Pulp Fiction 2 (ვარდისფერი შიგშენი)


Saakashvili-psycho

გაფასდა ტარანტინო… დაერხა კრონენბერგს… ვერხოვენი ჩამოიწერა… მალე ჰიჩკოკსაც გადაუჯოკრავენ…

საქართველოში მძლავრობს ექშენი – სახელად – ვარდისფერი შიგშენი…

ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ჯერ თავის მთავრობაში ყოფნის დროს მარშალი ბეტანკურივით დაიმონა, დაიჭირა, გაატყავა და გარყვნა ხალხი, ახლა, მაოხრებელი გზირივით იგივეს აკეთებს ოპოზიციიდან, ოღონდ – უკუღმა…

გაგიკვირდებათ…

მაგრამ თუ ის არ გიკვირთ, რომ ჩიტების ორგანიზებულ დივიზიებს ადამიანების განადგურება ჰქონდათ დაგეგმილი, თუ აკანკალებული საიმოვნებით უყურებდით, როგორ შეიძლება მეთოდურად გარეცხო მანქანა ათასობით ტვინის ნაწილაკისაგან, თუ ავტოავარიით სიკვდილი ორგაზმის ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩამოყალიბდეს გარკვეული მიდრეკილებების მქონე სუბიექტებისათვის, ხოლო სხვები მხოლოდ მაშინ ათავებენ, როცა საწოლის ქვეშ გადანახულ ყინულის საჩეჩქვ დანას ეფერებიან ტარზე, და თუ სავსებით ბუნებრივია, რომ დღეს ასეთი “არტი” გაცილებით მეტ ადამიანს იზიდავს, ვიდრე „რომეო და ჯულიეტა“, ან „მოგზაურობა ტოკიოში“, მაშინ რატომ გვიკვირს, რომ ნაციონალური მოძრაობა, თავისი გამოცხადებული სიშლეგის მოდელირებულ  ქრონიკებში სწორედ ასეთ ახალ ხერხს მიმართავს:

„მასიური დედააფეთქებული პროვოცირება მასიური ლინჩირების გამოსაწვევად და გლობალური ემოციური მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“

განსხვავებით მარშალ ბეტანკურის დროინდელი კამორისაგან, დღევანდელი „კანურის“ გრანდისიმოჰალეებს უფრო გრანდიოზული ამოცანა აქვთ – რევოლუციის არა ჩახშობა, არამედ პროვოცირება… „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!“ შეცვალა სრულიად მოულოდნელმა ნატვრამ – „ოღონდ იყოს ბუნტი! მალე იყოს ბუნტი! ოღონდ მალე დაიღვაროს მეწამული სისხლი! (რომელსაც დასავლეთს ვაჩვენებთ!)“

ამ (ჭეშმარიტად მაკიაველის და ბორჯიებს რომ შეშურდებოდათ, ისეთ) სპექტაკლში ჩაბმული არის 4 ფოკუს ჯგუფი და მინიმუმ 2 ქორო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკუს ჯგუფი არის „საზიზღრები“ (ვამპირები)… მათი ამოცანაა თავისი საშინელი საქციელით და უფრო უარესი „ლოგიკით“ გამოიწვიონ ხალხში აღშფოთება, ბრაზი, აგრესია და სიძულვილი. მოახდინონ თავის თავზე მაქსიმალური ცეცხლის კონცენტრირება. აბსოლუტურად ზედმეტია (რეჟისორის ჩანაფიქრით), რომ ისინი რაიმე სიბრალულს იწვევდნენ! პირიქით, მათი თითოეული ამაზრზენი ტყუილი უნდა იყოს ისეთი, რომ გამოიწვიოს დედისშეგინების ისეთი დაუძლეველი სურვილი, რომელსაც ვერავითარი ქალური სინაზე თუ მორცხვობა წინ ვერ დაუდგება! ეს არის ფოკუს ჯგუფი, რომელმაც საზოგადოების ფართო წრეები უნდა აღაგზნოს, გაავეშოს, გააგიჟოს და მათი ჩაწიხვლის, ჩაქოლვის, ფურთხში და სისხლში დახრჩობის იმპერატიული სურვილი მომენტალურად უნდა აღუძრას… ამ ჯგუფის წევრებია ცნობილი ოქროპირიძე და ცნობილი დონაძე. და ის, რომ საზოგადოებრივი აზრი მათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებად განიხილავს, სწორედაც რომ აწყობს ჩვენს ნერონიკოს. მისი გათვლა ხომ გაცილებით შორს მიდის! ჩაქოლილი ერთი ადამიანი მხოლოდ ერთი ადამიანია, და (თუ გაუმართლა და საქმე მართლა ამით დამთავრდა!) – ჩაქოლილი სექსუმცირესობის წარმომადგენლის ფასი ხომ განუზომლად უფრო დიდი იქნება მსოფლიო პოლიტიკის ოსკარის ცერემონიალზე?! საოცარ დონეს მიაღწია ნერონიკოსა და დონაძიკოს თეატრმა – ადრე სადმე ყოფილა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გირაოთი გამოშვებული პირი მილიონობით ადამიანს ტელევიზიიდან „ახურავდეს“ და „აჭმევდეს“? – ჩვენთან კი მოხდა!  ადრე სადმე გინახავთ, მთავრობის წევრი დებატებში იმ ადამიანთან, რომელიც რამდენიმე მკვლელობაში თანამონაწილედ არის ეჭვმიტანილი? ნახეთ, როგორ იხვეწებოდა გურამიკო – მოდით და ჩამქოლეთ, ქალბატონო თინაო! დავალება აქვს – თვითჩაქოლვის მიზანსცენის ავტორიცაა და მოქმედი პირიც, რომელმაც რეჟიმი უნდა გადაარჩინოს! და რატომღაც ლუკა კურტანიძეს ვერ უბედავს ჩაქოლვის ნატვრას, გაჭედილი!.. ისე, ვერ ვხვდები, თავად ეს მაზოხისტები თუ ხვდებიან, როგორი მოკლე თოკით არიან დაბმული და როგორ ელოდება მათი გენიოსი რეჟისორი მათი დე-ფაქტო გამოფატვრის ნანატრ ფინალს! სავარაუდოდ, მათ გარანტიები აქვთ მიღებული, რომ სიტუაციის რაღაც „ჭ“ წერტილამდე დაძაბვის შემდეგ, ყალბ პასპორტს და საზღვარზე ფეხდაუსველებლად და მძიმე დიპლომატით გადასვლას უზრუნველყოფენ… თუმცა, თუ იოტისოდენა ტვინი მაინც აქვთ იმ ჩასაფარებელ გოგრაში, კი უნდა ხვდებოდნენ, რომ მათი ცოცხლად და უსისხლოდ გაშვება ჩვენი ტარანტინუშკას გეგმებში აბსოლუტურად არ უნდა შედიოდეს. ამ ფოკუს ჯგუფის სულიერი ხაზი ხომ ლუციუს სერგიუს კატილინადან მოდის…

ფოკუს ჯგუფი 2 – „საბრალონი“ “les miserables” – ამ ჯგუფის ამოცანა მხოლოდ დოზირებული ბრაზის გამოწვევაა. მათი საბაზისო (და საბაზროც!) ღირებულება უფრო მაღალია და თუ ძაან არ გაუჭირდა ნერონს, ამ ფოკუს ჯგუფს მართლაც აქვს სერიოზული გარანტიები. მათი ამოცანაა სისხლის დაღვრა… ოღონდ – არა მოწინააღმდეგის სისხლის, არამედ – საკუთარი სისხლის! აბა, რას გეუბნებოდით – რა კამორა, რის კამორა! „პადდავკია“ ეს, „პადდავკი“! გამოფრთხიალდება რომელიმე ჩიორა, ბოლოს ააქანქარებს, ვიღაცას რაღაცას ესვრის უტიფრად და თუ ბედმა გაუღიმა და სისხლმდენ წერტილში მოარტყეს შედეგად, ხომ აშენდა და აშენდა! ორი საათი ირბენს ბნედიანივით ერთი კამერიდან მეორე კამერამდე, ორი საათი ცხვირსახოცს არ მიიკარებს სისხლმდენ ჭრილობაზე, ასობით სურათს გადაიღებს თავისი ვარსკვლავური მომენტის უკვდავსაყოფად… მერე კი იმავ საღამოს გაბადრული და მოყოჩაღებული  ყურს დაუგდებს ბელადის სენტენციებს… ხოლო 5 დღის მერე, თუ ვინმე საპატიო სტუმარი ეწვევა, ღამენათავი და გატანჯული სახით გამოიღებს მონიკა ლევინსკის კაბასავით სათუთად შენახულ სისხლიან ნივთმტკიცებას, ყელთან მიიფუთნის და მთელ მსოფლიოს დივანზე ჰორიზონტალურად მიბნედილი წარუდგება ასე წამებული, შუშანიკ ჩვენი… ამ ჯგუფში ფიცხელი მამაკაცებიც არიან – „დაარტყი, დავარდი, ფოტოგადააღებინე!“ დევიზით მაცხოვრებელნი… ჯგუფის მთავარი დამახასიათებელია – ცნობადობა, მსხვერპლადობა, მედიაში განვლადობა!

მესამე ფოკუს ჯგუფი – „ნახევრადღმერთები/ერისმამები“ ანუ მჭმუნვარე სენატორები. მათი ცისფერი სისხლი იმის საწინდარია, რომ მათ გლადიატორებად და თუნდაც პროვოკატორებად არავინ გამოიყენებს. მათი მთავარი ამოცანაა ხშირად აღაპყრონ ცისკენ გადაჭდობილი ხელები, შეჭმუხნონ ისედაც ხალხზე ფიქრში (უფრო სწორედ – ხალხის გატყავებაზე და გაცუცურაკებაზე ფიქრში) დაღარული შუბლები და ამოიოხრონ – O tempora, O mores! მერე დიდხანს ილაპარაკონ იმაზე, რა სანატრელი სამოთხე ააგო ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში ერთმა ცალკე აღებულმა, კორუფციამებრძოლი რეფორმატორების პატარა ჯგუფმა! და როგორ ინგრევა გულისგამპობად ეს ყველაფერი მათ ცრელმდინარე თვალთა წინ!!! ეს ჯგუფი ბეთჰოვენის მე-8 პათეტიკური სონატის ფონზე უნდა ღაღადებდეს!.. მაგრამ რად გინდა? – ყველაფერი მშვენივრად აწონილია, რეჟისურა – გასაგები, სცენარი –  მომხიბვლელი, მიზანსცენები – ფანტასტიური, პუბლიკა – მომზადებული (ძირითადად საზღვარგარეთ, მაგრამ – ჯანდაბას!) და… წყალში იყრება ეს ყველაფერი! რატომ? – რატომ და – მსახიობები არაა! მსახიობები არის, მაგრამ დონე არაა! დაახლოებით ისეთი კრახია, ჰამლეტის როლი ბენდუქიძეს რომ უნდა ანდო…
ამ ჯგუფის თითქოს კარგი ხატებაა დავით ბაქრაძე, მაგრამ ადრე უაზროდ სულ იღიმებოდა და ახლა მისი დასერიოზულება, უბრალოდ, შეკრულობის ნიშნად უფრო აღიქმება… შეიძლებოდა კარგი  ყოფილიყო გიგი წერეთელი, რომლის საპარლამენტო სტაჟი კატონსაც შეშურდებოდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ წერეთლის გიგიზე მთელი ნაცმოძრაობა ფეხს იწმენდდა მზიან ამინდშიც კი… ჰოდა, აბა მიხეილ მაჭავარიანის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ცისკენ ხელების აღპყრობა მკრეხელობაა მხოლოდ და მეტი არაფერი! მაგათ, წესით, ცას კი არა, ქვესკნელში უნდა ჩასძახონ, – ბალაკლავა, გვერხევა და რამე გვიშველეთო!.. ჰოდა, ეს ჯგუფი ყველაზე სუსტია, რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ… გიორგი ვაშაძისგან რიტორიკების კითხვა ხომ იგივეა, რაც ახალაიასგან „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ ცრემლები… ამიტომ, რაც დრო გადის, ყველაზე მეტად აქ ეჭედებათ… ჩიორასას დაიჯერებ, სერგო რატიანიც სუფთად ეცემა, ხაბაზიც კაი „ვიპადს“ აკეთებს წრიპინის მიუხედავად… დონაძე რომ natural born bastard  არის, ამას ყველა მომენტალურად იჯერებს… და ოქროპირიძემ, შევარდნაძესაც რომ დაადოს ხელი, ამანაც გამაუპატიურა ციხეშიო, ესეც უკვე ალბათ არავის გაუკვირდება (ოქროპირიძისგან!)… მაგრამ, აი, დამაჯერებლად მჭმუნვარე ერისმამების და ერისდედების დიდი დეფიციტია სუპრემ ნაცმოძებში! ის დროა, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან მარკუს ავრელიუსის ან დიოკლიტიანეს ფიგურას ყიდულობდნენ, მაგრამ სააკაშვილის გვერდით მარკუს ავრელიუსს მართლა ინფარქტი დაარტყამდა შეძრწუნებისაგან, ხოლო დიოკლიტიანე ალბათ თავის სანუკვარ კომბოსტოებსაც კი დათხრიდა და სიამოვნებით თავში ხეთქავდა…

და კიდევ არის ერთი ფოკუს ჯგუფი – გატრუნული ავაზაკები… მათი უმრავლესობა მოტყდა ქვეყნიდან და პლასტიკურ ოპერაციის გაკეთებაზე ფიქრობს სერიოზულად. ნაწილი კი აქაა განაბული და X დღის დადგომას ელოდება მოუთმენლად. მათ საბოტაჟის და ტერაქტების განხორციელება აქვთ დავალებული და კარგად ესმით, რომ „საზიზღრებისაგან“ განსხვავებით მათ გადარჩენაზე არავინ არც კი იფიქრებს, თავად უნდა გაიკეთონ შავი გასასვლელიც, გრიმიც და ყვარყვარეს კაბაც მათივე საზრუნავია…

და, როგორც უკვე გითხარით – ორი კარგად გაწვრთნილი ქორო… სხვათაშორის, არ იფიქროთ, რომ ტრუპის წამყვან მსახიობებზე ნაკლებმნიშვნელოვანი არიან, ან – ნაკლებს იღებენ, ზოგიერთები მაინც! ქორო უძახე შენ და, ერთში ისეთი დონის „კლასიკოსებიც“ კი არიან, როგორც ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, ვალერია ნავადვორსკაია, იულია ლაწინინა, მაქსიმ განაპოლსკი! ეგენი რომ შეწყობილ კაკაფონიას დაიწყებენ, პათეტიკურსაც ჩაახშობენ და ჰეროიკულსაც!

მეორეში ადგილობრივი ურნალისტები მოღვაწეობენ. ყოველდღე უფრო სასტიკი ხდება მათი თავგანწირვა, ყოველდღე უფრო მეტად იჭრიან უკანდასახევ გზას – გზას ადამიანობისაკენ, ეთიკისაკენ, ხალხისაკენ, ქვეყნისაკენ, საკუთარი (პრე-ურნალისტური!) წარსულისაკენ… ბუტა რობაქიძის პოსტმორტემ ჩარეცხვა და მშობლებისათვის მთელი დღის განმავლობაში საშინელი წარსულით მოუშუშებელ ჭრილობაზე მარილი ფუთობით ყრა ისეთი დონის ნაძირლობა იყო, რომ ურნალისტების მრავლისნახველი მკვლევარიც კი დამამუნჯა…

ჰოდა, ასეთი სურათია, მამავ და შვილო! (ჰიჩკოკს და ტარანტინოს ვესაუბრები)

აქვს ამ ხალხს გეგმა – გეგმა აქვთ!

დედაფეთქებული გეგმაა და დედისამფეთქბელად ადვილად შეიძლება ტრანსფორმირდეს, მაგრამ ხომ მაგარია?!.

ასეა, როცა მრავალ დარს და ავდარს გამოივლი, სულ უფრო მაგრდები ძაღლის ძვალივით!

რეჟისურა, სცენარი, პარტიტურა, მუსიკა, დამკვრელები, სექსპერტები, ურნალისტები, პოლიტიკანები, ბოზები, ნაბოზვრები, გემები, იარაღი, სექსი, ტრანსვესისტები, მერი, კაზინოები, კოკაინი, სტრიპტიზები, ფული, სისხლი, ოფლი და ქაქი… ყველაფერი ეს არის… ერთი-ორი წიგნიც არის, რეკვიზიტად – მაგალითად – „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!“ (ბოლო თავში ის 15 წუთიანი სარეკლამო კლიპი აკლია მხოლოდ, თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის პროექტის რეკლამირებას რომ ისახავს მიზნად!)

თოფიც კიდია კედელზე…

ბილეთებიც გაყიდულია…

ანონსიც არის: „აპრილი“ – წერდნენ და იმედიანად ფუხკუნებდნენ ბრიოლინიანი პრანჭია ბიჭი და მედოლე ბიჭი… შენ დაუკარო, ნუ…

–         ჩვენ ისეთ რამეს გაჩვენებთ, რომ შეგზარავთ! – ამბობდა წესიერი კაცი – ჰიჩკოკი!

–         მე თქვენ გაჩვენებთ ბევრ სისხლს და მკვლელობას, მაგრამ ისე ტრივიალურად, რომ თქვენ გაგეცინებათ, თან ბევრჯერ, – გვაფრთხილებდა ტარანტინო, ასევე განათლებული და წესიერი კაცი, უბრალოდ, მაგარი პროვოკატორი…

–         “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის!” მე თქვენთვის ბედნიერება მომაქვს! მე ვიქნები თქვენი აღმაშენებელი! არასოდეს ასე სწრაფად არ განვითარებულ ჩვენი სამშობლო! ჩვენ ვართ პირველები მსოფლიოში! – იძახოდა ჩვენი ნერონ-კალიგულა და კარგად ფუთავდა ვარდისფერ მაკულატურაში ათობით დახოცილს, ასობით გაძევებულს, ათასობით გატყავებულს, ათეულათასობით უსამართლოდ დასჯილს და მილიონობით დამშეულს და გაჭირვებულს! – ასე ცხოვრობდა და ლაქლაქებდა ჩვენი ავზნიანი პინოქიო და სულ უფრო მეტი მონეტის ჩაფვლას გვაიძულებდა მის მიერ უკვე წარმატებით პრივატიზებულ “საოცრებების მინდორში”…

სპექტაკლი გრანდიოზულადაა ჩაფიქრებული, მთავარი მაყურებელი უცხოეთის ლოჟაში განლაგდებიან, ამჯერად თავად ნერონმა დაწერა სცენარიც, პარტიტურაც და დეკორაციებიც თავად დადგა… მე შენ გეტყვი და რომელიმე უნარ-ჩვევას უჩივის გიულიევიჩი!

ბევრი ცდა აღარ დაგვჭირდება… ერთი რუბიკონი ჩააგდო უკვე, ფეხი ვერ დაისველა… მეორეზე ვნახოთ – შეიძლება დაისველოს…

ისტორია მეორდება ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ – როგორც ფარსი…

ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ იმ horror movie-საგან განსხვავებით, ჰიჩკოკი და ტარანტინო რომ დგამდნენ, ჩვენი „ჰორორი“ „მუვი“ არ იყო… და ჩვენ ჩვენი სიცოცხლით, ნერვებით და ჯანმრთელობით გადავიხადეთ ამ საშინელი რეჟისურის ფასი, რომლის „ოსკარი“ მან მიითვისა, ვინც ახლაც დადგმებს გეგმავს, მაგრამ ვისაც ახლა სულ სხვა „ჯილდო“ ელოდება…

მე მგონი, ეს ის შემთხვევაა, როცა მოდელირება დიდი გაზგაშვებით დამთავრდება!

როცა კედელზე ჩამოკიდებული თოფი კი გაისვრის, მაგრამ მხოლოდ „ფუყ!“-ს იზამს…

როცა ნიჭიერი, მაგრამ ახვარი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს რეჟისურაში ტარანტინოს და ჰიჩკოკის სიმაღლეებს იმიტომ, რომ სადაც „ოსკარებს“ არიგებენ, იქ ადამიანის სისხლი და ტვინის გასხმული ნაწილაკები ნამდვილი არ უნდა იყოს! ხოლო იქ, სადაც ადამიანის სისხლი და ტვინის ნაწილაკები ძალიან ნატურალურია, სადაც სადიზმი, გაუპატიურება და წამება სინამდვილეში ხდება, იქ „ოსკარი“ არ რიგდება! და მოკლული ადამიანისთვის საქმის შემკერავ და ბარიდან მოსაკლავად კაცის წამყვან ტიპებს ჟურნალისტად არავინ უნდა განიხილავდეს, და ინტერვიუზე გაპრავების შანსს არ უნდა აძლევდეს, თუნდაც ამ ცოტნედადიანობის ახლადგამოჩეკილ ვირთხას ნერონისგან დაწესებული სანაქებო ჟურნალისტის ყველა ლენტი და ორდენი ჰქონდეს დაბნეული ყველა სათუთ წერტილში…

მთავარი, რატომაც მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი ფარსი იქნება, რადგან ეს ნაცმოძური ლომი უკვე ჭიანჭველების ლომად ქცეულა… სააკაშვილის სერიოზული გასართობი უკვე კალის ჯარისკაცებით ოპერაციების დაგეგმვაა. და როცა ყოფილი ხერხემლის გამოცხადებულ მხარდაჭერის აქციაზე ქუთაისის მერიის მხოლოდ 30-მდე თანამშრომელი მიდის და მათგან მხოლოდ ორს აქვს სურვილი, ვანო მერაბიშვილთან სურათი გადაიღოს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს:

– ეს არც ფილმია და არც მოდელირება, ეს მხოლოდ ჭინთვებია…

ჭინთვები, რომელიც ფიქტიური ორსულობის ფონზე მშობიარობის იმიტაციის სურვილითაა განპირობებული…

მოემზადეთ ბატონებო და ქალბატონებო! პირველი ზარი უკვე დაირეკა და ვარდისფერი შიგშენიც მალე დაიწყება.

პირველად მსოფლიოში! – ტრაგედიასა და ფარსს შუა გაჭედილი “მოდელირებული ჰორორის ქრონიკა” ბლომად მაზოხისტურ-ექსჰიბიციონისტური პაპრიკით!

Advertisements

მორიელის წამალი


miSha-brave vano deep GIGI-SMOKE

1 ოქტომბრის არჩევნებიდან გავიდა ოთხი თვე.

ქვეყანა კი ისევ აბორგებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.

ერთის მხრივ, არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავისი დაპირებების შესრულებას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას, დასავლეთისათვის საქართველოში რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მრავალპარტიულ კოალიციაში ურთიერთობების დალაგებას და აქა-იქ ჩალაგებული ნაღმების დროულად მოძებნას და განაღმვას.

არის გარკვეული წარმატებებიც – პოლიტიპატიმრების განთავისუფლება, ამნისტიის კანონი, დენის და ნაგვის გადასახადის შემცირება, ბენზინზე და წამლებზე ფასების შემცირება, საკრედიტო განაკვეთების შემცირება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა თებერვლიდან…

მაგრამ არის პრეზიდენტი და მისი გუნდი – ძირითადად – თბილისის მერი, უზენაესის თავ-რე კუბლაშვილი, ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი და რამდენიმე გუბერნატორი, ასევე ნაცმოძრაობის ოციოდე სულით-ნაცი პარლამენტარი, ნაცური მედიასაშუალებები/ურნალისტები და (ს)ექსპერტები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ, არცერთი მიღწევა არ შეიმჩნიონ, ყველა ნაკლი გაბერონ და გააზვიადონ, და მეტიც, მოსალოდნელი და გარდაუვალი კატასტროფის ფანტასმაგორიული სურათი დახატონ. აი, რამდენიმეც:

პრეზიდენტი გაიძახის, რომ ახალი მთავრობა აპირებს სომხეთის მსგავსად რუსეთი გაიხადოს სტრატეგიულ პარტნიორად და არა – დასავლეთი, პრეზიდენტი ბრალს დებს აღმასრულებელ ხელისუფლებას კრიმინალების და ჯაშუშების განთავისუფლებაში (ამავე დროს თავად გამოუშვა ასობით პატიმარი, რომელთა 2/3 მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და ჯერ სასჯელის 1/3-იც კი არ ჰქონდა მოხდილი), ასევე ბრალს სდებს მთავრობას “პატიოსანი მოხელეების” დაპატიმრებაში (თურმე 5 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების არარსებული სამუშაოებისათვის ნაცმოძრაობის კოორდინატორებზე გაწერა და მითვისება “პატიოსნების თვალი” ყოფილა), მერაბიშვილი გაიძახის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია შესული (რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Standard & Poor სააგენტო არ ადასტურებენ, და 2013 წელს 6,1%-იან ზრდას ვარაუდობენ), უმცირესობის პარლამენტარები იძახიან, რომ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური შუღლი და შეუწყნარებლობა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნაცმოძრაობის და მათი დამქაშების მიერ იყო წახალისებული), რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა (თუმცა ამას მაშინ იძახოდნენ, როცა სამთავრობო ამნისტია ჯერ ძალაში არ იყო შესული და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ – შეწყალების კომისიის გვერდის ავლით – შეწყალებულები გამოუშვეს!), პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ გაიზარდოს ჯარში ანაზღაურება და პენსიები (მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ეს არ ახსენდებოდა! მეტიც, ავღანეთში და ერაყში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე სიმართლეს მალავდნენ და მხოლოდ ახლა „გაახსენდა“, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა წამოაყენა), პრეზიდენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს, რომ არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერის გავლენის დაწესება და დაიცვას თავისუფალი მედია (თუმცა იმაზე სდუმს, რომ ამ გაკურტიზანებულ „თავისუფალ“ მედიას რა უხვად უდებდა პირში მილიონებს მისი საკუთარი იმიჯის გასაღმერთებლად! არც იმაზე ლაპარაკობს, ვისია რეალურად შარანგიებზე გაფორმებული “რუსთავი2” და ვისი იყო წლების განმავლობაში მისი ხელისბიჭის მიერ მართული „იმედი“), პრეზიდენტი ჩადის ბათუმის უსახლკარო მოსახლეობასთან და აბუნტებს მათ, ეუბნება – თქვენთვის სახლებს ვაშენებდი და ესენი ეკომიგრანტებს ასახლებენ იქო, მაგრამ მე ჩამოვალ და დაგიცავთო (ამ დროს 9 წლის განმავლობაში აშენებდა სახლებს ბათუმში და ერთი უსახლკარო არ შეუსახლებია!)… პრეზიდენტი ადიდებს თენგიზ გუნავას, რომელიც თურმე თანამედროვე საქართველოს შალვა ახალციხელია და აქამდე რატომღაც გვიმალავდა და მთელი ნაცმოძრაობის ურნალისტები ერთხმად იქცნენ გუნავისტებად, რადგან დადასტურდა, რომ გუნავას პირველი დაკავების დროს იყო პროცედურული დარღვევები… და ის კი ავიწყდებათ ამ მეხსიერებაცხონებულებს, რომ დაკავებისას ერთი პროცედურული დარღვევა კი არა, პროცედურული წამებებით და მკვლელობებით სავსე იყო ნაცმოძრაობის პარპაშის 9-წლიანი ხანა…

დადის პრეზიდენტი ევროპაში და ყველგან აძაგებს საქართველოს ახალ მთავრობას, ყველგან თვალთაგან ცრემლი სდის შეუშრობელი, რამეთუ მის მიერ აშენებული, აყვავებული, კორუფციაგანწმენდილი, გაძლიერებული, ნატოსკართანმიყვანილი ქვეყანა იღუპება… ყველას აფრთხილებს, რომ ახლანდელი მთავრობა საშინელებაა, მგრეველებია, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, საქართველოს ტრადიციების დარღვევა. რომ  მან პრემიერ-მინისტრზე უკეთ იცის რუსულიც კი, რუსულ პოეზიაზე რომ არაფერი თქვას (რატო ბლოკი არ დაეცემა თავში კაკალაშვილთაყვანისმცემელს!)…

საინტერესო კი ისაა, რომ მთელ ამ შხამს და ბალღამს ანტურაჟად თან ერთვის ვითომსამშვიდობოდ, სინამდვილეში კი – ყასიდად, გამოწვდილი ხელი და კოჰაბიტაციისაკენ უტიფარი მოწოდებები! თან ცნობილი რუსული ანდაზის თანაფარდობისაგან განსხვავებით, ამ ურთიერთობებში კუპრია მთელი კასრი, ხოლო თაფლი – მხოლოდ ერთი კოვზი!

და მაინც, ბოლო დღეებში იყო უკვე ისეთი განცხადებები, რომლებმაც უკვე ცხადად აქციეს ის, რაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე პოლიტოლოგისათვის და პირადად ჩემთვისაც (თუმცა პოლიტოლოგობის და ექსპერტობის პრეტენზია არ მაქვს) უკვე დიდი ხანია, ცხადია. მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ოცნება არის უახლოეს თვეებში, მოქმედი მახინჯი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა: პარლამენტის დათხოვა და ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში სასტიკად გაყალბებული არჩევნების ჩატარება.

ამაზე ღიად მიანიშნებს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ამ მთავრობას 4 წელი ვერ ვაცლით და უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედებებიო! (იმდენად უტიფარი და ხისტად არაპოლიტიკური იყო ეს განცხადება, რომ თავად ნაცმოძრაობის მარადიულმა დამცველმა მერაბ ბასილიამაც კი ვერ შეიკავა თავი მისი კრიტიკისაგან და ღიად გაემიჯნა “პოლიტმეტრში”).

ხოლო ამის ფონზე, პრეზიდენტმა ისევ უტიფრად „სამშვიდობო ინიციატივა“ შემოაგდო -ჯანდაბას, რადგან კონსტიტუტციის შეცვლა გინდათ, შევცვალოთ, მაგრამ არა 2/3-ით, არამედ 150 დეპუტატითო! (აქაც იაფერისტა ანგლმა, ხომ შეეძლო ეთქვა 100%-თო, ვითომ არ იცის, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტში 147 დეპუტატია მხოლოდ!)… აშკარაა, რომ დროის მოგებას, ან ჭკუაში მოგებას ლამობს…

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ შაგრენის ტყავივით პატარავდება მისი ერთგული ფრაქცია პარლამენტში. საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მსუბუქი შეშფოთებების შემდეგ შესუსტდა და ვილფრედ მარტენსის მსგავსი ძმადნაფიცებითღა შემოიფარგლა. აგერ ძმადშეგულებულმა ჯანი ბუკიკიომაც კი არ მოიკლა მიშას მხარდასაჭერად თავი და აღიარა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის საჭიროო. იმის ფონზე, რაც უფრო ფართოვდება პროკურატურაში ნაცმოძრაობის ყოფილ მოხელეთა მიმართ აღძრული საქმეები და რაც უფრო მასშტაბური ხდება ამ საქმეები ფინანსური მდგენელი – განსაკუთრებით საჩვენებელია ცეზარ ჩოჩელის მიმართ არსებული ბრალდებები (ბეტონის შპალების ქარხნის დანაშაულებრივ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკი ასეულობით მილიონის ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან აცანცვლაზეა), ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის გადარიცხული 56 მილიონი ლარის ამბავი, ახლა აგერ მერი უგულავას 764 კაციანი ჩაუქ-ჩუკენობის ამბავი და ა.შ. – მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ ნაცმოძრაობის წევრებს, რომ ბელადს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ… მით უფრო, როცა ბელადს რაღაც გარანტიები შეიძლება ჰქონდეს, მათ კი – ბრიშტი!

ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისათვის, მართლაც, არასასურველია მათ მიერ დიდხანს შუქურად და დემოკრატიის მზეჭაბუკად შერაცხული პრეზიდენტი, უცებ სასტიკად კორუმპირებულ, ავტორიტარ, წამებებში ხელგასვრილ და მილიარდის მომყუჩებელ, საკუთარი ჰარამხანით ამაყ და შლეგ დესპოტად გაიცნონ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მართლაც მისცეს სააკაშვილს გარანტიები, რომ დაიცავენ სასამართლო დევნისაგან… და ვინ იცის, მართლაც ვერ მოხერხდეს მისი ციხეში მოთავსება, თუმცა ბრალის წარდგენა და გასამართლება უეჭველად (თუნდაც დაუსწრებლად) უნდა მოხდეს. მაგრამ ნუთუ ვინმეს მართლაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აუკრძალავს? ჯანი ბუკიკიო საკმაოდ ნატიფი პოლიტიკოსი ყოფილა და არც მწვადი დაწვა და არც – შამფური (რითაც ძალიან გული დაწყვიტა სერგო რატიანს), მაგრამ მისი განცხადება, რომ მისი აზრით, თურმე, მიხეილ  სააკაშვილი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო, ან არაგულწრფელია (და მეგობარ მიშას ეს ერთადერთი თხოვნა მაინც შეუსრულა – “თქვი, რომ არ ვაპირებო!”), ან ისევე შორსაა საქართველოს პოლიტიკის ნიუანსებისაგან, როგორც მე ვენეციის საფუძვლის გამყარების და ჩაძირვის პრევენციის სამუშაოების დაგეგმვისაგან!

ჰოდა, ძვირფასო ნაცმოძრაობის ლიდერებო – გიგი, გოგა და გოკა, ჩიორა, ეკავ, და ხათუნებო, პეტრევ და მიშავ (ჟვანია მოკლესო!? – რომ წამოგცდა), ნუგზარ და ზურა, და პატარა ბარტყებო, ჯერ რომ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად შერგეთ თავი… – იმაზე დაფიქრდით, მიშა რომ მოტყდება (უკეთეს შემთხვევაში), ან ჩასვამენ (უარეს შემთხვევაში), ან უბრალოდ ბოსტნის საფრთხობელად იქცევა (საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე), მერე რას იზამთ? თუ უთქვენოდ მოგროვდა ის 100 ხმა, მერე თქვენი ხმა ხომ “პუსტა-პუსტად” იქცევა?

არსებულ ვითარებაში უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ, შემდეგ მოვლენებს უნდა ველოდოთ:

პარლამენტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მიიღებს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის გაუგონარ უფლებას! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მადამ ტიუსოს მუზეუმის მოლაპარაკე ექსპონატად იქცევა და, ალბათ, მზეზე დიდი ხნით გამოსვლას ცოტა მაინც მოერიდება…

არაა გამორიცხული, დაახლოებით იმავე პერიოდში, პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის კანონით შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი და/ან იუსტიციის საბჭოს წესდება. ამავდროულად მოსალოდნელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ახალი წესდების მიღებაც და “ბორდის” გადახალისებაც, რაც საზმაუს მიშისტების ტყვეობიდან დახსნის დასაწყისი იქნება…

ალბათ ამავე პერიოდში დაიწყება თბილისის მერის, ნაცმოძრაობის კიდობნის კაპიტნის – გიგი (ჯერკუალ) უგულავას სასამართლო პროცესიც, რომელიც, დამერწმუნეთ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „მონა იზაურას“ სერიალი…

დაბოლოს, გამომდინარე იმ სურვილების დეზავუირებიდან, რაც ბ-ნმა ლევან მაისურაძემ ახლახანს მოახდინა, ალბათ საჭიროა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა მასზე სპეციალური კონტროლი და თვალთვალი დააწესონ…

ეს კი ჩვენს უცხოელ მრჩეველებს მინდა გავუზიარო:

“სიბრძნე სიცრუისა” (ოღონდ – არა სააკაშვილისეული ოღრაშული სიცრუისა!):

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე


900_amarcord_blu-ray3x

ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად,  რომელ ფილმში  – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“.

საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩხავის და, გაურკვევლობის გამოც, და ხალხის გადაღლის გამოც, – გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით), მაგრამ თან მომავლის ისეთ აპოკალიფსურ სურათებს ხატავს, რომ წესით დედა ტერეზაც და მაკედონელიც ადგილზე დალევდნენ სულს დაზაფრულნი! რა თქმა უნდა, ამას ემატება მისი თანაგუნდელების ქოროს ანალოგიურად ეგზალტირებული კივილ-გალობა. ამ ფონზე ძალიან ჭირს იმაზე კონცენტრირება, რა გზით უნდა წავიდეთ, სად რა შეცდომებია (რომ არის, ფაქტია) და საერთოდ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ შეცდომა ნაკლები იყოს და პროგრესი მეტი… მიხეილ სააკაშვილი თავისი შლეგურ-მამობრივი გამოხტომებით მუდმივად გვაცხოვრებს მრუდე სარკეების გარემოცვაში და ჩვენ, თითქოს, მეტი არაფერი გვრჩება, რომ ალისას ასაკში დავბრუნდეთ და ვითამაშოთ, (მე პირადად დიდ დროს ღლაბუცობაში ვხარჯავ, ასე მგონია, რომ აღნიშნულ გაურკვევლობაში ეს საუკეთესო გამოსავალია) …

რადგან სხვა ალტერნატივა ან – უფრო უარესი კაფკაა და სრული სერიოზულობის ფონზე კიდევ უფრო მეტი ტკივილის განცდა თუნდაც იმისგან, რომ შვილდაკარგული დედის სიტყვები – „ჩემი შვილი ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს!“ სავსებით შეიძლება, რომ სრული სიმართლე იყოს! (სოციალისტური სამშობლოს პირობებში ჩვენთვის სპეციალურად ტირაჟირებული დამიანო დამიანი გამახსენდა)…

ან – ის, რომელიც ძმებმა ტავიანებმა დაგვიხატეს ფენომენალურ ფილმში „კეისარი უნდა მოკვდეს“. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არც ჩვენი თავი გვემეტება ამ როლისთვის და არც კეისარი – სიკვდილის შემდეგ გმირობისათვის… სულ უფრო მეშინია იმის, რომ მისივე თანაგუნდელებმა არ მიასაღონ, რათა შემდეგ საბოლოოდ არ აქციონ ნეობოლშევიკური ლიბერალიზმის ახალ მავზოლირებულ ლენინად.

აი მეორე ჩემი ფრენდის ნააზრევი იმაზე, არის თუ არა საქართველოში დღეს დემოკრატია:

„წიკლაური და ნასარიძე ქუჩაში რომ დადიან და არ ეშინიათ, ვანო რომ ისევ გარეთ არის, ოჩიაურისნაირი ნაძირლები რომ თანამდებობებზე ინიშნებიან…. დემოკრატიაა, აბა, რა არის…“

ძველით ახალ წელს ია ანთაძემ ძალიან კარგი სტატია დაწერა თავის ბლოგზე – “ოპერაცია „აპრილი“” http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-ia-antadze-operation-april/24823277.html  რომელიც ასე მთავრდება:

“ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის…”

ვეთანხმები იას, ოპტიმიზმი გაჩნდა, მაგრამ ეს გაურკვევლობა დამთრგუნველია. თან თითქოს სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს უკვე უსასრულოდ ლუსტრირებული და სასაცილოდ ქცეული პრეზიდენტი აპრილისთვის ისევ ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან, მაგრამ თან ეს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებული უფრო დემოკრატიული რეალობა, როცა დამარცხებულები ყინჩად დადიან და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაბოლებას არ იშლიან, მაინც ტოვებს ნერვული ეჭვიანობის საფუძველს… მით უფრო, რომ დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, ეს სავსებით შესაძლებელია, ხოლო მათი „გაფრენის მაღალი პოტენციალი“ არასდროს ეჭვს არ იწვევდა…   

ჰოდა ვართ ასე… ქუთაისის პორტში შემოცურებული ტრანსატლანტიკური ლაინერის აჩრდილის მოლოდინში…


უკანასკნელი მიხუკანები


„ომი დამთავრდა! კოჰაბიტაციის გეშინოდეთ, ხალხო!“

panaSvidi

მაშ ასე: „საქართველოში პირველად ჩატარდა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები და მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.“

სიაფანდ!

ჯერ ერთი საქართველოში ეს პირველად არ მომხდარა.

პირველად ეს მოხდა 1990 წელს, როცა 9 აპრილის შემდეგ გაკოტრებულმა კომუნისტურმა პარტიამ ყველაზე დღემდე ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა კი არა, მიართვა „მრგვალ მაგიდას“.

ხოლო მეორე სიაფანდობა კი იმაშია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები არც დემოკრატიული იყო, არც – გამჭვირვალე. ეს იყო შედარებით (!) დემოკრატიული და შედარებით გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც სააკაშვილის მორალურად დეგრადირებულმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მხოლოდ ქართველი ხალხის სიმამაცის, ოპოზიციის კარგი ორგანიზებულობის და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებით ჩაატარა არა ისე, როგორც უნდოდა (ნიღბიანებით, შევარდნებით, ურნების გატაცებებით, ხალხის დაშინებებით და დაპატიმრებებით, ხოლო შეიძლება – „უცხოური გადატრიალების“ მოდელირებული სცენარის 879-ე რიმეიკით), არამედ ისე, როგორც არ უნდოდა.

ამიტომ არავითარ „მშვიდობიან გადაცემაზე“ ლაპარაკი ამჯერად არ უნდა იყოს.

ეს გადაცემა დაახლოებით ისეთივე „მშვიდობიანი“ იყო, როგორც ვერსალის ზავი და თავის თავში, ვერსალის ზავის არ იყოს, ძალიან ბევრ ხიფათს შეიცავს. ოღონდ არა იმიტომ, რომ დამარცხებული მხარე ზედმეტად მძიმე პირობებში იქნა ჩაყენებული, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დამარცხებულმა მხარემ კონსტიტუციაში წინდახედულად ჩადებული, ფანტასმაგორიამდე მისული ალოგიკური მექანიზმების წყალობით შეინარჩუნა ძალიან დიდი ბერკეტები, რომელიც სულ რაღაც 6 თვეში ხელისუფლების მზაკვრულად უკან გამოგლეჯის გეგმის რეალიზებაში უნდა დახმარებოდათ. თუმცა, რეალური პოლიტიკა თეორიულ გათვლებს ხშირად არ მიჰყვება, ამიტომ დღევანდელი სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად უნიკალურია, როცა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს აქვს სიტუაციის სათავისოდ მობრუნების შანსები, და ეს შანსები იმდენად კატეგორიულად ურთიერთგამომრიცხავია, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის (ე.წ. კოაბიტაციის) პერსპექტივა, პრაქტიკულად და ჯერჯერობით, ნოლის ტოლია.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დატკბობის და აგრესიულობის ურთიერთმონაცვლე რამდენიმე ეპიზოდის და საბოლოოდ ეგრეთწოდებული 5-პუნქტიანი გეგმის შეთავაზების შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად იგნორირებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და იმის ფონზე, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების მიმართ დაპატიმრებების  ინტენსიურობა კი შემცირდა, მაგრამ დათმობა გამოიხატა საკმაოდ მკაცრი ფორმულით „ამნისტია მათ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და ვინც მოინანიებს“; ხოლო, მეორეს მხრივ – რაიონებში და რეგიონებში სრული ანშლაგით მიმდინარეობს საკრებულოების და გამგეობების ნაცმოძი წევრების გადადგომა და ადგილობრივ ხელისუფლებებში ნაცმოძრაობის 100%-იანი დომინირების სწრაფი დნობა, მდგომარეობა საკმაოდ ნათელი ხდება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უპრობლემოდ პირველივე ცდაზე დაძლია პრეზიდენტის ვეტო, თან ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა პატიმრების (მათ შორის 200-მდე პოლიტპატიმრის!) ამნისტია, და თანაც ამას ნაცმოძრაობის 64 დეპუტატიდან მხოლოდ 24-ის (1/3-ზე ოდნავ მეტის!) მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალი სულ უფრო ემსგავსება შაგრენის ტყავს, საიდანაც თავის გადარჩენის ერთადერთი სწორი მეთოდი დროზე გასწრება უნდა იყოს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მათი ხელმძღვანელობა დღესაც ინარჩუნებს სამომავლო ბატალიებისათვის დემონსტრირებულ [გარეგნულად მაინც] მზაობას და მეტიც, უკვე გამოიკვეთა ბრძოლის არა მარტო სტრატეგიულ-ტაქტიკური მონახაზიც, არამედ ის მოქმედი პირებიც, რომელთა მეშვეობითაც აპირებს ნაციონალური მოძრაობა ახლო მომავალში რევანშის განხორციელებას.

მე მათ “უკანასკნელი მიხუკანები” ვუწოდე, თუმცა ვშიშობ, მოჰიკანებთან მათ მხოლოდ ზედსართავი სახელი „უკანასკნელი“ აერთიანებთ. აი, ისინიც:

  1. მიხეილ სააკაშვილი – ნაცმოძრაობის მთავარი ძრავიც, ტვინიც და ყელზე მობმული ლოდიც. სამწუხაროდ, მისი ყოველი გამოსვლა სულ უფრო ადვილად პროგნოზირებადი ხდება და გამოთქმა – „მეთოდები დაგიძველდა, მიშიკო!“ გაცილებით უფრო ხალხური გახდა, ვიდრე ადრე არსებული კლასიკური ფრაზა მურტალოსადმი. და მართლაც ვერც მურტ(ა)ლობაში და ვერც მეთოდდაძველების ტემპებში მიხეილ სააკაშვილს ვერავინ შეედრება. დღეს იგი ასრულებს ძალიან საინტერესო როლს – ადრინდელი დრ. ჯეკილისა და მრ. ჰაიდის კლასიკური იანუსი ახლა შეცვალა ისეთმა წინააღმდეგობრივმა და რეჟისორულად ძნელად მოსაფიქრებელმა კონგლომერატმა, როგორიცაა ნაპოლეონ ბონაპარტე და პიერო. მიხეილ სააკაშვილი ერთის მხრივ ახდენს მხედართმთავრის თვისებების დემონსტრირებას – ჩადის ავღანეთში, თან წინასწარ აცხადებს იმასაც, სად ჩავა და იმასაც, როდის ჩავა, რითაც თავის უშიშობაში უნდა დაგვარწმუნოს, მაგრამ მხოლოდ იმას იმკის, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობას არ სჯერა, რომ იგი ნამდვილად ქართულ ბაზაზე იყო, ან რომ ეს ნამდვილად 31 დეკემბერს მოხდა, ხოლო სამაგიეროდ ISAF-ის ხელმძღვანელობასაც და ქართველ ჯარისკაცებსაც მრავლად გაუჩინა პრობლემები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა – „სადაც სააკაშვილია, იქ პრობლემებია!“  მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ იგი პიარ-ძუძუმწოვარია და მისი უპირველესი და უმთავრესი ინსტიქტიც სწორედ ეს არის, მას სწორედ ტელეკამერისთვის აქვს მიძღვნილი უკვდავი სიტყვები – „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!“ მაგრამ მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ასევე ცდილობს პიეროს როლის შესრულებასაც, სადაც მისი „მალვინა“ მიშაყვავებული და ვარდოვანი საქართველოა. ჰოდა, დადის ჩვენი USAirForce-პილოტისკურტკიანი პიერო და მოსთქვამს, მაგრამ რას მოთქვამს – „როგორ დაგანგრიეს! ვაი, ვაი!“ „რას დაგამსგავსეს! ვაი, ვაი!“ „რამდენი უმუშევარია! ვაი, ვაი!“ „სასტუმროები გააჩერეს! ვაი! ვაი!“ “ანაკლიაში (ზამთარში!) ტურისტი აღარ არის! ვაი, ვაი!” – მოთქვამს პიერო, ხანდახან ცოტა წაიკასანდრებს კიდეც – „დააქცევენ ესენი ქვეყანას, გააპარტახებენ! ინვესტორები გაიქცევიან!“  და ბოლოს კი მაინც წაინაპოლეონებს – „მაიცათ, დავბრუნდები! ყველაფერს შემოვატრიალებ! აგერ ვარ – ელბაზე, შორს კი არ წავსულვარ!“ ვუყურებ ამ საოცარ რეჟისორულ აჯაფსანდალს და გული მწყდება, ოღონდ იმაზე, რომ ქართული კინო და თეატრი ის აღარ არის, რაც იყო – თორემ ამისთანა ფენომენალური ფენომენის გაშვება შეიძლება? იმედია, გამოსწორდება ეს ხარვეზი და კინოც და თეატრიც სათანადო პატივს მიაგებენ მიხეილ სააკაშვილის განუმეორებელ იერსახეს.
  2. არ გაგიკვირდეთ და მიხუკანთა ჩემეულ სიაში მეორე ადგილზე არც გენმდივანი და ექს-პრემიერი მერაბიშვილია და არც – გაცოტნებული ბაჩა ახალაია. თუ პირველ ადგილზე ორსახოვანი იანუსი იყო, მეორე ადგილზე ორკაცოვანი მიშთემიდაა – ძმები კუბლაშვილები. სადღეისოდ მათ უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, მათ უნდა დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ქართული სასამართლო თან დამოუკიდებელია, (ძირითადად, რადგან მას შივასავით ყველა-პოსტზე-ხელისმომკიდე კოტე კუბლაშვილი მეთაურობს) და თან პროკურატურისაგან ცოტა დაშინებულიც (ამ მიმართულებით კოტიკო კუბლიკოს ძამიკო პალიკო მუშაობს, რომელიც არქივში თეა წულუკიანის მამის დოსიეს ადგენს გულმოდგინედ. თუ მამით ვერ აისრულეს იუსტიციის მინისტრის განქიქების წადილი, მერე ბაბუაზე და პერპერაზეც ჩავლენ). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ ქართულ სასამართლოს ლამის სულ რაღაც 4 თვის წინ ვითომ 85% ენდობოდა, როგორ გინდა თქვა, რომ ახლა ეს ლამის უმწიკვლო სხეული, სადაც იგივე ხალხი მუშაობს, უცებ ასე დაბეჩავდა? ხოლო თუ იმას აწვები, რომ პროკურატურა აშინებს მოსამართლეებსო – კაცო, როცა პროკურორების ადეიშვილისეული სისტემა აბსოლუტურად არ უშვებდა პროკურორის ნებისაგან მოსამართლის ნების ოდნავ გადაცდომასაც კი (მაგალითად პირობითი სასჯელების შეფარდების სფეროში), დღეს რომ ამ მხრივ სერიოზული და თვალსაჩინო პროგრესია, ეს როგორღა ავხსნათ? კოტე კუბლაშვილი ძალიან მძიმე პოზიციაშია – მასზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული – იგი არის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული ფუნდამენტიც, კარკასიც, ქვაკუთხედიც (იმდენი თანამდებობა აქვს, დილით რომ დაიწყოს სასამართლოზე ჩამოთვლა, პროცესის გადადება გახდება საჭირო!),  და ამავე დროს, სწორედ კოტე კუბლაშვილი არის ამ ჯაჭვის – სასამართლო სისტემის – ყველაზე მოწყვლადი რგოლიც! ანუ, სხვას უნდა ამაგრებდეს და  ამ დროს თავად უდევს ფეხი ბანანის ქერქებზე. თან სულ ვენეციის კომისიის მზეს იფიცებს, და თან ისიც ხომ დაფიქსირებულია დოკუმენტებში, თავად როგორ ფეხზე დაიკიდა სწორედ ვენეციის კომისია, როცა უსამართლო სასამართლო „რეფორმა“ განახორციელა!
  3. ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მოუწევთ სამთავრობო „კონსტიტუციონალისტებს“, თერძთუხუცეს ავთანდილ დემეტრაშვილს და იმ ვიღაც ახალაღჰყავავებულ დემაგოგს – ოთო კახიძეს… არის კიდევ ისეთი სერიოზული ძალა, როგორიც ბატონი თენგიზ შარმანაშვილია, მაგრამ ისეა მიჩუმებული იერევანში, რომ მგონი დიპლომატობაში საბოლოოდ გაცვალა და დაივიწყა პროფესიული „ბექგრაუნდი“ (ადრე კი ამ დიპლომატობაში ბევრი სხვა რამეც გაცვალა და დაივიწყა). ეს ხალხი ნამდვილად არ არის ნაცმოძრაობის პარტაქტივი, მაგრამ სწორედ მათ სიჩაუქეზეა დამოკიდებული, რამდენად მიახერხებენ სულ მალე დაწყებულ საკონსტიტუციო ბატალიებში ჯერ საზოგადოების, ხოლო შემდეგ (რამდენადაც ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის დიდი იმედი გიორგი მაზმანიანის და ორგანიზაცია „ქართველი პატრიოტების“ გარდა ბევრს არ უნდა ჰქონდეს) – უცხოური ისტებლიშმენტის მხარდაჭერას! მიხეილ სააკაშვილი ადრეც საკმაოდ გულუხვი იყო საკონსტიტუციო თერძების მიმართ, და არც ახლა დაიშურებს შავი დღისთვის გადანახულ ოქრო-ვერცხლს თუ თვალ-მარგალიტს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, იმით გაცოფებული, რომ მისი და თერძების 2010 წლის გენიალური ჩანაფიქრი შეიძლება გენიალურად გაცამტვერდეს, რაიმე ცუდი კომპრომატებით დაემუქროს მათ. ყოველ შემთხვევაში ადრე მარადმღიმარი დემეტრაშვილის სულ  უფრო მჭმუნვარე შუბლი ამის განცდებს მიქმნის… თუმცა ეს ბავშვურად გაღიმებული ოთო კია ყოჩაღდემაგოგიურად, მაგრამ მაგას რა ენაღვლება, მაგის შეკერილი ხომ არ იყო კონსტიტუცია, მაგას კი შეუძლია რაღაც ეტაპზე შეატრიალოს კეხი, მაკვარანცხი ტიპი ჩანს ნამეტანი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სწორედ კონსტიტუციონალისტების ჭიდილში მნიშვნელოვანწილად გადაწყდება, ვის ექნება სერიოზული უპირატესობა. ჯერ ჯერობით ეს უპირატესობა მაინც სააკაშვილის მხარეზეა – მას ხომ არაფრის ცვლილება არც ჭირდება – ის ვარიანტი აწყობს, რაც ამჟამად წერია კონსტიტუციაში და თან მას ჰყავს თითქოსდა გაუჭრელი ჯოკერი – ბათუმში ავი თვალისაგან საგულდაგულოდ, მზეთუნახავივით გადანახული საკონსტიტუციო სასამართლო და მისი უფროსი – გიორგი პაპუაშვილი! აბა, აიწიეთ ხელი, ვის გახსოვდათ საერთოდ ეს კაცი, რომელიც ერთ დროს მიშას პირველი იუსტიციის მინისტრი იყო? არავის არ გახსოვდათ? მეც არ მახსოვდა. საერთოდ მეგონა, რომ ეკა ხოფერიას სიძეობის გარდა სხვა ოფიციალური პოსტი არც ეკავა. თურმე ნაკავება და მერე – რანაირი! და მაინც, როცა გიორგი პაპუაშვილზე და მის სერიოზულ ჯოკრობაზე იფიქრებთ, არის რაღაც ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია და ამაზე ბოლოს ვიტყვი.
  4. ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრიზო სამეულთან ახლოს მაინც იყოს. მერაბიშვილი ის კაცია, ვინც ყველაზე დიდხანს გაძლო ნაცმოძრაობის მინისტრად და თან ძირითადად ერთ ადგილზე – თანაც ყველაზე სერიოზულ მინისტრად! მაგრამ იგი ამავე დროს ის კაციცაა, ვინც საქართველოში ყველაზე ცოტა ხანს გაძლო პრემიერ-მინისტრად! 🙂 ვანო საკმაოდ გამოუცნობ როლს თამაშობს, რომელიც, ვეჭვობ, თავადაც აღარ იცის ბოლომდე. იყო პერიოდი, რეჟიმის მთავარი ხერხემალი იყო. მერე კი ხალხს ივანიშვილის ფარული მოკავშირეც კი ეგონა (სხვათაშორის, მეც მქონდა ეს აზრი). ვანოს ამაღლება ბევრმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ სწორედ იგი დანიშნა მიშამ „მემკვიდრედ“ (აი ეგ კი არასოდეს მიფიქრია – მიშა იმ ადგილზე, რომელიც სათავისოდ უნდა, თავის თავის გარდა არავის – თავის შვილსაც, არ დანიშნავს მემკვიდრედ!), მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო – ვანოს შსს-დან დაშორებამ მიშას, ფაქტიურად, მხოლოდ პასივები გაუმრავლა და თუ მანამდე ვანო იქნებ არც იყო ივანიშვილის თამაშში ჩაბმული, მერე კი უნებლიედ სწორედ ის გააკეთა, რაც ივანიშვილისთვის იყო სასარგებლო – ახალაიას დაარტყა…  ამჟამად მერაბიშვილს ძალიან მძიმე პოზიცია აქვს – ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ იგი თავის გუნდში ერთპიროვნულ ლიდერობას ვერ ჩაიგდებს ხელში,  მაშინ მას სწორედ ამ გუნდიდან შეიძლება მეტი საფრთხე დაემუქროს, ვიდრე ივანიშვილისაგან. რადგან ყველას – მიშას, ახალაიების, ბოკერიას და უგულავას – თვალში ვანომ მინიმუმ „ვერ ივარგა“! ვანო ახლა ნაცმოძრაობის ლიდერების უსიტყვო შეთანხმებით ჯერ სახემწუხარი პიერო-2 იყო, მაგრამ მიშამ ჩამოართვა ეს როლი, მერე კასანდრობაში შეეზიარა მიშას (ნათელხილულობს იმაზე, როგორ დაიქცევა პოლიცია, როგორ დაირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში, როგორ გამეფდებიან ქურდები…), მაგრამ ბოლოს (პასპორტაღრევის შემდეგ) უფრო მიყუჩდა და სეთურის ზებოს როლი მოირგო – ჩუმად სადღაც ზის და ნაცმოძრაობის იმედს ინახავს. მას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს – მიშისტების „ჟერმინალში“ (ფრანგული რესპუბლიკის კალენდრით – 21 მარტიდან 20 აპრილამდე) შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან უმტკივნეულოდ დაბრუნება უნდა უზრუნველყოს! ხოლო შემდეგ იქნებ ისევ პრემიერ-მინისტრობას გამოჰკრას ხელი (მიშას დიზაინით – რა თქმა უნდა მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე). როლი კი გაწერილია და შეიძლება სააკაშვილმა სულაც მარტშივე მოინდომოს ვანოს გამინისტრება (როგორ უკაწკაწებს კბილები მიშას!), მაგრამ არა მგონია, ვანო ვერ ხვდებოდეს, რომ ეს „კონსტიტუციური გადატრიალება“ ისეთ რამეში შეიძლება გადაიზარდოს, რომ ან თავი წააგოს, ან სწორედ მასზე გამოიცადოს ნაცმოძრაობის მიერ შეყვარებული და დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის მაქსიმუმი. თანაც ისიც ძალიან საინტერესოა, რამდენად ენდობა ვანო სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, და, სავარაუდოდ, სააპრილო სცენარის  თავშივე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ციხიდან გამოშვებული ბაჩო ახალაიას მიმტევებლობას. ამდენად, რაღაც ეტაპზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვანო ნაცმოძრაობის უპირობო (და არა მარტო ოქტომბრამდე სათამაშო) ლიდერის როლს ვერ მიიღებს, მას შეიძლება ერჩივნოს, როგორც იტყვიან – „სამიანი და ჯანმრთელობა“. ფული ადეიშვილზე მეტი ექნება ალბათ და წასვლასაც უკეთ მოახერხებს (თუ ისევ სხვა პასოპორტი არ ამოიღო გულისჯიბიდან).
  5. გიგი უგულავა გარეგნულად ყველაზე მაგრადა დგას! ადამიანი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების წინ ყველაზე დაჩაგრულად ჩანდა ნაცმოძრაობის ლიდერთა შორის – ახლა ფაქტიურად სააკაშვილზე მეტ რესურსებს განაგებს! მას ჯერ კიდევ 2-წლიანი მმართველობის ვადა აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რა შავად აქვთ საქმე უგულავასთან დაახლოებულ პირებს, მალე მისი დაკითხვაც არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში დღეს გიგი უმუშევარი ნაცბანდის მთავარი დამსაქმებელია და ქალაქის სამსახურების საბოტირებით თუ ამუშავებით გარკვეული ვაჭრობის რეზერვიც გააჩნია უმრავლესობასთან. თუმცა, მისი პირველი ნაბიჯები იმდენად მოუქნელი და ამპარტავანი იყო, რომ ვეჭვობ, ივანიშვილს უგულავასთან სერიოზული მოლაპარაკების მინიმალური სურვილი ჰქონდეს! გიგის ძალიან სერიოზულად შეეშალა, მერიისთვის თანხების და დაცვის სამსახურის გადაქაჩვების, ხოლო ჯანდაცვის პროგრამების მთავრობისათვის „გადმოლოცვის“ ფონზე „პრავების კაჩავი“ რომ დაიწყო, და ახლა მისთვის ყველაფერი ნათელია – ან ნაცმოძრაობის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ან ცუდად ექნება საქმე. გიგი – ისევე როგორც მიშა და ვანო სევდიან სახეს ატარებს და მისტირის „დაკარგულ ინვესტიციებს“ და დაკარგულ შანსებს, 600,000 მოქალაქის სვე-ბედზეც ხშირ-ხშირად ჩივის ადრე მხოლოდ სანათესაოს და სამეგობროს ბედზე მოფიქრალი მერი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც – მიშასგან და ვანოსგან განსხვავებით გიგი სრულ „ძაძებში“ არაა და ხანდახან რაღაცეებს ხსნის, ლენტებს ჭრის, ღიმილის დემონსტრირებას ახდენს… პოზიტივსაც აწვება, მოკლედ…
  6. გიგა ბოკერია ყველაზე ჩუმადაა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მიშა იმითაა ყველაზე უფრო გათანგული, რომ გრძნობს, დასავლეთმა ისიც ისევე დაივიწყა და გადააგდო, როგორც თავის დროზე იმედების ვერგამამართლებელი შევარდნაძეო… და თუ ეს ასეა, უცხოეთის მიმართულება და უცხოელებთან ლაციცი ხომ გიგა ბოკერიას პირველადი ამოცანა იყო? – აბა სხვა რას აკეთებდა ე.წ. უშიშროების საბჭო, რომელიც სწორედ რომ მიშას უშიშროების საბჭოდ ფუნქციონირებდა?! ახლა კი ლამის 30-მილიონიანი ბიუჯეტი 2 მილიონს ქვემოთ ჩამოუყვანეს. აბა, აწი ვინ გადაუხდის ლობისტურ კომპანიებს? ბოკერიას როლი მომავალ თამაშებში არაა ბოლომდე ნათელი. არაა გამორიცხული, მან თავისი თამაში ითამაშოს, რადგან ის ცნობილი თვითნაბადი ხალხური ზოდი, ჯერ „24 საათში“, ხოლო შემდეგ ეკა კვესიტაძის აქცენტებში რომ ამოხეთქა ნათია მეგრელიშვილის „ვაიმერაექსპრესიულია“ პიროვნებით, სააკაშვილის გვერდით სწორედ იმ ხალხს ასახელებდა მუდმივად, ვინც ბოკერიას ფრთას შეადგენს და მთავარი საყვედურიც მიშასადმი ეს იყო – ამათი მიჩქმალვა და უკან გადამალვა რამ გაფიქრებინაო?! სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას როლი უფრო მისი ბენდუთკურთხეული მეუღლის ტელევიზიის ამოქოქვის შემდეგ გაცხადდება – თუ ეს ტელევიზია, ივანიშვილის განქიქების გარდა, ძირითადად მიშას რეკლამით იქნება დაკავებული, მაშინ აშკარა გახდება, რომ ბოკერიას ისევ რუხი კარდინლობა ურჩევნია ავანსცენაზე გამოსვლას. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მალე ნაცმოძრაობის რებრენდინგის გამო სწორედ მიშას გადამალვა და გიგას გამოჭენება გახდეს მომხიბვლელი იდეა?! ბოკერიას ვერც დიპლომატიას დაუკარგავს კაცი და ვერც იმას, რომ თუ ვინმე ჯერ კიდევ პოპულარულია სააკაშვილის გუნდიდან დასავლელი პოლიტიკოსებისათვის (ვილფრედ მარტენსი არ მყავს მხედველობაში), ეს სწორედ ბოკერია უნდა იყოს. ასე რომ არ ვიცი, რამდენად მოიგებს ნაცმოძრაობა ქართულ საზოგადოებასთან ბოკერიას წინ წამოწევით, მაგრამ დასავლეთში რომ კოჰაბიტაციის და მოქნილობის მის პოტენციალს უკეთ აფასებენ, ვიდრე სააკაშვილისას, ეს, მგონი, უკვე საეჭვო აღარ არის.
  7. იმისათვის, რომ პიეროებმა და კასანდრებმა საწუწუნო, სატირალი და მოსათქმელი თემების დეფიციტი არ განიცადონ, მიშასთვის აუცილებელი ხდება ირგვლივ ნაწამები წმინდა სებასტიანების არსებობა! საბედნიეროდ, ამის დეფიციტს იგი არ განიცდის, ჯერ ბაჩო ახალაიას ცოტნედ დადიანად კურთხევა მოხდა, მერე გიგი კალანდაძე და თენგიზ გუნავა იქცნენ კამელოტის კურთხეულ რაინდებად, ბოლოს ნიკა გვარამიას გაუჩნდა ჯორდანო ბრუნოს პერსპექტივები! მიშას ამ მხრივ მომავალშიც არ ექნება დეფიციტი – „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიანად, მაგრამ მაინც უარი თქვა დაკითხვების და დაკავებების შეჩერების ტაქტიკაზე, რაზეც დასავლეთი საკმაოდ გამჭვირვალედ უბიძგებდა. მთავარი მიშასთვის ისაა, რომ ეს ხალხი მაქსიმალური შესაძლო იმუნიტეტით აღჭურვოს. ალბათ, ძალიან ნანობს ბაჩო ახალაიას გადაყენებას – ამით ხომ ფაქტიურად ირიბად აღიარა მისი შესაძლო ბრალეულობა! რა იცოდა, რომ მაინც წააგებდა არჩევნებს, თორემ ბაჩოს კი არ გადააყენებდა, სულაც წმინდანად გამოაცხადებდა. სამაგიეროდ, ახლა ცდილობს მაქსიმალურად – როგორც კი ვინმეს საფრთხე დაემუქრება, მაშინვე თანამდებობას ურიგებს – ნიკას – გამოძიების დაწყებისთანავე სასწრაფოდ ტელევიზია უბოძა, გუნავას – სამეგრელო-ზემო სვანეთი, გიგი კალანდაძე – დააბრუნა გენშტაბის უფროსად, თუმცა არ გამოუვიდა. ამ პირებს ძალიან სერიოზული ამოცანა ეკისრებათ: ა) უნდა დაამტკიცონ, რომ მიშიკოს შაგრენის ტყავივით შეკუმშულ არეალში მაინც რჩება ნავსაყუდლები, სადაც მისი სიტყვა კანონია, და ბ) თუკი მათ მაინც დააკავებენ, შექმნან მთელი მსოფლიოს გასაგონად მაქსიმალური ვაების საფუძველი. მართლაც, ნიკა გვარამიას დაკავებისას, ის რომ მას ინტელექტუალობასთან ერთად უკვე „დამოუკიდებელი“ (დამოუკიდებელი არა, – კვახი!) მედია საშუალების დირექტორის მანტია ჰქონდა, ამან გარკვეული როლი მაინც ითამაშა. თუმცა, როგორც ვნახეთ გიგი, კალანდაძის მოტრიალება ვერ მოხერხდა და მაინცდამაინც ამას არც ჰქონია მისთვის დამცავი ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, რომ პირიქითაც – კალანდაძე მართლაც რომ წასულიყო სასწავლებლად, იქნებ ინტერპოლი მის საძებნელად არც შეწუხებულიყო… ვნახოთ, რა მოხდება გუნავას შემთხვევაში. ვფიქრობ, მისი დანიშვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად იქ მიმდინარე საკმაოდ სერიოზული დაპირსპირების დაშოშმინებას სულაც არ შეუწყობს ხელს. საკითხავი ისაა, საერთოდ თუ შეიძლებოდა ძიებაში მყოფი პირის გუბერნატორად დანიშვნა (კალანდაძე ხომ სწორედ ამიტომ ვერ აღადგინა). თუ მთავრობა მოახერხებს იმის დემონსტრირებას, რასაც წულუკიანი და კბილაშვილი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ დანაშაულის არსებობის პირობებში ვერავითარ თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია და იმუნიტეტი ვერ იქნება, მაშინ შეიძლება ამ პიროვნებებმა სულ სხვა კუთხით შეხედონ საქმეს – პირადად მათთვის უარესი ხომ არ არის ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა? ამ კითხვის დასმის საფუძველი განსაკუთრებით მაშინ ხდება აშკარა, როცა იმ ორ თანამდებობის პირზე ფიქრობ, ვინც სადაც არ სჯობდა, იქედან სასწრაფოდ გაცლა აჯობეს – ადეიშვილზე და შაშკინზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ორი მინისტრი გახდა სააკაშვილის ხელისუფლების კრახის ერთ-ერთი ნიშანსვეტი! რაც არ უნდა ივიშვიშონ მარტენსმა და სხვებმა უცხოეთში იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შესაძლოა„პოლიტიკური მოტივაციით“ აკავებს ყოფილი ხელისუფლების პირებს, ჯერჯერობით, სანამ არცერთი არაა გასამართლებული და სანამ არცერთის მიმართ პატიმრობაში უსამართლო მოპყრობის ფაქტები არ არსებობს, ძალიან ძნელია ახსნა, რატომ გაშპა ქვეყნიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი? თან ისე, რომ უფლებამოსილების მოხსნა და დამშვიდობებაც კი არ უფიქრიათ? და თუ მათი „დევნა“ უეჭველია, რატომ არ ცდილობენ ისინი, შეხვდნენ უცხოურ მედიას და მისცენ ვრცელი განმარტებები იმ ბრალეულობის შესახებ, რაც მათ მიმართ შეიძლება იყოს? ეს განსაკუთრებით ადეიშვილს ეხება, რომელიც შაშკინისაგან განსხვავებით ძალიან ცდილობს, კვალი არიოს და დაიმალოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი და მისი გუნდი ძალიან ეცდება, ადეიშვილი დაითანხმოს ქვეყანაში დაბრუნებაზე, ან იმაზე მაინც, რომ მან უცხოეთის მედიასთან დაიწყოს ინტერვიუების მიცემა და ამით ცოტა აღადგინოს ნაცმოძრაობის შელახული იმიჯი. არ ვიცი, ეს რამდენად მოსალოდნელია, მაგრამ ნაცმოძრაობისთვის ამას სერიოზული წონა მართლაც ქნება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერპოლი ცირკულარით ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდება, ამას ასევე ექნება სერიოზული წონა თავად ადეიშვილისთვისაც :).
  8. მედიაფრონტზე სააკაშვილის გუნდი საკმაოდ ცუდ დღეშია. „იმედი“ დაკარგეს (ერთადერთი შვება ის ვერ იქნება, რომ გიორგი არველაძის ცოლმა შეინარჩუნა თანამდებობა). ეს განსაკუთრებით მტკივნეულია იმიტომ, რომ „იმედს“, განსხვავებით „მაესტროსაგან“, „კავკასიისაგან“ და მე-9 არხისაგან, მთელი საქართველო უყურებს. რუსთავი2-მა უნდა თქვას – „ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა სინათლეო“… ნიკა გვარამია ვითომ იხტიბარს არ იტეხავს, მაგრამ მაინტერესებს, როგორ დაასაბუთებს სასამართლოზე, რომ რაც მერაბიშვილს ებაზრა, იმაში ყველაფერი პატიოსნად იყო… ნაფტალინიდან ნინო შუბლაძის ამოღება არა მგონია, საქმეს შველოდეს. თან შუბლაძე არ ჩანს ისეთი მატროსოვი, ხალხისთვის ძლივს მივიწყებული სახელი ისევ სახსენებლად რომ ემეტებოდეს და ვინ იცის, რამდენად „შეუპოვარი“ იქნება… ამ ფონზე ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი იმედები მაინც “ტაბულა ტვ”-ს უკავშირდება. სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის ცნობილი თანამეცხედრის, მარადი ლიბერტარიანელის და სტრასბურგში მარად სანატრელი (თქვენ იკითხეთ, თორემ მე თუ გადავწყვეტ, მაშინვე ძალიან კარგ სამსახურს მინახავენ სტრაბურგშიო) თამარა ჩერგოლეიშვილის “ტაბულა ტვ” უნდა გახდეს როგორც ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების განქიქების ყველაზე აქტიური მოტორი, ასევე ის ასპარეზი, სადაც დარცხვენილი და პირშიჩალაგამოვლებული ნაცმოძრაობის ლიდერები თავს მართლა ლაღად იგრძნობენ და მოყოჩაღდებიან, თორემ დავით ბაქრაძის დაბნეული სახე რომ მახსენდება არჩევნების შემდეგ “პოლიტმეტრში”, ისეთი საცოდავი იყო, ლამის გული მომილბა :). თავიდან გამოკვირდა, რომ გავიგე, ღამის 8 საათიდან დილის 8 საათამდე ექნება “ტაბულას” მაუწყებლობაო, ეტყობა, მიშამ თხოვა, რომ არაფერი გამოტოვოს და შოკოლადივით  ჩაატკბარუნოს დეპრესიის მოსახსნელად. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს ახალგაზრდულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. მიშას ყველაზე დიდი კრახი ხომ ბოლო არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და ლამის 100%-ში საპროტესტო მუხტი იყო. ვიღაცამ დაწერა ფეისბუქზე (სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ვინ) – “ტაბულა ტვ”-ს სლოგანი იქნება „სისტემა უნდა დაინგრესო!“ 🙂 ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩერგოლეიშვილის სამიზნე აუდიტორია ახლა „ზაოგადსტატისტიკური ჟუჟუნადან“ ზოგადსტატისტიკური თინეიჯერი გახდება. საინტერესოა, ჩერგოლეიშვილის ფონდის მთელი გამგეობა გადმოერთვება ტაბულა ტვ-ს ამოსაქოქად? გასაგებია, რომ ბენდუქიძის ფულები შეუცვლელია და ლიფონავა-დევდარიანი სერიალურ კრეატიულობას უზრუნველყოფენ, მაგრამ გიგა ზედანია, რომელიც რადიო “თავისუფლებაზე” სულ იმას ცდილობდა, პოლიტიკური თემებისთვის თავი აერიდებინა, და კინოკრიტიკოსის როლი ეთამაშა, რამდენად აუბამს მხარს პოლიტდემაგოგიაში გია ნოდიას? ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სრულიად მოულოდნელად “აიეტი” და “სილქნეტი” მგონი უარს ეუბნებიან “ტაბულა ტვ”-ს ტრანსლიაციაზე, რაც (ამ კომპანიათა მფლობელობიდან გამომდინარე) გამჭვირვალედ მოდელირებული მგონია. ალბათ, ჩი-ბი-ბი-სის (Chergo-Bendu Broadcasting Company) უნდა, ქართველი ერის მიერ სულიერი საზრდოს მოთხოვნის პროტესტით შემოგლიჯოს კარი, რომლის უბრალოდ შემოღება არაეფექტური იქნებოდა.
  9. დაბოლოს, ძალიან სერიოზული როლი – კოლექტიური WE PROTESTO! პროტესტი, რომელიც ორ განსხვავებულ დონეზეა გაყოფილი – ა) პარლამენტის სცენა, სადაც ცნობილი დემაგოგები მღერიან  – გაბაშვილი, მინაშვილი, წიკლაური, ხაჩიძე, ნადირაშვილი, თარგამაძე, დარჩიაშვილი, გოგორიშვილი, თაქთაქიშვილი, ხაბაზი… ასევე ახლადშემომატებული მეც-ხომ-სოპრანოები – საჯაია და ბოკუჩავა – ურტყამენ პარტიებს და ბ) სასწრაფოდ კლონირებული მიშმადიდებელთა არმია ფეისბუქზე – თეა თუთბერიძის, ირმა გაჩეჩილაძის, თეა მიქაიას, ეკა ეკიზაშვილის და სხვა მიშმადიდებელი მანდილოსნების თამადობით, რომელთა ძირითადი ფუნქციაა მარად ამრავლონ ან გამოიგონონ ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია („დენი არ არის!“, „შუქი არ არის!“, „გაზი არ არის!“, „პატრიოტიზმი არ არის!“, „გართობა არ არის!“, „ფეიერვერკი არ არის!“, „ლენტის გაჭრები არ არის!“ „კუტუნიო არ არის!“… არ გამიკვირდება – „თბილი წყალი არ არის!“… :), და თავისი მარადიული პრუტუნით და ლაილაით აუტანელი გახადონ ფეისბუქზე იმ პირთა კედლებზე დისკუსია, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში სდებენ ბრალს. თეა თუთბერიძის განსაკუთრებული ფუნქციაა საკუთარ თავის მიმართ ისეთი აგრესიის გამოწვევაც, რამაც შეიძლება ვინმეს მისდამი ფიზიკური შეურაცხყოფის პროვოცირება მოახდინოს. რაც სააკაშვილის რეჟიმს მალე შეიძლება მართლა შეიძლება დაჭირდეს, ეს იქნება რომელიმე მხარდამჭერის ნაგვემი და ნათრევი სხეული, რომელსაც მთელი მსოფლიოს სანახებლად საზეიმოდ გამოფენენ, რათა „მხსნელი და ბრძენი“ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნა ქვეყნის გადარჩენის უალტერნატივო ნაბიჯად შერაცხონ. ამიტომ, ნებისმიერი შემთხვევა პატრულის მიერ ვინმეს სადმე წაყვანის და ცემის შესახებ ძალიან სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული და დადასტურების შემთხვაში ეს პატრული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მალე ასეთი ეპიზოდზე „დაზარალებულიდან“ შეკვეთაც მოვიდეს.

შეიძლება, სულ ეს იყოს. არადა, 2-3 წლის წინ მიხუკანობაზე რიგი იდგა. პარტია 70 წლის შემდეგ აპირებდა მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრის რეჟიმში გადართვას… Sic transit gloria mundi…

კიდევ არიან ყოფილი მთავრობის პოლიტიკოსები, რომლებიც მკვეთრად ასოცირდებიან მიშასთან და ნაცმოძრაობასთან – მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი… სხვებიც, და რაც მთავარია, – დავით ბაქრაძე. მე მგონი, არავინ, მათი ჩათვლით, არ იცის ზუსტად, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ისინი, როცა გადამწყვეტი ბატალიების დრო მოვა. იგივე ეხება გიორგი პაპუაშვილსაც, რომელიც ყოველთვის იმას ასრულებდა, რაც მიშას სურდა, მაგრამ ტექტონიკური ცვლილებებისას ხანდახან გადარჩენის ინსტიქტი სჯობნის მსახურების ჩვევას. განსაკუთრებით, თუ თავად არ არის ადამიანი სერიოზულ კრიმინალში გასვრილი.

და საერთოდ, არც ისაა საბოლოოდ გარკვეული, ზუსტად როდის დადგება ეს – გადამწყვეტი ბატალიების – დრო…

ჯერ ხომ არცერთი სასამართლო არ გამართულა. და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ეს სასამართლოები და რა შედეგს მოიტანს, ან როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს მის მერე, რაც ყოფილი ხელისუფლების პირების დანაშაულებზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს, ძალიან არის დამოკიდებული ისიც, რამდენად მძაფრი იქნება უკვე არავისთვის საიდუმლო ეს ბატალიები, ან – იქნება თუ არა საერთოდ ბატალიები. რადგან თუ ზემოთჩამოთვლილმა მიხუკანებმა ხალხის ფართო მასები ვერ აიყოლიეს პათოსში, მაშინ მათ მაშინ კი უკვე ფაქტად ქცეულ “უკანასკნელობას” მხოლოდ გროტესკული და ანეგდოტური ელფერი ექნება, დაახლოებით ასეთი:

–         მახსოვს, 2013-ში, ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ აპრილს რომ ელოდებოდა… 🙂

P.S. და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ზუსტად მოახერხებს „ქართული ოცნება“ რისკების პრევენციას და ამ, სავარაუდოდ, ბოლო სახიფათო ეტაპის გადალახვას. არის ნიშნები, რომ „ოცნებაში“ წარმატებისაგან თავბრუდახვევა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, არადა, რუბიკონი ჯერ კიდევ ფეხქვეშაა… პოლიტიკაში, როგორც ცხოვრებაში, ორი მთავარი საფრთხეა – სასოწარკვეთა/ნიჰილიზმი და გაყოყოჩება/თვითკმაყოფილება… არავინ იცის, როდის რომელი უფრო საშიში შეიძლება აღმოჩნდეს…