შემდეგ. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა მოითხოვოს გარანტიები, რომ უკრაინა (არასოდეს ან დიდი ხნით) არ შევა ნატოში და სევასტოპოლში კვლავაც (მუდამ ან დიდი ხნით) დარჩება რუსული ფლოტის ბაზა. ამ წინადადებების განხილვის ხელაღებით უარყოფა დასავლეთის ან უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომა იქნება. აჯობებს, ისეთი პირობებზე მოლაპარაკება, რაც მაქსიმალურად მისაღები იქნება უკრაინისათვის (მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის გაცხადებულკი დადასტურება, ნატოში შესვლის და სევასტოპოლის ბაზის გასვლის გადავადება, და არა – სამუდამო დაკანონება), მაგრამ შეუნარჩუნებს სახეს რუსეთის ხელისუფლებასაც, რომელსაც შიდა ძალები ადვილად არ აპატიებენ პირში მწიფე ლეღვივით ჩასავარდნად გამზადებულ უკრაინაზე ხელის აღებას.
– ე) მაიდანზე მყოფი ადამიანები უეჭველად იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გარანტიებს და კომპენსაციებს (განსაკუთრებით – დაღუპულთა ოჯახები) და ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია რადას დონეზე. ამავე დროს, უკეთესი იქნება, თუ ეს ადამიანები და მათი არაფორმალური (ფაქტირუი) ლიდერებიც გააცნობიერებენ, რომ ამ სიტუაციაში მაინც, როცა მათი ქვეყნის არსებობა სასწორზე დევს, ზედმეტი მაქსიმალიზმი დამღუპველი იქნება და საკუთარი პირობების ხისტად დაყენებაზე უარის თქმა მოუწევთ. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს უკრაინის მმართველი ძალა არჩევნებამდე პერიოდში. აქვე მინდა ვთქვა, რომ იულია ტიმოშენკოსადმი ჩემი საკმაოდ ეჭვიანი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი პოლიტიკური პოტენციალის უარყოფა არ იქნება, ალბათ სწორი, თუმცა ესეც უკრაინელების გადასაწყვეტია. ტიმოშენკო თუ შეძლებს და თავის ამბიციებს დროებით მაინც მოთოკავს, მისთვისვე სასარგებლო იქნება…
– ვ) ყველა იმ ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკრაინის დაშლა ის ჩიტია, რომელიც ბდღვნაც ნამდვილად ღირს ან საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ან – უფრო დიდი ფასკუნჯის – რუსეთის დაშლის პროვოცირებისათვის, უნდა ესმოდეს, რომ მათი სურვილები ვერ დარჩება სამუდამოდ საიდუმლო და რომ უკრაინის ამ მსხვერპლშეწირვის ბინძური იდეით ისინი საკუთარ თავს მოლოტოვის და რიბენტროპის რანგში აყენებენ. და ისიც დროა გაიგონ, რომ თუ ერაყის და ავღანეთის დამორჩილება არ აღმოჩნდა არც იოლი და არც შესაძლებელი, მით უფრო შეუძლებელი იქნება ეს პროცესები ხელოვნურად რუსეთთან მიმართებაში.
იმპერიები, ისევე როგორც პატარა ქვეყნები, მაშინ იშლებიან, როცა მათი ხელისუფლება სრულად ამოწურავს მისი საყრდენი სვეტების სიმტკიცის რესურსებს.

======

P.S. აღნიშნული სტატიის დაწერა რუსულადაც ან ინგლისურადაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვინმე უკრაინაში ან ევროპაში მომისმენს, მაშინ როცა აქაც კი სათუოა ჩემი ფიქრების პროფესიული ფასიც და თუნდაც შინაური პოლიტიკოსების მხრიდან მოსმენის თუ არა, კამათის მზაობა მაინც 🙂

ჩემი ძირითადი სურვილი ისაა, რომ ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა გამოცდას გვიმზადებს განგება. მგონი, უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ სხვათა მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ. თუ, რა თქმა უნდა, ძველებურად არ გადავწყვეტთ, რომ მაინც საკუთარი შეცდომების დაშვება გვირჩევნია 😦