მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)
Posted: 2018/12/31 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი, იუსტიციის საბჭო, ლევან მურუსიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნები, სასამართლო, სასამართლო რეფორმა, ქართული ოცნება 3 Comments
როგორც იქნა დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევა –
ა) როგორც პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები,
ბ) არჩევნები, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება საპარლამენტო რესპუბლიკით,
გ) პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა 2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო,
დ) როდესაც საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი.
და მაინც, ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე გამორჩეული სხვადასხვა მოულოდნელობებით, თუმცა დაკვირვებით ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მოულოდნელობათა უმრავლესობა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ არა ტრადიციული ქართული ჰაიჰარობა – როცა გზა მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება…
I ტური – ოცნების ფიასკო და მოსალოდნელი „პარადოქსები“
საყოველთაო თანხმობა არსებობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტური წააგო.
წააგო არა იმდენად რიცხვებით (ფორმალურად სალომე ზურაბიშვილმა 0.9%-ით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს), მაგრამ წააგო ამ თუნდაც ლამის საყაიმო ანგარიშის კატასტროფული შეუსაბამობით პოლიტიკურ ძალთა დღეს არსებულ თანაფარდობასთან: პარლამენტში ქართულ ოცნებას ეკუთვნის 114 ადგილი (76%), ხოლო ნაცმოძრაობას – მხოლოდ 6 (4%)! ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი ასევე ოცნებიდანაა, და თვითმმართველი თემების ყველა საკრებულოშიც, გარდა – ბორჯომისა, უმრავლესობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკუთვნის.
და ამ ფონზე, პირველი ტურში ქართული ოცნების მიერ მიღებული 615,000 ხმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2012 წლის შემდეგ. ხოლო ნაცმოძრაობის მიერ მიღებული 601,000 – ყველაზე მაღალი. და თუ ამას დავამატებთ „ევროპული საქართველოს“ 180,000 ხმას, ყოფილი ნაცმოძრაობის მხარეს სულაც 780,000 ხმაზეა უკვე საუბარი, რაც თითქმის იგივე შედეგია, რომელიც ნაცმოძრობამ 2012 წელს აჩვენა, – ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას. აშკარაა, რომ 2018 წლის პირველ ტურში ქართული ოცნების შედეგს სრულიად სამართლიანად, არა უბრალოდ, – მარცხი, არამედ – ფიასკოც კი, შეიძლება, ეწოდოს.
და მაინც, ეს, სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ მისთვის იყო, ვინც მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს არ აკეთებდა და ბოლო მომენტამდე თავსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.
არის ამ მარცხში ის ზოგადი ტენდენციები და ფაქტორები, რაც თითქმის ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და სპეციფიური მიზეზებიც.
ზოგადად, გამარჯვებულ პარტიას 4-6 წლის შემდეგ არჩევნების წაგების მაღალი შანსი აქვს. რატომ? ხალხს ყველაფერი ბეზრდება და იმედი აქვს, რომ ახალი ცოცხი უკეთ დაგვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ფენომენალურად წარმატებული სახელისუფლებო პერიოდების შემდეგ არჩევნები წააგეს უინსტონ ჩერჩილმა და ახლახანს გარდაცვლილმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). პირველი ვადის შემდეგ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმაც ვერ მოიგო დამაჯერებლად საპრეზიდენტო არჩევნები – მისი მაჩვენებელი 96%-დან 53.5%-მდე დაეცა, და მხოლოდ იმ 3.5%-ის წყალობით გადაურჩა მეორე ტურს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის არნახული ზეწოლით და და მასობრივი გაყალბებით მიმდინარეობდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ეუთოს საზედამხედეველო მისიის საბოლო ანგარიშში (გამოქვეყნდა 2008 წლის 4 მარტს!) შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო უბნების 23%-ში (!) ხმის დათვლა ჩატარდა დიდი დარღვევებით და შეფასდა „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ (რომ არაფერი ვთქვათ ხმის მიცემის და სხვა დარღვევებზე), სრულიად აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებების გარეშე იმ არჩევნებს პირველივე ტურში ვერ მოიგებდა.
ახლა კი სპეციფიურ მიზეზებზე შევჩერდები, რამაც პირველ ტურში ქართული ოცნების ძალიან ცუდი შედეგი განაპირობა.
- ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სრულად გაკრიფა არა მარტო „შუა“, არამედ მოახერხა ყველა იმ პარტიის დეზორგანიზაციაც, რომლებთან ერთად ქართული ოცნება 2012 წელს კოალიციაში იყო. ზოგიერთი ეს პარტია ქართულმა ოცნებამ ჩაყლაპა, ხოლო სხვა პარტიები – დაიშალნენ ან ძალიან დასუსტდნენ. ამას შედეგად ორი სერიოზული შედეგი მოჰყვა:
- – ქართულ პოლიტიკური სპექტრი, გაძლიერების ნაცვლად, გაღარიბდა.
- – ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის უშუალოდ ოცნების ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მისცემდა სხვა (ადრე ოცნებასთან კოალიციაში მყოფ) პარტიებს, შეიძლება, იმედგაცრუებული აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდა სულაც – ნაციონალური მოძრაობისაკენ გადაიხარა.
- ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა დანაპირები სამართლიანობის აღდგენის (ან – უფრო სწორედ – სამართლიანობის დამკვიდრების) შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი მანქანის საცეცები მნიშვნელოვანწილად მოკვეთილია, მაგრამ სასამართლოსა და პროკურატურის სათავეში, ოცნების საპარლამენტო და რეგიონალურ პარტიულ სტრუქტურებში – ერთ დროს ნაცმოძრაობის ცნობილი ოდიოზური პირების არსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ სამართლის დამკვიდრებიდან ჯერ ისევ შორსაა. თუ ეკონომიკური სწრაფი პროგრესის მიღწევა – ისეთის, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისათვის იქნებოდა ხელშესახები, – ნამდვილად რთული და ხანგრძლივი ამოცანაა, სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ არსებული მოლოდნების იმედგაცრუება უფრო მძიმე იმიჯური დარტყმა მგონია ქართული ოცნებისათვის.
- სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებში დაშვებული სერიოზული ხარვეზები თუ დანაშაულებრივი ქმედებები ამ შვილმკვდარი მამების მიმართ სამართლიანი გამოძიებისა და სასჯელის უკმარობის განცდას ქმნის. ეს ორი საქმე იქცა ძალიან მძიმე ტესტად ხელისუფლებისათვის, თანაც დღემდე გადაუჭრელია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ადამიანებთან თანაგრძნობით გამსჭვალული სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ტკივილზე საქმის დროული და სამართლიანი გამოძიებით პასუხი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ვერ გათვალა, როგორ „ოქროს ძარღვად“ აქცევდა სათავისოდ ამ საქმეებს ნაციონალური მოძრაობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ზოგიერთ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგა და ასრულებაც მოხდა (ქონებრივი დანაშაულების მსხვერპლთა რესტიტუცია), ეს (მგონი, 150-მდე საქმე) მაინც მცირე დოზაა. და რაც ყველაზე სავალალოა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ესეც კი არ მიეწოდა სწორი გზავნილის სახით. არც ვებ-გვერდი შექმნილა, არც კონფერენცია ჩატარებულა, არც რამე სატელევიზიო გადაცემა… ნაციონალური მოძრაობა ამას მშვენივრად იყენებს და საუბრობს საკუთარ „ერთეულ შეცდომებზე“ და დღევანდელი ხელისუფლების „მასობრივ დანაშაულებებზე“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას ყოველთვის ბოლო ამბები უკეთ ახსოვს, ეს ყველაფერი, რუსთავი2-ის პროპაგანდისტული ჰაუბიცებით და მორტირებით გამოსროლილი, მომაკვდინებელ შედეგს იძლევა, მით უფრო – რაიონებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად რუსთავი2-ის მენიუზეა გადართული.
- ქართული ოცნება ვერ იქცა იდეოლოგიურად გამართულ და ორგანიზაციულად მწყობრ პარტიად. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს არც ჰქონდა პრიორიტეტად დასახული ეს მიზანი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ 2018 წლის გაზაფხულამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მისმა ჩამოშორებამ და 2016-17 წლების ორივე არჩევნებში ფანტასტიკური შედეგის მიღწევამ შექმნა ილუზია, – „ასეც იოლად გავალთ ფონს“. რეალობა არის ის, რომ ღირსეული ოპონენტის არარსებობა, რამდენადაც აიოლებს გამარჯვებას, იმდენად, ან – მეტადაც კი, თვითდამშვიდების და მოდუნების საფუძველი ხდება. ხოლო პოლიტიკა სისტემატურობას და ყოველდღიური რუტინული ამოცანების მეთოდურად გადაწყვეტას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიის შენება სკის შენებას ჰგავს – არაპროფესიონალიზმი და ჰაიჰარობა დამღუპველია.
- ვფიქრობ, საკმაოდ თვითდამაზიანებელი იყო ოცნებისათვის პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მგონი, უკვე არავის ჰგონია, კვირიკაშვილი რომ თავისით გადადგა და იუნისეფის კვლევა რომ ამ საკითხში გადამწყვეტი იყო. „ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიანო“, ნათქვამია, და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის მომენტი იყო ძალიან არასახარბიელო საკადრო ცვლილებებისათვის, არამედ კიდევ უფრო მეტად ის – რა ტიპის ინფორმაციები გავრცელდა ამ ცვლილებების შემდეგ – იყო მინიშნებები არა მარტო მმართველობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარვეზებზე (რაც, ალბათ, რეალობას შეესაბამებოდა), არამედ – შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ერთ-ერთ ბანკთან ინტერესთა კონფლიქტზე, და ლამის – სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციებიის დაგეგმვაზეც კი. საბოლოოდ, მას მერე, რაც აშკარა გახდა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკიდა წავიდა და რამე საარჩევნო აქტივობას არ გეგმავდა, ეს ყველაფერი არც გამოძიებულა, არც დადასტურებულა და არც უარყოფილა. მაგრამ, ქართულმა ოცნებამ, ნებით თუ უნებლიედ, პრემიერ-მინისტრის სასწრაფოდ მოშორებით, თითქოს დაადასტურა იმ მძიმე პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიური შეტევის ვექტორების სისწორე, რასაც კვირიკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა იყენებდა. ასეთი კარტ-ბლანშის მიცემა ნაცმოძრაობისთვის – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – უკვალოდ არ ჩაივლიდა. და არც ჩაიარა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოცნებამ სტაბილურობა დაკარგა. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა მოლოდინი, რომ იგი სერიოზულად დაბრუნდა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალე გაიფანტა. ეტყობა, ჯერ კიდევ არსებული „ჭარბი ნდობისა“ და იოლი გამარჯვების იმედის პრევალირების გამო, ივანიშვილმა პოლიტიკასთან ახლოს დგომაც საკმარისად ჩათვალა…
- სერიოზული შეცდომა იყო საპრეზიდენტო პოსტის გამოცხადება არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელობის დაკნინება. ფაქტობრივად, ოცნებამ თავად უთხრა ხალხს – რა გენაღვლებათ, ვისიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, მაინცდამაინც არც გვჭირდებაო. რაც ოცნების ამომრჩეველმა ასე გადათარგმნა – ესეიგი, სახლში უნდა დავრჩეთ, რაში გვაინტერესებს, 28 ოქტომბერს ვინ მოიგებსო…
- სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად შეიძლება თავისთავად არ იყო შეცდომა, (თუმცა, მაინც მგონია, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა არაფორმალური მმართველობის შეგრძნება. ჯობდა, საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდათ და საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ), მაგრამ შეცდომა იყო ამ გადაწყვეტილების „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“ მხარდაჭერად შეფუთვა. ძალიან ბევრმა, ჩემს მსგავსად, ეს თავიდანვე არ დაიჯერა (და სწორიც აღმოვჩნდით). სამაგიეროდ, თავად ოცნების პარტელიტამ დაიჯერა და საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა – მაგ. მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთ რაიონებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად რამე აქციების ჩატარება, ან ელემენტარულად რაიმე სხვა ფორმით მხარდაჭერის გამოცხადება.
- 2008 წელს ომის დაწყების თემით საარჩევნო კამპანიის დაწყება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა თავად ზურაბიშვილისთვის. რომ არა ნაცმოძრაობის გებელსური პროპგანდის საოცრად დახვეწილი მანქანა, შეიძლება, ამ ასპექტს სერიოზული, მაგრამ არა ასეთი – ლამის, კატასტროფული – ზიანი მიეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თემის ჰიპერბოლიზირებით (იმ ძალის მხრიდან, რომელთა ლიდერებს ხელისფლებაში ყოფნისას თავად ჰქონდათ ხელი მოწერილი მსგავს განცხადებებზე – თანაც ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმეტებზე!), თემის ნეგატიური გავლენა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. ნაცმოძრაობამ, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) საკუთარი წევრობის გამოყენებით, თითქმის მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე იმ აზრის გავრცელება, რომ [ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში გამოცდილების მქონე!] სალომე ზურაბიშვილი „პრორუსი კანდიდატია“, ხოლო [საბჭოთა წარსულით მოამაყე, ომის მერეც რუსული პასპორტის ვერდამთმობი!] გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ეროვნულობის და დამოუკიდებლობის ბურჯი და გარანტი“ (Sic!). ზურაბიშვილის ქართულის ხარვეზები აგრესიული თავდასხმების კიდევ ერთ მოწყვლად სამიზნედ იქცა და ისედაც ნაკლებად კომუნიკაბელური კანდიდატის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და კომუნიკაციის დეფიციტი გამოიწვია… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ მასირებული ბულინგი კანდიდატის მიმართ, როდესაც მის პატრიოტიზმს ის დაქირავებული მიშისტებიც კი უშვერად იხსენიებდნენ, რომელთაც თავად პუტინის და კადიროვის ღონისძიებებში მონაწილეობის “მდიდარი” გამოცდილება და დაფინანსების ისტორიაც კი გააჩნდათ. დაბოლოს, ცოდვა გამხელილი სჯობს, პოლიტიკური დებატები სალომე ზურაბიშვილმა ორივე კონკურენტთან წააგო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნაკლებად გამოცდილია ამ საქმეში, ხოლო უფრო მეტად იმიტომ, რომ დებატები ქართულად იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, აშკარაა, რომ აზრს ფრანგულად ან ინგლისურად აყალიბებს და მერე ახდენს მის თარგმნას. მსგავსი პრობლემები იმ ემიგრანტ ბალტიისპირელ ლიდერებსაც ჰქონდათ, ვინც უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ და უკვე შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ მათ არ მოუწიათ ასეთ აგრესიულ ოპონენტებთან და მედიასთან პაექრობა.
- ქართული ოცნების PR-სამსახური პირველ ტურამდე იყო ცოცხალმკვდარი, ხოლო ქართული ოცნების სოციოლოგიური სამსახური – მკვდარზე უარესი, რამეთუ მათი კვლევები მხოლოდ თვითდამშვიდების ჰიპნოზის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. მაგალითისთვის მოვიყვან ორ დეტალს – ის, რომ ნაცმოძრაობის 400-ლარიანი პენსიის დაპირება სრული ბლეფი იყო და ელემენტარულად საქართველოს ბიუჯეტს არაფრით შეესაბამებოდა, ისევე როგორც ვაშაძის PR-კომპანიაში რუსი პიარ-ტექნოლოგების და კერძოდ, იმ შკლიაროვის მონაწილეობა, რომელმაც საქართველოში საარჩევნო რევოლუცია დააანონსა, – ორივე ეს ამბავი ფეისბუქზე გახმაურდა – არა ოცნების ან ზურაბიშვილის PR-ჯგუფების ან საარჩევნო შტატების მიერ, არამედ უბრალოდ, დაინტერესებული და დაკვირვებული ფეისბუქ-მომხმარებლების (თუ არ ვცდები – ირა ჭელიძის და მერაბ მეტრეველის) მიერ.
- ამ ფონზე, ის მასიური და ტოტალური უპირატესობა, რაც ბანერების და სხვა რეკლამის მხრივ, კონკურენტებთან შედარებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა – რეალურად იქცა ანტირეკლამად. დუხჭირ მოსახლეობაზე, არა მგონია, პოზიტიურად მოქმედებდეს საარჩევნო ბანერებში და რეკლამებში ჭარბად დახარჯული თანხების დემონსტრირება.
- საკმაოდ დიდი აცილება ნაცმოძრაობის აგრესიულ კამპანიასა და ოცნების „ევროპულ“ კამპანიას შორის. I ტურში ოცნებას მორალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მორალური უპირატესობით ამ კიკბოქსინგის მოგება შეუძლებელი იყო…
- დაბოლოს, არჩევნების პირველი ტურის წინ, ოცნებამ განახორციელა რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა, რასაც ვერც კი ინატრებდა მათგან ნაცმოძრაობა:
- – კანაფის (სამედიცინო მარიხუანის) კულტივირების და ეკონომიკური პრობლემების პანაცეად გამოცხადების თემა! ამ თემის უსწრაფესი „პოპულარიზაციით“ მკვეთრად გაღიზიანდა სამღვდელოება და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ხოლო, თუ ვინმე ელოდა, რომ ახალგაზრდობასა და მემარჯვენე მსოფლმხედველობის ეკონომისტებში მაინც იქნებოდა ეს იდეა პოპულარული, მწარედ შეცდნენ – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თუ ვინმეს დაუფასებდნენ, არა – ქართულ ოცნებას, არამედ – ისევ „გირჩს“, რომელიც დიდი ხანია, თავის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მაქსიმილურ კანაფიზაციას აცხადებს.
- ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქუთაისში ვაშაძის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამარჯვების მიზეზი მგონია.
- რიგი, საზოგადოებაში არაპოპულარული, გადაწყვეტილებების გახმაურება სწორედ არჩევნების წინ (მაგ. ხორბლის გადამზიდავების თემა).
- უკვე ყბადაღებული დაპირისპირება და აქტიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
- როგორც ლამის ყველა არჩევნების წინ – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა…
II ტური – ნაცმოძრაობის ფიასკო
II ტურის წინ ნაცმოძრაობას ჰქონდა ყველა ის უპირატესობა, რაც თითქოს მის საბოლოო წარმატებას უზრუნველყოფდა
ა) თუნდაც ბუტაფორიული, მაგრამ მაინც – კოალიციურობა, რასაც პირველი ტურის შემდეგ კიდევ ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და გუბაზ-ოქრუაშვილიც დაემატნენ. მაშინ როცა ოცნების მხარეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი დადგა გამოკვეთილად, ხოლო ლეიბორისტებმა, შენების მოძრაობამ და თავისუფალი დემოკრატებმა, უბრალოდ, ნეიტრალიტეტი არჩიეს;
ბ) I ტურში მოგროვილი ხმების უპირატესობა: 780,000 – 615,000-ის წინააღმდეგ;
გ) თავად ოცნებაში გაჩენილი მკვეთრი შეშფოთება და დაბნეულობა;
დ) პარალელები 2003 წელთან, როცა მოქკავშირის თითქოსდა მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში პირველი ბზარების გაჩენამ მკვეთრი არქიტექტონიკული ძვრები და ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა განაპირობა. და ამ სიტუაციური დეჟავიუს განსაკუთრებულად საშიში ფენომენი – ხელისუფლების საპარლამენტი ბლოკში მაჟორიტარი დეპუტატების დიდი მასა, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, ყოველთვის ადვილად გადახტებიან მოწინააღმდეგის ნავში – ჩაძირვის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.
მაგრამ მოხდა ის, რასაც ისევ მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება ვუწოდოთ: – 0:5-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი 10:5 დასრულდა – უკვე ოცნების სასარგებლოდ.
მოდით, მეორე ტურში სიტუაციის მკვეთრი ცვლილების მიზეზებსაც გადავავლოთ თვალი:
- დამნაშავეების შეწყალების დაპირება – პირველი ტურით თავბრუდახვეულმა გრიგოლ ვაშაძემ სასწრაფოდ, ლამის პირველივე ინტერვიუში გამოაცხადა მისი არჩევის შემდეგ „პოლიტპატიმრების“ და „პოლიტბრალდებულების“ სრული რეაბილიტაცია და შეწყალება. დამატებით ჩაკითხვაზე დააზუსტა, რომ ამ სიაში შევიდოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები. ამით გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი მომხრეების გამხნევება სურდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, როგორ ანტინაცურ მობილიზებას გამოიწვევდა ასეთი პერსპექტივა საზოგადოების ფართო წრეებში – იმ ნაწილში, რომელიც პირველ ტურზე ძირითადად, თავი არ შეუწუხებია. საყურადღებო იყო ნაცკანდიდატის ამ „გულუხვ“ დაპირებაზე იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის გამოხმაურება, რომელიც ოცნების მხარდამჭერად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
- კამპანიაში მიშას ჩართულობა და მისი გამოუსწორებლობის დემონსტრირება. პირველი ტურის შედეგებმა ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის არნახული აჟიტირება გამოიწვია. მას იმედი მიეცა, რომ მალე ქვეყნის პრეზიდენტად (და მთავარსარდლად!) საკუთარ პროტეჟეს იხილავდა და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლისთვის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არნახულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამიტომ სულ უფრო გაზარდა ის, რაც კანონით აკრძალულია კიდეც – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. რუსთავი2 კი, უკვე მერამდენედ, იქცა არა იმდენად ნაცმოძრაობის, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილის რუპორად. გაიზარდა მიშას აგრესიულობის კოეფიციენტი. ოცნების მალე დასაფლავების ოცნებაში შესულ მიშას „ღარიბი და ქილა ერბოს“ პერსონაჟის სინდრომი დაემართა და „გასწიეთ, ჩემო ნიშავ და ნიკორაო!“, გამეტებით იქნევდა სახრეს… ჰოდა, მაწონიც დაღვარა. რაც უფრო მეტად გავეშებული იყო მისი განცხადებები და ანთებული – თვალების ბრიალი, მით უფრო ცხადი იყო, რომ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაციის დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ მუქარის ტონით გაჟღერებული „უკაცრავად, გოგოო! აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!“ და ოცნების მიერ დაქირავებული PR-მენეჯერის „აფერისტ ებრაელად“ მოხსენიება. თუ პირველ ტურში არა მარტო გულმხურვალე ნაცმხარდამჭერები, არამედ არასამთავრობო სექტორის სერიოზული ნაწილი ღიად თუ ფარულად მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, ახლა ეს მათთვის სულ უფრო გაძნელდა გახელებული ექს-პრეზიდენტის მიერ სექსისტურ-ეიჯისტურ-რასისტული გამონათქვამების გამო…
- საარჩევნო კამპანიაში ჯარის და პოლიციის ჩართვა. მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეგნებულად ახდენდა საზოგადოებაში იმ აზრის დათესვას, რომ ნაცმოძრაობას მყარი დასაყრდენი აქვს ძალოვან სტრუქტურებში. ამის რეალიზებისა და დემონსტრირებისთვის მათ ორი ტაქტიკა შეიმუშავეს – აქციებზე პოლიციის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან პროვოცირების და „დაჩმორების“ პოლიტიკა (ამ მხრივ განსაკუთრებით „ჟურნალისტი“ გვარამია გამოირჩეოდა), რასაც რიგით პოლიციელებში ივანიშვილის დროინდელი ცენტურიონების ზე-სტატუსის მონატრება უნდა გამოეწვია. ხოლო მეორე მხრივ – ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროების ფორმაში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს უკანასკნელი იყო არნახული მასშტაბის პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც თავისი პოლიტიზირებული ავტოკრატიული რეჟიმის ზეობისას, ისევ ცდილობდა ჯარის და პოლიციის პოლიტიზირებას! ვფიქრობ, სასწრაფოდ მისაღებია ცვლილებები კანონში – რა თქმა უნდა, ნებისმიერ ყოფილ სამხედროს სრული უფლება აქვს, როგორც სხვა მოქალაქეს, თავისი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გამოხატოს, მაგრამ – არა ჯარის ან პოლიციის მუნდირში! ხოლო მათ, ვისაც ჯარის და პოლიციის მუნდირი კანონით აცვიათ, პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. ამას დაემატა ასევე თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია იმის თაობაზე, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეიძლება ქართველი სამხედროების დადანაშაულება და ჰააგის სასამართლოს მიერ დევნა მოჰყვეს. სააკაშვილის და რუსთავი2-ის მიერ წარმოებულ ამ მასირებულ შეტევას საზოგადოების უდიდეს ნაწილზე საბოლოო ჯამში დიდი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისი განმარტებების წყალობით – უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების და PR-სამსახურების მხრიდანაც, ასევე იმ პირთა მხრიდანაც, რომელთა რეპუტაციას და კვალიფიკაციას ნაციონალები „ქოცობის“ არგუმენტით ეჭვქვეშ ვერ დააყენებდნენ – მაგ. თინა ხიდაშელის, სანდრო ბარამიძის, და სხვათა – მხრიდანაც. თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სწორედ ამ „ჰააგით დაშინების“ კამპანიის შედეგი იყო ის, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებში ნაცმოძრაობის კანდიდატმა პირველი ტური კი წააგო, მაგრამ მეორე ტურში მოიგო. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი – ჯარის და პოლიციის პოლიტიზირების და არჩევნებში ჩართვის მცდელობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ სრულიად მართებულად ნეგატიურად იქნა აღქმული, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა პირადი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის დათესვის და სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების ამდაგვარ ხერხებზე.
- სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი – არა მგონია, გულმხურვალე ნაცფანებს დაეჯერებინოთ ბიძა-ძმიშვილის საუბრის ავთენტურობა, ან თუ დაიჯერეს, ალბათ ჩათვალეს, რომ ქართველების მიმართ ლანძღვა-გინება მათ არ შეეხებოდათ. მაგრამ დანარჩენებზე, რა თქმა უნდა, ამ საზარლად ცინიკურმა დიალოგმა, იქონია გავლენა და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი დიდი ხანია – ამ ოჯახის წევრებს საქართველო და ქართველები ფეხებზე ჰკიდიათ. მათ საქართველო და ქართველები მხოლოდ მაშინ მოწონთ, თუ ქართველები მათ აძლევენ ხმას, და არ არსებობს კრიმინალი, რომელზეც წასავლელად ისინი მზად არ არიან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემათ. ფენომენალური იყო ამ თემაზე თემურ ალასანიას კომენტარში წამოცდენილი Lapsus lingua – მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მით უმეტეს – ტელეფონითო !!!
- ოდიოზური ფიგურების დამატება – ნაცმოძრაობის კანდიდატმა მეორე ტურში არა მარტო ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარანტია მიიღო, არამედ – რესპუბლიკელების, ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის თანადგომაც. დასახელებულ პარტიებზე ქვემოთ მოგახსენებთ, ხოლო ამ პირების შემომატებით ნაცმოძრაობამ, ვფიქრობ, ვერაფერი მოიგო. ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აშკარაა – გორში ნაციონალებმა პირველი ტური მოიგეს: 42.5% – 34.6%, მეორე ტურში კი წააგეს: 38%-62%.
- მიშასგან გვიანი დისტანცირება. – გრიგოლ ვაშაძემ სცადა, გამიჯნოდა მიხეილ სააკაშვილს, ის კი არადა – ნაცმოძრაობის ლიდერთა შეწყალებაზეც აღარ იღებდა ხმას. დაანონსებული 100,000-იანი მიტინგით ხელისუფლების ჩამოშლაც უკან წაიღო. მაგრამ დააგვიანდა – ჩიტი უკვე გამოფრენილი იყო. ნაციონალებს საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება და მობილიზაცია სურდათ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ – პირველ ტურში მიძინებული ანტინაციონალი ამომრჩეველი გამოაფხიზლეს.
- საზოგადოების გამოფხიზლება – სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ქართულ ოცნებას არ მოუგია – მეორე ტური მოიგო ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა – ან ოცნებაზე განაწყენებული, ან ოცნებისგანვე დაიმედებული – მაინც არაფერია იქ საშენო, ცუდი მაინც ვერაფერი მოხდებაო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეიბორისტების, შენების მოძრაობის, გირჩის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, მათი ლიდერების ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა, ეს არ იყო მთავარი. სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა პირველიდან (615,000) მეორე ტურამდე (1,147,700) – 532,000-ზე მეტით, ანუ თითქმის 87%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებისა (თუ მათ პირველ ტურში დავით ბაქრაძისათვის მიცემულ ხმებსაც დავამატებთ), პრაქტიკულად არ გაზრდილა – 775,000-დან 780,000-მდე (0.6%-ით). პირველი ტურის შემდეგ ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს გავუზიარე ჩემი პროგნოზი, რომ თუ მეორე ტურში 10%-ზე მეტით მოხდებოდა არჩევნებზე მისული ადამიანების საერთო რიცხვის გაზრდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მოგების შანსი, ხოლო 15-20%-იანი ზრდის შემთხვევაში – ეს თითქმის გარანტირებული იყო. პირველ ტურში 1,638,000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მეორე ტურში – 1,928,000-მა. რაც 18%-იანი ზრდა იყო. და სალომე ზურაბიშვილმა, მართლაც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ გამოიწვია ასეთი ტექტონიკური ძვრა სულ რაღაც 1 თვეში?
- ოცნების ამოძრავება – პირველი ტურის შემდეგ ოცნებამ გამოიღვიძა – შექმნეს საარჩევნო შტაბები, ცეცხლი შეუნთეს მაჟორიტარებს, იქირავეს სერიოზული PR-კომპანია და დაიწყეს დაპირებების გაცემა. სრულიად აშკარა იყო, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადამლაშებაც ხდებოდა. მე პირადად, ასეთ მიუღებელ გადამლაშებად მეჩვენება ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მასიურად ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების პორტრეტებით – იმის მაგიერ, რომ ერთობლივი ფოტოები დაედოთ (სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე ზოგან ესეთი კოლაჟებიც გაჩნდა). მაგრამ იმ რეალობისაგან იმ აცდენას, რომ სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ეს ჩანაცვლება იმით მაინც სჯობდა, რომ მოსახლეობას ალალად უთხრა, ვის მიჰყავდა აღლუმი. მოშე კლუგჰაფტის მართლაც ძალიან აგრესიული კამპანია ნამდვილად არ იყო „ევროპული არჩევნების“ ეტალონი, მაგრამ როგორც ამბობენ à la guerre comme à la guerre და ეს არჩევნები ნამდვილად უფრო ომს ჰგავდა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მასირებული ბულინგით და ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით. ასე რომ, ნაცმოძრაობის ძველი სახეების გამოჩენა ვაშაძის პორტრეტის უკან ეს პრინციპში ის იყო, რაც ვაშაძემ თავად დაანონსა.
- სამედიცინო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა. კანაფის კულტივაციის უაღრესად წინააღმდეგობრივ და წამგებიან კამპანიაზე სასწრაფოდ უარის თქმამ ხელიისუფლებას და მის კანდიდატს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანების ჩაქრობის საშუალება მისცა.
- ნაძვის ხის დათმობა – ძალიან საჩოთირო ქვეტექსტი მიეცა პირველი ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას, როცა ქალაქის მერიამ ზაზა სარალიძეს და თეიმურაზ მაჩალიკაშვილს ნაძვის ხის განთავსების მოტივით შეახსენა, რომ მათი პარლამენტის წინ მიმდინარე საპორტესტი აქცია უნდა დასრულებულიყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორალურად მიუღებლად მიიჩნია შვილმკვდარი მამების პროტესტის ადგილიდან განდევნა იმ მოტივით, რომ ბავშვებისთვის იქ ნაძვის ხე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და უკან დაიხია – რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა ნაძვის ხე…
- ბუტა რობაქიძის მკვლელობასა და იარაღის ფაბრიკაციის საქმეზე უზომოდ გაჭიანურებული სასამართლოს დასრულება. საზოგადოებაში ამან დიდი ხნით დაგვიანებული სამართლის ურმის როგორც იქნა გამოჩენის ეფექტი შექმნა.
- სოციალური ვალდებულებები – ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მოიქაჩლა თავი – ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს (დანამატებიც) და დირექტორებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სასაზღვრო პოლიციას, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და ბავშვიან ოჯახებს (10 ლარის ნაცვლად – 50 ლარი თვიურად), მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება, დღემდე უბინაო საკონტრაქტო სამხედროებს გადაეცემათ ბინები და ა.შ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა სერიოზულად ასდის ამომრჩევლის მოსყიდვის სურნელი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ნაბიჯები პოზიტიურად აღიქმება და ძნელი სათქმელია, როდის მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ იურისტები კი არა, მთელი მოსახლეობა ნეგატიურად შეხედავს ამგვარ წინასაარჩევნო სიკეთეებს.
- ვალების განულება – ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელმაც ლამის 600,000 ადამიანის მდგომარებას შეეხო, იყო 2,000 ლარამდე საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება საქველმოწმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. ეხლა, სადაც რამდენიმე კილო კარტოფილის და ხახვის, თუ ორკილოიანი ინდაურის ფეშქაში განიხილებოდა მოსყიდვის მცდელობად, 2,000 ლარი მოსყიდვა კი არა, არქიმოსყიდვაა, რასაკვირველია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს თემა მართლაც იყო დაანონსებული მაისიდან და თან, ვინ რა იცოდა, მოსასყიდი პირი ფარულ არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა? ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსში მკაცრად უნდა გაიწეროს ანალოგიური შემთხვევები და დაწესდეს მორატორიუმი, მაგალითად, პირველი ტურის დაწყებამდე 2 თვე, როცა მსგავსი მასშტაბური დაპირებები და ქველმოქმედებები უპირობოდ დასჯადი გახდება. თუმცა,ეს რომ მოხდეს, ამაზე პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი უნდა არსებობდეს და თუ ხელისუფლებას აეკრძალება რაიმე პროგრამის განხორციელება/დაპირება, მაშინ ოპოზიციასაც უნდა აეკრძალოს მსგავსი მასშტაბის დაპირება. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო აგიტაციას… მეორე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ თავად ოპოზიციამ ხელისუფლების ამ ქმედებებზე (2.11-2.12) იმდენად ლეგალურად განმტკიცებული ბრალდებები კი არ წარადგინა, არამედ გულწრფელად გაწიწმატდა, – ეგო, ჩვენი იდეა იყო, ჩვენ გვინდოდა მაგის დაპირებაო (ანუ, დაგვასწრეს ხალხის მოსყიდვაო!). სანამ ეს ასე იქნება, ფორმალურად დასჯადი ქმედებების პრაქტიკიდან რეალურად ამოგდება შეუძლებელი იქნება…
არჩევნები დამთავრდა! არჩევნები მოდის!
არჩევნები კიდეც დასრულდა და ამავდროულად – არც დასრულებულა.
ჯერ ერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ ძალის დაუძინებელმა (და ორი ქვეყნის ტახტის მადევარმა) ლიდერმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტიო!
ყველა ოპოზიციური ძალა ითხოვს ვადამდელ საპარლამენტ არჩევნებს და თანაც – შეცვლილი – პროპორციული წესით. სახელისუფლებო ძალის მთავარი არგუმენტი მხოლოდ ისაა, ვერ წავალთ ამაზე – სტაბილურობა დაირღვევაო…
აშკარა გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას მოჰყვა ახალი კრიზისის – სასამართლო ხელისუფლების კრიზისის გამწვავება. ის რაც არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, ფაქტიურად ხელისუფლებისათვის (და სახელისუფლეებო გუნდის ერთობისათვის) უფრო მეტად საშიში ბომბის დადებას ჰგავს, ვიდრე ეს ოპოზიციამ შეძლო. ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას მართავს აშკარად არაპოპულარული, დაბალრეიტინგული (კეთილსინდისიერების და სამართლიაობის კუთხით მაინც) მოსამართლეების კასტა, რომლის ძირითადი ინტერესი არის საკუთარი მარადიულობის ჩაბეტონება და ამისათვის მზად არიან საკმაოდ საჩოთირო და იურიდიულად გაუმართლებელ ნაბიჯებზე წავიდნენ – ისარგებლონ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, წარადგინო დასამტკიცებლად საკუთარი გვარებით დაკომპლექტებული სია, რომელიც არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ განიხილეს და როგორ უყარეს კენჭი და ა.შ. ხოლო როცა საკუთარ რეიტინგზე შეშფოთებული პარლამენტი ამ მარაზმში გადასულ პროცესს აჩერებს, მომენტალურად დგამენ შურისძებითი შანტაჟის კლასიკურ აქტს – უვადოდ ირჩევენ მოსამართლედ ლევან მურუსიძეს. და ეს ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ყრის იმ უდავოდ პოზიტიურ ძვრებს, რაც სასამართლო სისტემაში 2012 წლის მერე სახეზეა – ჯარიმების თანხების კოლოსალური შემცირებით და განსაკუთრებით, – გამამართლებელი განაჩენების ასევე კოლოსალური ზრდით! აქ მახსენდება მე-4 კურსზე ყვარელში საშემოდგომოდ რთველზე წაყვანილ სამედიცინოს სტუდენტებთან მაშინდელი პრორექტორის (იდეოლოგიურ დარგში) მურმან ნ.-ის ფანტასტიური ფრაზა – „მარტო ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ მსუბუქი ყოფაქცევა არ ახასიათებდეს გოგონას (!), არამედ ისე უნდა იქცეოდეს, რომ ხალხს არც გაუჩნდეს ეჭვი – მსუბუქი ყოფაქცევის შესაძლებლობაზეო!” 🙂
ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა საზოგადოების გამოხტული პოლარიზებით და (მეორე ტურში) აგრესიული კამპანიით, ხოლო არჩევნების დროს არსებული დარღვევები ყველაზე სერიოზული იყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და ამას ვერ დააყენებს თუნდაც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ის ვიდეოკადრები, რაც ნაცმოძრაობამ მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა. 10-20 უბანზე კიდეც რომ დადასტურდეს საარჩევნო ადმიისტრაციის მხრიდან დაშვებული დარღვევები თუ დანაშაული, 3700 უბნის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა და სავარაუდოდ, მხოლოდ იმ კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი დადგება, ვინც ამ კადრებზე ჩანს.
არჩევნების ყველაზე მკვეთრი შედეგები:
ქართული ოცნება მყარად არ პყრობს ხელისუფლების ბერკეტებს, რადგან არც არის რეალურად მწყობრი და იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად გამართული პარტია. მან არჩევნები ვერ მოიგო, არამედ – არ წააგო. რადგან ხალხის გაცილებით დიდი ნაწილი გაცილებით დაუშვებლად თვლის ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის და განსაკუთრებით – სააკაშვილის დაბრუნებას, ვიდრე ის ხალხი, ვინც დაუშვებლად ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას მიიჩნევს! ასე რომ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნას ნაცმოძრაობას და სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.
ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ის ამას ძირითადად მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უმადლოდეს. მაგრამ იგი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“, რომელიც არის კვაზიდესტრუქციული სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და რომელიც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტომატურად უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას.
„ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა სერიოზულ ოპოზიციურ ალტერნატივად ჩამოყალბება. არადა, მათ ამის შანსი ჰქონდათ პირველ ტურში, და მათი დამარცხებაც კი 11%-იანი რეიტინგით – არ იყო ცუდი შედეგი. მაგრამ მათი გაერთიანება მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატთან აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ჯერაც ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის ჩრდილიდან და ამან მათ მომხრეების ნაწილი დააკარგვინა.
თბილისის მასშტაბით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ და „გირჩმა“ – ზოგიერთ საარჩევნო ოლქებში მათმა მაჩვენებელმა 7-8%-ს გადაამეტა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიღებული მაჩვენებელი 3%-სც კი ვერ უახლოვდება. თუმცა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერების შემთხვევაში ორივე ამ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი 2020 საპარლამენტო არჩევნებზე.
ყველაზე უფრო წარმატებული ეს არჩევნები აღმოჩნდა არა ზემოთჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ იმ პოლიტიკოსისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში – იმ დროს, როცა ქართული ოცნება თავის ბექგრაუნდად და მიუღებელ, მაგრამ მაინც ერთადერთ ალტერნატივად ნაცმოძრაობის შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ კოჰაბიტაციის დამგმობმა და სამართლიაობის აღდგენის ლოზუნგით მუდმივად გამომსვლელმა ირმა ინაშვილმა დაიკავა ის თავისუფალი ადგილი, რომელიც სამართლიაობის დამკვიდრებისათვის ფრონტზე მას მორიდებულად გაუნთავისუფლა ქართულმა ოცნებამ. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულმა მრავალრიცხოვოვანმა მიტინგებმა ბათუმში და თბილისში კი იმის განცდა გააჩინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ირმა ინაშვილს შეიძლება მესამე შედეგიც კი ეჩვენებინა. მე არ მივეკუთვნები მის მომხრეთა რიგებს და ისიც კარგად მესმის, რომ 25 ნოემბერს თბილისში ლამის 100,000-იან მიტინგზე ბევრი ადამიანი არა იმდენად ინაშვილის მხარდამჭერი იყო, რამდენადაც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის არდაბრუნების მსურველი და მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ 2018 წლის ბოლო აკორდი სწორედ ირმა ინაშვილისთვის იყო ყველაზე მომგებიანი.
საფრთხეები:
ნიჰილიზმი და „მგელი! მგელით!“ გადაღლა.
ქართული ოცნების (ალბათ, უფრო, პირადად ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა), რომ ნაცმოძრაობის, როგორც ურჩხულის ჩონჩხის კარადაში შენახვა უზრუნველი მმართველობის ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა, უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. სულ უფრო აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა აღარ არის იმდენად სუსტი, რომ „მსხლის“ როლი ითამაშოს, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე მობეზრდა ოცნების მმართველობა და არაა გამორიცხული, ერთხელაც „სპარინგ-პარტნიორმა“ მოულოდნელი ალიყური აწვნიოს ფავორიტს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა. ხოლო დესტაბილიზაციის ისეთი დიდოსტატის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, დაუფასებლობა, ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოცნებას – სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – ამაზე უკრაინელი მებრძოლების თბილისში მოვლინებაც მეტყველებს, და კიდეც რომ არ ჰქონდეს რეალურად გადატრიალების მოხდენის რესურსი, შეიძლება ის მოხდეს, რომ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება სათავისოდ რუსეთმა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო მეტი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს დაემთხვეს და მიშამ ისევ ვოვასთვის სასურველი თამაში ითამაშოს, ან – ნებით, ან – უნებლიედ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა…
სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად – მურუსიძის ხატის დამკვიდრება.
ლევან მურუსიძეს, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, რომ არ იქნას განდევნილი პროფესიულად, მაგრამ თუ ლევან მურუსიძის ხატება იქნება ქართული სასამართლოს ხატება, ეს სასამართლო, მთელი რიგი სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ვერ დაიმკვიდრებს საზოაგადოებაში მაღალ რეპუტაციას და ადამიანებს არ ექნებათ მურუსიძის, ჩინჩალაძის, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და სხვათა მიერ მართული სისტემის ნდობა. სწორედ ეს მიდგომა უნდა იქცეს, ჩემი მოკრძალებული აზრით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მთავარ ვექტორად – საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა იქნან არჩეული ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს არგუმენტირებული ეჭვები და საფუძველი. და საერთოდ, ჯერ უნდა დადგინდეს ნორმები და პროცედურები და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს, პირების არჩევა და დანიშვნა! ის რაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როცა უსწრაფესად ისარგებლა მარჯვე მომენტით და საკუთარი თავები წარადგინეს სისტემის და უზენაესი სასამართლოს მარადიულ ხელმძღვანელებად, რეალურად იყო ხარაკირი! და თუ ქართულ ოცნებას და პარლამენტის ხელმძღავნელობას არ უნდა, რომ ეს მათი ხარაკირი გახდეს, აჯობებს, რომ ეს სწორედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ხარაკირად იქცეს.
საარჩევნო საჩუქრების აპეტიტის ზრდა
მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ბენეფიტები დაარიგეს. ტაქტიკურად ეს მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ამას ორი სახიფათო სტრატეგიული დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისათვის – მოსახლეობას შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს მმართველი ძალის პირველ ტურში შეჯანჯღარება, და რაც ყველაზე არასასურველია – შეიძლება გაჩნდეს ზრდადი მოლოდინები. იმის მსგავსად, ზვიად გამსახურდიას დროს ინსტიტუებში ჩაჭრილი სტუდენტები რომ ჩარიცხეს და მერე ეს ლამის მოთხოვნად იქცა… იმედია, მთავრობა მოახერხებს მოსახლეობას განუმარტოს, რომ ვალების განულება მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო – წინა ხელისუფლებების დროს არასრულყოფილი რეგულაციების შეცდომის გამოსწორების სურვილით გამოწვეული, და ახალი ვალების დამგროვებლებს არ უნდა ჰქონდეთ ახალი განულებების იმედი.
რა შეიძლება მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს:
უნდა მოხდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების უსწრაფესად და დამაჯერებლად გამოძიება. და გაჭიანურებაში დამნაშავე პირების დასჯა (მინიმუმ, თანამდებობრივი დაქვეთების სახით).
შეიძლება მმართველი გუნდი დაიშალოს – ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა სერიოზული მანიშნებელია. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარაა აუცილებლობა, ხოლო 114-დან 75-მდე (უბრალო უმრავლესობის დაკარგვამდე) ჯერ კიდევ დიდი მანძილია და, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2020-მდე.
შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარეც შეიცვალოს და საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს – არც ეს იქნება კატასტროფა. ხოლო კობახიძის პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც კი იყოს.
შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. თუმცა, ძალიან მეეჭვება, ეს მომავალ წელს მოხდეს. არ გამოვრიცხავ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია ვიხილოთ – უკვე 2019 წელს. თუ ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს გააქრობს არაფორმალური მმართველობის ბრალდებებს და სახელისუფლებო გუნდის ტონუსში მოყვანას ხელს შეუწყობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად კარგი პოლიტიკური მენეჯერი იქნება იგი. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს შორიდან მართვას და ქართულ პოლიტიკაში – როგორც გურამ დოჩანაშვილის კლიმი იტყოდა “…ხის ჩრდილში ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი” არ ამართლებს… თუმცა ვნახოთ, ივანიშვილის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი და ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც სწორი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელოს.
აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მომავალი არჩევნების ბედი თბილისში არ გადაწყდება. რეგიონები და რაიონები სულ უფრო სავალალოდ ჩამორჩებიან დედაქალაქს და თუ იქ ძირეული ძვრები არ განხორციელდა დასაქმების, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების და პერსპექტივის გაჩენის კუთხით, თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხელი არ გაანძრიეს და საკუთარ მერკანტილური ინტერესები არ მოთოკეს, იქაური მოსახლეობა მალე, მიშას კი არა, არაა გამორიცხული ვოვასაც კი შეეკრას. ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს მოუწევთ მეტი აქტივობების და ფინანსების გადამისამართება, მეტი და უკეთესი რეალური თვითმმართველობის განხორციელება რეგიონებში. კალაძე რამდენადაც კარგია თბილისისთვის, იმდენად, ცუდია რეგიონებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად ზრდის დისონანსის განცდას და მოსახლეობის თბილისისკენ მოდინების არასასურველ ტენდენციას აძლიერებს.
შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა სულ უფრო მეტად დაიწყოს საკუთარი დამოუკიდებლობის დადასტურება და საკუთარი და (ხელისუფლების !) რეპუტაციის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის აღდგენა. ამ მხრივ მას სერიოზული ნიშა აქვს – საერთაშორისო ურთიერთობები, დიასპორასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა (არ მგონი, რომ ის დამთმობი იქნება, პირიქით), მაგრამ პირველ რიგში – საარჩევნო სისტემის დახვეწის და ამ მხრივ, პოლიტიკური სპექტრის ერთ სადისკუსიო მაგიდასთან თავმოყრის ინიციატივა.
ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს ახლა მხოლოდ ორ ძალას აწყობს – ნაცმოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს. აჯობებს, საარჩევნო კალენდარი არ დაირღვეს. უნდა დაიხვეწოს რეგულაციები – მაგალითად, საარჩევნო პერიოდში ფინანსური და სხვა სახის რესურსების გამოყენების აკრძალვაზე, მედიის რეგულაციები (მაგალითად, ფეიკ ნიუსების და მოდელირებული ქრონიკების აკრძალვა საფრრანგეთის მსგავსად).
ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. არსებული მანკიერი შერეული სისტემის დატოვება შემდგომი რევოლუციური სიტუაციის და დესტაბილიზაციის ახალი შანსი იქნება და მიუღებელი მგონია. ამავდროულად, არც ისე მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ 2020-სთვის ხელისუფლება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ალტერნატივად რამე რეგულირებული შერეული მოდელი – მაგალითად, გერმანული (ან – სახეცვლილი გერმანული), ან ესტონური მოდელი მიმაჩნია, ამაზე თავის დროზე სტატიაც დავწერე – “პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!” მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ეს თემები ვერ იქცა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველასთვის საჭირო კონსენსუსის საკითხად. ამ თემების განხილვა დროულად უნდა დაიწყოს, და არა მაშინ, როცა – ცაიტნოტი, ან – მორიგი პოლიტიკური კრიზისი გვაიძულებს. სხვათა შორის, ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბროდ შეუძლია არც მიიწვიოს ნაციონალური მოძრაობა – პრინციპით – თუ შენ არ ცნობ არჩევნების შედეგებს, რა აუცილებელია მე მოგიწვიო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე სასაუბროდ?
2018 წელი და 2018 წლის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ პირველად გავაცილეთ პრეზიდენტი მშვიდობიანად. პირველად მოხდა, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა ახლადარჩეულს გამმარჯვება მიულოცა და ხელისუფლება გადააბარა. ჩვენისთანა მტკივნეული და, მეტიც, ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილსაც, სალომე ზურაბიშვილსაც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც პოლიტიკური სიბრძნე გამოვალინა. ყველას ვულოცავ. მაგრამ ეს მშვიდობა მყიფეა და გაფრთხილება ჭირდება.
ბედნიერი ახალი 2019 წელი გაგვითენე, ღმერთო!
მიშა/გრიშა-ს [ი]ლუსტრაცია
Posted: 2018/11/12 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთ-საქართველოს ომი, საპრეზიდენტო არჩევნები დატოვე კომენტარი„მიშა იყავ და გრიშად იქეციო!“ (რუსული დალოცვა).
თუ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებას ეტაპებად დავალაგებთ, შევამჩნევთ საკმაოდ კარგად გამოყოფილ პერიოდებს, როდესაც ის სხვადასხვა ძლიერ სახელმწიფოს მიაპყრობდა თავის მზერას და გიგანტურ ამბიციებს, რათა კავშირები, ფინანსები, გავლენები და, საბოლოო ჯამში, – ძალაუფლება მოეპოვებინა ან შეენარჩუნებინა. ყოველთვის სწორედ ეს იყო მისი მთავარი მოტივატორი და არა – ეთიკური ან შინაგანი პრინციპები. ვფიქრობ, არასწორია მსჯელობა იმაზე, სააკაშვილი პროდასავლელია თუ პრორუსი. როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე, “it depends!…” („გააჩნია, როდის – როგორ!“)
თავისი პოლიტიკური ასპარეზის გარიჟრაჟზე მიხეილ სააკაშვილმა ფსონი ამერიკული და დასავლური პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მხარდაჭერაზე გააკეთა და ფანტასტიურად წარმატებული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამას, მთლიანად მაინც, ვერ დავაბრალებთ მაგნატი ბიძის (სავარაუდოდ, კგბ-ს და ფსბ-სთან ასოცირებული და მერე გაეროში გადასროლილი საბჭოთა ფუნქციონერის), პროფესორი დედისა და ჰოლანდიელი ცოლის ფაქტორს. სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი მოწაფე აღმოჩნდა და ედუარდ შევარდნაძის და ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით სერიოზული მასტერკლასი გაიარა, რომელიც შემდეგ წარმატებით გამოიყენა, პირველ რიგში – სწორედ თავისი მასწავლებლების წინააღმდეგ.
ეს პირველი – 1995-2006 წლების პერიოდი აღმოჩნდა სწორედ მიხეილ სააკაშვილისთვის ოქროს პერიოდი. ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად ახალგაზრდა და უცნობი იურისტი აღზევდა იუსტიციის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრობამდე, შემდეგ წავიდა შევარდნაძის ოპოზიციაში და ტრიუმფალურად დაბრუნდა – არა მარტო საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ვარდების უსისხლო რევოლუციის გმირად – ხალხისთვის სანუკვარ მიშად, (რომელიც ტროლეიბუსით დადიოდა და ეკონომ-კლასით მგზავრობდა) და – რაც მისთვის უმთავრესი იყო – დასავლური ისტებლიშმენტის მიერ რეგიონში დემოკრატიის შუქურად აღიარებულ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერად, რომლის ენერგიულობაზე, ანტიკორუფციულობაზე და წარმატებულ რეფორმატორობაზე ლეგენდები დადიოდა (როგორც აღმოჩნდა, ამ ლეგენდებისა და სიმღერების – „მიშა მაგარია!“ შეთხზვასა და გავრცელებაზე თავად მიშა სერიოზულად ზრუნავდა).
მიშას მმართველობის პრობლემები 2006 წელს ხელისუფლების მაღალჩინოსან ძალოვანთა მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერე უფრო ადრეული სხვა სასტიკი მკვლელობებიც გახდა ცნობილი, გირგვლიანის საქმე და დამნაშავეთათვის გაწეული უმაღლესი დონის მფარველობა, რამაც სტრასბურგის სასამართლოც კი გააოგნა, იყო ის პირველი ჟანგი, რაც მალე სააკაშვილის რეჟიმის მასშტაბური ეროზიის დასაწყისად იქცა. და სწორედ აქედან, განსაკუთრებით კი, – 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დაშლისა და კერძო ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ, დაიწყო სააკაშვილის ვარდისფერი პოტიომკინის ფასადური დემოკრატიის სწრაფი გახუნება და მზარდი ავტორიტარული სისტემის, არჩევნების გაყალბების, სასამართლოს და მედიის ტოტალური კონტროლის და ბიზნესსა და ადამიანებზე მასობრივი ძალადობის, მოსმენების, ფარული ჩანაწერების – სულ უფრო მეტი ფაქტების გამოაშკარავება. რაც უფრო მეტ ძალადობას იყენებდა რეჟიმი საკუთარი „შუქუროვნების“ და „ფანტასტიური წარმატებულობის“ დასამტკიცებლად, მაინც მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ “ვარდები” დაჭკნა და „რეფორმატორი“ მიშა სინამდვილეში სწრაფი ტემპებით პატარა ვარდისფერ გულაგს აშენებდა, რაშიც, სავარაუდოდ, ბიძამისის რჩევები და გამოცდილება დიდად ეხმარებოდა.
სისტემის გახისტების, მაგრამ ამავდროულად კრახის მოახლოება იყო 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მასიური დარღვევებით გამოირჩეოდა და სულ უფრო არაპოპულარული რეჟიმის სულ უფრო მეტ ჩაბეტონებას იწვევდა. თუმცა ამ ბეტონის სიმყარის მოჩვენებითობა გამოააშკარავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა. კატასტროფული ავანტიურიზმი და შეცდომები, რომლებმაც ომში სწრაფი მარცხი განაპირობა, დაკარგული ტერიტორიები, დევნილების ახალი დიდი ნაკადი, მნიშვნელოვნად განადგურებული სამხედრო პოტენციალი, არასწორი ფორმულირებები სარკოზის ხელშეკრულებების იმ პარაგრაფებში, რამაც რუსეთს აფხაზეთის და ოსეთის აღიარების შემდეგ ფაქტიურად ამ ხელშეკრულებაში საკუთარი პასუხისმგებლობის გაბათილების ფორმალური შანსი მისცა… სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მოიგონეს ფანტასმაგორიული სპექტაკლების კასკადი – მაგალითად, რომ ომი ჩვენ მოვიგეთ, რომ ამ კონფლიქტის მთავარი და წარმატებული შედეგი, თურმე, რუსეთისთვის ნიღბის ჩამოგლეჯა იყო. ამ სუპერგებელსურმა პროპაგანდამ და დასავლეთისაგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ, ისევე როგორც უსისტემო და არაორგანიზებული ოპოზიციის შეცდომებმა, და ძალოვანი სტრუქტურების და მედიის ტოტალურმა კონტროლმა, – ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმის დროებით სტაბილიზაციას.
მაგრამ ამ ომის შემდეგ გამოჩნდა მიშას მიმართ დასავლური სამყაროს ლიდერების აშკარა იმედგაცრუება: გრანტები და ფული კი მისცეს, მაგრამ სულ უფრო გაურბოდნენ, თითქმის ერთი წელი უცხოელები აღარც ხვდებოდნენ, და მის მიმართ აშკარა კრიტიკა გაისმა ისეთი ლიდერების მხრიდან, როგორიც იყვნენ კონდოლიზა რაისი, ანგელა მერკელი და სხვები. განსაკუთრებით გამოიკვეთა ეს ტენდენცია ობამას ადმინისტრაციის მხრიდან.
იმედგაცრუებულმა მიშამ 2008 წლის შემდეგ თავის პოლიტიკურ კარიერაში პირველი შემოტრიალება გააკეთა. კერძოდ, ბიძამისის დახმარებით ეცადა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. ამავე დროს ემთხვევა ორპასპორტიანი კულტურის მინისტრის – გრიგოლ ვაშაძის მცდელობა რუსეთში კონცერტების და გასტროლების ჩატარებისა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. მიშა მიხვდა, ფუჭი იყო მისი ილუზიები, რომ თემურ ალასანიას კავშირები მას რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შანსს მისცემდა. რუსეთმა უკვე აისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება, გაიფორმა მანამდე მითვისებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ნაწილები, ამას დაუმატა ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლები, ახალგორის რაიონი და, განსაკუთრებით – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კოდორის ხეობა, და ტალიავინის კომისიის დასკვნითა და ნაცმოძრაობის ხელისუფალთა მიერ ხელმოწერილი PACE-ს რეზოლუციით მოახერხა იმ აზრის განმტკიცება, რომ საომარი მოქმედებების დაწყება (მნიშვნელოვანწილად მაინც) საქართველოს მიერ მოხდა.
ამის შემდეგ, გაღიზიანებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავადაც დაიწყო დასავლეთის მიმართ დემარშების დემონსტრირება – გვახსოვს მისი დაცინვითი გამონათქვამები – კონდოლიზა რაისის, და შემტევი ტონი – ანგელა მერკელის მიმართ. უეცრად ირანთან უვიზო რეჟიმის გამოცხადების და ბიზნეს კონტაქტების დაწყების კამპანია, რამაც სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის გაღიზიანება გამოიწვია (ჩემი აზრით, სააკაშვილის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, არაა გამორიცხული, ამ ჩხვლეტებით ისევ რუსეთთან დაახლოების შესაძლებლობას სინჯავდა). ამავდროულად, 2008-2009 წლებში დასავლეთის ლიდერების მხრიდან თითქმის იზოლაციის ფონზე გაცილებით უფრო გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმა მიიღო თურქეთის ლიდერთან – რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების დამყარებამ. სააკაშვილმა გადაწყვიტა, სწორედ თურქეთის მაგალითით და ერდოღანთან განსაკუთრებული სიახლოვით დაებრუნებინა ძველი დიდება. ამას ხელს უწყობდა დედამისის – თურქოლოგი პროფესორის გიული ალასანიას პირადი კავშირებიც, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერდოღანთან დაახლოებულ უაღრესად გავლენიან თურქ თეოლოგთან და ბიზნესმენთან ფეთულა გიულენთან, და თავად იყო გიულენის ქსელის რამდენიმე შემადგენელი უნივერსიტეტის და სკოლის დამფუძნებელიც საქართველოში. სწორედ ამ პერიოდს (2009-13 წწ.) უკავშირდება მიშასთვის მანამდე იდეალის კვარცხლბეკზე მყოფი ჯორჯ ვაშინგტონის ჩანაცვლება ათათურქის პერსონით, გაძლიერებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა თურქეთთან – გახშირებული ორმხრივი ვიზიტები, ერდოღანის მიმართ განსაკუთრებული პიეტეტი, საქართველოში თურქული ბიზნესისთვის მეტი ხელშეწყობა, და თურქეთის მოქალაქეებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მზარდი ტენდენცია, განსაკუთრებით, 2013 წელს – როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამ თვეში სამი ბრძანება გამოსცა: 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, 13 ოქტომბრის ბრძანებით – 1088 პირს, ხოლო 5 ნოემბრის ბრძანებით – 735 პირს. ანუ, ამ მოკლე პერიოდში საქართველოს მოქალაქის სტატუსი თურქეთის რესპუბლიკის 2758-მა მოქალაქემ მიიღო. ამავე პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთი სავსებით ლოგიკური ვექტორი – ასევე მკვეთრი დაახლოება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. თურქული და აზერბაიჯანული ავტორიტარზმი და სწორედ ეს ლიდერები გახდნენ მიშას ახალი role-model.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ის პროექტი, რომელსაც სააკაშვილი თავისი მმართველობის ბოლო წელს ყველაზე მეტად ელოლიავებოდა – ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა. აი რას ვწერდი ამ საკითხზე 2014 წელს ბლოგში „სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის“ – „… განსაკუთრებით საინტერესო იყო სააკაშვილისეული პროექტი “ლაზიკა” – 500,000-იანი ქალაქის უსწრაფესი აშენება მოკლე დროში. საქართველოს იმ დროისათვის დაქცეული ბიუჯეტის და ინვესტიციების მკვეთრი შიმშილის პირობებში, მხოლოდ გარედან და მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო სუბსიდიით თუ იქნებოდა შესაძლებელი. და ასეთი სახელმწიფო, – დაინტერესებულიც და ფინანსურად შემძლებელიც, – რეალურად მხოლოდ ერთი იყო – თურქეთი! მისი ლოგიკური ინტერესი კი იმაში იქნებოდა, რომ ჯერ კიდევ სტალინის დროს ცენტრალურ აზიაში გასახლებული ქართველი მუსულმანები (ე.წ. „თურქი მესხები“) დაებრუნებინა და ლაზიკაში კომპაქტურად დაესახლებინა (სახელი „ლაზიკაც“, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაში შემავალი უძველესი ქართველი ტომის სახელია, სწორედ ამ ისტორიის ასახვა იყო! ხომ ადვილი წარმოსადგენია, როგორი ნაღმი იქნებოდა თურქეთიდან 1 საათის სავალზე კომპაქტურად ჩასახლებული ნახევარი მილიონი მუსლიმი, რომელთაც არასოდეს დაავიწყდებოდათ, რომ სწორედ თურქეთის წყალობით და ფულით იყვნენ საქართველოში დაბრუნებულები. (შენიშვნა: მიმაჩნია, ქართველი მაჰმადიანები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ისე, რომ ამან საქართველოს სახელმწიფოს ისედაც მაღალი გარე– თუ შიდაპოლიტიკური რისკები კიდევ უფრო არ გაზარდოს).“
სხვათა შორის, ერდოღანთან განსაკუთრებული ურთიერთობები სააკაშვილმა უკრაინაში გადაბარგების შემდეგაც გააგრძელა. მაგრამ მის ოცნებებს, რომ დასავლური „დემოკრატიის შუქურის“ ვარიანტის ჩაფლავების შემდეგ ახლა ერდოღანის თურქეთის თარგზე აჭრილი „ავტოკრატიული შუქურა“ აეშენებინა, კარტის სახლივით დაიშალა მოულოდნელი მიზეზის – 2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის – გამო. ამის შემდეგ ერდოღანმა ყველა უბედურების სათავედ სწორედ თავისი ყოფილი მარჯვენა ხელი – ფეთულა გიულენი და მისი საგანმანათლებლო ორგანიზაციების ქსელი – „ფეტო“ გამოაცხადა და ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით სერიოზული კამპანია დიწყო. გიული ალასანიას ძველი კავშირები გიულენთან ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის დაბრკოლებად იქცა – მას ერდოღანთან ძველებურად სანდო და ძმურ ურთიერთობებზე ოცნებები შეეკვეცა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რისი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, რომ თავის ამბიციებზე და განზრახვებზე ხელი აეღო?!
და ამერიკა/დასავლეთ ევროპის და თურქეთ/აზერბაიჯანის შემდეგ მიშამ თავისი მზერა ისევ რუსეთს მიაპყრო.
ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასაახელებისას ბევრმა ის იფიქრა, რომ ვაშაძის არჩევანი მისი დიპლომატობით და გაწონასწორებული (ნაცმოძრაობის სხვა დღევანდელი ლიდერების ფონზე) იმიჯით იყო განპირობებული. მაგრამ რაც უფრო მეტად ახდენს ვაშაძე თავისი საბჭოთა წარსულის არა მარტო ხაზგასმას, არამედ – გაფეტიშებას და ამით ტრაბახსაც, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა, და ვაშაძის კანდიდატურით სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ლავროვს და მის უფროსს გაუგზავნოს მესიჯი – „არ ვარ იმნაირი, თვალი დაუდგეს ევროპას, ოღონდ დამაბრუნეთ ხელისუფლებაში და ხომ ხედავთ, ვინ იქნება პრეზიდენტი – კაცი, რომელსაც საბჭოთა წარსული, რუსული პასპორტი და Смоленская набережная ყველაფერს ურჩევნიაო – ცოლიც რუსეთის მოქალაქე ჰყავს და ვაჟიშვილიც – რუსეთის სამხედროვალდებულიო…“
ამიტომ, ის რაც ატოცში ხდება – გამალებული ბორდერიზაციის პროცესი – არაა გამორიცხული, სწორედ ვაშაძის ხელშესაწყობად დაწყებული კამპანიაა რუსეთის მხრიდან… კი იძახდნენ პუტინი და მედვედევი – მიშას არასდროს ხელს არ ჩამოვართმევთ, მაგრამ არ უთქვამთ იგივე გრიშა ვაშაძეზე, რომელსაც ცოლის პა-დე-დეე-ბით რუსული ისტებლიშმენტის მოგების დიდი იმედი აქვს, როგორც ჰქონდა ეს 2008 წლის ომის დამთავრებისთანავე, როცა პიჯაკის მეორე შიდა ჯიბეში სანუკვრად ჩაკერებული ორთავიანარწივიანი პასპორტი ჰქონდა გადანახული.
გრიგოლ ვაშაძეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, არ უფიქრია ქართული პასპორტის აღება – პირიქით, რუსული პასპორტი აიღო და ამით საქართველოს მოქალაქეობაზე, ფაქტიურად, უარი განაცხადა. და ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა რუსეთი ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, როცა მერე რუსეთი საქართველოს აფხაზეთში ეომებოდა – იკარგებოდა გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირა… როცა რუსეთმა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა – რუსეთის მოქალაქე ვაშაძე კი ამ დროს ყოველთვის მეორე ნაპირზე იყო, და გაგიგიათ, რომ ოდესმე რამეთი საქართველოს დახმარება სცადა?
იგივე განმეორდა 2008 წელს, როცა გრიგოლ ვაშაძემ მანამ არ დააბრუნა ქნარივით მკერდს მიდებული რუსული პასპორტი, სანამ რუსეთის დუმის დეპუტატმა ბაღდასაროვმა დუმის სხდომაზე საქვეყნოდ არ გაახმაურა ეს სამარცხვინო ფაქტი! ამ დროს უკვე რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო, რომელთანაც ომის წაგების შემდეგ დიპლომატიური კავშირი სწორედ ვაშაძის უწყებამ გაწყვიტა, ომში ასობით ქართველი დაიღუპა, 30 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დევნილად იქცა, დავკარგეთ ასორმოცდაათი სოფელი, რომლებიც ტრაქტორებით გადახნეს, ქართველების ეთნოწმენდა განახორციელეს… ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯიბით რუსული პასპორტი დაჰქონდა და ვინ იცის, ღამ-ღამობით რუსეთის ჰიმნსაც ღიღინებდა ძილის წინ…
დავანებოთ თავი ემოციებს და სენტიმენტებს – ვინმეს გიფიქრიათ, რამდენი კომპრომატი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის უშიშროებას საბჭოთა დიპლომატ ვაშაძეზე? რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდება, რამდენნაირი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ამ ადამიანზე, რომლის ვაჟი დღეს რუსეთის მოქალაქეა?
მიხეილ სააკაშვილს ეს არ ადარდებს.
მას ახლა არჩევნების მოგების იმპერატიული (დაუოკებელი) სურვილი აქვს და მერე რა მოხდება, – სულ, მაპატიეთ და – ფეხებზე ჰკიდია. ვაშაძე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეც რომ იყოს, მაინც სიამოვნებით დაასახელებდა საპრეზიდენტო კანდიდატად, თუ კიმ ჩენ ინის არმიის, ბირთვულ-ქიმიური არსენალის და პუტინთან ახლობლობის გამოყენების იმედი ექნებოდა – მიშა ხომ საოცარი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელია!
მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიდი თეატრის დასის უცხოეთის ვიზიტებში გამცილებელი ვაშაძე, რომელიც მისი ყოფილი სიმამრის – სსრკ #1 ბანკირის – გავლენით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაშიც კი მუშაობდა, მაგრამ საიდანაც სიმამრის დასრიალების შემდეგ გამოუშვეს, თუ ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანს მართლა სერიოზული კავშირები აქვს პუტინთან, მედვედევთან ან თუნდაც ლავროვთან, რომ იგი იმას მიაღწევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებში რუსეთი რამეს შეცვლის, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ ამ დონის ბავშვური მიამიტობა! ეგ იგივეა, პოლკოვნიკ კულახმეტოვთან კარგი ურთიერთობების წყალობით რომ ჰქონდა წინა ხელისუფლებას იმის მოლოდინი, რომ რუსული სამშვიდობო ძალები ნეიტრალურები იქნებოდნენ! ან, რომ თემურ ალასანიას კავშირების წყალობით რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებდა!
ამ ილუზიებს რა მოჰყვა, ხომ გვახსოვს?!
ვაშაძე პრეზიდენტად რომ აირჩიონ, და მარია ზახაროვამ ერთი რომ დაასველოს სიტყვა, – ცუდი არ იქნებოდა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან შეხვედრაო, ხომ წარმოგიდგენიათ, ისე ფრენა-ფრენით წავა ციმციმ, მგონი, თვითმფრინავი არც დაჭირდება. ჰოდა, რას დაელაპარაკება და რაზე მოუწერს ხელს გრიშა ვოვას, ამას ვინ წარმოიდგენს? მერე რა უნდა ვქნათ? ვიძახოთ, არ ქონდა უფლებამოსილებაო?! და ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ვაშაძე ვერაფერს გამოტყუებს პუტინს, ხოლო პუტინი – ყველაფერს?!
მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს – პოლიტიკოსებს, არასამთავრებო სექტორს – მედასავლეთეებს, დემოკრატებს, ლიბერალებს, – რომ იძახიან, ვაშაძე იმდენად არ მოგვწონს, რწყევაც კი გვეწყება მისი წარსულის გახსენებაზე, მაგრამ მაინც მას მივცემთ ხმას და იქვე, საარჩევნო უბანთან ვაღებინებთო(!) – რამდენად დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ღებინება შვებას მისცემთ?
როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ – ღებინებას ხანდახან მართლაც შეიძლება შვება მოჰყვეს, თუ პაციენტი ტოქსინებისაგან განთავისუფლდა, მაგრამ ზოგჯერ ვერავითარ შვებას ვერ გრძნობს ავადმყოფი, როცა რწყევას მისი გამომწვევი მიზეზის მოცილება არ მოჰყვება. ამ დროს, ასეთმა პირღებინებამ შეიძლება მხოლოდ მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს…
მამის არჩევანი
Posted: 2018/10/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, ევროპული საქართველო, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნები, შენების მოძრაობა %(count)s კომენტარიწელს მამაჩემი 88 წლის გახდა.
მთელი სიცოცხლე შრომაში გაატარა. ის არის ჩემთვის შრომისმოყვარეობის და შრომისგან მოუსვენრობის ეტალონი. ოჯახისთვის ჭიანჭველასავით მოფუსფუსე ადამიანი. ძალიან მორიდებული – თავისი თავის, და სიამაყით თავმომწონე – შვილების და შვილიშვილების შეფასებაში. ხშირად ცინიკურობამდე მწარედ მართალი კაცი. მწარე ენა, სიჯიუტე და მიზანსწრაფვა მისგან გამომყვა, მორიდებულობა და სიფრთხილე – დედისგან.
ახლა მამას ჯანმრთელობა ვერ აქვს კარგად. უკვე სამი წელია, დედაჩემის მომვლელად იქცა. ორ სულიან ოჯახში (შინამეურნეობას რომ ეძახიან, ახლებურად) კაციც ის იყო და ქალიც, დამგეგმავიც და მომტანიც, წამკითხველიც და მსმენელიც, მრეცხავიც და მზარეულიც, ინიციატორიც და შემსრულებელიც. ისიც, ვინც უთენია დგება და ისიც, ვინც ბოლოს იძინებს და ღამით ფხიზლობს…
ხოლო ახლა მისი ჯანმრთელობაც ვერ არის კარგი. და ხშირად ვატყობ, რომ ინსულტგადატანილი და მეხსიერებადაქვეითებული დედაჩემი აღარ არის ცოლ-ქმარში უფრო სუსტი რგოლი…
მამას ხშირად უსუსურობის, უიმედობის და უილაჯობის მომენტები აქვს. ვეღარ ვცნობ – რამდენადაც ყოველთვის ძლიერი იყო სულიერად და ფიზიკურად, და აქამდე კიბეზე ასვლაშიც და ტვირთის ტარებაშიც მჯობდა, ახლა იმდენად მისი სიგამხდრე და ფიზიკური უღონობა კი არ მადარდებს იმდენად, არამედ – სულიერი დარბილება და ყოყმანი. დიდი ხანია, მისგან აღარ გამიგონია მისი საყვარელი ფრაზა – „ღმერთის გაჩენილს – ღმერთი მოუვლის!“ (არადა, განსაკუთრებულად არასდროს ყოფილა ღმერთის იმედზე, ჩვენს შორის ყველაზე ნაკლებად იყო ღვთის წყალობის იმედად მყოფი, მუდამ – საკუთარი თავის იმედით მშრომელი) .
მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა ახლახანს. ობიექტურად უკეთ არის, ოღონდ თავად მაინცდამაინც არ ჯერა ამის. სულ ვცდილობ, ძველი ინტერესები დავუბრუნო – მაგალითად, მას ხომ მუდამ უყვარდა ისტორია და მითოლოგია. მისი ბიბლიოთეკის ბერძნული მითები, “ილიადა” და “ოდისეა” (პროზად ადაპტირებული ვერსია), “გმირთა ვარამი” და ბაბუაჩემისთვის ავტორის ნაჩუქარი “დიდოსტატის მარჯვენა” უკვე ბავშვობაში ჩემთვისაც საყვარელი წიგნები გახდა და მიკვირდა, დიონისე არეოპაგელის შესახებ როგორ გატაცებით კითხულობდა ქუთაისელი ავტოინჟინერი. არადა, მე ახლაც არ წამიკითავს ეგ წიგნი. შარშანდლიდან მოყოლებული “ქართველი მეფეების” სერიის ყველა წიგნი შეიძინა და წაიკითხა (სანამ დაავადება დაასუსტებდა), ასევე – ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, მეფუტკრეობით, მშობლიური ქუთაისის და წყალტუბოს ამბებით, პოეზიით, „კვირის პალიტრის“ მუდმივი მკითხველია, და, რაც მთავარია, აქამდე ყველა შაბათ-კვირას ხეხილის მოვლაში, ან სახლში ძველი ხელსაწყოების და ავეჯის აწყობა-გადაკეთებაში ატარებდა…
ახლა კი ამ ყველაფრისთვი თავი ლამის დანებებული ჰქონდა… რამდენიმე თვეა, ეზოშიც კი არ ჩადიოდა, თუ არ დავაძალებდით…
—-
დღემდე ძველ მისამართზე ვარ რეგისტრირებული. სადაც ადრე ვცხოვრობდი, ხოლო 2005 წლიდან მშობლები გადმოვიყვანე ქუთაისიდან, მე კი ცოლ-შვილთან ერთად ახალ ბინაში გადავედით. 2005 წლიდან ჩემი მშობლები და მე ერთად მივდიოდით არჩევნებზე, არასდროს ვტოვებდით. 2008 წლის 5 იანვარს ყინვაშიც ვიყავით… მამა იპოდრომის მიტინგზეც იყო. 2012 წლის ოქტომბერშიც ერთად ვიზეიმეთ ფსევდოდემოკრატიულ და მოძალადე ხელისუფლებაზე ნანატრი საარჩევნო გამარჯვება…
წინა საპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს მხოლოდ მე და მამა წავედით. დედასთვის გადასატანი ყუთი სახლში მოვატანინეთ. დედა უკვე ვეღარ იყო ყოჩაღად…
შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებს კი უკვე ორივე სახლში შეხვდა…
ახლა ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა… რომ თავად აღარ მოინდომებდა არჩევნებში მონაწილეობას, მომვლელების იმედად მყოფი, საკუთარ სხეულიდან მომავალი იმპულსების მოდარაჯე, ეჭვიანი, გაღიზიანებული და ყველაფრისგან უკვე დაღლილი და დაშორებული…
და მაინც, გუშინ დილით ვკითხე, – ხომ არ გინდა, საარჩევნო კომისიაში დავრეკო და ყუთი მოიტანონ-მეთქი.
პასუხი მშვიდი და გამაოგნებელი იყო – უკვე დავრეკე თავად და ვუთხარი. მოიტანენ ყუთსო! და მერე დაამატა – ვიცი, ვისაც მივცემ ხმას – ეგ კაცი მეიმედება და მჯერა მისიო. ეგ საჭიროა ქვეყნისთვის და ამიტომაც დავრეკე, რომ ყუთი მოეტანათო…
ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი…
ისევ ის ზურიკო დაბრუნდა, თავდაჯერებული, საქმის დამგეგმავი, თავის სისწორეში დარწმუნებული, ჯიუტი (ჩემზე უფრო ჯიუტი). კაცი, რომელიც 88 წლის ასაკში, ალბათ, თავის ბოლო არჩევანს აკეთებს – ჩემთვის, ჩემი ძმისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, შვილიშვილებისთვის… არ დარჩება 28 ოქტომბერს ლოგინში, არ ბრუნდება კედლისკენ, არ ნებდება ბედისწერას… უნდა, რომ გააკეთოს თავის არჩევანი. ჯერა, რომ მისი ხმა რაღაცას ნიშნავს. მისი ხმა, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს…
და მივხვდი, რომ თუ ის ზრუნავს თავის ქვეყანაზე და თავის ოჯახზე, თუ მისთვის, – 88 წლის კაფანდარა და სანთელივით თხელი მოხუცისთვის, – ჯერ კიდევ რეკს ზარი, თუ ის თავად ითხოვს სახლში გადასატანი ყუთის მოტანას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მე მით უფრო არ მაქვს უფლება, ისე ჩუმად ვიყო, როგორც ბოლო დროს ვიყავი – ერთდროს ანონომურად ცნობილი და დღეს კი – სახელ-გვარიანად დადუმებული.
მეც ხომ მოქალაქე ვერ. მეც მამა ვარ. მეც ვარ იმ სიაში და მეც მაქვს ჩემი არჩევანი გასაკეთებელი.
და როგორც ამას ვაკეთებდი სოლომონობის დროს, ახლაც მოვალე ვარ, გითხრათ, რას ვფიქრობ დღევანდელ არჩევნებზე. მერე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რას იზამთ…
- ე.წ. „ერთიანი ოპოზიციისთვის“ ხმის მიცემა, სრულ სიბეცედ ან ამორალურობად მიმაჩნია. მკრეხელობა იქნება, ხმა მივცეთ ძალადობრივი წარსულის გაფერადებულ ორკებს. იმ მოძრაობას, რომელშიც ვითომ 10 პარტიაა და კარგად ვიცით, საიდან აქვს მობმული ყურები და კუდები თითოეულ ამ ქოთანს. იმ გაერთიანებას, რომელსაც სსრკ-ს კრეატურა – რუსეთზე და რუსეთის პასპორტზე შეყვარებული ადამიანი უდგას სათავეში. მოძრაობას, რომელსაც „ძალა ერთობაშია“ აწერია და სიანმდვილეში „ძალა აგრესიაშია“ უნდა ერქვას, მოძრაობას, რომელიც ვითომ ანტირუსულია და საქმით კი ყველაზე დიდი მოკავშირეა პუტინის რუსეთის, რადგან სწორედ მათი სიბეცისა და პოლიტიკური ავანტიურიზმის შედეგი იყო ტერიტორიების დაკარგვა. სწორედ მათ სინდისზეა საქართველოში პროდასავლური ლოზუნგებით შენიღბული მინი-გულაგის მშენებლობის ლამის “წარმატებული” ექსპერიმენტი, რომელიც მრავალი ოჯახის და ადამიანისათვის იმედების მსხვრევის, ტანჯვის და ბევრისთვის – სიკვდილის მომტანი აღმოჩნდა. ერთიანმა ნაცმოძრაობამ და მისმა აპოლოგეტებმა უარი არ თქვეს წარსულზე, ბოდიში არ მოიხადეს იმაზე, რასაც ჩადიოდნენ. მათ ისევ სურთ ძალაუფლებაში დაბრუნება და საკუთარი ნეობოლშევიკური ექსპერიმენტების გაგრძელება საქართველოს მოსახლეობის ჩაგვრის და დაბეჩავების გზით. ამის ბრწყინვალე (ი)ლუსტრაცია იყო იმის შეხსენება, როგორ გეგმავდნენ კონსტიტუციური (sic!!! სინამდვილეში – „უკანონო“) უსაფრთხოების (sic! სინამდვილეში – „ძალმომრეობის“) დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. და რას ნიშნავდა მათი ეს სიტყვები – „ჩვენ სახელმწიფო ვართ, ბიჭო! ვერავინ ვერ დაგვიდგება წინ! ყველას გადავუვლით!“
- ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“ ორი უპირატესობა აქვს დედანაცებთან შედარებით – ა) ასეთუ ისე ბოდიში აქვთ მოხდილი, ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა ძირითადად მაინც “შეცდომებზე” საუბრობენ და არა – დანაშაულებებზე და ამბობენ, რომ ეს “შეცდომები” უფრო მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე მათი „დამსახურებები“. ბ) უფრო სერიოზული უპირატესობა კი ისაა, რომ ისინი, სიტყვით მაინც, ემიჯნებიან ძალაუფლების მოსაპოვებლად რევოლუციურ და პროვოკაციულ სცენარებს, რომელიც სააკაშვილის ფრთის ქვეშ დარჩენილი ძველნაცებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი რეალისტური გზა არის.
მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის ეს ძალაც მიუღებელია, რადგან მათი გულწრფელობის არ მჯერა, ისევე როგორც იმის, რომ ძალაუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისინი ისევ არ გაერთიანდებიან თავის დროებითდაპირისპირებულ ფრთასთან. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ამ მოძრობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უფრო პერსპექტიულ და ნაკლები „ბაგაჟის“ მქონე ელენე ხოშტარიას „მარადიული და ბაგაჟიანი“ დავით ბაქრაძე ამჯობინა. თუმცა, პიროვნულად ბაქრაძე უფრო გამოცდილია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე. და მაინც, ვფიქრობ, “ევროპულ საქართველოს” გაუჭირდება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება. თუმცა, ამაზე დიდად არ ვდარდობ.
- კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩანაწერები, რომელიც თურმე 2016 წელს იქნა პროკურატურის მიერ მოპოვებული და რომელიც ახლახანს მოვისმინეთ, არის ასევე, კონტრარგუმენტი „ქართული ოცნების“ მიმართაც – როგორ მოხდა, რომ ეს საქმე მხოლოდ ახლა გამომზეურდა? რატომ ხდება, რომ გამოძიებას ჩვენთან „ორწლიანი მალარიის“ მსგავსი ცხელება აქვს და „პიკები“ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება, ხოლო მერე შემდგომ არჩევნებამდე გამოძიება „მთვლემარებაში“ გადადის? სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟვანიას საქმის ხსენება არ უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ ეს უსასრულოდ გაწელილი საქმე 2016 წელსვე განახლებულიყო? სად არის დაპირებული სამართლის აღდგენის პროცესი? მურუსიძის იუსტიციის საბჭო და შუა გზაზე გაჭედილი რეფორმების ტალღა, ან – მოულოდნელად გადამდგარი ნინო გვენეტაძე არის საიმედო ნიშანსვეტი ამ მიმართულებით?
როცა „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ, უნდა ვთქვა, რომ უბრალოდ, მიუღებლად მიმაჩნია მათი ნაცმოძრაობასთან გატოლების რუსთავიორისეული მცდელობები. საერთოდ მთავრობების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს არ იყო ემოციურად გაშუალებული. არასდროს მესმოდა – პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული – ხელისუფლის/მთავრობის შეყვარება და მისი/მათი გაიდეალება. მთავრობა/ხელისუფლება, ჩემი აზრით არის არა “კარგი” (გრძელვადიანად კარგი ხელისუფლება მხოლოდ სამოთხეში თუ გვეღირსება) არამედ – ან – “ასატანი”, ან – “ვერასატანი”/”აუტანელი”. ნაცმოძრაობა სასურველი იყო, სანამ ხელისუფლება გახდებოდა, მეტნაკლებად ასატანი იყო 2006 წლამდე, ვერასატანი – 2006-დან და აუტანელი – 2008-დან! „ქართული ოცნება“, მიუხედავად მის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი იმედგაცრუებისა, ჯერაც ასატანის რანგში მგონია, ბევრი დამსახურების გამო – პირველ რიგში, პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობის, საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის, სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმოების წახალისების, ბიზნესზე ზეწოლისა და სასამართლოებზე კონტროლის დაუშვებლობის მიმართულებებით წარმატებების კუთხით… (ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, – ყველაფერი შედარებითია, ბატონებო). განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ახერხებენ ხალხის რეაქციის თუნდაც გვიან დანახვას, გათვალისწინებას და კურსის შესაბამისად შეცვლას. ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი და თანამოაზრე დღესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას… მაგრამ სად არის? „ქართულ ოცნებას“ ხომ თავისი კანდიდატი არ ჰყავს? თქვეს, – არ მიგვაჩნია ეს პოსტი მნიშვნელოვნად, ისედაც ბევრი უმაღლესი თანამდებობები გვაქვს და გვეყოფა – დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო… სადაა მერე ის დამოუკიდებელი კანდიდატი?
სალომე ზურაბიშვილიც შეიძლებოდა, საკმაოდ მისაღები კანდიდატი ყოფილიყო, მართლა დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო… მე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ქ-ნი სალომე პრორუსი კანდიდატია (პრორუსი ვინცაა, კი ატარებდა რუსულ პასპორტს სიამტკბილობით), არც ის მჯერა, რომ ნატოში ინტეგრაციის ხელშემწყობი არ იქნება (ნატოსთან დამოკიდებულებაში ზედმეტი ოპტიმიზმი თუ არ ახასიათებს, ეს იქნებ არც იყოს ნაკლი დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით). არც მისი ბოლო გამონათქვამები, თუ ფრანგულად წიგნში დაწერილი მოგონებები 2008 წლის ომის შესახებ, არის იმის აღიარება, რომ ომი საქართველომ დაიწყო (განსახვავებით, 2008 წლის აგვისტოში დავით ბაქრაძის და ნაცხელისუფლების დელეგატების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტისა, რომელიც გაცილებით მძიმედ წასაშლელი და დასაიგნორებელია, ვიდრე ვინმეს მემუარები… სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში (თუმცა, არ იქნებოდა მართალი, ეს მის ერთპიროვნულ დამსახურებად ჩაგვეთვალა) და ძალიან მაღალი დონის და სტანდარტის საერთაშორისო დიპლომატიური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია… მაგრამ რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ იმ ძალის რჩეულია, ვინც პრეზიდენტობის ინსტიტუტის მიმართ საკმაოდ გულგრილია და ამ ინსტიტუტის დაფასება არც წინასაარჩევნო რიტორიკის დროს დატყობიათ?
პრობლემა იმაშია, რომ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთმანეთს მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე დახმარება გაუწიეს – დათვური სამსახური მგონია მე ეს ზღვარგადასული დახმარება, ეს უზარმაზარი და უთვალავი ბანერები ყველა გაჩერებაზე, ყველა ავტობუსზე, სამარშრუტო ტაქსიზე თუ მეტროში, ეს სარეკლამო კლიპი „48“, ეს შემოწირულობების წარღვნა… დამოუკიდებელი კანდიდატის დამოუკიდებლობა როგორ უნდა დავიჯეროთ, როცა ოცნება და მისი წევრები, სახელმწიფო კომპანიები ისე აქტიურად უჭერენ მხარს ამ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს, როგორც არასოდეს თავისი კანდიდატისათვისაც კი არ დაუჭერიათ? როგორ დავიჯერო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ და მისი ლიდერისათვის ეს თანამდებობა თუ მართლა ზედმეტი და უმნიშვნელო იყო, მაშინ ამდენი ძალა, ენერგია, დრო, მონდომება და ფული როგორ დაახარჯეს? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო…
მედიცინაში ცნობილია, რომ ხანდახან რეცეპტორის ზედმეტი, ზეზღურბლოვანი გაღიზიანება პარადოქსულ უკუეფექტს იწვევს. ვშიშობ, რომ ჩვენს მოსახლეობის საკმაო ნაწილზე, განსაკუთრებით კი – მოწყვლად ფენებზე ასეთი დომინანტური და ლამის ზეზღურბლოვანი რეკლამა უკუეფექტის მომტანი შეიძლება გახდეს ქალბატონი სალომესათვის. მგონი, მისმა (და ოცნების!) PR-სამსახურმა ეს ვერ გათვალა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი, ჩემთვის პირადად, აქამდე მაინც, საკმაოდ დამოუკიდებელ და მეტიც – ზოგჯერ საკმაოდ ხისტ პოლიტიკოსად აღიქმებოდა. ასე მგონია, ოცნებას, შეიძლება, მოენატროს კიდეც პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუ ქალბატონი სალომე თავის არჩევნებამდელ სირბილეს და ოცნებასთან მჭიდრო ასოცირებას შესაძლო გამარჯვების შემდეგ ისევე შეცვლის, როგორც ეს მარგველაშვილის „პლასტელინობის“ გაქვავებას მოჰყვა… ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქ-ნი სალომე “საზოგადოების გამაერთიანებელ” როლზე საუბრობს ხშირად. არადა, როგორც წარმოუდგენელია ვაშაძის (და სააკაშვილის!) მიერ „გაერთიანებული“ საზოგადოება, უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც – ძნელად წარმოსადგენია ზურაბიშვილის მიერ გაერთიანებული საზოგადოებაც.
ასე რომ, ქალბატონი სალომეს და „ქართული ოცნების“ ეს ტანდემი, ვშიშობ, ამომრჩევლისადმი არაგულწრფელი დამოკიდებულების, ყალბი „დამოუკიდებლობისა“ და ზედმეტი რეკლამირების გამო, შეიძლება, არ აღმოჩნდეს ისე მიმზიდველი, როგორც ამას „ქართული ოცნების“ სტრატეგები ვარაუდობენ. მით უფრო, იმ ტაქტიკური შეცდომების გამო, რაც სალომე ზურაბიშვილმა თავისი კამპანიის დასაწყისში დაუშვა; ასევე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის მიმართ იმ ხისტი გამონათქვამების გამო, რასაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ადგილი აქვს; და იმ მძლავრი ანტირეკლამის გამო, რომელსაც რუსთავი-2, ასევე – ნაცმოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკოსები და მხარდამჭერები 24-საათიან რეჟიმში ანხორციელებენ.
- საარჩევნო სიაში ნამდვილად არის კანდიდატი, რომელიც ძალიან დამოუკიდებელია, როგორც ნაცმოძრაობისგან, ისევე – „ქართული ოცნებისაგან“, და რომელიც დემოკრატიის და კანონმდებლობის, ასევე თავისი შინაგანი რწმენის და პრინციპების ერთგულებით გამოირჩევა, რის გამოც ხშირად “დაზარალებულა”, როცა ძველ პარტნიორებს სწორედ ამიტომ გამიჯვნია და იოლ ცხოვრებას და მაღალი პოსტების შეთავაზებას დამშვიდობებია. ამ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს გამოცდილებაზე მუშაობის და მსოფლიო პოლიტიკოსებთან საქართველოს მტკივნეული საკითხების კარგად წარმოჩენის მდიდარი გამოცდილება. იგი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ბრწყინვალე კონსტიტუციონალისტი, ალბათ ყველაზე გულწრფელი ქართველი პოლიტიკოსი და ამავდროულად, კონსენსუსების დახვეწილი ოსტატი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სახელისუფლებო შტოებს და წარმომადგენლებს შორის არამარტო კომუნიკატორის, არამედ “მეხანძრის” და კონფლიქტების ჩამქრობის როლსაც ასრულებდა. რომლის კამპანიის ნაკლი – რეკლამის ნაკლებობა და შემომწირველების სრული არარსებობა ნაკლია გარეგნულად, მაგრამ იქნებ არც იყოს – ამ დუხჭირ ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ოპოზიციის (და ჭეშმარიტად დამოკიდებელი კანდიდატის) დაფინანსების შიში ჯერაც არ განელებია. მაგრამ ხალხისთვის უფრო მისაღები შეიძლება იყოს, ვიდრე ლამის 3 მილიონის დამხარჯავი კანდიდატი…
ევროკავშირის არამცთუ ახალ წევრებს შორის, არამედ “ბებერი ევროპის” ქვეყნებშიც ბევრი არ მეგულება ამ ადამიანის სადარი გაწონასწორებული, ერუდირებული და პატიოსანი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთრ პოლიტიკურ კარიერას და საკუთარი პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესებს არ აყენებს საერთო სახალხო ინტერესებზე მაღლა, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე დაუთმია მისთვის უფრო შესაფერისი პირველობა სხვა პარტნიორისათვის – კონსენსუსის მიღწევისა და საერთო საქმის წარმატების მისაღწევად – საქართველოს ინტერესებისათვის. იგი არის წარმოშობით კახელი, ნიჭით და გულით – ქართველი და ჭკუით და დემოკრატიულობით – ევროპელი. მას ესმის კოალიციის ფასი და არ არის პოპულისტი. იგი არასდროს უკარგავს დამსახურებას არავის – არც ძველ თუ ახალ პარტნიორებს, არც – ხელქვეითებს და არც – პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს.
ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა – ჩემგან დამოუკიდებლად, როცა დავით უსუფაშვილისთვის (#25) გადაწყვიტა ხმის მიცემა.
და მე ეს მისი სწორი და დამოუკიდებელი არჩევანი იმედს მისახავს – რომ მამაჩემიც დაამარცხებს დაავადებას, და რომ მეც ისევ გავაგონებ ჩემს გულწრფელ სიტყვას იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად უიმედობის და ძალადობრივი რეჟიმის წლები გამოვიარე, რომ ჩვენ დავამარცხებთ არა მხოლოდ მოძალადე პიროვნებებს, არამედ – მოძალადე სისტემის ნარჩენებს, მშვენივრად რომ ახერხებენ ერთი ხელისუფლების ბუდიდან მეორეში გადახტომას, რომ გვეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გვჭირდება – არა მარტო ჩვენ – ამ მძიმე, გაურკვევლობით აღსავსე და დაძაბულ დროს, არამედ – რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ – დღევანდელ ხელისუფლებასაც, რადგან არაფერი ისე არ ასუსტებს ხელისუფლებას და პოლიტიკოსს, როგორც ყალბი და ხელოვნური სპარინგ-პარტნიორი. რომ ოცნების ნაცმოძრაობასთან ეს “გამიშვი და დამაკავე” უკვე ყელში ამოუვიდა ძალიან ბევრს. რომ ერთხელაც იქნება, ან ის ვითომ გათანგული თაგვივით სათამაშოდ მიჩნეული კომპრომეტირებული ნაცმოძრაობა, ან მუდმივად ჩასაფრებული მტაცებელი მეზობელი, რომელიც ყოველთვის ხლართავს პროვოკაციებს, ან – ორივე ერთად, საკუთარ გამოსახულებასთან სარკეში მოკეკლუცე და უალტერნატივობით გათამამებულ ხელისუფლებას ისეთ მოულოდნელ დარტყმას აგემებს, რომელსაც არ ელოდებიან… არასდროს ელოდებიან ხელოვნური სპარინგ-პარტნიორით გათამამებული მოკრივეები…
და არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე სარკე, რომელიც გატყუებს, რომ არავინაა შენზე მომხიბვლელი და რომ შენი სუფევა სამუდამო იქნება, რადგან მხოლოდ კორდელიას მარილივით სიყვარულია ჭეშმარიტი და სუფთა, და ვინც ამას დაინახავს, მხოლოდ ის აიცდენს მეფე ლირის მწარე ხვედრს…
მადლობა, მამა!
წილობანა
Posted: 2017/03/26 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, რუსთავი2, რუსთავი2 წილები, რუსთავი2ჩემია, ყარამანიშვილები დატოვე კომენტარივისაც საკუთარი შრომით ნაშოვნი მანეთიანის გამო ლამის ცეცხლში შევარდნილი გლეხის შვილი და მამამისის კმაყოფილი სიტყვები გახსოვთ – “აი, ახლა კი მჯერა, რომ ეგ შენი შრომით ნაშოვნიაო”, ალბათ, ყველა კარგად ხვდებით, რომ რუსთავი2-ის კეთილსინდისიერ მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ყარამანიშვილებმა თავისი წინადადებით (51%-ის თანამშრომელებისათვის გადაცემის თანხმობაზე) დაადასტურეს, რომ რუსთავი2 არასდროს ყოფილა მათი, არაც არაფერი გადაუხდიათ შეძენისას, არც არაფერს ელიან (კარგს!) ამ ტელევიზიიდან და, და საერთოდ, “მათი განცხადებებებიც” მათი დაწერილი არაა!
მაგრამ რაც გუშინ პირდაპირ ტელეეთერში ვიხილეთ, ეს მართლაც ძნელად წარმოსადგენი იყო – რუსთავი2-ის ასობით თანამშრომლის თვალწინ კრებაზე ნიკა გვარამიამ გაანაწილა ამ 51%-ის მფლობელი მომავალი კომპანიის – “რუსთავი2ჩემია”-ს წილები. კომპანიის ბედნიერი ჟურნალისტები ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ხმაურით, შეძახილებით და კმაყოფილებით ასახელებდნენ კანდიდატებს და, როგორც წესი – ერთხმად, აძლევდნენ ხმას. საბოლოოდ 40 თანამშრომელი აირჩიეს, რომელთაც 2.5%-იანი წილები ექნებათ.
პროფესიონალი იურისტებისთვის დამითმია იმის განსჯა, რამდენად მისაღები იყო ეს პროცესი, როცა სასამართლოში მიმდინარე დავის ფონზე დაყადაღებულ ქონებას ახალი მოსურნეები გამოუჩნდნენ. ან რამდენად გამართლებულია მომავალ აქციონერთა კრების პირდაპირ ეთერში ტელევიზიით ჩვენება (თანაც, როგორც აღმოჩნდა, აქციონერთა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა). ჩვეულებრივ, ასეთი რამ მხოლოდ მაშინ მგონია მისაღები, თუ ან ქონებაა ძალიან სიმბოლური, ან თუ ასეთ კრებას წინ უძღოდა სერიოზული შეხვედრები და წილებზე და წარმომადგენლებზე დეტალური მსჯელობა, რომ ჰაიჰარად მიღებული გადაწყვეტილება მერე არ გახდეს ეჭვებისა და ემოციების ჯახის საფუძველი… თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ამაზე მსჯელობა ჩემი ამოცანა არ არის.
მე უფრო ის მაინტერესებს, რა დგას ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო კრების უკან, რომელზეც უკვე ბევრი დაიწერა და გაცილებით მეტ განსჯას, სავარაუდოდ, მომავალში ვიხილავთ.
ყარამანიშვილებს და ნაცმოძრაობას რომ რუსთავი2-ის ჟურნალისტებისთვის გადაცემა სდომოდათ როდესმე, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ (ნაცმოძრაობას – 12 წელი). ქველმოქმედება და სამართალი მათთვის აბსოლუტურად უცნობი ხილია. ჩემი აზრით, ეს ქველმოქმედება კი არა, მათი მორიგი “ხვრელმოქმედებაა”!
ახლა, შორიდან კი ჩანს ისე, რომ თითქოს თავისუფალი მედიის ისტორიაში მორიგი “უპრეცედენტო ამბავი” ხდება (უკვე, მინიმუმ ორგზის “გინესოსანია” რუსთავი2!), მაგრამ ახლოდან ნახვისას ხშირად მირაჟი იფანტება და ვფიქრობ, ამ გადანაწილების ნამდვილი მიზნები შემდეგია:
1) რუსთავი2-ის ჟურნალისტებს გვარამიამ 2.5%-იანი წილების იმიტომ აუფრიალა, რომ ჟურნალისტების მისდამი ლოიალობა განამტკიცოს. (დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპზე ამ ახლადსაშობი სააქციო საზოგადოების წესდებაში მის მიერ დაფასებული იურისტების მიერ ისეთი მცირედშესამჩნევი მაგრამ ძლევამოსილი ფრაზა ჩაიწერება, რომელიც ისევე უგვირგვინო მეფედ აქცევს გვარამიას, როგორც აქამდე იყო, ლოიალობა და რწმენა კი ძალიან საჭირო იქნება მაშინ). ეს განსაკუთრებით ჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ ხალვაშისაგან განსხვავებით, დვალის და აქიმიძის მიმართ რუსთავი2-ის ჟურნალისტების ნდობა და დამოკიდებულება გაცილებით უკეთესია და, ალბათ, სწორედ დვალის და აქიმიძის შესაძლო გავლენის დასამსხვრევადაა მოფიქრებული ეს მაცდური წინადადება. მარქსის შემდეგ ხომ ცნობილია, რომ კაპიტალი სულ სხვანაირად ცვლის ადამიანის ფსიქოლოგიას… თუ ადრე გარანტირებული და მაღალხელფასიანი სამუშაო იყო მათი ოცნების მწვერვალი, აწი (ამ ორმოცს მანც) სხვა რამეც დაესიზმრებათ…
2) საზოგადოებაში შექმნას ილუზია, რომ სწორედ რუსთავი2 არის არა მარტო თავისუფალი მედიის სიმბოლო, არამედ უკვე – თავისუფალი ბიზნესის სამართლიანი მართვის პიონერიც. და, არ არის გამორიცხული, ამ “მაგალითით” სხვა დიდ ბიზნეს-კორპორაციებშიც სცადოს თანამშრომელთა “აღფრთოვანება”. ეს ცდება რუსთავი2-ის საქმეს და სააკაშვილისეული რევოლუციური აღტყინების ზვავის გამოწვევის მცდელობას ჰგავს.
3) კიდევ უფრო განამტკიცოს არასამთავრობო სექტორის, მედიაექსპერტების, აკადემიური წრეების თანადგომა რუსთავი2-ის საქმის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის წინ, გააძლიეროს რა თეზა, რომ საზოგადოებისთვის მედიის თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე – საკუთრების უფლება.
4) რამდენადაც რუსთავი2-ის ქონება დაყადაღებულია, რა თქმა უნდა, ვერავითარი ცვლილება რეესტრში ამჟამად ვერ შევა, რაც არ უნდა დარეგისტრირდეს და როგორი თანხმობაც არ უნდა ჰქონდეთ ახალმოწილეებს ყარამანიშვილებისგან. სამაგიეროდ, ამ პროცესში (ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესს არ ვგულისხმობ) ხალვაშის მოწინააღმდეგედ დღეიდან იქნებიან არა ვირტუალურ-ინერტული ყარამანიშვილები, რომელთაც გვარამია დასანახად ვერ იტანს, და სააკაშვილიც, ალბათ, აღარ ენდობა, არამედ – უეცრად ბედისკალთადაბერტყილი 40 ჟურნალისტი (და მათ უკანმდგომი სხვა თანამშრომლებიც, მათი ოჯახებიც), ასევე – ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთავ2-ის ოპოზიციურობას ნამდვილად საზოგადოებრივ სარგებლად მიიჩნევს (დაამატებ, რომ ოპოზიციურობას მეც ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევ!) და აქამდე თუ სააკაშვილის და გვარამიას ფაქტორი, ცოტა აეჭვებდათ, ახლა მყისიერად დაიჯერებენ, რომ რუსთავი2 უკვე ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და არაპარტიულ (!) ტელევიზიად იქცა – ასე რომ, ახლო მომავალში საპროტესტო აქციებზე ხალხთა რაოდენობა და გამომსვლელთა ჟინი, სავარაუდოდ, მოიმატებს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ეს სცენარი ნამდვილად არაორდინალურია, და ვნახოთ, როგორ განვითარდება იგი. აშკარაა, რომ ასეთ გამბედავი სცენარები და “მსხვერპლშეწირვები” რამდენადაც ეფექტურია, იმდენადვე – საკმაოდ რისკიანიც, ყველა ტალი ვერ იქნება. მე სპეციალურად არ შევჩერდები რისკების ანალიზზე – თავად იფიქრონ. თანაც არ მინდა რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა შურიან მტრად ჩამთვალონ და თქვან – დაგვაძახაო!.. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილიც და გვარამიაც რისკიანი მოთამაშეებია და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანდასახევი (სააკაშვილს მაინც) უკვე აღარაფერი აქვთ!
P.S. ჰო, მართლა, თუ ეს პროცესი წარმატებული იქნება, თანამშრომლებზე გაცილებით მეტად მოგებული, ნიკა გვარამია რომ იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ! ხოლო, თუ ეს პროცესი კრახით დამთავრდა, გვარამია ნამდვილად 2020 წლამდე დატოვებს თავის პოსტს და დიდი შანსია, რომ საიდუმლო კონტრაქტით გარანტირებული ის 5 მილიონი დოლარი მიიღოს! ჰოდა, მაშინაც არ იქნება წაგებული, გამოდის! – როგორც პუშკინი იტყოდა – “Ай да Пушкин!”
რაც შეეხება რუსთავი2-ის ჟურნალისტებს, წარმატებებს ვუსურვებ! იმედია, იმის იმედზე არ დარჩებიან, რომ სააკაშვილი, გვარამია, ბურჯალიანი, უგულავა და სხვა ასეთი ფანტასტიურად “სამართლიანი” და “ქველმოქმედი” ადამიანები ყოველთვის მათზე ზრუნავენ და მათი ბედნიერებისათვის იღწვიან… და მინდა მხოლოდ ეს ვურჩიო, – რადგან ტელეკომპანიის თანამფლობელობის პრეტენზია გაქვთ, მეტი ჩართულობა და იურიდიული განსწავლულობა ნამდვილად არ გაწყენთ!
არჩევნების ბოლო კვირა – აჟიოტაჟი, რეალობა და მირაჟები
Posted: 2016/10/02 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: აჟიოტაჟი, არჩევნები, არჩევნები 2016, დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, ეგზიტ-პოლი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, პროვოკაციები, რევოლუციური სცენარები, ცესკო, GFK დატოვე კომენტარი
ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ტელევიზიებში იმ საკითხზე, მოხდება თუ არა რევოლუცია, გადატრიალება, დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ან მინიმუმ – რაიმე ლოკალური „თაქი“.
ეს კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში პირველად 26 სექტემბერს გაჩნდა, როცა ნაციონალური მოძრაობის შვილობილი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ დატოვა რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის ახალგაზრდამ, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაშიც კი იყო 117-ე ნომრად. როგორც მათ განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვდა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობების მოწყობას და პროვოკაციული ქმედებების ინსპირირებას თუ ასეთ პროვოკაციებში მონაწილეობას. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ნაცმოძრაობამ ამ მიზნებისთვის შექმნა ახალი სპეციალური ორგანიზაცია – „საქართველოს ერთგულების სახელით“.
მეორე დღეს (27.09) იუთუბზე აიტვირთა აუდიოფაილი, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტის კიდევ ოთხი ლიდერი, რომლებიც პარტიულ საარჩევნო სიაში არიან, თანმხდებიან რა იმაზე, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რომ მეორე ადგილი და რამე კოალიციებში შესვლა, განსხვავებით გიგა ბოკერიას პოზიციისაგან, მათ არაფერს შველით, იხილავენ ქვეყანაში გადატრიალების სცენარს და საუბრობენ ამ სცენარში სხვადასხვა კომპონენტების – კარვების აქციის, მომიტინგეთა დაქირავების, შენობებში შევარდნის, სექსუალური ძალადობის და სხვა დეტალებზე. ხოლო ერთი მათგანი ამაყად აცხადებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და გამოცდილი კადრია.
ამას მალევე (28.09) დაემთხვა წინადღით საზეიმოდ გახსნილ აღმაშენებლის გამზირზე ფაშისტური სიმბოლიკით გამოწყობილი ქართველი ნაციონალისტების მარში, რომელთაც თურქული მაღაზიების და რესტორნების დარბევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მალევე გაანეიტრალა ეს მცდელობები და დარბევის ათიოდე მონაწილე დააკავა.
დაბოლოს, 29 სექტემბერს საკმაოდ მოულოდნელად შსს-მ გამოაცხადა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ამოღებული არსენალი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე (ნორიოში, გორში, საგურამოში, და – კიდევ 2 ადგილზე – თბილისში) 2009-2011 წლებში იყო გადამალული, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ზემოთაღწერილ მოვლენებს. აშკარაა, რომ ამ მასალების აღმოჩენა სხვადასხვა დროს ხდებოდა.
და ყველაფერ ამას ემატება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ მათთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იქნება არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, არამედ ის, თუ რას შედეგს დადებს რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია GFK მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლში.
ახლა ვცადოთ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას, – თუ ცდილობს ვინმე რამე გადატრიალებას და რამდენად შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოს.
====
- რევოლუცია თუ ალიაქოთი?
არსებობს ხმაურიანი და ძალადობრივი განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, ან – სხვადასხვა ფაზა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხმაური, ან სხვადასხვა პარტიის თუ კანდიდატის მომხრეთა დაპირისპირება, რაც ყოველთვის ახლავს საარჩევნო კამპანიას. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არასოდეს არ გვიკვირდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, რომ წელს ასეთი შეხლა-შემოხლის მაგალითები ამერიკაშიც ვიხილეთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე.
რაც შეეხება გადატრიალების ან რევოლუციის შესაძლებლობას:
გადატრიალებისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გააჩნდეს ერთგული მებრძოლი კადრები როგორც ძალოვან სტრუქტურებში (საშუალო ან მაღალ ეშელონებში), ასევე – პარტიზანული რაზმები, საკმაოდ მძლავრი შეიარაღება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერა უცხოეთის რომელიმე წამყვანი ძალიდან – ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი ან თურქეთი. ძლიერი საინფორმაციო რესურსის (რუსთავი2-ის) გარდა, მას სხვა დასახელებული ფაქტორები არ გააჩნია. კაკო ბობოხიძის სამხედრო გადატრიალების გამოცდილების იმედად თუ დარჩენილა მიხეილ სააკაშვილი და მართლა არაფერი ჰქონია მარაგად… ამერიკის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად კარგია, რომ ნეტავ შეერთებულ შტატებში იყოს ამჟამად ასეო, ძალიან ცივი შხაპი იყო ნაცმოძრაობისთვის, რომლის ადეპტები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა, ასევე – თემურ იაკობაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ ევროპასა და ამერიკაში იმ სურათის დასახატად, თითქოს საქართველოში საშინელი წინასარჩევნო ტერორი მძვინვარებს ოპოზიციის წინააღმდეგ.
რევოლუციურ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტი ფაქტორი სჭირდება – ხალხში სათანადო განწყობების, უკმაყოფილების მაღალი მუხტის, რევოლუციისთვის ქუჩაში გამოსასვლელად და დაპირისპირებისათვის მზადყოფნის, ხელისუფლების მხრიდან ხალხის საჭიროებების სრული დაიგნორების, და სხვა ფაქტორები. რეალურად არაფერი მსგავსი ამჟამად არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ:
1.1. – საქართველოს და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს გადატრიალებებმა და რევოლუციებმა რა ხეირი მოგვიტანა! ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, საკმარისად მომწიფებულია, და უკვე შორს არის აგრესიული განვითარების სცენარებიდან, რომ გადატრიალებას არ ანაცვალოს ძლივს მიღწეული სტაბილური ყოფა, რომელიც ნამდვილად არაა საკმარისი და ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას, ალბათ, იწვევს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების დასამხობად აღდგნენ.
1.2. – მიხეილ სააკაშვილის და მისი დესტრუქციული, ანტიჰუმანური გუნდის ხელისუფლებაში და მეთოდების ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც რევანშმოწყურებული რეჟიმის დაბრუნება. არ ვიცი, მონანიების რა სხივი დაინახა სანდრა რულოვსმა მისი მეუღლის თვალებში, მაგრამ კარგად გვახსოვს სწორედ ამ მეუღლის მხრიდან სარკასტული ხითხითი – „ქინძი ვიყო, მანდ სისხლი დაიღვრებაო!..“ და არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა ამ რეჟიმის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, რევოლუციურმა სცენარის ამოქმედებამ შეიძლება ამ სცენარის ავტორები – ლეგალურადაც და პრაქტიკულადაც – ძალიან მძიმე პოზიციაში ჩააყენოს!
ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტაიგენოსსე შეეცდება, რომ მოახდინოს, ეს არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სხვადასხვა კომპლექსური პროვოკაციების რეზონირებით, რასაც უახლოეს დღეებში, ალბათ ვნახავთ.
- თავად მცდელობა და მცდელობის ორი ვარიანტი –
2.1. აჟიოტაჟის შექმნა
არაა გამორიცხული, რომ რეალურად დაგეგმილ პროვოკაციათა გარდა, ნაცმოძრაობის ტაქტიკაში დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა მოდელირებები და გაყალბებები, რათა მაქსიმალურად შეიქმნას აჟიოტაჟი მოსალოდნელ რევოლუციურ კატაკლიზმებზე! არ დაგვავიწყდეს, რომ ძალების სისუსტე მათ ხმაურის სიძლიერეს აიძულებს, თანაც ეს ის ასპექტია, სადაც მათ ჯერ კიდევ შენარჩნებული აქვთ თავიანთი ყველაზე მძლავრი რესურსი – გებელსური დემაგოგიის უნარ-ჩვევები + რუსთავი2.
ამის მაგალითები დღეს უკვე მრავლად ვიხილეთ –
2.1.1 – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ეკლესიაში ამბიონიდან მოქადაგე (მესიჯი – ქართული ეკლესიები, მინიმუმ საზღვარგარეთ – მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს!) მერე გამოირკვა, რომ ეს უკრაინული კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მასთან საარჩევნო შეხვედრისთვის იქირავეს და იქ არავინ სხვა არ შეუშვეს!
2.1.2 – მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე! მოდელირებული მესიჯი – ამერიკა, მისი [გარდაცვლილი, ცოცხალი თუ მომავალი] ლიდერები და მისი დემოკრატიის სიმბოლოც მხარს უჭერს „დემოკრატიის შუქურას“! – სინამდვილეში ამერიკაში ნებისმიერი დიქტატორიც, თუ ვიზა ჩაურტყეს, მოახერხებს ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე ვიდეოს გადაღებას. მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაც კონფერენციაზე იყო და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ რა ისაუბრა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა, ამაზე დუმს. ჯონ მაკკეინთან შეხვედრის კადრებიც ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების გარეშე იყო რუსთავი2-ის რეპორტაჟში, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ მიშას მისთვის სასურველი მიღება ამერიკის ისტებლიშმენტში არ ჰქონდა.
2.1.3 – გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებები იმის თაობზე, თითქოს მათ გაიგეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს და თხოვენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, – არ დატოვოთ ქვეყანა, უბრალოდ ოპოზიციაში გადადით, ხელს არ გახლებთ, არ დაგიჭერთო. იმასვე იძახის ვაშინგტონიდან მათი ბელადი. მოკლედ, ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, იმდენად სიურეალისტური, სალვადორ დალის შეშურდებოდა!
2.1.4 – დაბოლოს, „უშველებელი გარღვევა“ პროპაგანდისტულ ფონზე – ვის გაგიკვირდათ, არ ვიცი, მაგრამ მოხდა დიდი ხნის წინ უკვე აშკარა ამბავი და რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK კვლევაში ნაცმოძრაობამ ქართულ ოცნებას გადაასწრო! მართალია, ჯერ უპირატესობა მინიმალურია, და მხოლოდ 0.6% უდრის (26% vs. 25.4%), მაგრამ დარწმუნებული ბრანდებოდეთ, დარჩენილ დღეებში კვაზი-გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და ეგზიტ-პოლი რომ მოვა, იქნებ სულაც 51% vs. 22% გახდეს, ვინ დაუშლით, რომ? როგორც კოსტა ჟორჟოლიანის გმირი იძახდა „დაკარგულ სამოთხეში“ – „მასპინძელს უხარია და, შენ ვინ გკითხავსო!“ ამის შეგრძნებას განსაკუთრებით აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თურმე GFK-ის საველე სამუშაოებს ქართული კომპანია BCG ასრულებს, როლის დამფუძნებელი ნაცმოძრაობის დეპუტატი და 2008 წელს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყო, ხოლო ამჟამინდელი დირექტორი – მისი მეუღლე ანი თარხნიშვილია! მოკლედ, ამაზე იტყვიან – “შენ დაუკარ!”-ო
2.1.5 – ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რუსთავი2-მა და ნაცპროპაგანდის სხვა საშუალებებმა უშველებელი ცრუ-ციფრი ააზვირთეს, რომელსაც ყველა ნაცლიდერი დაჟინებით იმეორებს – ივანიშვილმა აღიარა თავის ბოლო გამოსვლაში, 30% უჭერს მხარს ნაცმოძრაობასო – ანუ, უკვე შეგუებულია მარცხსო! სინამდვილეში, ივანიშვილმა თქვა, ამომრჩეველთა 30% ჯერაც ფიქრობს, გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, ხოლო 150-200 ათასი ადამიანი კი რჩება ნაცმოძრაობის ერთგულიო… თუ კარგად დავთვლით, 150-200,000 მაქსიმუმ მხოლოდ 10%-12%-ია პოტენციურად არჩევნებზე სავარაუდოდ მიმსვლელი 1,5-1.7 მილიონი ამომრჩევლისაგან!
ეს ყველაფერი შეიძლება დავასათაუროთ, როგორც „ბიძინა, მოვედით!“ და “Леопольд, выходи! выходи подлый трус!” კამპანია და ძირითადად, საკუთარი ერთგული მხარდამჭერების, რომელთა შორის რღვევის ნიშნები გამოჩნდა, გამხნევების ოპერაცია. რათა დააჯერონ ისინი, რომ ყველაფერი უმაღლესადაა, არჩევნები მოგებულია, თან, როგორც სააკაშვილი ამბიონიდან იძახდა, თუ რომელიმე რეგიონს აგებს ხელისუფლება, ესეიგი, მთლიანადაც წაგებული აქვთ არჩევნები! (არ ვიცი, რამდენად თუნდაც ერთ რეგიონს იგებს, მაგრამ ეს სისულელე რომელ საარჩევნო კოდექსში წაიკითხა ან რომელი ლოგიკით ასკვნის, საინტერესოა!)
2.2. რეალური მცდელობა
რეალური მცდელობები სააკაშვილს ექნება და უკვე ჰქონდა.
2.2.1 – თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ შარშან, რუსთავი2-ის საკუთრების საქმის სასამართლოში გარჩევის დროს მის საუბრებს ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა უარყოფილი ამ პირების მიერ: სააკაშვილი ავალებდა გვარამიას, რუსთავი2-ის შენობაში „ბაევიკების“ შემოყვანას და ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიაში მოსლოდნელი შეჭრის დროს თუ შვილიანი დედა დაიჭრებოდა. ამ საუბრების შემდეგ საქმეც აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის შესახებ.
2.2.2 – ამჟამინდელ საუბარში, რომელიც ასევე სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერაა ინიცირებული (ყოველ შემთხვევაში, სხვა სავარაუდო პირებსს საკუთარი ხმის ავთენტურობა არ ეეჭვებათ, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია და ისინი სხვა პერიოდსა და სხვა გადატრიალებაზე საუბრობენ…) ძალიან ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ არჩევნები წაგებული აქვთ (ამას ყველა ეთანხმება), და რომ საჭიროა რევოლუციის მოწყობა – სააკაშვილი ამბობს – ბოკერია არჩევნების წაგების მერე კოალიციებზე ფიქრობს და მე ეგ გზა არ მაწყობს, მე კაკოს იმედი მაქვს, ეგ გამოცდილიაო (ეს „კაკოც“ ომახიანად ადასტურებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული!)
2.2.3 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია, კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის რევოლუციის დაწყების ნიშანი იქნება ის, თუ ცესკოს შედეგები არ დაემთხვა რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს! იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წარმატების დასტური იყო მის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის სრული ლოიალურობა, ან – არჩევნების დღეს შუადღეზე ჯორჯ ბუშისგან მოლოცვა! ან – ეუთოს თუ სხვა უცხოელ დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნა! ან – ამერიკის ელჩის განცხადება! მაგრამ ახლა მისი ლეგიტიმაციის დონე ძალიან ქვევით დაეშვა და მხოლოდ საკუთარი ერთგული ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული GFK-ის ეგზიტპოლია მისი სანუკვარი ბილეთი! სწორედ იმ GFK-ისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა დაქირავებული, რომელმაც მაშინ ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ 33% დაუწერა, რაც არჩევნების რეალურ შედეგს, არა – დასაშვები 3%-ით, არამედ, – 22%-ით ჩამორჩებოდა! ამჟამადაც GFK-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა უკვე „იგებს“ და სავარაუდოდ, მისი „უპირატესობა“ პროგრესულად ან გეომეტრიულადაც კი – „გაიზრდება“. მართალია, სერგი კაპანაძე და ნაცმოძრაობის სხვა დე-იურე ლიდერები იძახიან, – ჩვენ ცესკოს შედეგებს ვენდობითო, მაგრამ ეს მხოლოდ ყასიდი განცხადებებია, რომელსაც ის და ნაცმოძრაობის სის პირველი ათეულის დანარჩენი წევრებიც მაშინვე უარყოფენ, როგორც ამის საჭიროებაზე სააკაშვილის ბრძანებას მიიღებენ.
2.2.4 – დღეს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, მათ შორის სოფლის ყოფილმა გამგებელმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სცემეს, მათ შორის ერთ გოგონას – ლიკა დემეტრაძეს თავში ქვა ჩაარტყეს და ოცნების 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს უკვე სამეგრელოს რეგიონში სიხლიანი დაპირისპირებისთვის მზადყოფნისა და მაგალითის მიცემის ხასიათს ატარებს.
2.2.5 – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სიის ლიდერებს პარლამენტში მოხვედრა და კიდევ 4 წელი პოლიტიკურ აქტივობა, ალბათ, გულის სიღრმეში მაინც, დამაკმაყოფილებელ პროგრამა-მინიმუმად მიაჩნიათ, მაგრამ აბა, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ?! მას ეს ვარიანტი აბსოლუტურად არ აწყობს. საკუთარი ცოლის პარლამენტში ხილვაც კი ვერაფერი ბედენა იქნება მისთვის, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი პარლამენტარის მეუღლეზე ვერ გავრცელდება. ასე რომ, როგორც დაუდეგარი ავანტურისტის ტვინს ახასიათებს, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორის ფანტაზიებში ახლა მრავალი პროვოკაცია იხარშება, როგორ მოაწყოს რამე ისეთი საქართველოში, რაც მას თეთრ ცხენზე დაბრუნების შანსს მისცემდა. მის პროვოკაციულობას საზღვარი არ აქვს და არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც და ახლობლებსაც კი დაუფიქრებლად დააყენებს საფრთხის წინაშე, ოღონდ, მინიმალური, ან სულაც ილუზორული შანსი გაუჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად დააპირებენ მასთან პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას მისი თანაგუნდელები, და რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება გაყვნენ ავანტიურაში უბრალო მოქალაქეები.
- წინასაარჩევნო გარემო – პოზიტიური რეალობა
3.1 – ამერიკის ელჩის უაღრესად პოზიტიურ განცხადებაზე ზემოთ უკვე დავწერე.
3.2. – ასევე ძალიან პოზიტიური იყო ეუთოს სადამკვირებლო მისიის პირველი ანგარიში. თუმცა აღინიშნა ორ მთავარ კონკურენტ პარტიას შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.
3.3. – საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნების ბედი ცესკოს ნაცმოძრაობის ერთგული თავმჯდომარის კაბინეტში საიდუმლოდ ჩაკეტილი ფაქსის აპარატზე საიდუმლოდ მოსული ფაქსებით წყდებოდა. ამავდროულად მაშინ ინტენსიურად გამოიყენებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, უბანზე კარუსელები, გადაღებული იყო პოლიცილების მიერ ყუთების დატაცების, ან მასიურად საარჩევნო ურნებიდან ნაგვის ურნებში ბიულეტენების ჩაცლის ფაქტები, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საუბნო კომისიებიდან სააჩევნო ურნების ნიღბინა სპეცნაზელათა მიერ გატაცების ფაქტები, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დაშინების და ზეწოლის ფაქტები… მეტიც, 2008 წელს ევროკავშირის მისიის ხელ-ლი პიტერ სემნები ნაცმოძრაობის წევრებმა უბანზე მოიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სადღაც! საგულისხმოა, რომ თავად პიტერ სემნებიმ, რომელიც კარგად ხვდებდა, რა დონის ავანტიურისტებთან და კრიმინალებთან ჰქონდა საქმე, ამჯობინა, ხმა არ ამოეღო ამ ფაქტზე, რაც თავისთავად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი სისტემის სიმახინჯეს. მეტიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა პირველ ტურში მხოლოდ 3.7%-ით მოიგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ხმის დათვლა უბნების 19%-ზე ჩატარდა სერიოზული დარღვევებით! და იყო ან ცუდი, ან – ძალიან ცუდი! მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს 19% სწორედ მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა, და რომ არა ეს ფაქტი, 3.7%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო!
3.4. – ეს ყველაფერი იყო წარსულში! ახლა კი მოხერხდა ნაცმოძრაობის მიერ 50%-დან 30%-მდე ჩამოქვეითებული მაჟორიტარული ბარიერის ისევ აწევა 50%-მდე. და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად – მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება. ელექტრონული ID ბარათების შემოღებით მათი გაყალბების შანსი ძალიან შემცირდა, უბნებზე სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უკვე ფოტოებსაც შეიცავს, რაც აქაც გაყალბების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო ახლახანს ცესკომ ისიც განაცხადა, რომ ხმათა დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში ლაივ-სტრიმით განხორციელდება. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. და არა – ესა თუ ის წინასწარი კვლევები, ან ეგზიტ-პოლები. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეგზიტ-პოლი არ ხდება არჩევნების საფუძველი. პირიქით, ცესკოს შედეგებთან ეგზიტ-პოლების სიახლოვე ამ ეგზიტ-პოლების სისწორეზე მეტყველებს და არა – პირუკუ, როგორც მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სურთ, რომ იყოს.
- კითხვები ხელისუფლებასთან:
4.1 – რა ხდება ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ანტისახელისუფლებო გადატრიალების მოწყობის შესახებ? ვინ დაიკითხა, რა შედეგებია? ხომ არ იყო უპრიანი, მიხეილ სააკაშვილზე და მისი პარტიის აქტივისტებზე, რომლებიც წამდაუწუმ ოდესაში დადიან და საათებს ასწორებენ, ლეგალურად დაწყებულიყო მოსმენები და ეს საუბრები იქედან ყოფილიყო მიღებული და არა – ვიღაც უცნობი წყაროსაგან?
4.2 – რატომ მოხდა იარაღის საწყობების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ახლა გამჟღავნება? თუ ამდენი უკანონო იარაღი იყო აღმოჩენილი, ვინ დაიკითხა, თუ არის უკვე რამე ინფორმაცია და თუ ვიცით, ვისი ბრძანებით და ორგანიზებით მოეწყო ეს სამალავები?
4.3 – ვინ იდგა აღმაშენებელზე ნაციონალისტების მარშის ორგანიზების უკან? თუ დადგენილია, ვინ ახდენს ამ ჯგუფის იდეურ ხელმძღვანელობას და დაფინანსებას? თუ ფიქრობს ვინმე, რომ სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილს ძალიან ენდომებოდა ერდოღანისათვის იმის დემონსტრირება, რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოში თურქ მოქალაქეებზე და ბიზნესმენებზე ნაციონალისტები “ნადირობენ”!
4.4 – თუ ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე სუს-ში, როდის და როგორ მოხერხდება მათი დაკითხვა?
4.5 – რამდენი ხანი დაჭირდება ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და თუ ეს დადასტურდა, ხოლო ამ მომენტისათვის არჩევნები დასრულებული არ იქნება, რა ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ სასამართლოსთვის თავის არიდება ვერ მოხერხდეს?
4.6 – როგორ მოხერხდება სავსებით ლოგიკური ეჭვის აცილება, რომ ბოლო კვირაში მხოლოდ ნაცმოძრაობის გააქტიურება კი არა, ნაცმოძრაობის აქტივობებთან პარალელურად მომხდარი მოულოდნელი აღმოჩენები – საიდუმლო ჩანაწერები იქნება ეს, უცებ გაცხადებული იარაღის საიდუმლო საცავები, თუ კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება ახლა ამოტივტივდეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაგროვებული მასალა არ არის, რომელიც დროულად გაჟღერების ნაცვლად არჩევნების ბოლო კვირისთვის იყო შემონახული, რათა ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა მოეხდინათ?
- სხვა პარტიების შესაძლო აქციები
ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეიძლება არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოუნდეს: ნინო ბურჯანაძემაც და შალვა ნათელაშვილმაც განაცხადეს, რომ მათი პარტიების რეიტინგი შეიძლება 80%-იც კი იყოს! საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასევე აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებს ისინი იგებენ (მინიმუმ 30% გვაქვსო). პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად აქტიური რღვევითი პროცესებისა მის შიგნით, ხშირ-ხშირად გვახსენებს, რომ იგი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ხალხისთვისაა მოწოდებული და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გააჩნია. თავის ამბიციებს არ ფარავენ თავისუფალი დემოკრატებიც და ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურებული რესპუბლიკელებიც. ეს პარტიები თუ მინიმალურ გამსვლელ ხმებს მაინც მიიიღებენ, ეს უკვე 30%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ ამ პარტიათა ლიდერების ამბიციებს, არაა გამორიცხული, რომ მათ, თუნდაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, მაინც გამოთქვან პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ეჭვებს შეუერთდნენ. ისიც დასაშვებია, რომ ბევრმა მათგანმა თავისი ეგზიტ-პოლი ჩაატაროს და განაცხადონ, რომ სწორედ ამ ეგზიტ-პოლს ენდობიან და არა – ცესკოს.
ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს. რომ ცესკოს და ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები – მობილიზებული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად ძალზე ფრთხილად, რომ მათმა ზედმეტმა ჩარევამ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩინოს.
========
დასკვნა:
ჩემი აზრით, მიუხედავად მრავალფეროვან პროვოკაციათა მოსალოდნელი მცდელობებისა, 8 ოქტომბერს პროცესი მაინც მშვიდობიანად განვითარდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი გაკვეთილი აქვს მიღებული და წესით, აღარ უნდა ელოდოს რაიმე სარგებელს რევოლუციური პროცესებისაგან და ეგზალტირებული ავანტიურისტებისაგან. ანუ, დესტაბილიზაციის მცდელობები მოსახლეობაში ნოყიერ ნიადაგს ვერ ჰპოვებს.
ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში აქა თუ იქ (ძირითადად – სამეგრელოსა და აჭარაში) დესტაბილიზაციის მდგრადი კერები შეიქმნა, ამით უდავოდ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა, რომელსაც ახლა აქტიურად საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ არ იტყვის უარს შანსის გამოყენებაზე, თუ ასეთ შანსს მას თავად მივართმევთ ლანგარზე – საკუთარი ოპონენტების მიმართ დაუნდობლობის დემონსტრირებით, და მოდელირებული პროვოკაციებით ფსევდორევოლუციური დაძაბულობის შექმნის კუთხით.
მიხეილ სააკაშვილი ამ გაფრთხილებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს, როგორც არ გაუთვალისწინებია 2008 წელს, როცა მას შინ თუ გარეთ ბევრი აფრთხილებდა. ყველას უნდა ახსოვდეს (მის მხარდამჭერებსაც, ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც), რომ როცა დესტაბილიზაციის ინიციატორს მაგრად გაუჭირდება, იგი ყოველთვის მოძებნის გასაქცევს, ხოლო ჩვენ შეიძლება ეს ავანტურა გაცილებით ძვირად დაგვიჯდეს, – როგორც ეს 2008 წელს კოდორის, ახალგორის, თუ თამარაშენის მოსახლეობას დაუჯდა…
ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ
Posted: 2016/09/03 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: "არჩევანის ზღვარზე", "იმედი", "ღია ეთერი", არჩევნები, არჩევნები 2012, არჩევნები 2016, გორბი, თეა სიჭინავა, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, სოციოლოგიური კვლევები, GORBI, JPM დატოვე კომენტარითეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?
გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!
ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.
რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.
ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.
არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.
ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂
რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…
იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂
2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.
ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.
საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით – მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.
ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი – შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.
პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.
არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦
საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?
რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.
არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.
ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მისი კონკურენტების ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!
და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობითა და ხარისხით.
ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!
არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.
მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!
ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.
P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.
რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!
შერჩევითი სიმართლის ლაბირინთებში
Posted: 2015/11/09 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: მედია, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, რუსთავი2, სასამართლო დატოვე კომენტარი“ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს საგნები, რომლებიც ყალბია, მაგრამ მას შეუძლია გაიგოს მხოლოდ ის საგნები, რომლებიც რეალურია. რადგან თუ საგნები ყალბია, მათი გააზრება არ ნიშნავს მათ გაგებას.”
(ისააკ ნიუტონი)
= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =
უახლეს ისტორიაში არც ისე ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი, სამშობლოში დამარცხების შემდეგ, მერე მეორე ქვეყნის მოქალაქე გამხდარა და იქ უცდია ოლიმპოს დაპყრობა. ქართველებს ამის მსგავსი გამოცდილება გვქონდა ედუარდ შევარდნაძის სახით, თუმცა მაშინ ისტორიული პირობები სრულიად სხვა იყო.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სახით, თუ არ ვცდები, მართლაც მსოფლიოში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე – პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე საქმეში ბრალდებული და ძებნილია, მეორე (თან, პირველისათვის სტრატეგიულ მოკავშირედ აღიარებულ – Sic!) ქვეყანაში გადაბარგდა, იქაური მოქალაქეობაც მიიღო (რაც, თანახმად კონსტიტუციისა, სამშობლოში მოქალაქეობის დაკარგვას ნიშნავს), იქ #1 რეფორმატორის გვირგვინს დაეუფლა, და თან არ მალავს, რომ თავისი ჯერ კიდევ არაუმაღლესი თანამდებობიდან ძალიან მაღალსაც უმიზნებს.
ამავდროულად, სრულიად აშკარაა (და ამას ვერც/არც მისით მოხიბლული შინაური თუ უცხოელი პირები მალავენ), რომ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობაზე უართან ერთად, სულაც არ უთქვამს უარი საქართველოში ტრიუმფით დაბრუნების გეგმებზე. პირიქით, მის მიერ უკრაინაში გადაბარგება ბევრმა სწორედ იქ საქართველოში დაბრუნების პლაცდარმის მომზადებად აღიქვა. აი, სწორედ ეს დისკურსი – ერთდროულად ორ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ჭენების სურვილი და რეალობა არის უნიკალური, რაც ჩვენი ექს-პრეზიდენტს გამოარჩევს.
სააკაშვილს, ბევრი გარემოების გამო, ხშირად ადარებდნენ კურდღელს. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინგლისური მეტსახელიც Energizer bunny – ამაზე მეტყველებს, და თავადაც უყვარდა პლეიბოის კურდღლებით მოხატული საათით თავმოწონება. ჰოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, ახლაც ორი კურდღლის მადევრის ასოციაცია რომ დაგვბადებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი ორი ბადით მოთევზავე ბრაკონიერს უფრო მაგონებს. თან ამ ბადეებიდან ერთი – საქვეყნოდ საჩვენებელი – ძალიანაც ლეგალურია, ხოლო მეორე – დინამიტებით და ელექტროშოკით გაძლიერებული – მისი ჩანთის ორმაგი ფსკერის ქვეშაა დამალული… მიშა, როგორც მარადიული იანუსი თავის პროდასავლელ, დემოკრატიულ, ანტიკორუფციულ იმიჯს ახლა უკრაინაში ამზეურებს, ხოლო მისი გულაგურ-გებელსური მეთოდებისა და რევოლუციური გადატრიალებების გეგმების შავ რვეულში, როგორც განგსტერი კოლომბო იტყოდა, – „ისევ ის სახეებია, და ისევ ის ინსტრუმენტები“…
ბევრი დაიწერა იმაზე, ვისი მემკვიდრეა მიშა.
საქართველოში მის თავგადაკლულ მომხრეებს (ასეთები, NDI-ის გამოკითხვის თანახმადაც კი – 13%-ზე მეტი ვერ იქნება, ხოლო არათავგადაკლული, მგონი, არც ჰყავს) სჯერათ, რომ მიშა თომას ჯეფერსონს, მარტინ ლუთერ კინგსა და რონალდ რეიგანს შორისაა სადღაც, და სწორედ მათი იდეური მემკვიდრეა. მის თავგამოდებულ კრიტიკოსებს კი საკმაო არგუმენტები გვაქვს ვამტკიცოთ, რომ მიშა თავისი ქმედებებით (და არა – ლოზუნგებით!) სადღაც მაკიაველის, კალიგულას, ბერიას და გებელსს შორისაა, და თუ გამოსვლებით და პათოსით ჰგავს ცნობილ ორატორ დემოკრატებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იცის, მის უცხოელ მფარველებს (რომელთაც შინაურებთან თურმე – „უცხოელ იდიოტებს“ უძახის) გაუჭირდებათ გებელსის და მაკიაველის მხარდაჭერა. ისე, ნამდვილად მგონია, რომ უცხოელ მფარველებს, სავარაუდოდ, ისევე „თავისიანად“ მიაჩნიათ მიშა, როგორც პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ არმოწონებული, მაგრამ “სასარგებლოდ” აღიარებული და მხარდაჭერილი ანასტასიო („ტაჩო“) სომოზა მიაჩნდათ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, მიშა სომოზას ბევრად უფრო გაუმჯობესებული ვერსიაა, შეიძლება ითქვას – Somoza 2.1, რომელმაც ბევრი ნამდვილად სასარგებლო რეფორმა განახორციელა და ინსტიტუციურად ქვეყანა ფეხზე დააყენა, რომელიც მშვენივრად ნიღბავს თავის საქმეებს ფსევდოდემოკრატიული პათეტიკით და რიტორიკით, რომელიც ღიად ნამდვილად არ წასულა დიდ სისხლისღვრაზე და შეფარული ტერორით, მასობრივი და გამუდმებული სისხლისგაშრობით მიაღწია საკუთარი გუნდის სრულ კონტროლსაც, და მის სამოქმედო ქვეყნებში, გარკვეულ ვადამდე მაინც, – ლამის ჩრდილოკორეულ აღტაცებას და ლამის საბჭოურ „ადაბრიამს“-საც.
მიშას მთავარი პროფესია – იგი ბრწყინვალე, განუმეორებელი რეჟისორია! – გაცილებით უფრო ინოვაციური, ვიდრე ჯეიმს კემერონი, გაცილებით უფრო პათეტიურ-მონუმენტალური, ვიდრე ივანე პირიევი, გაცილებით უფრო სარკასტული, ვიდრე ქვენტინ ტარანტინო, და იქნებ, უფრო ნატურალისტურიც კი, ვიდრე ნერონი. მისი დადგმული ფილმები და ეპოქალური მოდელირებები ნამდვილი შედევრებია, ერთი მნიშვნელოვანი შესწორებით – ეს ფილმები არა მარტო და არა იმდენად [ჩვენი] ხალხისთვის იდგმებოდა (უფრო – უცხოურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი), რამდენადაც (ნერონის მაგალითითვე) – ხალხზე (!) იდგმებოდა. და ის ადამიანები, ვინც თავიდან პარტერში აღფრთოვანებული ტაშს უკრავდნენ შადრევნების, ოპერაში დადგმული საპნის ოპერების, და ტელევიზორში რუსი ჯარისკაცის ავტომატზე მკერდმიჭერილი პრეზიდენტის ხილვისას, უკვე ისე აღფრთოვანებული კი არა, ძალიანაც დამუნჯებულები ხდებოდნენ, როცა ძალადობრივი „მასოვკის“ სცენებში მონაწილეობას აიძულებდნენ, როცა თავად უწევდათ შადრევნების მოქმედებაში მოყვანაც, ოპერის და ცხოვრების მძიმე სცენის დატრიალებაც, ფილმების/“კარწინკის“ დაფინანსებაც საკუთარი ქონების ჩუქების ფასად, თუ – მოდელირებული ომიდან ნამდვილ ომში გადაზრდილი ტრაგედიის ველიდან მოტანილი შვილების გვამების დასაფლავება… ხშირად – ჩუმად და ღამით დასაფლავებაც, რადგან სააკაშვილის თეატრში, ძველბერძნული თეატრისგან განსხვავებით, ტრაგედია იშვიათად უნდა დადგმულიყო. პლასტმასის „კარწინკის“ ძირითადი ფერი ხომ – ვარდისფერი, ხოლო ძირითადი ჰიმნი ხომ „მიშა მაგარია“ უნდა ყოფილიყო!..
ჩემი აზრით, მსოფლიო კინემატოგრაფმა ბევრი დაკარგა მიხეილ სააკაშვილის სახით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრებელი და მით უფრო – სადარდებელი…
===================
მოდით, დავბრუნდეთ იქ, სადაც ვართ ამჟამად.
7 ნოემბერი მოვიდა ისევ.
ის ავბედითი თარიღი, რომელიც თავს არ გვანებებს უკვე ას წელზე მეტია – ჯერ იყო და პირველი დემოკრატიული საქართველოს დასაბამად იქცა თითქოს, როცა სწორედ თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებმა ჩვენდა მოულოდნელი დამოუკიდებლობის შანსი მოგვცა, რაც სამწუხაროდ, ძალიან მალე – სწორედ 7 ნოემბერს დაბადებულმა ანტიჰუმანურმა ძალამვე გაანადგურა. ხოლო 90 წლის შემდეგ კი უკვე თავად საქართველოში, ისევ 7 ნოემბერს, მოხდა მიხეილ სააკაშვილის – მანამდე ჯერ კიდევ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე – რეჟიმის სრული ლუსტრაცია, როდესაც ამ რეჟიმმა საკუთარი იმიჯის და რეიტინგის გადასარჩენად (და სინამდვილეში კი ნელი დაღმასვლის საწყისად) – 3-მოქმედებიანი მასობრივი ძალადობის სრულიად გამიზნული სცენარი დადგა თბილისის ქუჩებში. ამ სცენარის ავტორებმა (ერთ-ერთი მათგანი დღეს რომ თავისუფალი მედიის უკანაკსკნელ შუქურად წარმოგვიდგენს თავს) წინასწარ ჟურნალის სახით მომზადებული „სტარტერი“ – მართლაც გებელსის და ვიშნევსკის ტრადიციებში მომზადებული ფილმი-პასკვილი „ნოემბრიდან – ნოემბრამდე“ მოამზადეს [შეთითხნეს/დაამონტაჟეს], რათა მერე 7 ნოემბრის დილით დაწყებული მანევრი საღამოს მათთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ოპერაციით – ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის – „იმედის“ შტურმით და განადგურებით დაესრულებინათ. რასაც მერე მოჰყვა ამ, ერთდროს დამოუკიდებელი, ტელევიზიიდან სხვადასხვა ჯურის მაქინატორების დახმარებით კოშმარული მოდელირებებით სახელგანთქმული გიორგიარველაძისეული „იმედის“ ჩამოყალიბების არანაკლებ დახვეწილი, მრავალთვიანი ოპერაციები.
მაგრამ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის – ამ ვითომ დემოკრატიის „შუქურის“ და დრაკონის მსახვრალი „მზეჭაბუკის“ გადრაკონება გაცილებით ადრე დაიწყო.
=======
შემოკლებული ნაწყვეტი 2009 წლის ბოლოს დაწერილი ბლოგიდან – „ჰავლაბრის ტურფები – ჟურნალისტები და ურნალისტები: მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა“ https://solomonternaleli.wordpress.com/2009/12/31/154/
სტუდია „მონიტორის“ (ავტორი – ნინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრი და საინტერესო ფილმი ქართული ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38 დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2004 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში ამ 12-დან 11-ს (ყველას, გარდა ტვ „კავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევე – მათდამი ნდობის ხარისხთან.
https://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიო–სივრცე–საქარ/
2009 წელს კი საქართველოში მოქმედი უკვე 45 სატელევიზიო არხის მფლობელები (მიშამ ხარისხი რაოდენობით ჩაანაცვლა, რომ მედიათავისუფლების რეიტინგებში რაოდენობით გადაეხურა ხარისხობრივი დაღმასვლა), მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, იყვნენ ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ან – მათი ოჯახების წევრები, ხოლო ახმეტაში – სულაც ახმეტის მუნიციპალიტეტი! გამოვლინდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივე – საკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებული – კომპანია Degson Limited, ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ ერთად, ფლობდა ეროვნული რანგის ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „მზე“. მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკის“ 51%-ს ფლობდა. ასევე ბუნდოვანი იყო მსხვილი არაბული საინვესტიციო კომპანიის – Rakeen-ის და ვითომდა მისი შვილობილი კომპანიის – Rakeen Georgia Holding-ის (რომელიც 2009 წლიდან ტელეკომპანია „იმედის“ 90%-ს ფლობდა) – სამართლებრივი სტრუქტურა. 2010 წელს არაბული კომპანიის მენეჯმენტმა უარყო საქართველოში დარეგისტრირებულ ჰოლდინგთან რაიმე კავშირი, რითაც განმტკიცდა ის ეჭვები, რომ ამ ჰოლდინგის რეალური მეპატრონეები ქართველები, და სავარაუდოდ, ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირები იყვნენ. http://www.civil.ge/eng/article.php?id=21950
ტელევიზიების მთავარი მეწილეები [2007 წლისთვის] იყვნენ – ქიბარ ხალვაში, დავით ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია “გეომედია გრუპი”, და კომპანია “მაგი სტილის” დამფუძნებლები გოგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ამ სიიდან ქიბარ ხალვაში ზუსტად იმ დღეს ამოვარდა, როცა მისი მეგობარი და ხელისუფლების ერთ-ერთი ბურჯი ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოლო 6 ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი (“რუსთავი 2″, “მზე”, “იმედი”, “ობიექტივი”, “ევროპა”, “საქართველოს ხმა”) უკვე 2008 წლიდან საკუთარი შელახული უფლებების აღდგენას მართლმსაჯულების ორგანოების დახმარებით ცდილობდა…
როგორც ნინო ზურიაშვილი ამბობდა: „თუკი წინათ მედიამფლობელები და ჟურნალისტები ერთ მხარეს იყვნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მფლობელები და ხელისუფლება ერთად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს. ტელეკომპანიებში მფლობელთა ცვლილებებს გადაცემების დახურვა მოჰყვა, ბევრმა ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა, ბევრიც ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადასვლით ინარჩუნებდა სამსახურს…“ ამის შედეგი იყო ის, რომ 2008 წელს მედია თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით საქართველომ 54 ადგილით უკან დაიხია!
=============
დუმილის უპირატესობა და ნაკლი
არის რიგი კითხვები, რომელთა დასმისაგან თავს ვიკავებდი.
ანონიმურობის დაკარგვაზე მეტად ჩემი დღევანდელი თავშეკავება და მკვეთრი ბლოგერობის შეუძლებლობა დღევანდელ სამსახურს უკავშირდება – აღარც ხელისუფლების კრიტიკის შანსი მაქვს, აღარც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკაა ჩემგან მისაღები (ყოველთვის გაჩნდება ეჭვი, რომ მე ეს დამავალეს) და რაც მთავარია, ჟურნალისტების მიმართ არამცთუ 2009 წლის ბოლოს დაწერილი მართლაც საკმაოდ მწარე „ჰავლაბრის ტურფების“ მსგავსი, არამედ გაცილებით უფრო კორექტული კრიტიკაც კი, მავანმა შეიძლება ხელისუფლების მხრიდან პირის აკვრის, გაჩუმების, თუ ღმერთმა დამიფაროს, – დაშინების და ზეწოლის მცდელობადაც კი აღიქვას. აღარ ვამბობ არაფერს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ მაქვს საკმაოდ მწარე შეკითხვები…
ამ დროს კი დაგროვდა ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები ავგიის თავლის მსგავსად სულ უფრო ძნელი მოსაგვარებელი გახდება, რომლის მოგვარების არც ჰერაკლესეული ძალის ნატამალი მაქვს, არც იმის ილუზია, რომ ყველაფერი სწორად მესმის და არც იმის ენთუზიაზმი, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ან სასიამოვნო საქმეების ნაცვლად მენაგვეობას მოვანდომო… თუმცა, იქნებ ის მაინც მოვახერხო, რომ ხალხის ნაწილს ავუხსნა, რას და როგორ ვხედავ… როდესაც 5 წელი ამას აკეთებ, მერე საკმაოდ ძნელია დუმილის შენარჩუნება, როდესაც ფიქრობ, რომ ყვირილი უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო…
ამიტომ მინდა, ცოტა ხნით მაინც, ისევ სოლომონ თერნალელობა ვცადო. თითქმის დარწმუნებული ვარ, ისე აღარ გამომივა, რადგან ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და თანაც დღეს ჩემი პოზიცია ჩემს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის ძალიან სერიოზულ საფუძველს იძლევა… და მაინც, იმ ქვეყანაში, სადაც ნიკა გვარამიას, როგორც უკანასკნელი დამოუკიდებელი მედიის მედროშეს უსმენენ, თურმე, დავიჯერო, ნაკლებ აუდიტორიას მოვაგროვებ და ჩემი ნათქვამი უფრო არაგულწრფელი იქნება? თუ ასეც მოხდა, ბოლო-ბოლო ამას მაინც ხომ დავინახავ – რა დავკარგე და სად წავაგე…
———
ძალიან რიტორიკული ხომ არ იქნება კითხვა, რამდენად შეიძლებოდა თუნდაც 2004-2006 წლებში რუსთავი2-ის გაყიდვა და ყიდვა მომხდარიყო 200,000 ან 300,000 დოლარად? თუ არ ვცდები, მაგ დროს საბურთალოზე ვეძისის უბანში ორსართულიანი ეზოიანი სახლიც კი აღარ ღირდა მაგდენი და ტელეკომპანია, რომელმაც საქართველოში 2003 წელს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, და მის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა – ფინანსური რესურსების და იბარტყა – ადამიანური რესურსების მხრივ, ალბათ, გაცილებით ძვირი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ისიც, რეალურად როგორი იყო კომპანიის ბალანსი, ვალები და ა.შ…
ის, რომ „აღშფოთებული და] გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ ძალიან მალე, უკვე 2004 წელსვე იქცა „გამარჯვებული [და თვითკმაყოფილი] პარტიის ტელევიზიად“, მხოლოდ მე შევნიშნე, თუ სხვებსაც ასე ფიქრობთ?
ის, რომ რუსთავი2-ის ბოლოდროინდელი მფლობელები – ძმები ყარამანიშვილები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ძმებ გრიმებზე უფრო მძიმე, და ძმებ ტავიანებზე უფრო სულისშემძვრელი სცენარის ცენტრში, ძმებ სტრუგაცკებზე უფრო ფანტასტიურად ინარჩუნებდნენ მედიისაგან მაქსიმალურ დისტანცირებას, და გაც და გაიმზე უმეტეს – იდუმალებას, უცებ რომ ხმაამოღებულებიც და ხმალამოღებულებიც ვიხილეთ – რატომღაც მაინცდამაინც კიევიდან, ეს ვითომ შემთხვევით მოხდა? თუ კიევში ოტებულ ქართველებს ისეთი ჯადოსნური ელექსირით სავსე გრაალის თასს ასმევენ, რომელიც ოთხგზის ძებნილს ისევ ლიდერად აქცევს, მასობრივ რეკეტში ეჭვმიტანილს (და ფინანსურ მაქინაციებზე აღიარებითი ჩვენების მიმცემს!) – ისევ სამართლიანობის და სამართლის გურუდ, ხოლო პირშიწყალდაგუბებულ ე.წ. მფლობელებს – სამართლიანობისთვის მახვილალესილ უილიამ-უოლესებად?
გვარამიას ადვოკატები (მე ასე აღვიქვამ – ცალ მხარეს გვარამიას ადვოკატებია, მეორე მხარეს – ხალვაშის… აზდაკი მაკლია სრული ბედნიერებისათვის! 🙂 ) მუდამ აპელირებენ იმაზე, რომ ყარამანიშვილები არიან კეთილსინდისიერი შემძენები!
ცნობილი ლექსის პერეფრაზი რომ გავაკეთოთ, რუსთავი2-მა, 2004 წლიდან დაწყებული –
„… გამოიარა ხალვაშის ხელი,
გამოიარა ცემენტის მტვერი,
გამოიარა DEGSON-ის ხელი,
გამოიარა კეზერას ხელი,
გამოიარა ჩიქვანის ხელი,
გამოიარა გეგეშას ხელი,
გამოიარა „მაგის სტილები…“
მართლაც იმდენი ჭუჭყი და იმდენი მტვერი გამოიარა, (ხშირად ისე, რომ გადაყიდვა დასრულებული არ იყო, როცა მყიდველი უკვე გამყიდველობას ლამობდა), რომ, როცა ეს ბუღი დაჯდა, თავისუფალი მედიის მედროშის ტახტზე, კეთილსინდისიერი ყარამანიშვილების კეთილსინდისიერი ფირმანით აღჭურვილი ვიხილეთ სააკაშვილის ყოფილი “სცენარისტი”, „იმედის“ დარბევის დროს გენპროკურორის მრისხანე მოადგილე, მერე მთავარ განმანათლებლად გამწესებული, შემდეგ კი გასანათლებლად თავად მივლინებული – კაცი-ლეგენდა. მთელი ეს გადაყიდვების ჯაჭვი, ჩემი არამოკრძალებელი აზრით, სპეციალურად მოგონილი ყალთაბანდობა იყო, სწორედ იმისთვის, რომ წლების მერე რომელიმე მიამიტადგაოცებულ ადვოკატს თვალების მიამიტი ფახულის ფონზე მიამიტად დაესვა საშინელი ძალის კითხვა, – როგორ, ამ ალალმართალ ხალხს რას ერჩით, ამათ ხომ კეთილსინდისიერად შეიძინესო?!
ახლა მე გეკითხებით თქვენ, ვის გჯერათ (მერე გკითხავთ, რის საფუძველზე გჯერათ!), რომ ვითომდა ყარამანიშვილების მიერ გამენეჯერებული ნიკა გვარამია ყარამანიშვილების ნების აღმსრულებელია? ვის გჯერათ, რომ მთელი ამ კრიზისის განმავლობაში მან ერთი რჩევა მაინც მიიღო მართლა ყარამანიშვილებისაგან? ვინ ფიქრობთ, რომ ყარამანიშვილები ან – ახლა, ან როდესმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი მმართველები იქნებოდნენ, რომ არა მათი სტუდენტობის დროინდელი აწოდესელი მეგობრის დავალება, – ალბათ, ისეთი ფორმით გაკეთებული, დონ ვიტო კორლეონესგან რომ გვახსოვს? – „ისეთი წინადადება მივეცი, უარს ვერ იტყოდაო…“
რუსთავი2-ის მფლობელების ჩამონათვალში ნახსენებ პირებს ნებისმიერი ადამიანი ერთ საერთოს მოუძებნის – ეგენი მართლა ძალიან კეთილსინდისიერი ხალხია, უფრო ზუსტად – კეთილსინდისიერი მიშისტები! ერთადერთი გამოდგა „არაკეთილსინდისიერი მიშისტი“ – ქიბარ ხალვაში! სწორედ მან, ჯერჯერობით ერთადერთმა, აღიარა, 2004 წელს როგორი გარიგებით მოხვდა მასთან რუსთავი2. და მერე როგორ წაართვეს. მოხვედრის ამბავი უფრო დეტალურად გასარკვევია და მე პირადად აქიმიძის და დვალის იმედი მაქვს ამის დაზუსტებაში. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ხალვაშს არასოდეს არ განუცხადებია მასზე ზეწოლის შესახებ, ეს მტკნარი სიცრუეა და “ნიუ-იორკ ტაიმსში” 2008 წ. გამოქვეყნებული დენ ბილიფსკის და მაიკლ შვირცის ეს მასალაც ადასტურებს (ისევე როგორც მედიის მიმართ სააკაშვილის ზეწოლის სხვა მსგავს ფაქტებსაც):
http://www.nytimes.com/2008/10/07/world/europe/07georgia.html?ref=world&_r=0
მე პირადად, კარგად მახსოვს – ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაც და ისიც, მთელი ღამის განმავლობაში როგორ იწვოდა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ შპს „არტის“ უშველებელ საწყობში ტონობით „არიელი“, „ტაიდი“, „პალმოლივი“ თუ სხვა სარეცხი საშუალებები. როგორ მხოლოდ მაშინ მივიდა იქ სახანძრო მანქანები, როცა გადასარჩენი აღარაფერი დარჩა! როგორ ჭიდაობით გამოყარეს მეორე დღეს ხალვაშისვე საწარმოების – „პრიზას“ და „ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი“-ს ოფისებიდან თანამშრომლები, მათ შორის ჩემი მეზობელი ზვიადიც… როგორ გადაღებეს ამ კომპანიების სამშენებლო მანქანები, ბეტონის შემრევები და სხვა ტექნიკა რამდენიმე დღეში (თუ არ ვცდები, „რაღაცცემენტი“ დააწერეს…) – http://www.ombudsman.ge/en/news/1138-the-public-defenders-statement-regarding-putting-up-of-kibar-khalvashis-property-for-an-open-auction.page
ძალიან „კეთილსინდისიერების“ სუნი ასდიოდა ამ ამბავს! თან – ოქრუაშვილის დაჭერისა და „აღიარებითი“ ჩვენების ფონზე!… ვინც ამას ფიქრობთ, გილოცავთ! – თქვენ მოიგეთ ჯეკპოტი და წარმატებით შეგიძლიათ დაიცვათ გვარამია და მისი კეთილსინდისიერი მფლობელები…
======
საზოგადოებას, ექსპერტებს და განსაკუთრებით – მედიაქსპერტებს
და რატომ მხოლოდ ხალვაში გახდა ის, ვისაც რუსთავი2-ის თემაზე საჩივარი უნდა შეეტანა?
მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ერთ რამეს ვერ წაართმევ, როგორც „კავკასიურ ცარცის წრეში“ იძახდა გურამ საღარაძის ნაცისტურჩაფხუტიანი გმირი: „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ლა-ზა-თი-ა-ნად ვაკეთებთო!“ ჩვენი ნაცები მართლაც ლაზათიანად წვავდნენ, ლაზათიანად ართმევდნენ, ლაზათიანად აშინებდნენ, ლაზათიანად იღებდნენ ჩვენებებს, ლაზათიანად აფორმებდნენ საპროცესო გარიგებებს, ლაზათიანად არეკეტებდნენ, თუ სჭირდებოდათ, ლაზათიანად აწამებდნენ კიდეც, ხოლო ბოლოს კი ლაზათიანად ანადგურებდნენ თავიანთი მოდელირების მტკიცებულებებს… მარტო „ჯაშუშ“ სიმონ კილაძის, „ჯაშუშ“ ვახტანგ მაისაიას, „ენვერის“ ჯაშუშური ქსელის, „ჯაშუში ფოტოჟურნალისტების“ თეთრი ძაფით შეკერილი და შეთითხნილი საქმეები, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის, დავით ცინდელიანის და სერგო თეთრაძის ტრაგიკული ბედი საკმარისია იმის დასანახად, როგორი „ლაზათით“ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული და მერე – კვალწაშლილი! რამდენი წელი დასჭირდა გამოძიებას და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გაამწარა კორტების სპეცოპერაციამ თუ შარდენბარიდან დაწყებულმა სახელმწიფო კრიმინალურმა მენტალიტეტმა – მათ შორის იმ, აწ კი უკვე ბედგამწარებულ ადამიანებს და მათ ოჯახებსაც ვგულისხმობ, მკვლელობის ლიცენზიები რომ დაურიგეს… 😦
და რომ არა ქიბარ ხალვაში, რუსთავი2 მუდამ სააკაშვილის უნდა იყოს?
მაინტერესებს, მედია დამცველებს და მედია ექსპერტებს, უფლებადამცველებს ვეკითხები – ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო რუსთავი2-ის რეალური მფლობელი? ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარის ვალს მიხეილ სააკაშვილი ისე არ აპატიებდა რუსთავი2-ს, რომ იქ საკუთარი ინტერესები და გავლენა არ ჰქონოდა? ისე კი, ხალვაშის 7 მილიონის პრეტენზია რა მოსატანია, ნახეთ, მიშას (ჰო, რა გიკვირთ, 2012 წლის ბოლომდე ხომ მიშა იყო სახელმწიფოც, კონსტიტუციაც, კანონიც და სასამართლოც!) რამდენი აქვს ჩაჩხრიალებული სახელმწიფო ჯიბიდან რუსთავი2-სთვის!.. ჩვენში დარჩეს და, თუ ინვესტიციებს სწორად დავთვლით, უპრიანია, სწორედ მიშა იყოს აღიარებული რუსთავი2-ის ყველაზე “კეთილსინდისიერ შემძენად”! რაც მაგან ამ ტელეკომპანიის გახედვნაზე და [საკუთარ] ჭკუაზე მოყვანაზე იზრუნა, რაც მაგან რუსთავი2-ს ვალები აპატია (ყველა ჩვენგანის ხარჯზე, რა თქმა უნდა!), რა გასაკვირი იქნებოდა, თავად რომ შეეტანა საჩივარი ყარამანიშვილებზე?! აფსუს, გულჩვილობა და მოკრძალება როგორ ღუპავს ჩვენს ექს-პრეზიდენტს?!
ბევრი მედიაექსპერტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობა იმდენად მნიშვნელოვანია, ყველაფერს ანეიტრალებს. – მერე რა, რომ რუსთავი2 ბევრს ცრუობს, მერე რა, რომ ბევრს აყალბებს, მერე რა, რომ მოდელირების ჩემპიონებად ისინი დარჩნენ, მერე რა, თუ ვინმე გრიშენკოს მიერ სხვისი გამხმარი ვენახის ანაზღაურებული „აჩეხვა“ ლამის მეორედ მოსვლად მოგვაჩვენეს, მერე რა, თუ ტრადიციულად ისე აყალბებდნენ ინგლისურიდან თარგმანს, რომ მრავალჯერ ნატოს ხელმძღვანელობის და დიპლომატების გაოცება და აღშფოთება გამოიწვიეს… – ოღონდ მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობა არ მოგვაკლონ და ეგ ყველაფერი მცირე ნიუანსებიაო, ლამის ისეთი საბავშვო „ონავრობები“, კაცს რომ ღიმილი მოგეფინება სახეზე…
არადა, ჯერაც არ არის გამოძიებული და დასრულებული დაშინების, შანტაჟის ან სულაც მოსყიდვის ის საქმეები, რასაც მედიის მიმართ ნაციონალური ხელისუფლება 2004-2012 წლებში ახორციელებდა. ჯერაც არაა გამოძიებული „იმედის“ შტურმის ორგანიზატორები, ამ ვერაგული განზრახვის მასშტაბები, და ამ დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა საქმეები წლობით თაროებზეა შემოდებული. და სანამ ამაზე ფეხს ვითრევთ, სანამ ეს მივიწყებული გვაქვს საზოგადოებასაც და მედია ექსპერტებსაც, მერე ნუღარ გვიკვირს, რომ ქიბარ ხალვაშის და მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის წინ დაწყებული გარიგება და გამორიგება ისევ ქიბარ ხალვაშის საჩივლელი გახდა, რადგან თქვენ თუნდაც უსამართლო სტატუს-ქვო გაწყობთ და თქვენი პოზიცია, ძვირფასო მედიაექსპერტებო, მაპატიეთ და, სამართლებრივი კუთხიდან, მგონი, მარაზმია. და თუ მართლა ასე ფიქრობთ, გამოდით და თქვენს სტუდენტებს ღიად უთხარით, – რომ გირჩევნიათ წართმეული სამუდამოდ წამრთმევს დარჩეს და მატყუარამ ისევ მოიტყუოს, ოღონდ კი სახელმწიფო გააკრიტიკოს. რომ თქვენი იმპერატივი სამართლიანობის აღდგენა ვერასოდეს იქნება, თქვენ კრიტიკული [ცალმხრივად კრიტიკული!!! Sic!] მედიის შესანარჩუნებლად გვარამიას კი არა, გებელსსაც დაუჭერდით მხარს – ხომ გასაგებია, რომ მაგალითად, ადენაუერის მთავრობისთვის საუკეთესო კრიტიკოსი – თქვენი ლოგიკით, – სწორედ გებელსი იქნებოდა!
მე რამე მეშლება და ეგ არ გითქვამთ? ბოდიში, მაგრამ რომ მოვახერხო და დაგანახოთ, რომ სწორედ აქეთკენ მიდის ეს მართლაც და საოცრად და განსაცვიფრებლად აშლილ-ჩაშლილი საქმე, და თქვენი უმრავლესობის კეთილი ზრახვებით მოფენილი გზა, მერე რაღას იტყვით? თვალებს ხომ არ დახუჭავთ?
თქვენ რომ ეს საკითხი გაწუხებდეთ, იმის შემდეგ მაინც, რაც დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ სისხლიან გეგმებზე ნიკა გვარამია წყალში პირს იგუბებს და ერთ ადგილზე არ აგზავნის მისთვის და მისი გუნდისათვის სისხლისდასაღვრელი ნეტარი სცენარის ავტორს („სტოპრო სისხლი დაიღვრება, ქინძი ვიყოო“, – სიხარულს რომ ვერ ფარავს), ამის შემდეგ უნდა მოგეთხოვათ მაინც, რომ გვარამია გადამდგარიყო. ამის შემდეგ მაინც უნდა მიმხდარიყავით, ვისი სცენარით ლუღლუღებენ “განრისხებული” ყარამანიშვილები. მაპატიეთ, თუ შორენა შავერდაშვილის გარდა, მსგავსი რამ არავისგან მომისმენია ჯერ. იმედი მაქვს, რომ გამომრჩა და ბევრმა თქვით, ან იფიქრეთ მაინც, მაგრამ, (არ ვიცი, რატომ), მოგერიდათ…
რატომღაც მგონია, რომ თქვენც და იმ ოთხ მუშკეტერსაც, კარდინალ ნიკა რიშელიეს დაცვა (აირია ქვეყანა, მაჭკატ! ან მუშკეტერებს აერიათ რამსები და ან რიშელიეები იქცნენ წმინდა სებასტიანებად!) რომ აქვთ დავალებულ-დაფინანსებული, სავარაუდოდ, – ჰერცოგ რიშელიეს ქანდაკების ქალაქიდან, სწორედ ეს გაქვთ ამოცანად დასახული – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – რომ ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და მათი პატრონი იყონ სამუდამოდ რუსთავი2-ის პატრონებად!
ნუთუ ესაა Rule of Law?
ან – Without Justice There Can Be No Peace!?
======
ხელისუფლებას
ახლა კი, მოდით სერიოზულად დავილაპარაკოთ იმაზე, რა ხდება და როგორ ხდება პოლიტიკურ ფრონტზე. ვის მიმართ მაქვს პრეტენზიები და როგორი. დარწმუნებული ვარ, რუსთავი2 და მისი მხარდამჭერები უახლოესი ერთი გვერდის ციტატებს მაინც საკმაოდ ხალისით გაავრცელებენ.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრეტენზიები მაქვს ხელისუფლების და სახელმწიფოსთან აფილირებული სტრუქტურების და პერსონების მიმართ. როდესაც დღეს მთელი მსოფლიო რუსთავი2-ის მიმართ წარმოებულ „პოლიტიკურ პროცესზე“ საუბრობს, აბა კარგად გაიხსენეთ, თავად ხომ არ მიეცით ამის საფუძველი? თავად ხომ არ გითქვამთ, რომ „რუსთავი2 სიცრუის მანქანაა“? მაპატიეთ, რომ პოლიტიკის და დიპლომატიის ანბანს გიკითხავთ, მაგრამ აღიარებული ნორმებით, არსებობს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის – „რუსთავი2 ცრუობს“ (რაღაც კონკრეტულ საკითხზე, რასაც არგუმენტიც უნდა მოჰყვეს მაშინვე!) და „რუსთავი2 სიცრუის მანქანაა“. როდესაც თქვენ და თქვენი გუნდი არ ერიდებოდით ამ ტიპის განცხადებებს, და მით უფრო, თუ ამ ტიპის განცხადებების შემდეგ მათი დასაბუთება საჭიროდ არც მიგაჩნდათ, ეს განცხადებები ჰაერში არ ქრება, არამედ მძიმე ტვირთად ილექება და საჭირო მომენტში თქვენს მიმართ ჭურვივით იქნება ნასროლი. ისიც ხომ არ გითქვამთ, ვინმეს – „რუსთავი2 დაიხურება“? რუსთავი2-ის ჟურნალისტებს რამენაირად ხომ არ დამუქრებიხართ? არსებობს მარტივი დაუწერელი ან იქნებ დაწერილი წესიც – მედია- და არც უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ, ან მათი ჟურნალისტების / უფლებადამცველების მიმართ უსაფუძვლო თუ ზოგადი კრიტიკა მიუღებელია. ხოლო თუ ხელისუფლებაში ხართ და დასახელებული ორგანიზაციების/პირების მიმართ ამბობთ, რომ რამეს გამოიძიებთ, რამეს დაადგენთ, სიმართლეს სახეზე ააფარებთ და სააშკარაოზე გამოიყვანთ, ჩათვალეთ, რომ უკვე საკმაოდ მოლიპულ გზაზე შედგით ფეხი – რადგან მათ თქვენი კრიტიკა ევალებათ, ხოლო თქვენგან მათი კრიტიკა კი – ზეწოლად აღიქმება! განსკუთრებით დაუშვებელია, თუ მერე თქვენს „დაპირებას“ ვერც დაადასტურებთ და არც ბოდიშს მოიხდით! გარდა იმისა, რომ ეს უკვე თქვენს წინააღმდეგ რეაქტიულ ჭურვებად იქცევა ხოლმე, ამით ხომ ამ ადამიანებს კიდევ უფრო [მიკერძოებულად] კრიტიკულს გახდით თქვენს მიმართ?
მედიის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ პასუხის მოთხოვნის და დაჩმორების საფრთხე სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის ბატონობის დროს იყო, მაგრამ აბა გაიხსენეთ, მიშა და მისი გამოწურთნილი გვარდია ღიად, საზოგადოების წინ სიტყვით რომ თითქმის არასდროს იმუქრებოდნენ! ეს იმ დროს, როცა ბოკერია, უგულავა და მერაბიშვილი მართავდნენ ქართულ მედიას და ნიუსრუმისთვის მთავარი ამბების ჩამონათვალსაც კი (კრიტიკულ დღეებში მაინც) სწორედ ნაცმოძრაობის ქურუმები ადგენდნენ პირადად! ეს მაშინ, სამივე მთავარი არხის რეპორტაჟი ხაშურის პოლიციის განყოფილებაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დაკავებული პირის დაკრძალვის შესახებ, არამცთუ ტყუპისცალებივით მსგავსი, არამედ ერთი ადამიანის დნმ-ივით ზუსტად ერთიდაიგივე რომ იყო!
გამოდის, რომ თქვენი ბამბაც ჩხრიალებს! იქნებ ხელისუფლებაში ყოფნის მე- 3 წლისთავზე მაინც დავასკვნათ, რომ ბამბაც სახიფათოა? ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მოქალაქეობაში დაბრუნების შემდეგ დააამკვიდრა ჟურნალისტების გაწურვის, მიჭირხვნის და ჩაანალიზების მეთოდოლოგია და, ვფიქრობ, დათვური სამსახური გაუწია ამით „ქართული ოცნების“ მთავრობას. ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს ოფიციალურად უკვე ხელისუფლის სტატუსი აღარ აქვს, მისი მოქალაქეობა რიგით მოქალაქეობად ნამდვილად ვერ აღიქმება. თავად ამბობს, ხელისუფლება იმიტომ მისმენს, ხალხში ავტორიტეტი მაქვსო. ბევრი ამას ისე თარგმნის, რომ მას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს და ამაში ნამდვილად არის ლოგიკა. იქნებ იმ მხრივ მაინც გააფრთხილოს ხელისუფლების მოქმედი პირები, – რასაც მე ვიტყვი, თქვენ ავტომატურად ნუ დაიწყებთ იმის გამეორებას, რადგან ჩემი და თქვენი პასუხისმგებლობა უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებულიაო!
რამდენიმე თვის წინ, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის მორიგი ანგარიში უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად დაანონსებული ანგარიშის თარიღი გადაიწია, და არ გამოვრიცხავ – იმიტომ, რომ შედარებით მოკრძალებული მასშტაბის ღონისძიება შემდეგ უფრო გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქალბატონმა (იქნებ, სპეციალურად ჩამოსულმაც) სხვა მესიჯებთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი იმაზე გააკეთა, ჩვენ მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი განყოფილება გვაქვს და თითოეულის უფლებებს და ყველა თანამშრომლის ხელშეუხებლობას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე (ვუტრირებ!) დავიცავთო! არადა, ისეთი ქვეყნიდან არის ის დალოცვილი ქალბატონო, გაცილებით უპრიანი იქნებოდა, თავის ქვეყანაში ატარებდეს მეტ დროს და იქ იბრძოდეს მედიის და უფლებადამცველთა უფლებებისათვის! მაგრამ მისი მესმის, რადგან წინა თვეების განმავლობაში ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრების მხრიდან, თუ პარლამენტართა მხრიდანაც მართლაც ვრცელდებოდა საქართველოში მათი ოფისის წარმომადგენლის მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები და იმის დაპირებები, რომ მისი წარსული საქმიანობა და დარღვევები სააშკარაოზე იქნებოდა გამოტანილი! შედეგი? – ნოლი! არა, – მინუს 10! ადამიანურად შეიძლება მესმოდეს ბიძინა ივანიშვილის, როცა რუსთავი2-ის ჟურნალისტებს მიმართავდა – “ამიხსენით, ჩემგან რა ზეწოლა განიცადეთ, სამი წელია კი გაკრიტიკებთ, მაგრამ კონკრეტულად როდის შევზღუდე თქვენი უფლებებიო!” მაგრამ ფაქტია, მედია ძალიან რეაგირებს ამ ტიპის კრიტიკაზე, და აჯობებს, პრეტენზიები იყოს ძალიან კონკრეტული და დასაბუთებული, ხოლო ხელისუფლების მხრიდან – განსაკუთრებით დასაბუთებული, ან – სულაც არ იყოს. ამ ბოლო დღეებში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებს ვხედავ, მაგრამ, ვაი რომ, ნაგვიანები მგონია.
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ერევა სასამართლოს მუშაობაში, ლოგიკური ეჭვი შეიძლება იყოს, რადგან აშკარაა, რომ რუსთავი2-ის საქმიანობა საკმაოდ ხშირად ემსახურება არა იმდენად სიმართლის დადგენას, არამედ – მოდელირებისა და აგრავაცია-სიმულაციის გზით მთავრობის დისკრედიტაციას, და ამისთვის მათ უმაღლესი პილოტაჟის კურსები აქვთ გავლილი. (აი, სხვებს მოუვუწოდებდი, არ ჰქნათ მეთქი და მე თავად წამცდა ზოგადი და არაკონკრეტული კრიტიკა! – ბოდიშს ვიხდი!). ხელისუფლების წევრებიც ადამიანებია და უცნაური იქნება, ვიფიქროთ, რომ თავიანთ განწყობაში მაინც აბსოლუტურად ნეიტრალურები არიან! თუმცა, მთავარი ისაა, რეალურად ხომ არ ხდება სასამართლოზე გავლენის მოხდენა ხელისუფლების მხრიდან. და თუ რუსთავი2-ის ადვოკატებს ამის ფაქტები აქვთ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ზემოდგომი ან სულაც სტრასბურგის სასამართლოს გამოძიების საგანი გახდება. ამავე დროს, თუ გავლენაზე ეჭვი არსებობს, უცნაურია, თუ ხელისუფლება, დავუშვათ და ამას ახერხებს, ჯერ ერთი რატომ მხოლოდ ხანდახან “ახერხებს”, რატომ “ახერხებს” ისე, რომ თავად მისი იმიჯი უფრო ზიანდება, და რატომ არის ასე განსხვავებული თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციები? ფაქტია, რომ ბევრი პარლამენტარი – პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის ჩათვლით, ორი დღის წინ არ მალავდა თავის უკმაყოფილებას სასამართლო პროცესის ფორმით (ზეპირი მოსმენის გარეშე!) და სრულიად მიუღებელი გაშუქებით (უფრო სწორედ – არასათანადო და ნაგვიანები გაშუქებით!), მაშინ როცა ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი მართლაც ძალიან მაღალია. სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ საღამოს 5 საათზე გამოტანილი მოსამართლის გადაწყვეტილება არავინ არ გაახმაურა მაშინვე, არავინ არ მიიტანა ჟურნალისტებამდე ეს ამბავი, ხოლო რუსთავი2-ის საინფორმაციომ კი 23:30-ზე გამოუშვა სპეციალური ღამის ახალი [მოდელირებული?] ამბები და მთელ მსოფლიოს ამცნო, თითქოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამით მიიღო!! ახლა, როცა საქართველოს შესახებ ნებისმიერ კრიტიკულ ანალიზში ეს “ღამით მიღებული გადაწყვეტილება” ფიგურირებს, ამის გამოსწორება გაცილებით ძნელია… ეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რადგან ამას ის პარტია გვიკიჟინებს, ვინაც “ღამურა ნოტარიუსების” მთელი არმია შექმნა და ღამის პროცედურები საკუთრების ახევის მახინჯ პრაქტიკად აქცია!
ამჟამად არ შევდივარ ამ საქმისწარმოების დეტალების განხილვაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იურიდიულ კვალიფიკაციას, და უფრო კი იმიტომ, რომ ისედაც აბურდულ-დაბურდული პროცესი კიდევ უფრო არ დავაზარალო. თანაც იყო პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს წევრთა განცხადებები, რომ ის ზეწოლა და თავდასხმები, რაც მოსამართლეზე და ზოგადად სასამართლოების (მათ შორის – საკონსტიტუციო სასამართლოს) მიმართ ისმის, ძალიან დააზარალებს ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას და უმჯობესია, დაველოდოთ ამ სისტემის ზემდგომი ორგანოების მხრიდან მოსამართლე ურთმელიძესთან საუბრის კონკრეტულ შედეგებს.
==================
არასამთავრობო სექტორს
თავად ამ სექტორში ვიყავი ლამის 15 წელი, და პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩემი აზრით, საკმარისი ალღო, ცოდნა და ნიჭი გაგაჩნიათ იმის გასარჩევად, რომ მიხვდეთ, აღნიშნული პროცესები ვის წისქვილზე ასხამს წყალს.
გასაგებია, რომ თქვენი საქმიანობის წესიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, თქვენ ყველაზე მეტად მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გევალებათ და არა – წარსულ ხელისუფლებასთან მოქმედის შედარებითი დახასიათება.
ნამდვილად გამიჭირდება ეჭვი შევიტანო ხელისუფლების მიმართ ანა ნაცვლიშვილის კრიტიკის სამართლიანობაში, როდესაც სწორედ ანა ნაცვლიშვილი იცავდა სააკაშვილის მიერ დაწყებული სოფტ-სტილის მედია ტერორის ერთ-ერთ პირველ მსხვერპლს – შალვა რამიშვილს! როგორ შეძლება დავივიწყო ქეთი ხუციშვილის, ნინო ლომჯარიას და სხვათა წვლილი სიტყვის თავისუფლების დასაცავად „ეს შენ გეხება!“, “Must Carry, Must Offer” და სხვა საპროტესტო აქციებში?! როდესაც ჩემს ნაწერებში მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიის მიტაცებაზე პირველ ოფიციალურ ანგარიშებს ვიყენებდი, ეს ხომ სწორედ Transparency International-ის, Human Rights Watch-ის, Freedom House-ის, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ევრაზიის ფონდის ანგარიშებია… როცა ნინო ზურიაშვილის სტუდია „მონიტორის“ და ნანა ლეჟავას GNS სტუდიის ფილმები იყო სააკაშვილის რეჟიმის მხილების ლამის ერთადერთი ვიდეომტკიცებულებები, ეს ხომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთ მოძულეთა მიერ მწარედ მოძულებული სოროსის ფონდის სახსრებით და პოლიტიკური დახმარებით გადაღებული ფილმებია! ბევრმა ალბათ ისიც არ იცის, რომ ამერიკაში სააკაშვილის რეჟიმის მიმართ პირველი საკმაოდ კრიტიკული სიტყვები სწორედაც რომ სოროსის ინსტიტუტის მმართველთა საბჭოზე გაისმა, ჯერ კიდევ 2005 წლის მაისში, როდესაც იქ თავისი ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელთა საქართველოს მაშინდელ მთავრობაში მასიურად გადაბარგების ფაქტზე და ნაცმოძრაობის ხელისუფლების სხვა საშიშ, არადემოკრატიულ ტენდენციებზე ისაუბრეს…
გავბედავ და გკითხავთ, ბატონებო და ქალბატონებო: თქვენ მაქსიმალისტები ხართ, თუ ოდნავ მაინც, რეალისტები? ნაცმოძრაობას და ოცნებას შორის პარალელებს რომ ავლებთ, ჯანდაბას, ზოგ რამეში იქნებ დაგეთანხმოთ, მაგრამ ტოლობის ნიშნებამდეც რომ მიირბინეთ უკვე ზოგიერთმა, ამის ფაქტები მართლა გაქვთ, თუ მხოლოდ წინათგრძნობებს ეყრდნობით? თუ ზოგ თქვენგანს სასურველი რეალობად ელანდება და მესამე პროდასავლური ცენტრის ჩამოყალიბების ოცნებებში ისე შორს გაიჭერით, რომ ნიკა გვარამიას ხელში დატოვებული რუსთავი2 უკვე საკუთარი გგონიათ და ნიკა გვარამიასეული ბორდის წევრობაზე ოცნებებმა აგამჩატათ? (ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ბოლო პასაჟი ყველას არ ეხება!)…
„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო!..“ და ვინ იქნება ეს „ქვიშანი“? ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის რუსთავი2-ში სამუდამოდ კურთხევა ხომ არ იქნება ის „ქვიშანი“, რითაც არა მგონია, დიდხანს იამაყოთ? მათ ბორდებში ყოფნის საეჭვო სიამოვნებაზე რომ არაფერი ვთქვა!..
მეტს არაფერს გეტყვით… წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან… იმედია, შემოდგომამდე მშვიდად მივაღწევთ, ყველა – ჩვენ-ჩვენი გაკვეთილების მშვიდად, გონებით გააზრებისა და ფიქრის წყალობით და არა ისე, ემოციურ-თვალანთებულად, როგორც ეგ გვემართება ხოლმე: მე ხშირად – მიშას, და ბევრ თქვენგანს კი – ბიძინას ხსენებაზე… ისე, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, იქნებ დღესაც უსაფუძვლო ოცნება ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და უსისხლოდ მოცილება… (ამას რომ ვამბობ, არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, მაგრამ უმადურობაც არ ეგების).
ჰო, მართლა, ერთმა ძალიან ლიბერალმა ადამიანმა, მედიის ბრწყინვალე პროფესიონალმა, რომელიც მშვენივრად ერკვევა წარსულ და ახლანდელ მთავრობების არსსა და რაობაში, და „ქართული ოცნების“ მედგარი კრიტიკოსია, მასთან სტუმრობისას ისეთი რამ მითხრა, რომ მეც კი გავვოგნდი (ამაზე არ მიფიქრია): არ მგონია, რომ ამის რეალური შანსი იყოს ახლა საქართველოში, თორემ თუ მიშა და ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდა, არავის ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ სწორედ იმას იზამს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე, რაც პინოჩეტმა ჰქნა სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე – საკონცენტრაციო ბანაკად აქცევს და ყოველდღე რამდენიმე ათეულს დაგვხვრეტსო… ალბათ, არ დამიჯერებთ სიტყვაზე, მაგრამ ამ ადამიანს, მისი თანხმობის გარეშე, ვერ დავასახელებ და ისე კი ამ საუბარს სხვებიც ისმენდნენ და არავის გაგვცინებია…
დაფიქრდით იმაზე, ვინ როდის და როგორ ხეირობს… ან ვინ და როგორ იხეირებს თქვენი, იქნებ გულწრფელი, მაგრამ ვაითუ ხშირად მიამიტი ცეცხლოვანი ტირადებით. მე ბევრს ვფიქრობ ამაზე, როცა ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის და ზოგიერთი ფეისბუქის ფრენდის აზრებს და გეგმებს ვეცნობი და ლორდ ჰესტინგსის სიტყვები მახსენდება „რიჩარდ მესამიდან“: „ჩვენ, მოკვდავნი, ერთმანეთის სახეს ვცნობთ მხოლოდ, და არა – გულებს!..“
========
დასავლელ დიპლომატებს
მიხეილ სააკაშვილის დადებითი მხარე იყო ის, რომ მან დემოკრატიის საფუძვლებიც იცოდა და დასავლურად საუბარიც შეეძლო.
მიხეილ სააკაშვილის ნაკლი იყო ის, რომ მას დემოკრატიის საფუძვლების და დასავლურად საუბრის მანერებიც, უხშირესად, ერთი რამისთვის სჭირდებოდა – თავისი აღმოსავლურ-აუტოკრატული მისწრაფებების შესანიღბად. არ ვიცი, რამდენად მოახერხა მან, რამე ესწავლა საქართველოში ფიასკოს შემდეგ. ვშიშობ, მხოლოდ ის, რომ თავისი ზრახვები უკეთ უნდა დაფაროს. თუმცა მისი სატელეფონო საუბრები ამის საფუძველსაც ნაკლებად იძლევა.
გასაგებია, რატომ მოგწონდათ მიხეილ სააკაშვილი – თქვენებურად საუბრობდა და ეფექტური იყო. გასაგებია, რატომ გინდათ მისი ენერგიის, ქარიზმის და ტალანტის გამოყენება უკრაინაში… ღმერთმა მოგახმაროთ! და გულწრფელად ვუსურვე გუშინაც უკრაინიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ სააკაშვილის და მისი გვარდიის ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ, ოღონდ, ყურადღებით ადევნონ თვალი, რომ კორუფციონერთა საწინააღმდეგოდ ამუშავებული მანქანა მერე ბიზნესმენთა (მათ შორის, – პატიოსან ბიზნესმენთა) საწველ მანქანად არ აქციოს, რადგან იქედან ბიზნესმენების გატყავებამდე მანქანას უკვე ძალიან მცირე მოდიფიკაცია თუ სჭირდება და მიხეილ სააკაშვილის გუნდს ამაზე ხელისწაცდენის დადასტურებული და მათ მიერვე აღიარებული მავნე მიდრეკილებები აქვს, რის გამოც საქართველოში ათეულ ათასობით საჩივარია შეტანილი წინა ხელისუფლების მხრიდან ქონების უკანონო წართმევაზე.
მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ეს ადამიანი თქვენი პრობლემების სათავეცაა?
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის თქვენს ჭკუაზე არ ივლის და თქვენს დავალებებს თავის სასარგებლოდ შეცვლის და შეატრიალებს?
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ოდესის გუბერნატორობის პირობებში იგი საქართველოში არეულობის მოწყობაზე ოცნებას თავს არამცთუ ანებებს, არამედ უკვე სისხლის დაღვრის სცენარებზე მუშაობს?
მიხეილ სააკაშვილმა წელს რამდენჯერმე ღიად და აშკარად განაცხადა, რომ იგი და მისი პარტია საქართველოში დაბრუნდებიან და რომ ეს წელსვე – 2015 წლის შემოდგომაზე მოხდება!
ორი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით:
- როგორ უნდა მოხდეს ეს 2015 წელს, თუ მორიგი არჩევნები მხოლოდ 2016 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი?
- და იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, რატომ სურს მიხეილ სააკაშვილს ასე ხაზგასმით, რომ ეს მაინცდამაინც წელს მოხდეს?
მგონი, პასუხები ძალიან მარტივია:
- მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ იგი და მისი პარტია არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა! საქმე იმაშია, რომ თუნდაც IRI-ის NDI-ოს მონაცემებით იმ დროს, როცა ქართული ოცნების რეიტინგი ლამის 2-3-ჯერ შემცირდა (ახლა არ ვაპირებ ამ საკითხის დამაჯერებლობის განხილვას), ნაცმოძრაობის რეიტინგი აბსოლუტურად არ გაზრდილა! ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ ხალხი შეიძლება იმედგაცრუებული კია „ქართული ოცნებით“, მაგრამ იგივე ხალხი მაინც არ აპირებს ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პარტია, რომელმაც მასობრივი გაყალბებებით, მედიის დაქვემდებარებით, უსამართლო სასამართლოებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ამისათვის პოლიციის და ზონდერების გამოყენებით, ბიზნესის გატყავებით, ციხეების გადავსებით და პატიმრების მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობით, და სულაც – წამებით, დაამახსოვრათ თავი.
ის, რაც თქვენ მოგწონდათ მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, იყო [ძალიან სერიოზული დაშინების] აისბერგის მომხიბვლელი წყალზედა ნაწილი. ის რაც ჩვენ ვიცოდით და თქვენც დაინახეთ 2012 წელს და შემდეგ, იყო ამ აისბერგის ამაზრზენი დაფარული ნაწილი. და სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს არც პასუხი უგია ამაზე და არც ბოდიში მოუხდია, სანამ ეს პარტია თავის კრიმინალ ლიდერებს არ გამიჯვნია, ილუზიაა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდება. არა მგონია, ილუზიების ტყვეობაში დარჩენა რამენაირად სასარგებლო იყოს.
2. და რატომ მაინცდამაინც ახლა – შემოდგომაზე? იქნებ საკუთარ თავს ჰკითხოთ, რამე ხომ არ ხდება შემოდგომის შემდეგ (ანუ დეკემბერში!), რაც მიხეილ სააკაშვილის ისედაც აქტიური პიროვნების კატასტროფულ მოუსვენრობას და აჩქარებას განაპირობებს?
პასუხი ზედაპირზე ძევს – დეკემბერში საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მესამე პაკეტის შესრულება უნდა მოხდეს, და ამის საფუძველზე ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული!
მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისათვის, რომელიც მთელ თავის პროპაგანდისტულ მანქანას „ქართული ოცნების“ “პრორუსულობაზე” აგებს, ყველაზე დიდი კატასტროფა სწორედ შარშან ასოცირების ხელსეკრულებაზე საქართველოს ხელმოწერა იყო! და დღესაც, უცნაური რეალობების გამო, ვლადიმერ პუტინზე ლამის მეტად სწორედ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიოს! ეს ხომ საქართველოს ხელისუფლებაში მისი რევოლუციური მობრუნების გეგმებს საბოლოოდ დაასამარებს! ამის დასტურად ისიც გამოდგება, როგორი გააფთრებული მცდელობა განახორციელა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ნაცმოძრაობის ახალგაზრდა დეპუტატთა ჯგუფმა, როცა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტში ისეთი პუნქტების ჩართვა მოითხოვეს, რაც ასოცირების პროცესს ფაქტიურად გააჩერებდა. რამდენადაც ვიცი, სხდომაში მონაწილე ევროპელმა პარლამენტარებმა ნაცმოძრაობის წევრთა ამ თვითლუსტრაციით გაოცება ვერ დამალეს, – როცა დეკლარირებულად პროევროპული უმცირესობის წევრები სპეციალურად ცდილობდნენ ევროპისაკენ საქართველოს სვლის შეჩერებას. საბედნიეროდ, მათ მიმართ სხდომის თავმჯდომარისა და ევროპელი პარტნიორების შემჩნევებმა, პროცედურულ დარღვევებზე მითითებამ და სხდომის საერთო სულისკვეთებამ ეს პროვოკაციული გეგმა ჩააგდო, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ ეს ქარი ოდესელი პოლიტემიგრანტის დათესილია! და ის კი თავის გეგმებზე ხელს არასდროს იღებს?!.
გეგმები კი, სავარაუდოდ, ასეთია – ვიზალიბერალიზაციაზე უარის შემთხვევაში ქვეყანაში გამოსვლების დაწყების ორგანიზება, რომ ვითომ საქართველოს რუსეთისკენ სვლა შეაჩერონ და ამავდროულად – პრორუსული ორიენტაციის პარტიების მხარდამჭერებთან შეჯახების პროვოცირებით – ქვეყნის დესტაბილიზაციის ფონზე „რევოლუციური სიტუაციის“ შექმნა, ბარიკადებით, სისხლისღვრით და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი იარაღისა და საკუთარი შეიარაღებული მომხრეების ასპარეზზე გამოყვანით. იმედია, ამ გეგმების მტკიცებულებები მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის, თუმცა, სავარაუდოდ, საკმაოდ ავთენტური სამხილები არ იქნება, და სახელმწიფო გადატრიალების და შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუსრულებელ პროცესად არ იქცევა.
და სანამ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მეორე რევოლუციის მოწყობის ჟინით, რუსთავი2-ის თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაზე უარს არ ამბობს, თქვენი ნამდვილად სწორი მოწოდება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის და მედიაპლურალიზმის დასაცავად (თუკი სააკაშვილის ამ მცდელობებს ღიად არ გაემიჯნებით), ხომ ცუდად შეიძლება იქნეს აღქმული მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში?! როგორც – არა რუსთავი2-ის დაცვა, არამედ – მიხეილ სააკაშვილის და მისი ზონდერების ავანტურისტული გეგმების ხელშეწყობა და რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში (თუ ამაშიც ეჭვი გეპარებათ უკვე?) დესტაბილიზაციის მცდელობებში გარკვეული მონაწილეობა? ნუთუ არ გიფიქრიათ, რომ იმ მასშტაბის ავანტიურისტთან ასოცირება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოში მაინც, თქვენს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს უკვე ის სიტუაციია, როცა თქვენ, სულ ცოტა, ამ მცდელობებს უნდა გაემიჯნოთ, და იქნებ ბატონ სააკაშვილს ურჩიოთ მხოლოდ ერთ სკამზე დაჯდეს და ორი ქვეყნის ბედზე, ერთდროულად მაინც, არ „იზრუნოს“? სამწუხაროდ, თუნდაც დიპლომატიური ფორმით, მაგრამ საკმაოდ ნათლად, ასეთი განცხადება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ელჩისაგან მოვისმინე.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში არავის არ მიუყენებია ამერიკის და დასავლეთის, და დასავლური ღირებულებების იმიჯისთვის იმაზე მეტი დარტყმა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა და აკეთებს… ძალიან ცუდია, თუ ამას ვერ ხედავთ. თუ გსურთ, რომ ეს ასევე გაგრძელდეს, ნება თქვენია…
განა რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ისეთს, რომ თქვენ არ გიჩნდებათ სურვილი საქართველოს ხელისუფლების იანუკოვიჩთან, ხოლო საქართველოს დღევანდელობის – კიევის მაიდანთან მიშასეულ შედარებებს გაემიჯნოთ? განა დასავლეთი აღარ ვაჭრობს რუსეთთან? განა კონგრესში და თქვენს პარლამენტებში არ გყავთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც პუტინს (და იქნებ სტალინსაც) მოსაწონ პიროვნებებად თვლის? განა თქვენივე მთავრობის წევრები არ მოხვედრილან ციხეში კორუფციის, გაფლანგვის ან ძალაუფლების გადამეტების გამო? განა უცნაური არ იქნება, რომ ამის გამო ჩვენ მათ მიმართ თქვენი სასამართლოების გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დავაყენოთ და “პოლიტიკურ დევნაზე” ვისაუბროთ?! რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლო ვერ დაიკვეხნის ევროპული თუ ამერიკული სასამართლოების დარი რეპუტაციით, მაგრამ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ხომ მრავალჯერ გთხოვათ, თავად მიგეღოთ მონაწილეობა ყოფილი ხელისუფლების პირების მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესებში, მოგევლინებინათ თქვენი წარმომადგენლები? თქვენ ამაზე უარი განაცხადეთ. მაგრამ ახლაც, სასამართლოს მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგაც, “პოლიტიკურ პროცესებზე” და “პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე” თქვენი შეძახილები ლამის ისევე ხშირად გვესმის, როგორც გაცილებით ნაკლები დემოკრატიული მაჩვენებლების მქონე ქვეყნების ხელისუფალთა მიმართ! საქმე ისეთ ლაფსუსამდეც კი მივიდა, რომ ახლახანს რეგიონის ერთ ქვეყანაში მყოფმა ევროპარლამენტარმა იქ არსებულ უსერიოზულეს დარღვევებზე პირში წყალი დაიგუბა, ხოლო შემდეგ ჩვენთან გამოიარა და თავზე მეხი დაგვატეხა, ვითომდა პოლიტიკურ დევნასა და შევიწროებებზე.
ჩვენი ბოლო 25 წელი მწარე გამოცდების, ახალი იმედების და ახალ იმედგაცრუებათა გრძელი ჯაჭვია.
ის, რომ ლამის ყოველი მესამე ქართველი ემიგრაციაშია წასული (რაც მხოლოდ ახლა გავიგეთ, რადგან წინა ხელისუფლებას ასეთი საკითხების გარკვევა არ სურდა!), იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეთა ბედი არ იყო ია-ვარდით ფენილი. ამას ხაზს უსვამს ისიც, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული და ანექსირებულია. ჩვენ კი ავღანეთში და ერაყში, ასევე ცენტრალურ აფრიკის სამშვიდობო კონტიგენტებში და უმძიმეს ოპერაციებში მონაწილეობით ნატოს ქვეყნებს არ ვუდებთ ტოლს… მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველო და მისი მოსახლეობა მოთმინებით და მძიმე ფიქრებით დაღლილი ცდილობს, შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, რომ ევროინტეგრაციაზე ჩვენს მრავალწლიან იმედებს ბოლოსდაბოლოს ასრულება უწერია…
დრო გადის, ხელისუფლებები იცვლება, სულ უფრო მეტი ქართველი მიდის ან იბადება უცხოეთში… ჩვენთვის კარგა ხნის წინ ოდნავ შეღებული კარები კი ისევ ისე ოდნავ შეღებულია მხოლოდ… ახლახანს საგარეჯოში ჩატარებულმა არჩევნებმა უჩვენა, რომ ის ძალები, რომლებიც ჩემნაირებს შეცდომად უთვლიან ევროპისკენ 25-წლიან მოთმინებით და იმედით ცქერას, სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებენ – ამის არდანახვა შეცდომაა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ დაბრალება – სააკაშვილის პროპაგანდის აყოლა და სიბეცე! გაცილებით სწორი იქნება, ეგ ყველაფერი სწორედ მიხეილ სააკაშვილს და მის ერთგულ ნაციონალურ მოძრაობას დააბრალოთ, რომელსაც თქვენგან და ხალხისგან ნდობის ასეთი კრედიტი მიეცა და რომელმაც ყველაფერი ასე ჩააფლავა – კომპრომატებით და ვიდეოფაილებით სავსე კასრებში გაცვალა რეალური დემოკრატიული ფასეულობები… გაცილებით სწორი იქნება პრორუსული პარტიის ეს მაღალი მაჩვენებელი სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად კოჰაბიტაციის პროცესს დაუკავშიროთ – რადგან „ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგი დღეს მნიშვნელოვანწილად სწორედ სამართლიანობის დამკვიდრების გადადებულ პროცესს უკავშირდება. ეს დამკვიდრება ვერც მოხდებოდა კუბლაშვილის უზენაესობის და მოსამართლეთა და პროკურორთა ძველი შემადგენლობის პირობებში, მაგრამ ის, რომ ამას კოჰაბიტაციის სახელი დაერქვა, მრავალ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ სწორედ დასავლეთის თხოვნით მოხდა სასამართლო პროცესების გაჭიანურება/გადადება და არა – ობიექტური მიზეზების გამო… სწორედ ამ მოვლენის – სამართლიანობის დაპირების დაგვიანებაზე აკეთებს მთავარ კრიტიკას საკმაოდ მომძლავრებული „პატრიოტთა ალიანსი“ თუ სხვა ოპოზიციური ძალები, რომლებიც ნამდვილად გამოიყენებენ თქვენი მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას, ხოლო უფრო მეტად „სააკაშვილის მხარდამჭერი დასავლელების მიმართ“ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას… თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ სააკაშვილმა და ბოკერიამ მშვენივრად იციან, რომ მათ არამცთუ ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლის, არამედ არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენის შანსიც აღარ აქვთ. იმის შანსიც ხელიდან გაუშვა ნაცმოძრაობის შედარებით გაუსვრელმა ნაწილმა, რომ თავის კრიმინალ „ლიდერშიფთან“ გამიჯვნის წყალობით მცირერიცხვოვან პარტიად მაინც დარჩენილიყვნენ, ან რამე კოალიცია შეეკრათ – აგერ ვნახოთ, „გირჩისგან“ რა გამოვა…
რაც შეეხება პრეზიდენტის ირგვლივ ახალი დემოკრატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების იდეებს თუ მცდელობებს, მე ძალიანაც მომეწონებოდა დემოკრატიული ძალების ახალი სერიოზული გაერთიანების ფორმირება, როგორც ჯანსაღი, ალტერნატიული პროდასავლური ოპოზიციის შექმნის მცდელობა. მაგრამ 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და “თავისუფალი დემოკრატებიც”, მათდამი გარკვეული პიროვნული სიმპათიების მიუხედავად, ამისთვის არასაკმარისი რესურსის მქონე პარტიულ ძალად მგონია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ რეგიონებში არსებულ სტრუქტურებს რღვევა დაეტყოთ. ხოლო ცალკეული ექსპერტების თუ უფლებადამცველების ახალ პარტიაში გაერთიანება მომენტალურად ვერ იქცევა პარტიად და ამბიციების და ინტერესების შეჯიბრის და დარეგულირების მრავალი გამოცდა მოუწევს…
თუ თქვენ გსურთ, რომ პროცესები ისე გაგრძელდეს, როგორც მიდის, მაშინ გააგრძელეთ ყველაფერი ისე, როგორც აქამდე… გააგრძელეთ სწორი და ლამაზი საუბრები იმაზე, რაც ვაითუ არასასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ოღონდ მერე ნუ გაგიკვირდებათ ეგ შედეგი. რადგან შედეგი ყოველთვის ის დგება, რაც დავიმსახურეთ – იმით, რომ სწორედ არ გავთვალეთ… იმით, რომ ვიღაცის ბადეში მოვყევით… იმით, რომ ის დავიჯერეთ, რაც გვინდოდა, დაგვეჯერებინა …
ორი მილანელი
Posted: 2015/06/14 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: კახა კალაძე, მილანი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკოსი, ტრაგედია, წყალდიდობა %(count)s კომენტარიეს კაცი ქართველია. საქართველოს მოქალაქე. საქართველოში მას ყველა იცნობს, უფრო მეტად – როგორც ლეგენდარულ ფეხბურთელს. თუმცა არანაკლებად იცნობენ მილანშიც, სადაც თავისი კარიერის უმაღლეს წერტილებს მიაღწია, სადაც გახდა იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ეს ფოტოები დღეს, 2015 წლის 14 ივნისს, თბილისისთვის შავ დილას არის გადაღებული. ამ დღეს კახა კალაძე იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო კიდეც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თავისი ქვეყნის შვილი და დღეს უკვე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერიც – ქალაქის ცენტრში დამანგრეველი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის გვერდით. აკეთებდა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს მოქალაქე, ხელისუფალი და უბრალოდ, კაცი – თავის ხალხს ეხმარებოდა…
=======
ეს კაციც ქართველია. თუმცა საქართველოს მოქალაქე ფაქტიურად აღარ არის – თავისი ნებით დათმო, – სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე გაცვალა. მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, ძირითადად, – როგორც დიდ რეფორმატორს… მას საქართველოშიც კარგად ვიცნობთ, ძირითადად, როგორც მარშალ ბეტანკურს, რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორც დაამთავრა, ჩვენ კი კარგად მოგვეხსენება და სხვების – არ ვიცი…
ეს ფოტოები სამი წლის და ერთი თვის წინ – 2012 წლის 14 მაისს არის გადაღებული. თბილისს მაშინაც დიდი წყალდიდობა დაატყდა და მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები… პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამ ამბიდან უკვე რამდენიმე საათში თვითმფრინავში ჩაჯდა და გეზი მილანისაკენ აიღო… მას იქ სანუკვარი ნივთები ელოდებოდა – მისი საყვარელი უძვირფასესი საათები! ის იმ დღეს “მილანელი” იყო… იმ დღეს პრეზიდენტი მიშა ქართველი ხალხის გვერდით არ დამდგარა… არ უნდოდა, რომ მისი სახელი ტრაგედიასთან ყოფილიყო ასოცირებული და ამ ტრაგედიაში ხალხის თანადგომას აწეწილი ნერვების მილანური შოპინგით დაწყნარება ამჯობინა…
მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იყო დაბადებიდან პოლიტიკოსი – სამწუხაროდ, ამ სიტყვის ძალიან ცუდი, მაკიაველური გაგებით. მაგრამ იმ ავბედით დღეს იგი ხალხისგან გაქცეული იყო…
კახა კალაძე ნამდვილად არ ყოფილა დაბადებიდან პოლიტიკოსი.
საბედნიეროდ, მას ნამდვილად აქვს შანსი ახალი ტიპის პოლიტიკოსი გახდეს, რომელიც მხოლოდ ქეიფში და კონცერტზე, აღლუმზე და კარგ ამბავში არ იქნება საკუთარი ხალხის გვერდით… რომელიც მისთვის მართლაც ძვირფას მილანში საშოპინგოდ არ წავა მაშინ, როცა მის მშობლიურ ხალხს გლოვა აქვს და 12 დაღუპულის გარდა კიდევ 24 დაკარგულს ვეძებთ…
აი, ასეთი 2 მილანელი გვყავს ჩვენ, ქართველებს…
დანარჩენი თავად განსაჯეთ…
მარტის (ა)ჩრდილები
Posted: 2015/03/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 21 მარტი, გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპოზიცია, ქართული ოცნება დატოვე კომენტარიაი, 21 მარტიც ისტორიად იქცა.
ისევე როგორც 2012 წლის შემდგომი ნაცმოძრაობის ყველა აქცია, 21 მარტიც იქცა კლასიკურ „აურზაურად არაფრის გამო“, „გმირის აჩრდილად“ თუ ჩრდილიდან გამოვარდნის წარუმატებელ მცდელობად.
ნაცმოძრაობის ისტორია საოცარი ურთიერთგამომრიცხავი პირობების და პროცესების ერთობლიობაა. ესაა საგა გმირობაზე, რომელიც ლაჩრული მარცხის საწინდარი იყო, ესაა პოემა დემოკრატებზე, რომლებმაც გულაგი ააშენეს, ესაა ეპოსი დრაკონის (კორუფციის) შემმუსრავ მზეჭაბუკზე, რომელიც ახლოდან ნებისმიერი წინა დრაკონის (კორუფციის) ასჯერ უფრო მძიმე ვარიანტი აღმოჩნდა, ესაა ზღაპარი ქვეყნის განმანთავისუფლებელზე და აღმაღორძენებელზე, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აჩუქა მტერს, ესაა უცნაური შემთხვევა, როცა ყურძნის ნაცვლად გახარებული ძაღლყურძენა სანერგედ და საჯიშედ სხვაგან წაიღეს, დაბოლოს, ესაა მედგარი მცდელობა სახელდაკარგული აჩრდილისა – ახალი ხორცი და ჩრდილი იპოვოს და სცენაზე დაბრუნდეს – ერთ მდინარეში მეორედ შემოსვლის წინასწარ განწირული დაუდგრომელი მცდელობა…
ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავ ნაცმოძრაობის ლიდერებს, – ჟინი, გაუტეხელობა, მიზნისკენ ჯიუტად სიარული, – მაშინაც კი, როცა ყოველგვარი ლოგიკა მათ წინააღმდეგ არის.
საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველად ხდება, რომ დამარცხებული პარტია, რომლის წინააღმდეგ მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, და რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გარემოებების გამო, ძალიან მძიმე უნდა იყოს, იხტიბარს არ იტეხს და თავს ისევ „იმ თამროდ“ ასაღებს, რომლის „ჰავლაბრის ტურფობა“ დიდი ხანია, ეჭვს აღარ იწვევს. მაქსიმალიზმით შეპყრობილი ამ პარტიის ლიდერები ჯიუტად ამბობენ უარს საკუთარი დანაშაულებრივი სისტემის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე, მონანიებაზე და ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების ნაცვლად რაიმე რეალური საქმიანობით ცხოვრების გაგრძელებაზე. ამის რამდენიმე მიზეზია –
- ისინი ძალიან მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ხელისუფლება 50 თუ 70 წელი გაგრძელდებოდა და სიზმარი არ ეთმობათ,
- მათ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვთ უამრავ ადამიანზეც და ერთმანეთზეც, ამიტომაც ილუზიებიც და შიშებიც უფრო მყარია – რომ თუ არ აღიარებენ, ბოლოსდაბოლოს გაიმარჯვებენ, ხოლო თუ მოინანიებენ, შენდობას მაინც ვერ ეღირსებიან.
- კოჰაბიტაციის პერიოდმა და დასავლეთში გავლენიანი მფარველების არსებობამ მათ ცუდი სამსახური გაუწიათ – ირწმუნეს რა, რომ ინდულგენცია უკვე გარანტირებული აქვთ და არავითარი მონანიება არც სჭირდებათ.
- მათ გადანახული აქვთ არა მარტო კომპრომატები, არამედ საკმარისი თანხებიც, და ასევე – სანდო პირებზე გაფორმებული ბიზნესები, რომ დიდხანს გაძლონ არალეგალურად მიღებული დონაციების ხარჯზე.
და მაინც 21 მარტი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ნაცმოძრაობამ, მიუხედავად ძალიან ენერგიული და საკმაოდ შთამბეჭდავი კამპანიისა ამ დღის მოსამზადებლად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს სერიოზული პლაცდარმი შექმნა უკრაინაში, სადაც იშოვეს თანამდებობები, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფული, და ამდენად, მართლაც მოახდინა საკუთარი მცირე ნაწილის სერიოზული რეანიმაცია, საქართველოში მაინც ვერ შეძლო იმის დემონსტრაცია, რომ ხალხში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნია. რაიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიუხედავად მხოლოდ 15,000-მდე მხარდამჭერის გამოსვლა იმ მოედანზე, რომელსაც რაიონებიდან ჩამოსვლიას გარეშეც კი თბილისელთა 150,000-იანი მარშები ახსოვს, ნამდვილად ვერაფერი წარმატება ვერ იყო! თან ეს იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც საკმაო განაწყენებული და იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ნაცმოძრაობას ისე აქვს მოთხრილი იმიჯი, რომ მათ გვერდზე დადგომას ის ხალხიც კი არ აპირებს, რომელთაც სულაც აღარ ამოსდით მზე დღევანდელ ხელისუფლებაზე.
მიხეილ I
ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა! არა, წუთითაც ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი აქციაზე ვიდეოხიდით ჩაერთვებოდა (აქციაში მონაწილეობაზე ერთხელ განაცხადა საჯაროდ უარი და მაშინაც კი გულმა არ მოუთმინა და ბოლოს მაინც მივიდა და „აახია“ მიტინგი გიგი უგულავას და გიორგი ვაშაძეს), საოცარი იყო ის, – საიდან და როგორ ჩაერთო იგი!
მიხეილ სააკაშვილს ახლა კიევში აქვს ბუდე, სამსახური, პოლიტიკური აღორძინებისთვის ასაფრენი აეროდრომიც და ერთგულ თანამებრძოლთა საკმაოდ აქტიური გუნდიც! ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ისიც და მისი რაზმიც სწორედ კრეშჩატიკიდან ან კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან ჩაერთვებოდნენ თბილისის ვიდეოხიდში! განა ლოგიკური არ იქნებოდა, მაიდნის მოწყობაზე მუდმივ მოლაპარაკე და მეოცნებე ნაცმოძებს სწორედაც რომ კიევიდან დაენახვებინათ თავიანთი მხარდაჭერა თანაგუნდელებისათვის?! განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ქართველ “დნეპრდალეულებს” სწორედაც რომ გუნდური თანადგომა ენახებინათ თბილისში დარჩენილი და მნიშვნელოვანწილად, მათ ბედს შემნატრი ნაცმოძებისათვის?
მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა სხვანაირად გადაწყვიტა – იგი მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოჩნდა ეკრანზე! მან არა ჯერ კიდევ მძიმე დღეში მყოფი მებრძოლი ქვეყნის დედაქალაქიდან, არამედ – ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქიდან გადაწყვიტა ადრესის გაკეთება, რომ თავისი #1 ევროკავშირელობისათვის და #1 ნატოელობისათვის გაესვა ხაზი… არ დამავიწყდება, შევარდნაძის ეპოქაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ცნობილი დაწესებულების ხელმძღვანელს ესტუმრნენ. საუბრის დროს დაწესებულების დირექტორი თავის მოადგილეებთან და თანაშემწეებთან ერთად იჯდა და ესაუბრებოდა მომავალ პარტნიორებს. საუბრის შემდეგ ამერიკელებმა ჰკითხეს, ხომ შეიძლება ფოტოები გადავიღოთო. სიამოვნებითო, დათანმხდა ქართველი ხელმძღვანელი და მერე ამერიკელების გასაოცრად, მოლაპარაკების მაგიდიდან წამოდგა, თავის მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და ხაზგასმულად ერთადერთმა და განუმეორებელმა ისურვა ისტორიაში დარჩენა… ამერიკელებმა გვითხრეს, ამას არცერთი ამერიკელი ხელმძღვანელი არ გააკეთებდაო… მიხეილ სააკაშვილიც სწორედ შევარდნაძის ეპოქის და კომუნისტური თაობის ხელმძღვანელივით მოიქცა – გუნდს გაემიჯნა, ტრადიციულად “ღრუბლებს მიფარება” ამჯობინა 🙂
ვინმე იტყვის, იქნებ უკვე ბრიუსელში იყო და აბა, რა ექნა, კიევში ხომ არ დაბრუნდებოდაო? – მაგრამ ტვიტერში მის მიერვე გაკეთებული განცხადებით, სააკაშვილი შაბათს, 21 მარტს დილის 9:30-ზე (თბილისის დროით 11:30-ზე!!) ჯერ კიდევ კიევში იყო …“დედა და ბებია დამადგნენ თავზე. დედაჩემს სასწრაფოდ გავხადე ძველი ნორკის შუბა და თბილისში დავაბრუნე, და უკვე 3 საათზე მიტინგზე იდგაო!“ ჰოდა, თუ დილით კიევში იყო, რა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დედის თბილისში გამოგზავნიდან სულ რაღაც 5 საათში უკვე ბრიუსელიდან (თან არა აეროპორტიდან, არამედ – ქალაქის ცენტრიდან, ევროპარლამენტის მიმდებარე ადგილიდან) ჩაერთო თბილისში მიმდინარე აქციაში???
– ნეტავ ის ხომ არა, რომ თუ თბილისში სისხლი დაიღვრებოდა, ბრიუსელში განთავსებულ ევროკავშირის და ნატოს შტაბ-ბინებში სასწრაფოდ განგაში აეტეხა???
მაგრამ მაინც ხომ შეიძლებოდა კიევში დატოვებული გუნდისთვისაც მოეწყოთ ჩართვა თბილისის აქციაზე, რომ ხალხს მანდატდატოვებული და მოქალაქეობაზე უარისმთქმელი პატრიოტები ეხილა და გაეხარა? შეიძლება ვინმემ თქვას, ეგებ არ უნდოდათ მაიდანის ასოციაციები გასჩენოდა თბილისში ვინმესო! ნურას უკაცრავად, მიტინგამდეც და მიტინგის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ მაგას ამტკიცებს – 21 მარტის მიტინგი მაიდანი იყო და მალე კიდევ უფრო სრულად გამაიდნდებაო!
პირველი დედა
მიტინგზე მიხეილ სააკაშვილი დედით იყო წარმოდგენილი. გიული ალასანია, რომელმაც შვილის პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესორობით დაიწყო და 10 წელიწადში სერიოზულ ბიზნეს-ვუმენად და საქართველოს უმაღლესი განათლების კერძო სექტორის #2 მედროშედ დაასრულა, რამეთუ ამ პერიოდში 1 ლარად მისთვის გადაცემული ქონებების რაოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების მისაკუთრებით და მის სახელზე გაფორმებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14%-იანი წილით გაითქვა სახელი. 21 მარტის აქციაზე კიევიდან მოვლინებული ქ-ნი გიული ნამდვილად ოჯახის ხატება იყო და იმის განსახიერება, რომ გასაქცევი არაფერი აქვს. თუმცა, სახეზე ეწერა უკმაყოფილება. ვინ-ვინ და მან ძალიან კარგად იცის, იმ დღეს მოედანზე გამოსული ადამიანები რომ დასასრულის მანიშნებელი იყო და არა – დასაწყისისა. “ამ ორ წელში ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდაო“ დანანებით თქვა ერთდროს ძლევამოსილმა ქ-ნმა და იქვე დაამატა, თუმცა დღეს მზიანი დღეა და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებაო…
მიხეილ სააკაშვილმა ოსტატურად კი მოახერხა საკუთარი ქონების გადამალვა, მაგრამ ავიწყდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ნაჩუქარი სახელმწიფო ქონება და სასათბურე პირობების შექმნით სწრაფად აყვავებული კლანური ბიზნესები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის კორუფციის უტყუარ ნიშნად ითვლება. ეს რომ არ ავიწყდებოდეს, დედის გამომზეურებას ისევე მოერიდებოდა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტის სხვა წევრები (ბოკერია, უგულავა…) ერიდებიან მათი პარპაშის დროს უცებგამდიდრებული მამების, ბიძების და მეუღლეების გამომზეურებას…
გენერალიტეტი და ჯუნიორები
მიხეილ სააკაშვილის გენერალიტეტი არასოდეს იყო ნამდვილი გენერალიტეტი. უფრო სწორედ ის გენერალიტეტი, რომელიც რეალურად არსებობდა, ახლა ან ციხეშია ან ემიგრაციაში, ხოლო ის ტყუილ-გენერლები, რომელთა რეალური ძალაუფლება მათი დე-იურე სტატუსის 10%-ს არ ცდებოდა, გაორებულ მდგომარეობაში არიან – თან ალბათ განგებას მადლობას წირავენ, რომ იმაზე პასუხისმგებლობა არ მოუწევთ, რაზეც არც იყვნენ პასუხისმგებელნი, ხოლო თან გული წყდებათ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მოუწევთ პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა.
მაგრამ აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჯუნიორ ნაცებს! ესენი არიან ნაცმოძრაობის ყველაზე ენერგიული და მომზადებული ფრთა, რომელთაც უშუალოდ ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობა ნაკლებად აქვთ მიღებული, რომელბიც ძირიტადად 2009 წლის შემდეგ ჩამოიჩიტნენ და საკმაოდ კარგად იციან, რომ მათთვის არც ეკონომიკური და არც 2008 წლის კონფლიქტში ვოლუნტარისტული ქმედებების ბრალდების წაყენება ადვილი არ იქნება. ამიტომ ისინი ახალგაზრდა გვარდიის სითამამით, დემაგოგიური არსენალის უზადო გამოყენებით და ხშირად, დღევანდელი ხელისუფლების რეალური შეცდომების და გადაცდომების საკმაოდ ეფექტური გამოყენებით ეფექტურად ინარჩუნებენ პირად (მაგრამ არა პარტიულ რეიტინგს). თავის დროზე რომ ჭკუა ეხმარათ და ნაციონალური მოძრაობის ბალასტს გამოჰყოფოდნენ, დღეს საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია ექნებოდათ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დროულად ვერ მიიღეს, მიშას მიერ გამოგზავნილ ფულებზე და მიმალული ბიზნესებიდან წილებზე უარი ვერ თქვეს, სავარაუდოდ, მათზე შესაძლო კომპრომატების შიშმაც ითამაშა როლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათი ახალ პარტიად რეინკარნაცია დაგვიანებულია და ალბათ ბევრს ვერაფერს უშველის, თუმცა მინიმალური შანსი რჩებათ, თუ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს გამოყოფენ, მაგალითად – გიგა ბოკერიას. თუმცა, ბოკერიას პიროვნული ძლიერი პოლიტიკოსის და უძლიერესი დემაგოგის პარალელურად სერიოზულად ნეგატიური ბაგაჟი აქვს და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თან აშკარად ხელიდან გაუშვა მიშასგან გამოყოფის და სააკაშვილის ნამსხვრევებზე საკუთარი იმიჯის აშენების მომენტი. ასე რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვების თუ შეთხზვით რაღაც ზიანის მიყენება კი შეუძლია, მაგრამ, 21 მარტის აქციამ გამოაჩინა, რომ მათთან ახლოს მისვლას არცერთი სხვა ოპოზიციური ძალა არ გაბედავს, იმდენად „კეთროვნული“ იმიჯი აქვთ, და მათ მიერ ნასროლი ბომბებით უბრალოდ სხვები იხეირებენ…
რაც შეეხება ნიკა რურუას და გრიგოლ ვაშაძის მიერ მოძრაობა „ივერიის“ დაარსებას, ეს ყველაფერი სასაცილოა, რადგან ქართული საზოგადოება მათ მიერ „ივერიის“ და ილია ჭავჭავაძის სახელთან ასოცირების მცდელობებს ნამდვილად ირონიით მოეკიდება. მთელი მათი გათვლა (ახალგაზრდა ნაცების მსგავსად) სწორედ იმაზეა, რომ იქნებ ალასანიას მათთან ალიანსი მონდომებოდა. მაგრამ, IRI-ს ბოლო კვლევის შემდეგ ამის შანსი აბსოლუტურ ნულზე უფრო დაბლა მგონია…
ნაციონალურ მოძრაობას ამ კვლევებში 14% რეიტინგი აქვთ და და ეს თითქოს ცოტა არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულფასოვან და ძალიან ორგანიზებულ კამპანიას უკვე ნახევარ წელზეა მეტია ატარებს, და თუ მაინც მხოლოდ 14% აქვს, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელს ბევრად ვეღარ გაზრდის, როცა სხვა პარტიები ჩაებმებიან სარჩევნო მარათონში. 14% ბევრისთვის სანატრელი იქნება, მაგრამ ნაცმოძრაობის მიტინგზე გენერალიტეტი სულ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობდა და 21 მანდატი ამისთვის ცოტაა (თან 21 მანდატი ეს მაშინ იქნებოდა, თუ მაჟორიტარული წესი გაუქმდება, ხოლო დღევანდელ საარჩევნო სისტემით მხოლოდ 10-12 მანდატი თუ გამოვა). ის, რომ ნაციონალები მაჟორატორული არჩევნების მოგებას შეძლებენ, ასევე უტოპია მგონია. ერთადერთი იმედი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, უმრავლესობა ამ ნაბიჯზე წავიდეს.
21 მარტით ფრთაშესხმულები
21 მარტს ფეხდაფეხ მოჰყვა IRI-ს კვლევები და როგორც მიტინგმა, ასევე ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მეორე ეშელონის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ IRI-ს კვლევებმა 2012 წელს განსაკუთრებული სიზუსტით ვერ გამოიჩინეს თავი. მართალია, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, მაგრამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის და დაქირავებული ქართული ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა, სავარაუდოდ, არ გამქრალა. ჩემში პირადად, ცოტა ეჭვს იწვევს ევროკავშირის და განსაკუთრებით, ნატოს მომხრეთა საოცრად მაღალი ციფრები.
და მაინც, ამ კვლევის ხელაღებით უკუგდება ნამდვილად არ მგონია სწორი და თუ ციფრების სიზუსტეში ეჭვის მიუხედავად, ძირითად ტენდენციებს ვენდობით, მთავარი მოგებულები თავისუფალი დემოკრატები აღმოჩნდნენ – 10% ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, სახელისუფლებო ბლოკიდან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გამოყოფილი პარტიისათვის. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ IRI-ს კვლევებში ახალი პროდასავლური ძალის მაღალი რეიტინგი გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო – არ ვიცი, ეს ველის შერჩევის გავლენაა, თუ ოცნებიდან გამოყოფილი იმ გუნდის დამსახურება, რომელთა წინა საქმიანობას ნამდვილად ახლდა პოზიტიური შეფასებები. თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობას სურს რაღაც ახალი ძალის გამოჩენა, რომელსაც ამავდროულად ხელისუფლებასთან ზედმეტად დაპირისპირებულადაც არ ჩათვლის, შეიძლება თავისუფალი დემოკრატების მაჩვენებელი მხოლოდ “ახალი ცოცხის” ეფექტით არ აიხსნას. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალ დემოკრატებს რეგიონში პარტიული სტრუქტურებიც ასაწყობი აქვთ და ნაციონალებთან მათი შესაძლო მესიჯების დამთხვევაც ბევრი ეჭვის საფუძველს დაბადებს, ისევე როგორც იმის მცდელობები, რომ ირაკლი ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ერთ ქალაქში აღმოჩენას ბევრი მაშინვე მათი ფარული შეხვედრით ახსნის, როგორც ეს 21 მარტს მოხდა… თუმცა მერე ისიც გაჟღერდა, რომ სააკაშვილი იქნებ სრულიადაც არ ყოფილა ბრიუსელში და ეს ვიდეოჩართვის კადრები დამონტაჟებული იყო – ერთი იმიტომ, რომ ბრიუსელთან მისი “ჭიპლარით მიბმის” თეორია გამტკიცებულიყო და მეორე იქნებ, იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას ნაცებთან შესაძლო საიდუმლო გარიგებებზე ეჭვები კიდევ უფრო მეტად აგორებულიყო… მე პირადად, მოხარული ვიქნები, თუ “ქართული ოცნება” vs ნაცმოძების დისკურსს “ოცნება vs. “თავისუფალი დემოკრატების” პაექრობა შეცვლის – ეს ნამდვილად გააუმჯობესებს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. და ხელისუფლებაც მოგებული იქნება, თუ სრულად მარგინალიზებული ნაცმოძრაობის ნაცვლად უფრო ძნელი კონკურენტი ეყოლება. და ახლა თავისუფალ დემოკრატებს უკვე აღარც ჭირდებათ აუცილელად ბლოკში გაერთიანება ვინმესთან, იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ…მთავარია, რამე ისეთი არ დაემართოთ, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად დაქვეითდეს.
შალვა ნათელაშვილის პოლიტარსენალი სულ უფრო სკაბრეზული ხდება, და მაინც მის მიერ მოგროვილი 6% იმის დასტურია, რომ ამ ფლანგზე მას უბრალოდ კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო ჯერ კიდევ ეკონომიკურად ძალიან დუხჭირ მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება ლეიბორისტული იდეოლოგიის პარტია.
ნინო ბურჯანაძე შეეცდება, არ შეიმჩნიოს IRI-ს მიერ მასზე ლამის მაღლა დაყენებული ლეიბორისტები და “პატრიოტთა ალიანსი” და ახალი ძალით გააჩაღოს მთავარი ოპოზიციური ძალის კვარცხლბეკიდან ნაცმოძრაობის ჩამოგდების მცდელობა. ამის რეალური შანსი მას ისევ კოალიციის შემთხვევაში ექნებოდა. ოღონდ არა ქრისტიან-დემოკრატებთან, არამედ სწორედ – პატრიოტებთან ალიანსის შემთხვევაში. ოღონდ ასეთი ბლოკი – ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მე პირადად, წარმოუდგენელი მეჩვენება. თავად “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგი მნიშვნელოვანწილად ქართული იცნების მიერ სამართლის დამკვიდრებაში სრულ შტილს უკავშირდებოდა. ვაზაგაშვილების საქმეებში სწრაფი პროგრესის დაფიქსირების, პროკურატურის და შსს მაღალჩინოსნების განთავისუფლებისა თუ დაპატიმრებების და სავარაუდოდ, ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ ამ პროცესის დაჩქარების ფონზე პატრიოტთა ალიანსის რეიტინგის შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.
„ქართული ოცნების“ ნაღვლიანი სიხარული
ხელისუფლებისათვის 21 მარტმა ძალიან ურთიერთსაწინაარმდეგო ემოციები მოიტანა. ან – წესით, უნდა მოეტანა…
ერთის მხრივ, ხელისუფლებამ მორალური გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს არავითარი პრობლემა არ შეუქმნა აქციაზე ჩამოსასვლელად. თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაცმოძრაობის სიმწრის ნაბიჯებს და ისეთ ინოვაციებს, როგორც გზებზე შედუღებული ლურსმნების დაყრა, ავტობუსების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანა, მძღოლების ტერორი და სხვა იყო, აღარაფერს ვამბობ უკვე სისხლიან დაპირისპირებებზე და ზონდერბრიგადების ნაცისტურ მეთოდებზე, ოცნების ხელისუფლებამ ამას ახლა დაუპირისპირა ახალი შსს მინისტრის მხრიდან სრულიად წარმოუდგენელი კომფორტის დაპირება, რაც პირნათლად შესრულდა კიდეც! ნაცმოძრაობამ, მის მიერ ზუგდიდში დადგმული მოდელირებული პროვოკაციების მიუხედავად, ვერ შეძლო მსოფლიოსთვის დაენახებინა მათ მიმართ განხორციელებული „სასტიკი ძალადობა“, ვერ შეძლო ქართული ოცნებისათვის „მაიდნის“ ორგანიზება, ვერ შეძლო გაეჩინა ისეთი ძალადობის თეატრი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სახლში დარჩენა უფრო მიუღებლად ჩაეთვალათ, ვიდრე ქუჩაში ნაცების გვერდით დადგომა!
სწორედ ამიტომ იყო ასე გულდაწყვეტილი ბ-ნი მიშა და ქ-ნი დედა, სწორედ ამიტომ იკურთხებოდა თეა თუთბერიძე…
რამდენიმე სხვა წარმატებაც ჰქონდა ამ დღეებში „ქართულ ოცნებას“, მათ შორის მე აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია მარნეულში პრეზიდენტის და პრემიერის ასე მონატრებული ჩახუტება! მე პირადად, იმედი გამიჩნდა, რომ ყმაწვილკაცური კენწალაობა უფრო ზრდასრულ და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ დიალოგში გადავა, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია – ყოველთვის მაინცდამაინც ჩახუტებას არ ვგულისხმობ და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის პატივისცემის დემონსტრირებას (მიუხედავად განსხვავებული აზრებისა) – უეჭველად!
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმატება – არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისათვის, იყო ნინო გვენეტაძეს დამტკიცება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ! დასრულდა კოტე კუბლაშვილის ზეობის და უასამართლობის პარპაშის ხანა. თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდა ძალადობის, იმპიჩმენტის ან „საკუთარი სურვილით წასვლის“ მიშასეული პრაქტიკის გამოუყენებლად, როცა სააკაშვილმა ჯერ ლადო ჭანტურია, ხოლო შემდეგ საკუთარი გუნდის წევრი კოტე კემულარიაც აიძულა, ვადაზე ადრე გადამგარიყვნენ! უნდა ვაღიარო, რომ კოტე კუბლაშვილის დატოვება თავის თანამდებობაზე ყოველთვის მიმაჩნდა გაუმართლებლად, რადგან ამის შედეგი იყო სამართლის დამკვიდრების ასე გაჯანჯლება და ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის ეროზია. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ ამ არაჩქარებით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სერიოზული ისტორიული პრეცედენტი შექმნეს და ეს უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!
და მაინც, მე პირადად ერთი რამის მეშინია!
რომ ხელისუფლება 21 მარტს თავის გამარჯვებად ჩათვლის!
ფრთხილად, ბატონებო – თქვენი მთავარი და უტიფარი მოწინააღმდეგის დამარცხება ავტომატურად არ ნიშნავს თქვენს გამარჯვებას!
ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ნაცმოძრაობას არ უვიწყებს მათ შავბნელ წარსულს და უსამართლობას, სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დიდ ნაწილს თქვენ და თქვენი საქმიანობა მოსწონს და სამაგალითოდ მიაჩნიათ!
ისინი აუტანლები იყვნენ და თქვენ თუ (ჯერ კიდევ) ასატანი ხართ, ეს არ უნდა იყოს სიხარულის, ან – მით უფრო – სიამაყის საფუძველი…
ის, რომ IRI-ის კვლევებში ოცნების 36% 2.5-ჯერ მეტია ნაციონალების მაჩვენებელზე, მთავარი არაა.
მთავარი ისაა, რომ საზოგადოების მეორე 1/4-ს გამოკვეთილი არჩევანი ჯერ არ აქვს გაკეთებული და არჩევნებამდე საით გადაიხრება, სწორედ ეს განსაზღვრავს არჩევნების ბედს!
სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულში დემონსტრირებული ერთიანობის შეგრძნება წამიერად გაქრა, როგორც კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრება-არდასწრების საკითხის გარჩევა დაიწყო! ეტყობა, ჩემი დასკვნა, რომ ხელისუფლებამ ინსტიტუტების (და არა პიროვნებების) მიმართ მუდმივად პატივისცემის დაფიქსირების აუცილებლობა გაიაზრა და გაითავისა, რეალობისაგან შორს მყოფი ოპტიმისტური ილუზია იყო 😦
ჩემს წინა ბლოგში „მიმდინარე მომენტის შესახებ – სანამ ურემი გადაბრუნდება“ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები ხელისუფლების ყველაზე სასწრაფო გადაუდებელ საქმეებზე, სადაც ჩემი აზრით სერიოზული ჩავარდნებია. იქნებ ვცდები, მაგრამ თუ არ ვცდები და ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არხეინად ყოფნას გააგრძელებს, ვშიშობ, 21 მარტის მთავარი დამარცხებული სწორედ იგი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაფერია ისე საშიში, როგორც მოწინააღმდეგ(ეებ)ის წინასწარდამარცხებულად შერაცხვა… თანაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთი არაა და მთავარი მოწინააღმდეგე, იქნებ, ჯერ სულაც არ გამოჩენილა…
ეს გადაუდებელი საქმეებია:
- პარტია ქართული ოცნების უსწრაფესი და ხარისხობრივი რეორგანიზაცია – რეგიონული და რაიონული რგოლების სერიოზული ცვლილებებით.
- კოალიციის დალაგება – პრინციპიალურ საკითხებზე პრინციპიალური შეთანხმების მიღწევის, დაფიქსირების და გადაყწვეტილებათა შესრულების კონტროლის გზით.
- საგარეო მიმართულებით – სერიოზული PR-კამპანიის დაწყება, იმისათვის, რომ ევროკავშირის ფრონტზე დასახული შესაძლო სერიოზული წარმატება ვიზალიბერალიზაციის სახით იქნებ ახდენილ რეალობად იქცეს. ხოლო ამის წინააღმდეგ ამჟამად რუსები უფრო ენერგიულად იბრძვიან, თუ ნაციონალები – ძნელი სათქმელია. აქვეა – ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად მოცლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
- საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება! მათ შორის იმ ახალგაზრდების მოზიდვაც, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ პოლიტიკურ თუ ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებას ფლობენ.
- ხელისუფლების შტოებს შორის კინკლაობის ნაცვლად ინსტიტუტციონალური თანამშრომლობის პრიმატის აღიარება და დანერგვა.
მიმდინარე მომენტის შესახებ – “სანამ ურემი გადაბრუნდება…”
Posted: 2015/02/26 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნინო გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინა, ქართული ოცნება, ღარიბაშვილი, ჯოკია ბოდოკია დატოვე კომენტარიარაფერი არ შეიცავს ისეთ დიდ საფრთხეს ადამიანისათვის, როგორც უსაზღვრო უიმედობა და უსაფუძვლო ილუზიები. სამწუხაროდ, ამ ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო განწყობილებას შორის მანძილი არც ისე დიდია და ხშირად ქანქარის მოძრაობის მსგავსად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ადვილად ხდება.
და საზოგადოებაზეც ზუსტად ასევე ვრცელდება ეს ყველაფერი.
ქართული საზოგადოება და ხელისუფლება დღეს თავისი განვითარების ძალიან მყიფე და უცნაურ საფეხურზე დგანან. ერთი მხრივ, სახეზეა აშკარა პროგრესი და დემოკრატიული მიღწევების საკმაოდ მაღალი დონე (მედიის თავისუფლება, სასამართლოების თავისუფლება, კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის დაწყების იოლი პირობები და რეგულაციები), რომლის მიხედვითაც, ჩემი აზრით, საქართველო გაცილებით უფრო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ვიდრე ევროკავშირის უკვე წევრი ზოგიერთი სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, როგორც არსებული ეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად ერთ სულზე მშპ, რაც ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია), ასევე – ეკონომიკური განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართული საზოგადოების მარად უძღებ და ხშირად უსაფუძვლო „ოპტიმიზმს“, რომელიც უფრო მესიანურ ილუზიას ჰგავს და არა – ზრდასრული სუბიექტისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.
ამის შედეგად მივიღეთ პარადოქსული სიტუაცია: ერთი მხრივ, ქვეყანა გამოდის იმ საოცარი ავზღაპრიდან, რომელიც გარედან გურამ დოჩანაშვილისეულ ლამაზ-ქალაქს ჰგავდა, ხოლო შიგნიდან – სრული კამორა იყო. ხოლო, მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად ისმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ „მიწიერი სამოთხე“ ჯერ კიდევ შორსაა. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ „მიწიერი სამოთხის“ მიუღწევლობის გარდა, პატიოსანი კანუდოსისგანაც საკმაოდ შორს ვართ, რამეთუ მომხვეჭელობის, ნეპოტიზმის, უგერგილობის და მცონარობის დაძლევა ზოგადად ძნელია, და ქართველებისათვის – მით უფრო.
შევეცდები, მიმოვიხილო მიმდინარე მომენტის შუქ-ჩრდილები და სადაც მოვახერხებ, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლო გზებზე ჩემეული ხედვებიც გაგიზიაროთ.
დაპირებები და მიღწევები
ბევრი რამ შესრულდა და ბევრი რამ ვერ შესრულდა.
პირადად ჩემთვის, ის, რაც შესრულდა, არის უფრო მნიშვნელოვანი. მე იმ, ალბათ, არც ისე მრავალრიცხვოვან ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ამ ხელისუფლების სხვებთან ფარდობითობის პრინციპზე აყრდნობს ხოლმე. შეიძლება, ეს ჩემი თერაპევტობის და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში მიღებული ცოდნის შედეგია, რადგან კარგად მახსოვს, რომ სწორი არ არის გამოთქმა – „ეს წამალი კარგია“, სწორია გამოთქმა – „ეს წამალი უკეთესია“ ან „ეს წამალი უარესია“.
თუმცა, ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულების ისტორიული რაკურსი გვასწავლის, რომ ხელისუფლება შეიძლება იყოს ან – ასატანი, ან – აუტანელი… მოქალაქის მხრიდან ხელისუფლების სიყვარული დემოკრატიული წყობილებისათვის უცხო და უცნაური ხილია, რომელსაც ასეთი წყობის მქონე ქვეყნები იმათ უთმობენ, სადაც ხელისუფლების კრიტიკა პიროვნების თავისუფლების ან სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება ხოლმე – აი, იქ უყვართ და გიჟდებიან ხელისუფლებზე, თუ უყვართ!!!
უკვე ამ ერთი მიდგომითაც კი აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკვე მარტო იმით მაინცაა ასატანი, რომ იგი თავისი კრიტიკის უფლებას გვაძლევს და ამ კრიტიკის გამო ჩვენი სიცოცხლის, მუშაობის თუ აზრის გამოთქმის უფლებებს არ ზღუდავს! მადლობა მათ ამისთვის, რამეთუ სულ ახლო წარსულში ეს ასე არ იყო.
რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა:
საყოველთაო ჯანდაცვა!
კონტროლირებად მედიაზე უარის თქმა!
სასამართლოების თავისუფლება (პროკურორების სატელეფონო უფლების დასასრული)!
ბიზნესის განთავისუფლება სახელისუფლებო ტერორისაგან!
მასობრივი შეთითხნილი დაპატიმრებების და საპროცესო გარიგებების მანკიერი სისტემის დასასრული!
თავისუფალი არჩევნები!
არაპოლიტიზირებული პოლიცია (ნაცვლად ლამის გესტაპოს დონემდე მისული ზონდერბრიგადებისა)!
პოლიტპატიმრების და პატიმართა სხვა ჯგუფების ყველაზე მნიშვნელოვანი ამნისტია!
საუნივერსიტეტო სივრცის განთავისუფლება სტუდენტური თვითმმართველობის კუდ-სოდ-ზონდერებისაგან!
ციხეებში პატიმართა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა!
უფასო წიგნები სკოლებში!
სკოლებში საარჩევნო ძალადობის ერთ-ერთ მექანიზმად გამოყენების დასასრული!
კომუნალური გადასახადების შემცირება. პენსიის მიახლოება საარსებო მინიმუმთან…
მესმის, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს ეს სია უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, და მეტიც – ძალიანაც არ სიამოვნებთ ამ სიის კითხვა, მაგრამ დამისახელონ რომელიმე სხვა ხელისუფლება, რომელიც მოსვლიდან 2 წელიწადში ამდენ რამეს მოახერხებდა.
თუმცა არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც დანაპირები ვერ შესრულდა – პირველ რიგში ეს ეხება სამართლიანობის აღდგენას, წართმეული ქონების დაბრუნებას, პენსიების დაპირებულ დონემდე ზრდას, კომუნალური გადასახდებს უფრო მეტად შემცირებას, განათლების რეფორმას და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სფეროს – ბიზნესის გამოცოცხლებას, ახალი საწარმოების გახსნის ხელშეწყობას, ადამიანების დასაქმებას და მათი რეალური შემოსავლების ზრდას.
არ შეიძლება შეუსრულებელ პირობებზე საუბრებისაგან თავის არიდება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ მუდმივად ზუსტად ამ დაპირებებზე ისაუბროს და მოსახლეობაში შექმნას განცდა, რომ ხელისუფლებას გაცილებით მეტი აქვს შეუსრულებელი დაპირება, ვიდრე შესრულებული. ხელისუფლების ამოცანა კი საპირისპიროა. მოსახლეობა კი უნდა ცდილობდეს, სწორად გაერკვეს, სად მთავრდება რეალობა და იწყება რეკლამა და ანტირეკლამა. როგორც ყველგან, ისევე საქართველოში, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, მედია მიდრეკილია სენსაციონალიზმისაკენ და პოზიტიური ინფორმაციის მომგებიანად გაყიდვა გაცილებით რთულია, ვიდრე შოკში ჩამგდები, სკანდალური ინფორმაციისა. ამ სიტუაციაში ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს გამოზომილი, ფაქტებზე ორიენტირებული, ობიექტური ინფორმაციით აღჭურვა და მწვავე კითხვებზე მაქსიმალურად სწორი და დროული რეაგირება. სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას ნეგატიური ინფორმაცია მეტად მიეწოდება და მისი მეტადაც სჯერა, რამეთუ ნაციონალების დროს ნეგატიური ინფორმაცია მკაცრად იფილტრებოდა, ხოლო პოზიტიური – ასმაგად და ათასმაგად ტირაჟირდებოდა და ვრცელდებოდა… სხვა რომ არაფერი, კარგად გვახსოვს უამრავჯერ გახსნილი ერთიდაიგივე ობიექტები – მე პირადად ყიფშიძის სახ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 საზეიმო გახსნის მომსწრე ვარ 1 წლის განმავლობაში. და ეს სწორედ ის წელი იყო, როცა ერთ დროს ძლიერი და უმნიშვნელოვანესი რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად გაპარტახდა და მილიონობით ლარი შეიჭამა ნაცმოძრაობის დამქაშების მიერ. დღეს კი, რადგან ოცნების ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს სწორად შემუშავებული და წარმართული PR-კამპანია, და რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენელებს აკლიათ დამაჯერებელი არგუმენტაციის უნარ-ჩვევები, საზეიმო/პოზიტიურმა ინფორმაციამ მკვეთრად იკლო, ხოლო იგივე რუსთავი2 და სხვა არხებიც, რომლებსაც ნეგატიური ინფორმაცია ადრე მისხალ-მისხალ მიეწოდებოდა, ახლა ყველა საშუალებით ცდილობს, მოახდინოს ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება, რასაც ობიექტურთან ერთად საკმაოდ მრავალრიცხვოვანი სუბიექტური ფაქტორებიც განაპირობებს.
სამართლიანობის აღდგენა – დაგვიანების ბუმერანგი
სამართლიანობის აღდგენა იყო ქართული ოცნების ყველაზე მძაფრად გაჟღერებული და ხალხის მიერ ატაცებული დაპირება. რამდენადაც ყველაზე მეტად ნაციონალურმა მოძრაობამ მოსახლეობაში უსამართლობის, ზეწოლის, ქონებების წართმევის და მასობრივი ტერორის კვალი დატოვა, გასაგები მიზეზების გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სწორედ ამ ფრონტზე მაინც სწრაფი და ეფექტური ცვლილებების მოლოდინი ჰქონდათ. ამას კოალიციის ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხშირად გაჟღერებული თეზაც უმაგრებდა მხარს – ის, რომ საყოველთაო აზრით, ეკონომიკური აღმავლობის მიღწევას გაცილებით მეტრი დრო და სახსრები დაჭირდებოდა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას და ისიც, რომ მოსახლეობასაც კარგად ახსოვდა, როგორ მოკლე ხანში მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის კლანის და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების სწრაფად ნეიტრალიზაცია, ბიზნესების “ახევა” თუ პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების, ასევე – სასამართლოების მოხელეთა ძირეული წმენდა – გადახალისება.
სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გზა აირჩია – ნელი და არა რევოლუციური ცვლილებების გზა, რომელიც ნაწილობრივ კოალიციაზე გარე ფაქტორების და კოჰაბიტაციის დაჟინებითი მოთხოვნით იყო განპირობებული, იმ პირობებში, როდესაც მთელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს პირად ისევ ნაცმოძრაობის ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა. ხოლო ნაწილობრივ იმითაც, რომ კოალიციამ სრულიად შეგნებულად გადაწყვიტა, რომ გარიყულთა და ჩარეცხილთა რიცხვი ამჟამად გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო – მხოლოდ ათობით ან ასობით ადამიანი, და არა – ათასობით, ან ათეულათასობითაც კი, როგორც ეს 2003-04 წლებში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ უკანასკნელ ხანებამდე საქართველოს ხელისუფლებაში სასამართლო, საბანკო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნაცმოძრაობის დროს დაწინაურებული კადრები ხელმძღვანელობენ. რომ ძალოვანი სტრუქტურების – პოლიციის და პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც ცვლილებები მხოლოდ პირამიდის მწვერვალზე მოხდა, და რომ ათეულ ათასობით საქმის გადახედვა ძალიან ნელი ტემპით – კუს ნაბიჯებით მიდის… ამან თითქოს შეამცირა ნაცმოძრაობის წაგების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში გაჩენილი პანიკა თუ არა – დაძაბულობა, მაგრამ ამაზე მეტად გამოიწვია თავად ოცნების მხარდამჭერთა რიგებში იმედგაცრუება. მართლაც, რამ უნდა იმოქმედოს უსამართლობით დაჩაგრულ ადამიანზე იმაზე უფრო დამთრგუნველად, ვიდრე იმის აღმოჩენამ, რომ მის საჩივარზე პასუხს თურმე იმავე ადამიანებისაგან უნდა ელოდოს, ვინც მისი ჩაგვრის ან – უტყვი მოწმე, ან სულაც – ინიციატორები და წარმმართველები იყვნენ?!
სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როცა საზოგადოების აღშფოთებამ კრიტიკულ საზღვარს მიაღწია და როცა არა მარტო პროკურატურაში, არამედ უკვე პოლიციაშიც, სერიოზული წმენდა დაიწყო. მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის ნაციონალების დროს მნიშვნელოვნად გაყალბებული საქმის გახსნა და ბრალდებულების – ყოფილი თუ მოქმედი ძალოვნების – დაკავება, და მერე, ლამის ერთ კვირაში – იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ინდეტიფიცირება და დაკავებაც. გამოცხადდა, რომ უახლოეს ხანებში გახსნილი იქნება ჟვანიას და აფრასიძეების საქმეებიც… საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სამართლიაობის აღდგენის მოლოდინში იყო, – ფრთხილი იმედი, ხოლო ნაცმოძრაობის აპოლოგეტების და უსამართლობაში ეჭვმიტანილი პირების ახლობლებს სერიოზული შეშფოთება დაეტყოთ… ახლა ჯერი პროკურატურასა და სასამართლოებზეა.
კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დაწყება აქამდე, და რატომ მოხდა ეს მხოლოდ შვილმკვდარი მამის გაუგონარი მკვლელობის შემდეგ პასუხი ასეთია: პროკურატურაში საჭირო იყო სერიოზული ცვლილებები, რასაც დრო სჭირდებდა. საჭირო იყო წლების განმავლობაში წინა რეჟიმის პირობებში მეთოდურად გაყალბებული საქმეების ძირეული გადახედვა და ხშირად, ახალი ფაქტების მოძიება და ვერსიების გადახედვა. სამწუხაროდ, ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილი მართლაც უძლიერესი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა იგრძნეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა – რისი დასტურიც იყო ამ სიკვდილის შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადაყენება, გადადგომა, თუ ბრალის წარდგენა…
თითქმის ამავე პერიოდში გაჟღერდა, რომ სამართლიანობის აღდგენის ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადრე ნაანგარიშები თანხა – 7 მილიარდი – ძალიან გაბერილი ყოფილა და უფრო საფუძვლიანი გათვლებით, ალბათ, 1 მილიარდი ლარი ეყოფა ამ მხრივ ხელისუფლების მხრიდან საჭირო ხარჯებს. უკვე ითქვა ისიც, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ამ პროცესის დასაწყები თანხები გათვალისწინებულია.
თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ წინა რეჟიმის ერთ-ერთი სერიოზული ბურჯი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – კოტე კუბლაშვილი უკვე ყოფილი თავმჯდომარეა, მოსალოდნელია სააკაშვილის მიერ შექმნილი უსამართლო სასამართლოს ყველაზე მაღალი სტრუქტურის მაღალი ღობის მორღვევის აქტიური პროცესი, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ზოგადად სასამართლოების გაჯანსაღებაზე და მოსახლეობის მხრიდან ქართული სასამართლოსადმი ნდობის აღდგენაზეც.
ამ პროცესის დადასტურება იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უკვე წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცება! ქალბატონ ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვს მხოლოდ ნაციონალებში (და მათ რუპორ ჟურნალისტებში) იწვევს, რომლებმაც სასამართლოს დამონების პროცესი სწორედ ნინო გვენეტაძის და მისი პრინციპული კოლეგების სასამართლოდან გამოძევებით დაიწყეს. იმედია, საქართველოს პარლამენტს ეყოფა იმის გააზრების უნარიც და ნებაც, რომ ეს საკითხი არ ჩააგდოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნაციონალური „სასამართლოს“ მეორე ბურჯი, კუბლაშვილის მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი არ დატოვოს. მოვლენების ასეთი განვითარება მე პირადად სრულად დამიკარგავს იმის განცდას, რომ საქართველოს პარლამენტს ან თავისი როლი ესმის, ან რეალობის განცდა გააჩნია. ასეთი სცენარი სწორედაც რომ ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აჭარაში ეს წყალი უკვე შხუილითაა მიშვებული ნაცების წისქვილზე, ნინო გვენეტაძის დანიშვნის საკითხის პოლიტიკური შინაომების და ვაჭრობის თემად გადაქცევა, ვფიქრობ, ხელისუფლებისათვის, და სახელმწიფოსათვისაც, ახალი ცუდი პროცესების სათავე შეიძლება გახდეს.
„უნიათო მთავრობა“
დღევანდელი ხელისუფლების სუსტი წერტილი არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რეკლამა, საკუთარი პროგრამების ადამიანებამდე მიტანის არაკოორდინირებული და გაფანტული პოლიტიკა. გასაგებია, ვაშლის რეკლამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ვაშლის ხარისხი და გემოა! მაგრამ თუ ქვეყანაში 100,000-მდე ადამიანი ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობით, მათი დიდი უმრავლესობა არ ჩათვლის თავს ვალდებულად ეს ამბავი ფართოდ გააპიაროს, და გამოდის, რომ 3.5 მილიონი ადამიანის მხოლოდ 3%-ს თუ ეცოდინება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ. სავარაუდოდ, მედიის უდიდესი ნაწილისათვის ეს თემა არაა აქტუალური, რადგან სკანდალურობის ნაკლებობის გამო რეიტინგულიც არ არის. საკუთარი არხი ხელისუფლებას არ გააჩნია… კიდევ კარგი, რომ სწორედ ჯანდაცვის სფეროში სამინისტროს საკმაოდ კარგი პი-არ სამსახური და პოლიტიკა აქვს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიდი სარგებელი მნიშვნელოვანწილად დაუფასებელია საზოგადოების მხრიდან. შესადარებლად მინდა გავიხსენო ნაციონალების ადრეულ პერიოდში ერთი იმ იშვიათ პროგრამათაგანი, რაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მოიფიქრეს – მშობიარობის ვაუჩერები, და როგორ პირადად მონაწილეობდა მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი (რომელიც არც ქარიზმით გამოირჩეოდა და არც – პოლიტიკური ტაქტით) ამ პროგრამის რეკლამაში! თანაც ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი მეუღლე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ ანდო და საზღვარგარეთ წაიყვანა მოსალოგინებლად… სულაც არ მიმაჩნია, რომ ასეთი „მინისტრული კლიპშემოქმედება“ მისაბაძი იყო, პირიქით. მაგრამ იმ ერთი უკიდურესობიდან, როცა ხელისუფლება ლამის მხოლოდ რეკლამით ესაუბრებოდა ხალხს და მხოლოდ სარეკლამო რეალობა ითვლებოდა მთავარ და ერთადერთ მნიშვნელოვან რეალობად – მოხდა გადასვლა ლამის მეორე უკიდურსეობამდე, როდესაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაპიარება და რეკლამირება აღარ ითვლება მნიშვნელოვან და საჭირო ღონისძიებად. ამის მაგალითად გამოდგება ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნა, რომელიც ცუდი არ იქნებოდა საერთო სახალხო ზეიმად ქცეულიყო… ამის მაგალითი იყო ჩინეთიდან პირველი მატარებლის გამოვლა საქართველოზე და აბრეშუმის გზის აბრეშუმის რკინიგზად გადაქცევა, რომელიც ასევე ზედმეტად მოკრძალებულად გახმაურდა…
ამის სრული საპირისპირობაა ნაციონალების მძლავრი და ორგანიზებული, მეტად კონცენტრირებული სარეკლამო-პროპაგანდისტული კომპანია, რომლის მთავარი ელემენტებს – სწორი დაგეგმვა, სხვადასხვა მოძიებული ფაქტების გაბერვა, ერთ ფოკუსში მოქცევა და ერთიან მესიჯად ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ – ამ მესიჯით მოსახლეობის მასირებული დაბომბვა წარმოადგენს. მათი მთავარი მესიჯია – „უნიათო (უუნარო) ხელისუფლება“, რომლის რეზონირება საკმაოდ ძლიერ ექოდ ხდება, რადგან თითოეული მათი წევრი თუ მხარდამჭერი ზუსტად სწორედ ამ მესიჯის გახმაურებას ახდენს. ხდება „ქართული ოცნების“ როგორც რეალური შეცდომების მისხალ-მისხალ მოგროვება (სამწუხარო რეალობაა, რომ ხანდახან ასეთი მოგროვება სულაც არაა ძნელი, რადგან ოცნება ნამდვილად იძლევა მსხვილი შეცდომების დაფიქსირების შანსსაც), და მერე ერთიან ფორმატში ჩამოყალიბება. ამ პროპაგანდის სათავეში რუსთავი-2 და „ტაბულაა“, ხოლო რამდენადაც ეს ინფორმაციები საკმაოდ სისტემატურია და რეიტინგების მომტან ნეგატიურ კონტენტს შეიცავს, ისინი სხვა არხებზეც მაქსიმალურად სწრაფად არის ხოლმე ატაცებული და ტირაჟირებული. თუმცა. რა თქმა უნდა, ეს მთავარი და არა ერთადერთი მესიჯია. სხვათაშორის, საკმაოდ შეცბა ნაცმოძური პროპაგანდა ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობების საქმეზე პროკურატურის ეფექტური მუშაობის შემდეგ, რადგან ეს უკვე რთულად ეტეოდა „უნიათო ხელისუფლების“ მესიჯში… არის კიდევ „სახელისუფლებო ნეპოტიზმი“, „პრემიების მოყვარული ხელისუფლება“, „დასავლური კურსიდან გადამხვევი ხელისუფლება“, „ეკონომიკის დამანგრეველი ხელისუფლება“. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ამ მესიჯების ცალკეული ასპექტები (მაგალითად ნეპოტიზმის შემთხვევების ადრეული დაფიქსირება) ნამდვილად შეიძლებოდა ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ნიმუშად ჩათვლილიყო, რომ არა ერთი სერიოზული პრობლემა: დღეს ეს საზოგადოებრივი სამართლის სადარაჯოზე დამდგარი მამხილებლები გუშინ ნაცმოძრაობის ოღრაშობათა ქედუხრელი „გამპრავებლები“ იყვნენ, დღეს რომ ხელისუფლების ნეპოტიზმზე მუდმივად პირს ისველებენ, გუშინ სააკაშვილის კლანის საცეცებს და სააკაშვილის დედისათვის თითო-თითო ლარად გადაცემულ ქონებებს „ვერ“ იმჩნევდნენ, დღეს რომ საჯაროდ გამხდარი პრემიების და დანამატის მისხალ-მისხალ დაანგარიშების მეტი საქმე არაფერი აქვთ, ადრე საკუთარ 2-ჯერ და სამჯერ მეტ პრემიებსა და დანამატებს რატომღაც დამსახურებულად თვლიდნენ და მკაცრად დახურულ ინფორმაციად ჰქონდათ ჩარაზული…
საინტერესოა, რატომ არის მათი გადასახედიდან დღევანდელი მთავრობა “უნიათო”?
- ალბათ იმიტომ, რომ ბიზნესმენების ტერორით არ ახდენს ბიუჯეტის შევსებას?
- ალბათ იმიტომ, რომ ვითომდა დონალდ ტრამპის 300-მილიონიანი ცრუ ინვესტიციებით (სინამდვილეში რომ იქეთ უხდიდნენ ტრამპს გასამრჯელოს) არ იწონებს თავს მსოფლიოში?
- თუ იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოყვანილი არქიტექტორებისათვის „ატკატებით“ არ არის დაკავებული?
- თუ იმიტომ, რომ ქუჩაში ახალგაზრდების ჟლეტით არ ქმნის „ნულოვანი ტოლერანტობის“ და ადგილზე ლიკვიდაციის მომნუსხველ რეალობას?
- თუ იმიტომ, რომ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით არ ახდენს ოპოზიციის აქტივისტების დაშინებას?
- თუ იმიტომ, რომ ხალხის სისხლზე პრემიებით მადააშლილი დაგეშილი ნიღბიანების ზონდერჯგუფები არ გააჩნია?
- თუ იმიტომ, რომ პროკურორები და მოსყიდული ადვოკატები მომენტალურად არ ახდენენ ფსიქოლოგიურად დამუშავებული პატიმრებისგან საპროცესო გარიგების გამოგლეჯას?…
ნაციონალური მოძრაობა ძალიან ცდილობს, რომ „კონსტრუქციულობის“ ქურქი მოისხას – ლაპარაკობს 36 ნაბიჯზე, სტრატეგიაზე, თანამშრომლობაზე, ბიზნესის გამოცოცხლებაზე, გადასახადების შემცირებაზე, რეალური ინვესტიციების წახალისებაზე… ამ დროს იმ ყველაფერზე, რისი რეალურად „დიდოსტატებიც“ იყვნენ, იმაზე არ ლაპარაკობენ… მორცხვობენ, ეტყობა… ანდა, ლომი და კატას არაკის არ იყოს, ყველაფერს ხომ არ გაამხელენ 🙂 …
პრობლემა იმაშია, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს, და არსებობს ისე, რომ ძველ დანაშაულებებზე არც პასუხი უგიათ და არც მოუნანიებიათ, ახლანდელი ხელისუფლების რეალურ შეცდომებზე ლაპარაკი გაძნელებულია ორი მიზეზის გამო: ა) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ ფრთხილ ადამიანს ეშინია, ამით ჯერ კიდევ საკმაოდ ცოცხალ ნაცმოძრაობას ხელმეორე სუნთქვა არ გაუხსნას, ბ) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ არანაკლებ ფრთხილ ადამიანს არ სურს, რომ მისი კრიტიკული მესიჯები ნაცმოძრაობასთან ასოცირების შთაბეჭდილებას ქმნიდეს.
ლარის კურსის შემცირება
დღევანდელობის მძიმე გამოწვევად იქცა ლარის კურსის შთამბეჭდავი ვარდნა, რომელმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 25%-ს გადააჭარბა. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელთა ერთობლიობა სულ უფრო მეტ ახალი ფაქტორს და ახალ აქტიურ მოთამაშეებს ითრევს და ფაქტია, რომ თუ თავდაპირველად ლარის კურსის შემცირება არც ისე ძლიერი იყო – დაახლოებით 12-13% ლამის 2 თვეში, ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ცვლილება უფრო დაჩქარდა და ნაცების სანუკვარი ლოზუნგის „უნიათო მთავრობის“ მთავარი სამიზნე გახდა.
ლარის დასუსტების რამდენიმე, შედარებით ზედაპირზე არსებული, მიზეზი:
ა) 2014 წლიდან (განსაკუთრებით – ზაფხულიდან) გასაგები მიზეზების გამო საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სავალუტო შემოსავლები, განსაკუთრებით – რუსეთიდან და უკრაინიდან. რუსული რუბლის სწრაფმა (2-ჯერ მეტად ვარდნამ!) დოლარის მიმართ ახლო სამეზობლოს ყველა იმ ქვეყანაზე მოახდინა დიდი გავლენა, რომლის ეკონომიკაც ან მიბმულია რუსეთზე და რუბლზე (სომხეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი), ან სადაც მიგრანტთა მიერ გამომუშავებული გადარიცხვები (საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი) მოდიოდა. თუ გავიხსენებთ, ჯერ კიდევ ნიკა გილაურმა აღიარა, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოსვლის სერიოზული წყარო (25%) სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები იყო. დღეს ეს წყარო, მისი რუსულ-უკრაინული სერიოზული ნაკადი – თითქმის განახევრებულია… ეს კი წლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დანაკლისია…
ბ) შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მართალია, 2014 წლის მე-3 კვარტალში სერიოზული ზრდა აღინიშნა, რის გამოც ჯამურად შარშან ინვესტიციები მაინც მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ ეს საკმარისი არაა და დოლარის მასის დანაკლისი ვერ აანაზღაურა.
გ) შიდა ინვესტიციების ძალიან კარგი ზრდის ფონზე 2014 წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევრიდან ტემპმა იკლო. მაგრამ მთლიანობაში ინვესტირების წლიურ მოცულობაში ლარით შენატანების წილი შედარებით მეტი აღმოჩნდა.
დ) საპასპორტი რეჟიმის ცვლილებებმა, კერძოდ სრულიად მოულოდნელმა რეგულაციებმა უვიზო რეჟიმის ქვეყნების მოქალაქეებისათვის 90 დღიანი შეზღუდვის დაწესების შესახებ, ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპები შეამცირა (თუმცა მთლიანობაში ტურისტების რაოდენობა და შემოსავლებიც გაიზარდა, მაგრამ, ალბათ, სავიზო რეგულაციების გარეშე უკეთესი დინამიკა გვექნებოდა), ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რეგულაციების დაწესებამ შეამცირა მცირე და საშუალო მასშტაბის უცხოური ინვესტიციები.
დ) სამწუხაროდ, ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა ტენდერების ჩატარების ბიუროკრატიული არტახები. ნაცების დროს ტენდერები სრული ფორმალობა იყო, ტენდერი რომ ცხადდებოდა, რეალურად ჩაშლის შანსი 0.00% იყო – უკვე წინადღეს ყველამ იცოდა, ნაცების რომელი ერთგული ფირმა იგებდა ტენდერს და ისიც, – რა ფასად! ხოლო ახლა წინასწარდაგეგმილი ტენდერები აღარაა, რაიმე დოკუმენტაციის ხარვეზის, ან მაღალი რისკის გამო ტენდერები საკმაოდ ხშირად იშლება, და წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ბევრი აუთვისებელი თანხა დაგროვდა, რომლის წლის ბოლოს ათვისება არ გამოდგა იოლი და თან ბაზარზე მომეტებული რაოდენობით ლარის გამოყრას შეუწყო ხელი. ლარის ფულადი მასის ამ ასიმეტრიამაც ხელი შეუწყო ნოემბრიდან სავალუტო ბაზრის ცვლილებას. თუმცა, ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსის დევალვაციაზე მაინც არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, განსხვავებით 2013 წლისაგან, როდესაც ხელისუფლებას, 2012 წელს მომავალი საშემოსავლო გადასახადების ნაცმოძრაობის მიერ უკანონოდ წინსწრებით გადარიცხვის გამო, საგადასახადო შემოსავლები დააკლდა და იგი და დაგროვილი ნაშთებიდან გაზარდა.
ე) 2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა საგარეო ვალის შემცირებაზე. ვალის პროცენტების მომსახურების გამო გაცილებით მეტი სავალუტო სახსრების გაცემა გახდა საჭირო. ამ ფონზე, იმისგან განსხვავებით, რომ 2006-2012 წლებში ნაცმოძრაობის „ჯადოქრები“ ახალ-ახალი კრედიტებით ახდენდნენ ლარის კურსის სტაბილიზაციას, სამაგიეროდ კი მომავალ თაობებს სულ უფრო გაზრდილ საგარეო ვალს უტოვებდნენ კაბალად, ქართული ოცების ხელისუფლებამ სცადა უარი ეთქვა ვალის ზრდის მანკიერ ტენდენციაზე. სამწუხაროდ, საგარეო პირობები არ აღმოჩნდა ხელმშემწყობი.
ვ) სწორედ 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 775 მილიონი ღირებულების დოლარი შეიძინა და ამოიღო ბრუნვიდან, ხოლო წლის ბოლოს, როცა დოლარმა მთელს მსოფლიოში ზრდა იწყო, დიდხანს მხოლოდ აკვირდებოდა სიტუაციას და საჭირო ჩარევებს აგვიანებდა. მერეც ეს ჩარევები მცირემასშტაბიანი იყო და დოლარზე არსებულ მოთხოვნილებას ჩამორჩებოდა. სადღეისოდ ეროვნულ ბანკს გაყიდული (ბრუნვაში დაბრუნებული) აქვს 660 მილიონი დოლარი (მაინც 115 მილიონით ნაკლები, ვიდრე ამოღებული). თავის დროზე ნაცმოძრაობის მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლოიალობა ქვეყნისადმი (და ახალი ხელისუფლებისადმი) მეტია, თუ – ყოფილი პატრონების მიმართ, ეს ნამდვილად არაა ადვილი სათქმელი…
ვ) ყველაზე უცნაური კი იყო ის დისონანსი, რაც გაისმოდა სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან დოლარის კურსის მატების შესახებ, რომლებიც ან საერთოდ თავს არიდებდნენ სიტუაციის განმარტებას, ან ქარაგმებით ლაპარაკობდნენ, იცილებდნენ რა პასუხისმგებლობას პირადად საკუთარი მხრებიდან!
ზ) ლარის გარდა დოლარის მიმართ მსოფლიოს უმრავლესი ვალუტები გაუფასურდა. ბოლო კვირამდე ლარი გაუფასურების ტემპებით დსთ-ს და ევროკავშირის ბევრ ვალუტაზე (მაგალითად, ნორვეგიულ, შვედურ და ჩეხურ კრონაზე, პოლონურ ზლოტზე, სერბულ დინარზე და სხვებზე) უკეთ გამოიყურებოდა (http://bfm.ge/index.php?newsid=8787 ). ბოლო დღეებში დანიური კრონაც 23%-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი სულაც 35%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და დიდი შანსია, რომ 24 თებერვალს ლარის კატასტროფული ვარდნა, სწორედ ორი აზერბაჯანული ბანკის ფილალების მხრიდან თბილისში დოლარის სერიოზული რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია.
თ) დაბოლოს, მთელი რიგი ექსპერტები არა მარტო თავიანთ მოლოდინებს ახმოვანებდნენ, არამედ აშკარად კატასტროფულ სცენარებს ხატავდნენ. განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი იყო შევარდნაძის დროს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის და სააკაშვილის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპოკალიპტური პროგნოზები, რომლებიც მხოლოდ სკანდალის და საკუთარი ორაკულობის იმიჯის განმტკიცების მიზანს ემსახურებდა. აღნიშნული სპეციალისტი მშვენივრად არის ინფორმირებული იაზე, რომ სავალუტო კურსის 20-25%-იანი ვარდნა, როცა მთელს რეგიონში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, და ზოგიერთი ვალუტა ლარზე უფრო მეტადაც კი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ვერ აიხსნება მხოლოდ შიდა ფაქტორებით, მაგრამ იგი მუდმივად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა რატომღაც ავიწყდება, რომ მთელ მსოფლიოში მისი საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის დროს დამყარებული წლიური სავალუტო ინფლაციის რეკორდი – 8500% – დღესაც გინესის რეკორდებში არის დაცული!
ხელისუფლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ სწრაფი და ენერგიული ზომებია საჭირო! ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინვესტიციური პროექტების ხელშეწყობა და დაჩქარება, გადასახადების დაქვეითება (მაგალითად, ბინების გამქირავებელთა მიმართ) და შეზღდული მოცულობის კრედიტის აღება…
კოალიციის პოლიტიკური პრობლემები
კოალიციას ნამდვილად აქვს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები:
ა) მოსახლეობის მხრიდან ნდობის შენარჩუნების,
ბ) გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში დაპირებული მიღწევების კიდევ უფრო ძნელად მისაღწევადობის დაძლევის
და
გ) საკუთარი რიგების გაწმენდისა და დისციპლინის დამყარების. ეს უკანასკნელი, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აშკარაა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაც კი, მთლიანად უმრავლესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმდენად ჭრელია, რომ მისი აღქმა ერთიან გუნდად ძნელდება. ადრე ამ განსხვავებებს ნაცმოძრაობის დამარცხების სურვილი, ხალხის მხრიდან მიცემული მანდატი და უკეთესი მომავლის მოლოდინი ანეიტრალებდა. ახლა კი მგონი, დაიჯერეს, რომ საქმე გაკეთებულია, რომ მათ ტახტს არაფერი ემუქრება, და რომ მართლა დადგა ოცნებების და განცხრომის დროს…
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ თვითდამშვიდება ძალიან ნაადრევი იყო და რომ პრობლემები ახალი ძალით და სიმწვავით იჩენს თავს.
აი, რამდენიმე გამწვავებული პრობლემა:
ჯოკია ბოდოკიას საქმე
აღნიშნულ საქმეზე დიდხანს შეჩერება დროის ფუჭი კარგვა მგონია. რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჯოკია ბოდოკია არა მერიის ზედამხედეველობის სამსახურის უფროსია, არამედ – ამ სამსახურის აპარატის უფროსი მხოლოდ, ანუ დაბალი რანგის ფუნქციონერია, რომელსაც ნამდვილად არ შეეძლო ასეთი ტიპის „სერვისის“ გაწევა და სასტუმროსთვის ნანატრი პერსპექტიული ადგილის გარანტირება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას ფული სხვისთვის გადასაცემად სჭირდებოდა და სწორედ ის “სხვა” იქნებოდა მაღალი დონის მოხელე შესაბამისი მაღალი დონის გაყალბების მანდატით.
მაგრამ, მოდით, ჯერ ის ვიკითხოთ, ვინ გადაიხადა ეს, – საქართველოსთვის მართლაც ძალიან მაღალი – ქრთამი!
აღმოჩნდა, რომ უბრალო ქართველ ქალბატონს გადაუხდია, ვინმე ნათია მახარაშვილს, სასტუმროს აშენების მოსურნე ირანული ფირმის ნდობით აღჭურვილ პირს. არც ის ვიცით, ვინ და როდის დაპირდა ნათია მახარაშვილს 180,000 დოლარს, და არც ის, რას წარმოადგენს ეს იდუმალებით მოცული ირანული ფირმა, რომელიც ნუცუბიძის ბოლოში, ლტოვილების ბინაში ფორმალურად ჩაწერილია და ამ მისამართს იყენებს იურიდიული საბუთებში. ეს ისტორია მაგონებს მეორე იდუმალებით მოცულ აღმოსავლელ „ბიზნესმენს“ – მარკ მონემს, რომელიც თითქოს უშველებელი ფირმის წარმომადგენელი იყო, ერთ პრეს-კონეფერნციაზე გამოჩნდა და მერე აორთქლდა… ვინმეს ხელწერას ხომ არ გაგონებთ თქვენც ეს ყველაფერი? აი, ვინმე ისეთის, ჯოკია ბოდოკიასთვის ქრთამის მიცემა რომ შესაძლო მიზანს წარმოადგენდა, ალბათ, და არა – სასტუმროს აშენების მიზნის მიღწევის საშუალებას! როგორც მაფიოზი კოლომბო იტყოდა – „იგივე სიფათები და იგივე ინსტრუმენტები…“ D:D:D
სავარაუდოდ, არცა ირანელები ყოფილან… იყო ერთი ნათია მახარაშვილი, რომლის ხელით ვიღაცამ 50,000 დოლარის გადაცემა, შეიძლება, იმისთვის დაგეგმა, რომ ჯოკია ბოდოკიასთვის მოქრთამვის ამბავი „აეწია“ – პროკურატურის წინასწარ გაფრთხილებით… იქნებ არც ირანელებია, არც სასტუმრო, არც ქრთამი… და ეს მხოლოდ სათაგურში დადებული ყველი იყო… და არც ჯოკია ბოდოკია აინტერესებდათ იმ „მარკ მონემებს“ და მათ დამქოქავ მელიებს… უფრო სწორად ჯოკია ბოდოკიას მეგრული გვარ-სახელი აინტერესებდათ მხოლოდ, რომელსაც მერე ადვილად მიაბამ ქალაქის მერის მეგრულსავე გვარს და გამოაცხობ ნაზუქივით მსუქან მითს იმაზე, რომ ჯოკია სოფ. კოკიდან არის და ბავშვობა დავით ნარმანიასთან ერთად გაატარა… (სინამდვილეში ჯოკიას ვაკეში აქვს ბავშვობა გატარებული).
ასე რომ, ამ ამბავში ძალიან საინტერესოა ეს ირანული ფირმა, და კიდევ უფრო საინტერესო, ვის ხვდებოდა და ვის ესაუბრებოდა ნათია მახარაშვილი „ოპერაცია ჯოკიამდე“ გარკვეული დროის განმავლობაში…
აჭარის გასაჭირი
ჯოკიასგან განსხვავებით, აჭარა – ნამდვილად რეალური თავის ტკივილია. და რეალური თავის ტკივილია უკვე დიდი ხანია. იმის გამო, რომ აქ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ღრმა ფესვები დატოვა, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” გამოსწორებული პოლიტიკა და გაცილებით უკეთესი ადამიანური რესურსები, ჯერჯერობით მაინც, ვერ დაუპირისპირა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე, აჭარიდან მოდიოდა, შემაშფოთებელი იყო, – რამდენადაც არ ჩანდა სწორი, პატიოსანი და მართალი მხარე! ყველა მხარე, რომელიც რაღაც ძიძგილაობებში იყო ჩართული, თავის მხარეზე საბნის გადაქაჩვას ცდილობდა და, ნაციონალური მოძრაობის გულის გასახარად, არც მორალით დაიკვეხნიდა და არც – პარტიული დისციპლინით. ამას გარდა, გვახსოვს, „უფლებადამცველ“ მედეა ვასაძის ფენომენალური უფლებადამრღვევობა ადგილობრივ ჟურნალისტებთან მიმართებაში, გვახსოვს გა-VIP-ებული ქოლგადაჭერილი ავთანდილ ბერიძე, გვახსოვს მურმან დუმბაძის ნათესავებით შელესილი აჭარის მმართველი კადრები… ბატონი ხაბაძის ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, არაა გამორიცხული, მასაც არ დაეკლო ხელი ნათესავებისთვის ხელის გამართვის საშვილიშვილო საქმეში… შედეგი ძალიან ცუდია – დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა უკვე ყოფილი უმცირესობა და მასთან გარიგებული „პერებეჟჩიკები“ არიან. მურმან დუმბაძე კი გინესის რეკორდის ახალი ნომინაციას უმიზნებს, – „ყველა პარტიიდან გარიცხული პოლიტიკოსის“ ნომინაციას. სიტუაცია დრამატულ-კომიკურია, მაგრამ რამდენადაც თავად თავმჯდომარის გადასაყენებლად 2/3-ს ჯერ ახლადგამომცხვარი „უმრავლესი უმცირესობა“ ვერ აგროვებს, ახლა მაინც შეიძლება დაჯდომა და გადაწყვეტა, სად რა უნდა მოხერხდეს…
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი
„ქართული ოცნების“ კოალიციას უკვე გამოაკლდა თავისუფალი დემოკრატების მთელი გუნდი. ახლო პერსპექტივაში, ეს ორმხრივად საზიანო გადაწყვეტილებად მიმაჩნია. „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სტრუქტურები რეგიონებში ძალიან სუსტია, თუკი საერთოდ არსებობს, და არც ისაა ცხადი, რა ფინანსური რესურსებით აპირებს ალასანია მომავალი არჩევნების მოგებას. არსებობს ერთი ძალა, რომელიც სიამოვნებით შესთავაზებდა ალასანიას თავის საკმაოდ მძლავრ ინფრასტრუქტურას და საიმედოდ გადამალულ „პარტიის ოქროსაც“, მხედველობაში მყავს ან ერთიანი ნაცმოძრაობა, ან მას ფორმალურად ვითომ გამოყოფილი ახალი სტრუქტურები, (მოძრაობა „ივერია“ ნიკა რურუას თამადობით), მაგრამ ალასანიასთვის ასეთ ალიანსში გაერთიანება ძალიან წამგებიან ნაბიჯად მიმაჩნია, რომელსაც იმედი მაქვს, იგი არ გადადგამს.
მოგებული, არა მგონია, კოალიციაც იყოს. „თავისუფალი დემოკრატები“ არა მარტო თავისი პროდასავლური ორიენტაციით არიან ცნობილნი, არამედ საკმაოდ კარგი წარმომადგენლები ჰყავდათ პარლამენტში, რომელთა ხმების და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გამოკლება როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე – კომტეტების თავმჯდომარეების ადგილებზე საკმაო დანაკლისია. მომზადებული ხალხი მომხრეებიდან უცებ მოწინააღმდეგედ რომ გადაიქცევა, გარკვეული ხნით მაინც – ეს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს ბადებს. და ისიც გასათვალისწინებელია, რა ძალებით მოხდა „თავისუფალი დემოკრატების“ ჩანაცვლება პარლამენტში – ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტებით, რომელთა ერთგულება „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პრინციპებისადმი ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რადგან კარგად მახსოვს, სად იყვნენ და რა პოზიციებზე იდგნენ 2012 წელს. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ “კაბელების საქმის” ისედაც გაჯანჯლებული ძიება უკვე პროკურატურას იმის მსგავს ზარალს აყენებს, როგორც ლაშა ნაცვლიშვილის დროს ტრაქტორების საქმის გაჯანჯლება, მაგრამ თუ ბოლოსდაბოლოს საქმე ალასანიასადმი ბრალის წაყენებამდე მივიდა, ამას დასავლეთში მართლაც საკმაოდ ცუდი გამოხმაურება ექნება…
ამას ემატება მედიაში მაქსიმალურად მუსირებული ხმები, რომ თითქოს რესპუბლიკელებიც აპირებდნენ კოალიციის დატოვებას. რაც უკვე არა იმდენად რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ცვლილება იქნებოდა, რამდენადაც კოალიცია სამი სუბიექტის მიერ დაფუძნდა და ორი პირველი დამფუძნებლის გასვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან კითხვებს გააჩენდა საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე. მეორე მხრივ, თავად რესპუბლიკელებისთვისაც ეს ნაბიჯი ნამდვილად არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან მიუხედავად პარტიული სტრუქტურების შედარებით უკეთესი ორგანიზებისა, ფინანსებთან დაკავშირებით რესპუბლიკელებიც თავისუფალი დემოკრატების დღეში აღმოჩნდებოდნენ.
მაგრამ დღეს კოალიციის ყველაზე სუსტი სუბიექტი თავად პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელთა ლიდერებს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს და ეტყობა, რომ პარტიული დისციპლინა და პრინციპებისადმი ერთგულება სერიოზულად მოიკოჭლებს. ამის ნათელი მაგალითი ზაქარია ქუცნაშვილის თვითდასახელება იყო. ნორმალურად ფუნქციონირებადი პარტიული თუ კოალიციური სტრუქტურის შემთხვევაში ასეთი მაგალითები ლამის გამორიცხულია და კარგად გამოჩნდა, რომ პარლამენტში როგორც ეს ფრაქცია, ასევე უმრავლესობა სერიოზულ სამუშაოს საჭიროებენ.
ამას ემატება მინისტრების ბოლოდროინდელი ცვლილებები, მერიაში მოსალოდნელი გადანაცვლებები და ა.შ. ცოცხალი ორგანიზმისათვის ასეთი ცვლილებები ტრაგიკული არაა, მაგრამ ისინი და მათთვის გაძლების დემონსტრირება სწორედაც რომ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ტესტი უნდა გახდეს.
ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული გადალაგება სჭირდება. თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს გადალაგება ყოველთვის ადამიანების და სახეების ცვლილებები უნდა იყოს. ხშირად შეიძლება, ამ ადამიანებისათვის მათი ფუნქცია-მოვალეობების ზუსტად განმარტება და მათ მიერ ამ პრინციპების აღიარება და განუხრელი დაცვა აღმოჩნდეს. ეს პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან თუ ასეთი ცვლილებები არ განხორციელდა, და პარტიის მექანიზმები და პრინციპები არ დაიხვეწა, ამას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ხმების დაკარგვა და პოზიციების შესუსტება მოჰყვეს. ვფიქრობ, ამ ცვლილებებს ირაკლი კობახიძის გარდა კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობაც დასჭირდება.
სხვათა შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა შეიძლება არც გამოდგეს ცუდი ამბავი და დემოკრატიული განვითარებისთვის ახალი სტიმულიც კი აღმოჩნდეს. თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის საცეცებში არ აღმოჩნდებიან (რისი საფრთხე თუნდაც იმიტომაა ძალიან რეალური, რომ მუდმივად მსგავს – ოპოზიციურ – პლატფორმაზე იქნებიან და მსგავსი (კრიტიკული) განცხადებების გაკეთება მოუწევთ რაც საზოგადოებაში მათ მაინც ერთ ძალად მოსაზრებას გამოიწვევს, თუნდაც ეს ასე რომ არ იყოს), მაშინ შეიძლება მართლაც მოახერხონ დისკრედიტირებული ნაცური ოპოზიციის ნაცვლად ახალი, ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლავე სწორად განსაზღვრონ სტრატეგიაც, ტაქტიკაც და ფინანსების მოპოვების შანსები და გზები. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხიდების საბოლოოდ ჩატეხვა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან და იაფფასიანი დამამცირებელი პოპულიზმი ძალიან ცუდი ტაქტიკაა და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ პირადული სძლევს პოლიტიკურს, რაც პოლიტიკაში გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი მიდგომაა (ეს ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილსაც და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, – ირაკლი ალასანიას)…
აღნიშნული განვითარება, რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, არც „ქართული ოცნების“ კოალიციისათვის იქნება ცუდი. გასაგებია, რომ სრულიად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის ნაცვლად თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში ყოფნა უფრო ძნელიცაა, მაგრამ უფრო გამაჯანსაღებელიც, როგორც საერთოდ ნორმალური კონკურენციის ნებისმიერი შემთხვევა. რადგან რეალურ ოპონირებას მოითხოვს და მესიჯი – „აბა, თქვენ რაღა გაქვთ სალაპარაკო!..“ უკვე უფრო რეალური მესიჯებით უნდა ჩანაცვლდეს, რაც “ქართული ოცნების” რიტორიკასაც, ოპონირების ტაქტიკასაც და ზოგადად პარტიის/კოალიციის პროგრამასაც ახალ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს, და უფრო ჯანსაღი პოლიტიკის, და საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო ცვლილებების საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.
საგარეო ურთიერთობების შესახებ
ალასანიას გადადგომის ისტორიაში მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო ევროპული ვექტორის ცვლილების ავტომატურად დაკავშირება საკუთარ გადადგომასთან – „ილიკო ჩიგოგიძის ღალატი სამშობლოს ღალატიაო“, ზუსტად ეს ლოზუნგი გამახსენა და დამაჯერებლობის იგივე კოეფიციენტი გააჩნდა, თუ უარესი – არა.
მაგრამ მთლიანობაში „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის (ალბათ – თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდის) განმავლობაში მართლაც არის გარკვეული მომენტები, რაც არ არის გამორიცხული, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გარკვეული ეჭვიანობის საფუძველი გახდეს – ქართულმა მხარემ არ მიიღო დასავლეთის საკმაოდ აშკარა სურვილი, თავი დაენებებინა ნაცმოძრაობის აქტივისტების სასამართლო დევნისათვის (და სწორადაც მოიქცა, რომ არ დაანება, რადგან ვერაფრით გაამართლებდა ამ პოლიტიკურ გარიგებას ქართული საზოგადოების თვალში), ქართულმა სახელმწიფომ ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს (და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც მოიქცა), რომელიც დასავლეთის მხრიდან რეფორმატორ დემოკრატ პოლიტიკოსად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს ძალინ დიდი იმედი ჰქონდა, რომ გარკვეული ხნით დევნილობის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას შეძლებდა… ქართულმა პროკურატურამ საქმე აღძრა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ სავარაუდო ფინანსური მაქინაციების გამოსაძიებლად (რამაც დასავლეთში შეიძლება მართლაც გააჩინა იმის განცდა, რომ, მათი აზრით, ნაციონალების მიმართ წარმოებული „პოლიტიკური დევნა“ ახლა თავისუფალ დემოკრატებზეც გავრცელდა); ამას დაემატა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების მიმართ, რასაც რამდენიმე დღეში გოგა ხაინდრავას მხრიდან სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ „კორუფციულ სქემებში“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ იყო ლაპარაკი. მართალია, არც იმის გადაჭრით თქმა შეიძლება, რომ ხაინდრავას გამოსვლა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და თავად გოგა ხაინდრავამაც აღიარა, რომ მას კითხვები სახსრების შესაძლო კორუფციულ სქემებთან უცხოეთიდან ჰქონდა და რომ საქართველოში დასახელებული ორგანიზაციების პროექტებში მოხვედრის მომენტში ამ სქემებში და ამ ორგანიზაციათა პროექტებში არაფერი კორუფციული არ იყო. მაინც, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გარკვეული ეჭვი გააჩინა, ხომ არ უკავშირდებოდა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იმას, რომ ისინი დასავლური ორგანიზაციების – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვათა საიმედო პარტნიორებად ითვლებიან… ამას ყველაფერს დაემატა საქართველოს მთავრობაში საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებები და გარკვეული შენელების პერიოდი, რაც ასეთ ცვლილებებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე.
სამწუხაროდ, სრულად არ ხდება იმ სარგებლის გამოყენება, რაც საგარეო ურთიერთობაში გამოცდილ დიპლომატებს შეუძლიათ მოიტანონ – სალომე ზურაბიშვილი იქნება ეს თუ ირაკლი მენაღარიშვილი. არ ხდება ქართული ემიგრაციის სერიოზული პოტენციალის შესახებ სერიოზული დაფიქრება, განსჯა და გამოყენების პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება. “საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავიო!” – დავწერე ეს ბლოგი 2012 წლის არჩევნების წინ და მეგონა, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდებოდა მიგრანტებისადმი დამამცირებელი დამოკიდებულების დაწუნება… დღეს სიტუაცია უკეთესი კია, მაგრამ პრობლემები მაინც სახეზეა – ორმაგი მოქალაქეობის, საკუთრების შეძენა/დაკანონების და ა.შ. ამ საკითხზე თითქოს კარგი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილთან… მაგრამ შეხვედრა შეხვედრად დარჩა და არავითარი ძვრა არ მომხდარა.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საგარეო სამინისტროს კადრების დიდი ნაწილი ნაცმოძრაობის მიერ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრებია, ხოლო არჩევნების წაგების შემდეფ ნაცებმა რამდენიმე ათეული სანდო კადრი სასწრაფოდ საზღვარგარეთ საელჩოებში გაამწესეს. არ ვიცი, ყველა მათგანი ინარჩუნებს თუ არა ნაცებისადმი ლოიალობას, მაგრამ ხომ კარგად გვახსოვს, ლოიალობის “გარანტირების” როგორი მეთოდები ჰქონდათ, – ჩეზარე ბორჯიას და ჰიმლერს რომ შეშურდებოდათ, ლამის…
ჩემი საბოლოო შეფასება ისაა, რომ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა – ფორმალურად თუ არაფორმალურად, ყველა მოქმედი თუ ძველი კადრის და თუ საჭიროა, დაქირავებული ლობისტების მეშვეობითაც, – აქტიურად ცდილობდეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობათა შესაძლო გაგრილების თავიდან აცილებას. კარგი იქნება, ახლა მაინც მოხდეს უცხოურ ასპარეზზე PR კამპანიის სწორი და კოორდინირებული წარმართვა, რაც ცოტა დაგვიანებული კია, მაგრამ ჯერაც „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ეტაპზეა… ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკას და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები 2016 წლის არჩევნებზე ისედაც საკმაოდ მოძლიერებული რესპუბლიკური პარტიის შანსებს საკმაოდ ზრდის და ამ მხრივაც დროზეა მუშაობა დასაწყები…
ქართულ-უკრაინული ურთიერთობის პრობლემები
ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ მერე რა – პრობლემა არ არის, ყველაფერი მოგვარდება!
კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათაც, ვინც აღშფოთებულია და მზად არის უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგების ცეცხლი დაანთოს, რომ უკრაინის მთავრობა „ჭკვაზე მოიყვანოს“.
ფაქტია, ლამის უკვე საბოლოოდ ჩაძირულმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადარჩენის ძალიან სერიოზული შანსი მიიღო. – ახალი ქვეყანა, ახალი ხელისუფლება, ახალი ფული, ახალი შესაძლებლობა, დაგეგმონ მრავალმილიარდიანი ბიუჯეტები, მოახდინონ ილუზიების ტირაჟირება, “დაამარცხონ კორუფცია” იმისთვის, რომ პარალელურად აააყვავონ საკუთარი კორუფცია, დაიჭირონ ქურდები, რომ თავად მოჯდნენ ქურდებად, აღზარდონ ახალი უკრაინელები, და ათასი სხვა ვარდისფრად შეღებილი ოღრაშობები…
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვითომდა საქართველოს მოქალაქეობას ვერ შეელია და ოფიციალურ სამთავრობო თამამდებობაზე უარი განაცხადა, სინამდვილეში ყველაზე უკეთეს პოსტს მოეჭიდა – რეფორმების არაოფიციალური ხელმძღვანელია, პოროშენკოს პირადი დესპანი, რომლის სტატუსის წინაშე ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი კარი გაიღება, რომელიც უცხოური წამყვანი ტელევიზიების მუდმივი რესპოდენტი კვლავ გახდება და რომელიც, საკუთარი თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, პასუხს არც არაფერზე აგებს! – როგორც კი შეხედავს, რომ საქმე ცუდადაა, მაშინვე შეძლებს აორთქლებას და საკუთარი რევოლუციონერობის და რეფორმატორობის უზადო ნიჭის სხვა მთავრობისთვის შეთავაზებას. ეს მაშინ, როცა მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს შეიძლება უფრო სერიოზულად მოთხოვოს პასუხი უკრაინელმა ხალხმა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ დღეს ისევე გამოიღვიძებს, როგორც ნაცებისგან მრავალ წელს მოტყუებულმა და გათანგულმა ქართველმა ხალხმა გამოიღვიძა.
მაგრამ მანამდე, ყოველგვარი თვითდამშვიდების გარეშე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მართლაც სერიოზული შესაძლებლობა მიიღო, რომელსაც ისინი, დარწმუნებული ვარ, არა უკრაინელი ხალხის აყვავებისათვის, არამედ საქართველოში საკუთარი დაბრუნებისათვის, ეცდებიან, გამოიყენონ!
ვფიქრობ, ქართულმა სახელმწიფომ სერიოზულად დააგვიანა ნაცმოძრაობის მამხილებელი დოკუმენტების გამრავლება და გავრცელება! მართალია, პროკურატურას დრო უნდა, მაგრამ რამდენი დოკუმენტური მასალა არსებობს – თუნდაც ნინო ზურიაშვილის სტუდია „მონიტორის“ ან ნანა ლეჟავას სტუდია GNS-ის მიერ გადაღებული, ან გოგა ხაინდრავას საოცრად ექსპრესიული დოკუმენტური ფილმი – “დემოკრატიის შუქურა”, რომელთა გავრცელება უკრაინაში დღემდე მაინც რთული არ იქნებოდა? დღესაც ხომ შეიძლება სასწრაფოდ ამ ფილმებისთვის სუბტიტრების სხვადასხვა ენაზე მომზადება და მთელ მსოფლიოში მათი ტირაჟირება? გასაგებია, რომ ადრე სჯობდა. გასაგებია, რომ ვინც სააკაშვილის გუნდის უკრაინაში ჩასახლებას ხელი შეუწყო, არც ისე მიამიტია, რომ ეს ყველაფერი არ იცოდეს, მაგრამ დასავლურ სამყაროში მედიის და საზოგადოების ინფორმირებას სერიოზული მნიშვნელობა აქვთ! აბა, გვენახებინა უკრაინული, ან პოლონური, ან უნგრული საზოგადოებისათვის და მედიისათვის „დემოკრატიის შუქურა“ და „მინისტრის მეგობარი“ და მერე გვენახა, როგორ მოახერხებდნენ სააკაშვილი, საყვარელიძე და ადეიშვილი ამ საზოგადოების დაბოლებას? ან პოროშენკო როგორი ხალისით დანიშნავდა მათ?..
ახლა კი სასწრაფოდ გამოსასწორებელია ის დიდი პოტენციური ზარალი, რასაც სააკაშვილი, და ამერიკაში მშვენივრად მოკალათებული იაკობაშვილი და ლომაია ეცდებიან მიაყენონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი საელჩოები, და პირველ რიგში ამერიკაში ჩვენი საელჩო, ჯეროვან წინააღმდეგობას არ თუ ვერ უწევენ… ძალიან ძლიერი ლობისტური ორგანიზაცია უნდა იქნას გამოყენებული მათი პროპაგანდის წინააღმდეგ! არა ისეთი, რომელსაც ოქროთი მოვარაყებული ბლანკები ექნება, არამედ, ისეთი, რომელიც ძალას და ენერგიას არ დაზოგავს მიხეილ სააკაშვილის “კაიკაცობის” და ცრუპენტელობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და ყოველნაირი ბინძური ინსინუაციების გასაბათილებლად.
მოკლედ, რადგან ნაციონალების უკრაინაში მეორედ მოსვლა ვერ აღვკვეთეთ, იმითაც, რომ ჩვენი გასაკეთებელი საჭიროდ ვერ გავაკეთეთ, ახლა პოროშენკოს შეგონებებს, დემარშებს და მოთხოვნებს დიდი ეფექტი არ ექნება. პირიქით, ამ სიტუაციაში ძალიანც სწორი მგონია პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი კიევში და უკრაინელი ხალხისათვის ამ მძიმე ჟამს მათ გვერდით სოლიდარობის გამოხატვა! ნუ დავიწყებთ ახლა, პოროშენკოს გვერდით არ უნდა გაევლოო … მე იქ პოროშენკოზე მეტად უკრაინელი ხალხი, მათი დაღუპული გმირები და მათი მგლოვიარე ოჯახები დავინახე! ჰოდა, იმ ხალხს ჭირდებოდა ჩვენი თანაგრძნობა, და თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბევრი მათგანი აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდა, ჩვენც გვჭირდებოდა!
მოკლედ, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობები არ უნდა გაწყდეს. პარადოქსული სიტუაცია, რომ დღეს იქ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგეების მთავარი ბუდე მოეწყო, უკრაინასთან დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს. ამავდროულად, ძალიან სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს ამ “დნეპრდალეულთა” საქართველოსთან კავშირები და მათ მიერ პოტენციურად ვანდეის მოწყობის სცენარების შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოების გახლეჩა თუ გაერთიანება
მთავარი კი ეს მგონია: – საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ისევ, როგორც 2012 წელს უნდა მოახდინონ ქართული საზოგადოების ჯანსაღი ძალების გაერთიანება. ერთიანობა, ოღონდ ჯანსაღი და პატიოსანი ძალების ერთიანობა დღესაც იგივე ხარისხის ამოცანაა, რაც 2012 წელს იყო. ვინაც თავი მხოლოდ კორუფციით და უგერგილობით “გამოიჩინა”, უნდა დატოვოს კიდეც პარტია თუ კოალიციას. მაგრამ თუ ვინმეს რესპუბლიკური პარტია ზედმეტად ამბიციური ჰგონია, ან ზაქარია ქუცნაშვილი – პარტიიდან გასაშვები, ჯერ კეთილი ინებონ და მათზე უკეთესი და მათი ჩამნაცვლებელი კადრები მოიძიოს. ქართული რეალობა ისეთია, რომ ის პარტიები და პოლიტიკოსები გვყავს, რაც გვყავს. ეგენი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებრივი გადარჩევის გზით (არჩევნებით) უნდა დავხვეწოთ ხოლმე…
საქართველოს ხელისუფლების სამივე შტომ – პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა ერთმანეთთან ურთიერთობის სწორი ფორმები უნდა მონახონ და, ხალხის წინაშე მაინც, კინკლაობას თავი უნდა ანებონ! ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დღეს ერთ ეტლში არიან შებმულები და ამ ეტლის ნატანჯ მგზავრებს – ქართულ საზოგადოებას ახალი გადაჩეხვები კი არ სჭირდება, არამედ 25-წლიანი უმძიმესი მონაკვეთის იმედიანი დასასრული.
ხოლო ამ იმედიანი დასასრულის, რომელიც ახალი გზის დასაწყისი უნდა გახდეს, მთავარი შემადგენელი ნაწილი ორი იქნება – მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ჩემი ნაწილობრივი, ძირითადად მორალური – სოლიდარობისა საყდრისის დამცველების და “პანორამა თბილისის” მოწინააღდეგეთა რიგი არგუმენტებისადმი, მინდა ვთხოვო, დაფიქრდნენ, ისედაც მძიმე დღეში მყოფ ლარზე ამ ეკონომიკური პროექტების შეჩერება კიდევ უფრო როგორ კატასტროფულ დარტყმას მიაყენებდა…
მთავარ საფრთხეზე – რუსული დათვის ჩვენკენ შემოტრიალებაზე ამჯერად არ მილაპარაკებია. და მაინც, აშკარაა, რომ ირგვლივ მრავალი ქარიშხალია, არა მარტო გემის ეკიპაჟზე, არამედ თითოეულ ჩვენთაგანზეცაა დამოკიდებული, ეს გემი გააღწევს, თუ ფელინის ცნობილი ლაინერივით ამაღელვებლად და ლამაზად, სიმღერით და ორკესტრის ჰანგებში – დაიღუპება…
თფუი, ეშმაკს! D:D:D