მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)


 

მარგველა-სალომე-2როგორც იქნა დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევა –

ა) როგორც პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები,

ბ) არჩევნები, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება საპარლამენტო რესპუბლიკით,

გ) პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა 2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო,

დ) როდესაც საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი.

და მაინც, ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე გამორჩეული სხვადასხვა მოულოდნელობებით, თუმცა დაკვირვებით ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მოულოდნელობათა უმრავლესობა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ არა ტრადიციული ქართული ჰაიჰარობა – როცა გზა მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება…

 

I ტური – ოცნების ფიასკო და მოსალოდნელი „პარადოქსები“

საყოველთაო თანხმობა არსებობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტური წააგო.

წააგო არა იმდენად რიცხვებით (ფორმალურად სალომე ზურაბიშვილმა 0.9%-ით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს), მაგრამ წააგო ამ თუნდაც ლამის საყაიმო ანგარიშის კატასტროფული შეუსაბამობით პოლიტიკურ ძალთა დღეს არსებულ თანაფარდობასთან: პარლამენტში ქართულ ოცნებას ეკუთვნის 114 ადგილი (76%), ხოლო ნაცმოძრაობას – მხოლოდ 6 (4%)! ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი ასევე ოცნებიდანაა, და თვითმმართველი თემების ყველა საკრებულოშიც, გარდა – ბორჯომისა, უმრავლესობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკუთვნის.

და ამ ფონზე, პირველი ტურში ქართული ოცნების მიერ მიღებული 615,000 ხმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2012 წლის შემდეგ. ხოლო ნაცმოძრაობის მიერ მიღებული 601,000 – ყველაზე მაღალი. და თუ ამას დავამატებთ „ევროპული საქართველოს“ 180,000 ხმას, ყოფილი ნაცმოძრაობის მხარეს სულაც 780,000 ხმაზეა უკვე საუბარი, რაც თითქმის იგივე შედეგია, რომელიც ნაცმოძრობამ 2012 წელს აჩვენა, – ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას. აშკარაა, რომ 2018 წლის პირველ ტურში ქართული ოცნების შედეგს სრულიად სამართლიანად, არა უბრალოდ, – მარცხი, არამედ – ფიასკოც კი, შეიძლება, ეწოდოს.

და მაინც, ეს, სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ მისთვის იყო, ვინც მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს არ აკეთებდა და ბოლო მომენტამდე თავსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.

არის ამ მარცხში ის ზოგადი ტენდენციები და ფაქტორები, რაც თითქმის ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და სპეციფიური მიზეზებიც.

ზოგადად, გამარჯვებულ პარტიას 4-6 წლის შემდეგ არჩევნების წაგების მაღალი შანსი აქვს. რატომ? ხალხს ყველაფერი ბეზრდება და იმედი აქვს, რომ ახალი ცოცხი უკეთ დაგვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ფენომენალურად წარმატებული სახელისუფლებო პერიოდების შემდეგ არჩევნები წააგეს უინსტონ ჩერჩილმა და ახლახანს გარდაცვლილმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). პირველი ვადის შემდეგ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმაც ვერ მოიგო დამაჯერებლად საპრეზიდენტო არჩევნები – მისი მაჩვენებელი 96%-დან 53.5%-მდე დაეცა, და მხოლოდ იმ 3.5%-ის წყალობით გადაურჩა მეორე ტურს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის არნახული ზეწოლით და და მასობრივი გაყალბებით მიმდინარეობდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ეუთოს საზედამხედეველო მისიის საბოლო ანგარიშში (გამოქვეყნდა 2008 წლის 4 მარტს!) შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო უბნების 23%-ში (!) ხმის დათვლა ჩატარდა დიდი დარღვევებით და შეფასდა „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ (რომ არაფერი ვთქვათ ხმის მიცემის და სხვა დარღვევებზე), სრულიად აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებების გარეშე იმ არჩევნებს პირველივე ტურში ვერ მოიგებდა.

ახლა კი სპეციფიურ მიზეზებზე შევჩერდები, რამაც პირველ ტურში ქართული ოცნების ძალიან ცუდი შედეგი განაპირობა.

  • ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სრულად გაკრიფა არა მარტო „შუა“, არამედ მოახერხა ყველა იმ პარტიის დეზორგანიზაციაც, რომლებთან ერთად ქართული ოცნება 2012 წელს კოალიციაში იყო. ზოგიერთი ეს პარტია ქართულმა ოცნებამ ჩაყლაპა, ხოლო სხვა პარტიები – დაიშალნენ ან ძალიან დასუსტდნენ. ამას შედეგად ორი სერიოზული შედეგი მოჰყვა:
    • – ქართულ პოლიტიკური სპექტრი, გაძლიერების ნაცვლად, გაღარიბდა.
    • – ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის უშუალოდ ოცნების ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მისცემდა სხვა (ადრე ოცნებასთან კოალიციაში მყოფ) პარტიებს, შეიძლება, იმედგაცრუებული აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდა სულაც – ნაციონალური მოძრაობისაკენ გადაიხარა.
  • ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა დანაპირები სამართლიანობის აღდგენის (ან – უფრო სწორედ – სამართლიანობის დამკვიდრების) შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი მანქანის საცეცები მნიშვნელოვანწილად მოკვეთილია, მაგრამ სასამართლოსა და პროკურატურის სათავეში, ოცნების საპარლამენტო და რეგიონალურ პარტიულ სტრუქტურებში – ერთ დროს ნაცმოძრაობის ცნობილი ოდიოზური პირების არსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ სამართლის დამკვიდრებიდან ჯერ ისევ შორსაა. თუ ეკონომიკური სწრაფი პროგრესის მიღწევა – ისეთის, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისათვის იქნებოდა ხელშესახები, – ნამდვილად რთული და ხანგრძლივი ამოცანაა, სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ არსებული მოლოდნების იმედგაცრუება უფრო მძიმე იმიჯური დარტყმა მგონია ქართული ოცნებისათვის.
  • სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებში დაშვებული სერიოზული ხარვეზები თუ დანაშაულებრივი ქმედებები ამ შვილმკვდარი მამების მიმართ სამართლიანი გამოძიებისა და სასჯელის უკმარობის განცდას ქმნის. ეს ორი საქმე იქცა ძალიან მძიმე ტესტად ხელისუფლებისათვის, თანაც დღემდე გადაუჭრელია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ადამიანებთან თანაგრძნობით გამსჭვალული სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ტკივილზე საქმის დროული და სამართლიანი გამოძიებით პასუხი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ვერ გათვალა, როგორ „ოქროს ძარღვად“ აქცევდა სათავისოდ ამ საქმეებს ნაციონალური მოძრაობა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ზოგიერთ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგა და ასრულებაც მოხდა (ქონებრივი დანაშაულების მსხვერპლთა რესტიტუცია), ეს (მგონი, 150-მდე საქმე) მაინც მცირე დოზაა. და რაც ყველაზე სავალალოა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ესეც კი არ მიეწოდა სწორი გზავნილის სახით. არც ვებ-გვერდი შექმნილა, არც კონფერენცია ჩატარებულა, არც რამე სატელევიზიო გადაცემა… ნაციონალური მოძრაობა ამას მშვენივრად იყენებს და საუბრობს საკუთარ „ერთეულ შეცდომებზე“ და დღევანდელი ხელისუფლების „მასობრივ დანაშაულებებზე“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას ყოველთვის ბოლო ამბები უკეთ ახსოვს, ეს ყველაფერი, რუსთავი2-ის პროპაგანდისტული ჰაუბიცებით და მორტირებით გამოსროლილი, მომაკვდინებელ შედეგს იძლევა, მით უფრო – რაიონებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად რუსთავი2-ის მენიუზეა გადართული.
  • ქართული ოცნება ვერ იქცა იდეოლოგიურად გამართულ და ორგანიზაციულად მწყობრ პარტიად. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს არც ჰქონდა პრიორიტეტად დასახული ეს მიზანი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ 2018 წლის გაზაფხულამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მისმა ჩამოშორებამ და 2016-17 წლების ორივე არჩევნებში ფანტასტიკური შედეგის  მიღწევამ შექმნა  ილუზია, – „ასეც იოლად გავალთ ფონს“. რეალობა არის ის, რომ ღირსეული ოპონენტის არარსებობა, რამდენადაც აიოლებს გამარჯვებას, იმდენად, ან – მეტადაც კი, თვითდამშვიდების და მოდუნების საფუძველი ხდება. ხოლო პოლიტიკა  სისტემატურობას და ყოველდღიური რუტინული ამოცანების მეთოდურად გადაწყვეტას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიის შენება სკის შენებას ჰგავს – არაპროფესიონალიზმი და ჰაიჰარობა დამღუპველია.
  • ვფიქრობ, საკმაოდ თვითდამაზიანებელი იყო ოცნებისათვის პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მგონი, უკვე არავის ჰგონია, კვირიკაშვილი რომ თავისით გადადგა და იუნისეფის კვლევა რომ ამ საკითხში გადამწყვეტი იყო. „ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიანო“, ნათქვამია, და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის მომენტი იყო ძალიან არასახარბიელო საკადრო ცვლილებებისათვის, არამედ კიდევ უფრო მეტად ის – რა ტიპის ინფორმაციები გავრცელდა ამ ცვლილებების შემდეგ – იყო მინიშნებები არა მარტო მმართველობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარვეზებზე (რაც, ალბათ, რეალობას შეესაბამებოდა), არამედ – შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ერთ-ერთ ბანკთან ინტერესთა კონფლიქტზე, და ლამის – სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციებიის დაგეგმვაზეც კი. საბოლოოდ, მას მერე, რაც აშკარა გახდა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკიდა წავიდა და რამე საარჩევნო აქტივობას არ გეგმავდა, ეს ყველაფერი არც გამოძიებულა, არც დადასტურებულა და არც უარყოფილა. მაგრამ, ქართულმა ოცნებამ, ნებით თუ უნებლიედ, პრემიერ-მინისტრის სასწრაფოდ მოშორებით, თითქოს დაადასტურა იმ მძიმე პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიური შეტევის ვექტორების სისწორე, რასაც კვირიკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა იყენებდა. ასეთი კარტ-ბლანშის მიცემა ნაცმოძრაობისთვის – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – უკვალოდ არ ჩაივლიდა. და არც ჩაიარა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოცნებამ სტაბილურობა დაკარგა. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა მოლოდინი, რომ იგი სერიოზულად დაბრუნდა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალე გაიფანტა. ეტყობა, ჯერ კიდევ არსებული „ჭარბი ნდობისა“ და იოლი გამარჯვების იმედის პრევალირების გამო, ივანიშვილმა პოლიტიკასთან ახლოს დგომაც საკმარისად ჩათვალა…
  • სერიოზული შეცდომა იყო საპრეზიდენტო პოსტის გამოცხადება არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელობის დაკნინება. ფაქტობრივად, ოცნებამ თავად უთხრა ხალხს – რა გენაღვლებათ, ვისიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, მაინცდამაინც არც გვჭირდებაო. რაც ოცნების ამომრჩეველმა ასე გადათარგმნა – ესეიგი, სახლში უნდა დავრჩეთ, რაში გვაინტერესებს, 28 ოქტომბერს ვინ მოიგებსო…
  • სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად შეიძლება თავისთავად არ იყო შეცდომა, (თუმცა, მაინც მგონია, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა არაფორმალური მმართველობის შეგრძნება. ჯობდა, საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდათ და საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ), მაგრამ შეცდომა იყო ამ გადაწყვეტილების „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“ მხარდაჭერად შეფუთვა. ძალიან ბევრმა, ჩემს მსგავსად, ეს თავიდანვე არ დაიჯერა (და სწორიც აღმოვჩნდით). სამაგიეროდ, თავად ოცნების პარტელიტამ დაიჯერა და საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა – მაგ. მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთ რაიონებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად რამე აქციების ჩატარება, ან ელემენტარულად რაიმე სხვა ფორმით მხარდაჭერის გამოცხადება.
  • 2008 წელს ომის დაწყების თემით საარჩევნო კამპანიის დაწყება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა თავად ზურაბიშვილისთვის. რომ არა ნაცმოძრაობის გებელსური პროპგანდის საოცრად დახვეწილი მანქანა, შეიძლება, ამ ასპექტს სერიოზული, მაგრამ არა ასეთი – ლამის, კატასტროფული – ზიანი მიეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თემის ჰიპერბოლიზირებით (იმ ძალის მხრიდან, რომელთა ლიდერებს ხელისფლებაში ყოფნისას თავად ჰქონდათ ხელი მოწერილი მსგავს განცხადებებზე – თანაც ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმეტებზე!), თემის ნეგატიური გავლენა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული აღმოჩნდა­. ნაცმოძრაობამ, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) საკუთარი წევრობის გამოყენებით, თითქმის მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე იმ აზრის  გავრცელება, რომ [ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში გამოცდილების მქონე!] სალომე ზურაბიშვილი „პრორუსი კანდიდატია“, ხოლო [საბჭოთა წარსულით მოამაყე, ომის მერეც რუსული პასპორტის ვერდამთმობი!] გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ეროვნულობის და დამოუკიდებლობის ბურჯი და გარანტი“ (Sic!). ზურაბიშვილის ქართულის ხარვეზები აგრესიული თავდასხმების კიდევ ერთ მოწყვლად სამიზნედ იქცა და ისედაც ნაკლებად კომუნიკაბელური კანდიდატის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და კომუნიკაციის დეფიციტი გამოიწვია… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ მასირებული ბულინგი კანდიდატის მიმართ, როდესაც მის პატრიოტიზმს ის დაქირავებული მიშისტებიც კი უშვერად იხსენიებდნენ, რომელთაც თავად პუტინის და კადიროვის ღონისძიებებში მონაწილეობის “მდიდარი” გამოცდილება და დაფინანსების ისტორიაც კი გააჩნდათ. დაბოლოს, ცოდვა გამხელილი სჯობს, პოლიტიკური დებატები სალომე ზურაბიშვილმა ორივე კონკურენტთან წააგო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნაკლებად გამოცდილია ამ საქმეში, ხოლო უფრო მეტად იმიტომ, რომ დებატები ქართულად იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, აშკარაა, რომ აზრს ფრანგულად ან ინგლისურად აყალიბებს და მერე ახდენს მის თარგმნას. მსგავსი პრობლემები იმ ემიგრანტ ბალტიისპირელ ლიდერებსაც ჰქონდათ, ვინც უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ და უკვე შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ მათ არ მოუწიათ ასეთ აგრესიულ ოპონენტებთან და მედიასთან პაექრობა.
  • ქართული ოცნების PR-სამსახური პირველ ტურამდე იყო ცოცხალმკვდარი, ხოლო ქართული ოცნების სოციოლოგიური სამსახური – მკვდარზე უარესი, რამეთუ მათი კვლევები მხოლოდ თვითდამშვიდების ჰიპნოზის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. მაგალითისთვის მოვიყვან ორ დეტალს – ის, რომ ნაცმოძრაობის 400-ლარიანი პენსიის დაპირება სრული ბლეფი იყო და ელემენტარულად საქართველოს ბიუჯეტს არაფრით შეესაბამებოდა, ისევე როგორც ვაშაძის PR-კომპანიაში რუსი პიარ-ტექნოლოგების და კერძოდ, იმ შკლიაროვის მონაწილეობა, რომელმაც საქართველოში საარჩევნო რევოლუცია დააანონსა, – ორივე ეს ამბავი ფეისბუქზე გახმაურდა – არა ოცნების ან ზურაბიშვილის PR-ჯგუფების ან საარჩევნო შტატების მიერ, არამედ უბრალოდ, დაინტერესებული და დაკვირვებული ფეისბუქ-მომხმარებლების (თუ არ ვცდები – ირა ჭელიძის და მერაბ მეტრეველის) მიერ.
  • ამ ფონზე, ის მასიური და ტოტალური უპირატესობა, რაც ბანერების და სხვა რეკლამის მხრივ, კონკურენტებთან შედარებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა – რეალურად იქცა ანტირეკლამად. დუხჭირ მოსახლეობაზე, არა მგონია, პოზიტიურად მოქმედებდეს საარჩევნო ბანერებში და რეკლამებში ჭარბად დახარჯული თანხების დემონსტრირება.
  • საკმაოდ დიდი აცილება ნაცმოძრაობის აგრესიულ კამპანიასა და ოცნების „ევროპულ“ კამპანიას შორის. I ტურში ოცნებას მორალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მორალური უპირატესობით ამ კიკბოქსინგის მოგება შეუძლებელი იყო…
  • დაბოლოს, არჩევნების პირველი ტურის წინ, ოცნებამ განახორციელა რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა, რასაც ვერც კი ინატრებდა მათგან ნაცმოძრაობა:
    • – კანაფის (სამედიცინო მარიხუანის) კულტივირების და ეკონომიკური პრობლემების პანაცეად გამოცხადების თემა! ამ თემის უსწრაფესი „პოპულარიზაციით“ მკვეთრად გაღიზიანდა სამღვდელოება და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ხოლო, თუ ვინმე ელოდა, რომ ახალგაზრდობასა და მემარჯვენე მსოფლმხედველობის ეკონომისტებში მაინც იქნებოდა ეს იდეა პოპულარული, მწარედ შეცდნენ – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თუ ვინმეს დაუფასებდნენ, არა – ქართულ ოცნებას, არამედ – ისევ „გირჩს“, რომელიც დიდი ხანია, თავის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მაქსიმილურ კანაფიზაციას აცხადებს.
    • ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქუთაისში ვაშაძის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამარჯვების მიზეზი მგონია.
    • რიგი, საზოგადოებაში არაპოპულარული, გადაწყვეტილებების გახმაურება სწორედ არჩევნების წინ (მაგ. ხორბლის გადამზიდავების თემა).
    • უკვე ყბადაღებული დაპირისპირება და აქტიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
    • როგორც ლამის ყველა არჩევნების წინ – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა…

 

II ტური – ნაცმოძრაობის ფიასკო

II ტურის წინ ნაცმოძრაობას ჰქონდა ყველა ის უპირატესობა, რაც თითქოს მის საბოლოო წარმატებას უზრუნველყოფდა

ა) თუნდაც ბუტაფორიული, მაგრამ მაინც – კოალიციურობა, რასაც პირველი ტურის შემდეგ კიდევ ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და გუბაზ-ოქრუაშვილიც დაემატნენ. მაშინ როცა ოცნების მხარეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი დადგა გამოკვეთილად, ხოლო ლეიბორისტებმა, შენების მოძრაობამ და თავისუფალი დემოკრატებმა, უბრალოდ, ნეიტრალიტეტი არჩიეს;

ბ) I ტურში მოგროვილი ხმების უპირატესობა: 780,000 – 615,000-ის წინააღმდეგ;

გ) თავად ოცნებაში გაჩენილი მკვეთრი შეშფოთება და დაბნეულობა;

დ) პარალელები 2003 წელთან, როცა მოქკავშირის თითქოსდა მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში პირველი ბზარების გაჩენამ მკვეთრი არქიტექტონიკული ძვრები და ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა განაპირობა. და ამ სიტუაციური დეჟავიუს განსაკუთრებულად საშიში ფენომენი – ხელისუფლების საპარლამენტი ბლოკში მაჟორიტარი დეპუტატების დიდი მასა, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, ყოველთვის ადვილად გადახტებიან მოწინააღმდეგის ნავში – ჩაძირვის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.

მაგრამ მოხდა ის, რასაც ისევ მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება ვუწოდოთ: – 0:5-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი 10:5 დასრულდა – უკვე ოცნების სასარგებლოდ.

მოდით, მეორე ტურში სიტუაციის მკვეთრი ცვლილების მიზეზებსაც გადავავლოთ თვალი:

  1. დამნაშავეების შეწყალების დაპირება – პირველი ტურით თავბრუდახვეულმა გრიგოლ ვაშაძემ სასწრაფოდ, ლამის პირველივე ინტერვიუში გამოაცხადა მისი არჩევის შემდეგ „პოლიტპატიმრების“ და „პოლიტბრალდებულების“ სრული რეაბილიტაცია და შეწყალება. დამატებით ჩაკითხვაზე დააზუსტა, რომ ამ სიაში შევიდოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები. ამით გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი მომხრეების გამხნევება სურდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, როგორ ანტინაცურ მობილიზებას გამოიწვევდა ასეთი პერსპექტივა საზოგადოების ფართო წრეებში – იმ ნაწილში, რომელიც პირველ ტურზე ძირითადად, თავი არ შეუწუხებია. საყურადღებო იყო ნაცკანდიდატის ამ „გულუხვ“ დაპირებაზე იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის გამოხმაურება, რომელიც ოცნების მხარდამჭერად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძეის არის პრობლემების მთელი პაკეტი, ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
  2. კამპანიაში მიშას ჩართულობა და მისი გამოუსწორებლობის დემონსტრირება. პირველი ტურის შედეგებმა ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის არნახული აჟიტირება გამოიწვია. მას იმედი მიეცა, რომ მალე ქვეყნის პრეზიდენტად (და მთავარსარდლად!) საკუთარ პროტეჟეს იხილავდა და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლისთვის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არნახულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამიტომ სულ უფრო გაზარდა ის, რაც კანონით აკრძალულია კიდეც – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. რუსთავი2 კი, უკვე მერამდენედ, იქცა არა იმდენად ნაცმოძრაობის, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილის რუპორად. გაიზარდა მიშას აგრესიულობის კოეფიციენტი. ოცნების მალე დასაფლავების ოცნებაში შესულ მიშას „ღარიბი და ქილა ერბოს“ პერსონაჟის სინდრომი დაემართა და „გასწიეთ, ჩემო ნიშავ და ნიკორაო!“, გამეტებით იქნევდა სახრეს… ჰოდა, მაწონიც დაღვარა. რაც უფრო მეტად გავეშებული იყო მისი განცხადებები და ანთებული – თვალების ბრიალი, მით უფრო ცხადი იყო, რომ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაციის დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ მუქარის ტონით გაჟღერებული „უკაცრავად, გოგოო! აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!“ და ოცნების მიერ დაქირავებული PR-მენეჯერის „აფერისტ ებრაელად“ მოხსენიება. თუ პირველ ტურში არა მარტო გულმხურვალე ნაცმხარდამჭერები, არამედ არასამთავრობო სექტორის სერიოზული ნაწილი ღიად თუ ფარულად მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, ახლა ეს მათთვის სულ უფრო გაძნელდა გახელებული ექს-პრეზიდენტის მიერ სექსისტურ-ეიჯისტურ-რასისტული გამონათქვამების გამო…
  3. საარჩევნო კამპანიაში ჯარის და პოლიციის ჩართვა. მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეგნებულად ახდენდა საზოგადოებაში იმ აზრის დათესვას, რომ ნაცმოძრაობას მყარი დასაყრდენი აქვს ძალოვან სტრუქტურებში. ამის რეალიზებისა და დემონსტრირებისთვის მათ ორი ტაქტიკა შეიმუშავეს – აქციებზე პოლიციის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან პროვოცირების და „დაჩმორების“ პოლიტიკა (ამ მხრივ განსაკუთრებით „ჟურნალისტი“ გვარამია გამოირჩეოდა), რასაც რიგით პოლიციელებში ივანიშვილის დროინდელი ცენტურიონების ზე-სტატუსის მონატრება უნდა გამოეწვია. ხოლო მეორე მხრივ – ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროების ფორმაში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს უკანასკნელი იყო არნახული მასშტაბის პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც თავისი პოლიტიზირებული ავტოკრატიული რეჟიმის ზეობისას, ისევ ცდილობდა ჯარის და პოლიციის პოლიტიზირებას! ვფიქრობ, სასწრაფოდ მისაღებია ცვლილებები კანონში – რა თქმა უნდა, ნებისმიერ ყოფილ სამხედროს სრული უფლება აქვს, როგორც სხვა მოქალაქეს, თავისი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გამოხატოს, მაგრამ – არა ჯარის ან პოლიციის მუნდირში! ხოლო მათ, ვისაც ჯარის და პოლიციის მუნდირი კანონით აცვიათ, პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. ამას დაემატა ასევე თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია იმის თაობაზე, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეიძლება ქართველი სამხედროების დადანაშაულება და ჰააგის სასამართლოს მიერ დევნა მოჰყვეს. სააკაშვილის და რუსთავი2-ის მიერ წარმოებულ ამ მასირებულ შეტევას საზოგადოების უდიდეს ნაწილზე საბოლოო ჯამში დიდი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისი განმარტებების წყალობით – უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების და PR-სამსახურების მხრიდანაც, ასევე იმ პირთა მხრიდანაც, რომელთა რეპუტაციას და კვალიფიკაციას ნაციონალები „ქოცობის“ არგუმენტით ეჭვქვეშ ვერ დააყენებდნენ – მაგ. თინა ხიდაშელის, სანდრო ბარამიძის, და სხვათა – მხრიდანაც. თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სწორედ ამ „ჰააგით დაშინების“ კამპანიის შედეგი იყო ის, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებში ნაცმოძრაობის კანდიდატმა პირველი ტური კი წააგო, მაგრამ მეორე ტურში მოიგო. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი – ჯარის და პოლიციის პოლიტიზირების და არჩევნებში ჩართვის მცდელობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ სრულიად მართებულად ნეგატიურად იქნა აღქმული, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა პირადი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის დათესვის და სამოქალაქო დაპირისპირების  გაჩაღების ამდაგვარ ხერხებზე.
  4. სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი – არა მგონია, გულმხურვალე ნაცფანებს დაეჯერებინოთ ბიძა-ძმიშვილის საუბრის ავთენტურობა, ან თუ დაიჯერეს, ალბათ ჩათვალეს, რომ ქართველების მიმართ ლანძღვა-გინება მათ არ შეეხებოდათ. მაგრამ დანარჩენებზე, რა თქმა უნდა, ამ საზარლად ცინიკურმა დიალოგმა, იქონია გავლენა და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი დიდი ხანია – ამ ოჯახის წევრებს საქართველო და ქართველები ფეხებზე ჰკიდიათ. მათ საქართველო და ქართველები მხოლოდ მაშინ მოწონთ, თუ ქართველები მათ აძლევენ ხმას, და არ არსებობს კრიმინალი, რომელზეც წასავლელად ისინი მზად არ არიან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემათ. ფენომენალური იყო ამ თემაზე თემურ ალასანიას კომენტარში წამოცდენილი Lapsus lingua მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავმით უმეტეს ტელეფონით  !!!
  5. ოდიოზური ფიგურების დამატება – ნაცმოძრაობის კანდიდატმა მეორე ტურში არა მარტო ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარანტია მიიღო, არამედ – რესპუბლიკელების, ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის თანადგომაც. დასახელებულ პარტიებზე ქვემოთ მოგახსენებთ, ხოლო ამ პირების შემომატებით ნაცმოძრაობამ, ვფიქრობ, ვერაფერი მოიგო. ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აშკარაა – გორში ნაციონალებმა პირველი ტური მოიგეს: 42.5% – 34.6%, მეორე ტურში კი წააგეს: 38%-62%.
  6. მიშასგან გვიანი დისტანცირება. – გრიგოლ ვაშაძემ სცადა, გამიჯნოდა მიხეილ სააკაშვილს, ის კი არადა – ნაცმოძრაობის ლიდერთა შეწყალებაზეც აღარ იღებდა ხმას. დაანონსებული 100,000-იანი მიტინგით ხელისუფლების ჩამოშლაც უკან წაიღო. მაგრამ დააგვიანდა – ჩიტი უკვე გამოფრენილი იყო. ნაციონალებს საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება და მობილიზაცია სურდათ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ – პირველ ტურში მიძინებული ანტინაციონალი ამომრჩეველი გამოაფხიზლეს.
  7. საზოგადოების გამოფხიზლება – სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ქართულ ოცნებას არ მოუგია – მეორე ტური მოიგო ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა – ან ოცნებაზე განაწყენებული, ან ოცნებისგანვე დაიმედებული – მაინც არაფერია იქ საშენო, ცუდი მაინც ვერაფერი მოხდებაო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეიბორისტების, შენების მოძრაობის, გირჩის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, მათი ლიდერების ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა, ეს არ იყო მთავარი. სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა პირველიდან (615,000) მეორე ტურამდე (1,147,700) – 532,000-ზე მეტით, ანუ თითქმის 87%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებისა (თუ მათ პირველ ტურში დავით ბაქრაძისათვის მიცემულ ხმებსაც დავამატებთ), პრაქტიკულად არ გაზრდილა – 775,000-დან 780,000-მდე (0.6%-ით). პირველი ტურის შემდეგ ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს გავუზიარე ჩემი პროგნოზი, რომ თუ მეორე ტურში 10%-ზე მეტით მოხდებოდა არჩევნებზე მისული ადამიანების საერთო რიცხვის გაზრდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მოგების შანსი, ხოლო 15-20%-იანი ზრდის შემთხვევაში – ეს თითქმის გარანტირებული იყო. პირველ ტურში 1,638,000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მეორე ტურში – 1,928,000-მა. რაც 18%-იანი ზრდა იყო. და სალომე ზურაბიშვილმა, მართლაც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ გამოიწვია ასეთი ტექტონიკური ძვრა სულ რაღაც 1 თვეში?
  8. ოცნების ამოძრავება – პირველი ტურის შემდეგ ოცნებამ გამოიღვიძა – შექმნეს საარჩევნო შტაბები, ცეცხლი შეუნთეს მაჟორიტარებს, იქირავეს სერიოზული PR-კომპანია და დაიწყეს დაპირებების გაცემა. სრულიად აშკარა იყო, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადამლაშებაც ხდებოდა. მე პირადად, ასეთ მიუღებელ გადამლაშებად მეჩვენება ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მასიურად ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების პორტრეტებით – იმის მაგიერ, რომ ერთობლივი ფოტოები დაედოთ (სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე ზოგან ესეთი კოლაჟებიც გაჩნდა). მაგრამ იმ რეალობისაგან იმ აცდენას, რომ სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ეს ჩანაცვლება იმით მაინც სჯობდა, რომ მოსახლეობას ალალად უთხრა, ვის მიჰყავდა აღლუმი. მოშე კლუგჰაფტის მართლაც ძალიან აგრესიული კამპანია ნამდვილად არ იყო „ევროპული არჩევნების“ ეტალონი, მაგრამ როგორც ამბობენ à la guerre comme à la guerre და ეს არჩევნები ნამდვილად უფრო ომს ჰგავდა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მასირებული ბულინგით და ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით. ასე რომ, ნაცმოძრაობის ძველი სახეების გამოჩენა ვაშაძის პორტრეტის უკან ეს პრინციპში ის იყო, რაც ვაშაძემ თავად დაანონსა.
  9. სამედიცინო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა. კანაფის კულტივაციის უაღრესად წინააღმდეგობრივ და წამგებიან კამპანიაზე სასწრაფოდ უარის თქმამ ხელიისუფლებას და მის კანდიდატს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანების ჩაქრობის საშუალება მისცა.
  10. ნაძვის ხის დათმობა – ძალიან საჩოთირო ქვეტექსტი მიეცა პირველი ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას, როცა ქალაქის მერიამ ზაზა სარალიძეს და თეიმურაზ მაჩალიკაშვილს ნაძვის ხის განთავსების მოტივით შეახსენა, რომ მათი პარლამენტის წინ მიმდინარე საპორტესტი აქცია უნდა დასრულებულიყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორალურად მიუღებლად მიიჩნია შვილმკვდარი მამების პროტესტის ადგილიდან განდევნა იმ მოტივით, რომ ბავშვებისთვის იქ ნაძვის ხე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და  უკან დაიხია – რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა ნაძვის ხე…
  11. ბუტა რობაქიძის მკვლელობასა და იარაღის ფაბრიკაციის საქმეზე უზომოდ გაჭიანურებული სასამართლოს დასრულება. საზოგადოებაში ამან დიდი ხნით დაგვიანებული სამართლის ურმის როგორც იქნა გამოჩენის ეფექტი შექმნა.
  12. სოციალური ვალდებულებები – ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მოიქაჩლა თავი – ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს (დანამატებიც) და დირექტორებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სასაზღვრო პოლიციას, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და ბავშვიან ოჯახებს (10 ლარის ნაცვლად – 50 ლარი თვიურად), მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება, დღემდე უბინაო საკონტრაქტო სამხედროებს გადაეცემათ ბინები და ა.შ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა სერიოზულად ასდის ამომრჩევლის მოსყიდვის სურნელი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ნაბიჯები პოზიტიურად აღიქმება და ძნელი სათქმელია, როდის მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ იურისტები კი არა, მთელი მოსახლეობა ნეგატიურად შეხედავს ამგვარ წინასაარჩევნო სიკეთეებს.
  13. ვალების განულება – ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელმაც ლამის 600,000 ადამიანის მდგომარებას შეეხო, იყო 2,000 ლარამდე საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება საქველმოწმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. ეხლა, სადაც რამდენიმე კილო კარტოფილის და ხახვის, თუ ორკილოიანი ინდაურის ფეშქაში განიხილებოდა მოსყიდვის მცდელობად, 2,000 ლარი მოსყიდვა კი არა, არქიმოსყიდვაა, რასაკვირველია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს თემა მართლაც იყო დაანონსებული მაისიდან და თან, ვინ რა იცოდა, მოსასყიდი პირი ფარულ არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა? ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსში მკაცრად უნდა გაიწეროს ანალოგიური შემთხვევები და დაწესდეს მორატორიუმი, მაგალითად, პირველი ტურის დაწყებამდე 2 თვე, როცა მსგავსი მასშტაბური დაპირებები და ქველმოქმედებები უპირობოდ დასჯადი გახდება. თუმცა,ეს რომ მოხდეს, ამაზე პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი უნდა არსებობდეს და თუ ხელისუფლებას აეკრძალება რაიმე პროგრამის განხორციელება/დაპირება, მაშინ ოპოზიციასაც უნდა აეკრძალოს მსგავსი მასშტაბის დაპირება. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო აგიტაციას… მეორე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ თავად ოპოზიციამ ხელისუფლების ამ ქმედებებზე (2.11-2.12) იმდენად ლეგალურად განმტკიცებული ბრალდებები კი არ წარადგინა, არამედ გულწრფელად გაწიწმატდა, – ეგო, ჩვენი იდეა იყო, ჩვენ გვინდოდა მაგის დაპირებაო (ანუ, დაგვასწრეს ხალხის მოსყიდვაო!). სანამ ეს ასე იქნება, ფორმალურად დასჯადი ქმედებების პრაქტიკიდან რეალურად ამოგდება შეუძლებელი იქნება…

 

არჩევნები დამთავრდა! არჩევნები მოდის!

არჩევნები კიდეც დასრულდა და ამავდროულად – არც დასრულებულა.

ჯერ ერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ ძალის დაუძინებელმა (და ორი ქვეყნის ტახტის მადევარმა) ლიდერმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტიო!

ყველა ოპოზიციური ძალა ითხოვს ვადამდელ საპარლამენტ არჩევნებს და თანაც – შეცვლილი – პროპორციული წესით. სახელისუფლებო ძალის მთავარი არგუმენტი მხოლოდ ისაა, ვერ წავალთ ამაზე – სტაბილურობა დაირღვევაო…

აშკარა გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას მოჰყვა ახალი კრიზისის – სასამართლო ხელისუფლების კრიზისის გამწვავება. ის რაც არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, ფაქტიურად ხელისუფლებისათვის (და სახელისუფლეებო გუნდის ერთობისათვის) უფრო მეტად საშიში ბომბის დადებას ჰგავს, ვიდრე ეს ოპოზიციამ შეძლო. ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას მართავს აშკარად არაპოპულარული, დაბალრეიტინგული (კეთილსინდისიერების და სამართლიაობის კუთხით მაინც) მოსამართლეების კასტა, რომლის ძირითადი ინტერესი არის საკუთარი მარადიულობის ჩაბეტონება და ამისათვის მზად არიან საკმაოდ საჩოთირო და იურიდიულად  გაუმართლებელ ნაბიჯებზე წავიდნენ – ისარგებლონ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, წარადგინო დასამტკიცებლად საკუთარი გვარებით დაკომპლექტებული სია, რომელიც არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ განიხილეს და როგორ უყარეს კენჭი და ა.შ. ხოლო როცა საკუთარ რეიტინგზე შეშფოთებული პარლამენტი ამ მარაზმში გადასულ პროცესს აჩერებს, მომენტალურად დგამენ შურისძებითი  შანტაჟის კლასიკურ აქტს – უვადოდ ირჩევენ მოსამართლედ ლევან მურუსიძეს.  და ეს ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ყრის იმ უდავოდ პოზიტიურ ძვრებს, რაც სასამართლო სისტემაში 2012 წლის მერე სახეზეა – ჯარიმების თანხების კოლოსალური შემცირებით და განსაკუთრებით, – გამამართლებელი  განაჩენების ასევე კოლოსალური ზრდით! აქ მახსენდება მე-4 კურსზე ყვარელში საშემოდგომოდ რთველზე წაყვანილ სამედიცინოს სტუდენტებთან მაშინდელი პრორექტორის (იდეოლოგიურ დარგში) მურმან ნ.-ის ფანტასტიური ფრაზა – „მარტო ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ მსუბუქი ყოფაქცევა არ ახასიათებდეს გოგონას (!), არამედ ისე უნდა იქცეოდეს, რომ ხალხს არც გაუჩნდეს ეჭვი – მსუბუქი ყოფაქცევის შესაძლებლობაზეო!” 🙂

ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა საზოგადოების გამოხტული პოლარიზებით და (მეორე ტურში) აგრესიული კამპანიით, ხოლო არჩევნების დროს არსებული დარღვევები ყველაზე სერიოზული იყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და ამას ვერ დააყენებს თუნდაც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ის ვიდეოკადრები, რაც ნაცმოძრაობამ მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა. 10-20 უბანზე კიდეც რომ დადასტურდეს საარჩევნო ადმიისტრაციის მხრიდან დაშვებული დარღვევები თუ დანაშაული, 3700 უბნის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა და სავარაუდოდ, მხოლოდ იმ კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი დადგება, ვინც ამ კადრებზე ჩანს.

არჩევნების ყველაზე მკვეთრი შედეგები:

ქართული ოცნება მყარად არ პყრობს ხელისუფლების ბერკეტებს, რადგან არც არის რეალურად მწყობრი და იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად გამართული პარტია. მან არჩევნები ვერ მოიგო, არამედ – არ წააგო. რადგან ხალხის გაცილებით დიდი ნაწილი გაცილებით დაუშვებლად თვლის ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის და განსაკუთრებით – სააკაშვილის დაბრუნებას, ვიდრე ის ხალხი, ვინც დაუშვებლად ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას მიიჩნევს! ასე რომ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნას ნაცმოძრაობას და სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.

ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ის ამას ძირითადად მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უმადლოდეს. მაგრამ იგი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“, რომელიც არის კვაზიდესტრუქციული სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და რომელიც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტომატურად უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას.

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა სერიოზულ ოპოზიციურ ალტერნატივად ჩამოყალბება. არადა, მათ ამის შანსი ჰქონდათ პირველ ტურში, და მათი დამარცხებაც კი 11%-იანი რეიტინგით – არ იყო ცუდი შედეგი. მაგრამ მათი გაერთიანება მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატთან აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ჯერაც ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის ჩრდილიდან და ამან მათ მომხრეების ნაწილი დააკარგვინა.

თბილისის მასშტაბით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ და „გირჩმა“ – ზოგიერთ საარჩევნო ოლქებში მათმა მაჩვენებელმა 7-8%-ს გადაამეტა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიღებული მაჩვენებელი 3%-სც კი ვერ უახლოვდება. თუმცა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერების შემთხვევაში ორივე ამ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი 2020 საპარლამენტო არჩევნებზე.

ყველაზე უფრო წარმატებული ეს არჩევნები აღმოჩნდა არა ზემოთჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ იმ პოლიტიკოსისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში – იმ დროს, როცა ქართული ოცნება თავის ბექგრაუნდად და მიუღებელ, მაგრამ მაინც ერთადერთ ალტერნატივად ნაცმოძრაობის შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ კოჰაბიტაციის დამგმობმა და სამართლიაობის აღდგენის ლოზუნგით მუდმივად გამომსვლელმა ირმა ინაშვილმა დაიკავა ის თავისუფალი ადგილი, რომელიც სამართლიაობის დამკვიდრებისათვის ფრონტზე მას მორიდებულად გაუნთავისუფლა ქართულმა ოცნებამ. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულმა მრავალრიცხოვოვანმა მიტინგებმა ბათუმში და თბილისში კი იმის განცდა გააჩინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ირმა ინაშვილს შეიძლება მესამე შედეგიც კი ეჩვენებინა. მე არ მივეკუთვნები მის მომხრეთა რიგებს და ისიც კარგად მესმის, რომ 25 ნოემბერს თბილისში ლამის 100,000-იან მიტინგზე ბევრი ადამიანი არა იმდენად ინაშვილის მხარდამჭერი იყო, რამდენადაც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის არდაბრუნების მსურველი და მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ 2018 წლის ბოლო აკორდი სწორედ ირმა ინაშვილისთვის იყო ყველაზე მომგებიანი.

 

საფრთხეები:

ნიჰილიზმი და „მგელი! მგელით!“ გადაღლა.

ქართული ოცნების (ალბათ, უფრო, პირადად ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა), რომ ნაცმოძრაობის, როგორც ურჩხულის ჩონჩხის კარადაში შენახვა უზრუნველი მმართველობის ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა,  უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. სულ უფრო აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა აღარ არის იმდენად სუსტი, რომ  „მსხლის“ როლი ითამაშოს, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე მობეზრდა ოცნების მმართველობა და არაა გამორიცხული, ერთხელაც „სპარინგ-პარტნიორმა“ მოულოდნელი ალიყური აწვნიოს ფავორიტს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა. ხოლო დესტაბილიზაციის ისეთი დიდოსტატის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, დაუფასებლობა, ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოცნებას – სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – ამაზე უკრაინელი მებრძოლების თბილისში მოვლინებაც მეტყველებს, და კიდეც რომ არ ჰქონდეს რეალურად გადატრიალების მოხდენის რესურსი, შეიძლება ის მოხდეს, რომ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება სათავისოდ რუსეთმა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო მეტი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს დაემთხვეს და მიშამ ისევ ვოვასთვის სასურველი თამაში ითამაშოს, ან – ნებით, ან – უნებლიედ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა…

სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად  – მურუსიძის ხატის დამკვიდრება.

ლევან მურუსიძეს, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, რომ არ იქნას განდევნილი პროფესიულად, მაგრამ თუ ლევან მურუსიძის ხატება იქნება ქართული სასამართლოს ხატება, ეს სასამართლო, მთელი რიგი სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ვერ დაიმკვიდრებს საზოაგადოებაში მაღალ რეპუტაციას და ადამიანებს არ ექნებათ მურუსიძის, ჩინჩალაძის, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და სხვათა მიერ მართული სისტემის ნდობა. სწორედ ეს მიდგომა უნდა იქცეს, ჩემი მოკრძალებული აზრით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მთავარ ვექტორად – საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა იქნან არჩეული ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს არგუმენტირებული ეჭვები და საფუძველი. და საერთოდ, ჯერ უნდა დადგინდეს ნორმები და პროცედურები და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს, პირების არჩევა და დანიშვნა! ის რაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როცა უსწრაფესად ისარგებლა მარჯვე მომენტით და საკუთარი თავები წარადგინეს სისტემის და უზენაესი სასამართლოს მარადიულ ხელმძღვანელებად, რეალურად იყო ხარაკირი! და თუ ქართულ ოცნებას და პარლამენტის ხელმძღავნელობას არ უნდა, რომ ეს მათი ხარაკირი გახდეს, აჯობებს, რომ ეს სწორედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ხარაკირად იქცეს.

საარჩევნო საჩუქრების აპეტიტის ზრდა

მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ბენეფიტები დაარიგეს. ტაქტიკურად ეს მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ამას ორი სახიფათო სტრატეგიული დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისათვის – მოსახლეობას შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს მმართველი ძალის პირველ ტურში შეჯანჯღარება, და რაც ყველაზე არასასურველია – შეიძლება გაჩნდეს ზრდადი მოლოდინები. იმის მსგავსად, ზვიად გამსახურდიას დროს ინსტიტუებში ჩაჭრილი სტუდენტები რომ ჩარიცხეს და მერე ეს ლამის მოთხოვნად იქცა… იმედია, მთავრობა მოახერხებს მოსახლეობას განუმარტოს, რომ ვალების განულება მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო – წინა ხელისუფლებების დროს არასრულყოფილი რეგულაციების შეცდომის გამოსწორების სურვილით გამოწვეული, და ახალი ვალების დამგროვებლებს არ უნდა ჰქონდეთ ახალი განულებების იმედი.

 

რა შეიძლება მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს:

უნდა მოხდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების უსწრაფესად და დამაჯერებლად გამოძიება. და გაჭიანურებაში დამნაშავე პირების დასჯა (მინიმუმ, თანამდებობრივი დაქვეთების სახით).

შეიძლება მმართველი გუნდი დაიშალოს – ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა სერიოზული მანიშნებელია.  თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარაა აუცილებლობა, ხოლო 114-დან 75-მდე (უბრალო უმრავლესობის დაკარგვამდე) ჯერ კიდევ დიდი მანძილია და, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2020-მდე.

შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარეც შეიცვალოს და საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს – არც ეს იქნება კატასტროფა. ხოლო კობახიძის პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც კი იყოს.

შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. თუმცა, ძალიან მეეჭვება, ეს მომავალ წელს მოხდეს. არ გამოვრიცხავ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია ვიხილოთ – უკვე 2019 წელს. თუ ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს გააქრობს არაფორმალური მმართველობის ბრალდებებს და სახელისუფლებო გუნდის ტონუსში მოყვანას ხელს შეუწყობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად კარგი პოლიტიკური მენეჯერი იქნება იგი. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს შორიდან მართვას და ქართულ პოლიტიკაში – როგორც გურამ დოჩანაშვილის კლიმი იტყოდა “…ხის ჩრდილში ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი” არ ამართლებს… თუმცა ვნახოთ, ივანიშვილის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი და ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც სწორი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელოს.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მომავალი არჩევნების ბედი თბილისში არ გადაწყდება. რეგიონები და რაიონები სულ უფრო სავალალოდ ჩამორჩებიან დედაქალაქს და თუ იქ ძირეული ძვრები არ განხორციელდა დასაქმების, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების და პერსპექტივის გაჩენის კუთხით, თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხელი არ გაანძრიეს და საკუთარ მერკანტილური ინტერესები არ მოთოკეს, იქაური მოსახლეობა მალე, მიშას კი არა, არაა გამორიცხული ვოვასაც კი შეეკრას. ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს მოუწევთ მეტი აქტივობების და ფინანსების გადამისამართება, მეტი და უკეთესი რეალური თვითმმართველობის განხორციელება რეგიონებში. კალაძე რამდენადაც კარგია თბილისისთვის, იმდენად, ცუდია რეგიონებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად ზრდის დისონანსის განცდას და მოსახლეობის თბილისისკენ მოდინების არასასურველ ტენდენციას აძლიერებს.

შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა სულ უფრო მეტად დაიწყოს საკუთარი დამოუკიდებლობის დადასტურება და საკუთარი და (ხელისუფლების !) რეპუტაციის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის აღდგენა. ამ მხრივ მას სერიოზული ნიშა აქვს – საერთაშორისო ურთიერთობები, დიასპორასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა (არ მგონი, რომ ის დამთმობი იქნება, პირიქით), მაგრამ პირველ რიგში – საარჩევნო სისტემის დახვეწის და ამ მხრივ, პოლიტიკური სპექტრის ერთ სადისკუსიო მაგიდასთან თავმოყრის ინიციატივა.

ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს ახლა მხოლოდ ორ ძალას აწყობს – ნაცმოძრაობას  და პატრიოტთა ალიანსს. აჯობებს, საარჩევნო კალენდარი არ დაირღვეს. უნდა დაიხვეწოს რეგულაციები – მაგალითად, საარჩევნო პერიოდში ფინანსური და სხვა სახის რესურსების გამოყენების აკრძალვაზე, მედიის რეგულაციები (მაგალითად, ფეიკ ნიუსების და მოდელირებული ქრონიკების აკრძალვა საფრრანგეთის მსგავსად).

ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. არსებული მანკიერი შერეული სისტემის დატოვება შემდგომი რევოლუციური სიტუაციის და დესტაბილიზაციის ახალი შანსი იქნება და მიუღებელი მგონია. ამავდროულად, არც ისე მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ 2020-სთვის ხელისუფლება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ალტერნატივად რამე რეგულირებული შერეული მოდელი – მაგალითად, გერმანული (ან – სახეცვლილი გერმანული), ან ესტონური მოდელი მიმაჩნია, ამაზე თავის დროზე სტატიაც დავწერე – პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!”  მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ეს თემები ვერ იქცა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველასთვის საჭირო კონსენსუსის საკითხად. ამ თემების განხილვა დროულად უნდა დაიწყოს, და არა მაშინ, როცა – ცაიტნოტი, ან – მორიგი პოლიტიკური კრიზისი გვაიძულებს. სხვათა შორის, ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბროდ შეუძლია არც მიიწვიოს ნაციონალური მოძრაობა – პრინციპით – თუ შენ არ ცნობ არჩევნების შედეგებს, რა აუცილებელია მე მოგიწვიო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე სასაუბროდ?

2018 წელი და 2018 წლის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ პირველად გავაცილეთ პრეზიდენტი მშვიდობიანად. პირველად მოხდა, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა  ახლადარჩეულს გამმარჯვება მიულოცა და ხელისუფლება გადააბარა. ჩვენისთანა მტკივნეული და, მეტიც,  ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილსაც, სალომე ზურაბიშვილსაც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც პოლიტიკური სიბრძნე გამოვალინა. ყველას ვულოცავ. მაგრამ ეს მშვიდობა მყიფეა და გაფრთხილება ჭირდება.

ბედნიერი ახალი 2019 წელი გაგვითენე, ღმერთო!


ერთი დღის ორი ამბავი და ერთი “შემოქმედი”


panashvidi2

წვიმს.
საშინლად წვიმს.
ცა ჩამოვიდა ქვეყნად.
10 ივნისის დილაა და გარეთ რომ გაიხედავ, ისეთი ნაცრისფერია და მოღუშული თბილისი, ნოემბრის საღამო გეგონება.
ამინდმაც თითქოს გაიზიარაო ჩვენი გლოვა და ტკვილი. ცამ გუშინვე გახსნა პირი და დღეს უკვე თავშეუკავებლად დასტირის იმ ბიჭებს, ასე ერთბაშად რომ მოგვწყვიტა ომმა.
ვზივარ და „კვირის პალიტრაში“, კი არ ვკითხულობ, კანკალით მივყვები დაღუპულ ბიჭებზე ეკა ლომიძის, თეა ხურცილავას, ლალი პაპასკირის დაწერილ წერილებს. ჯერ ეკა ლომიძის „დედის ბლოგი“ წავიკითხე, მერე დაღუპულ გორელ ბიჭებზე, მერე ძეგვში, მარტყოფში, რუსთავში, ყვარელში წამიყვანა 20 წლის ერთგულმა მეგობარმა გაზეთმა…
ძალიან მძიმეა ეს. მამა ვარ და მძიმეა… დედებისთვის წარმომიდგენია, უფრო მძიმე იქნება. ხოლო დაღუპულთა დედებისთვის და ოჯახებისათვის კი – ჯოჯოხეთი…
როგორი საშინელი და ლამის არარეალური მეჩვენება ბავშვობიდან ნაცნობი ასე ლამაზი სიტყვები:
– ერთი შვილ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია!..
ამ სტატიებით გულდამძიმებულმა უფრო ვიგრძენი ჩვენი ტრაგედია, რომელიც გუშინ ამდენი ყვავილების, გვირგვინების, სანთლების, შავჩოხოსნების თუ შავკოსტუმიანი პოლიტიკოსების ფონზე ზედმეტად თეატრალიზებული და პომპეზური მეჩვენა… გუშინ ისე ვერ განვიცადე სახალხო გლოვა, როგორც დღეს, ამ გაზეთის კითხვისას. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ყელში ბურთი მაქვს გაჩრილი და ლამისაა ვტირი… თუ უკვე ვტირი…

რა უნდა ვთქვა?! ყველაფერი ნათელია: 7 დაღუპულიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის იყო, ყველაზე უფროსი – 32-ის. 7 დაღუპულიდან შვიდივე რაიონის მკვიდრია. 7 დაღუპულიდან 6 გაჭირვებამ წაიყვანა საკონტრაქტო სამსახურში და მერე – ავღანეთში. ზოგს ვალები ჰქონდა გადასახდელი, ზოგს – ოპერაციის ფული, ზოგი საკუთარ სახლზე ოცნებობდა, ზოგი – შვილზე და ზოგი საყვარელი გოგოს ცოლად მოყვანას აპირებდა დაბრუნებისას. ავღანეთში ჯარისკაცად წასვლის მთავარი მიზეზი უმუშევრობა და უიმედობა იყო. ყველაზე ზუსტად ამ ყველაფერს ეს წინადადება გამოხატავს:
„სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ, აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში.“ (ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილი)
====================================
ქვემოთ ზოგიერთი ციტატა მოვიყვანე სტატიებიდან. ისე კი გირჩევთ, სრულად წაიკითხოთ -www.kvirispalitra.ge. ან 10 ივნისის გაზეთში.

ზურა გურგენაშვილის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა… ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო. საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო…” – ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.”
“ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო”, – ტირის და.
“ჩემი შვილი ყველას შემწე იყო. ჯარისკაცის ხელფასი, რომელიც 700 ლარსაც არ აღემატებოდა, შეეძლო ყველასთვის გაენაწილებინა. პატრონობდა ავადმყოფ ძმას, ჩვენ, მშობლებს, გათხოვილ დებს, რომელთაგან ერთს ბავშვი შეუძლოდ ჰყავდა და რომ არა ზურა, წამალსაც ვერ იყიდდა…” – ხმა და ცრემლი ერთად გამოუშრა დედას.
“ავღანეთში წასვლის წინადღეს მოგვინახულა ნათესავები. ჯოჯოხეთში მივდივარ და წასვლამდე ყველას უნდა ჩაგეხუტოთო. ეს არ ქნა ზურა-მეთქი, – ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ მეთაურს მივყვებით, ყველას უკლებლივ დაგვაბრუნებსო”, – მოთქვამს მამიდა.
——
ბორისმა [ბორის ცუგოშვილი] ერთხელ უკვე ჩაათავა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2008 წლის ომის დროს საინჟინრო-სატანკო ბატალიონში იყო და გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიჭრა, ტვინის შერყევა დაემართა, ცხვირი გაუტყდა. როდესაც კონტრაქტი გაუთავდა, აღარ აპირებდა ჯარში დაბრუნებას. მცირე დანაზოგით ცოლი შეირთო. ეგონა სხვა სამსახურს იშოვიდა, მაგრამ ამაოდ. მერე ბავშვი გაჩნდა, ახლა პატარა ბიჭი 10 თვის არის. დედას საკეისრო ოპერაცია დასჭირდა. 1.000 ლარი მოგვთხოვეს ექიმებმა, ძროხა და ხბო გავყიდე, რომ ბავშვი დაბადებულიყო, სხვა ვალებიც აიღო ბორისმა და იძულებული გახდა მათ გასასტუმრებლად, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. ერთხელაცო, თქვა და წავიდა. რას იფიქრებდა, რომ ეს ერთხელაც უკანასკნელი გამოდგებოდა? რას იფიქრებდა, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდებოდა მათ სიცოცხლეს და სისულელეებს მოროშავდა ტელევიზორში?

შალვა ცუგოშვილი, ბორისის ბიძაშვილი: – სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში. სააკაშვილს ნატოში შესვლის იმედი რომ აქვს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და გვიპასუხოს, ქვეყანა, რომელსაც ამდენი დაქცეული ოჯახი ჰყავს, ვის რად უნდა ნატოში?
გორში, ცუგოშვილების ბინაში სასოწარკვეთილი დედა, ცოლი და პატარა ვაჟკაცი ელოდებიან ქართველი ვაჟკაცის დაბრუნებას, რომ მერე ისევ გააცილონ, ოღონდ უკანასკნელ გზაზე და ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩნენ, ტკივილებით, ცხოვრების შიშით და ვალებით, რომელიც ბორისს გაუსტუმრებელი დარჩა.
“მადლობა შენ, რომ შვილი მაჩუქე, სამაგალითო ბიჭო. შენ ხომ ვალები იმისთვის აიღე, რომ ჩვენ გყოლოდით თბილად და ბედნიერად…” ჩურჩულებს პირგამეხებული ნინო, ბორისის მეუღლე.

გიორგი ადამოვის ბინის შესასვლელში 20-იოდე წლის გოგონა იატაკზე, თავჩარგული მოთქვამს. ის გიორგის ს აცოლეა. 23 მაისს ბიჭს 23 წელი შეუსრულდა. დროა ცოლი შევირთოო, უთქვამს წასვლამდე და საცოლე ოჯახისთვის წარუდგენია…

დალი ადამოვი, გიორგის და – “6 ივნისს, დილით, შვიდ საათზე დაგვირეკა და ყველა მოგვიკითხა. მასზე 11 წლით უფროსი ვიყავი. ულამაზესი ძმა მყავდა, ძალიან მამაცი, კეთილი და თავმდაბალი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით, დამოუკიდებლობით. ერთხელ მონასტერში წასულა, ისე, რომ არ გვითხრა. გვისაყვედურა, რომ ვეძებდით, სად უნდა წავსულიყავი, რამეს ხომ არ დავაშავებდიო. ოცნებობდა საუკეთესო მეომარი ყოფილიყო, მაგრამ… არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელი ტკივილი გამეფდა ჩვენს სახლში, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს. გიორგი ისეთი იყო, თავისი საქმით იტყოდა სათქმელს, მაგრამ არ დააცალა ოხერმა სიკვდილმა…”

რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის იყო. მარტყოფში ჩასულს საზარელი სურათი დამხვდა – ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები 21 წლის ახალგაზრდას გლოვობდნენ. გიორგიმ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წასვლა 3 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. იგი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს… გიორგი ღუჭაშვილი მარტყოფში დედასა და ძმებთან ერთად ცხოვრობდა.
გიორგი ღუჭაშვილი, გარდაცვლილის ბიძა: მე დიდი გიორგი ღუჭაშვილი ვიყავი, ის – პატარა, მაგრამ აღარ მყავს ჩემი გიორგი. ჩემს ხელში გაიზრდა. ჩემი ძმა 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმ წელს გიორგიმ სკოლა დაამთავრა და პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, თავად ეპატრონა ოჯახისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა ჯარში. ამით არჩენდა ოჯახს. სულ მირეკავდა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო.

ლია ღუჭაშვილი, გიორგის ბიძაშვილი: როცა საკონტრაქტო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, გვითხრა, მამის დაკარგვამ გული ძალიან მატკინა, ოჯახსაც დახმარება სჭირდება, ქვეყანასაც უნდა პატრონობაო და წავიდა. ძალიან უყვარდა მამა. სანამ ბიძაჩემი დაიღუპებოდა, სახლი აუშენა გიორგის. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ ამ სახლში აპირებდა ცხოვრებას.
—-
ზვიადი [ზვიად სულხანიშვილი] საოცრად კეთილი ბიჭი იყო. დედამისი, ვერიკო, თურმე ისე მძიმედ არის, წამლებით აძინებენ. სამი ვაჟკაცი გაზარდა, გოჩა, ვასიკო და ზვიადი. ზვიადი ნაბოლარა იყო და განსაკუთრებულად ელოლიავებოდნენ. ძალიან უჭირდათ და ეს იყო ჯარში სამსახურის დაწყების მიზეზი. მერე პროფესიამაც გაიტაცა და ღირსეულად იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მთელი სოფელი საშინლად განიცდის, გლოვობს, მაგრამ ზვიადს რაღა ეშველება. ავღანეთში წასვლამდე ვნახე და ვუთხარი, ზვიად, ნუ მიდიხარ-მეთქი. გამიცინა, ნუ გეშინია, მშვიდობით ჩამოვალო…”, – მითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

ზვიადის უფროსი ძმა გოჩაც წლებია სამხედრო სამსახურშია და სამშვიდობო მისიით ორჯერ იყო ავღანეთში. იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თურმე გოჩა ზვიადმა შეცვალა. მონატრებული ძმები უცხო მიწაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამი დღე-ღამე ერთად გაატარეს. ალბათ, ძმისგან ზვიადი ბევრ რჩევას მიიღებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მათი დაშორება იქნებოდა, რადგან გოჩამ კარგად იცოდა, როგორ სახიფათო ზონაში ტოვებდა უმცროს ძმას. თურმე სამშობლოში დაბრუნებული თავს იმით ინუგეშებდა, შედარებით მშვიდ ადგილას დავტოვეო. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ესაუბრა ოჯახი ზვიადს, არ ინერვიულოთო, დაამშვიდა ახლობლები, მაგრამ ტერორისტულ აქტს შეეწირა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, უმძიმეს მდგომარეობაშია გოჩა, სულ განმარტოებას ცდილობს. მისი მოთხოვნა ყოფილა, ძმაზე ჟურნალისტებთან არავის ესაუბრა.
——
მზია ცოფურაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილის ნათესავი: – საოცრად კეთილი იყო, გულიანი. დედამისი მუშაობდა და ბებია ზრდიდა. ის ახლა 84 წლის არის. არ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ მიშოს ამბავი.
რა არ სცადა, მაგრამ სამუშაო ვერსად იშოვა. ძალიან უჭირდათ და რცხვენოდა, ამხელა კაცი დედის კმაყოფაზე როდემდე ვიყოო. ამიტომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში წასვლა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მერე კი ძალიან მოეწონა იქაურობა. ძალიან დარდობდა, ოჯახი რომ დაენგრა. გერმანიაში წავიდა, ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა. ამბობდა, ცოტას წელში გავიმართები და ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო…
—-
ერთი დაღუპულის შესახებ რეპორტაჟს ასეთი სათაური აქვს – “ფულის გამო არ წასულა ჯარში”

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: “რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა.

[თეიმურაზ ორთავიძე] – თემურის მამიდა: …ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა”.

შოთიკო მონასელიძე, მეგობარი: – მე და თემური ერთად ვიზრდებოდით. ჩვენი მამებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენ მირონიც გვაკავშირებს. მისი დის ნათლია დედაჩემია. პატიოსანი ბიჭი იყო. ერთად ვენახებშიც გვიმუშავია და მწყემსადაც ვყოფილვართ. მის ოჯახს კარგი მეურნეობა ჰქონდა, თემო მამას ეხმარებოდა. მეც ხშირად მივხმარებივარ და მწყემსად გავყოლივარ. ყველას უყვარდა, ამ ოჯახზე ცუდს არავინ გეტყვით. 18-19 წლისა მამას გვერდში ედგა. თავის საქონელს თვითონ უვლიდა. კრივზე დადიოდა. ცოლი რომ შეირთო, ძალიან ბედნიერი იყო. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ჯარში სამსახური. ფულის გამო არ წასულა ჯარში. ძალიან გვიჭირს მის სიკვდილთან შეგუება. ძალიან მეგობრული იყო. ფიზიკურად დახმარება თუ გინდოდა, მოგეხმარებოდა, თუ ფინანსურად გჭირდებოდა, ხელს გაგიმართავდა. უკან არ დაიხევდა. მართლა ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი მშობლები.

ზვიად ბეჟანიშვილი, თანაკლასელი: – ერთად გავიზარდეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაჭირვებულს სულ გვერდით ედგა, შრომისმოყვარე და კეთილშობილი იყო. მდინარე ალაზანში ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი. ცურვა კარგად იცოდა და მაშინვე საშველად გაიქცეოდა. ერთხელ ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და ხშირად ვთამაშობდით. კრივშიც წარმატება ჰქონდა.
—–

panashvidi3

========================
მესმის, რომ წინა ხელისუფლების აცუნდრუკებით ასე გაზრდილ კონტინგენტს უცებ ვერ შევამცირებთ, მესმის, რომ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეწყვეტა წარმოუდგენელია და გადახედვაც არ იქნება ადვილი, მესმის, რომ ახალი მთავრობა უცებ ვერ შეცვლის იმ ფანტასტიურ განსხვავებას, რაც არსებობს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცის არა მარტო ანაზღაურებას, არამედ სიკვდილის შემთხვევაში გაცემული კომპენსაციის მოცულობებს შორის, მესმის, რომ დაღუპულებს ეს ვერ გააცოცხლებს, თუმცა მათი ხსოვნის უკვდავყოფაზე ზრუნვა მცირე მალამო მაინც იქნება ოჯახებისათვის… და, ყველა ამ მიმართულებით მუშაობა ახლავე დასაწყებია და რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი სამძიმარიც და თავის დახრაც დაღუპულთა ხსოვნისადმი…
======================

9 ივნისს საოცრად დაემთხვა მეორე, დიდი ხნის წინ გამოცხადებული მოვლენა: მოსამართლეთა მე-10, რიგგარეშე კონფერენცია – დიდი ხნის წინ გამოცხადებული და დაანონსებული შეკრება, რომელსაც სააკაშვილის და ადეიშვილის ხელში გაბახებული და გაუბედურებული სასამართლოს რეფორმის გზაზე თითქოსდა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა.

კარგად ვიცი, როგორ მოწამლეს და მოსპეს ზემოთხსენებულმა პოლიტიკოსებად ცნობილმა კრიმინალებმა სასამართლო და სამართალი, როგორ აქციეს პროკურორები – ყოვლისშემძლე უზნეო პროკურატორებად, მოსამართლეები – აგარაკებით და ნაჩუქარი სახლებით, მაღალი ხელფასებით და პრემიებით მოსყიდულ სულგაყიდულ მონებად, ხოლო ადვოკატების გარკვეული ნაწილი – საპროცესო გარიგებების მომრიგებელ მაკლერებად. ისიც მესმის, რომ სასამართლოს, რომელიც აშკარა დანაშაულს ჩადიოდა და ხელს აფარებდა, რომელიც ბრალდებულს მხოლოდ 0.04%-ში ამართლებდა, ერთი კონფერენცია კი არა, ავგიას თავლის მსგავსად, ნიაღვარი თუ გამორეცხავს უწმინდურობისაგან. და მაინც უნდა გამოვტყდე, მჯეროდა, რომ მოსამართლეთა ნახევარს მაინც ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ სააკაშვილის უზნეო სასამართლო სისტემის უტიფარი დემაგოგებისათვის – კუბლაშვილისა და მეიშვილისათვის ახლა მაინც გაებედათ და პირში ეთქვათ, რომ მათი დიქტატით, და არავის დიქტატით (!), ცხოვრება აღარ სურთ, რომ კანონს სურთ ემსახურონ და არა – კანონდამრღვევ პოლიტიკანებს, რომ სამართალია უზენაესი და არა უზენაესი სასამართლოს მიშასლაქია თავმჯდომარე, რომელიც მილიონერად ქცევის სურვილით ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილ მონად იქცა.

მწარე იმედგაცრუება განვიცადე!

აი, რა განაცხადა კონფერენციაზე დამკვირვებლად დამსწრე პარლამენტარმა, თავადაც იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა:
,,… ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა ორი ფრთა. მე, როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ერთია პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და მეორე ფრთა, რომელიც ხმას არ იღებს და მხოლოდ ტაშს უკრავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. კენჭისყრებმა აჩვენა, რომ სადღაც 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყაროს. ეყოფა თუ არა 90 მოსამართლის ხმა და ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება…”

დავუშვათ, ძნელია ადამიანს, რომელიც შენი კორპორაციის უზენაესი პირია და ერთპიროვნულად წლების განმავლობაში განაგებდა უზენაეს საბჭოსაც და იუსტიციის საბჭოსაც, და რომელსაც ერთადერთს და განუმეორებელს შეეძლო, დაესახელებინე კარიერული ზრდისთვის, თუ ეს გზა და ჟანგბადიც გადაეკეტა – მართლაც ძნელია ამ ადამიანს ხელი დაადო და სისტემის მოსპობაში ბრალი ხმამაღლა და ყველას თვალწინ დასდო! მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ მისთვის, ან მისი ბურჯი დამქაშებისათვის კითხვა დაგესვათ? რამე კონკრეტული საკითხი ისე დაგეყენებინათ, რომ მათ თავიანთი ბინძური მაქინაციების ძველებურად გაგრძელების შანსი შეზღუდოდათ?
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას არა მარტო თავად არ სურდა კითხვების დასმა, არამე აქტიურად განწყობილ კოლეგებსაც არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება!

KONFERENCIA-3

როცა ერთეული გამბედავი მოსამართლეები (ნათია წკეპლაძე, ბესიკ სისვაძე…) რაიმე საკითხზე სასამართლო სისტემის უზურპატორებთან დაპირისპირებას ლამობდნენ, მორჩილი უმრავლესობა მათ ხელს კი არ უწყობდა, ყოველნაირად უშლიდა – უდროობის მომიზეზებით, რეგლამენტის ხელუხლებლობის მომიზეზებით, თუ „სადილზე დროულად გასვლის“ (!!!) მარაზმატული სურვილის დაფიქსირებით!

საშინელება იყო გუშინდელი კონფერენცია! უსამართლობის და უპრინციპობის აპოთეოზი!
და სიტყვები? გამოსვლები? ესაა ჩვენი მოსამართლეთა კორპუსი? მოსამართლეს სიტყვა მაინც ხომ უნდა უჭრიდეს (ნამუსზე რომ უმრავლესობა მწყრალად იყო, აშკარაა 😦 )
მოსამართლეთა კონფერენციებზე გამომსვლელთა უმრავლესობის სიტყვებს რომ ვუსმენდი, კედლებზე ბრეჟნევის სურათს ვეძებდი და სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ მალე საბჭოთა კავშირის ჰიმნსაც დაუკრავდნენ…
3 წუთი რომ გაქვს რეგლამენტი და 5 წუთი რომ რაღაც ზოგადსაკაცობრიო ფრაზებს ისვრი და იმას ჰპირდები კოლეგებს, რომ პრემიებისთვის და ხელფასების გასაზრდელად ბრძოლაში დახარჯავ მთელს შენს ენერგიას და ენთროპიას!..

აი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარი კახა კოჟორიძის შეფასება, რომელიც ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა (თუმცა მასალის ყველასათვის მიუწვდომლობის გამო FOR.ge ბმული მყავს მოყვანილი):
——–
მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს იმას, როცა გალიაში ჩაკეტილ ჩიტს გალიას უხსნიან, მაგრამ ის გაფრენას ვერ ახერხებს. ამ კონტექსტში კოჟორიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ სხდომის დღის წესრიგის თავად განსაზღვრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვების დასმის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

“მოსამართლეთა კონფერენციამ ვერ გაითავისა, რომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივ რაღაცაში გამოიხატა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს. გარდა ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოვლინდა იმაში, რომ მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმა, მაგარამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან კენჭისყრის დროს მოსამართლეთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე პრობლემატურია მისი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის საკითხი. კოჟორიძის შეფასებით, კუბლაშვილი ტენდენციური იყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც სხდომას უძღვება, იმავდროულად ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. “ის ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. რეგლამენტის და დღის წესრიგის შემუშავებაში კუბლაშვილი მონაწილეობდა და მოსამართლეთა დღის წესრიგთან და რეგლამენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქტიურად გამოხატავდა. ჩემი აზრით, სხდომის თავმჯდომარის მთავარი ამოცანაა არა საკუთარი პოზიციების აქტიური დაფიქსირება, არამედ ის, რომ ობიექტურად წარუძღვეს სხდომას და ყველას მოსაზრების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლოგიკური იყო, როცა კონფერენციაზე დაისვა საკითხი, ფარული კენჭისყრით ჯერ ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მომხდარიყო და ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წაეყვანა სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ არც ამ შეთავაზებას დაუჭირა მხარი.

http://for.ge/view_news.php?news_id=19959&news_cat=0

100%-ით ვეთანხმები კახა კოჟორიძეს!
ეს კონფერენცია – სასამართლოს რეფორმირების დასაწყისი კი არა – სრული ბრეჟნევშჩინა იყო!
რამდენიმე ადამიანის გარდა, აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი იყო სადმე შეყუჟულიყო, კადრში არ მოხვედრილიყო, პირზე ბოქლომი დაედო და არავითარ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებოდა სხდომის წამყვანის – კოტე კუბლაშვილის რაფინირებულ დიქტატს, არატრანსპარენტულობას და დემაგოგიას.
ყველა იმ მოსამართლეს მინდა მივმართო, ვინც ნაცმოძრაობის მიერ წლობით ჩაკეტილი გალიის გახსნის შემდეგაც მაინც შიგ დარჩენა და ხელიდან საკენკის კენკვა არჩია თავისი აზრის დაფიქსირებას და მონიჭებული თავისუფლებით სარგებლობას:
“Рожденный ползать – летать не может!” 😦
სამართალმა დღეს პური კი არა, ჟანგა ჭამა!

საბოლოოდ კი ყველა კანდიდატურა იმ ნაცმოძმორჩილმა უმრავლესობამ გაიყვანა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კუბლაშვილის ერთგული დარჩა და პირველივე ტურში აირჩია კუბლაშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი. ასე რომ ეს 7 ახლადარჩეული, ერთი ძველი – გიორგი შავლიაშვილი – უფლებამოსილებაშენარჩუნებული და თავად კოტე კუბლაშვილი უკვე 9 ხმაა, საბჭოში კი სულ 15 წევრი უნდა იყოს! ჩათვალეთ, რომ სწორედ ისევ კუბლაშვილი, ან თუ მას აღარ შეუძლია – მეიშვილი გახდება საბჭოს თავ-რე! რაც შეეხება დარჩენილ 6 წევრს, იქედანაც 2 წევრი მთელი პარლამენტის 2/3-ით უნდა აირჩეს, რაც არარეალურია, ასე რომ მხოლოდ 4 წევრი შეიძლება აირჩეს ამჟამად (ისეთი, რომელსაც უმრავლესობის ხმები ეყოფა) და 13-კაციან საბჭოში ეს იქნება 9:4 შეფარდება, ანუ 2/3 აბსოლუტური უმრავლესობა, სავარუდოდ კუბლაშვილის გვარდია იქნება, რაც იუსტიციის საბჭოს ლამის ისეთივე მკვრადშობილად აქცევს, როგორც იყო. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას – ვისი ერთგული იქნება თავად კოტე კუბლაშვილი – სააკაშვილის/ნაცმოძრაობის, თუ – ივანიშვილის/”ქართული ოცნების”. და მე ასეთი იუსტიციის საბჭო ნებისმიერ შემთხვევაში არ მიმაჩნია მისაღებად! თანაც რატომღაც მგონია, რომ კუბლაშვილი მაინც ისევ ნაცმოძრაობის ერთგული დარჩება, რომელსაც მასზე უდავოდ კომპრომატები ექნება!
საქმეში ჩახედული ზოგი ადამიანის აზრით, ამ წუთისათვის მაინც (ვიდრე პარლამენტს საბჭოში არამოსამართლე წევრები არ აურჩევია) იუსტიციის საბჭოს ეს შემადგელობა წინაზე უარესიც კია!
ჩემი აზრით, სასამართლო ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია უნდა ამუშავდეს, და ყველა “ჩემიები” უნდა დისციპლინარული წესით მოიშორონ თავიდან. არ შეიძლება მოსამართლედ უვადოდ ნიშნავდე ადამიანს ვისაც გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტაში აქვს ხელი გასვრილი და ათას ეგეთ საქმეებში – ათობით იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მონობის ქრესტომათია იყო!

====================
ჰოდა, როცა 9 ივნისის ამ ორ ამბავზე ვფიქრობ, აღარ ვიცი, რა უფრო დიდი საშინელებაა – იმ 7 ვაჟკაცის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და სამუდამოდ დასამარებული ოცნებები, თუ ეს საშინელი სპექტაკლი, სახელად „მოსამართლეთა კონფერენცია“ – სპექტაკლი, რომელმაც სახელმწიფოს აღორძინების და ინსტიტუციური განვითარების იმედები შეიძლება გაყინოს, ან – სულაც დაასამაროს, თუ ამ “კუბლაშვილიადა-მეიშვილიადას” დროზე არ შევაჩერებთ.
მესმის, როგორ მკრეხელობად ჟღერს ბევრისთვის ეს ჩემი კითხვა.

მაგრამ მოდით, რაც არ უნდა გვიჭირდეს, ცივი გონებით განვსაჯოთ – იმ 7 დაღუპულ ახალგაზრდას რაღას ვუშველით, ხოლო თუ გუშინდლამდე იმ ათეულ ათასობით უსამართლოდ გასამართლებულ ადამიანთა საქმეების გადახედვის იმედები ჯერ კიდევ იყო, ამ ტიპის იუსტიციის საბჭოთი და ამ ტიპის ვაი-მეიშველებით ეს იმედებიც უკვე სულს ღაფავს! ზაზა მეიშვილმა არჩევისთანავე ხელთათმანი გვესროლა ყველას იმას, ვისაც სამართლიანობის დადგომის იმედი გვქონდა:

“მე ძირითადად ყურადღებას გავამახვილებდი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე. როგორც მოგეხსენებათ, წესით ნოემბერში უნდა ამოქმედდეს ეს კანონი. ამიტომაც, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიცია იქნება ეს კანონი ამოქმედდეს, არ მოხდეს მისი გადაწევა ან ამ კანონის გაუქმება, როგორც გაისმა ერთი-ორი პოლიტიკოსის მხრიდან.
რაც მთავარია, ეს კანონი უნდა შეეხოს მოქმედ მოსამართლეებს, დღის წესრიგში ავტომატურად დადგეს მათი გადანიშვნის საკითხი, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარჩინებით დამთავრებულებისთვის ავტომატურად თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხი. სხვა თემებიც არის. ერთ-ერთი ეხება ხარვეზების კომისიას, რომელთან მიმართებაში მე მაქვს ასეთი პოზიცია: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა მექანიზმს მოიფიქრებს. მე, როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შევასრულებ იმ კანონს, რაც არის. მაგრამ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ დაუჭერ მხარს იმას, რომ ხარვეზების კომისიის ესა თუ ის დასკვნა გამოყენებული იყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნის დასაწყებად. ეს დაუშვებელია, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში და საერთოდ, ვფიქრობ რომ მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო.”

http://gurianews.com/home/2010-11-25-16-59-29/10687—q—–q.html

ხომ გაიგონეთ?!!! „მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო“!!! ხოლო იმ მოსამართლეებს, ვინაც გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის, მოლაშვილის, გვანცა ყუფარაძის, ვალიკო ჭელიშვილის, ჯაშუში ჟურნალისტების, ვახტანგ მაისაიას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, ათასობით ადამიანისათვის ქონების ახევის და საპროცესო გარიგების საქმეებზე მრავალი დარღვევები დაუშვეს, ბუზს ვერ აუფრენს ვერავინ! ანგელოზებისთვის არ მიუნიჭებია უფალს ისეთი უფლებები, როგორსაც ჩვენს მრავალჯერგასვრილ მოსამართლეებს სამუდამოდ აპირებს მიანიჭოს მეიშვილი. აი, რა შეიძლება მოხდეს, როცა დამნაშავესთან გარიგებაზე მიდიხარ… ის ჯერ საკუთარ უდანაშაულობის აღიარებას გამოგტყუებს, მერე საკუთარ პატიების ფირმანს მთელ ბანდას გადააფარებს, მერე საკუთარი სტატუსის მარადიულობის აღიარებას მოგთხოვს, და ჯამში კი ისევ ისე გააგრძელებს მამაძაღლობას – ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია. 😦 .
==========================
misha-tiris-1

მაგრამ ამ ორივე ამბავს ერთი „შემოქმედი“ ჰყავს!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც მის მიერ შექმნილი კლანის და დამნაშავე სისტემის წყალობით ბოლო ათი წლის განმავლობაში 250,000 ზე მეტი ადამიანი პრობაციონერად აქცია და ფაქტიურად 1 მილიონ ქართველს პირიდან ლუკმა გამოაცალა!
ეს არის ის ადამიანი, ვინაც მისი მარჯვენა ხელის – იუსტიციის მინისტრის – დახმარებით ის სისტემა შექმნა, რომლის მეშვეობითაც 20,000-ზე მეტ ბიზნესმენს ქონება აახიეს და ან სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, ან მათი კლანის წევრებმა თავად მიითვისეს.
ეს არის ის ადამიანი, ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სულ რაღაც ორი რაიონი და 150 სოფელი დაკარგა” მისი ამპარტავნული ავანტიურის წყალობით! და ამ ავანტიურსვე წყალობით იმის შანსი გააჩინა, რომ ამ და ადრე დაკარგული სხვა ტერიტორიების დამოუკიდებლობა აგრესორის მიერ ოფიციალურად აღიარებული ყოფილიყო.
ეს არის ის ადამიანი და მისი დამნაშავე კლანი, რომელმაც საკუთარი გამდიდრების მიზნით ქართული სოფელი დააჩაჩანაკა და ქართველი გლეხი მათხოვრად აქცია! ეს არის ის ადამიანი, რომელსაც, საკუთარი მარადიული მეფობის სურვილით ატროვებულს, საქართველოში ასეულ ათასობით ჩინელის თუ სხვა უცხოტომელის ჩამოსახლების „ბრწყინვალე“ იდეები მოუვიდა თავში! ეს მაშინ, როცა მისი წყალობით დაკაბალებული ქალები – უცხოეთში ძიძებად და მომვლელებად, ხოლო მამაკაცები – შავ მუშებად და ჯარისკაცებად გადახვეწილან!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ომის წაგების შემდეგ სასწრაფოდ ქართული საჯარისო კონტიგენტი საქართველოში შეამცირა, ხოლო ავღანეთში 160-დან ჯერ 750-მდე, ხოლო შემდეგ 1565-მდე გაზარდა!
ეს ადამიანი გუშინ ფარისევლურად ტიროდა ქართველი ჯარისკაცების კუბოების წინ, ხოლო შემდეგ ბედნიერებით აღფრთოვანებული სამდღიან ქეიფს და ფეიერვერკების ზალპს აგრძელებდა სამების წინ – რიყეზე და ქართველებისაგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეში, რადგან მისი ჩაფიქრებული გეგმა სასამართლოების უსამართლოებად დატოვების შესახებ ჯერჯერობით “წარმატებით სრულდება”. და მის და მისი მანქურთების მიმართ სამართლის ასრულების პერსპექტივა განუსაზღვრელი დროით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

=============

მე მგონი, კოჰაბიტაციაზე ფუჭ ოცნებებს (დროებით მაინც) თავი უნდა დავანებოთ და ვენეციის კომისიას კი არა, ვაჟას დავეკითხოთ ზნეობრივ-სამართლიანი პოზიცია:

რაც უნდა ჭირი მამკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა …

კოჰაბიტაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ ავისმქნელი გასამართლდება, ან ჩადენილ ბოროტებას აღიარებს და მოინანიებს.
მანამდე კი კოჰაბიტაციის პოლიტიკას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – ხალხის თვალში რეპუტაციის შებღალვა…

P.S. (გადაცემა პოლიტმეტრის შემდეგ):

ახლა ვუსმინე პოლიტმეტრში დებატებს სასამართლო რეფორმაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ სიცოცხლუნარიანია სიყალბე და დანაშაული, როგორ ბოლომდე, უკანასკნელ შანსამდე იბრძვიან ადამიანები, ვინაც სამართალი დაარღვია იმისათვის, რომ ყველაფერი წაშალონ, ამოშალონ, ყველა საბუთი დაამახინჯონ და არა მარტო მშრალად ამოვიდნენ წყლიდან, არამედ ურცხვად გააგრძელონ მოღვაწეობა სიმართლის და სამართლის სახელით იქ, სადაც ისინი ბრალდებულები უნდა იყვნენ და არა – “სამართლის მსახურნი”.

როდესაც ვიცოდით, ვინც იყვნენ კუბლაშვილი, მეიშვილი და სხვები (მეიშვილს თურმე უშუალო ბრალი მიუძღვის სულხან მოლაშვილის წამების შესახებ ფაქტების გაყალბებაში!), არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ეს ადამიანები, მათი ბრალის დადგენის ან გაბათილების გარეშე, მოხვედრილიყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც სხვა მოსამართლეების ბედი უნდა გადაწყვიტოს!

ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს თავი დამპალია და აყროლებული თავის მქონე ორგანო ძალიან ძნელად შეძლებს გაწმენდას.

ვიღაცას შეიძლება ყელში ამოუვიდა ჩემგან ამის მუდმივად გამეორება, მაგრამ 4 წელია ამას ვიმეორებ და გავიმეორებ, რომ სანამ არ იქნება სამართალი, სანამ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის შეგრძნება რომ ისინი სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობენ, აქ მშვიდობა არ იქნება!

ნებისმიერი ჩვენი სფერო – ეს იქნება თავდაცვა, ეკონომიკა, განათლება თუ ჯანდაცვა, უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს და ყველაზე უმთავრესად მე მიმაჩნია სამართლიანობა! მხოლოდ სამართლიანობა და მოქალაქეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა, მათი უფლებების განუხრელი დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა, და სწორედ ნორმალური კანონების და სასამართლოს პირობებში კანონმორჩილება უნდა იქცეს იმის გარანტად, რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკასაც ავაყვავებთ, ჩვენს ლტოლვილებს და ემიგრანტებსაც დავიბრუნებთ, და რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის შექმნას, სადაც აფხაზებიც და ოსებიც დაბრუნდებიან!

ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, რომ ახლავე და დღესვე, საქართველოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, თავად მოსამართლეებმა, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი (სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ 1/3) რეალური რეფორმების მომხრეა, სასწრაფოდ დაიწყონ ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ იმ მაფიოზურმა ჯგუფმა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა ხელში ჩაიგდო, ვერ მოახერხოს თავისი სიდამპლის განგრენასავით გადადება მთელს სასამართლოზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს სწრაფად და დამაჯერებლად, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მთავარ კოშმარს – უსამართლობას!