ზვიად კირტავა – რადიო თავისუფლების დღიური (23-30 ოქტომბერი, 2016)


რადიო თავისუფლების დღიური იხილეთ აქ

http://www.radiotavisupleba.ge/a/liberty-diaries-zviad-kirtava/28086790.html


თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი აღვნიშნეთ წელს.

როდესაც ვფიქრობ ამ 25 წელზე, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებას წარუშლელი კვალი დააჩნია, ასე მგონია, რომ პოლიტიკოსებით ერთდროს საკმაოდ მდიდარ ქართველებს (მეფეებს არ შევეხები) – ალექსანდრე ბაგრატიონიდან, სოლომონ ლიონიძიდან და სოლომონ დოდაშვილიდან დაწყებული, და ილია ჭავჭავაძით, ნიკო ნიკოლაძით, სპირიდონ კედიათი გაგრძელებული, მენშევიკების (ნიკოლოზ ჩხეიძე, კაკი წერეთელი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვ.) და ადრეული ბოლშევიკების (სტალინი, ალიოშა ჯაფარიძე, მამია ორახელაშვილი) შემდეგ აღარ ჰქონდათ ის, რაც მანამდე ახასიათებდა ქართულ პოლიტიკურ აზრს – პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური ფილოსოფიის სიჭარბე, როცა განსჯა, ფიქრი და პუბლიცისტიკა მეტ ადგილს და დროს იკავებდა, ვიდრე – წმინდა პოლიტიკური პროცესი და სამოქალაქო აქტივობა.

სტალინმა და მმართველობის მისეულმა რეპრესიულმა სტილმა პოლიტიკა, როგორც რუსეთში, ასევე – საქართველოში, აქცია მაკიაველიზმის და პოლიტიკური ინტრიგნობის, თუ უბრალოდ – პოლიტიკური კრიმინალის უალტერნატივო სფეროდ. სწორედ ამიტომ, თუ რუსული ცარიზმის დროს საქართველოში დროებით ჩაკლული პოლიტიკური აზროვნება მე-19 საუკუნის ბოლოდან საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა და ქართული დამოუკიდებლობის 3-წლიანი ვარსკვლავის გაბრწყინებით (მაგრამ, საუბედუროდ, სწრაფადვე ჩაქრობით) დაგვამახსოვრა თავი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების სახელმწიფო ტერორის შემდეგ პოლიტიკური აზროვნება სრულიად განადგურდა. პოლიტიკოსები ძირითადად დაერქვათ იმ პირებს, რომლებიც უბრალოდ სხვადასხვა კალიბრის დემაგოგები, აღმსრულებლები, ან – უარეს შემთხვევაში – ტირანები და სადისტები იყვნენ. და სწორედ ამიტომ, როგორც ხრუშჩოვის „ოტტეპელი“, ასევე გორბაჩევის „პერესტროიკა“ ძალზე ხანმოკლე გამოდგა გამყინვარების პერიოდის ყინულის დასადნობად და საქართველოში ახალი ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის დასამკვიდრებლად.

ამის გამო, სამწუხაროდ, საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს – დამოუკიდებლობის მოპოვების დროისთვისაც კი აშკარა იყო პოლიტიკური პარტიების სისუსტე და ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსების ნაკლებობა! მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში წინა პლანზე იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მიტინგებზე და მსვლელობებზე მომიტინგეთა ენერგეტიკული დამუხტვა და აღტყინება კი კარგად შეეძლოთ, მაგრამ რომელთაც ნაკლები დრო ჰქონდათ დახარჯული ქართული სახელმწიფოებრიობის არა – მოპოვების, არამედ – განვითარებისა და გაძლიერების საკითხებზე ფიქრსა თუ კამათში.

კითხვა იდგა მხოლოდ ასე: „როდის და როგორ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა?“ ხოლო ის, თუ რას ვუზამდით შემდეგ ამ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, რა იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური მდგენელი, თუ საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ვინ ვისთან ალიანსში და როგორ მოახერხებდა ახალგაზრდა, პატარა ქვეყნის ურთულესი გეოპოლიტიკური გეოგრაფიისა და ისტორიის გამოწვევებთან გამკლავებას – ეს კითხვები, პრაქტიკულად, არც კი ისმებოდა. არც არის გასაკვირი, რატომ. – ქართული დამოუკიდებლობის ყველაზე რადიკალ აპოლოგეტებსაც ხომ ამის მიღწევა არც კი ეჯერათ ახლო მომავლის ამბად…  შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მართლაც სერიოზული მსხვერპლი გაიღო 1991 წლისთვის დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ სერიოზულად არ მომზადებულა ამ დამოუკიდებლობის შესახვედრად, რომელიც, დიდწილად მაინც, მოულოდნელად თავს დაგვეცა…

და პრობლემა ქვეყნის დამოუკიდებლობის რეალური განხორციელებისათვის არა მარტო პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მოუმზადებლობა იყო (უნდა ითქვას, რომ სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ფონზე, ამ მხრივ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით), არამედ, ის აჟიოტაჟური მოთხოვნილება ქარიზმატულ ლიდერებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობდა. ის „მოუთმენლობა გულისა“ და მესიის მარადიული მოლოდინი, რაც ქართულ პოლიტიკას ისეთ მითოლოგიურ-რელიგიური ნაზავის ელფერს სძენს დღემდე, ჯეიმს ფრეიზერის „ოქროს რტოს“ რომ შეშურდებოდა. რეალობაა ის, რომ უახლეს ქართულ ისტორიაში ქარიზმატული ენერგეტიკული ლიდერი, როგორც წესი ახერხებდა საზოგადოების დიდი უმრავლესობის უკეთ დარწმუნებას, ვიდრე – საფუძვლიანი ანალიზის მოყვარული რაციონალისტი მოაზროვნე პროფესიონალი. ქართულმა საზოგადოებამ (მისმა დიდმა ნაწილმა მაინც) გარიყა და არ მიიღო მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ქართველ ხალხს იმასვე ეუბნებოდა, რასაც ზოგადად ფიქრობდა, და არა – ტრადიციულ სადღეგრძელოებსა და დითირამბებს. ქართულმა საზოგადოებამ ამჯობინა უფრო რადიკალური და ეგზალტირებული ზვიად გამსახურდია – შედარებით უფრო მოზომილ და მორიდებულ მერაბ კოსტავას, ისევე როგორც – გაცილებით ხმაურიანი და ფუყე ირაკლი წერეთელი – მოაზროვნე პოლიტიკოსს ზურაბ ჭავჭავაძეს. დაბოლოს, სწორედ საქართველოში 2%-იც კი ვერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე აკაკი ბაქრაძემ, რომლის ფილოსოფიური აზროვნება, პატრიოტიზმი და პატიოსნება ათჯერ და ოცჯერ გადაფარა არა მარტო ედუარდ შევარდნაძის, არამედ ჯუმბერ პატიაშვილისთვის მიცემულმა ხმებმა…

აი ეს ვართ, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი – როგორი პოლიტიკური სპექტრი გვყავს და როგორი ამომრჩეველი.

ნიჰილიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არ გვაქვს (დამოუკიდებელი ქვეყნის გონივრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას ათწლეულები ჭირდება), მაგრამ – დასკვნების გაკეთება, დიდი ხანია, დროა…

==============================

 

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

და ამ მე-9 მოწვევის პარლამენტში შეიძლება არ აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც მე პირადად, თანამედროვე ქართული პოლიტიკის და განსაკუთრებით, პარლამენტარიზმის, ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავად მიმაჩნია! შეიძლება, საუკეთესოც კი იყოს.

მისი მასწავლებლებისაგან გამიგია, რომ ის იყო ბრწყინვალე სტუდენტი და დადგა საუკეთესი იურისტი. მის პოლიტიკურ კარიერას ვაკვირდები დიდი ხანია და ვერ ვიხსენებ, მას რამე ისეთი გაეკეთებინოს, რაც მის რეპუტაციას და პატიოსნებას ჩრდილს მიაყენებდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, რესპუბლიკური პარტიის ღირსეული მესაჭე იყო 2005-13 წლებში, ხოლო 2012 წლიდან – საქართველოს პარლამენტშია და პარლმენტის თავმჯდომარედაც აირჩიეს. მოკლედ, დავით უსუფაშვილზე მოგახსენებთ.

du-best

მას გააჩნია როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის ბრწყინვალე გამოცდილება და უნარ-ჩვევები, ასევე მშვენივრად ართმევს თავს განსხვავებული პარტიების, ფრაქციების, კომიტეტების, ადამიანების საქმიანობის კოორდინაციას, კონფლიქტური სიტუაციების მართვას და პოლიტიკური დებატების პიროვნულ დაპირისპირებებში გადაზრდის პრევენციას, ისევე როგორც – სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების სწორად და ეფექტურად წარმართვას. ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტში ჩატარებული მრავალი მსოფლიო მასშტაბის კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებაში მისი შეტანილი წვლილითა და აქ თუ უცხოეთში უაღრესად აწონილ გამოსვლებში კარგად ჩანს უსუფაშვილის ორგანიზატორული ნიჭი და სტრატეგიული ხედვები. ბევრ ასპარეზზე მისი საერთაშორისო საქმიანობა ცდება წმინდა საპარლამენტო და საკანონმდებლო არეალს და იგი ახერხებს თავისი სერიოზული როლი შეასრულოს ქვეყნის განვითარების, ახალი ეკონომიკური მეგაპროექტების დასახვის, სამომავლო სტაბილურობის განვითარებასა და მიღწევაში. ვერ ვიტყვი, რომ იგი დაზღვეულია შეცდომებისაგან, მაგრამ მისი სწორი გადაწყვეტილებები განუზომლად უფრო მრავალია და მნიშვნელოვანი, ვიდრე შეცდომები, და რაც მთავარია, მას არ აქვს პრობლემა თავისი შეცდომები აღიაროს, და რაც მთავარია, არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობას. ეს კი პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთ უპირველეს ღირსებად მიმაჩნია.

ვიცი, არ მომიწონებს ასეთ დაუფარავ რეკლამას ბატონი დავითი.

ფაქტიურად, მან არც ისურვა თავის საარჩევნო კამპანიაში ჩემი ჩართვა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მას არ მოუცია ჩემთვის ისეთი სახის დავალება, რაც პირადად მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, თუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, იმიჯის გაძლიერებისთვის იქნებოდა გამიზნული… და ნამდვილად არ მგონია, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ არ მენდობა და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

მაგრამ რაც არ უნდა მითხრას, სხვანაირად არ შემეძლო, რადგან ეს ჩემი წერილი არ არის დავით უსუფაშვილის კარიერაზე ზრუნვით განპირობებული. ასე მგონია, რომ ამ ჩემი წერილით მე უფრო საკუთარ უბანზეც, საბურთალოზეც, თბილისზეც და საქართველოზეც ვზრუნავ, რადგან ხმამაღლა ნათქვამად მოგეჩვენოთ, იქნებ, მაგრამ მჯერა, პარლამენტარი უსუფაშვილი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკას, ვიდრე – პირიქით.

მისი საჯარო ლექციების მოსმენის და ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრების მომსწრე, დარწმუნებული ვარ, დავით უსუფაშვილს შეუძლია იყოს ძალიან წარმატებული ლექტორი ან სულაც – რექტორი. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი იქნებოდა საუკეთესო იურისტი იურისპრუდენციის ნებისმიერ სფეროში… მაგრამ ასევე კარგად ვხედავ, რომ დღეს დავით უსუფაშვილი სწორედ ქართულ პოლიტიკას და სწორედ ქართულ პარლამენტს ჭირდება ჰაერივით – ჭირდება როგორც მისი ცოდნა, მისი პროფესიონალიზმი, დისპუტებისა და დებატების მისეული ხელოვნება, ასევე და არანაკლებ – მისი ტაქტი და სიდინჯე, კონფლიქტების მოგვარების და მეხანძრეობის მისი მართლაც ბრწყინვალე უნარი, პარტნიორებთან და ოპონენტებთან საუბრისა და დარწმუნების, განსაკუთრებით კი – კონსენსუსის მიღწევის მისეული ნიჭი… ეს ძალიან იშვიათი კომბინაციებია – არამცთუ საქართველოში, ზოგადად – ევროპაში თუ მსოფლიოში. და ჩვენ არ გვაქვს უფლება თუ ფუფუნება, ასეთი ძალიან საჭირო პოლიტიკოსი პარლამენტს გარეთ დავტოვოთ. მე ასე ვუყურებ ამ ამბავს და გეტყვით, რატომ ვხედავ ამ საფრთხეს…

ამ ყველაფერს რომ ვამბობ, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დავით უსუფაშვილს ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ გავუწიო რეკომენდაცია. ჯერ ერთი, ეს მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტია, და თანაც, ვფიქრობ, მართლაც კარგი იქნება, თუ პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ეყოლება – პარლამენტისთვისაც და დავით უსუფაშვილისთვისაც ასე აჯობებს. დროებით მაინც!

რატომ გავკადნიერდი ასე და რატომ ვბედავ, რომ ქართველ ამომრჩეველს რჩევა მივცე?

უბრალოდ მგონია, რომ ოდნავ მაინც უფრო კარგად ვიცნობ უსუფაშვილს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ქართველი ამომრჩეველი. და სამწუხაროდ, როგორც გამოუსწორებელი რეალისტი, კარგად ვხედავ იმის რეალურ შანსსაც, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში ბევრი მშვენიერი, და ზოგი არცთუ სახარბიელო, კანდიდატის გვერდით – დავით უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს.

ბოლო თვის განმავლობაში მაოცებს, რომ ნაცნობები – იქნებიან ეს ჟურნალისტები, ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, სტუდენტები, დიასახლისები თუ სხვები – უბრალოდ ის ხალხი, ვისაც პოლიტიკა ასე თუ ისე ესმის და აინტერესებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ ნეგატიურ შესაძლებლობას ვერ ხედავს. მათ დიდ უმრავლესობას ეს პოტენციური ვარიანტი, რომ დათო უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში, რატომღაც არც კი მოსვლია თავში!

არადა, ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ. ჩვენი საარჩევნო სისტემა შესაძლებელს ხდის, რომ თუნდაც საკმაოდ პოპულარული ადამიანი არ აღმოჩნდეს პარლამენტში, თუ მისი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ხოლო თავად მაჟორიტარულ ოლქს (სადაც დაახლოებით 46-48 ათასი ადამიანი ცხოვრობს) ვერ მოიგებს.

ის, რომ რესპუბლიკური პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავს, შეუძლებელი არ არის, მაგრამ არც გარანტირებულია და მე არ მაქვს რაიმე ობიექტური მოცემულობა, რომელიც ჩემს აზრს შემაცვლევინებდა. 2008 წელს რესპუბლიკელების რეიტინგი იყო 3.8%. მე ვუშვებ, რომ კოალიციურ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ეს ციფრი იქნებ უფრო მაღალი იყოს, მაგრამ რამდენად მაღალი, არავინ იცის. არ ვიცი, აქვს თუ არა ჩატარებული რაიმე შიდა კვლევა რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო საჯაროდ გახმაურებული კვლევები ან მანამდე იყო ჩატარებული, სანამ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში ცალკე მონაწილეობას გამოაცხადებდა, ან ამ განცხადებიდან ძალიან მალე (მაგ, 2016 წლის აპრილის NDI და IRI კვლევები). IPN.ge, For.ge  სხვა ინტერნეტ-პორტალებზე თუ საგაზეთო გამოკითხვებით რესპუბლიკელების მაჩვენებელი 2%-დან 9%-მდე მერყეობს, მაგრამ ეს სოციოლოგიურ გამოკითხვად ვერ ჩაითვლება. და საერთოდ, ბოლო წლების პრაქტიკა უფრო იმას ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოკითხვებისა თუ ეგზიტ-პოლების მხოლოდ 10-20% თუ ემთხვევა არჩევნების შედეგებს.

ამ წერილში არ ვაპირებ არც რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე მსჯელობას და არც იმის განხილვას, როგორ აღიქმება საზოგადოებაში ეს (ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი) პარტია თუ მისი ცალკეული ლიდერების პოზიციები და განცხადებები. ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტია, ალბათ, ყველაზე არაპოპულისტი პარტიაა და ამიტომაც მას ჰყავს გულმხურვალე მხარდამჭერებიც, და უფრო მრავალრიცხვოვანი მკვეთრი მოწინააღმდეგეებიც.

იმას მინდა გავუსვა ხაზი (და ჩემი ნაცნობ-მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა მეთანხმება ამ შეფასებაში!), რომ დავით უსუფაშვილი არ არის არც მხოლოდ რესპუბლიკელი და არც მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. მისი პოლიტიკური წონა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსხვავებულია, ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან ცნობილი და ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელისუფლებო კოალიციის წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წონა იქნებოდა – და ეს უკავშირდება როგორც მის პერსონალურ უნარ-ჩვევებს, (განსაკუთრებით, სიმშვიდეს, საკითხის შესახებ სხვათა აზრის მოსმენა-გათვალისწინების უნარს და კონსენსუსის მიღწევის გამორჩეულ ნიჭს), ასევე – მის პოლიტიკურ გამოცდილებას.

==========

რაც შეეხება საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქს, სადაც დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს (პეკინის ქუჩის დასაწყისი, შარტავას და გოთუას ქუჩები, ბახტრიონი, ალექსიძის ქუჩა – სპორტის სასახლის უკან არსებული აკადემქალაქის დასახლება), აქ გასამარჯვებლად სულ სხვა სახის მათემატიკა და ციფრები იქნება განმსაზღვრელი.

დღევანდელი საარჩევნო სისტემით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დავით უსუფაშვილს გასამარჯვებლად ვერაფრით ეყოფა რესპუბლიკური პარტიის ყველა იქაური მხარდამჭერის ხმები, თუნდაც მათი მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში. ხოლო ის, რომ თბილისის მასშტაბით, თუ მთლიანად ქვეყანაში დათო უსუფაშვილს ძალიან ბევრი აფასებს და მხარს უჭერს, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს!.. ამიტომ ვუჭერ მე პირადად მხარს არა მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას, არამედ – მრავალმანდატიანი მსხვილი (რეგიონული) მაჟორიტარული ოლქების შემოღებას. მაგრამ ეს მომავლის თემაა… ახლა კი დავით უსუფაშვილს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლების ხმებიც ჭირდება გამარჯვებისათვის, რომლებიც თავს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად არ მოიაზრებენ, მაგრამ დავით უსუფაშვილის, როგორც პოლიტიკოსის სარგებლის დანახვა შეუძლიათ.

მე-6 ოლქში უსუფაშვილის მთავარი კონკურენტები არიან ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნებიდან“, შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და სევდია უგრეხელიძე ნაცმოძრაობიდან. ნამდვილად გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მათი, ან სხვა კანდიდატების ამომრჩევლების ამათუიმ ფორმით დამუნათება. მინდა მივმართო საბურთალოს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლებს, რომელთაც დღემდე არ გაუკეთებიათ არჩევანი და ჯერაც ფიქრობენ.

შეიძლება, თქვენთან ამ დღეებში, როგორც ეს 4 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე, სხვადასხვა კანდიდატები იყვნენ და დაგპირდნენ თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას – წყალი იქნება ეს, გათბობა, გზა, ლიფტი თუ სახურავი. მართალია, სრულიად ბუნებრივი იქნება, თუ თქვენ 8 ოქტომბერს არჩევანში ამ დაპირებასაც გაითვალისწინებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ამჟამად პარლამენტს ვირჩევთ (და არა თვითმმართველობას, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი საკითხები ეხება!), და რომ პარლამენტში თქვენს რჩეულს ქვეყნისთვის უკეთესი კანონების წერა და კონსტიტუციის და სამართლის დახვეწა უნდა შეეძლოს, უნდა შეეძლოს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის სწორი ვექტორების დასახვა, უნდა აირჩიოს მთავრობა, რომელიც კვალიფიციური იქნება და რომელსაც მერე მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს მოთხოვს, ისეთი პარლამენტარი, რომელიც იქნება კრიტიკული, მაგრამ არა – დესტრუქციული და დემაგოგი. და თან კარგია, თუ ეს იქნება ის ადამიანი, რომლის ასეთ უნარ-ჩვევებსა და ნიჭიერებაში მისი საქმიანი გამოცდილება იქნება თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი, და არა – მხოლოდ მისი დაპირებები, რადგან ზოგადად ხომ გვახსოვს, – „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!“

თუ თქვენ დღემდე არ გაგიკეთებიათ არჩევანი, დაფიქრდით იმაზე, რომ სწორედ თქვენზე, როგორც საბურთალოს მე-6 ოლქის ამომრჩეველზე, შეიძლება იყოს დამოკიდებული, მოხვდება თუ არა პარლამენტში დავით უსუფაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, თავისი პროფესიული პოტენციალიდან და ადამიანური თვისებებიდან გამოდინარე, არამცთუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი მგონია საქართველოს პარლამენტისათვის დღევანდელ ეტაპზე.

მინდა გთხოვოთ არა ჩემი შეხედულების ბრმად გაზიარება, არამედ, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში იქნებ დაფიქრდეთ ამ საკითხზე, ჰკითხოთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ნახოთ ინტერნეტში პარლამენტის თავმჯდომარის სატელევიზიო გამოსვლები, დებატები და ინტერვიუები, უკეთ გაიგოთ, – ვინ არის და რა სურს დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს. და თუ თქვენი აზრი ამის შემდეგ ჩემსას დაემთხვევა, მხოლოდ მაშინ მე-6 ოლქში შემოხაზოთ მისი ნომერი – 6 – მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენში.

მე სამწუხაროდ, მოკლებული ვარ ამ შანსს, რადგან საბურთალოს მე-6 ოლქში არ ვცხოვრობ.

აი, ამიტომ დავწერე ეს წერილი და დავწერე დღეს – არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რომ საკმარისი დრო გქონდეთ იმისათვის, რომ გააზრებული არჩევანი თავად გააკეთოთ. არა – ემოციებზე და გრძნობებზე, არამედ – თქვენს მიერ მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციასა და პირად ანალიზზე დაფუძნებული.

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დრო დამითმეთ და ჩემი წერილი ბოლომდე წაიკითხეთ.

 

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი),

ექიმი, ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე


პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი მოქ. ზვიად კირტავას (სოლომონ თერნალელის) ღია წერილზე


ბატონო სოლომონ,

წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…
მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.

დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).
აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა…
შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.
საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

1. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა.
ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ 2013 წლის 23 დეკემბერს წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს.

2. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა.
პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.

3. თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები.
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.
მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს).

4. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათ დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი!

როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…
თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“
მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.
ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..
ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.

უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?
თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.

ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი, თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?
შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“
დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე

შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…

შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.
ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შესრულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა, ან პარლამენტმა არ აირჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდატების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.

სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?
მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…

ანტი-ჩიხური მექანიზმები.
თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.
არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამენტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.

უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა – კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).
ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.

5. თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან.
ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია, მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.
მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.
თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება, თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა.

6. თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.
საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად.

7. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…
მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკარაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9-კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა).
შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…
ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.
ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…
მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.
არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.
……….
„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ – იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…

დ. უსუფაშვილი
4 თებერვალი, 2014

========
(სოლომონ თერნალელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს – https://solomonternaleli.wordpress.com/2014/01/29/ღია-წერილი-საქართველოს-პ/ )


ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს


usufashvili
ბატონო დავით,

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ ძალზე საშური ინიციატივისათვის, რომელიც კანონის თანახმად თქვენ თავზე იტვირთეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმიღებული კანონის თანახმად ბორდის არჩევნების ჩატარება.

აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრების ბლოგზე გამოქვეყნებას არ ვთვლიდი აუცილებლად, რადგან მეგონა (და ახლაც მგონია), რომ საკუთარი არარჩევით განაწყენებული კაცის პოზად ჩათვლიდა მკითხველთა უმრავლესობა. ეს დღესაც არაა გამორიცხული. მაგრამ თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ, რომ ეს პროცესი ჩატარდა კანონის და ყველა ნორმის დაცვით, და ამ მოსაზრების ოპონენტებისათვის მიმართვამ, რომ ღიად დაეფიქსირებინათ, რაში არ გეთანხმებიან, მაიძულა ჩემი შეხედულება გადამესინჯა და თქვენთვის ამ წერილით მომემართა.

ჩემი სუბიექტური აზრია – თუმცა გამყარებული მრავალი ანალოგიური სუბიექტური აზრით და ავტორიტეტული ორგანოების დასკვნითაც, რომ როგორც თავად შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, ასევე თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით შერჩეული (და ერთხმად დამტკიცებული) საბჭოს კანდიდატების შემრჩევი კომისიაც მოწონებას იმსახურებენ.
სხვათა შორის, არ გამიგია რაიმე სერიოზულად დასაბუთებული კრიტიკა კომისიის მიმართ, რომელმაც საკუთარი მუშაობა წარმართა კანონის და ვადების სრული დაცვით და წარმოგიდგინათ 68-დან შერჩეული 27 კანდიდატის სიაც და გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმებიც. ეს შერჩევა, ხაზს გავუსვამ, დაეყრდნო კანონის მიერ დადგენილ ნორმებს – კანდიდატთა ავტობიოგრაფიას (CV-ს), მათ მიერ მომზადებულ მაუწყებლის კონცეპტუალურ ხედვას, ასევე მათთან კომისიის გასაუბრებას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატების უფრო სრულად გაცნობის მიზნით მათთან გასაუბრებაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა მათი მონაწილეობა სპეციალურად მოწყობილ ტელედებატებშიც.
ასე რომ, კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები არ ყოფილა, ვადები იყო დაცული, მიდგომები იყო დაყრდნობილი ობიექტურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე. მაგალითად, კანდიდატის ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შესაძლო კავშირის განსასაზღვარავად გამოყენებულ იქნა პარლამენტარ თინა ხიდაშელის ის განსაზღვრება, რომელიც მან გამოიყენა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას – პირი ითვლება პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის მქონედ, თუ იგი არის ამ პარტიის წევრი, ან წარმოადგენდა ამ პარტიას სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე (ბოდიშს ვიხდი არაზუსტი პერიფრაზისათვის).

კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე გაისმა, რომ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ან ვერ გაიგო დროულად, ან ვერ მოასწრო საბუთების შეტანა და მათ მიერ გამოთქმული იყო თხოვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსში საბუთების შეტანის ვადა გაეხანგრძლივებინა. სხვათა შორის, ჟურნალისტმა მადლენა მაჭარაშვილმა კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებთან ერთად მეც მომმართა კითხვით, პირადად რას ვიტყოდი ასეთ შესაძლებლობის დაშვებაზე. როგორც სხვათა უმრავლესობამ, ასევე მეც ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იყო (ჩემი პასუხი ქ-ნმა მადლენამ გვიან მიიღო და იგი მედიაში ვერ მოხვდა).
ბატონო დავით, თქვენ მაშინ არ დაუჭირეთ კონკურსის ვადების გაფართოებას მხარი და განაცხადეთ, რომ ვადები კანონითაა გაწერილი და კანონი უნდა იქნას დაცული. სრულად გეთანხმებით, რომ ეს უფრო სწორი იყო, ვიდრე პროცესის თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების სურვილზე მორგება.
მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც და მეც, მათ შორის, ვერ დავინახეთ პარლამენტის მხრიდან კანონის და ნორმების ერთგულება. თან, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს არის სწორედ ამ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი. და ძალიან რთული იქნება მინიშნებაც კი იმაზე, რომ იგი ან მოძველებულია, ან – უკვე გადასასინჯი.

შევეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის დარღვევა, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და არაპროფესიონალური აზრით, კანონთან მიმართებაში მოხდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში და მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შესაძლო შეცდომებზე მიმითითებთ ან თქვენ, ან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები:
1. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა – #26.4 („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“). – თუმცა თანახმა ვარ, რომ ეს მცირე პროცედურული დარღვევაა.
2. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა – სახალხო დამცველმა წარდგენა დააგვიანა, და მასზე ადრე კანდიდატი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. #26.1 („აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო…“) – ესეც მცირე პროცედურულ დარღვევად ჩავთვალოთ.
3. ყველაზე სერიოზული დარღვევა – არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა. უმცირესობამ ნაცვლად სამისა წარადგინა 2 კანდიდატი, ხოლო უმრავლესობამ – მხოლოდ 1 კანდიდატი. ამ დროს კანონი სავსებით ცალსახად განსაზღვრავს იმ რაოდენობას, რასაც უფლებმოსილი სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ. ტექსტში ნათქვამია „წარუდგენს სამს“, რაც არ არის ყველაზე კატეგორიული ფორმა, მაგრამ ამავდროულად არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაგებულ იქნას, როგორც „შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი“. იქნებ, მე ვცდები, მაგრამ არ მომისმენია დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი! – #26.1 („საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად“). აქვე დავამატებ, რომ ჩემს გაგებას, რომ ეს მოთხოვნა უმცირესობის და უმრავლესობის მიერ სწორედ 3-3 კანდიდატების დასახელების ნამდვილად აუცილებლობაა და არა დასაშვები შესაძლებლობა, შემდეგი მომენტიც ადასტურებს ირიბად: თუ ეს მხოლოდ შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ, ლოგიკურად, კანონს იქვე უნდა განემარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო კვოტით დაშვებული რაოდენობა – მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არავინ დააკმაყოფილებდა უმცირესობის და უმრავლესობის გემოვნებას.
4. დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადებიც, თუ არ ვცდები, როგორც პირველ, ასევე – მეორე შემთხვევაში – #26.5 – („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს…) და #26.6 („თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა… და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი… 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს“). სხვათა შორის, ეს დარღვევა უმცირესობამაც დაუშვა და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა მართლაც გვიან წარმოადგინა. რაც, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ამით თავის მიერ წარმოდგენილ ძალიან კვალიფიციურ კანდიდატს ფორმალური წინააღმდეგობა თავადვე შეუქმნეს.

როდესაც პარლამენტის წევრები ლოგიკურ წინააღმდეგობაზე უთითებენ და ამბობენ, ფრაქციაში ვერ შევთანხმდით ერთიან კანდიდატზე და როგორ უნდა წარგვედგინა კენჭისყრაზე, როცა ვიცოდით, რომ ასარჩევად საჭირო ხმებს მაინც ვერ მიიღებდაო, ეს ნონსენსია. რადგან მართალია, წარდგენა ხდება საკუთარი ქვოტიდან და საკუთარი ფრაქციის (ან ფრაქციათა ერთობლიობის) მიერ, მაგრამ არჩევა ხომ ხდება მთლიანად პარლამენტის მიერ! ასე რომ, თუ თეორიულად უმრავლესობის რომელიმე კანდიდატი აგროვებდა უმრავლესობაში, დავუშვათ, მხოლოდ 40 ხმას, მისი კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მას ასარჩევად საჭირო დარჩენილი ხმები (36) უმრავლესობის გარედან მიეღო და კანონის თანახმად არჩეული ყოფილიყო პირველივე ტურში. იგივე შეიძლება ითქვას უმცირესობის კანდიდატებზეც. გარდა ამისა, პირველ ტურში კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ტურში გასამარჯვებლად ხომ საჭირო ხმათა რაოდენობა 76-დან სულაც 51-მდე ჩამოდიოდა!

საინტერესო იყო თავად პროცესზე დაკვირვება.

ა) ჯერ პარლამენტში უმრავლესობის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა 27-კაციან სიაში 3-4 პირის გარდა – ცნობილი სახეები! ძალიან უცნაური განცხადებაა – როგორ უნდა მომხდარიყო სიაში „ცნობილი სახეების“ კონცენტრირება! თან რა კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ „ცნობილ სახეებს“? – ხომ აშკარაა, რომ ერთი ადამიანისთვის ვიღაცები იქნებიან ცნობილნი და მეორისათვის – სხვები! ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ კანდიდატებს (მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილს, დავით მჭედლიძეს, უჩა სეთურს, გენო გელაძეს, ჯანა ჯავახიშვილს, ქეთევან კინწურაშვილს, ნინო ლომჯარიას, ნაზი ჯანეზიშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ანნა ძიაპშიპას, ნინია კაკაბაძეს, ალექსანდრე ვახტანგოვს, ელისო ჯანაშიას… და, სავარაუდოდ – ყველას იმ 27-დან!) შესაბამის პროფესიულ წრეებში ძალიან კარგადაც იცნობენ! და რამდენადაც კანდიდატთა შესარჩევი პროფესიული წრეების ჩამონათვალი კანონის მიხედვით ძალიან ფართო იყო („… ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“), გასაგებია, რომ ასეთი მრავალფეროვანი კოჰორტა ვერ იქნებოდა უნივერსალურად და თანაბრად ცნობადი ყველა პარლამენტარისათვის.

ბ) ამ განცხადებას სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა სრულიად საპირისპირო განცხადება! – იმდენი ბრწყინვალე კანდიდატურა იყო იმ 27-კაციან სიაში, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელი იყოო (და გამოდის, გული რომ არავის ძალიან დაწყვეტოდა, ყველას თანაბრად (!) დაწყვიტეს გული!)

გ) გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო პარლამენტარებისათვის კანდიდატების უფრო კარგად გაცნობა! კანონი ითვალისწინებდა ავტობიოგრაფიის, კონცეფციის, ტელევიზიით გადაცემული გასაუბრების და ტელევიზიითვე გადაცემული დებატების ხელმისაწვდომობას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც კი ინტერნეტზე და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. გაცნობის დამატებითი ფორმა იქნებოდა პარლამენტში კანდიდატების დაბარება და მათთან გასაუბრება, რაზეც პარლამენტმა თავად უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა (რამდენადაც ვიცი, – ალექსანდრე ვახტანგოვმა, უჩა სეთურმა, გენო გელაძემ) შესთავაზეს ასეთი გამოსავალი. ამით, მაპატიეთ და, მგონი, ძალიან უცნაური მიდგომა გამოჩნდა – არ ვიცნობთ, და არც გვინდა, რომ გავიცნოთ?

გენო გელაძის შემთხვევა განსაკუთრებით აუხსნელი და გასაოცარი იყო! ადამიანი დაასახელა კოლექტიურმა ორგანომ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იქაურმა როგორც უმრავლესობამ, ასევე -უმცირესობამ! იგი ასევე დაასახელეს აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მას აქვს ტელევიზიის კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი მდიდარი გამოცდილება. კანდიდატების შემრჩევი კომისიის მიერ მან მიიღო მაქსიმალური ქულა – 9. აჭარის უმაღლესმა საბჭომ იგი განმეორებითაც დაასახელა კანდიდატად. მისი კონცეფცია არის, ჩემი აზრით, იმდენად კარგი, რომ ძალიან მაინტერესებს, ბატონი გენოს დამწუნებელი პარლამენტარები რას უწუნებენ ამ კონცეფციას. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ორჯერ ისე ჩააგდეს, რომ არც მასთან შეხვედრა და გაცნობა უცდიათ და არც რაიმე კითხვებზე (თუ ასეთი კითხვები მის მიმართ არსებობდა) პასუხის მიღება. თუ გენო გელაძის მიმართ უმრავლესობას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი უმცირესობასთან დაკავშირებულია, რატომ არ უნდა ცდილიყვნენ ამის ისევე ღიად გარკვევას, როგორც ეს კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ გააკეთა ცალკეული კანდიდატების მიმართ? გენო გელაძის შემთხვევაში, პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ იგი არ მოიწონეს, არამედ ის, რომ იგი ისე დაიწუნეს, რომ არც მას და არც ჩვენ არ განგვიმარტეს, რა იყო ამ დაწუნების ლოგიკური მიზეზი… და ამით გაჩნდა ეჭვი, რომ ლოგიკური მიზეზი არც არსებობდა, ხოლო რეალური მიზეზი გასამჟღავნებლად უხერხული იყო!…

ახლა მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რაზეც აპელირებას აკეთებდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, და დღეს თქვენც – როგორ უნდა დაგვეძალებინა რომელიმე დეპუტატისათვის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, ამით ხომ მის პიროვნული არჩევნის თავისუფლებას დავარღვევდითო!

და ვინ ითხოვს, რომ პიროვნული არჩევნის თავისუფლება უნდა დარღვეულიყო?

წარსადგენი კანდიდატურის გამოსავლენად ხომ საკმარისო იქნებოდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარება! როგორ დავიჯერო, რომ 27 კანდიდატიდან (რომლებიც ბოლოსკენ ძალიან ცნობილებად და პატივცემულებადაც კი მოიხსენიებოდნენ) არ აღმოჩნდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სულ ცოტა 2 დეპუტატის მიერ მაინც იქნებოდნენ დასახელებულნი? და თუ ასეთები იქნებოდნენ (X, Y, ან Z), სწორედ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ კენჭისყრისათვის, თუკი ყველა დანარჩენი 2-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა! სწორედ პროცესის ამ ელემენტზე უარის თქმა – უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან სავალდებულო რაოდენობის კანდიდატთა წარდგენა პარლამენტისათვის – იყო დარღვეული. ხოლო თუკი წარდგენილ კანდიდატებზე კონკრეტული პარლამენტარები თავს შეიკავებდნენ ან წინააღმდეგი იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, არავის მისცემდა უფლებას მათი არჩევნის თავისუფლება შეეზღუდა!

მეტყვიან, რომ ასეთი წარდგენა და ასეთი კენჭისყრა წინასწარ განწირული და უაზრობაა?!

რატომ?
რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუნდაც მხოლოდ ორი ხმით დასახელებული და წარდგენილი კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც მეორე ტურში უცებ არ „აქაჩავდა“ ხმების საჭირო რაოდენობას? განა ასე არ მოხდა, როცა პირველ ტურში ძალიან მცირე – n რაოდენობის ხმების მიმღებმა კანდიდატმა მეორე ტურში ლამის n+100 ხმა მიიღო? არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ცვლილება პარლამენტარების პიროვნული არჩევნის თავისუფლებაზე ზემოქმედებით შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო იმას ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა რაღაც ისეთი დაინახეს ამ კანდიდატში (ან – გაიგეს!), რამაც მათი თავდაპირველი ნეგატიური განწყობა სერიოზულად შეცვალა. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ სხვების კანდიდატურებიც რომ დამდგარიყო კენჭისყრაზე, ან პროცესის გულშემატკივარ დიპლომატებს ცოტა ადრე რომ გაეკეთებინათ კრიტიკულ-წამაქეზებელი განცხადება, იქნებ იქაც მომხდარიყო მსგავსი შთამბეჭდავი პოზიტიური დინამიკა კანდიდატების მხარდამჭერთა რიცხვში!

სხვათა შორის, პირველი ტურის ჩავარდნის შემდეგ მეორე ტურში უფლებამოსილ სუბიექტებს თითოეულ ადგილზე არა ერთი, არამედ უკვე სამი კანდიდატის დასახელებაც შეეძლოთ! – რაც რომელიმეს არჩევნის შანსებს (თუნდაც შიდარეიტინგული კენჭისყრის შემდეგ) ალბათ გაზრდიდა – #26.7 („მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან“). თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს პუნქტი კანონში ცოტა გასამართია, რადგან ცალსახად არ ჩანს, რომ იგი მეორე ტურს ეხება. თუმცა იმ რიგითობის და ადგილის მიხედვით, რაც მას უკავია და შემდეგი ფრაზის გათვალისწინებით („შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა“) ლოგიკურად გასაგებია, რომ ეს სწორედ ასეა.

მაგრამ ეხლა გადავალ იმაზე, რაც მგონი, კიდევ უფრო სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კარგად დაწყებული პროცესის ასე საჩოთიროდ გაჯანჯლება – ეჭვი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებს იღებდა, და მაშინაც, როდესაც ამ კომისიას ამტკიცებდა, მათ სრულად ვერ გაიაზრეს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება ინერციით მიიღეს! და მხოლოდ მერე „აღმოაჩინეს“, რომ თურმე, ასეთი კანონით არჩევისას, რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს (სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტისათვის მისაღები კანდიდატის გასვლა საკუთარი ქვოტიდან!), რაც უკვე აღარ მოეწონათ! და რომ თურმე მათ მიერ ერთხმად დამტკიცებულ კომისიას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანდიდატები ჩააგდოს, რაც მერე მათ არ მოეწონათ… ეს კი ალბათ, მხოლოდ ორი ლოგიკური შესაძლო მიზეზით შეიძლება აიხსნას:

1) რომ დეკლარირებული „დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული ბორდი“ მხოლოდ დეკლარირებული სურვილი ყოფილა და არა – რეალური მიზანი.
და/ან
2) რომ პარლამენტარები კანონების მიღებისას ამ კანონების რეალიზაციის პოტენციურ შედეგებს კარგად ვერ თვლიან!!!

არაა გამორიცხული, რომ ორივე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს საკითხისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ის მეორე საკითხი გაცილებით უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.

განსაკუთრებით, იმ სერიოზული გამოწვევების და ინტრიგების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოდ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ!

ბატონო დავით!

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და კეთილ სურვილებს. შეიძლება სახეზე მართლაც ლამის არავინ მცნობდეს თქვენდამი რწმუნებულ ორგანოში, მაგრამ რატომღაც მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი ნაწერები მაინც შეიძლება იცოდეს პარლამენტის (უმრავლესობის) ზოგიერთმა წევრმა. ალბათ, შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ პირადი „გაბრაზება“ არ მალაპარაკებს. ნამდვილად არ ვარ გაბრაზებული. გულდაწყვეტილი კი ვარ. და არა იმიტომ, რომ მე არ ამირჩიეთ (ან უფრო სწორი იქნება – „არა იმდენად იმიტომ“), არამედ იმიტომ, რომ თავიდან ძალიან კარგად დაწყებული პროცესი ისე წარიმართა, რომ საზოგადოების ნდობა დაიკარგა. სწორედ ეს მგონია ამ შემთხვევაში მთავარი დანაკარგი და არა – რომელიმე ჩვენთაგანის ამბიციები, უნარ-ჩვევები და გამოცდილება…

ისე კი, მიმაჩნია, რომ საზმაუს საბჭოს უკვე არჩეული 4 წევრი (ყველა მათგანს ვულოცავ!) ჯერ კიდევ კარგ შანსს ქმნის, რომ ეს საბჭო წინაზე ბევრად უკეთესი იყოს. მთავარია, რომ ახალი კომისიის მიერ ახალ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ისევ გამჭვირვალედ წარიმართოს, და რომ ეს არჩევნები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს (მაინტერესებს, რას იზამთ, თუ ახლა მომავალი 15 კანდიდატიდანაც არ აღმოჩნდება პარლამენტარების მოსაწონი 5 „დიმიტრი გელოვანი“? კენჭისყრაზე ისევ არავის კანდიდატურა დადგება?)

ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ პარლამენტარებს არ გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მოწონებით იქნება აღქმული. მაშინაც კი, თუ იგი პროცედურების, ნორმების და ლოგიკის შესაბამისობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ, თქვენს გვერდით მიგულოთ!

არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენთვისაც, საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც კარგი მინდა… და ამისთვის, არ მომერიდება გითხარათ – ძალიან მერკანტილური მიზეზი მაქვს: მინდა აქ დავრჩე და ვიცხოვრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში!

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)
(ექიმი, ბლოგერი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი)
29.01.2014


წასვლა/დარჩენის ფენომენის შუქ-ჩრდილები


BIDZINA
რამდენიმე დღის წინ ესტონურ გაზეთში Pastiimes.ee გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მისი აზრით, საქართველოში შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მას საშუალებას მისცეს დანაპირები აასრულოს და პოლიტიკიდან წავიდეს. „ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს“ – განაცხადა ივანიშვილმა. თუმცა მეორე დღეს თავად განმარტა მისი სიტყვები, რომ პოლიტიკიდან წასვლის განზრახვა არ ნიშნავს ქვეყნიდან წასვლას და მხოლოდ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გეგმებს უკავშირდება. ამით ბიძინა ივანიშვილმა თითქოს შეასუსტა ის სერიოზული აჟიოტაჟი (და კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობაში ლამის დაწყებული ეგზალტაციური აღფრთოვანება), რაც მის ინტერვიუს მოჰყვა, თუმცა კითხვები დღემდე რჩება.

თავად უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადების შემდეგ გაორებული იყო. ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, ნაწილი – პირიქით, ამბობდა, რომ ეს ნაადრევია, და იმედს გამოთქვამდა, რომ პრემიერი გადაწყვეტილებას შეცვლის.

გულახდილად უნდა ვთქვა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე წერას ვერიდები. ჩემს მიერ ბლოგზე გამოქვეყნებული 250-ზე მეტი სტატიის 9/10 მის ოპონენტს, მიხეილ სააკაშვილს ეძღვნება. ივანიშვილის შესახებ კი თითქმის არ მაქვს დაწერილი ერთიც კი.

მიზეზი რამდენიმეა:
1) ბიძინა ივანიშვილისაგან დღეს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დავალებულია. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს ნაციონალები და მათგან გამოკვებილი ფსევდოოპოზიცია. სხვა დანარჩენები კი სულ უფრო მეტად ცხადად ვხედავთ, რა კოშმარისაგან გადაგვარჩინა ამ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლამ და მისმა სწორმა სვლებმა. აშკარაა, რომ საქართველო საააკშვილის კრიმინალური ბანდის მმართველობის პერიოდში სრული დეგრადაციის გზას ადგა. თითქოსდა, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს, რომ ადამიანს, რომელიც მხსნელად მიგაჩნია, სამადლობელი დითირამბები უძღვნა. გამოგიტყდებით, ეს არც მხიბლავს, არც მეხერხება და არც მგონია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ჭირდებოდეს. პირიქით, ჩემი აზრით, მას სწორედ ისეთი მხარდამჭერები სჭირდება, ვინც მის მხარდაჭერას უაზრო და ამორალურ განდიდებად არ აქცევენ.
2) თუმცა, ჯერჯერობით, არც კრიტიკა გამომდის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან ჩემი აზრით 1 ოქტომბრის გამარჯვება ჯერაც არ გაფორმებულა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და მეტიც, თუ ვინმე დღეს აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების წარმატებას ათასნაირი დასაშვები თუ ბინძური მეთოდებით, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამნაშავე რეჟიმის ნარჩენებია.
3) ბიძინა ივანიშვილს გაცილებით ნაკლებად ვიცნობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. მიშას უკვე მოხარშულს ვცნობ. მისი მეთოდები იმდენად გაშიფრულია, რომ ხშირად წინასწარ ვხვდები, რას იზამს. ივანიშვილის ქმედებები კი უფრო ძნელად, რომ გამოვიცნო. ერთი რაც აშკარაა – სააკაშვილისაგან განსხვავებით, ივანიშვილი უფრო საფუძვლიანად ამზადებს თავის ქმედებებს, დიდხანს იცდის და ძირითადად კონტრდარტყმას ახორციელებს. გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი – ივანიშვილის ტაქტიკა აიკიდოს კლასიკაა, როცა მოწინააღმდეგეს მისსავე დაწყებულ თავდასხმით მოძრაობაში ხელს ისე მიაშველებ, რომ ძირს ბრაგვანი გაადინოს. ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, აიკიდოს სტილი ყველაზე ხარჯ-ეფექტურია – გაცილებით ნაკლები აქტივობით ხდება იგივე შედეგის (მოწინააღმდეგის დამარცხება) მიღწევა, ვიდრე სხვა სტილის გამოყენებისას.
4) ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან ხშირად დამატებით განმარტებებს საჭიროებს. ბევრი ფიქრობს (მეც), რომ ეს არცთუ სახარბიელოა პოლიტიკოსისთვის. თან, რაც ყველაზე საინტერესოა, განმარტებებს მისი პრეს-მდივნები ან აპარატის მუშაკები კი არ აკეთებენ, (როგორც ეს დასავლეთში ხდება), არამედ – თავად ივანიშვილი. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს შეგნებული ტაქტიკა იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აღტყინდებიან თითოეულ ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგის ადეპტები, როგორ უელავთ თვალები მოსალოდნელი გამარჯვების იმედით, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი როგორ იქცევა თითქმის ნულად, აშკარაა, რომ ხშირად მთელი ამ აჟიოტაჟის შედეგი ორია: მედიამ უამრავი დრო დახარჯა ივანიშვილზე ლაპარაკში, ხოლო ნაციონალების აჟიტირება ფრუსტრაციით მთავრდება. და არაფერი ისე მძიმედ არ აღიქმება, როგორც დამარცხება (ან თუნდაც ფრე) იქ, სადაც თითქოს უეჭველი გამარჯვება უკვე ხელში გეჭირა…
5) იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილის PR სტრატეგიაზე. ძალიან ხშირად ექსპერტები უწუნებენ ივანიშვილს იმას, რომ მან პი-არ სტრატეგია ვერ აარჩია, რომ ლობისტების ნაკლებობა დასავლეთში ძალიან სახიფათოა. უნდა ითქვას, უკანასკნელ ხანებამდე მეც ასე ვფიქრობდი, რომ რამდენიმე გამოცდილი ლობისტური და პი-არ ფირმის მომსახურება ძალიანაც საშური იქნებოდა იმ პირობებში, როცა ნაციონალური მოძრაობა ძირითადად უცხოეთში ლობისტური და PR- ბრძოლებით ცდილობს რეაბილიტაციას, მაშინ როცა საქართველოში მათი იმიჯი უკვე არავითარ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახლა, როცა ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ საზარელი ვიდეოდოკუმენტები არსებობს, ალბათ, ნაცმოძრაობის დაქირავებულ ძვირადღირებულ პი-არ ფირმებსაც გაუჭირდებათ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მათი კლიენტები „დემოკრატიის ბურჯები“ და „უსამართლობის მსხვერპლნი“ არიან.

გავიხსენოთ, ვინ უჭერდა მხარს ნაცმოძრაობას და თავად სააკაშვილს 2012 წლის დასაწყისში – აშშ ადმინისტრაცია და კონგრესი, დასავლეთ ევროპის ლიდერთა უდიდესი უმრავლესობა, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ეუთო, ნატო, დასავლეთის მედიასაშუალებები, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერები. და სავარაუდოდ, მოსახლეობის 35-45%. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ გამოირკვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მხარი არ დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების გაყალბებას. ამის შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერების რიცხვი, გამომჟღავნებულ სისტემური დარღვევების, წამების ფაქტების და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტების პარალელურად, სულ უფრო მცირდებოდა დ დღეს იმავე NDI-ის კვლევებით, უკვე 7-10%-ის დონეზეა (ხოლო ამ ბოლო კოშმარული წამების ვიდეოჩანაწერების შემდეგ შეიძლება უკვე 5%-ზე ნაკლები იყოს!). უკვე კარგა ხანია, მიშას აღარ ეხმიანებიან დასავლეთის ლიდერები. თანდათან მინავლდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წინა ხელისუფლების წევრების დაკავებით შეშფოთების ხარისხი და სიხშირე, და სადღეისოდ, როცა მისი რეჟიმის დროს მასობრივი, სისტემური დანაშაულის სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზების ფაქტები უკვე ეჭვს ნაკლებად იწვევს, სააკაშვილს ფაქტიურად ძალიან ცოტა ვინმე თუ უჭერს მხარს, მაგალითად, – ევროპის სახალხო პარტია, ჟურნალი „ეკონომისტი“ (რომელშიც ტრადიციულად მიშას მხარდამჭერი სტატიები „სარედაქციოა“, ანუ, ავტორის გვარის გარეშე იბეჭდება), ვლადიმერ ლუკაშენკო და ვალერია ნავადვორსკაია!.. დღეს, როდესაც აშშ საელჩოს პერსონალი ამბობს, რომ შოკირებულნი არიან იმ ვიდეოკადრებით, რომელთა თავის მაღალი რანგის ფუნქციონერებთან კავშირს უკვე თავად პრეზიდენტი და მისი გუნდის წვერები ვეღარ უარყოფენ, წარმოგიდგენიათ, როგორ ნანობენ თავიანთ ნაჩქარევ მხარდაჭერას ამერიკის კონგრესმენები, თუ დასავლეთევროპელი პოლიტიკოსები?! ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განცდილი მარცხი, როდესაც ევროპის უდიდესმა – სახალხო პარტიამ – EPP-მ – ნაცმოძებისათვის სასურველი საკითხის დღის წესრიგში ჩასმა ვეღარ მოახერხა, მაშინ როცა ასამბლეის თავ-რე, ბატონი მინიონი თავად არის EPP წევრი, მაგრამ არ მოისურვა სააკაშვილის სპექტაკლის თამაში, აშკარას ხდის, რომ ყოველგვარი განსაკუთრებული პი-არ-ის გარეშეც ივანიშვილმა დანაპირების ასრულება მოახერხა – სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს და მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ამაზრზენი ფენომენი იმალებოდა სააკაშვილის ვარდისფერი დემოკრატიის ნიღაბს მიღმა…

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ ივანიშვილის განცხადებას და მასზე მედიაში გაცხადებულ რეაქციებს:
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ივანიშვილის განცხადებაში სერიოზულ რისკებს ხედავს – კერძოდ იმას, რომ ივანიშვილის კოალიცია აბსოლუტურად ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებული, საკმაოდ განსხვავებული პარტიების და პოლიტიკოსების ნაკრებია, რომლის მომავალი – გამაერთიანებელი ე.წ. „ღერძული“ ლიდერის გარეშე ძალიან სათუოა. გარდა ამისა, თავად საზოგადოებაც ძალიან მიეჩვია ასეთი ტიპის ლიდერის არსებობას და თან იმდენხანს არსებობას, რომ მათ ჩრდილში ვიღაც ახალი თაობები და ლიდერები გამოზრდილიყვნენ. ახლა კი ლამის მოსვლისთანავე ასეთი უეცარი წასვლა ბევრს აკრთობს. ქ-ნი ხათუნა ბოლოში ფრთხილ ოპტიმიზმსაც გამოთქვამს: „თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ძალიან კარგი პრეცედენტი იყოს და შევძლოთ ძალიან ბევრი პოლიტიკურად თანაბარი წონის პარტიებში სტაბილურობის მიღწევა, მაგრამ ამის გარანტიას დღეს ამ გადმოსახედიდან ვერ ვხედავ.“

პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ თავის ბლოგზე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა – „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოლიტიკური გამარჯვების მაუწყებელი იქნება“.
http://kalmasoba.com/analitika/544-bidzina-ivanishvilis-politikidan-tsasvla-misi-politikuri-gamarjvebis-mautsyebeli-iqneba.html
„ბიძინა ივანიშვილის შემდეგ თუ საქართველოს სახელმწიფო კვლავინდებურად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი დარჩა, რაც ყველა უსამართლობის სათავედ გვევლინება, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მარცხი იქნება და მისი განვლილი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია, რომ იგი პროცესებიდან გაქცევას აპირებდეს ანუ თავად გეგმავდეს და ეგუებოდეს საკუთარ მარცხს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობა წარმატებულად შეფასდება არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გატარებული წლების ხანგრძლივობით, არამედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეძლებს სახელმწიფოში სისტემური გარდაქმნის განხორციელებას.“
ვასილ მაღლაფერიძე საკმაოდ ღიად ამბობს, თუ როგორ ხედავს იგი ივანიშვილის როლს და მის წასვლა-დარჩენას: „ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული წასვლა რისკებისგანაც დაზღვეულია, ვინაიდან სწორედ ამ ნაბიჯით იგი განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.“
შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას: „ხელისუფლებაში ასეთი უეცარი მოსვლის და შემდეგ ძალაუფლების ნებაყოფილობით დათმობის სხვა მაგალითი პოლიტიკის ისტორიაში ძალიან ძნელად საპოვნელია და ამგვარი რამ მართლაც რომ ბევრს ძალიან გააოცებს, მათ შორის ევროპაშიც.“
თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბ-ნი ვასილი აუცილებლად მიიჩნევს ორი პრობლემის გადაჭრას:
ა) 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის ამოქმედების პირობებში პრემიერის ინსტიტუტის საოცრად გაზრდილი უფლებამოსილების დაბალანსებას: „დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში არ არსებობს სხვა მაგალითი, რომ უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნოდეს და მთავარი პოლიტიკური ფიგურა ხდებოდეს ვინმე ისე, რომ მას არჩევნებში მონაწილეობაც კი არ ევალებოდეს… აუცილებელია შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება, თორემ შემდგომ პრემიერებს აუცილებლად გაეღვიძებათ ავტორიტარული ვნებები, რადგან თავად კონსტიტუციიდან გამომდინარე პოლიტიკური ვითარება უბიძგებთ ავტორიტარიზმისკენ.“
ბ) ხოლო მეორე პრობლემა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც ავტორის აზრით, ახლაც – ნაცმოძრაობის სრული დისკრედიტაციის და რეიტინგის კატასტრიფული ვარდნის პირობებში – უკვე მომწიფებულია, ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში კი უკვე აუცილებლობად იქცევა.

====
გამოგიტყდებით, მე გაცილებით უფრო მეპრობლემება ბატონ ბიძინა ივანიშვილის „წასვლა-დარჩენის“ ფენომენი, რომელიც ნამდვილად უცხო ხილია დასავლური დემოკრატიის გამოცდილებაში და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია (უფრო მეტი – უარყოფითი) მოჰყვება. და ამას რომ განსაკუთრებული გაშმაგებით შეეცდება საქართველოს (უფრო სწორად კი – სააკაშვილის) ე.წ. უშიშროების საბჭო და მისი მდივნის თანამეცხედრის ჟურნალის არტილერია, ამაზე „ტაბულას“ უკვე დაანონსებული ივლისის ნომერი და მის გარეკანზე გამოტანილი შექსპირის პერიფრაზი „წასვლა-არწასვლა, საკითხავი, აი, ეს არის“ მიუთითებს.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი წასვლას არ აპირებს, უბრალოდ, სურს მოახდინოს იმის რეალიზაცია, რაც თავის პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა. აპირებს, გადავიდეს სამოქალაქო სექტორში და გააძლიეროს იგი. ამაში არის სერიოზული პოზიტიური ელემენტი, მაგრამ არის სერიოზული რისკებიც.
პოზიტიური ელემენტია ის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილის პერიოდი იმედების, იმედგაცრუების, დათრგუნვის და გამარჯვების ეტაპებისაგან შედგებოდა, ამჟამად საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილის მცდელობამ, რომ სამოქალაქო სექტორი მთლიანად გაეკონტროლებინა, სერიოზულად კი დაასუსტა არასამთავრობო ორგანიზაციები და ბევრ ხელიდანკვებად ხელოვნურ სატელიტს ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ვინც არ გატყდა და გაძლო, ნამდვილ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ. სამწუხაროა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორის დადებით როლს და პოტენციალს ვერ ხედავს და ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. სახიფათოა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭები და გოგონები დღეს 99%-ით არასამთავრობო სექტორში გადაბარგდნენ, „სტრატეგიული“ და „ალტერნატიული“ სახელები დაირიგეს და ისეთი ოდიოზური ფიგურების მეთაურობით, როგორიც არიან ეკატერინე ტყეშელაშვილი, გია ნოდია, თეა თუთბერიძე, მიშა თავხელიძე, გიგა ნასარიძე და სხვები, ცდილობენ, „დამოუკიდებელი ThinkTank-ების იმიჯი მოირგონ. ეკა ტყეშელაშვილის “დამოუკიდებლობა” არ გაიშვა უკან კარში! გია ნოდიას და მისი სტალინის ძეგლებზე მონადირე „მალიარი“ მეუღლისა – საერთოდ!
ამ პირობებში ძალიან საინტერესო იქნება, თუ შეიქმნება საზოგადოებრივ ინიციატივათა მხარდაჭერის, ან სამოქალაქო განვითარების ფონდები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების და სპეციალისტების მიერ გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსის პირობებში გაანაწილებენ საგრანტო დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა დაინახოს, რომ დაფინანსება სწორედ იმ ორგანიზაციებს ერგოთ, ვინც სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და არა იმათ, სადაც ბიძინა ივანიშვილის მადიდებელი ხალხია თავშეყრილი. ვფიქრობ, ივანიშვილისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუ საქართველოში ჩამოყალიბდება იმის მსგავსი სერიოზული პოლიტიკური, სოციოლოგიური, დემოგრაფიული, ეკონომიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრები როგორც დასავლეთის ქვეყნებში. იმისათვის, რომ ისინი მთლიანად ერთ წყაროზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, აუცილებელ კომპონენტად მიმაჩნია დამატებითი გრანტების მიღების მექანიზმი და შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვა. სწორედ ეს ცენტრები გახდებიან დამოუკიდებელ ექსპერტთა (რეალურ და არა თვითმარქვია, ან მედიის მიერ მონათლულ ექსპერტებზე მაქვს საუბარი) სამჭედლო, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მრჩეველთა თუ პოლიტიკოსთა რიგებს შეავსებენ. ასევე, ამერიკის მსგავსად მიღებული პრაქტიკა იქნება, რომ არჩევნებში დამარცხებულ პარტიათა აქტივისტებს, სწორედ აქ შეეძლებათ გარკვეული პერიოდით მათთვის საინტერესო კვლევებში ჩაბმა, რაც გარანტირებული, რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. მე პირადად, სწორედ ამ ტიპის საზოგადოებრივი საქმიანობა მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებრივი სექტორის განვითარების ძალიან სერიოზულ მექანიზმად. პოლიტიკა პოლიტიკის გარეთ უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები რეალურ მეცნიერებას ფლობდნენ, სწორედ რამდენიმე ასეთი ცენტრის არსებობაა საჭირო და გასაგებია, რომ მხოლოდ ბიზნესი ან მხოლოდ პარტიები მათ ვერ დააფინანსებენ და არც იქნება გამართლებული. აი, ზეპარტიული ინტერესების მქონე ფილანტროპი კი გაცილებით მისაღები იქნება ასეთი ფონდის მმართველად.

როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ სექტორში თავისი მომავალი გადასვლა და პროცესებზე სწორედ იქედან გავლენის მოხდენა დაანონსა, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ ადამიანი არც პრემიერ-მინისტრი იქნება და არც პრეზიდენტი, მაშინ როგორ მოახერხებს იგი თავის ხედვების მთავრობამდე მიტანას და არა მარტო მიტანას, არამედ, როგორც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, იმას, რომ – „… განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.“
გასაგებია, რომ მილიარდერის სტატუსი რეალურ ბერკეტებს აძლევს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როგორ მოხდება ამ სტატუსის ლეგალიზაცია? განცხადების დღესვე სოციალურ ქსელებში დაიდო შეკითხვები, მოსაზრებები და ანალოგიები.
ორი მათგანი იყო: „ქართველი დენ სიაო პინი“ და „სამოქალაქო პატრიარქი“.
გასაგებია, რომ ორივე ეს შედარება საკმაოდ კრიტიკულად შეიძლება იქნას აღქმული. დენ სიაო პინმა მართლაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა კომუნისტური ჩინეთის იმ ჩინეთად გარდასაქმნელად, რომელიც მსოფლიო კაპიტალისტური ეკონომიკის მთავარ მწარმოებლად ჩამოყალიბდა და ახლა უკვე მთავარ მომხმარებლობაზეც აქვს პრეტენზიები. ჩინეთის არნახული ეკონომიკური ძლიერება ნამდვილად შეიძლება დენ სიაო პინის მემკვიდრეობად შეფასდეს. მაგრამ თუ დემოკრატიის განვითარების კუთხით მივუდგებით, დენი ნამდვილად ვერ ჩაითვლება დემოკრატად. პირიქით, მთელი მისი დოქტრინა და იდეოლოგია იმისკენ იყო მიმართული, რომ კეთილდღეობის ზრდისა და გამდიდრების კვალობაზე ჩინელები კომუნისტური პარტიის სამუდამო ერთმმართველურ დიქტატს უნდა შეგუებოდნენ. ასე რომ, თამარა ჩერგოლეიშვილის მიერ დანთხეული გესლი „დემოკრატიის ჩინური მოდელისა“ და „კომუნისტური სამოთხის დანერგვის მცდელობებზე“ ადვილი წარმოსადგენია.
დარწმუნებული ვარ, ჟურნალი „ტაბულა“ ასევე სერიოზულ შეტევას მიიტანს „სამოქალაქო პატრიარქის“ ვერსიაზე და სამოქალაქო სექტორში „თეოკრატიის“ დუბლირების, ირანული მოდელის ქართული ვერსიის შემუშავების და საბოლოო ჯამში დემოკრატიის ყლორტების და საფუძვლების ტორპედირების მცდელობაში დასდებს ბრალს პრემიერ-მინისტრს.

და მართლაც, უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან რთულად მესახება თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან მისადაგებული სუპერმრჩეველის როლი. წარმოვიდგინოთ, რომ რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა რაღაც საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო, ეს შეიძლება დაბლოკოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო კრიზისის წარმოქმნისას – პრეზიდენტმა, მაგრამ უეცრად სცენაზე შემოდის პიროვნება, „მოქალაქე კეინის“ მსგავსი სახელმწიფო მრჩევლის სტატუსით და გაცილებით უფრო ეფექტურად აგვარებს ამ კრიზისს. სახელმწიფო მოგებულია ტაქტიკურად, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში ამან შეიძლება დაბლოკოს ნორმალური დემოკრატიული პრინციპების, მექანიზმების და ინსტიტუტების განვითარების პროცესი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული ფორმით მოხდება და ჩვენ გვეგონება, რომ პარლამენტი წყვეტს, ხოლო სინამდვილეში პარლამენტის როლი შეიძლება ისეთივე ფიქტიური იყოს, როგორ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო.
ასე რომ – პრობლემა არის. თან არის ამ პრობლემის გარეგნული სახე – რას იტყვის ნატო, ევროკავშირი, ეუთო, კონგრესი…
და არის პრობლემის, ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი – რომ ამან ყველაფერმა შეიძლება ინფანტილურ ეტაპზე გაყინოს ჩვენი დემოკრატიის განვითარება.
მაგრამ, მოდით საკითხს ასეთი კუთხით შევხედოთ – რა არის ეს – დემოკრატიის განვითარება და არის თუ არა დღეს საქართველოს სახელმწიფო განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მან შეიძლება სრულად და დემოკრატიულად მართოს თავი?
ალბათ -არა! საპარლამენტო პარტიებიდან ყველაზე ახლოს ტრადიციულ პარტიასთან – თავისი ისტორიული გამოცდილებით და საკადრო რესურსებით მხოლოდ ერთია – რესპუბლიკური პარტია, რომელსაც 35 წლიანი გამოცდილების გარდა ზურგს ისიც უმაგრებს, რომ მოიხედვად სიძნელეებისა, თავისი პრინციპები და პარტიული დოქტრინა გააჩნია და ამდენხანს თავი როგორღაც მოიტანა – ძირითადად, იდეალისტების მცირე ჯგუფის წყალობით. დანარჩენი პარტიები ან ერთი ადამიანის ირგვლივ გაერთიანებულ ახლადწარმოქმნილ ჯგუფები უფრო არიან, ან – ისეთი პარტიები, რომელთაც დამოუკიდებლად მონაწილეობა არჩევნებში არასოდეს მიუღიათ. ისე, ამ მხრივ – არჩევნებში მონაწილეობით კი, მაგრამ შედეგებით – რესპუბლიკური პარტიაც ვერ დაიკვეხნის.
ის, რომ საქართველოში ნებისმიერი მმართელი პარტია არჩევნებში დამარცხებისთანავე ქრებოდა კაბადონიდან, პოლიტიკური პარტიების ბუტაფორიულობის და ასევე – პოლიტიკური პროცესის ზეანგაჟირებულობის დამსახურება იყო. აქ გასათვალისწინებელია საკმაოდ სერიოზული ეროვნული ფენომენიც – საქართველოში (პოლიტიკურ პროცესში მაინც) დამარცხებულს მაშინვე მიატოვებენ მხოლოდ! ამ მხრივ, ნამდვილად საწყენია, რომ დავით უსუფაშვილის ძალიან გონიერი ფორმულა, რომ საქართველოს პოლიტიკური პროცესისათვის ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება საჭირო იყო, ძალიან ცოტამ თუ გაიგო სწორად და უსუფაშვილს ბევრი ტალახი მოხვდა სხვადასხვა მხრიდან, იქამდეც კი, რომ ნაცმოძრაობასთან გარიგება დააბრალეს. სინამდვილეში კი აქ ძალიან მარტივი აზრი იყო ჩადებული. პარტია, რომელიც 10 წელია ქვეყანას მართავდა, რაღაც გამოცდილებას იღებს, რომელიც გადასაგდები არაა და რომელიც პოლიტიკური პარტიებით უაღრესად მწირ საქართველოს შეიძლება გამოდგომოდა. პრობლემა მხოლოდ იმაში იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობის „ლიდერშიფი“ იმდენად გახრწნილი აღმოჩნდა (80-90-იანი წლების კომპარტიაზე და მოქალაქეთა კავშირზე მეტადაც კი, რამეთუ ამ დონის ორგანიზებული, სისტემური დანაშაული და დაჭერების თუ წამების ქცევა ეკონომიკისა და პოლიტიკის მამოძრავებელ ძრავად წინა რეჟიმებს აზრად არ მოსვლიათ), ხოლო პარტიის ქვედარგოლები და პოტენციურად ნაკლებად დეგრადირებული ნაწილი – იმდენად ვერშემძლე, დროზე გამოყოფოდა განგრენოზულ თავს, რომ ალბათ დავით უსუფაშვილის ლოზუნგს დღეს თავად ბატონი დავითიც დრომოჭმულად და არარეალურად მიიჩნევს.
პარლამენტში ბევრია ბალასტი, სამინისტროების და სსიპ-ების/სააგენტოების ბირთვები ნაცმოძრაობის დროს ძირითადად პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით დანიშნული ხალხია, სასამართლოების მმართველი მწვერვალი უფრო კატასტროფულია, ვიდრე ქვედა დონე, ადგილობრივი მმართველობები სრული გაურკვევლობაა, განათლების სისტემა გასამართია, ჯანდაცვას პულსი აღარ ესინჯება… პოლიცია და ჯარი – შედარებით უფრო მოწესრიგებული ორი სტრუქტურა, სადაც იქაც საკმარისადაა ხარვეზი…
ამ პირობებში იმის იმედად ყოფნა, რომ გამოუცდელი ჭრელი პარლამენტი, ახალბედა პოლიტიკოსი პრეზიდენტი და ჯერ კიდევ უცნობი ახალი პრემიერ-მინისტრი და არსებული სახელმწიფო სტრუქტურები გარე და შიდა გამოწვევებით დახუნძლულ ქვეყანას სცილას და ქარიბდას შორისაც გაატარებენ, ბიზნესსაც ააყავავებენ, სამართლის ძიების ანგარიშსწორებაში გადაზრდის პრევენციასაც მოახერხებენ, დემოგრაფიულ კატასტროფას აგვაცილებენ ზედმეტი ოპტიმიზმი იქნება. ასეთ დროს ნამდვილად მერჩივნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე დანაპირების შესრულების კარგი უნარით და პრობლემების მართვით ნამდვილად შესაშურ დონეს აჩვენებს, თუ კიდევ დარჩებოდა. მინიმუმ – ადგილობრივი მმართველობის და სავარაუდოდ – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და კონსტიტუციური რეფორმის ჩამთავრებამდე.
ხოლო, თუ მაინც პოლიტიკის დატოვების და ქვეყნის მართვაზე ზემოქმედების მქონე პირად დარჩენის კაზუსი იქნება ამოქმედებული, შემდეგი პირობები მიმაჩნია სასურველად:
1. მექანიზმები უნდა იქნას მოფიქრებული ისეთი, რომელიც არსებულ რეალობას ასახავს და არა იმას, სხვები როგორ ჩათვლიდნენ მისაღებად. თუ გადაწყვეტილების მიმღები პირი ცალკეულ შემთხვევებში ბიძინა ივანიშვილი იქნება, კარგად უნდა იქნას გაწერილი მისი სტატუსი, ამ შემთხვევების შესაძლებლობა და ასევე ის, სანამდე და რა პირობის ასრულებამდე შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფო მრჩეველის მმართველობა. მე პირადად, ბიძინა ივანიშვილისთვის იდეალურ თანამდებობად სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსი მიმაჩნია. ისეთ დალაგებულ და ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც შეერთებული შტატებია, ამ თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილებები საკმაოდ მოქნილია იმის მიხედივთ, ვინ იკავებს მას და როგორია ქვეყნის მდგომარეობა. ვფიქრობ, ეს უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ურმის მეხუთე ბორბლის ძიება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ სექტორში გადასვლა და სამოქალაქო განვითარების ფონდის საქმიანობის გაძღოლა ცოტა გართულდება, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას ბიძინა ივანიშვილი ჩემზე უკეთ მოაბამს თავს.
2. მიუღებლად მიმაჩნია ისეთი სიტუაცია, თუ ბიძინა ივანიშვილის გავლენა სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე იქნება ფარული და გასაიდუმლოებული. არა მგონია, რომ ვინმესთვის სასარგებლო იქნება იმის მსგავსი ილუზია, როგორსაც სააკაშვილის დროს ჰქონდა ადგილი, როცა ქვეყნის მეორე პირი ზოგჯერ პირველ ათეულშიც კი არ შედიოდა, ხოლო ქვეყნის მესამე პირს საფერფლის ენაზე ელაპარაკებოდა პრეზიდენტი. ისევე, როგორც ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის როლს მისი მოადგილე ასრულებდა…
3. აბსოლუტურად ვეთანხმები ვასილ მაღლაფერიძეს – აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შეკვეცის მხრივ. თუ ჩვენ ისეთ სუპერ-პრემიერის თანამდებობას შემოვიღებთ, როგორც ეს სააკაშვილს თავისთვის სურდა, ამით რეალურად ხელს ვუბიძგებთ, ნებისმიერ, თუნდაც ძალიან წესიერ ადამიანს, რომ იგი დიქტატორად იქცეს! სხვათაშორის, ვერ გავიზიარებ ვასილ მაღლაფერიძის ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების შესაძლებლობა. აჯობებს, რომ ნაცად ფორმულას – „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“ – მივსდიოთ, ანუ კონსტიტუციის რაღაც ნაწილი, კერძოდ, ის რაც პრემიერ-მინისტრის ზედმეტად გაზრდილი უფლებამოსილებების პარლამენტის სასარგებლოდ შეკვეცას ეხება, სასწრაფო წესით უეჭველად ახლავე მივიღოთ, რომ ოქტომბრისათვის, როდესაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ელემენტების ამოქმედდება, რისკები მინიმიზირებული იყოს. მე სწორედ ეს მეჩვენება უკეთეს ვარიანტად, ვიდრე ზეძლიერი სუპერ-პრემიერის არჩევითობის შემოღება.
4. რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არა მგონია, რომ მათი გამართვა 2013 წელს მოხერხდეს (მაშინ ისინი სააკაშვილმა უნდა დანიშნოს, რაც ლამის წარმოუდგენელად მეჩვენება, თუ სააკაშვილი ამის ფასად ინდულგენციას არ მიიღებს, რაც მე პირადად მიუღებელი მგონია). ამიტომ, ასეთი არჩევნების ჩატარებას ახლა აუცილებლად არ ვთვლი. ეკონომიურადაც და ლოგიკურადაც ეს არჩევნები რიგგარეშედ თუ ჩატარდება, აჯობებს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დავამთხვიოთ – ამ დროს ამომრჩეველთა სიაც გასწორებული უნდა იყოს და კონსტიტუციის ძირითადი რეფორმაც – დასრულებული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას და მის სასწრაფო და სრულ ნაწილებს, ამაზე საკმაოდ კარგად არის მოთხრობილი ვახუშტი მენაბდის ბლოგში – „რას გვასწავლის ახალი კონსტიტუციური რეფორმა“ http://blogs.liberali.ge/ge/blog/1631/115240/

წარმოდგენილი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებებს ბევრი ხიშტით შეხვდება, ხოლო ბევრი აბუჩად აგდებით და დემოკრატიაზე მრისხანე ლექციებს წამიკითხავს – რა ეგების და რა არ ეგების.
ძვირფასო კრიტიკოსები – მიშა სააკაშვილის ეპოქაში ცხოვრობდით? – ცხოვრობდით!
გეგონათ რომ დემოკრატია იყო? – გეგონათ!
მე კი დიდი ხანია აღრ მეგონა! 2007 წლიდან მაინც.
ვიცოდი, რომ გულაგისაკენ მიგვაქანებდა ჩვენი მესაჭე. რაც უფრო მეტს გვიჩიჩინებდა იმაზე, რა გადასარევი დემოკრატია გვქონდა, თურმე, მით უფრო მეტად გამოიყენებოდა ცოცხი და ბილიარდის კიი, როგორც ნაცმოძური დემოკრატიის მთავარი „ინსტრუმენტები“, და საპროცესო გარიგება, – როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი. D:D:D
ამიტომ, ნუ დამიწყებთ ლექციების კითხვას იმაზე, როგორი უნდა იყოს “ჭეშმარიტი დემოკრატია”! ჭეშმარიტი დემოკრატია, ჩემი აზრით, არ არის ალბანეთში, ბულგარეთსა და რუმინეთშიც, რომლებიც ნატოს წევრები არიან (უკანასკნელი ორი – ევროკავშირის წევრიცაა 2007 წლიდან), მეტიც – ევროკავშირის უფრო ხანდაზმულ წევრ-სახელმწიფოებშიც კი, როგორიცაა უნგრეთი და ჩეხეთი, ზოგიერთი ლიდერი და მათი მოქმედებები ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან, ხოლო ის, რომ ძირძველი დემოკრატიის ერთდროულად ორ ქვეყანაში – იტალიაში და საფრანგეთში ხელისუფლების ყოფილი უმაღლესი პირი ან უკვე დაჭერილია (ბერლუსკონი), ან მის მიმართ საქმეა აღძრული (სარკოზი) კორუფციაში ბრალდებით (ისევე, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის კლაუსის მიმართ), იმაზე მეტყველებს, რომ იდეალური დემოკრატიისგან გადაცდომები სხვაგანც გვხვდება. მთავარია, ამან სისტემური, ორგანიზებული ხასიათი არ მიიღოს!.. როცა სახელმწიფო დანაშაულის გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ დანერგვას, გავრცელებას და შენარჩუნებას!
ნამდვილად ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, რომლებიც ნაცმოძრაობის რეჟიმთან კოჰაბიტაციისაკენ მოგვიწოდებენ, თავად კი არც ის აინტერესებთ, რა სახის ტანჯვა-წამებას ახორციელებდენენ ამ რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაში ფლანგავდა ფულს პრეზიდენტი, რამდენი ადამიანის მიმართ იყო შეთითხნილი ბრალდება ფულის გამოსაძალავად… ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას იმაზე, რომ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად მოსახლეობის 90%-ის ბაზისური უფლებები გამუდმებით ირღვეოდა, თურმე მთავარი შესაშფოთებელი ლგბტ აღლუმის ჩატარებისას მისი მონაწილეების მიმართ ძალადობა ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ ამართლებს ამ აღლუმის დამრბევთა ძალადობას, მაგრამ ასევე არ ამართლებს ამ ძალადობის ქვეყნის უდიდეს პრობლემად წარმომჩენთა მიკერძოებულობას.
ამიტომ, რაც უფრო მეტად გვიკითხავენ მორალს იმაზე, რა კარგია კოჰაბიტაცია მოძალადე რეჟიმთან, სულ უფრო მიმტკიცდება იმის შეგრძნება, რომ ამის დასაჯერებლად მინიმუმ ის მჭირდება, რომ ვიცოდე, ამ ადამიანებმა ნახეს ის საშინელი ვიდეოები და მაინც კოჰაბიტაცია ელანდებათ აწ და მარადის სასურველ გამოსავლად. და როდესაც იმაზე მელაპარაკებიან, რომ საქართველო ავღანეთში საკუთარ უსაფრთხოებას იცავს, რატომღაც იმაზე ვფიქრობ, რატომ უნდა ჰყავდეს საქართველოზე სამჯერ უფრო მცირე კონტინგენტი ავღანეთში 10 მილიონიან ჩეხეთს, ან – 17 მილიონიან ჰოლანდიას, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით ნატოს წევრებიც არიან და ევროკავშირისაც. მით უფრო, მაშინ, როცა ჩვენ საკუთარი ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს და ყველანაირი ლოგიკით უსაფრთხოების დასაცავად სულ არ გვჭირდება შორეულ ავღანეთში გამგზავრება…
ალბათ აჯობებს, რასაც ვაკეთებთ, ღიად ვაკეთოთ, თუნდაც გარკვეული გადახვევებით იდეალური დემოკრატიის სამარშრუტო რუქისაგან, ვიდრე იმას ვთვალთმაქცობდეთ, თითქოს ჯორჯ ვაშინგტონის ნაკვალევს მივყვებით და სინამდვილეში კი წამების უნარ-ჩვევებით გვინდოდეს დემოკრატიის ძნელი გზის სპრინტერული გარბენა ფასადური დემოკრატიით მოხიბლული უცხოური აუდიტორიის ტაშისკვრის ფონზე…