9 წელი ომიდან – Quo vadis?


Georgia Protest

9 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

ოკუპირებული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა და ტურიზმი კი აღმავლობის გზას ადგას, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები ჩიხშია შესული და სხვანაირად ვერც იქნებოდა. რადგან საქართველოს უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს და თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – რეინტეგრაცია მოახერხოს. ხოლო რუსეთს უნდა, რომ სწორედ ეს ოკუპირებული ტერიტორიები სატყუარად გამოიყენოს და საქართველო ამ სატყუარას გამოყენებით ისევ ჩაყლაპოს, დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე, ხოლო შემდეგ (ან მაშინვე) – რუსულ იმპერიაშიც.

რა თქმა უნდა, საქართველომ უარი არ უნდა თქვას დამოუკიდებლობაზე.

ნინო ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, საქართველომ ევროინტეგრაციას უნდა ამჯობინოს რუსეთში უკუინტეგრაცია. რუსეთთან უვიზო რეჟიმის საფასურად უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე. პატრიოტთა ალიანსიც თვლის, რომ რუსეთს უნდა დავუყვავოთ და გავაუქმოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომ რუსებს უნდა ვეხვეწოთ, – დაგველაპარაკონ.

და რაზე უნდა დაგველაპარაკონ რუსები?

  • ვინმეს გაუგია, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთვის მიტაცებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას? ან თუნდაც ლტოლვილების დაბრუნების ხელშეწყობას?
  • ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი როდესმე ქართველების სიყვარულით ან მართლმადიდებლური რწმენის გამო უარს იტყვის აფხაზური და ოსური კარტის გათამაშებაზე და საქართველოს რეალურად გაერთიანებას ხელს შეუწყობს?
  • პუტინი, რომელიც სლავი ძმები – უკრაინელები არ დაინდო და ნელ-ნელა ცდილობს ევროპის ამ ყველაზე დიდი სახელმწიფოს დაშლას, პუტინი, რომელსაც გერმანიის გაერთიანება და ვარშავის ბლოკის დაშლა ვერ მოუნელებია, – ეს ადამიანი როდესმე დაეთანხმება საქართველოს დამოუკიდებლობას?

და რა უნდა შემოგვთავაზოს რუსეთმა ჩვენ?

  • უკეთესი, უფრო სამართლიანი სახელმწიფო? – თავისთვის არ აქვს!
  • უკეთესი, უფრო არაკორუმპირებული სახელმწიფო სისტემები? – ხუმრობთ??
  • უფრო მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპები? – სად არის, რო?..
  • უფრო უკეთესი დემოგრაფიული ან ეკოლოგიური სიტუაცია? – ზღაპარი!
  • უფრო მეტი სიახლოვე და პერსპექტივა ევროპასთან დაახლოების? – პირიქით!
  • ან თუნდაც ჩინეთთან და აღმოსავლეთის სხვა ძლიერ ეკონომიკებთან მეტი სიახლოვე? – არც იფიქროთ, ამ ქვეყნებს დამოუკიდებელ საქართველოსთან გაცილებით უფრო აწყობთ თანამშრომლობა, ხოლო პუტინი საქართველოს ყველა გზას, ყველა დერეფანს, ყველა პერსპექტივას დაუხურავს!

მოდით, შევადაროთ სიტუაცია აფხაზეთში და საქართველოში:

  • აქვთ აფხაზებს რეალური დამოუკიდებლობა? – არა, მათ მხოლოდ სამი ქვეყანა ცნობს მსოფლიოში. მათი პასპორტი არსად არ არის აღიარებული, ხოლო ქართველებს ევროპის 30-მდე ქვეყანაში უვიზო გადაადგილების საშუალება აქვთ.
  • აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს ქართველებზე უკეთესი პერსპექტივა შინ ან გარეთ კარგი განათლების მიღების და კარიერული ზრდის მხრივ? – არა მგონია, რუსეთიც კი დიდწილად მიუწვდომელია მათთვის, რომ არაფერი ვთქვათ უცხოურ ქვეყნებზე.
  • რამე აშენდა და განვითარდა აფხაზეთში? – შედარებაც კი არ შეიძლება საქართველოსთან.
  • აფხაზების, როგორც ეთნოსის მომავალი პერსპექტივა ახლა უფრო უკეთესია, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში აფხაზების ყოფნისას იყო? – ძალიან ვეჭვობ, რომ თავად აფხაზებს ჰქონდეთ ეს ილუზია – აშკარაა, რომ თავად რუსეთი არის დაინტერესებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებით, რომ აფხაზეთი არაღიარებული ქვეყანა იყოს, დანგრეული ეკონომიკით და მკვდარი კულტურულ-სამეცნიერო პოტენციალით, ხოლო თანდათან მოახდინონ აფხაზეთში რუსების ჩასახლება.
  • კრიმინალური მდგომარეობით? მკვდარ-ცოცხალი ეკონომიკის პირობებში კრიმინალი ჰყვავის და რუსეთი ამას იტანს – საკუთარი მოქალაქეებისთვის რისკის პირობითაც კი, რადგან სწორედ აყვავებული კრიმინალი და კორუფცია იყო და იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის მთავარი საფრთხე და აფხაზეთიდან კანონმორჩილი მოქალაქეების მიგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და როდესაც აფხაზეთის საზოგადოება წესრიგის დამყარების თხოვნით არა საკუთარ დისკრედიტირებულ ხელისუფლებას, არამედ დიდ ძმას მიმართავს, მაშინ სწორედ ამ საბაბით მოხდება აფხაზეთში  რუსული დანაყოფების – ათასობით სამხედროს და გასამხედროებული პ;ოლიციის რაზმების, და მათი ოჯახების ჩასახლება, რაც რამდენიმე თვეში კატასტროფულად შეცვლის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ სიტუაციას.

აი, ეს არის სცენარი აფხაზეთისათვის და იგივე იქნება სცენარი საქართველოსთვისაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მე-20 საუკუნეში მის პოლიტიკას გაიმეორებს და გადაყლაპულ საქართველოში უნივერსიტეტის, თეატრის, ხელოვნების შენარჩუნებას კვლავ დაუშვებს, ძალიან ცდება, რადგან რუსები ამას ჩრდილოეთ ოსეთში, თათარსტანში, ბაშკირეთში და აფხაზეთში არ აკეთებენ და ჩვენთან მით უფრო აღარ გააკეთებენ.

რუსეთის პოლიტიკა საკმაოდ აშკარა და ნათელია:-

1) საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოხრჩობა. ეს მცოცავი ოკუპაციაც სწორედ ამას ისახავს მიზანად – რომ ქართველებმა დატოვონ საზღვრისპირა რეგიონები და უცხოელებმაც იგრძნონ, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპაციას აფართოებს და აძლიერებს. 8 აგვისტოს პუტინის აფხაზეთში ჩასვლაც სწორედ ამის დემონსტრირება იყო – აფხაზებზე მეტად (მათი აზრი მაინცდამაინც არ ადარდებს, ფიქრობს, რომ აფხაზებს რუსეთს იქეთ სხვა გზა მაინც არასოდეს ექნებათ) მსოფლიოსთვის იმის დანახება, ვინ არის რეგიონში ყველაფრის წარმმართველი.

2)საქართველოში საკუთარი რბილი ძალის საცეცების გაზრდა-გამოკვება და ამ რესურსებით ქართულ საზოგადოებაში რუსეთის, როგორც ”ძველი, სანდო მეგობრის და ძმის” (დროებით არ იქნება უფროსობაზე აპელირება) პუტინურ-”სპუტნიკური” იმიჯის შექმნა

3) მე-5 კოლონის გაძლიერება-გამოკვება  და მათი მოძლიერების პირობაზე შემდეგ საქართველოსთან თითქოს აღორძინებული ეკონომიკური კავშირების უეცრივ გაწყვეტა – ღვინის, მინერალური წყლების და მწვანილის ”ონიშენკოური” დაბლოკვის ფონზე, ასევე – ტურისტული ნაკადების მოსხიპვაც, ხოლო რუსეთიდან იქ მაცხოვრებელი ქართველების, სავარაუდოდ, (დროებით მაინც) გამოყრაც, რომ მე-5 კოლონის რუსოფილურ ღაღადს ეკონომიკურად დაზარალებული ქართველების ხმებიც ძალუმად შეუერთდეს.

4) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეკონომიკურ-პოლიტიკური საპროტესტო მოთხოვნებით გამოსვლების ორგანიზება.

5) და შემდეგ, მოლაპარაკების შემოთავაზება – მის მიერვე გაჩენილი ამ ხანძრების ჩაქრობის პერსპექტივის განსახილველად – რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის დათმობის სანაცვლოდ.

=======

რა უნდა ვქნათ?

  1. პირველ რიგში, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ვხვდებოდეთ, რას იზამს ერთმორწმუნე მტერი (ჰო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჩაყლაპვისთანავე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან ისევე მოგვიწევს დამშვიდობება, როგორც ეგზარქოსების დროს…)
  2. როგორც სიბეცე და მარაზმიც იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სხვა პოლიტიკანების მხრიდან ძლიერი მტრის მუდმივი გახელება, ასევე არანაკლები უზნეობა და ღალატი იქნება მონობისადმი შემგუებლობის რუდუნებით პროპაგანდა ჩვენი რუსოფილი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი ამ პოლიტიკანების მხრიდან, უკეთეს შემთხვევაში, სიბეცეა და, უარეს შემთხვევაში, – უზნეობა. მით უფრო მაშინ, როცა რუსეთს ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს აგრესიული მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
  3. ყველანაირად უნდა განვავითაროთ დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური ურთიერთობები სხვა უცხოელ ინვესტორებთან. საქართველოს გამარჯვების საწინდარი ვერ იქნება მხოლოდ ჯარი და სამხედრო ტექნოლოგიები. ჩვენი მთავარი იარაღი – ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საქართველოში მთელი მსოფლიოს მხრიდან აქტიური საინვესტიციო პროექტები უნდა გახდეს. რაც მომავალში აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენი, როგორც წარმატებული ქვეყნის მიმზიდველობის საწინადრი და საქართველოში მათი არსებობის ამჟამინდელზე უკეთესი პერსპექტივის შესახებ დაფიქრების საფუძველი შეიძლება იყოს. უნდა ვემზადოთ იმ დღისთვის, როცა რუსეთი ჩვენთან მის ეკონომიკურ თანამშრომლობას პოლიტიკურ იარაღად აქცევს და მათი შეჩერებით ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევას შეეცდება. ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც და მის ქვეყანასაც შეიძლება ჰქოდნეს პოლიტიკური მიზნებიც, მაგრამ არ ექნება იმ მასშტაბის ბმა, როგორც ეს რუსეთს აქვს ამჟამად.
  4. აუცილებელია ძალიან ზუსტად გათვლილი დიპლომატიის წარმოება, რომელიც ბოლო ხანებში იმედისმომცემი წარმატებებით გამოირჩევა ამერიკის მიმართულებით. მეტია საჭირო – როცა, იმედია, ახალი ამერიკული ადმინისტრაცია უფრო დაალაგებს საკითხებს და პრიორიტეტებს. ამ მხრივ, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო. აუცილებელია მსგავსი გააქტიურება ევროპის (განსაკუთრებით – საფრანგეთის და ვიშეგრადის ქვეყნების), ჩინეთის, იაპონიის მიმართულებითაც. დიპლომატებმა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პროპაგანდისტების და პრომოუტერების ფუნქცია უნდა გააძლიერონ – ანაკლიის პორტის პროექტი არა მარტო ეკონომიკურ არამედ პოლიტიკურ ფარად უნდა იქცეს ჩვენთვის.
  5. და ბოლოს, როგორც ლამის ყოველთვის ჩვენს მძიმე და ძნელ ისტორიაში, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. როგორც სწორედ აღნიშნა ამას წინ ვახტანგ ძაბირაძემ, პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლობა გვეღირსა. ახლა იქნებ, მეორე ცივი ომის დამთავრების შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც შევძლოთ… როგორც ჩვენი ბრწყინვალე და საყვარელი პოეტი ოთარ ჭილაძე ამბობდა: ”…და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, / თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.”