თუ გინდა, რომ იყო თავისუფალი, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!


2012 წლის 27 მაისი საქართველოში არის იმ ხალხის დღე, ვისაც უკეთესი მომავალი უნდა!

ამ დღეს თავისუფლების მოედანზე არ მივა მხოლოდ ის, ვისაც მოსწონს, – რაც საქართველოში ხდება, ან ის, – ვისაც საქართველო ფეხებზე ჰკიდია!

თუ შენ ფიქრობ, რომ ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ შენ ფიქრობ, რომ ხელისუფლება გატყუებს, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ შენ იცი, როგორ დაჩაგრეს შენი ახლობელი, შენი მეზობელი ან შენი ნაცნობი – როგორ გადააგდეს ვალებში, როგორ წაართვეს აწყობილი ბიზნესი, როგორ გამოაგდეს სახლიდან, როგორ გადაასახლეს იქ, სადაც არ უნდოდა გადასახლება, როგორ აშინებენ და როგორ ძალადობენ მათზე – უეჭველად წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე! რადგან თუ სახლში დარჩები, ამით ხელისუფლებას ეტყვი – „მოდი, დამჩაგრე, იძალადე ჩემზე, წამართვი ჩემი სარჩო-საბადებელი, წამართვი ჩემი ოცნება, იყავი შენ ჩემი ბატონი და მე მონა ვიქნები შენი!“ თუ ეს გინდა, რომ მოხდეს – დარჩი სახლში! თუ არ გინდა ეს და შენი თავისუფლება 2 კილო მაკარონით არ იზომება, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ წამებით მოგიკლან შვილი – სანდრო გირგვლიანივით, ან უსამართლოდ დაიჭირონ და ციხეში გამოამწყვდიონ – გვანცა ყუფარაძესავით, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ ყველაზე ძვირი გადასახადებით, დენზე მიბმული ნაგვით, არანორმალურად ძვირი ბენზინით, არარსებული 112-ის სამსახურის შეწერილი ბეგარით, და შენი ჯიბიდან კიდე ათასნაირად უსამართლოდ ამოღებული ფულით – ხელისუფლებაში მოკალათებული ნაცმოძრაობის ავაზაკები შენს ხარჯზე გრიალებდნენ, მაშინ როცა შენი ოჯახის წევრები წელებზე ფეხს იდგამენ და ლუკმაპურის ფულს ძლივს შოულობენ, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ იყო იმ ქვეყნის მაცხოვრებელი, საიდანაც გაქცევა სანატრელი გამხდარა და სადაც არავინ ბრუნდება საცხოვრებლად, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ შენი ახლობლები კვდებოდნენ სახლში, რადგან ექიმი, წამალი და ოპერაცია შენთვის ხელმიუწვდომელია, თუ არ გინდა, რომ დახრჩო წყალდიდობაში და ან დაგენგრეს კედელი თავზე, იმიტომ რომ მერია მოქალაქეთა გადასარჩენად გამიზნულ ფულს მხოლოდ თავის და თავის ნათესავების ჯიბეში იდებს, – წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ რამედ გიღირს დავით-გარეჯი და კოდორი, ახალგორი და აჭარა, და არ გინდა, რომ შენს ქვეყანაში შენი შვილები მხოლოდ ხელისუფალთა პირისფარეშები, ბარმენები და სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ, – წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ შენი მამა, ძმა ან ვაჟი მშიშარა და ავანტურისტი მმართველის ხელში საზარბაზნე ხორცი იყოს მხოლოდ, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, იქცე დაჩაგრულად და უუფლებოდ საკუთარ სამშობლოში, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ მოგწონს, რომ შენი ხელისუფალი იყოს შეურაცხადი და შენი ხელისუფლება – ავაზაკების ბანდა, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ არ გინდა, რომ მუდამ გატყუებდნენ, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

თუ გინდა, რომ იყო მონა – დარჩი 27 მაისს სახლში და უყურე შენი ცრუპენტელა და მშიშარა მთავარსარდლის მაიმუნობებს მის მაიმუნურ ტელეარხებზე.

მაგრამ თუ გინდა, რომ იყო თავისუფალი, წამოდი 27 მაისს თავისუფლების მოედანზე!

ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ვართ მილიონები, ხოლო ის ხალხი, ვინც ჩვენს გატყავებას და დამონებას ახერხებს, ათასიც კი არ არის! ისინი მხოლოდ იმიტომ ახერხებენ ამას, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გაერთიანებას. მივიდეთ 27 მაისს თავისუფლების მოედანზე და დავანახოთ სეთურების და ყვარყვარეების ბანდას და მათ მანქურთებს, რომ მათი პარპაშის დრო დამთავრდა.

საქართველო ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი, თუ ქართველი ხალხი, საქართველოს თითოეული მოქალაქე  – არ იქნება თავისუფალი.

27 მაისს – თავისუფლების მოედანზე – დავანახოთ ყველას ჩვენი თავისუფლება!

Advertisements

ცუგცვანგის პირას


თამაშების თეორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო სიტუაციური პოზიცია,რომელსაც ”ცუგცვანგს” უწოდებენ. ის გამოიყენება იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც მოთამაშის პოზიცია უკეთესი იქნებოდა,  მისი სვლა რომ არ იყოს. ანუ, ის სიამოვნებით დათმობდა თავის სვლას, რადგან მისი ნებისმიერი სვლა მის პოზიციას აუარესებს. თუ მანამდე მოსაგები პოზიცია ჰქონდა, ახლა მხოლოდ ფრეს მიაღწევს, ხოლო ფრის შესაძლებლობიდან შეიძლება წაგებამდე ჩამოქვეითდეს.

ყველაზე საინტერესო კი ორმაგი ცუგცვანგია, როცა ორივე მოთამაშის სვლა მისთვის წამგებიანია და ორივე არჩევს, რომ თავისი სვლის ჯერი დათმოს…

ქართულ პოლიტიკაში ცუგცვანგების სეზონი დაიწყო და მომენტის სიმწვავე იმაშია, რომ ჭადრაკიდან განსხვავებით, პოლიტიკაში ცუგცვანგი პატით (იძულებითი ფრით) ვერ დამთავრდება. პირიქით, მას მდგომარეობის ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თავიდანვე ვიტყვი – ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა (ძირითადად მაინც) ძალიან მომწონს.

საერთოდ, მემარცხენეების არ მწამს და მიმაჩნია, რომ კომუნისტური სოფლების შენება ადამიანების ფსიქოლოგიის ისეთ ცვლილებებს მოითხოვს, რომ დღეს უტოპიაა.

მაგრამ ვაღიარებ,  დღეს გაჩანაგებულ, ცალკე – გარეშე მტრისგან და განსაკუთრებით კი, – საზოგადოების კისერზე შემომჯდარი წურბელა კრიმინალი ხელისუფლებისაგან გაწამებულ და დაუცველ საქართველოს მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის სახით ლამის ერთადერთი ისეთი დიდი ქველმოქმედი და მოამაგე ჰყავს, რომ ჩემი და ნებისმიერი შედარებით უკეთეს პირობებში მყოფი ადამიანისაგან იმის ქადაგება – მარადიული ქველმოქმედება დახმარების მიმღებ ხალხს აზარმაცებს და მომთხოვნელობის მადას უზრდის, იმის ნაცვლად რომ თევზაობა ისწავლონ და თავად ირჩინონ თავი-მეთქი – ალბათ, ცინიკური დემაგოგია იქნება.

დღეს საქართველოს ყველა რაიონს რომ თავისი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს, საქართველოს უზნეო ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა მისი ხრიკებით და ძალადობით გაღატაკებული მოსახლეობის ისე დამონება და დაშინება, როგორც, სამწუხაროდ, ეს არის.

1 d4 Nf6

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოეძებნება მისი კრიტიკოსები.

ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობის ამბიციის დროს სხვებივით მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, პატარკაციშვილს მხარი დაეჭირა რომელიმე პარტიისთვის და არ მიეცა მთავრობისათვის პირადად მასზე სერიოზული დარტყმის მიტანის შესაძლებლობა. და ყველაზე სერიოზული დარტყმა ფსიქოლოგიური იყო. მაკიაველის, გებელსის, ბერიას და ვიშინსკის მეთოდებზე გამოზრდილმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ძალიან გამოცდილი და გაწონასწორებული ბიზნესმენი სონი კორლეონეს მსგავსად აფექტის მდგომარეობაში ჩაეგდო და ის ეთქმევინებინა, რაც პოლიტიკურად – ყველა კონტექსტის და ისტორიული რაკურსის გათვალისწინებით – წამგებიანად ჟღერდა: უკანასკნელ ცენტამდე დავხარჯავ ჩემს ქონებას ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებადო!

ასე მგონია, ბიძინა ივანიშვილი 2008 წელს – ბადრი პატარკაციშვილთან ერთად თუ მის გარეშეც – ხელისუფლებისთვის გაცილებით ძლიერი ოპონენტი იქნებოდა და არა  ფინანსების გამო, არამედ იმის გამო, რომ ასეთ ფსიქოლოგიურ მახეში არ გაებმებოდა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ ხელისუფლება მისთვისაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ გამოცდებს მოამზადებს და ეს გამოცდები ძალიან სწორ პრევენციას და რეაგირებას მოითხოვს. შევარდნაძის რჩევა – დაცვა გააძლიეროსო, იმ ადამიანის რჩევაა, რომელიც ამათ ზნეს კარგად იცნობს და, ამდენად, ძალიან საყურადღებოა!

მეორე შეცდომა, რაც ბადრი პატარკაციშვილს მოუვიდა, იყო ის სუსტი ორგანიზაციული ჯგუფი, რომელიც მას მხარს უმაგრებდა. რაც არ უნდა გავიმეოროთ ჭეშმარიტება, რომ ნონა გაფრინდაშვილი სუფთა და პატივსაცემი პიროვნებაა, ხოლო გიორგი თარგამაძე – ეშმაკი და მრავალჯერ გაყიდული პოლიტიკოსი, თუ გიორგი თარგამაძის დონის პოლიტიკურ ინტრიგებში გამოცდილი და პოლიტიკური ხრიკების შემფასებელი რამდენიმე პიროვნება არ გყავს გუნდში, ძალიან ძნელია სააკაშვილის გუნდს დაუპირისპირდე. რამდენადაც მწირია ნაცმოძრაობის ლიდერების ფანტაზია, თუკი საქმე ხალხისთვის სიკეთის კეთებას ეხება, იმდენად ფანტასმაგორიულად ”შემოქმედებითი” ხდებიან, როგორც კი რაიმე სიდამპლეს იგონებენ!

სამწუხაროდ, აქ კი უნდა ვაღიარო, რომ დღემდე ბიძინა ივანიშვილის ”ქართუ ჯგუფის” მიერ გაკეთებული უამრავი განცხადება მხოლოდ იმის საფუძველს მაძლევდა, სახტად დავრჩენილიყავი, რატომ უნდა ჰყოლოდა ამ მასშტაბის ფინანსისტს ასეთი სუსტი ანალიტიკოსები, რომელთა არგუმენტაცია და თავდასხმებზე პასუხები  საკმაოდ უნიათო და მოსაბეზრებელი იყო.”ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელის მერაბიშვილის აგენტობის შესახებ განცხადებებმა ნაწილობრივ გასაგები გახადა ამ უნიათობის ”მიზეზი” და იმედია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და მისი გუნდის დაკომპლექტება გაცილებით უკეთესი იქნება იმაზე, როგორც “ქართუ ჯგუფი” იყო დაკომპლექტებული, ან როგორც – ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი.

2 c4 e6

მიშასთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  წასვლაზე უარესი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ყოფილიყო – ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო დასკვნა.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ მიშა ისეთი გახდა, დანა კრიჭას არ უხსნის. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, რამდენი შეცდომა დაუშვა სარკოზობაზე გამოსვლისას, როდესაც მან ჩვეულებას გადაუხვია და დაბეჭდილ ტექსტს ლამის სიტყვა-სიტყვა კითხულობდა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილს გამომგონებლობას ვერ დაუკარგავ და დარწმუნებული ვარ, მას რამდენიმე საშუალება ექნება უკვე (რომელთაგან ზოგი – შეიძლება წლების წინ ჩაფიქრებული), როგორ უპასუხოს ამ მისთვის კატასტროფულ საფრთხეს.

3 Nf3 b6

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოდის და დაამთხვია იგი სარკოზობის აბსოლუტურად უგვან ”დღესასწაულს”. არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დარჩათ დასავლეთში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სწორად შეაფასა ის, რაც თბილისში მერიის თხოვნით უქმე დღედ გამოცხადებულ 7 ოქტომბერს ხდებოდა – ბრეჟნევის რეინკარნაცია! სარკო-მზეობა და აცუნდრუკება!. უდიდეს ბლეფს, რომ საქართველო თურმე ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების საქმეში საფრანგეთმა ”იშვილა”, მხოლოდ ვაი-დიპლომატ ნინო კალანდაძის ზემოვლენილი ჩვილი თუ დაიჯერებს, რადგან არავის ისე არ დაუბლოკია საქართველოს გზა ნატოში, როგორც საფრანგეთს. და დარწმუნებული ვარ, დღეს ევროკავშირზეც ეგრე იქნება –  საპენსიოდ გამზადებული ნიკოლია სარკოზი არასდროს იზამს იმას, რაც რუსეთს სერიოზულად გაამწარებს.

ამის პარალელურად კი ადამიანმა, რომელიც დღემდე ჩრდილში იდგა, ათასობით ადამიანს ეხმარებოდა, თეატრებს და ბიბლიოთეკებს, ეკლესიებსა და მუზეუმებს აშენებდა, საქართველოს გადასარჩენად იმ რეჟიმთან დაპირისპირება გვამცნო, რომელიც აქამდე ყველა მსგავსი სითამამის გამომჩენი ან გადაასახლა, ან დაიჭირა, ან გაანადგურა.

აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიეღო? – დიახ! დღეს უკვე გვიანია? – არა!

4 g3 Bb7

თავისუფლების მოედანზე 50,000 ადამიანი 7 ოქტომბერს იძულებით მირეკა ხელისუფლებამ… რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი და გამგეობებიდან და სკოლებიდან დაბარებული ”აღმზრდელები” ჩვენი დროის ბრეჟნევიადის სპექტაკლში სტატისტებად დააყენეს…

რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, ყოველგვარი იძულების გარეშე იმედმოცემული კითხულობდა ამ განცხადებას და საკუთარ ახლობლებს აცნობდა.

7 ოქტომბერს ივანიშვილმა სააკაშვილს სერიოზული ალიყური გააწნა.

ალიყურის სერიოზულობას მომენტის სწორი შერჩევა და 5,5 მილიარდი დოლარი ამყარებდა.

როდესაც სტალინს უთხრეს, რომის პაპი სსრკ-ს დაუპირისპირდაო, სტალინმა ცინიკურად იკითხა – რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპსო? მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ფულში ზომავს და მისთვის ივანიშვილის 5,5 მილიარდს დაახლოებით 100 დივიზიის წონა მაინც აქვს…

5 Bg2 Be7

სწორედ ამიტომ 7 ოქტომბრამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ივანიშვილი გაპოლიტიკოსების შესახებ მისმა პრეს-ცენტრმა განაცხადა,  პროსახელისუფლებო (ს)ექსპერტების მთავარი გამოსვლის თემა შემდეგი იყო: – რა იცით, რომ ივანიშვილი მიშას თამაშს არ თამაშობს?

მელას რაც ესიზმრებოდაო… ამაზეა ნათქვამი…

არ აუხდათ ოცნება…

6 Nc3 O-O

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მაგარმიშას ხელთათმანი ესროლა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არაფერი ისე არ უნდოდა, როგორც ბიზნესმენ გელაშვილის დასასჯელად გაგზავნილი ნიღბიანი ზონდერჯგუფის გაგზავნა, მაგრამ გარდა მაგიური 5,5 მილიარდისა, არის კიდევ ორი ფაქტორი, რაც მიშას სერიოზულად აშინებს:

ერთი ის, რომ მიშამ, კარგად იცის, როგორ მოიყვანეს და ალბათ ხვდება, როგორ წაიყვანენ…

მიშას მოყვანის დროს შევარდნაძისთვის ბევრი პიროვნების, განსაკუთრებით – აშშ ადმინისტრაციის და ჯეიმს ბეიკერის მხრიდან ”მიტოვება” მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. შევარდნაძე, პირიქით, ელოდა, რომ მეგობარი ჯიმი ”ავარდნილ” ახალგაზრდებს ჭკუას დაარიგებდა

მიშასთვის ივანიშვილის გაპოლიტიკოსება არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა – კაცმა ამდენი იწვალა, საპრემიერო სკამი მოირგო, ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ აქამდე აქტიურად მებრძოლი “ახალი მემარჯვენეებიც” მშვენივრად გადაიბირა (სულ რაღაც ერთი ჭირიანი მილიონის  და რამდენიმე დამატებითი საპარლამენტო ადგილის დაპირებით), ბურჯანაძის ქმარი ძებნაში გამოაცხადა, რვიანის შემდეგ ექვსიანიც დაშალა, არც სანდრო გირგვლიანის საქმის და არც 26 მაისის რეალურად გამოძიებას არ აპირებს (სიაფანდ გამოძიებებს არ ვთვლი)… და აი, ასეთ დროს…

მიშა უდავოდ ფიქრობს – ვინ იცის, იქნებ ამერიკელებმა იცოდნენ კიდეც… თავად მან რომ არ იცოდა, ეს რისი ბრალი იყო – იმის, რომ ივანიშვილია ასეთი მოხერხებული, თუ იმის, რომ ამერიკელებმა სხვაზე დადეს ფსონი?

7 O-O d5

მეორე სერიოზული ფაქტორი, ისაა, რომ მიშა ჩაშვებულია!  შუქურა კი არა, მაგარი გაბანძებული მასტია, რომელსაც უბრალოდ იმიტომ არ უძახიან ბანძს, გამყალბებელს და კრიმინალს, რომ არ უნდათ საქართველოში კიდევ ერთხელ იხილონ გადაყენებები და არასტაბილურობა…

ჰოდა, როცა ყველამ იცის შენი ბანძობის ამბავი, უკვე შენი მრავალჯერ მოყოლილი ბანძი ზღაპრებისაც არავის ჯერა… შეიძლება ერთხელ დაუძახო მილიარდერს (მილიონერებსაც) ”რუსეთის აგენტი” და მაშინვე დაგიჯერონ, მაგრამ როცა ამას მეათედ აკეთებ!.. თან მეათედჯერვე – ზუსტად ერთნაირად:  ”არ გახსოვდა”, რომ ეს კაცი რუსეთში გამდიდრდა, სანამ შენ გაფინანსებდა, გიშენებდა ობიექტებს, და… უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი განგიდგა! მისი ფულის ”პუტინური წარმომავლობის” შესახებ არ ფიქრობდი, როცა ხელს არ გიშლიდა, პირიქით… და უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი   შენი ოპონენტი გახდა!

მრისხანედ გამოდიან ხელისუფლების მოსამართი თოჯინები და გულზე მჯიღის ცემით თვალებს აბრიალებენ – “რუსეთში გაკეთებული ფულით”… “არ მოვუშვებთ!..”

“ვერ იბოგინებს რუსული კაპიტალი… არ გაგივათ!..”

ბატონო ბოცო წიკლაურო და უდიდესო კანონშემოქმედო, ლაშავ თოდრიავ – კახა ბენდუქიძე, მა რა ჩემი ფეხები ”ქართველი” ბიზნესმენია?  ფული სად იშოვა ბენდუქიძემ? და დიდმა ჰოლივუდის ბაბოჩკიანმა პროდიუსერმა – კობა დე ლაურენტის-ნაყოფიამ სად მოაგროვა კაპიტალი? და საერთოდ ვინ არის რუსი ოლიგარქი გენერალოვი და ვისი ძმაკაცობით ჩაიგდო ხელში ”მადნეული”, ქართული ოქრო და ქართული სპილენძი?

ნუ ახლა, რომელიღაც საშუალოსტატისტიკური ჟუჟუნა ჯერ კიდევ შეიძლება დაკეროს ამ რუსული კაპიტალით გამძღარი ხელისუფლების მხრიდან ”რუსული კაპიტალის აუტანლობამ”,  მაგრამ უკვე დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ხელისუფლება, რომლისთვისაც ფული აბსოლუტურად არ ყარს, სანამ ეს ფული მათ ჯიბეში მიჩხრიალებს, საოცრად ”აზიზი” და ”აღშფოთებული” მაშინ ხდება, თუ ფულის ნაკადმა მიმართულება იცვალა…

8 Ne5 c6

როცა 7 ოქტომბერს ივანიშვილმა პიონერული ფიცივით გამოაცხადა რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქედ დავრჩებიო, ორმა ურთიერთგამომრიცხავმა აზრმა გამიელვა თავში –

– ხომ არ ჩქარობს ჩაბარებას? (განსაკუთრებით – ფრანგული პასპორტის ჩაბარებას)

– ხომ არ დააგვიანა ჩაბარება?

მიშას ვაშამ არ დააყოვნა და მარადმოზეიმე რეესტრთუხუცესმა ვაშაძემ უკვე ”დაახლოებით 9-10 ოქტომბერს” (ეს ძალიან მომწონს, რომ ასეთ აწყობილ ქვეყანაში ვერ გაირკვა, ზუსტად როდის მოხდა ყველაზე მდიდარი ქართველის განპასპორტება და პანიკოვსკის რანგში გადაყვანა!) უპატაკა პარტიას და მთავრობას – მთავარი საფრთხე ლიკვიდირებულია, პასპორტი ანულირებულია და კენჭის ყრას კი არა, ვინმესთვის ფულის მიცემასაც ვეღარ მოახერხებს აწიო!

სვლა იმდენად ელვისებური და დამანგრეველი იყო, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო – ამ სიდამპლეთუხუცესებს სიდამპლეების ჩაფიქრების, მოფიქრების და რეალიზების ჯოჯოხეთური პოტენციალი აქვთ – ამაში მართლა მაგრები არიან!

9 cxd5 cxd5

მაგრამ ყველა მედალს აქვს თავისი მეორე მხარე!

მიშას მიერ განხორციელებულმა პასპორტის აორთქლებამ – ჩემი მოცემული იყო და მევე წაგართმევო – რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ფორმალურად ვერ შეედავნენ იმაში, რომ კანონის ფორმულირება – ”საქართველოს მოქალაქე, მის მიერ მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას” ძალიან სერიოზული არგუმენტია – ასეთი ყველაფრის მკადრებელი იურისპრუდენციის სისტემის ქვეყანაში), იმდენად ისიც აშკარაა, რომ რეჟიმის ეს სვლა, თავისი ბრწყინვალების გარდა, რეჟიმის განწირული ფართხალის ნიშანიცაა… რამდენიმე ასპექტის გამო:

1) რეჟიმი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა დაგვიმალა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, თორემ მაშინვე შევუწყვეტდით საქართველოს მოქალაქეობასაცო!

დავიჯერო, საქართველოს ყოვლისმცოდნე იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ყველას შემოსავლებს ელექტრონული სისტემით მისხალ-მისხალ ითვლის და მერე მდიდარ გასატყავებლებს ზუსტად იმდენს აჭრის, რომ მთლად სისხლისგან არ დაიცალონ, და რომელიც ამავე დროს ქვეყნის მოქალაქეთა აღრიცხვის ბაზის – რეესტრის – მეპატრონეცაა, არ იცის და 5 წელია ვერ იგებს / გამოეპარა, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, რომლის კაპიტალი საქართველოს წლიურ ბიუჯეტზე მეტია, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა?

2) დავიჯერო, მილიარდერის გაფრანგება გამოეპარა პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ მეგობარს და ჟამთაღმწერელს, საფრანგეთის მოქალაქეს რაფაელ გლუქსმანს და მის თანამეცხედრედ აღვლენილ შსს მინისტრის მოადგილეს, უსათნოესს ეკა  ზღულაძეს?

3) დავიჯერო   საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის არცერთ სხვა პირს არ აქვს მიღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით?

ამ ასპექტში ძალიან მაინტერესებს ბესო ჯუღელი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი, აშშ-ში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი, ისრაელის მოქალაქის ალექსა ფრენკელის მეუღლე,  დიდი ინტეგრატორი თემურ იაკობაშვილი (გამიგია, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია).

ნუ, დიდი ორპატრიოტის –  საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ამბები – როგორ ევნო და ეწამა რუსეთის პასპორტის ჩაბარებაზე ომგადატანილი კაცი – ყველაფერი ვიცით… რეესტრს (სადაც უფროსი ასევე ვაშაძეა) ვაშაძის ორპასპორტიანობა ისევ ”გამოეპარა”.

10 Bf4 a6

ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი მაშინ გადალახა, როცა 7 ოქტომბერს სააკაშვილს გამოუცხადა, მოვდივარ და დამიხვდიო!

სააკაშვილმა კი მაშინ ჰყარა წილი, როცა ივანიშვილს მოქალაქეობა გააუქმა – ამით ფაქტიურად აღიარა – ამ კაცის მომგები მე არ ვარ და ნებისმიერი მეთოდით უნდა მოვიშორო, რომ საარჩევნო ყუთებთან ამის სახელი არ გაჭაჭანდესო…

11 Rc1 b5

წილი ნაყარია და მდგომარეობა პროგრესულად და გეომეტრიული სიჩქარით დაიძაბება… საქმე იმაშია, რომ ნერონის და მილიარდერი მოქალაქის ბრძოლაში ფრე და უკანდახევა გამორიცხულია.

12 Qb3 Nc6

მიშას სიძლიერე მითიურია.

ადამიანი, რომელსაც რეალურად ქვეყნის მოსახლეობის ალბათ მეხუთედიც კი არ უჭერს მხარს, რომელმაც ქვეყანა გააღატაკა და დაშლის პროცესი გააღრმავა  და რომელსაც იმის ამბიცია აქვს, რომ აღმაშენებელია, მხოლოდ მითოსით შეიძლება იყოს მაგარი.

საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ მისმა კარის მასხრებმა მისი ლაჩრობის დამადასტურებელი ობიექტური სტიგმები – ჰალსტუხი, გაქცევა, პანიკური შიში – ფეტიშიზაციის ობიექტებად აქციეს და საჭმელი ჰალსტუხის გამოშვება დაიწყეს!

მაგრამ მითიური სიძლიერე მოჩვენებითია და მითის მუდმივი გამეორების გარეშე შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს. ასეთ დროს საკმარისია ხალხმა დაინახოს, რომ თურმე არსებობს ადამიანი, რომელსაც მიშასი არ ეშინია, რომ ჯერ იწყება პატარკაციშვილ-ოქრუაშვილის სინდრომი (”ნახეთ, მაგასაც როგორ მოიშორებენ!”), რომელიც მითის გაუმაგრებლობის შემთხვევაში სწორედ მითის დანგრევას იწყებს – ”ერთი უყურე! ვერ იშორებენ! მაგრები კი არა, ეშინიათ ამისი!”)

13 Nxc6 Bxc6

ასე რომ  დრო ივანიშვილზე თამაშობს. თითოეული დღე, როცა მიშა გროგშია და ხმას არ იღებს (ტურების კნავილი არ ითვლება), ხალხის ცნობიერებაში იმ საკნების პერიოდის მიშას აბრუნებს, რომელსაც სასახლის ეზოში სტაფილოებს უყრიდნენ და რომელიც თვეობით მოკვეთილი იყო თბილისიდან.

თუმცა ისიც აშკარაა, რომ თუ ივანიშვილი მხოლოდ ეპისტოლეებით განაგრძობს ხალხთან კონტაქტს, მალე ხალხს იმის ეჭვი გაუჩნდება, საერთოდ არსებობს თუ არა რაინდი და თუ არსებობს, მართლა პარიზში ხომ არაა (დამიჯერეთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუმცა რაინდობის სიგელები არასდროს გამომიქვეყნებია :))

14 h3 Qd7

ივანიშვილის საკმაოდ ზუსტი დარტყმები:

– სააკაშვილის სატელიტი გაყიდული ოპოზიციის ჩამოთვლა, და მკაცრად გამიჯვნა. გამოგიტყდებით, ლევან გაჩეჩილაძეზე და სობარ სუბარზე გული მწყდება, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან შესაძლო სარგებელი გადასაგდებად არ მემეტება… არ დაგიმალავთ, გამიკვირდა, თუ სააკაშვილის გვერდით მყოფებს – არამცთუ პალიკო კუბლაშვილს და მისი რანგის ოფოფების, არამედ მერაბიშვილის და ადეიშვილის მასშტაბის ბელზებელების  გამოსწორების  იმედი აქვს ივანიშვილს, ეს კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი რა გახდნენ ასეთუ გამოუსწორებლები? მაგრამ, იმედია, ივანიშვილს რაიმე არგუმენტები აქვს საამისოდ… ანდა, თუ არ აქვს, პოლიტიკაში ყველაფრის მოტრიალება შეიძლება,..

რაც შეეხება სატელიტებს – მართლაც მარაზმი იყო ის სიტუაცია, როცა უცხოელები ჯერ სახელისუფლებო უმრავლესობას ხვდებოდნენ და მერე იმ მასშტაბის ”ოპოზიციას”, როგორიცაა მიშმადიდებელი მაია ორჯონიკიძიანი და ლევან ჩოლოყაშვილიანი გია თორთლაძის პადოშ-დემოკრატიული პარტია; პარტია ”მე თვითონ”-ს ლიდერი თვითონ პაატა დავითაია და, განსაკუთრებით, – სულიკოსავით კორუფციის მაძიებელი და ვერმპოვნელი, ერთდროს ეროვნულ-დემოკრატიული გურამ ჩახვაძე და მისი ოფისზეშეყვარებული ბაჭუკი ქარდავა! ამ ფონზე გაცილებით სერიოზული ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეებისაგან  ზარალიც გაცილებით სერიოზულია, რადგან სააკაშვილის იმიჯის სერიოზულად გამათეთრებელი სწორედ ეგენი არიან…  აქვე იმაში დავეთანხმები ივანიშვილს, რომ ამ პარტიებში ალბათ არის ერთეული პატიოსანი ხალხი, რომელთაც მართლა შეიძლება სჯეროდეთ, რომ გამწვანებული დავით გამყრელიძე ქუთაისიდან გაანთავისუფლებს საქართველოს, და ან რომ ”5-10-უფასო” გია (გაზი) ჭანტურია გიორგი თარგამაძემ სამერო კანდიდატად თავად გამოჩეკა და არა – მიხეილ მაჭავარიანის შეგონებით, ხოლო ინგა გრიგოლია საკუთარი ინტუიციით და ფინანსებით გაგრიალდა ლონდონში სასწავლებლად და არა – ვანო მერაბიშვილის კურთხევით… მე პირადად ახვლედიანი და ანიკაშვილი მესიმპატიურებიან… მაგდა – განსაკუთრებით :)) ადრე ფიქრია ჩიხრაძეს და მანანა ნაჭყებიასაც პატივს ვცემდი, მაგრამ ფიქრიამ ისეთი დემაგოგიის მასტერკლასი აჩვენა “მაესტროს” ეთერში, რომ ხმა ჩამივარდა…

15 Kh2 Nh5

რესპუბლიკელების და ალასანიას მოზიდვას ორი სერიოზული პლიუსი აქვს – რესპუბლიკელებს ნამდვილად ყველაზე სერიოზული ინტელექტუალური რესურსი აქვთ და ორივეს ერთად – განსაკუთრებით, ალასანიას – ამერიკულ  ისტებლიშმენტზე გასვლის გზები… სააკაშვილის მთავარი არგუმენტი და დარტყმის მთავარი მიმართულება ხომ ყოველთვის ეგ იქნება – ”ივანიშვილი – რუსული პროექტი”… ჰოდა, ახლა ”ივანიშვილი, რესპუბლიკელები და ალასანია – რუსული პროექტია!” ძაან ფანტასმაგორიულად ჟღერს და მიშას დარტყმას პირს უბლაგვებს! მიშასთვის უკეთეს შემთხვევაში ეს ”რუსულ-ამერიკულ პროექტად” შეიძლება მონათლოს. მაგრამ არის კი ”რუსულ-ამერიკული პროექტი” მიშასთვის უკეთესი შემთხვევა? თუ, პირიქით, ყველაზე საშიში ვარიანტია – დაჯდნენ ამერიკელები და რუსები და მოითათბირეს, როგორ მოეშორებინათ ყელში ამოსული ნაგიჟარი…

(სინამდვილეში მე არ მგონია, რომ ასე იყოს, მაგრამ მიშას თუ ეგონება, მით უკეთესი…)

16 Bd2 f5

რა რესურსი აქვს მიშას?

ცეცხლის გაჩენა მთაწმინდის ფერდობზე ივანიშვილის სახლის მახლობლად შემთხვევითი არ მგონია და ალბათ, ნერვული სისტემის შემოწმებაა. არაა გამორიცხული, მიშას კუდმა და სოდმა იგივე ღამით გაიმეორონ, მეტი ეფექტის მოსახდენად. რეალურ საფრთხემდე საქმე, არა მგონია, მივიდეს. უბრალოდ, მიშამ კარგად იცის, რომ მისნაირი ჩამოლაბორანტებული რეპუტაციის დროს მოწინააღმდეგის განადგურება კი არა, დაშინება უნდა სცადოს.

რამდენიმე გაცვეთილი ხერხი,რომელსაც მიშა ალბათ გამოიყენებს

–         ზეწოლა ბიზნესზე – “ქართუ ბანკის” შემოწმება საგადასახადოს მიერ;

–         ზეწოლა ოჯახზე – თვალთვალი, კუდის და სოდის მანქანების გამოჩენილად დაყენება ოქროყანის გზაზე, ივანიშვილის სახლის ზემოთ ვერტმფრენების გადაფრენები და ა.შ;

–         კომპრომატების ომი… დაწყების ნიშანი ის იქნება, რომ ხათუნა გოგორიშვილი ”ბორის ივანაშვილის” ხსენებას დაიწყებს, ხოლო მიშა საკუთარი პირით კი არა, სწორედ სატელიტ-პარტიების პირით დაიწყებს იმის მოყოლას, როგორ საშინელ დღეში აგდებდა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს… შეიძლება ეს საპატიო მისია დავით გამყრელიძეს დაეკისროს, რადგან პატარკაციშვილს ოჯახს პირდაპირ აქვს გაცხადებული – გიორგი თარგამაძემ გვიღალატაო და მის დღევანდელ დაგესვლას ნაკლები ეფექტი ჰქონდა. არა მგონია, თარგამაძემ ის დაამტკიცოს, რომ მასზე მეტად ბიძინამ მოუკლა გული ბადრის!

–         კომპრომატების ომში ხელისუფლება აქტიურად ჩართავს ზვიადისტებს… შეიძლება ნაფტალინიდან მრავალჯერდავიწყებულ-გახსენებული მანანა არჩვაძეც კი ამოიღონ. თუ არადა, აგერ არაა თმაქოჩორა ქორი თემურ ქორიძე? კოკოც თურმე ჯერ არ წაკოკოებულა ჟენევაში სამეტროლოგიოდ… ჰოდა, იქნება იმის უსასრულო ფანტაზიები, როგორ აფინანსებდა კიტოვანს და იოსელიანს მილიარდერი ივანიშვილი!

–         ”მაესტროზეც” და ”კავკასიაზეც” გაიზრდება ზეწოლა! ”კვირის პალიტრას” განუახლებენ იმ დაუსრულებელ შემოწმებას…

–         ალბათ საჩხერესა და ჭორვილაზეც მიიტანენ შეტევას – დენს გათიშავენ, საავადმყოფოს წყალს გამოურთავენ… ეცდებიან იქაური ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყვანონ ტელევიზიაში…

17 Qd1 b4

მაგრამ ზეწოლის ეს ხერხები უკვე ნაცნობია და ძირითადად იმის განცდას გააძლიერებს, რომ მურტალოს მეთოდები დაუძველდა.

ცაიტნოტში ყოფნა და იმის გააზრება, რომ უმოქმედობა დამღუპველია, იმის საწინდარი იქნება, რომ მიშა იცანცარებს და მეტ შეცდომას დაუშვებს

18 Nb1 Bb5

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ კედელთან მიმწყვდეული ტურების და აფთრების ხროვა გამოუსვლელობისაგან ბევრ რამეზე წამსვლელია.

ყველაზე მეტად მაინც სხვა (ახლობელ) პირებზე ზეწოლას ეცდებიან. ამიტომ შევარდნაძის რჩევას – დაცვა გააძლიერეო, ალბათ ერთი დაზუსტება უნდა – ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც ბიძინასთვის ახლობელია.

ერთი რამ მინდა ვთქვა – სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაზეც წამსველილია, მის მიმართაც შეიძლება იგივეზე წავიდნენ… მხოლოდ მაშინ, თუ ის და მისი შანტრაბა ამას გაისიგრძეგანებს, შეიძლება  იმედი გვქონდეს, რომ სისულელეს არ ჩაიდენს! თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, რადგან მისი სტიქია – სწორედ სისულელეების ჩადენაა!

19 Rg1 Bd6

არ ვიცი, ღირს თუ არა ვილაპარაკო იმაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია. პრინციპში უკვე ითქვა და მეც ვეთანხმები – ჟურნალისტებთან ასეთ ტონში ლაპარაკი მიუღებელია. და მე რომ ჟურნალისტებს და ურნალისტებს სერიოზულად ვანსხვავებ, მგონი, ამაში ეჭვის შეტანა ძნელია. ურნალისტები მე პირადად, აბსოლუტურად ნამუსაყრილ კასტად მიმაჩნია, რომელთაც დარწმუნებული ვარ, სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომ საზოგადოებასთან თანაცხოვრება შეძლონ…

არც სოსო ცინცაძის და რამაზ საყვარელიძის ერთ ქვაბში მოხარშვა მგონია სწორი, არც დავით აქუბარდიას ასე ქება-განქიქება და არც მაესტროს ასე ”გიყიდი-ვიყიდის” ანონსირება…

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ია ანთაძეს არაფერი სჭირს არც ჩემი დასაცავი და არც ბიძინა ივანიშვილის ხელწამოსაკრავი. ია ანთაძე ქართული ჟურნალისტიკის სინდისია, პროფესიონალიზმის დონეა და იმაში ეჭვის შეტანა, რომ ის თურმე მიშას საქმეს აკეთებს, უბრალოდ უხერხულია. რადგან მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ბატონი ბიძინა ქალბატონ იას ნაწერებს და ინტერვიუებს ცუდად იცნობს და მისი ზოგიერთი გამოსვლა მხოლოდ გადმოცემით იცის… იქნებ იმავე გაგა ჩრდილელის გადმოცემით? ია ანთაძე არასოდეს იტყოდა, მიშა სააკაშვილი პროდასავლელი, დემოკრატი  და ლიბერალიაო… ის, რომ თავად დასავლეთი განიხილავს მას ასეთად, ესაა ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემა!

ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს არც მოლოდინი და არც სურვილი, რომ ის ყველამ მესიად აღიქვას და მისდამი კითხვები გაუქრეთ. მთავარია, რომ იასავით და ჩემსავით, ქვეყნის დიდმა უმრავლესობამ ის მიშასთან შედარებით გაცილებით უკეთესად აღიქვან და იმ ადამიანად – რომელიც სააკაშვილის ქვეყნისთვის დამღუპველ კრიმინალური ბანდის თარეშს ბოლოს მოუღებს.

20 e4 fxe4

ყველაზე რთული საკითხი, რამაც ზოგიერთი ადამიანის ძალზე ემოციური გამწარება და გაწიწმატება გამოიწვია:-მერაბიშვილისთვის, ადეიშვილისთვის და სხვა ნაკლები მასშტაბის მიშისტი კრიმინალებისთვის ნიჭიერი ორგანიზატორების წოდების მინიჭება და სათანამშრომლოდ ხელის გაწოდება.

ვაღიარებ, ჩემთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია!

იმასაც აქვე ვაღიარებ, დღეს, როცა მე ჩირგვში ვზივარ და ჩემი ვირტუალური მეგობრების იმაში დარწმუნებაც არ შემიძლია, რომ სულაც მერაბიშვილის აგენტი არ ვარ, და როცა მე არაფერს ვრისკავ,  – ასეთ სერიოზულ საკითხზე ადამიანს, რომელმაც ქვეყნის გადასარჩენად სერიოზულ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ძალიან სერიოზულად სასწორზე შეაგდო თავისი და თავისი ოჯახის ბედი – მე არავითარი (!) მორალური უფლება არ მაქვს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი აზრი თავზე მოვახვიო! ის მიდის ომში და მან უნდა გადაწყვიტოს, ამ ომში ვის და როგორ დაუპირისპირდება. ფასი – სამშობლოს გადარჩენა – ძალიან მაღალია და იქნებ ძალიან სერიოზულ დათმობებზე მოგვიწიოს წასვლა, იმისთვის, რომ სამშობლო გადარჩეს და არ დაიქცეს! ამიტომ, მართალი გითხრათ, ვერ ვამართლებ ლამის ისტერიკამდე მისულ ამ შეძახილებს და მუხრუჭებს…

21 Qxh5 Rxf2

გაგა ჩრდილელი მარტო არ იქნებოდა…

თუ იყო კიდეც, დარწმუნებული ვარ ”სანიმუშო ორგანიზატორი” ვანო დღეს ახალი ჩრდილელების მოძებნითაა დაკავებული და მიშა ამაში დაუფიქრებლად ჩადებს ხალხის ძარცვით შეძენილი ქონების ძალიან დიდ პროცენტს, რომ მომავალშიც ჰქონდეს ხალხის ძარცვის შეუზღუდავი უფლება…

22 Qg5 Raf8

როდესაც ვახსენე ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებზეც რეჟიმმა შეიძლება ირიბი შეტევები მიიტანოს ივანიშვილის პოზიციების შესასუსტებლად, ალბათ აქ არც ეკლესია და მისი წინამძღოლი უნდა გამოირიცხოს…

23 Kh1 R8f5

დავით ზურაბიშვილის სიტყვები, რომელთაც 100%ით ვიზიარებ:

”რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის პერსონის, მისი საქმიანობის თუ პირველი განცხადებების მიმართ. ერთი რამ ცხადზე უცხადესია – არსებულ სიტუაციაში მისი გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე არის ხელისუფლების დაბალანსებისა და შეცვლის პრაქტიკულად ერთადერთი შანსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს აქვს პატრიოტისა და ქველმოქმედის რეპუტაცია, პლუს დიდი ფინანსური რესურსი, მას თავისუფლად შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლების საპირწონე ძალის ჩამოყალიბება, რაც არის ცალსახად კარგი და არა უბრალოდ კარგი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.”

24 Qe3 Bd3

ალბათ, ახლა ჩემი ქვეყნის ე.წ. ”უშიშროების საბჭო”, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მთავარ საშიშროებად ქცეულა, თავის სატრაპებს, ვირთხებს, აფთრებს და ტურებს რაზმავს და აგულიანებს, რომ ოღონდაც რეჟიმი გადაარჩინონ და მათ მისცემენ მეტ ფულს და მეტ წარჩინებას…

ჩვენი – და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ამოცანაა, შევაგნებინოთ ამ ხალხს, რომ ისინი რეჟიმის ტურები, ვირთხები, აფთრები და სატრაპები კი არ არიან, არამედ დაბადებით არიან ჩვენი ქვეყნის შვილები, საქართველოს შვილები, და რომ მათი რეალური ბედნიერება ხალხის გატყავებაში აღებული ფული და ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ მათ შვილებსაც და შვილიშვილებსაც ამ მიწაზე ბედნიერად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ,

ხოლო ეს რეჟიმი ამ შანსის დაკვლას სწორედ მათი ხელით აპირებს.


მოქალაქეობის ”ბრწყინვალება და სიდუხჭირე” საქართველოში


”Civis Romanus Sum” – ”მე რომის მოქალაქე ვარ!”

– ამ სიტყვებს რომის იმპერიის ნებისმიერ კუთხეში გაიძახოდნენ ადამიანები იმის იმედით, რომ მათ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობოდნენ, ხოლო თუ მათ უფლებებს შელახავდნენ, ამის ჩამდენი დაისჯებოდა.
რომის მოქალაქეობა გულისხმობდა სერიოზულ პასუხისმგებლობებს (ანუ – სამოქალაქო უფლებებს) – ჯარში სამსახურს, გადასახადების გადახდას, არჩევნებში მონაწილეობას და არჩევის უფლებას. და ამავე დროს სერიოზულ მფარველობასაც იმპერიის მხრიდან (პირად უფლებებს) – ხოლო უპირველესი მათ შორის იყო – სამართლიანი სასამართლოს უფლება!
სადაც არ უნდა ყოფილიყო რომის მოქალაქე, ვისაც არ უნდა დაეპატიმრებინა იგი, და რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მას ჰქონდა თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის უფლების დამრღვევი რომის კანონით უმკაცრესად გასამართლდებოდა.

რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა ღალატისათვის შეიძლებოდა, მაგრამ ამ მუხლით მისი გასამართლება მხოლოდ რომში უნდა მომხდარიყო. პავლე მოციქული, როგორც ეს ზაზა შათირიშვილის ბოლო ინტერვიუშია აღნიშნული, პალესტინაში დააპატიმრეს და ღალატის ბრალდებით უნდოდათ სიკვდილით დაესაჯათ. პავლემ, რომელიც რომის იმპერიის ერთგულ დამცველად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, დაუყონებლივ განაცხადა – რომის მოქალაქე ვარ და მსურს კეისრის სასამართლომ რომში გამასამართლოსო! და მართლაც, ორი თვის განმავლობაში მიჰყავდათ ტუსაღი და რომში არა მარტო გაასამართლეს, არამედ გაამართლეს კიდეც.

სიცოცხლის უფლება არ იყო ისე მკაცრად გარანტირებული რომის მოქალაქისათვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება!
რომის თავისუფალ მოქალაქეს სასამართლოს გარდა ვერავინ შეუზღუდავდა მის თავისუფლებას – ვერც მაგისტრი, ვერც რომს დაქვემდებარებული სამეფოების და ტერიტორიების ადგილობრივი ტირანები, და ვერც მოვალეები, თუ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი სასამართლო მას გამამტყუნებელ განჩინებას არ მიიღებდა. ამიტომ, როგორც კი მის მიმართ უკანონო მოპყრობას წააწყდებოდა, რომის ნებისმიერი მოქალაქე მაშინვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ამ მაგიურ სიტყვებს – Civis Romanus Sum – და ამის გაგონებაზე ნებისმიერმა უზურპატორმა და მოძალადემ იცოდა, რომ მისი ძალადობის წინააღმდეგ ძლევამოსილი იმპერიის სამართალი იდგა.

სიცილიის კორუმპირებულ გუბერნატორ ვერესს, რომელმაც უცხოური გვარის მდიდარი ადამიანი თითქოსდა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა და მისი ქონება მიისაკუთრა, ციცერონმა ბრალი დასდო უკანონობის აღსრულებაში და ძალადობაში მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ადამიანი, როცა მას სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, მთელი ძალით გაჰყვიროდა – ”მე რომის მოქალაქე ვარ! მოვითხოვ სამართლიან სასამართლოსო!” როცა გაირკვა, რომ მოკლული მართლაც რომის მოქალაქე იყო, გუბერნატორი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის შიშით იგი ქვეყნიდან გაიქცა.

მას მერე დიდი დრო გავიდა. რომის გარდა, იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც წინაც და დღესაც ახერხებდნენ თავისი მოქალაქეების უფლებების მსოფლიოში დაცვას. მაგ. 1850 წელს სწორედ იმ ლოზუნგის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრმა და იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ათენში გიბრალტარის მოქალაქე მდიდარი ებრაელის დონ პასიფიკოს სახლზე თავდასხმისათვის, რომელშიც საბერძნეთის მინისტრის შვილებიც მონაწილეობდნენ, საბერძნეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა! 8 კვირიანი ბლოკადის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ სერიოზული კომპენსაცია გადაუხადა დონ პასიფიკოს, რაზეც კმაყოფილმა პალმერსტონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, ხომ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქის მიმართ ხელშეუხებლობის რომაული პრინციპი Civis Romanus Sum დღესაც მოქმედებსო!

ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიები, ასევე მტკივნეულად რეაგირებს მისი მოქალაქეების უფლებების შელახვაზე და ამერიკელები ამას კმაყოფილებით აღნიშნავენ. საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის არჩევნების პირწმინდად წაგება რონალდ რეიგანთან სწორედ ირანის მიერ აშშ-ის საელჩოს აღების და მძევლების აყვანაზე კარტერის ადმინისტრაციის უსუსური რეაქციას (მძევლების განსათავისუფლებელი ოპერაციის სრულ კრახს) უკავშირდებოდა. ირანელებმა მძევლები რეიგანის ინაგურაციიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს და აიათოლა ჰომეინიმ მთელ მსოფლიოს განუცხადა, ეს ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის პრეზიდენტი კარტერიო.
ასევე ალბათ არასოდეს აპატიებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მისი თანამოქალაქეები იმას, თუ როგორ დაუთმო მან კადაფის დაჟინებულ მოთხოვნებს და დიპლომატიური დივიდენდების მისაღწევად გაანთავისუფლა ლიბიელი ტერორისტი, რომელმაც 250 უდანაშაულო ადამიანი შოტლანდიური ლოკერბის თავზე ”პან ამერიკენის” თვითმფრინავში ააფეთქა.
ისრაელი იმპერია არაა, მაგრამ უმკაცრესად ეკიდება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითები მრავლადაა, როცა ისრაელი ლამის ომის დაწყებაზეც კი წასულა თავისი ერთადერთი მოქალაქის თავისუფლების თუ სიცოცხლის დასაცავად. და ალბათ ეს მაგალითები კიდევ უფრო გამდიდრდება – თუნდაც იმ ფასის დემონსტრირებით, რაც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაიხადოს ისრაელი ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოს გამო.

ამავდროულად, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა , რომელიც იდეალური ვერ არის და ვერც იქნება, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა თვითნებობებისაგან, მათ საკუთრების უფლებას, მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას… ანუ, პიროვნული უფლებების პატივისცემის მოთხოვნა, რასაც ეს იმპერიები თავის მოქალაქეებთან მიმართებაში სხვა ქვეყნებს ავალდებულებენ, საშინაო გარემოშიც ანალოგიურად ვრცელდება.

==============

არიან სხვა ტიპის ქვეყნები, რომელთა ხელისუფალნიც, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილთაგან, მხოლოდ არჩევითად ახორციელებენ მოქალაქის უფლებების დაცვას – ქვეყნის გარეთ ისინი გააფთრებით იცავენ თავისი თანამემამულეების უფლებებს (განსაკუთრებით, თუ ეს ”თანამემამულეები” სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – მაგალითად ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთსა, აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში), მაგრამ საშინაო ასპარეზზე თავად გვევლინებიან ამავე მოქალაქეების უფლებათა მასიური დარღვევების ავტორებად. ამის მაგალითები მრავლადაა – ”კურსკის” და ”კომსომოლეცის” ტრაგედიების გამოძიებისა და ”ნორდ-ოსტისა” თუ ბესლანის შტურმიდან – ანნა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, პოლ ხლებნიკოვის, ეკატერინა ბაბურინას, მაგომედ ევლოევის და უფლებადამცველების მკვლელობებამდე და მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის დაუსრულებელ პატიმრობამდე. რუსეთის კრედო განსხვავებულია რომაულისაგან და, ალბათ, ყველაზე უკეთ, ამ დევიზით გამოიხატება: “Бей своих, чтоб чужие боялись!” ზუსტად ანალოგიურია სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიდგომებიც – ირანი, სირია, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კამბოჯა, მიანმა, უზბეკეთი… მათი პატრიოტიზმი ტოტალიტარულია – ანუ მხოლოდ საგარეო სურნელი დაჰკრვს – როცა საკუთარი მოქალაქეების დაცვას მხოლოდ სხვა ქვეყნებისაგან ითხოვენ და საკმაოდ აგრესიულადაც. ხოლო საშინაო მომხმარებაში ტანკებით ასობით მოქალაქის დახოცვა, თუ რეჟიმისადმი არალოიალური ოჯახის წევრების ჯგუფური გაუპატიურებები – ”ნორმალური” საქციელია და ”პატრიოტიზმს ამაგრებს”!

=========

და მაინც, დიდხანს რომ არ ვიტირო სხვისი მკვდარი (სამართალს და სამართლიანობას ვგულისხმობ ზოგადად), მინდა იმ უნიკალურ შემთხვევას დავუბრუნდე, რასაც ”დემოკრატიული სინგაპური” და ”კავკასიის შვეიცარია” აქვს შერქმეული მისი უზურპატორისაგან . ესაა საქართველო – პარადოქსების ქვეყანა.

თუ პირველი ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ აცხადონ ამაყად თავისი მოქალაქეობა, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს – მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველო ის უნიკალური შემთხვევაა, როცა, ამჟამად, ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქემ თავისი მოქალაქეობა ყველგან და ყოველთვის უნდა დამალოს!

სანამ რეჟიმდაცველთა მხრიდან ქვების წვიმა არ წამოსულა და მამუკა არეშიძეზე უარესად არ ჩავუქოლივართ, შევეცდები ავხსნა ამ ჩემი უაღრესად ანტიპატრიოტული მოწოდების მიზეზი. (აქვე მინდა დავამატო, რომ ”მე ქართველი ვარ” დღემდე ამაყად ჟღერს, როგორც ქართველი ხალხის და ეროვნული კულტურის გამოხატულება და არა – ქართული სახელმწიფოსი)

რა დაცვას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეობა მის პატრონს საზღვარგარეთ? პრაქტიკულად ნულოვანს.
არამცთუ ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ თავისი დიპლომატიც კი – გიგა მახარაძე – უყოყმანოდ გაუშვა ამერიკულ ციხეში, მაშინ როცა დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენების საშუალება ჰქონდა, რათა ამერიკის მთავრობის მიმართ ლოიალობა დაემტკიცებინა. ხოლო აბსოლიტურად სიმეტრიულ შემთხვევაში, როცა ბულგარელი დიპლომატის მანქანამ თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავე ჩუმად გაეპარებინა თბილისიდან.

საქართველოს მოქალაქის შევარდნაძის დროინდელი უუფლებობა სააკაშვილის ხელისუფლებამ კუბში აიყვანა!
ვინმეს გახსენდებათ შემთხვევა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესები აქტიურად დაიცვა? სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად ფეხზე დაიკიდა? თურქეთის ციხეებში გამომწყვედეული ქართველები, რომელთა საქმეების და ციხეში არაადამიანური ყოფის პირობები საქართველოს საერთოდ არ ადარდებს? მალააზიის მიერ ნარკოვაჭრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენის მოლოდონში მყოფი ორი ქართველი ქალი, რომელთა საქმის შესახებ გრიგოლ ვაშაძე პერმანენტულად ვერ ახერხებდა მალააზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას? კადაფის რეჟიმის მიერ დატყვევებული გემის ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მხოლოდ მერე გაახსენდა საქართველოს, რაც მათ ტყვეობიდან თავისით გაქცევა მოახერხეს? უკრაინის მთავრობის მიერ უკანონო მოპყრობის არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ აეროპორტში უმიზეზოდ დეპორტს უკეთებდნენ და უკან აბრუნებდნენ?..

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა გამეხებით ისვრის ბრალდებებს და მთელ მსოფლიოში ხმამაღლა ამხელს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დამრღვევს, ეს მაშინ, თუ ეს დამრღვევი რუსეთია.
ნება მიბოძეთ, ჩავთვალო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის მთავარი მისი მოქალაქეების უფლების დაცვა კი არ არის, არამედ რუსეთისთვის სილის გაწვნის შანსის არგაშვება და ძალიან ბედნიერია, როცა რუსეთი ამ შანსს საკმაოდ ხშირად აძლევს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა უსუსურად ჩააფლავა საქართველომ ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიც დაეცვა და რუსეთიც სამაგალითოდ გაემათრახებინა, როდესაც თინა ბურჯალიანის მიერ ფართოდ რეკლამირებული საქართველო-რუსეთის საჩივარი ჰააგაში ”შეცდომით” სხვა სასამართლოში შეიტანა, მივხვდებით, რომ ამ ერთეულ შემთხვევებშიც კი, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას გადაწყვეტს, ის ამას ისე უნიათოდ და არაპროფესიონალურად აკეთებს, რომ ირონიის მეტს ვერაფერს იმკის…

მაგრამ დავბრუნდეთ საშინაო ასპარეზზე და იქნებ ნათელი გახდეს., რატომ ”ვერ” იცავს საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე… ბოლო-ბოლო, გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ხოლმე საზღვარგარეთ თავისი სიმართლის და სამართლის დაცვა.,,

უბედურება იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიო ტერორისტებისგან, უცხოეთის უსამართლო სასამართლოებისაგან თუ კორუმპირებული პოლიციელებისაგან, ან თუნდაც – მტრული რეჟიმებისაგან გაცილებით იშვიათად ემუქრებათ საკუთარი უფლებების ამაზრზენი დარღვევა, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლებისაგან!

საქართველოს უბრალო მოქალაქეს (არ გაგიკვირდეთ, რომ საქართველოში თუ ვინმეს უფლებებია დაცული, სწორედ რომ ”ბრალიანი” მოქალაქეების) ემუქრება:

ა) 1 წელი ციხე – 35-ლარიანი ნახევრადდამპალი ფიცრის მოპარვისათვის
ბ) 8 წელი ციხე – 4 ცალი ავტოსაბურავის მოპარვისათვის
გ) 9 წელი ციხე – საშუალო ზომის გოჭის მოპარვისათვის…

მაგრამ დავანებოთ თავი იმ შემთხვევებს, როცა საქმე ქურდების მიმართ გამოტანილ სასჯელის უაზრო სიმკაცრეს ეხება…

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება:
– მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა (90 დღემდე) ნებისმიერ მცირე დარღვევაზე, რასაც თუნდაც მხოლოდ ერთი პოლიციელი ”დააფიქსირებს”, მიუხედავად იმისა, თუკი ათობით მოწმემ და ვიდეოკამერამაც კი სულ სხვა რამ დააფიქსირა;
– ის, რომ მის მიერ არჩეული ადვოკატი მას ვერ მონახავს, რადგან ძალოვანი სტრუქტურები პატიმრის ადვოკატთან დაუყონებლივი შეხვედრის უფლებას ყოველნაირად ზღუდავენ და მერე მას სახაზინო ადვოკატს მიუჩენენ, რომლის ერთადერთი ამოცანა ის იქნება, რომ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინოს და საპროცესო შეთანხმების მასშტაბებზე იჩალიჩოს;
– განუსაზღვრელი მასშტაბის ჯარიმა, თუ მისი ბიზნესი ვიღაცას თვალში მოუვიდა, ან თუ უბრალოდ მისი რაიონის საგადასახადო ინსპექცია თვიურ გეგმას ვერ ასრულებს;
– დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ შემთხვევით პოლიციის მაღალჩინოსნის საცოლის ან ცოლის ტელეფონზე გაუშვა ზარი;
– ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება და შესაბამისი მუხლით დაპატიმრება, ან დევნა-დაპადიეზდება, თუ იგი მთავრობის ნაცვლად ოპოზიციის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ან თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას შეეცდება საპროტესტო მიტინგის ორგანიზებით;
– დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, თუ იგი მიტინგზე მივა დროშით, ან ჩანთაში ექნება დეზოდორი თუ მინერალური წყლის ბოთლი, რომელიც ”კანონმა” შეიძლება თავდასხმის საგნად შერაცხოს;
– უსაზღვრო ძალადობა და დემონსტრაციული სისასტიკე პოლიციის მხრიდან, თუ პოლიცია მიტინგის დარღვევის ბრძანებას მიიღებს (რაც სულ არ არის ძნელი დღევანდელი საქართველოს პირობებში);
– პოლიციელის ტყვია, თუ პოლიციელის მოთხოვნით მანქანა არ გააჩერა, და კრიმინალის სახელი სიკვდილის შემდეგ, თუ პოლიციელმა თავის გამართლების მიზნით მისი გვამის გვერდით იარაღის დადება გადაწყვიტა;
– კანონიერი გზით შეძენილი ქონების კონფისკაცია, დანგრევა ან იძულებითი ჩუქება მთავრობისათვის, თუ ამ უკანასკნელს ასე მოუნდა; ეს ყველაფერი ნოტარიულად ღამის საათებში გადაფორმდება, რადგან საქართველოში უკანონო გარიგებების გასაფორმებლად ნოტარიუსები ღამით მუშაობენ;
– ბინძური პასკვილების და ვიდეოფილმების გადაღება (პოლიციის მაღალჩინოსნების, ან სულაც მინისტრების დაკვეთით და სცენარისტობით) და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებით ტირაჟირება, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებში – ჯაშუშის იარლიყიც, თუ მოქალაქემ რაიმე ისეთი ფაქტი დაინახა, გადაიღო ან გამოაქვეყნა, რაც ხელისუფლების ბინძურ და ამორალურ სახეს ამჟღავნებს; ასეთ დროს უკეთეს შემთხვევებში ემუქრება საპროცესო გარიგება, რომელიც იმის მუქარას შეიცავს, რომ თუ იგი როდესმე ამ საქმეზე ხმას ამოიღებს, მას დაუყონებლივ დააპატიმრებენ;
– სამუდამო პატიმრობა, თუ მან პოლიციელს ან პოლიციელის ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა;
– თუ იგი ციხეში აღმოჩნდა, უკეთეს შემთხვევაში – შიმშილი და გაუსაძლის სივიწროვეში ყოფნა, ხოლო საკმაოდ ხშირად – ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წამება, ტუბერკულოზით ავადობა და ნაადრევად სიკვდილი;
– სამუშაოს დაკარგვა, თუ მან თავისი ლოიალობა ვერ დაუმტკიცა მმართველ რეჟიმს, ან ისედაც, თუ მმართველი რეჟიმი საკუთარი მოგების გაზრდას მისი სამუშაო ადგილის შემცირების ხარჯზე გადაწყვეტს;
– კიდევ ბევრი რამ დაემუქრება, რასაც ნაციონალური მოძრაობის უსინდისო მამები და დედები, ან მის მიერ გამოზრდილი ლეკვები მალე დამატებით მოიფიქრებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობა ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გაზარდონ.

საქართველოში დღეს ოფიციალური სტატისტიკით 24,000 პატიმარია (არაოფიციალური მონაცემებით – 30,000-ზე მეტი). საქართველო, 100,000 მოსახლეზე პატიმართა ოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის. როგორც ზაზა შათირიშვილის ზემოთნახსენებ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ამდენივე პატიმარი იყო 1934-38 წლების პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. შესადარებლად ისიც შეიძლება ითქვას, რომ 2002 წელს საქართველოში 10,000-ზე ნაკლები პატიმარი იყო!

გარდა ამისა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, სავარაუდოდ 25,000-50,000-ია (ზუსტი სტატისტიკა მთავრობის მიერ იმალება!), ხოლო ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით მხოლოდ 2010 წელს საპროცესო გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 112 მილიონი ლარი შევიდა! საპროცესო გარიგებების მახინჯ პრაქტიკაზე საქართველოს ახლახანს მიუთითა ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი… ამ მითითებიდან ერთ კვირაში ხელისუფლებამ ”ფოტო-ჯაშუშების” სკანდალური საქმე სწორედ საპროცესო გარიგებით ”ჩაფარცხა”…

ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფოს მოპყრობა ლტოლვილების მიმართ. იმდენი უსამართლობა, უკანონობა და ზოგადად არაადამიანურობა დაფიქსირა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების მიმართ, რომ არა მგონია, მორალური უფლება ჰქონდეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რუსეთის მხრიდან ქართველი ლტოლვილების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე იალაპარაკონ და საჩივრები წერონ. როდესაც თავად ავეჯის გადასატანი უფანჯრო ”კუნგით” ამგზავრებ ქალებს და ბავშვებს 6-7 საათიანი მგზავრობით გადასახლების ადგილზე, არავითარი მორალური უფლება არ გაქვს, მტრული სახელმწიფოს მთავრობას შენი დევნილების ”სკოტოვოზებით” გამოყრაზე მიუთითო!.

და აი, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე – რატომ ვერ მოიგო ჰააგაში სასამართლო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ!
იმიტომ, რომ იქ არ შეიტანა, სადაც უნდა შეეტანა სარჩელი!
და რატომ ვერ მიხვდა ქართული იურისპრუდენცია, რომელ სასამართლოში უნდა შეეტანათ სარჩელი? ნინო კალანდაძისგან კიდევ დავიჯერებდი ასეთ უმეცრებას, მაგრამ თინა ბურჯალიანი არ უნდა იყოს ასეთი დაბდური!!
საქმე იმაშია, რომ იქ რომ შეეტანათ, სადაც ჯერ არს, ის სასამართლო მარტო რუსეთის მიერ განხორციელებულ დარღვევებს კი არ განიხილავდა 2008 წელს ლტოლვილი მოსახლეობის მიმართ – არამედ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ უკანონობებსაც! ამიტომაც ”ქეც შეიტანეს” ჰააგაში და ”არც შეიტანეს” – ანუ იქ შეიტანეს, საიდანაც იცოდნენ, საქმის აღძვრაზე უარს მიიღებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არც მათ პირშავობებს გამოიძიებდნენ!

ამით არის განპირობებული ჩემი ეს ანტიპატრიოტული მოწოდება – სანამ ეს მთავრობა ბოგინობს საქართველოში, აზრი არა აქვს იმის საჯაროდ განცხადებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ – საზღვარგარეთ არც უფრო მოგვისმენენ, არც უფრო დაგვაფასებენ… პირიქით, შეიძლება დაგვცინონ, როგორც არშემდგარი ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც პირველი პირი ჰალსტუხჭამია ცრუპენტელა ავანტიურისტია, ხოლო მთავრობა – უსინდისო ყურუმსაღების ბანდა…
შინ ძახილს კიდევ მით უფრო არ აქვს აზრი, რადგან არავინ ისეთ კარგ სამიზნეს არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისათვის, როგორც საქართველოს მოქალაქე!
ხომ გახსოვთ, ვინ გადარჩა ფოტორეპორტიორების სკანდალის დროს ? – შაჰ აივაზოვი!
რატომ გადარჩა? – იმიტომ, რომ უცხოეთის სააგენტოს შტატიანი (sic!) თანამშრომელია! ხოლო თუ უცხოეთის მოქალაქე იქნებოდა, ვერც კი დააკავებდნენ საერთოდ!

შეცდომაა: ”საქართველოს სახელმწიფო შედგა!”
სწორია: ”საქართველოს სახელმწიფო შესდგა!”

ალბათ ყველასთვის გასაგებია, ვის შესდგა ეს სახელმწიფო – საქართველოს მოქალაქეებს.
და ისიც ადვილი მისახვედრია, რით შესდგა – პოლიციური სპეცნაზის ჩექმებით და უკანონო სასამართლო სისტემით.

სწორედ ეს რეჟიმია მთავარი წინააღმდეგობა იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეობის სარგებელი იგრძნონ!
ხოლო სანამ ეს არ მოხდება, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ შედგება.


ვის ენატრება და სად არის საბჭოთა წარსული (ღია წერილი ქ-ნ სანდრა ფალავანდიშვილს და სხვა მიშათდამცველებს)


ფეისბუქზე ერთმა ქალბატონმა, რომელსაც, ქ-ნი სანდრა (:))) ჰქვია,
სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ჩემი კრიტიკის გამო, საბჭოთა წარსულის ნოსტალგიაში დამდო ბრალი…

აი, ჩემი მოკრძალებული პასუხი ქალბატონ სანდრას და სხვა მიშათდამცველებს:

———————————————
ვერ მივიღებ მაგ ბრალდებას, ქალბატონო სანდრა.
თქვენგან, სააკაშვილის და ნაცმოძრაობის დამცველისაგან, – მით უფრო…

საბჭოთა წარსული თქვენ უკვე გაქვთ – ქალბატონო სანდრა! სწორედ დღეს, სწორედ აქ, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის სახით.

1) თქვენ გაქვთ ერთპარტიული სისტემა! 80%-ს პარლამენტში ფლობს ერთი პოლიტიკური პარტია, მასვე ღიად ემორჩილება დარჩენილ 20%-დან ნახევარი საპარლამენტო ფრაქციები. ეს პარტია აკონტროლებს ყველა რაიონულ საკრებულოს, ყველა მერი მისია, ყველა მინისტრი და ყველა გუბერნატორი!

2) თქვენ გაქვთ ერთპარტიული ხელისუფლების სახელისუფლო პოლიტ-ტელევიზიები, სადაც ოპოზიციურ აზრს არ აჭაჭანებენ და ყველა ტოქ-შოუს წამყვანი პოლიტიზირებულია – მათი ოჯახური კუთვნილების და პარტიული “ნასტროის” გამო! არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური ეროვნული მასშტაბის ტელევიზია. და არ არსებობს სწორედ ნაცმოძრაობის მიერ მათი დანგრევისა და მითვისების გამო. ოპოზიციური აზრის გამომხატველ ორივე ტელევიზიას მუდმივად ავიწროებენ და საკაბელოების დაკეტვით არ აძლევენ რეგიონებში გასვლისა და ნორმალური მაუწყებლობის საშუალებას. სახელისუფლო მედია არის სწორედ “პრავდა“/”იზვესტიას” თარგზე აჭრილი პროპაგანდისტული მანქანა, სადაც მუდამ მთავრობის “ოსანა” ისმის.

3) თქვენ გაქვთ ყველაზე დისკრიმინაციული და უსამართლო სასამართლო! სწორედ საბჭოთა თარგზე გამოჭრილი – “ნულოვანი ტოლერანტულობით” და გამამართლებელი განაჩენების უბადრუკი რაოდენობით <0.1%! ვიშინსკის დროსაც კი ეს მაჩვენებელი 7-15% იყო! გაგახსენოთ, რომ 65 წლის მამაკაცი 35 ლარიანი ფიცრის ქურდობისთვის 1-წლიან სასჯელს იხდის? 25 წლის ახალგაზრდა ერთი გოჭის მოპარვისთვის – 9 წელს?! მაშინ, როცა 120 მილიონი ლარის მითვისებაზე დაპატიმრებული გენო მალაზონია მერე ისე ჩუმად გაანთავისუფლეს, რომ ვერც კი გავიგეთ, რა მიუსაჯეს, ან რამდენი გადაიხადა! მაშინ, როცა გიორგი გამცემლიძის მკვლელ პოლიციელს 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს! ხოლო სანდრო გირგვლიანის სადისტურად მკვლელი პოლიციელები 3 წლის პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. ან საერთოდ რა სასამართლოზეა ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ მან გასცა ეჭვმიტანილი ოჯახის ლიკვიდაციის ბრძანება, მოუწოდებს სამართლადამცავებს ნულოვანი ტოლერანტულობისა და ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაციისაკენ, და სასამართლომდე ტელევიზორში იძლევა განჩინებებს, ვინ არის დამნაშავე/კრიმინალი, იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ არავითარი კრიმინალური წარსული არ არსებობს, ხოლო საქმე არასოდეს აღძრულა!

4) თქვენ გაქვთ ასბოლუტურად პოლიტიზირებული პოლიცია, რომელიც სახალხოდ ყვირის “მიშა! მიშა!”, რომელიც უკანონოდ იყენებს რეზინის ტყვიებს, უკანონოდ არბევს ომის ვეტერანების მშვიდობიან აქციას და ურტყამს ჟურნალისტებს და ქალებს! ხოლო ამისთვის მხოლოდ დისციპლინარულ სასჯელს იღებს. ისიც – ერთეულ შემთხვევებში!

5) თქვენ გაქვთ პოლიტიზირებული და ნახევრადგასამხედროებული განათლების სისტემა, ასევე აჭრილი საბჭოთა თარგებზე, რომლის სათავეში დგას ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული დირექტორი და პოლიციის მიერ მოვლენილი მანდატური, სადაც მასწავლებლებს ანთავისუფლებენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნის მიხედვით და აიძულებენ არჩევნების დროს მოსწავლეთა მშობლებზე ზეწოლის განხორციელებას. და სადაც მასწავლებლების პროფკავშირის თავმჯდომარედ გაყალბებული არჩევნებით მოდის კოკობზიკა მატრაკვეცა,რომელსაც არჩევნების დროს სააკაშვილზე სარეკლამო ლექსების დეკლამტორობისა და ნაცმოძრაობის წითელი 5-იანების ფრიალის წყალობით ერგო ეს ადგილი!

6) თქვენ გაქვთ საბჭოთა ტიპის ბიზნესი, მაფიოზურ-ბრეჟნევულ-შევარდანძული კლანური ”დაკრიშვით”. თქვენს სისტემაში ქალაქის მერი ანაწილებს ტენდერებს საკუთარ სამახლობლოში.

7) თქვენ გაქვთ საბჭოთა არჩევნების სისტემა – გაყალბებული სიებით და გამყალბებლების არმიით. აყვანილი უმაღლეს დონეზე – საარჩევნო ძალადობრივ სქემებში პატიმრების და ნარკომანების ოჯახის წევრების გამოყენებით!

8)თქვენ გაქვთ ძალაუფლების არდანაწილების საბჭოთა მოდელი, როცა სასამართლო ემორჩილება პროკურატურას, პარლამენტი არის პარტიის სანოტარო კანტორა, ბიუჯეტის ხარჯვა და საპრეზიდენტო ფონდების განაწილება ხალხისაგან აბსოლუტურად დაფარულად ხდება, ხოლო მთავრობა ფორმირება გენერალური მდივნის პირადი სიმპათიების და მიდრეკილებების, კლანური კუთვნილების, და არა – პროფესიონალიზმის, მიხედვით. როცა „მერიტოკრატიის“ ძირითადი ნიშანი ჟუჟუნა თვალები ან პრეზიდენტის დეიდაშვილობა გამხდარა.

ამიტომ, ქალბატონო სანდრა, მე ნუ მაბრალებთ „საბჭოთა ნოსტალგიას“, როცა ყველაფერი საბჭოთა და ბოლშევიკური თქვენ უკვე გაქვთ – პარტაიგენოსე მიშას წყალობით.

და, მგონი, ძალიანაც მოგწონთ, ეს – მოდერნიზებული ნეობოლშევიზმი!


ცხვრების დუმილი და აფთრების ყმუილი


სამი თვის წინ დევნილმა ნანა ფიფიამ, რომელსაც მინისტრის მოადგილემ ფოცხოეწერში თავის გადასარჩენად ბალახის ჭამა ურჩია, სამინისტროს წინ თავი დაიწვა!

საქართველოს მთავრობას ეს არ მოეწონა და გამოსავალი მონახა – სასწრაფოდ გაასახლოს დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან ლტოლვილები, რათა თუ ისინი ისევ დაიწვავენ თავს, ეს არავინ გაიგოს!

 

როცა გაჭირვებულმა ადამიანმა ტუნისში თავი დაიწვა, ხალხმა ხელისუფლება ჩამოაგდო.

 

ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება ტუნისურზე უფრო განვითარებულია!

 

მაგრამ იქნებ ეს უფრო განვითარებული საზოგადოება კი არაა, არამედ ცხვრის ფარაა – სასაკლაოზე მირეკილი?

 

სიღნაღიზაცია გრძელდება!

 

შემდეგი ეტაპი – თბილისიდან უმუშევრებს და მათხოვრებს გაასახლებენ – ისინიც ”აფუჭებენ” ქალაქის ხედს და ინვესტორებს აფრთხობენ!

მათხოვრებს მიჰყვებიან ლოთები და მთვრალები (ხომ დაიჭირეს გმირთა მოედანზე ადამიანი მარტო იმისთვის, რომ ნასვამი იყო!)!

მერე დადგება ინვალიდების ჯერი!

მერე ალბათ ექიმებს გაასახლებენ, რადგან თბილისში ბევრი ექიმია და ფოცხოეწერში – ცოტა!

მერე გაასახლებენ იმ მასწავლებლებს, რომელთა საათობრივი დატვირთვა 18 საათზე ნაკლებია… და იმ მშობლებს, ვისაც 10-წელზე მეტია, შვილი არ შეეძინა!

მათ იმ ოჯახებსაც მიაყოლებენ, სადაც 6 და მეტი ბავშვია! და ბოლოს დადგება გამხდრების და მსუქნების, მაღლების და დაბლების ჯერი.

ხოლო ბოლოს ყველა იმას გაასახლებენ, ვინც ამ დროისთვის ნაცმოძრაობის რიგებში არ იქნება გაწევრიანებული!

 

და ეს იქნება ბედნიერი ქალაქი!

ქალაქი, სადც უყვართ პოლიცია და ლოცულობენ პრეზიდენტზე!

ქალაქი, სადაც ღამითაც დღეა და დღისითაც სამოთხეა!

ქალაქი, რომელსაც უყვარს უცხოელები და ფეხები ფართოდ აქვს გადაშლილი!

ქალაქი, სადაც ყველა მცხოვრები მონაა, ან ბოზია, ან ჩამშვებია, ან ურნალისტია, ან ყველა ერთადაა და რაც უფრო ”წარჩინებულია”, მით უფრო ბედნიერია!

 

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

ცხოვრება მშვენიერია!

აწ და მარადის, სანამ მიშაა ჩვენი მამა, ბათუმი – ჩვენი გოგონა, ვერა – ჩვენი მდგრადი (და ამდგრადი) და ”ტაბულა” – ჩვენი ევროპელობის ფიცვერცხლი!

 

გლორი, გლორი, მიშალუიაა! გლორი, გლორი, მიშალუიაა!..

 


გენოციდი ბედნიერების სახელით


I) მოწამლული ჰაერი

II) მოწამლული წყალი

III) არასაკმარისი და/ან სახიფათო საკვები

IV) კონტროლირებადი ნარკომანია

 

ნებისმიერი ცოცხალი არსების არსებობისათვის აუცილებელია ჰაერი, წყალი და საკვები. თუ ეს გარემო ფაქტორები არასაკმარისია, დაბინძურებულია ან საშიშ მინარევებს შეიცავს, ცოცხალი ორგანიზმები ვერ ვითარდებიან, მუტაციებს განიცდიან, ან კვდებიან. ასევე სასიკვდილოა ცოცხალი ორგანიზამებისათვის სხვადასხვა მავნე ჩვევები (მანია), რაც ამ ორგანიზმების სწრაფ, ან უფრო ხშირად – თანდათანობით ინტოქსიკაციას და ფიზიკურ ან მენტალურ დეგრადაციას იწვევს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სავარაუდოდ – გაცნობიერებულად, ან მინიმუმ – უნებლიეთ, საზოგადოების დიდ ნაწილს არამცთუ არ უზრუნველყოფს სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტებით, არამედ ხელს უწყობს მათ გარემოს დაბინძურებას და აქედან გამომდინარე მოსახლეობის ინტოქსიკაციას და დეგრადაციას, რაც ეკოგენოციდის ტოლფასია.

განვიხილოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი.

[ავტორი დიდ მადლობას უხდის ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე მებრძოლ წევრებს მათ მიერ გაწეული გმირული შრომისათვის, რომელსაც ქართველი ხალხი კიდევ უფრო დააფასებს, როდესაც ამ ხელისუფლების ისტორიის სანაგვეზე დამკვიდრების შემდეგ უფრო დეტალური გამოძიებები ჩატარდება. ამავე დროს, შევეცდები საკუთარი აზრები არ მივაწერო მათ, რისთვისაც საკუთარ მოსაზრებებს დახრილი (Italic) ფონტით გამოვყოფ.]

 

 

I. მოწამლული ჰაერი (ცქრიალა შერმადინი – ”ჰაერი, რომელიც გვწამლავს” სტუდია ”მონიტორი”)

როგორც სტუდია ”მონიტორის” მიერ გადაღებული ფილმში ”ჰაერი, რომელიც გვწამლავს” (ავტორი ცქრიალა შერმადინი, რედაქტორი – ნინო ზურიაშვილი) აღნიშნულია, საქართველოში ჰაერი სისტემატურად ბინძურდება სამი ძირითადი მიზეზის გამო:

1)      ტექნოლგიურად ჩამორჩენილი წარმოება, რომელიც მავნე მინარევებს ჰაერში გაუფილტრავად ან არასაკმარისი ფილტრაციით უშვებს;

2)      მოძველებული წარმოების ავტომობილები, რომელთა დაუხვეწავი კონსტრუქციის გამო გამონაბოლქვი გაზები დიდი რაოდენობით ხვდება ჰაერში;

3)      უხარისხო საწვავი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს აკრძალულ მძიმე მეტალებს და სხვა შენარევებს.

დედაქალაქში ამას ემატება მეოთხე ფაქტორიც – ქუჩებში დიდი ოდენობით საცობები.

საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა ჰაერის დაბინძურების გამოწვევას და მიჩუმათებაში შემდეგი არგუმენტებით მტკიცდება:

ა) საქართველოში არ კონტროლდება ჰაერში ორგანული ნივთიერებების კონცეტრაცია, რომელთა უმეტესობა კანცეროგენული (კიბოს გამომწვევ) ეფექტის მქონეა.

ბ) საქართველოში დაწესებული მომწამვლელი ნივთიერებების (ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი) გაზომვა არ ხდება მთელს ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ე.წ. წერტილოვანი გაზომვები – მავნე წარმოებათა პუნქტებში (კასპი, რუსთავი, ზესტაფონი) და ისიც – საკმაოდ იშვიათად. მხოლოდ 4 ქალაქში, თბილისში კი – მხოლოდ ერთ ჯიხურში, ხდება ჰაერის შემოწმება გარემოს კონტროლის სახელმწიფო სამსახურის მიერ. მაშინაც კი, როცა დაბინძურების დამალვა არ ხერხდება, მაგალითად მანგანუმის კონცენტრაციის რაოდენობა ზესტაფონში 8-9-ჯერ მეტია დასაშვებზე, ეს პრაქტიკულად რეაგირების გარეშე რჩება. სერიოზული პრობლემაა დიდი რაოდენობით წვრილდისპერსიული ნაწილაკების არსებობა მტვერში, რაც საერთოდ არ კონტროლდება.

გ) რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოში დაწესებული მავნე ნივთიერებების ზღვრული დასაშვები კონცეტრაციები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპული, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ამაყად აცხადოს, რომ მავნე ნივთიერებების რაოდენობა ”ნორმას” არ სცდება. სინამდვილეში, თუ ევროპულ ნორმებით ვიხელმძღვანელებთ, ფილმში მოყვანილი გაზომვების შედეგად თბილისში ნახშირჟანგის კონცენტრაცია 1,5-ჯერ, აზოტის ჟანგისა – 2,5 ჯერ, ხოლო გოგირდის ჟანგისა – 35-ჯერ (!) მეტია ევროპულ ნორმებზე. მაგრამ რადგანაც ქართული ნორმები ძალიან ”ლიბერალურია”, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენებურ ნორმაში ”ეტევა” (სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ ქართველები, როგორც ”უძველესი ევროპელები”, უფრო გამძლე ჯიშისანი ვართ). ეს კონცენტრაციები არაა საკმარისი იმისათვის, რომ მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ ისინი იწვევს მოსახლეობის ქრონიკულ ინტოქსიკაციას – იზრდება ავადობა, ნაადრევი სიკვდილიანობა, ინვალიდიზაცია, წამლების გამოყენების აუცილებლობა.

დ) საქართველოში სახელმწიფოს მიერ არ ხდება ტყვიის ნაერთების შემცველი ბენზინის (რომელიც ევროპაში 10 წელზე მეტია აკრძალულია) აკრძალვა, ან კონტროლი მაინც. მანქანის გამონაბოლქვ გაზში ტყვიის შემცველობის კონტროლი მხოლოდ ერთ ადგილზეა შესაძლებელი. კიდევ 2 ჯიხური მხოლოდ ნახშირჟანგის კონტროლს ახდენს. საინტერესოა, რომ თავად საქართველოს საინტარულ-ჰიგიენური სამსახურის მონაცემებით 2008 წლის ჩათვლით ტყვიის შემცველობა ჰაერში დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, ხოლო 2009 წლიდან, მოულოდნელად (იმის მიუხედავად, რომ ტყვიის შემცველი ბენზინის იმპორტი არ შემცირებულა), უეცრად ”ნორმალური” გახდა. ამ დროს, გერმანელების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით საქართველოში ტყვიის შემცველობა ძალიან მაღალია არა მარტო ჰაერში, არამედ ნიადაგშიც, ასევე იაშვილის სახ. ბავშვთა კლინიკაში ჩატარებული კვლევებით ფიქსირდება მისი მომატებული კონცენტრაცია ბავშვების თმებში, რაც ბავშვთა ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. ამის შედეგად კი ინტელექტის დაქვეითება არის მოსალოდნელი. ნებაყოფლობითი შემოწმების შედეგად შპს ”მონიტორინგმა” გამოავლინა,რომ საქართველოში იმპორტირებული საწვავი არ შეესაბამება სტანდარტებს. 2010 წელს უნდა შესულიყო ძალაში საწვავის კონტროლი მავნე ნივთიერებების (ბენზოლი, გოგირდი, ბენზპირენის) დაუშვებელ შემცველობაზე, მაგრამ პრეზიდენტისვე ბრძანებით გადავადება მოხდა 2011 წლამდე. რადგან სადღეისოდ  შემოტანილი ბენზინი არ შეესაბამება თანამედროვე ”ევრო-5” სტანდარტს (ჩვენთან ასეთი სტანდარტის შესატყვისი ბენზინი საერთოდ არ შემოდის!), ხოლო აზერბაიჯანული ბენზინი (კომპანია ”სოკარი”), რომელიც ყველაზე მეტი შემოდის, ყველაზე უფრო მეტად შეიცავს ტოქსიურ მინარევებს, ამიტომაც ხელისუფლებას, (რომელიც ”სოკართან” წილშია ჩამჯდარი და პირდაპირ დაინტერესებულია  ამ ბენზინის გაყიდვით – ს.თ.), არ აწყობდა სახელმწიფო კონტროლის შემოღება. სავარაუდოდ, ეს არც 2011 წელს დაიწყება, რადგან ჩვენი მოწამვლის აცილება მათთვის უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შემოსავლების უმაღლეს დონეზე შენარჩუნება.

ე) საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წელს გაუქმდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, იგი მანამდეც საკმაოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გამოცხადდა, რომ კორუფციის აღმოფხვრის და სათანადო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შემოტანის შემდეგ ტექდათვალიერების ხელახლა განხორციელება დაიწყებოდა 2007 წელს, თუმცა იგი რამდენჯერმე გადაიდო და ამჟამადაც გადადებულია 2013 წლამდე. 2000 წელს საქართველოში იყო სულ 257,000 ავტომობილი. ამჟამად კი  ქვეყანაში დარეგისტრირებულია 700,000-ზე მეტი ავტომობილი! ანუ დაახლოებით 160 ავტომობილი 1000 მოსახლეზე – საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში სადღაც მე-60-70 ადგილებს ინაწილებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მანქანათა 85% 10 წლის და მეტისაა, ხოლო 200,000 (28,5%!) – 20 წელზე მეტისაც კი! რაც გამონაბოლქვი აირების მეტი ტოქსიურობის გარანტიაა. ამას ისიც ემატება, რომ ასაკოვანი ავტომობილების მფლობელების უმეტესობას კატალიზატორი, ე.წ. კონვერტორი აქვს ამოღებული მაყუჩიდან, რითაც მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა ათმაგდება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კონვერტორი ჩვენს ბენზინს ვერ იტანს და ”იბიდნება”! ასე რომ, ნამდვილი მიზეზის – უხარისხო ბენზინის შეცვლის მაგიერ – გამოსავალი თურმე იმაშია, რომ კატალიზატორს აუქმებენ…

ავტოგამონაბოლქვების პრობლემის გადაწყვეტისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად არარეალური ”გამოსავალი” მონახა: საქართველოს მთავრობა მთლიანად ელექტრომობილებზე აპირებს გადასვლას! ამ პროგრამის ეფექტი ეკოლოგიაზე მინიმალური იქნება, რადგან მხოლოდ 4000 ავტომობილს (საერთო პარკის 0.5%-ს) შეეხება, სამაგიეროდ მისი ღირებულება 164 მილიონი დოლარი იქნება!!!

ვ) საქართველოში მოუგვარებელია ნაგავსაყრელების და ნაგვის ბიოგადამუშავების პრობლემა. თბილისთან არსებული ორი მთავარი ნაგავსაყრელი – გლდანის და იალღუჯის – დღემდე ნაგვის წვით გადამუშავებას მიმართავს, ხოლო პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი აირები უაღრესად მაღალი ტოქსიურობის კანცეროგენებს შეიცავენ და მათი დაშორება დასახლებული პუნქტებიდან გაცილებით შორი უნდა იყოს, ვიდრე ეს თბილისის სინამდვილეშია.

ზ) საქართველოში ტყეების და გამწვანების ზოლების ისედაც მცირე ფართობი ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდა. თბლისში გრძელდება სარეკრეაციო ზოლში ხეების გაჩეხვა, პარკებში ძლიერთა ამა ქვეყნისათა სახლების შენება და მეტიც, საერთოდ არნახული კამპანია, სილქნეტის კაბელების გაყვანის გაიოლების მიზნით – ხეების საერთოდ ამოძირკვა! ამავდროულად, გარემოს დაცვის სამინისტრო 2008 წ. ომის დროს გადამწვარი ტყეების აღდგენისათვის თითს არ ანძრევს,მაშინ როცა თავის დროზე ბევრი იყვირეს რუსების განხორციელებულ ეკოციდზე და სპეციალური თანხებიც გამოჰყვეს ამ მიზნით! წელს საქართველოში დეკემბერ-იანვრის პერიოდში გაჩენილი უცნაური ხანძრების შედეგად ათეულობით ჰექტარი ტყე დაიწვა, თან – მაინცდამაინც იმ ადგილებში, რომლებიც საკურორტო ზონებად ითვლება და დიდი ხანია ნაცმოძრაობის ნერწყვმორეული ვნებიანი მზერის სამიზნედ ქცეულა. ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს ფულს ვაზის გაჩეხვაში ჰპირდებოდა, არაა გამორიცხული, რომ ხეთა ჭრის და ტყეთა მიზანმიმართული განადგურების უკან სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრო იდგეს, რომლის დასახელებაში ეს სიტყვა – ”დაცვის” – ძალიან უადგილოა და აჯობებდა ”გარემოს მდგრადი და ეფექტური განადგურების” სამინისტრო რქმეოდა.

თ) საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელება 100,000 მოსახლეზე ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ფილმში მოყვანილი სტატისტიკით სასუნთქ ორგანოთა სიმსივნეებიც და სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებებიც დაახლოებით 2,5-2,7-ჯერ არის გაზრდილი. სავარაუდოდ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე მოსული ხვედრითი წილი (თამბაქოს მაღალ მოხმარების ანალოგიურად) ამ პრობლემის გამოწვევაში დაახლოებით 30-40%  უნდა იყოს.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლება:

–        არ აფინანსებს ატმოსფერული ჰაერის, მავნე წარმოების და გამონაბოლქვი აირების სათანადო გამოკვლევებს,

–        არ ახდენს არსებული უცხოური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების გამოკვლევების შედეგების განხილვას და პოპულარიზაციას. სტუდია ”მონიტორის”  და სხვა ეკოლოგიური ჟურნალისტური გამოძიებების გაცნობა ”მაესტროზე”, ”კავკასიაზე”, ან რადიო თავისუფლების პარტნიორ რადიოებში და ჟურნალ ”ლიბერალში” თუ შეგიძლიათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, – საზოგადოებრივ არხზე ან სხვა ნაციონალურ არხებზე! იქ ხომ ”ცხოვრება მშვენიერია!”

–        არ აფრთხილებს მოსახლეობას (განსაკუთრებით ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ასევე ბავშვებს) მოსალოდნელი ხიფათის შესახებ,

–        არ აწესებს სათანადო სადაზღვევო თუ მატერიალურ კომპენსაციას მიყენებული ზარალისათვის,

–        არ აიძულებს საწარმოებსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აკონტროლონ პროდუქციული ციკლი და პროდუქტის უსაფრთხოება და გადაიხადონ სათანადო ჯარიმები, რომელიც მიმართული იქნებოდა ჯანდაცვით და პროფილაქტიკურ პროგრამებში.

დასკვნა: საქართველოს ხელისუფლება არის ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების აქტიური თანამონაწილე. მიზეზი კი ის არის, რომ ამ დამაბინძურებელი ფაქტორებიდან – ავტოიმპორტი, უხარისხო საწვავის იმპორტი, მონოპოლიზირებული და თავსგასული წარმოება, ტყეების განადგურება – საქართველოს მთავრობას სერიოზული წილი შესდის და რაში ანაღვლებს ხალხის განადგურებული ჯანმრთელობა?!

 

 

II. მოწამლული წყალი (”მოწამლული მაშავერა” – ნანა ბიგანიშვილი)

იმის თაობაზე, თუ როგორ ”ზრუნავს” საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის ხარისხიან, სუფთა და არასახიფათო წყლით მომარაგებაზე მოგვითხრობს ნანა ბიგანიშვილის ჟურნალისტური გამოძიება ”მოწამლული მაშავერა” (სტუდია ”მონიტორი”), რომელიც ასევე ჟურნალ ”ლიბერალშიც” დაიბეჭდა.

2005 წელს საქართველოს მთავრობამ, რომლის პროდასავლურობაში ეჭვი იმ დროს მხოლოდ ერთეულებს თუ ეპარებოდათ (თავად ჯერ არ გახლდით მათ შორის) გაასხვისა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომგებიანი საწარმო – შპს”მადნეული”. ოქროს და სპილენძის წარმოება,  რომელიც მანამდე შევარდნაძის კლანის ძლევამოსილი გუბერნატორის ლევან მამალაძის მიერ კონტროლირდებოდა, ტენდერის შედეგად გადაეცა ცნობილი რუსი ოლიგარქის გენერალ სერგეი გენერალოვის ჰოლდინგს ”პრამიშლენნიე ინვესტორი”. ტენდერის შედეგად – ეს ისე, თვალის ასახვევად. ბატონი გენერალოვი ხომ მიხეილ სააკაშვილის გამზრდელი ბიძის – თემურ ალასანიას უახლოესი მეგობარია. ჰოდა დასხდნენ, ალბათ, გამზრდელ-გაზრდილი (და მერე როგორ გაზრდილი!) საღამოს ოროთახიანი ბინის ქუხნაში, დადგეს სამოვარი და ლიმნიან ჩაიზე და სუხარზე გადაწყვიტეს – ”მარიტა – შეთესო!”

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს საქართველოს მთავრობა გაცილებით უკეთ იქცეოდა, ვიდრე ამჟამად. ხალხზე ზრუნვის იმიტაციას მაინც ახდენდა. კერძოდ, მაშინ მიღებულ იქნა გარემოს უსაფრთხოების პროგრამა, რომლის მიხედვითაც მავნე ნარჩენების გამომყოფ საწარმოებს ევალებოდათ გარკვეული გამწმენდი ნაგებობის და ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გარემოს დაბინძურებას ააცილებდა. მათ ამისთვის შესაბამისი გრაფიკიც დაუმტკიცდათ. ”მადნეულის” შესაბამის გეგმაში აღნიშნული იყო, რომ კარიერში არსებული ქანების გარეცხვის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო სპეციალური მილსადენი, ქიმიური ნარჩენებით დაბინძურებული წყლის კოლექტორი სალექარით, გამწმენდი ფილტრები და ნაგავსაყრელი. ამის შედეგად ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნეობას ეკოლოგიური ზიანი არ მიადგებოდა. გამწმენდი ტექნოლოგიები ექსპლუატაციაში 2006 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ ისინი დღესაც არ მოქმედებენ. უფრო ზუსტად, რაღაც-რაღაცეები თვალის ასახვევად გაკეთდა, მაგრამ მდინარე მაშავერას დაბინძურება სახეზეა, და ერთადერთი, რაშიც კომპანია ”მადნეული” და სახელმწიფო აქტიურობენ, არის პი-არი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და მოტყუება, რომ ყველაფერი კარგადაა და განგაშის საბაბი არ არსებობს.

კომპანიის დირექტორი 2004-2008 წლებში იყო დღეს პარლამენტარი კობა ნაყოფია, რომელიც 2008 წლამდე თავისი კომპანიის თანხებით რეგულარულად აფინანსებდა იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც მერე ღვაწლი დაუფასა და პარლამენტში ადგილი დაუბევა. ფილმში იგი გაღიზიანებული და დამცინავი ტონით ესაუბრება ”მონიტორის” ჟურნალისტს და ამბობს, რომ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ყველა ვალდებულება შეასრულა. სინამდვილეში კი ფილმში ნაჩვენებია, როგორ მიედინება დაბინძურებული, მღვრიე მოწითალო-მოყვითალო წყალი არა უკან – საწარმოოს ტექნოლოგიურ ციკლში, როგორც ეს პროექტისთ იყო გათვალისწინებული, არამედ მდინარე კაზრეთულაში, რომელიც სულ რაღაც 300 მეტრში მდინარე მაშავერას უერთდება. წყლის სერიოზულ დაბინძურებას რომ ადგილი აქვს, ამას ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის მაისსა და ივნისში ჩატარებული წყლის გამოკვლევები. აღებული სინჯების ანალიზმა დაადასტურა, რომ მდინარე მაშავერაში წყალი სუფთაა მდ. კაზრეთულას მიერთების წერტილამდე, ხოლო შენაერთის შემდეგ ხდება წყლის მკვეთრი დაბინძურება მეტალებით. საინტერესოა ერთსა და იმავე დღეს ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რკინის კონცენტრაცია იყო 9.66, სპილენძი – 14.71, თუთიის – 5.864. ყველა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. იმავე დღეს, თავად ”მადნეულის” მიერ ჩატარებული გამოკვლევებით კი, სურათი ფანტასტიურად დამამშვიდებელია! – რკინა – 0.30, სპილენძი – 1,0, თუთია – 1,0! სამივე ეს მონაცემები თითქოს გადმოწერილია საქართველოში მოქმედი წყლის სისუფთავის ნორმატივების ცნობარიდან, რადგან ზუსტად ნორმის ზღვრული მაჩვენებლებია სამივე მეტალისთვის (ალბათ სიტყვა ”თითქოს” ზედმეტიცაა წინა წინადადებაში). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად გარემოს დაცვის სააგენტო ორივე ამ დოკუმენტს ისე ინახავს,რომ კითხვაც კი არ გაჩენია ”მადნეულის” ადმინისტრაციისადმი, როგორ მოხდა ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების დაფიქსირება, როცა მონაცემები 5-30-ჯერ განსხვავებულია. საერთოდ აზრს კარგავს გარემოს ეროვნული სააგენტოს არსებობა, როცა ის ასეთ აშკარა დანაშაულის ფაქტზე არამცთუ გამოძიების ინიციატივით გამოდის, არამედ არც კი ახდენს ამ ფაქტის გახმაურებას. რომ არა ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტის მონდომება, ეს ორი განსხვავებული მონაცემი საიმედოდ იყო უჯრაში გადამალული.  მეტიც, ”მონიტორის” ჟურნალისტი ორი თვე ცდილობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისაგან ან პრესს-სამსახურისგან ინტერვიუს აღებას, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტრო, რომელიც თქვენი, ჩვენი და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, მიუვალ ქაჯეთის ციხედ იქცა, საიდანაც სერიოზულ, განგაშის დარ კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლებელია.

ბოლნისის მოსახლეობა კი მდინარე მაშავერას წყალს ბაღების და ვენახების სარწყავად იყენებს! ფილმში მოყვანილია სანიტარიის ექსპერტის მოსაზრება იმაზე, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამას. სიმსივნეების სტატისტიკური მონაცემების ზრდაში 2000-2009 წწ. ფილმში მოყვანილია ციფრები,რომ საქართველოში სიმსივნეების რაოდენობა 2,5 ჯერ გაიზარდა, ხოლო ბოლნისში კი 4-ჯერ. ეკოლოგიურ ფაქტორზე მოდის დაავადებათა აღმოცენების 20-25%. 2007 წელს გერმანელებთან ერთად ჩატარდა კვლევა. კაზრეთში აღებულ მიწის სინჯებში სპილენძის კონცენტრაცია 49-ჯერ, თუთიის – 18-ჯერ, ხოლო კადმიუმის – 12-ჯერ აღემატება გერმანიაში დადგენილ ნორმებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულია, რომ კადმიუმის მაღალი კონცეტრაცია სერიოზულად ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს! მართალია, როგორც ფილმში ექიმი ექსპერტი ირმა ღვინერია აცხადებს, სიმსივნეების ზრდაზე მოწამლული მაშავერას გავლენის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მაგრამ სხვა რა რჩება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არამცთუ თავად არ გამოდის ამ საშიშროების შესასწავლად კვლევების ინიციტორად, არამედ ყველანაირად ბლოკავს მსგავსი კვლევების ჩატარებას და შედეგების გახმაურებას.

ბოლნისის საკრებულოს წინა თავ-რე – გიორგი არევაძე – აღიარებდა მოსალდნელ ეკოლოგიური დაბინძურებს საფრთხეს და თავად წერდა ამაზე. ტელეინტერვიუც მისცა, სადაც განაცხადა, რომ რაიონის ეკოლოგიისთვის მადნეულის საქმიანობა კატასტროფის ტოლფასი იყო. მაგრამ მერე, ეტყობა, ნაცმოძრაობის ბონზებმა გააფრთხილეს, რომ მისი მოვალეობა სიმართლის ლაპარაკი კი არა, მეზღაპრეობა იყო და რამდენიმე დღეში სასწრაფოდ უარყო თავისი სიტყვები. ის, რომ ამ პერიოდში მართლაც ჯერ კიდევ ხდებოდა პრობლემის იდენტიფიკაცია და შესწავლა, ამაზე მიუთითებს ის, რომ თავად ბოლნისის რაიონის ბიუჯეტიდან 2004 წელს გამოიყო 40,000 ლარი მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის შესწვლისათვის, ხოლო 2005 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ჩატარდა ტენდერი და 200,000 ლარი სათანადო შესწავლებისათვის დავით ტატიშვილის სამურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს გადაერიცხა. ამ გამოკვლევების შედეგები ამჟამად გასაიდუმლოებულია! არც კლინიკა და არც საკრებულო არ იძლევა კვლევის მონაცემებს! კლინიკის დირექტორმა ნუგზარ ბოლქვაძემ ამ გამოკვლევების ჩატარებიდან მალევე დატოვა თავისი თანამდებობა, ხოლო კლინიკის მესაკუთრე – პროფ. დ. ტატიშვილი, ახლაც კი, 5 წლის შემდეგ, მაშავერას და ბოლნისის ხსენებაზე შეშინებული იძახის ტელეფონში -”ა-პა-პა-პა!.. მე მაგასთან არაფერი კავშირი არ მაქვსო!” ფილმის ავტორებმა არაოფიციალური დასკვნა მოიპოვეს – ბეჭდის და ხელმოწერის გარეშე. ამავდროულად “რუსთავი-2”-ის არქივში (ეს ის დროა, როცა ამ ტელევიზიაში  ჯერ კიდევ ჟონავდა სიმართლე და 100%-ით სამთავრობო პროპაგანდაზე არ იყვნენ გადართული) მოიძიეს ბატონი ბოლქვაძის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ბოლნისის მოსახლეობაში ფარისებრი ჯირკვლის შესწავლისთვის ჩატარდა 1712 ექოსკოპია, ხოლო 706 ქალს ასევე ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა. 337-ს (19.7%) აღმოაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის, ხოლო 253-ს (35,8%) – სარძევე ჯირკვლის პათოლოგია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არაოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კაზრეთში, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ”მადნეულის” მავნე ზემოქმედების შედეგია. წესით, ამ გამოკვლევის შედეგებს უნდა მოჰყოლოდა გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაფართოებული გამოკვლევების ჩატარება და სულ ცოტა – ”მადნეულის” მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციები. ასევე – რაიონის დაზარალებული მოსახლეობისათვის – კომპენსაციების გამოყოფა, რაიონში სასოფლო-სამეურნო პროდუქციის წარმოებაზე  გარკვეული ხნით მორატორიუმის დაწესება.

სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოჰყვა.

ფილმში ნაჩვენებია ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ამაზრზენ როლს თამაშობს.

ნოდარ საბიაშვილი, 4 წელია ბოლნისის საკრებულოს თავ-რეა.

ნაცვლად იმისა, რომ იგი მოსახლეობას იცავდეს საწარმოს მავნე ზემოქმედებისაგან და ხალხს, განსაკუთრებით – ქალებსა და ბავშვებს სათანადო გამოკვლევებს და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უგეგმავდეს, სააკაშვილის რეჟიმის ეს პარაზიტი (ს.თ.) ყველანაირად ცდილობს, რომ დამალოს საგანგაშო ინფორმაცია და რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში თავისი უფლებამოსილების გადამეტების გზით აგზავნის დანაშაულებრივ წერილს, რომლითაც იგი მათ უკრძალავს, გასცენ რაიმე ინფორმაცია ბოლნისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!

სააკაშვილის ძირმომპალი რეჟიმის პატარა ვინტიკი (მე არ ვაკადრებდი, თვითონ ამჯობინა ხალხის  მსახურებას ეს თანამდებობა!) ბედავს და საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევით თავისივე ახლობლებს და მეზობლებს, რაიონის იმ მოსახლეობას, რომელმაც ის თითქოს აირჩია და რომელიც მის იმედად უნდა იყოს, უზღუდავს არა მარტო ჯანმრთელობის უფლებას, არამედ იმ უფლებასაც, რომ იცოდნენ მაინც, რა საფრთხე ემუქრებათ!

მან მშვენივრად იცის, რატომ არის წყალი მოწამლული, რატომ არ უნდა ბანაობდნენ ბავშვები იმ წყალში, სადაც ბაყაყებიც კი არ მრავლდებიან, რატომ არ უნდა ირწყვებოდეს ამ წყლით ბაღ-ვენახები და რატომ არ უნდა მიირთვას თავად მან და მისმა ახლობლებმა ამ ბაღ-ვენახებში მოწეული მოსავალი! მაგრამ ის ყველა ხერხით ცდილობს, რომ ეს სხვამ არავინ გაიგოს, რადგან მისი პირადი შემოსავალი და მის მიერ თანამდებობის შენარჩუნება იმ ხალხზე კი არაა დამოკიდებული, ვინც წესით და კანონით მას უნდა ირჩევდეს, არამედ, სააკაშვილის გათახსირებული საარჩევნო სისტემის მიხედვით – მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც ნოდარ საბიაშვილი მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით გამოარჩია თანამოქალაქეებისაგან – რომ ის უზადოდ მოატყუებს თავისი რაიონის ხალხს!

არ ეტყვის მათ, რომ ”მადნეული” მათ წამლავს! რომ მდინარე კაზრეთულა მათი და მათი შვილებისთვის სასიცოცხლო რისკის შემცველია.

მაგრამ ვინ არის ნოდარ საბიაშვილი? ერთი პატარა პარაზიტი ჭიაყელა.

 

ფილმში გაცილებით დიდი ზომის ნიანგია გამოკვლეული.

 

კობა ნაყოფია, სააკაშილის რეჟიმის მომხიბვლელი სახე და ჩაუქრობელი ”მატორი”!

ადამიანი, რომელიც ”მონიტორის” ჟურნალისტებს – გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო! –  ”მატყუარებს” უძახის!

პარლამენტარი, რომლის 2008 წელს პარლამენტარად გახდომა სწორედაც რომ ტყუილზე და გაყალბებაზეა დაფუძნებული!

 

კობა ნაყოფია, რომელიც ”მადნეულის” დირექტორად ნამყოფია 2004-08 წლებში, სწორედ მაშინ, როცა ”მადნეულმა” ყველა ნორმის დარღვევით და სახელმწიფო გეგმის წინააღმდეგ მოახერხა ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირება და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონობით ეკონომია გააკეთა – არ შეისყიდა და არ დაამონტაჟა რა ძვირადღირებული საფილტრაციო აპარატურა და ნაგავსაყრელები, კოლექტორები და მილსადენები!

მაგრამ იქნებ სამაგიეროდ ბატონი კობას საწარმომ ისეთი საქმეები დააფინანსა ამ მიღებული მოგებით, რომ ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ხალხის მკვლელის, ბავშვების მწამლავის იმიჯი? იქნებ ბატონი კობა რამე სერიოზული მეცენატია და ”მადნეული” სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია? აგერ ”ბრიტიშ პეტროლეუმიც” არაა, თურმე, დაზღვეული მავნე კატასტროფებისაგან, მაგრამ მილიარდებს იხდის კომპენსაციებში, სამაგიეროდ!..

 

აბსოლუტურად მართალია!

 

ბატონი კობა დიდი მეცენატია! საქართველოს მასშტაბებით – ერთ-ერთი გამორჩეული!

აი, არასრული ნუსხა ”მადნეულის” მიერ  დაფინანსებული ღონისძიებებისა, რომელთაც ქართველი ხალხის “გაბედნიერებას” ძალიან შეუწყო ხელი:

  1. ჯორჯიან ფეშენ ვიქი (არ ვიცი, ბოლნისის მოსახლეობის რამდენი პროცენტი ადევნებს თვალყურს აღელვებული ამ ”ევენთს”, მაგრამ ალბათ ეცოდინებათ მაინც!)
  2. ბრაიან ადამსის კონცერტი რიყეზე (როცა რუსების მიერ დაბომბილ ქართველობას რუსი გენერალოვის მიერ ჩამოყვანილი ადამსის მართლაცდა ლამაზი ხმით უამებდნენ სულიერ ჭრილობებს და აყვარებდნენ გენერალოვს და „მადნეულს“)
  3. თბილისის ჯაზ ფესტივალი
  4. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (რომელიც, ბოროტი ხმების თანახმად – ნაცმოძრაობის ყულაბაში ფულის გადათეთრების მშვენიერი ”კანალია”)
  5. და ბოლოს ყველაზე მთავარი! – ჰოლივუდის ბლოკბასტერების გრანდმასტერის, – დიდი რენე ჰარლინის და გულთამპყრობელის – დიდი ენდი გარსიას, საოსკარო შედევრი – არ ვიცი რა ჰქვია, მგონი „ზაფხულის ცხელი დღეები“, თუ „ჯორჯია“ – უდიდეს და უდიადეს მხედართმთავარზე და პოლიტიკოსზე მიკაელ (მაიკ, მიშა) სააკაშვილზე!

 

სწორედ კობა ნაყოფიას ეკუთვნის კომპანია ”გოლდინვესტი”, რომელმაც ოქროდან შემოსული ფულით ეს ოქროშედევრი დააფინანსა!

ხოლო რაც ოქროდან დააკლდა ნაყოფიას, ის ქართველი ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე იმყოფია!

აწი იცოდეთ და იამაყეთ, ჩემო ჯანმრთელობაშელახულო თანამოქალაქეებო! თქვენს გაკადმიუმებით და გათუთიებით, თქვენ ფარისებრ ჯირკვალსა და სარძევე ჯირკვალში გადასულ მეტალებით, თქვენი ბავშვების შელახული ჯანმრთელობით – აი, ყველაფერ ამით დაფინანსდა ეს ჩვენთვის ეგზომ სანატრელი ფილმი, რომელიც რომ გამოვა ეკრანებზე, ყველა ჩვენი ტკივილი და ვარამი მოიხსნება წამიერად! პუტინს შერცხვება და აღიარებს, რომ მიჰქარა. დააბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს… და იქნება სოჭიც დააბრუნოს! იქნებ ალიევმაც დააბრუნოს საინგილო, ხოლო ერდოღანმა – ტაო-კლარჯეთი!.. ასეთია ხელოვნების შედევრების ძალა – პოლიტიკოსთა მიქარულს ხელოვნის ნიჭი ასწორებს!

 

ამიტომ, ვაპატიოთ ბატონ კობას, რომ გვწამლავს და თან გვატყუებს. ეს ხომ დიადი მიზნის მისაღწევად კეთდება – მის მიერ დაფინანსებული ფილმი გადაარჩენს საქართველოს და განა ამისთვის არ ღირს, რომ ყველამ ჩვენი წილი ხარკი გავიღოთ? ჩვენ – ჩვენი ჯანმრთელობით! კობამ – 40 მილიონით! პრეზიდენტმა კი – უძილო ღამეებით, ჩვენზე ზრუნვაში რომ ატარებს, ეკონომიკის მინისტრით და პრეს-სამსახურით გარშემორტყმული.

 

თუმცა, ალბათ ჩვენი თავგანწირვა მომავალში დაფასდება, ხოლო ბატონ კობას მიერ ნაცმოძრაობაში ჩადებული მილიონები უკვე დაფასდა – საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით, რომელიც მან ისტორიულ დღეს – 2010 წლის 26 მაისს – პრეზიდენტის ხელიდან მიიღო! და როდესაც ეს ორდენი მიიღო, ბატონმა კობამ ასევე მიიღო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ – პრეზიდენტის ფირმანი იმაზე, რომ რამდენიც უნდა და როგორც უნდა – მომავალში შეუზღუდავად და წარბშეუხრელად წამლოს ქართველი ხალხი! აი ნაყოფიას და სააკაშვილის ”საპრეზიდენტო ბრწყინვალების” (და – ხალხის ფეხებზე დაკიდების) ნაყოფი!

 

ბოლნისის რაიონში მაშავერას აკვატორიაში ბაღების და ვენახების დაბინძურების შემსწავლელი გერმანული კვლევის დასკვნა კი ასეთია, რომ მიწის ნაკვეთების 30%-დან  გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს ბაღჩეული პროდუქტების, ხოლო ვენახების 50%-დან – ყურძნის რეალიზაცია. სანამ მომავალი გამოკვლევები უფრო კეთილსაიმედო შედეგებს არ დაადასტურებენ.

ეს კვლევა 2007 წელს ჩატარდა.

ახლა უკვე 2011 დადგა და რა თქმა უნდა, არაფერიც შეზღუდულა.

ბოლნისის რაიონიდან ყოველდღიურად ათეულობით ტონა ბოსტნეულით დატვირთული მანქანები თბილისის ბაზრობებში (ძირითადად – ნავთლუღის ბაზარში) და იქედან კი – მაღაზიებში ხვდება! როდესაც ჩვენ კარტოფილს, კიტრს, პომიდორს, ხახვს, სტაფილოს ან მწვანილს ვყიდულობთ, დიდი შანსია, ჩვენს სუფრაზე იგივე კადმიუმი და სხვა მავნე მინარევები ხვდებოდეს, რომლის გაწმენდაზე დაზოგილი ფულით ნაყოფია და სააკაშვილი საქართველოს ”ბედნიერ მომავალს აშენებენ” – ენდი გარსიას ფილმით გაცისკროვნებულს…

ხოლო ამ ბედნიერ მომავალს რომ ჯანმრთელად მოესწრნონ და დატკბნენ – ინფორმირებული ნაცები – გიგი წერეთელი, ფრიდონ თოდუა, გიგი უგულავა და სხვები – ბოსტნეულსაც კი ”გუდვილში” ყიდულობენ.

იქ მაშავერას წყლით მოწამლული პროდუქცია არ შედის… ამაზე ნაყოფიამ და სააკაშვილმა იზრუნეს. ამას კორპორატიული ინტერესების დაცვა ჰქვია… ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ამასთან არაფერ შუაშია.

 

III.    საკვები, რომელიც არაა, ან სახიფათოა

(ლიკა შავგულიძის, მანანა მაზნიაშვილის, თემურ მარშანიშვილის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის www.CDI.org  სხვა  მასალები სოფლის მეურნეობაზე)

საქართველოს მოქალაქეთა 53% დღეს სოფლად ცხოვრობს, 40% უშუალოდ ჩაბმულია სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა, ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციიის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8%-ია. შიდა ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 12%–ით კმაყოფილდება. ამდენად, ჩანს, რომ სოფლად ჭარბად არის თავმოყრილი მშრომელი ძალა, რომელიც არ ან ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს.

2010 წელს ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ „მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა. მწარმოებლურობის დონე კვლავ ძალიან დაბალია. არასაკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსებაც. აგროსექტორი რომ განვითარდეს, საჭიროა მისი მოცულობა, სულ მცირე, სამჯერ გაიზარდოს“.

 

სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართ გამოჩენილი ყურადღება, ძირითადად გამოიხატება სოფლის მეურნეობის მინისტრების მიმართ ქება-კრიტიკის მონაცვლეობით, მთავრობის სხდომების სოფლის პეიზაჟების ფონზე – ზვრებსა და ბაღებში – ჩატარებით, სოფლის მეურნეობის ცალკეულ სეგმენტებში მთავრობის ძალოვანი მინისტრების გადასროლა-მივლინებებით და ისეთი ეგზოტიკური მიმართულებების რეკლამირებით და იმედჩაბღაუჭებით, როგორიცაა ბაყაყების, ლოკოკინების და ნიანგების მოშენება, რაც ახალი ქართული ბრენდი უნდა გახდეს…  

ბოლო წლებია, ტენდენციად იქცა საქართველოში ნათესების, ზოგადად, დამუშავებული მიწის ფართობების შემცირება.

საშუალოდ, ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი 30 ათასი ჰექტრით იკლებს. ასევე პერმანენტულად მცირდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი. 2000 წლიდან დღემდე იგი 2,5-ჯერ არის შემცირებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2001 წელს დაფიქსირდა. მაშინ სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 21 პროცენტი შეადგინა. შემდეგ ეს რიცხვი ნელ-ნელა მცირდება და 2008 წელს 8,9 პროცენტამდე ჩამოვიდა. წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასულ წელს კიდევ უფრო შემცირდა. ბუნებრივია, შესაბამისად, იკლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა. ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში ეს წილი 2000 წლიდან, ასევე, მკვეთრად შემცირდა. თუ 2000 წელს იგი შეადგენდა 15,5 პროცენტს, 2008 წელს 6 პროცენტს ცოტათი აჭარბებდა.

რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი? რატომ მცირდება კატასტროფულად დამუშავებული ფართობები და რატომ ანაცვლებს ადგილობრივ აგრარულ პროდუქციას იმპორტი?

ქვეყანაში არ არსებობს აგრარული განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია.

ორ წელიწადზე მეტია, ბოლო მოწვევის პარლამენტი ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთი კანონი აგრარულ საკითხებზე არ მიუღია.  

ვინ დააზღვევს გლეხის ნაშრომს?
ერთადერთი სადაზღვევო კომპანია, ვინც ბოლო დროს აგრარული სექტორის დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა, ”ალდაგი ბისიაია”. კომპანიამ 2010 წ. ივლისში გააკეთა განცხადება, რომ იწყებდა საზოგადოებისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რაც აგრარულ სექტორში გარკვეული კულტურების დაზღვევას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ ეს სიახლე ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს. მუშაობა გრძელდება, მაგრამ როდის ამოქმედდება შეთავაზება, რა ფორმით და რა პირობებით, ამ ეტაპზე უცნობია. ერთადერთი, რაც ნამდვილად გარკვეულია, არის ის, რომ კომპანია მხოლოდ ცალკეულ კულტურებს დააზღვევს.

ხორბალი

როდესაც 2008-2009 წწ. ხორბლის რეკორდული მოსავლის გამო მსოფლიოში ფასები ძალიან დაბალი (160-200 დოლარი) იყო, სახელმწიფო დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებდა და ადგილობრივი მოყვანილი ხორბალი ფაქტიურად ხარჯებს ვერ უნაზღაურებდა ფერემერებს. ამიტომაც დაუმუშავებელი სათესი მიწების ფართობი 50-დან 60%-მდე გაიზარდა. ახლა კი, როცა მთელ მსოფლიოში ხორბალი კატასტროფულად დეფიციტური და ძვირი გახდა, არავითარი შედა რესურსი არ არსებობს – ადგილობრივი მოსავალი ხომ შარშანდელი 80,000 ტონიდან 30,000 ტონამდე შემცირდა! ეს კი საქართველოს წლიური მოთხოვნილების (800,000 ტონის) მხოლოდ 3.75%. მაშინ, როცა 90-იან წლებამდე საქართველო თავისი მოთხოვნილების ნახევარზე მეტს ადგილობრივი ხორბლით იკმაყოფილებდა!

ჩაი

საქართველოში 40 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან დღეს ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მხოლოდ 7 ათასი ჰექტარია, პროდუქციის წარმოება 1990 წლის შემდეგ 145 ათასი ტონიდან 2002 წელს 24 ათას ტონამდე შემცირდა (შემდეგ წლებში უმნიშვნელოდ იმატა). მსოფლიო ბაზარზე დაფასოებული, მარკირებული ქართული ჩაი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

დღეისათვის შიდა ბაზრის მოთხოვნილება 20 ათას ტონამდე შეადგენს, რომლის გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც მოდის, მაგრამ თუ ადგილობრივი პროდუქცია ხარისხიანი და შედარებით დაბალფასიანია, მისი ადგილზე რეალიზაცია პრობლემა არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენნაირ სახელმწიფოში ჩაის არა მარტო მოყვანა, არამედ მისი რეკლამირებაც კი სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს. 90-იანი წლებში მოსახლეობის მხოლოდ 10-20% თუ მოიხმარდა ყოველდღიურად ყავას, ხოლო სოფლებში ეს რიცხვი ალბათ 5%-იც არ იყო, ჩაის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა კი, სავარაუდოდ, 50-75% იყო, შემდეგ თანადათან მოხდა ქართული საზოგადოების ინტენსიური ”ყავიზაცია”. რაც არც ჯანმრთელობის ფაქტორების და არც ფინანსურ-ეკონომიკური მოსაზრებით სასარგებლო არაა – საქართველო, რომელიც ჩაისმწარმოებელი ქვეყანა იყო, უარს ამბობს ჯანმრთელობისათვის ნაკლებ სახიფათო ჩაიზე და ყავის ინტენსიური მომხმარებელი და იმპორტიორი ხდება, რაც ქვეყნის და ოჯახების ბიუჯეტს გაუმართლებელ ტვირთად აწვება, არაფერი რომ ვთქვათ ყავადამოკიდებულებაზე, რამაც მასიური ეპიდემიის ხასიათი მიიღო.

ჩაის წარმოების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი მაინც სანედლეულო ბაზის არქონაა. სამწუხაროდ 1997-99 წწ. და 2004-05 წწ. ტყუილად გაიფლანგა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარი სუბსიდიებში. სუბსიდიებს აძლევდნენ ფერემრებს, ხოლო გამოყენების ეფექტურობის კონტროლი არ იყო.

ბოსტნეული 

2007 წლიდან საქართველოში პამიდორის და ხახვის მოსავალი 1.6-ჯერ შემცირდა. თუმცა გაიზარდა კიტრის და სტაფილოს მოსავალი. და მაინც უკანასკნელ ხანებამდე საქართველო თავის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებდა მხოლოდ ორ სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე – კარტოფილზე და მწვანილზე. ამ უკანასკნელის ევროპაში ექსპორტი ერთ-ერთი იშვიათი წარმატებული პროექტია. სამწუხაროდ, ბოლო წელს ორივე ამ პროდუქტის წარმოება შემცირდა, ხოლო კარტოფილის იმდენად, რომ უკვე 80%-ითაც ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას.

გაცილებით უფრო შემაშფოთებელია სხვა ბოსტნეულის შიდა და იმპორტირებული რესურსით დაკმაყოფილება – სტაფილოს და კომბოსტოს გარდა, რომლებიც ადრეც შემოდიოდა სომხეთიდან, წელს საქართველოს ბაზარი დაიკავა ისეთმა ეგზოტიკურმა პროდუქციამ, როგორიც იყო ეგვიპტური ლურჯი ხახვი და თურქული ნიორი, რომლის სიმეტრიულობა და ზომები მხოლოდ მის სიმწარეს და ფასს თუ ჩამორჩებოდა. ორივე ამ პროდუქტის ასტრონომიული ფასები მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას – მონოპოლიზირებული იმპორტი!

მეცხოველეობის პორდუქტები

 

რძე

საქართველოში რძეზე და რძის პროდუქტებზე მოთხოვნილება მაღალია. სადღეისოდ, ამ მოთხოვნილების უდიდესი წილი ხელვნური რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტებით კმაყოფილდება. ამავე დროს, ქალაქებში რომ მომხმარებელს ჰკითხო, ხელოვნურ რძეს ამჯობინებენ, თუ ნატურალურს, უმრავლესობა სწორედ უკანასკნელს აირჩევს. მაშ რატომ არის, რომ არ გვაქვს ის, რაც გვირჩევნია, რომ გვქონდეს?

რძის მოგროვების, შენახვის, გადამუშავების,  და პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანის დროს მთავარი პრობლემა ამ ნატურალური პროდუქტის მალფუჭებადობაა. ამიტომ, კუსტარული წარმოების დროს მისი მხოლოდ ახლო მანძილზე გასაღება-მოხმარება ხერხდება, ხოლო რამდენდაც რაიონებში და სოფლებში ყველაზე კატასტროფული მიგრაციის გამო თანდათან გამოირეცხა ის ფენა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს თავად არ აწარმოებდა და მხოლოდ მომხმარებელი იყო, მოთხოვნილება იმდენი არაა, რომ ჩიტი ბდღვნად ღირდეს. რძის მწარმოებელთა უნივერსალური ხსნა მთელ მსოფლიოში კოოპერაცია და აგლომერაციიაა – ხდება ძროხების ფერმების ჩამოყალიბება, ან – რძის კოლექტიური ჩაბარება რძის გამაცივებელ-შემნახველ პუნქტებში, ხდება ყველის დამზადება დიდ ან მცირე ქარხნებში, შეფუთვა-მარკირება და გადაზიდვა ასევე ცენტრალიზებულად. ეს ყველაფერი თავდაპირველად სერიოზულ დანახარჯებს და ფინანსურ, მენეჯერულ და ნდობით ფაქტორებზეა დამყარებული, მაგრამ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში წარმატება გაცილებით რეალურია, ვიდრე კუსტარული, რამდენიმეძროხიანი კერძო მეურნეობების დროს. 

მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნით, რძის პროდუქტებზე კომპანიებმა სავალდებულო ეტიკეტი განათავსეს, რომელზეც მითითებულია, რისგან არის დამზადებული პროდუქტი – ფხვნილისგან თუ ნატურალური რძისგან. სწორედ ამ ეტიკეტის გაჩენა იყო ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელმაც ნატურალურ რძეზე მოთხოვნა გაზარდა.

საინტერესოა, რომ ნატურალურ რძეზე მოთხოვნილებას ხელი შეუწყო საქართველოში რუსული რძის და ხილის წვენების ბაზრის ლიდერი კომპანიის ვიმ-ბილ-დანის შემოსვლამ, რომელიც დავით იაკობაშვილის დაარსებულია. მანამდე ქართული კომპანიები, რძის ფხვნილის სიააფის და ეტიკეტზე შემადგენლობის გაუშიფრაობის პირობებში, ნატურალური რძის ადგილზე შესყიდვით თავს არ იწუხებდნენ.   

რძის ფხვნილი ბაზარზე გაძვირდა და დღეს 1 კგ– 9 ლარი ღირს, 1 კგ ფხვილით 10 ლიტრი რძე გამოდის, ანუ ლიტრი ფხვნილის რძე 90 თეთრი ჯდება. შესაბამისად, გლეხის რძე უფრო იაფია: 1 ლიტრი საშუალოდ 50 თეთრი ღირს. ახლა რძის წარმოებისთვის კარგი პირობებია, ადგილობრივი რძის შესყიდვებმა შეავიწროვა რძის იმპორტირებული ფხვნილი. ახლა ვიმ-ბილ-დანის ”სოფლის ნობათი” ნატურალური რძის ბაზრის 10%-ს იკავებს, ”სანტე” – 50%, ”ეკო-ფუდი” – 30%, ხოლო გლეხის რძე (შინამეურნეობის პროდუქცია) – 20%. სახელმწიფო რომ ცოტა საკვებით, ან ვეტერინარული სამსახურის ორგანიზებით, ან მედიკამენტებით დაეხმარებოდეს ფერმერს, ადგილობრივი რძის პროდუქცია ზამთარში, როცა მოთხოვნილება მაღალია, ხოლო წარმადობა დაბალი, 2-4-ჯერ შეიძლებოდა გაზრდილიყო.  ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ახდენს გლეხური მეურნეობების თუნდაც მცირე დოზებით ფინანსურ ხელშეწყობას იმისთვის, რომ საქონელმა ზამთარში ელემენტარულად „არ იშიმშილოს“.

ამდენად, დაბალი წველადობით გამოწვეული რძის სიმცირე, არასტაბილური მიწოდება და, ზოგ შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელი ხარისხი არის ფაქტორები, რომელთა გამო კომპანიები, რომელთაც ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავიათ და, შესაბამისად, მასობრივად ჰყავთ პროდუქტებზე მომხმარებელი, რძის ფხვნილის გაიაფების დროს მომენტალაურად შეამცირებენ რძის შესყიდვას გლეხური და ფერმერული მეურნეობებისგან. ქართული ჯიშის ძროხები 3-4-ჯერ დაბალი წველადობით განსხვავდება ჰოლანდიური ჯიშის ძროხებისაგან, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ საკვების ხარისხი და რაოდენობა. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ხორცის წარმოებასაც ეხება.

ქართველ ფერმერებს არ აქვთ საშუალება, უზრუნველყონ საქონელი თვით და სილოსით ზამთრის პერიოდში. ამის მიზეზები შემდეგია:

1)     სახელმწიფოს მხრიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მიწის პრივატიზაცია, რომელიც შეეხო საძოვრებად გამოყენებულ ტერიტორიებს. დღეს სოფლების გარკვეულ რაოდენობას, განსაკუთრებით – თბილისის შემოგარენში, რომელიც უგულავას ერთი ბრძანებით უცებ ქალაქდ იქცა, საძოვრები აღარ გააჩნიათ, ხოლო ახალ მეპატრონეებს არავითარი სურვილი არ აქვთ მეცხოველეების პრობლემები უფასოდ შეამსუბუქონ. ხელისუფლება წამდაუწუმ ლაპარაკობს ტურიზმის განვითარებაზე, ხოლო საიდან უნდა უზრუნველყონ მილიონობით ტურისტი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ამაზე არავინ ფიქრობს. ან ფიქრობს – იმპორტის გზით, იმპორტის, რომელიც მათ მიერ იქნება მონოპოლიზირებული. ქართველი ფერმერი ამ სქემაში ვერ ჯდება.

2)     არის საძოვრები, რომლებიც მორწყვას საჭიროებენ, ხოლო სარწყავი სისტემები არ არსებობს – ან უკვე მოიშალა, ან სასწრაფოდ საჭიროებს რემონტს და გაფართოებას.  საქართველოს სამელიორაციო სისტემა დღეს სახელმწიფო შპს–ების ხელშია. ოფიციალური ანაგარიშის თანახმად – “2004 წლიდან განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ღონისძიებების ჯამური ღირებულება შეადგენს 83.1 მლნ. ლარს, საიდანაც: ირიგაციაზე დაიხარჯა 54.5 მლნ ლარი; დრენაჟზე – 7.8 მლნ ლარი; ხოლო  წყალდიდობის საწინააღმდეგო და ხევების რეგულირების ღონისძიებებზე –  20.8 მლნ. ლარი. აღნიშნული ღონისძიებებით წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 80.0 ათას ჰექტარზე, მაგრამ თავად მოხსენების ავტორების მიხედვით ეს მთელი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 %-ს შეადგენს.“ თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახნავ–სათესი მიწები საქართველოში 810.000 ჰექტარია, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი აქვს კიდევ გასაკეთებელი სამელიორაციო დეპარტამენტს.

3)     ნაწილ საძოვრებთან მისასვლელი გზები არის შესაკეთებელი – ეს განსაკუთრებით მთიან რეგიონებს ეხება.

4)     ნაწილი საძოვრები კონფლიქტისპირა რეგიონებშია, სადაც  საქონლის მწყემსვა უკვე სახიფათოა, ხოლო საქონლის გაშვება – უაზრო.

5)     ასევე სერიოზული პრობლემაა საქონლის ავადობა, რაც ნაშიმშილებ საქონელს ადვილად ერევა. სახელმწიფოს მიერ სრულყოფილად არ ხდება არც საქონლის იმუნიზაცია, არც ეპიზოოტიური კერების სათანადო დამუშავება და დაავადებული საქონლის მკურნალობა ხდება ნორმალურად. ამას კი დიდი ოდენობით პირუტყვის დაცემა მოჰყვება ხოლმე. დაავადებათა კონტროლის სისუსტეზე საქსტატ–ის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს: 2003 წელთან შედარებით 2010 წლისათვის მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა შემცირდა 22,5%-ით, მათ შორის ფურის და ფურ-კამეჩის – 35%-ით, ღორის – – 350%-ით, ცხვრის და თხის – 7%-ით. კატასტროფული მდგომარეობაა ღორთან დაკავშირებით: 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ღორის სულადობამ შეადგინა 99 ათასი, ეს მაშინ, როცა 2006 წელს 345 ათასი სული ღორი გვყავდა. სადღეისოდ ძეხვეულის მთავარი მწარმოებლები – „მითანა“ და „ნიკორა“ მხოლოდ იმპორტირებულ ღორის ხორცს იყენებენ.

 

ხორცეული პროდუქტები

საინტერესოა, რომ ღორის სულადობის მკვეთრი შემცირება 2007-08 წწ. მოხდა ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების და ღორების ”მასიური დაცემის” შესახებ ინფორმაციის გადაჭარბებული აჟიტირების მეთოდით მუსირების შემდეგ. როგორც შემდგომ გამოირკვა, ღორების ”მასიური დაცემა” დაემთხვა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული ფირმის მიერ უცხოეთიდან დიდი ოდენობით ღორის გაყინული ხორცის შემოტანას. საყურადღებოა ისიც, რომ ღორის ხორცით დატვირთული გემების ფოთის პორტში შემოსვლისთანავე ჯანდაცვის სამინისტრომ აჟიოტაჟური ინფორმაცია გაავრცელა.  სოფლებში პირდაპირ ურჩევდნენ მოსახლეობას ღორები სასწრაფოდ დაეკლათ, მაშინაც კი, როცა ახლომდებარე სოფლებში დაავადების შემთხვევები არ იყო აღრიცხული. საინტერესოა ის, რომ ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია მსოფლიოში მხოლოდ 2009 წელს დაიწყო, როცა საქართველოში ღორის პოპულაციის უკვე 1/3-ც კი არ დარჩა. და ქართული ბაზარი უცხოური ღორის ხორცისათვის უკვე კაპიტულირებული იყო.

საგანგაშოა ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოტანილი მონაცემები, რომელთა მიხედვით, „ძირითადად, იმპორტირებულია დაბალი ხარისხის საქონლის ხორცი – დიდწილად კამეჩის ხორცი გადამამუშავებელი საწარმოებისა და იაფფასიანი რესტორნებისათვის“. საქონლის და ღორის ხორცის მთავარი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, აშშ, დომინიკა, ბრაზილია და სხვ“. ვერცერთი ეს ქვეყანა ვერ დაიკვეხნის განსაკუთრებული  მკაცრი კონტროლით ექსპორტირებულ პროდუქციაზე, ხოლო საქართველო არავითარ კონტროლს არ ახორციელებს იმპორტის ხარისხზე. ნებისმიერი ეს ხორცი შეიძლება იყოს ჰორმონებით დამუშავებული (ამერიკული ხორცი, პირველ რიგში), რომლის იმპორტი, შესაძლო მავნე გავლენის გამო, აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. კიდევ უფრო სათუოა ინდური და ბრაზილიური ხორცის უსაფრთხოობა – შენახვის პირობების, ვეტერინარული კონტროლის, ხანგრძლივი ტრანსპორტირების და სხვა ფაქტორების გამო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, სად უნდა, და სად არ უნდა შეიძინონ ხორცი! ეს ხალხი თავის ჯანმრთელობას – ჩვენი ჯანმრთელობისაგან განსხვავებით – ძაააალიან უფრთხილდება.

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა წარმატებით მიმდინარეობს ზოგიერთი პროგრამა. ასეთად შეიძლება დასახელდეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერების დახმარების და სახელმწიფო პროგრამის – „იაფი კრედიტის“ ბევრი წარმატებული პროექტი. სამწუხაროდ, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის პირველი ტრანში დამთავრდა, ხოლო „იაფი კრედიტის“ დაფინანსება, რომელიც 2008 წელს 117 პროექტს 62,4 მლნ ლარით აფინანსებდა, 2009 წელს 90%-ით შემცირდა, ხოლო 2010 წელს – საერთოდ შეჩერდა. 2011 წელს პროგრამის ბედი უცნობია.  სავარაუდოდ, მხოლოდ წინა პროექტებიდან დაბრუნებული 2 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. ეს იმ ფონზე, როცა მთავრობა მილიონებს წარა-მარა ისვრის კონცერტებში, რამაც ფეისბუქზე აქტუალური ლოზუნგი დაბადა – „გვეყო სანახაობა, პური მოიტათ!“

პროდუქტების სიძვირის მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია:

–         მეთესლეობის სრული დეგრადაცია. ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს, იმპორტირებულის ფასი განუხრელად იზრდება.

–         სასუქების და პესტიციდების მკვეთრი ნაკლებობა. ყველაფერი იმპორტირებულია, ადგილზე წარმოების წახალისება არ ხდება.

–         ძვირი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. 3000 სოფელზე საქართველოში მხოლოდ 1000 ტრაქტორი არსებობს. (ტრაქტორების გადაცემის ტრანსლაცია ყოველთვის პომპეზურად ხდება. უბედურება იმაშია, რომ ამ ტრაქტორების განაწილება შემდეგ ტიპიური კლანური პრინციპით ხდება). 

–         2009 წლიდან პრაქტიკულად შეწყდა საბანკო კრედიტების გაცემა, 30-38% წლიური სარგებელი წარმოუდგენლად ძვირია ფერმერებისათვის.

–         საქართველოში ტრადიციულად დაბალია კოოპერაციის კულტურა, ფერმერების უმრავლესობა ცდილობს ინდივიდუალურად გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ხშირად მხოლოდ კოოპერაციის მეშვეობით თუ შეიძლება.

–         შემოტანილი პროდუქცია მონოპოლიზირებული არხებით შემოდის.

–         პროდუქციის შემოტანის არარეგულარული გრაფიკი, რაც ხშირად დეფიციტური პერიოდების შემდეგ აჟიოტაჟურ მოთხოვნილებას ქმნის და ფასს კატასტროფულად სწევს მაღლა. აღნიშნული მიზეზი, ისევე როგორც წინა, სავარაუდოდ, უკავშირდება სახელისუფლებო წარმომადგენელების მხრიდან ბიზნესის კონტროლის, და მიზანმიმართული ფასწარმოქმნის წარმოებას. 

 

სოფლის მეურნეობის ნორჩი მინისტრი კი ამ დროს იმითია გართული, რომ თავისი ახალგაზრდული გუნდი ღირსეულად წარმოაჩინოს – მათ შორის საერთაშორისო არენაზე მივლინებებით, ტელევიზიებისთვის იმის დარწმუნებით, რომ “ ხორბლის ფასი გაიზრდება, მაგრამ პურის – ჯერ არა“ და ბაყაყის და ნიანგის ხორცის ექსპორტის რევოლუციური იდეებით – განსაკუთრებით, უკვე გაზრდილი პურის ფასების ფონზე.

„მთავარი ის კი არაა, რამდენს ხარჯავს ბაკურ კვეზერელის უწყება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რამდენი მოადგილე ჰყავს, ან რამდენჯერ წავიდა საზღვარგარეთ ერთი წლის განმავლობაში, მთავარია, ვინმემ გააანალიზოს, რა შედეგი მოუტანა აგრო სექტორს მაგალითად, 1000 ტრაქტორის, ან 500 ძვირად ღირებული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანამ, ანუ ზოგადად – რა ეფექტის მომტანია ესა თუ ის ინიციატივა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს, ანუ რამდენად ეფექტურია ასეთი დანახარჯები. ერთი სიტყვით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს აგრო სექტორის განვითარების ერთიანი გეგმა და სტრატეგია. ასეთი გეგმა არ არსებობს, ამაშია საქმე. იმას გარდა, რომ გეგმა არ არსებობს, არ ჩანს სურვილი, რომ ასეთი შეიქმნას. არ არსებობს ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისას დაიცავს. აი, მაგალითად, მე რომ მაწვნის ინდუსტრიაში, სიტყვაზე, ფული ჩავდო, არ არსებობს ხარისხის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, არ არსებობს ცხოველთა ჯანმრთელობის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, რა დანამატების გამოყენება შემიძლია ან არ შემიძლია მაწონში,“– განუცხადა ჟურნალისტებს საერთაშორისო არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ქეარ საერთაშორისო კავკასიაში“ დირექტორმა ჯონათან პადიფუტმა.  ეს ორგანიზაცია მრავალ ინსტიტუციონალურ, საწვრთნელ და პირდაპირი დახმარების პროექტს ახორციელებს, მაგრამ, რა თქმა უნდა ვერ შეცვლის სამინისტროს.

სურსათის უვნებლობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დღეს ორი ურთულესი ამოცანა დგას: პირველი – უნდა გაიზარდოს შიდა წარმოება იმ დონემდე, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, თუნდაც, 50–60%–ით დააკმაყოფილოს; და მეორე – ადგილობრივ ბაზარზე უნდა შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ გამიზნული, ევროკავშირის სტანდარტებს მორგებული ხარისხის პროდუქცია. ამასთან, მეორე ძალზედ ძნელი მისაღწევია, თუ პირველი პირობა არ შესრულდა, რადგან იმისთვის, რომ ექსპორტი დაიწყოს, ქვეყანაში სასურსათო უვნებლობის მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედ საწარმოთა 90% საეჭვო ხარისხის საკვებს აწარმოებს. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა დღეს მოლაპარაკების პროცესშია ევროპულ ინსტიტუტებთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. საქართველო ევროკავშირის GSP+ სისტემის ბენეფიციარის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა, რომლითაც ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტს დღესაც შეუძლია შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით, თუ, რა თქმა უნდა, ხარისხის სტანდარტებს დააკამყოფილებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება სურსათის უვნებლობის შემოწმება. მართალია, საქართველოს პარლამენტმა  ამ სფეროში კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი და იმპორტირებული საკვების ხარისხს, მიიღო ჯერ კიდევ  2005 წელს, მაგრამ ამოქმედება ჯერ 2007 წლისთთვის გადად, მერე 2009 –სთვის. 2010 წელს ამოქმედდა მხოლოდ რამდენიმე დასახელების პროდუქციისათვის – ღვინო, ლიმონათი, თხილი, მწვანილი – რომელიც ევროპაში გადის. საბოლოდ ეს კანონი მხოლოდ 2015 წლისთვის თუ ამოქმედდება.  

საეჭვოა, რომ ეს გადავადების საბოლოო ვადაა, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება მანამდე შეინარჩუნა.  

ამოცანა გვეკითხება:

–        რა ჰქვია ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად მავნე საკვების უვნებლობის საკითხის შესწავლას არ აპირებს?

–        რატომ არ არსებობს საქართველოში ან იმპორტირებული, ან ქვეყანაში წარმოებული საკვების შემოწმების სისტემა შესატყვისი რეგულაციებით და თუნდაც ერთი გამართული ლაბორატორია?

–        რატომ არაფრით არ მიიღო საქართველოს პარლამენტმა ნორმა, რომელიც თუ არ აკრძალავდა ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას, იმას მაინც დააკანონებდა, რომ თითოეულ ასეთი პროდუქტის მარკირებაზე გენმოდიფიცრებული პროდუქტის არსებობა მომხმარებლისთვის ნათლად იქნებოდა აღნიშნული?

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ მიზეზების ერთობლიობა, რომელიც ქმნის სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ სურათს:

  • სახელმწიფო არ ახდენს გლეხობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რა თანამედროვე შესაძლებლობებით მოახერხებდნენ ისინი თავიანთი მეურნეობების განვითარებას ისე, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს სტაბილური, ხოლო ხარისხი – მუდმივად მაღალი.
  • სახელმწიფო არ სთავაზობს გლეხობას არჩევანს, როგორ აჯობებს განავითარონ მეურნეობები – ერთად თუ ცალ–ცალკე; არ უხსნის – რა უპირატესობებს მოიცავს მცირე ზომის მეურნეობები და რა უპირატესობებს მოიცავს მსხვილი კოოპერაციები.
  • სახელმწიფო არ ცდილობს სამელიორაციო და საირიგაციო არხების მასობრივ რეაბილიტირებას.
  • სახელმწიფო არ აფინანსებს ისეთი აგრო მეცნიერებების განვითარებას, რომლებიც სტიმულს მისცემდა მეთესლეობის, სასუქების წარმოების, შესაწამლი ნივთიერებების წარმოებას.
  • სახელმწიფო არ ან ვერ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და არ ზრუნავს საქართველოს, როგორც აგრო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე.
  • საქართველოს არ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, შესაბამისად, სექტორში მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიციები არის ფრაგმენტული, უსისტემო და შესაბამისად, არაეფექტური.

დასკვნა: საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ აინტერესებს სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტისათვის ნორმალური არსებობის პირობებს, ხოლო ყველასათვის – ნორმალური და უსაფრთხო საკვების მიღების შესაძლებლობას გააჩენდა.

საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლების მიერ ლობირებული და დაკრიშული იაფფასიანი უცხოური კვების პროდუქტების (ძირითადად – თურქული) მონოპოლისტური იმპორტისთვის სასათბურე პირობების შექმნა, როცა მათ მაქსიმალური სუპერმოგების მიღების საშუალება ეძლევათ. ეს ბატონები თავად მშვენივრად არიან ინფორმირებული სახიფათო და/ან გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ – სად და რომელი საკვების შეძენა არის ან არ არის რეკომენდებული და ამიტომ სულაც არ არიან დაინტერესებულნი, რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

IV. საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა (სტუდია ”მონიტორი” ავტორი – ნანა ნასყიდაშვილი, www.monitori.ge, www.liberali.ge)

ავღანეთიდან მსოფლიოში გასული ნარკოტიკები ყოველწლიურად 100,000-მდე ადამიანს ჰკლავს. ნატოს ქვეყნებში ავღანეთიდან შესული ჰეროინის გადამეტდოზირებით 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ტალიბანის მიერ ავღანეთში 8 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტებით.

გაეროს ანტინარკოტიკული მოხსენების ანგარიშით, ყოველწლიურად დასავლეთის ქვეყნებში კავკასიიდან  – უკრაინის, თურქეთის ან ბულგარეთის გავლით – 7 ტონამდე ჰეროინი ხვდება. მწვანეთა პარტიის ლიდერის გ. გაჩეჩილაძის გამოთვლებით ამიერკავკასიის რეგიონში რჩება 4 ტონა – შემოსულ 11 ტონასა და გასულ 7 ტონას შორის არსებული სხვაობა. აქედან უშუალოდ საქართველოში  – 2,4 ტონამდე რჩება და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწამვლის, დეგრადაციის  და ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. თუ დავეყრდნობით აშშ სახ.დეპ-ის 2008 წლის მოხსენების სტატისტიკას, რომ საქართველოში 240-350,000 ნარკომანია, წელიწადში მომხმარებელზე 6-8 გ მოდის. 1 გ ნარკოტიკის ფასი შიდა ბაზარზე დაახლოებით 350-500 დოლარია, და ბოლო წლებში 700 დოლარსაც მიაღწია. ამიტომ 2 ტონის გასაღების შედეგად საქართველოში მოქმედ ნარკომაფიას წლიურად დაახლოებით 700 მილიონი-1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი გააჩნია.

როგორ ებრძვის საქართველოს სახელოვანი და სამგზის გაჰიმნებული პოლიცია თანამედროვეობის ამ უსაშინლეს სენს?

პრაქტიკულად არ ებრძვის!

რაც იმაში გამოიხატება, რომ წითელი ხიდიდან საქართველოში შემოსული 11 ტონა ნარკოტიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიას უპრობლემოდ გაივლის და ფოთის პორტშიც უპრობლემოდ იტვირთება საქართველოდან მიმავალ ბორნებზე. საქართველოში ბოლო პერიოდში წლიურად ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობა მხოლოდ 8-9 კგ (ანუ საერთო ტრანზიტის მოცულობის 0.4%!) იყო!. ეს მაშინ, როცა მოსაზღვრე ქვეყნების საბაჟო სამსახურები, სადაც ეს ნარკოტიკი ხვდება, თითქმის ყოველწლიურად საქართველოდან შემოსულ და ევროპისათვის გამზადებულ საკმაოდ დიდ პარტიებს აკავებენ. მაგალითად 2007 წელს მარტო უკრაინის საბაჟომ ილიჩევსკის პორტში საქართველოდან შემოსული ჰეროინის ორი დიდი პარტია – 174 კგ (23 ივლისი) და 105 კგ (29 ნოემბერს) – დააკავა, რაზეც უკრაინის საბაჟო დაცვის სამსახურის ოფიციალური  პრეს-ორგანო და ინტერნეტ-სააგენტო www.24.ua. იუწყებოდნენ. 2007 წლიდან გაიხსნა ფოთი-ბურგასის საბორნე მარშრუტი, რომელიც ქართულმა ნარკოტრაფიკის მესვეურებმა უფრო პერსპექტიულად ჩათვალეს და მომსახურების დიდი ნაწილი იქეთ გადაამისამართეს. შედეგად კიდევ უფრო რეზონანსული იყო 2008 წლის 16 დეკემბერს „ბოსტონჰერალდ.კომ“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული, საქართველოდან ბურგასის პორტში უკვე 400 კგ ჰეროინის დაკავების ფაქტი. მარტო ამ ტვირთის ფასი დასავლურ ბაზარზე ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება! საქართველოს სახელოვან პოლიციას კი, რომელიც ყოველდღიურად ათეულობით ნარკოტიკების მომხმარებელს რამდენიმე მილიგრამის აღმოჩენის ბრალდებით აკავებს და აშანტაჟებს ან მრავალწლიან პატიმრობას უსჯის, ასეთი მსხვილი პარტიები, როგორც წესი ”გამოეპარებათ” ხოლმე. იშვიათი გამონაკლისი იყო 2010 წლის ივნისში – ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ანტინარკოტიკული სამსახურის შესაძლო კრიმინალურობაზე ალაპარაკების შემდეგ, სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ და უკვე ადრესატამდე მისულ ჯართში კოკაინის სერიოზულ ოდენობის – 180გ-ისაღმოჩენა – რომელიც შაქრო კალაშოვის ბანდას დაბრალდა.

ამ საქმეში რამდენიმე თეთრი ლაქაა. ჯერ ერთი, ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები შემოტანიდან კარგა ხნის შემდეგ აღმოაჩინეს და არა პორტში, არამედ ფოთიდან კარგა შორს დაშორებულ სოფელში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი საპორტო სამსახურის უგერგილობას და უსაქმურობას (თუ დანაშაულებრივ ქმედებებს არა). მეორეც, აღმოჩენილი კოკაინის ოდენობა და ფული – 1,75 მლნ ევრო კია მნისვნელოვანი, მაგრამ ცოტა ფერმკრთალდება იმფონზე,რომ გახმაურებული ინფორმაციით ამავე ჯგუფმა ერთი წლის წინ 500-ჯერ დიდი პარტიის – 90 კგ კოკაინის – თურქეთში გატანა  განახორციელა და ფანტასტიური მოგება ნახა. უცნაურია, რომ საქართველოს პოლიციამ მხოლოდ უკანასკნელი ნამცეცები აღმოაჩინა და დააკავა, მაშინ, როცა მთელი ტვირთი 99,9% უპრობლემოდ გავიდა დასავლეთში. დაბოლოს, ამ აღმოჩენის თარიღი საეჭვოდ დაემთხვა ესპანეთიდან შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის უკვე გახმაურებულ და მადააშლილ სურვილს. სავარაუდოდ, ამ ცხოველი ინტერესის უკან ორი შესაძლო მიზეზია – საქართველოს მთავრობა ძალიან დაინტერესებულია არსებული საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად სხვადასხვა რანგის და კალიბრის ”მეწველი ძროხების” აღმოჩენაში და მათთვის კალაშოვის მასშტაბის მასტოდონტი ნამდვილად შეუდარებლად უფრო სასურველი კლიენტია, ვიდრე ერთ დღეში ექსპოროპრირებული 170 ჭინჭებით მოვაჭრე. სააკაშვილი და მერაბიშვილი შიშით შესცქერიან სულ უფრო დაცარიელებულ ხაზინას და კალაშოვის შავი ფულით ქვეყნის ხსნის და პოლიციური ლეგიონის დაპურების იმედი აქვთ. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სავარაუდოდ კალაშოვის ხალხი ვერაფრით ისე ვერ მოახერხებდა ასეთი მსხვილი პარტიის რეალიზებას, რომ არა საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა. და საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ კალაშოვი ესპანური ციხიდან სწორედ იქ  გადმოამისამართოს, სადაც მის მიერ ყველაფრის „აღიარება“ შეიძლება მოხდეს, გარდა ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი კავშირებისა.

აშშ-ს სახ. დეპარტამენტმა 2008 წ. მოხსენებაში  მთავრობის მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის შესახებ ასეთი მკაცრი განცხადება გააკეთა ”საქართველოს მთავრობა სატრანზიტო ნარკოტიკების ბრუნვის სანდო სტატისტიკას არ ფლობს. 2004-06 წლებში ნარკოტიკების ამოღება საერთოდ არ მომხდარა. ზოგიერთისთვის ეს ნარკოტიკების ტრანზიტის არარსებობის მაჩვენებელია. სხვებისთვის კი პოლიციურ არაადექვატურ მუშაობაზე ან კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მეტყველებდეს.” 

იმაზე, რომ  საქართველოს შსს მაღალჩინოსნები უშუალოდ გარეულნი შეიძლება იყვნენ ნარკოტრეფიკში და სწორედაც ამ ტრეფიკის კონტროლიორებად და მთავარ მეწილეებად გვევლინებიან, ასევე გვაფიქრებინებს ანტინარკოტიკული სამსახურის ყოფილი თანამშრომლის თემურ რევაზიშვილის ინტერვიუ. 2005 წ. სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები  თ. რევაზიშვილი და გ. ხუხია სოდი-ი დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კოდიას და მის მოადგილეს კახა მისირელს ნარკორეალიზიტარებთან კავშირსა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.  რევაზიშვილის განცხადებით კოდუამ მას მანამდე ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა და ნარკობიზნესში თანამშრომლობა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი რევაზიშვილი მოტყუებით წყნეთში წაიყვანეს, 7 პოლიციელი დაესხა თავს და სცემეს, აღიარების გაკეთებას აიძულებდნენ და მოკვლა დაუპირეს. რევაზიშვილმა მოძალადე თანამშრომლებს აღიარებითი ჩვენება არ მისცა და გაქცევა მოახერხა. პროკურატურა კი დღემდე საქმეს არ იძიებს და ჟურნალისტების შეკითხვებზე დუმს. საინტერესოა, რომ ამ საქმეში 2005 წელს აქტიურ პოზიციას აფიქსირებდა  და გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდიოდა თავისუფლების ინსტიტუტი (კერძოდ, თეა თუთბერიძე). გავა სულ ერთი წელი და თავისუფლების ინსტიტუტი მთავრობის სამსახურში მკვიდრად ჩადგება და მის მერე მსგავს ინიციატივებს პირმოკუმულობა შეცვლის, თუნდაც ისეთ რეზონანსულ საქმეში, როგორიც იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ რევაზიშვილის განცხადებებს ბრმად ვენდოთ, მაგრამ საინტერესო ის იგნორირებაა, რითაც მის უაღრესად მნიშვნელოვან განცხადებას საქართველოს ძალოვანი და საკანონმდებლო სტრუქტურები ეკიდებიან – პროკურატურას აზრადაც არ მოდის რევაზიშვილის განცხადებების გამოსაძიებლად საქმის აღძვრა.

მიუხედავად ვანო მერაბიშვილის მჭექარე განცხადებისა, რომ საქართველოს ვარდების რევოლუციამდე მთელი წინა 3-4 წლის განმავლობაში არ ამოუღია იმ ოდენობით ნარკოტიკები, როგორც ბოლო წლებში, და რომ ამოღების მაჩვენებლები მუდმივად იზრდება, შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს – ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის ფაქტები ძალიან მცირეა, 2007 წ.  ამოღებულ იქნა 9,8კგ, 2008 წელს კი – 8,3 კგ ნარკოტიკი. ხოლო სოდ-ის ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაზე წამყვან ადგილს წვრილი ნარკომომხმარებლების დაკავება იკავებს.

2008 წელს ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ინციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიღების მოთხოვნა 58,000 ხელმოწერით არის მხარდაჭერილი. კანონპროექტის ამოსავალი პუნქტია, რომ უნდა მოხდეს ნარკორეალიზატორის და ნარკოტეკების მომხმარებლის საკანონმდებლო დიფერენცირება და პასუხისმგებლობის სერიოზული დივერსიფიცირება, მაგრამ  ორი წელია ეს პროექტი პარლამენტში უდევთ და საერთოდ არ განუხილავთ!

თავისი თავის გასამართლებლად საქართველოს ანტინარკოტიკული სამსახურის ბოსები, რომლებსაც ხელფასები ათასობით ლარი აქვთ და ჩვენს ხარჯზე უზრუნველად უსაქმურობენ მსხვილი ზვიგენების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამაგიეროდ ყოველდღე საგულდაგულოდ ისვრიან ბადეს წვრილი ლიფსიტების ტონობით დასაჭერად და საკუთარი არსებობის აუცილებლობის დასასაბუთებლად, ასეთ ფანტასტიურ არგუმენტს იშველიებენ – საქართველოს საბაჟოებზე მოქმედი რეგულაციების მიხედვით ტვირთის შემოწმება მხოლოდ არჩევითად ხდება (და რატომღაც სწორედ იმას აარჩევენ ხოლმე, სადაც ნარკოტიკი არაა – ბედი არ უმართლებთ ჩვენს ნატ პინკერტონებს!), ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ე.წ. რენტგენ-სკანერი -საქართველოში მხოლოდ ახლახანს იქნა შეძენილი და ისიც ძალიან არჩევითად გამოიყენება! არგუმენტი – ძვირი ღირს! საქართველოს ასევე არ ჰყავს ნარკოტიკების აღმოჩენის გაცილებით იაფი საშუალება – გაწვრთნილი ძაღლები! რატომ არ ჰყავს? ამაზე პასუხი არაა, მით უფრო, რომ გაწვრთნილი ძაღლები საქართველოში პრობლემა არ უნდა იყოს, თუ სპეციალურად თავს არ არიდებ, რადგან ძაღლისთვის ძნელია იმის ახსნა, რომ არასასურველი ნივთიერება მხოლოდ ოპოზიციონერთა ბარგში უნდა აღმოაჩინოს! გაწვრთნილი ძაღლი საბაჟოს ”კარგად გაწვრთნილი” მოხელისგან განსხვავებით ხალხს ოპოზიციონერობის მიხედვით ვერ ანსხვავებს! ჰოდა წარმოიდგინეთ, რა კონფუზი იქნებოდა, რომ ასეთ ძაღლს კეზერაშვილის ფირმის ბარგში აღმოეჩინა საეჭვო ტვირთი, ნაცვლად – ოპოზიციონერის ბარგისა!

 

უსახსრობაზე უტიფარი მომიზეზება იმწამსვე ბათილდება, როგორც კი გავიხსენებთ, რომ საქართველომ 1998-2006 წელბში სწორედაც რომ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის მოსაწყობად არნახული უცხოური დახმარება – 158 მილიონი დოლარი მიიღო! მაგრამ ეს თანხა რატომღაც ვერ მოხმარდა  საკმარისი ოდენობით რენტგენ-სკენერის შეძენას და ძაღლების გაწვრთნას – არამედ მთლიანად ძვირადღირებულ მივლინებებში, ავტომობილებსა და სპეცტექნიიკაში, ასევე კომპიტერულ ტექნიკასა და ოფისების აღჭურვაში დაიხარჯა! დღესაც კი სულ ერთი კონცერტის არჩატარება ეყოფოდა რენტგენ-სკანერების დამონტაჟებას სარფის, ფოთის და თბილისის საბაჟოებში, მაგრამ ფული რა შუაშია, როცა პოლიტიკური ნება არ არსებობს – კრიმინალური ნების სასარგებლოდ.

 

საინტერესოა ის ციფრები, რომელიც ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში ნარკომანების რაოდენობასა ეხება. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით – 70,000 ნარკომანია, თუმცა აშშ სახ.დეპარტამენტის ანგარიშით კი – 240-350,000. სომხეთში -120,000, აზერბაიჯანში – 20,000, ხოლო ყაზახეთში, რომელსაც საქართველოზე 4-ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს   – 25,000.  მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო ორი მონაცემის სარწმუნოობა საკმაოდ საეჭვოა და ალბათ რეალური მონაცემები გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. მაგრამ ანალოგიურად, საქართველოს მონაცემებიც სავარაუდოდ ორჯერ ნაკლებია რეალურზე და ამდენად, მაინც ვინარჩუნებთ საჩოთირო ლიდერობას.  საქართველოში ნარკოტიკების ბრუნვაზე რეალური  კონტროლის არარსებობა არის ასეთი შემაძრწუნებელი სტატისტიკის ძირითადი მიზეზი. ჩვენთან კანონი ერთია მომხმარებლისთვის და ბარიგისათვის. საკმარისია, რომ ამოღებული ნარკოტიკის ოდენობამ 2-3 დოზას გადაამეტოს, რომ მომხმარებელს გამსაღებლის სტატუსით ასამართლებენ. ამის ანალოგიით, კომუნისტების დროს 2 შეკვრა კარაქის მფლობელი სპეკულანტობის მუხლით უნდა გაესამართლებინათ. სამაგიეროდ მსხვილი ბარიგების აღმოჩენა-გასამართლება წელიწადში 1-2 ჯერ თუ ხდება, ხოლო უცხოეთის საზღვარზე მსხვილი პარტიის მოძრაობის ფაქტი, როგორც გითხარით, ვარდების რევოლუციის შემდეგ 7-წლიან  პერიოდში სულ ერთხელ მოხდა!

–        საქართველოს ხელისუფლება არ ებრძვის ნარკოტიკების ტრაფიკს. არავითარი ანალიზი, შესწავლა, პრევენციის სისტემა და აღმოჩენის ფაქტები არ ადასტურებს, რომ ქართული პოლიცია ამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლად მივიჩნიოთ.

–        საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, – მისი ძალოვანი სტრუქტურები, თავად არიან ჩაბმულნი ნარკოტრაფიკის მართვაში და ამ გზით იღებენ კოლოსალურ მოგებას, რასაც შემდეგ საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვასა და საქართველოს ხალხის წინააღმდეგ ზონდერბრიგადების გაწვრთნა-გამოკვებაში იყენებენ.

–        საქართველოს ხელისუფლება არ ახდენს სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების სრულყოფილ აღჭურვას სპეციალური აპარატურით და გაწვრთნილი ძაღლებით, არ აწესებს სავალდებულო შემოწმებას სკანერით, რაც ნარკოტიკების აღმოჩენას გააადვილებდა და არაღმოჩენის მიზეზების მომიზეზებას გააძნელებდა.

–        საქართველოს მთავრობა ძირითადად ებრძვის არა ნარკოდილერებს, არამედ ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომელთაც შემდეგ შანტაჟის გზით იყენებს უამრავი ბინძური ანტისაზოგადოებრივი მიზნებისათვის.

–        საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ნარკოტიკების კონტროლის სფეროში შეიძლება შეფასდეს როგორც საკუთარი მოსახლეობის ნარკოშანტაჟი და ნარკოტერორიზმი. 

–        რამდენადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანი ადვილად ხდება შსს სამიზნე, ამით გაადვილებულია ამ მონსტრი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია – საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის კოლპაკქვეშ მოქცევა. გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებული ადამიანი ვერასოდეს იქნება თავისი უფლებებისათვის აქტიური მებრძოლი და ასევე დიდი შანსია, რომ ქონებას კაპიკებში გაყიდის, რითაც კიდევ უფრო სასურველ საჩუქარს გაუკეთებს ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს დეპოპულაციაზე მუშაობს!

(გაგრძელება იქნება)


აქა ამბავი მონსტრ ქარტიაზე ჯვაროსნული ჟანადარკული ლაშქრობისა


მოკლედ, ქალბატონმა ნათია ახალაიამ და ბატონმა ანდრო ჭილაიამ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს.

 

ფაქტიურად, ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ნათია კობერიძის და გიორგი კაპანაძის, და – ერის გადამრჩენლის, ყველაზე რეიტინგული კომპანიის უქუსლო აქილევსის – ლაშა ხარაზიშვილის დასაცავად იყო განზრახული, მაგრამ ამის თქმა უხერხულია და ამიტომ გამოყენებული იქნა პადოშას მეთოდი – გამოცხადდა, რომ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის დაჩაგვრის წინააღმდეგ არის ამაღლებული ეს ხმა… აი, მაგალითად, ეკა კვესიტაძე – ანგელოზივით დაუცველი ქალბატონი, ან – ფეხშიშველი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დაჩაგროს ვინმემ (ჰმ!) და მათ დაბალანსებულობაში (ჰჰჰჰჰჰმმმმმ!!!) რომ ეჭვი შეიტანოს!..

 

მაგრამ ქალბატონ ნათია დ’არკს და მის ჰიდალგოს მოუნდათ, რომ  არა მარტო დაეცვათ საბრალო ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ირყევიან ქართაგან (მიშათაგან, ვანოთაგან, და სხვათაგან) ძლიერთა, ვითარცა ლერწამნი ( და თან ზოგიერთმა კიდეც მოასწრო ლერწმის შაქრის სერიოზული მარაგების გაკეთება დროულად, გალინა ბრეჟნევასავით), არამედ ეს მაქსიმალური ხმაურით გაეკეთებინათ.

 

ამიტომ, ქარტიის ყრილობამდე ზუსტად 18 საათით ადრე გაზეთ ”რეზონანსში” (!) გამოვიდა და მერე ფეისბუქზეც, ბატონ ანდრო ჭილაიას მიერ გავრცელდა სტატია – ”რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში?” http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=172953032747323&id=100000280976960&notif_t=like#!/note.php?note_id=10150094298157941&id=557597243

 

 

სტატიის ავტორი, ქალბატონი ნათია ახალაია, სწორედ რომ მილა იოვოვიჩის გმირივით შეაბჯრულა და უდრეკად იცავს ქართველი ჟურნალისტის მიშათბოძებულ უფლებას – წეროს ისე, როგორც უნდა (მიშას!), იმაზე, რაც უნდა (ვანოს!) და აიღოს ის ძღვენი, რაც ეთიკურად მიაჩნია (გიგის!)!

 

და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმემ ამაში დაგვაცენზუროს! არამცთუ სახენიღბიანმა უსახელოურმა სოლომონ თერნალელმა (ეგ საერთოდ ვინ აგდია, ეგ მშიშარა! ეგ რას მოვა უშიშარ დავით პაიჭაძესა ან უპრინციპულესს დოდოშკა… (აქ დამერხა! სკლეროზ… თუმცა რა სკლეროზ – დოდოშკა ერთადერთთან!), არამედ თუნდაც ამ ქარტიამ, ამ ცენზურის დამნერგავმა ცერბერებმა, ამ ბოლშევიკ-კომუნისტებმა!

ამ ”პრავდა-იზვესტიის” გადმონაშთებმა!

და რა თქმა უნდა – ია ანთაძემ! (მაგას არ ეღირსა ჭანტურიას და ვეშაპიძის პრემიები, მაგ ოხერს, როგორც გაგვიმწარა სიცოცხლე და არ შეგვარგო ლაივში ტანტალი!)

 

მაგრამ აქ მთავრდება პოემა (არ ვიცი – ჟანა დ’არკზე, თუ წამებულ ნათია კობერიძეზე) და იწყება პროზა -მოსაწყენი და იურიდიული…

საქმე ისაა, რომ

1)      ია ანთაძე არაა ქარტიის საბჭოს წევრი

2)      ია ანთაძემ , ლამის ერთი თვის წინ (ჯერ კიდევ წინა წელს – 28.12.2010) დაწერილ ბლოგში ”ნარმა… მიტკალი… რა გინდა – მითხარი…” არა ფართლეულზე, არამედ სწორედ ქარტიაზე ილაპარაკა, იმ როლზე რაც ქარტიამ შეიძლება შეასრულოს, და იმ კითხვებზე, რაც ამ როლის ორ სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიმართ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს…

3)      ეს არის ია ანთაძის ხსენებული სტატიის ბოლო აბზაცები და ამის წამკითხავს, აბსოლუტურად არ უნდა გასჩენოდა ის პასკვილურ-ცილისმწამებლური ირონიული კითხვები, რაც ქალბატონ ნათია ახალაიას სტატიაში კი არ გაჩნდა, არამედ ჩამოთოვა და დაბარდნა:

”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.

დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.

ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.”

 

4)      ქალბატონ ნათია ახალაიას, თუ ჰქონდა (და ეს მისი სრული უფლებაა,როგორც მოქალაქის და როგორც ჟურნალისტის) კითხვები ია ანთაძის მიმართ, მას შეეძლო (და უნდა!) –

  1. ან უნდა ეტვირთა მძიმე ტვირთი და 28 დეკემბრის მერე საცივის და გოჭის გარდა, ია ანთაძის ბლოგისთვისაც უნდა შეევლო თვალი,
  2. ან – თუ ისეთი უბირია, რომ არც ბლოგი იცის, არც ფეისბუქი (ჰუჰ, აბა ვნახოთ როდის გახსნა ”ექაუნთი”?),სადაც იას კედელზე და მრავალ სხვათა კედელზე არის იას სტატიის ლინკები და განხილვაც, რომელმაც უკვე 1100 კომენტარს გადააჭარბა, მაგრამ ქ-ნი ია სპეციალურად არ ცვლის ახალი ბლოგით, რათა ქარტიის ყრილობამდე ყველას ჰქონდეს შანსი სტატიასაც გაეცნოს და თავისი აზრიც გამოთქვას, რასაც ია, ყველგან სთხოვს საზოგადოებას – ბლოგზე და ინტერვიუებშიც!
  3. ან – ეს ოხერი ფეისბუქი არ იცის, ბლოგი არ იცის, ტელეფონის ნომრის აკრება მაინც არ იცის? – დაერეკა ჟ. დ’არკს იასთვის და ეკითხა, რატომაა, რომ ჟურნალისტების დამონებას, დაჩაგვრას და დაცენზურება-დაკომპლექსებას უჭერთ მხარსო? და იაც ეტყოდა, რომ არ უჭერს (ხოლო თუ მე დამიწერდა კედელზე,რატომ ვუჭერ, მეც ვეტყოდი,მაგრამ მე ვინ მაღირსებს მილა იოვოვიჩის სტუმრობას კედელზე… მე საწყალ უსახელოურს… ქალბატონი ჟ. დ’არკი ია ანთაძეს ისე სვრის ტალახში, რომ ვითომც არაფერიო – ეტყობა ჟურნალისტური სოლიდარობის სურვილით…

მაგრამ მოდი დავანებოთ თავი პირადად ქ-ნ ია ანთაძის ლაფში ამოთხვრის ენერგიულ სურვილს, რაც ადამიანურად გასაგებია (თუმცა არა მოსაწონი) – შური, ბატონო, შური… ის შური, რაც მოდელირებული ქრონიკის სულისკვეთების მქონე ურნალისტებს ყოველთვის ექნებათ პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ, ისევე როგორც ჩვენს სუშისკენ მოჩქარე მხედართმთავარს შურს ომის მოშიმშილე ვაჟკაცი ვეტერანების. შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა… თან ისიც გავიხსენოთ, რომ ია ანთაძემ რამდენიმე დღის წინ მაესტროზე ”არგუმენტებში” ერთი სახელოვანი კაცის საპრეზიდენტო ამბიციებზე ილაპარაკა და ეს სურვილები ალბათ გაამძაფრა…

 

მაგრამ რაღა დღეს – 22 იანვრის საღამოს, როცა ქარტიის მეორე ყრილობამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება?

რატომ და იმიტომ, რომ ქალბტონი ჟ. დ.არკისა და მისი ფეისბუკელი იმპროვიზირებული იმპრესარიოს სურვილი (და მჯერა – დავალებაც!) სწორედ ორმაგი დარტყმა იყო – არა მარტო იაზე, ქრამედ ქარტიაზე და სწორედაც რომ უფრო ქარტიაზე – რომ საშინლად დაძაბონ ხვალ სიტუაცია, რომ ქარტიის საბჭო წარმოაჩინონ კორუმპირებულ მოძალადე მონსტრად, რომელიც უკვე არა მარტო ამ ქარტიის აცახცახებულ წევრებს, არამედ პატიოსან და ქარტიის გარეთ ათასობით სხვა ჟურნალისტსაც (მათო შორისრამდენიმე ასეულ – სახელმწიფოს არჩამოშლის სადარაჯოზე მომუშავეთაც) შეიძლება გადაწვდეს!

 

და ხომ შეიძლება, რომ მათ არ მოუნდეთ ეთიკის ჩარჩოების დარღვევა, თუ გიგის და მიშას გადმოგდებული 30 ვერცხლის ჩხრიალს რომელიმე პატიოსანი ორგანიზაციის შეფასებისგან მორიდება გადაწონის??? მერე რა ეშველებათ მიშას და გიგის? ისედაც არა აქვთ ის 30 ვერცხლი და უნდათ, რომ 1-2 წელი ”პოსლეზე” ამუშაონ ურნალისტები და ახლა კიდევ ეს უნდათ, რომ  ქართაგან ძლიერთა მერყევ ლერწმებს მეორე მხრიდან თუნდაც ნიავმა დაუბეროს???

 

მიშა ვერ იტანს კონკურენციას!

მას, იმ  მამისმკვლელ იმპერატორ კომოდუსივით მხოლოდ მაშინ შეუძლია საბრძოლველად გასვლა, როცა მეტოქეს წინასწარ ზურგში დაჭრის.

მხოლოდ მაშინ ”იცავს” ჟურნალისტებს, როცა წინასწარ ნაყიდი ჰყავს და იცის, რომ მათ სხვა დაფინანსების წყარო ვერ ექნებათ.

მხოლოდ მაშინ არის გულადი, როცა ქალებს და ბავშვებს ასახლებს სატვირთო ფურგონებით და ომის ვეტერანებს ურტყამს მოძალადე უფორმო ზონდერბრიგადებით …

და როცა იცის, რომ ამას დაუსჯელობის ძალით გაზულუქებული ურნალისტები არავითარ შემთხვევაში   არავის არ აჩვენებენ, არც გადაიღებენ – ფართოდ დახუჭული თვალებით!.. რადგან ისინი აღარც არიან ჟურნალისტები… ისინი მოხითხითე/მოტირალი ჯოკრებია, ოღონდ არა კარტის, არამედ – მეფის კარის ჯოკრები, რომელთაც მოჯოკვრა არ შეუძლიათ, მარტო ტინგიცი და ტუტუცობანა…

 

ჰოდა ამიტომ – სწორედ დღეს.

მაშინ, როცა ვერაფერს ვერსად ვეღარ გაუკეთებ კომენტარს… სწორედ იქ, საიდანაც არ ელი… და სწორედ ისე (დაბრალებით), რომ შეიძლება ენა ჩაგივარდეს და არც მიხვიდე იმ ყრილობაზე…

 

და მერე, როცა ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრინციპში უმრავლესობას უნდა – მართალი გითხრათ, კობა ჭუმბურიძე,  მანანა იაშვილი, თორნიკე თევზაძე და თქვენი მონა-მორჩილი აშკარა უმცირესობაში ვართ, მგონი – უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ქარტიის გარეთ დარჩენილი ჟურნალისტები (აქვე დავამატებ, რომ ქარტიის გარეთ მრავალი პატიოსანი ჟურნალისტიცაა, რომელთა წინაშე ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ისინი ყველა ჰეკლბერი ფინივით წყალწაღებულნი მგონია! თუ აქ ვინმეა ჰეკლბერი ფინი, სწორედ თავად გახლავართ!) – რომ ისინი არ იყვნენ ქარტიის მიერ გასარჩევი და დასაძრახი,მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების მხრიდან (!) მრავალი ურნალისტი არამცთუ დასაძრახი, არამედ -დასანძრ(ახ)ია!

ჰოდა, როცა ეს ყველაფერი მოხდება, გამოვლენ კამერების წინაშე ჩვენი კასტორი და პოლუქსი, ჩვენი ზიტა და შიამი, ჩვენი ბეტმენა და რობინა, ჩვენი ჟდარკი და მისი იმპრესარიო და იტყვიან, რომ სწორედ მათმა სტატიამ, ამ პაწაწა დავითიანმა შურდულმა დაამარცხა მონსტრი გოლიაფფი, რომელიც საცოდავ ლერწამისტებს საუკუნო შიშს და მონობას უქადდა! ბრრრ….

 

აი, ბატონებო და ქალბატონებო – რისი და ვისი დაბადების მოწმენი გავხდით ჩვენ დღეს! (და ჩაესვენა ლაშა ხარაზიშვილის ჩემპიონობის ვარსკვლავი). ახალი ვარსკვლავი ამოდის სულ რამდენიმე საათში – ახალი… ახალაია… ჭილაია…

ზეახალის დაბადება!

 

მაგრამ არის ერთი პოზიტიური მარცვალი, რომელიც, გაგეცინებათ და მეც მეხება… მთელმა ამ სამარცხვინო უტიფრობამ, რომლის მაგალითს ქვემოთ წარმოგიდგენთ, მე ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

 

რომ ვასილ მაღლაფერიძე მართალია!

 

რომ არ შეიძლება იმ ხალხს, ვინც ქარტიაშია, ეს ხალხი გავუტოლოთ და ვაიძულოთ, რომ იქ ძალად შევიდნენ!!!

რომ არ გვინდა ჩვენ ქარტია, როგორც თავის დროზე კომპარტია იყო, მერე – მოქკავშირი, მერე – ნაცმოძრაობა! სადაც ხალხი იმიტომ შედიოდა, რომ პუწიოვკა ჰქონოდა, ხალადელნიკ ”როზენლევ”, აგარაკი – წყნეთში და სპა და ნომერი – ”რედისონ ბლუში” …

რომ ალეკო ელისაშვილსთვის კი არაა პრობლემა, რომ მას, ძალიან პატიოსან ჟურნალისტს – ქარტიამ ერთხელ მიუთითა, არამედ ის იქნება პრობლემა, თუ იმ ქვაბში მოიხრაკება, სადაც იმედის მოდელირებული ქრონიკის ბოდიშისარმომხდელი ნებიერი და გაღმაშემდაველები ურნალისტები იბინადრებენ! თანაბარი უფლებებით, რომ ისინიც უკვე ქარტიელები არიან (რა თქმა უნდა -პირველ მიქარვამდე! არა, ბიჭო, და ალეკოსავით მაგას მოითმენენ, რომ რაღაც ქარტიამ!.. ტი შტოო?!)

 

ასე რომ მე – ერთი უცნობი, უსახელო, ადამიანი, რომელმაც არც ჟურნალიზმის საფუძვლები ვიცი და არც ჟურნალისტური ეთიკა, მაგრამ, როგორც ანეგდოტშია  ”სპინნიმ მოზგომ” ვგრძნობ სილამაზესაც და სიმახინჯესაც, ახლა იმას მივხვდი, რომ უმჯობესია ცოტა და კარგი, ვიდრე წყლით გაზავებული ღვინო ან ბენზინი და – ძალად შემორეკილებით გაზავებული ქარტია…

 

მადლობა ყველას, რომ სერიოზულად დამაფიქრეთ… კარგი იქნება, თუ მარტო მე არ დავრჩები ამ ამბავში მოგებული…

 

P.S. არის ერთი მტკივნეული დარტყმა, რაც ამ სტატიამ მომაყენა, მაგრამ იმ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ამჟამად არაფერს ვეტყვი…ალბათ თავად მეტყვიან… თუ იქაც ჩემმა უსახელოურობამ არ გადაწონა…

——-

ეს კი ჟურნალისტიკის საფუძვლები – და რა არის სტანდარტი და ეთიკა…

 

 

<span>ია ანთაძე –</span>

ძვირფასო ნათია, ორი მოკლე რჩევა მაქვს თქვენთვის.

1. სტატიის დაწერამდე თუ არა, ახლა მაინც წაიკითხეთ ჩემი ბლოგი “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე, რომელიც ზუსტად ქარტიის საბჭოს მანდატს ეხება. http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.h…tml

2. 899 562517 – ჩაინიშნეთ ჩემი ტელეფონი და სანამ საჯაროდ დასვამდეთ შეკითხვებს ჩემთან დაკავშირებით, დამირეკეთ და, მკითხაობის ნაცვლად, ჩემი პოზიცია გააცანით თქვენი გაზეთის მკითხველებს.

დიდი მადლობა წინასწარ.

 

<span>ნათია ახალაია</span> – ია,მე გამიჩნდა კითხვები და სწორედ ამიტომ დავსვი ისინი სტატიაში.ვფიქრობ,ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმური იყო.როგორც ჩანს,ბლოგის სისტემატური მკითხველი არ ვარ.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამას ჩემს დანაშაულად ნამდვილად არ მივიჩნევ.გმადლობთ ლინკისთვის.იმედი მაქვს, რადგან იგი მომაწოდეთ,მასში ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებთნ დაკავშირებით თქვენს პოზიციას გავიგებ.

 

<span>ია ანთაძე</span> – ნათია, დაწერთ ხვალ, რომ მე წინააღმდეგი ვარ ნებაყოფლობითობის პრინციპის დარღვევის? აბა, როგორ გაიგონ თქვენი გაზეთის მკითხველებმა ჩემი პოზიცია?

 

<span>ნათია ახალაია </span>– ია,მე ხომ საავტორო სტატია დავწერე. დავსვი კითხვები და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ,რედაქტორს უნდა მიმართოთ. მე კი, ამაღამ თუ ვერა, ხვალ ბლოგზე თქვენს პუბლიკაციას გავეცნობი. მაინტერესებს.

<span>ია ანთაძე </span>- ეს როგორ? შეგეძლოთ, ჩემთვის გეკითხათ, არ მკითხეთ, ეჭვი გააჩინეთ, აღმოჩნდა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა და ახლა მე უნდა მივმართო რედაქტორს? მე კი მივმართავ, მაგრამ სად არის თქვენი პროფესიული ეთიკა?

 

<span>ნათია ახალაია </span>- ია,უკაცრავად,მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ.