მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები


„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…

მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:

–         როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?

–         როდის მოხდება პენსიების მომატება?

–         როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?

–         როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?

–         როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?

–         როდის   დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?

„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.

მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!

ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..

ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!

–         „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…

იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…

წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!

მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“

ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!

ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?

ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!

დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!

ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!

მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?

ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული  ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ  მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?

ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?

ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?

ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?

ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?

ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?

დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად?  ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?

და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.

ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:

  1. რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
  2. ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
  3. როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
  4. დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე  საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
  5. მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.

„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!

P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი –

1949 წლის გერმანია.

კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:

–         რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?

–         როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?

–         როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?

–         როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?

–         როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?

–         როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?

ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:

– ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!

ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:

– გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!

ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე  წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!

თვალისდაუხამხამებლად!

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?

იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.

WITHOUT  JUSTICE,  THERE  CAN  BE  NO  PEACE!

Advertisements

დასაფერფლად გამზადებული პრეზიდენტის ღაღადი მისგან უცებ შეყვარებულ ქართველ ხალხს


Image

მეგობრებო! თანამოქალაქეებო! ძმებო და დებო! ჩვენი სახელოვანი არმიისა და ფლოტის მებრძოლებო! თქვენი ბელადი მოგმართავთ თქვენ, – ჩემო საყვარლებო, უძვირფასესებო და სულზე უტკბესებო!

სულ უფრო ახლოვდება საქართველოსათვის გადამწყვეტი ბრძოლის დღე! ვერაგი მტერი, რომელმაც ვერც დაგვამარცხა და ვერც დაგვაჩოქა, რომელსაც არც შევუშინდით და არც გავექეცით, სულ უფრო მეტად ცდილობს ჩვენს ყელზე ყულფის შემოჭერას, მაგრამ მე გპირდებით, რომ არასოდეს არ შეგელევით და არ მოგატოვებთ! ყოველთვის უსურვაზივით ვიქნები ჩახვეული ჩემს ქვეყანაზე, რომელიც ჩემს დეკლარაციაში შევიტანე და ჩემს ხალხზე, რომელსაც ასე თავდადებით ვმსახურებ და სანთელივით ვიწვი!

და დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რა ძლიერია ჩვენი სახელმწიფო! როგორი ბედნიერია ჩვენი ხალხი, რომლის განვითარების უსწრაფეს ტემპებს და აღმშენებლობის გრანდიოზულ მასშტაბებს შურით შესცქერიან მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები! არასოდეს დავითისა და თამარის შემდეგ არ გვღირსებია ასეთი ელვისებური ტემპით განვითარება! არ შექმნილა არქიტექტურის და ხელოვნების ამდენი სწორუპოვარი ძეგლი, არ ჩამოსულა საქართველოში მსოფლიო ოპერისა და სცენის ამდენი ვარსკვლავი!

ან როგორია ჩვენი მიღწევები სამხედრო დარგში?!

მე ხანდახან მადარებენ ალექსანდრე მაკედონელს და ვფიქრობ, ეს ცოტა გადაჭარბებულია! არაა სწორი ჩემი შედარება იმ მხედართმთავართან, რომელიც თავის ბუნებით დამპყრობელი იყო! მე უფრო ჰანიბალის სტილის მთავარსარდალი ვარ, – ვიბრძვი უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ და ჩემი ხალხის მხრიდან უდიდესი ნდობა და სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ჩემი ნიჭით დავამარცხო გოლიათი! ჰანიბალმაც კი წააგო ერთი ბრძოლა, მაგრამ ბოლოს გაიმარჯვა და ამის შედეგად რომის იმპერია სულ მალე დაიშალა! მეოთხე რომად წოდებულ იმპერიასაც ეს ბედი ელის! ჩვენ მალე ისევ შევერკინებით მას და იგი ხუხულასავით დაიშლება!  ჩვენ დავიწყებთ სოხუმის განთავისუფლებას ქუთაისიდან, ცხინვალის განთავისუფლებას – გორიდან, ხოლო შემდეგ სოხუმიდან უკვე სოჭის და ნოვოროსიისკის განთავისუფლებასაც მოვახერხებთ! საქართველოს საზღვარი ყირიმამდე მივა და ჩვენ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს!

ამის განცხადების საფუძველს მაძლევს ის გიგანტური ნაბიჯები, რაც სულ რაღაც ორ-სამ  წელიწადში ჩვენმა სამხედრო მრეწველობამ გადადგა. რამდენიმე კვირის ინტერვალით მე თქვენ გაჩვენეთ საქართველოში დამზადებული ჯავშანმანქანები – „დიდგორი“ და „ლაზიკა“, უპილოტო საფრენი აპარატი „უსახელოური“, მალე წარმოგიდგენთ სტრატეგიულ ბომბდამშენს „ბე(ბო)-1“-ს და ბალისტიკურ რაკეტას „მს-გრანდ“-ს. ალბათ, მომავალში ჩვენს ეპოქას ასე დაახასიათებს თანამედროვეობის რომელიმე დიდი პოლიტიკოსი: „მან ჩაიბარა გუთნიანი საქართველო და დატოვა იგი ატომური ბომბით შეიარაღებული!“ დიახ, ჩემო ძვირფასებო, არც ეს დრო არის შორს! მომეცით მე ორი… სამი… ოთხი წელი… და ჩვენ ბირთვული არსენალიც გვექნება და რიონიდან გიბრალტარამდე ჩვენი ჩარტერული ატომური კრეისერები, ავიამზიდები და წყალქვეშა ნავებიც იმოძრავებენ!

ჩვენ ავაშენებთ ყველაზე დიდ ქალაქებს! ჩვენთან არს ტრამპი! – მსოფლიოს უდიდესი აღმშენებელი, რომელიც გაოცებული და ენაჩავარდნილი დადის ბათუმის და სიღნაღის ქუჩებში და აცხადებს, რომ მას აღმშენებლობის მსგავსი ტემპები ჯერ არ უნახავს! არამცთუ ბათუმსა და ლაზიკაში, არამედ გონიოსა და მახინჯაურშიც ჩვენ ავაშენებთ 20-, 40-, 60- სართულიან სასტუმროებსა და კაზინოებს, საცხოვრებელი ბინებიც ასევე მაღალი და ლაღი იქნება. საერთოდ, არც იქნება არავითარი “მახინჯაური” – ჩვენ მას “ლამაზაურს” დავარქმევთ! ამ ცათამბჯენების ბინადრები მანქანების ნაცვლად ვერტმფრენებზე გადაჯდებიან, ხოლო პლიაჟზე პირდაპირ დელტაპლანით დაეშვებიან! აი, როგორი თამამი გეგმები მაქვს მე და მინდა, რომ თქვენც ჩემსავით უშრეტი ფანტაზია გაგიღვივოთ! მინდა, რომ ჩემი თვალებით შეხედოთ მომავალს და გჯეროდეთ! არ აქვს მნიშვნელობა იმას, როდის იქნება ეს ყველაფერი! დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე იქა ხართ – ბედნიერ და ზეციურ საქართველოში! მაშინაც კი, როდესაც თქვენ გძინავთ, მე თქვენთვის ამ ბედნიერ მომავალს ვაშენებ! გჯეროდეთ და გწამდეთ ჩემი, ჩემო ძვირფასებო! ამყევით მე ამ გიჟურ ფანტაზიებში და მერე თავადაც მიხვდებით, რომ როცა ცხოვრებას მომავლის თვალით უყურებ, პატარა პრობლემები უკვე გავიწყდება ადამიანს!  იცხოვრეთ ხვალინდელი დღით! იცხოვრეთ მომავალი საუკუნით, სადაც თქვენ ყველაზე ბედნიერები და ლაღები იქნებით! კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ დაა…

რამდენი რამ გვაქვს დაგეგმილი თქვენთვის – ბარსელონაზე უფრო გრანდიოზული ბათუმი და ნახევარმილიონიანი გატიკა-ლაზიკა! განათებული უშბა და მიწისქვეშა ავტობანებით ურთიერთდაკავშირებული  სვანური კოშკები! ხელოვნური კუნძული ურეკთან და ხელოვნური ზღვა უშგულში! სიღნაღი, სადაც სიყვარული 24X7 რეჟიმში იქნება ჩართული და წყალქვეშა კაზინოების ქსელი „ვარდისფერი აკვანი“ ბაზალეთში! მილიონიანი წყალტუბო – ახალი WellVille, რომლის  აეროპორტიდან დღეში 500 საერთაშორისო რეისი შესრულდება! ყვარელი და გურჯაანი, სადაც ვისკის და ჯინის ქარხნები გაიხსნება! პალმებით თავმომწონე საგარეჯო, საქართველოს ყველა კურორტში აღმართული ჭაჭა-თაუერები და კუნილინგუს-თერაპიის ცენტრები! ხოლო თბილისს ისეთი ბედი მოვუმზადეთ, რომ არც კი  დაგესიზმრებოდათ – თბილისი იქნება სამხრეთ კავკასიის ფედერაციის დედაქალაქი – ყველა აზერბაიჯანელის დედაქალაქი, ყველა სომხის დედაქალაქი!.. მაცადეთ კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ დაა…

მე მინდა ორიოდ სიტყვით უფრო სერიოზულად შევეხო სიყვარულს და სექსს. და შევეხო ამჯერად, პატრიოტული და ბიზნეს-პერსპექტივის კუთხიდან.

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ქართველი მამაკაცები სექსუალურ პრაქტიკას გადიოდნენ რუსეთში და ეს ძალიან ცუდი ფენომენი იყო! ჯერ ერთი, ეს იყო სექსი აგრესორთან და იგი აკნინებდა ქართველი ერის ეროვნულ თვითშეგნებას! იმის მაგიერ, რომ დღედაღამ გვეფიქრა რუსეთისგან გამოყოფაზე, ჩვენ მუდამ საწინააღმდეგოზე ვფიქრობდით. ალბათ, გახსოვთ ჭიჭიკიას ცნობილი გამონათქვამი: „ვის უნდა გამოვეყო, ამას (ნატაშას) უნდა გამოვეყოო?“ ძალიან პატივს ვცემ ბუბა კიკაბიძეს, და მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, ამ სახელოვანმა და სასიქადულო მოღვაწემ პარლამენტარობაზეც იფიქროს, მაგრამ გულახდილად უნდა გავნაცხადო, (და ვიცი, რომ ბუბა ამას მაპატიებს), – მიმინოს როლი, სადაც იგი ლარისა ივანოვნასთან ურთიერთობაზე ოცნებობდა, ქართველი ხალხისათვის ძალიან დამამცირებელი იყო! და თანაც ეს იყო ეკონომიკურად ძალიან წამგებიანი! საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით მანეთი გადადიოდა რუსეთის და რუსეთის იმპერიის ქალბატონების ხელჩანთებში და საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ყვავილების, სუნამოების, ტანსაცმლის თუ ბინების სახით! ეს – „სექსი აგრესორთან“ იყო წამგებიანი მორალურადაც და ეკონომიურადაც! და ვისაც გაუკვირდა ქსენია სობჩაკთან და ქსენია სოკოლოვასთან ჩემი არნახული თავშეკავება, მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ ეს სწორედ ჩემი პატრიოტული და ეროვნული თვითშეგნების ნაყოფი იყო, თორემ სამშობლოს ერთგულებაზე რომ არ მეფიქრა, მაგათ კვნესას ბათუმიდან პეტერბურგში გაიგონებდნენ!

და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს?

ნაციონალური მოძრაობის ბრძნული და პატრიოტული გადაწყვეტილებით „სექსი აგრესორთან“ შეცვალა „სექსმა სტრატეგიულ მოკავშირესთან“! ამის განსახიერება არის ბათუმში ალის და ნინოს დიდებული ქანდაკება, ხოლო უფრო გასაგებად თუ გინდათ, გაიარეთ საღამოს ბათუმის, ქობულეთის, შეკვეთილის პლაჟებზე, შეიხედეთ  რესტორნებში და ბარებში, დისკოტეკებსა და სტრიპტიზ-კლუბებში და თქვენ ნახავთ უამრავ ბედნიერ წყვილს, რომლებიც რამდენიმე საათში თავისი ეროტიული ექსტაზით კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნების – საქართველოს და თურქეთის – სტრატეგიულ პარტნიორობას! და თანაც, განსხვავებით ძველი – ეკონომიკურად წამგებიანი მოდელისა, ახლა ქვეყნიდან ფული კი არ გადის, პირიქით, – საქართველოს ბიუჯეტში  ნიაღვარივით მოედინება! თითოეული სექსუალური აქტი, თითოეული ორგაზმი სამშობლოს სამსახურში და თანამოქალაქეების დასაქმებაშია ინვესტირებული! ამიტომ არის ეს – ჩვენს მიერ მოწოდებული მოდელი სიყვარულისა – „სექსი სტრატეგიულ პარტნიორთან“ – მორალურადაც პატრიოტული და ეკონომიკურადაც მომგებიანი. მინდა გითხრათ, რომ მალე ჩვენი საგადასახადო სამსახური GPRS-სალარო აპარატებით შეაიარაღებს ჩვენი სექსუალური ინდუსტრიის თვალწარმტაც მუშაკებს და ბიუჯეტში შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება! სადაც არ უნდა მოხდეს სექსთან ასო-ცირებული ტრანსაქცია, მაშინვე მომგებიანი ჩეკიც ამოირტყმება! მეტიც, ყოველთვიურად ფინანსთა სამინისტრო წარმატებული ინდმეწარმის სიგელებსა და პრიზებს გადასცემს მათ, ვინც თავი გამოიჩინა, ხოლო ყველაზე ნიჭიერთათვის საზღვარგარეთ ტრენინგ-ტურებსაც ვგეგმავთ!

და კიდევ ერთი ასპექტი, რასაც არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა. სიყვარულის ამ ახალი მოდელით ჩვენ გენდერული ბალანსი აღვადგინეთ! ადრე  სექსი ძირითადად ქართველი მამაკაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ჩვენმა ქალებმაც გაუგეს გემო სექს-ინდუსტრიას! ამით კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადავდგით დაკაბალებული ქართველი ქალის განთავისუფლებისაკენ. დღეს ყოველ ქართველ გოგონას თავისუფლად შეუძლია აირჩიოს პარტნიორი და თავად განსაზღვროს თავისი ბედი თუ ტარიფი! და ეს ბედნიერება მე ისე მივანიჭე ქართველ ქალებს, რომ არასოდეს არ დამიყვედრებია! მომავალშიც ვეცდები, გავამართლო ჩემი ქალი ამომრჩევლების იმედები და მოლოდინი!

მე აღარ შევჩერდები იმ წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, რომლებზეც დღეს შანხაიდან სან-ფრანცისკომდე ლაპარაკობენ! ქართული პოლიცია, რომელიც სულ რაღაც 4 წელიწადში მოქალაქეების ტყვიით დახოცვიდან უფრო თანამედროვე მეთოდებზე გადავიდა და IRI-ს ბეჭედდასმულ 87%-იან ნდობას იმსახურებს! ქართული სკოლა, სადაც მალე კომპიუტერი სრულად ჩაანაცვლებს დაფასაც და მასწავლებელსაც, ხოლო მანდატური – დირექტორს და სასწავლო ნაწილს! ქართული მედიცინა, რომელიც სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს და სწორედ ამ (ფარამაცევტული და სადაზღვევო ბიზნესის) მწვერვალებიდან ამაყად გადმოსცქერის ჩვენს მოსახლეობას! ქართული სასამართლოები, სადაც პროცესი ისეა ოპტიმიზირებული, რომ ჩვენ მალე ვირტუალური პროცესების ჩატარებას დავიწყებთ, როცა პატიმრის მიყვანა სასამართლოში არც იქნება საჭირო და სერიოზული ხარჯები დაიზოგება! ქართული სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც ყველა ბედნიერია იმ შემოსავლებით, რასაც ციხეებში გამოიმუშავებენ და იმ სამედიცინო დახმარებით, რასაც მათ აღმოუჩენენ! ქართული მედია, რომელსაც უმწვავესი შეკითხვები უჩნდება სწორედ იმ ხალხის მიმართ, ვის მიმართაც ჩვენ ყოველთვის გვექნება უმწვავესი რეაქცია, მთავარია, შეკითხვები დროულად იქნას დასმული!

საგანგებოდ მინდა შევჩერდე საქართველოში პატიმრების რიცხვის ზრდაზე, რასაც ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ირგვლივ ყველა და ყველაფერი კორუფციულ სქემებში იყო ჩართული ჩვენ დავიწყეთ დაჭერები. დავიჭერეთ მილიონების მპარავი ქურდები, მერე ისინი, ვინ ასულ ათასებს  იპარავდნენ, მერე ათასლარიანებს მოვდექით, მერე ასი ლარის ქურდებიც დავიჭირეთ… რაც უფრო მეტ ხალხს ვიჭერდით, მით უფრო მეტად ივსებოდა ციხეები, მაგრამ ჩვენ გამოსავალს მივაგენით. ჩვენ ხალხს შევთავაზეთ სასჯელის გამოსასყიდის სისტემა – საპროცესო გარიგებები! დამიჯერეთ, რომ არა გარიგებების ეს სისტემა, დღეს საქართველოს ციხეებში 26,000 კი არა, – 260,000 პატიმარი იქნებოდა! ამიტომ ვინც სასჯელაღსრულების სისტემის არასრულყოფილებაზე ლაპარაკობს, ჩვენს მდგომარეობაშიც უნდა შემოვიდეს! ჩვენ ამ პრობაციონერებისაგან გადახდილი თანხებით ვაშენებთ ახალ ციხეებს! ასე რომ, როდესაც 100,000 ადამიანს საპროცესო გარიგებას ვუდებთ, ამით ჩვენ 10,000-მდე ახალი პატიმრის ადგილს ვაშენებთ. ფაქტიურად ჩვენ შევქმენით ერთგვარი „პერპეტუმ მობილე“ – ვიჭერთ ხალხს, მათ დიდ ნაწილს (ვისაც გადახდა შეუძლია) ფულს ვახდევინებთ და ვუშვებთ, შემოსული ფულით ვაშენებთ ახალ ციხეებს და შეგვიძლია მეტი ახალი ხალხი დავიჭიროთ, ხოლო ახალი პრობაციონერების ხარჯზე – კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები… წამგებიანი ბიზნესიდან ზურა ადეიშვილმა და ხათუნა კალმახელიძემ ციხე აქციეს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ბურჯად! თანაც პრობაციონერები ძალიან დისციპლინირებული ხალხია და ათასჯერ დაფიქრდებიან, სანამ არასწორ ნაბიჯს გადადგამენ, განსაკუთრებით – არჩევნებზე… პრობლემა მხოლოდ იმაშია, ციხეები ისე კომფორტული გახდა, რომ ზარმაცი ხალხის ნაწილი უკვე სპეციალურად ჩადის წვრილმან დანაშაულს, რათა კომფორტულ ქართულ ციხეში მოხვდეს, რომელიც დღეს საბჭოთა კავშირის დროინდელ სანატორიუმს შეიძლება შევადაროთ – საცხოვრებელი პირობებითაც და საკვების ხარისხითაც. გარწმუნებთ, მალე მოვა დრო, რომ ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილს ნებაყოფლობით ენდომება ციხეში ჩაჯდომა და თავისი ფინანსური თუ სამედიცინო პრობლემების მოგვარებაზე ტვირთის სახელმწიფოსათვის გადაბარება.  ამასაც მოვაგვარებთ…  კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ და…

წელს კი, სიურპრიზი გავქვს! მალე ძალიან ბევრ ადამიანს გამოვუშვებთ ციხეებიდან! ნარკომანები და ნარკოტიკის გამსაღებლები, რომლებსაც კიდევ მრავალი წელი უნდა ეხეხათ ჩვენი ციხეების ულამაზესი იმპორტული მეტლახი, მალე სახლებში დაბრუნდებიან! და იცით, რა უნდა გითხრათ? ეს ადამიანები ხომ ახლა უფრო დააფასებენ თავისუფლების ფასს?! განა რა იყო მათი ცხოვრება, სანამ ციხეში მოხვდებოდნენ! ისინი გემოს ვერ ატანდნენ ცხოვრებას! ახლა კი მათთვის ახლობლებთან გატარებული თოთოეული წამი გაცილებით ლამაზი და დასაფასებელი გახდა, მხოლოდ ციხის შემდეგ შეიგრძნობენ ისინი ჩვენი სამშობლოს ბუნებისა და ხალხის სილამაზეს! როგორც ქართველი პოეტი მაიაკოვსკი ამბობდა, ბევრს კარგავს ის, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ციხეში არ მჯდარაო. ამიტომ, ალბათ არ იქნება ცუდი, თუ ჩვენ პერიოდულად ცხოვრების ციკლთა ამ მონაცვლეობას და კონტრასტით გამოწვეულ ბედნიერებას არ მოვაკლებთ ვაჟკაც ქართველ ხალხს! როგორც დიდი გოგლა ლეონიძე ამბობდა – ”ციხის საკნიდან ფეხშიშველი თუ არ გამოდი, რაა მამული?”

რაც შეეხება „ნულოვან ტოლერანტულობას“, ეს ჩვენი მარადიული დევიზია და უნდა დარჩეს… ზოგიერთი ჩვენი ცინიკოსი კრიტიკოსები ლაპარაკობს, რომ 1 ლარის ქურდი, ან ადამიანი, რომელმაც 1 ლარსი მზესუმზირა ჩეკის გარეშე გაყიდა, არ უნდა მიდიოდეს ციხეში! ვერ დაგეთანხმებით! ამით დაირღვევა სამართლის უნივერსალურობის და პროპორციულობის ფუძემდებელი ქვაკუთხედი… ჩვენ, მაგალითად, როდესაც სიმბოლურ ფასად ვინმე დამსახურებულ ადამიანს ქონებას გადავცემთ, ვალდებულნი ვართ, სახელმწიფო ინტერესები არ დავივიწყოთ და ბიუჯეტში 1 ლარი გადავახდევინოთ… მაგალითად, პროფესორმა გიული ალასანიამ ახლახანს 1 ლარი გადაიხადა ბათუმში რაღაც პატარა შენობის ფასად… ჰოდა, თუ მე მშობელ და გამზრდელ დედას არ ვპატიობ 1 ლარს, როგორ შეგიძლიათ, მომიწოდოთ, რომ ვინმეს ვაპატიო და 1 ლარის ქურდი არ დავიჭირო?! ეს ხომ ჩემი მშობელი დედის დამცირება და უსამართლობა გამოვიდოდა?

მაგრამ აღარ გვინდა – ციხეებზე, ჯარიმებზე და სასამართლოზე ლაპარაკი. დავუბრუნდეთ იმას, რაც გვახარებს და გვახალისებს – აგერ პარლამენტის შენობა გაიხსნება 26 მაისს, როგორც დაგპირდით… მართალია, მთლიანად ვერ გაიხსნება, მაგრამ რაღაც ხომ გაიხსნება?! განა დაგპირდით, მთლიანად გავსხნით მეთქი? მთავარია ლენტის გასაჭრელის ექვივალენტური ფართი დამთავრდეს და უხუცესი პარლამენტარის – გიგი წერეთლის ფონზე ფოტო გადავიღოთ! მთავარია, ჩვენმა ხალხმა არ დაკარგოს პერსპექტივის განცდა! რაღაცა ხომ კეთდება!.. აგერ გავხსენით კოლხური შადრევანი. ბოროტი ენები ამბობენ, რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდაო… კიდეც რომ დამჯდარიყო… რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც რომ დამჯდარიყო!.. განა რამე შეედრება ბავშვების ბედნიერ თვალებს, როცა ისინი ოქროს ჯიხვის და ოქროს ირმის რქებს ეფერებიან? ასეთი ბავშვი ხომ მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს მთავრობის მიერ მოგვრილ ამ დაუვიწყარ ნეტარებას!.. მას ხომ ვერავინ დააჯერებს, რომ ხელისუფლება მასზე არ ზრუნავს!..

საერთოდ, მე გარკვეულობა მიყვარს და ინტენსიურად ვმუშაობ, რომ უპასუხოდ არცერთი კითხვა არ დარჩეს (ნუ, გარდა იმ კითხვებისა, რომელსაც პროვოკატორები სვამენ და რომელზეც პასუხი ჩვენს დამცირებად მიმაჩნია). ამიტომ, დღედაღამ გასწორებული მაქვს, რომ საქართველოს ყველა კუთხეს ჩემი ხელი დავატყო – სად ძეგლი აღვმართო, სად – სტელა, სად ესტაკადა და სად შადრევანი… ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი და მისი ინტერესები ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ყველას ექნება ახლოს რაიმე ისეთი, რასაც შეხედავს და სულ რომ კვდებოდეს, მაინც მადლიერი აღმოთქვამს – „აი, ეს მიშამ გააკეთა! მადლობა, შენ, ღმერთო, რომ ამას მომასწარი!“ აი, ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მარად და არაფერს დავიშურებ, რომ სწორედ ასეთ საქართველოში გაცხოვროთ!

და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითოეული ქალაქი და სოფელი ჩემად მიმაჩნია, ისიც გავარკვიე უკვე, სად მინდა, ჩემი ფერფლი მიმოფანტონ – ანაკლიის თავზედ! ამ პროცედურის დეტალებზე ახლა ვმუშაობთ, როდესაც სცენარი მზად იქნება, იგი პლატინის ზარდახშაში ჩაიკეტება და საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტში ჩაბეტონდება… მთავარია, ყველამ იცოდეს, რომ გეგმა არის! ჩვენ ხომ სპონტანურად არაფერს ვაკეთებთ…

რამდენი არნახული ინოვაცია მოვიგონეთ და ხორცი შევასხით! განა რომელიმე ქვეყანას, სადაც ჩვენნაირი ხელფასი და პენსიაა, მოუფიქრებია ლაზიკის მსგავსი გიგანტური მშენებლობის დაწყება? განა სად აშენებენ ასე უკანმოუხედვად ამდენ ჰესებს ერთდროულად? განა სად არის დაგეგმილი 500 კილომეტრიან ქვეყანაში 12 სამოქალაქო აეროპორტის აშენება? განა სად მოიფიქრეს ჩეკების გათამაშებით ერის გაბედნიერება? განა ვინმეს შეუთავაზებია მოსისხლე მტრისთვის არა თავისი სული, ან თავი, არამედ ის, რაც კიდევ უფრო ძვირფასია?

მითხარით, რა დაგპირდეთ, და დაუფიქრებლად დაგპირდებით!!!

ნუ გადადებთ თქვენი სურვილების ჩემთვის გამოგზავნას! შემოდით ჩემს ფეისბუქის გვერდზე, დამილაიქეთ და ჩაუთქვით სურვილი, რომელიც ჩემთვის ბრძანების ტოლფასია! უთხარით თქვენს ახლობლებს, ნუ ერიდებათ ჩემთან ურთიერთობის! მე თქვენი პრეზიდენტი კი არა, თქვენი მეგობარი ვარ, თქვენი გულის მესაიდუმლე! თქვენი სოციალური მოძღვარი! გამიზიარეთ, რა გინდათ და თქვენს ოცნებებს ჩემს ოცნებებად და დაპირებებად ვაქცევ! წლის ბოლომდე არ არის არავითარი თემა, რომელსაც ვერ და არ დაგპირდებით!

და როგორც ამბობდა ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი დიდი მოღვაწე – მარტინ ლუთერ კინგი – „აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“ ბევრი ვეძებე და დავასკვენი, რომ სწორედ ეს ადამიანი არის ჩემი იდეალი და სწორედ ეს სიტყვებია ჩემი ცხოვრების კრედო! აქა ვდგევარ მე, ერის ლიდერად თქვენგან შერაცხული და სხვაგვარად არ ძალმიძს! და მჯერა, რომ თქვენც არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე! მე მზად ვართ თქვენ მარად გემსახუროთ და თქვენც გატყობთ მზაობას, რომ მარად მიიღოთ ჩემი მოკრძალებული სამსახური და თქვენთვის თავდადება!

(შენიშვნა – ციტირებები მოყვანილია გამოსვლის  ჩანაწერის მიხედვით)


ქოსატყუილას ზღაპრები


ამ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეესწრო ქვეყნის შუქურყოფილი მაღალი ქოსატყუილას მიერ მორიგი ფოჩიანი სატყუარების დარიგების პროცესს, რომელსაც იგი ყოველთვის მიმართავს, როდესაც დამფრთხალია. და რომელსაც ის მეყსეულად შეწყვეტს, თუ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადაყლაპავს ამ ანკესზე წამოგებულ ჭიაყელას და მორიგი ხუთი წლით ხელს მოაწერს დამონებაზე, დაჩმორებაზე, შვილების დაჭერასა და დახვრეტაზე, ბიზნესის და ქონების წართმევაზე, სოფლების გაპარტახებაზე და ქვეყნიდან მასობრივ გარეკვაზე.

45-60 წლის ხალხს გვპირდებიან, რომ დაგვასაქმებენ! ხოლო ვინც დაგვასაქმებს, იმათ პირდებიან, რომ საშემოსავლოს არ გადაახდევინებენ!

–         და ვინ გვპირდება?? ადამიანი, ვინც 8 წელია სწორედ 45 წელს გადაცილებულებს ინტენსიურად რეცხავს, სამსახურებიდან ყრის და პერსპექტივას ნოლად უქცევს! ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც 8 წელია, თქვენი პრობლემების მთავარი სათავეა! არ გათეთრდების ყორანი! მით უფრო, როცა ფული ჰქონდა, მაშინ არ გვასაქმებდა და გვახრჩობდა და ახლა, როცა ნოლზე ზის ბიუჯეტი – ახლა დაგვასაქმებს? და საშემოსავლოები რომ  გააუქმოს, მერე ბიუჯეტი ხომ დაუცარიელდება! და თავად ხომ არ მოიკლებს არაფერს! რას მოაკლებს? – პენსიებს!! დააკვირდით, არც ფინანსთა მინისტრმა, არც პრემიერ-მინისტრმა არაფერი იციან ამ ინიციატივაზე, რომელიც ეტყობა ვირთხების სიზმრით შეშინებულს სიზმრების მინისტრმა თუ მოალანდა…

გლეხებს, რომლებსაც ვალები დაედოთ ძალად შეტენილი და ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული სიმინდის გამო, სააკაშვილმა ამინისტია გამოუცხადა – თესლის შესაძენად აღებულ ვალს აღარ გადაგახდევინებთო!

–         მაგრამ თესლთუხუცესს არ უთქვამს, წელს ნაზარალებ სიმინდს, ტყუილად გადაყრილ შრომას და ხარჯებს ვინ აუნაზღაურებს გლეხებს!

–         და გჯერათ, რომ ესენი ჰიბრიდიზაციას თავს დაანებებენ? რას ამბობთ?  მათ, ალბათ, 2-3 წლის ჩაწოლილი სათესლე მასალის გასაღებისთვის  წინასწარ სერიოზული ჰონორარი აქვთ აღებული ჰიბრიდული სიმინდის წარმოებელი კომპანიისაგან და, თუ ასეა, ვითომ ადვილად შეელევიან საკუთარ მოგებას? აგერ, ახალმა გოროზმა მინისტრმა უკვე მიიღო ჰიბრიდული სიმინდის მომავალ წელს დათესვის გაზრდილი გეგმა! ასე რომ, არ დაიჯეროთ ქოსატყუილას ზღაპრები…

სახელმწიფო სექტორში ხელფასები გაიზრდებაო!

–         ეს კი ყველაზე დიდი ზღაპარია! სახელმწიფო სექტორის დაბალ რგოლში დაგეგმილია მასშტაბური შემცირებები.  უნივერსიტეტები, საგადასახადო სამსახურები და გამგეობები ამ შემცირებებს უკვე ახალ წლამდე  დაიწყებენ! უკვე დაგეგმილია და კიდევ უფრო მალე დაიწყება (ნოდარ მელაძის, თაკო ჩხაიძის და სხვა ტერმინატორების მიერ ინიცირებული) ექიმების და მასწავლებლების 2/3-ის შემცირება თბილისში და ქალაქებში, ხოლო ლიცენზიაჩამორთმეული პირებისთვის სოფლად დასაქმების შეთავაზება… ასე რომ, თუ ვინმეს მოუმატებენ კიდეც ხელფასს, ეს მხოლოდ ერთჯერადი საახალწლო პრემია იქნება და ისიც იმის ხარჯზე, რომ მის თანამშრომლებს სწორედ რომ საახალწლოდ შეამცირებენ!

…………….

მზადდება ახალი ფოჩიანი ტყუილების შეკვრა – რომ პენსია 2012 წელს გახდება ნანატრი 100 დოლარი, რომ საქართველოში ინვესტიციები 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს და საშუალო ხელფასი 500 დოლარი გახდება, რომ მალე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს დაგვიწესებს, რომ ნატო უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ … მსოფლიოში პირველად ონკანში შამპანური წამოვა და ციდან – ბრილიანტების თოვლი…

===========================================================

ახლა კი მინდა შეგახსენოთ იმ ვნებიანი დაპირებების ნაკრები, რასაც ჩვენი მაღალი ქოსატყუილა ასე შთაგონებით არიგებდა წლების განმავლობაში და ჩვენც ნეტარი სახით ვყლაპავდით.

იმედია, ეს ცივი შხაპი გამოგაფხიზლებთ სირინოზის ხმით დამტკბართ:

  • გპირდებით, რომ უახლოეს 4 წელიწადში საქართველო იქნება ერთიანი,  აღორძინებული და ძლიერი ქვეყანა.

–         შედეგი: რუსეთის მიერ ჩამოგლეჯილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია მისი და მისი სატელიტების მიერ და დასავლეთის არავითარი შეხსენებები და შეშფოთებები ამ ფაქტს არ ცვლის.

  • საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მოხდება ჩემი მმართველობის პირველ 4 წელიწადში!

–         ნატოოოუუუუ! სადა, აბა, ნატო? სადა, აბა, მაპი? სადა, აბა, მაპზე უკეთესი?

  • ჩვენ განვახორციელებთ იუსტიციის სისტემის ძირეულ რეფორმას და შევქმნით სამართლიანი სასამართლოს, სადაც მოქალაქის ყველა უფლებები განუხრელად იქნება დაცული!

–         აბსოლუტური მარაზმი! საქართველოს ამჟამად აქვს გაცილებით უარესი იუსტიციის სისტემა, გაცილებით უსამართლო სასამართლო, სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,04%-ია და გაცილებით დაუცველი მოსახლეობა, რომლის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ყალბი და შეთითხნილი საქმეების გამო იძულებულია მრავალათასიან საპროცესო გარიგებებზე წავიდეს, ან ცხოვრება და ჯანმრთელობა სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკებად ქცეულ საპატიმროებში გაატაროს…

  • ქართული პოლიცია ხალხის ერთგული მსახური! (2004 წ.)

–         ქართული პოლიცია სააკაშვილმა აქცია საკუთარ მსახურად და პოლიტიკურ პოლიციად – გესტაპოდ და ნულოვანი ტოლერანტობით გათამამებული და სისხლის სუნზე დაგეშილი გახელებული მკვლელებით აავსო. მეგის ქარდავები, ”მაიმუნები”, დათა ახალაიები…  პოლიციის მიერ დახოცილი გირგვლიანის და რობაქიძის, ციხეში წამებული გოჩა არქანიას, ოფიცერ სერგო თეთრაძის და სხვა ათობით მოკლული თუ წამებული პატიმრის სახელები საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი სახით გვიყვარდეს ჩვენი შვილების ვალების ხარჯზე აშენებულ მინის პირამიდებში მოფუსფუსე პოლიცია…

  • თავისუფალი მედია! ჟურნალისტის თავისუფლების დაცვა! (2004)

            – ”იმედის” დარბევა, 11 დანგრეული და პრივატიზირებული ტელევიზია, ავლაბრის ტურფებად ქცეული ერთდროს სერიოზული ჟურნალისტები და ახალი თაობა – დონაძეები, მელაძეები, ხარაზიშვილები, ფხაკაძეები  სხვა მსხვილი თუ წვრილი ურნალისტ-პროპაგანდისტები…

  • კონკურენტული ბიზნეს გარემო!

–         ვაი, თქვენს პატრონს, ვინც ამას ამტკიცებთ და ვისაც ამის გჯერათ! საქართველოში ბიზნესი არ არსებობს, საქართველოში არსებობს მხოლოდ დაკრიშული ბოზნესი, რომელიც ნაციონალურ ბოზბანდას ეკუთვნის!

  • მიხეილ სააკაშვილი: საქართველო გამოირჩევა, როგორც ჩვენი რეგიონის ყველაზე  წარმატებული ქვეყანა.

–         ეტყობა გარე და შიდა ინვესტიციებს, ეტყობა მთლიან შიდა პროდუქტს, ეტყობა საშუალო ხელფასის დონეს, ეტყობა ექსპორტის მაჩვენებლებს, ეტყობა საგარეო ვალის ზრდას,ეტყობა დასაქმების მაჩვენებლებს… ბიზნესის იოლად დაწყებაო?? ბიზნესის იოლად წაგლეჯაზე და ახევაზე რას იტყვით?

  • საქართველო იქნება აყვავებული და განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა!

–         ისემც სახელოთი მალი-მალ მოწმენდილი ცხვირი დაგიმშვენდა!

  • საქართველოს ექნება მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების სისტემა!

–         თუ თბილისის მერის, ჯანდაცვის მინისტრის და თავად პრეზიდენტის ოჯახისთვის ხელმისაწვდომობაზე იყო ლაპარაკი, ალბათ სწორია. სხვა მხრივ კი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ საქართველოს აღარ აქვს სამედიცინო დახმარების სისტემა. ეს არის სამედიცინო გატყავების სისტემა, რომელშიც ორივე მხარე – ექიმი და პაციენტი წაგებულია, ხოლო მოგებული არიან ავერსი, პე-ეს-პე და მათ მიერ ნაკვები ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი…

  • ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში! ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე!.. (2004)

”ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე ვაპირებდი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში დაბრუნებას, მაგრამ კარგად ცნობილი მოვლენების გამო ეს ამოცანა გადაიდო… თუმცა პირობას გაძლევთ, …შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი…” (2008)

       ულვაში! ულვაში უნდა დაგვეწიწკნა! – ათიათასობით ახალი დევნილი სამხრეთ ოსეთიდან და კოდორიდან… ათასობით დამცირებული და დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან სააკაშვილის მთავრობის მიერ საარსებო და დასაქმების პირობების გარეშედ შექმნილ გეტოებში გასახლებული დევნილი!

  • ”ცხინვალის დაბრუნება უახლოესი თვეების ამოცანაა!” (2008 წ!)

–         ეტყობა, ცხინვალის და ახალგორის რუსეთისთვის გადაცემის ამოცანაში გადაეზარდა საბოლოოდ…

  • საქართველოს აქვს სრული შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს!”

–         არ არის მითითებული, რომელი წელთაღრიცხვით! ეტყობა მაიას კალენდრით! ან – ვერას კალენდრით!

”საქართველო სიღარიბის გარეშე!” (2008)

–         როდესაც ეს გენიალური ლოზუნგი ”შეიქმნა”, ხოლო, სინამდვილეში, როდესაც სააკაშვილის ხელიდან გამოკვებილმა გრინბერგ-ქვინლან-როსნერმა მათ მიერ ჰონდურასისთვის გამოგონილ ამ აბსოლუტურად ყალბი ლოზუნგს საქართველოში გაუკეთა copy – paste, საქართველოში 1,000,000-მდე ადამიანი იყო სიღარიბის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 2010 წელს მათმა რიცხვმა 1,400,000 გადააჭარბა! პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია!

  • დასაქმება, დასაქმება, დასაქმება! (2008 წ.)

–         დღეს საქართველო ცნობილია იმით, რომ მისი ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ინდიკატორები ისეთივე ფანტასტიურია, როგორც უმუშევრობის ზრდის რეალური ტემპი. ამიტომ ინდიკატორებს დღეში 100-ჯერ გვახსენებენ, ხოლოდ უმუშევრობის რეალური ციფრები დამალულია. ოფიციალური ციფრიც – 16% სულაც არ არის მცირე, მაგრამ კვლევები ადასტურებენ, რომ რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი ამაზე 2-3-ჯერ მეტი მაინც არის.

  • ”დარია თუ ავდარია, მიშა – მაგარია!”

–         ალბათ აჯობებდა ასე – ”გორია თუ ახალგორი, მიშა მაგარია!” ეს უფრო ცხოვრებისეული სიმართლე იქნებოდა!

  • ”ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობის პირობებში უკვე ერთ წელიწადში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” (2009).

–         ეს დაპირება, უფრო სწორედ მისი მეორე ნაწილი, არის იმის უბადლო ნიმუში, როგორ უნდა აყალიბებდეს თავის დაპირებებს ნამდვილი პოლიტიკოსი, რომ მერე სიამაყით განაცხადოს, რომ მან 100%-ით სიმართლე თქვა! კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდით ამ მაოს აფორიზმის სადარ მარგალიტს:  როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” !!! ფენომენალურია! მიშა  (ფენომენ)ალურია!

  • საქმე ლაპარაკის ნაცვლად! (2010)

–         ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ ღირს.

ძვირფასო მეგობრებო,

ახლა ხომ ყველასთვის აშკარაა, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე!

არა, თქვენ (თუ სურვილი გხერხავთ!) შეგიძლიათ კიდევ ენდოთ!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთსადაიმავე ორმოში მრავალჯერ ვარდებიან, ვინც ერთსადაიმავე ფოცხს მრავალჯერ ადგამს ფეხს თავის გასახეთქად, ვინც მრავალჯერ აძლევს ფულს ერთსადაიმავე აფერისტს…

თუ თქვენ გინდათ, კიდევ ერთხელ მოგატყუოთ ქოსატყუილამ, თუ თქვენ მაზოხისტები ბრძანდებით – ადით ყვითელ ავტობუსში! ადით და იყვირეთ მთელი ხმით:

”ვირი ვარ და ვყვირივარ!”-თქო…

მაგრამ ძალიან გთხოვთ, თქვენს მეზობლებს, ახლობლებს და საერთოდ – სხვებს ნუ დაუწყებთ შებმას და დაბოლებას ქოსატყუილასაგან აღებული ოცლარიანებით მოხიბლულნი…

რადგან თუ ახლო ან შორეულ მომავალში ქოსატყუილას ძველი თუ ახალი ტირანების ფინიში დაუდგა, მერწმუნეთ, ვინმეს თქვენი ”ალალი” ქმედებებიც შეიძლება გაახსენდეს და ვაითუ თქვენზე გადატყდეს ის ავადსახსენებელი ჯოხი…

მოდით ავდგეთ და ავირჩიოთ ის, ვისაც არ მოვუტყუვებივართ!

ვისაც არ გადავუდგდივართ!

ვინც ჩვენი ნაჯაფით არ გასქელებულა!

ვისაც ჩვენთვის ბინები და სამუშაო არ წაურთმევია!

ვისაც ჩვენი ძმების, მამების თუ შვილების სისხლის ფასად რა უგრიალებია!

ვინც არაფერს დაგვპირებია და ბევრად იმაზე მეტი სიკეთე გაუკეთებია, რასაც წარმოვიდგენდით!

ხოლო ქოსატყუილები…

არ ვარ წინააღმდეგი ქოსატყუილების, რომლებიც გაშიფრულნი არიან და გულზე აწერიათ – ”ქოსატყუილა ვარ”…

მაგრამ მძულს ქოსატყუილები, რომლებიც სამოთხეს დაგვპირდნენ და არ უთქვამთ, რომ იმ სამოთხეს ჩვენს ხარჯზე – მხოლოდ თავისთვის აიშენებდნენ!

ვუთხრათ სიცრუეს და ძალადობას – “არა!”