ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს


usufashvili
ბატონო დავით,

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ ძალზე საშური ინიციატივისათვის, რომელიც კანონის თანახმად თქვენ თავზე იტვირთეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმიღებული კანონის თანახმად ბორდის არჩევნების ჩატარება.

აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრების ბლოგზე გამოქვეყნებას არ ვთვლიდი აუცილებლად, რადგან მეგონა (და ახლაც მგონია), რომ საკუთარი არარჩევით განაწყენებული კაცის პოზად ჩათვლიდა მკითხველთა უმრავლესობა. ეს დღესაც არაა გამორიცხული. მაგრამ თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ, რომ ეს პროცესი ჩატარდა კანონის და ყველა ნორმის დაცვით, და ამ მოსაზრების ოპონენტებისათვის მიმართვამ, რომ ღიად დაეფიქსირებინათ, რაში არ გეთანხმებიან, მაიძულა ჩემი შეხედულება გადამესინჯა და თქვენთვის ამ წერილით მომემართა.

ჩემი სუბიექტური აზრია – თუმცა გამყარებული მრავალი ანალოგიური სუბიექტური აზრით და ავტორიტეტული ორგანოების დასკვნითაც, რომ როგორც თავად შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, ასევე თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით შერჩეული (და ერთხმად დამტკიცებული) საბჭოს კანდიდატების შემრჩევი კომისიაც მოწონებას იმსახურებენ.
სხვათა შორის, არ გამიგია რაიმე სერიოზულად დასაბუთებული კრიტიკა კომისიის მიმართ, რომელმაც საკუთარი მუშაობა წარმართა კანონის და ვადების სრული დაცვით და წარმოგიდგინათ 68-დან შერჩეული 27 კანდიდატის სიაც და გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმებიც. ეს შერჩევა, ხაზს გავუსვამ, დაეყრდნო კანონის მიერ დადგენილ ნორმებს – კანდიდატთა ავტობიოგრაფიას (CV-ს), მათ მიერ მომზადებულ მაუწყებლის კონცეპტუალურ ხედვას, ასევე მათთან კომისიის გასაუბრებას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატების უფრო სრულად გაცნობის მიზნით მათთან გასაუბრებაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა მათი მონაწილეობა სპეციალურად მოწყობილ ტელედებატებშიც.
ასე რომ, კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები არ ყოფილა, ვადები იყო დაცული, მიდგომები იყო დაყრდნობილი ობიექტურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე. მაგალითად, კანდიდატის ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შესაძლო კავშირის განსასაზღვარავად გამოყენებულ იქნა პარლამენტარ თინა ხიდაშელის ის განსაზღვრება, რომელიც მან გამოიყენა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას – პირი ითვლება პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის მქონედ, თუ იგი არის ამ პარტიის წევრი, ან წარმოადგენდა ამ პარტიას სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე (ბოდიშს ვიხდი არაზუსტი პერიფრაზისათვის).

კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე გაისმა, რომ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ან ვერ გაიგო დროულად, ან ვერ მოასწრო საბუთების შეტანა და მათ მიერ გამოთქმული იყო თხოვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსში საბუთების შეტანის ვადა გაეხანგრძლივებინა. სხვათა შორის, ჟურნალისტმა მადლენა მაჭარაშვილმა კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებთან ერთად მეც მომმართა კითხვით, პირადად რას ვიტყოდი ასეთ შესაძლებლობის დაშვებაზე. როგორც სხვათა უმრავლესობამ, ასევე მეც ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იყო (ჩემი პასუხი ქ-ნმა მადლენამ გვიან მიიღო და იგი მედიაში ვერ მოხვდა).
ბატონო დავით, თქვენ მაშინ არ დაუჭირეთ კონკურსის ვადების გაფართოებას მხარი და განაცხადეთ, რომ ვადები კანონითაა გაწერილი და კანონი უნდა იქნას დაცული. სრულად გეთანხმებით, რომ ეს უფრო სწორი იყო, ვიდრე პროცესის თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების სურვილზე მორგება.
მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც და მეც, მათ შორის, ვერ დავინახეთ პარლამენტის მხრიდან კანონის და ნორმების ერთგულება. თან, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს არის სწორედ ამ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი. და ძალიან რთული იქნება მინიშნებაც კი იმაზე, რომ იგი ან მოძველებულია, ან – უკვე გადასასინჯი.

შევეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის დარღვევა, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და არაპროფესიონალური აზრით, კანონთან მიმართებაში მოხდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში და მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შესაძლო შეცდომებზე მიმითითებთ ან თქვენ, ან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები:
1. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა – #26.4 („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“). – თუმცა თანახმა ვარ, რომ ეს მცირე პროცედურული დარღვევაა.
2. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა – სახალხო დამცველმა წარდგენა დააგვიანა, და მასზე ადრე კანდიდატი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. #26.1 („აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო…“) – ესეც მცირე პროცედურულ დარღვევად ჩავთვალოთ.
3. ყველაზე სერიოზული დარღვევა – არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა. უმცირესობამ ნაცვლად სამისა წარადგინა 2 კანდიდატი, ხოლო უმრავლესობამ – მხოლოდ 1 კანდიდატი. ამ დროს კანონი სავსებით ცალსახად განსაზღვრავს იმ რაოდენობას, რასაც უფლებმოსილი სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ. ტექსტში ნათქვამია „წარუდგენს სამს“, რაც არ არის ყველაზე კატეგორიული ფორმა, მაგრამ ამავდროულად არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაგებულ იქნას, როგორც „შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი“. იქნებ, მე ვცდები, მაგრამ არ მომისმენია დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი! – #26.1 („საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად“). აქვე დავამატებ, რომ ჩემს გაგებას, რომ ეს მოთხოვნა უმცირესობის და უმრავლესობის მიერ სწორედ 3-3 კანდიდატების დასახელების ნამდვილად აუცილებლობაა და არა დასაშვები შესაძლებლობა, შემდეგი მომენტიც ადასტურებს ირიბად: თუ ეს მხოლოდ შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ, ლოგიკურად, კანონს იქვე უნდა განემარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო კვოტით დაშვებული რაოდენობა – მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არავინ დააკმაყოფილებდა უმცირესობის და უმრავლესობის გემოვნებას.
4. დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადებიც, თუ არ ვცდები, როგორც პირველ, ასევე – მეორე შემთხვევაში – #26.5 – („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს…) და #26.6 („თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა… და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი… 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს“). სხვათა შორის, ეს დარღვევა უმცირესობამაც დაუშვა და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა მართლაც გვიან წარმოადგინა. რაც, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ამით თავის მიერ წარმოდგენილ ძალიან კვალიფიციურ კანდიდატს ფორმალური წინააღმდეგობა თავადვე შეუქმნეს.

როდესაც პარლამენტის წევრები ლოგიკურ წინააღმდეგობაზე უთითებენ და ამბობენ, ფრაქციაში ვერ შევთანხმდით ერთიან კანდიდატზე და როგორ უნდა წარგვედგინა კენჭისყრაზე, როცა ვიცოდით, რომ ასარჩევად საჭირო ხმებს მაინც ვერ მიიღებდაო, ეს ნონსენსია. რადგან მართალია, წარდგენა ხდება საკუთარი ქვოტიდან და საკუთარი ფრაქციის (ან ფრაქციათა ერთობლიობის) მიერ, მაგრამ არჩევა ხომ ხდება მთლიანად პარლამენტის მიერ! ასე რომ, თუ თეორიულად უმრავლესობის რომელიმე კანდიდატი აგროვებდა უმრავლესობაში, დავუშვათ, მხოლოდ 40 ხმას, მისი კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მას ასარჩევად საჭირო დარჩენილი ხმები (36) უმრავლესობის გარედან მიეღო და კანონის თანახმად არჩეული ყოფილიყო პირველივე ტურში. იგივე შეიძლება ითქვას უმცირესობის კანდიდატებზეც. გარდა ამისა, პირველ ტურში კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ტურში გასამარჯვებლად ხომ საჭირო ხმათა რაოდენობა 76-დან სულაც 51-მდე ჩამოდიოდა!

საინტერესო იყო თავად პროცესზე დაკვირვება.

ა) ჯერ პარლამენტში უმრავლესობის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა 27-კაციან სიაში 3-4 პირის გარდა – ცნობილი სახეები! ძალიან უცნაური განცხადებაა – როგორ უნდა მომხდარიყო სიაში „ცნობილი სახეების“ კონცენტრირება! თან რა კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ „ცნობილ სახეებს“? – ხომ აშკარაა, რომ ერთი ადამიანისთვის ვიღაცები იქნებიან ცნობილნი და მეორისათვის – სხვები! ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ კანდიდატებს (მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილს, დავით მჭედლიძეს, უჩა სეთურს, გენო გელაძეს, ჯანა ჯავახიშვილს, ქეთევან კინწურაშვილს, ნინო ლომჯარიას, ნაზი ჯანეზიშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ანნა ძიაპშიპას, ნინია კაკაბაძეს, ალექსანდრე ვახტანგოვს, ელისო ჯანაშიას… და, სავარაუდოდ – ყველას იმ 27-დან!) შესაბამის პროფესიულ წრეებში ძალიან კარგადაც იცნობენ! და რამდენადაც კანდიდატთა შესარჩევი პროფესიული წრეების ჩამონათვალი კანონის მიხედვით ძალიან ფართო იყო („… ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“), გასაგებია, რომ ასეთი მრავალფეროვანი კოჰორტა ვერ იქნებოდა უნივერსალურად და თანაბრად ცნობადი ყველა პარლამენტარისათვის.

ბ) ამ განცხადებას სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა სრულიად საპირისპირო განცხადება! – იმდენი ბრწყინვალე კანდიდატურა იყო იმ 27-კაციან სიაში, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელი იყოო (და გამოდის, გული რომ არავის ძალიან დაწყვეტოდა, ყველას თანაბრად (!) დაწყვიტეს გული!)

გ) გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო პარლამენტარებისათვის კანდიდატების უფრო კარგად გაცნობა! კანონი ითვალისწინებდა ავტობიოგრაფიის, კონცეფციის, ტელევიზიით გადაცემული გასაუბრების და ტელევიზიითვე გადაცემული დებატების ხელმისაწვდომობას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც კი ინტერნეტზე და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. გაცნობის დამატებითი ფორმა იქნებოდა პარლამენტში კანდიდატების დაბარება და მათთან გასაუბრება, რაზეც პარლამენტმა თავად უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა (რამდენადაც ვიცი, – ალექსანდრე ვახტანგოვმა, უჩა სეთურმა, გენო გელაძემ) შესთავაზეს ასეთი გამოსავალი. ამით, მაპატიეთ და, მგონი, ძალიან უცნაური მიდგომა გამოჩნდა – არ ვიცნობთ, და არც გვინდა, რომ გავიცნოთ?

გენო გელაძის შემთხვევა განსაკუთრებით აუხსნელი და გასაოცარი იყო! ადამიანი დაასახელა კოლექტიურმა ორგანომ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იქაურმა როგორც უმრავლესობამ, ასევე -უმცირესობამ! იგი ასევე დაასახელეს აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მას აქვს ტელევიზიის კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი მდიდარი გამოცდილება. კანდიდატების შემრჩევი კომისიის მიერ მან მიიღო მაქსიმალური ქულა – 9. აჭარის უმაღლესმა საბჭომ იგი განმეორებითაც დაასახელა კანდიდატად. მისი კონცეფცია არის, ჩემი აზრით, იმდენად კარგი, რომ ძალიან მაინტერესებს, ბატონი გენოს დამწუნებელი პარლამენტარები რას უწუნებენ ამ კონცეფციას. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ორჯერ ისე ჩააგდეს, რომ არც მასთან შეხვედრა და გაცნობა უცდიათ და არც რაიმე კითხვებზე (თუ ასეთი კითხვები მის მიმართ არსებობდა) პასუხის მიღება. თუ გენო გელაძის მიმართ უმრავლესობას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი უმცირესობასთან დაკავშირებულია, რატომ არ უნდა ცდილიყვნენ ამის ისევე ღიად გარკვევას, როგორც ეს კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ გააკეთა ცალკეული კანდიდატების მიმართ? გენო გელაძის შემთხვევაში, პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ იგი არ მოიწონეს, არამედ ის, რომ იგი ისე დაიწუნეს, რომ არც მას და არც ჩვენ არ განგვიმარტეს, რა იყო ამ დაწუნების ლოგიკური მიზეზი… და ამით გაჩნდა ეჭვი, რომ ლოგიკური მიზეზი არც არსებობდა, ხოლო რეალური მიზეზი გასამჟღავნებლად უხერხული იყო!…

ახლა მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რაზეც აპელირებას აკეთებდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, და დღეს თქვენც – როგორ უნდა დაგვეძალებინა რომელიმე დეპუტატისათვის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, ამით ხომ მის პიროვნული არჩევნის თავისუფლებას დავარღვევდითო!

და ვინ ითხოვს, რომ პიროვნული არჩევნის თავისუფლება უნდა დარღვეულიყო?

წარსადგენი კანდიდატურის გამოსავლენად ხომ საკმარისო იქნებოდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარება! როგორ დავიჯერო, რომ 27 კანდიდატიდან (რომლებიც ბოლოსკენ ძალიან ცნობილებად და პატივცემულებადაც კი მოიხსენიებოდნენ) არ აღმოჩნდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სულ ცოტა 2 დეპუტატის მიერ მაინც იქნებოდნენ დასახელებულნი? და თუ ასეთები იქნებოდნენ (X, Y, ან Z), სწორედ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ კენჭისყრისათვის, თუკი ყველა დანარჩენი 2-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა! სწორედ პროცესის ამ ელემენტზე უარის თქმა – უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან სავალდებულო რაოდენობის კანდიდატთა წარდგენა პარლამენტისათვის – იყო დარღვეული. ხოლო თუკი წარდგენილ კანდიდატებზე კონკრეტული პარლამენტარები თავს შეიკავებდნენ ან წინააღმდეგი იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, არავის მისცემდა უფლებას მათი არჩევნის თავისუფლება შეეზღუდა!

მეტყვიან, რომ ასეთი წარდგენა და ასეთი კენჭისყრა წინასწარ განწირული და უაზრობაა?!

რატომ?
რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუნდაც მხოლოდ ორი ხმით დასახელებული და წარდგენილი კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც მეორე ტურში უცებ არ „აქაჩავდა“ ხმების საჭირო რაოდენობას? განა ასე არ მოხდა, როცა პირველ ტურში ძალიან მცირე – n რაოდენობის ხმების მიმღებმა კანდიდატმა მეორე ტურში ლამის n+100 ხმა მიიღო? არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ცვლილება პარლამენტარების პიროვნული არჩევნის თავისუფლებაზე ზემოქმედებით შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო იმას ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა რაღაც ისეთი დაინახეს ამ კანდიდატში (ან – გაიგეს!), რამაც მათი თავდაპირველი ნეგატიური განწყობა სერიოზულად შეცვალა. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ სხვების კანდიდატურებიც რომ დამდგარიყო კენჭისყრაზე, ან პროცესის გულშემატკივარ დიპლომატებს ცოტა ადრე რომ გაეკეთებინათ კრიტიკულ-წამაქეზებელი განცხადება, იქნებ იქაც მომხდარიყო მსგავსი შთამბეჭდავი პოზიტიური დინამიკა კანდიდატების მხარდამჭერთა რიცხვში!

სხვათა შორის, პირველი ტურის ჩავარდნის შემდეგ მეორე ტურში უფლებამოსილ სუბიექტებს თითოეულ ადგილზე არა ერთი, არამედ უკვე სამი კანდიდატის დასახელებაც შეეძლოთ! – რაც რომელიმეს არჩევნის შანსებს (თუნდაც შიდარეიტინგული კენჭისყრის შემდეგ) ალბათ გაზრდიდა – #26.7 („მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან“). თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს პუნქტი კანონში ცოტა გასამართია, რადგან ცალსახად არ ჩანს, რომ იგი მეორე ტურს ეხება. თუმცა იმ რიგითობის და ადგილის მიხედვით, რაც მას უკავია და შემდეგი ფრაზის გათვალისწინებით („შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა“) ლოგიკურად გასაგებია, რომ ეს სწორედ ასეა.

მაგრამ ეხლა გადავალ იმაზე, რაც მგონი, კიდევ უფრო სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კარგად დაწყებული პროცესის ასე საჩოთიროდ გაჯანჯლება – ეჭვი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებს იღებდა, და მაშინაც, როდესაც ამ კომისიას ამტკიცებდა, მათ სრულად ვერ გაიაზრეს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება ინერციით მიიღეს! და მხოლოდ მერე „აღმოაჩინეს“, რომ თურმე, ასეთი კანონით არჩევისას, რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს (სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტისათვის მისაღები კანდიდატის გასვლა საკუთარი ქვოტიდან!), რაც უკვე აღარ მოეწონათ! და რომ თურმე მათ მიერ ერთხმად დამტკიცებულ კომისიას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანდიდატები ჩააგდოს, რაც მერე მათ არ მოეწონათ… ეს კი ალბათ, მხოლოდ ორი ლოგიკური შესაძლო მიზეზით შეიძლება აიხსნას:

1) რომ დეკლარირებული „დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული ბორდი“ მხოლოდ დეკლარირებული სურვილი ყოფილა და არა – რეალური მიზანი.
და/ან
2) რომ პარლამენტარები კანონების მიღებისას ამ კანონების რეალიზაციის პოტენციურ შედეგებს კარგად ვერ თვლიან!!!

არაა გამორიცხული, რომ ორივე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს საკითხისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ის მეორე საკითხი გაცილებით უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.

განსაკუთრებით, იმ სერიოზული გამოწვევების და ინტრიგების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოდ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ!

ბატონო დავით!

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და კეთილ სურვილებს. შეიძლება სახეზე მართლაც ლამის არავინ მცნობდეს თქვენდამი რწმუნებულ ორგანოში, მაგრამ რატომღაც მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი ნაწერები მაინც შეიძლება იცოდეს პარლამენტის (უმრავლესობის) ზოგიერთმა წევრმა. ალბათ, შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ პირადი „გაბრაზება“ არ მალაპარაკებს. ნამდვილად არ ვარ გაბრაზებული. გულდაწყვეტილი კი ვარ. და არა იმიტომ, რომ მე არ ამირჩიეთ (ან უფრო სწორი იქნება – „არა იმდენად იმიტომ“), არამედ იმიტომ, რომ თავიდან ძალიან კარგად დაწყებული პროცესი ისე წარიმართა, რომ საზოგადოების ნდობა დაიკარგა. სწორედ ეს მგონია ამ შემთხვევაში მთავარი დანაკარგი და არა – რომელიმე ჩვენთაგანის ამბიციები, უნარ-ჩვევები და გამოცდილება…

ისე კი, მიმაჩნია, რომ საზმაუს საბჭოს უკვე არჩეული 4 წევრი (ყველა მათგანს ვულოცავ!) ჯერ კიდევ კარგ შანსს ქმნის, რომ ეს საბჭო წინაზე ბევრად უკეთესი იყოს. მთავარია, რომ ახალი კომისიის მიერ ახალ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ისევ გამჭვირვალედ წარიმართოს, და რომ ეს არჩევნები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს (მაინტერესებს, რას იზამთ, თუ ახლა მომავალი 15 კანდიდატიდანაც არ აღმოჩნდება პარლამენტარების მოსაწონი 5 „დიმიტრი გელოვანი“? კენჭისყრაზე ისევ არავის კანდიდატურა დადგება?)

ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ პარლამენტარებს არ გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მოწონებით იქნება აღქმული. მაშინაც კი, თუ იგი პროცედურების, ნორმების და ლოგიკის შესაბამისობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ, თქვენს გვერდით მიგულოთ!

არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენთვისაც, საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც კარგი მინდა… და ამისთვის, არ მომერიდება გითხარათ – ძალიან მერკანტილური მიზეზი მაქვს: მინდა აქ დავრჩე და ვიცხოვრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში!

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)
(ექიმი, ბლოგერი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი)
29.01.2014

Advertisements

ავლაბრის ღამე


აღმოთქმული 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტის დარბაზის ჯაზ-კაფეში…

… და მეც დავრჩე ოცნებებში ავლაბრის კოჭლ იხვად,
ოღონდ ვთქვა, თუ ჯონდიმ  სულში როგორ ჩაიხედა,
თუ გიულიმ ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

გადადგომის  სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
კოჭლი იხვის შადრევანთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ბიძამ რომ აღზარდა,
პუტინის  გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია ნაცმო-ს სითამამე,

რომ არასდროს არ ვყოფილვარ ასე ცუდად, ვაჰ-მე.

რომ, მანქურთნო, მე თქვენს ახლო შამათს ვეგებები,
რომ მეფე ვარ – აფერისტი და ბოღმაში ვჭკნები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი “ქნარი”1

არასოდეს არ შობილა …  ვერა ასე წყნარი!

 

(1 – ცნობილი ქართველი ყველანაირი (იმნაირიც) მომღერალი, ქეთოს პარტიის შეუდარებელი შემსრულებელი)


უზენაესი კანონმდებელი


არსებობენ ქვეყნები და არსებობენ ტერიტორიები.

ქვეყნებიდან ზოგი სამეფოა (მაგალითად – დანია და შვედეთი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ არ იცის!), ზოგი – საპრეზიდენტო რესპუბლიკა (მაგალითად, საფრანგეთი და არგენტინა, მაგრამ არა – ნორვეგია ან მალაიზია, რაც არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა თემურ ალასანიამ!), ზოგი საპარლამენტო რესპუბლიკაა (მაგალითად – კანადა, ინდოეთი, ავსტრალია…), ხოლო ზოგი – ბანანის რესპუბლიკა… თანაც, როგორც ზოგ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი რეალურად აღმასრულებელ ძალაუფლებას არ ფლობს, ასევე, ზოგიერთ ბანანის რესპუბლიკაში ბანანი არ ხარობს…

საქართველო ბოლო 20 წელია ისევ დამოუკიდებელია.

თავიდანვე ჩაითვალა, რომ საქართველო, როგორც ინდივიდუალისტების ქვეყანა, განწირული იყო საპრეზიდენტო მმართველობისათვის… და მის მერე მართლაც განწირულები ვართ…

ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ მიიყვანა ბოლომდე თავისი საპრეზიდენტო ვადა, ვერცერთმა ვერ მოახერხა თავდაპირველი არანახული მხარდაჭერის შენარჩუნება. სამივეს შემთხვევაში აშკარა იყო თავიანთი დაპირებებიდან დისტანცირება და დემოკრატიული მმართველობის ლოზუნგის უკან პრივილეგირებული კლანებისა და არაკვალიფიცირებული კადრების კორუმპირებული და არაეფექტური ქსელის ჩამოყალიბება, რაც საბოლო ჯამში ხდებოდა კიდეც პრეზიდენტების დამარცხების მთავარი მიზეზი. თუმცა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო ფაქტორი – გამსახურდიას შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალების, ხოლო შევარდნაძის შემთხვევაში – რბილი გადატრიალებისთვის ამერიკული ტრენინგების სახით… სააკაშვილმა ყველაზე მეტს მიღწია, ყველაზე ბევრი მოინდომა, ყველაზე მეტი დაკარგა, მაინც ყველაზე დიდხანს გაძლო და არაა გამორიცხული – ყველაზე სისხლიანად წავიდეს…

მაგრამ სააკაშვილის მმართველობაში მოხდა ის, რაც არასოდეს მანამდე ასე აშკარა არ ყოფილა – ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ მეტ-ნაკლებად უცვლელი ფორმის მუდმივი ცვლილებები დაიწყო, პარლამენტის უფლებები მუდმივად იკუმშებოდა, ხოლო პრეზიდენტის – იზრდებოდა. ამის პარალელურად დაიწყო სასამართლოში ძალაუფლების გადასვლა პროკურატურის ხელში და ადვოკატურის, როგორც სასამართლოს კომპონენტის, სრული იგნორირება. საბოლოო ჯამში უზენაესი სასამართლო რეალურად იქცა უცხოელ ექსპერტებთან თავის მოსაწონებელ ფიტულად, რომლისადმი ნდობა, თურმე, იმის პარალელურად იზრდება, როგორც იზრდება სასჯელის წარმოუდგენელი სიმკაცრე და მცირდება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს გამოკითხვები ტარდება სწორედ სასამართლოების შენობებში, და ხშირად სწორედ იმ საცოდავი ხალხის დათრგუნული ახლობლობლები გამოხატავენ აღფრთოვანებას და მზარდ ნდობას სასამართლოსადმი, სადაც პროკურორი კარნახობს მოსამართლეს განაჩენს.

თავიდან დაიწყო სამინისტროების შემცირება და ამ პროცესს დეცენტრალიზაცია დაარქვეს. მერე კი მოხდა სამინისტროების თითქოს შემცირებული კადრების ისევ ზრდა და, რაც მთავარია, ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. რაიონებში გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობა და გაძლიერდა პრეზიდენტის რწმუნებულების ინსტიტუტი, თან რეგიონების და რაიონების ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების დახარჯვა დაიწყო საკამათო ღირებულების ხელოვნების ძვირადღირებულ ნიმუშებში, ისევე როგორც იმ კონცერტებში, რომლებზეც დასასწრებად ცენტრალური ხელისუფლების ცენტრალური გვამები და მათი თანამეცხედრეები უფასო ბილეთებს და მოსაწვევებს ღებულობდნენ ხოლმე.

ქვეყანა თავს იწონებს დემოკრატიით და ყველაზე მეტი, რაც აშენდა, – პოლიციის შენობებია! 93 პოლიციის გამჭვირვალე შენობა – 3 წელიწადში! მართალია, წელს 40-მდე საავადმყოფოც უნდა აშენდეს, მაგრამ არცერთი მათგანი სახელმწიფოს ფულით არ აშენებულა – სახელმწიფომ ეს შენობები სადაზღვევო კომპანიებს აჩუქა და მერე მათი განახლება, ან თავიდან აშენება, შეაწერა. აი, პოლიციის შენობებს კი სახელმწიფო აშენებს – როგორც დემოკრატიის მახასიათებელ მთავარ გამჭვირვალე ელემენტებს.

უცებ, საქართველოს სახელმწიფო წმინდა საპრეზიდენტო – ე.წ. ფრანგულ-ამერიკული – მოდელიდან საპარლამენტო-საპრეზიდენტო, ანუ გერმანულ მოდელზე, გადადის. პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობითი უფლებებით შეიმოსება, ხოლო პრაქტიკულად მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს გადააბარებს. ამ მოდელის დაფასებული ავტორის აზრით, ეს ევროპული ტიპის დე-ფაქტო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება, მაგრამ იმ იურისტებს და კონსტიტუციონალისტებს, ვისაც წლების განმავლობაში მართლაც რომ საპარლმენტო რესპუბლიკის მოდელზე უმუშავიათ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ სააკაშვილის კარნახით გამოძერწილი მოდელი პარლამენტის უფლებებს კიდევ უფრო დაასუსტებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი კი იმაზე მეტი უფლებებითაც კი იქნება აღჭურვილი, რაც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა. თანაც (sic!) პრეზიდენტისაგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრი არც 2 ვადით იქნება ლიმიტირებული, არც 3-ით და არც 4-ით! მთავარია, მოახერხოს გაყალბების კოდექსის ისე დახვეწა და მედიის, ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის და სასამართლოების ისეთი კოორდინირებული, შეხმატკბილებული მუშაობა, რომ გაყალბება კარგად შეინიღბოს და!.. მოკლედ, ბევრი ვიარეთ ევროკავშირისკენ და… მივადექით სინგაპურს!

პარლამენტი რომ სავსებით უმაქნისი ბუტაფორია ხდება, ეს იქედანაც ცხადია, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის, ხოლო მთავრობა თბილისში იმუშავებს. იდეაში კი პარლამენტი მთავრობას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ ეს ხომ ახლა წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება! ხოლო ჩვენს მთავრობას ისე უყვარს ეკონომია (თუ ეს კონცერტებს და შადრევნებს არ ეხება…)!.. ვიღაც დათვლის, რა ჯდება ეს ქალაქათაშორის გადაადგილებები და სამთავრობო მოსმენების უფლებამოსილებას და ჯერ ოპოზიციურ ფრაქციებს შეუზღუდავენ, მინისტრების გამოძახება ძვირი ჯდებაო… მერე კი ალბათ მინისტრების რეგულარული საპარლამენტო ანგარიშებიც სულ უფრო იშვიათად ჩატარდება… რომელიმე ნიჭიერი კანონშემოქმედი – მარადმზადმყოფი ლაშა თორდია, ან დახვეწილი გია თორთლაძე, შემოიტანს საკანონმდებლო ინიციატივას, რომ მოხდეს კითხვა-პასუხის წერილობით გაცვლა ინტერნეტით ჩეტის რეჟიმში… და საერთოდ, რატომ უნდა მოცდეს მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად? ვინ გაიგებს, თუ ინტერაქტივში სამინისტროს მხარეს კომპიუტერთან რომელიმე რეფერენტი გაგა ან კონსულტანტი რუსკა იჯდება, ხოლო მის პასუხების წინ დაეწერება „მინისტრი“?! და მერე და მერე ქუთაისის მხარესაც ხომ შეიძლება დაიხვეწოს ტექნიკა და მთელი ფრაქციის ნაცვლად ერთი რომელიმე ელდარი ან კობა აჭერდეს ხელს ერთდროულად 5 პულტს?!. და 30-ს რომ აჭერდეს?.. ან სულაც 150-ს?!! ხოლო ამ დროს ის დანარჩენი 149 ნეტარი ან მესტიაში ისრიალებს თხილამურებით, ან ლაზიკაში დაკავდება „დაივინგით“! პროგრესი ნეტარების სამსახურში! Cost-efficiency by Misha!

წარმოიდგინეთ, რა ფანტასტიური ცხოვრება იქნება! (ხელისუფლებისთვის! ჩვენი ქვეყანა ხომ ხელისუფლებისათვის არსებობს და არა ხალხისათვის!) – ნაცმოძრაობის მთავრობა თავისთვის ისვენებს თბილისში… ან კიდე უკეთესი – ვენაში, პარიზში, ბოდრუმში, ლონდონში, ბანგკოკში… ნაცმოძრაობის პარლამენტი თავისთვის ისვენებს წყალტუბოში, ლაზიკაში, ანაკლიაში… ან – ბოდრუმში, პარიზში, ვენაში… უზენაესი სასამართლო არ არსებობს… ან ვითომ არსებობს, სინამდვილეში კი იქ გარეშე პირებს არ უშვებენ და შიგნით რესტორანია გახსნილი ან – სპა-ცენტრი საუნით და სტრიპ-ბარით! კონტროლის პალატა დღედაღამ ოპოზიციის ანგარიშებს ამოწმებს… ეროვნული ბანკი ოპოზიციური პირების ბანკებშია ჩამჯდარი უკუნითი-უკუნისამდე და ადგილზევე აყაჩაღებს, რომ საინკასაციო მანქანაზე შტურმი არ დასჭირდეს… იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს ეროვნული ბანკიდან მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას იმაზე, რომელ ბიზნეს ფირმას გაეზარდა ცურები მოსაწველად და მერე გადასცემს დაზუსტებულ ოპერატიულ ინფორმაციას შსს-ს (ცურის ზუსტი განზომილებებით!), რომელიც ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებას, რა მეთოდი გამოიყენონ – ნარკოტიკის ჩადება, იარაღის ჩადება, დირექტორის შვილის დაკავება, თუ უბრალოდ – ყავაზე დაპატიჟება და ტკბილი საუბარი… მედია კი მუშაობს შეუსვენებლივ, რომ სეთურის იმედი გააკეთოს და საზოგადოებაშო ტერორი დათესოს…  თუმცა აქაც მოხდა ოპტიმიზაცია – ნაცოვიზიური გველეშაპის სამივე თავმა ჩინეთში და კორეაში გაუშვა კორესპოდენტები და იქ იღებენ მშენებლობებსა და ფერმებს, სტადიონებსა და აკვარიუმებს, ბანკებს და “გონკებს”…, რომელთაც მერე გვიჩვენებენ, როგორც რეპორტაჟებს ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან, ნორიოდან და გონიოდან, ჰერეთიდან და იმერეთიდან… მონტაჟი და მისი ჯანი! მერე რა, რომ ჩინელებით იქნება გაჯერებული, აქა-იქ ლაშა და ნოდარიკო, შიგადაშიგ პაიჭაძის ბიჭის ჰობიექტური “ნდიალოგები”, საღამოს – ტატიშვილ-ანდღულაძის დახვეწილი ჰუმორი, „ტომნი“ მაია და არტილერისტი ნანუკა… და ეგაა – ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა…

და ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია… ბათუმი, რომელიც ბარსელონაა და ანაკლია, რომელსაც არაფერიც არაკლია ნიცამდე… ლაზიკა, რომელმაც უკვე სოჭის ოლიმპიადა ჩაშალა და მესტია, სადაც უშბას გამოღრუტნიან და შიგნიდან ჰალოგენებს დაუყენებენ!.. გიგანტი ველოსიპედები გმირი მეფის ადგილზე და #1 გარეკილი – გმირი მეფის ხატებად…

თქვენ გგონიათ, ეს ირონიაა? ან ფანტაზიაა? მეც ეგრე ვიფიქრებდი, რომ არა ერთი სერიოზული კაცი, რომელიც არასოდეს ხუმრობს… მერაბიშვილზე იფიქრეთ? ნურას უკაცრავად, ვანო ხომ თურმე იუმორის მიხედვით არჩევს კადრებს კუდში და სოდში… არა, ზურა ადეიშვილზე ვამბობ, რომელიც #2 იდუმალი პერსონა იყო საქართველოში და ა.წ. 7 ოქტომბრიდან – ერთპიროვნული ლიდერია მაგ ნომინაციაში… ბატონი ზურა აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ საქართველის ბიუჯეტში მისი ფირმა ყველაზე დიდი შემომტანია – 112 მილიონი ერთ წელიწადში – ხუმრობა ხომ არაა – აი, Processual Agreement INC.-ის შენატანი ხაზინაში 2010 წელს. წელს ალბათ მოხსნიდა რეკორდს… ჰოდა, ბატონმა ზურა ადეიშვილმა 2011 წლის ყველაზე ფენომენალურ დღეს – 29 დეკემბერს (რა არ მოხდა იმ დღეს და რა არ გადაიტანა საქართველოს ბანანის რესპუბლიკამ!) პრაქტიკულად დაიწყო პროექტის „საქართველოს მენეჯმენტის ოპტიმიზაციის“ განხორციელება.

აქამდე საქართველოს უმაღლესი საკანონდებლო ორგანო პარლამენტი იყო… აქ ყველაფერი გამაზულია – არის უმრავლესობა, არის მართული ოპოზიცია, რომელიც ხანდახან ბევრს ბრახუნობს, მაგრამ საჭირო მომენტში საჭიროდ ჩუმდება (მაგალითად, როცა პრეზიდენტი ეკითხება – აბა ვინ არის კორუმპირებულიო?), არის სპიკერი, რომელშიც მომავალში სათამაშო, მაგრამ ზრდასრულ პრეზიდენტად მოიაზრება და ფეისბუქზე შარაფისმოყვარული ფანებიც ჰყავს… არის 3 დეპუტატი, რომელიც ყველა საკანონდებლო ინიციატივის ოფიციანტები არიან… არის ერთი ჩიორა, ორი ხათუნა, ერთი პადოში და ერთი მეფურნე. არის მთავრობის საპარლამენტო მდივანიც, რომელიც ისეთ წარმატებებზე ლაპარკობს, რომ გერმანიის მთავრობის მდივანი გეგონება, მაგრამ ნაცმოძრაობის ტრადიციული სენი – სიტყვა „გამჭირვალე“ ყიდის (ისევე, როგორ ინტელექტუალ სპიკერს)… მოკლედ, კონვეირი მუშაობს… წელიწადში 450 ზე მეტი კანონი დაშტამპეს, ამასთან ერთი კანონი 2-ჯერ მიიღეს, მაგრამ რას იზამ, ხდება… შტამპოვკის დროს ხდება ხოლმე… გაეპარათ…

ამას წინ კიდე ერთი უმოკლესი სიტყვა – „ამ“ გაეპარათ და ისეთი ხმაური ატყდა, რომ კორპორაცია Processual Agreement INC.-ის გენერალურმა მენეჯერმა და შეთავსებით იუსტიციის მინისტრმა ჩარევა გადაწყვიტა…

ყველაფერი გენიალური – მარტივია!

იმისთვის, რომ გაპარვა არ მოხდეს, საჭიროა რედაქტორი! ან კორექტორი მაინც! თუ მუშაობით გადაძაბულ იურისტებსა და არაიურისტებს რაიმე ისეთი ეპარებათ, რომ ამერიკის საელჩო დასვენების დღიდან საგანგებო მუშაობის რეჟიმში გადადის, ესეიგი კორექტორი მარკშეიდერივით აუცილებელი ხდება და ბატონმა ზურამ მარტივად გენიალური გადაწყვეტილება მიიღო:

ამიერიდან საპარლამენტო პროდუქციის ტექსტებზე პასუხს პარლამენტი და მისი ხაბაზები კი არ აგებენ, არამედ სპეციალური ჟურნალ-ორგანოს სპეციალისტი-კორექტორი, რომელიც სადაც საჭიროა, ამოშლის; სადაც საჭიროა, ჩაამატებს; პუნქტუაციას მიხედავს (მაგალითად, წინადადებაში „казнить нельзя помиловать“, სადაც აშკარაა, რომ ვიღაცას მძიმე გამორჩა, დაამატებს ამ მძიმეს და ყველაფერს გასაგებს გახდის); სიტყვებს გადაალაგებს, ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს და ა.შ… მოკლედ, სუფთა ტექნიკური სამუშაოა, რაზეც 450 კანონის მიმღები მაღალი რანგის პროფესიონალები არ უნდა მოცდნენ!!! მით უმეტეს მაშინ, როცა ქუთაისში იქნებიან ნეტარები!

წარმომიდგენია, იმ „ამ“-ის ამოშლის მერე რა მოხდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორც იაპონია ან გერმანიაა – კრიზისი დაიწყებოდა!

ხოლო ჩვენს საათივით აწყობილ „გამჭირვალე“ და პარლამენტ-/სასამართლო-/მედია-სტაბილურ სისტემაში კი ერთი შეფერხებაც არ მომხდარა! გამოვიდა აკო – საელჩოს უთხრა, თქვენ ხომ არაფერი მიგირტყიათო? აკოს გვერდით დაუდგა პალიკო, რითაც მირტყმის ვერსია არნახულად გამყარდა… ელექტრონულ ვერსიაში ელექტრონულად ჩასწორდა ის, რამაც აკო-პალიკოს „ფაქტი“ უკვე ალიბად აქცია და ბოლოს, ვინმეს რომ არ ეკითხა, რა „საკანონმდებლო მაცნე“, რის „საკანონმდებლო მაცნე“? – კონსტიტუციის მიხედვით ხომ ეს ყველაფერი პარლამენტის ხელახალ სხდომაზე უნდა გასწორებულიყოო? – თათარიახლად გამოიცა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელმაც კონსტიტუციის დეფექტი მყისიერად აღმოფხვრა და „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორს მიანიჭა ჭრის და კერვის იგივე უფლებები, რისთვისაც პარლამენტარები მანქანას, მდივანს, ოთახს, პენსიას, ბილეთებს, ბენზინს, ლაი-ლაი ბარათებს და შეუზღუდავი ლაილაისა და უკონტროლი ლაყაფის კეისრისგან ბოძებულ უფლებებს იღებენ (კრედიტებსა და იგლესიასის ბილეთებზე რომ არაფერი ვთქვათ).

ახლა ერთი სულ ციცქნა ნიუანსი არის მოსაგვარებელი და ამერიკის საელჩოს თუ ბოდიში არ მოახდევინოს სიდედრმაგარმა აკო მინაშვილმა, აგერ ნახეთ!

“საქართველოს მთავარ პიჯაკში”, რომელსაც ადრე „საქართველოს კონსტიტუციას“ უწოდებდნენ, და რომელიც სააკაშვილის მთავრობამ მგონი უკვე 50-ჯერ გადააკეთა, წერია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, და სწორედ მას აქვს კანონების მიღების უფლება. და კანონში რაიმეს ჩამატება, ამოშლა, პუნქტუაციის ცვლილებები, ნუმერაციის შეცვლა და მით უფრო ისეთი ჭრა-კერვა, რომელიც კანონის აზრს და მნიშვნელობას ცვლის (და თუნდაც რომ არ ცვლიდეს, აოიიიიე!) არის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის უფლება! ხოლო „საკანონმდებლო მაცნე“ არის ჟურნალი, სადაც ეს ყველაფერი ქვეყნდება…

Damned!..

მაგრამ რადგან ახლა ბატონი ზურაბის ამ მარტივი გენიალური ჩასწორებით კონსტიტუცია უკვე მომენტალურად მოძველდა, საჭიროა რამდენიმე ანალოგიურად მარტივი ცვლილების განხორციელება მთავარ პიჯაკშიც:

  1. აღიარებულ იქნას, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო არის ჟურნალისაკანონმდებლო მაცნე“, ხოლო უზენაესი საკანონმდებლო პირი  – „საკანონმდებლო მაცნესრედაქტორი. მის შემდეგ მოდიან  რედაქტორის მოადგილე, კორექტორი, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტი და ბუღალტერი.
  2. განისაზღვროს, რომ უმაღლესისაკანონმდებლო მაცნესრედაქტორის, რედაქტორის მოადგილის, კორექტორის, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტის და ბუღალტრის საერთოსახალხო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.
  3. მმართველი პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ასახელებს თავის პარტიულ ყრილობაზე 4 უმაღლესი საკანონმდებლო პირის კანდიდატურას, ხოლო ოპოზიციაბუღალტრის კანდიდატურებს, რომელთაც 2013 წლამდე ირჩევს და ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო შემდეგპრემიერმინისტრი. სწორედ ამ პირების მიმართ არის ანგარიშვალდებული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბუღალტერზე კი მეთვალყურეობას ახორციელებსოპოზიციის კონტროლის სახელმწიფო პალატა“.
  4. საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკურ ბიუროს და მას ევალება ჟურნალსაკანონმდებლო მაცნესდროულად მიაწოდოს განხილული კანონპროექტები და შეთანხმებული ვერსიები, რომელთა ტექსტის რედაქტირებას და დამტკიცებას საკუთარი დისკრეციის ფარგლებში განუხრელად ახორციელებს ჟურნალისაკანონდებმლო მაცნე“.

გაუმარჯოს საქართველოს გაბრწყინებული რესპუბლიკის მაღალ, ისერა და ერცახე ცერეცოებს!

 

SUPREME  LEGISLATOR – EDITOR MAXIMUS


„ამ“-ის ამომშლელები – კეისრის 86 ცხენი ანუ Animal Parliament


(გაგრძელება შარშანდელი სტატიისა „საკანონმდებლო ჭრა-კერვის მაგისტრები ვარდისფერ საქართველოში“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/12/27)

აქამდე სულ ვიხსენებდი ხოლმე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს – „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე,  თუ არა ავაზაკთა ბანდა?“

მაგრამ ის, რაც 2011 წლის ბოლო დღეებში ხელისუფლებამ ჩაიდინა, მარწმუნებს, რომ ეს ავაზაკთა კი არა, მაიმუნთა ბანდაა, ან – კალიგულას ცხენების რემა. მოკლედ – Animal Parliament.

კალიგულამ, როდესაც თავისი პარანოიდული და ეროტიული სიგიჟეების დიდი ნაწილი უპრობლემოდ აისრულა, მერე თავის საყვარელ ცხენს „ინსიტატუსს“ კონსულის წოდება მიანიჭა და სენატში საპატიო ადგილი მიუჩინა. გალოპის ხარისხით ცნობილი ცხენის საკანონმდებლო ინიციატივებმა, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია ჩვენამდე, თუმცა სავარაუდოდ, კობა ხაბაზის და გია (პადოშა) თორთლაძის ინიციატივებზე არაფრით ნაკლები არ იქნებოდა. შეიძლება ცოტა ხვიხვინის და ჭიხვინის თარგმანის პრობლემები შექმნილიყო, მაგრამ საბოლოო შედეგი, ალბათ, ისეთივე გამაოგნებელი იქნებოდა, როგორც კობა ხა-ბაზის მიერ შემოჭენებული ქაღალდის ნაგლეჯის ხილვაზე უმრავლესობის მიერ შვებით აღვლენილი „ევრიკა“…

საქართველოს ე.წ. პარლამენტს ის დაავადება შეეყარა, რასაც ქურდულ ჟარგონზე „ბესპრედელი“ ჰქვია. როდესაც ამას ქურდები ჩადიოდნენ, სხვა ქურდებიც კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად „ტრადიციების დამცველებად“ გვევლინებოდნენ, ცდილობდნენ თავსგასული კოლეგები გრძნობაზე მოეყვანათ.

მაგრამ დღეს ვინ და როგორ მოიყვანს გრძნობაზე თავსგასულ ე.წ. კანონმდებლებს, რომელთა ძირითად საქმიანობად სამართლის გაუპატიურება გამხდარა? საქართველოში ხომ საულ უფრო მეტად მართლდება აღმოსავლური აფორიზმი, რომ „ყველაზე მაღალი ფანრის ქვეშ ყველაზე მეტად ბნელა“! ყველაზე მოძალადე ჩვენთან არის ის, ვინც ძალადობას უნდა ებრძოდეს  (შსს), ყველაზე უსამართლო ის, ვინც სამართლის აღდგენაზე უნდა მუშაობდეს – (სასამართლო), ყველაზე დაუცველი ის, ვინც სხვას უნდა იცავდეს (ადვოკატი), ყველაზე გონებაჩაკეტილი და შეზღუდული ის, ვინც სხვის განათლებაზე უნდა ზრუნავდეს (განათლების სამინისტრო) და ყველაზე უფრო ცრუ, ყრუ და მუნჯი, – ვისაც საზოგადოების სწორად ინფორმირება და თვალების ახელა ევალება (მედია).

წელს კი ამ კაფკასეულ სიას საბოლოოდ დაემატა კიდევ ერთი – ქართველი პარლამენტარები, რომელთა ძირითად საქმიანობად კანონდარღვევა და კონსტიტუციის შელახვა ქცეულა.

ერთი პერიოდი იმედი გვქონდა, რომ კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების  და უბრალოდ ე.წ. common sense-ის, ანუ საღი აზრის გათელვის უფლებას ჩვენს „ინსიტატუსებს“ ვენეციის კომისია არ მისცემდა. მაგრამ მე პირადად ამის დიდი იმედი აღარ მაქვს. ეს დაახლოებით იგივეა, ჩიკატილოსნაირი სერიული დამნაშავეების წინააღმდეგ კეთილშობილ ქალთა პანსიონის შინაგანაწესის ხმამაღლა კითხვის იმედად რომ იყო – ეგება შეიგნონ თავიანთი ბოროტების დამღუპველობა, მოინანიონ და გამოსწორების გზაზე შედგომა მოუნდეთო. ეს ხომ ის ვენეციის კომისიაა, რომლის თავმჯდომარეს ჩვენი მთავარი კონსტიტუციამრყვნელი ვითომ სმს-ებს რომ უგზავნიდა ვითომ მობილურზე და მიღებული ვითომ პასუხებით თავის შუქუროვნებას რომ გვიმტკიცებდა? თქვენი ჭირიმეთ, რაა… მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ენა ესმის, – ის ენა, კარლა დელ პონტე მილოშევიჩს რომ ელაპარაკებოდა. და ყველა სხვა დანარჩენი ვენეციური რევერანსები მისთვის მხოლოდ მანამდე იქნება საინტერესო, სანამ ისინი შუქუროვნების მითს ამაგრებენ. როგორც/თუ კი ვენეციის კომისია პრინციპულ პოზიციას დაიკავებს, სააკაშვილის დამოკიდებულება ამ ორგანოსადმი ისეთივე გახდება, როგორც ჩრდილო კორეის მმართველთა დამოკიდებულება გაეროს რეზოლუციებისადმი, ანუ – სრული იგნორი.

მოკლედ გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის დამღუპველად ნაყოფიერი 2011 წელი.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მრავალი შესწორება (450-ზე მეტი!), რომელთაგან უპირველესით და უმნიშვნელოვანესით – საკონსტიტუციო ცვლილებებით – გაცხადდა, რომ უახლოესი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უმაღლესი ხელისუფლება პრეზიდენტიდან გადადის პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც 50%+1 ხმით საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს უვადოდ და რომლის უფლებები ოდნავ ჩამორჩება რომის იმპერატორისას. – კერძოდ, იმით, რომ იგი ერთდროულად პონტიფიქს მაქსიმუსი, ანუ სამღვდელოების უმაღლესი პირი არ იქნება (ისე, ხომ არ გაგაჟრჟოლათ, ძვირფასო მკითხველებო? არის კი ეს ისეთი თემა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ალმურმოდებული ცნობიერება ვერ შეეთამაშება?).

ამით საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ე.წ. საქართველოს პარლამენტის ერთადერთი დანიშნულება მიხ. სააკაშვილის ფანტაზიების რეალობად ქცევა და ამისთვის საკანონმდებლო ჩარჩოების პერიოდული გაწევ-გამოწევაა, გასაგები გახდა – მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად აგრძელებს სვლას მის მიერ შაჰ-აბასად შერაცხული ვლადიმერ პუტინის ნაკვალევზე. პუტინიც და მიშაც თავის იდეალებად სინგაპურის ერთპარტიულ სისტემას და მის უვადო მმართველებს – მამა-შვილ ლიი კუან იუს და ლიი ჰსიენ ლოონგს – თვლიან. პუტინმაც და მიშამაც მოახერხეს დე იურე აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავის მიერ დანიშნული გუბერნატორების ვერტიკალის გამაგრება და უშიშროების, შსს და პროკურატურის მიერ საზოგადოებაზე ყოვლისმომცეველი კონტროლი, ორივემ დაიმორჩილა და თავის ახლობლებს გადაუნაწილა მანამდე თავისუფალი მედია, ორივემ საკუთარი კლანის კრიშის ქვეშ სრულად მოაქცია ბიზნესი, ორივემ რეალურად გააუქმა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დემოკრატიული საფუძველი და ორივეს ხელში სასამართლო და ციხეები იქცა საზოგადოებაში შიშის და უსამართლობის დანერგვის ინსტრუმენტად. ახლა მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ვლადიმერ პუტინის მიღწევებიდან – უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის მარიონეტი, რომელსაც პრეზიდენტის ფიქციად ქცეულ პოსტს დაუტოვებს. და თუ გუმანი და ფეისბუქზე დაწყებული პოპულარიზების კამპანია არ მატყუებს, მხოლოდ მიშამ თუ გადაწყვიტა, ეს პირი ან მარადმღიმარი დავით ბაქრაძე იქნება, ან – მარადმდგრადი ვერა ქობალია. თუმცა სახელისუფლებო ბანაკის ორივე მეტ-ნაკლებად რუხ კარდინალს თავისი გამსვლელი პაიკებიც ჰყავთ – ნიკა გილაურის და გიგი უგულავას სახით.

ამ კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ხელისუფლების მიერ არსებული ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის მიერ არჩევნების გაყალბების მდიდარი გამოცდილების და მართული სატელიტი ფსევდოოპოზიციური პარტიების მანიპულირების გზით  მმართველ პარტიას არ გაუჭირდებოდა საპარლამენტო არჩევნების მოგება. ხელისუფლებამ სპეციალურად უბიძგა ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩის აქციების გამოყენებისაკენ, თან წინასწარ ჩანერგა ბურჯანაძის მოძრაობაში საკუთარი აგენტები „რუსეთთან კავშირის“ მარადიული კარტის გასათამაშებლად. 26 მაისის აქციის სისხლში ჩახრჩობას ხელისუფლებისათვის ორი საჭირო შედეგი უნდა მოეტანა – ქუჩის აქციების გამართვაზე ხალხის საბოლოოდ დაშინება და დემონსტრაციების და შეკრებების თავისუფლებაზე გადამწყვეტი საკანონმდებლო იერიშის მიტანა. თუ პირველი ამოცანა თითქმის უშედეგოდ დასრულდა, რაზეც აქციის სისხლიანი დაშლიდან ერთ კვირაში სოლიდარობის უპარტიო აქციის ხალხმრავლობა მიუთითებდა, სამაგიეროდ კალიგულას ცხენებმა პადოშა თორთლაძის თამადობით წარმატებით გაართვეს თავი მეორე ამოცანას და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეთა საზოგადოებრივი შეკრების ჩარჩოები ისეთი მასშტაბით შეზღუდეს, რომ ირანის მეჯლისსაც კი შეშურდებოდა. ამით სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინააღმდეგ, რადგან საზოგადოება, სადაც პარლამენტი ცირკად არის ქცეული და სადაც ტელევიზიები მმართველი პარტიის კლოუნადის და ფსიქოტერორის არენაა, ნამდვილად აუცილებელს ხდის ქუჩის აქციებს. ის მრავალი პროტესტი, რომელიც ხელისუფლების უსამართლო და აბსოლუტურად არადემოკრატიული მეთოდებით ხორციელდებოდა ლტოლვილების, ომის ვეტერანების, გარემოვაჭრეების, „ატსტუპნიკების“, შვილმკვდარი დედების, საკუთრებაწართმეული მოქალაქეების, პატიმრებისა და მათი ახლობლების წინააღმდეგ, აუცილებლად საჭიროებს იმას, რომ ყველაფერ ამაზე პროტესტის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად სტრასბურგის სასამართლო არ რჩებოდეს. 2006 წელში სადისტურად ნაწამები და მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამრთლოში სამართალს პური ბოლომდე დღესაც კი არ უჭამია! გირგვლიანის მკვლელობიდან გასული 6 წელი იყო მსოფლიოს ძალიან ნელი გამოღვიძების წლები, როცა უცხოეთში მიშათი მოხიბლულ ყველა პერსონას და ინსტიტუტს სულ უფრო უჭირდა, არ დაენახა და არ ეღიარებინა სააკაშვილის რეჟიმის ანტისახალხო, რეპრესიული და უსამართლო ხასიათი. ადრე (2008 წლის ომამდე) სააკაშვილის რეჟიმის მიმართ საერთაშორისო ნდობის მაღალი რეიტინგი მას აძლევდა საშუალებას ასიათასობით პროტესტის გამომხატველი მოქალაქე „რუსეთის ინტერესების გამტარებელი ძალების“ მიერ მოტყუებულ ადამიანთა „მცირე ჯგუფად“  გაესაღებინა, დღეს საქართველოს უკანონო და არალეგიტიმური ხელისუფლების ხსნა და იმედი ისაა, რომ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა ვერ გაბედოს – ვერც მაშინ, როცა მას პირს აუკრავენ და არჩევანს გაუყალბებენ. ხოლო ხელისუფლება რომ ამას ამზადებს, ეს უკვე არავის ეეჭვება.

მაგრამ 2011 წლის ოქტომბერში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა – ოპოზიციამ უცებ შეიძინა გამაერთიანებელი ლიდერიც, ფინანსებიც, პოპულარობაც და უცხოეთის მხრიდან გაცილებით მაღალი რანგის ინტერესი. და სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან დაიწყო ის, რასაც რეჟიმის სრული გაშიშვლება და გამაიმუნება შეიძლება ეწოდოს. ის ადმინისტრაციული, ფინანსური, თუ საკანონმდებლო ნაბიჯები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიულ-სანათესაო კლანი 2011 წლის ოქტომბრიდან დგამს, არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ საქმე ეხება პლუტოკრატიის სწრაფ დეგრადაციას მანიფესტირებულ ავტოკრატიულ რეჟიმამდე, რომელსაც დიქატატურამდე მხოლოდ მასიურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ მასიურად გამოყენებული ძალადობა აშორებს. ის, რომ რეჟიმი შეფიქრიანებულიც არის და შეშინებულიცაა, იმით დასტურდება, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის შესწორების საჭირო ქვორუმის დონე 2/3-დან 3/4-ზე ასწია!

2011 წლის ბოლოს 27-29 დეკემბერს განხორციელებულმა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის არც დემოკრატიული და არც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – საკანონმდებლო ინციატივების ექსპერტული შესწავლა, ყურადღებით აწონ-დაწონა და საჭიროების შემთხვევაში საყოველთაო განხილვა – უცხოა სააკაშვილის რეჟიმისათვის. რომ დღეს მიშას პარლამენტი წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის აბსოლუტურად არაპროფესიულ ორგანოს, რომელსაც პარლამენტარიზმის მხოლოდ მიახლოებითი ფორმა გააჩნია და არა – შინაარსი.

ცვლილებები, რომლებიც ვითომდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა, ისე იქნა დაჩქარებული წესით გადარბენილი, რომ არც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოუქვეყნებიათ და არც ექსპერტების, დიპლომატებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მოუსმენიათ.

მეტიც, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა თუნდაც იმ ფსევდოოპოზიციის მოსაზრებებიც, რომელიც იმიჯის შესანარჩუნებლად მაინც ეწინააღმდეგებოდა მმართველი კლანის სურვილს ამ ცვლილებებით ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სხვა რეალური ოპოზიციისათვის საარსებო სივრცე კი არ შეეზღუდა, არამედ – სრულიად გაეუქმებინა.

საქართველოს ე.წ. პარლამენტმა მოსმენები სპეციალურად დანიშნა 27 და 28 დეკემბერს, როდესაც წესით საპარლამენტო სესია არც უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აეცილებინა ის ერთადერთი, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი ჯერ კიდევ ერიდება – უცხოელი პოლიტიკოსების, ექსპერტების და დიპლომატების მიერ საკანონმდებლო ინიციატივების სწრაფი კრიტიკა მათი განხილვის ფაზაში. ეს საქციელი ძალიან ჰგავდა საპარლამენტო სირაქლემების მიერ ქვიშაში თავის ჩარგვის კოორდინირებულ აქციას – აქაოდა, ახალწლების მერე რამეს რომ გვისაყვედურებენ, დაბნეულად და სინანულით ჯოკონდასავით გავიღიმებთ, – აფსუს, რატომ ადრე არ ვიცოდით, ახლა რაღა უნდა ვქნათ, მიღებულ კანონს ხომ არ შევცვლითო?! (ბაბუები გიცხონდათ, ვერ შეცვლით! ტექსტს არ გადაასწორებთ უკანა რიცხვით, როო?!)

საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა, (როგორც ჩვენი ე.წ. „საკონსტიტუციო გარანტი“ გამუდმებით ამბობს – „პირველად მსოფლიოში“) სრული ლეგალური ასიმეტრია – როცა იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიების დაფინანსება, ხოლო ხელისუფლებას არ შეეზღუდა ნებისმიერი იმ პროგრამების განხორციელება, რაც რეალობაში მმართველი პარტიის დაფინანსება იქნება! ისევე როგორც არ შეიზღუდა საარჩევნო კამპანიებში გუბერნატორებისა და გამგებლების მონაწილეობა, – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ!

საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა დრაკონული სისხლის პასუხისმგებლობა, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აკისრებს პასუხისმგებლობას მოქალაქეთა მოსყიდვისათვის (რაც ბუნდოვანი განმარტების  და არასაარჩევნო პერიოდზეც შეუზღუდავი გავრცელების გამო ქველმოქმედების ნებისმიერ აქციასაც მოიცავს), არამედ მოქალაქის მიმართაც აყენებს სერიოზული ჯარიმის ან 3 წლამდე პატიმრობის პერსპექტივასაც, ასეთი დახმარების თუ ქველმოქმედების გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიღებისათვის. და ეს ისევ იმ ასიმეტრიის პირობებში, როცა ხელისუფლებას (ანუ ფაქტიურად –  მმართველ პარტიას!) მსგავსი ქმედების განხორციელებაზე არავითარი პასუხისმგებლობა – წინასაარჩევნო პერიოდშიც კი – არ ეკისრება!

საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა პოლიტიკურ პარტიების მიერ გამოყენებული განცხადებების და კვლევების ავტორი იურიდიული პირების (არასამთავრობო სექტორისაც) ასევე პარტიებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული პირებისა (?!?) და მათი ოჯახის წევრებისათვის (!!) რიგი ფინანსური და უფლებრივი შეზღუდვები, რაც რეალობაში არასამთავრობო სექტორს ხელ-ფეხს უკრავს ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური კვლევების ჩატარებაში და  ხელისუფლების და მისი მორჩილი სასამართლოს მძევლად აქცევს. და ამავე დროს ბუნდოვანი ფორმულირებების გამო არასამთავრობო სექტორის მუშაკთა მიერ და ფიზიკური პირების მიერ არამარტო პოლიტიკური სიმპათიების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლების კატასტროფული შეზღუდვაა, რასაც ევროკავშირის და ნატოს „ასპირანტი ქვეყანა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება აკეთებდეს, თუ „ასპირანტურიდან“ გარიცხვის და დისერტაციის უცილობელი ჩაგდების გამო ყველა და ყველაფერი უკვე ფეხებზე ჰკიდია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო 27 დეკემბერს პარლამენტში კალიგულას ცხენის განსხეულებული ვერსიის – კობა ხაბაზის – თოხარიკით შემოჭრა და კბილებით ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი იმ ტექსტის შემოჭენება, რამაც საქართველოს პარლამენტი ბრინჯაოს ხანიდან უკვე ქვის და ქვასროლიების ხანაში დააბრუნა…

მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს საპარლამენტო სანაქებო უმრავლესობის ისეთმა სიდედრცხებულმა, როგორიც აკაკი მინაშვილია, ფრთხილად ჩაიბურტყუნა, – შეუძლებელია ახალ რეგულაციებს უკუძალა მიენიჭოსო, მაგრამ, ეტყობა, სხდომის შემდეგ მინაშვილი „შეიყვანეს საქმის კურსში“, რომ ხაბაზის საქმე ამ ინიციატივის მხოლოდ საკანონმდებლო თონეში ჩაკვრა იყო, ხოლო ცომი „იმის“ მოზელილი იყო, ვინც ყველა სიტუაციას, ყველა ცომს და ყველა დომინოს ზელს უკვე 8 წელია შეუჩერებლად, რადგან ცვლილებები ისე განვითარდა, როგორც კაფკას „პროცესში“…

28 დეკემბერს, საკანონმდებლო ცვლილების ტექსტის ტექნიკურ ცვლილებად უკანონოდ კვალიფიცირებით და წინასწარ დეპუტატებისათვის დარიგების გარეშე, საქართველოს ე.წ. პარლამენტმა, უკვე მართლაც რომ მეორედ მსოფლიოში (1961 წლის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ე.წ. ვალუტჩიკების საქმეზე სსრკ უმაღლეს საბჭოს კანონში სასჯელის უმაღლესი ზომა შემოატანინა და უკვე გასამართლებული იან როკოტოვისა  და ვლადისლავ ფაიბიშენკოს დახვრეტა კანონის რეტროაქტიულად /უკუძალის გამოყენებით მოხდა) მოახდინა კანონში უკუძალის მქონე ისეთი ცვლილების დაფიქსირება, რაც ამ კანონის წარსულში პოტენციური დამრღვევის მდგომარეობას ამჟამად აუარესებს.

არაფერი რომ არ ვთქვათ საქართველოს კონსტიტუციაზე,  კანონში რეტროაქტიული სახის  ისეთი ცვლილების შეტანა, რომელმაც შეიძლება განსასჯელის მდგომარეობა დაამძიმოს, პირდაპირ ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-11 მუხლის მე-2 პარაგრაფს და „საზოგადოებრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის“ მე-15 მუხლის 1 და მე-2 პარაგრაფებს. ეს შეიძლება არ იცოდნენ იმ მასშტაბის „კანონშემოქმედებმა“, როგორიც კობა ხაბაზი ან გია თორთლაძეა, მაგრამ რატომ არსებობს ე.წ. საქართველოს პარლამენტში ე.წ. იურიდიული კომიტეტი და რატომ უწერიათ მიხეილ სააკაშვილს, ძმებ კუბლაშვილებს და სხვებს სპეციალობაში – „იურისტი“?

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29 დეკემბერს, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

ანუ, პარლამენტის უმრავლესობის 86-მა „ინსიტატუსმა“, რომელთაც ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ იმაში, რომ ყველაფერს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვს, უკვე იუპიტერის ძალა გააჩნია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მხარი დაუჭირეს იმას, რომ მოხდეს კანონის ამოქმედებამდე მომხდარი ფინანსების უკან დაბრუნება [და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ახევა], რაც არაფერია სხვა, თუ არა კანონისათვის რეტროაქტიული ძალის მინიჭება, რომელიც კანონქვემდებარე სუბიექტების მდგომარეობას კანონის მიღების შემდეგ ამძიმებს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ჩანიშვნა 27-28 დეკემბერს მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ საშობაო დღესასწაულებზე სიფხიზელმოდუნებული და უქმედ გამწესებული დიპლომატების (განსაკუთრებით, ჯონ ბასის) მიერ ამ ნეობოლშევიკური ინიციატივების დროულად შენიშვნა ვერ მომხდარიყო, ეს მაინც მოხდა. როდესაც 86 გმირმა პარლამენტარმა თავისი ხმით ერთგულება დაუდასტურა კასტროს, კიმ ირ ჩენს, ხრუშჩოვს, ვიშინსკის, კადაფის და აჰმადინეჯადს, ამერიკის საელჩომ ისე ოპერატიულად გააკეთა განცხადება, რომ თავად კეისრის კარზეც აშკარა გახდა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯით სტრატეგიული პარტნიორის უკმაყოფილების მასშტაბი…

აშშ საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო „…გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას…“

ანუ, ეჭვები ხომ გვქონდა და კიდევ უფრო გაგვიძლიერდა… ახლა ვხედავთ, რა დონის მანიპულატორები ყოფილხართო…ხომ ისედაც უთანასწორო გქონდათ ეგ კოდექსი და ასიმეტრიული კონკურენციის პირობებიო, და ახლა მთლად უფრო უთანასწორო გახადეთო… დიპლომატიურ ენაზე ამას გაფრთხილება (ანუ ყვითელი ბარათი) ჰქვია. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილს ამჟამად აჰმადინეჯადთან რევერანსების კეთებამ ან ავღანეთში დამატებით ათასეულის გაგზავნამ გამოუსწოროს გამოუსწორებელი თაღლითის დამკვიდრებული იმიჯი.

წარმომიდგენია, როგორ დარბოდა ღაბაბათრთოლებული აკო მინაშვილი კუბლაშვილისა და ბაქრაძის კაბინეტებს შორის და მოთქვამდა: „ხომ ვიძახდი, არ გვინდა ეს გლახა საქმე, ხელს შემოგვიბრუნებენ-თქო…“

არადა, სააკაშვილს რომ ელემენტარული მოქნილობის ნატამალი შერჩენილი ჰქონდეს, ამ ინიციატივებს ხელს ერთი დღე მაინც არ მოაწერდა, მით უფრო, რომ არასამთავრობო სექტორმა უკვე 28 დეკემბერს გაერთიანებული, დასაბუთებული და ძალიან მკაცრი პროტესტი გამოხატა და პირდაპირ სთხოვა პრეზიდენტს, ცვლილებებზე ვეტო დაედო. მაგრამ რა ვეტო, რის ვეტო?.. ვეტო კი არა, ხელი მგონი ცარიელ ფურცელზე ჰქონდა წინასწარ მოწერილი, ისე ეჩქარებოდა ივანიშვილის მილიონების საკუთარ ჯიბეში „მიქცევა“…

ასე რომ 28 დეკემბერს ე.წ. პარლამენტმა პროცედურული ნორმების დარღვევით კენჭი უყარა ამ საკანონმდებლო ინიციატივებს ზემოთხსენებული რედაქციით, 28-ვე დეკემბერსვე პრეზიდენტმა შვებით ხელი მოაწერა, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე სავალდებულო გახდა (მაშინ როცა ჩვეულებრივ, ეს 15 დღის შემდეგ ხდება ხოლმე!), და მართალია გამოქვეყნება 29 დეკემბერს მოხდა, მაგრამ 28-ის რიცხვით გააფორმეს! აბა კიდევ 24 საათს ხომ არ აჩუქებდნენ საძულველ ოპონენტებს? ის კი არა, რომ უკვე გამოქვეყნებული აქტების ნუმერაციის დარღვევა ეპრობლემებოდათ, თორემ, რომ შეძლებოდათ, გამოქვეყნების თარიღად საერთოდ 28 ოქტომბერს ჩასწერდნენ… ჭკუა დაუშლიდათ, თუ სინდისი?

ახლა კი მოვიშველიებ საკმაოდ მოზრდილ ნაწილს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის სტატიიდან „არიფი შულერები“, რომელიც presage.tv-ზე გამოქვეყნდა:

———————————————————————————

(აშშ საელჩოს) „… ზემოთხსენებული განცხადების შემდეგ, უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და მათაც, კანონის წყაროებთან [ანუ ხაბაზთან, პალიკოსთან, აკოსთან და პარლამენტში შეყვანილ კეისრის 86 ცხენთან – ს.თ.] არ გადაამოწმეს ინფორმაცია.

29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, უმრავლესობის მიერ აშშ საელჩოს განცხადების გამო ჩატარებული პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.

„ეს არის ფაქტი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და ხელისუფლების ექსტრემიზმისა“, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი შეცვალა, არამედ მისი გამოქვეყნების თარიღიც.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, რაც მის ძალაში შესვლასაც ნიშნავს, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად 28 დეკემბერია მითითებული.

ფაქტია, რომ კანონი სწორედ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა და ამისთვის მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან მადლობა ეკუთვნით. ნაცები კი კატეგორიულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ, თითქოს, აქ აშშ-ს საელჩო არაფერ შუაში იყოს. მათი ეს მცდელობა გასაგებიც არის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამ ნორმების დემოკრატიულად მონათვლა სურდა და ისეთი განცხდებები კეთდებოდა, თითქოს ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდებოდა. არადა, ნორმების გამკაცრება ხელისუფლებას მხოლოდ მესამე მოსმენის წინ გაახსენდა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ვენეციის კომისიას ვერაფერი ეცოდინეობდა. ამასთან, ვენეციის კომისიის ისეთი შენიშვნები, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად, გუბერნატორებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვის აუცილებლობა დ ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის პოლიტიკაში მოინწილეობის უფლების მიცემა.

ამ რეკომენდაციებიდან და კიდევ ბევრი ასეთი რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა და ამიტომ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს, ვენეციის კომისიის მოშველიება, სირცხვილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყურადღებას უკვე იმაზე ამახვილებენ, რომ უპრეცედენტო კანონი რეგლამენტის დარღვევითაც იქნა მიღებული და, წესით, ასე მიღებული კანონის ამოქმედება არ შეიძლება.“

თეონა ხარაბაძე – არიფიშულერებიhttp://www.presage.tv/?m=politics&AID=8993

==============================================================================

დასკვნა: ეს არ არის სახელმწიფო, არამედ ბანანის რესპუბლიკაა, სადაც მხოლოდ ბანანის კანებია… ამ სახელმწფოს არ აქვს კონსტიტუცია, არამედ აქვს პიჯაკი, რომელსაც პიჯაკის გარანტი გარანტირებულად თავის თავზე ირგებს და სუ ფეხებზე ჰკიდია, ამ მუდმივ თერძობებში რა მასალა დაიხარჯება ან რას იტყვის ხალხი… ამ სახელმწიფოს არ ჰყავს პარლამენტი, არამედ ჰყავს მაიმუნთა პიტომნიკი, საიდანაც მინიმუმ 86 მაიმუნი წინააღმდეგი ვერ იქნება იმაზე, რომ მათ ასე მიმართონ, რადგან ოღონდ ბანანი, მივლინების თანხები, ლაი-ლაი ბარათები და ბენზინის ტალონები ჩააცეცხლე და ყველაფერზე ხელის მომწერნი არიან და ამ სახელმწიფოს ჰყავს მედია, რომელმაც ეს ტრაგიკომედია საერთოდ ვერ შენიშნა, რადგან საახალწლო გადაცემისათვის პოლიტიკოსების კურიოზების სიუჟეტების მომზადებით და საარტილერიო სიყვითლით იყო დაკავებული…

არადა, ამაზე მეტი კურიოზი და სიყვითლე, რაც ამ დღეებში ჩვენს უმაღლეს ორგანოში განვითარდა, სად გაგონილა? ყველა სიკეთესთან ერთად, პრალამენტი ორჯერ გაფარჩაკდა – ერთხელ მაშინ, როცა კეისრის ხუნტრუცს აყვა და მსოფლიოში მიუღებელი ნორმა სასწრაფოდ დააკანონა, ხოლო მეორედ მაშინ, როცა უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან სამართლიანად თავში ჩარტყმულ შალაბანზე მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანა რიცხვით „ამ“-ის ამოშლით გააკეთილშობილა და საელჩოს არასაკმარის პროფესიონალიზმსა და არასანდო წყაროების ნდობაში იქეთ დასდო ბრალი! ის სისწრაფე, რომლითაც ჩვენმა მაიმუნებმა ეს ცვლილება გააიმასქნეს მხოლოდ იმ  სისწრაფეს შეიძლება შევადაროთ, რომლითაც მაიმუნი ბანანს ფცქვნის. ასე რომ, თუ სტატიის კომენტარებში კამათი იმ თემაზე წავა, პარლამენტში 86 ცხენი გვყავს თუ 86 მაკაკა, ალბათ ამ ბოლო ვერსიას მეტი მომხრე ექნება, – ხელის სისწრაფეს – ვერც აწევაში, ვერც სხვის პულტზე ხელის დაჭერასა და ვერც „იმ“-ის ამოშლაში – მიშას დეპუტა(ნკ)ებს ვერ დავუწუნებთ.

შექსპირის სიტყვების პერეფრაზი რომ მოვახდინოთ, ჩვენს სამეფოში უკვე ყველაფერი, (რაც სახელმწიფო სტრუქტურაა), დალპა. სრული სახელისუფლებო განგრენა სახეზეა და ამას ოდეკოლონის და დეზოდორის მისხურებით, თუნდაც -ფერ-უმარილის წასმით, ვერ უშველი…  უბედურება იმაშია, რომ განგრენა თავიდანაა წამოსული და ეს თავი ხალხის სახელით ლაპარაკობს, რომ „მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო წარმატებული და მაგარი“ თავია…