პრობლემური გემბლინგი და გეიმინგი COVID-19 პანდემიის პერიოდში – სცილას და ქარიბდას შორის


Online-Gambling-1-thumb

კოვიდ-19-ის პანდემიამ მოსახლეობას მრავალმხრივი შესაძლო ზიანი მიაყენა. სტატიაში განხილული კომპიუტერული და აზარტული თამაშების პრობლლემური საკითხები პანდემიის პერიოდში

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” გვერდზე

 


კორონავირუსის ინფექციის შეკავების ზომების თანდათანობითი მოხსნა – ევროკავშირის გზამკვლევის და საქართველოს ეტაპობრივი გეგმის შედარება


EU-RoadMap

 

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ანალიტიკური ორგანიზაცია Geocase-ის ვებ-გვერდზე


100 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო – კორონავირუსის გაკვეთილები


empty-san-marco-square-venice-italy-0309-exlarge-169

ჩინეთში ახალი კორონავირუსის I შემთხვევის ოფიციალური ინფორმაციიდან 100 დღე გავიდა. ამ 100 დღეში ვირუსით პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებით გახდა მსოფლიოში გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლო 100 წლის ყველაზე სერიოზული გამოწვევა, ახალი ამბების დომინანტი თემა და სრულიად შეცვალა პლანეტის დღის წესრიგი: 203 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  938,000 შემთხვევა დაფიქსირდა, 47,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით გამოწვეული (Covid-19) დაავადებით. დაავადების გავრცელების გამო დაწესდა ადამიანების გადაადგილებაზე მრავლობითი და მკვეთრი შეზღუდვები, თან არა მარტო საზღვრებს გარეთ (საერთაშორისო ტურიზმი და ავიგადაზიდვები 90%-ით შემცირებულია), არამედ საგანგებო მდგომარეობებისა და კარანტინების გამო 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ძირითადად სახლებში რჩება. სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, თეატრები, გასართობი ცენტრები, რესტორნები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დახურულია ან დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდნენ. კატასტროფულად შემცირდა ნავთობის ფასები (1 ბარელზე – 20$-მდე, პირველად – 2002 წლის სპaრსეთის ყურის კრიზისის შემდეგ), გაუქმდა 2020 წ. ოლიმპიადა, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა მსოფლიო რანგის შეჯიბრი. ყველა სახის მედიის და სოციალური ქსელების წამყვანი სიტყვა „კორონავირუსი“ გახდა, რაც მილიარდობით ადამიანის თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში უკვე მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევადაც ყალიბდება. ყველაზე ხშირი ლოზუნგი და მოწოდება ყველა ენაზე გახდა – „დარჩი სახლში!“

ვირუსის შესახებ

რა განაპირობებს კორონავირუსის საფრთხეს:

  1. ახალი კორონავირუსის (2019-nCov) მიმართ ჯერ არ გვაქვს ვაქცინა, ან სათანადო მრავლობითი კლინიკური გამოცდებით დადასტურებული ეფექტური ანტივირუსული საშუალება.
  2. მაღალი კონტაგიოზურობა (გადადების ხარისხით) – საშუალოდ ერთ ინფიცირებულს 2-4 პირის დასნებოვნება შეუძლია. დაფიქსირებულია ე.წ. სუპერგადამტანების არსებობაც – უფრო მაღალი გადაცემის მაჩვენებლით. თანაც ვირუსის გადადება შეიძლება მოხდეს დაავადების ნიშნების გამოვლენამდეც, რაც მის იდენტიფიკაციას და კარგ ეპიდკონტროლს ართულებს.
  3. მეტალის და გლუვ ზედაპირებზე ვირუსი დიდხანს (საათების და დღეების განმავლობაში) შეიძლება დარჩეს ცოცხალი.
  4. ახალი კორონავირუსი ისეთი მაღალი სიკვდილობით არ გამოირჩევა, როგორც ბოლო წლების სხვა ახალი ვირუსული გრიპები (ფრინველის გრიპი – 50-60%, SARS – 10%, MERS – 34% ), ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებთან (0.1-0.3%) შედარებით 10-ჯერ უფრო მაღალია, განსაკუთრებით, – ხანშიშესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
  5. დაავადების მძიმე შემთხვევების სწრაფი ზრდისას ზოგიერთ ქვეყანაში შეიქმნა გადაუდებელი და რეანიმაციული დახმარების სტაციონარული რესურსების დეფიციტი, რამაც გაართულა არა მარტო COVID-19-ით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობა, არამედ სერიოზულად გააძნელა სხვა მძიმე პაციენტების დროული და ადექვატური დახმარების მომსახურების პროცესიც.

იმედისმომცემი ასპექტები:

  • კორონავირუსით დაავადებულთა 80%-ში ავადმყოფობა იოლად მიმდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იგი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია.
  • 15 წლამდე ბავშვებში ლეტალობა ძალიან დაბალია.
  • ვირუსის სტრუქტურის სწრაფი გაშიფვრის წყალობით დროულად შემუშავდა და მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიას მიეწოდა მისი დიაგნოსტიკური ტესტი, რაც ინფექციის მართვაში პირველი აუცილებელი ნაბიჯი იყო.
  • უკვე დაიწყო რამდენიმე ვაქცინის საცდელი ტესტირება და არაა გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
  • სადღეისოდ მინიმუმ 5 ანტივირუსული პრეპარატი და მათი კომბინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა COVID-19-ის დროს მათი ეფექტურობის შესახებ არ არსებობს, გამოიყენება პრაქტიკაში და, სავარაუდოდ, უკვე ზაფხულში საკმაო კლინიკური გამოცდილება შეიძლება იყოს დასკვნების გასაკეთებლად.

 

განსხვავებული ტაქტიკები და პირველი შედეგები

კორონავირუსის პანდემიაში სამი ფაზა შეიძლება გამოვყოთ – 1)ჩინეთში ეპიდემიის ფაზა, რომელიც 15 თებერვლამდე გაგრძელდა, 2)ვირუსის მზარდი გავრცელება ევროპის (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვ.) და აზიის (სამხრეთ კორეა, ირანი) ქვეყნებში (15.02-10.03), და 3)პანდემიის ფაზა (11 მარტიდან), როცა ეპიდემიის გავრცელების ცენტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი) და ირანში გადაინაცვლა, ხოლო ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში დაავადებულთა დიდი ნაწილი განიკურნა და ახალი შემთხვევები უკვე ევროპიდან ან ამერიკიდან იმპორტირებულია.

დღემდე კორონავირუსის მიმართ გამოყენებულ ტაქტიკაში პრევალირებს მიდგომა, რომელიც გულისხმობს შემოტანილი შემთხვევების სკრინინგს საზღვარზევე, ტესტირებას და დადასტურებისას – იზოლირებას, დეტალურ ეპიდკონტროლს, გაფართოებულ ტესტირებას და ყველა ინფიცირებულის კარანტინს ან მკურნალობას. აღნიშნული გამართლებულია, როცა ქვეყანაში შემთხვევების უმრავლესობა შემოტანილია გარედან. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ საზღვარზე კონტროლს, შემოსვლის/ავიარეისების შეზღუდვას, ან საზღვრების და ავიამიმოსვლის სრულ ჩაკეტვას. აუცილებელია მოსახლეობის სწორი და მუდმივი ინფორმირება, ჰიგიენის და ვირუსის გადაცემის პრევენციის  წესების მკაცრი დაცვა და სოციალური დისტანცირების მზარდი გამოყენება. ამავდროულად, ჰოსპიტალური და სხვა სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გაძლიერება შემთხვევათა შესაძლო სწრაფი ზრდისა და დაავადებულთა მისაღებად.

თუ იზრდება შემთხვევების შიდა გადაცემა, როცა ინფექციის წყაროს და ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა ვერ ხერხდება, მიზანშეწონილი ხდება ლოკალურად, გარკვეულ რეგიონში ან ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინის დაწესება, მოსახლეობის კონტაქტირების მინიმუმზე დაყვანა და გაცილებით ფართო ტესტირება ინფიცირებულთა დასადგენად.

მსოფლიო გამოცდილების  მიმოხილვისას მკვლევართა უმრავლესობა და თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სანიმუშოდ ასახელებენ სინგაპურის, ტაივანის და სამხრეთ კორეის გამოცდილებას. ამ სამივე ქვეყანას ძალიან დაეხმარა კორონავირუსების წინა ეპიდემიების (SARS, MERS) გამოცდილება და მაშინ შემუშავებული ეპიდკონტროლის დახვეწილი სისტემები.  სინგაპურის პოლიტიკური სისტემა ერთპარტიულ დომინაციას და მკაცრ კონტროლს ემყარება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა ბრწყინვალეა. ქვეყანამ სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენები ჩინეთთან, დააწესა მკაცრი კარანტინი შემომსვლელებზე,  და ჩართო გაადგილებაზე და კონტაქტებზე ვიდეოთვალთვალის  და მობილური და GPS სისტემებით კარანტინის დარღვევის მონიტორინგი, სერიოზული ჯარიმების, ქვეყნიდან გაძევების თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის მუქარით.  ფაქტიურად იგივე გაიმეორა ტაივანმა, ცენტრალური საკოორდინაციო შტაბის შექმნით, საზღვრების სასწრაფო ჩაკეტვისა და 14-დღიანი თვითიზოლაციის დაწესებით. ორივე ქვეყანაში მოხერხდა ინფექციის გავრცელების კონტროლი, და სიკვდილიანობის მინიმალური მაჩვენებლები – 3 (სინგაპური) და 5 (ტაივანი, 24 მილიონიანი მოსახლეობით). სამხრეთ კორეამ აქცენტი ტესტების მასობრივ წარმოებასა და ტესტირებაზე, ასევე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, დიდ მონაცემთა ბაზების (ტრანსპორტის, სამედიცინო, მობილური, საბანკო, და სხვა) ინტეგრირებაზე  გააკეთა, შექმნა ავტომობილებში drive through ტესტირების და ინფიცირებულთა საცხოვრებელ კორპუსებში კვლევების ცენტრები და ფაქტიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებდა თითოეული ინფიცირებულის ყველა პოტენციური კონტაქტის გადაადგილებას და აფრთხილებდა მათ ინფექციის შესაძლო რისკებსა და გამოკვლევების ინდივიდუალურ მოსახერხებელ ადგილების შესახებ. ამ მეთოდოლოგიის და მასობრივი ტესტირების წყალობით სამხრეთ კორეამ შეძლო თავიდან რამდენიმე დიდი და სწრაფად გაფართოებადი კლასტერის (ინფიცირებულთა დაკავშირებული ჯგუფის) კონტროლზე აყვანა და სერიოზული საკარანტინო ზონების დაწესების გარეშე მოახერხა ეპიდემიის ზვავისმაგვარი გავრცელების შეჩერება.

ევროპული ქვეყნების და აშშ მდგომარეობის შეფასებისას აშკარაა, რომ დემოკრატიულ ღია საზოგადოებებში შეზღუდვითი ღონისძიებების არაპოპულარობამ და საერთო ეკონომიკური სივრცის, არაკონტროლირებადი საზღვრების და შეუზღუდავი გადაადგილების მომხიბლავმა გამოცდილებამ, სამწუხაროდ, პანდემიის დროს სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებების დაგვიანებას შეუწყო ხელი. ხელისუფლებათა მხრიდან, რა თქმა უნდა, ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება, ინფიცირებულთა კონტაქტების ტესტირება და მოწოდებები სოციალური დისტანცირებისაკენ, მაგრამ არც კოორდინაცია, არც მესიჯების ფორმა  და არც ადმინისტრაციული ზომები იყო საკმარისად მკაცრი. რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში საზღვრები არც ჩაკეტილა და არც შემომსვლელთა სკრინინგი ტარდებოდა. მაგალითად,  იტალიამ მხოლოდ 3 დღის წინ – 29 მარტს – დაიწყო საზღვრებზე ტემპერატურის კონტროლი და ნიღბების დარიგება.  მოსწავლეების და მოსამსახურეთა სახლში დარჩენა დიდხანს მხოლოდ არასავალდებულო რეკომენდაციად რჩებოდა, ხოლო როცა სრულად შევიდა ძალაში, ამის შემდეგაც  გრძელდებოდა ხალხის შეკრება მასობრივი თავშეყრის ადგილებზე. ამას დაემატა ისიც, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი) თავდაპირველად გადაწყვიტეს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის (მოხუცები, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულები) დაცვა თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმით, ხოლო დანარჩენი პოპულაციის დატოვება „არც თუ ისე ფატალური“ ინფექციის პირისპირ  ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ თანდათან განვითარების მოლოდინში. ამის მოტივირება ხდებოდა ეკონომიკური პოტენციალისა და შემოსავლების შენარჩუნების არგუმენტით, რაც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და ხელწამოსაკრავი თემა. თუმცა, როდესაც  იტალიასა, საფრანგეთსა და ესპანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზვავისებრი ზრდა მოხდა, საავადმყოფოები უმძიმესი ავადმყოფებით გადაივსო და სამედიცინო რესურსების, რეანიმაციული აპარატურის  და საწოლების უკმარისობაც კი ყოველდღე ასეულობით სიკვდილის უმძიმეს სტატისტიკაში გამოიხატა, პოლიტიკოსებმა იგრძნეს, რომ საზოგადოება არ იქნებოდა მსგავსი მიდგომის მხარდამჭერი და ისევ აღმოჩენის/იზოლირების/კონტროლის ტაქტიკას დაუბრუნდნენ.  22 მარტიდან გერმანიამ მკაცრად შეზღუდა შეკრებები და სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა პრაქტიკულად შეჩერებულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც, რომელიც კორონავირუსის გამო თავად იმყოფება იზოლაციაში, 26 მარტიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა და ქვეყანა პრაქტიკულად კარანტინშია. მოსალოდნელია მსგავსი განვითარება აშშ-ში, სადაც დედაქალაქ ვაშინგტონსა და ვირჯინიის შტატში უკვე გამოცხადდა კარანტინი 15 მილიონი მოქალაქისათვის. ვაშინგტონის მერმა გამოაცხადა 90-დღიანი პატიმრობა ან 5,000 დოლარიანი ჯარიმა მათთვის, ვინც სახლში დარჩენის მოთხოვნას დაარღვევს.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ ეკონომიკის შენარჩუნება?

როგორც წინა პანდემიების გამოცდილება, ასევე ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ეპიდემიის პირველ ფაზაში ინფექციის გამოვლენა და კონტროლი, და სოციალური დისტანცირებით ან კარანტინით ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შენელება, რათა ჯანდაცვის სამსახურები ინფექციის პიკზე მთავარი დარტყმისთვის მოემზადოს, უალტერნატივოა.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ რაც უფრო მეტად დიდხანს გვიწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადარჩენაზე აქცენტირება და ამისთვის ადამიანების დისტანცირება, სახლში დარჩენა და სხვადასხვა ბიზნესის ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერება გამოიყენება, მით უფრო იზრდება ეკონომიკური ზარალი. თანაც სახელმწიფო შემოსავლების შემცირების პარალელურად სულ უფრო გაჭირდება შესაბამისი საკომპენსაციო პაკეტების გადახდა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ან მათთვის ვინც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით უმუშევარი გახდა. საკმაოდ მალე ადამიანები, განსაკუთრებით, – თვითდასაქმებული და მცირე მეწარმეები, იგრძნობენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელიც კორონავირუსით ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევის და იძულებითი იზოლაციით გამოწვეულ უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას გააძლიერებს.  ყველა ხელისუფლებას სასწრაფოდ მოუწევს ამ ეტაპისთვის ანტიკრიზისული ეკონომიკური  გეგმის მომზადება, როგორც საშინაო რესურსების ოპტიმალური გათვლით, საგადასახადო შეღავათებისა და ეკონომიკის რემოდელირების სტრატეგიით, ასევე – საერთაშორისო დახმარების მაქსიმალური მობილიზების კუთხით.

დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არის საომარი მდგომარეობის ანალოგი. თან, განსახვავებით ჩვეულებრივი ომებისაგან, ეს არის ომი, რომლის მსგავსი არამცთუ ჩვენს თაობას, ჩვენი მშობლების თაობასაც არ ახსოვთ. არის რაღაც ფატალური იმაში, რომ დღეს ყველაზე დაზიანებული ქვეყნები ევროპაში იტალია და ესპანეთია. – იტალია, სადაც მე-14 საუკუნის ვენეციაში შავი ჭირის გამო კარანტინის (40-დღიანი იზოლირების – “ქუარანტა”) პრაქტიკა შემოიღეს, და ესპანეთი, რომლის სახელითაც 1918-1919 წლების გრიპის ყველაზე საშინელი პანდემია – “ესპანური გრიპი“ ანუ „ისპანკა“ არის ცნობილი.

საომარი მდგომარეობები თავის კანონებს გვკარნახობს. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის საზოგადოებამ მისაღებად ჩათვალა პირად ცხოვრებაში ჩარევისა და ინფორმაციის კონტროლის ისეთი ზომები, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა მშვიდობიან პერიოდში. ანალოგიურად, ამჟამად არც სამხრეთ კორეის მოქალაქეებს დაუსვამთ კითხვები, რამდენად ეთიკური იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირების მონაცემების ინტეგრირებული კონტროლი და ამ კონტროლზე დამყარებული უსაფრთხოების ზომები, მაგალითად, მობილური აპლიკაციებით თვალყური მათი კონტაქტების აღმოსაჩენად, აუცილებელი ტესტირებისათვის და იზოლირებისათვის – რადგან ჩათვალეს, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სწორედ ინფიცირებულების, მათი კონტაქტების და მთლიანად – საზოგადოების სასიკეთოდ კეთდებოდა და სარგებელი ჭარბობდა ზიანს.

 

რამდენიმე ოპტიმისტური პროგნოზი

რამდენადაც ვირუსი უცნობია, ნებისმიერი პროგნოზი, ოპტიმისტური იქნება ის  თუ პესიმისტური, ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, არამედ – მხოლოდ ჰიპოთეზად.

  • ცხელი ამინდის გავლენა – სავარაუდოდ, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა და ინფიცირების შემთხვევები დაიკლებს მაის-ივნისიდან, რაც ტიპიურია გრიპისათვის, მაგრამ არავინ იცის, რამდენად სწორი იქნება ეს კორონავირუსთან მიმართებაში. თუ ეს დადასტურდა, შეიძლება გვქონდეს ღია ფანჯარა სექტემბრის ბოლომდე და ამ პერიოდში მოხერხდეს ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება.
  • ავსტრალიური მოდელირება – სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის დრ. პროკოპენკოს აზრით, თუ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მკაცრად დაიცავს სოციალურ დისტანცირებას, შესაძლებელი იქნება პირველი შემთხვევიდან 13-14 კვირაში კორონავირუსის ინფექციის კონტროლირება.
  • იმუნიტეტის გაძლიერება ნაცნობი ძველი ვაქცინებით, როგორიცაა ტუბერკულოზის ვაქცინა ბცჟ (BCG) ან ყბაყურა-წითელა-ყივანახველას ვაქცინა. შეიძლება, COVID-19 უფრო ნაკლებ აგრესიულად მიმდინარეობდეს პირებში, ვისაც ეს ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამის დასადასტურებლად ავსტრალიაში, ნიდერლანდებსა და ბოსტონში დაგეგმილია მრავალი ათასი სამედიცინო პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინირება.
  • ინგლისელი მეცნიერების აზრით, ინფიცირებულთა 20-80%-ს საერთოდ არ უვითარდებათ რაიმე სიმპტომი და მათი ინფექცია შეიძლება თვითგამოჯანმრთელებით დასრულდეს. ამ ინფორმაციაში ოპტიმისტური ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც თუ სიკვდილობის მაჩვენებელი დაავადების სიმპტომის მქონე რეგისტირებულ პაციენტებს შორის 1-1.5% შორის მერყეობს, გამოდის, რომ 100,000 ინფიცირებულიდან მხოლოდ 200 – 1200 სიკვდილი ფიქსირდება. ხოლო თვითგამოჯანმრთელებულ პირთა იმუნიტეტის შესწავლამ შეიძლება ვირუსის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკის აღმოჩენამდე მიგვიყვანოს.

 

ტესტირება სწრაფი ტესტებით

არსებობს სამი ტიპის ტესტები – ე.წ. ოქროს სტანდარტი – PCR ტექნოლოგია, რომელსაც მოლეკულურ ან ნუკლეინის მჟავების ტესტებსაც უწოდებენ და სადაც ვირუსის გენომის ნუკლეოტიდების ანალიზი ხდება. ამ ტესტის მგრძნობელობა ყველაზე მაღალია – 98%-მდე, და ახლახანს მომზადდა ასეთი ტესტის დაჩქარებული ფორმა, რომელიც სათანადო აპარატურის შემთხვევაში 1.5 საათში შეიძლება მომზადდეს. გარდა PCR-სა, არის ვირუსის ცილების – ანტიგენის, ან მის მიმართ ანტისხეულების – დამდგენი სწრაფი ტესტები, რომლებიც 15 წუთიდან 45 წუთამდე პერიოდში შეიძლება შესრულდეს. მაგრამ ორივე ამ ტესტის მგრძნობელობა უფრო დაბალია – 80-85%, თანაც ანტიგენური ცილის რაოდენობა ინფიცირების პირველ 1-2 დღეს აღმოსაჩენად შეიძლება არასაკმარისი იყოს, ხოლო ანტისხეულების გამომუშავება ინფიცირებიდან მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ეს მათი გამოყენების სარგებელს საეჭვოს ხდის, რადგან მაინც მოითხოვს PCR ოქროს სტანდარტით გადამოწმებას. ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა (დანია, ესტონეთი, ნიდერლანდები) დასახელებული სწრაფი ტესტების საიმედობის არასაკმარისი გარანტიების გათვალისწინებით, საჭიროდ არ თვლის ან ჯერ თავს იკავებს სწრაფი ანტიგენური ტესტების სახელმწიფო შესყიდვებისაგან.

თუმცა ერთი კონკრეტული მიზნით ანტისხეულების სწრაფი ტესტების გამოყენება ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა – ამ გზით იმ პირთა დასადგენად, ვისაც, შეიძლება, გააჩნია  გარკვეული იმუნიტეტი უსიმპტომოდ გადატანილი ინფექციის შემდეგ. ეს, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფიცირებულთა დადგენილი რაოდენობა უკვე ათეულ ათასებს აჭარბებს (აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი). შემდეგ შეიძლებოდა ასეთი იმუნიზირებული პირების ანტისხეულების შემცველი პლაზმის გამოყენება მათი  ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტის დასადგენადაც, და იზოლირების რეჟიმიდან სამსახურში პირველ რიგში დაბრუნების აპრობირებისთვისაც. მსგავსი პროგრამის განხორციელებას და კორონავირუსის ე.წ. “იმუნიტეტის სერტიფიკატების” გაცემას აპირებს გერმანია, თუ ბრაუნშვეიგის ჰელმჰოლცის ცენტრის კვლევა ამ მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდება.

 

ტექნოლოგიური ინოვაციები

გაჭირვება არასასურველი და მკაცრი, მაგრამ ხშირად ეფექტური მასწავლებელია. კრიზისის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მსოფლიოში გვაქვს სერიოზული წარმატებები როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების,  ტესტირების აპარატურის თუ რეაგენტების წარმოების მკვეთრი ზრდის მხრივ, ასევე  – დიაგნოსტიკური გაიდლაინების და პროტოკოლების სწრაფად შემუშავებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების პრაქტიკული შედეგების მხრივ. ამ ფონზე აშკარა ხდება, რომ თუ სამედიცინო დაწესებულებები მოასწრებენ დროის მოგებას და ინფექციის პიკს სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული იქნებიან, მოხდება საიზოლაციო და საკარანტინო ზონების და სივრცეების სწორად გათვლა, და სხვა ავადმყოფთა სწორი გადანაწილების დაგეგმვა, კორონავირუსის მძიმე შემთხვევების მართვაც კი შეიძლება, მათ შორის – ხანშიშესულ პირებშიც. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ როგორც პრევენციისა და ეპიდკონტროლის, ასევე მკურნალობის სქემებისა და გამოსავლის მხრივ საქართველოს გამოცდილება ხშირად მოწონებას იმსახურებს მსოფლიოში.

მსოფლიო აქტიურად ნერგავს საველე ჰოსპიტლების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მობილური ავიარაზმების გამოცდილებას. ნიუ-იორკის პორტში შემოვიდა 2,200 საწოლიანი სამხედრო გემი-ჰოსპიტალი, სადაც ეპიდემიის პიკზე ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფების გადაყვანა იგეგმება, რომ ქალაქის საავადმყოფოებში საწოლები ინფიცირებულებისთვის გამოთავისუფლდეს. ინდოეთი ცდილობს მოკლე ვადაში რამდენიმე სარკინიგზო ჰოსპიტალური ბოქსირებული ეშელონის მომზადებას.

ახალ გამოწვევებს ტექნოლოგიური გიგანტებიც სასწრაფო გადაიარაღებით პასუხობსენ. „მერსედესის“ ფორმულა-1-ის  ინჟინერების ჯგუფმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორებთან 4-დღიანი თანამშრომლობის შედეგად მოახერხა CPAP ტიპის ახალი სუნთქვის დამხმარე აპარატის შექმნა, რომელთა წარმოება მოკლე ხანებში დღეში 1000 ცალს მიაღწევს და ყველაზე მძიმე პრობლემას – სასუნთქი ვენტილატორების დეფიციტის გადაწყვეტას დაეხმარება. მტვერსასრუტების და თმის საშრობების გიგანტმა კომპანიამ „დაისონმაც“10 დღეში შექმნა ახალი სასუნთქი ვენტილატორი CoVent, რომლის სერიული წარმოების  მოცულობა 10,000-ს მიაღწევს. სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მუშაობა დაიწყეს „ფორდმა“, „ტესლამ“ და „ჯენერალ მოტორსმაც“. ვენტილატორების შესაცვლელი დეტალების მომზადება უკვე მოხერხდა 3D პრინტერების მეშვეობით. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ტელემედიცინის მეშვეობით თავაზობს მოსახლეობას სამედიცინო თუ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და კონსულტაციას, ისევე როგორც ვირუსის მკურნალობის ახალი მეთოდების და სქემების შესახებ ყოველდღიურად დაზუსტებულ ინფორმაციებს. ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების პლატფორმები გამოყენებულ იქნება იმ ანტისხეულების სამკურნალო პოტენციალის შესაფასებლად, რომელთა გამოყოფა მოხდება კორონავირუსიანი პაციენტების პლაზმიდან. მილიარდობით ადამიანის მოთხოვნილების საპასუხოდ დისტანციური სწავლების და დისტანციური მუშაობის ახალ გაფართოებულ მოდელებზე და გაადვილებულ სქემებზე მუშაობენ ცნობილი კომპანიები „ზუმი“ და „ვებექსი“.

 

მომავალი

ამჟამად ვერავინ აკეთებს დამაჯერებელ პროგნოზს შემდეგი 100 დღის თაობაზე. ის, რამდენად თანმიმდევრული იქნებიან ქვეყნების ხელისუფლებები და რამდენად პასუხისმგებელი – მოსახლეობის ქცევა საკარანტინო ზომების დასაცავად, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. ამის შემდეგ კი უკვე დგება ერთიანი ეკონომიკური მიდგომების შემუშავების საკმად რთული საკითხი. თუმცა, იმედია, იმის გაცნობიერება, რომ ეს მსოფლიოს ომია გადარჩენისთვის, ისევე ხელს შეუწყობს ლიდერების გაერთიანებას, როგორც ეს საუკეთესო ფანტასტიურ რომანებში წაგვიკითხავს და ფილმებში გვინახავს.

მომავალი 1-3 წლის განმავლობაში კი, მსოფლიოს, სავარაუდოდ, მოუწევს კორონავირუსის ციკლური ინფექციების გადატანა. ყოველ შემდეგ ჯერზე ეს სულ უფრო ადვილი იქნება – რადგან, უკვე გვექნება ვაქცინებიც, გამოცდილი სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატებიც, ტესტების და აპარატურის სათანადო რაოდენობაც, სარეზერვო სამედიცინო რესურსებიც და უფრო მომზადებული ვიქნებით (თუ საჭირო გახდა) კარანტინების, თვითიზოლაციის და სოციალური დისტანცირების და სახლიდან მუშაობის რეჟიმებისთვის…

მიჩვეული ჭირი კი გაცილებით ადვილი გადასატანია…


კორონავირუსის პანდემია – როგორ მოახერხა ზოგიერთმა აზიურმა ქვეყანამ ეპიდემიასთან გამკლავება


cov2    drive-through

კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და ამ ვირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 მსოფლიოში დღის წესრიგის #1 თემაა – თავად დაავადება, რა თქმა უნდა, ისეთი ფატალური შეიძლება არ არის, როგორც შავი ჭირის, ესპანური გრიპის და სხვა პანდემიები, რამდენადაც  მასობრივია მის მიმართ არსებული შიში,  კარანტინით ჩაკეტილი მრავალმილიონიანი ქალაქები, რეგიონები და სახელმწიფოები, სკოლებიდან დათხოვნილი ნახევარ მილიარდამდე მოსწავლე და სტუდენტი, ლამის გაუქმებული ავიამიმოსვლა, ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ა.შ.

ერთი შეხედვით, სადღეისოდ (16.03.20),  არც COVID-19-ით 202,000 დაავადებული და არც 8000 გარდაცვლილი (დაავადებულთა – 4%), თითქოს არ უნდა ყოფილიყო ასეთი ჰიპერბოლიზებული საფრთხის განცდის მიზეზი.  გარკვეულწილად, თუ ფრინველის გრიპის და კორონავირუსების წინა ეპიდემიებს შევადარებთ, სერიოზული როლი ითამაშა ინტერნეტის გაცილებით გაზრდილმა ხელმისაწვდომობამ და სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩაბმულ მომხმარებელების და ონლაინ-მედიის მიერ ინფორმაციის ზვავისებრმა გავრცელებამ.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე არარეალურია და აი, რატომ:

  1. ვირუსი 2020 წლამდე ფაქტიურად უცნობი იყო. მის მიმართ არ არის არც ვაქცინა და არც კლინიკური გამოცდებით დადასტურებული ეფექტური ანტივირუსული საშუალება.
  2. ვირუსი საკმაო მაღალი კონტაგიოზურობით (გადადების ხარისხით) ხასიათდება. საშუალოდ ერთ ადამიანს 2-4 პირის დასნებოვნება შეუძლია. იშვიათად, მაგრამ მაინც დაფიქსირებულია ე.წ. სუპერგადამტანების არსებობაც – გაცილებით უფრო მაღალი გადაცემის მაჩვენებლით.
  3. ვირუსის გადადება შეიძლება მოხდეს დაავადების გამოვლენამდეც 1-2 დღით ადრე, რაც მის იდენტიფიკაციას და კარგ ეპიდკონტროლს ართულებს.
  4. მეტალის და გლუვ ზედაპირებზე ვირუსი საკმაოდ დიდხანს (საათობით ან დღეების განმავლობაშიც) შეიძლება დარჩეს ცოცხალი.
  5. მართალია, ვირუსი ისეთი მაღალი ლეტალობით არ გამოირჩევა, როგორც ბოლო წლების სხვა ახალი ვირუსული გრიპები (ფრინველის გრიპი – 50-60%, SARS – 10%, MERS – 34% ), მაგრამ მისი სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებთან (0.1-0.3%) შედარებით უფრო მაღალია, განსაკუთრებით, – ხანშიშესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
  6. დაბოლოს, დაავადების მძიმე ფორმების სწრაფი ზრდის შემთხვევაში ზოგიერთ ქვეყანაში შეიქმნა გადაუდებელი და რეანიმაციული დახმარების სტაციონარული რესურსების დეფიციტი, რამაც გაართულა არა მარტო COVID-19-ით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობა, არამედ სერიოზულად გააძნელა სხვა მძიმე პაციენტების დროული და ადექვატური დახმარების მომსახურების პროცესიც.

ამავდროულად, არის იმედისმომცემი ასპექტები:

  • კორონავირუსით დაავადებულთა 80%-ში ავამდყოფობა საკმაოდ იოლად მიმდინარეობს, და სავარაუდოდ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იგი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია.
  • 15 წლამდე ბავშვებში ლეტალობა პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.
  • ვირუსის სტრუქტურა ძალიან სწრაფად – რამდენიმე კვირაში — იქნა გაშიფრული, და დროულად შემუშავდა და მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიას მიეწოდა მისი დიაგნოსტიკური ტესტი, რაც ინფექციის მართვაში პირველი აუცილებელი ნაბიჯია.
  • არის იმედისმომცემი შედეგები ვაქცინების შექმნის კუთხით, რომელთა პირველ პრეპარატებს ჩინეთში და ისრაელში უკვე აპრილში ელოდებიან, ხოლო ამერიკულმა კომპანია “მოდერნამ” მარტშივე დაიწყო ახალი ვაქცინის საცდელი ტესტირება და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
  • სადღეისოდ მინიმუმ 5 ანტივირუსული პრეპარატი ან მათი კომბინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა COVID-19-ის დროს მათი ეფექტურობის შესახებ არ არსებობს, გამოიყენება პრაქტიკაში და, სავარაუდოდ, უკვე ზაფხულში საკმაო კლინიკური გამოცდილება შეიძლება იყოს დასკვნების გასაკეთებლად. (როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, არის წინასწარი შეთანხმება, რომ საქართველო ამ პრეპარატებს მალე მიიღებს.)

არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაკეთდეს წარმატებების და ჩავარდნების (successes and failures) პირველი ანალიზი. ამჯერად შემოგთავაზებთ მიმოხილვას იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ინფექციის გავრცელების 2.5 თვის თავზე შესაშურ შედეგებს მიაღწიეს. ჯერჯერობით, ეს აზიის რეგიონის ქვეყნებია:

  • ჩინეთი
  • სინგაპური
  • ტაივანი
  • სამხრეთ კორეა

 

ჩინეთი

რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის წარმატებულთა სიის თავში დასახელება გაოცების მიზეზიც შეიძლება იყოს, რადგან ეპიდემიის დასაწყისი სწორედ ჩინეთში დაფიქსირდა და პირველი ხანებში ქვეყანაში მდგომარეობა უმძიმესი იყო – ყოველდღიურად 3000-4500 ახალი შემთხვევა და 100-150-მდე გარდაცვლილი. უკვე თებერვლის შუა რიცხვებში დაავადებულთა რაოდენობამ 70,000-ს მიაღწია და ეს მსოფლიოში შემთხვევათა 90%-ზე მეტი იყო. ამას თან ერთვოდა სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ლამის 1.5 თვით დააგვიანა დაავადების პირველი შემთხვევების რეგისტრაცია და დროული შეტყობინებები. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ხდებოდა ცალკეული ექიმების მიერ გამაფრთხილებელი განგაშის ნიველირება და იგნორირება.

და მაინც, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ, ექიმებმა და მთლიანად მოსახლეობამ სასწაული მოახდინეს  და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის აღიარებით, მნიშვნელოვანწილად დაიცვეს არა მარტო საკუთარი საზოგადოება, არამედ – მსოფლიოც.

ყველაზე მნიშველოვანი მომენტები:

  1. კრიზისული მდგომარობის ერთიანი მართვა და სახელმწიფო სტრუქტურების (ჯანდაცვა, ფინანსები, მომარაგება, პოლიცია/საზოგადოებრივი წესრიგი, ადგილობრივი ორგანოები) მკაცრი კოორდინაცია.
  2. მასობრივი კარანტინის ზონების უსწრაფესი შექმნა. სრულ კარანტინში მოექცა 60-70 მილიონი მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალებულ ჰუბეის პროვინციაში. მიუხედავად ამისა, მაღალ დონეზე ხორციელდებოდა ტვირთების მიწოდება კარანტინის ზონებში და პროდუქტების და მედიკამენტების მარაგების შევსება.
  3. 10 დღის ვადაში კარგად აღჭურვილი მძალავრი (1000 საწოლამდე!) საველე ჰოსპიტლების გაშლა.
  4. უმოკლეს დროში სადიაგნოსტიკო ტესტების, სამედიცინო აღჭურვილობის, დამცველი საშუალებების მასიური წარმოების ორგანიზება.
  5. სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი გმირობა.
  6. საზოგადოებაზე მასობრივი კონტროლის და თვალთვალის გამოცდილების და ტექნიკის გამოყენება, ახლა – ეპიდემიის კონტროლის მიზნით. (ამის აღიარება არ ნიშნავს ჩემი მხრიდან ამ მეთოდების მოწონებას, ფაქტია, რომ ეპიდემიის დროს ეს ეფექტური აღმოჩნდა).
  7. მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობა და პანიკის დაბალი დონე.

 

რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების გადატანა სხვა ქვეყნებისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რამდენადაც ჩინეთს გააჩნია მკაცრი ავტორიტარული მმართველობა, წარმოუდგენელი მასშტაბის რესურსები და ამ რესურსების რელოკაციის განუმეორებელი გამოცდილება. ასევე აღსანიშნავია მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან ხელისუფლების ბრძანებების სავალდებულოდ აღქმისა და პერსონალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი დონე, რასაც ასევე „ამაგრებდა“ ინფიცირების შემთხვევების დაფარვისა და  გავრცელებისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფოდ შემოღებული დრაკონული ზომები (სამუდამო პატიმრობამდეც კი!). აქვე უნდა შვნიშნოთ, რომ როგორც სხვადასხვა წყაროები მოწმობენ, დაავადების პირველ ეტაპზე ე.წ. საკარანტინო ზონებში (სასტუმროებში) ავადმყოფების ნაწილი მაინც, შეიძლება, უფრო მეტად მკაცრად იზოლირებულნი იყვნენ, ვიდრე სამედიცინო პერსონალის აქტიური დახმარების ქვეშ.

შედეგი – სადღეისოდ, ჩინეთი ახალი შემთხვევების (25)  მხრივ მსოფლიოში მხოლოდ 29-ე ადგილზეა. 80,000 შემთხვევიდან 67,000 (84%) გამოჯანმრთელდა და ქვეყანამ, მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის მიუხედავად, დაიწყო სხვა ქვეყნების დახმარება – აპარატურით, ტესტ-სისტემებით და გამოცდილი მედიკოსების გუნდების გაგზავნით.

 

სინგაპური

ჩინეთთან გაცხოველებული სავაჭრო და სატრანსპორტი კავშირების წყალობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან სინგაპური  პირველ ადგილზე იყო ჩინეთს გარეთ შემთხვევების რაოდენობით (67 – 15.02,2019), მაგრამ მას შემდეგ შემთხვევებმა მხოლოდ 3.5-ჯერ მოიმატა (იმავე პერიოდში იტალიაში – 7,000-ჯერ!) და სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ინფიცირებულთა 45% უკვე გამოჯანმრთელდა. სადღეისოდ მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა იქნა რეგისტრირებული.

წარმატების მთავარი მიზეზები:

  1. სინგაპურის უმაღლესი დონის ჯანდაცვის სისტემა.
  2. შემთხვევების დადგენის და კვალის მიყოლის გამართული ეპიდკონტროლი. SARS-ის და ღორის გრიპის წინა ეპიდემიების შემდეგ სინგაპურმა შეიმუშავა ეპიდკონტროლის მაღალხარისხოვანი სისტემა, ახლა კი მოკლე დროში კორონავირუსის სეროლოგიური ტესტიც, რომელიც შემთხვევების პოტენციურ კავშირსაც ადგენს და გადაცემების  ეპიდკონტროლს აადვილებს. ტესტირება ტარდებოდა პნევმონიასა და გრიპზე ეჭვის შემთხვევებში.
  3. სინგაპურმა პირველმა შეწყვიტა ფრენები ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, დააწესა მკაცრი საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები და მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმს დაარღვევდა – მოქალაქეობის ჩამორთმევამდეც კი! დეკლარირებული იყო – „არავითარი ლოიალობა მათთან, ვინც საზოგადოებას საფრთხე შეუქმნის“. შემუშავებულ იქნა სმს-ებით და მობილური ინტერნეტით ადგილსამყოფელის დადასტურების სისტემა, რომლითაც რეგულარულად მოწმდებოდა პოტენციურ დამრღვევთა ადგილმდებარეობა.
  4. ჩინეთის მსგავსად, სინგაპური, პრაქტიკულად უნიტარული პოლიტიკური სისტემაა, სადაც მედია მკაცრად კონტროლდება და მოსახლეობა (5 მილიონი) ზედმიწევნით ასრულებს ხელისუფლების მოთხოვნებს. როგორც ნიუ იორკის სლოუნ კატერინგის ცენტრის ინფექციონისტმა კენტ სეპკოვიცმა აღნიშნა – სინგაპურელები  გაცილებით მაღლა აყენებენ თემისა და საზოგადოების ინტერესებს, ვიდრე ინდივიდუალურ თავისუფლებებს, და ჯანდაცვის სისტემის კრიზისის დროს ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია.
  5. გარდა ამისა, სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაცაა და როცა სუპერმარკეტების დაცარიელების პირველი ტალღის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრმა მიმართა მოსახლეობას სხვადასხვა ენაზე – ყველაფერი საკმარისი გვაქვს, ვირუსი SARS-თან შედარებით სულაც არაა საშიში, თვითიზოლაცია ყველაზე საუკეთესო პრევენცია, და თქვენ საქციელი განსაზღვრავს ჩვენს საბოლოო წარმატებასო, მის შემდეგ სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ იგრძნობა პანიკა.

 

ტაივანი

ქვეყანა-კუნძული 23 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც მხოლოდ 80 მილითაა დაშორებული ჩინეთიდან. მრავალი ტაივანელი ჩინეთში მუშაობს, ხოლო ჩინელი ტურისტების რაოდენობა დღიურად 2,000-ს აჭარბებს. და მაინც, ქვეყანამ ლამის შეუძლებელი შეძლო – მხოლოდ 59 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი, დაავადების სიხშირე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – 2.5 / 1 მილიონ მოსახლეობაზე. (იტალიაში – 409, ირანში – 178, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში – 75-დან – 250-მდე).

ტაივანის გამოცდილება:

  1. უსწრაფესი რეაქცია – უკვე 31 დეკემბერს, როდესაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მძიმე უცნაური ორმხრივი პნევმონიის რამდენიმე შემთხვევაზე შეტყობინება გაუგზავნა, ტაივანმა უხანიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო. მაშინ ისიც კი არ იყო ჯერ დადასტურებული, რომ ინფექცია შეიძლებოდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემულიყო. 12 იანვარს ტაივანმა, მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობისა, მოახერხა, რომ ჩინეთში თავისი ექსპერტების გუნდი გააგზავნა. გუნდის დაბრუნებისთანავე საავადმყოფოებში საეჭვო შემთხვევების შემოწმება და იზოლირება დაიწყეს. 21 იანვარს პირველი შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული.
  2. მმართველობა და კოორდინაცია. 20 იანვარს შეიქმნა ეპიდემიის მართვის ცენტრი, რომელიც ერთიან კოორდინაციას უწევდა არა მარტო ჯანდაცვას და საზღვრებს, არამედ სკოლებს, ტრანსპორტს, დეზინფექციას, ფონდების მობილიზებას და პერსონალის გადანაწილებას. ცენტრმა 124 ღონისძიება შეიმუშავა და განახორციელა.
  3. ავიარეისების გაუქმება. ტაივანი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 20 იანვარს უხანიდან ფრენები აკრძალა, ხოლო შემდეგ სხვა ჩინური ქალაქებიდანაც. მხოლოდ მოქალაქეებს ეძლეოდათ შინ დაბრუნების უფლება.
  4. აეროპორტში თერმომეტრებით კონტროლის სისტემა 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდეგ დაინერგა. მოქალაქეებს შეეძლოთ ონლაინ აეტვირთათ თავისი მოგზაურობის მარშრუტი და ავადმყოფობის ნიშნები. ეს მონაცემები პირდაპირ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხვდებოდა.
  5. მაღალი ინფიცირების ქვეყნებიდან ჩამოსულებზე სწრაფად დაწესდა 14-დღიანი კარანტინი – მობილური აპლიკაციებით კონტროლით და დამრღვევების მკაცრად დაჯარიმების (10,000 დოლარამდე!) სისტემით. ჯარიმები ასევე გავრცელდა სიმპტომების დაფარვაზეც.
  6. ქვეყანამ სასწრაფოდ გააძლიერა ნიღბების წარმოება, აკრძალა მათი ექსპორტი, და დააწესა სახელმწიფო ფასი – 16 ცენტი.
  7. ტესტირების სწრაფი და ენერგიული დაწყება. მასიური ტესტირება ინფიცირებულთა ირგვლივ – ნათესავებში და თემში.
  8. ტელევიზია და რადიო პირველივე დღეებიდანვე საათში ერთხელ გადაცემდა დაავადების სიმპტომების და გადაცემის გზების შესახებ. ინფორმაციას ხელების დაბანის, და თვითიზოლაციის მნიშვნელობაზე. ხაზგასმული იყო, რომ მოგზაურობის ისტორიაა მთავარი ფაქტორი და არა – პიროვნების ეთნიკურობა და მოქალაქეობა.
  9. მოსახლეობის პასუხისმგებლობის მაღალი დონე. მშობლების 95% თავად აკონტროლებდა შვილების ტემპერატურას და გადასცემდა სკოლებს. სამსახურებში დაიდგა თერმოსკანერები და თერმომეტრები. ნებისმიერი სიცხიანი არ დაიშვებოდა საზოგადოებრივ ადგილებში და ამის კონტროლში მოსახლეობაც  მონაწილეობდა.
  10. ტაივანის მოსახლეობის 99%-ს აქვს სამედიცინო დაზღვევა და იციან, რომ საავადმყოფოებში მათ ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ. ამან უზრუნველყო მოსახლეობის შედარებით უკეთესი ადაპტაცია სტრესთან.

 

 

სამხრეთ კორეა

ეს ქვეყანა თებერვალში სავალალო გამოცდილების ნიმუშად ითვლებოდა. პირველი ინფიცირებული 29 იანვარს გამოვლინდა. შემდეგ მოხერხდა კიდევ 30 ინფიცირებულის გამოვლენა და თვითიზოლაცია/კარანტინი, მაგრამ 31-ე პაციენტმა, მისი სამედიცინო გამოკვლევის პროცესში იზოლირების რეჟიმის დარღვევის გამო, სამხრეთ კორეა ეპიდემიის კატასტროფულ კრიზისში მოისროლა – კერძოდ,  რელიგიურ სექტაში, სადაც წევრებს შორის ხალხმრავალი შეხვედრების დროს ახლო კონტაქტი ხდება, ამ პაციენტის რამდენიმე შეხვედრაზე დასწრებისა და ქვეყანაში მოგზაურობის გამო ინფიცირების  სუპერგავრცელება დაიწყო: 27 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ყოველდღიურად უკვე 500-დან 750-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 8 მარტს კი სამხრეთ კორეაში 7500-ზე მეტი ინფიცირებული და 60 გარდაცვლილი იყო დაფიქსირებული, ქვეყანას მყარად ეკავა კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილი და კეთდებოდა პროგნოზები, რომ  1-2 თვეში უკვე ჩინეთის სავალალო მაჩვენებლებსაც გადაასწრებდა.

რამ იმუშავა:

  1. ეპიდკონტროლის გამოცდილება და სტრუქტურები. აქაც წინა ეპიდემიების – კერძოდ, MERS-ის 2015 წლის გამოცდილებამ – უაღრესად დიდი როლი ითამაშა. ქვეყნის დაავადების კონტროლის სამსახურებში უკვე არსებული სტრუქტურები სრული დატვირთვით შეუდგნენ მუშაობას.
  2. აგრესიული (მასობრივი) ტესტირება. სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ტესტ-სისტემების მასშტაბური წარმოების აწყობა. დღეში 160,000 ტესტის წარმოება – მართლაც ფენომენალური შედეგი. ამის წყალობით კორეა მსოფლიოში ყველაზე მეტ ტესტს (დღიურად 15,000-მდე) ატარებდა. ტაქტიკა შემდეგია – ინფიცირების ყველა შემთხვევის (მათ შორის – უსიმპტომო შემთხვევების) აქტიური გამოვლენა, მსუბუქი შემთხვევების იზოლირება, დანარჩენების სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა. თებერვალში ტესტირების ლაბორატორიები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობდნენ.
  3. ტექნოლოგიური უპირატესობა. სამხრეთ კორეის წარმატების მთავარი ინსტრუმენტი განსხვავებულია – დიდ მონაცემთა მინირებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიური პლატფორმების ყველაზე თანამედროვე მოდელის გამოყენება, რაშიც სამსუნგის და სხვა მძლავრი ტექ-კომპანიების მონაწილეობა განმსაზღვრელია. ქვეყნის ყველა მოქალაქისა და უცხოელთა მონაცემებიც ინტეგრირებულია სამთავრობო, სამედიცინო, სასაზღვრო, ფინანსურ, მობილური ოპერატორების სისტემებთან.  და ხდება სხვადასხვა მონაცემების ანალიზი, რეფერენსირება და გადაცემა AI სხვადასხვა აპლიკაციებთან. თუ ვინმეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, ხდება დიდ მონაცემთა ანალიზი, რომ სათანადო სამსახურებმა მიიღონ ინფორმაცია დაინფიცირებული პირის მოგზაურობის დეტალებზე, გადაადგილებებზე, საზოგადოებრივ თავშეყრებში მონაწილეობებზე, შესაძლო გავრცელების მიმართულებებზე. შემდეგ დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეგზავნებათ სმს მესიჯები და შეტყობინებები. სამედიცინო დაწესებულებები აქტიურად და განმეორებით ატყობინებენ შესაძლო კონტაქტებს (push-ტექნოლოგიებით), რომ აუცილებელია ტესტირების ჩატარება. მობილური აპლიკაციების წყალობით ლაბორატორიაში ან ჰოსპიტალში მისვლისას მათ უკვე ელოდებიან, ყველაფერი კეთდება ზუსტად, დაყოვნების და რიგების შექმნის გარეშე.
  4. სამხრეთ კორეამ პირველმა შემოიღო drive-through ტესტირება, როდესაც პირდაპირ მანქანაშივე კეთდება ხახის და ცხვირის ნაცხის აღება, რაც ჰოსპიტალური გადაცემის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. უახლოესი drive-through ტესტირების ადგილის შესახებ შეტყობინებას მძღოლი მობილურით იღებს. სულ კი ასეთი 43 ტესტირების ადგილი შეიქმნა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის drive-through ცენტრების მუშაობის ამსახველი ვიდეო.
  5. როცა მიღებულია ინფორმაცია, რომ დაავადებული რომელიმე კორპუსში ან სასტუმროში ცხოვრობდა, იქვე ხდება დროებითი გამოკვლევის პუნქტის ორგანიზება, რომ არ მოხდეს ინფიცირებულთა ტაქსებით გადაადგილება და დაფანტვა სხვადასხვა ლაბორატორიებში და მეტ ადამიანთან კონტაქტირება. „სწრაფი, ეფექტური, დროში გათვლილი მომსახურება ადგილზე“ – აი ხელოვნური ინტელექტის ზუსტი გამოყენების ფანტასტიური ეფექტი.
  6. ასევე ხელოვნური ინტელექტის წყალობით ხდება სხვადასხვა პროდუქტების მარაგების შევსება და ტრანსპორტის გადანაწილება. ამის გამო, სამხრეთ კორეის სუპერმარკეტებში თითქმის არ ხდება პროდუქტის დეფიციტის წარმოქმნა.
  7. ხელისუფლების სწორი კომუნიკაცია, მასობრივი დეზინფექციის სამუშაოები და მოსახლეობის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა – რაც ასევე წინა ეპიდემიების გამოცდილებიდან მოდის, სერიოზულ როლს თამაშობს კორეაშიც.

განსახვავებით სხვა ქვეყნებისგან,  სამხრეთ კორეას პრაქტიკულად არ ჩაუკეტია ქვეყნის რეგიონები და ქალაქები.

შედეგი სახეზეა. შემთხვევების რაოდენობა 8 მარტის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გაზრდილა. ახალი შემთხვევები დღეში 750-დან  75-მდე შემცირდა. სიკვდილობის მაჩვენებელი (0.9%) ერთ-ერთი ყველაზე დაბალია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გავრცელება მაღალი იყო.  მიუხედავად ჯერ კიდევ დიდი ოდენობით არსებული აქტიური შემთხვევებისა (7000-ზე მეტი), ყველა თანხმდება, რომ სამხრეთ კორეა ინფექციასთან ბრძოლაში წარმატებულ მაგალითად უნდა შეფასდეს.

 

=====

ზემოთგანხილული შემთხვევები მოწმობს, რომ წარმატების უნივერსალური  ტაქტიკა არ არსებობს. ქვეყნების მმართველობის, პოლიტიკური სისტემების, ეკონომიკური შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა დონე განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, წინა გამოცდილების სწორი და დროული გააზრება, ერთიანი კოორდინაცია, ავიამიმოსვლების დროულად კონტროლი/შეზღუდვა, კვალიფიციური და მასობრივი ტესტირება და გამოვლენილთა სრულფასოვანი ეპიდკონტროლი, სოციალური დისტანცირება, ისევე როგორც მოსახლების ინფორმირებულობის, თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე, როგორც წესი, წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

ის, რომ ამ მიმოხილვაში მხოლოდ აზიური ქვეყნები მოხვდნენ, არ ნიშნავს, რომ წარმატება მათი პოლიტიკური სისტემების დამსახურებაა. ჯერ ერთი, ამ მხრივ მათ შორისაც საკმაო გასხვავება არსებობს. სავარაუდოდ, პირველ რიგში აზიური ქვეყნების წარმატების საწინდარი კორონავირუსების წინა ეპიდემიების დროს მიღებული მდიდარი გამოცდილება იყო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანებში რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი) გამოიკვეთა ალტერნატიული მიდგომა – მკაცრი კარანტინისა და შეზღუდვების ნაცვლად, იმის აღიარება, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (60-70%) 1-2 წლის განმავლობაში მოუწევს კორონავირუსის გადატანა და უმრავლესობის მიერ მოხდება იმუნიტეტის (herd immunity) შემუშავება. აღნიშნული ქვეყნები გეგმავენ, მეტი აქცენტი გააკეთონ ეკონომიკის შენარჩუნებაზე, რომლის შესაძლო ხანგრძლივი კოლაფსი [გარკვეულწილად დაბალი ლეტალობის] ვირუსთან შედარებით უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნიათ. თუმცა, ბოლო დღეებში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ამ ქვეყნებმაც შეიძლება იზოლირების და კარანტინის გარკვეულ წესებს მიმართონ.

საერთაშორისო პრაქტიკა უკვე აჩვენებს, რომ კორონავირუსთან გამკლავება შესაძლებელია, თუ მოხერხდება გამოცდილების, სიფრთხილის და საყოველთაო პასუხისმგებლობის გაერთიანება. აუცილებელია მსოფლიო გამოცდილებიდან ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალურის, მისაღების და შესაძლებლის ამორჩევა, წარმატების საკუთარ ფორმულაზე მუშაობის გაგრძელება და გაუმჯობესება.