არჩევნები 2016 – ასპექტები: 2. სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები


2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად დარჩება თავისებური ბატალიები სოციოლოგიურ-სტატისტიკურ კვლევათა ავტორებს, დამკვეთებსა და მხარდამჭერებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, არა იმდენად მოსახლეობის განწყობათა სტატისტიკური შესწავლა მოახდინეს, რამდენადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის განწყობების შესაძლო მოდელირება ან – ამ მოდელირების პრევენცია ჰქონდათ მიზნად.

ფრონტი რუსთავი2-მა გახსნა, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი გერმანული კომპანია GFK დაიქირავა. რუსთავი2-ის დირექციის მიერ ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, რომ წინა საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ შერჩეულმა ამ კომპანიამ ცესკოს შედეგებთან მიახლოებული მაჩვენებლების პროგნოზირება გააკეთა ეგზიტ-პოლში. თუმცა არც ექსპერტებს და არც მოსახლეობას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ GFK-მ, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა მოწვეული ეგზიტ-პოლის ჩასატარებლად, რეალობისაგან მეტად  (22%-ით!)  აცდენილი შედეგი დადო, როცა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას თანაბარი – 33%-33% პროცენტიანი შედეგი დაუწერა, რაც ცესკოს საბოლოო შედეგისაგან არა დასაშვები 2-3%-ით, არამედ ლამის 15%-ით აღმოჩნდა განსხვავებული.

ძველი ლაფსუსის გამართლება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექციას (გია ჭანტურიას) გადააბრალა, იმათ ვერ გაიგეს და შედეგები ისე გამოაცხადეს, რომ ეგზიტ-პოლში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა არ გამოაკლესო. ეს “ახსნა-განმარტება“ უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი შალვა რამიშვილმა მალევე მოიპოვა 2012 წლის კადრები, სადაც სწორედ GFK-ის წარმომადგენელმა (და არა გია ჭანტურიამ) გამოაცხადა ეგზიტ-პოლის ზემოთდასახელებული შედეგები. თანაც, როგორც არ უნდა დათვალო – გინდათ, უარისმთქმელთა გათვალისწინებით, ან მათ გარეშე, თუ ორ პარტიას ზუსტად თანაბარი შედეგი (33%-33%) ჰქონდა, ეს შედეგები, კვლევაში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა გაბათილებით კი მოიმატებდა, მაგრამ  სიმეტრიულად – 47%-47%-მდე მოიმატებდა, ხოლო ორ პარტიას შორის ცესკოს მიერ დაფიქსირებული 15%-იანი განსხვავება ჰაერიდან ვერაფრით გაჩნდებოდა! ნიკა გვარამია კია ცნობილი, როგორც ნიჭიერი, მაგრამ ეგრეთ დაბოლებას ჩვენ „არ ვჭამთ“! D:D

უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ რუსთავი2-მა ცოცხალი თავით არ მოინდომა იმის გამხელა, გერმანულ კომპანიას ვინ უტარებდა ადგილზე საველე სამუშაოებს. საბედნიეროდ, GFK-მ თავად არ ისურვა ზედმეტი კუკუდამალობანას თამაში და გულახდილად აღიარა, რომ ეს კომპანია ნაცმოძრაობის დეპუტატის და დეპუტატობის კანდიდატის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის მიერ დაფუძნებული და მისი მეუღლის – ანი თარხნიშვილის მიერ დღემდე მართული კომპანია BCG იყო. ამან, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს საზოგადოებისათვის რეალობის მოდელირების ფუნქცია უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე რეალობის დადგენა. ამის გამჟღავნების შემდეგ, ნიჭიერთა და საზრიანთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა და ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ ასეთი ფანტასმაგორიული ახსნა შემოგვთავაზა: ის კი არაა მთავარი, საველე სამუშაოებს ვინ ატარებსო (თარხნიშვილის ცოლი, თუ რომელი კამპანიაო)! და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა – სამუშაოთა მთავარი შემსრულებელი GFK იქნებოდა, თუ ვინმე სხვაო! მთავარი – დამკვეთიაო!!  ანუ, კვლევის ხარისხის გარანტიისთვის რუსთავი2 ყოფილა მთავარი და უმთავრესი ფაქტორი – შეუცდომლობის ვარსკვლავი და სისპეტაკის აპოთეოზი! ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, „ნიჭი“ არ მეყოფა! 🙂

სამწუხაროდ, არც იმედის მიერ დაქირავებული კომპანიის JPM-ისა და მის მიერ საველე სამუშაოებისათვის შერჩეულ GORBI-ის კვლევების მიმართ არსებობდა საზოგადოებაში მაღალი ნდობის ფაქტორი. JPM ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიოში ანალოგიური კვლევების გრანდებს, ხოლო GORBI-ის ნაცმოძრაობასთან დაახლოებული წრეები მის მიერ პოლიტოლოგიური კვლევების სიმცირეს უწუნებდნენ. აღნიშნული ეჭვები გააძლიერა პირველი კვლევის პრეზენტაციის დროს დაშვებულმა რამდენიმე ტექნიკურმა უზუსტობამ, მაგალითად იმან, რომ კვლევის პროცენტების ჯამმა არა 100%, არამედ 101% შეადგინა. ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც კითხვის ქვეშ აყენებდა, რომ განსხვავებით NDI/CRRC და IRI/IPM  კვლევებისაგან, JPM-ის კვლევებში ქართული ოცნების უპირატესობა ნაცმოძრაობისაგან არა 2-3%-ით გამოხატებოდა, არამედ ორმაგი, ხოლო ოქტომბერში კი – კიდევ უფრო მაღალიც – კი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყველა კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3-ს მაინც არ ჰქოპნდა ბოლო დღეებამდე არ ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, ან – არ აპირებდა მის გამხელას.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი გამოკითხვის პროგნოზი, თანაც არც არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი, არ გამართლდა. მათ შორის ის ეგზიტ-პოლიც, რომელიც 4 ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ TNS-მა ჩაატარა (ისევ იმავე GORBI-სთან ერთად).

არ დადასტურდა GFK-ის (ისევე როგორც NDI და IRI) კვლევებზე დაყრდნობილი მოლოდინები იმაზე, რომ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის სხვაობა მინიმალური იქნებოდა – ეს სხვაობა 21%-ს აჭარბებს! ისევე როგორც არ დადასტურდა TNS-ის ეგზიტ-პოლის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება 2.5-ჯერ და მეტად უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე ნაცმოძრაობა (ეს სხვაობა 1.8-ჯერ მეტი იყო მხოლოდ). ახლა, ორივე ამ კომპანიის ხელმძღვანელობას ასახსნელი ექნება, როგორ მოხდა, რომ ეგზიტპოლების 1-2%-იანი სავარაუდო ცდომილების ნაცვლად ეს ცდომილება ლამის ორმაგი ციფრებითაა გამოხატული. სწორედ ამიტომ ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ოთხეულში მონაწილეობა მიეღო.

და მაინც, თუ ციფრებს კარგად დავაკვირდებით და გარკვეულ ანალიზს მოვახდენთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთება იმაზე, სად იყო უფრო მეტი და უფრო ნაკლები სიზუსტე თუ ტენდენციურობა. და, რაც მთავარია – აწი რა ვქნათ – საბოლოოდ დავასაფლაოთ ეგზომ დისკრედიტირებული სოციოლოგიური კვლევები, თუ უბრალოდ, ის გავასწოროთ, რაც გასასწორებელია და რასაც, სამწუხაროდ  ჯიუტად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა – შინაურიც და უცხოელიც… – როგორ აღვადგინოთ სოციოლოგიური კვლლვების სიზუსტეც და მათდამი საზოგადოების ნდობაც.

======

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა, არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა: დროში, ველში, გამოკითხულთა რაოდენობაში, დათვლის შემდეგ ექსტრაპოლირების მეთოდებში და ა.შ. რაც მთავარი – კვლევას ატარებ მაშინ, როცა ხმა ჯერ არ მიუცია ამომრჩეველს. ხოლო ეგზიტ-პოლს – უკვე ბიულეტენის ურნაში ჩაგდების შემდეგ (თუმცა ეს სულაც არაა გარანტია, რომ ამომრჩეველი თავის არჩევანს პირუთვნელად გაგიმხელს). და მაინც ამ განსხვავებებზე, მირჩევნია, პროფესიონალებმა ისაუბრონ.

მე კი მოკლედ გეტყვით –

ა) მთავარი პრობლემა სწორედ სოციოლოგიურ კვლევებში იყო!

ბ) ეგზიტ-პოლების მაღალი ცდომილების პრობლემა (ნაწილობრივ მაინც) ძალიან იოლად ახსნადი მგონია.

გ) ეგზიტ-პოლებზე, დროებით, აჯობებს, უარი ვთქვათ – არაფერს მაგით არ წავაგებთ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტ ხანს მოგვიწევს ცესკოს დაველოდოთ! თუ ცესკოს კონტროლი გვსურს, აჯობებს, პარალელური დათვლის არსებული გამოცდილება გავაგრძელოთ.

დ) ხოლო სოციოლოგიურ კვლევებში კი მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებები გავატაროთ და “ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ” 🙂  როგორც არაპროფესიონალიზმი, ასევე და უფრო მეტადაც კი – იქ გამეფებული პოლიტიკურად მოტივირებული გაყალბება, რომლის მთავარი არეალი ის მგონია, სადაც უცხოური კომპანიები შეგნებულად არ შედიან, რათა არც თავი დაიღალონ და არც რეპუტაცია შეიბღალონ – კვლევების ველი. სწორედ ველშია ძაღლის კუდები დამარხული!

====

წარმოგიდგენთ 4 ცხრილს, სადაც GFK-ის და JPM-ის 2-2 კვლევაა ასახული. საბედნიეროდ, ეს კვლევები თითქმის დაემთხვა დროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:

gfk-1-aug

jpm-1-sept-geo

gfk-2-oct

jpm-2-oct-geo

როგორც თავად ხედავთ, კვლევების შედეგები (4-ვე მათგანში!) მკვეთრად აცდენილია არჩევნების საბოლოო შედეგებს. თავისთავად ეს ფაქტი გასაოცარი არ არის ორი რამის გამო – ჯერ ერთი, ეს კვლევები არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ჩატარდა და თეორიულად შეიძლებოდა, რომ ამომრჩევლების განწყობებში უკვე შემდგომ სერიოზული ცვლილებები მომხდარიყო. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს NDI-ის  და IRI-ის კვლევების ავტორებმა და თანამონაწილეებმა სწორედ ახსნეს კატასტროფული ცდომილება, რომ მათ კვლევებსა და არჩევნებს შორის საკმაო დრო და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები (მაგ. ციხის კადრების გასაჯაროვება) იყო მოქცეული.

მეორე შესაძლო მიზეზი კი არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, (29-41%), რომელიც თავის არჩევანს არ ამხელდა, ან გამოკითხვის ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ფაქტორი 2012 წელსაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, მაშინ დაშინების და ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან მოსალდნელი რისკების გამო, ხოლო ამჟამად,  სავარაუდოდ, ამომრჩევლის ბოლო მომენტამდე მოცდით შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად განპირობებული.

თუ დავაკვირდებით 6 პირველ ადგილზე გასული პარტიებთან მიმართებაში ე.წ. ჯამურ ცდომილებას, ნიშანდობლივია, რომ 4-ვე კვლევა საკმაოდ აცდენილიცაა და პრაქტიკულად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (28-33%). მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორ პირველ ადგილზე გასული ლიდერების მაჩვენებლების ცდომილების შედარება ცესკოს საბოლოო შედეგებთან. თანაც ამ შემთხვევაში მათემატიკური შეკრების ნაცვლად გადავწყვიტე ერთმიმართული ცდომილებები ერთმანეთისათვის გამომეკლო, ხოლო საპირისპიროდ მიმართული – პირიქით, შემეკრიბა, ცდომილების “ტენდენციურობის” დასადგენად. და აი, რატომ:

თუ, მაგალითად, ერთსადაიმავე კლასში ორ სხვადასხვა მასწავლებელს ჩაატარებინებთ გამოცდას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი მათგანი ყველა მოსწავლეს უფრო ლოიალურად და რბილად გამოცდის და უფრო მაღალ ნიშნებს დაწერს, ხოლო მეორე –  პირიქით, უფრო  მკაცრად მოეკიდება ყველას და ნიშნებიც უფრო დაბალი იქნება!  მაგრამ თუ  მოხდება, რომ რომელიმე მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გაცილებით რბილად გამოცდის, ხოლო დანარჩენებს – პირიქით – უფრო მკაცრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ობიექტური არ არის და მის ამ მიკერძოებას რაღაც მიზეზი აქვს (საქართველოს სინამდვილეში, უხშირესად, ეს ნეპოტიზმი იქნება, ალბათ).

ამის ანალოგიურად, თუ გამყიდველს ასაწონი საქონლის წონაც და ფასიც ხშირად ეშლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასწორის და კალკულატორის გამოყენება არ იცის. მაგრამ თუ მუდმივად წონაში აკლებს და ფასს კი ყოველთვის უმატებს, აქ უკვე სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და გამყიდველი იქნებ იმაზე „ჭკვიანიც“ აღმოჩნდეს, ვიდრე სრული შეუცდომლობის შემთხვევაში იქნებოდა. ანუ, მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, როდის და როგორ შეიძლება ცდომილება იყოს სიმეტრიული ანუ ნაკლებტნდენციური და როდის და როგორ – მიკერძოებული.

თუ დავაკვირდებით, GFK-ის ორივე კვლევაში ლიდერებს შორის ცდომილება თანაბარზომიერად არ იყო გადახრილი მეტობისკენ, ან ნაკლებობისაკენ. ამ კვლევებში ქართული ოცნების მაჩვენებელი ორივეჯერ გაცილებით უფრო აცდენილი აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. რის გამოც პარტიების ცდომილებათა ვექტორული ჯამი ძალიან მაღალი იყო: 19.8% (12.7%+7.1%) და 22.1% (23.2%-2.1%).

პრაქტიკულად იმავე პერიოდებში JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი სულ სხვა სურათს იძლეოდა: ლიდერი პარტიების  ცდომილებათა სხვაობა ძალიან უმნიშვნელო იყო – აგვისტოში მხოლოდ 5.5% (16.6%-11.1%), ხოლო ოქტომბერში სულაც – მხოლოდ 1.5% (14.1% -12.6%), რაც GFK ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით პირველ შემთხვევაში  3.8-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – სულაც 14.7-ჯერ უფრო ნაკლები:

2012-polls-difference-geo

აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

ის რომ გაცილებით უფრო ნაკლებგამოცდილმა JPM-მა შეუდარებლად უკეთ – 4-15-ჯერ უფრო ზუსტად და/ან ობიექტურად – ჩაატარა კვლევა?

თეორიულად ესეც არაა გამორიცხული! თუმცა არა მგონია, ამ დასკვნის საფუძველი გვქონდეს. ჯერ ერთი ჯამური ცდომილების მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას სიზუსტეზე სერიოზულად ვისაუბროთ. საქმე მე მგონი, ველშია და ამის დადასტურების საფუძველს იძლევა ეგზიტ-პოლების შედეგების ანალოგიური შედარება:

2016_exitpolls-gfk_geo

2016_exitpolls-jpm_geo2016-exit-polls-difference_geo

 

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილებები აქაც სერიოზული იყო, თავად ცდომილებების სხვაობები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა! ანუ, TNS (რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე JPM) ვერაფრით დაიკვეხნიდა GFK-ის ეგზიტ-პოლთან შედარებით. თუ GFK-ის კვლევაში ქართულ ოცნებას „დააკლდა“ თითქმის 9%, ხოლო ნაცმოძრაობას „მოემატა“ ლამის 5%, TNS-ის კვლევაში, პირიქით, ოცნების მაჩვენებელი იყო თითქმის 5%-ით მაღალი, ხოლო ნაცმოძრაობისა – -ლამის 8%-ით დაბალი, ვიდრე ცესკოს შედეგებში! შედეგი კი ისაა, რომ ორივე ეს ეგზიტ-პოლი ზუსტად თანაბრად აცდენილი აღმოჩნდა, ან უფრო ზუსტად – თანაბრად ტენდენციურიც!

ცდომილებათა ზემოთმოყვანილი დისონანსის (კვლევების დროს) და უნისონის (ეგზიტპოლების დროს) ახსნა მე მგონი შემდეგია: – საქმე ველშია!

კვლევების დროს GFK-ის კვლევის ველი გაცილებით მკვეთრად გაჯერებული შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის ამომრჩევლით, მაშინ როცა JPM-ის ველი, ალბათ, უფრო თანაბარია. ამის გამო, GFK ველში გაკეთებული „არჩევანი“ 4-15-ჯერ უფრო გადახრილია ერთ მხარეს (და გასაგებია, რომელ მხარესაც!), ვიდრე JPM-ის ველში იმავე პერიოდებში დაფიქსირებული არჩევანი. განსაკუთრებით ეს აშკარაა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში: – მართალია, ორივე მთავარ სუბიექტს ცდომილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (გასაგებიცაა – უკვე უფრო მეტი ადამიანია მზად არჩევნის გასაკეთებლად), ვიდრე შემდეგ ცესკოს საარჩევნო ურნებში, სამაგიეროდ, ეს ძალიან სიმეტრიული (ანუ – ნაკლებტენდენციური) გადახრა იყო.

ეგზიტ-პოლის დროს ველი უფრო დიდიცაა და მისი მოდელირებაც გაცილებით რთულია. თუმცა, ის, რომ ამ შემთხვეევაშიც GFK/BCG-ის ეგზიტ-პოლში მონაწილე პირების არჩევანი უფრო ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იყო, ხოლო TNS/GORBI-ის ეგზიტ-პოლში – ოცნების სასარგებლოდ, ეს ამომრჩეველთა განწყობითი არჩევითობით შეიძლება აიხსნას: შესაძლებელია ოცნების ამომრჩევლები, რომლებმაც ბევრჯერ მოისმინეს იმის შესახებ, რა არაობიექტურია GFK კვლევა, ნაკლებად იყვნენ განწყობილნი მისულიყვნენ ამ კომპანიისა  და რუსთავი2-ის სიმბოლიკით გაწყობილ ყუთებთან, და პირიქით, – ნაცმოძრაობის ამომრჩევლები – სულაც არ აპირებდნენ TNS-ის კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, განწყობის გამო ე.წ. “ბუნებრივი გადარჩევა” მოხდა და ორივე კვლევა ტენდენციური აღმოჩნდა – ორივემ მათდამი ლოიალური ამომრჩევლების არჩევანი გვიჩვენა და არა – მთელი საზოგადოებისა…

ამერიკაში 6-7 კომპანია ატარებს არჩევნების დროს გამოკითხვებსაც და ეგზიტ-პოლებსაც. ზოგ მათგანს თავისი პარტიული პრეფერენცია ასე თუ ისე, შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩეველი არ ირჩევს „თავისი“ და „მოწინააღმდეგე“ პარტიის ეგზიტ-პოლებს და სწორედ ამიტომაც მათ შედეგებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. და ოფიციალურ შედეგებთანაც ყველა საკმაოდ ახლოს არის.

ამიტომ, სანამ ჩვენი ეგზიტ-პოლების ჩამტარებელი კომპანიებიც ისეთივე ნეიტრალურები არ იქნებიან, როგორც ამერიკაში, ხოლო ჩვენებური ამომრჩეველი – ისეთივე მიუკერძოებელი იმ საკითხში, რომელი კომპანიის ეგზიტ-პოლში მიიღოს მონაწილეობა, ეგზიტ-პოლების ჩატარება დროის და ფულის ფუჭი კარგვაა. მოვიცადოთ არჩევნების შემდგომ დილამდე და ჯერ პარალელური დათვლის შედეგები მოგვცემს ძალიან ზუსტ სურათს (ამისათვის ISFED-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც კმარა), ხოლო შემდეგ 24 საათში უკვე ცესკოს შედეგებიც გვეცოდინება.

აი, რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევებს, ისინი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ საზოგადოებაში ამჟამად მათ მიმართ გაბატონებული სკეფსისისა და ირონიული უარყოფისაგან. სოციოლოგია მეცნიერებაა და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეცნიერების აღორძინება და ნდობის დაბრუნება. ამისათვის გამოკვლევები სხვადასხვა საკითხზე უნდა ვატაროთ ხოლმე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე). უნდა გამოვარჩიოთ იმ კომპანიები და ის პროფესიონალები, რომელთა რეპუტაცია მათი შედეგებით არის გამყარებული და პირიქით… ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რაც ამ დარგის ერთ ჭკვიან პროფესიონალს ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვურჩიე – ველის და მეთოდოლოგიის მაქსიმალური გახსნა და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთდროული პარალელური კვლევების ჩატარება! სწორედ 1 კვირის წინ წავიკითხე, რომ იგი ახლა თავად ითხოვს იმას, რაზედაც 1 წლის წინ უარი არ მითხრა, მაგრამ საერთოდ აღარც გამომპასუხებია. რას ვიზამთ –  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

 


არჩევნების ბოლო კვირა – აჟიოტაჟი, რეალობა და მირაჟები


 

ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ტელევიზიებში იმ საკითხზე, მოხდება თუ არა რევოლუცია, გადატრიალება, დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ან მინიმუმ – რაიმე ლოკალური „თაქი“.

ეს კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში პირველად 26 სექტემბერს გაჩნდა, როცა ნაციონალური მოძრაობის შვილობილი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ დატოვა რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის ახალგაზრდამ, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაშიც კი იყო 117-ე ნომრად. როგორც მათ განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვდა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობების მოწყობას და პროვოკაციული ქმედებების ინსპირირებას თუ ასეთ პროვოკაციებში მონაწილეობას. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ნაცმოძრაობამ ამ მიზნებისთვის შექმნა ახალი სპეციალური ორგანიზაცია – „საქართველოს ერთგულების სახელით“.

მეორე დღეს (27.09) იუთუბზე აიტვირთა აუდიოფაილი, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტის კიდევ ოთხი ლიდერი, რომლებიც პარტიულ საარჩევნო სიაში არიან, თანმხდებიან რა იმაზე, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რომ მეორე ადგილი და რამე კოალიციებში შესვლა, განსხვავებით გიგა ბოკერიას პოზიციისაგან, მათ არაფერს შველით, იხილავენ ქვეყანაში გადატრიალების სცენარს და საუბრობენ ამ სცენარში სხვადასხვა კომპონენტების – კარვების აქციის, მომიტინგეთა დაქირავების, შენობებში შევარდნის, სექსუალური ძალადობის და სხვა დეტალებზე. ხოლო ერთი მათგანი ამაყად აცხადებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და გამოცდილი კადრია.

ამას მალევე (28.09) დაემთხვა წინადღით საზეიმოდ გახსნილ აღმაშენებლის გამზირზე ფაშისტური სიმბოლიკით გამოწყობილი ქართველი ნაციონალისტების მარში, რომელთაც თურქული მაღაზიების და რესტორნების დარბევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მალევე გაანეიტრალა ეს მცდელობები და დარბევის ათიოდე მონაწილე დააკავა.

დაბოლოს, 29 სექტემბერს საკმაოდ მოულოდნელად შსს-მ გამოაცხადა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ამოღებული არსენალი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე (ნორიოში, გორში, საგურამოში, და – კიდევ 2 ადგილზე – თბილისში) 2009-2011 წლებში იყო გადამალული,  მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ზემოთაღწერილ მოვლენებს. აშკარაა, რომ ამ მასალების აღმოჩენა სხვადასხვა დროს ხდებოდა.

და ყველაფერ ამას ემატება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ მათთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იქნება არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, არამედ ის, თუ რას შედეგს დადებს რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია GFK მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლში.

 

ახლა ვცადოთ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას, – თუ ცდილობს ვინმე რამე გადატრიალებას და რამდენად შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოს.

====

  1. რევოლუცია თუ ალიაქოთი?

არსებობს ხმაურიანი და ძალადობრივი განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, ან – სხვადასხვა ფაზა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხმაური, ან სხვადასხვა პარტიის თუ კანდიდატის მომხრეთა დაპირისპირება, რაც ყოველთვის ახლავს საარჩევნო კამპანიას. დამოუკიდებელ საქართველოში  ეს არასოდეს არ გვიკვირდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, რომ წელს ასეთი შეხლა-შემოხლის მაგალითები ამერიკაშიც ვიხილეთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე.

რაც შეეხება გადატრიალების ან რევოლუციის შესაძლებლობას:

გადატრიალებისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გააჩნდეს ერთგული მებრძოლი კადრები როგორც ძალოვან სტრუქტურებში (საშუალო ან მაღალ ეშელონებში), ასევე – პარტიზანული რაზმები, საკმაოდ მძლავრი შეიარაღება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერა უცხოეთის რომელიმე წამყვანი ძალიდან – ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი ან თურქეთი. ძლიერი საინფორმაციო რესურსის (რუსთავი2-ის) გარდა, მას სხვა დასახელებული ფაქტორები არ გააჩნია. კაკო ბობოხიძის სამხედრო გადატრიალების გამოცდილების იმედად თუ დარჩენილა მიხეილ სააკაშვილი და მართლა არაფერი ჰქონია მარაგად… ამერიკის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად კარგია, რომ ნეტავ შეერთებულ შტატებში იყოს ამჟამად ასეო, ძალიან ცივი შხაპი იყო ნაცმოძრაობისთვის, რომლის ადეპტები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა, ასევე – თემურ იაკობაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ ევროპასა და ამერიკაში იმ სურათის დასახატად, თითქოს საქართველოში საშინელი წინასარჩევნო ტერორი მძვინვარებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

რევოლუციურ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტი ფაქტორი სჭირდება – ხალხში სათანადო განწყობების, უკმაყოფილების მაღალი მუხტის, რევოლუციისთვის ქუჩაში გამოსასვლელად და დაპირისპირებისათვის მზადყოფნის, ხელისუფლების მხრიდან ხალხის საჭიროებების სრული დაიგნორების, და სხვა ფაქტორები. რეალურად არაფერი მსგავსი ამჟამად არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ:

1.1. – საქართველოს და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს გადატრიალებებმა და რევოლუციებმა რა ხეირი მოგვიტანა! ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, საკმარისად მომწიფებულია, და უკვე შორს არის აგრესიული განვითარების სცენარებიდან, რომ გადატრიალებას არ ანაცვალოს ძლივს მიღწეული სტაბილური ყოფა, რომელიც ნამდვილად არაა საკმარისი და ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას, ალბათ, იწვევს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების დასამხობად აღდგნენ.

1.2. – მიხეილ სააკაშვილის და მისი დესტრუქციული, ანტიჰუმანური გუნდის ხელისუფლებაში და მეთოდების ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც რევანშმოწყურებული რეჟიმის დაბრუნება. არ ვიცი, მონანიების რა სხივი დაინახა სანდრა რულოვსმა მისი მეუღლის თვალებში, მაგრამ კარგად გვახსოვს სწორედ ამ მეუღლის მხრიდან სარკასტული ხითხითი – „ქინძი ვიყო, მანდ სისხლი დაიღვრებაო!..“ და არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა ამ რეჟიმის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, რევოლუციურმა სცენარის ამოქმედებამ შეიძლება ამ სცენარის ავტორები – ლეგალურადაც და პრაქტიკულადაც – ძალიან მძიმე პოზიციაში ჩააყენოს!

ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტაიგენოსსე შეეცდება, რომ მოახდინოს, ეს არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სხვადასხვა კომპლექსური პროვოკაციების რეზონირებით, რასაც უახლოეს დღეებში, ალბათ ვნახავთ.

 

  1. თავად მცდელობა და მცდელობის ორი ვარიანტი

2.1. აჟიოტაჟის შექმნა

არაა გამორიცხული, რომ რეალურად დაგეგმილ პროვოკაციათა გარდა, ნაცმოძრაობის ტაქტიკაში დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა მოდელირებები და გაყალბებები, რათა მაქსიმალურად შეიქმნას აჟიოტაჟი მოსალოდნელ რევოლუციურ კატაკლიზმებზე! არ დაგვავიწყდეს, რომ ძალების სისუსტე მათ ხმაურის სიძლიერეს აიძულებს, თანაც ეს ის ასპექტია, სადაც მათ ჯერ კიდევ შენარჩნებული აქვთ თავიანთი ყველაზე მძლავრი რესურსი – გებელსური დემაგოგიის უნარ-ჩვევები + რუსთავი2.

ამის მაგალითები დღეს უკვე მრავლად ვიხილეთ –

2.1.1 – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ეკლესიაში ამბიონიდან მოქადაგე (მესიჯი – ქართული ეკლესიები, მინიმუმ საზღვარგარეთ – მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს!) მერე გამოირკვა, რომ ეს უკრაინული კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მასთან საარჩევნო შეხვედრისთვის იქირავეს და იქ არავინ სხვა არ შეუშვეს!

2.1.2 – მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე! მოდელირებული მესიჯი –  ამერიკა, მისი [გარდაცვლილი, ცოცხალი თუ მომავალი] ლიდერები და მისი დემოკრატიის სიმბოლოც მხარს უჭერს „დემოკრატიის შუქურას“! – სინამდვილეში ამერიკაში ნებისმიერი დიქტატორიც, თუ ვიზა ჩაურტყეს, მოახერხებს ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე ვიდეოს გადაღებას. მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაც კონფერენციაზე იყო და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ რა ისაუბრა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა, ამაზე დუმს. ჯონ მაკკეინთან შეხვედრის კადრებიც ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების გარეშე იყო რუსთავი2-ის რეპორტაჟში, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ მიშას მისთვის სასურველი მიღება ამერიკის ისტებლიშმენტში არ ჰქონდა.

2.1.3 – გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებები იმის თაობზე, თითქოს მათ გაიგეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს და თხოვენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, – არ დატოვოთ ქვეყანა, უბრალოდ ოპოზიციაში  გადადით, ხელს არ გახლებთ, არ დაგიჭერთო. იმასვე იძახის ვაშინგტონიდან მათი ბელადი. მოკლედ, ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, იმდენად სიურეალისტური, სალვადორ დალის შეშურდებოდა!

2.1.4 – დაბოლოს, „უშველებელი გარღვევა“ პროპაგანდისტულ ფონზე – ვის გაგიკვირდათ, არ ვიცი, მაგრამ მოხდა დიდი ხნის წინ უკვე აშკარა ამბავი და რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK კვლევაში ნაცმოძრაობამ ქართულ ოცნებას გადაასწრო! მართალია, ჯერ უპირატესობა მინიმალურია, და მხოლოდ 0.6% უდრის (26% vs. 25.4%),  მაგრამ დარწმუნებული ბრანდებოდეთ, დარჩენილ დღეებში კვაზი-გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და ეგზიტ-პოლი რომ მოვა, იქნებ სულაც 51% vs. 22% გახდეს, ვინ დაუშლით, რომ? როგორც კოსტა ჟორჟოლიანის გმირი იძახდა „დაკარგულ სამოთხეში“ – „მასპინძელს უხარია და, შენ ვინ გკითხავსო!“ ამის შეგრძნებას განსაკუთრებით აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თურმე GFK-ის საველე სამუშაოებს ქართული კომპანია BCG ასრულებს, როლის დამფუძნებელი ნაცმოძრაობის დეპუტატი და 2008 წელს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყო, ხოლო ამჟამინდელი დირექტორი  – მისი მეუღლე ანი თარხნიშვილია! მოკლედ, ამაზე იტყვიან – “შენ დაუკარ!”-ო

2.1.5 – ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რუსთავი2-მა და ნაცპროპაგანდის სხვა საშუალებებმა უშველებელი ცრუ-ციფრი ააზვირთეს, რომელსაც ყველა ნაცლიდერი დაჟინებით იმეორებს – ივანიშვილმა აღიარა თავის ბოლო გამოსვლაში, 30% უჭერს მხარს ნაცმოძრაობასო – ანუ, უკვე შეგუებულია მარცხსო! სინამდვილეში, ივანიშვილმა თქვა, ამომრჩეველთა 30% ჯერაც ფიქრობს, გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, ხოლო 150-200 ათასი ადამიანი კი რჩება ნაცმოძრაობის ერთგულიო… თუ კარგად დავთვლით, 150-200,000 მაქსიმუმ მხოლოდ 10%-12%-ია პოტენციურად არჩევნებზე სავარაუდოდ მიმსვლელი 1,5-1.7 მილიონი ამომრჩევლისაგან!

ეს ყველაფერი შეიძლება დავასათაუროთ, როგორც „ბიძინა, მოვედით!“ და “Леопольд, выходи! выходи подлый трус!” კამპანია და ძირითადად, საკუთარი ერთგული მხარდამჭერების, რომელთა შორის რღვევის ნიშნები გამოჩნდა, გამხნევების ოპერაცია. რათა დააჯერონ ისინი, რომ ყველაფერი უმაღლესადაა, არჩევნები მოგებულია, თან, როგორც სააკაშვილი ამბიონიდან იძახდა, თუ რომელიმე რეგიონს აგებს ხელისუფლება, ესეიგი, მთლიანადაც წაგებული აქვთ არჩევნები! (არ ვიცი, რამდენად თუნდაც ერთ რეგიონს იგებს, მაგრამ ეს სისულელე რომელ საარჩევნო კოდექსში წაიკითხა ან რომელი ლოგიკით ასკვნის, საინტერესოა!)

 

2.2.  რეალური მცდელობა

რეალური მცდელობები სააკაშვილს ექნება და უკვე ჰქონდა.

2.2.1 – თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ შარშან, რუსთავი2-ის საკუთრების საქმის სასამართლოში გარჩევის დროს მის საუბრებს ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა უარყოფილი ამ პირების მიერ: სააკაშვილი ავალებდა გვარამიას, რუსთავი2-ის შენობაში „ბაევიკების“ შემოყვანას და ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიაში მოსლოდნელი შეჭრის დროს თუ შვილიანი დედა დაიჭრებოდა. ამ საუბრების შემდეგ საქმეც აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის შესახებ.

2.2.2 – ამჟამინდელ საუბარში, რომელიც ასევე სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერაა ინიცირებული (ყოველ შემთხვევაში, სხვა სავარაუდო პირებსს საკუთარი ხმის ავთენტურობა არ ეეჭვებათ, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია და ისინი სხვა პერიოდსა და სხვა გადატრიალებაზე საუბრობენ…) ძალიან ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ არჩევნები წაგებული აქვთ (ამას ყველა ეთანხმება), და რომ საჭიროა რევოლუციის მოწყობა – სააკაშვილი ამბობს – ბოკერია არჩევნების წაგების მერე კოალიციებზე ფიქრობს და მე ეგ გზა არ მაწყობს, მე კაკოს იმედი მაქვს, ეგ გამოცდილიაო (ეს „კაკოც“ ომახიანად ადასტურებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული!)

2.2.3 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია, კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის რევოლუციის დაწყების ნიშანი იქნება ის, თუ ცესკოს შედეგები არ დაემთხვა რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს! იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წარმატების დასტური იყო მის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის სრული ლოიალურობა, ან – არჩევნების დღეს შუადღეზე ჯორჯ ბუშისგან მოლოცვა! ან – ეუთოს თუ სხვა უცხოელ დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნა! ან – ამერიკის ელჩის განცხადება! მაგრამ ახლა მისი ლეგიტიმაციის დონე ძალიან ქვევით დაეშვა და მხოლოდ საკუთარი ერთგული ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული GFK-ის ეგზიტპოლია მისი სანუკვარი ბილეთი! სწორედ იმ GFK-ისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა დაქირავებული, რომელმაც მაშინ ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ 33% დაუწერა, რაც არჩევნების რეალურ შედეგს, არა – დასაშვები 3%-ით, არამედ, – 22%-ით ჩამორჩებოდა! ამჟამადაც GFK-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა უკვე „იგებს“ და სავარაუდოდ, მისი „უპირატესობა“ პროგრესულად ან გეომეტრიულადაც კი – „გაიზრდება“. მართალია, სერგი კაპანაძე და ნაცმოძრაობის სხვა დე-იურე ლიდერები იძახიან, – ჩვენ ცესკოს შედეგებს ვენდობითო, მაგრამ ეს მხოლოდ ყასიდი განცხადებებია, რომელსაც ის და ნაცმოძრაობის სის პირველი ათეულის დანარჩენი წევრებიც მაშინვე უარყოფენ, როგორც ამის საჭიროებაზე სააკაშვილის ბრძანებას მიიღებენ.

2.2.4 – დღეს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, მათ შორის სოფლის ყოფილმა გამგებელმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სცემეს, მათ შორის ერთ გოგონას – ლიკა დემეტრაძეს თავში ქვა ჩაარტყეს და ოცნების 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს უკვე სამეგრელოს რეგიონში სიხლიანი დაპირისპირებისთვის მზადყოფნისა და მაგალითის მიცემის ხასიათს ატარებს.

2.2.5 – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სიის ლიდერებს პარლამენტში მოხვედრა და კიდევ 4 წელი პოლიტიკურ აქტივობა, ალბათ, გულის სიღრმეში მაინც, დამაკმაყოფილებელ პროგრამა-მინიმუმად მიაჩნიათ, მაგრამ აბა, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ?! მას ეს ვარიანტი აბსოლუტურად არ აწყობს. საკუთარი ცოლის პარლამენტში ხილვაც კი ვერაფერი ბედენა იქნება მისთვის, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი პარლამენტარის მეუღლეზე ვერ გავრცელდება. ასე რომ, როგორც დაუდეგარი ავანტურისტის  ტვინს ახასიათებს, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორის ფანტაზიებში ახლა მრავალი პროვოკაცია იხარშება, როგორ მოაწყოს რამე ისეთი  საქართველოში, რაც მას თეთრ ცხენზე დაბრუნების შანსს მისცემდა. მის პროვოკაციულობას საზღვარი არ აქვს და არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც და ახლობლებსაც კი დაუფიქრებლად დააყენებს საფრთხის წინაშე, ოღონდ, მინიმალური, ან სულაც ილუზორული შანსი გაუჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად დააპირებენ მასთან პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას მისი თანაგუნდელები, და რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება გაყვნენ ავანტიურაში უბრალო მოქალაქეები.

 

  1. წინასაარჩევნო გარემოპოზიტიური რეალობა

3.1 – ამერიკის ელჩის უაღრესად პოზიტიურ განცხადებაზე ზემოთ უკვე დავწერე.

3.2. – ასევე ძალიან პოზიტიური იყო ეუთოს სადამკვირებლო მისიის პირველი ანგარიში. თუმცა აღინიშნა ორ მთავარ კონკურენტ პარტიას შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.

3.3. – საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნების ბედი ცესკოს ნაცმოძრაობის ერთგული თავმჯდომარის კაბინეტში საიდუმლოდ ჩაკეტილი ფაქსის აპარატზე საიდუმლოდ მოსული ფაქსებით წყდებოდა. ამავდროულად მაშინ ინტენსიურად გამოიყენებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, უბანზე კარუსელები, გადაღებული იყო პოლიცილების მიერ ყუთების დატაცების, ან მასიურად საარჩევნო ურნებიდან ნაგვის ურნებში ბიულეტენების ჩაცლის ფაქტები, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საუბნო კომისიებიდან სააჩევნო ურნების ნიღბინა სპეცნაზელათა მიერ გატაცების ფაქტები, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დაშინების და ზეწოლის ფაქტები… მეტიც, 2008 წელს ევროკავშირის მისიის ხელ-ლი პიტერ სემნები ნაცმოძრაობის წევრებმა უბანზე მოიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სადღაც! საგულისხმოა, რომ თავად პიტერ სემნებიმ, რომელიც კარგად ხვდებდა, რა დონის ავანტიურისტებთან და კრიმინალებთან ჰქონდა საქმე, ამჯობინა, ხმა არ ამოეღო ამ ფაქტზე, რაც თავისთავად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი სისტემის სიმახინჯეს. მეტიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა პირველ ტურში მხოლოდ 3.7%-ით მოიგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ხმის დათვლა უბნების 19%-ზე ჩატარდა სერიოზული დარღვევებით! და იყო ან ცუდი, ან – ძალიან ცუდი! მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს 19% სწორედ მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა, და რომ არა ეს ფაქტი, 3.7%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო!

3.4. –  ეს ყველაფერი იყო წარსულში! ახლა კი მოხერხდა ნაცმოძრაობის მიერ 50%-დან 30%-მდე ჩამოქვეითებული მაჟორიტარული ბარიერის ისევ აწევა 50%-მდე. და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად – მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება. ელექტრონული ID ბარათების შემოღებით მათი გაყალბების შანსი ძალიან შემცირდა, უბნებზე სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უკვე ფოტოებსაც შეიცავს, რაც აქაც გაყალბების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო ახლახანს ცესკომ ისიც განაცხადა, რომ ხმათა დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში ლაივ-სტრიმით განხორციელდება. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. და არა – ესა თუ ის წინასწარი კვლევები, ან ეგზიტ-პოლები. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეგზიტ-პოლი არ ხდება არჩევნების საფუძველი. პირიქით, ცესკოს შედეგებთან ეგზიტ-პოლების სიახლოვე ამ ეგზიტ-პოლების სისწორეზე მეტყველებს და არა – პირუკუ, როგორც მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სურთ, რომ იყოს.

 

  1. კითხვები ხელისუფლებასთან:

4.1 – რა ხდება ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ანტისახელისუფლებო გადატრიალების მოწყობის შესახებ? ვინ დაიკითხა, რა შედეგებია? ხომ არ იყო უპრიანი, მიხეილ სააკაშვილზე და მისი პარტიის აქტივისტებზე, რომლებიც წამდაუწუმ ოდესაში დადიან და საათებს ასწორებენ, ლეგალურად დაწყებულიყო მოსმენები და ეს საუბრები იქედან ყოფილიყო მიღებული და არა – ვიღაც უცნობი წყაროსაგან?

4.2 – რატომ მოხდა იარაღის საწყობების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ახლა გამჟღავნება? თუ ამდენი უკანონო იარაღი იყო აღმოჩენილი, ვინ დაიკითხა, თუ არის უკვე რამე ინფორმაცია და თუ ვიცით, ვისი ბრძანებით და ორგანიზებით მოეწყო ეს სამალავები?

4.3 – ვინ იდგა აღმაშენებელზე ნაციონალისტების მარშის ორგანიზების უკან? თუ დადგენილია, ვინ ახდენს ამ ჯგუფის იდეურ ხელმძღვანელობას და დაფინანსებას? თუ ფიქრობს ვინმე, რომ სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილს ძალიან ენდომებოდა ერდოღანისათვის იმის დემონსტრირება, რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოში თურქ მოქალაქეებზე და ბიზნესმენებზე ნაციონალისტები “ნადირობენ”!

4.4 – თუ ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე სუს-ში, როდის და როგორ მოხერხდება მათი დაკითხვა?

4.5 – რამდენი ხანი დაჭირდება ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და თუ ეს დადასტურდა, ხოლო ამ მომენტისათვის არჩევნები დასრულებული არ იქნება, რა ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ სასამართლოსთვის თავის არიდება ვერ მოხერხდეს?

4.6 –  როგორ მოხერხდება სავსებით ლოგიკური ეჭვის აცილება, რომ ბოლო კვირაში მხოლოდ ნაცმოძრაობის გააქტიურება კი არა, ნაცმოძრაობის აქტივობებთან პარალელურად მომხდარი მოულოდნელი აღმოჩენები – საიდუმლო ჩანაწერები იქნება ეს, უცებ გაცხადებული იარაღის საიდუმლო საცავები, თუ კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება ახლა ამოტივტივდეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაგროვებული მასალა არ არის, რომელიც დროულად გაჟღერების ნაცვლად არჩევნების ბოლო კვირისთვის იყო შემონახული, რათა ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა მოეხდინათ?

 

  1. სხვა პარტიების შესაძლო აქციები

ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეიძლება არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოუნდეს: ნინო ბურჯანაძემაც და შალვა ნათელაშვილმაც განაცხადეს, რომ მათი პარტიების რეიტინგი შეიძლება 80%-იც კი იყოს! საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასევე აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებს ისინი იგებენ (მინიმუმ 30% გვაქვსო). პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად აქტიური რღვევითი პროცესებისა მის შიგნით, ხშირ-ხშირად გვახსენებს, რომ იგი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც  ხალხისთვისაა მოწოდებული და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გააჩნია. თავის ამბიციებს არ ფარავენ თავისუფალი დემოკრატებიც და ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურებული რესპუბლიკელებიც. ეს პარტიები თუ მინიმალურ გამსვლელ ხმებს მაინც მიიიღებენ, ეს უკვე 30%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ  ამ პარტიათა ლიდერების ამბიციებს, არაა გამორიცხული, რომ მათ, თუნდაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი,  მაინც გამოთქვან პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ეჭვებს შეუერთდნენ. ისიც დასაშვებია, რომ ბევრმა მათგანმა თავისი ეგზიტ-პოლი ჩაატაროს და განაცხადონ, რომ სწორედ ამ ეგზიტ-პოლს ენდობიან და არა – ცესკოს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს. რომ ცესკოს და ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები – მობილიზებული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად ძალზე ფრთხილად, რომ მათმა ზედმეტმა ჩარევამ  საარჩევნო პროცესის  სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩინოს.

========

 დასკვნა:

 ჩემი აზრით, მიუხედავად  მრავალფეროვან პროვოკაციათა  მოსალოდნელი მცდელობებისა, 8 ოქტომბერს პროცესი მაინც მშვიდობიანად განვითარდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი გაკვეთილი აქვს მიღებული და წესით, აღარ უნდა ელოდოს რაიმე სარგებელს რევოლუციური პროცესებისაგან და ეგზალტირებული ავანტიურისტებისაგან. ანუ, დესტაბილიზაციის მცდელობები მოსახლეობაში ნოყიერ ნიადაგს ვერ ჰპოვებს

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში აქა თუ იქ (ძირითადადსამეგრელოსა და აჭარაში) დესტაბილიზაციის მდგრადი კერები შეიქმნა, ამით უდავოდ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა, რომელსაც ახლა აქტიურად საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ არ იტყვის უარს შანსის გამოყენებაზე, თუ ასეთ შანსს მას თავად მივართმევთ ლანგარზესაკუთარი ოპონენტების მიმართ დაუნდობლობის დემონსტრირებით, და მოდელირებული პროვოკაციებით ფსევდორევოლუციური დაძაბულობის შექმნის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი ამ გაფრთხილებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს, როგორც არ გაუთვალისწინებია 2008 წელს, როცა მას შინ თუ გარეთ ბევრი აფრთხილებდა. ყველას უნდა ახსოვდეს (მის მხარდამჭერებსაც, ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც), რომ როცა დესტაბილიზაციის ინიციატორს მაგრად გაუჭირდება, იგი ყოველთვის მოძებნის გასაქცევს, ხოლო ჩვენ შეიძლება ეს ავანტურა გაცილებით ძვირად დაგვიჯდეს, – როგორც ეს 2008 წელს კოდორის, ახალგორის, თუ თამარაშენის მოსახლეობას დაუჯდა

misha-ukr


ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


განშტოებად ბილიკთა საფრთხე


garden of forking paths

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია ხორხე ლუის ბორხესი. ხოლო ერთ-ერთი საყვარელი მოთხრობა – „განშტოებად ბილიკთა ბაღი“. ამ არაისტორიულ იგავს სწორედ ბორხესის ამ ნოველაზე ფიქრით ვწერ…

 

ერთ ლამაზ და ბედკრულ X ქვეყანაში არის ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია F. (პრინციპში ამ ქვეყნის ბედკრულობის ერთი მახასიათებელი ისიცაა, რომ იქ ძირითადად ახალგაზრდა ოპოზიციური პარტიებია, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლა სულაც ვერ ხდება მათი გაჯანსაღების და დღეგრძელობის პირობა…)

თითქმის ყველა თანხმდება, რომ F პარტია არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია. – ჯერჯერობით,  მაინც.

თუმცა ადრე ხელისუფლების ნაწილი იყო, მერე ხელისუფლებიდან წამოვიდნენ (როგორც ამბობენ, ცუდად მოექცნენ და იმიტომ) და ამ ბოლო დროს გარკვეული გამოკვლევებით მზარდი რეიტინგი აქვთ, რაც იმის იმედს აძლევთ, რომ იქნებ #1 ოპოზიციური პარტია გახდნენ… და იმის იმედსაც, რომ იქნებ, სულაც ხელისუფლებაში მოვიდნენ!

არჩევნების წინ ამ პარტიისთვის მთავარი საკითხი ეს იყო  – ან უნდა გადაეწყვიტათ, რომ ბლოკში გაერთიანებულიყვნენ და არჩევნებში ხელისუფლებაში მოსვლის შანსები გაეზარდათ, ან პირიქით, უნდა შეენარჩუნებინათ თავისი დამოუკიდებლობა, არ შერეოდნენ არც ყოფილ მოკავშირეებს (რითაც თავის პრინციპულობას და ხელისუფლებიდან წამოსვლის ნაბიჯის მართებულობას ეჭვქვეშ დააყენებდნენ), არც – ყოფილ მოწინააღმდეგეებს (რითაც თავის რეპუტაციას მიაყენებდნენ სერიოზულ დარტყმას).

ზემოხსენებული ორის გარდა, რომელიმე სხვა ძალასთან გაერთიანება რეალურად არც განიხილებოდა, რამდენადაც პარტია F აშკარად გამოხატული ატლანტელები არიან და ე.წ. რუხისტული ანუ მეფისნაცვალისტური მიმდინარეობის წევრებთან გაერთიანებას არც აპირებენ.

F პარტიის ლიდერებმა უკვე მრავალჯერ და  2-3 კვირის წინ კი – საბოლოოდ და ურყევად – განაცხადეს, რომ არჩევნებზე მიდიან დამოუკიდებლად – არავისთან აპირებენ გაერთიანებას!

და უცებ (ან იქნებ, ეს „უცებ“ შეცდომაც იყოს), ამ პარტიის ორ ცნობილ სახეზე სულ რაღაც რამდენიმე დღის ინტერვალით ხდება საშინელი თავდასხმები – ფიზიკური და მორალური ძალადობის  ცინიკურად  დემონსტრატიული აქტები, რომლებიც საზოგადოებას შოკში აგდებს და საზოგადოებაში, რომლის უმრავლესობა სინანულს და თანაგრძნობას გამოხატავს დაზარალებულთა მიმართ, და აღშფოთებას – დანაშაულის ჩამდენთა მიმართ, იწყება იმაზე ფიქრი, ვინ შეიძლება იყოს ამის უკან და ვის უნდა აწყობდეს პარტია F-ის კუთხეში მიმწყვდევა და განადგურება. ისმის ხელისუფლების მკვეთრი განცხადებები, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, რომ გამოძიება პირად კონტროლზეა აყვანილი და რომ ყველაფერს იღონებენ, რომ უმკაცრესად დასაჯონ ისინი, ვინც ქვეყანაში ძალადობის და შიშის დანერგვას ცდილობს… პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წევრთა მხრიდან ისმის თანაგრძნობები პარტიის და მისი დაზარალებული წევრების მიმართ. თანაგრძნობები ისმის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც…

სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მიუხედავად გარკვეული პესიმისტური პროგნოზებისა და გაფრთხილებებისა, – რომ ყველაფერი რიგზე არაა და კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, – X ქვეყანამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში წარმატებული ნაბიჯები გადადგა ატლანტური ინტეგრაციის გზაზე (უკანასკნელი ნაბიჯი სულაც ამ ორ საზარელ დანაშაულის შუა პერიოდს დაემთხვა)… იქნებ არ იყოს ეს დამთხვევა შემთხვევითი ამბავი… იქნებ სულაც და ძალიანაც – „დამთხვევითი“ ამბავი იყოს ეს…

====

  1. ზევით მიმავალი ბილიკი

– ვაითუ, ეს ხელისუფლების ნაჩალიჩარი იყოს?

ამ ბილიკს აქვს რამდენიმე ქვეგანშტოება:

1.ა – სწორედაც ხელისუფლების ნაჩალიჩარი რომ იყოს…

– რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის დაძირვა?

ზოგადად, ხელისუფლებას ყოველთვის აწყობს ოპოზიციური პარტიის ჩაფლავება. წესით, #1 ოპოზიციური პარტია წარმოადგენს ხოლმე მისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს, მაგრამ თუ #1 ოპოპარტია ისეთი დისკრედიტირებულია, რომ მასთან ახლოს მისვლას ბევრი აღარც რისკავს, იქნებ, სხვა ოპოზიციური პარტიების განეიტრალებაზე ფიქრიც არ იყოს განსაკუთრებით უცნაური მავანი ხელისუფლებისათვის. თუმცა აქ არის კიდევ კითხვა იმაზეც, რამდენად თვლის ხელისუფლება F პარტიას #2 ოპოზიციად. ხომ შეიძლება იყოს,  რომ ის კვლევები, რომლითაც F პარტია #2 პარტიად დასახელდა, არც სარგებლობდეს განსაკუთრებული ნდობით ხელისუფლებაში? მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება უცებ #3 ან # 4 ოპოზიციური პარტიის მიმართ იყენებს ასეთ საშინელ იარაღს?

– რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის ასეთი ხერხით  (!) დაძირვა?

ხომ გასაგებია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ოპოზიციური პარტიის მიმართ ძალადობა ხდება, ეჭვი პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებაზე მიაქვთ? ჰოდა, რატომ უნდა მოსვლოდა ხელისუფლებას თავში აზრად ასეთი საშინელი მეთოდებით ანგარიშსწორება? ხომ ფაქტია, რომ ამით ხელისუფლების იმიჯი საშინლად ისვრება, ხოლო ოპოზიციური პარტიის მიმართ თანაგრძნობა ძლიერდება?

გამოდის, რომ ხელისუფლებამ ჯერ არცთუ პირველი ოპოზიციური პარტიის დასაზიანებლად ისე მოიყვანა მოქმედებაში “დინამიტი”, რომ რომ მისი ტყორცნა დაავიწყდა და ხელში აუფეთქდა? თან, არ დაგავიწყდეთ, – ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც წინამორბედი (ამჟამად კი – სწორედაც მთავარი ოპოზიციური ძალა – პარტია U) ძირითადად იმით რომ დაამარცხა, U პარტიის მიერ მასობრივი ძაალადობის, საზოგადოების ტოტალური თვალთვალისა და კომპრომატების მოგროვების სისტემურ დანაშაულს რომ ახადა ფარდა! ახლა კი თავად იმავე გზას დაადგა და არ გაეთვალისწინა, რომ ეს უფსკრულში გადამჩეხი ბილიკია? თან თუ გავითვალისწინებთ, ატლანტური კურსის რა ეტაპზეა ქვეყანა, ხომ აშკარა უნდა იყოს, რომ ერთ ასეთ „მეთოდსაც“ კი, ამ კურსზე შლაგბაუმის აღმართვა შეიძლება მოჰყვეს?

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში თითქოს გამოჩნდა ხელისუფლებასა და პარტია F-ს შორის დათბობის ნიშნები, რასაც ხელისუფლების ახალი პრემიერის პირადი ურთიერთობებიც განაპირობებდა…  ახალი პრემიერის ბოლო განცხადებები სწორედ ქვეყანაში დაპირისპირების აღმოფხვრისა და შერიგებისკენ იყო მიმართული. ამ ნაბიჯებს და მოწოდებებს მოჰყვა კიდეც ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენის ტენდენცია. და რატომ უნდა დასჭირვებოდა მას დაპირისპირების ახალი ვულკანის გაჩენა და ისედაც დაბზარულ საზოგადოებაში კატასტროფული სიძულვილების ხელახალი გაღვივება?  ხომ აშკარაა, რომ ეს, როგორც ხელისუფლების, ასევე – მის პირად რეიტინგს – ქვეყანაშიც და უცხოეთშიც – ძალიან უთხრის საფუძველს?!

ბილიკი 1.ბ. – ხელისუფლების ნაჩალიჩარი არაა, მაგრამ ხელისუფლებაში აქა-იქ არსებული, უკეთურ მეთოდებში ხელგაწაფულ ძალოვანი პირების (არა ხელმძღვანელების) ნამოქმედარია, რომ ქვეყანაში ქაოსი და დაპირისპირება გაძლიერდეს. აქაც ხელისუფლების დადანაშულება ხდება, მაგრამ უკვე იმაში, რომ ისინი კრიმინალს და ასეთ საზიზღარ კრიმინალს ვერ ერევიან.

ლოგიკა აქ თითქოს არის, – როცა ირგვლივ ძალადობა თავს იჩენს და ქაოსისკენ მიდის საქმე, ხალხში ძალოვანი სტრუქტურების  და „მკაცრი ხელის“ მიმართ ნოსტალგია ჩნდება (როგორც ეს მხედრიონის პარპაშის დროს იყო, ხალხს რომ მილიცია ლამის მოენატრა), მაგრამ მაშინ ძალოვანი სტრუქტურების ასეთ მაქციებს, წესით, იმაზეც უნდა ეზრუნათ, რომ წინასწარ შენიღბვის ოპერაცია ჩაეტარებინათ და საზოგადოებას ამ „აღმოჩენამდე“ ასე სწრაფად მისვლა ვერ მოეხერხებინა. თან უცნაურია, რატომ უნდა მოენდომებინათ მათ სწორედ ამ ერთ ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერებზე თავდასხმა? უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ თავდასხმები სხვადასხვა მიმართულებით ყოფილიყო?

ერთი „ზედაპირზე“ მყოფი ვერსია ის არის, რომ F პარტიის ლიდერები დაპირისპირებაში არიან პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მაშინ რა გამოდის, – რომ პროკურატურამ მასიური ქაოსის დასათესად სწორედ იმ ძალას დაარტყა, ვის მიმართაც დარტყმით თითქოს საკუთარი თავი გამოააშკარავა? პირიქით ხომ არ არის აქ ყველაფერი? – ანუ, ვინმემ სპეციალურად ხომ არ შეარჩია F პარტია, რომ ეჭვის ვექტორი პროკურატურისკენ მიემართა? ხომ გასაგებია, რომ F პარტიაზე ასეთი უკანონო დარტყმა მათ მიერ ისედაც გაწელილი საქმის ძიების პროცესში მყოფი პროკურატურისთვის ძალიან არასასურველი უნდა ყოფილიყო? მოკლედ, ეს ბილიკი თან საინტერესოა და თან – ძალიან მოლიპული ლოგიკური აზრისათვის…

ბილიკი 1.გ – ქვეყანაში არის ყველაფრისშემძლე არაფორმალური მმართველი, რომელიც ფორმალური მმართველების ზურგსუკან მართავს ძალოვანი სტრუქტურების მეორე ან მესამე პირებს და აპირებს თავისი საძულველი პარტია F საბოლოოდ ჩარეცხოს და გააცამტვეროს.

ჯერ ერთი, არაფორმალური მმართველის ყველაფრისშემძლეობას, ეს თეორია, რომელიც საკმაოდ ღიად გამოითქვა მისი ყველა კრიტიკოსის მიერ, სრულიად ანგრევს. – აქამდე ამბობდნენ, რომ არაფორმალური მმართველის მოყვანილია ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელი. ახლა კი რა გამოდის? რომ იგი მთავრობის და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს ვერ მართავს და მათ ზურგს უკან რაღაცეებს ხლართავს? ისიც გამოდის, რომ ეს არაფორმალური მმართველი თავისივე პროტეჟეებს ებრძვის ლამის მოყვანისთანავე? განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, ეთქვა და გადაეყენებინა, ვიდრე მათი მხრიდან ასეთი სიბინძურის ავტორობაზე ეჭვი გაეჩინა? მესამე – რამდენად დასაჯერებელია ის, რომ ამ ადამიანმა, რომლის მხრიდან პარტია F-ის ლიდერის მიმართ პრეტენზიები არც არასდროს დაუმალავს, ასეთ საშინელ მეთოდებს ისე მიმართა, რომ არ იფიქრა, რომ ეჭვი სწორედ მასზე იქნებოდა მიტანილი? და საერთოდ, არის კი პარტია F მისი მთავარი თავისტკივილი არჩევნების წინ? თუ მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საკუთარი გუნდი დაალაგოს და ისევ ქვეყნის მოსახლეობისათვის ყველაზე პოპულარულ ძალად აქციოს? და ხომ ფაქტია, რომ თუ ასეთ „მეთოდებზე“ გადავა, მისი მცდელობები სრულიად კონტრპროდუქტიული იქნება? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად იძლევა ამ არაფორმალური მმართველის ცხოვრებისეული გზა იმის ეჭვის საფძველს, რომ მისთვის საერთოდ მისაღები შეიძლება იყოს ასეთი სახის უმძიმესი ფიზიკური და უსასიზღრესი მორალური ძალადობა?

 

  1. ბილიკი ორი – უკან მიმავალი

– იქნებ ეს ყველაფერი ისევ იმ ძველი ნაცნობების ნაჩალიჩარი იყოს?

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, ვის აწყობს X ქვეყანაში არეულობა, ძალადობა, ქაოსი და საზოგადოებაში გაღვივებული შიში?

  • იმას, ვისაც მღვრიე წყალში თევზის [ან – სკამის] დაჭერის იმედი აქვს!
  • იმას, ვისაც უნდა გვითხრას, რომ ეს ხელისუფლება ბინძურია (ან – „ისევე ბინძურია, როგორც…“, ან „უფრო ბინძურია, ვიდრე…“)
  • იმას, ვისაც მომზადებული აქვს მძლავრი PR-კამპანია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში საკუთარი მესიჯბოქსების გასახმაურებლად ჩართავს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ.
  • იმას, ვისაც ძალიან აშფოთებს ქვეყნის ატლანტური სვლა, როცა ყოველთვის იმას აცხადებდა, რომ ატლანტური კურსი მისი დამსახურებაა, ხოლო ეს ხელისუფლება კი – მხოლოდ რუხისტების და გაზისტების მსახურია.
  • იმას, ვისაც უნდა, წესრიგი მოგვანატროს, თუნდაც ნულოვანი ტოლერანტობის ფასად…
  • იმას, ვისაც ყველანაირი რესურსები აქვს, კარგი რეპუტაციის გარდა…
  • იმას, ვისაც არ ესწავლება, როგორ გადაიღოს თუ გაავრცელოს კომპრომატები – თავად იყო ამ საქმის უბადლო პიონერი…
  • და იმას, ვინაც პარტია F-ის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებით სერიოზულად წააგო – რადგან მხოლოდ ამ პარტიასთან ალიანსის შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდა ცხვრის ტყავში გახვევის და არჩევნების მოგების ილუზია.

ასეთი ძალისათვის სწორედაც საოცარი შანსია პარტია F-ის ლიდერებზე ეს ცინიკური და საშინელი დარტყმები, რადგან საშუალებას აძლევს, თანაგრძნობა დააფიქსირონ, ერთნაირ ბედკრულობაზე, ერთნაირ ჩაგვრაზე („ჩვენ გვირტყამდნენ, თქვენ უკვე – გესროლეს“, „ჩვენ კვერცხებს გვიშენდნენ, თქვენ უკვე – მოსაკლავად გიმეტებენ“, „ჩვენ კომპრომატების გადაღებას გვაბრალებდნენ, თქვენ – უკვე კომპრომატებს გივრცელებენ“) საუბრებით, სიმპათიით – სიმპათია დაიმსახურონ, სხვა მედიასაშუალებების არაეთიკურობის დაგმობით – საკუთარის იმიჯი მოვერცხლონ და მოაოქროვონ… და ლამის უკვე უარმყოფელ პარტნიორს საბოლოოდ ისევ მორცხვად (და ჯიქურ) შესთავაზონ „საქორწინო კონტრაქტი“, რაც მათთვის ხელისუფლების ბილეთი შეიძლება აღმოჩნდეს, სჯერათ…

  • და რა ადვილი იქნებოდა ასეთ დროს ტელეინტერვიუს დადგმა შეფოთებითი ტონალობებით – „ნუთუ თქვენ ფიქრობთ?…“ „და ხომ არ გგონიათ…“ „და ისიც ხომ გვახსოვს…“
  • რა ადვილია აღშფოთებითი წყევლები და განრისხებითი კრულვები შებღალული ეთიკურობის ჯირკვლებიდან მრისხანების მტევნების ჩამოწურვით!

F პარტიის ლიდერზე ფიზიკური თავდასხმა შეიძლება მოულოდნელი “საჩუქარიც” ყოფილიყო U პარტიის იდეოლოგებისთვის. არაა გამორიცხული, აქ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენეს ეს ნაბოძები შანსი და მაქსიმალურად ეცადნენ, “ჩვენ და თქვენ – ხელისუფლებისაგან დაჩაგრულები!” ემპათიური პარალელები გაევლოთ. გარდა ამისა, როცა კაცს კოჭლი მტერი ჰყავს და თუ ვინმე მასზე თავდასხმის შემდეგ კოჭლობით გარბის, ეს შეიძლება სპეციალურადაც იყოს იმიტირებული… არც პირადი მოტივის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ პირადი მოტივის მქონე ადამიანი ვინმემ გაახელოს და თითქოს მინავლებული ნაკვერჩხალი ააგიზგიზოს… ვინმემ, ვისაც პროვოკაციები არ ესწავლება და მიზანს კარგად თვლის…

  1. ბილიკი სამი – გარეთ მიმავალი

იქნებ ეს ყველაფერი იმათი ნაჩალიჩარი იყოს, ვიზეც ყველაზე ნაკლებად  (ვ)იფიქრეთ?

მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, ვის აწყობს X ქვეყანაში არეულობა, ძალადობა, ქაოსი და საზოგადოებაში გაღვივებული შიში?

  • იმას, ვისაც მღვრიე წყალში თევზის დაჭერის იმედი აქვს!
  • იმას, ვისაც უნდა გვითხრას, რომ ეს ხელისუფლება ბინძურია (ან – „ისევე ბინძურია, როგორც…“, ან „უფრო ბინძურია, ვიდრე…“)
  • იმას, ვისაც მომზადებული აქვს მძლავრი PR-კამპანია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში საკუთარი მესიჯბოქსების გასახმაურებლად ჩართავს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ.
  • იმას, ვისაც ძალიან აშფოთებს X ქვეყნის ატლანტური სვლა.
  • იმას, ვინც ატლანტური სვლას გარყვნილებად და სახიფათო ქაოსად ხატავს, თავისგან განსხვავებით, რამეთუ  თავად მოჩვენებითი ასკეტიზმით და სიწმინდით მართავს მარადიულად …
  • ვისაც ყველაზე დიდი რესურები აქვს – უმსხვილესი ძალადობრივი პროვოკაციების მოწყობისაც.
  • იმას, ვინც უმცროსი ძმების გარეშე ვერ ძლებს და მათ ყოველთვის მომეტებული სიყვარულით ახრჩობს.
  • და იმას, ვინც არასოდეს არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ X ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს ისევ ყელში დაეტაკონ და…

 

ეპილოგი

განშტოებად ბილიკთა ბაღში ბილიკები მხოლოდ იმისთვის შორდებიან დასაწყისში ერთმანეთს, რომ შემდეგ სრულიად მოულოდნელად ისევ გადაიკვეთონ. ადამიანი, რომელიც რომელიმე ერთ ბილიკს ირჩევს, სულაც არ არის გარანტირებული, რომ ბოლომდე ამ ბილიკით ივლის… შეიძლება, უფრო მალეც კი აღმოჩნდეს სხვა ბილიკის ბოლოში, ვიდრე ის, ვინც ეს სხვა ბილიკი თავიდანვე აირჩია.

ეჭვი მაქვს, რომ პირველი ბილიკის რომელიმე განშტოების ამრჩევი პირი, თუ სულაც, – პარტია F-ის მხარდამჭერები, რაღაც ეტაპზე შეიძლება მეორე ბილიკზე აღმოჩნდნენ და თავად საგონებელში ჩავარდნენ, ან გაწითლდნენ კიდეც საკუთარი პირვანდელი განცხადებების გამო.

მაგრამ თუ ის იყო მართალი, ვინც ამ ყველაფრის უკან წარსულის შინაური მაქციები ამოიცნო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მეორე ბილიკი სრულიად მოულოდნელად მესამესთან არ მიგვიყვანს, სადაც შეიძლება ის კი არ აღმოჩნდეს მოგებული, ვინც დღეს უკვე ხელებს იფშვნეტს და მომავალ არჩევნებში წარმატებას იქადნება, არამედ ის, ვინც მოთმინებით ელოდა, როგორ დაერეოდნენ ერთმანეთს ქვეყანა X-ის პარტიები და მოქალაქეები, მხოლოდ იმისთვის, რომ უფროსი რუხი ძმა გაეხარებინათ და ეხარხარებინათ…

უკვე მომხდარა მსგავსი ამბები X ქვეყანაში, სამწუხაროდ… და ისტორია კი უხშირესად იმას გვასწავლის, რომ ვერც ვერაფრს ვსწავლობთ მისგან, საუბედუროდ…

P.S. ჰო, მართლა, ერთი დეტალი მიმავიწყდა – ვის შეიძლება ჰქონდეს კომპრომატი!

ამ თემაზე ბორხესის მოხმობა ნამდვილად არ არის საჭირო…

კომპრომატი, დამწერლობის გამოგონებამდეც კი, ალბათ, იშვიათად არსებობდა ერთ პირად… ხოლო ციფრული მაუწყებლობისა და მობილური კომუნიკაციების ერაში კომპრომატის შექმნისთანავე მისი ავტორის პირველივე ფიქრი ალბათ კომრომატის/ვედეოების გამრავლებაა – საკუთარი უსაფრთხოების, თუ საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტირებისათვის… გაყიდის, მერე ისევ გაყიდის, ზოგს სეიფში შეინახავს, ზოგს კომპრომატად გამოიყენებს, ზოგს შანტაჟისთვის და ზოგს – თავის დასაზღვევად… ამასვე აკეთებენ ზოგი სხვებიც, ვისაც ეს ბინძური მასალა ხელთ ჩაუვარდებათ… ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ თურმე კომპრომატი მარტო ერთგან შეიძლება იყოს… საუბედუროდ, კომპრომატი ალბათ ყველა ზემოთდასახელებულ ბილიკზე შეიძლება ეყაროს, როგორც ნეხვი, რომელსაც უეჭველად მენიუში შემოგვაპარებენ, თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი არ ვთქვით ნეხვიჭამიობაზე…


ნაფიც მსაჯულთა ხიბლი თუ ნაკლი


Courtroom Jury Box

გიორგი ტუღუშმა კი განაცხადა, – ხელაღებით არ შეიძლება იმის თქმა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა არ გაამართლაო, მაგრამ მე ორივე ხელის აწევით და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, ამჟამად მაინც, არის მიუღებელი და გაუმართლებელი!

გასაგებია, რომ გიორგი ტუღუშის კვალიფიკაცია და ცოდნა სამართლის სფეროში გაცილებით უფრო წონადია, ვიდრე არაიურისტი ბლოგერი ექიმისა. თუმცა, (ტრაბახით – არა, სხვათაშორის) შევნიშნავ, რომ წინა წლების განმავლობაში სამართალთან და უსამართლობასთან მიმართებაში, მგონი, ჩემი აზრი უფრო ახლოს იყო სიმართლესთან და რეალობასთან, ვიდრე ბატონ გიორგის რეპუტაციასთან აცდენილი მისი მსუყე მოსაზრებები, მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ და არც არავის აწამებდნენ…

ვფიქრობ, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება არაა გამართლებული, რადგან:

  • მოსახლეობაში ძალიან ცოტაა ისეთი ხალხის პროცენტული წილი, რომელსაც ელემენტარული იურიდიული განათლება (სამართლიანობის ანბანი) გააჩნია, ან რომელსაც სურვილი აქვს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეს ანბანი ისწავლოს;
  • პატარა ქვეყანა ვართ. ჯერაც – ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე და არა – სამოქალაქო ნორმებზე და სოციალურ ერთობაზე, ორიენტირებული. მოსახლეობაში ჯერ გაცილებით მაღალია ნათესავობის, კლანურობის, მეზობლობის, “კუტოკების” და სხვა არაფორმალური წრეების გავლენა, რაც არ მაძლევს იმ ილუზიური ოპტიმიზმის საფუძველს, რომ სოციალური სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გადაწონის. რატომღაც მგონია, რომ ნაფიცი მსაჯულების დიდ ნაწილზე ის უფრო დიდ გავლენას მოახდენს, წინა საღამოს ვინ დაურეკავს და რას ეტყვის, ოჯახში ცოლ-შვილი და სიდედრ-მამამთილი რას ფიქრობენ… 12 განრისხებული ქართველი უფრო ადვილად წარმომიდგენია, ვიდრე ამ 12 განრისხებული ქართველის მიერ საბოლოოდ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიმავალი გზა…
  • არტისტიზმის ზედმეტად მოყვარული ხალხი ვართ – ბრაზილიელი მეკარეებივით უფრო ნახტომის სილამაზეზე ვფიქრობთ და არა იმდენად – ბურთის დაჭერაზე… 12-დან რამდენიმე მსაჯული  მაინც პროცესზე, ვაითუ, საკუთარი იმიჯით უფრო იქნეს დაკავებული, ვიდრე განსასჯელის ბედის შესახებ ობიექტური დასკვნის გამოტანით… ემოციებზე დაყრდნობით შეიძლება გააკეთოს ბევრმა არჩევანი – ნაფიც მსაჯულთა ეს ნაკლი ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში იჩენს თავს ხანდახან, ჩვენთან ეს იქნებ მეტადაც იქნეს…
  • საერთოდ ალბათ, კი შეიძლებოდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა გვეცადა, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, თუ რაღაცას ახალს იგონებთ, წინასწარ რამე ექსპერიმენტს არ ჩაატარებთ? და ამ ექსპერიმენტს ყველაზე მძიმე შემთხვევით დაიწყებთ? ახალგაზრდა გამოუცდელი ქირურგისათვის პირველ ოპერაციად გულის ან ღვიძლის გადანერგვას ვინ მოიფიქრებდა?? არ ჯობდა, ამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ეფექტურობა ჯერ გაცილებით მარტივ და მსუბუქ საქმეებზე ყოფილიყო შემოწმებული და არა ასეთ გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე?
  • დაბოლოს, ხომ კარგად ვიცით, რა იყო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის წინაპირობა? ხომ ვიცით, ვინ იყვნენ ამ იდეის ნოვატორები? და იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, რატომ უნდა სდომებოდა ნაცმოძრაობას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება? ჩემი აზრით, ძალიან მარტივია ამის გამოცნობა – საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაშინ, როდესაც სააკაშვილის ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმა როგორც ჩვენი მოსახლეობის, ასევე უცხოელი პარტნიორებისა და ექსპერტების მიერაც მიჩნეულ იქნა უსამართლოდ! როდესაც გამამართლებელი საქმეების რაოდენობა 0.03%-ზე ნაკლები გახდა (სტალინის „ტროიკებიც“ კი განუზომლად უფრო ლმობიერები იყვნენ და ლამის 7%-ში გამოჰქონდათ გამამართლებელი გადაწყვეტილება)… როდესაც ადამიანის უფლებების კომისარი ტომას ჰამერბერგი გაოგნდა, რომ 65 წლის პენსიონერ მოხუცს, იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც სხვა მარჩენალი არ ჰყავდა, 11 ევროს ღირებულების ფიცრების მოპარვისათვის 1 წელი ციხე მიუსაჯეს… როდესაც აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მოსამართლეები პროკურატორის და მმართველი პარტიის უსიტყვო მონებად, ხოლო ადვოკატების დიდი ნაწილი – საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდებულების დამყოლიებლებად იქცნენ!.. სწორედ მაშინ მოიფიქრეს ადეიშვილმა და მისმა გუნდმა, (ახლა რომ ზოგიერთი ისევ „გამოადვოკატდა“ და დღევანდელ დღეს პროკურატორის მიერ „სასამართლოს დამონებაზე“ ჭრიჭინებს) – ეს მხსნელი რგოლი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი!

იდეა მარტივი იყო – ნაფიცი მსაჯულებიც იმას გადაწყვეტდნენ, რასაც ნაცმოძრაობა და პროკურატურა დაავალებდათ! არ იზამდნენ ასე და, მათი აჯობებდა! ისიც ხომ გასაგებია, ვის და როგორ აირჩევდნენ/დანიშნავდნენ ნაფიც მსაჯულებად, და როგორ წინასწარ გამზადებული იქნებოდა მათი მაკომპრომეტირებელი ვიდეოფაილები! ვინც მიშიკოს და ზურიკოს იმედებს გაამართლებდა, იმას სახელი დიდება და სამსახურში წარჩინება არ აცდებოდა, ვინც ვერ ივარგებდა ან თავის არიდებას ეცდებოდა, დედაც ეტირებოდა და შვილიც!

ხოლო სასამართლოს მესვეურები – კოტიკო კუბლაშვილის თამადობით – არხეინად აისხლეტდნენ ნებისმიერ შინაურ თუ საერთაშორისო კრიტიკას: – ჩვენ რას გვერჩით, ხალხმა (ნაფიცმა მსაჯულებმა) გადაწყვიტესო! მიშა კიდე შორიდან ღიმილ-ღიმილით დაგვანახებდა, ვითომ ვენეციის კომისიის ბუკიკიოს ვითომ მოწონების SMS-ებს…

ამიტომ, აქა ვდგევარ და სხვაგვარად ვერ ვფიქრობ – საქრთველოში სამართლიანი და კვალიფიციური სასამართლოა დასანერგი და სისტემის ხელმძღვანელობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მიერ რეფორმირებული და მართული რგოლების სამართლიანობაზეც და კვალიფიკაციაზეც!

ხოლო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვა იმ დროისათვის გადავდოთ, როცა ქართველების უმრავლესობა ქუჩაში არასწორად პარკირებული მანქანის მძღოლს, წითელ შუქნიშანზე გადამრბენს, და მანქანიდან ნაგვის ცელოფნით მსროლელ მგზავრს თავად მისცემს შენიშვნას და იმაზე არ დავიწყებთ მხოლოდ ყაყანს, რა ცუდი სისტემა გვაქვს, ან როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს… ნაფიცი მსაჯულები პასუხისმგებელი მოქალაქეები უნდა იყვნენ, ძალიან პასუხისმგებლები – საკუთარი თავის, სინდისის და ქვეყნის წინაშე, და არა მხოლოდ – ოჯახის, ნათესავების და მეგობრების წინაშე! რამდენ ასეთ ადამიანს ვიცნობთ, ვის ნაფიც მსაჯულობაშიც ეჭვი არ გვეპარება? ვინც ამ საქმეში მერკანტილური თუ კარიერული მიზნით არ ჩაებმება? მე, ალბათ, – მხოლოდ ათიოდეს… და არ მგონია, მათმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადოს…

P.S. თუ მაინცდამაინც ასე სანატრელი და სასურველია ეს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, მაშინ ნელ-ნელა დავიწყოთ, ყველაზე მსუბუქი საქმეებიდან… და მე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტებზე ავიღებდი აქცენტს…


თავისუფალი ზონა – ”ნაცლანდია”


ხომ არსებობს თავისუფალი ეკონომიკური ზონები?

ჰოდა, ალბათ, შეიძლებოდა შეგვექმნა “სინდისისაგან და სამართლისაგან თავისუფალი ზონა – ნაცლანდია” – სადაც მცირე ტერიტორიაზე სრული მასშტაბით აღდგენილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ყველა “პრელესტები” – ადეიშვილის პროკურატურ-პრობაციული სამართლით, ახალაიას ციხეებით, მერაბიშვილის ზონდერულ-ნულოვანი ტოლერანტობით და კუბლაშვილის სასამართლოთი.

ნაცლანდიის ბედნიერი და ნებაყოფლობითი მაცხოვრებლები თავად გადაიხდიდნენ ამ ყველაფრის ფასს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ზონა იქნებოდა თვითდაფინანსებაზე და უფლება ექნებოდა თავისი შემოსავლებით გაეხსნა, რამდენიც ზონის დიქტატორს ენდომებოდა, იმდენი შადრევანი, ნებისმიერ დროს ჩამოეყვანათ კუტუნიო, ხოლო ნაცლანდიის მოქალაქეებს ეჩუქებინათ ზონის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი თავისი ქონება, ნებისმიერ ნოტარიუსთან ღამის ნებისმიერ დროს გადაფორმებით! მათ ასევე ექნებოდათ “მოდელირებული ქრონიკის” მუდმივ რეჟიმში ყურების უზომო სიამოვნება და მაღლის განდიდებისა და მიმთხვევის შეუზღუდავი ბედნიერება…

ერთი დაზუსტება – ნაცლანდიაში შესვლა თავისუფალი იქნებოდა, გამოსვლა – მხოლოდ 9 წლის შემდეგ (გადარჩენილებისათვის)…

მე მგონი, ამით ყველა მოგებული იქნებოდა – ზონის ბინადრებიც, და ზონელებისაგან და ზონდერებისაგან დასვენებულებიც…

მიშა მაგარია


მარტის (ა)ჩრდილები


21 მარტი

აი, 21 მარტიც ისტორიად იქცა.

ისევე როგორც 2012 წლის შემდგომი ნაცმოძრაობის ყველა აქცია, 21 მარტიც იქცა კლასიკურ „აურზაურად არაფრის გამო“, „გმირის აჩრდილად“ თუ ჩრდილიდან გამოვარდნის წარუმატებელ მცდელობად.

ნაცმოძრაობის ისტორია საოცარი ურთიერთგამომრიცხავი პირობების და პროცესების ერთობლიობაა. ესაა საგა გმირობაზე, რომელიც ლაჩრული მარცხის საწინდარი იყო,  ესაა პოემა დემოკრატებზე, რომლებმაც გულაგი ააშენეს, ესაა ეპოსი დრაკონის (კორუფციის) შემმუსრავ მზეჭაბუკზე, რომელიც ახლოდან ნებისმიერი წინა დრაკონის (კორუფციის) ასჯერ უფრო მძიმე ვარიანტი აღმოჩნდა, ესაა ზღაპარი ქვეყნის განმანთავისუფლებელზე და აღმაღორძენებელზე, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აჩუქა მტერს, ესაა უცნაური შემთხვევა, როცა ყურძნის ნაცვლად გახარებული ძაღლყურძენა სანერგედ და საჯიშედ სხვაგან წაიღეს, დაბოლოს, ესაა მედგარი მცდელობა სახელდაკარგული აჩრდილისა – ახალი ხორცი და ჩრდილი იპოვოს და სცენაზე დაბრუნდეს – ერთ მდინარეში მეორედ შემოსვლის წინასწარ განწირული დაუდგრომელი მცდელობა…

ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავ ნაცმოძრაობის ლიდერებს, – ჟინი, გაუტეხელობა, მიზნისკენ ჯიუტად სიარული, – მაშინაც კი, როცა ყოველგვარი ლოგიკა მათ წინააღმდეგ არის.

საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველად ხდება, რომ დამარცხებული პარტია, რომლის წინააღმდეგ მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, და რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გარემოებების გამო, ძალიან მძიმე უნდა იყოს, იხტიბარს არ იტეხს და თავს ისევ „იმ თამროდ“ ასაღებს, რომლის „ჰავლაბრის ტურფობა“ დიდი ხანია, ეჭვს აღარ იწვევს. მაქსიმალიზმით შეპყრობილი ამ პარტიის ლიდერები ჯიუტად ამბობენ უარს საკუთარი დანაშაულებრივი სისტემის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე, მონანიებაზე და ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების ნაცვლად რაიმე რეალური საქმიანობით ცხოვრების გაგრძელებაზე. ამის რამდენიმე მიზეზია –

  • ისინი ძალიან მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ხელისუფლება 50 თუ 70 წელი გაგრძელდებოდა და სიზმარი არ ეთმობათ,
  • მათ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვთ უამრავ ადამიანზეც და ერთმანეთზეც, ამიტომაც ილუზიებიც და შიშებიც უფრო მყარია – რომ თუ არ აღიარებენ, ბოლოსდაბოლოს გაიმარჯვებენ, ხოლო თუ მოინანიებენ, შენდობას მაინც ვერ ეღირსებიან.
  • კოჰაბიტაციის პერიოდმა და დასავლეთში გავლენიანი მფარველების არსებობამ მათ ცუდი სამსახური გაუწიათ – ირწმუნეს რა, რომ ინდულგენცია უკვე გარანტირებული აქვთ და არავითარი მონანიება არც სჭირდებათ.
  • მათ გადანახული აქვთ არა მარტო კომპრომატები, არამედ საკმარისი თანხებიც, და ასევე – სანდო პირებზე გაფორმებული ბიზნესები, რომ დიდხანს გაძლონ არალეგალურად მიღებული დონაციების ხარჯზე.

და მაინც 21 მარტი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ნაცმოძრაობამ, მიუხედავად ძალიან ენერგიული და საკმაოდ შთამბეჭდავი კამპანიისა ამ დღის მოსამზადებლად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს სერიოზული პლაცდარმი შექმნა  უკრაინაში, სადაც იშოვეს თანამდებობები, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფული, და ამდენად, მართლაც მოახდინა საკუთარი მცირე ნაწილის სერიოზული რეანიმაცია, საქართველოში მაინც ვერ შეძლო იმის დემონსტრაცია, რომ ხალხში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნია. რაიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიუხედავად მხოლოდ 15,000-მდე მხარდამჭერის გამოსვლა იმ მოედანზე, რომელსაც რაიონებიდან ჩამოსვლიას გარეშეც კი თბილისელთა 150,000-იანი მარშები ახსოვს, ნამდვილად ვერაფერი წარმატება ვერ იყო! თან ეს იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც საკმაო განაწყენებული და იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ნაცმოძრაობას ისე აქვს მოთხრილი იმიჯი, რომ მათ გვერდზე დადგომას ის ხალხიც კი არ აპირებს, რომელთაც სულაც აღარ ამოსდით მზე დღევანდელ ხელისუფლებაზე.

მიხეილ I

ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა! არა, წუთითაც ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი აქციაზე ვიდეოხიდით ჩაერთვებოდა (აქციაში მონაწილეობაზე ერთხელ განაცხადა საჯაროდ უარი და მაშინაც კი გულმა არ მოუთმინა და ბოლოს მაინც მივიდა და „აახია“ მიტინგი გიგი უგულავას და გიორგი ვაშაძეს), საოცარი იყო ის, – საიდან და როგორ ჩაერთო იგი!

მიხეილ სააკაშვილს ახლა კიევში აქვს ბუდე, სამსახური, პოლიტიკური აღორძინებისთვის ასაფრენი აეროდრომიც და ერთგულ თანამებრძოლთა საკმაოდ აქტიური გუნდიც! ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ისიც  და მისი რაზმიც სწორედ კრეშჩატიკიდან ან კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან ჩაერთვებოდნენ თბილისის ვიდეოხიდში! განა ლოგიკური არ იქნებოდა, მაიდნის მოწყობაზე მუდმივ მოლაპარაკე და მეოცნებე ნაცმოძებს სწორედაც რომ კიევიდან დაენახვებინათ თავიანთი მხარდაჭერა თანაგუნდელებისათვის?! განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ქართველ “დნეპრდალეულებს” სწორედაც რომ გუნდური თანადგომა ენახებინათ თბილისში დარჩენილი და მნიშვნელოვანწილად, მათ ბედს შემნატრი ნაცმოძებისათვის?

მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა სხვანაირად გადაწყვიტა – იგი მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოჩნდა ეკრანზე! მან არა ჯერ კიდევ მძიმე დღეში მყოფი მებრძოლი ქვეყნის დედაქალაქიდან, არამედ  – ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქიდან გადაწყვიტა ადრესის გაკეთება, რომ თავისი #1 ევროკავშირელობისათვის და #1 ნატოელობისათვის გაესვა ხაზი… არ დამავიწყდება, შევარდნაძის ეპოქაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ცნობილი დაწესებულების ხელმძღვანელს ესტუმრნენ. საუბრის დროს დაწესებულების დირექტორი თავის მოადგილეებთან და თანაშემწეებთან ერთად იჯდა და ესაუბრებოდა მომავალ პარტნიორებს. საუბრის შემდეგ ამერიკელებმა ჰკითხეს, ხომ შეიძლება ფოტოები გადავიღოთო. სიამოვნებითო, დათანმხდა ქართველი ხელმძღვანელი და მერე ამერიკელების გასაოცრად, მოლაპარაკების მაგიდიდან წამოდგა, თავის მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და ხაზგასმულად ერთადერთმა და განუმეორებელმა ისურვა ისტორიაში დარჩენა… ამერიკელებმა გვითხრეს, ამას არცერთი ამერიკელი ხელმძღვანელი არ გააკეთებდაო… მიხეილ სააკაშვილიც სწორედ შევარდნაძის ეპოქის და კომუნისტური თაობის ხელმძღვანელივით მოიქცა – გუნდს გაემიჯნა, ტრადიციულად “ღრუბლებს მიფარება” ამჯობინა 🙂

ვინმე იტყვის, იქნებ უკვე ბრიუსელში იყო და აბა, რა ექნა, კიევში ხომ არ დაბრუნდებოდაო? – მაგრამ ტვიტერში მის მიერვე გაკეთებული განცხადებით, სააკაშვილი შაბათს, 21 მარტს დილის 9:30-ზე (თბილისის დროით 11:30-ზე!!) ჯერ კიდევ კიევში იყო …“დედა და ბებია დამადგნენ თავზე. დედაჩემს სასწრაფოდ გავხადე ძველი ნორკის შუბა და თბილისში დავაბრუნე, და უკვე 3 საათზე მიტინგზე იდგაო!“ ჰოდა, თუ დილით კიევში იყო,  რა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დედის თბილისში გამოგზავნიდან სულ რაღაც 5 საათში უკვე ბრიუსელიდან (თან არა აეროპორტიდან, არამედ – ქალაქის ცენტრიდან, ევროპარლამენტის მიმდებარე ადგილიდან) ჩაერთო თბილისში მიმდინარე აქციაში???

– ნეტავ ის ხომ არა, რომ თუ თბილისში სისხლი დაიღვრებოდა, ბრიუსელში განთავსებულ ევროკავშირის და ნატოს შტაბ-ბინებში სასწრაფოდ განგაში აეტეხა???

მაგრამ მაინც ხომ შეიძლებოდა კიევში დატოვებული გუნდისთვისაც მოეწყოთ ჩართვა თბილისის აქციაზე, რომ ხალხს მანდატდატოვებული და მოქალაქეობაზე უარისმთქმელი პატრიოტები ეხილა და გაეხარა?  შეიძლება ვინმემ თქვას, ეგებ არ უნდოდათ მაიდანის ასოციაციები გასჩენოდა თბილისში ვინმესო! ნურას უკაცრავად, მიტინგამდეც და მიტინგის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ მაგას ამტკიცებს – 21 მარტის მიტინგი მაიდანი იყო და მალე კიდევ უფრო სრულად გამაიდნდებაო!

პირველი  დედა

მიტინგზე მიხეილ სააკაშვილი დედით იყო წარმოდგენილი. გიული ალასანია, რომელმაც შვილის პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესორობით დაიწყო და 10 წელიწადში სერიოზულ ბიზნეს-ვუმენად და საქართველოს უმაღლესი განათლების კერძო სექტორის #2 მედროშედ დაასრულა, რამეთუ ამ პერიოდში 1 ლარად მისთვის გადაცემული ქონებების რაოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების მისაკუთრებით და მის სახელზე გაფორმებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14%-იანი წილით  გაითქვა სახელი. 21 მარტის აქციაზე კიევიდან მოვლინებული ქ-ნი გიული ნამდვილად ოჯახის ხატება იყო და იმის განსახიერება, რომ გასაქცევი არაფერი აქვს. თუმცა, სახეზე ეწერა უკმაყოფილება. ვინ-ვინ და მან ძალიან კარგად იცის, იმ დღეს მოედანზე გამოსული ადამიანები რომ დასასრულის მანიშნებელი იყო და არა – დასაწყისისა.  “ამ ორ წელში ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდაო“ დანანებით თქვა ერთდროს ძლევამოსილმა ქ-ნმა და იქვე დაამატა, თუმცა დღეს მზიანი დღეა და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებაო…

მიხეილ სააკაშვილმა ოსტატურად კი მოახერხა საკუთარი ქონების გადამალვა, მაგრამ ავიწყდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ნაჩუქარი სახელმწიფო ქონება და სასათბურე პირობების შექმნით სწრაფად აყვავებული კლანური ბიზნესები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის კორუფციის უტყუარ ნიშნად ითვლება. ეს რომ არ ავიწყდებოდეს, დედის გამომზეურებას ისევე მოერიდებოდა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტის სხვა წევრები (ბოკერია, უგულავა…) ერიდებიან მათი პარპაშის დროს უცებგამდიდრებული მამების, ბიძების და მეუღლეების გამომზეურებას…

გენერალიტეტი და ჯუნიორები

მიხეილ სააკაშვილის გენერალიტეტი არასოდეს იყო ნამდვილი გენერალიტეტი. უფრო სწორედ ის გენერალიტეტი, რომელიც რეალურად არსებობდა, ახლა ან ციხეშია ან ემიგრაციაში, ხოლო ის ტყუილ-გენერლები, რომელთა რეალური ძალაუფლება მათი დე-იურე სტატუსის 10%-ს არ ცდებოდა, გაორებულ მდგომარეობაში არიან – თან ალბათ განგებას მადლობას წირავენ, რომ იმაზე პასუხისმგებლობა არ მოუწევთ, რაზეც არც იყვნენ პასუხისმგებელნი, ხოლო თან გული წყდებათ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მოუწევთ პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა.

მაგრამ აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჯუნიორ ნაცებს! ესენი არიან ნაცმოძრაობის ყველაზე ენერგიული და მომზადებული ფრთა, რომელთაც უშუალოდ ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობა ნაკლებად აქვთ მიღებული, რომელბიც ძირიტადად 2009 წლის შემდეგ ჩამოიჩიტნენ და საკმაოდ კარგად იციან, რომ მათთვის არც ეკონომიკური და არც 2008 წლის კონფლიქტში ვოლუნტარისტული ქმედებების ბრალდების წაყენება ადვილი არ იქნება. ამიტომ ისინი ახალგაზრდა გვარდიის სითამამით, დემაგოგიური არსენალის უზადო გამოყენებით და ხშირად, დღევანდელი ხელისუფლების რეალური შეცდომების და გადაცდომების საკმაოდ ეფექტური გამოყენებით ეფექტურად ინარჩუნებენ პირად (მაგრამ არა პარტიულ რეიტინგს). თავის დროზე რომ ჭკუა ეხმარათ და ნაციონალური მოძრაობის ბალასტს გამოჰყოფოდნენ, დღეს საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია ექნებოდათ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დროულად ვერ მიიღეს, მიშას მიერ გამოგზავნილ ფულებზე და მიმალული ბიზნესებიდან წილებზე უარი ვერ თქვეს, სავარაუდოდ, მათზე შესაძლო კომპრომატების შიშმაც ითამაშა როლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათი ახალ პარტიად  რეინკარნაცია დაგვიანებულია და ალბათ ბევრს ვერაფერს უშველის, თუმცა მინიმალური შანსი რჩებათ, თუ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს გამოყოფენ, მაგალითად –  გიგა ბოკერიას. თუმცა, ბოკერიას პიროვნული ძლიერი პოლიტიკოსის და უძლიერესი დემაგოგის პარალელურად სერიოზულად ნეგატიური ბაგაჟი აქვს და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თან აშკარად ხელიდან გაუშვა მიშასგან გამოყოფის და სააკაშვილის ნამსხვრევებზე საკუთარი იმიჯის აშენების მომენტი. ასე რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვების თუ შეთხზვით რაღაც ზიანის მიყენება კი შეუძლია, მაგრამ, 21 მარტის აქციამ გამოაჩინა, რომ მათთან ახლოს მისვლას არცერთი სხვა ოპოზიციური ძალა არ გაბედავს, იმდენად „კეთროვნული“ იმიჯი აქვთ, და მათ მიერ ნასროლი ბომბებით უბრალოდ სხვები იხეირებენ…

რაც შეეხება ნიკა რურუას და გრიგოლ ვაშაძის მიერ მოძრაობა „ივერიის“ დაარსებას, ეს ყველაფერი სასაცილოა, რადგან ქართული საზოგადოება მათ მიერ „ივერიის“ და ილია ჭავჭავაძის სახელთან ასოცირების მცდელობებს ნამდვილად ირონიით მოეკიდება. მთელი მათი გათვლა (ახალგაზრდა ნაცების მსგავსად) სწორედ იმაზეა, რომ იქნებ ალასანიას მათთან ალიანსი მონდომებოდა. მაგრამ, IRI-ს ბოლო კვლევის შემდეგ ამის შანსი აბსოლუტურ ნულზე უფრო დაბლა მგონია…

ნაციონალურ მოძრაობას ამ კვლევებში 14% რეიტინგი აქვთ და და ეს თითქოს ცოტა არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულფასოვან და ძალიან ორგანიზებულ კამპანიას უკვე ნახევარ წელზეა მეტია ატარებს, და თუ მაინც მხოლოდ 14% აქვს, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელს ბევრად ვეღარ გაზრდის, როცა სხვა პარტიები ჩაებმებიან სარჩევნო მარათონში.  14%  ბევრისთვის სანატრელი იქნება, მაგრამ ნაცმოძრაობის მიტინგზე გენერალიტეტი სულ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობდა და 21 მანდატი ამისთვის ცოტაა (თან 21 მანდატი ეს მაშინ იქნებოდა, თუ მაჟორიტარული წესი გაუქმდება, ხოლო დღევანდელ საარჩევნო სისტემით მხოლოდ 10-12 მანდატი თუ გამოვა). ის, რომ ნაციონალები მაჟორატორული არჩევნების მოგებას შეძლებენ, ასევე უტოპია მგონია. ერთადერთი იმედი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, უმრავლესობა ამ ნაბიჯზე წავიდეს.

21 მარტით ფრთაშესხმულები

21 მარტს ფეხდაფეხ მოჰყვა IRI-ს კვლევები და როგორც მიტინგმა, ასევე ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მეორე ეშელონის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ IRI-ს კვლევებმა 2012 წელს განსაკუთრებული სიზუსტით ვერ გამოიჩინეს თავი. მართალია, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, მაგრამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის და დაქირავებული ქართული ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა, სავარაუდოდ, არ გამქრალა. ჩემში პირადად, ცოტა ეჭვს იწვევს ევროკავშირის და განსაკუთრებით, ნატოს მომხრეთა საოცრად მაღალი ციფრები.

და მაინც, ამ კვლევის ხელაღებით უკუგდება ნამდვილად არ მგონია სწორი და თუ ციფრების სიზუსტეში ეჭვის მიუხედავად, ძირითად ტენდენციებს ვენდობით, მთავარი მოგებულები თავისუფალი დემოკრატები აღმოჩნდნენ – 10% ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, სახელისუფლებო ბლოკიდან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გამოყოფილი პარტიისათვის. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ IRI-ს კვლევებში ახალი პროდასავლური ძალის მაღალი რეიტინგი გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო – არ ვიცი, ეს ველის შერჩევის გავლენაა, თუ ოცნებიდან გამოყოფილი იმ გუნდის დამსახურება, რომელთა წინა საქმიანობას ნამდვილად ახლდა პოზიტიური შეფასებები. თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობას სურს რაღაც ახალი ძალის გამოჩენა, რომელსაც ამავდროულად ხელისუფლებასთან ზედმეტად დაპირისპირებულადაც არ ჩათვლის, შეიძლება თავისუფალი დემოკრატების მაჩვენებელი მხოლოდ “ახალი ცოცხის” ეფექტით არ აიხსნას. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალ დემოკრატებს რეგიონში პარტიული სტრუქტურებიც ასაწყობი აქვთ და ნაციონალებთან  მათი შესაძლო მესიჯების დამთხვევაც ბევრი ეჭვის საფუძველს დაბადებს, ისევე როგორც იმის მცდელობები, რომ ირაკლი ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ერთ ქალაქში აღმოჩენას ბევრი მაშინვე მათი ფარული შეხვედრით ახსნის, როგორც ეს 21 მარტს მოხდა… თუმცა მერე ისიც გაჟღერდა, რომ სააკაშვილი იქნებ სრულიადაც არ ყოფილა ბრიუსელში და ეს ვიდეოჩართვის კადრები დამონტაჟებული იყო – ერთი იმიტომ, რომ ბრიუსელთან მისი “ჭიპლარით მიბმის” თეორია გამტკიცებულიყო და მეორე იქნებ, იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას ნაცებთან შესაძლო საიდუმლო გარიგებებზე ეჭვები კიდევ უფრო მეტად აგორებულიყო… მე პირადად, მოხარული ვიქნები, თუ “ქართული ოცნება” vs ნაცმოძების დისკურსს “ოცნება vs. “თავისუფალი დემოკრატების” პაექრობა შეცვლის – ეს ნამდვილად გააუმჯობესებს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. და ხელისუფლებაც მოგებული იქნება, თუ სრულად მარგინალიზებული ნაცმოძრაობის ნაცვლად უფრო ძნელი კონკურენტი ეყოლება. და ახლა თავისუფალ დემოკრატებს უკვე აღარც ჭირდებათ აუცილელად ბლოკში გაერთიანება ვინმესთან, იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ…მთავარია, რამე ისეთი არ დაემართოთ, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად დაქვეითდეს.

შალვა ნათელაშვილის პოლიტარსენალი სულ უფრო სკაბრეზული ხდება, და მაინც მის მიერ მოგროვილი 6% იმის დასტურია, რომ ამ ფლანგზე მას უბრალოდ კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო ჯერ კიდევ ეკონომიკურად ძალიან დუხჭირ მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება ლეიბორისტული იდეოლოგიის პარტია.

ნინო  ბურჯანაძე შეეცდება, არ შეიმჩნიოს IRI-ს მიერ მასზე ლამის მაღლა დაყენებული ლეიბორისტები და “პატრიოტთა ალიანსი” და ახალი ძალით გააჩაღოს მთავარი ოპოზიციური ძალის კვარცხლბეკიდან ნაცმოძრაობის ჩამოგდების მცდელობა. ამის რეალური შანსი მას ისევ კოალიციის შემთხვევაში ექნებოდა. ოღონდ არა ქრისტიან-დემოკრატებთან, არამედ სწორედ – პატრიოტებთან ალიანსის შემთხვევაში. ოღონდ ასეთი ბლოკი – ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მე პირადად, წარმოუდგენელი მეჩვენება. თავად “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგი მნიშვნელოვანწილად ქართული იცნების მიერ სამართლის დამკვიდრებაში სრულ შტილს უკავშირდებოდა. ვაზაგაშვილების საქმეებში სწრაფი პროგრესის დაფიქსირების, პროკურატურის და შსს მაღალჩინოსნების განთავისუფლებისა თუ დაპატიმრებების და სავარაუდოდ, ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ  ამ პროცესის დაჩქარების ფონზე პატრიოტთა ალიანსის რეიტინგის შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.

ქართული ოცნებისნაღვლიანი სიხარული

ხელისუფლებისათვის 21 მარტმა ძალიან ურთიერთსაწინაარმდეგო ემოციები მოიტანა. ან – წესით, უნდა მოეტანა…

ერთის მხრივ, ხელისუფლებამ მორალური გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს არავითარი პრობლემა არ შეუქმნა აქციაზე ჩამოსასვლელად. თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაცმოძრაობის სიმწრის ნაბიჯებს და ისეთ ინოვაციებს, როგორც გზებზე შედუღებული ლურსმნების დაყრა, ავტობუსების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანა, მძღოლების ტერორი და სხვა იყო, აღარაფერს ვამბობ უკვე სისხლიან დაპირისპირებებზე და ზონდერბრიგადების ნაცისტურ მეთოდებზე, ოცნების ხელისუფლებამ ამას ახლა დაუპირისპირა ახალი შსს მინისტრის მხრიდან სრულიად წარმოუდგენელი კომფორტის დაპირება, რაც პირნათლად შესრულდა კიდეც! ნაცმოძრაობამ, მის მიერ ზუგდიდში დადგმული მოდელირებული პროვოკაციების მიუხედავად, ვერ შეძლო მსოფლიოსთვის დაენახებინა მათ მიმართ განხორციელებული „სასტიკი ძალადობა“, ვერ შეძლო ქართული ოცნებისათვის „მაიდნის“ ორგანიზება, ვერ შეძლო გაეჩინა ისეთი ძალადობის თეატრი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სახლში დარჩენა უფრო მიუღებლად ჩაეთვალათ, ვიდრე ქუჩაში ნაცების გვერდით დადგომა!

სწორედ ამიტომ იყო ასე გულდაწყვეტილი ბ-ნი მიშა და ქ-ნი დედა, სწორედ ამიტომ იკურთხებოდა თეა თუთბერიძე…

რამდენიმე სხვა წარმატებაც ჰქონდა ამ დღეებში „ქართულ ოცნებას“, მათ შორის მე აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია მარნეულში პრეზიდენტის და პრემიერის ასე მონატრებული ჩახუტება! მე პირადად, იმედი გამიჩნდა, რომ ყმაწვილკაცური კენწალაობა უფრო ზრდასრულ და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ დიალოგში გადავა, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია – ყოველთვის მაინცდამაინც ჩახუტებას არ ვგულისხმობ და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის პატივისცემის დემონსტრირებას (მიუხედავად განსხვავებული აზრებისა) – უეჭველად!

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმატება – არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისათვის, იყო ნინო გვენეტაძეს დამტკიცება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ! დასრულდა კოტე კუბლაშვილის ზეობის და უასამართლობის პარპაშის ხანა. თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდა ძალადობის, იმპიჩმენტის ან „საკუთარი სურვილით წასვლის“ მიშასეული პრაქტიკის გამოუყენებლად, როცა სააკაშვილმა ჯერ ლადო ჭანტურია, ხოლო შემდეგ საკუთარი გუნდის წევრი   კოტე კემულარიაც აიძულა, ვადაზე ადრე გადამგარიყვნენ! უნდა ვაღიარო, რომ კოტე კუბლაშვილის დატოვება თავის თანამდებობაზე ყოველთვის მიმაჩნდა გაუმართლებლად, რადგან ამის შედეგი იყო სამართლის დამკვიდრების ასე გაჯანჯლება და ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის ეროზია. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო,  რომ ამ არაჩქარებით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სერიოზული ისტორიული პრეცედენტი შექმნეს და ეს უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!

და მაინც, მე პირადად ერთი რამის მეშინია!

რომ ხელისუფლება 21 მარტს თავის გამარჯვებად ჩათვლის!

ფრთხილად, ბატონებო – თქვენი მთავარი და უტიფარი მოწინააღმდეგის დამარცხება ავტომატურად არ ნიშნავს თქვენს გამარჯვებას!

ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ნაცმოძრაობას არ უვიწყებს მათ შავბნელ წარსულს და უსამართლობას, სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დიდ ნაწილს თქვენ და თქვენი საქმიანობა მოსწონს და სამაგალითოდ მიაჩნიათ!

ისინი აუტანლები იყვნენ და თქვენ თუ (ჯერ კიდევ) ასატანი ხართ, ეს არ უნდა იყოს სიხარულის, ან – მით უფრო – სიამაყის საფუძველი…

ის, რომ IRI-ის კვლევებში ოცნების 36% 2.5-ჯერ მეტია ნაციონალების მაჩვენებელზე, მთავარი არაა.

მთავარი ისაა, რომ საზოგადოების მეორე  1/4-ს გამოკვეთილი არჩევანი ჯერ არ აქვს გაკეთებული და არჩევნებამდე საით გადაიხრება, სწორედ ეს განსაზღვრავს არჩევნების ბედს!

სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულში დემონსტრირებული ერთიანობის შეგრძნება წამიერად გაქრა, როგორც კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრება-არდასწრების საკითხის გარჩევა დაიწყო! ეტყობა, ჩემი დასკვნა, რომ ხელისუფლებამ ინსტიტუტების (და არა პიროვნებების) მიმართ მუდმივად პატივისცემის დაფიქსირების აუცილებლობა გაიაზრა და გაითავისა, რეალობისაგან შორს მყოფი ოპტიმისტური ილუზია იყო 😦

ჩემს წინა ბლოგში „მიმდინარე მომენტის შესახებ – სანამ ურემი გადაბრუნდება“ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები ხელისუფლების ყველაზე სასწრაფო გადაუდებელ საქმეებზე, სადაც ჩემი აზრით სერიოზული ჩავარდნებია. იქნებ ვცდები, მაგრამ თუ არ ვცდები და ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არხეინად ყოფნას გააგრძელებს, ვშიშობ, 21 მარტის მთავარი დამარცხებული სწორედ იგი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაფერია ისე საშიში, როგორც მოწინააღმდეგ(ეებ)ის წინასწარდამარცხებულად შერაცხვა… თანაც  ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთი არაა და მთავარი მოწინააღმდეგე, იქნებ, ჯერ სულაც არ გამოჩენილა…

ეს გადაუდებელი საქმეებია:

  1. პარტია ქართული ოცნების უსწრაფესი და ხარისხობრივი რეორგანიზაცია – რეგიონული და რაიონული რგოლების სერიოზული ცვლილებებით.
  2. კოალიციის დალაგება – პრინციპიალურ საკითხებზე პრინციპიალური შეთანხმების მიღწევის, დაფიქსირების და გადაყწვეტილებათა შესრულების კონტროლის გზით.
  3. საგარეო მიმართულებით – სერიოზული PR-კამპანიის დაწყება, იმისათვის, რომ ევროკავშირის ფრონტზე დასახული შესაძლო სერიოზული წარმატება ვიზალიბერალიზაციის სახით იქნებ ახდენილ რეალობად იქცეს. ხოლო ამის წინააღმდეგ ამჟამად რუსები უფრო ენერგიულად იბრძვიან, თუ ნაციონალები – ძნელი სათქმელია. აქვეა – ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად მოცლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
  4. საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება! მათ შორის იმ ახალგაზრდების მოზიდვაც, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ პოლიტიკურ თუ ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებას ფლობენ.
  5. ხელისუფლების შტოებს შორის კინკლაობის ნაცვლად ინსტიტუტციონალური თანამშრომლობის პრიმატის აღიარება და დანერგვა.