ჟამი სინანულისა


Archangel Michael
რაც უფრო ახლოს ვართ ნაცმოძური კოშმარის დასასრულთან, სულ უფრო მეტს ვფიქრობ არა იმაზე, რაზეც მთელი ეს ოთხი წელი ვფიქრობდი – სამართლის აღსრულებაზე, არამედ იმაზე, რაც ადრე ლამის არც მახსოვდა – მონანიებაზე, მიტევებაზე, შენდობასა და შერიგებაზე.
არ ვიცი, რითი აიხსნება ეს.

ალბათ იმით, რომ ადრე გაცილებით უფრო პესიმისტი (ზოგჯერ -სასოწარკვეთილიც კი) ვიყავი. ახლა შემიძლია გამოგიტყდეთ, რომ 2008-2011 წლებში ძალიან მიჭირდა. არა მატერიალურად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ყოფა მქონდა. უფრო იმით მიჭირდა, რომ დეპრესიასთან ახლოს ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი ძალა შემძინა. ორი რამ მეხმარებოდა, გამეძლო – ოჯახი, და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მსგავსად აზროვნებდნენ, მამხნევებდნენ, და რომელთაც, ვატყობდი, რომ ჩემი ნაწერები შვებას აძლევდა. ხოლო მე არანაკლებ შვებას მაძლევდა მათი მხრიდან იმედის გამტკიცება. და აი, ასე – ხელიხელჩაკიდებულები მოვდიოდით და ღმერთმა არ გაგვწირა. თავდაპირველად, ძალიან ბევრს ჩემს მიერ დახატული კოშმარული მომავლის სურათი (მატარებელი, რომელიც დროში უკან მიდის, 1953-ს გასცდა და 1937-საკენ მიიჩქარის) ბევრს ჰიპერბოლიზებული ფანტაზია ეგონა. მერე კი, თითქოს როლები შეიცვალა და მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდი მომავალს, ვიდრე ახლა ჩემზე უფრო შეძრწუნებული თანამოაზრეები… მართლაც უცნაური იქნება ამ ოთხწლიანი ანდერგრაუნდის ეტაპების უკან გადახვევა და იმის განცდა, რა დიდი ძალაა თანაგრძნობა და ჭირის თანაზიარება…
მაგრამ ამაზე კიდევ დავწერ. ძალიან ბევრია დასაწერი, და მაინც, მგონია, რომ ეს მოითმენს.
============================================
კრიმინალური რეჟიმი და ნიურნბერგის პროცესი
ფაქტები ჯერ კიდევ დასალაგებელია, რომ სრული მოზაიკა დაიხატოს, მაგრამ მთავარი ფაბულა არა მარტო გამოიკვეთა, არამედ ეჭვს, მგონი, მხოლოდ 5% (შეურაცხად) მიშისტებში თუ იწვევს:
მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორებად წოდებული ახალგაზრდა სუპერკარიერისტები, რომელთაც დემოკრატიის სახელით დედა უტირეს ასე თუ ისე არსებულ დემოკრატიას, სასამართლოს, მედიას. დაიჭირეს ლამის ყოველი მე-100 ადამიანი, პრობაციონერად აქციეს ლამის ყოველი მე-20-ე თუ 30-ე, უსმენდნენ ყველას, იყენებდნენ წამებას, გაუპატიურებას, ყველაფრის გაყალბებას – პირველ რიგში კი არჩევნების გაყალბებას. გაყიდეს და მიითვისეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც და მითვისებაც მოასწრეს. ოცნებობდნენ საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციაზე და უცხოელების მასობრივ ჩამოსახლებაზე და საქართველოს გადაქცევაზე მათი კლანის მიერ სამუდამოდ მართულ ბანტუსტანად, რომელსაც გარედან ფასადური დემოკრატიის ატრიბუტებით შენიღბავდნენ, პირველ რიგში – სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების პრიმატის მოჩვენებითი პრიორიტიზაციით.

და მაინც, იმის მიუხედავად, მოვახერხებთ თუ არა ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო პროცესის ჩატარებას (მგონია, რომ საჭიროა, მაგრამ ვეთანხმები ქ-ნ ლია მუხაშავრიას, რომ გაგვიჭირდება. და, ალბათ, კარგი გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას ვთხოვთ ამას – რომის სტატუსთან ჩვენი მიერთების წყალობით) – აშკარაა, რომ სასამართლო სკამზე დასმულთა რაოდენობა არ იქნება დიდი.
საინტერესოა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენთაგანმა არ ვიცით (მეც არ ვიცოდი) ნიურნბერგის პროცესის მასშტაბები. 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე სტალინმა პირველად დასვა საკითხი, რას ფიქრობდნენ მოკავშირეები გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშიზმის სამხედრო მექანიზმის – გერმანული არმიის – განადგურებაზე და თავადვე გამოთქვა აზრი – ალბათ 50,000-100,000 გერმანელი ოფიცერი უნდა დაიხვრიტოსო. რუზველტმა, რომელსაც კარგად ესმოდა რუსებისთვის გერმანელების მიერ მიყენებული კოლოსალური ადამიანური, მატერიალური ზარალი და მიწის პირისაგან აღგვილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, უხერხულობის განტვირთვა ხუმრობით სცადა – ეგებ, 49,000 ვიკმაროთო. ჩერჩილს კი არ მორიდებია დაეფიქსირებინა თავისი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია – ოფიცრები ბრძანებას ასრულებენ და მალე საკუთარი სამშობლოს დაცვა მოუწევთ, მე მაგ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობას არ მივიღებო. ამის შემდეგ იალტასა და პოტსდამში ამ საკითხზე რამდენიმე გეგმის გადახედვის შედეგად ძირითადად ამერიკელების და ინგლისელების წინადადებებზე დაყრდნობით შემუშავდა სასამართლო პროცესის სქემა. თავად ნიურნბერგის (მთავარ) პროცესზე, რომელიც დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა, მხოლოდ 200-მდე ნაცისტი გასამართლდა, აქედან 23 მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი – ე.წ. მთავარი ტრიბუნალის მიერ. მათგან 12-ს სიკვდილი მიესაჯა (თუმცა ბორმანი ვერასოდეს ნახეს), 3 კი გაამართლეს. გარდა ამისა, იყო კიდევ ნიურნბერგის დამატებითი სასამართლოები, სადაც კიდევ 1600-მდე პირი გაასამართლეს.
მიუხედავად მთელი რიგი სერიოზული კრიტიკისა, რაც ნიურნბერგის პროცესს მოჰყვა, ის თავისი დროის ყველაზე უფრო მასშტაბურ, სამართლიან და ჰუმანურ სასამართლოდ ითვლება. შესადარებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ 1936-38 წლებში საბჭოთა დიდი ტერორის დროს თითქმის 700,000 ადამიანი დახვრიტეს (ყოველდღიურად – საშუალოდ 900-ს სჯიდნენ!) და პროცესების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გრძელდებოდა.
როდესაც ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ნიურნბერგს ვახსენებთ, რა თქმა უნდა, იურისტებსაც და საზოგადოების რიგით წევრებსაც ორგანიზებული სახელმწიფო კლანის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულის გასამართლების ანალოგია გვაქვს მხედველობაში და არა – ამ ორი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა არსის და მასშტაბების ფარდობითობა. რა თქმა უნდა, ვერავითარ სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცმოძრაობის შედარება ნაციზმთან. სავარაუდოდ, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ასეთი ტიპის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევდა, გაცილებით მცირე იქნება, და ალბათ რამდენიმე ათეულს არ გადააჭარბებს. არ გამოვრიცხავ, რომ დამნაშავეთა უმრავლესობის მიმართ, სასამართლომ არ გამოიყენოს სასჯელის ის მაქსიმალური ზომა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გამართლებულად ჩათვლიდა.
==========================
მცირედდამნაშავეთა არმია

მაგრამ გაცილებით უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია სხვა საკითხი, რომელიც ასევე დადგა ან დადგება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამა თუ იმ ტიპის კრიმინალური რეჟიმები მოქმედებდნენ/იმოქმედებენ:
რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ქმედებებით ან უმოქმედობით, გაყალბებებში მონაწილეობით, ან ფალსიფიკაციებზე თვალის დახუჭვით, ცილისწამებით, თუ დაშინებების, მოსყიდვის, გადაბირების, სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევით – უშუალო სარგებლის მიღების მოტივით, ან დამნაშევე რეჟიმისათვის ხელისშეწყობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი აქტით ჩაიდინეს კრიმინალური თუ ეთიკურ-მორალური დანაშაული, ფარავდნენ დანაშაულს, ახდენდნენ მეზობლების, თანამშრომლების დაშინებას, დასმენას, და გარკვეულწილად, რეჟიმის ქვედა დონის საცეცებს წარმოადგენდნენ?
ასეთი ადამიანების რაოდენობა, სავარაუდოდ, გასასამართლებელთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი იქნება. სხვადასხვა ტიპის ქმედებებთან მიმართებაში შეიძლება, საქმე ეხებოდეს ასობით ან ათასობით (ან ათეულ ათასობით?) ადამიანს – ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ნოტარიუსებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკებს, მედიამუშაკებს, ადგილობრივი მმართველობებისა და სახლმმართველობის თამნამშრომლებს, დირექტორებს და პედაგოგებს, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტებს, კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს, ე.წ. ექსპერტებს…
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელი იქნება, ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დევნის დაწყება. ძალიან სწორად განაცხადა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, იმისთვის არ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ მის მიერ გადავსებული ციხეები ახლა მათი მომხრეებით გადავავსოთ და საქართველოს სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრებული „ლიდერობა“ პატიმართა რიცხვის მხრივ, ისევ შევინარჩუნოთო.
ასევე დაუშვებელი იქნება იმის მინიმალური შანსის დატოვება, რომ რადგან არსებობს ამ ადამიანთა მიმართ გაღიზიანებული საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ უკანასკნელთ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თავად შეუძლიათ აღასრულონ „მართლმსაჯულება“ კრიმინალურ რეჟიმთან დაახლოებული პირების, ხოლო ზოგჯერ – უშუალოდ საკუთარი მჩაგვრელების მიმართ. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი ყვითელი თუ შავი გაზეთი, ტელევიზია თუ ინტერნეტ-მედია, რომლებიც ისეთ აბსოლუტურად მიუღებელ მეთოდებს არ თაკილობენ, როგორიცაა პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილთა მისამართების გამოქვეყნება! ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლებულ ამ მედია-საშუალებების დიდი ნაწილის რეალური მფლობელების ვინაობა და დაფინანსების წყაროები უცნობია და არაა გამორიცხული, ისინი იმ ძალების ინტერესებს ახორციელებდნენ, ვისაც სურთ საქართველოში ახალი მასიური სამოქალაქო დაპირსპირების წაქეზება.

როგორია გამოსავალი?
ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს, და ჩემი ეს წერილი სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა დროულად დავიწყოთ.
===============================

მიტევების პროცესი.

როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ეთიკის ნორმები მიტევების პროცესს სამოქალაქო ერთობის და ჯანსაღი მრევლის თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლად უნდა სახავდეს.
თუ არსებობს შეცოდება/ცოდვა ან პირის დანაშაულებრივი ქმედება, ან თუნდა შეცდომა, ე.ი. არსებობს რაღაც მიყენებული ზიანი ან ტკივილი.
ზიანის ან ტკივილის მოშუშების საუკეთესო მეთოდი ორია: სამართლის აღდგენა და/ან მიტევება. სხვათაშორის, მიტევების/პატიების საწყის ეტაპად ხშირად სწორედ სამართლის აღდგენა იქცევა ხოლმე.
მაგრამ, მოდით, განვიხილოთ ის სიტუაცია, თუ სამართლის აღსრულება სასამართლო ძალით არ ხდება.
ამ შემთხვევაში მიტევების პროცესი შეიძლება იყოს ორი ტიპის – ცალმხრივი (ზოგიერთის მიერ იგი შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ქრისტესმიერი, ქრისტიანული მიტევება და ყველაზე ხშირად აქ გვახსენდება „მეორე ლოყის მიშვერის“ ფენომენი, რომელიც მე პირადად, ნაკლებმისაღებად მიმაჩნია ქართულ საზოგადოებაში) და მეორე – ორმხრივი ტიპის, რომელსაც ვემხრობი და რომელიც როგორც სამართლის სპეციალისტების (მაგ. – Randall J. Cecrle), ასევე ზოგიერთი დასავლელი თეოლოგის (მაგ. ცნობილი ამერიკელი პასტორის Marc Driscoll) მიერაც ყველაზე გამართლებულად არის მიჩნეული.
ამ პროცესში აუცილებელ ელემენტებად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საფეხურები:
1. ცოდვის ან შეცდომის შეგრძნება (ეთიკური ან რელიგიური მორალის პრინციპების გათავისებიდან გამომდინარე)
2. აღიარება/აღსარების თქმა
3. მონანიება (ვისაც ზარალი მიადგა და/ან უფლის მიმართ) და იმის პირობის დადება, რომ მსგავსი ქმედებები აღარ იქნება გამეორებული
4. ზარალის ანაზღაურება / უფლის მსახურის მიერ დაკისრებული ეპიტამიის შესრულება
5. მიტევება/შერიგება

მაგრამ როცა ეს ყველაფერი თავიდან გადავიკითხე, მივხვდი, რომ რელიგიური ბილიკის მითითება შეიძლება საზოგადოებისათვის წამგებიანი აღმოჩნდეს, რამეთუ საჯარო პირი, რომელმაც თავისი სერვილანტობით, კონფორმიზმით თუ ყალბისმქმნელობით (აღარაფერს ვამბობ – ჩაგვრასა და წამებაში მონაწილეობაზე, ქონების ძალადობრივი გადაფორმების მსგავს დანაშაულში ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე) რელიგიური მიტევების გზას დაადგება, მან შეიძლება მერე ამაყად ან თავდახრილმა გვითხრას, რომ მან უკვე მოინანია და მიტევებულია. ამის მკაფიო მაგალითები ბევრი გვინახავს ამ ბოლო დროს – მაგალითად 2010 წლის ოსტატურად გაყალბებული თვითმმართველობის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი როგორ ყურებამდე გახეული პირით და ლამის სიცილით მომყვირალი „ცოდვილი ვარ, ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ!“ შევარდა ეკლესიაში, ემთხვია კათალიკოსს-პატრიარქს, მსწრაფლ ხელი ჩამოართვა გაოგნებულ ირაკლი ალასანიას, და მერე კათედრასთან დადგა და ეკლესიაში ქადაგად დავარდა!.. ამას კი შედეგად სულ მალე 2011 წლის 26 მაისის ძალადობა მოჰყვა!.. იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილი „მომნანიე“? იყო იგი ღირსი, რომ ჩვენს საზოგადოებას მისთვის მიტევება ებოძებინა? მსგავსი მაგალითი იყო ისიც, როგორ განაცხადა „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანმა – მის მერე ხშირად ეკლესიაში დავდივარო! ვშიშობ, ნაცმოძრაობის ლიდერებს და ადეპტებს მალე საყოველთაო „გაეკლესიურების ეპიდემია“ დაერევათ – აგერ უკვე გია ნოდია და დავით დარჩიაშვილი ლამის ყოველკვირეულად უფლის მიერ მოვლენილ განსაცდელზე გველაპარაკებიან და ისეთ წინადადებებს აღავლენენ („ღმერთმა დაიფაროს საქართველო, პოლიტიკური არენიდან ნაციონალური მოძრაობა გაქრეს“!), რომ სახტად დადის ერიც და ბერიც! ჰოდა, რა გამოვა, არა მარტო მედია ურნალისტები და სექსპერტები არამედ ბევრი ინტერპოლით ძებნილიც სამაგალითოდ მიიჩნევს ნეტარი იოსების (ერისკუდობაში – სოსო თოფურიძის) ქმედებას და ეკლესიიდან მოტანილ ინდულგენციის ფურცლებით მოგვიწოდებენ მათი მიტევების უპირობოდ გაზიარებას?

მე ამას ასე ვხედავ, თუმცა, შეიძლება ვცდები და გამისწორეთ:
ა) სისხლის სამართლის დანაშაულზე საეკლესიო მიტევება შემამსუბუქებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება, აღარ ვლაპარაკობ დანაშაულის მოხსნაზე.
ბ) თუ ადამიანს ეთიკური და პროფესიული დანაშაული ან შეცდომა აქვს ჩადენილი, და მას საზოგადოებისათვის ან საზოგადოების კონკრეტული წევრისათვის აქვს მიყენებული ზარალი, ამ ქმედების საზოგადო მონანიების და ამ ზარალის ანაზღაურების გარეშე, ასევე არ იქნება საკმარისი საეკლესიო მიტევების და ზიარების მიღება;
გ) ასევე არ იქნება საკმარისი ზიარების ფაქტი იმ ურნალისტების, (ს)ექსპერტების თუ პარტიული ადეპტებისათვის, რომელთაც შეიძლება კონკრეტული პირი არ ედავებათ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ მათ მიერ საზოგადოებისათვის სიცრუით თუ გაყალბებებში მონაწილეობით, ან სიმართლის მრავალჯერადი დაფარვით მიყენებული ზარალი აშკარაა, და რომლებიც აპირებენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.
დ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გ) პუნქტში აღნიშნული პირები აღარ აპირებენ თავიანთი პროფესიული ან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, ალბათ, მართლაც მისაღებია, რომ მათ რელიგიური მიტევება გამოიყენონ. თუმცა ეს საზოგადოებისათვის თუ უცნობი დარჩება, როგორ მოხდება მათთვის საზოგადოების მხრიდან მიტევება და შერიგება, ვერ ვხვდები.

თანაც, რამდენადაც საქართველო სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეები სხვადასხვა აღმსარებლობის პირები შეიძლება იყვნენ, ალბათ აჯობებს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ, სამოქალაქო სამართლის პარალელურად სამოქალაქო მონანიების და მიტევების პროცესებს შევეხოთ.

არის კიდევ რამდენიმე სირთულე ლამის თითოეული ზემოთჩამოთვლილი საფეხურის მიმართ, რომელთა განხილვა აუცილებლად მიმაჩნია:
1. როდესაც ვლაპარაკობთ რომელიმე მომნანიე პირის მიერ შეცდომის, დანაშაულის ან ცოდვის გაცნობიერებაზე, მე პირადად ეს, ძალიან ხშირად, დაუჯერებლად მიმაჩნია. გასაგებია, რომ ზემოხსენებულ შერიგების ნაბიჯებზე ეთიკური დარღვევის თუ მცირე დანაშაულის ჩამდენ პირთა უმრავლესობა ძალიან პრაგმატული მიზეზის – შურისძიების შიშის და/ან საზოგადოებიდან გარიყვის მოლოდინის გამო წავა, და არა იმიტომ, რომ მათში მომნანიე პირმა გაიღვიძა. თუმცა, მე პირადად, ყველას მივცემდი ერთ შანსს და არ დავიწყებდი იმის საცეცხლურით ჩხრეკას, რამდენად გულწრფელნი არიან თავის მონანიებაში. (რამე კითხვები რომ არ დარჩეს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუნდაც მას არავითარი დანაშაული ვერ დაუმტკიცდეს, მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთი შანსის მიცემას, რომელიც ჩვენ მას უამრავჯერ მივეცით, მან კი უამრავჯერ გადაგვაგდო და საზარლად იძია შური თავის დროებით სისუსტეზე).
2. აღიარების აქტი, სავარაუდოდ, სასურველია მოხდეს რაიმე საზოგადოებრივად მისაღები ფორმით, ისე, რომ არსებობდეს ამ აქტის წერილობითი ან ვიდეო ფორმის დოკუმენტი.
3. მონანიების რამდენიმე ფორმა არსებობს თითქმის ყველა ენაზე. ქართველებსაც გვაქვს გრადაცია: „ბოდიშს ვიხდი“ – „მაპატიეთ“ – „მომიტევეთ“. პირველს დაახლოებით ისეთივე გაცვეთილი შინაარსი გაუჩნდა, როგორც უკვე ყბადაღებულ „პასუხისმგებლობას ვიღებ“-ს, როდესაც ტიპები ამის შემდეგ უტიფრად აცხადებენ, მე ხომ პასუხისმგებლობა ავიღე, მეტი რაღა ჯანდაბა გინდათო! პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს პასუხისგების აუცილებლობას, თუ აღებულ სფეროში დანაშაული შენი ხელქვეითის მიერ არის ჩადენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ დანაშაულზე. რაც შეეხება „ბოდიშს ვიხდი“-ს, შენ კი მოიბოდიშე, მაგრამ შენს მიერ დაზარალებულმა პირმა/საზოგადოებამ ჩაგითვალა, რომ ბოდიში მიღებულია? ხომ არ სჯობს, ამიტომ თავიდანვე „მაპატიეთ“/“მომიტევეთ“ იყოს ნათხოვნი?
4. ზარალის ანაზღაურების საინტერესო გამოცდილება – მეორე მსოფლიო ომის ანალოგიიდან გასათვალისწინებელია არა მარტო ნიურნბერგის პროცესი, არამედ დენაციფიკაციის მწყობრი სისტემა, რომელიც გულისხმობდა ნაცისტური რეჟიმის და პარტიის წევრების, ისევე როგორც საზოგადოების წევრების მხრიდან ნაციზმის დაგმობას, ნაციზმის/ფაშიზმის სიმბოლიკის განადგურებას და რაც მთავარია, გარკვეული ტიპის ქმედებებს – როგორიც იყო ადამიანების წამების და მასობრივი განადგურების დოკუმენტების სავალდებულო გაცნობა და ასევე – დაღუპული ადამიანების (ძირითადად საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების) საფლავების გათხრა, გადასვენება და წესის მიხედვით დასაფლავება. ამ სამუშაოებში, მთელი გერმანიის მაშტაბით რამდენიმე ასეულმა ათასმა გერმანელმა მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, მხარს დამიჭერთ, თუ არა, წინა პარლამენტების ყველა დეპუტატს და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ დეპუტატებს, რომლებიც ხშირად ცინიკურ კომენტარებს აკეთებდნენ სახალხო დამცველის თუ გია ცაგარეიშვილის მოხსენებებზე, ვაიძულებდი, გაცნობობდნენ როგორც ამჟამად მიმდანარე ხმაურიანი საქმის დოკუმენტებს, ასევე ადამიანების დამცირების და წამების დოკუმენტებს, და ასევე – სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებების დოკუმენტებს, ხოლო იმ ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომელთაც წართმეული ქონებები აქვთ გადაფორმებული ღამის საათებში, ალბათ საინტერესო იქნებოდა, ასევე ღამის საათებში, ოღონდ უკვე კამერების თანდასწრებით, იმის დაფიქსირება, როგორ მოახდენდნენ ამ ქონების უკანვე დაბრუნების იურიდიულად გაფორმებას. არ არის გამორცხული, რომ ზოგიერთი ყველაზე პირწავარდნილი ურნალისტის მიმართ რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადაც გამართლებული იყოს, მაგალითად, საინტერესო იქნებოდა, როგორ იმუშავებდა სტაჟორად მათე კირვალიძე ტელესტუდია „მაესტროში“ (თუმცა არა მგონია, მამუკა ღლონტს მოეწონოს ეს ინოვაცია 🙂
5. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენთაგანმა, ვინც თითქოს კარგა ხანია, ვემიჯნებოდით ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის ქმედებებს, მაინც ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა – ჩვენც საკმაოდ დიდხანს ვიყავით ჩუმად, საკმაოდ დიდხანს ვამართლებდით იმის მომიზეზებით, რომ არაუშავს, მერე გამოსწორდებიან, საკმაოდ დიდხნს არ გვჯეროდა, გვერდით არ დავუდექით ირინა ენუქიძეს, საკმაოდ დიდხანს სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიგვაჩნდა… ახლა კი ჩვენც უნდა მოვინანიოთ. არაა გამორიცხული, პირველებმა სწორედ ჩვენ მივცეთ კიდეც მაგალითი იმათ, ვისაც უფრო მეტი აქვს მოსანანიებელი. და ამავე დროს უნდა დავპირდეთ ამ ადამიანებს, რომ ვისაც კრიმინალი არ ჩაუდენია, რომ მათ ხელს გავუწვდით და დავეხმარებით იმაში, რომ ისევ იმ ადამიანებად ქცევაში დავეხმარებით, რაც იყვნენ კიდეც სანამ ნაცმოძრაობასთან და სინდისთან გარიგებაზე არ წავიდოდნენ… მთავარია, ოღონდ მათ მოინანიონ…
გერმანელები ლამის ასმილიონიანი ერია და მათ სიბრძნედ მიმაჩნია, რომ იმ საშინელი კოშმარის გადატანის შემდეგ, როდესაც ეგონათ, რომ სამოთხეს აშენებდნენ და ბოლოს სინამდვილეში საზარელი ჯოჯოხეთი ააშენეს, როდესაც ეგონათ, რომ მსოფლიო წესრიგის დამწესებლები და წარმმართველები გახდებოდნენ და კარგა ხნით მსოფლიოს პატიმრად და გამოსასწორებელი გარედან მართული ტერიტორიის სტატუსი მიიღეს, მაინც არ დაკარგეს ადამიანობა და როგორც მონანიების – ასევე, რაც უფრო მთავარია – მიტევების უნარი! წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა გერმანია, ერთმანეთის ბრალდებებს, ანგარიშსწორებებს და შურისძიებებს რომ გადაჰყოლოდნენ! ჩემი აზრით, სწორედ ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მონანიების ამ ნიჭმა და ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მიტევების უნარმა, ისევე როგორც სამართალმორჩილებამ და შრომისმოყვარეობამ გადაარჩინა გერმანელი ერი, რომელიც არნახული დამარცხებიდან და დამცირებიდან მსოფლიოს წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად იქცა.

ჩვენ, რომელბივ გაცილებით მცირერიცხვოვანი ერი ვართ, ნამდვილად არ უნდა გვქონდეს ადამიანების დაკარგვის ფუფუნება და ყოველი ჩვენი მოქალაქის იტნეგრაციისათვის უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ სამართლის აღდგენა მასიურ ანგარიშსწორებად არ ვაქციოთ და შერიგების პროცესი ამჟამად მაინც პატიოსნად და ბოლომდე მივიყვანოთ.

მინდა გითხრათ, რომ ერთ ნიჭიერ ადამიანს და ნაცმოძრაობის ძალიან ცნობად სახეს უკვე შევთავაზე ჩემი გულწრფელი დახმარება და ჩემი ხელი მანამ არის გაწვდილი, სანამ მას ამაზე უარი არ უთქვამს. თუმცა იმასაც არ დავმალავ, რომ არიან ადამიანები, რომელთა მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვერ წარმომიდგენია. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მათი მხრიდან მონანიების გულწრფელობა ვერ წარმომიდგენია. არა უშავს, ყველაფერი იცვლება და ვიცვლებით ჩვენც. და მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ მაგალითები არსებობს, მოციქულ პავლედან დაწყებული, იმის, თუ როგორ შეძლეს საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე ადამიანებმა არამცთუ გამოსწორება, არამედ საზოგადოებისა და მთელი მომავალი თაობებისათვის სამაგალითო ნიმუშის მიცემა.

ვფიქრობ, რომ სამართლის ქმნის პარალელურად სინანულის ჟამიც დადგა. იმაზე, თუ როგორ სწორად წარვმართავთ ამ ორივე პროცესს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მომავალი.

P.S. ეს არის ის ერთ-ერთი პირველი მერცხალი, რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა. თან მომეწონა – სხვათა მდუმარების ფონზე ნუ დავუკარგავთ დამსახურებას დავით კიკალიშვილს, და თან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს მეც და ფეისბუქზე ჩემს მეგობრებსაც ამ ბოდიშის მოხდის მიმართ… და სწორედ ამიტომ დავწერე ეს ბლოგი…
სხვათა შორის, დავით კიკალიშვილს წლების წინ პირადად ვიცნობდი და მასაც სიამოვნებით დავეხმარებოდი იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა.

კიკალიშვილის ბოდიში

დღეს შეიძლება ჩემი აზრები ბევრს ისევე არ მოეწონოს, როგორც 2009 წლის ბოლოს დაწერილი პირველი ბლოგი – ჰავლაბრის ტურფებზე/ურნალისტებზე – არ მოეწონათ. რას ვიზამ, უნდა დავიცადო.
P.P.S. ისევ მოკლედ მინდოდა მეთქვა და ისევ ძველებურად გამომივიდა…


Pulp Fiction 2 (ვარდისფერი შიგშენი)


Saakashvili-psycho

გაფასდა ტარანტინო… დაერხა კრონენბერგს… ვერხოვენი ჩამოიწერა… მალე ჰიჩკოკსაც გადაუჯოკრავენ…

საქართველოში მძლავრობს ექშენი – სახელად – ვარდისფერი შიგშენი…

ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ჯერ თავის მთავრობაში ყოფნის დროს მარშალი ბეტანკურივით დაიმონა, დაიჭირა, გაატყავა და გარყვნა ხალხი, ახლა, მაოხრებელი გზირივით იგივეს აკეთებს ოპოზიციიდან, ოღონდ – უკუღმა…

გაგიკვირდებათ…

მაგრამ თუ ის არ გიკვირთ, რომ ჩიტების ორგანიზებულ დივიზიებს ადამიანების განადგურება ჰქონდათ დაგეგმილი, თუ აკანკალებული საიმოვნებით უყურებდით, როგორ შეიძლება მეთოდურად გარეცხო მანქანა ათასობით ტვინის ნაწილაკისაგან, თუ ავტოავარიით სიკვდილი ორგაზმის ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული მიდრეკილებების მქონე სუბიექტებისათვის, ხოლო სხვები მხოლოდ მაშინ ათავებენ, როცა საწოლის ქვეშ გადანახულ ყინულის საჩეჩქვ დანას ეფერებიან ტარზე, და თუ სავსებით ბუნებრივია, რომ დღეს ასეთი “არტი” გაცილებით მეტ ადამიანს იზიდავს, ვიდრე „რომეო და ჯულიეტა“, ან „მოგზაურობა ტოკიოში“, მაშინ რატომ გვიკვირს, რომ ნაციონალური მოძრაობა, თავისი გამოცხადებული სიშლეგის მოდელირებულ  ქრონიკებში სწორედ ასეთ ახალ ხერხს მიმართავს:

„მასიური დედააფეთქებული პროვოცირება მასიური ლინჩირების გამოსაწვევად და გლობალური ემოციური მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“

განსხვავებით მარშალ ბეტანკურის დროინდელი კამორისაგან, დღევანდელი „კანურის“ გრანდისიმოჰალეებს უფრო გრანდიოზული ამოცანა აქვთ – რევოლუციის არა ჩახშობა, არამედ პროვოცირება… „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ შეცვალა სრულიად მოულოდნელმა ნატვრამ – „ოღონდ იყოს ბუნტი! მალე იყოს ბუნტი! ოღონდ მალე დაიღვაროს მეწამული სისხლი! (რომელსაც დასავლეთს ვაჩვენებთ!)“

ამ (ჭეშმარიტად მაკიაველის და ბორჯიებს რომ შეშურდებოდათ, ისეთ) სპექტაკლში ჩაბმული არის 4 ფოკუს ჯგუფი და მინიმუმ 2 ქორო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკუს ჯგუფი არის „საზიზღრები“ (ვამპირები)… მათი ამოცანაა თავისი საშინელი საქციელით და უფრო უარესი „ლოგიკით“ გამოიწვიონ ხალხში აღშფოთება, ბრაზი, აგრესია და სიძულვილი. მოახდინონ თავის თავზე მაქსიმალური ცეცხლის კონცენტრირება. აბსოლუტურად ზედმეტია (რეჟისორის ჩანაფიქრით), რომ ისინი რაიმე სიბრალულს იწვევდნენ! პირიქით, მათი თითოეული ამაზრზენი ტყუილი უნდა იყოს ისეთი, რომ გამოიწვიოს დედისშეგინების ისეთი დაუძლეველი სურვილი, რომელსაც ვერავითარი ქალური სინაზე თუ მორცხვობა წინ ვერ დაუდგება! ეს არის ფოკუს ჯგუფი, რომელმაც საზოგადოების ფართო წრეები უნდა აღაგზნოს, გაავეშოს, გააგიჟოს და მათი ჩაწიხვლის, ჩაქოლვის, ფურთხში და სისხლში დახრჩობის იმპერატიული სურვილი მომენტალურად უნდა აღუძრას… ამ ჯგუფის წევრებია ცნობილი ოქროპირიძე და ცნობილი დონაძე. და ის, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებად განიხილავს, სწორედაც რომ აწყობს ჩვენს ნერონიკოს. მისი გათვლა ხომ გაცილებით შორს მიდის! ჩაქოლილი ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი ადამიანია, და (თუ გაუმართლა და საქმე მართლა ამით დამთავრდა!) – ჩაქოლილი სექსუმცირესობის წარმომადგენლის ფასი ხომ განუზომლად უფრო დიდი იქნება მსოფლიო პოლიტიკის ოსკარის ცერემონიალზე?! საოცარ დონეს მიაღწია ნერონიკოსა და დონაძიკოს თეატრმა – ადრე სადმე ყოფილა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გირაოთი გამოშვებული პირი მილიონობით ადამიანს ტელევიზიიდან „ახურავდეს“ და „აჭმევდეს“? – ჩვენთან კი მოხდა!  ადრე სადმე გინახავთ, მთავრობის წევრი დებატებში იმ ადამიანთან, რომელიც რამდენიმე მკვლელობაში თანამონაწილედ არის ეჭვმიტანილი? ნახეთ, როგორ იხვეწებოდა გურამიკო – მოდით და ჩამქოლეთ, ქალბატონო თინაო! დავალება აქვს – თვითჩაქოლვის მიზანსცენის ავტორიცაა და მოქმედი პირიც, რომელმაც რეჟიმი უნდა გადაარჩინოს! და რატომღაც ლუკა კურტანიძეს ვერ უბედავს ჩაქოლვის ნატვრას, გაჭედილი!.. ისე, ვერ ვხვდები, თავად ეს მაზოხისტები თუ ხვდებიან, როგორი მოკლე თოკით არიან დაბმული და როგორ ელოდება მათი გენიოსი რეჟისორი მათი დე-ფაქტო გამოფატვრის ნანატრ ფინალს! სავარაუდოდ, მათ გარანტიები აქვთ მიღებული, რომ სიტუაციის რაღაც „ჭ“ წერტილამდე დაძაბვის შემდეგ, ყალბ პასპორტს და საზღვარზე ფეხდაუსველებლად და მძიმე დიპლომატით გადასვლას უზრუნველყოფენ… თუმცა, თუ იოტისოდენა ტვინი მაინც აქვთ იმ ჩასაფარებელ გოგრაში, კი უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი ცოცხლად და უსისხლოდ გაშვება ჩვენი ტარანტინუშკას გეგმებში აბსოლუტურად არ უნდა შედიოდეს. ამ ფოკუს ჯგუფის სულიერი ხაზი ხომ ლუციუს სერგიუს კატილინადან მოდის…

ფოკუს ჯგუფი 2 – „საბრალონი“ “les miserables” – ამ ჯგუფის ამოცანა მხოლოდ დოზირებული ბრაზის გამოწვევაა. მათი საბაზისო (და საბაზროც!) ღირებულება უფრო მაღალია და თუ ძაან არ გაუჭირდა ნერონს, ამ ფოკუს ჯგუფს მართლაც აქვს სერიოზული გარანტიები. მათი ამოცანაა სისხლის დაღვრა… ოღონდ – არა მოწინააღმდეგის სისხლის, არამედ – საკუთარი სისხლის! აბა, რას გეუბნებოდით – რა კამორა, რის კამორა! „პადდავკია“ ეს, „პადდავკი“! გამოფრთხიალდება რომელიმე ჩიორა, ბოლოს ააქანქარებს, ვიღაცას რაღაცას ესვრის უტიფრად და თუ ბედმა გაუღიმა და სისხლმდენ წერტილში მოარტყეს შედეგად, ხომ აშენდა და აშენდა! ორი საათი ირბენს ბნედიანივით ერთი კამერიდან მეორე კამერამდე, ორი საათი ცხვირსახოცს არ მიიკარებს სისხლმდენ ჭრილობაზე, ასობით სურათს გადაიღებს თავისი ვარსკვლავური მომენტის უკვდავსაყოფად… მერე კი იმავ საღამოს გაბადრული და მოყოჩაღებული  ყურს დაუგდებს ბელადის სენტენციებს… ხოლო 5 დღის მერე, თუ ვინმე საპატიო სტუმარი ეწვევა, ღამენათავი და გატანჯული სახით გამოიღებს მონიკა ლევინსკის კაბასავით სათუთად შენახულ სისხლიან ნივთმტკიცებას, ყელთან მიიფუთნის და მთელ მსოფლიოს დივანზე ჰორიზონტალურად მიბნედილი წარუდგება ასე წამებული, შუშანიკ ჩვენი… ამ ჯგუფში ფიცხელი მამაკაცებიც არიან – „დაარტყი, დავარდი, ფოტოგადააღებინე!“ დევიზით მაცხოვრებელნი… ჯგუფის მთავარი დამახასიათებელია – ცნობადობა, მსხვერპლადობა, მედიაში განვლადობა!

მესამე ფოკუს ჯგუფი – „ნახევრადღმერთები/ერისმამები“ ანუ მჭმუნვარე სენატორები. მათი ცისფერი სისხლი იმის საწინდარია, რომ მათ გლადიატორებად და თუნდაც პროვოკატორებად არავინ გამოიყენებს. მათი მთავარი ამოცანაა ხშირად აღაპყრონ ცისკენ გადაჭდობილი ხელები, შეჭმუხნონ ისედაც ხალხზე ფიქრში (უფრო სწორედ – ხალხის გატყავებაზე და გაცუცურაკებაზე ფიქრში) დაღარული შუბლები და ამოიოხრონ – O tempora, O mores! მერე დიდხანს ილაპარაკონ იმაზე, რა სანატრელი სამოთხე ააგო ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში ერთმა ცალკე აღებულმა, კორუფციამებრძოლი რეფორმატორების პატარა ჯგუფმა! და როგორ ინგრევა გულისგამპობად ეს ყველაფერი მათ ცრელმდინარე თვალთა წინ!!! ეს ჯგუფი ბეთჰოვენის მე-8 პათეტიკური სონატის ფონზე უნდა ღაღადებდეს!.. მაგრამ რად გინდა? – ყველაფერი მშვენივრად აწონილია, რეჟისურა – გასაგები, სცენარი –  მომხიბვლელი, მიზანსცენები – ფანტასტიური, პუბლიკა – მომზადებული (ძირითადად საზღვარგარეთ, მაგრამ – ჯანდაბას!) და… წყალში იყრება ეს ყველაფერი! რატომ? – რატომ და – მსახიობები არაა! მსახიობები არის, მაგრამ დონე არაა! დაახლოებით ისეთი კრახია, ჰამლეტის როლი ბენდუქიძეს რომ უნდა ანდო…
ამ ჯგუფის თითქოს კარგი ხატებაა დავით ბაქრაძე, მაგრამ ადრე უაზროდ სულ იღიმებოდა და ახლა მისი დასერიოზულება, უბრალოდ, შეკრულობის ნიშნად უფრო აღიქმება… შეიძლებოდა კარგი  ყოფილიყო გიგი წერეთელი, რომლის საპარლამენტო სტაჟი კატონსაც შეშურდებოდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ წერეთლის გიგიზე მთელი ნაცმოძრაობა ფეხს იწმენდდა მზიან ამინდშიც კი… ჰოდა, აბა მიხეილ მაჭავარიანის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ცისკენ ხელების აღპყრობა მკრეხელობაა მხოლოდ და მეტი არაფერი! მაგათ, წესით, ცას კი არა, ქვესკნელში უნდა ჩასძახონ, – ბალაკლავა, გვერხევა და რამე გვიშველეთო!.. ჰოდა, ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია, რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ… გიორგი ვაშაძისგან რიტორიკების კითხვა ხომ იგივეა, რაც ახალაიასგან „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ ცრემლები… ამიტომ, რაც დრო გადის, ყველაზე მეტად აქ ეჭედებათ… ჩიორასას დაიჯერებ, სერგო რატიანიც სუფთად ეცემა, ხაბაზიც კაი „ვიპადს“ აკეთებს წრიპინის მიუხედავად… დონაძე რომ natural born bastard  არის, ამას ყველა მომენტალურად იჯერებს… და ოქროპირიძემ, შევარდნაძესაც რომ დაადოს ხელი, ამანაც გამაუპატიურა ციხეშიო, ესეც უკვე ალბათ არავის გაუკვირდება (ოქროპირიძისგან!)… მაგრამ, აი, დამაჯერებლად მჭმუნვარე ერისმამების და ერისდედების დიდი დეფიციტია სუპრემ ნაცმოძებში! ის დროა, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან მარკუს ავრელიუსის ან დიოკლიტიანეს ფიგურას ყიდულობდნენ, მაგრამ სააკაშვილის გვერდით მარკუს ავრელიუსს მართლა ინფარქტი დაარტყამდა შეძრწუნებისაგან, ხოლო დიოკლიტიანე ალბათ თავის სანუკვარ კომბოსტოებსაც კი დათხრიდა და სიამოვნებით თავში ხეთქავდა…

და კიდევ არის ერთი ფოკუს ჯგუფი – გატრუნული ავაზაკები… მათი უმრავლესობა მოტყდა ქვეყნიდან და პლასტიკურ ოპერაციის გაკეთებაზე ფიქრობს სერიოზულად. ნაწილი კი აქაა განაბული და X დღის დადგომას ელოდება მოუთმენლად. მათ საბოტაჟის და ტერაქტების განხორციელება აქვთ დავალებული და კარგად ესმით, რომ „საზიზღრებისაგან“ განსხვავებით მათ გადარჩენაზე არავინ არც კი იფიქრებს, თავად უნდა გაიკეთონ შავი გასასვლელიც, გრიმიც და ყვარყვარეს კაბაც მათივე საზრუნავია…

და, როგორც უკვე გითხარით – ორი კარგად გაწვრთნილი ქორო… სხვათაშორის, არ იფიქროთ, რომ ტრუპის წამყვან მსახიობებზე ნაკლებმნიშვნელოვანი არიან, ან – ნაკლებს იღებენ, ზოგიერთები მაინც! ქორო უძახე შენ და, ერთში ისეთი დონის „კლასიკოსებიც“ კი არიან, როგორც ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, ვალერია ნავადვორსკაია, იულია ლაწინინა, მაქსიმ განაპოლსკი! ეგენი რომ შეწყობილ კაკაფონიას დაიწყებენ, პათეტიკურსაც ჩაახშობენ და ჰეროიკულსაც!

მეორეში ადგილობრივი ურნალისტები მოღვაწეობენ. ყოველდღე უფრო სასტიკი ხდება მათი თავგანწირვა, ყოველდღე უფრო მეტად იჭრიან უკანდასახევ გზას – გზას ადამიანობისაკენ, ეთიკისაკენ, ხალხისაკენ, ქვეყნისაკენ, საკუთარი (პრე-ურნალისტური!) წარსულისაკენ… ბუტა რობაქიძის პოსტმორტემ ჩარეცხვა და მშობლებისათვის მთელი დღის განმავლობაში საშინელი წარსულით მოუშუშებელ ჭრილობაზე მარილი ფუთობით ყრა ისეთი დონის ნაძირლობა იყო, რომ ურნალისტების მრავლისნახველი მკვლევარიც კი დამამუნჯა…

ჰოდა, ასეთი სურათია, მამავ და შვილო! (ჰიჩკოკს და ტარანტინოს ვესაუბრები)

აქვს ამ ხალხს გეგმა – გეგმა აქვთ!

დედაფეთქებული გეგმაა და დედისამფეთქბელად ადვილად შეიძლება ტრანსფორმირდეს, მაგრამ ხომ მაგარია?!.

ასეა, როცა მრავალ დარს და ავდარს გამოივლი, სულ უფრო მაგრდები ძაღლის ძვალივით!

რეჟისურა, სცენარი, პარტიტურა, მუსიკა, დამკვრელები, სექსპერტები, ურნალისტები, პოლიტიკანები, ბოზები, ნაბოზვრები, გემები, იარაღი, სექსი, ტრანსვესისტები, მერი, კაზინოები, კოკაინი, სტრიპტიზები, ფული, სისხლი, ოფლი და ქაქი… ყველაფერი ეს არის… ერთი-ორი წიგნიც არის, რეკვიზიტად – მაგალითად – „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!“ (ბოლო თავში ის 15 წუთიანი სარეკლამო კლიპი აკლია მხოლოდ, თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის პროექტის რეკლამირებას რომ ისახავს მიზნად!)

თოფიც კიდია კედელზე…

ბილეთებიც გაყიდულია…

ანონსიც არის: „აპრილი“ – წერდნენ და იმედიანად ფუხკუნებდნენ ბრიოლინიანი პრანჭია ბიჭი და მედოლე ბიჭი… შენ დაუკარო, ნუ…

–         ჩვენ ისეთ რამეს გაჩვენებთ, რომ შეგზარავთ! – ამბობდა წესიერი კაცი – ჰიჩკოკი!

–         მე თქვენ გაჩვენებთ ბევრ სისხლს და მკვლელობას, მაგრამ ისე ტრივიალურად, რომ თქვენ გაგეცინებათ, თან ბევრჯერ, – გვაფრთხილებდა ტარანტინო, ასევე განათლებული და წესიერი კაცი, უბრალოდ, მაგარი პროვოკატორი…

–         “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!” მე თქვენთვის ბედნიერება მომაქვს! მე ვიქნები თქვენი აღმაშენებელი! არასოდეს ასე სწრაფად არ განვითარებულ ჩვენი სამშობლო! ჩვენ ვართ პირველები მსოფლიოში! – იძახოდა ჩვენი ნერონ-კალიგულა და კარგად ფუთავდა ვარდისფერ მაკულატურაში ათობით დახოცილს, ასობით გაძევებულს, ათასობით გატყავებულს, ათეულათასობით უსამართლოდ დასჯილს და მილიონობით დამშეულს და გაჭირვებულს! – ასე ცხოვრობდა და ლაქლაქებდა ჩვენი ავზნიანი პინოქიო და სულ უფრო მეტი მონეტის ჩაფვლას გვაიძულებდა მის მიერ უკვე წარმატებით პრივატიზებულ “საოცრებების მინდორში”…

სპექტაკლი გრანდიოზულადაა ჩაფიქრებული, მთავარი მაყურებელი უცხოეთის ლოჟაში განლაგდებიან, ამჯერად თავად ნერონმა დაწერა სცენარიც, პარტიტურაც და დეკორაციებიც თავად დადგა… მე შენ გეტყვი და რომელიმე უნარ-ჩვევას უჩივის გიულიევიჩი!

ბევრი ცდა აღარ დაგვჭირდება… ერთი რუბიკონი ჩააგდო უკვე, ფეხი ვერ დაისველა… მეორეზე ვნახოთ – შეიძლება დაისველოს…

ისტორია მეორდება ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ – როგორც ფარსი…

ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ იმ horror movie-საგან განსხვავებით, ჰიჩკოკი და ტარანტინო რომ დგამდნენ, ჩვენი „ჰორორი“ „მუვი“ არ იყო… და ჩვენ ჩვენი სიცოცხლით, ნერვებით და ჯანმრთელობით გადავიხადეთ ამ საშინელი რეჟისურის ფასი, რომლის „ოსკარი“ მან მიითვისა, ვინც ახლაც დადგმებს გეგმავს, მაგრამ ვისაც ახლა სულ სხვა „ჯილდო“ ელოდება…

მე მგონი, ეს ის შემთხვევაა, როცა მოდელირება დიდი გაზგაშვებით დამთავრდება!

როცა კედელზე ჩამოკიდებული თოფი კი გაისვრის, მაგრამ მხოლოდ „ფუყ!“-ს იზამს…

როცა ნიჭიერი, მაგრამ ახვარი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს რეჟისურაში ტარანტინოს და ჰიჩკოკის სიმაღლეებს იმიტომ, რომ სადაც „ოსკარებს“ არიგებენ, იქ ადამიანის სისხლი და ტვინის გასხმული ნაწილაკები ნამდვილი არ უნდა იყოს! ხოლო იქ, სადაც ადამიანის სისხლი და ტვინის ნაწილაკები ძალიან ნატურალურია, სადაც სადიზმი, გაუპატიურება და წამება სინამდვილეში ხდება, იქ „ოსკარი“ არ რიგდება! და მოკლული ადამიანისთვის საქმის შემკერავ და ბარიდან მოსაკლავად კაცის წამყვან ტიპებს ჟურნალისტად არავინ უნდა განიხილავდეს, და ინტერვიუზე გაპრავების შანსს არ უნდა აძლევდეს, თუნდაც ამ ცოტნედადიანობის ახლადგამოჩეკილ ვირთხას ნერონისგან დაწესებული სანაქებო ჟურნალისტის ყველა ლენტი და ორდენი ჰქონდეს დაბნეული ყველა სათუთ წერტილში…

მთავარი, რატომაც მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი ფარსი იქნება, რადგან ეს ნაცმოძური ლომი უკვე ჭიანჭველების ლომად ქცეულა… სააკაშვილის სერიოზული გასართობი უკვე კალის ჯარისკაცებით ოპერაციების დაგეგმვაა. და როცა ყოფილი ხერხემლის გამოცხადებულ მხარდაჭერის აქციაზე ქუთაისის მერიის მხოლოდ 30-მდე თანამშრომელი მიდის და მათგან მხოლოდ ორს აქვს სურვილი, ვანო მერაბიშვილთან სურათი გადაიღოს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს:

– ეს არც ფილმია და არც მოდელირება, ეს მხოლოდ ჭინთვებია…

ჭინთვები, რომელიც ფიქტიური ორსულობის ფონზე მშობიარობის იმიტაციის სურვილითაა განპირობებული…

მოემზადეთ ბატონებო და ქალბატონებო! პირველი ზარი უკვე დაირეკა და ვარდისფერი შიგშენიც მალე დაიწყება.

პირველად მსოფლიოში! – ტრაგედიასა და ფარსს შუა გაჭედილი “მოდელირებული ჰორორის ქრონიკა” ბლომად მაზოხისტურ-ექსჰიბიციონისტური პაპრიკით!


მორიელის წამალი


miSha-brave vano deep GIGI-SMOKE

1 ოქტომბრის არჩევნებიდან გავიდა ოთხი თვე.

ქვეყანა კი ისევ აბორგებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.

ერთის მხრივ, არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავისი დაპირებების შესრულებას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას, დასავლეთისათვის საქართველოში რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მრავალპარტიულ კოალიციაში ურთიერთობების დალაგებას და აქა-იქ ჩალაგებული ნაღმების დროულად მოძებნას და განაღმვას.

არის გარკვეული წარმატებებიც – პოლიტიპატიმრების განთავისუფლება, ამნისტიის კანონი, დენის და ნაგვის გადასახადის შემცირება, ბენზინზე და წამლებზე ფასების შემცირება, საკრედიტო განაკვეთების შემცირება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა თებერვლიდან…

მაგრამ არის პრეზიდენტი და მისი გუნდი – ძირითადად – თბილისის მერი, უზენაესის თავ-რე კუბლაშვილი, ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი და რამდენიმე გუბერნატორი, ასევე ნაცმოძრაობის ოციოდე სულით-ნაცი პარლამენტარი, ნაცური მედიასაშუალებები/ურნალისტები და (ს)ექსპერტები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ, არცერთი მიღწევა არ შეიმჩნიონ, ყველა ნაკლი გაბერონ და გააზვიადონ, და მეტიც, მოსალოდნელი და გარდაუვალი კატასტროფის ფანტასმაგორიული სურათი დახატონ. აი, რამდენიმეც:

პრეზიდენტი გაიძახის, რომ ახალი მთავრობა აპირებს სომხეთის მსგავსად რუსეთი გაიხადოს სტრატეგიულ პარტნიორად და არა – დასავლეთი, პრეზიდენტი ბრალს დებს აღმასრულებელ ხელისუფლებას კრიმინალების და ჯაშუშების განთავისუფლებაში (ამავე დროს თავად გამოუშვა ასობით პატიმარი, რომელთა 2/3 მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და ჯერ სასჯელის 1/3-იც კი არ ჰქონდა მოხდილი), ასევე ბრალს სდებს მთავრობას “პატიოსანი მოხელეების” დაპატიმრებაში (თურმე 5 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების არარსებული სამუშაოებისათვის ნაცმოძრაობის კოორდინატორებზე გაწერა და მითვისება “პატიოსნების თვალი” ყოფილა), მერაბიშვილი გაიძახის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია შესული (რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Standard & Poor სააგენტო არ ადასტურებენ, და 2013 წელს 6,1%-იან ზრდას ვარაუდობენ), უმცირესობის პარლამენტარები იძახიან, რომ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური შუღლი და შეუწყნარებლობა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნაცმოძრაობის და მათი დამქაშების მიერ იყო წახალისებული), რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა (თუმცა ამას მაშინ იძახოდნენ, როცა სამთავრობო ამნისტია ჯერ ძალაში არ იყო შესული და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ – შეწყალების კომისიის გვერდის ავლით – შეწყალებულები გამოუშვეს!), პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ გაიზარდოს ჯარში ანაზღაურება და პენსიები (მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ეს არ ახსენდებოდა! მეტიც, ავღანეთში და ერაყში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე სიმართლეს მალავდნენ და მხოლოდ ახლა „გაახსენდა“, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა წამოაყენა), პრეზიდენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს, რომ არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერის გავლენის დაწესება და დაიცვას თავისუფალი მედია (თუმცა იმაზე სდუმს, რომ ამ გაკურტიზანებულ „თავისუფალ“ მედიას რა უხვად უდებდა პირში მილიონებს მისი საკუთარი იმიჯის გასაღმერთებლად! არც იმაზე ლაპარაკობს, ვისია რეალურად შარანგიებზე გაფორმებული “რუსთავი2” და ვისი იყო წლების განმავლობაში მისი ხელისბიჭის მიერ მართული „იმედი“), პრეზიდენტი ჩადის ბათუმის უსახლკარო მოსახლეობასთან და აბუნტებს მათ, ეუბნება – თქვენთვის სახლებს ვაშენებდი და ესენი ეკომიგრანტებს ასახლებენ იქო, მაგრამ მე ჩამოვალ და დაგიცავთო (ამ დროს 9 წლის განმავლობაში აშენებდა სახლებს ბათუმში და ერთი უსახლკარო არ შეუსახლებია!)… პრეზიდენტი ადიდებს თენგიზ გუნავას, რომელიც თურმე თანამედროვე საქართველოს შალვა ახალციხელია და აქამდე რატომღაც გვიმალავდა და მთელი ნაცმოძრაობის ურნალისტები ერთხმად იქცნენ გუნავისტებად, რადგან დადასტურდა, რომ გუნავას პირველი დაკავების დროს იყო პროცედურული დარღვევები… და ის კი ავიწყდებათ ამ მეხსიერებაცხონებულებს, რომ დაკავებისას ერთი პროცედურული დარღვევა კი არა, პროცედურული წამებებით და მკვლელობებით სავსე იყო ნაცმოძრაობის პარპაშის 9-წლიანი ხანა…

დადის პრეზიდენტი ევროპაში და ყველგან აძაგებს საქართველოს ახალ მთავრობას, ყველგან თვალთაგან ცრემლი სდის შეუშრობელი, რამეთუ მის მიერ აშენებული, აყვავებული, კორუფციაგანწმენდილი, გაძლიერებული, ნატოსკართანმიყვანილი ქვეყანა იღუპება… ყველას აფრთხილებს, რომ ახლანდელი მთავრობა საშინელებაა, მგრეველებია, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, საქართველოს ტრადიციების დარღვევა. რომ  მან პრემიერ-მინისტრზე უკეთ იცის რუსულიც კი, რუსულ პოეზიაზე რომ არაფერი თქვას (რატო ბლოკი არ დაეცემა თავში კაკალაშვილთაყვანისმცემელს!)…

საინტერესო კი ისაა, რომ მთელ ამ შხამს და ბალღამს ანტურაჟად თან ერთვის ვითომსამშვიდობოდ, სინამდვილეში კი – ყასიდად, გამოწვდილი ხელი და კოჰაბიტაციისაკენ უტიფარი მოწოდებები! თან ცნობილი რუსული ანდაზის თანაფარდობისაგან განსხვავებით, ამ ურთიერთობებში კუპრია მთელი კასრი, ხოლო თაფლი – მხოლოდ ერთი კოვზი!

და მაინც, ბოლო დღეებში იყო უკვე ისეთი განცხადებები, რომლებმაც უკვე ცხადად აქციეს ის, რაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე პოლიტოლოგისათვის და პირადად ჩემთვისაც (თუმცა პოლიტოლოგობის და ექსპერტობის პრეტენზია არ მაქვს) უკვე დიდი ხანია, ცხადია. მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ოცნება არის უახლოეს თვეებში, მოქმედი მახინჯი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა: პარლამენტის დათხოვა და ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში სასტიკად გაყალბებული არჩევნების ჩატარება.

ამაზე ღიად მიანიშნებს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ამ მთავრობას 4 წელი ვერ ვაცლით და უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედებებიო! (იმდენად უტიფარი და ხისტად არაპოლიტიკური იყო ეს განცხადება, რომ თავად ნაცმოძრაობის მარადიულმა დამცველმა მერაბ ბასილიამაც კი ვერ შეიკავა თავი მისი კრიტიკისაგან და ღიად გაემიჯნა “პოლიტმეტრში”).

ხოლო ამის ფონზე, პრეზიდენტმა ისევ უტიფრად „სამშვიდობო ინიციატივა“ შემოაგდო -ჯანდაბას, რადგან კონსტიტუტციის შეცვლა გინდათ, შევცვალოთ, მაგრამ არა 2/3-ით, არამედ 150 დეპუტატითო! (აქაც იაფერისტა ანგლმა, ხომ შეეძლო ეთქვა 100%-თო, ვითომ არ იცის, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტში 147 დეპუტატია მხოლოდ!)… აშკარაა, რომ დროის მოგებას, ან ჭკუაში მოგებას ლამობს…

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ შაგრენის ტყავივით პატარავდება მისი ერთგული ფრაქცია პარლამენტში. საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მსუბუქი შეშფოთებების შემდეგ შესუსტდა და ვილფრედ მარტენსის მსგავსი ძმადნაფიცებითღა შემოიფარგლა. აგერ ძმადშეგულებულმა ჯანი ბუკიკიომაც კი არ მოიკლა მიშას მხარდასაჭერად თავი და აღიარა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის საჭიროო. იმის ფონზე, რაც უფრო ფართოვდება პროკურატურაში ნაცმოძრაობის ყოფილ მოხელეთა მიმართ აღძრული საქმეები და რაც უფრო მასშტაბური ხდება ამ საქმეები ფინანსური მდგენელი – განსაკუთრებით საჩვენებელია ცეზარ ჩოჩელის მიმართ არსებული ბრალდებები (ბეტონის შპალების ქარხნის დანაშაულებრივ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკი ასეულობით მილიონის ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან აცანცვლაზეა), ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის გადარიცხული 56 მილიონი ლარის ამბავი, ახლა აგერ მერი უგულავას 764 კაციანი ჩაუქ-ჩუკენობის ამბავი და ა.შ. – მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ ნაცმოძრაობის წევრებს, რომ ბელადს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ… მით უფრო, როცა ბელადს რაღაც გარანტიები შეიძლება ჰქონდეს, მათ კი – ბრიშტი!

ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისათვის, მართლაც, არასასურველია მათ მიერ დიდხანს შუქურად და დემოკრატიის მზეჭაბუკად შერაცხული პრეზიდენტი, უცებ სასტიკად კორუმპირებულ, ავტორიტარ, წამებებში ხელგასვრილ და მილიარდის მომყუჩებელ, საკუთარი ჰარამხანით ამაყ და შლეგ დესპოტად გაიცნონ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მართლაც მისცეს სააკაშვილს გარანტიები, რომ დაიცავენ სასამართლო დევნისაგან… და ვინ იცის, მართლაც ვერ მოხერხდეს მისი ციხეში მოთავსება, თუმცა ბრალის წარდგენა და გასამართლება უეჭველად (თუნდაც დაუსწრებლად) უნდა მოხდეს. მაგრამ ნუთუ ვინმეს მართლაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აუკრძალავს? ჯანი ბუკიკიო საკმაოდ ნატიფი პოლიტიკოსი ყოფილა და არც მწვადი დაწვა და არც – შამფური (რითაც ძალიან გული დაწყვიტა სერგო რატიანს), მაგრამ მისი განცხადება, რომ მისი აზრით, თურმე, მიხეილ  სააკაშვილი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო, ან არაგულწრფელია (და მეგობარ მიშას ეს ერთადერთი თხოვნა მაინც შეუსრულა – “თქვი, რომ არ ვაპირებო!”), ან ისევე შორსაა საქართველოს პოლიტიკის ნიუანსებისაგან, როგორც მე ვენეციის საფუძვლის გამყარების და ჩაძირვის პრევენციის სამუშაოების დაგეგმვისაგან!

ჰოდა, ძვირფასო ნაცმოძრაობის ლიდერებო – გიგი, გოგა და გოკა, ჩიორა, ეკავ, და ხათუნებო, პეტრევ და მიშავ (ჟვანია მოკლესო!? – რომ წამოგცდა), ნუგზარ და ზურა, და პატარა ბარტყებო, ჯერ რომ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად შერგეთ თავი… – იმაზე დაფიქრდით, მიშა რომ მოტყდება (უკეთეს შემთხვევაში), ან ჩასვამენ (უარეს შემთხვევაში), ან უბრალოდ ბოსტნის საფრთხობელად იქცევა (საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე), მერე რას იზამთ? თუ უთქვენოდ მოგროვდა ის 100 ხმა, მერე თქვენი ხმა ხომ “პუსტა-პუსტად” იქცევა?

არსებულ ვითარებაში უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ, შემდეგ მოვლენებს უნდა ველოდოთ:

პარლამენტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მიიღებს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის გაუგონარ უფლებას! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მადამ ტიუსოს მუზეუმის მოლაპარაკე ექსპონატად იქცევა და, ალბათ, მზეზე დიდი ხნით გამოსვლას ცოტა მაინც მოერიდება…

არაა გამორიცხული, დაახლოებით იმავე პერიოდში, პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის კანონით შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი და/ან იუსტიციის საბჭოს წესდება. ამავდროულად მოსალოდნელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ახალი წესდების მიღებაც და “ბორდის” გადახალისებაც, რაც საზმაუს მიშისტების ტყვეობიდან დახსნის დასაწყისი იქნება…

ალბათ ამავე პერიოდში დაიწყება თბილისის მერის, ნაცმოძრაობის კიდობნის კაპიტნის – გიგი (ჯერკუალ) უგულავას სასამართლო პროცესიც, რომელიც, დამერწმუნეთ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „მონა იზაურას“ სერიალი…

დაბოლოს, გამომდინარე იმ სურვილების დეზავუირებიდან, რაც ბ-ნმა ლევან მაისურაძემ ახლახანს მოახდინა, ალბათ საჭიროა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა მასზე სპეციალური კონტროლი და თვალთვალი დააწესონ…

ეს კი ჩვენს უცხოელ მრჩეველებს მინდა გავუზიარო:

“სიბრძნე სიცრუისა” (ოღონდ – არა სააკაშვილისეული ოღრაშული სიცრუისა!):

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


უკანასკნელი მიხუკანები


„ომი დამთავრდა! კოჰაბიტაციის გეშინოდეთ, ხალხო!“

panaSvidi

მაშ ასე: „საქართველოში პირველად ჩატარდა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები და მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.“

სიაფანდ!

ჯერ ერთი საქართველოში ეს პირველად არ მომხდარა.

პირველად ეს მოხდა 1990 წელს, როცა 9 აპრილის შემდეგ გაკოტრებულმა კომუნისტურმა პარტიამ ყველაზე დღემდე ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა კი არა, მიართვა „მრგვალ მაგიდას“.

ხოლო მეორე სიაფანდობა კი იმაშია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები არც დემოკრატიული იყო, არც – გამჭვირვალე. ეს იყო შედარებით (!) დემოკრატიული და შედარებით გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც სააკაშვილის მორალურად დეგრადირებულმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მხოლოდ ქართველი ხალხის სიმამაცის, ოპოზიციის კარგი ორგანიზებულობის და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებით ჩაატარა არა ისე, როგორც უნდოდა (ნიღბიანებით, შევარდნებით, ურნების გატაცებებით, ხალხის დაშინებებით და დაპატიმრებებით, ხოლო შეიძლება – „უცხოური გადატრიალების“ მოდელირებული სცენარის 879-ე რიმეიკით), არამედ ისე, როგორც არ უნდოდა.

ამიტომ არავითარ „მშვიდობიან გადაცემაზე“ ლაპარაკი ამჯერად არ უნდა იყოს.

ეს გადაცემა დაახლოებით ისეთივე „მშვიდობიანი“ იყო, როგორც ვერსალის ზავი და თავის თავში, ვერსალის ზავის არ იყოს, ძალიან ბევრ ხიფათს შეიცავს. ოღონდ არა იმიტომ, რომ დამარცხებული მხარე ზედმეტად მძიმე პირობებში იქნა ჩაყენებული, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დამარცხებულმა მხარემ კონსტიტუციაში წინდახედულად ჩადებული, ფანტასმაგორიამდე მისული ალოგიკური მექანიზმების წყალობით შეინარჩუნა ძალიან დიდი ბერკეტები, რომელიც სულ რაღაც 6 თვეში ხელისუფლების მზაკვრულად უკან გამოგლეჯის გეგმის რეალიზებაში უნდა დახმარებოდათ. თუმცა, რეალური პოლიტიკა თეორიულ გათვლებს ხშირად არ მიჰყვება, ამიტომ დღევანდელი სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად უნიკალურია, როცა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს აქვს სიტუაციის სათავისოდ მობრუნების შანსები, და ეს შანსები იმდენად კატეგორიულად ურთიერთგამომრიცხავია, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის (ე.წ. კოაბიტაციის) პერსპექტივა, პრაქტიკულად და ჯერჯერობით, ნოლის ტოლია.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დატკბობის და აგრესიულობის ურთიერთმონაცვლე რამდენიმე ეპიზოდის და საბოლოოდ ეგრეთწოდებული 5-პუნქტიანი გეგმის შეთავაზების შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად იგნორირებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და იმის ფონზე, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების მიმართ დაპატიმრებების  ინტენსიურობა კი შემცირდა, მაგრამ დათმობა გამოიხატა საკმაოდ მკაცრი ფორმულით „ამნისტია მათ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და ვინც მოინანიებს“; ხოლო, მეორეს მხრივ – რაიონებში და რეგიონებში სრული ანშლაგით მიმდინარეობს საკრებულოების და გამგეობების ნაცმოძი წევრების გადადგომა და ადგილობრივ ხელისუფლებებში ნაცმოძრაობის 100%-იანი დომინირების სწრაფი დნობა, მდგომარეობა საკმაოდ ნათელი ხდება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უპრობლემოდ პირველივე ცდაზე დაძლია პრეზიდენტის ვეტო, თან ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა პატიმრების (მათ შორის 200-მდე პოლიტპატიმრის!) ამნისტია, და თანაც ამას ნაცმოძრაობის 64 დეპუტატიდან მხოლოდ 24-ის (1/3-ზე ოდნავ მეტის!) მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალი სულ უფრო ემსგავსება შაგრენის ტყავს, საიდანაც თავის გადარჩენის ერთადერთი სწორი მეთოდი დროზე გასწრება უნდა იყოს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მათი ხელმძღვანელობა დღესაც ინარჩუნებს სამომავლო ბატალიებისათვის დემონსტრირებულ [გარეგნულად მაინც] მზაობას და მეტიც, უკვე გამოიკვეთა ბრძოლის არა მარტო სტრატეგიულ-ტაქტიკური მონახაზიც, არამედ ის მოქმედი პირებიც, რომელთა მეშვეობითაც აპირებს ნაციონალური მოძრაობა ახლო მომავალში რევანშის განხორციელებას.

მე მათ “უკანასკნელი მიხუკანები” ვუწოდე, თუმცა ვშიშობ, მოჰიკანებთან მათ მხოლოდ ზედსართავი სახელი „უკანასკნელი“ აერთიანებთ. აი, ისინიც:

  1. მიხეილ სააკაშვილი – ნაცმოძრაობის მთავარი ძრავიც, ტვინიც და ყელზე მობმული ლოდიც. სამწუხაროდ, მისი ყოველი გამოსვლა სულ უფრო ადვილად პროგნოზირებადი ხდება და გამოთქმა – „მეთოდები დაგიძველდა, მიშიკო!“ გაცილებით უფრო ხალხური გახდა, ვიდრე ადრე არსებული კლასიკური ფრაზა მურტალოსადმი. და მართლაც ვერც მურტ(ა)ლობაში და ვერც მეთოდდაძველების ტემპებში მიხეილ სააკაშვილს ვერავინ შეედრება. დღეს იგი ასრულებს ძალიან საინტერესო როლს – ადრინდელი დრ. ჯეკილისა და მრ. ჰაიდის კლასიკური იანუსი ახლა შეცვალა ისეთმა წინააღმდეგობრივმა და რეჟისორულად ძნელად მოსაფიქრებელმა კონგლომერატმა, როგორიცაა ნაპოლეონ ბონაპარტე და პიერო. მიხეილ სააკაშვილი ერთის მხრივ ახდენს მხედართმთავრის თვისებების დემონსტრირებას – ჩადის ავღანეთში, თან წინასწარ აცხადებს იმასაც, სად ჩავა და იმასაც, როდის ჩავა, რითაც თავის უშიშობაში უნდა დაგვარწმუნოს, მაგრამ მხოლოდ იმას იმკის, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობას არ სჯერა, რომ იგი ნამდვილად ქართულ ბაზაზე იყო, ან რომ ეს ნამდვილად 31 დეკემბერს მოხდა, ხოლო სამაგიეროდ ISAF-ის ხელმძღვანელობასაც და ქართველ ჯარისკაცებსაც მრავლად გაუჩინა პრობლემები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა – „სადაც სააკაშვილია, იქ პრობლემებია!“  მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ იგი პიარ-ძუძუმწოვარია და მისი უპირველესი და უმთავრესი ინსტიქტიც სწორედ ეს არის, მას სწორედ ტელეკამერისთვის აქვს მიძღვნილი უკვდავი სიტყვები – „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!“ მაგრამ მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ასევე ცდილობს პიეროს როლის შესრულებასაც, სადაც მისი „მალვინა“ მიშაყვავებული და ვარდოვანი საქართველოა. ჰოდა, დადის ჩვენი USAirForce-პილოტისკურტკიანი პიერო და მოსთქვამს, მაგრამ რას მოთქვამს – „როგორ დაგანგრიეს! ვაი, ვაი!“ „რას დაგამსგავსეს! ვაი, ვაი!“ „რამდენი უმუშევარია! ვაი, ვაი!“ „სასტუმროები გააჩერეს! ვაი! ვაი!“ “ანაკლიაში (ზამთარში!) ტურისტი აღარ არის! ვაი, ვაი!” – მოთქვამს პიერო, ხანდახან ცოტა წაიკასანდრებს კიდეც – „დააქცევენ ესენი ქვეყანას, გააპარტახებენ! ინვესტორები გაიქცევიან!“  და ბოლოს კი მაინც წაინაპოლეონებს – „მაიცათ, დავბრუნდები! ყველაფერს შემოვატრიალებ! აგერ ვარ – ელბაზე, შორს კი არ წავსულვარ!“ ვუყურებ ამ საოცარ რეჟისორულ აჯაფსანდალს და გული მწყდება, ოღონდ იმაზე, რომ ქართული კინო და თეატრი ის აღარ არის, რაც იყო – თორემ ამისთანა ფენომენალური ფენომენის გაშვება შეიძლება? იმედია, გამოსწორდება ეს ხარვეზი და კინოც და თეატრიც სათანადო პატივს მიაგებენ მიხეილ სააკაშვილის განუმეორებელ იერსახეს.
  2. არ გაგიკვირდეთ და მიხუკანთა ჩემეულ სიაში მეორე ადგილზე არც გენმდივანი და ექს-პრემიერი მერაბიშვილია და არც – გაცოტნებული ბაჩა ახალაია. თუ პირველ ადგილზე ორსახოვანი იანუსი იყო, მეორე ადგილზე ორკაცოვანი მიშთემიდაა – ძმები კუბლაშვილები. სადღეისოდ მათ უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, მათ უნდა დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ქართული სასამართლო თან დამოუკიდებელია, (ძირითადად, რადგან მას შივასავით ყველა-პოსტზე-ხელისმომკიდე კოტე კუბლაშვილი მეთაურობს) და თან პროკურატურისაგან ცოტა დაშინებულიც (ამ მიმართულებით კოტიკო კუბლიკოს ძამიკო პალიკო მუშაობს, რომელიც არქივში თეა წულუკიანის მამის დოსიეს ადგენს გულმოდგინედ. თუ მამით ვერ აისრულეს იუსტიციის მინისტრის განქიქების წადილი, მერე ბაბუაზე და პერპერაზეც ჩავლენ). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ ქართულ სასამართლოს ლამის სულ რაღაც 4 თვის წინ ვითომ 85% ენდობოდა, როგორ გინდა თქვა, რომ ახლა ეს ლამის უმწიკვლო სხეული, სადაც იგივე ხალხი მუშაობს, უცებ ასე დაბეჩავდა? ხოლო თუ იმას აწვები, რომ პროკურატურა აშინებს მოსამართლეებსო – კაცო, როცა პროკურორების ადეიშვილისეული სისტემა აბსოლუტურად არ უშვებდა პროკურორის ნებისაგან მოსამართლის ნების ოდნავ გადაცდომასაც კი (მაგალითად პირობითი სასჯელების შეფარდების სფეროში), დღეს რომ ამ მხრივ სერიოზული და თვალსაჩინო პროგრესია, ეს როგორღა ავხსნათ? კოტე კუბლაშვილი ძალიან მძიმე პოზიციაშია – მასზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული – იგი არის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული ფუნდამენტიც, კარკასიც, ქვაკუთხედიც (იმდენი თანამდებობა აქვს, დილით რომ დაიწყოს სასამართლოზე ჩამოთვლა, პროცესის გადადება გახდება საჭირო!),  და ამავე დროს, სწორედ კოტე კუბლაშვილი არის ამ ჯაჭვის – სასამართლო სისტემის – ყველაზე მოწყვლადი რგოლიც! ანუ, სხვას უნდა ამაგრებდეს და  ამ დროს თავად უდევს ფეხი ბანანის ქერქებზე. თან სულ ვენეციის კომისიის მზეს იფიცებს, და თან ისიც ხომ დაფიქსირებულია დოკუმენტებში, თავად როგორ ფეხზე დაიკიდა სწორედ ვენეციის კომისია, როცა უსამართლო სასამართლო „რეფორმა“ განახორციელა!
  3. ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მოუწევთ სამთავრობო „კონსტიტუციონალისტებს“, თერძთუხუცეს ავთანდილ დემეტრაშვილს და იმ ვიღაც ახალაღჰყავავებულ დემაგოგს – ოთო კახიძეს… არის კიდევ ისეთი სერიოზული ძალა, როგორიც ბატონი თენგიზ შარმანაშვილია, მაგრამ ისეა მიჩუმებული იერევანში, რომ მგონი დიპლომატობაში საბოლოოდ გაცვალა და დაივიწყა პროფესიული „ბექგრაუნდი“ (ადრე კი ამ დიპლომატობაში ბევრი სხვა რამეც გაცვალა და დაივიწყა). ეს ხალხი ნამდვილად არ არის ნაცმოძრაობის პარტაქტივი, მაგრამ სწორედ მათ სიჩაუქეზეა დამოკიდებული, რამდენად მიახერხებენ სულ მალე დაწყებულ საკონსტიტუციო ბატალიებში ჯერ საზოგადოების, ხოლო შემდეგ (რამდენადაც ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის დიდი იმედი გიორგი მაზმანიანის და ორგანიზაცია „ქართველი პატრიოტების“ გარდა ბევრს არ უნდა ჰქონდეს) – უცხოური ისტებლიშმენტის მხარდაჭერას! მიხეილ სააკაშვილი ადრეც საკმაოდ გულუხვი იყო საკონსტიტუციო თერძების მიმართ, და არც ახლა დაიშურებს შავი დღისთვის გადანახულ ოქრო-ვერცხლს თუ თვალ-მარგალიტს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, იმით გაცოფებული, რომ მისი და თერძების 2010 წლის გენიალური ჩანაფიქრი შეიძლება გენიალურად გაცამტვერდეს, რაიმე ცუდი კომპრომატებით დაემუქროს მათ. ყოველ შემთხვევაში ადრე მარადმღიმარი დემეტრაშვილის სულ  უფრო მჭმუნვარე შუბლი ამის განცდებს მიქმნის… თუმცა ეს ბავშვურად გაღიმებული ოთო კია ყოჩაღდემაგოგიურად, მაგრამ მაგას რა ენაღვლება, მაგის შეკერილი ხომ არ იყო კონსტიტუცია, მაგას კი შეუძლია რაღაც ეტაპზე შეატრიალოს კეხი, მაკვარანცხი ტიპი ჩანს ნამეტანი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სწორედ კონსტიტუციონალისტების ჭიდილში მნიშვნელოვანწილად გადაწყდება, ვის ექნება სერიოზული უპირატესობა. ჯერ ჯერობით ეს უპირატესობა მაინც სააკაშვილის მხარეზეა – მას ხომ არაფრის ცვლილება არც ჭირდება – ის ვარიანტი აწყობს, რაც ამჟამად წერია კონსტიტუციაში და თან მას ჰყავს თითქოსდა გაუჭრელი ჯოკერი – ბათუმში ავი თვალისაგან საგულდაგულოდ, მზეთუნახავივით გადანახული საკონსტიტუციო სასამართლო და მისი უფროსი – გიორგი პაპუაშვილი! აბა, აიწიეთ ხელი, ვის გახსოვდათ საერთოდ ეს კაცი, რომელიც ერთ დროს მიშას პირველი იუსტიციის მინისტრი იყო? არავის არ გახსოვდათ? მეც არ მახსოვდა. საერთოდ მეგონა, რომ ეკა ხოფერიას სიძეობის გარდა სხვა ოფიციალური პოსტი არც ეკავა. თურმე ნაკავება და მერე – რანაირი! და მაინც, როცა გიორგი პაპუაშვილზე და მის სერიოზულ ჯოკრობაზე იფიქრებთ, არის რაღაც ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია და ამაზე ბოლოს ვიტყვი.
  4. ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრიზო სამეულთან ახლოს მაინც იყოს. მერაბიშვილი ის კაცია, ვინც ყველაზე დიდხანს გაძლო ნაცმოძრაობის მინისტრად და თან ძირითადად ერთ ადგილზე – თანაც ყველაზე სერიოზულ მინისტრად! მაგრამ იგი ამავე დროს ის კაციცაა, ვინც საქართველოში ყველაზე ცოტა ხანს გაძლო პრემიერ-მინისტრად! 🙂 ვანო საკმაოდ გამოუცნობ როლს თამაშობს, რომელიც, ვეჭვობ, თავადაც აღარ იცის ბოლომდე. იყო პერიოდი, რეჟიმის მთავარი ხერხემალი იყო. მერე კი ხალხს ივანიშვილის ფარული მოკავშირეც კი ეგონა (სხვათაშორის, მეც მქონდა ეს აზრი). ვანოს ამაღლება ბევრმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ სწორედ იგი დანიშნა მიშამ „მემკვიდრედ“ (აი ეგ კი არასოდეს მიფიქრია – მიშა იმ ადგილზე, რომელიც სათავისოდ უნდა, თავის თავის გარდა არავის – თავის შვილსაც, არ დანიშნავს მემკვიდრედ!), მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო – ვანოს შსს-დან დაშორებამ მიშას, ფაქტიურად, მხოლოდ პასივები გაუმრავლა და თუ მანამდე ვანო იქნებ არც იყო ივანიშვილის თამაშში ჩაბმული, მერე კი უნებლიედ სწორედ ის გააკეთა, რაც ივანიშვილისთვის იყო სასარგებლო – ახალაიას დაარტყა…  ამჟამად მერაბიშვილს ძალიან მძიმე პოზიცია აქვს – ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ იგი თავის გუნდში ერთპიროვნულ ლიდერობას ვერ ჩაიგდებს ხელში,  მაშინ მას სწორედ ამ გუნდიდან შეიძლება მეტი საფრთხე დაემუქროს, ვიდრე ივანიშვილისაგან. რადგან ყველას – მიშას, ახალაიების, ბოკერიას და უგულავას – თვალში ვანომ მინიმუმ „ვერ ივარგა“! ვანო ახლა ნაცმოძრაობის ლიდერების უსიტყვო შეთანხმებით ჯერ სახემწუხარი პიერო-2 იყო, მაგრამ მიშამ ჩამოართვა ეს როლი, მერე კასანდრობაში შეეზიარა მიშას (ნათელხილულობს იმაზე, როგორ დაიქცევა პოლიცია, როგორ დაირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში, როგორ გამეფდებიან ქურდები…), მაგრამ ბოლოს (პასპორტაღრევის შემდეგ) უფრო მიყუჩდა და სეთურის ზებოს როლი მოირგო – ჩუმად სადღაც ზის და ნაცმოძრაობის იმედს ინახავს. მას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს – მიშისტების „ჟერმინალში“ (ფრანგული რესპუბლიკის კალენდრით – 21 მარტიდან 20 აპრილამდე) შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან უმტკივნეულოდ დაბრუნება უნდა უზრუნველყოს! ხოლო შემდეგ იქნებ ისევ პრემიერ-მინისტრობას გამოჰკრას ხელი (მიშას დიზაინით – რა თქმა უნდა მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე). როლი კი გაწერილია და შეიძლება სააკაშვილმა სულაც მარტშივე მოინდომოს ვანოს გამინისტრება (როგორ უკაწკაწებს კბილები მიშას!), მაგრამ არა მგონია, ვანო ვერ ხვდებოდეს, რომ ეს „კონსტიტუციური გადატრიალება“ ისეთ რამეში შეიძლება გადაიზარდოს, რომ ან თავი წააგოს, ან სწორედ მასზე გამოიცადოს ნაცმოძრაობის მიერ შეყვარებული და დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის მაქსიმუმი. თანაც ისიც ძალიან საინტერესოა, რამდენად ენდობა ვანო სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, და, სავარაუდოდ, სააპრილო სცენარის  თავშივე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ციხიდან გამოშვებული ბაჩო ახალაიას მიმტევებლობას. ამდენად, რაღაც ეტაპზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვანო ნაცმოძრაობის უპირობო (და არა მარტო ოქტომბრამდე სათამაშო) ლიდერის როლს ვერ მიიღებს, მას შეიძლება ერჩივნოს, როგორც იტყვიან – „სამიანი და ჯანმრთელობა“. ფული ადეიშვილზე მეტი ექნება ალბათ და წასვლასაც უკეთ მოახერხებს (თუ ისევ სხვა პასოპორტი არ ამოიღო გულისჯიბიდან).
  5. გიგი უგულავა გარეგნულად ყველაზე მაგრადა დგას! ადამიანი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების წინ ყველაზე დაჩაგრულად ჩანდა ნაცმოძრაობის ლიდერთა შორის – ახლა ფაქტიურად სააკაშვილზე მეტ რესურსებს განაგებს! მას ჯერ კიდევ 2-წლიანი მმართველობის ვადა აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რა შავად აქვთ საქმე უგულავასთან დაახლოებულ პირებს, მალე მისი დაკითხვაც არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში დღეს გიგი უმუშევარი ნაცბანდის მთავარი დამსაქმებელია და ქალაქის სამსახურების საბოტირებით თუ ამუშავებით გარკვეული ვაჭრობის რეზერვიც გააჩნია უმრავლესობასთან. თუმცა, მისი პირველი ნაბიჯები იმდენად მოუქნელი და ამპარტავანი იყო, რომ ვეჭვობ, ივანიშვილს უგულავასთან სერიოზული მოლაპარაკების მინიმალური სურვილი ჰქონდეს! გიგის ძალიან სერიოზულად შეეშალა, მერიისთვის თანხების და დაცვის სამსახურის გადაქაჩვების, ხოლო ჯანდაცვის პროგრამების მთავრობისათვის „გადმოლოცვის“ ფონზე „პრავების კაჩავი“ რომ დაიწყო, და ახლა მისთვის ყველაფერი ნათელია – ან ნაცმოძრაობის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ან ცუდად ექნება საქმე. გიგი – ისევე როგორც მიშა და ვანო სევდიან სახეს ატარებს და მისტირის „დაკარგულ ინვესტიციებს“ და დაკარგულ შანსებს, 600,000 მოქალაქის სვე-ბედზეც ხშირ-ხშირად ჩივის ადრე მხოლოდ სანათესაოს და სამეგობროს ბედზე მოფიქრალი მერი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც – მიშასგან და ვანოსგან განსხვავებით გიგი სრულ „ძაძებში“ არაა და ხანდახან რაღაცეებს ხსნის, ლენტებს ჭრის, ღიმილის დემონსტრირებას ახდენს… პოზიტივსაც აწვება, მოკლედ…
  6. გიგა ბოკერია ყველაზე ჩუმადაა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მიშა იმითაა ყველაზე უფრო გათანგული, რომ გრძნობს, დასავლეთმა ისიც ისევე დაივიწყა და გადააგდო, როგორც თავის დროზე იმედების ვერგამამართლებელი შევარდნაძეო… და თუ ეს ასეა, უცხოეთის მიმართულება და უცხოელებთან ლაციცი ხომ გიგა ბოკერიას პირველადი ამოცანა იყო? – აბა სხვა რას აკეთებდა ე.წ. უშიშროების საბჭო, რომელიც სწორედ რომ მიშას უშიშროების საბჭოდ ფუნქციონირებდა?! ახლა კი ლამის 30-მილიონიანი ბიუჯეტი 2 მილიონს ქვემოთ ჩამოუყვანეს. აბა, აწი ვინ გადაუხდის ლობისტურ კომპანიებს? ბოკერიას როლი მომავალ თამაშებში არაა ბოლომდე ნათელი. არაა გამორიცხული, მან თავისი თამაში ითამაშოს, რადგან ის ცნობილი თვითნაბადი ხალხური ზოდი, ჯერ „24 საათში“, ხოლო შემდეგ ეკა კვესიტაძის აქცენტებში რომ ამოხეთქა ნათია მეგრელიშვილის „ვაიმერაექსპრესიულია“ პიროვნებით, სააკაშვილის გვერდით სწორედ იმ ხალხს ასახელებდა მუდმივად, ვინც ბოკერიას ფრთას შეადგენს და მთავარი საყვედურიც მიშასადმი ეს იყო – ამათი მიჩქმალვა და უკან გადამალვა რამ გაფიქრებინაო?! სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას როლი უფრო მისი ბენდუთკურთხეული მეუღლის ტელევიზიის ამოქოქვის შემდეგ გაცხადდება – თუ ეს ტელევიზია, ივანიშვილის განქიქების გარდა, ძირითადად მიშას რეკლამით იქნება დაკავებული, მაშინ აშკარა გახდება, რომ ბოკერიას ისევ რუხი კარდინლობა ურჩევნია ავანსცენაზე გამოსვლას. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მალე ნაცმოძრაობის რებრენდინგის გამო სწორედ მიშას გადამალვა და გიგას გამოჭენება გახდეს მომხიბვლელი იდეა?! ბოკერიას ვერც დიპლომატიას დაუკარგავს კაცი და ვერც იმას, რომ თუ ვინმე ჯერ კიდევ პოპულარულია სააკაშვილის გუნდიდან დასავლელი პოლიტიკოსებისათვის (ვილფრედ მარტენსი არ მყავს მხედველობაში), ეს სწორედ ბოკერია უნდა იყოს. ასე რომ არ ვიცი, რამდენად მოიგებს ნაცმოძრაობა ქართულ საზოგადოებასთან ბოკერიას წინ წამოწევით, მაგრამ დასავლეთში რომ კოჰაბიტაციის და მოქნილობის მის პოტენციალს უკეთ აფასებენ, ვიდრე სააკაშვილისას, ეს, მგონი, უკვე საეჭვო აღარ არის.
  7. იმისათვის, რომ პიეროებმა და კასანდრებმა საწუწუნო, სატირალი და მოსათქმელი თემების დეფიციტი არ განიცადონ, მიშასთვის აუცილებელი ხდება ირგვლივ ნაწამები წმინდა სებასტიანების არსებობა! საბედნიეროდ, ამის დეფიციტს იგი არ განიცდის, ჯერ ბაჩო ახალაიას ცოტნედ დადიანად კურთხევა მოხდა, მერე გიგი კალანდაძე და თენგიზ გუნავა იქცნენ კამელოტის კურთხეულ რაინდებად, ბოლოს ნიკა გვარამიას გაუჩნდა ჯორდანო ბრუნოს პერსპექტივები! მიშას ამ მხრივ მომავალშიც არ ექნება დეფიციტი – „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიანად, მაგრამ მაინც უარი თქვა დაკითხვების და დაკავებების შეჩერების ტაქტიკაზე, რაზეც დასავლეთი საკმაოდ გამჭვირვალედ უბიძგებდა. მთავარი მიშასთვის ისაა, რომ ეს ხალხი მაქსიმალური შესაძლო იმუნიტეტით აღჭურვოს. ალბათ, ძალიან ნანობს ბაჩო ახალაიას გადაყენებას – ამით ხომ ფაქტიურად ირიბად აღიარა მისი შესაძლო ბრალეულობა! რა იცოდა, რომ მაინც წააგებდა არჩევნებს, თორემ ბაჩოს კი არ გადააყენებდა, სულაც წმინდანად გამოაცხადებდა. სამაგიეროდ, ახლა ცდილობს მაქსიმალურად – როგორც კი ვინმეს საფრთხე დაემუქრება, მაშინვე თანამდებობას ურიგებს – ნიკას – გამოძიების დაწყებისთანავე სასწრაფოდ ტელევიზია უბოძა, გუნავას – სამეგრელო-ზემო სვანეთი, გიგი კალანდაძე – დააბრუნა გენშტაბის უფროსად, თუმცა არ გამოუვიდა. ამ პირებს ძალიან სერიოზული ამოცანა ეკისრებათ: ა) უნდა დაამტკიცონ, რომ მიშიკოს შაგრენის ტყავივით შეკუმშულ არეალში მაინც რჩება ნავსაყუდლები, სადაც მისი სიტყვა კანონია, და ბ) თუკი მათ მაინც დააკავებენ, შექმნან მთელი მსოფლიოს გასაგონად მაქსიმალური ვაების საფუძველი. მართლაც, ნიკა გვარამიას დაკავებისას, ის რომ მას ინტელექტუალობასთან ერთად უკვე „დამოუკიდებელი“ (დამოუკიდებელი არა, – კვახი!) მედია საშუალების დირექტორის მანტია ჰქონდა, ამან გარკვეული როლი მაინც ითამაშა. თუმცა, როგორც ვნახეთ გიგი, კალანდაძის მოტრიალება ვერ მოხერხდა და მაინცდამაინც ამას არც ჰქონია მისთვის დამცავი ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, რომ პირიქითაც – კალანდაძე მართლაც რომ წასულიყო სასწავლებლად, იქნებ ინტერპოლი მის საძებნელად არც შეწუხებულიყო… ვნახოთ, რა მოხდება გუნავას შემთხვევაში. ვფიქრობ, მისი დანიშვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად იქ მიმდინარე საკმაოდ სერიოზული დაპირსპირების დაშოშმინებას სულაც არ შეუწყობს ხელს. საკითხავი ისაა, საერთოდ თუ შეიძლებოდა ძიებაში მყოფი პირის გუბერნატორად დანიშვნა (კალანდაძე ხომ სწორედ ამიტომ ვერ აღადგინა). თუ მთავრობა მოახერხებს იმის დემონსტრირებას, რასაც წულუკიანი და კბილაშვილი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ დანაშაულის არსებობის პირობებში ვერავითარ თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია და იმუნიტეტი ვერ იქნება, მაშინ შეიძლება ამ პიროვნებებმა სულ სხვა კუთხით შეხედონ საქმეს – პირადად მათთვის უარესი ხომ არ არის ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა? ამ კითხვის დასმის საფუძველი განსაკუთრებით მაშინ ხდება აშკარა, როცა იმ ორ თანამდებობის პირზე ფიქრობ, ვინც სადაც არ სჯობდა, იქედან სასწრაფოდ გაცლა აჯობეს – ადეიშვილზე და შაშკინზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ორი მინისტრი გახდა სააკაშვილის ხელისუფლების კრახის ერთ-ერთი ნიშანსვეტი! რაც არ უნდა ივიშვიშონ მარტენსმა და სხვებმა უცხოეთში იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შესაძლოა„პოლიტიკური მოტივაციით“ აკავებს ყოფილი ხელისუფლების პირებს, ჯერჯერობით, სანამ არცერთი არაა გასამართლებული და სანამ არცერთის მიმართ პატიმრობაში უსამართლო მოპყრობის ფაქტები არ არსებობს, ძალიან ძნელია ახსნა, რატომ გაშპა ქვეყნიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი? თან ისე, რომ უფლებამოსილების მოხსნა და დამშვიდობებაც კი არ უფიქრიათ? და თუ მათი „დევნა“ უეჭველია, რატომ არ ცდილობენ ისინი, შეხვდნენ უცხოურ მედიას და მისცენ ვრცელი განმარტებები იმ ბრალეულობის შესახებ, რაც მათ მიმართ შეიძლება იყოს? ეს განსაკუთრებით ადეიშვილს ეხება, რომელიც შაშკინისაგან განსხვავებით ძალიან ცდილობს, კვალი არიოს და დაიმალოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი და მისი გუნდი ძალიან ეცდება, ადეიშვილი დაითანხმოს ქვეყანაში დაბრუნებაზე, ან იმაზე მაინც, რომ მან უცხოეთის მედიასთან დაიწყოს ინტერვიუების მიცემა და ამით ცოტა აღადგინოს ნაცმოძრაობის შელახული იმიჯი. არ ვიცი, ეს რამდენად მოსალოდნელია, მაგრამ ნაცმოძრაობისთვის ამას სერიოზული წონა მართლაც ქნება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერპოლი ცირკულარით ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდება, ამას ასევე ექნება სერიოზული წონა თავად ადეიშვილისთვისაც :).
  8. მედიაფრონტზე სააკაშვილის გუნდი საკმაოდ ცუდ დღეშია. „იმედი“ დაკარგეს (ერთადერთი შვება ის ვერ იქნება, რომ გიორგი არველაძის ცოლმა შეინარჩუნა თანამდებობა). ეს განსაკუთრებით მტკივნეულია იმიტომ, რომ „იმედს“, განსხვავებით „მაესტროსაგან“, „კავკასიისაგან“ და მე-9 არხისაგან, მთელი საქართველო უყურებს. რუსთავი2-მა უნდა თქვას – „ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა სინათლეო“… ნიკა გვარამია ვითომ იხტიბარს არ იტეხავს, მაგრამ მაინტერესებს, როგორ დაასაბუთებს სასამართლოზე, რომ რაც მერაბიშვილს ებაზრა, იმაში ყველაფერი პატიოსნად იყო… ნაფტალინიდან ნინო შუბლაძის ამოღება არა მგონია, საქმეს შველოდეს. თან შუბლაძე არ ჩანს ისეთი მატროსოვი, ხალხისთვის ძლივს მივიწყებული სახელი ისევ სახსენებლად რომ ემეტებოდეს და ვინ იცის, რამდენად „შეუპოვარი“ იქნება… ამ ფონზე ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი იმედები მაინც “ტაბულა ტვ”-ს უკავშირდება. სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის ცნობილი თანამეცხედრის, მარადი ლიბერტარიანელის და სტრასბურგში მარად სანატრელი (თქვენ იკითხეთ, თორემ მე თუ გადავწყვეტ, მაშინვე ძალიან კარგ სამსახურს მინახავენ სტრაბურგშიო) თამარა ჩერგოლეიშვილის “ტაბულა ტვ” უნდა გახდეს როგორც ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების განქიქების ყველაზე აქტიური მოტორი, ასევე ის ასპარეზი, სადაც დარცხვენილი და პირშიჩალაგამოვლებული ნაცმოძრაობის ლიდერები თავს მართლა ლაღად იგრძნობენ და მოყოჩაღდებიან, თორემ დავით ბაქრაძის დაბნეული სახე რომ მახსენდება არჩევნების შემდეგ “პოლიტმეტრში”, ისეთი საცოდავი იყო, ლამის გული მომილბა :). თავიდან გამოკვირდა, რომ გავიგე, ღამის 8 საათიდან დილის 8 საათამდე ექნება “ტაბულას” მაუწყებლობაო, ეტყობა, მიშამ თხოვა, რომ არაფერი გამოტოვოს და შოკოლადივით  ჩაატკბარუნოს დეპრესიის მოსახსნელად. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს ახალგაზრდულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. მიშას ყველაზე დიდი კრახი ხომ ბოლო არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და ლამის 100%-ში საპროტესტო მუხტი იყო. ვიღაცამ დაწერა ფეისბუქზე (სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ვინ) – “ტაბულა ტვ”-ს სლოგანი იქნება „სისტემა უნდა დაინგრესო!“ 🙂 ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩერგოლეიშვილის სამიზნე აუდიტორია ახლა „ზაოგადსტატისტიკური ჟუჟუნადან“ ზოგადსტატისტიკური თინეიჯერი გახდება. საინტერესოა, ჩერგოლეიშვილის ფონდის მთელი გამგეობა გადმოერთვება ტაბულა ტვ-ს ამოსაქოქად? გასაგებია, რომ ბენდუქიძის ფულები შეუცვლელია და ლიფონავა-დევდარიანი სერიალურ კრეატიულობას უზრუნველყოფენ, მაგრამ გიგა ზედანია, რომელიც რადიო “თავისუფლებაზე” სულ იმას ცდილობდა, პოლიტიკური თემებისთვის თავი აერიდებინა, და კინოკრიტიკოსის როლი ეთამაშა, რამდენად აუბამს მხარს პოლიტდემაგოგიაში გია ნოდიას? ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სრულიად მოულოდნელად “აიეტი” და “სილქნეტი” მგონი უარს ეუბნებიან “ტაბულა ტვ”-ს ტრანსლიაციაზე, რაც (ამ კომპანიათა მფლობელობიდან გამომდინარე) გამჭვირვალედ მოდელირებული მგონია. ალბათ, ჩი-ბი-ბი-სის (Chergo-Bendu Broadcasting Company) უნდა, ქართველი ერის მიერ სულიერი საზრდოს მოთხოვნის პროტესტით შემოგლიჯოს კარი, რომლის უბრალოდ შემოღება არაეფექტური იქნებოდა.
  9. დაბოლოს, ძალიან სერიოზული როლი – კოლექტიური WE PROTESTO! პროტესტი, რომელიც ორ განსხვავებულ დონეზეა გაყოფილი – ა) პარლამენტის სცენა, სადაც ცნობილი დემაგოგები მღერიან  – გაბაშვილი, მინაშვილი, წიკლაური, ხაჩიძე, ნადირაშვილი, თარგამაძე, დარჩიაშვილი, გოგორიშვილი, თაქთაქიშვილი, ხაბაზი… ასევე ახლადშემომატებული მეც-ხომ-სოპრანოები – საჯაია და ბოკუჩავა – ურტყამენ პარტიებს და ბ) სასწრაფოდ კლონირებული მიშმადიდებელთა არმია ფეისბუქზე – თეა თუთბერიძის, ირმა გაჩეჩილაძის, თეა მიქაიას, ეკა ეკიზაშვილის და სხვა მიშმადიდებელი მანდილოსნების თამადობით, რომელთა ძირითადი ფუნქციაა მარად ამრავლონ ან გამოიგონონ ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია („დენი არ არის!“, „შუქი არ არის!“, „გაზი არ არის!“, „პატრიოტიზმი არ არის!“, „გართობა არ არის!“, „ფეიერვერკი არ არის!“, „ლენტის გაჭრები არ არის!“ „კუტუნიო არ არის!“… არ გამიკვირდება – „თბილი წყალი არ არის!“… :), და თავისი მარადიული პრუტუნით და ლაილაით აუტანელი გახადონ ფეისბუქზე იმ პირთა კედლებზე დისკუსია, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში სდებენ ბრალს. თეა თუთბერიძის განსაკუთრებული ფუნქციაა საკუთარ თავის მიმართ ისეთი აგრესიის გამოწვევაც, რამაც შეიძლება ვინმეს მისდამი ფიზიკური შეურაცხყოფის პროვოცირება მოახდინოს. რაც სააკაშვილის რეჟიმს მალე შეიძლება მართლა შეიძლება დაჭირდეს, ეს იქნება რომელიმე მხარდამჭერის ნაგვემი და ნათრევი სხეული, რომელსაც მთელი მსოფლიოს სანახებლად საზეიმოდ გამოფენენ, რათა „მხსნელი და ბრძენი“ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნა ქვეყნის გადარჩენის უალტერნატივო ნაბიჯად შერაცხონ. ამიტომ, ნებისმიერი შემთხვევა პატრულის მიერ ვინმეს სადმე წაყვანის და ცემის შესახებ ძალიან სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული და დადასტურების შემთხვაში ეს პატრული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მალე ასეთი ეპიზოდზე „დაზარალებულიდან“ შეკვეთაც მოვიდეს.

შეიძლება, სულ ეს იყოს. არადა, 2-3 წლის წინ მიხუკანობაზე რიგი იდგა. პარტია 70 წლის შემდეგ აპირებდა მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრის რეჟიმში გადართვას… Sic transit gloria mundi…

კიდევ არიან ყოფილი მთავრობის პოლიტიკოსები, რომლებიც მკვეთრად ასოცირდებიან მიშასთან და ნაცმოძრაობასთან – მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი… სხვებიც, და რაც მთავარია, – დავით ბაქრაძე. მე მგონი, არავინ, მათი ჩათვლით, არ იცის ზუსტად, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ისინი, როცა გადამწყვეტი ბატალიების დრო მოვა. იგივე ეხება გიორგი პაპუაშვილსაც, რომელიც ყოველთვის იმას ასრულებდა, რაც მიშას სურდა, მაგრამ ტექტონიკური ცვლილებებისას ხანდახან გადარჩენის ინსტიქტი სჯობნის მსახურების ჩვევას. განსაკუთრებით, თუ თავად არ არის ადამიანი სერიოზულ კრიმინალში გასვრილი.

და საერთოდ, არც ისაა საბოლოოდ გარკვეული, ზუსტად როდის დადგება ეს – გადამწყვეტი ბატალიების – დრო…

ჯერ ხომ არცერთი სასამართლო არ გამართულა. და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ეს სასამართლოები და რა შედეგს მოიტანს, ან როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს მის მერე, რაც ყოფილი ხელისუფლების პირების დანაშაულებზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს, ძალიან არის დამოკიდებული ისიც, რამდენად მძაფრი იქნება უკვე არავისთვის საიდუმლო ეს ბატალიები, ან – იქნება თუ არა საერთოდ ბატალიები. რადგან თუ ზემოთჩამოთვლილმა მიხუკანებმა ხალხის ფართო მასები ვერ აიყოლიეს პათოსში, მაშინ მათ მაშინ კი უკვე ფაქტად ქცეულ “უკანასკნელობას” მხოლოდ გროტესკული და ანეგდოტური ელფერი ექნება, დაახლოებით ასეთი:

–         მახსოვს, 2013-ში, ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ აპრილს რომ ელოდებოდა… 🙂

P.S. და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ზუსტად მოახერხებს „ქართული ოცნება“ რისკების პრევენციას და ამ, სავარაუდოდ, ბოლო სახიფათო ეტაპის გადალახვას. არის ნიშნები, რომ „ოცნებაში“ წარმატებისაგან თავბრუდახვევა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, არადა, რუბიკონი ჯერ კიდევ ფეხქვეშაა… პოლიტიკაში, როგორც ცხოვრებაში, ორი მთავარი საფრთხეა – სასოწარკვეთა/ნიჰილიზმი და გაყოყოჩება/თვითკმაყოფილება… არავინ იცის, როდის რომელი უფრო საშიში შეიძლება აღმოჩნდეს…


მოხიბლული დუელიანტის ოპტიმისტური აღსარება რესპუბლიკის მთავარსარდლის წინაშე


მიშაფუტურე

15 დეკემბერს, ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა ქ-ნ ნათია მეგრელიშვილის სტატია „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს“, რომელშიც აღელვებული ავტორი საქართველოს პრეზიდენტს ემონოლოგება.

http://24saati.ge/index.php/category/society/2012-12-16/34507.html

ქ-ნ ნათიას არ ვიცნობ, „24 საათის“ მენეჯმენტი დემაგოგიური სერვილანტური ურნალისტიკის ერთ-ერთ ეტალონად მიმაჩნია (თუმცა არის მაგ გაზეთში რამდენიმე ნამდვილად პატივსაცემი ჟურნალისტი) და იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ვინ რას მისწერს, ამ პოლიტიკოსზე აზრს ნამდვილად არ შევიცვლი…

და მაინც, გადავწყვიტე, რომ ამ სტატიას გამოვეხმაურო.

რადგან ასე მგონია, რომ იგი „სა-ეტაპო“ სტატიაა!

ჩემი აზრით, ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის ამ თითქოს-და უშუალო სტატიას კიდევ მრავალი საგაზეთო, და ტელემასალების მთელი კასკადი უნდა მოჰყვეს, რომელთაც საკმაოდ მწყობრი აღმავალი ვექტორი გააერთიანებს, რათა ამ სტატიის კითხვა “Quo Vadis?”  საბოლოოდ მომნანიე „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა…“-დ აქციოს და თავმოჭრილი ნაცმოძების დღევანდელი უთავბოლო ბროუნის მოძრაობა თანდათანობით ენთუზიაზმით ჟრუანტელმომგვრელ Allegro con brio-მდე მიიყვანოს.

რომ უფრო გასაგები იყოს, რომელი  ციტატაა და რომელი შეფასება, ქ-ნ ნათიას ციტატები ბრჭყალების გარდა კვადრატული ფრჩხილებითაც [„…“] არის გამოყოფილი.

================================================================================

[„კარგია, რომ დიალოგი არ გვაქვს, ვერც მხედავთ და საშუალება მაქვს,მარტო მე ვილაპარაკო, თორემ თქვენ ისეთი ექსპრესიული რესპონდენტი ბრძანდებით, რომ არ მომცემდით შანსს, ამდენი რამ მშვიდად მეთქვა თქვენთვის.თუმცა, სიმშვიდის რა მოგახსენოთ…

დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილავდნენ საკითხს, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უნდა ვიხმაროთ თუ ეშვებიანი, წითელი თუ მწვანე, ხვალ ალბათ მოკლე კაბებზეც გამოვა ახალი კანონი, ახალგაზრდა პარლამენტარებს პოლიტიკური სუტინიორების პროდუქტს ეძახიან და ურჩევენ, გაიქცნენ და თავს უშველონ,სანამ შავ ბაზარზე გაიყიდებიან, სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ რელიგიურ ნიადაგზე და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შუა საუკუნეებში აღმოვჩნდი.როგორ არ გითხრათ საყვედური? ყველა ჩემი მეგობარი, ვინც არ იყო ნაცმოძრაობის წევრი და არც მათი მოტრფიალე, მაგრამ იყო თქვენი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, მთხოვს, რომ რაც შეიძლება ბევრი გეჩხუბოთ იმისათვის,რაც დღეს ხდება…“]

სტატიის ავტორს გაუმართლა, რომ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე უსუსური და უდროო მსჯელობა მართლაც იყო პარლამენტში, ამიტომ მისმა ფანტაზიამ ფრთა გაშალა იმაზეც, როდის დაწესდება კანონი მოკლე კაბებზე.  ამიტომ იგი ასევე ჰიპერბოლიზაციას მიმართავს იმის თაობაზე, რომ „სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ (!) რელიგიურ ნიადაგზე!“ . მაგრამ მე ის მაინტერესებს, რას გრძნობდა იგი, როდესაც საქართველოს პარლამენტი წლების განმავლობაში თავად იქცა აბსოლუტურად გლუვ ორგანოდ, რომელიც სააკაშვილის ნებმისმიერ კაპრიზებს კალიგულას ცხენის გამჭრიახობით და სისწრაფით განიხილავდა? რას გრძნობდა ამ სტატიის ავტორი, როცა გონიოში და აჭარის სხვა სოფლებსა და ქალაქებში სექს-ტრეფიკინგის აშკარა წახალისება ხდებოდა სამთავრობო წრეებიდან? რას გრძნობდა, როცა მიხეილ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეებს ბუჩქებში გართობისაკენ მოუწოდებდა? ალბათ უხაროდა, რომ გასხივოსნებულ მომავალში აღმოჩნდა! როდესაც საქართველოს მთავრობამ ადვოკატების უფლებები უზომოდ შეზღუდა, ხოლო დაზარალებულს პრაქტიკულად საქმეში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, როდესაც ნაცმოძრაობის ლიდერებმა მოსამართლეების კორპუსი მათდამი ლოიალობის და ლაქიობის კოეფიციენტის მიხედვით გადააკეთეს, როცა ციხეში ადამიანების ჩასმა აქციეს საქართველოს ბიუჯეტის მთავარ შემოსავლის წყაროდ, როდესაც ათასობით მის თანამოქალაქეს ააგლიჯეს კერძო საკუთრება, სამსახურებიდან დაითხოვეს ან სულაც დაიჭირეს პოლიტიკური მოტივით, როდესაც ტელეფონზე ვერ ვლაპარაკობდით მოსმენის შიშით, – მაშინ რომელ ეპოქაში ეგონათ თავი ქ-ნ ნათია მეგრელიშვილს და სტატიის სხვა თანამოაზრეებს?

ამ ძალიან მოსალოდნელ კითხვისაგან სტატიის ავტორმა წინასწარ მოხერხებულად თავი დაიზღვია. საერთოდაც, მგონია, რომ მისი შერჩევა ამ სტატიის ავტორად სწორედ იმან განაპირობა, რომ მას საჭირო „ბექგრაუნდი“ აქვს – თურმე ნაქირავებში ცხოვრობს  და მხოლოდ ეს შუძლია შემოგვთავაზოს თუ ვესტუმრებით: [„…ბაწრებით გადაბმულ და სკოჩებით გამაგრებულ სავარძელზე დაბრძანდით, გაბზარული შუშებიდან ქარი რომ დაუბერავს, დიდი-დიდი მოვახერხო და პლედი გადაგაფაროთ, ვინაიდან ჩემი გამათბობელი ბრეჟნევის დროინდელია და ცუდად მუშაობს, ხაჭაპურს და ღვინოს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მოცვის ჩაის მოგართმევთ და მოგიყვებით, როგორ და რატომ გამათავისუფლეს ნაცებმა სამჯერ სამსახურიდან და ხელფასის და დაზღვევის გარეშე დამტოვეს.“]

ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გასაგებია, რომ ან ავტორი იმ იდეურ მიშისტთა რიგებს უნდა ეკუთვნოდეს, რომლებიც სეთურის ქვეშევრდომებივით ელოდებიან, როდის ააშენებენ მამა-მარჩენლის უკვდასაყოფად ამქვეყნიურ სამოთხეს (და მზადაა, ამისათვის მამის და მარჩენლის ფანტასმაგორიულ ჰედონიზმსაც მოუნახოს გამართლება და საკუთარი სიდუხჭირეც უდრტვინველად აიტანოს), ან ჩვენ ვგონივართ მისი გულისამაჩუყებელი, მაგრამ მაინც, დემაგოგიის თვალდახუჭულად ყლაპვის მოყვარულები… ან – ორივე ერთად.

ამის შემდეგ ავტორი მთავარ საკითხზე გადადის – ქვეყნის მისთვის სანუკვარ პირველ პირს და პრეზიდენტს საყვედურით მიმართავს.

მინდა გითხრათ, რომ ამ ღია წერილის წაკითხვისას იოსებ ნონეშვილის „მამავ, ძვირფასო!“ გამახსენდა – პირველ რიგში ტონალობაა მსგავსი. ყველაფერში ჩანს ავტორის სასოწარკვეთა, რომელიც იმ პარლამენტს ეგუებოდა, სადაც ხალხი ფეხზე ეკიდათ და პრეზიდენტისთვის ნებისმიერი კაპრიზის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ სადაც პრეზერვატივების განხილვა არ მოსვლიათ თავში აზრად (მარტივი მიზეზის გამო – მიშას არ დაუვალებია, თორემ ბუსუსების რაოდენობას არ დააკანონებდნენ? ან სულაც – კონსტიტუციაში ვერ შეიტანდნენ, როო?), ახლა კი ლამისაა თავი მოიკლას – [„და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს!“]

მაგრამ „მამავ, ძვირფასოსაგან!“  სერიოზული წინსვლაც შეინიშნება – აწგანსვენებული იოსებ ნონეშვილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის და რეალობის გამო ვერაფრით შებედავდა კრიტიკას თუნდაც უკვე სამარადისოდ თვალდახუჭულ სოსოს. ხოლო ახლა, ჩვენი ფსევდოდემოკრატიული ნეობოლშევიზმის აპოლოგეტი თავის ცოცხალ ლიდერსაც კი უბედავს კრიტიკას! და მერე როგორ გამეხებულ კრიტიკას?!

[„პირდაპირ გეტყვით, სურვილი გამიჩნდა, თქვენ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კაცურად შეგებრძოლოთ. სხვა საუკუნე რომ ყოფილიყო, ალბათ, იარაღს ავისხამდი“]. – ჟანა დ’არკს და მაია წყნეთელს რომ შეშურდებოდა, ისეთი პათოსია!

[„თქვენ გქონდათ შანსი, საქართველო ძალიან პროგრესულ სახელმწიფოდ გექციათ, ვინაიდან თქვენი პოლიტიკური კურსი იყო სწორი და თანამედროვე,თქვენს გარშემო იყო ახალგაზრდა გუნდი, ძალიან ძლიერი რესურსი (ჟვანია, ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი, ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, კახა ბენდუქიძე), რომელსაც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ქვეყანა ძალიან დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ძალები ინდივიდუალურად ყოფილიყო ათვისებული, მათი აღრევა მოხდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფებში და დაერქვა ნაცმოძრაობა და ახალმა იდეამ სახე იცვალა.“].

– ძალიან მიჭირს ავტორის კლასიფიკაციის კრიტერიუმი გავიზიარო. თუ აქ ის ხალხი უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი, ვინც ვარდების რევოლუციიდანვე იყო სააკაშვილის გვერდით, მაშინ რატომ „გამორჩა“ ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ბურჯანაძე, ადეიშვილი, არველაძე, ბარამიძე, კეზერაშვილი?.. ან რა შუაშია ვაშაძეები და ბენდუქიძე? ჟვანიას რესურსი როგორ „გამოიყენეს“, ეს, ეტყობა, ავტორისთვის კითხვებს არ ბადებს… „რესურსი“ – ტვინია, ფული, მენეჯმენტი თუ კაცურკაცობა (!!!), თუ სხვა რამე, ესეც გაუგებარია… არადა, ცნობილია, რომ ბაქრაძის „რესურსი“ ძირითადად ეგვიპტიდან ოჯახურად ძვირფასი ზარების განხორციელებას უკავშირდება, ბენდუქიძის – ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვას და/ან გადაყლაპვას, ბოკერიას „რესურსი“ კი ისაა, რომ ასლანთან მებრძოლმა ადამიანმა საბოლოოდ ასლანზე უარესი მეფე გაიმეფა, ყველაზე სერიოზულ დასაცავ პატიმრად ოლეგ მელნიკოვი დაისახა და კორუფციასთან ბრძოლით დაწყებული იმიჯი კორუმპირებული ოჯახის შექმნით დაასრულა… გიორგი ვაშაძის „რესურსი“ ორმაგია – არარსებულ კორპუსებში ასობით მკვდარი სული ჰყავდა ამომრჩეველად რეგისტირებული და ვანო მერაბიშვილს და მთელ მის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ყალბ პასპორტებს და პირადობის მოწმობებს უწერდა… ხოლო გრიგოლ ვაშაძის ყველაზე სერიოზული „რესურსი“ რუსეთის მოქალაქის ის პასპორტი იყო, რომელსაც რუსეთთან ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა, შეელია!..

[„თქვენ, ვინც ქვეყანა გათანამედროვეობის გზაზე დააყენეთ, ჩაატარეთ არაერთი წარმატებული რეფორმა (მაგ: საგანმანათლებო)…“] – თუმცა, შემდეგ მთელი გვერდი ეძღვნება იმის აღწერას, სინამდვილეში რა ნაგავი იყო მანდატურებიანი სკოლა!

[„და მიეცით შანსი წესიერ და მშრომელ ახალგაზრდებს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე სტუდენტები გამხდარიყვნენ…“], – ხოლო შემდეგ 10,000-მდე სტუდენტი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა უზომოდ მაღალი გადასახდების გამო, ხოლო გამოცდების ცენტრის დირექტორი იმისთვის მოხსნეს, რომ შაშკინის ხუშტურებს არ დაემორჩილა, ხოლო მისი შვილი ოპოზიციის მიტინგს დაესწრო.

[„პოლიცია თავდაყირა დააყენეთ და ჩვენი შვილების ქუჩაში გასვლა უსაფრთხო გახდა…“], – თუმცა 70-მდე ახალგაზრდა ქუჩაშივე ჩაცხრილეს, ხოლო მერე ამ თავდაყირა დაყენებულმა მაგრამ გაპოლიტიზირებულმა პოლიციამ „მიშა-მიშას!“ ყვირილი, მოქალაქეთა მიმართ ყალბი ბრალდებების შეკერვა და დაკავებულთა გადმოყრა დაიწყო ზედა სართულებიდან, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს…

[„ქუჩები დასუფთავდა და ქალაქში ნაგვის სუნი აღარ იყო…“]  – თუმცა ამ ნაგვიდან გიგი უგულავას მაგარი შემოსავალი შედიოდა, ხოლო ჩვენ დენზე მიბმული ნაგვის გადასახადით გვატყავებდნენ, რათა მთავრობას უცხოეთში ეგულავა.

[„ტრანსპორტი ნორმალურად ამუშავდა…“] –  და ისევ უგულავას ძმაკაცებმა ერთხელ რესტორანში 100-100 ლარით დაფუძნებულ ოთხ ფირმაზე გადაიფორმეს მთელი სამარშრუტო ტრანსპორტი.

[„გაჩნდა დაზღვევის ინსტიტუტი და მე თავადაც მერიის დახმარებით გავიკეთე რთული ოპერაცია.“] – ჰმ!… აკი ნაცებმა დაზღვევის გარეშე დამტოვესო – თავში გული აგვიჩუყა ქ-ნმა ნათიამ?.. ისე კი, დაზღვევის ელემენტები ჰამურაბის დროსაც იყო გაჩენილი, ხოლო სისტემა ბრიტანეთში ას წელზე მეტია არსებობს. თუმცა ის კი მართალია, რომ სააკაშვილის დროს საქართველოში ჯანდაცვის დაზღვევით მოსახლეობის მოცვა ნამდვილად გაფართოვდა, მაგრამ მან ისიც მოახერხა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მთელი სახელმწიფო სამედიცინო სექტორი აითვისეს და ჯანდაცვის სერვისები გაძვირდა… მერიის დახმარებით ოპერაცია ათეულათასობით ავადმყოფმა რომ ვერ გაიკეთა, როცა თავად მერი მეუღლის სამშობიაროდ მთელი ამალით მიდიოდა ვენაში, იმათ რას ვეტყვით? ვინც ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო ქონების გაყიდვა მოუხდათ, ისინიც მადლობელნი არიან? ფაქტია, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა!

[„შექმენით ისეთი მომსახურების სისტემა, რომ აღარ გვჭირდებოდა საათობით და თვეობით რიგში დგომა და ტანჯვა.“]  – რაც მართალი, მართალია! ეგაა, ასეულ ათასობით პრობაციონერს, მათ შორის მრავალ ბიზნესმენს რიგის გარეშე ჰქონდათ გარანტირებული ტანჯვა…

[„ქრთამის აღება საშიში გახდა…“],  – სამაგიეროდ, უგულავა, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, არველაძე, ცისკარიშვილი, ბენდუქიძე და თავად სააკაშვილი და მისი ახლობლები (დედა, ბიძა, შარანგიები, ყარამანაშვილები, ჩიქოვანი) ისე დაეპატრონენ მრავალმილიონიან და მილიარდიან ბიზნესებს, რომ ქრთამის გაღება არ დაჭირვებიათ!

[„მანქანებს აღარ იტაცებდნენ, ქუჩები განათდა და ათწლიანი უკუნეთი დასრულდა, ქუჩებზე ორმოები ამოავსეთ და მანქანები აღარ ვარდებოდნენ კანალიზაციის ჭებში“].  მართალია! დავამატებ, რომ ფარდობითობის პრინციპით ჰიტლერს, სტალინს, მუსოლინისაც წარმატებით შეეძლოთ იგივე ეთქვათ.

[„ხელფასიც მოგვემატა, ცოტა პენსიაც, ქუჩებზე დაიდგა კამერები და ქართველმა მძღოლებმა წითელ შუქზე გაჩერება იძულებით ისწავლეს…“] –  მართალია! არ გაჩერდებოდნენ და ტყვია გააჩერებდათ! ხელფასის მომატების რეალურ მაჩვენებლებზე კი შემიძლია ავტორს შევეკამათო, მაგრამ ცოტა არ მესმის, 3-ჯერ სამსახურიდან განთავისუფლებულ, უმუშევარ ქალბატონს რატომ და როგორ უნდა ვუმტკიცო, რომ რეალური მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ხელფასი არც მაინცდამაინც გაზრდილა …

[„კანონიერი ქურდების და ბანდიტური რეკეტის ხანა დაასრულეთ…“]  – და მართლაც, კანონიერი ქურდები და მათი ბანდიტური რეკეტი “კანონიერი სახელმწიფო რეკეტით” ჩაანაცვლეს! “ტარიფებიც” გაზარდეს! ვინც ვერ იხდიდა, ციხეში სვამდნენ, ცოცხით და წამების სხვა ხერხებით “აღმზრდელობით მუშაობას” უტარებდნენ და ისე ახდევინებდნენ!

[„ნარკოტიკები თითქმის აღარ იშოვებოდა…“] – კიდევ ერთი ბლეფი! ის რომ ნარკოტიკების გამსაღებლებს აღარ იჭერდნენ, არ ნიშნავდა, რომ ნარკოტიკები აღარ იშოვებოდა. ნარკოტიკებზე რომ უამრავ მოხმარებელს იჭერდნენ, ისინი საიდან მარაგდებოდნენ? ვანოს ტუმბოჩკიდან? თუ ყველა მართლა “ჩადებული” ნარკოტიკი იყო?

[„რეგიონებში გახვედით და ნელა-ნელა დაიწყეთ ზრუნვა იმ ხალხზეც, რომელიც დედაქალაქს აღარც ახსოვდა. აღარაფერს ვიტყვი იმ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელსაც მოჰყვა ჩვენი შემჩნევა, გაგვიჩნდა შანსი, რომ მსოფლიოს წინაშე წარვმდგარიყავით არა როგორც პატარა ქვეყანა, სადღაც ქვეყნის დასალიერში, არამედ ძლიერი პოტენციის მქონე ქვეყანა, რომელიც უნდა შედგეს როგორც სახელმწიფო და ჩვენ ვართ არა ხალხი, არამედ ერი, ნაცია…“]  – და რა იყო ეს „რეგიონებზე ზრუნვა“?  რეგიონების სახელით ხაზინიდან ორმაგი და სამმაგი თანხების ძარცვა ხომ არა? ვინ იგრძნო ზრუნვა? რომელია ბედნიერების ნავსაყუდელი? – ბათუმი, რომელიც ცარიელი ცათამბჯენების ქალაქდ იქცა და სადაც უმუშევრობა ისეთი მაღალია, რომ ხალხი თურქეთში მიდის სამუშაოდ, ხოლო ადგილობრივებმა სასტუმროების ბიზნესით მხოლოდ კრედიტების კაბალა იგრძნეს? თუ სიღნაღი, სადაც გარედან გაშტუკატურებული სახლები მხოლოდ გარეგნული ბედნიერების ნიშანია? თუ აბსოლუტურად მარაზმატული და გამოუსადეგარი პარლამენტით “გაბედნიერებული” ქუთაისი, რომლის მცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას იმ 350 მილიონის მესამედი ეყოფოდა, რაც უფუნქციოდ დარჩენილ შენობას მიახარჯეს? რა იყო ჩვენი “ძლიერი პოტენციის” დადასტურება? სამხედრო აღლუმები? თუ „მოგებული“ წაგებული ომი? რა არის ეს „შემდგარი სახელმწიფო“, რომელიც თავის ძლიერებას მხოლოდ თავის მოქალაქეებზე შედგომით ადასტურებს? სანატრელია კი ასეთი „შემჩნევა“, ასეთი „გაძლიერება“ როცა საქართველო 2007 წ. 7 ნოემბრით, 2008 წ. გაყალბებული არჩევნებით და წაგებული 5-დღიანი ომით,  2009 წლის 100-დღიანი საპროტესტო აქციებით, და ამ აქციების მრავალი დარბევით, 2010 წლის გაყალბებული არჩევნებით, 2011 წლის სისხლიანი 26 მაისით დაგვამახსოვრდება? რაა ასეთი საამაყო,  თუ საქართველოს გაპლასტმასებული რეალობა ძირითადად მოკლე ხნით ჩამოსულ ტურისტ უცხოელებს მოსწონთ, ხოლო ყველა იმ ქალაქში, რომელიც ნაცმოძრაობამ ვითომ ააშენა და ააყვავა, ხალხმა სწორედ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცა ხმა? თუ ასეთი „სამოთხე“ ააშენა ნაცმოძრაობამ, რატომ მიდიოდა ყოველ წელს ამ “სამოთხიდან” უცხოეთში გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ბრუნდებოდა?

==============================================================

[„და ასეთ გზაზე დამდგარი საქართველო თქვენი და ნაცმოძრაობის (რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი პარტია)ადამიანებთან არასწორი დამოკიდებულებით, ცინიზმით და სარკაზმით, გულგრილობით, გაუგებარი ტერმინებით და უკვდავების შეგრძნებით – ყველაფერი წყალში გადაყარეთ, ყველაფერი გაწირეთ და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს.

…ნაციონალების ქმედებები…, რომელთაც გაგვაოცეს წლების განმავლობაში როგორც რეფორმებით და მიღწევებით, ისევე გულგრილი და უდიერი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ.

ძალიან გაბრაზებულები ვართ! ბევრი ადამიანის წინაშე ვალდებული ხართ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე. თქვენი მტერი არ ვარ, მაგრამ დუელში მაინც სიამოვნებით გამოვიწვევდი ნებისმიერ თქვენგანს.“]

– ეს კი ნამდვილად აპოგეაა ამ ჭეშმარიტად ესქილესეული ტრაგედიისა – გაბრაზებული ავტორი, რომელსაც უნდა დუელში გამოიწვიოს თავისი კერპი! ლამის ანტიგონე, რომელიც ახლა – თანდათანობითი გაბრაზების ცხრა წლის თავზე – დამარცხებისგან გამწარებული („ამდენს ვითმენდი და მაინც წააგეთ?! – თქვენი ჯილაგიო!“) მოსდგომია და ქოქოლას აყრის თავის გმირებს – „უ, თქვე ცინიკოსებო, ჰაიტ, თქვე, გულგრილებო! ოხ, ნეტა მახვილით ამომაშანთია თქვენი სარკაზმი, რის გამოც ასეთ დღეში ჩავვარდი მეც (სამჯერ სამსახურიდან განთავისუფლებას ვინ დარდობს? – პრეზერვატივების კანონით შეურაცხყოფილია ადამიანი!) და – მთელი ქვეყანაცო!“

მაგრამ სწორედ აქ, ისე როგორც ჭეშმარიტი ტრაგედიის აპოგეაში… როგორც ბეთჰოვენის თუ ბახის მარადიულ ჰანგებში… როგორც ყოველთვის, როცა ცეცხლი ტყეს გადაწვავს, უცებ…

უცებ ჩნდება მომავლის იმედი, ფერფლზე ამწვანებული პაწია ფოთოლი და… ფენიქსიც ცოცხლდება!!

დააკვირდით, სტატიაში როგორ თანდათან ჩნდება დამარცხებულის აღორძინების მოტივი!

შეამჩნიეთ, დუელში გამოწვევის გვერდი-გვერდ როგორ ისმის მოწოდება – „აღსდექ, მიშავ! აღსდექ, ძვირფასო! აღსდექ, უძლეველო!“ ნახეთ, რას ამბობს უკვე დაშნაშემართული, მაგრამ ნაცმოძრაობის/უფრო სწორედ – სააკაშვილის და მისი ახალი გუნდის/ სიყვარულით მაინც მათი ვერგამმეტებელი უმუშევარი ქალბატონი! სწორედ იმ გაზეთის ფურცლებზე, რომელმაც მრავალი მილიონი კორუფციულად ბოძებული შეირგო ნაცმოძრაობისაგან და ახლა კი (სწორედ დღეს გავიდა ეთერში სტუდია „მონიტორის“ კარგა ხნის დაანონსებული ჟურნალისტური გამოძიება „24 საათის“ შესახებ!) საოცრად სჭირდება ასეთი წერილები და ასეთი ემოციების ინკუბატორული კულტივაცია! http://www.youtube.com/watch?v=9pyghGk-wuU

[„…იქნებ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე...

…უკვე შეინიშნება ახალგაზრდა ექსპერტების პროგრესული, მიუკერძოებელი ჯგუფების გამოჩენა და იმედია, ისინი არ იქნებიან მედროვეები და დამოუკიდებელ ექსპერტებად დარჩებიან…

… მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენი რევოლუციის შემდეგ ცხოვრება კიდევ ერთხელ დამენგრა და სამსახურებიც დავკარგე და პურის ფულიც, მაინც შევეცადე, თუნდაც ჩემი წინაპრების ხათრით გამეგო და მომეთმინა დიდი სულიერი, ფსიქოლოგიური და ფინანსური დისკომფორტი,ვინაიდან დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოში და ძალიან, ძალიან შევეცადე სახელმწიფოებრივი აზროვნებით დამეძლია ჩემი ადამიანური უკმაყოფილება,ჩემნაირი ათასობით არის ამ ქვეყანაში,

… დროა მოისმინოთ განსხვავებული აზრი, ოღონდ არა თქვენი ოპონენტის, არამედ მხარდამჭერის მხრიდან…”]

– აი, ასე!!!

აი, უკვე ყოყმანი ეტყობა დუელიანტ ავტორს წამებულ სახეზე, – „ჩააგე ხმალი, ნათია!“ – უძახის მას ძლიერი ნაციის და მსოფლიოს რუკაზე გამოჩენილი შემდგარი ქვეყნის ხილვისგან განცდილი ბედნიერებით ანთებული შინაგანი ხმა! – „გიყვარდეს დუელიანტი შენი, ვითარცა თავი შენი!..“

და როგორც ოჯახური ძალადობის საწყალ მსხვერპლს, მასაც ერთი იმედი აქვს, რომ მისი მოძალადე გამოსწორდება და ისევ იმ მზეჭაბუკად იქცევა, ვისაც ბედნიერი გაჰყვა ცეტივით! მერე რა, რომ სარკაზმი, გულგრილობა, ფეხებზედაკიდება, ჩარეცხვა, ცემა-ტყეპა და ეს ყველაფერი იყო… ახლა მთავარია, გამართლების ელემენტები მოიძებნოს!.. მთავარია, ყველამ დაინახოს, რომ ეს მხოლოდ იმ ვიღაც ცუდი ექსპერტების და პარტმუშაკების უნიათობის და გულქვაობის ბრალი იყო, თორემ თავად მეფე ისევ ის ნეფეა, – ხუჭუჭა, პატარა!..

საჭიროა, ყველამ გაიგოს ეს… არ არის ადვილი, მაგრამ უნდა სცადოს ავტორმა, თორემ რა გამოვა, ვისთვის და რისთვის იტანდა დასკოჩილ ავეჯს და მოცვის ჩაის დიეტას? რაღა ახლა, როცა „24 საათი“ ამხელა საგაზეთო სივრცეს უთმობს, ხოლო ხვალ-ზეგ ტელევიზიებშიც მიიწვევენ (ამაზე ქვემოთ!) – რაღა ახლა უნდა დაიწყოს ამ მშვენიერი გაზეთის ფინანსური მაქინაციების გამოძიება?

[„ბატონო პრეზიდენტო, თქვენზე ბევრი ჭორი არსებობს, შესაძლოა ბევრი მათგანი სიმართლეც იყო, მაგრამ ვინაიდან მე საბჭოთა ეპოქაშიც ვიცხოვრე და კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. მახსოვს რომ კგბ-ში, რომელიც დღესაც ძლიერია (ისეთი ვერ არის, ლავრენტი პავლოვიჩის დროს რომ იყო, მაგრამ მაინც წვალობს), არსებობდა და ალბათ ისევ არსებობს ჭორების განყოფილება, სადაც ისხდნენ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები და მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგებიც და ამუშავებდნენ ჭორებს, თხზავდნენ და იგონებდნენ ამბებს, რომელიც ქალაქში, ქვეყანაში უნდა გაევრცელებინათ და ამით რაღაც მიზანს აღწევდნენ. ალბათ, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, ეს იყო შავი პიარის დეპარტამენტი.“]

– ა, ბატონო! ესეც მე ვარ?

ხომ ვამბობდი, ცუდი პიარის რა ვთქვი, თორემ მიშა წმინდანია, ვანო – ქერუბიმი და ბაჩო ახალაია – ცოტნე დადიანი-მეთქი!

ცოტა აცალეთ! ნათიას შპაგა უკვე ჩაგებულია! დუელიანტი მეტოქის გაპატიოსნება იწყება!

[„თუკი ადამიანებმა თქვენ დაგინახეს შორტებით რივიერაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ “გულაობს”, იქნებ ეს კამუფლიაჟია და სინამდვილეში პრეზიდენტი იმ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და გარკვეულ გარანტიებზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს?მე ყოველთვის ვცდილობდი, ასე გამეშიფრა თქვენი ვიზიტები პლანეტის სხვადასვა წერტილში, მაგრამ პაპარაცები ყველგან არიან და თუ თქვენ არა, ეს თქვენს მრჩევლებს მაინც უნდა სცოდნოდათ.“]

– აბა, მე რას გეუბნებოდით?! რივიერაზე შორტებით ვინ დადის, თუ არა კამუფლაჟით ფარულადმომლაპარაკებელი? წესით, ამ დროს წვერ-ულვაშიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოღვაწეს, რომ ამ მაიმუნ პაპარაცებს კოვზი ნაცარში ჩაუგდოს! დრ. დოტიც, სავარაუდოდ, აგენტი 007 იყო და ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოტანილ საიდუმლო  ინფორმაციას უჩურჩულებდა ყურში სამასაჟო სეანსების დროს მხედართმთავარს – ზურგზე კბენაც მორზე კოდის ვარიანტია! სამი გრძელი კბენა, სამი მოკლე, სამი გრძელი – ხომ იცით, რაცაა? – SOS!

მაგრამ რაც უფრო ძლიერია საყვარელი დუელ-მეტოქის გამართლების სურვილი, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს სხვების კრიტიკაც. იმ სხვების, ვინაც (დროებით მაინც) განტევების ვაცის როლი უნდა ითამაშოს:

[„არ მაინტერესებს, რა ფერის ტრუსები გეცვათ კურშაველში, ბატონო პრეზიდენტო, ამაზე თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ინერვიულონ, მე მაინტერესებს, რატომ სწორად არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ინტელექტუალური რესურსი და ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ ჯგუფებს, რომელსაც დაერქვა ნაცმოძრაობა, ერთი სახე მიეცით. იმის ნაცვლად,რომ მათ საზოგადოება გაემხნევებინათ, გაეხარებინათ ახალი აზროვნებით, პირიქით საშინელი ანტიპატია გაჩნდა. ვინ ურჩია მათ, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია? ვინ მისცა მათ კარტბლანში? ნაცმოძრაობამ, მიუხედავათ იმისა, რომ მისი შემადგენლობა ჭრელი იყო და ეს არ იყო ერთი ჟანრის გუნდი, მაინც ყველამ ერთად თავი უკვდავებად და უბერებლად წარმოიდგინა და ისეთ მაღალ შკალას დაეკიდნენ, რომ 9 წლის თავზე ვეღარ შეინარჩუნეს სიმყარე და წონასოწრობა და ყველა ერთად ჩამოცვივდა. ნაცმოძრაობა მიწაზე დაენარცხა, ანუ სინამდვილეში აღმოჩნდნენ და ახლა იწყებენ რეალისტურ აზროვნებას.“]

[„ტონი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში პირველად შემოიჭრა ნაციონალური მოძრაობა, იყო შესაშინებელი და ამაზრზენი. ახალგაზრდა მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იყო რეალურ და ძალიან ეფექტურ რეფორმებზე. ადამიანებს ელაპარაკებოდა არაადამიანური ტონით, ცინიზმით, ირონიით, სარკაზმით, ზოგჯერ ხმასაც უწევდნენ და რატომღაც თავი უკვდავებად ჩათვალეს და გვითხრეს, რომ აწი ყველაფერი ჩვენ ვართ და რაც დღემდე იყო. ის ყველაფერი მოგელანდათ და იყო დიდი ტყუილი. აი, აქ დაიწყო თქვენი პრობლემები.“]

– ჰაი, დედასა!

ახლა მაინც მიხვდით, რაშია საქმე?

უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე, პირადად, თურმე, ძალიან ვცდებოდი!

მე ყოველთვის მეგონა, რომ კარტბლანში იმაზე, რომ მთავრობის წევრებს [„…ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია…“] –  სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა!

თურმე ვცდებოდით, ხალხო!

მიშა არაფერ შუაში ყოფილა!

მიშა კარგია! კარგზე კარგი!! – უკარგესი!!! უსათნოესი და უსპეტაკესი (“სტალინმა არ იცოდა, რეპრესიები რომ ხდებოდა”-იმ ვერსიას ჰგავს!)

ეს ნაცმოძრაობაა ცუდი და საზიზღარი! და აკი, კიდეც დაეხეთქა თავისი ბინძური კურტუმოთი მიწაზე!

– ეგეც შენ, შე ოხერო ნაცმოძრაობავ!

– მოგვეცით ჩვენ ჩვენი კარგი და სათუთი მიშა და წაეთრიეთ, თქვე ზიზღისგამომხატველებო და ფსევდოპროგრესულებო! ახლა ხომ მივხვდით, როგორ გამოვარჩიოთ ტკბილი ქიშმიში მწარე „ბულკიდან“!

======================================

ახლა კი ის პასაჟი, რომელიც ძალიან მომხიბვლელია, რამეთუ დემაგოგიის ქრესტომათიის რამდენიმე პოსტულატს აერთიანებს:

[“საზოგადოებაში, ჩვეულებრივ მოკვდავებში, რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს, მუსირებს აზრი, რომ “ქართული ოცნების” ლიდერმა იყიდა ყველა და ყველაფერი და ფანტასმაგორიული დაპირებებით მოხიბლა ხალხი. იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის ფილანტროპია (იგულისხმება პენსიები, რომელსაც ცნობილ ადამიანებს უხდიდა) აღმოჩნდა ბლეფი და სინამდვილეში მან მოახდინა კაპიტალდაბანდება ცოცხალ რესურსში და ბოლოს დივიდენდები მოითხოვა მხარდაჭერის და თანადგომის სახით. და ეს იყო არა პატრიოტული ჩუმი ქველმოქმედება, არამედ პოლიტიკური პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა სადღაც. მაგრამ, ეს მხოლოდ მოსაზრებებია, რისი უფლებაც თავისუფალ საზოგადოებას აქვს, თუმცა, ობიექტური რეალობა სხვა დასკვნების გაკეთების საშუალებასაც იძლევა. დიახ, შესაძლოა ბევრი ფული დაიხარჯა “ოცნების”მხრიდან, მაგრამ მათ სინამდვილეში არ ჰქონდათ გამარჯვების იმედი და ემზადებოდნენ საპროტესტო მოძრაობისთვის ან უფრო უარესისთვის და ამიტომაც დაიბნენ და გაუჭირდათ უმრავლესობაში სწრაფად ადაპტირება და ბევრი მათი ქმედება აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. რატომ არ სჯეროდათ? ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ სერიოზული კონკურენტი იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მათი მოგება ნაციონალების შეცდომების ბრალია, ზოგჯერ უპატიებელი შეცდომების. მათი არშემჩნევა, არმოსმენა, არდაჯერება, განსხვავებული აზრის დაგმობა აღმოჩნდა ნაციონალების წაგების მიზეზი და ამ მთავრობასაც იგივე ელოდება, თუ განსხვავებულ აზრს არ გაითვალისწინებს და ყველას აიძულებს, რომ მხოლოდ ოცნების ჭრილში იაზროვნოს. იმ ჭრილში, რომელიც ძალიან ვიწროა და ეს დააამტკიცა უმრავლესობის ინტელექტუალურმა რეპლიკებმა. მაგ: “მე მართლმადიდებელი ვარ და ლესბოსელობა ჩემთვის მიუღებელია,” ან -“ჰომოსექსუალები უნდა დაისაჯონ”, “ბაფთიანი პრეზერვატივი ჯობია თუ ზანზალაკებიანი…” მელიტონ, ცუდად ვარ!…”]

– რატომ მგონია ეს პასაჟი დემაგოგიური?

ლევან რამიშვილის და თამარა ჩერგოლეიშვილის სახელმძღვანელოთი თუ ვიხელმძღვანელებთ, აი, – რატომ:

ავტორი ნამდვილად არაა „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, სულაც პირიქით.
ასე რომ, თამამად შეეძლო ზემოთაღწერილი ეჭვები ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავად ჰქონოდა, მაგრამ არა! – იგი „ჩვეულებრივ მოკვდავებზე“ [„…რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს,“ ]  აკეთებს დოსტოევსკის მაგვარ რეფერენსს! და ამბობს, რომ მათში „აზრი მუსირებს!“  – როგორც ადრე იყო – “Есть мнение!” და არავინ ვიცოდით, ვისი იყო ეს აზრი…

თუ ეს პროექტი 15 წლის წინ დაიგეგმა, რატომ ვერ გათვალეს ასეთი საშიში ფანდი მიშამ და მისმა გენიოსებმა? სწორედ ამიტომ დაჭირდა ავტორს “ჩვეულებრივი მოკვდავების” მოშველიება, თორემ აგერ არ ჰყავდა გაბაშვილი, რამიშვილი, ვაშაძეები, ან თავად სწორუპოვარი პრეზიდენტიც?

კარგი იქნებოდა ავტორს მოეყვანა კიდევ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ვინმე 15 წელი უხდიდა პენსიებს და დახმარებებს, აშენებდა თეატრებს, ეკლესიებს, კულტურის ძეგლებს და სპორტულ დარბაზებს, იმისთვის, რომ 15 წლის შემდეგ „დივიდენდი მოეთხოვა“. ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ იყო ეს ადამიანი ისეთივე იდუმალებით მოცული, როგორც ივანიშვილი, და თუ აძლევდა ძალიან დიდ თანხებს სწორედ იმ ადამიანებს და იმ პარტიას, ვის წინააღმდეგაც მას 15 წლის შემდეგ, თურმე,  უნდა გაელაშქრა? აკი, ასე იყო დაგეგმილიო…

საინტერესო ისაა, რომ ავტორი აქაც და ქვემოთაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება,  რომ მის მიზანს “ქართული ოცნების” კრიტიკა სულაც არ შეადგენს – მას მთავარი სამიზნე ნაცმოძრაობა აქვს, ვითომ!

ავტორის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ აწი უნდა ხალხს მოუსმინონ! მას სჯერა, რომ აწი ნაცმოძრაობა რძეზე დამწვარია და ყველას იქამდე მოუსმენს, სანამ მოლაპარაკეს სიქა არ გაძვრება!

როგორც ნაცმოძრაობის ყველა დროის ნებისმიერ პროპაგანდაში არის ძლიერი მესიჯი – ჩვენ ტოლერანტულები ვართ! ნაცმოძრაობა და მიშა ყოველთვის ფეხებით თელავდნენ აბსოლუტური უმრავლესობის უფლებებს, მაგრამ ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ საქმე, რომ იცავდნენ უმცირესობების უფლებებს! რადგან ეს იყო მათი დასავლური იმიჯის ქვაკუთხედი! მიშამ მოიგონა საოცარი ფორმულა – დასავლეთი გვაპატიებს, თუ დავიჭერთ 30,000 უმრავლესობის წარმომადგენელს, მთავარია მოვეფეროთ უმცირესობის რამდენიმე ათეულ წევრს…

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს – „მელიტონ, ცუდად ვარ!“ – რაღაც ახალია! უნდა გადავხედო რამიშვილ-ჩერგოლეიშვილის დემაგოგიის მრავალტომეულს. ეტყობა, ახალი, შევსებული გამოცემა გამოვიდა…

საინტერესო ისაა, რომ ასეთი სერიოზული დემოგაგიური პასაჟის წინაც და შემდეგაც უნდა მოდიოდეს ე.წ. „მართალი თემა“. ეს აუციელებლია, რადგან ადამიანს დიდხანს არ შერჩეს ეჭვი, – მაიცა, ეს რაებს მიჰქარამსო. სწორედ ამიტომ ამ პასაჟის წინაც და შემდეგაც ნაცმოძრაობის სწორედ ისეთი თათხვაა, სამჯერ დათხოვილ და მანდატურებისაგან შეჭირვებულ ქართველ მასწავლებელს რომ ეკადრება!

ავტორი საუბრობს კომპლექსებზე, რომელიც ნაცმოძრაობამ საკუთარ ხალხში დათესა:

[„ასაკობრივი ბარიერის თემა, ხალხს უკვე ეშინოდა ასაკის გამჟღავნება, ისტერიული ტონით დაფიქსირდა. რომ 40 გადაცილებული ადამიანი უკვე უვარგისია და ყველგან და ყველაფერს შეუსიეთ 20-23 წლის “პროფესიონალები”… თქვენი მოძრაობის წევრებიც ზომბებს დაემსგავსენ, მათ ეგონათ, რომ მუდმივად ახალგაზრდებად დარჩებოდნენ და იმიტომაც ჰქონდა უმრავლესობას ასეთი გაუღიმარი სახეები.თქვენზე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თქვენს მთავრობაში და ინტელექტუალურ მხარდამჭერთა რიგებში ღიმილი არ ფიქსირდებოდა.“]

[„ასაკის შოკი არ იკმარეს და ახალი კომპლექსები გაჩნდა – ინგლისური და კომპიუტერი… ვაკანსიებში ინგლისურის კონკრეტულ დონეს და პროგრამების საკმაოდ მასშტაბურ ცოდნას ითხოვდნენ. შესაბამისად, სამსახურის შოვნის შანსიც წაგვართვით…“].

[„ბოლო დარტყმა პირადად ჩემთვის იყო მანდატურების პოლიციური შემოსევა. თავიდან ძალიან მომეწონა ეს იდეა, ვინაიდან სკოლებში მართლაც არსებობდა საფრთხეები, რომელიც უნდა მოეწესრიგებინა მანდატურს, მაგრამ “ნურას უკაცრავად”, 23-25 წლის მანდატურები ჩაერიენ სასწავლო პროცესში, სრულიად დასცეს მასწავლებლის და დირექტორის ავტორიტეტი და ყველა დაზაფრეს. ისინი მასწავლიდნენ, როგორ უნდა ჩამეტარებინა ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი. ეს მეტისმეტი იყო, ეს უბრალოდ მარაზმი იყო. შაშკინმაც არ იცის რა არის ხელოვნების გაკვეთილი, არამცთუ მისმა მანდატურებმა. სკოლა უსაფრთხო ნამდვილად გახდა, მაგრამ რის ხარჯზე? ბავშვები ასმენდნენ მასწავლებლებს მანდატურებთან. ჩემი აზრით, ეს დანაშაული იყო“]!

[„თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდით და იმედი მაქვს, ამ მოგზაურობებს სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯებიც თან ახლდა, მაგრამ ახლა ცოტა ესთეტიკის და გრძნობების თემას უნდა შევეხო. ნუთუ ვერ შეამჩნიეთ, რომ ყველა ევროპულ ქალაქში ძალიან უფრთხილდებიან თავის კოლორიტულ სივრცეებს? … არ ფიქრობთ, რომ ეს არასწორი ნაბიჯები იყო? ადამიანებს მოვუშალოთ საყვარელი ადგილები, რაც ტურიზმისთვისაც ძალიან მომგებიანია და მათ ნაცვლად დავდგათ ის, რაც უკვე აღარავის არ უკვირს?“]

[„მე მესმის, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მკაცრი ძალისმიერი მეთოდებით ახორციელებს სხვადასხვა ქმედებებს, ვინაიდან სახელმწიფო მანქანა არ არის ქერუბიმების და ანგელოზების სივრცე, ის ძალიან სასტიკია და ასეთია კაცობრიობის ისტორიის გზა. დიახ, ვიყავი პრეზიდენტის მომხრე, მაგრამ 7 ნოემბერს ქუჩაში გამოვარდნის სურვილი ვერ დავიოკე. მეტეხის ხიდთან რომ მივედი, უკვე დემონსტრაცია დარბეული იყო. ადამიანი ვარ და ვერ ვუყურებ, როგორ სცემენ ხელჯოხებით ხალხს. ამას ვერ ვუყურებ ტელევიზორში და ამიტომაც ქუჩაში აღმოვჩნდი. შესაძლოა, პოლიტიკურად ეს გამართლებული ქმედება იყო და დღემდე ევროპაშიც და ამერიკაშიც დემონსტრანტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს, საკმაოდ მკაცრად უსწორდებიან, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს გვიჭირს ასეთ დროს სახელმწიფოებრივი აზროვნება, როცა სცემენ უიარაღო ხალხს, ახალგაზრდებს, ქალებს. ალბათ ვერასდროს ვიქნებოდი პოლიტიკოსი, ვინაიდან, რაღაცებს ვერ ვიგებ და გადატანაც მიჭირს.“]

[„გვერდს ვერ ავუვლი იმ ამბებს, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ადამიანური შეცდომები დაუშვით: როცა ბუტა რობაქიძის მამა, გამწარებული კაცი- და რა გასაკვირია, აბა საკუთარი თავები ერთი წამით ჩააყენეთ მის მდგომარეობაში – მოვიდა კანცელარიის შენობაში, რა საშინლად მოექცა მას მთავრობის წარმომადგენელი? ფაქტობრივად გააგდო იქიდან. როცა ბედნიერი ხარ და შენთან უბედური ადამიანი მოდის, იმას ხელი არ უნდა ჰკრა, თუნდაც უხეში იყოს და არაადეკვატურიც. ის განადგურებული იყო და მითუმეტეს როცა პოლიტიკოსი ხარ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი, ასე ღიად კამერების წინაშე როგორ უნდა შეირცხვინო თავი? მაგრამ ამაზე არც ერთ თქვენგანს რეაქცია არ მოუხდენია, პირიქით ათასი მითი შეთხზეს, რომ ის გარდაცვლილი ყმაწვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. კაცი კაცს კაცურად უნდა მოექცეს და არა ჩინოვნიკურად.“]

[„იგივე მოხდა გირგვლიანის საქმეზეც. ყველამ კარგად იცით, რომ ის ყმაწვილი არც ბრმა ნაწლავის შეტევით გარდაცვლილა და არც თრომბით, არც ნარკოტიკების დიდი დოზით, ის ძალიან დატანჯეს, აწამეს და მოკვდა. შესაძლოა, მართლა დასჯა და შეშინება უნდოდათ, მაგრამ რა უფლება აქვს პოლიციელს, დასაჯოს ადამიანი ტყეში? ანდა რა დააშავა ასეთი? იუზრდელა და ვიღაცებს აგინა? მერედა, ვის გაუკვირდა თბილისში გინება და უზრდელობა? თუ ის პოლიციელები იყვნენ ხუთოსანი ბიჭები, რომლებსაც არასდროს არავისთვის არც შეუგინებიათ ან არ დაურტყამთ? მერე პრესაში გამოჩნდა ამაზრზენი ინფორმაცია, თითქოს ეს ყმაწვილი იყო ცუდი ადამიანი და თავხედი. დაუშვათ და იყო, ამიტომ უნდა აწამო? ეს სადაური კანონებია? კუმბუჯუს ტომის თუ ასმატების. თუ თბილისური ქურდული გაგებაა – “მოსაკლავი უნდა მოიკლას”? როგორი სირცხვილია… მერე იყო და დედამისს ზოგ-ზოგიერთები ისტერიჩკას და ავადმყოფს ეძახდნენ, ესეც დიდი შეცდომა იყო. უკაცრავად, მაგრამ აბა საკუთარი ცოლები წარმოიდგინეთ ირინას ადგილზე, ისინი როგორ მოიქცეოდნენ? უბრალოდ, ახალგაზრდა ნაციონალებმა და სამართლიანმა სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ სანდრო თბილისში ძალიან ღირსეული და საპატივცემულო ოჯახის შვილი იყო და ამხელა რეზონანსს და ხალხის მხარდაჭერას არ ელოდნენ, არადა თბილისმა ეს მაინც იცის საბედნიეროდ. ერთხელ მაინც, ერთ-ერთი თქვენგანი რომ გამოსულიყო ტელევიზიით და გამოეხატა როგორც წუხილი, ისე აღშფოთება ამ ფაქტით და ეღიარებინა, რომ არც ერთ სამართალდამცავს არ აქვს უფლება, ადამიანები უღრან ტყეში გაიყვანონ და იქ ლინჩის წესით გაუსწორდნენ და მსგავსი თანამშრომლები კიდეც დაისჯებიან და სამუდამო დისკვალიფიკაციას მიიღებენ – ასე რომ მოქცეულიყავით, იმ ქალს შვილს ვერ გაუცოცხლებდით, მაგრამ ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდით ტკივილს,მაგრამ რა მოხდა? დამნაშავეები შეიწყალეს და სამსახურშიც დააბრუნეს.“]

– „როგორი სირცხვილია!“-ო?

– რატომაა სირცხვილი, ქ-ნო ნათია? აკი თქვა თქვენი კერპის სამართლის ბურჯმა თინათინ ბურჯალიანმა – ჩვენ ევროსასამართლომ ფულის გადახდა დაგვაკისრა და გადავუხადეთო! ანუ, ხომ მივეცით 50,000 ევრო წამებულის ოჯახის ერთადერთ ცოცხალ წევრს და აბა, ჩვენგან მეტი რა ჯანდაბა გინდათ, მართლა თავიდან ხომ არ გამოვიძიებთო?!! ეს რომ განაცხადა ამ სამართლის ფალსიფიკატორმა – მაშინ არ გიგრძვნიათ სირცხვილი, ქ-ნო ნათია? მაშინ არ მოგინდათ რაიმე დუელისმაგვარი? არ შეგრცხვათ, რომ თურმე შვილის მოკვლაში 50,000 ევროს რომ გადაუგდებენ ადამიანს, ამას ეუბნებიან – წადი ახლა და მეტი შენგან ხმა არ გავიგონო ამოღებულიო? ეს იყო თქვენებური სამართლის პურის ჭამა? ორი წელი ღვივდებოდა თქვენში სირცხვილი?

[„გამაოგნებელი იყო ერთი პოლიტიკოსის საქციელიც – ქართველმა კაცმა ტონობით ღვინო დაიწუნა და დაღვარა და ეს იყო საშინელი საყურებელი, როგორ იცლებოდა ჭურჭელი ღვინისგან და იატაკზე და მიწაში იღვრებოდა, ასეთი კაცი პოლიტიკაში როგორ დატოვეთ?“]

– „ქართველმა კაცმა“? ავტორს სახელი არ ახსოვს ამ მედროვის? რატომ, ის ხომ პოლიტიკიდან არასოდეს წასულა? უბრალოდ სტრიპტიზ-კლუბი „პენტჰაუზი“ გახსნა და პატარკაციშვილის ტელევიზია „იმედს“ დაესაკუთრა რამდენიმე წლით! – გიორგი არველაძე იყო ის პოლიტიკოსი,  ქ-ნო ნათია – მიხეილ სააკაშვილის სწორედაც რომ უახლოესი და თავიდანვე გულისგულის მოღვაწე! (აი, აქ კი მაგარი იაღლიში მომივიდა, პეტრე ცისკარიშვილი იყო ბადაგონის ღვინის დამაქცევარი, გიორგი არველაძეს სხვა ცოდვებიც ეყოფა 🙂

[„არ ვიცი, ვინ გასცა ეს ბრძანება, მაგრამ როცა “ქართული ოცნება”მომძლავრდა, სამსახურებში აღარ იღებდნენ აქტივისტების ოჯახის წევრებს და ეს არ არის ჭორი. გვარებს ვერ ჩამოვთვლი, ვინაიდან ამ ხალხისგან ნებართვა არ მაქვს. ეს ხომ ტაქტიკური შეცდომაა. “მტერი” ახლოს უნდა გყავდესო,ამბობდნენ, იქნებ სჯობდა, რომ მათი ოჯახებისათვის მუშაობის საშუალება მიგეცათ და ამით კიდევ უფრო მეტი ხმა და პრესტიჟი არ დაგეკარგათ, მაგრამ ისევ არა.“]

– ძალიან საინტერესოა! თურმე, სამსახურში აღარ იღებდნენ! ჩვენ კი ვიცით, რომ ანთავისუფლებდნენ კიდეც! და, თურმე, ეს უკანონობა კი არ ყოფილა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუციაც განიხილავს, არამედ უბრალოდ – „ტაქტიკური შეცდომა“, რადგან „მტერი“ ახლოს ჯობდა, ჰყოლოდათ! არა, რა აქვს ქ-ნ ნათიას სააკაშვილთან სადუელო, არ ვიცი! – დაახლოებით ისეთი “ბაზარია”, უფრო გამოცდილი ქურდი რომ დატუქსავს ახალგაზრდას და გამოუცდელს – არა იმისთვის, – „ეს როგორ ჰქენით, ეს ხომ დანაშაულიაო!“ არამედ იმაზე, -„ეს როგორ მოგივიდათ, ასე უბრალოდ როგორ დაიწვითო?“!

[„ციხის კადრებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვინაიდან ორი საშინელი კვირა გადავიტანე და გახსენებაც არ მინდა. ამაზე იფიქროს სასამართლომ. ისე, ერთი რამ კი მიკვირს, თითქოს უშიშროებამ ყველაფერი იცოდა და როგორ ვერ გაიგეს,რომ ციხეში კამერით მოძრაობდა მთელი ჯგუფი? მე ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ეს ამბავი ასე მარტივად არ არის, ეს უფრო რაღაც კლანური დაპირისპირების და ფარული ომის პროცესი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში იქცა დოკუმენტად და გაიყიდა იმაზე, ვინც მეტი გადაიხადა.“]

– ვერ გავიგე – ეს რაა? გამართლების ძველი/ახალი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, თუ აქაც „გაგებული ბაზარი“, – რატომ იჟმოტეთ, რატომ მეტი არ გადაიხადეთო?

=================================================================================

სტატიის უკვე ამ – გარეგნულად გამანადგურებელ – ნაწილშიც უკვე იკვეთება ავტორის გადაწყვეტილება, რომ როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციონერს ( ან დუელიანტს!) ეკადრება, მან მარტო კი არ აკრიტიკოს, არამედ შეაშველოს თავისი მოსაზრებებიც, როგორ ჯობდა, სად უნდა შესწორდეს… ხომ გასაგებია, რომ ქ-ნი ნათიას გაბრაზება სულ უფრო თვალსაჩინო დეკრეშჩენდოს განიცდის და მას ახლა მხოლოდ ის უნდა, რომ როცა მიშა და მისი გუნდი ისევ დაბრუნდება (აბა, თქვენ რა გეგონათ?!), ის შეცდომები აღარ დაუშვან! ამიტომ კრიტიკა თანდათან იკლებს, ხოლო რჩევები ძლიერდება და თეზისებად ლაგდება… ისე ნეობოლშევიკურად, ამხ. ულიანოვს რომ მოხიბლავდა (ნამდვილად გივი თარგამაძის გავლენაა, მაგ თეზისებზე შეყვარებულ ჩე გივირასი!)

[„რატომ და ვისი გადაწყვეტილებით ჩათვალა ნაცმოძრაობამ, რომ ოლიმპოს მწვერვალზე იყვნენ? რამ განაპირობა ის, რომ ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკოსი უსახონი გახდნენ და იმის ნაცვლად, რომ რეფორმატორების გუნდი გამორჩეული ყოფილიყო თავისი კრეატიულობით და პროგრესულობით, მყეფარე ძაღლებს დაემსგავსნენ?სინამდვილეში მათი პოტენციური რესურსის გამოყენება შეიძლებოდა ისე, რომ ქვეყანა მართლაც სერიოზულ გამარჯვებას მიაღწევდა, ისინი კი აითქვიფენ ნაცმოძრაობის რევოლუციურ ეიფორიაში და ძალაუნებურად როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ქმედებების თანამონაწილენი გახდნენ..“].

7 ნოემბრის [„…მერე კი ისწავლეთ ჭკუა და კარვების დაცემა არც კი შეიმჩნიეთ. გაივსო რუსთაველის გამზირი ფლოსტებიანი ხალხით, მაგრამ თქვენ ტაქტიკა შეცვალეთ და სწორიც გამოდგა თქვენი დუმილის აქცია. ასეა… ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ.“]

[„…ახლა ჩემი მეგობრები, რომლებიც “ქართული ოცნების” მარდამჭერები არიან, ხშირად იმეორებენ, რომ დიქტატურა დამთავრდა და ბოლოსდაბოლოს ყველას შეუძლია,საკუთარი აზრი გამოთქვას. თუმცა, “კავკასიაზე”, “მაესტროზე” და მრავალრიცხოვან პრესაში ადამიანები სავსებით თავისუფლად გამოთქვამდენენ საკუთარ აზრს დღემდეც.“]

– იმაზე არაფერს ამბობს ავტორი, რომ ამ თავისუფალ აზრის გამოთქმას მხოლოდ თბილისელთა მცირე ნაწილი უყურებდა და უსმენდა, ხოლო რეგიონები „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და პირველი არხის გებელსურ პროპაგანდის ნემსზე ჰყავდა შესმული მიშას…

[„…იმ საყვედურსაც, რასაც ვამბობ, სიბრაზე მალაპარაკებს, თქვენ ის შანსი, რომ კიდევ უფრო ლაღი და ძლიერი ყოფილიყო ეს ქვეყანა, ცალკეული არასწორი და ეგზალტირებული ქმედებების გამო,რაღაც მომენტში დაკარგეთ და ვეღარ გააკონტროლეთ. მე არ მომწონს თქვენი მრჩევლების გუნდი. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ აშკარად რაღაც პრობლემა აქვთ.და საერთოდ, სად იყო თქვენი მოძრაობის კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა? როგორ დავიჯერო, რომ ყველაფერს თქვენ აკონტროლებდით და სხვისი ხელიც არ ურევია ამდენ კვაზიკონცეპტუალურ გადაწყვეტილებებში?“]

– არ დაგეწვათ გული, ეს რომ წაიკითხეთ? ნათიას დაეწვა (მეგრელიშვილსაც, კობერიძესაც და ბრისტოლელსაც).

[„ვფიქრობ, ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც იყო ვანო მერაბიშვილი, კაცი, რომელმაც საკმაოდ დიდი სამსახური გასწია, რომ საქართველოში კონკრეტული პრობლემები საბოლოოდ გამქრალიყო და უსაფრთხოება გაძლიერებულიყო, კარტოფილის და პომიდვრის მოსავლის აღებაზე არ უნდა გაგემწესებინათ.“]

[„ახლა არამარტო ჩემი, არამედ მრავალი ადამიანის აზრს გადმოგცემთ: აღმაშფოთებელი იყო კადრები, როცა გოკა გაბაშვილი გიგა ლორთქიფანიძეს უყვიროდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ხანდაზმული ხალხი პატივისცემით და მადლობით გაგესტუმრებინათ პენსიაზე და აგეხსნათ მათთვის ახალი პოლიტიკის არსი, თქვენ ლანძღვა-გინებით მოიშორეთ აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერები და დაულუქეთ ის შენობები, სადაც ისინი მუშაობდნენ. პატივი და სამადლობელი სიტყვა დააკელით ბევრ ღვაწლმოსილ ადამიანს და ამით თქვენ მარტო მათი ხმები კი არ დაკარგეთ, არამედ მათი ოჯახების, მეგობრების და გულშემატკივრების და არამარტო ხმები, არამედ პატივისცემაც. ისე, ნაციონალების ახლობლებს ასაკობრივი პრობლემები არ შეხებიათ და ესეც უნდა აღიაროთ. ხალხი არც ბრმაა და არც ყრუ, მაგრამ თქვენი მთავრობა დაყრუვდა და დაბრმავდა. სხვათა შორის,ვაცლავ ჰაველის წიგნში ამოვიკითხე – “მე როცა პრეზიდენტის კაბინეტში შევედი და კარები მოვიხურე, იმ დღიდან დავყრუვდი”. ნიშანდობლივი სიტყვებია,როგორც ჩანს ისეთ მაგარ პოლიტიკოსებსაც კი, როგორიც ჰაველი იყო, ობიექტური რეალობისგან გაუცხოების პრობლემა შეექმნა.“]

– საინტერესოა, სტატიის ავტორმა მხოლოდ ახლა დააფიქსირა თავისი აღშფოთება მხცოვანი ინტელექტუალებისათვის ყვირილით? ალბათ, როგორ უმძიმდა რამდენიმე წელი ამ აღშფოთების მალვა!

ასევე საინტერესოა ავტორის ტაქტი, რომელიც არ აძლევს მას იმის უფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მხცოვანი და ეიჯიზმის საფრთხეს გარიდებული ოჯახის წევრები უშუალოდ დაასახელოს! ხომ ყველამ ვიცით ქ-ნ მზია წერეთლის არაბეთში ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე ყოფნისას ჭეშმარიტად ნიქსონისეული თუ კარტერისეული დიპლომატია!

აი, კიდევ რამდენიმე რჩევა-დარიგება! (ამას რომ ვკითხულობდი, მართლა ვიფიქრე, როგორ გაუმართლა სტატიის ავტორს, რომ ამას ყველაფერს ქაღალდს ეუბნებოდა და არა – დუელისთვის გამზადებულ მთავარსარდალს! ხომ ყველამ ვიცით, ამ უკანასკნელის ფიცხი ხასიათი!)

მაგრამ მეორე მხრივ, როგორ გაუხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ვაცლავ ჰაველთან ასეთი გატოლება!!! ბატონი მიხეილის ცხოვრების ლაიტმოტივი ხომ მომავალში ზუსტად ეს იქნება – „მე და ჰაველი!“

აბა, რა გეგონათ?

დამთავრდა დეგოლობის, აღმაშენებლობის, ათათურქობის და, თუნდაც, – ვაშინგტონობის საყმაწვილო გატაცებები! აწი გაჭარმაგებული (და იქნებ ხელოვნურადაც კი გაჭაღარავებული) სააკაშვილის ერთადერთი ხატება მხოლოდ ვაცლავ ჰაველი იქნება! ვშიშობ, არამცთუ ბუშის ქუჩას არ უწერია დიდი დღე, ვაითუ რეიგანის ქანდაკებაც გააჰაველოს ჩვენმა ჭკუანასწავლმა!

==============================================

რაც უფრო მეტს წერს სტატიის ავტორი, მით უფრო უდუნდება თავდაპირველი ბრაზი და სადუელო რისხვა, და პირიქით, მით უფრო კადნიერად ასწავლის ჭკუას გაყუჩებულ პრეზიდენტს:

[„შესანიშნავი არქიტექტორია იმ პროექტის ავტორი, რომელიც რიყეზე უნდა განხორციელებულიყო, იდეა ძალიან კარგია, მაგრამ რიყეს ნაკლებად მოუხდა. გაცილებით საინტერესო იქნებოდა მათი აგება უფრო თანამედროვე რაიონში, ან ამაღლებულ ადგილზე,ფერდობზე ან მთაზე. ეს გემოვნების საკითხია და მე ასე უფრო მომეწონებოდა,ვინაიდან რიყე არის რიყე და იქ სხვა აურაა. კატეგორიულად არ მომწონს ძველ თბილისში რაღაც ბაბაიკა შენობა “შანგრილა” და ასევე შემიძლია ვთქვა, რომ სოლოლაკზე გაშენებული ბიზნეს ცენტრი, არ ვიცი რას ჰგავს – ქარხანას,მფრინავ თეფშს, მაცივარს თუ ატომურ რეაქტორს? თუმცა, მაინც ვაღიარებ, რომ თანამედროვე არქიტექტურა ზოგადად ძალიან მომწონს, მაგრამ შესაფერის გარემოში. იმედია, მაქვს უფლება მქონდეს საკუთარი აზრი.“]

 [„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ გულჩვილი და სენტიმენტალური ადამიანი ჩანდით და თქვენგან მაინც ველოდი ადეკვატურ რეაქციას, მაგრამ როცა ერთმა ტელეჟურნალისტმა ამ თემაზე კითხვა დაგისვათ, თქვენ ძალიან ოფიციალური წუხილი გამოხატეთ და პასუხად გვიამბეთ, რომ ჩვენს ხალხს ისე უყვარს პატრული, რომ ქუჩაში სულ ყვავილების თაიგულებს ესვრიანო – ეს იყო პასუხი-ბომბი… და, კიდევ ერთი დიდი შეცდომა! მე რომ იმ ჟურნალისტის ადგილზე ვყოფილიყავი, ამას არ გავატარებდი და იმ ბომბს აუცილებლად ავაფეთქებდი. თუმცა, ასეთ დროს მარტო პრეზიდენტს ვერ დავადანაშაულებ. ეს პრეზიდენტის პირადი მრჩევლების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს – არ ვიცი,ვინ ხართ, მაგრამ საკუთარ პრეზიდენტს პატივს არ სცემთ? რატომ არ ეხმარებით რჩევებით ექსტრემალურ სიტუაციებში? დარწმუნებული ვარ, მიპასუხებთ, რომ პრეზიდენტი ყურს არ გიგდებთ და არ გემორჩილებათ. მჯერა, ვინაიდან ამ ასპექტში საკმაოდ ურჩი ადამიანი ჩანს, მაგრამ სააკაშვილმა კარგად იცის მსოფლიო პოლიტიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები, მან იცის, რომ გუნდი უნდა იყოს ყოველთვის მობილიზებული…“]

გულჩვილი, სენტიმენტალური და უმანკო! და სხვაც ბევრი გამორჩა სტატიის ავტორს, აი მაგალითად: ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი – წაიკითხავ ამას და მაშინვე ჩვენი გულჩვილი და სენტიმენტალური დაგიდგება თვალწინ! საუკუნეების წინ იყო ცნობილი მისი უნარ-ჩვევები! ყმიანობა – განსაკუთრებით!

[“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უზარმაზარი ენერგია დახარჯეთ ამ წლების მანძილზე და სოფელ-სოფელ იარეთ და თითქოს ცდილობდით, ყველა პრობლემა საკუთარი თვალით გენახათ, სინამდვილეში არსად არავინ არაფერს აკეთებდა,სანამ თქვენ არ გასცემდით მკაცრ განკარგულებას. ეს კი ნამდვილად არ არის თქვენი ბრალი, ვინაიდან ეს ჩვენი გენეტიკური თვისებაა. აუცილებლად გვჭირდება შეძახილი და ექსტრემალური სიტუაცია რომ გამოვფხიზლდეთ. სადაც ხელი მიგიწვდათ და ცოტა იყვირეთ, იმ პრობლემებს ეშველა, მაგრამ სადაც ვერ მიაღწიეთ, იქ პასუხისმგებლობა არავის არ აუღია საკუთარ თავზე. ყველა გამგებელი და გუბერნატორი ორიენტირებული იყო თქვენზე და არა იმ რეგიონზე,რომელსაც პატრონობდა და ასე გაგრძელდება მუდამ, ვინაიდან ლუარსაბ თათქარიძეების ქვეყანა ვართ.]

– მაგან თუ ყვირილი დაგვაკლო!
უბრალოდ, მისი ყვირილი პრობლემების გადაჭრას კი არ ემსახურებოდა, არამედ პრობლემების ფონზე საკუთარი პიროვნების უკვდავყოფას! ასე იყო დადგმული მოხსნა საბაჟოზე, გაზის გაყვანის და წყაროს მოყვანის დადგმული სცენები და განმუხურში ავტომატზე მკერდის მიჭერის დიდებულად დადგმული სცენაც!

[„…მაგრამ ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, აღარც თქვენ მიდიხართ მათთან, არც მთავრობა ჩადის და სოფლებში უკვე ხალხი ერთმანეთს დაერია. რა მოჰყვება ამას, ჯერ უცნობია. სულ მაინტერესებდა,უკანასკნელ წლებში ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ბირთვი აქტიურობდა თუ გაჩუმდნენ და თქვენს დამარცხებას ხელი არ შეუშალეს? რა კარგია, რომ პირისპირ არ ვსხედვართ და თავს უფლებას ვაძლევ, რიტორიკული კითხვებით დავკმაყოფილდე.”]

[“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისე ვარ დაზაფრული დღევანდელი სიტუაციებით,რომ ვეღარ ვარჩევ, ვინ რას სჩადის. სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. ვერ გავიგე, ჩვენი ყურადღება გადააქვთ სკანდალებზე და ამასობაში სხვა პროექტი ხორციელდება, თუ გაუჭირდა ახალ მთავრობას იმ შკალაზე შეჩერება, საიდანაც ნაცები ჩამოყარეს? თუ ისევ რაღაც ფარული ომი მიდის და ვინ იცის, რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს. იცით,ხანდახან ვფიქრობ, რომ 2003 წლის რევოლუცია არ უნდა მომხდარიყო და უნდა დავლოდებოდით არჩევნებს. მესმის, ქვეყანა სტაგნაციაში იყო და არ ვითარდებოდა, მაგრამ რატომ ვიჩქარეთ?“]

სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ.

– აი, ასე იწყება აშენებული ქვეყნის ჩამოშლა!

ასე ხდება მსოფლიოს რუკაზე წარმატებულ ქვეყნად ძლივს შერაცხული ბედნიერების, გამჭვირვალობის, და კოჰაბიტაციის სავანის დეგრადაცია – ერთ დღეს სისხლიანი ნემსები გაჩნდება, მერე შპრიცები (სავარაუდოდ – ის საკერავი ნემსები არ იყო), დაბოლოს, სისხლიან ბამბასაც რომ დააგდებენ, ეს უკვე ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ინვესტორები აღარ უნდა გაჭაჭანდნენ! იტაცებენ მანქანებს (სარეცხ და საკერავ მანქანებსაც! მიდით “ტექნობუმში” და ნახეთ, როგორ იტაცებენ!) ქალებს ართმევენ ჩანთებს… მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან – მანქანები წითელზე ვეღარ რეაგირებენ… მანქანებიც კი დაადალტონიკა ამ ოცნებამ! წითელი ფერიც ჩამოიშალა! ზუსტად ისეთივე საშინელება დახატა ავტორმა, როგორც ცნობილ საშინელებათა ტრილერში „ბრილიანტის ხელი“ – Крокодил не ловится, не растет кокос… ძალიან მაინტერესებს, ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ამ 9 წლის განმავლობაში სადარბაზოში შპრიცები აღარ გინახავთ? დავიჯერო, შპრიცების და ბამბების ნახვის სტატისტიკური მრუდი მართლაც ექსპონენციალურ აღმავლობას განიცდის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?! სტატისტიკურად სარწმუნოა ეს მეტაფორა?

[„ერთმა ადამიანმა მითხრა – დადგება დრო და სირცხვილად ჩაითვლება, რომ მიშას იცავდიო. მე მიშას არ ვიცავ და არც ვიცი, ვინ არის მიშა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტთან ფამილიარული ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ მხარს არ დავუჭერ იმპიჩმენტს, მე მინდა კანონიერ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არჩევნების გზით ირჩევენ პრეზიდენტს…“]

– ავტორმა არ იცის, ვინ არის „მიშა“! „მიშა მაგარიას“ რომ მღეროდნენ, მაშინაც ვერ ხვდებოდა და აწუხებდა ეს ფამილარობა! პირველკლასელები რომ იძახდნენ „მიშა, მიშას!“ ან პოლიციელები რომ არბევდნენ ოპოზიციას „მიშა მიშას!“ ყვირილით, მაშინაც არ იცოდა ავტორმა, ვინ მიშაზე იყო მოთხოვნა! ან იცოდა, მაგრამ რცხვენოდა, იმის გამხელა, რომ ხვდებოდა! ნამდვილად ის სჭირდა – „ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება!“

[„ბატონო პრეზიდენტო, არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ იქნებ თქვენს თანაგუნდელებს აუხსნათ და დაარწმუნოთ იმაში, რომ ადამიანები კი არ უნდა მოერგონ პოლიტიკას, არამედ პოლიტიკა უნდა იყოს ადამიანზე მორგებული. აუხსენით და თვალები აუხილეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის კაცი, მთავარია რისი გაკეთება შეუძლია მას და რომ უფროს თაობას თუ არ დაინდობ, ასევე მოგექცევა შთამომავლობაც. თუმცა ნაციონალები ამას ვეღარ გაბედავენ, ვინაიდან ბიჭები უკვე აღარ არიან და ჭაღარაც შეერიათ. და იმასაც მიხვდნენ, რომ ზეადამიანების ნიშა არ უნდა დაეკავებინათ, ეს მცდარი არჩევანი იყო. კიდევ გაქვთ შანსი, ბევრი რამ გამოასწოროთ და შეცვალოთ,იქნებ ოპოზიციაში თქვენი ყოფნა სასარგებლოც იყოს ქვეყნისათვის, ვინაიდან თქვენი გუნდი საპარლამენტო ცხოვრებაში გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ახალი უმრავლესობა. ასე რომ, შანსი კიდევ არსებობს, ოღონდ ერთი პირობით, იფიქრეთ ადამიანებზე.“]

==================================================

დასკვნები (რა ეწერებოდა ამ ღია წერილში, ის რომ დეპეშა ყოფილიყო):

ნაცმოძრაობა იყო ცუდი (გაყოყოჩებული, სარკასტული და არაჰუმანური) და მასეც მოუხდება, რომ დამარცხდა! აბა რა ეგონათ!

მიშა  არის კარგი! კარგი კი არა – გადასარევი! ცოტა შეეშალა, რომ ნაცმოძრაობას ენდო, მაგრამ ახლა მიხვდა და აწი სულ კარგად მოიქცევა!

ნაცმოძრაობაში იყო კარგი და პროგრესული გუნდი, რომელიც ჩამოშორდება იმ ცუდ ნაცმოძრაობას და მიშასთან იქნება, – „მათ ახალთ აღუდგინონ მას დიდების დღენია!“ – ესენია: ბოკერია, გაბაშვილი (შვილი!), რამიშვილი (ლევანი), მერაბიშვილი, ვაშაძეები (გიორგი და გრიგოლი), ბენდუქიძე.

„კარგებში“ სავარაუდოდ ვერ შევლენ – შაშკინი (გაქცეული), ადეიშვილი (გაქცეული და მალე საციხარი), უგულავა (გასაქცევი), ახალაიები (თუმცა, ვნახოთ, მიშას ძაან გული აქვს დამწვარი მათზე), ბარამიძე (საციხარი) და სხვა წვრილფეხობა (გული მიკვდება ჩიორაზე და ბოცოზე! იქნებ რაიმე კარტი დაუჯდეთ კარგად და მაგათი უნარ-ჩვევებიც დაფასდეს!)

მიშამ უნდა მიიზიდოს ინტელიგენცია. მოუბოდიშოს, დაუყვავოს! განსაკუთრებით, იმის ფონზე, თუ რა შეცდომებს დაუშვებს „ქართული ოცნება“

მიშამ საერთოდ უნდა მოუბოდიშოს ხალხს! ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლაც კარგი იქნებოდა, ბუტა რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მამებისთვის ხელის ჩამორთმევაც! თუმცა, არ იქნება ეს ადვილი და კარგად უნდა დაიგეგმოს!

მიშამ უნდა გამოაცხადოს, რომ „შანგრი-ლა“-ს დაანგრევს და სოლოლაკის ბიზნეს ცენტრს და იმ ტრუბებს სხვაგან გადაიტანს. ნათია მეგრელიშვილი ეტყვის, – სად ჯობია და მიშაც დაუჯერებს! საერთოდ მიშამ სანიმუშო დამჯერეობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს, ხმადაბლა ილაპარაკოს, სენტიმენტალურობის გამოვლინებაც არ აწყენს, მაგალითად – „ჯარისკაცის მამაზე“ დასწრება და სახალხოდ აცრემლება!

მიშამ უნდა დაიწყოს ქართული ცეკვა და სიმღერა (ამაში სანდრა დაეხმარება); კარგი იქნება, ჩოხა-ახალუხსაც თუ ჩაიცვამს, წვერს მოუშვებს და გაეროს ტრიბუნაზეც ასე ავა…

და კიდევ,  სასურველია, თუ უფრო რელიგიური გახდება, მაგრამ ამავდროულად თან ტოლერანტულობასაც შეინარჩუნებს და დილით რომ სამებაში  მივა, მერე შუადღეზე მეჩეთში გამოივლის და საღამოს სინაგოგაშიც შეივლის. კრიშნაიტებიც ჩამოსაყვანია…

თუმცა, მიშას უკანასკნელი იმედი ისევ დასავლეთი და კოჰაბიტაციაზე მეოცნებე საზოგადოებებია. აჯობებს, ცოტა ფეთხუმად ჩაიცვას, რამე მესამეხარისხოვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავის ეკონომ კლასით იმგზავროს და საზღვარგარეთ „როლექსის“ ნაცვლად „ტარგეტში“ ან ლილოს ბაზრობაზე 5-დოლარიანი შტამპოვკა საათები იყიდოს. მერე ეს სურათები ფეისბუქზე დადოს. და დააწეროს – „ასეთია კოჰაბიტანტის ბედი“…

და კიდევ, ერთი პატარა შტრიხი, ადრე ჭაღარას იღებავდა შავად. ახლა, რაც შავი თმები აქვს, ისიც უნდა გაიჭაღარავოს და ცხვირზე დაბლა ჩაცურებული სათვალით ვაცლავ ჰაველზე დამსგავსება დაიწყოს… ცოტა წონაში დაკლებაც არ აწყენს…

[„ეჰ, სათქმელს რა დალევს, მაგრამ ამჯერად მეც ავღელდი და ბევრი რამ დამავიწყდა, რაც უნდა მეთქვა.“]

=====================================================

ახლა კი, ცოტა უფრო სერიოზულად:

ავტორის კიდევ ერთი არაგულწრფელი პასაჟი, რომლითაც იგი კეკლუცად მიმართავს დუელში გამოწვეულ ძვირფას პრეზიდენტს:

[„მაგრამ, თქვენთან “ქართული ოცნების” კრიტიკას არ დავიწყებ. მათზე ფიქრი ჯერ არ დამიწყია – როგორც სკარლეტ ოჰარა იტყოდა – “ამაზე მე ვიფიქრებ ხვალ!”]

ისე მე ვიცოცხლე, რამდენიც ამაზე ფიქრი კარგა ხანია დაწყებული აქვთ, ამ სტატიის დაწერამდე დიდი ხნით ადრე… და სანამ სკარლეტი თავის ტურფა სახეს “ქართული ოცნებისაკენ” მიატრიალებს, აჯობებს, ოცნებამ კარგად იფიქროს იმაზე, რომ ნაცმოძრაობა საპასუხო დარტყმას ამზადებს… და ამ დროს ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა მწყობრად მომუშავე ტელევიზიის ლამის დაშლა, ან იმის ვერდანახვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილი ახალი დირექტორის მოყვანით კიდევ ერთ ალიბის შეიქმნის უცხოეთში, რომ დასავლეთში პიარ-სამუშაოები სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, რომ „ოცნების“ გვერდით მდგომი ინტელექტულურ რესურსის უგულვებელყოფა და საკუთარი შეუცდომლობის ილუზია შეიძლება გაუმართლებელი ტვირთი აღმოჩნდეს ხვალ – „ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ დღეს!“

და აი, იმის საბუთიც, რომ ეს სტატია არ იყო შემთხვევით და უცბად ამოხეთქილი წყარო ანკარა… აი, ნახეთ, იმავე საღამოს როგორი ბაასი გაიმართა ცნობილი ჰობიექტური ჟურნალისტის და შეთავსებით შსს ექს-ფუნქციონერის მეუღლის კედელზე – როგორი მზადყოფნაა, რომ ამ უბრალო ხალხიდან გამოსულ და არაექსპერტ ავტორს (უფრო სწორად კი – ამ თემას!) სტუდია დაუთმონ! როგორ მოენატრა ქ-ნ ეკას ასეთი ადამიანები და რაც, მთავარია, როგორ ამიჩვილდა გული, როცა ვნახე, რომ ეკა კვესიტაძემ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს როგორ მიაგნოს, არ იცის, სათუთმა! ეტყობა, პაატა ვეშაპიძეს არც იცნობს, ან არ გაუგია, ვინაა, ან – მობილური დაკარგა…

FireShot Screen Capture _'Eka Kvesitadze

რაოდენი გულწრფელობა და სისპეტაკეა, რაოდენი მოულოდნელობა და დაუგეგმავობა…

D:D:D

P.S. რატომღაც, ასე მგონია, რომ ახალ წლის წინ სრულიად განსხვავებულ მიხეილ სააკაშვილს ვიხილავთ – სენტიმენტალურს, გულჩვილს, უფროსთა დამფასებელს და ტრადიციების ერთგულს, ღვითისმოსავსაც და ხალხზე ზრუნვით სამოსგანძარცულსაც… მოვა და პატიებას გვთხოვს ნეტარებისკენ ბრუნვით ზესწრაფი! თან სულ განახლებული გუნდი ეყოლება ირგვლივ გვრიტებად შემოჯარული… მოვა, თავს დაიდრეკს და ათრთოლებული ხმით და მარჯვენა ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლით გვეტყვის მარადიულ სიტყვას:

“ხალხო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე თქვენდა, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ თქვენდა; არამედ მყავთ მე …”

და ისიც ხომ კარგად ვიცით, რა ენატრება ბენს! ანუ – რა თანამდებობა ენატრება!


ლევანმაისურაძეობის მოკრძალებული ხიბლი – რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი


საკმაოდ გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ადამიანი გაკვირვებული კითხულობს იმას, თუ რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი.

რა თქმა უნდა, არ მიკვირს, როცა ამას კითხულობენ მიხეილ სააკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი ვაშაძე (ვისაც მშვენივრად უნდა ახსოვდეს ამ პასპორტის გაცემის დღეც კი) და სხვა „წმინდანები“. მათ სწორედაც რომ უნდა იკითხონ, მხრები უნდა აიჩეჩონ, აღშფოთდნენ („რას გვიშვება ეს მთავრობა?!“), ირონიულად იქირქილონ, უცხოელების წინაშე ჩაგრულის მანტია მოისხან, ეკლიანი გვირგვინი დაიდგან და ამით კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი „პირუთვნელი“ იმიჯი.

მაგრამ ნამდვილად მიკვირს, როცა ამას კითხულობს ის ხალხი, ვისაც ზემოთჩამოთვლილთა „წმინდანობაში“ ეჭვი კარგა ხანია ეპარება…

მე პირადად, რამდენიმე ვერსია მაქვს იმის ასახსნელად, თუ რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და იმისთვისაც, როგორ აღმოჩნდა ეს პასპორტი აეროპორტის საპასპორტო კონტროლის მორიგის ხელში.  ნამდვილად მიჭირს იმის მტკიცება, რომელი ვარაუდია ზუსტი, და იმაზეც ვერ დავდებ თავს, რომ სხვა ვარაუდი უფრო სწორი არ იქნება, მაგრამ გაზიარებით (გაკვირვებულებსაც და ჩაფიქრებულებასაც)- სიამოვნებით გაგიზიარებთ.

  1. ნაციონალურ მოძრაობას ისეთი დღეები დაუდგა, რომ შაშკინის და თუნდაც, სავარაუდოდ ნაცემი, ზურა ადეიშვილის ბედი ბევრს სანატრელი აქვს. მართალია, მიხეილ სააკაშვილს გაუჭირდება (პლასტიკური ქირურიგიის გარეშე) მსოფლიოში დამალვა, მაგრამ ყველა ზემოთჩამოთვლილ პიროვნებას, ალბათ ნაკლები შანსი აქვთ, რომ რომელიმე სან ტომე და პრინსიპის, თუ ბერმუდის კუნძულებზე, ან – სულაც აბუ დაბისა და მალაიზიის აეროპორტში მათ ფოტოპასპორტს მესაზღვრე დახედავს და გულაჩუყებული შესძახებს – „გოჩა, დაღიანო!“ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებს არაერთი პასპორტი გააჩნიათ, რომელთა უმრავლესობა 2-დან 25 ოქტომბრამდეა გაცემული, თუმცა, გაცემის თარიღად, ასე მგონია, რომ სულ სხვა პერიოდი იქნება მითითებული.
  2. როგორ გგონიათ, რა ქონების პატრონია გაღლეტილი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც, მისივე სატელევიზიო აღიარებით, არ იცოდა – თავისი ხელფასი რაში დაეხარჯა? გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მარტო ნარკოტრეფიკიდან (როდესაც წლების განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს აღარ ნახულობდნენ, ხოლო საქართველოდან გასული ტონობით ნარკოტიკი არაერთხელ დაუკავებიათ თურქეთის, ბულგარეთის და უკრაინის პორტებში) ბ-ნ ვანოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უნდა დალექოდა სადმე. შემოსავლების მეორე წყარო იყო ნინო ზურიაშვილის წყალობით კარგად გაცნობილი მინისტრის მეგობარი – ლუხუმ კაპანაძე და მისი ფირმები, რომლებიდანაც ასევე მრავალი ათეული მილიონიც, სავარაუდოდ, ბატონი გაღლეტილისაკენ მიედინებოდა. ვანო მერაბიშვილი განაგებდა იმ ფონდებს, რომლითაც საქართველოს მთავრობა თუ უცხოეთი 2008 წლის ომის შემდეგ ლტოლვილებს სახლებს უშენებდა, ხოლო ამ ფონდების მიერ აშენებული ათასობით სახლის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიებს ოფიციალურად დაფიქსირებული თანხების ნახევარიც კი არ მიუღიათ! სავარაუდოდ, ესეც რამდენიმე ათეული მილიონი ლარია! – ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ამ თანხებს სადმე შენახვა არ უნდოდა? რა თქმა უნდა ამდენი ფულის მუთაქებში შენახვა დივან-სარაის პირობებშიც კი გაჭირდება :). სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის ლიდერებს სხვა პირებზე გაცემული ყალბი პასპორტები, ძირითადად, სწორედ, უცხოეთის ქვეყნებში ამ ფიქტიურ პირებზე ძალინ სერიოზული საბანკო ანგარიშების გასახსნელად სჭირდებოდათ! რატომღაც მგონია, რომ ეს ანგარიშები  ისეთ ქვეყნებში უნდა იყოს, როგორიცაა ემირატები, ჩინეთი, ოფშორული ზონები და ჩვენი უახლოესი მეზობლები – თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. წარმოიდგინეთ,   რომელიმე არარატბანკის რომელიღაც განყოფილებაში მენეჯერის სიხარული, როცა ვინმე ლევან მაისურაძე რამდენიმე მილიონ დოლარს შეიტანს დეპოზიტზე.  არც ქუვეითის ან თურქეთის ბანკებში იქნებიან ნაწყენი და, არა მგონია, ზედმეტი ჩხრეკა დაუწყონ მოქ. ლ. მაისურაძის ნაკვთებს რომელიმე უცხოელ „გაღლეტილთან“ ფეისკონტროლის მიზნით.
  3. არაა გამორიცხული, რომ რაიმე საეჭვო გადარიცხვები უცხოეთში – იარაღის თუ რაიმე სხვა არგასახმაურებელი საქონლის შესაძენად ასევე ყალბი პასპორტის გამოყენებით ხდებოდეს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ვინმე „ლევან მაისურაძეები“ ურიცხავდნენ ფულს ისეთ „ხელისხელ საგოგმანებ“ „ოპოზიციონერებს“, როგორებიც იყვნენ გიორგი თარგამაძე, პადოშა თორთლაძე, ბაჩუკი ქარდავა და პაატა დავითაია. არ გამოვრიცხავ, ინგა გრიგოლიას ლონდონში განათლების ფულიც სწორედ ვინმე „ლევან მაისურაძეს“ გაეღო!
  4. არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები ვინმე ისეთებს ხვდებოდნენ საზღვარგარეთ, რომ ამის გახმაურება არცერთ მხარეს არ ნდომებოდა. ამიტომ ძალიანაც მოხერხებული იქნებოდა, თუ თბილისიდან ბუქარესტში, მალაგასა თუ როსტოვში ჩავიდოდა არა ხერხემალი ვანო, არამედ ვინმე „ლევან მაისურაძე“, რომელსაც თავისუფლად შეეძლო არა მარტო ლუკაშენკოს მინისტრებთან შეხვედრა, არამედ სულაც პუტინის ემისრებთან, ან – ჰამასის ოფიციალურ პირებთან…

სწორედ ეს ოთხი ვერსია – დამალვა, ფულის შენახვა, საიდუმლო ფინანსური ოპერაციები და საიდუმლო შეხვედრები – მგონია, ვანოს გალევანმაისურაძეობის შესაძლო მიზეზ(ებ)ი.

ახლა რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა, რომ ლევან მაისურაძის საიდუმლო, ყალბი პასპორტი თბილისის აეროპორტის მესაზღვრეთა ხელში აღმოჩნდა.

5. როგორც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურის ისტორია მეტყველებს, უშეცდომო არავინაა – sh…t happens! თუ აბელს, ფიმ კლიბის და შტირლიცს მოსვლიათ შეცდომები, ვანო მერაბიშვილიც არ იქნებოდა დაზღვეული ამისგან. დიდი შანსია, რომ როცა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლის მიერ სამთავრობო დელეგაციის პასპორტების მოგროვება მოხდა, მერაბიშვილმა შეცდომით სულ სხვა პასპორტი მიაწოდა და იმ დალოცვილმა წარმომადგენელმაც არ ჩახედა – დიდ ხერხემალს ხომ არ გადაამოწმებდა.

6. ვერ გამოვრიცხავ, რომ პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმა შეცდომით (ან – შეგნებულადაც!) მიაწოდა ყალბი დოკუმენტი საპასპორტო კონტროლის გასავლელად, მერაბიშვილის იმ ორივე დოკუმენტიდან, რომელიც შეიძლება სულაც მას ჰქონდა.

7. მოდით, ნუ დავჩაგრავთ იმ ვერსიასაც, რასაც ნეტარი ირმა ნადირაშვილი და უნეტარესი მიხეილ სააკაშვილი აწვებიან, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა და ვანოს ყალბი პასპორტი „ჩაუდეს“.

8. კახი კახიშვილმა გააჟღერა ძალიან საინტერესო ვერსია, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო დაგეგმილი ნაცმოძრაობის ლიდერთა მიერ, რათა ყალბი დოკუმენტის წარდგენას მოჰყოლოდა მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება, სამთავრობო ვიზიტის ჩაშლა და ერევნის ტრიბუნის 100%-ით გოდების პიარისათვის გამოყენება – დევიზით: „ნახეთ, რა შეგვითითხნეს! ნახეთ, რისთვის დააკავეს ჩვენი ქვეყნის ხერხემალი და რეფორმების ჰანიბალი!“

მოდით, განსაკუთრებულად განვიხილოთ ბოლო ორი ვერსია, რადგან 5 და 6-ის ლოგიკურად ახსნა რთულია. მე-6 ვერსიის ის ვარიანტი, რომ ყალბი პასპორტი პროტოკოლის სამსახურის მოხელემ მიაწოდა აეროპორტის სასაზღვრო პოლიციას, სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება, რაზეც მერაბიშვილის დაცვა ეცდება საბოლოოდ შეჩერდეს, მაგრამ  მეეჭვება მათ ამის დადასტურება შეძლონ.

თუ მე-7 ვერსია იქნებოდა სწორი, სავარაუდოდ, ის შედეგი არ უნდა დამდგარიყო, რაც დადგა – მერაბიშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეშვათ აეროპორტის შენობიდან და ერევნის მაგიერ მთავარ პროკურატურაში უნდა მიებრძანებინათ! ფაქტია, რომ შსს და პროკურატურა ამ გამაოგნებელ ფაქტს სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ, არავითარი სასწრაფო განცხადებები არ გაკეთებულა, აეროპორტში ძალოვანთა კონცენტრირება და მერაბიშვილის დაკავების მცდელობა კი, – არა დელეგაციის ერევანში გაფრენის წინ, არამედ – დელეგაციის დაბრუნებისას მოხდა. ისიც უშედეგოდ, რადგან მერაბიშვილმა სავარუდოდ, აეროპორტი პრეზიდენტის კორტეჟით დატოვა და პრეზიდენტის კორტეჟის შეჩერების მცდელობას ძალიან მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამდენად, ძალიან ალოგიკური ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და შსს-ს ვანოსთვის ეს ყალბი პასპორტი „ჩაედოთ“ და ამ ფაქტის სასწრაფოდ და მაქსიმალური სარგებლით გამოყენებაზე არ ეფიქრათ! წესით, ეს a-la Soso Topuridze ვარიანტი ზუსტადაც რომ საკარნავალო გაგრძელებას – აეროპორტში წულუკიანის, ღარიბაშვილის და კბილაშვილის ერთდროულ გამოჩენას და გასკვანჩული მერაბიშვილისათვის კამერების წინ – „თქვენ დაკავებული ხართ!..“ და მისი უფლებების შესახებ ფრაზების ჩამღერების კლასიკურ სიუჟეტურ ხაზს მოითხოვდა. ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდის მხრიდან ასეთი განვითარების ხაზი ყოფილა გამოყენებული. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა  და ვანო მერაბიშვილი ფაქტიდან მეორე დღეს – 1 დეკემბერს დაიბარეს დაკითხვაზე.  მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მსჯელობა საბოლოოდ არ გამორიცხავს დასახელებულ ვერსიას, თუმცა, ძალიან ალოგიკურია, თუ ქართული ძალოვნები ამ ფაქტს თვითონ ამზადებდნენ და მერე მისი ჩაკვრა თონეში მხოლოდ გაცივების შემდეგ დაიწყეს.

განვიხილოთ თითქოს ყველაზე უფრო მწყობრი – მე-8 ვერსია – რომ მერაბიშვილმა სპეციალურად წარადგინა ყალბი პასპორტი, რათა მისი დაკავება სააკაშვილის პიარ-მანქანისთვის ფანტასტიურ საჩუქრად ექციათ. მართალია,  თავდაპირველად მეც დავეთანხმე ბატონ კახის, რომ ეს სწორედაც ასე უნდა ყოფილიყო, მოვლენების შემდეგი განვითარება ამას არ ადასტურებს:

ა) მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიერ მერაბიშვილის დაკავება არ მოხდა და თუ ეს უნდოდათ კიდეც სააკაშვილს და მერაბიშვილს, მათ თითქოს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ნაცმოძურ ოპოზიციას მაინც შეეძლო მეორე წრეზე წასვლა – ერევანში მათ უახლოეს და ფიცვერცხლნაჭამ ვილფრედ მარტენსისათვის, ასევე –  სომხეთის პრეზიდენტისათვის ამ „აღმაშფოთებელი ფაქტის“ შესახებ ინფორმაციის  მიწოდება – „წარმოგიდგენიათ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყეს ყალბი პასპორტი ჩაუდეს! ალბათ, რომ დავბრუნდებით, დაიჭერენ კიდეც ეს დემოკრატიის მნგრეველები!“ და მერე იმის მცდელობა, რომ მერაბიშვილი დაბრუნებისას მართლაც დაეჭირათ. მაშინ იგი აეროპორტიდან საპრეზიდენტო კორტეჟით კი არ უნდა გამოეყვანათ, არამედ ლამის თაფლწასმული (ამდენი ცოტნე დადიანი ნამეტანია, მაჭკატ!) უნდა გამოცხადებულიყო  საპასპორტო კონტროლზე და ირონიულად გამოეწვია საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. სინამდვილეში კი არ დასტურდება, რომ ეს ასე მოხდა. არც ვილფრედ მარტენსის და არც სერჟ სარქისიანის მხრიდან რაიმე აღშფოთებული განცხადებები ჯერ არ ყოფილა (ახლა, რომ მოტვინავს მიშა, ალბათ იქნება კიდეც)

ბ) თუ ეს ყველაფერი სააკაშვილის გუნდის მიერ ასე მოფიქრებული და დადგმული იყო, მერაბიშვილს შსს-ში დაკითხვისას კი არ უნდა ეთხოვა, ჩემი დაკითხვა არ გადაიღოთო, არამედ თავად მიეყვანა იქ გადამღები ჯგუფი და მთელი მსოფლიოს წინაშე ემილ ზოლასავით უნდა ეძახა – J’accuse! – „მე ბრალს ვდებო!“ (ცოტა ნამეტანი კი მომდის ვანოს ზოლასთან შედარება, მაგრამ ვერ ვძლიე ცდუნებას! :). არადა, მერაბიშვილი საკმაოდ აღელვებული და განერვიულებული ჩანდა და ეს ხვითოსავით ჩავარდნილი შანსი არ გამოიყენა, რითაც მიშაც და მსოფლიო პრესაც გაწბილებული დატოვა.

გ) პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების განცხადებებიც იმაზე უფრო მოზომილია, რაც, ალბათ უნდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი მათ რომ დაედგათ. სულ ცოტა ამას უნდა მოჰყოლოდა დიპლომატიურ კორპუსთან მრისხანე შეხვედრა და ესქილეს და სოფოკლეს გმირების დონეზე აყვანილი თეატრალური ტრაგიზმი.

მერაბიშვილის პრობლემა იმაშია, რომ მას შეიძლება აწყობდეს კიდეც ნაწყენი და უსამართლოდ დამცირებული გმირის როლი და თუ ქვეყანას სასწრაფოდ გაარიდებს თავს, შეუძლია სცადოს, აიცილოს ის გაცილებით მძიმე ბრალდებები, რაც გირგვლიანის, გამცემლიძის, 7 ნოემბრის, 26 მაისის, ასევე მისი მეგობარი ლუხუმ კაპანაძის ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისათვის შეიძლება წარუდგინონ. მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობის „ტიტანიკზე“ გაყურსულ „პოლიტიკოსებს“ არ უნდა აწყობდეთ. მათთვის ხომ ვანო აქამდე ბოლო მხსნელ გმირად რჩება…

ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ პასპორტგეიტს 🙂

vano deep