მესამე მსოფლიო ომი – ტაქტიკური ბრძოლები ორ ფრონტზე


War-ABC-news-thumb

 

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ანალიტიკური ორგანიზაცია “Geocase”-ის ვებ-გვერდზე


კორონავირუსის ინფექციის შეკავების ზომების თანდათანობითი მოხსნა – ევროკავშირის გზამკვლევის და საქართველოს ეტაპობრივი გეგმის შედარება


EU-RoadMap

 

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ანალიტიკური ორგანიზაცია Geocase-ის ვებ-გვერდზე


რას ცვლის და არ ცვლის ვიზალიბერალიზაცია


Georgians-Celebrate-Association-Agreement-Reuters

ვეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო, რას ცვლის ვიზალიბერალიზაცია:

1. აღარ იქნება საჭირო ვიზის ასღებად საელჩოებში ჩაწერა, რიგში დგომა, და იმაზე ნერვიულობა, მოგცემს თუ არა კონსული ვიზას
2. აღარ იქნება საჭირო ვიზისთვის თანხის (დაახლ 100 ლარის) გადახდა
3. შეგიძლია აიღო ბილეთი, რომელიც ამჟამად ქუთაისიდან მაინც ძალიან ნორმალური ფასი (100-300 ლარი) ღირს და წახვიდე ევროპაში სანახავად, მეგობრის მოსანახულებლად, იქ მყოფ ნათესავთან სტუმრად, რომელიმე საინტერესო ტურისტული თუ ისტორიული ადგილის დასათვალიერებლად, ფეხბურთზე, რაგბზე, კონფერენციაზე, სემინარზე, ოპერაზე დასასწრებად, თუ – საყვარელ ადამიანთან ერთად. თანაც – როცა გადაწყვეტ და როცა ამის თანხა გექნება – თითქოს ბაკურიანში ან ბათუმში მიდიოდე…
4. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნით წასასვლელადაც აღარ არის საჭირო ვიზის მოცდა და ნერვიულობა… თუ რამე ობიექტური მიზეზის გამო გამოკვლევა გადაიდება, არ დაგჭირდება თავიდან ვიზის აღება…
5. შეგიძლია შენი თვალით ნახო ევროპა და გაიცნო ევროპელები. დაინახო შენით (და არა სხვისი მოყოლილი) – რა გვაქვს საერთო და განსხვავებული, შეამჩნიო ის, რასაც სხვა ვერ ამჩნევს, მიხვდე იმასაც – იქ რომ გესწავლა ან გეცხოვრა, რა გაგიჭრდებოდა და რა გაგიიოლდებოდა…
6. შეგიძლია დაამყარო საქმიანი კონტაქტები და მომავალში დაგეგმო უკვე ხანგრძლივვადიანი ვიზიტი – სათანადო ვიზით – უკვე სამუშაოს მოსაძებნადაც.

რას არ აუქმებს ვიზალიბერალიზაცია:
1) არ აუქმებს შენს პასუხისმგებლობას. პირიქით. ვალდებული ხარ, უვიზო ვიზიტის მაქსიმალურ ვადას – 90 დღეს (ყოველ 6 თვეზე გაქვს ეს ჯამური 90 დღე!) არ გადააჭარბო! თუ არ გინდა, რომ უვიზო მგზავრობის უფლება დაკარგო და სერიოზული ჯარიმა არ დაგეკისროს.
2) არ აუქმებს საჭირო დოკუმენტების აუცილებლობას – სამოგზაურო დაზღვევას, სასტუმროს ჯავშანს, ორმხრივ ბილეთს და საკმარის თანხას. თან ეს ყველაფერი თან უნდა გქონდეს, რომ ნებისმიერ საზღვარზე მესაზღვრის მოთხოვნის შემთხვევაში შეგეძლოს აჩვენო (თუ ნაღდი ფულის ნაცვლად საკრედიტო ბარათი გაქვს – საბანკო ამონაწერი).

თუ თქვენ ევროპაში სამუშაოს ეძებთ, უვიზო მიმისვლა ამაში ვერ დაგეხმარებათ – ასეთი მგზავორბის დროს თქვენ სამუშაოს მიღების უფლება არ გაქვთ.

თუ თქვენ არასდროს გდომებიათ ევროპის ნახვა და ზემოთჩამოთვლილი არცერთი მიზეზი არ გაქვთ, ან არ გაქვთ ბილეთის და სასტუმროს ხარჯის დასაფარი თანხა, მაშინ ვიზალიბერალიზაცია პრაქტიკულად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ რაც მეტი ადამიანი წავა და ნახავს ევროპას, მით მეტი მიხვდება, რომ ევროპა არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი – ევროპა ის კარგი და სასარგებლო ადგილია, სადაც შეიძლება ისწავლო, და ისწავლო როგორ უნდა შრომა, როგორ შეიძლება ააწყო ბიზნესი და როგორ უნდა უფრთხილდებოდე არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებს, არამედ – ყველას და ყველაფერს, რაც ირგვლივ არის…

ევროპა არის თანაბარი შესაძლებლობების და დემოკრატიის სივრცე… რა თქმა უნდა, იქაც არაა ეს ყველაფერი 100%-ით დაცული და გარანტირებული, მაგრამ გაცილებით უკეთ, ვიდრე რუსეთში ან ჩვენთან…

მე მგონი, ევროპაში იმიტომ არ უნდა წავიდეთ, რომ დავრჩეთ. არამედ იმიტომ, რომ ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ უკეთ, – არა სხვების ხარჯზე, არამედ ერთად შრომით და ერთიანი პასუხისმგებლობით, ვისწავლოთ, როგორ გავხადოთ საქართველო ევროპული დონის ქვეყანა, საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნებით, და ევროპული სამოქალაქო და სამუშაო სტანდარტების დანერგვით.

#ვიზალიბერალიზაცია #ვიზიტიევროპაში #უვიზომოგაზურობა #visafree


ქართული აურზაური და რუსული პროპაგანდა ავსტრიის მინისტრის განცხადების გამო


%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%982016 წ. ივნისში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ლტოლვილთა ნაკადის შესაცირებლად საჭიროა მათი დროებითი განთავსების ბანაკები შეიქმნას ევროკავშირისაკენ მათი მიგრაციის გზებზე – კერძოდ, ბერძნულ (!) კუნძულებზეო. აი, მისი გამონათქვამები ბრიტანული “ტელეგრაფის” სტატიაში
 
6 დღის წინ სებასტიან კურცმა ანალოგიურ თემაზე ისაუბრა თავის გერმანელ კოლეგასთან, სიგმარ გაბრიელთან ერთად და ახლა უკვე ჩრდილოეთ აფრიკაში – ტუნისსა და ლიბიაში – გამოთქვა ლტოლვილთა ბანაკების შექმნის სურვილი, იმ ხელშეკრულების მსგავსად, რაც ევროკავშირმა თურქეთთან გააფორმა, რომელიც ავალდებულებს თურქულ მხარეს, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ, თავის ტერიტორიაზე მოხვედრილი ლტოლვილები არ გაუშვას ევროკავშირთან საზღვარზე, არამედ განათავსოს აღნიშნულ ბანაკებში. აღსანიშნავია, რომ გერმანელი კოლეგა არ დაეთანხმა ავსტრიელი მინისტრის მოსაზრებას. აი ამ საკითხზე “ალ-ჯაზირას” სტატია:
 
და ახლა გუშინ, უკვე გერმანულ “ბილდში”, იბეჭდება ახალი ინტერვიუ ავსტრიელ მინისტრთან, რომელიც უკვე საქართველოსაც ახსენებს. მე თავიდან ვერ ვნახე ეს ინტერვიუ ინტერნეტში, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს – http://www.bild.de/politik/ausland/jens-spahn/hier-streiten-zwei-konservative-ueber-den-rechten-weg-50701468.bild.html
 
შევეცადე, გუგლის მეშვეობით გერმანულიდან ინგლისურად მეთარგმნა სტატიის ჩვენთვის საინტერესო აბზაცი: –
KURZ: We need refugee centers outside the EU, which are operated together with the UNCHR. Where exactly these are, is not so crucial. It is important that they provide protection and that people who are illegally on their way to Europe are brought back there. Such facilities could be located in countries such as Egypt, Georgia or a country in the West Balkans.
 
აშკარაა, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გადაჭრით არ ამბობს, რომ ასეთი ცენტრები საქართველოში უნდა განთავსდეს. მისი მთავარი იდეა არის, რომ ასეთი ბანაკები უნდა შეიქმნას იმ გზებზე, საიდანაც ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიემართება ევროკავშირისაკენ. უცნაურია, რაში გაახსენდა საქართველო! თუმცა, თეორიულად, მის მერე, რაც საქართველოს პასპორტით ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა დაიწყება, არაა გამორიცხული, რომ ლტოლვილთა გარკვეული რაოდენობა შეეცადოს საქართველოს გამოყენებას სატრანზიტო ქვეყნად, აქ ქართული პასპორტის მოპოვებას (მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობის მირებას ქორწინების გზით) და შემდგომ ევროკავშირისაკენ გამგზავრებას. ალბათ, უნდა დავაწყნაროთ ბატონი კურცი, რომ ამის პოტენციური საფრთხე შეიძლება იყოს, მაგრამ არა ისეთი, რომ ათასობით და ათეულ ათასობით ლტოლვილმა სწორედ საქართველო აირჩიოს ტრანზიტულ მიმართულებად (არა მგონია ამდენი ინტერნაციონალური ქორწილი გადავიხადოთ მოკლე დროში 🙂 ). და ამდენად, არავითარი საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთან დროებითი განთავსების ბანაკების შესაქმნელად არ არის!
 
სამწუხაროდ, სანამ ჩვენი საზოგადოება ახალ, მოულოდნელ საფრთხეზე უკვე დუღს და გადადუღს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თუ განმარტება იგვიანებს, რუსები მკვირცხლად (12 საათში!) იტაცებენ თემას! ფაქტიურად, ამ თემაზე “ბილდის” ინტერვიუს მოძებნა იმიტომაც გამიჭირდა, რომ ინტერნეტი უკვე გადავსებულია ამ ინფორმაციის რუსული გადამღერებებით – RT RT (Russia Today), Sputnik, და RiaNovosti ყველა მხარეს გაჰყვირიან, ევროკავშირმა საქართველოს იმიტომ მისცა ვიზალიბერალიზაცია, რომ ახლა საქართველო თითქოსდა ვალდებულია, სირიელი ლტოლვილების ბანაკები გახსნასო! D:D::D
 
და უკვე ამ პროპგანდისტული არტმომზადებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფრანც კლინცევიჩი აცხადებს, რომ რუსეთი ამას – საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილების ბანაკების განთავსებას – არ დაუშვებს!
 
ანუ, ხომ გესმით, როგორ მშვენივრად ატრიალებს რუსული პროპაგანდა აბსოლუტურად არარეალურ საფრთხეს (თუმცა ავსტრიელი მინისტრის ინტერვიუ ნამდვილად საჭიროებს სათანადო კომუნკაციას საქართველოს საგარეო სამინისტროდან და სათანადო განმარტებასაც!) – რომ თუ ავსტრიელები ჩაგრავენ ქართველებს, რუსეთი ამას არ დაუშვებს!
 
მინდა ბოლოს კიდევ ერთხელ დავამატო ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ ბევრს “ავიწყდება”:
 
1) საქართველოს თავად ჰყავს (სწორედ რუსეთის “წყალობით”!) ასეულ ათასობით ლტოლვილი, რომელთა საცხოვრებელი და სხვა საჭიროებათა ფინანსური და ინფრასტრუქტურული დაკმაყოფილება ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმესი პრობლემაა უკვე ათეული წლებია, რომ არაფერი ვთქვათ ამ ადამიანების მორალურ და ფსიქოლოგიურ ტვირთზე. და ამ დროს, რაღაც სხვა ბანაკებზე ზრუნვა ნამდვილად არ შედის საქართველოს ხელისუფლების ამოცანებში. თუმცა, ლტოვილთა პოტენციური ნაკადების საფრთხის და რისკების გათვლა და პრევენცია ნამდვილად საჭიროა.
 
და 2) ბატონმა კლინცევიჩმა და სხვა რუსმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიაზრონ საკუთარი “წვლილი” იმაში, რაც სირიელი ლტოლვილების კრიზისის შექმნაში მიუძღვით და თუ საქართველოს დახმარება უნდათ, იქნებ სირიაში მშვიდობიანი მოწესრიგების და სტაბილიზაციის ამოცანაზე იფიქრონ. ამაში, საქართველოს მთავრობაც, ისევე როგორც, ალბათ, ავსტრიის მთავრობაც, ძირეულად დაინტერესებულია და არაა გამორიცხული, გარკვეულწილად საკუთარი წვლილიც შეიტანონ.
 
დაბოლოს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კარგად გახსოვდეთ, რომ ერთი ევროპელი მინისტრის განცხადება არ უნდა იყოს ჩვენში გადარეული დარაზმვისა და ეროვნულად დაგმობის საფუძველი. ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ ევროპელი მინისტრები ჩვენზე მეტს უნდა ფიქრობდნენ და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე – ნაკლებად, ნურც იმას, რომ იქ ყველა უნაკლო და უბადლო პოლიტიკოსია. ჩვენ საკუთარ მთავრობას მოვუწოდოთ, რომ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იყოს.
 
და გვახსოვდეს, ვის აქვს დაპყრობილი ჩვენი ტერიტორიები და ვინ არის როგორც ქართველი, ასევე სირიელი ლტოლვილების მამაპაპათა მიწიდან აყრის და ლტოლვილობის მიზეზი… ნუ, – ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – მაინც…

სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის… (ნაწილი III – თურქეთი)


scylla-color
3) თურქეთი

3.1 პოლიტიკური ინტერესები.
თურქეთიც, ისევე როგორც რუსეთი, საქართველოს თვლის დროებით დაკარგულ ტერიტორიად. ეს განსაკუთრებით ეხება აჭარას, სამცხეს და აფხაზეთსაც, რომელიც, რომ არა რუსული ჯარი, სწორედაც რომ თურქეთის ხელში იყო საუკუნეების განმავლობაში. საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა თურქეთისთვის განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ცალკე რუსეთთან ლამის ცივი ომის მდგომარეობა და ცალკე თურქეთის გაზრდილი ამბიციები და მიზნები ნეოოსმანური იმპერიის, ან სულ ცოტა – კულტურული-ეკონომიკური სივრცის გაცოცხლება უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგია გახდა. თურქეთი დაინტერესებულია საქართველო საკუთარი ეკონომიკური და უკვე პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს, რათა, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვან ხალხებთან საერთო სივრცე აღადგინოს, და ამით ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ერთპიროვნული დომინაცია შეარყიოს. საბოლოო ჯამში თურქეთის ინტერესები კიდევ უფრო შორს – ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთთან სატრანსპორტო და ენერგოკორიდორების გაჭრამდე მიდის და ამ ინტერესებში აბრუშუმის გზის ცენტრალური ჰაბის – თბილისის მნიშვნელობა აშკარად სერიოზულია. თურქეთის ამ შორსმიმავალ სტრატეგიაში პირველი ტაქტიკური გამარჯვების ადგილიც დიდი ხანია, გარკვეულია – აჭარა, სადაც თურეთმა სააკაშვილის წყალობით საკმაოდ მყარი ეკონომიკური, რელიგიური, და პოლიტიკური პლაცდარმი შეიქმნა.
თურქეთის მიერ საქართველოში გაბატონების სურვილი ახლა განსაკუთრებით გაძლიერდეს, რადგან რუსეთის და ირანის ერთდროული შედარებითი სისუსტის ფონზე, თან იმ დროს, როცა რუსეთი ღრმა კრიზისისკენ მიექანება უკრაინის ამბების გამო, თურქული სახელმწიფო შესაძლებლობის იმ ფანჯარას ხედავს, რაც მალე შეიძლება ასე კარგად ღია აღარ იყოს.

3.2 საღეისოდ არსებული საფრთხეები/პრობლემები, რომელთაც ბოლო ხანებამდე ცოტა ვინმე თუ იმჩნევდა – სავარაუდოდ, თურქეთს, ისევე როგორც რუსეთს, გააჩნია არამარტო აგენტურული ქსელი, არამედ მისი გავლენას ძლიერ განიცდის საქასრთველოს მთელი რეგიონი – აჭარა, სადაც ეს გავლენა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ისტორიული რეალობის გამოც და სააკაშვილის დიდი ხელშეწყობით, ძალიან გაძლიერდა. საქართველოში ღიად პროთურქული პარტია არ არსებობს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი, თავისი პოლიტიკური კარიერის ბოლოს, როდესაც ამერიკის მხრიდან პირადად მისი მხარდაჭერა სულ უფრო შესუსტდა, სწორედ თურქეთზე და მის ამჟამინდელ პრეზიდენტ ერდოღანზე აკეთებდა, და არაა გამორიცხული, რომ საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ რაიმე განსაკუთრებულ სახის კავშირებზე თუ პრეფერენციებზეც იყო კიდეც თანახმა. საინტერესოა, რომ დღემდე თურქეთი დასავლური სამყაროს ფორპოსტად ითვლებოდა საქართველოს პოლიტოლოგიურ წრეებში, მიუხედავად მისი სულ უფრო აშკარა დისტანცირებისა დასავლური კულტურის და ღირებულებებისაგან. ბოლო 5-10 წლის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავტოკრატიული და არადემოკრატიული ხდება, იზრდება სახელმწიფო სტრუქტურების თუ განათლებისა და კულტურის სფეროს ისლამიზაციის ტენდენციები, ხოლო 2008 წლის ომმაც და, განსაკუთრებით, სირიის კონფლიქტმა ბოლო თვეებში ისიც აჩვენა, რომ ნატოს წევრი თურქეთი სულ უფრო ცდილობს ნატოს წევრ მოკავშირეებს დემონსტრაციულად დაუმტკიცოს, რომ არასდროს არავის ჭკუაზე არ ივლის და თავად აქვს საკუთარი საგარეო და სამხედრო კურსის განსაზღვრის შეუზღუდავი უფლება. თურქეთში სახელმწიფო მანქანის და ინსტიტუტების ისლამიზაციის ტემპები ჯერ კიდევ არაა მაღალი, მაგრამ თუნდაც ამ ტემპების პირობებში ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერი თურქეთი მომავალში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაშორდეს დასავლური სამყაროს პრინციპებს, რაც შემდგომში სერიოზული პრობლემის წინაპირობად შეიძლება იქცეს, პირველ რიგში – ნატოს ალიანსისათვის.

განსაკუთრებით საინტერესო იყო სააკაშვილისეული პროექტი “ლაზიკა” – 500,000-იანი ქალაქის უსწრაფესი აშენება მოკლე დროში. საქართველოს იმ დროისათვის დაქცეული ბიუჯეტის და ინვესტიციების მკვეთრი შიმშილის პირობებში, მხოლოდ გარედან ად მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო სუბსიდიით თუ იქნებოდა შესაძლებელი. და ასეთი სახელმწიფო, დაინტერესებულიც და ფინანსურად შემძლებელიც, რეალურად მხოლოდ ერთი იყო – თურქეთი! მისი ლოგიკური ინტერესი კი იმაში იქნებოდა, რომ ჯერ კიდევ სტალინის დროს ცენტრალურ აზიაში გასახლებული ქართველი მუსულმანები (ე.წ. „თურქი მესხები“) დაებრუნებინა და ლაზიკაში კომპაქტურად დაესახლებინა (სახელი „ლაზიკაც“ რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაში შემავალი უძველესი ქართველი ტომის სახელია, სწორედ ამ ისტორიის ასახვა იყო! ხომ ადვილი წარმოადგენია, როგორი ნაღმი იქნებოდა თურქეთიდან 1 საათის სავალზე კომპაქტურად ჩასახლებული ნახევარი მილიონი მუსლიმი, რომელთაც არასოდეს დაავიწყდებოდათ, რომ სწორედ თურქეთის წყალობით და ფულით იყვნენ საქართველოში დაბრუნებულები. (შენიშვნა: მიმაჩნია, ქართველი მაჰმადიანები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ისე, რომ ამან საქართველოს სახელმწიფოს ისედაც მაღალი გარე- თუ შიდაპოლიტიკური რისკები კიდევ უფრო არ გაზარდოს).

თურქული სახელმწიფო კარგად ახერხებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პარალელურად იმაზე თვალის დახუჭვასაც, რომ აფხაზეთში არსებული საგარეო ბიზნესკავშირების ძალიან დიდი წილი სწორედ თურქულ კონტრაქტებზე მოდის.

ბოლო ხანებში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის თუ აღდგენის სფეროში – ჩვენ გვსურს თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლების – ოშკის, ხანძთის, ხახულის, ტბეთის და სხვათა აღდგენა – თან მათი ავთენტურობის შენარჩუნებით, ხოლო თურქულ მხარეს სურს აჭარაში – ბათუმში და სხვაგანაც მეჩეთების აღდგენა-აშენება და რელიგიური მსახურების წარმართვა. ამ საკითხებში მცირედი გადაცდომებიც კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რისკების მატარებელია, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების მომხრეების მიერ ამ რისკების ხელოვნურად გაძლიერების სურვილის გათვალისწინებით.

დასაფარავი არაა, რომ აჭარაში და სხვაგანაც ისლამური თეოლოგიური სწავლების გარცელება სწორედ თურქული ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ხდება. ასევე ხდება მათი მხრიდან რელიგიური სკოლების აქტიური დაფინასება, ხოლო მედრესეების დამთავრების შემდეგ ღარიბი ოჯახების შვილებისათვის თურქეთში განათლების (უხშირესად – რელიგიური განათლების) დაფინანსებაც. შეიძლება რელიგიური ტოლერანტობის დამცველებმა ტოლერანტობის წინააღმდეგ გალაშქრებად ჩათვალონ ჩემი ეს განცხადება, მაგრამ მე უბრალოდ რეალობას ვაფიქსირებ (რასაც ალბათ თავადაც ვერ უარყოფენ) და მაინტერესებს, თავად თურქეთის სახელმწიფო როგორ შეხედავდა იმ მოვლენას, თუ საქართველოს ფინანსური ან რელიგიური ინსტიტუტები თურქეთის ტერიტორიაზე ეთნიკურად ლაზებში ქართული სკოლების ან, მით უფრო, – რელიგიური სასწავლო დაწესებულებების დაფინანსებას დაიწყებდნენ?

თურქეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მტკვრის და შავი ზღვის რესურსების ათვისებას. შავ ზღვასთან მიმართებაში მართლაც სამართლიანად გვაკრიტიკებს იმაზე, რომ საქართველოს სანაპიროს დაბინძურება მისთვისაც ზარალის მომტანია. სამაგიეროდ მტკვრის რესურსების სათავისოდ გამოყენებით შეუძლია სერიოზული ზარალი მოგვაყენოს ჩვენც და აზერბაიჯანსაც. ამაზე წაყრუება და ყველაფერზე დათანხმებაც ჩვენი წინა ხელისუფლების “დამსახურებაა”, თუმცა ამჟამად ადვილი არ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტების გადახედვა.

დაბოლოს, თავად აჭარაში (განსაკუთრებით – გონიოში და ბათუმში), საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ და თბილისშიც, ძირითადად თურქი ეროვნების მოქალაქეების მოსამსახურებლად შექმნილი არალეგალური ბორდელების „აყვავება“ კიდევ ერთი სერიოზული დაპირსპირების წყარო შეიძლება აღმოჩნდეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რადგან წინა ხელისუფლების დროს წახალისებულ ამ პრობლემას ჯერ ვერ მოეძებნა სათანადო საკანონმდებლო/მარეგულირებელი პასუხი, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაში და საქართველოს ეკლესიაში გაღიზიანება და პიროვნული თუ ჯგუფური კონფლიქტის ალბათობა სულ უფრო იზრდება.

3.3 ნეგატიური ისტორიული რეალობები: აქ საერთოდ, ბევრის საუბარი, მგონი ზედმეტია – ცოტა თუ მოიძებნება ქვეყანა, რომელთანაც იმდენი ნეგატიური ისტორიული წარსული გვაკავშირებს, ხოლო უფრო პირდაპირ – რომლისგანაც ომები, ნგრევა, მოსახლების გაჟლეტა თუ მონებად წასხმა გამოგვიცდია, როგორც თურქეთისაგან. თუმცა, ისიც უდავოა, რომ ამ საშინელი გამოცდილების ლამის 100% უკვე თითქმის 100 წელს ითვლის…
უკანასკნელ ხანებში შედარებით ყველაზე უსიამოვნო მომენტი უკავშირდებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თურქეთის მხრიდან რუსულ აგრესიაზე ძალიან თავშეკავებულ რეაქციას და მეტიც – ამერიკული გემების შემოსვლაზე (რასაც სულ ცოტა მხარდაჭერის დემონისტრირების ეფექტი უნდა ჰქონოდა) ამერიკული მხარის თხოვნაზე საკმაოდ გაჯანჯლებულ პასუხს.
მაშინვე ძალიან არაერთმნიშვნელოვანი იყო ყარსის ხელშეკრულების გახსენება და თურქეთის მხრიდან რუსეთის გაფრთხილება იმაზე, რომ ბათუმში რუსული ჯარის შესვლას აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოჰყვებოდა აჭარაში თურქული ჯარის შემოყვანა. ამ ფაქტს მაშინ მხოლოდ დადებითი ჟღერადობა მიეცა, რაც შემდგომში თანადათან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა…
ყველაზე პრობლემატური ისევ არის თურქეთის ისლამიზაციის საკითხი. რამდენადაც სეკულარული, ევროპისაკენ მაცქერალი თურქეთი მართლაც სასარგებლო და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებოდა, იმდენად უფრო რთული იქნება ასეთ პარტნიორობაზე ორენტირება, თუ თურქეთი გავითარების პროევროპულ (ქემალისტურ) კურსს ისლამიზაციის და ნეოოტომანურ კურსზე შეცვლის. იდეოლოგიურად ეს უკვე მომხდარი ფაქტია.

3.4. პოზიტიური ისტორიული მომენტები, რომლებიც არ უნდა იყოს დავიწყებული.
1991 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სერიოზული როლი ითამაშა საქართველოს ფაქტიურ დამოუკიდებლობის მიღწევაში, და განასაკუთრებით – ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების ერთობლივი განვითარების გზით – საქართველოს ფინანსურ მოძლიერებაში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი- ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს გეოსტრატეგიული შეფასებისათვის ძალიან მაღალია.
საერთოდ, კი, ჩვენთან მიმართებაში თურქეთის და რუსეთის პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების მხრივ ზუსტად სარკული სიმეტრიაა – ორივე ერთმანეთის გაძლიერების პრევენციას ცდილობს და საქართველოსთვის ეს გეოსტრატეგიული მეტოქეობა ცუდი არ უნდა იყოს, თუ სწორ და ნატიფ დიპლომატიას მოვახერხებთ ოდესმე – იმის მსგავსს, როგორსაც ადრე ეწეოდნენ კიდეც წარმატებული ქართველი მეფეები (ასეთები ბევრი არ გვყოლია, სამწუხაროდ). ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მთავარი პოლიტიკური საფრთხეები და რისკები რუსეთიდან მომდინარეობდა, თურქეთი ჩვენი სამეზობლოდან მთავარი და სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი იყო. თუმცა, რამდენხანს გაგრძელდება ეს სტატუს კვო, ძნელი სათქმელია. თუ რუსეთის დასუსტება იხილა, თურქეთის ამბიციები (და ჩვენთვის – მისგან მომდინარე რისკებიც), სავარაუდოდ, სწრაფად გაიზრდება.

3.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები, რომლებიც არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი.
ეს პერსპექტივები, დაკავშირებული ნეოოსმანური იმპერიის იდეის განხორციელების რეალობასთან, ძალიან კარგად არის ასახული ვასილ მაღლაფერიძის სტატიაში „ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი“ (http://for.ge/view.php?for_id=10417&cat=2), რომელიც 2012 წლის აპრილში გამოქვეყნდა, და რომელსაც აქტუალობა არამცთუ არ დაუკარგავს, არამედ მოვლენათა განვითარებამ მასში ასახული პერსპექტივები დაადასტურა. თურქეთის მზარდი ისლამიზაცია და ნეოოსმანური (ფაქტიურად – ნეოოტომანური) იმპერიის აღორძინება, თუნდაც კულტურულ-ისტორიული ერთობის საფარქვეშ, სულ უფრო მზარდი ტემპებით მიდის, მისი შემადგენელი კომპონენტები კი სულ უფრო აშკარა და დაუფარავი ხდება – დასავლეთისგან დისტანცირება, ევროკავშირში გაერთიანების ოცნებაზე თავის დანებება, ევროპისაგან და ამერიკისაგან დამოუკიდებელი საგარეო კურსის გატარება, იმპერიის ახლანდელ და მომავალ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხებისათვის მეტი კულტურული ავტონომიის შეთავაზება, და, ამავე დროს, ურთიერთობების განმტკიცება რუსეთთან, ირანთან და მთელ მუსლიმანურ სამყაროსთან – განსაკუთრებით, აფრიკასთან და ახლო აღმოსავლეთთან. ამ თეორიის ავტორი – პროფესორი დავითოღლუ უკვე თურქეთის პრემიერ-მინისტრია და სრული თავისუფლება და პრეზიდენტ ერდოღანის მხარდაჭერა აქვს თავისი ხედვების რეალობად ქცევის საქმეში. თურქეთის ხელისუფლებამ – ერდოღანის სამართლიანობისა და ერთიანობის პარტიამ მშვენივრად მოახერხა ყველაზე უკეთ გამოეყენებინა „არაბული გაზაფხულის“ საკმაოდ მოულოდნელი შედეგები, გადაიტანა ძალიან მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისი, რაც ტაქსიმის მოედნის პროტესტებს მოჰყვა და დარწმუნებულმა, რომ ამ პროტესტების მკვეთრი იდეოლოგიური მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორი ქვეყნებიდან მოდიოდა, კიდევ უფრო მკვეთრად იწყო სირიის და ერაყის ისლამური სახელმწიფოს და სხვა საკითხებში დასავლეთისაგან დემონსტრაციულად განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება. ამას ემატება დასავლეთის სულ უფრო მეტი დაპირისპირება უკრაინის გამო რუსეთთან, რასაც თურქეთი მშვენივრად იყენებს და სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის რუსეთს საკუთარ თავზე, რაც რამდენიმე დღის წინ პუტინის მიერ „სამხრეთის ნაკადის“ თურქეთში გადამისამართებაშიც გამოიხატა! თან, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს ჯერჯერობით არც უთხოვია თურქეთის თანამონაწილეობა შავი ზღვის ფსკერზე ამ ახალი გაზსადენის მშენებლობაში, არაა გამორიცხული, რომ რუსეთი თავადაც შეეგუება ამ გაზსადენის მშენებლობის დაფინანსებას, ოღონდაც კი თურქეთი თანახმა იყოს პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც მის გარეშე საერთოდ იშლება…
რა თქმა უნდა, ამ ორ ძველ მეტოქე იმპერიას შორის „თბილი ურთიერთობები“ ძალიან მყიფეა. გაძლიერებული თურქეთი სწორედ რუსეთისთვის უნდა იყოს მთავარი საფრთხე და ვერავინ ისე მშვენივრად ვერ ჩაანაცვლებს რუსეთის დასუსუტებულ იმპერიას ევრაზიული კავშირის რუდუნებით ნალოლიავები იდეის მფლობელობიდან, როგორც ნეოოსმანური იმპერია! რუსეთი ამას კარგად გრძნობს, როგორც სულ უფრო მზარდ მეტოქეობას ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, აფხაზეთში და ყირიმშიც! და მაინც, რუსეთი ისეა დაბრმავებული დასავლეთის „ადგილზე მოსმის“ სურვილით (რაც ნამდვილად სიმეტრიული სურვილია უკვე), რომ როგორც ჩინეთთან, ასევე ახლა თურქეთთანაც, მზად არის დაივიწყოს სტრატეგიული მეტოქეობა და დროებით მეკავშირეობა ითამაშოს… თურქეთისათვის საკუთარი გაზის მთავარი კორიდორის ფუნქციის მინიჭება რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა აწყობდეს, რადგან თურქეთსაც სერიოზულად შეეძლება მომავალში გაზის ნაკადების შეჩერების მუქარით როგორც რუსეთის, ასევე – ევროპის შანტაჟირება, მით უფრო, თუ აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან მომავალი მარშრუტებიც სწორედ თურქეთზე გაივლის და სწორედ იგი გახდება გაზის “ბეჭდების მბრძნებელი”.

ჩვენი რისკები ამ დროს კიდევ უფრო იზრდება – თუ ადრე რუსეთი და ამერიკა აქტიურად იყენებდნენ საქართველოს როგორც პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, მაგრამ არა ობიექტს, ახლა უკვე თურქეთმა და რუსეთმაც შეიძლება დაიწყონ მსგავსი თამაშები, რასაც ხშირად უკვე ცნობილი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – ჩვენი ინტერესების ხარჯზე იმპერიული ინტერესების შეთანხმება/მოლაპარაკება. თან საკმაოდ მოსალოდნელია, რომ განსხავებით ამერიკისა და ევროკავშირისაგან, აღნიშნული ჩრდილო-სამხრეთული თამაშები (კინაღამ „შიმშილის თამაშები“ დავწერე, თფუი ეშმაკს!) გაცილებით უფრო რისკიანი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა მარტო ერთ მხარეს კი არ შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიების მიტაცება-ანექსიის სურვილი, არამედ ორივეს.

ასეთ პირობებში ის მოულოდნელი წინადადება, რაც ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ ამ დღეებში წამოაყენა, რომ რუსეთისა და თურქეთის მთავრობებისთვის საქართველოს შეეთავაზებინა, ”სამხრეთის ნაკადის” ჩასანაცვლებელი გაზსადენი არა შავ ზღვაზე, არამედ – საქართველოს ტერიტორიაზე გაეტარებინათ, უნდა ითქვას, ძალიან დამაფიქრებელი, – ერთდროულად მომხიბლავი და საშიში წინადადებაა…
არაა გამორიცხული, ეს წინადადება მხოლოდ რუსეთს დაუჯდეს თავში (რომელსაც გაზსადენის გაყვანის ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდება), მაგრამ არა – თურქეთს, რომელიც ამ ვარიანტში ასეთი გაზსადენის სომხეთამდე და შემდეგ ირანამდე დაგრძელების მისთვის არასასურველ ვარიანტს დაინახავს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე ეს სახელმწიფო ამ წინადადებას მომგებიანად ჩათვლის, ხომ არ იქნება, ჩვენი პროექტში მონაწილეობა იმ საფრთხის შემცველი, რომ უკვე კიდევ ორ იმპერიას საბაბს მივცემთ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის დაცვის საბაბით სამხედრო შენაერთების შემოყვანა მოითხოვონ ერთ არამშვენიერ დღეს? ისიც საფიქრებელია, როგორ შეხედავს ამ ინიციატივას ერთი მხრივ, – აზერბაიჯანი, და, მეორე მხრივ, – ევროპა და ამერიკა, რომელთათვისაც საქართველოს მიერ რუსეთში გაყიდული მწვანილი და ღვინო მართლაც არ არის ისე მნიშვნელოვანი, რომ სანქციებთან მიერთება მოგვთხოვონ, მაგრამ თუ რუსეთს ასეთ კრიტიკულ მომენტში მისი უმსხვილესი ენერგოპროექტის რეალიზებაში დავეხმარებით, ამას ნამდვილად არ ჩათვლიან „ნეიტრალურ“ და „საშინაო“ ნაბიჯად სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან …

დასკვნები:

I. საქართველოს კიდევ დიდხანს მოუწევს ერთზე მეტი იმპერიის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთაზე ცხოვრება. თავად ეს ფაქტი საფრთხილოც არის და სერიოზული პერსპექტივაც ერთდროულად. საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების დიპლომატიურ და კონსენსუსის ნიჭზეა დამოკიდებული ამ მომენტის სახეიროდ გამოყენება.

II. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არცერთი იმპერიის მტრად გადაკიდება არ ღირს და რომ იგი არ უნდა იქცეს რომელიმე იმპერიის მეორის მიმართ დაპირისპირებული ინტერესების განხორციელების ბრმა ინსტრუმენტად. ეს ძალიან რთული საკითხია. პარადოქსი აქ იმაშია, რომ სამკუთხედი უფრო რთული მდგომარეობის, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის ოდნავ უკეთეს შანსს იძლევა, ვიდრე მხოლოდ ორ მოთამაშეს შორის ფრონტალურ ჭიდილში გაჩხერა.

III. ასევე პარადოქსული შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ რომელიმე მიმართულებით დაჟინებით სწრაფვაზე უფრო მომგებიანი იქნებ იყოს გაურკვეველი სტატუსით მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. აღარავისთვის საიდუმლო აღარ უნდა იყოს, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ახლა უფრო დახურულია, ვიდრე ღია, და ეს ყველაზე კარგად რუსეთმა იცის. ჩვენი აუცილებელი ამოცანაა, მივიღოთ რაც შეიძლება უფრო გულახდილი (და არა – ”დამაიმედებელი”) პასუხი კითხვაზე, როდის და რა პირობებით შეიძლება მოხდეს ამ კარის რეალურად გაღება. სანამ ეს არ მომხდარა, ნურავის გაუკვირდება, რომ გაუგებარი სტატუსით ყოფნა იქნებ უფრო ნაკლებსაშიში აღმოჩნდეს, ვიდრე მაპის მიღების დაანონსება, რაც რუსეთზე უმალ ისევ საშინელი გამაღიზიანებლის ეფექტის როლს ასრულებს, კორიდის ხარისათვის წითელი ნაჭრის ფრიალის მსგავსად. ამ მხრივ, გაცილებით უფრო საინტერესოა იმის გაგება რეალობაში რას ნიშნავს – “ნატოს არაწევრი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფოს” სტატუსი, რაც ამერიკამ უკრაინას მიანიჭა.

IV. უახლოეს 4 თვეში ბევრი აქამდე იდუმალი რამ გაცხადდება. რუსეთი სულ უფრო ღიად მიანიშნებს, რომ მის წინააღმდეგ 2014 წლის მარტში დაწესებული სანქციების 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ ევროკავშირის რიგებში ელოდება გახლეჩვას სანქციების მხარდაჭერის მხრივ, რაც სანქციების გაუქმების ტოლფასი იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ რუსეთი მოახდენს მთელი თავისი სამხედრო და საინფორმაციო-პროპაგანდისტული საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინა (ხარკოვის ჩათვლით ან მის გარეშე) თავის სრულ კონტროლს დაუქვემდებაროს, კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება მოახერხოს და ამ ახალი დე-ფაქტო დამოუიკიდებელი სეპარატისტული რეგიონის შექმნით მარტამდე სწორედ ისეთი სტატუსი დააფიქსიროს, როგორიც აფხაზეთში ჰქონდა 1993-2008 წლებში. თუ აშშ და დასავლეთ ევროპა ამას შეეგუება, უკრაინას 2015 წლის დასაწყისში საომარი მოქმედებების ახალი ძალით გაჩაღების შემთხვევაშიც კი რეალურ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს და 2015 წლის მარტში მართლაც მოუხსნის თავისი პროგრამა-მინიმუმის მიმღწევ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ჩვენთვისაც უმწარესი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ არასოდეს რუსეთთან რეალურ დაპირისპირებაზე დასავლეთი არ წავა და ჩვენი მომდევნო სტრატეგიაც და ტაქტიკაც სწორედ ამის გააზრებით უნდა ავაგოთ.

V. როგორც სერიოზული საფრთხეების შემცველი აღმოჩნდა 1989-90 წლებში საბჭოთა იმპერიიდან გამოსხლტომა, ისევე არ იქნება უმტკივნეულო იმის მცდელობა, რომ საქართველომ ისევ იცვალოს ვექტორი. ამიტომ, რომ ახლო მომავალში საქართველომ ყველაფრის მოუხედავად უნდა შეინარჩუნოს ევროატლანტიკური მისწრაფების ვექტორი, თუმცა, ამავდროულად ფრთხილად უნდა გაარკვიოს ორი დანარჩენი იმპერიის რეალური ზრახვები და ის შესაძლო კომპრომისები, რომელზეც ისინი შეიძლება წავიდნენ საქართველოს ვექტორის მომავალი ცვლილების შემთხვევაში. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენთვის არა მხოლოდ გეოსტრატეგიული დაცულობის იმედია, არამედ – სახელმწიფოს უკეთესი, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მოდელისაკენ სწრაფვა, ხოლო რუსეთს და თურქეთს ამ მხრივ ბევრი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ ამჟამად – მათი სახელმწიფო მოწყობის სისტემები ნამდვილად არ არის უფრო მომხიბვლელი!

VI. საქართველოს წინა ხელისუფლება ხშირად იხსენებდა ფინეთს, როგორც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მამაცად მებრძოლ პატარა სახელმწიფოს, რომლის არმიის ხელმძღვანელობის სიბრძნემ, ჯარისკაცების გმირობამ და პოლიტიკურმა თავგანწირვამ რუსეთს არ მისცა შესაძლებლობა ეს ქვეყანა ჩაეყლაპა. საინტერესო ისაა, რომ ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია და არა – სრულად მოყოლილი ამბავი. საქართველოს ყველაზე ხანმოკლე ომის ”შემოქმედნი”, რომელთაც მანერჰაიმის ხაზი და თავდაცვის აუცილებლობა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ გაახსენდათ, იმას აღარ ჰყვებიან, რით იყო დაკავებული ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ომიც წაგებული (თუმცა – ღირსეულად წაგებული) ჰქონდა და ტერიტორიებიც – დაკარგული! ფინეთი გახდა მისი ტერიტორიების დამპყრობი საბჭოთა კავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ნეიტრალიტეტის პირობებში მოახერხა სსრკ-დან ისეთი სერიოზული ეკონომიკური მოგების მიღება, როგორიც არ დასიზმრებია საბჭოთა კავშირთან გაცილებით მკაცრად დაპირისპირებულ ნატოს სხვა ქვეყნებს.

VII. სამწუხაროდ, ჩემს მიერ მოყვანილი მოდელი – რუსეთთან და ევროკავშირთან ერთდროულად მომგებიანი ვაჭრობით ისეთი ეკონომიკური წარმატების შექმნა, რაც აფხაზებს ჩვენსკენ შესაძლო მობრუნებაზე ფიქრს დააწყებინებდა (განსაკუთრებით – ახლა, როცა მალე ნახავენ, სინამდვილეში როგორ ”ზრუნავს” მათ დამოუკიდებლობაზე რუსეთი) ჩვენს პირობებში ოდნავ უტოპიური თუ არა, ძალიან ძნელი განსახორციელებელი იქნება. რადგან ცივი ომის დროს სსრკ-ს მთავარი სამიზნე ფინეთი არ იყო, ხოლო ჩვენ, თუ უკრაინას ხელი მოუთავა, ძალიანაც მალე შეიძლება ისევ გავხდეთ რუსეთისთვის მთავარი სამიზნე და მალევე ვიგრძნოთ, რომ ჩვენთვის რუსული ბაზრის გახსნა მხოლოდ დროებითი სატყუარა იყო და არა – კეთილმეზობლობის და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის ხანგრძლივი და მყარი სტრატეგია.

VIII. ჩვენი მთავარი და უსწრაფესი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს წარსულთან გამოიჯვნა – გასასამართლებელი უნდა გასამართლდეს, უსამართლოდ წართმეული ქონებები უნდა დაბრუნდეს, მოსანანიებელმა უნდა მოინანიოს, დანარჩენებს ყველას უნდა მიეტევოს და გავაკეთოთ ის, რაც გერმანელმა, იაპონელმა, იტალიელმა, ესპანელმა ხალხებმა მოახერხეს გაცილებით მძიმე პირობებში – ქვეყნის აღორძინება… ამისთვის უეჭველად დაგვჭირდება ჩვენი მიგრანტების რეინტეგრაცია საზოგადოებაში…

ადვილი არ იქნება… ძალიან ძნელი იქნება… ადვილი კაპიტულაცია და მონობაა მხოლოდ…

გავიხსენოთ ბატონი ჭაბუას ბრძნული შეძახილი –

– ჭკუით, ქართველებო, ჭკუით!


სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის (ნაწილი II – აშშ/ნატო/ევროკავშირი)


scylla-color
2) აშშ/ნატო/ევროკავშირი

გასაგებია, რომ საქართველოსთვის ისტორიული პერსპექტივა ევროკავშირში გაერთიანებაა, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ამჟამად მთავარი სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად დღემდე ყველაზე მისადაგებულ ინსტიტუტად სწორედ ნატო რჩება. ამავდროულად, ქართული სახელმწიფო მიისწრაფის საბაზრო ეკონომიკის დემოკრატიული მოდელისაკენ, რომლის ყველაზე უკეთესი რეალიზება (თუ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს გავითვალისწინებთ) ევროკავშირში გაწევრიანებით იქნებოდა მიღწევადი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისაგან და უთანაბრო, არადემოკრატიული რუსოცენტრული გაერთიანებებისაგან თავდაცვის მეორე მექანიზმად წარმოუდგენიათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაახლოებული სტრუქტურა ერთ ძალად წარმომედგინა, თუმცა მათ შორის არის, რა თქმა უნდა, განსხვავებები და წინააღმდეგობები, ისევე როგორც იმაში, რამდენად გულით სწადიათ ან წარმოუდგენიათ მათ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია საკუთარ სტრუქტურებში. და სწორედ ამან შეიძლება ითამაშოს სერიოზული როლი საქართველოს მომავალი ვექტორის პრაქტიკულ განხორციელებაში. არა მგონია, ამ სტატიაში დასახელებული ტრიუმვირატის შიდა განსახვავებებზე დეტალური საუბრის ადგილი იყოს. ვფიქრობ, ამჟამად, შეიძლება მათზე, როგორც გარკვეულწილად ერთმიმართულ ძალაზე საუბარი, თუმცა დისონანსურ მომენტებს გაკვრით, დასკვნით ნაწილში მაინც, შევეხები.

2.1 პოლიტიკური ინტერესები. აშშ-ის და ევროკავშირისათვის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – რამდენადაც განლაგებულია მეტად საჭირო ენერგო- და სატრანსპორტო კორიდორების ცენტრში, და ამავე დროს – რამდენიმე მიმდინარე და მოსალოდნელი კონფლიქტის (ავღანეთი, ერაყი, სირია, ირანი) უშუალო სიახლოვეს, რაც მის ლოჯისტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საინტერესო ფაქტია, რომ რაც უფრო გაიზრდება დაძაბულობა აშშ/ევროკავშირსა და რუსეთს შორის, მით უფრო გაიზრდება მათი დაინტერესება საქართველოსადმი, რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორია (ირანის იზოლაციის პირობებში მაინც) წარმოადგენს რუსული მილსადენების ლამის ერთადერთ ალტერნატივას აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის მდიდარი ენერგორესურსების ევროპაში მისატანად, რასაც მომავალი 10-30 წელი ევროპისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომელთაც განსხვავებული ისტორიული ბედი ჰქონდათ, საქართველო რჩება ლამის ყველაზე უფრო წარმატებულ მაგალითად დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოების და ინსტიტუტების მშენებლობისა, რაც დასავლური დემოკრატიის რეპლიკაციის სიცოცხლისუნარიანობის იშვიათი ექსპერიმენტის ფორმას ატარებს და წარმატების (თუ მარცხის!) შემთხვევაში სერიოზული ფასი ექნება როგორც ამერიკის, ასევე – ევროკავშირის პოლიტიკოსებისათვის.

დაბოლოს, საქართველოს გააჩნია სერიოზული კულტურულ-ისტორიული, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, მულტიკულტურული და მულტირელიგიური ტოლერანტობის მდიდარი გამოცდილება, რასაც ნაკლები, მაგრამ მაინც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ევროატლანტიკური ოჯახისათვის.

ამავდროულად, აუცილებელია სწორად გავაცნობიეროთ, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი არ წავლენ რუსეთთან სერიოზულ კონფლიქტზე (არამცთუ – სამხედრო, არამედ – პოლიტიკურ კონფლიქტზეც კი) მხოლოდ საქართველოს გამო. ეს უკვე დადასტურდა 2008 წელს, როცა მიუხედავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერისა, ომიდან სულ რაღაც 2 თვეში რუსეთთან ურთიერთობები სრული ფორმატით აღდგა ისე, რომ მისგან ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულება არ მომხდარა.

2.2 ურთიერთობის ნეგატიური ასპექტები – სავარაუდოდ, ამერიკასაც გააჩნია აგენტურული ქსელი საქართველოში და მაინცდამაინც, არც იმას ერიდება, დააფიქსიროს საკუთარი გამოხატული სიმპათიები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, რამდენადაც დღეისათვის აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ეს შეიძლება საფრთხედ არ აღიქმებოდეს, მაგრამ წინა ხელისუფლების მაგალითმა აჩვენა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ზედმეტად დაახლოებამ შეიძლება ჩაანაცვლოს. იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლება ხალხში უკვე აბსოლუტურად არაპოპულარული იყო, აშშ-ის ელჩიც (ბ-ნი ტეფტი) და პოლიტიკური ისტემბლიშმენტის სხვა წევრებიც დეგრადაციის გზაზე მდგომი ხელისუფლების გაპიარების და გუნდრუკის კმევის მცდელობებს არ ეშვებოდნენ, ანუ ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარე ძალის, მართალია, მოქნილ (და არა რუსულად ხისტ), მაგრამ მაინც – ჩარევას, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 2008 წლის როგორც საპრეზიდენტო, ასევე – საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიჩუმათებაში და სავარაუდოდ – თავად 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებაშიც. ანალოგიური მცდელობები არც მომავალშია სრულად გამორიცხული, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი პრევენცია მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული საზოგადოების დემოკრატიულ და სამოქალაქო სიმწიფეზეა დამოკიდებული.
დღესდღეობით უფრო სერიოზული პრობლემა არის დისონანსი აშშ/ნატო/ევროკავშირის ლიდერების კეთილისმსურველ დაპირებებსა და რეალურ საქმეებს შორის. სწორედ ასეთი დაპირებებით თავბრუდახვეული ქართველი პოლიტიკოსების აჟიტირებულმა მოლოდინებმა შეიძლება მომავალშიც ითამაშოს მწარე როლი რეალობასთან აცდენილი ილუზიების განხორციელების მცდელობისას.
დაბოლოს, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მძლავრ სახელმწიფოებს შორის არსებული სხვადასხვა დაპირისპირების (ირანის ბირთვული პროგრამა, ისლამური სახელმწიფო, სირიის რეჟიმის ბედი, დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეასთან, თუ ერაყის პრობლემები…) მოგვარების მცდელობისას სწორედ სუსტი პოლიტიკური მოკავშირეების ინტერესეთა გაცვლის ხარჯზე არ მიიღწევა იმპერიათა ამბიციების შეჯერება. სამწუხაროდ, რეალური უნდა იყოს იმის განცდა, რომ აშშ/ევროკავშირისათვის საქართველო მათი გლობალური და რეგიონული პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტია ძირითადად, და არა – რეალურ პოლიტიკაში თავისთავად საინტერესო სუბიექტი.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ ნატოში შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში ვის დაეკისრება საქართველოს უსაფრთხოებაზე უშუალო ზრუნვის და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების განხორციელება. გამომდინარე არსებული რეალობიდან და ლოჯისტიკური მიზანშეწონილობის თუ პოლიტიკური ამბიციებიდან, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს-ნატოს თანამშრომლობის პრაქტიკული ღერძი საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობით იქნას წარმოდგენილი. გამომდინარე ისტორიული თუ თანამედროვე რეალიებიდან (რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში შევჩერდები), არაა გამორიცხული, რომ ქართული საზოგადოებისთვის ემოციურად მაინც, ეს არ იყოს ის ვარინატი, რასაც მისი უდიდესი ნაწილი აირჩევდა ნატოს მხრიდან დახმარების სახით.
ყველაზე უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. ნატოს და ევროკავშირის ზემოთაღნიშნული სკეპსისი საქართველოს მიღების საკითხში სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: ა)რუსეთის შესაძლო განაწყენება, ბ)ფინანსური ტვირთი, და გ)როგორ უნდა მიიღონ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს დე-ფაქტო ოკუპირებული, რასაც თავად არ ცნობენ და რისი დაბრუნების ტვირთი და პასუხისმგებლობა, ირიბად მაინც, შეიძლება ზემოხსენებულ გაერთიანებებს დაეკისროთ, თუ საქართველო მათი სრულუფლებიანი წევრი გახდება. სავარაუდოდ, შორს არაა ის მომენტი, როცა ქართული საზოგადოება გააცნობიერებს იმას, რასაც დასავლელი პარტნიორები აქამდე ღიად არ გვეუბნებიან – რომ თუ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა მართლა ასე გულით გვწადია, უნდა დავანებოთ იმაზე ფიქრსაც კი თავი, რომ ამ მძიმე ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების ტვირთს ამ ახალ ოჯახებს ავკიდებთ.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ საქართველოს ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება ილუზიაა და რეალურად დაფიქრდება კურსის ცვლილებაზე (მაგალითად – ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე), არაა გამორიცხული, ამან წარმოშვას გარკვეული პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ამას, სავარაუდოდ, არ ექნება ისეთი მწვავე ფორმები, რომ შეიძლებოდეს რუსეთის მხრიდან არსებულ ანალოგიურ პრობლემებთან შედარება. გარკვეულწილად, – იმის გამოც, რომ დასავლეთთან ასეთი ტიპის „გაყრის“ ინიციატორი საქართველო ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, მარადიულად შეღებულ კართან ატუზული ლოდინი, რაღაც ეტაპზე მაინც, შეიძლება უკვე აუტანელი გახდეს.
დაბოლოს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუ ამის საშველი დაგვადგა, შეიძლება ახლდეს პრობლემები დასავლური დემოკრატიული ნორმების სრულად დანერგვისა და ტრადიციული ორთოდოქსალური საზოგადოებისათვის რიგი ცვლილებების მიუღებლობის მხრივ. წინა ხელისუფლება ამით ოსტატურად სარგებლობდა, რომ თავისი არადემოკრატიული, არაჰუმანური არსი უმცირესობებზე ცრუ ზრუნვით და ფსევდოპროდასავლური იმიჯით შეენიღბა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი დამარცხების მიზნით საზოგადოების ფართო კონსოლიდაციაში. დღესაც, ეს ველი წარმოადგენს გარკვეულწილად დანაღმულ ველს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში და სწორედ აქედან შეიძლება მოდიოდეს პრორუსული ვექტორისადმი სერიოზული ნოსტალგიაც. მაგრამ, ამ პრობლემების შეჯერება და ამ სფეროში კონსენსუსამდე მისვლა ისეთი ძნელი არ უნდა იყოს, როგორც ზემოთაღნიშნული სხვა სირთულეებისა, რამეთუ ნატოშიც და ევროკავშირშიც არიან გაერთიანებული სხვა ქვეყნებიც, სადაც მართლმადიდებლობა წამყვანი რელიგიაა. ამ მხრივ, ნამდვილად არის პოზიტიური ნიშნები როგორ ქართული სამღვდელოების უმაღლესი პირის მიერ ევროპული განვითარების ვექტორის პრიორიტეტის გაცნობიერებაში, ასევე იმ მიდგომებში, რომელიც ბოლო ხანებში ტრადიციული ღირებულებების პატივისცემისადმი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა დააფიქსირეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით რუსეთის მიერ მთელი ძალით არ ხდებოდა მართლმადიდებლობის და პოლიტიკური კონსერვატიზმის დოქტრინაზე აქცენტირებული პედალირება.

2.3 ნეგატიური ისტორიული გამოცდილება: – გაცილებით უმნიშვნელო, რუსეთთან თუ თურქეთთან შედარებით.
დასავლეთთან საქართველოს ისტორიული პრეტენზიების შედარებით მწირ სიაში (მათი მხრიდან არ გვაქვს ოკუპაციის, ანექსიის ან ეთნოციდის მწარე გამოცდილება) ფიგურირებს საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე პერიოდში (1918-21 წწ. და 1990-წ.-დან) ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ხანებში საქართველოს მიმართ გამოჩენილი სკეპტიკური გულგრილობა და მხარდაჭერაზე გრილი უარი. მსოფლიო რეალპოლიტიკის გაკვეთილები უცვლელად ადასტურებენ, რომ დიდი სახელმწიფოები უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულნი არიან გაითვალისწინონ მათი ოპონენტი დიდი სახელმწიფოების (ამ შემთხვევაში – რუსეთის) ინტერესები.
შედარებით უფრო სერიოზული შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული ეჭვები, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სავალალო ბრავადული ავანტიურიზმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-ის მაშინდელი რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის ფარული წაქეზება, რამაც რუსების მიერ ოსტატურად დაგებული მახისა და სააკაშვილის ამბიციების გამო ისეთი ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა, რომ ამ უკანასკნელმა წარმოიდგინა, თითქოს ცხინვალის მხრიდან გახსნილ ცეცხლზე სერიოზული სამხედრო პასუხის შემთხვევაში რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ან, თუ ჩაერეოდა, – აშშ-ის და დასავლეთის ქმედითი დახმარება მოახდენდა რუსული აგრესიის სწრაფ ნეიტრალიზაციას.
კვამლი უცეცხლოდ არ არისო, და ასეთი ეჭვების საბაბი რამდენიმეა: სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ახდენდა თავისი საქმიანობის კოორდინირებას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან რამდენიმე პირის მეშვეობით – გარდა ელჩ ტეფტისა და მეთიუ ბრაიზასი, ესენი იყვნენ მრჩეველი დენიელ კუნინი, რაფაელ გლუქსმანი, სენატორ მაკკეინის თანაშემწე რენდი შუნემანი. უცნაური იქნებოდა, რომ 2008 წ. 6-7 აგვისტოს ამ პირებიდან რომელიმეს ან საელჩოების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია დაძაბულობის კერისაკენ ქართული შენაერთების და მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ლოგიკურად ჩანს ის მოსაზრებაც, რომ ამერიკაში იმ დროს მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლის ფონზე რესპუბლიკელების კანდიდატის რეიტინგის აწევა მოხდა სწორედ საქართველოში საომარი დაპირისპირების ფონზე. უცნაურია, რომ ამერიკული მხრიდან ფაქტიურად არავითარი უარყოფა არ მოჰყოლია პრეზიდენტ სარკოზის სიტყვებს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა 8 აგვისტოს მას არ ურჩია თბილისში ჩასვლა, რადგან რუსები მხოლოდ 40 კმ-ში არიან და ჩასვლას აჯობებს, უბრალოდ დაგმო რუსების მოქმედებებიო… დაბოლოს, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სიტყვები უკვე ომის დასრულების შემდეგ – კარგი იქნება, თუ ქართველებს “სტინგერებს” გადავცემთ და ისინი ისევე მედგრად და დიდხანს იომებენ რუსების წინააღმდეგ, როგორც თავის დროზე ავღანელები ომობდნენო…
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, როგორ აფრთხილებდნენ იგივე მეთიუ ბრაიზაც და, განსაკუთრებით, კონდოლიზა რაისიც სააკაშვილს რუსებთან სამხედრო კონფლიქტის დაუშვებლობის შესახებ, აფრთხილებდნენ იმაზე, რომ საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში მას აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონოდა. ეჭვი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ძალიან მყარად იყო მიბმული ამერიკელებზე და მათი წაქეზების გარეშე, თითქოსდა, ვერ გადაწყვეტდა ასეთ ავანტიურაზე წასვლას, მე პირადად, არ მგონია აქსიომა, რადგან სააკაშვილმა არაერთხელ აჩვენა, რომ მას ავანტიურებზე წასვლისას განსაკუთრებული წაქეზება არ სჭირდებოდა. ჯერ კიდევ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მიმართულებით თრიაყანის მაღლობის აღების ავანტიურა სწორედ სააკაშვილის და ოქრუაშვილის მიერ იქნა დაგეგმილიც და განხორციელებულიც და, ჩემი აზრით, სწორედ ამ ავანტიურაში სააკაშვილის კატასტროფული და ზურაბ ჟვანიას უაღრესად დროული და გადამრჩენელი ჩარევას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამერიკელების პირველი იმედგაცრუება… სამწუხაროდ, 2005 წლის დასაწყისში ზურაბ ჟვანია უცნობ ვითარებაში დაიღუპა და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ავანტიურების გამანეიტრალებელი რეალურად, არავინ დარჩა… აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველი პოლიტოლოგების და საზოგადოების საკმაო ნაწილი სრულიად სხვა ჭრილში ხედავს მიხეილ სააკაშვილის როლს 2008 წლის ომის წინა პერიოდის, თავად ომის, ტეროტორიების დაკარგვისა და გაფორმების მოვლენებში – და ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება ეს თავიდანვე რუსების სასარგებლოდ დაგეგმილი ძალიზე კარგად შენიღბული ოპერაცია იყო, რის სერიოზულ საფუძვლად სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას რუსულ პოლიტიკური და უშიშროების ისტებლიშმენტთან სერიოზულ კავშირებს განიხილავენ.
რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატოს – ქართული საზოგადოების მზარდ ნაწილში იმედგაცრუების და გაღიზიანების საფუძველს იწვევს მათი მუდმივი მერყეობა საქართველოსათვის დაპირებულ ნატოს წევრობასა (ასევე, ევროკავშირთან რეალურად მჭიდრო ინტეგრაციასა) და იმ მწარე რეალობას შორის, რომ რუსეთისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც და ევროკავშირთან დაახლოებაც (ასოცირებაც კი!) კატეგორიულად მიუღებელია (საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებასთან ამჟამინდელი “შეგუება” მხოლოდ უკრაინის კრიზისის “დამსახურებაა” – რუსეთს ჩვენთვის “არ სცხელა”). ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც იზიარებენ რუსეთის გამო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისას სიფრთხილის აუცილებლობას, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ ევროპული სახელმწიფოების გარკვეული ჯგუფი (პირველ რიგში – გერმანია), რომელთათვის რუსეთის პოზიცია არქიმნიშვნელოვანია, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ ბარიერს. ის ფაქტი კი, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს (უნგრეთის ლიდერის გარდა) რუსეთის დამოკიდებულებაზე საკუთარი პოლიტიკის ასეთი მჭიდრო ბმის არსებობის აღიარებაც სერიოზულად ეჩოთირებათ, ერთი მხრივ ზრდის ილუზიის ხანგრძლივად არსებობის, ხოლო მეორე მხრივ – ამ ილუზიის საბოლოოდ დეზავუირების შემთხვევაში – ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუების და გაღიზიანების – შანსებს.

2.4 პოზიტიური ისტორიული მომენტები.
მიუხედავად ზემოთთქმულისა, სადღეისოდ სწორედ აშშ, ნატო და ევროკავშირი რჩებიან საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორებად და სტრატეგიულ მოკავშირეებად.
დაწყებული 1992 წლიდან, როდესაც საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს, სწორედ ამერიკის ხელისუფლება იყო საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურების, ჯარის, კანონმდებლობის, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების მთავარი კონსულტანტიც და დონორიც. საერთო ჯამში ამერიკის ხელისუფლებას დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე აქვს დახარჯული საქართველოს დახმარებაზე, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო მაჩვენებელია. სხვა საქმეა, რამდენად ყოველთვის სწორად და ეფექტურად ხდებოდა ამ დახმარების დაგეგმვა თუ ათვისება, მაგრამ ამ მხრივ ქართული მხარის ცოდვები, ალბათ, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ამერიკული მხარისა.
თავის მხრივ, აშშ-ც და ნატოც უაღრესად მადლიერია საქართველოს ხელისუფლებისა ჩვენს მიერ მათი სამხედრო/სამშვიდობო, ანტიტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაში ის ფაქტი, რომ დღემდე საქართველო მეტად ეხმარება ნატოს და სერიოზული მსხვერპლი გვაქვს გაღებული, სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ მხარდაჭერილი.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ თუ არა აშშ ხელისუფლების მკვეთრი მხარდამჭერი პოზიცია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსული ჯარები თბილისშიც იქნებოდნენ შემოსულები და მსხვერპლიც და ნგრევაც გაცილებით სერიოზული იქნებოდა.
უეჭველად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ ხელისუფლების და პირადად აშშ მოქმედი ელჩის – რიჩარდ ნორლანდის მკვეთრი პოზიციის გარეშე, მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, 2012 წელსაც ისევ მოახდენდა არჩევნების გაყალბებას (ეცდებოდა მაინც), მიუხედავად იმისა, რომ ამას ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება, სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. და უნდა ვაღიაროთ, რომ 2012 წელს მაინც, ამერიკის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის, და არა – საკუთარ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მკვეთრად ინტეგრირებული – მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მხარე დაიჭირა. ისიც ვთქვათ ბარემ, არაა გამორიცხული, ქართველ ხალხს და პოლიტიკურ ოპოზიციას მსგავსი ერთიანობა და თავგანწირვა 2008 წელსაც რომ ეჩვენებინათ, იქნებ მაშინაც არ მომხდარიყო დასავლეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნებით „ინტრონიზაცია“.

2.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები.
მიუხედავად იმ საკმაოდ სერიოზული დამაზიანებელი ეფექტისა, რასაც დასავლური სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა – რუსული რუბლი, საფინანსო, საბანკო, ნავთობმომპოვებელი სექტორები – განიცდის, რუსეთის სერიოზული სავალუტო და სხვა რესურსების გამო ეკონომიკის სტაბილურობა შერყეულია, მაგრამ ჩამოშლამდე შორია. არ არსებობს მტკიცე წანამძღვრები არც იმისა, რომ ხსენებული სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ან სულაც – გაგრძელდება… და არც იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე ჩამოიშლება. პუტინის რეიტინგი ლამის კვლავინდებურად მაღალია, სანქციებმა ვერ მოახერხა, ჯერჯერობით მაინც რუსულ საზოგადოებაში მძლავრი საპროტესტო მუხტის გაჩენა. ამ ფონზე, სავსებით ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინი ზამთრის გამოყენებას ეცდება აღმოსავლეთ უკრაინაზე (მათ შორის – ხარკოვზეც!) სრული სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად და “მალოროსიის” ახალი სახელმწიფოს ასაღიარებლად.

თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად სიტყვით გულმხურვალე შეშფოთებისა და მხარდაჭერისა, ისევ მოჰყვა [საქმით!] უკრაინის მარტო დატოვება რუსეთის იმპერიის სულ უფრო მზარდი და დამანგრეველი აგრესიის წინაშე, რასაც უკვე 5,000-ზე მეტი მსხვერპლი და სულ უფრო მეტად დანგრეული უკრაინის ეკონომიკური პოტენციალი ახლავს თან, ვშიშობ, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება არა მარტო უკრაინისათვის, არამედ საერთოდ – მსოფლიოსათვის, სადაც ძალის სამართლის საშიშმა პრიმატმა სხვადასხვა წერტილებშიც შეიძლება აქტიურად იჩინოს თავი.

ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელობასაც უეჭველად მოუწევს განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხებზე.

(გაგრძელება იქნება)


სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის… (ნაწილი I – რუსეთი)


scylla-color

წინასიტყვაობა:

მაიდნის წლისთავზე უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობა პიკს აღწევს. ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწემ სენატში მისი სახ. დეპარტამენტის მდივნის მოადგილედ კენჭისყრის დროს სავსებით შეგნებულად „გაამხილა“, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილი აქვს უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება, მათ შორის, არა მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებისა. თუ ამერიკამ მართლა დაიწყო უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება (და თუ ეს მხოლოდ 1-2 საცდელი პარტია არ იქნა), რუსეთის მიერ დონბასის საბოლოოდ გაკონტროლება (რასაც პუტინი 2015 წ. ზამთრის ბოლოს გეგმავდა) შეიძლება არ აღმოჩნდეს სწრაფად განხორციელებადი ამოცანა. თუმცა ისიც ნათელია, რომ პუტინი ასე ადვილად უკან არ დაიხევს და არაა გამორიცხული, უკვე ღიად შეიყვანოს რუსეთის არმიის გაცილებით მრავალრიცხვოვანი ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკისათვის მიგრაციის ახალი კანონის ერთპიროვნულად მიღებით ობამას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა რესპუბლიკურ კონგრესთან და ახლა უკრაინის საკითხში კონგრესთან (რომელიც დიდი ხანია ითხოვს უკრაინისათვის რეალური სამხედრო დახმარების აღმოჩენას) პოზიციის გაზიარებით შეიძლება თავისი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შერბილება სცადოს.
ფაქტი ერთია – უკრაინაში ახალი მტკიცედ პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების, ამერიკის მხრიდან სრული მხარდაჭერის, ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური დახმარების შესაძლო არასაკმარისობის, ენერგომატარებლების ფასების სრული გაურკვევლობის და რუსეთის მიერ დიდი რაოდენობით შეიარაღების შეტანის გამო ეს ზამთარი უკრაინისთვის ძალიან შფოთიანი და ცხელი იქნება.
ეს ყველაფერი ჩვენთვისაც სერიოზულად ზრდის შანსებსაც და საფრთხეებსაც! საფრთხეებს – ალბათ უფრო მეტად…
ვფიქრობ, აუცილებელია მიუკერძოებელი და კრიტიკული ანალიზი იმისა, როგორი უნდა იყოს ამჟამად საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ასევე – ახლო მომავლის ტაქტიკა. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი შეხედულებები პროფესიონალიზმს ეყრდნობა,  ეს მხოლოდ ქვეყნის ბედით დაინტერესებული მოქალაქის მოსაზრებებია, რომელთაც, იმედია, გამოხმაურება მოჰყვება.  იმდენად პოლიტიკოსების და დიპლომატების მოსაზრებები არ მაინტერესებს, რამდენადაც იმ მოაზროვნე ადამიანების, რომელთა ფიქრებს დამოუკიდებლობის და გულწრფელი ობიექტურობის მეტი ნიშანი ეტყობა… სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან, ღიად ვერ გადმოსცემენ ამ სფეროში სახელმწიფო მიმართულების ყველა მომენტს და ნიუანსს…

აქსიომა 1: საქართველო არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნება (მინიმუმ უახლოესი 15-30 წელი) ისეთ პოლიტიკურ სამეზობლოში, სადაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ძირითადად შიდაპოლიტიკურ ძალებსა და ვექტორებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი არსებობისათვის მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის საფუძვლის მომზადებას, ასევე იმის ხელშეწყობას, რომ ქვეყანას არ დაემუქროს არსებობის ან მშვიდობიანი განვითარებისათვის ხელშემშლელი საფრთხე, ჩვენს რეგიონში აქტიურად მოქმედი სხვადასხვა ძლიერი დაინტერესებული მოთამაშეების (Stakeholder-ების) მხრიდან, ან მათი ინტერესების საქართველოში დაჯახების შედეგად. ასეთი Stakeholder-ები ამჟამად ძირითადად სამია:

1) რუსეთი
2) აშშ/ნატო/ევროკავშირი
3) თურქეთი.

შევეცდები თითოეული მათგანის სტრატეგიული ინტერესების და საქართველოსათვის მათთან დაახლოების/ასოცირების ისტორიული გამოცდილებისა და მომავლის პერსპექტივების ობიექტური ანალიზის ჩატარებას ერთსადაიმავე ფორმატში.  მადლობელი ვიქნები, თუ კოლეგები და ოპონენტები თავის აზრსაც გაგვიზიარებენ.

1) რუსეთი
1.1 პოლიტიკური ინტერესები. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის საქართველო წარმოადგენს დროებით დაკარგულ ტერიტორიას, რომელიც მისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობით უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს თავის გავლენის ქვეშ დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი უზრუნველყოფს მისი მოკავშირის – სომხეთის უპრობლემო ლოჯისტიკურ მომარაგებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს შუა აზიის და აზერბაიჯანის ენერგორესურსების ევროპისათვის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებს, განიმტკიცებს თავის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით მიღებულ სტაბილურ შემოსავლებს, მოახდენს თურქეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელოვნად ნეიტრალიზაციას, უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ წნეხს განახორციელებს აზერბაიჯანზე, განამტკიცებს თავისი, როგორც სუპერსახელმწიფოს შერყეულ რეპუტაციას, მტკივნეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს აშშ-ის და ევროკავშირის გავლენის გავრცელების შანსს კავკასიასა და შუა აზიაზე, გააძლიერებს თავის სატრანსპორტო კავშირებს ირანთან და აღმოფხვრის არა მარტო საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი სატრანსპორტო დერეფნის დაკარგვით გამოწვეულ დანაკრგებს, არამედ იმის საფრთხესაც, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარების წარმატებული სახელმწიფოს შექმნა იდეოლოგიურ პრობლემა გახდება რუსული ავტორიტარული დახურული საზოგადოების მოდელის უალტერნატივობისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

1.2 უკვე არსებული საფრთხეები – სავარაუდოდ, რუსეთს გააჩნია გარკვეული აგენტურული ქსელი საქართველოში და რამდენიმე პოლიტიკური ძალაც, რომლებიც საკუთარი სუსტი გავლენის გაძლიერებას მოახდენდნენ რუსული აგრესიის პირობებში (არ ვამბობ, რომ ისინი აქტიურად დაეხმარებიან რუსეთს ანექსიის შემთხვევაში, მაგრამ რუსეთს შეიძლება მათი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ანექსიის შემდეგ ქვეყანაში სატელიტი მმართველი ძალის მონახვის მიმართულებით). რაც მთავარია, რუსეთს გააჩნია სამხედრო ბაზები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე (ახალგორი, ცხინვალი, აფხაზეთი), ასევე – სომხეთში. სურვილის შემთხვევაში რუსეთის არმიას ადვილად შეუძლია მოახდინოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო, სარკინიგზო და ენერგომაგისტრალების უსწრაფესი ბლოკირება, თბილისზე პირდაპირი საარტილერიო იერიშის მიტანა, ფოთის და ბათუმის პორტების ბლოკირება! თან ეს შეუძლია გააკეთოს ამჟამად გაცილებით მცირე დამატებითი რესურსების ხარჯზე ვიდრე 2008 წელს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავისთვის საეჭვო აღარ უნდა იყოს, რომ ისინი ამაზე წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას დიდად არ იყოყმანებენ. გარდა ამისა, რაც უფრო ორჭოფობს დასავლეთი (ძირითადად – ევროპა) საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურად განხორციელების მიმართულებით, მით უფრო მეტად გროვდება ფრუსტრაცია ქართულ საზოგადოებაში და ის, რაც წარმოუდგენელი იყო გუშინ – აგრესორთან შესაძლო დაახლოება, – უკვე არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება მისაღებად გახდეს. რამეთუ დასავლეთში ინტეგრაცია სულ უფრო ემსგავსება ლამაზ ზღაპარს, რომლის სილამაზეს მისი ზღაპრულობა და არარეალურობა ძირს უთხრის. ამ ფონზე, რაც უფრო გახანგრძლივდება საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია და/ან საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, რაც ხალხის მიგრაციას შეაჩერებდა, მით მეტი შანსი ექნება რუსეთს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში უკან შესათრევად. დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ზემოთჩამოთვლილი სამი იმპერიიდან ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის იმპერია ამჟღავნებს მზადყოფნას პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალის გამოყენებისათვის, რისი დემონსტრირებაც მან უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მრავლჯერ და მრავალ წერტილში მოახდინა. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, არამცთუ აღარ ცდილობს მიღებული საგარეო-პოლიტიკური თამაშის წესების ჩარჩოების დაცვას, არამედ აქტიურად ამტკიცებს იმ თეზისს, რომ მისი შერაცხადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სსრკ-ს ლიდერებს ჰქონდათ. ამიტომ მისი გამოწვევა მსოფლიოსადმი ასე ჟღერს – „თუნდაც სსრკ-სთან შედარებით ნაკლები რესურსებით მე უფრო საშიში ვარ ყველასთვის, რადგან მე ომს დავიწყებ იქ, სადაც თქვენ სამხედრო ძალის პირდაპირ გამოყენებას, ბევრი მიზეზის გამო, მოერიდებით!“
და ეს სულაც არ არის ფუჭი მუქარა…

1.3 ნეგატიური ისტორიული რეალობები: რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ავტოკრატიული, არადემოკრატიული მმართველობის მქონე ქვეყანა, რომლისთვისაც მე-16 საუკუნიდან დღემდე ტრადიციულია მმართველობის ერთპიროვნულ/მონარქიული ან პარტოკრატიულ/ავტოკრატიული ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ წყობას გააჩნია ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის გარეგნული ელემენტები, ეს მხოლოდ ფასადური ელემენტებია, რომელთა რეალური განვითარების პერსპექტივები მიზერულია – რუსეთი, თავისი ისტორიული გამოცდილების და თავისი გეოგრაფიულ-ინფრასტრუქტურული და დემოგრაფიული რეალობის გათვალისწინებით, ვერ დაუშვებს (სულ ცოტა მომავალი 30 წლის განმავლობაში) ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობის განვითარებას. რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არც არიან ადამიანები, რომელთაც დემოკრატიული განვითარების იმპერატივი სრულად ესმით, ან თუ არიან (მაგ. კასპაროვი, კასიანოვი), მათი გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი პრაქტიკულად ნოლის ტოლია. ხოლო ის „დემოკრატიული“ ლიდერები, რომელთაც ასეთი თეორიული შანსი მაინც გააჩნიათ (მაგ, ნავალნი, ხოდორკოვსკი), მომენტალურად გადააგდებენ დემოკრატიულობის მანტიას, როგორც კი ხელისუფლებასთან ახლოს აღმოჩნდებიან, ან როგორც კი საგარეო პოლიტიკის რეალურად განხორციელებაზე ფიქრს დაიწყებენ (როგორც ეს რუსეთში სოლჟენიცინის დაბრუნების, თუ ელცინის, ან – გაიდარის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდა). აქედან დასკვნა, – რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება მეტი, ვიდრე ძლევამოსილი სუზერენის დამოკიდებულება სუსტი ვასალისადმი. მეტიც, რუსეთი არასოდეს იყო და იქნება იმის მსურველი, რომ საქართველო ეკონომიკურად თვითკმარი და განვითარებული გახდეს. რუსეთის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შეცვლა და სავარაუდოდ, იგი ამას მომავალშიც აქტიურად შეეცდება.

1.4 პოზიტიური ისტორიული მომენტები, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული (რაც ქართველი პროევროპელების გავრცელებული შეცდომაა).
რუსეთის იმპერია ნამდვილად იყო საქართველოს ერთიანობის გარანტი, როგორც მასთან მიერთების პერიოდში (1783 წელს), ასევე მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისას. სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ მოხერხდა როგორც ირანის და სპარსეთის გავლენის განეიტრალება, ასევე მნიშვნელოვანწილად – საქართველოს დაქუცმაცებული და ერთმანეთთან მოქიშპე რეგიონების მხრიდან ქვეყნის ერთიანობისათვის დესტრუქციული ქმედებების გამორიცხვა. რომ არა რუსეთის იმპერია, არც აჭარა, არც აფხაზეთი, არც სამცხე და არც ფოთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს შემადგენლობაში არ იქნებოდა! უგუნურებაა იმის დავიწყება, რომ ამჟამად საქართველოს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების შემომტკიცება თავის დროზე სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ მოხდა – რა თქმა უნდა, იმიტომ სრულიადაც არა, რომ რუსეთის მეფეები ან ბოლშევიკი მმართველები საქართველოს მომავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე „ზრუნავდნენ“. საქართველოს რუსეთის იმპერიის პირობებში ჰქონდა შეზღუდული, მაგრამ მაინც გარანტირებული შესაძლებლობა განევითარებინა საკუთარი კულტურა, ენა, განათლება და მეცნიერებაც კი. დაცული იქნა ქრისტიანული რელიგია. ეს ყველაფერი რომ საკამათო არ იყოს, საკმარისია ვნახოთ, რა დღეშია ის 2 მილიონამდე ქართველი, რომელთაც თურქეთის იმპერიაში ცხოვრება, ან ის მილიონამდე ქართველი, რომელთაც ირანში ცხოვრება არგუნა ბედმა – გავიხსენოთ მათი კულტურული, ენობრივი თუ სარწმუნეობრივი ”დამოუკიდებლობის” დონე, და – ამ ქვეყნებში ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ძეგლების სავალალო მდგომარეობა. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული იმპერია გაცილებით ლოიალური და დამნდობი აღმოჩნდა ქართველების და საქართველოს მიმართ. აპელირება იმაზე, რა საშინელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო რუსეთმა ან 1921-24 ან 1989-2008 წლებში, არ იქნება საფუძვლიანი იმის გარეშე, თუ არ წარმოვიდგენთ, რას იზამდა თურქეთის იმპერია (ან რას იზამს თუნდაც დღეს ამ სახელმწიფოს ხელისუფლება!), თუ იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობა დამოუკიდებლობას, ან თუნდაც ავტონომიას, მოითხოვს.

დაბოლოს, როცა თურქეთის იმპერია ვახსენე, ეს შეიძლება დღევანდელობისთვის ცოტა ნაჩქარევ ტერმინად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვისაც თურქეთის ბოლო პერიოდის ისტორიული განვითარების ვექტორები ყურადღებით აქვს გააზრებული, ალბათ დამეთანხმება, რომ საქმე შეიძლება ძალიან ახლო მომავალს ეხებოდეს და მაშინ რუსეთის იმპერია შეიძლება, კვლავ ისევე საჭირო გახდეს მზარდი თურქული ექსპანსიონიზმის დასარეგულირებლად, როგორც ეს უკვე გამხდარა წარსულში. (უფრო დაწვრილებით – შესაბამისი თავის განხილვისას).

1.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები, რომლებიც არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, რაც ქართველი პრორუსი პოლიტიკოსების გავრცელებული შეცდომაა.

ვფიქრობ, მწარედ ცდებიან არამარტო ისინი, ვინც რუსეთთან ჩვენს საერთო ისტორიულ წარსულს მხოლოდ შავი სათვალით ხედავენ, არამედ ისინიც, ვინც ჩვენი შესაძლო ისტორიული საერთო მომავლის დასანახად უმალ ვარდისფერ სათვალეს მოიმარჯვებენ ხოლმე.
რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, დუგინი იქნება ეს, ვოლოდინი თუ სურკოვი, რომ აღარაფერი ვთქვა ჟირინოვსკიზე, ვშიშობ, სრულიადაც არ აპირებს საქართველოსთვის ყველაფერ იმის დაბრუნებას, რასაც პრორუსი ქართველი პოლიტიკოსები უხვად გვპირდებიან – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია იქნება ეს, ნავთობზე და გაზზე დაბალი ფასები, ქართული სოფლის მეურნეობის სტაბილურობის გარანტირება, თუ ქართული კულტურის, განათლების და მეცნიერების რეინკარნაცია!
რუსეთის დღევანდელი თუ მომავალი ლიდერები არასოდეს არ და ვერ დაივიწყებენ იმას, რომ დასავლეთში საქართველოს სრული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ქმედითი დამბლოკავი მექანიზმები სწორედ ის ბომბები აღმოჩნდა, რაც მეფის რუსეთმაც და ბოლშევიკებმაც საკმაოდ წინასწარგანზრახულად ჩადეს საქართველოს პოლიტიკურ მოწყობაში – რომ არა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიები, რომ არა ხელოვნურად გაღვივებული შუღლი ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის, რომ არა სპეციალურად ხელშეწყობილი აზერბაიჯანული და სომხური ანკლავების არსებობა, დღეს, სავარაუდოდ, საქართველო უკვე ნატოს შემადგენლობაში იქნებოდა. სწორედ ამიტომ, და აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიმართ არსებული ვალდებულებების გამოც, გამორიცხულად მიმაჩნია, რომ რუსეთი, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის პროევროპულ და პროატლანტიკურ კურსზე და ევრაზიულ კავშირში შესვლაზე თანხმობას განაცხადებს, ამის სანაცვლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს იურისდიქციაში დააბრუნებს. მაქსიმუმი, რისი იმედიც რეალურად შეიძლება იყოს, იქნება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც ისეთი ნიუანსები იქნება ჩადებული, რაც სრულიაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ერთ დღეს საქართველო გავიდეს ევრაზიული კავშირიდან და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც მასთან ერთად გავიდეს (თუნდაც – ამ რეგიონებში ცალკე რეფერენდუმის პირობით).
მეტიც, გაითვალისწინებს რა თავისი 200-წლიანი ბატონობის დროს დაშვებულ ზემოთხსენებულ შედარებით ლიბერალიზმს ქართველებთან მიმართებაში, და იმას, მაინც როგორ სერიოზულად შევეცადეთ ქართველები რუსული არწივის ბრჭყალებიდან თავის დაძვრენას, რუსეთის მოდერნიზებული იმპერია, სავარაუდოდ, გაცილებით ხისტი და „ძუნწი“ გახდება მრავალი შემდეგი მიმართულებით:
• საქართველოში, სავარაუდოდ, გამოიყოფა დაფინანსება მხოლოდ რუსულ ენაზე განთლებისათვის (როგორც საშუალო, ასევე – უმაღლეს განათლების ეტაპებზე). როგორც აფხაზეთის და ოსეთის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი შეეცდება ნაციონალური ენის, განათლების და კულტურის მაქსიმალურად შეზღუდვას და ამ მოსახლეობის უფრო სწრაფ რუსიფიკაციას, ვიდრე ეს მე-19 და მე-20 საუკუნეში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ბერკეტებით მოხდება და არა ცეცხლით და მახვილით, მაგრამ არა მგონია, ქართულმა კულტურამ, მათ შორის თეატრმა და კინომ, ისეთივე მხარდაჭერა მიიღოს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა.
• ალბათ, მოხდება კულტურის ცენტრების, ასევე სამეცნიერო ცენტრების იმგვარად დაფინანსება, რომ ისინი მჭიდროდ იყვნენ მიბმული რუსეთის ანალოგიურ სტრუქტურებზე და დასავლურ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებთან დამოუკიდებელი კავშირების ძალზე შეზღუდული შანსი ჰქონდეთ.
• საქართველოს ყველა ინფრასტრუქტურული თუ ბუნებრივი რესურსი, ადრე თუ გვიან გადავა რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ხელში. ნებისმიერი ალტერნატიული ენერგოპროექტები დაიხურება ეკონომიკური თუ ტერორისტული ბერკეტების გამოყენებით.
• რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს თავის ფინანსურ რესურსებს საქართველოდან ნიჭიერი ინტელექტუალების რუსეთში მიგრაციის წასახალისებლად, სამაგიეროდ, დააფინანსებს სახელმწიფო მიგრაციულ პოლიტიკას საქართველოს სოფლის და კურორტულ ზონებში რუსული ან სომხური მოსახლეობის ჩასახლების მიზნით.
• რუსეთი გამოიყენებს თავის აგენტურულ ქსელს, შანტაჟის და ფინანსურ ბერკეტებს იმისათვის, რომ ნებისმიერი პროდასავლური პარტიების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია მოახდინოს და ძირშივე მოსპოს მომავალში ასეთი მიმართულების საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აღმოცენების ან დაფინანსების შესაძლებლობა.
• თუ ამას დავამატებთ იმას, რომ დღეისათვის ქართული ბიზნესის ჯამური პოტენციალი ახლოსაც ვერ მივა რუსული ბიზნესის ჯამურ პოტენციალთან, ზოგიერთი რეტროგრადის ოცნებებს მოსკოვისა და პეტერბურგის ქართული ბომონდის მიერ დაპყრობის შესახებ, არა მგონია, ახდენა ეწეროს. არაა გამორიცხული, სულაც პირიქით მოხდეს და „თურქულ-არაბული“ აღმაშენებლის გვერდზე „რუსული“ რუსთაველის გამზირიც მივიღოთ…

ასე რომ, საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება (ევრაზიულ კავშირში შესვლა) მხოლოდ სტაბილურობის და ომის არგამეორების პერსპექტივას თუ განამტკიცებს და არა – საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. არაა გამორიცხული, რომ ეს სტაბილურობაც მხოლოდ ილუზორული განცდა იყოს, რის შანსებსაც ქვემოთ შევეხები, რადგან თუ დასავლეთის ფრთისქვეშ გადაბარგებული საქართველო რუსეთის მიერ აღიქმებოდა მოღალატედ, ახლა უკვე ისევ რუსეთის ფრთისქვეშ დაბრუნებული საქართველო შეიძლება ანალოგიურად იქნას აღქმული ერთი მხრივ აშშ/ევროპისა და მეორე მხრივ – თურქეთის მიერ…

(გაგრძელება იქნება)