არჩევნები 2016 – ასპექტები: 2. სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები


2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად დარჩება თავისებური ბატალიები სოციოლოგიურ-სტატისტიკურ კვლევათა ავტორებს, დამკვეთებსა და მხარდამჭერებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, არა იმდენად მოსახლეობის განწყობათა სტატისტიკური შესწავლა მოახდინეს, რამდენადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის განწყობების შესაძლო მოდელირება ან – ამ მოდელირების პრევენცია ჰქონდათ მიზნად.

ფრონტი რუსთავი2-მა გახსნა, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი გერმანული კომპანია GFK დაიქირავა. რუსთავი2-ის დირექციის მიერ ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, რომ წინა საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ შერჩეულმა ამ კომპანიამ ცესკოს შედეგებთან მიახლოებული მაჩვენებლების პროგნოზირება გააკეთა ეგზიტ-პოლში. თუმცა არც ექსპერტებს და არც მოსახლეობას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ GFK-მ, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა მოწვეული ეგზიტ-პოლის ჩასატარებლად, რეალობისაგან მეტად  (22%-ით!)  აცდენილი შედეგი დადო, როცა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას თანაბარი – 33%-33% პროცენტიანი შედეგი დაუწერა, რაც ცესკოს საბოლოო შედეგისაგან არა დასაშვები 2-3%-ით, არამედ ლამის 15%-ით აღმოჩნდა განსხვავებული.

ძველი ლაფსუსის გამართლება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექციას (გია ჭანტურიას) გადააბრალა, იმათ ვერ გაიგეს და შედეგები ისე გამოაცხადეს, რომ ეგზიტ-პოლში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა არ გამოაკლესო. ეს “ახსნა-განმარტება“ უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი შალვა რამიშვილმა მალევე მოიპოვა 2012 წლის კადრები, სადაც სწორედ GFK-ის წარმომადგენელმა (და არა გია ჭანტურიამ) გამოაცხადა ეგზიტ-პოლის ზემოთდასახელებული შედეგები. თანაც, როგორც არ უნდა დათვალო – გინდათ, უარისმთქმელთა გათვალისწინებით, ან მათ გარეშე, თუ ორ პარტიას ზუსტად თანაბარი შედეგი (33%-33%) ჰქონდა, ეს შედეგები, კვლევაში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა გაბათილებით კი მოიმატებდა, მაგრამ  სიმეტრიულად – 47%-47%-მდე მოიმატებდა, ხოლო ორ პარტიას შორის ცესკოს მიერ დაფიქსირებული 15%-იანი განსხვავება ჰაერიდან ვერაფრით გაჩნდებოდა! ნიკა გვარამია კია ცნობილი, როგორც ნიჭიერი, მაგრამ ეგრეთ დაბოლებას ჩვენ „არ ვჭამთ“! D:D

უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ რუსთავი2-მა ცოცხალი თავით არ მოინდომა იმის გამხელა, გერმანულ კომპანიას ვინ უტარებდა ადგილზე საველე სამუშაოებს. საბედნიეროდ, GFK-მ თავად არ ისურვა ზედმეტი კუკუდამალობანას თამაში და გულახდილად აღიარა, რომ ეს კომპანია ნაცმოძრაობის დეპუტატის და დეპუტატობის კანდიდატის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის მიერ დაფუძნებული და მისი მეუღლის – ანი თარხნიშვილის მიერ დღემდე მართული კომპანია BCG იყო. ამან, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს საზოგადოებისათვის რეალობის მოდელირების ფუნქცია უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე რეალობის დადგენა. ამის გამჟღავნების შემდეგ, ნიჭიერთა და საზრიანთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა და ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ ასეთი ფანტასმაგორიული ახსნა შემოგვთავაზა: ის კი არაა მთავარი, საველე სამუშაოებს ვინ ატარებსო (თარხნიშვილის ცოლი, თუ რომელი კამპანიაო)! და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა – სამუშაოთა მთავარი შემსრულებელი GFK იქნებოდა, თუ ვინმე სხვაო! მთავარი – დამკვეთიაო!!  ანუ, კვლევის ხარისხის გარანტიისთვის რუსთავი2 ყოფილა მთავარი და უმთავრესი ფაქტორი – შეუცდომლობის ვარსკვლავი და სისპეტაკის აპოთეოზი! ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, „ნიჭი“ არ მეყოფა! 🙂

სამწუხაროდ, არც იმედის მიერ დაქირავებული კომპანიის JPM-ისა და მის მიერ საველე სამუშაოებისათვის შერჩეულ GORBI-ის კვლევების მიმართ არსებობდა საზოგადოებაში მაღალი ნდობის ფაქტორი. JPM ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიოში ანალოგიური კვლევების გრანდებს, ხოლო GORBI-ის ნაცმოძრაობასთან დაახლოებული წრეები მის მიერ პოლიტოლოგიური კვლევების სიმცირეს უწუნებდნენ. აღნიშნული ეჭვები გააძლიერა პირველი კვლევის პრეზენტაციის დროს დაშვებულმა რამდენიმე ტექნიკურმა უზუსტობამ, მაგალითად იმან, რომ კვლევის პროცენტების ჯამმა არა 100%, არამედ 101% შეადგინა. ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც კითხვის ქვეშ აყენებდა, რომ განსხვავებით NDI/CRRC და IRI/IPM  კვლევებისაგან, JPM-ის კვლევებში ქართული ოცნების უპირატესობა ნაცმოძრაობისაგან არა 2-3%-ით გამოხატებოდა, არამედ ორმაგი, ხოლო ოქტომბერში კი – კიდევ უფრო მაღალიც – კი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყველა კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3-ს მაინც არ ჰქოპნდა ბოლო დღეებამდე არ ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, ან – არ აპირებდა მის გამხელას.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი გამოკითხვის პროგნოზი, თანაც არც არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი, არ გამართლდა. მათ შორის ის ეგზიტ-პოლიც, რომელიც 4 ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ TNS-მა ჩაატარა (ისევ იმავე GORBI-სთან ერთად).

არ დადასტურდა GFK-ის (ისევე როგორც NDI და IRI) კვლევებზე დაყრდნობილი მოლოდინები იმაზე, რომ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის სხვაობა მინიმალური იქნებოდა – ეს სხვაობა 21%-ს აჭარბებს! ისევე როგორც არ დადასტურდა TNS-ის ეგზიტ-პოლის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება 2.5-ჯერ და მეტად უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე ნაცმოძრაობა (ეს სხვაობა 1.8-ჯერ მეტი იყო მხოლოდ). ახლა, ორივე ამ კომპანიის ხელმძღვანელობას ასახსნელი ექნება, როგორ მოხდა, რომ ეგზიტპოლების 1-2%-იანი სავარაუდო ცდომილების ნაცვლად ეს ცდომილება ლამის ორმაგი ციფრებითაა გამოხატული. სწორედ ამიტომ ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ოთხეულში მონაწილეობა მიეღო.

და მაინც, თუ ციფრებს კარგად დავაკვირდებით და გარკვეულ ანალიზს მოვახდენთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთება იმაზე, სად იყო უფრო მეტი და უფრო ნაკლები სიზუსტე თუ ტენდენციურობა. და, რაც მთავარია – აწი რა ვქნათ – საბოლოოდ დავასაფლაოთ ეგზომ დისკრედიტირებული სოციოლოგიური კვლევები, თუ უბრალოდ, ის გავასწოროთ, რაც გასასწორებელია და რასაც, სამწუხაროდ  ჯიუტად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა – შინაურიც და უცხოელიც… – როგორ აღვადგინოთ სოციოლოგიური კვლლვების სიზუსტეც და მათდამი საზოგადოების ნდობაც.

======

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა, არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა: დროში, ველში, გამოკითხულთა რაოდენობაში, დათვლის შემდეგ ექსტრაპოლირების მეთოდებში და ა.შ. რაც მთავარი – კვლევას ატარებ მაშინ, როცა ხმა ჯერ არ მიუცია ამომრჩეველს. ხოლო ეგზიტ-პოლს – უკვე ბიულეტენის ურნაში ჩაგდების შემდეგ (თუმცა ეს სულაც არაა გარანტია, რომ ამომრჩეველი თავის არჩევანს პირუთვნელად გაგიმხელს). და მაინც ამ განსხვავებებზე, მირჩევნია, პროფესიონალებმა ისაუბრონ.

მე კი მოკლედ გეტყვით –

ა) მთავარი პრობლემა სწორედ სოციოლოგიურ კვლევებში იყო!

ბ) ეგზიტ-პოლების მაღალი ცდომილების პრობლემა (ნაწილობრივ მაინც) ძალიან იოლად ახსნადი მგონია.

გ) ეგზიტ-პოლებზე, დროებით, აჯობებს, უარი ვთქვათ – არაფერს მაგით არ წავაგებთ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტ ხანს მოგვიწევს ცესკოს დაველოდოთ! თუ ცესკოს კონტროლი გვსურს, აჯობებს, პარალელური დათვლის არსებული გამოცდილება გავაგრძელოთ.

დ) ხოლო სოციოლოგიურ კვლევებში კი მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებები გავატაროთ და “ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ” 🙂  როგორც არაპროფესიონალიზმი, ასევე და უფრო მეტადაც კი – იქ გამეფებული პოლიტიკურად მოტივირებული გაყალბება, რომლის მთავარი არეალი ის მგონია, სადაც უცხოური კომპანიები შეგნებულად არ შედიან, რათა არც თავი დაიღალონ და არც რეპუტაცია შეიბღალონ – კვლევების ველი. სწორედ ველშია ძაღლის კუდები დამარხული!

====

წარმოგიდგენთ 4 ცხრილს, სადაც GFK-ის და JPM-ის 2-2 კვლევაა ასახული. საბედნიეროდ, ეს კვლევები თითქმის დაემთხვა დროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:

gfk-1-aug

jpm-1-sept-geo

gfk-2-oct

jpm-2-oct-geo

როგორც თავად ხედავთ, კვლევების შედეგები (4-ვე მათგანში!) მკვეთრად აცდენილია არჩევნების საბოლოო შედეგებს. თავისთავად ეს ფაქტი გასაოცარი არ არის ორი რამის გამო – ჯერ ერთი, ეს კვლევები არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ჩატარდა და თეორიულად შეიძლებოდა, რომ ამომრჩევლების განწყობებში უკვე შემდგომ სერიოზული ცვლილებები მომხდარიყო. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს NDI-ის  და IRI-ის კვლევების ავტორებმა და თანამონაწილეებმა სწორედ ახსნეს კატასტროფული ცდომილება, რომ მათ კვლევებსა და არჩევნებს შორის საკმაო დრო და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები (მაგ. ციხის კადრების გასაჯაროვება) იყო მოქცეული.

მეორე შესაძლო მიზეზი კი არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, (29-41%), რომელიც თავის არჩევანს არ ამხელდა, ან გამოკითხვის ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ფაქტორი 2012 წელსაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, მაშინ დაშინების და ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან მოსალდნელი რისკების გამო, ხოლო ამჟამად,  სავარაუდოდ, ამომრჩევლის ბოლო მომენტამდე მოცდით შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად განპირობებული.

თუ დავაკვირდებით 6 პირველ ადგილზე გასული პარტიებთან მიმართებაში ე.წ. ჯამურ ცდომილებას, ნიშანდობლივია, რომ 4-ვე კვლევა საკმაოდ აცდენილიცაა და პრაქტიკულად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (28-33%). მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორ პირველ ადგილზე გასული ლიდერების მაჩვენებლების ცდომილების შედარება ცესკოს საბოლოო შედეგებთან. თანაც ამ შემთხვევაში მათემატიკური შეკრების ნაცვლად გადავწყვიტე ერთმიმართული ცდომილებები ერთმანეთისათვის გამომეკლო, ხოლო საპირისპიროდ მიმართული – პირიქით, შემეკრიბა, ცდომილების “ტენდენციურობის” დასადგენად. და აი, რატომ:

თუ, მაგალითად, ერთსადაიმავე კლასში ორ სხვადასხვა მასწავლებელს ჩაატარებინებთ გამოცდას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი მათგანი ყველა მოსწავლეს უფრო ლოიალურად და რბილად გამოცდის და უფრო მაღალ ნიშნებს დაწერს, ხოლო მეორე –  პირიქით, უფრო  მკაცრად მოეკიდება ყველას და ნიშნებიც უფრო დაბალი იქნება!  მაგრამ თუ  მოხდება, რომ რომელიმე მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გაცილებით რბილად გამოცდის, ხოლო დანარჩენებს – პირიქით – უფრო მკაცრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ობიექტური არ არის და მის ამ მიკერძოებას რაღაც მიზეზი აქვს (საქართველოს სინამდვილეში, უხშირესად, ეს ნეპოტიზმი იქნება, ალბათ).

ამის ანალოგიურად, თუ გამყიდველს ასაწონი საქონლის წონაც და ფასიც ხშირად ეშლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასწორის და კალკულატორის გამოყენება არ იცის. მაგრამ თუ მუდმივად წონაში აკლებს და ფასს კი ყოველთვის უმატებს, აქ უკვე სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და გამყიდველი იქნებ იმაზე „ჭკვიანიც“ აღმოჩნდეს, ვიდრე სრული შეუცდომლობის შემთხვევაში იქნებოდა. ანუ, მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, როდის და როგორ შეიძლება ცდომილება იყოს სიმეტრიული ანუ ნაკლებტნდენციური და როდის და როგორ – მიკერძოებული.

თუ დავაკვირდებით, GFK-ის ორივე კვლევაში ლიდერებს შორის ცდომილება თანაბარზომიერად არ იყო გადახრილი მეტობისკენ, ან ნაკლებობისაკენ. ამ კვლევებში ქართული ოცნების მაჩვენებელი ორივეჯერ გაცილებით უფრო აცდენილი აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. რის გამოც პარტიების ცდომილებათა ვექტორული ჯამი ძალიან მაღალი იყო: 19.8% (12.7%+7.1%) და 22.1% (23.2%-2.1%).

პრაქტიკულად იმავე პერიოდებში JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი სულ სხვა სურათს იძლეოდა: ლიდერი პარტიების  ცდომილებათა სხვაობა ძალიან უმნიშვნელო იყო – აგვისტოში მხოლოდ 5.5% (16.6%-11.1%), ხოლო ოქტომბერში სულაც – მხოლოდ 1.5% (14.1% -12.6%), რაც GFK ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით პირველ შემთხვევაში  3.8-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – სულაც 14.7-ჯერ უფრო ნაკლები:

2012-polls-difference-geo

აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

ის რომ გაცილებით უფრო ნაკლებგამოცდილმა JPM-მა შეუდარებლად უკეთ – 4-15-ჯერ უფრო ზუსტად და/ან ობიექტურად – ჩაატარა კვლევა?

თეორიულად ესეც არაა გამორიცხული! თუმცა არა მგონია, ამ დასკვნის საფუძველი გვქონდეს. ჯერ ერთი ჯამური ცდომილების მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას სიზუსტეზე სერიოზულად ვისაუბროთ. საქმე მე მგონი, ველშია და ამის დადასტურების საფუძველს იძლევა ეგზიტ-პოლების შედეგების ანალოგიური შედარება:

2016_exitpolls-gfk_geo

2016_exitpolls-jpm_geo2016-exit-polls-difference_geo

 

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილებები აქაც სერიოზული იყო, თავად ცდომილებების სხვაობები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა! ანუ, TNS (რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე JPM) ვერაფრით დაიკვეხნიდა GFK-ის ეგზიტ-პოლთან შედარებით. თუ GFK-ის კვლევაში ქართულ ოცნებას „დააკლდა“ თითქმის 9%, ხოლო ნაცმოძრაობას „მოემატა“ ლამის 5%, TNS-ის კვლევაში, პირიქით, ოცნების მაჩვენებელი იყო თითქმის 5%-ით მაღალი, ხოლო ნაცმოძრაობისა – -ლამის 8%-ით დაბალი, ვიდრე ცესკოს შედეგებში! შედეგი კი ისაა, რომ ორივე ეს ეგზიტ-პოლი ზუსტად თანაბრად აცდენილი აღმოჩნდა, ან უფრო ზუსტად – თანაბრად ტენდენციურიც!

ცდომილებათა ზემოთმოყვანილი დისონანსის (კვლევების დროს) და უნისონის (ეგზიტპოლების დროს) ახსნა მე მგონი შემდეგია: – საქმე ველშია!

კვლევების დროს GFK-ის კვლევის ველი გაცილებით მკვეთრად გაჯერებული შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის ამომრჩევლით, მაშინ როცა JPM-ის ველი, ალბათ, უფრო თანაბარია. ამის გამო, GFK ველში გაკეთებული „არჩევანი“ 4-15-ჯერ უფრო გადახრილია ერთ მხარეს (და გასაგებია, რომელ მხარესაც!), ვიდრე JPM-ის ველში იმავე პერიოდებში დაფიქსირებული არჩევანი. განსაკუთრებით ეს აშკარაა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში: – მართალია, ორივე მთავარ სუბიექტს ცდომილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (გასაგებიცაა – უკვე უფრო მეტი ადამიანია მზად არჩევნის გასაკეთებლად), ვიდრე შემდეგ ცესკოს საარჩევნო ურნებში, სამაგიეროდ, ეს ძალიან სიმეტრიული (ანუ – ნაკლებტენდენციური) გადახრა იყო.

ეგზიტ-პოლის დროს ველი უფრო დიდიცაა და მისი მოდელირებაც გაცილებით რთულია. თუმცა, ის, რომ ამ შემთხვეევაშიც GFK/BCG-ის ეგზიტ-პოლში მონაწილე პირების არჩევანი უფრო ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იყო, ხოლო TNS/GORBI-ის ეგზიტ-პოლში – ოცნების სასარგებლოდ, ეს ამომრჩეველთა განწყობითი არჩევითობით შეიძლება აიხსნას: შესაძლებელია ოცნების ამომრჩევლები, რომლებმაც ბევრჯერ მოისმინეს იმის შესახებ, რა არაობიექტურია GFK კვლევა, ნაკლებად იყვნენ განწყობილნი მისულიყვნენ ამ კომპანიისა  და რუსთავი2-ის სიმბოლიკით გაწყობილ ყუთებთან, და პირიქით, – ნაცმოძრაობის ამომრჩევლები – სულაც არ აპირებდნენ TNS-ის კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, განწყობის გამო ე.წ. “ბუნებრივი გადარჩევა” მოხდა და ორივე კვლევა ტენდენციური აღმოჩნდა – ორივემ მათდამი ლოიალური ამომრჩევლების არჩევანი გვიჩვენა და არა – მთელი საზოგადოებისა…

ამერიკაში 6-7 კომპანია ატარებს არჩევნების დროს გამოკითხვებსაც და ეგზიტ-პოლებსაც. ზოგ მათგანს თავისი პარტიული პრეფერენცია ასე თუ ისე, შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩეველი არ ირჩევს „თავისი“ და „მოწინააღმდეგე“ პარტიის ეგზიტ-პოლებს და სწორედ ამიტომაც მათ შედეგებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. და ოფიციალურ შედეგებთანაც ყველა საკმაოდ ახლოს არის.

ამიტომ, სანამ ჩვენი ეგზიტ-პოლების ჩამტარებელი კომპანიებიც ისეთივე ნეიტრალურები არ იქნებიან, როგორც ამერიკაში, ხოლო ჩვენებური ამომრჩეველი – ისეთივე მიუკერძოებელი იმ საკითხში, რომელი კომპანიის ეგზიტ-პოლში მიიღოს მონაწილეობა, ეგზიტ-პოლების ჩატარება დროის და ფულის ფუჭი კარგვაა. მოვიცადოთ არჩევნების შემდგომ დილამდე და ჯერ პარალელური დათვლის შედეგები მოგვცემს ძალიან ზუსტ სურათს (ამისათვის ISFED-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც კმარა), ხოლო შემდეგ 24 საათში უკვე ცესკოს შედეგებიც გვეცოდინება.

აი, რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევებს, ისინი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ საზოგადოებაში ამჟამად მათ მიმართ გაბატონებული სკეფსისისა და ირონიული უარყოფისაგან. სოციოლოგია მეცნიერებაა და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეცნიერების აღორძინება და ნდობის დაბრუნება. ამისათვის გამოკვლევები სხვადასხვა საკითხზე უნდა ვატაროთ ხოლმე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე). უნდა გამოვარჩიოთ იმ კომპანიები და ის პროფესიონალები, რომელთა რეპუტაცია მათი შედეგებით არის გამყარებული და პირიქით… ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რაც ამ დარგის ერთ ჭკვიან პროფესიონალს ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვურჩიე – ველის და მეთოდოლოგიის მაქსიმალური გახსნა და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთდროული პარალელური კვლევების ჩატარება! სწორედ 1 კვირის წინ წავიკითხე, რომ იგი ახლა თავად ითხოვს იმას, რაზედაც 1 წლის წინ უარი არ მითხრა, მაგრამ საერთოდ აღარც გამომპასუხებია. რას ვიზამთ –  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

 


ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


მეფური გამბიტი (ფიქრები ივანიშვილის წინადადებაზე)


სამწუხაროდ, ახლა რაც წერია კონსტიტუციაში, იმის მიხედვით სააკაშვილს ყველაფერის უფლება აქვს – როცა უნდა დაითხოვს მთავრობას, დანიშნავს ერთპიროვნულად მინისტრებს, მერე თხოვს პარლამენტს ამის დამტკიცებას და თუ პარლამენტი ამაზე უარს ეტყვის 3-ჯერ, დაითხოვს პარლამენტსაც (ოღონდ ეს მხოლოდ აპრილში შეუძლია!)! თან ისე დაითხოვს, რომ დარჩება სწორედაც რომ ერთპიროვნულად დანიშნული (ერთი კაცის ხუშტურით დანიშნული!) მთავრობა, რომელიც ჩაატარებს კიდეც საპარლამენტო არჩევნებს!

მართალია, არის ერთი პატარა დაბრკოლება, მიშას ეს ორივე ერთდროულად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ აპრილში. ამიტომ იქცა “აპრილი” გოკა ხაჩიძის, გიორგი ვაშაძის, და სხვა ნაცმოძი აშუღების ახალ მუზად…

ივანიშვილმა 27 დეკემბერს “იმედის” არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო და უზნეო ნორმაა (რომლის არსებობას ცნობილ საკონსტიტუციო ვაი-თერძებს – ავთანდილ დემეტრაშვილს და თენგიზ შარმანაშვილს უნდა ვუმადლოდეთ) – და სთხოვა პარლამენტს, განიხილონ საკონსტიტუციო შესწორება, რომ თუ პრეზიდენტი დანიშნავს ახალ მინისტრებს, ისინი უნდა დაამტკიცოს ხალხის მიერ არჩეულმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ხოლო თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, მაშინ ახალ არჩევნებამდე ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის (და არა – ერთი კაცის მიერ!) დანიშნულმა ლეგიტიმურმა მთავრობამ!

მართლაც, აბსოლუტურად ალოგიკურია და უსამართლოა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი (თანაც აშკარად გაყალბების წყალობით არჩეული 2008 წელს!) ითვლებოდეს ყველაფრის ლეგიტიმაციის მიმცემად – თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი “ბეჭდების მბრძანებელია”!..

ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, ამ ცვლილებების შემთხვევებში საპარლამენტო უმრავლესობა თანახმა იქნება, რომ პრეზიდენტს ახლავე ჰქონდეს პარლამენტის დათხოვის და მინისტრთა გადაყენების უფლება, – ნუ მოიცდის აპრილამდეო! 🙂

რა თქმა უნდა, არ იქნება ადვილი ამ საპარლამენტო შესწორების მიღება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შესწორება, რომელსაც, ვფიქრობ, დასავლელი ექსპერტებიც სამართლიანად ჩათვლიან. იმედი მაქვს, ამ ლოგიკას უმცირესობის ზოგი წევრიც დაეთანხმება და შესწორებისათვის საჭირო 98 ხმაც მოგროვდება!

თუ ეს წინადადება დამტკიცდება და კონსტიტუციის არსებული მახინჯი პარაგრაფი ჩასწორდება, მერე მიშას და ნაცმოძრაობის გიჟურ ფანტაზიებს – 6 თვეში მობრუნებაზე – ფრთები ლამაზად შეეკვეცება…

 

მოკლედ, ისეთი წინადადება გაუკეთა ბიძინამ, რომელზეც მიშა უარს ვერ იტყვის 🙂

 

Viva Cohabitation!

Vava Misha…

bidzo2

Misha-st2


რატომ უმეგობრდება ხელისუფლება ბორის ბერეზოვსკის? – პასუხი გოგი გვახარიას


მიზეზი #1:

ხელისუფლება უკვე ჩაჯიბულ ბადრის ქონებას აგებს ქეის წაგებით.

ქეი ვერ ქაჩავს, მთელმა მსოფლიომ იცის მისი აფერისტობის ამბავი, და შეიძლება ბადრის 8 მილიარდიანი ქონება ისევ ბადრის ოჯახს დაუბრუნდეს! რაც სააკაშვილისთვის სრული კოშმარი იქნება.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აფერისტ ქეის არ იყოს, ბადრის შიდა სამზარეულო იცოდა (ქეიზე ბევრად უკეთ!) და რომელსაც ქეიზე ბევრად უფრო სერიოზული რეპუტაციაც აქვს და რესურსებიც საერთაშორისო სასამართლოების პროცესებისთვის, ბორიაა!

ჰოდა, მთავრობა, ოღონდ ბადრის ოჯახს არ დაუბრუნდეს ქონება, (და რაც მთავარია – “იმედი”!), ბერეზოვსკის კი არა, – პუტინს გადააბარებდა ყველაფერს!

ამიტომაც დაუტკბნენ ბორიას, რომელიც როგორც ებრაული დაუწერელი კანონების მცოდნე (ქეისგან განსხვავებით!), ჯერ კიდევ ყოყმანობს, რადგან მკვდრის და ქვრივების მძარცველებს ებრაული სჯული არ წყალობს.

ზუსტი გარიგება მგონი ასეთი იქნება – ბორია იღებს ყველაფერს, რაც ქეიმ ვერ მიიღო, ითანხმებს ოჯახს ცოტაზე, დიდ ნაწილს თავად იტოვებს და უბრუნებს საქართველოს მთავრობას ორ ბრილიანტს: მთაწმინდის პარკს (“უგულავას გახსნილს”!) და “იმედს” – რომელიმე ახალი ვირტუალური მარკ მონემის მეშვეობით.

ამის მერე საქართველოს მთავრობა ჯოზეფ ქეის ციხეში სვამს (ბადრის ოჯახის გულის მოსაგებად).

არის #2 მიზეზიც:
ბერეზოვსკი, ნოვოდვორსკაიას და ბუკოვსკის არ იყოს, პუტინის დაუძინებელი მტერია და ჩვენი ხელისუფლება “ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია!”-თი ხელმძღვანელობს და ცდილობენ, თბილისი ანტიპუტინისტურ მექად გადააქციონ. თუ ამით პუტინის მხრიდან საქართველოში ახალი ლაშქრობის პროვოცირებას გამოიწვევენ, მგონი, სწორედ ეს უნდათ…

თან ხელისუფლებას ინვესტიციები ჭირდება. ისეთი გარემო შექმნეს, რომ აქ, ქუდი რომ შემოუგდო ვინმეს, არავინ შემოვა ამათ ხელში. მაგრამ ბორია ძველი კერკეტი კაკალია და მუქთად ან სანახევროდ მიცემულს შეიძლება დახარბდეს, მით უფრო, თუ ანტირუსული პლაცდარმი ექნება თავისი ტელევიზიით (პირველი კავკასიურ-ბერეზოვსკული არხით!)

ასეთია ჩემი კომენტარი! (რომლის უტყუარობაზე პრეტენზია არ მაქვს!)


სპეც.შეფასება – სპეც.რეპორტაჟზე


მე მგონი, “იმედის” ამ სპეცრეპორტაჟმა დაადასტურა ბევრი რამ:

1) რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ეს მოიგონა და გაუშვა, თავად გაიკეთა ხარაკირი. და ეს მოუვიდა არა სიმამაცით , (“აბა, მეჯვრისხევის ქუჩაზე მნახე, ვინაა ვაარ!”:), არამედ – ელემენტარული სიგიჟით, რაზეც მთელი უცხოეთი თან განცვიფრებულია და თან დაუფარავად დასცინის უკვე მიშიკოს! “დემოკრატიის შუქურა” იქცა “დიდ სიმულიანტად” – GREAT IMITATOR, რაც ჩვენ კი ვიცოდით ბოლნისის, განმუხურის, ხურჩის, ახალგორის შემდეგ, მაგრამ ამ უცხოელებს მაინც ეეჭვებოდათ ბუშის მიერ მინიჭებული “ზვანიეს” ასე განაცარტუტება…

2) რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ “ეს სიუჟეტი ძალიან მიახლოებულია მოსალოდნელ რეალობასთან”, არის აბსოლუტურად შეგუებული იმ აზრს, რომ ის ჭირის დღესავით ეზარება ხალხს, რომ მისგან დაჩმორებული ჯარი ოცნებობს მას გადაუდგეს, რომ თუ მიშა მიწისქვეშეთში დაიმალება, მიწისზევით ხელისუფლებიდან არც აღარავინ დარჩება – ყოველ შემთხვევაში – წითელ ხიდს აქეთ (არადა, როგორი იმედი მქონდა გიგი წერეთლის, გოკა გაბაშვილის და პალიკო კუბლაშვილის!), რომ თბილისში რუსის ჯარი ისე შემოგრიალდება, დაცვის სახელგანთქმული მაჟინო-მანერჰეიმ-ახალაიას ხაზი არავის გაახსენდება (არადა,რამდენი მიმტკიცეს, – ვსიო, რუსის ტანკები ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, ახალაიამ მიწა ამოთხარაო!) და ა.შ.

3) რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თურმე არც რუსებთან მოლაპარაკებაზე წავა და არც მიწისქვეშეთში ჩავა – ირაკლი ალასანიაა !:)

4) რომ რუსები არასდროს დაანებენ ჩვენს ოკუპაციაზე ფიქრს თავს, სანამ ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილია!
ძაან მაინტერესებს, დავით აღმაშენებელს რომ ჩააცივდა ეს ჩვენ აწ უჰალსტუხო პეპელა („კურტკიანი“ დავარქვი, მგონი უკვე საწოლშიც აცვია „კურტკა“), დემეტრე თავდადებული რითი არ მოწონს? ქალებს რომ იყო გადაგებული და ნარკოტიკებზეც არ ამბობდა უარს, სამაგალითო არაა ვითომ? ჩვენ ბოდიში! ოღონდ ეგ დემეტრესავით მოიქცეს და ქალებიც ალალი იყოს მაგაზე, (რაც მართალი მართალია, – ძალადობით მგონი არ ძალადობს ჯერ) და არ გვინდა ტესტის ჩაბარება, ჯანდაბას, სიტყვაზე დავიჯერებთ! ოღონდ ეგ დემეტრესავით მოიქცეს და!

5) და ყველაზე საშინელი – რომ მთავრობა (ჯარს არ ვგულიხმობ!), რომელმაც რუსის აგრესიის დროს გაქცევა და დაწოლა ამჯობინა, საკუთარ ხალხთან მაგარ გულზეა და გვაშანტაჟებს – ისევ მაკარონი და 20 ლარი აიღეთ, თორემ გესვრით, გესვრითო!

არაა ეს ხალხი – მთავრობა!
არაა ეს ხალხი – ქართველები!
არაა ეს ხალხი – ხალხი!
ეგენი არიან თეთრცხელებიანი მანიაკები, რომელთაც უკვე მართლა საკუთარი სიზმრების და ლომკების ეშინიათ და ამიტომ ხშირად დუნდულთან გარჭობილ ფიშტოზე შეივლებენ ხელს, უმისამართოდ ცლიან მჭიდეს და ყვირიან მალიმალ – “დედას გიტირებდეთ, დედასა!”

ბებო, ბავშვს მიხედეთ, ბებო!
გადააყუდეთ და კომბოსტოს ფურცელი დაადეთ შუბლზე…

 

ჯანსულო ჯანსულო
მინდორს მოკო ფიორია
ჯანსულო ჯანსულო
აკა შარა ქომუჩითი
ჯანსულო ჯანსულო
ხასლას ლეკურ გილმობუნი
ჯანსულო ჯანსულო
ოდგიშიშა ქუგუ წვანჯი
ჯანსულო ჯანსულო
ხეს დამბაჩა მოჭკადილი
ჯანსულო ჯანსულო
გოყოთანქ დო ვადგოჩირთუ
ჯანსულო ჯანსულო
მუ რე ეთექ ქობაძღუნი
ჯანსულო ჯანსულო
ქუდი რე დო ბოხოხია
ნანა კიბირ უძგიძგანსი
ჯანსულო ჯანსულო
მეტ ვაფშუ გომოჭყორდუია