პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ, უბრალოდ, – სამართლიანი?!


elections

არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე სერიოზულ მსჯელობაში შესვლას. რადგან მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩემზე გაცილებით უფრო კვალიფიციური ადამიანია თავმოყრილი და თუ ვენეციის კომისიის შესაძლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე მმართველი ძალის მხრიდან წინასწარ გაცხადებულ მზაობას გავითვალისწინებთ, თითქოს, ამჯერად მაინც არ უნდა მოხდეს ის, რაც ბევრჯერ მომხდარა, როცა თითქოსდა გვინდოდა უკეთესი სისტემა მიგვეღო, მაგრამ რეალურად ვერაფერიც ვერ გავაუმჯობესეთ. ხოლო, როგორც სააკაშვილის დროინდელ შესწორებებისას მოხდა, – ზოგი რამ სერიოზულად გავაუარესეთ კიდეც.

საპრეზიდენტო არჩევნების წესის მიმართ გაჩენილი აჟიოტაჟი, გასაგები კია ჩემთვის, მაგრამ მათ რიცხვს ვეკუთვნი, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების წესზე შეთანხმება და სწორედ ამ ფრონტზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მიაჩნიათ უპირველეს პრიორიტეტად, რადგან თუ ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, სწორედ საპარალამენტო არჩევნები არის და იქნება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და სწორედ აქ განსაკუთრებით მიუღებელია ხარვეზების და შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების შანსის დატოვება.

მგონი, პოლიტიკური პარტიებიც, პრეზიდენტიც, არასამთავრობო სექტორიც, მედიაც და უცხოელი ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების პრაქტიკამ ვერ გაამართლა. ერთეული გამონაკლისების გარდა, მაჟორიტარები მუდმივად იყვნენ ხელისუფლების მორჩილი და მდუმარე უმრავლესობა და ადვილად გადადიოდნენ ხელიდან ხელში, როცა ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალა იცვლებოდა.

და როგორც ვიცით, უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოში არჩევნები მომავალში მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. მრავალ ქვეყანაში ეს სწორედ ასეა და იქნებ, ჩვენთანაც უფრო გაამართლოსო. მართლაც, ეს წესი მოქმედებს ხორვატიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში (ყველგან – 5%-იანი ბარიერით), ნორვეგიასა და შვედეთში (4-4%),  იტალიაში (4% – პარტიებისთვის, 10% – კოალიციებისთვის), ესპანეთსა და საბერძნეთში (3-3%),  დანიაში (2%),  შვეიცარიაში, ისლანდიაში და კიდევ 80-მდე ქვეყანაში.

მაგრამ, პროპორციული წესის დანერგვით არჩევნების სამართლიანობის  გამოსწორების იმედი მე ნამდვილად ვერ მექნება, თუ პროპორციული სისტემა იმ მოდელით იქნება შემოღებული, რომელშიც პარტიული ბარიერი საკმაოდ მაღალ დონეზე 5%-ზე დარჩება, ხოლო ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული და გაუნაწილებელი მანდატები მიუკუთვნება პირველ ადგილზე გასულ პარტიას, პრინციპით „მოგებულს ყველაფერი რჩება“!

მოდით, ისევ განვიხილოთ 2008 და 2016 წლის არჩევნების მაგალითი – რა იყო აქ მთავარი პრობლემები, და როგორ „გამოსწორდებოდა“ მდგომარეობა, თუ ეს არჩევნები ახლა შემოთავაზებული „ნეოპროპორციული“  სისტემით ჩატარდებოდა.

ბლოგის სრულიი ვერსია იხილეთ გვერდზე liberali.ge

http://liberali.ge/articles/view/28855/proportsiuli-mazhoritaruli-shereuli-tu-ubralod–samartliani

 

 

 


არჩევნების ბოლო კვირა – აჟიოტაჟი, რეალობა და მირაჟები


 

ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ტელევიზიებში იმ საკითხზე, მოხდება თუ არა რევოლუცია, გადატრიალება, დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ან მინიმუმ – რაიმე ლოკალური „თაქი“.

ეს კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში პირველად 26 სექტემბერს გაჩნდა, როცა ნაციონალური მოძრაობის შვილობილი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ დატოვა რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის ახალგაზრდამ, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაშიც კი იყო 117-ე ნომრად. როგორც მათ განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვდა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობების მოწყობას და პროვოკაციული ქმედებების ინსპირირებას თუ ასეთ პროვოკაციებში მონაწილეობას. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ნაცმოძრაობამ ამ მიზნებისთვის შექმნა ახალი სპეციალური ორგანიზაცია – „საქართველოს ერთგულების სახელით“.

მეორე დღეს (27.09) იუთუბზე აიტვირთა აუდიოფაილი, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტის კიდევ ოთხი ლიდერი, რომლებიც პარტიულ საარჩევნო სიაში არიან, თანმხდებიან რა იმაზე, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რომ მეორე ადგილი და რამე კოალიციებში შესვლა, განსხვავებით გიგა ბოკერიას პოზიციისაგან, მათ არაფერს შველით, იხილავენ ქვეყანაში გადატრიალების სცენარს და საუბრობენ ამ სცენარში სხვადასხვა კომპონენტების – კარვების აქციის, მომიტინგეთა დაქირავების, შენობებში შევარდნის, სექსუალური ძალადობის და სხვა დეტალებზე. ხოლო ერთი მათგანი ამაყად აცხადებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და გამოცდილი კადრია.

ამას მალევე (28.09) დაემთხვა წინადღით საზეიმოდ გახსნილ აღმაშენებლის გამზირზე ფაშისტური სიმბოლიკით გამოწყობილი ქართველი ნაციონალისტების მარში, რომელთაც თურქული მაღაზიების და რესტორნების დარბევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მალევე გაანეიტრალა ეს მცდელობები და დარბევის ათიოდე მონაწილე დააკავა.

დაბოლოს, 29 სექტემბერს საკმაოდ მოულოდნელად შსს-მ გამოაცხადა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ამოღებული არსენალი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე (ნორიოში, გორში, საგურამოში, და – კიდევ 2 ადგილზე – თბილისში) 2009-2011 წლებში იყო გადამალული,  მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ზემოთაღწერილ მოვლენებს. აშკარაა, რომ ამ მასალების აღმოჩენა სხვადასხვა დროს ხდებოდა.

და ყველაფერ ამას ემატება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ მათთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იქნება არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, არამედ ის, თუ რას შედეგს დადებს რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია GFK მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლში.

 

ახლა ვცადოთ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას, – თუ ცდილობს ვინმე რამე გადატრიალებას და რამდენად შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოს.

====

  1. რევოლუცია თუ ალიაქოთი?

არსებობს ხმაურიანი და ძალადობრივი განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, ან – სხვადასხვა ფაზა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხმაური, ან სხვადასხვა პარტიის თუ კანდიდატის მომხრეთა დაპირისპირება, რაც ყოველთვის ახლავს საარჩევნო კამპანიას. დამოუკიდებელ საქართველოში  ეს არასოდეს არ გვიკვირდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, რომ წელს ასეთი შეხლა-შემოხლის მაგალითები ამერიკაშიც ვიხილეთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე.

რაც შეეხება გადატრიალების ან რევოლუციის შესაძლებლობას:

გადატრიალებისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გააჩნდეს ერთგული მებრძოლი კადრები როგორც ძალოვან სტრუქტურებში (საშუალო ან მაღალ ეშელონებში), ასევე – პარტიზანული რაზმები, საკმაოდ მძლავრი შეიარაღება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერა უცხოეთის რომელიმე წამყვანი ძალიდან – ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი ან თურქეთი. ძლიერი საინფორმაციო რესურსის (რუსთავი2-ის) გარდა, მას სხვა დასახელებული ფაქტორები არ გააჩნია. კაკო ბობოხიძის სამხედრო გადატრიალების გამოცდილების იმედად თუ დარჩენილა მიხეილ სააკაშვილი და მართლა არაფერი ჰქონია მარაგად… ამერიკის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად კარგია, რომ ნეტავ შეერთებულ შტატებში იყოს ამჟამად ასეო, ძალიან ცივი შხაპი იყო ნაცმოძრაობისთვის, რომლის ადეპტები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა, ასევე – თემურ იაკობაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ ევროპასა და ამერიკაში იმ სურათის დასახატად, თითქოს საქართველოში საშინელი წინასარჩევნო ტერორი მძვინვარებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

რევოლუციურ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტი ფაქტორი სჭირდება – ხალხში სათანადო განწყობების, უკმაყოფილების მაღალი მუხტის, რევოლუციისთვის ქუჩაში გამოსასვლელად და დაპირისპირებისათვის მზადყოფნის, ხელისუფლების მხრიდან ხალხის საჭიროებების სრული დაიგნორების, და სხვა ფაქტორები. რეალურად არაფერი მსგავსი ამჟამად არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ:

1.1. – საქართველოს და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს გადატრიალებებმა და რევოლუციებმა რა ხეირი მოგვიტანა! ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, საკმარისად მომწიფებულია, და უკვე შორს არის აგრესიული განვითარების სცენარებიდან, რომ გადატრიალებას არ ანაცვალოს ძლივს მიღწეული სტაბილური ყოფა, რომელიც ნამდვილად არაა საკმარისი და ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას, ალბათ, იწვევს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების დასამხობად აღდგნენ.

1.2. – მიხეილ სააკაშვილის და მისი დესტრუქციული, ანტიჰუმანური გუნდის ხელისუფლებაში და მეთოდების ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც რევანშმოწყურებული რეჟიმის დაბრუნება. არ ვიცი, მონანიების რა სხივი დაინახა სანდრა რულოვსმა მისი მეუღლის თვალებში, მაგრამ კარგად გვახსოვს სწორედ ამ მეუღლის მხრიდან სარკასტული ხითხითი – „ქინძი ვიყო, მანდ სისხლი დაიღვრებაო!..“ და არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა ამ რეჟიმის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, რევოლუციურმა სცენარის ამოქმედებამ შეიძლება ამ სცენარის ავტორები – ლეგალურადაც და პრაქტიკულადაც – ძალიან მძიმე პოზიციაში ჩააყენოს!

ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტაიგენოსსე შეეცდება, რომ მოახდინოს, ეს არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სხვადასხვა კომპლექსური პროვოკაციების რეზონირებით, რასაც უახლოეს დღეებში, ალბათ ვნახავთ.

 

  1. თავად მცდელობა და მცდელობის ორი ვარიანტი

2.1. აჟიოტაჟის შექმნა

არაა გამორიცხული, რომ რეალურად დაგეგმილ პროვოკაციათა გარდა, ნაცმოძრაობის ტაქტიკაში დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა მოდელირებები და გაყალბებები, რათა მაქსიმალურად შეიქმნას აჟიოტაჟი მოსალოდნელ რევოლუციურ კატაკლიზმებზე! არ დაგვავიწყდეს, რომ ძალების სისუსტე მათ ხმაურის სიძლიერეს აიძულებს, თანაც ეს ის ასპექტია, სადაც მათ ჯერ კიდევ შენარჩნებული აქვთ თავიანთი ყველაზე მძლავრი რესურსი – გებელსური დემაგოგიის უნარ-ჩვევები + რუსთავი2.

ამის მაგალითები დღეს უკვე მრავლად ვიხილეთ –

2.1.1 – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ეკლესიაში ამბიონიდან მოქადაგე (მესიჯი – ქართული ეკლესიები, მინიმუმ საზღვარგარეთ – მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს!) მერე გამოირკვა, რომ ეს უკრაინული კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მასთან საარჩევნო შეხვედრისთვის იქირავეს და იქ არავინ სხვა არ შეუშვეს!

2.1.2 – მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე! მოდელირებული მესიჯი –  ამერიკა, მისი [გარდაცვლილი, ცოცხალი თუ მომავალი] ლიდერები და მისი დემოკრატიის სიმბოლოც მხარს უჭერს „დემოკრატიის შუქურას“! – სინამდვილეში ამერიკაში ნებისმიერი დიქტატორიც, თუ ვიზა ჩაურტყეს, მოახერხებს ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე ვიდეოს გადაღებას. მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაც კონფერენციაზე იყო და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ რა ისაუბრა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა, ამაზე დუმს. ჯონ მაკკეინთან შეხვედრის კადრებიც ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების გარეშე იყო რუსთავი2-ის რეპორტაჟში, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ მიშას მისთვის სასურველი მიღება ამერიკის ისტებლიშმენტში არ ჰქონდა.

2.1.3 – გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებები იმის თაობზე, თითქოს მათ გაიგეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს და თხოვენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, – არ დატოვოთ ქვეყანა, უბრალოდ ოპოზიციაში  გადადით, ხელს არ გახლებთ, არ დაგიჭერთო. იმასვე იძახის ვაშინგტონიდან მათი ბელადი. მოკლედ, ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, იმდენად სიურეალისტური, სალვადორ დალის შეშურდებოდა!

2.1.4 – დაბოლოს, „უშველებელი გარღვევა“ პროპაგანდისტულ ფონზე – ვის გაგიკვირდათ, არ ვიცი, მაგრამ მოხდა დიდი ხნის წინ უკვე აშკარა ამბავი და რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK კვლევაში ნაცმოძრაობამ ქართულ ოცნებას გადაასწრო! მართალია, ჯერ უპირატესობა მინიმალურია, და მხოლოდ 0.6% უდრის (26% vs. 25.4%),  მაგრამ დარწმუნებული ბრანდებოდეთ, დარჩენილ დღეებში კვაზი-გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და ეგზიტ-პოლი რომ მოვა, იქნებ სულაც 51% vs. 22% გახდეს, ვინ დაუშლით, რომ? როგორც კოსტა ჟორჟოლიანის გმირი იძახდა „დაკარგულ სამოთხეში“ – „მასპინძელს უხარია და, შენ ვინ გკითხავსო!“ ამის შეგრძნებას განსაკუთრებით აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თურმე GFK-ის საველე სამუშაოებს ქართული კომპანია BCG ასრულებს, როლის დამფუძნებელი ნაცმოძრაობის დეპუტატი და 2008 წელს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყო, ხოლო ამჟამინდელი დირექტორი  – მისი მეუღლე ანი თარხნიშვილია! მოკლედ, ამაზე იტყვიან – “შენ დაუკარ!”-ო

2.1.5 – ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რუსთავი2-მა და ნაცპროპაგანდის სხვა საშუალებებმა უშველებელი ცრუ-ციფრი ააზვირთეს, რომელსაც ყველა ნაცლიდერი დაჟინებით იმეორებს – ივანიშვილმა აღიარა თავის ბოლო გამოსვლაში, 30% უჭერს მხარს ნაცმოძრაობასო – ანუ, უკვე შეგუებულია მარცხსო! სინამდვილეში, ივანიშვილმა თქვა, ამომრჩეველთა 30% ჯერაც ფიქრობს, გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, ხოლო 150-200 ათასი ადამიანი კი რჩება ნაცმოძრაობის ერთგულიო… თუ კარგად დავთვლით, 150-200,000 მაქსიმუმ მხოლოდ 10%-12%-ია პოტენციურად არჩევნებზე სავარაუდოდ მიმსვლელი 1,5-1.7 მილიონი ამომრჩევლისაგან!

ეს ყველაფერი შეიძლება დავასათაუროთ, როგორც „ბიძინა, მოვედით!“ და “Леопольд, выходи! выходи подлый трус!” კამპანია და ძირითადად, საკუთარი ერთგული მხარდამჭერების, რომელთა შორის რღვევის ნიშნები გამოჩნდა, გამხნევების ოპერაცია. რათა დააჯერონ ისინი, რომ ყველაფერი უმაღლესადაა, არჩევნები მოგებულია, თან, როგორც სააკაშვილი ამბიონიდან იძახდა, თუ რომელიმე რეგიონს აგებს ხელისუფლება, ესეიგი, მთლიანადაც წაგებული აქვთ არჩევნები! (არ ვიცი, რამდენად თუნდაც ერთ რეგიონს იგებს, მაგრამ ეს სისულელე რომელ საარჩევნო კოდექსში წაიკითხა ან რომელი ლოგიკით ასკვნის, საინტერესოა!)

 

2.2.  რეალური მცდელობა

რეალური მცდელობები სააკაშვილს ექნება და უკვე ჰქონდა.

2.2.1 – თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ შარშან, რუსთავი2-ის საკუთრების საქმის სასამართლოში გარჩევის დროს მის საუბრებს ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა უარყოფილი ამ პირების მიერ: სააკაშვილი ავალებდა გვარამიას, რუსთავი2-ის შენობაში „ბაევიკების“ შემოყვანას და ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიაში მოსლოდნელი შეჭრის დროს თუ შვილიანი დედა დაიჭრებოდა. ამ საუბრების შემდეგ საქმეც აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის შესახებ.

2.2.2 – ამჟამინდელ საუბარში, რომელიც ასევე სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერაა ინიცირებული (ყოველ შემთხვევაში, სხვა სავარაუდო პირებსს საკუთარი ხმის ავთენტურობა არ ეეჭვებათ, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია და ისინი სხვა პერიოდსა და სხვა გადატრიალებაზე საუბრობენ…) ძალიან ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ არჩევნები წაგებული აქვთ (ამას ყველა ეთანხმება), და რომ საჭიროა რევოლუციის მოწყობა – სააკაშვილი ამბობს – ბოკერია არჩევნების წაგების მერე კოალიციებზე ფიქრობს და მე ეგ გზა არ მაწყობს, მე კაკოს იმედი მაქვს, ეგ გამოცდილიაო (ეს „კაკოც“ ომახიანად ადასტურებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული!)

2.2.3 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია, კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის რევოლუციის დაწყების ნიშანი იქნება ის, თუ ცესკოს შედეგები არ დაემთხვა რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს! იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წარმატების დასტური იყო მის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის სრული ლოიალურობა, ან – არჩევნების დღეს შუადღეზე ჯორჯ ბუშისგან მოლოცვა! ან – ეუთოს თუ სხვა უცხოელ დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნა! ან – ამერიკის ელჩის განცხადება! მაგრამ ახლა მისი ლეგიტიმაციის დონე ძალიან ქვევით დაეშვა და მხოლოდ საკუთარი ერთგული ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული GFK-ის ეგზიტპოლია მისი სანუკვარი ბილეთი! სწორედ იმ GFK-ისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა დაქირავებული, რომელმაც მაშინ ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ 33% დაუწერა, რაც არჩევნების რეალურ შედეგს, არა – დასაშვები 3%-ით, არამედ, – 22%-ით ჩამორჩებოდა! ამჟამადაც GFK-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა უკვე „იგებს“ და სავარაუდოდ, მისი „უპირატესობა“ პროგრესულად ან გეომეტრიულადაც კი – „გაიზრდება“. მართალია, სერგი კაპანაძე და ნაცმოძრაობის სხვა დე-იურე ლიდერები იძახიან, – ჩვენ ცესკოს შედეგებს ვენდობითო, მაგრამ ეს მხოლოდ ყასიდი განცხადებებია, რომელსაც ის და ნაცმოძრაობის სის პირველი ათეულის დანარჩენი წევრებიც მაშინვე უარყოფენ, როგორც ამის საჭიროებაზე სააკაშვილის ბრძანებას მიიღებენ.

2.2.4 – დღეს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, მათ შორის სოფლის ყოფილმა გამგებელმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სცემეს, მათ შორის ერთ გოგონას – ლიკა დემეტრაძეს თავში ქვა ჩაარტყეს და ოცნების 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს უკვე სამეგრელოს რეგიონში სიხლიანი დაპირისპირებისთვის მზადყოფნისა და მაგალითის მიცემის ხასიათს ატარებს.

2.2.5 – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სიის ლიდერებს პარლამენტში მოხვედრა და კიდევ 4 წელი პოლიტიკურ აქტივობა, ალბათ, გულის სიღრმეში მაინც, დამაკმაყოფილებელ პროგრამა-მინიმუმად მიაჩნიათ, მაგრამ აბა, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ?! მას ეს ვარიანტი აბსოლუტურად არ აწყობს. საკუთარი ცოლის პარლამენტში ხილვაც კი ვერაფერი ბედენა იქნება მისთვის, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი პარლამენტარის მეუღლეზე ვერ გავრცელდება. ასე რომ, როგორც დაუდეგარი ავანტურისტის  ტვინს ახასიათებს, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორის ფანტაზიებში ახლა მრავალი პროვოკაცია იხარშება, როგორ მოაწყოს რამე ისეთი  საქართველოში, რაც მას თეთრ ცხენზე დაბრუნების შანსს მისცემდა. მის პროვოკაციულობას საზღვარი არ აქვს და არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც და ახლობლებსაც კი დაუფიქრებლად დააყენებს საფრთხის წინაშე, ოღონდ, მინიმალური, ან სულაც ილუზორული შანსი გაუჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად დააპირებენ მასთან პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას მისი თანაგუნდელები, და რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება გაყვნენ ავანტიურაში უბრალო მოქალაქეები.

 

  1. წინასაარჩევნო გარემოპოზიტიური რეალობა

3.1 – ამერიკის ელჩის უაღრესად პოზიტიურ განცხადებაზე ზემოთ უკვე დავწერე.

3.2. – ასევე ძალიან პოზიტიური იყო ეუთოს სადამკვირებლო მისიის პირველი ანგარიში. თუმცა აღინიშნა ორ მთავარ კონკურენტ პარტიას შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.

3.3. – საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნების ბედი ცესკოს ნაცმოძრაობის ერთგული თავმჯდომარის კაბინეტში საიდუმლოდ ჩაკეტილი ფაქსის აპარატზე საიდუმლოდ მოსული ფაქსებით წყდებოდა. ამავდროულად მაშინ ინტენსიურად გამოიყენებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, უბანზე კარუსელები, გადაღებული იყო პოლიცილების მიერ ყუთების დატაცების, ან მასიურად საარჩევნო ურნებიდან ნაგვის ურნებში ბიულეტენების ჩაცლის ფაქტები, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საუბნო კომისიებიდან სააჩევნო ურნების ნიღბინა სპეცნაზელათა მიერ გატაცების ფაქტები, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დაშინების და ზეწოლის ფაქტები… მეტიც, 2008 წელს ევროკავშირის მისიის ხელ-ლი პიტერ სემნები ნაცმოძრაობის წევრებმა უბანზე მოიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სადღაც! საგულისხმოა, რომ თავად პიტერ სემნებიმ, რომელიც კარგად ხვდებდა, რა დონის ავანტიურისტებთან და კრიმინალებთან ჰქონდა საქმე, ამჯობინა, ხმა არ ამოეღო ამ ფაქტზე, რაც თავისთავად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი სისტემის სიმახინჯეს. მეტიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა პირველ ტურში მხოლოდ 3.7%-ით მოიგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ხმის დათვლა უბნების 19%-ზე ჩატარდა სერიოზული დარღვევებით! და იყო ან ცუდი, ან – ძალიან ცუდი! მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს 19% სწორედ მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა, და რომ არა ეს ფაქტი, 3.7%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო!

3.4. –  ეს ყველაფერი იყო წარსულში! ახლა კი მოხერხდა ნაცმოძრაობის მიერ 50%-დან 30%-მდე ჩამოქვეითებული მაჟორიტარული ბარიერის ისევ აწევა 50%-მდე. და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად – მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება. ელექტრონული ID ბარათების შემოღებით მათი გაყალბების შანსი ძალიან შემცირდა, უბნებზე სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უკვე ფოტოებსაც შეიცავს, რაც აქაც გაყალბების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო ახლახანს ცესკომ ისიც განაცხადა, რომ ხმათა დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში ლაივ-სტრიმით განხორციელდება. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. და არა – ესა თუ ის წინასწარი კვლევები, ან ეგზიტ-პოლები. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეგზიტ-პოლი არ ხდება არჩევნების საფუძველი. პირიქით, ცესკოს შედეგებთან ეგზიტ-პოლების სიახლოვე ამ ეგზიტ-პოლების სისწორეზე მეტყველებს და არა – პირუკუ, როგორც მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სურთ, რომ იყოს.

 

  1. კითხვები ხელისუფლებასთან:

4.1 – რა ხდება ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ანტისახელისუფლებო გადატრიალების მოწყობის შესახებ? ვინ დაიკითხა, რა შედეგებია? ხომ არ იყო უპრიანი, მიხეილ სააკაშვილზე და მისი პარტიის აქტივისტებზე, რომლებიც წამდაუწუმ ოდესაში დადიან და საათებს ასწორებენ, ლეგალურად დაწყებულიყო მოსმენები და ეს საუბრები იქედან ყოფილიყო მიღებული და არა – ვიღაც უცნობი წყაროსაგან?

4.2 – რატომ მოხდა იარაღის საწყობების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ახლა გამჟღავნება? თუ ამდენი უკანონო იარაღი იყო აღმოჩენილი, ვინ დაიკითხა, თუ არის უკვე რამე ინფორმაცია და თუ ვიცით, ვისი ბრძანებით და ორგანიზებით მოეწყო ეს სამალავები?

4.3 – ვინ იდგა აღმაშენებელზე ნაციონალისტების მარშის ორგანიზების უკან? თუ დადგენილია, ვინ ახდენს ამ ჯგუფის იდეურ ხელმძღვანელობას და დაფინანსებას? თუ ფიქრობს ვინმე, რომ სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილს ძალიან ენდომებოდა ერდოღანისათვის იმის დემონსტრირება, რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოში თურქ მოქალაქეებზე და ბიზნესმენებზე ნაციონალისტები “ნადირობენ”!

4.4 – თუ ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე სუს-ში, როდის და როგორ მოხერხდება მათი დაკითხვა?

4.5 – რამდენი ხანი დაჭირდება ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და თუ ეს დადასტურდა, ხოლო ამ მომენტისათვის არჩევნები დასრულებული არ იქნება, რა ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ სასამართლოსთვის თავის არიდება ვერ მოხერხდეს?

4.6 –  როგორ მოხერხდება სავსებით ლოგიკური ეჭვის აცილება, რომ ბოლო კვირაში მხოლოდ ნაცმოძრაობის გააქტიურება კი არა, ნაცმოძრაობის აქტივობებთან პარალელურად მომხდარი მოულოდნელი აღმოჩენები – საიდუმლო ჩანაწერები იქნება ეს, უცებ გაცხადებული იარაღის საიდუმლო საცავები, თუ კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება ახლა ამოტივტივდეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაგროვებული მასალა არ არის, რომელიც დროულად გაჟღერების ნაცვლად არჩევნების ბოლო კვირისთვის იყო შემონახული, რათა ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა მოეხდინათ?

 

  1. სხვა პარტიების შესაძლო აქციები

ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეიძლება არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოუნდეს: ნინო ბურჯანაძემაც და შალვა ნათელაშვილმაც განაცხადეს, რომ მათი პარტიების რეიტინგი შეიძლება 80%-იც კი იყოს! საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასევე აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებს ისინი იგებენ (მინიმუმ 30% გვაქვსო). პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად აქტიური რღვევითი პროცესებისა მის შიგნით, ხშირ-ხშირად გვახსენებს, რომ იგი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც  ხალხისთვისაა მოწოდებული და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გააჩნია. თავის ამბიციებს არ ფარავენ თავისუფალი დემოკრატებიც და ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურებული რესპუბლიკელებიც. ეს პარტიები თუ მინიმალურ გამსვლელ ხმებს მაინც მიიიღებენ, ეს უკვე 30%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ  ამ პარტიათა ლიდერების ამბიციებს, არაა გამორიცხული, რომ მათ, თუნდაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი,  მაინც გამოთქვან პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ეჭვებს შეუერთდნენ. ისიც დასაშვებია, რომ ბევრმა მათგანმა თავისი ეგზიტ-პოლი ჩაატაროს და განაცხადონ, რომ სწორედ ამ ეგზიტ-პოლს ენდობიან და არა – ცესკოს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს. რომ ცესკოს და ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები – მობილიზებული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად ძალზე ფრთხილად, რომ მათმა ზედმეტმა ჩარევამ  საარჩევნო პროცესის  სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩინოს.

========

 დასკვნა:

 ჩემი აზრით, მიუხედავად  მრავალფეროვან პროვოკაციათა  მოსალოდნელი მცდელობებისა, 8 ოქტომბერს პროცესი მაინც მშვიდობიანად განვითარდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი გაკვეთილი აქვს მიღებული და წესით, აღარ უნდა ელოდოს რაიმე სარგებელს რევოლუციური პროცესებისაგან და ეგზალტირებული ავანტიურისტებისაგან. ანუ, დესტაბილიზაციის მცდელობები მოსახლეობაში ნოყიერ ნიადაგს ვერ ჰპოვებს

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში აქა თუ იქ (ძირითადადსამეგრელოსა და აჭარაში) დესტაბილიზაციის მდგრადი კერები შეიქმნა, ამით უდავოდ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა, რომელსაც ახლა აქტიურად საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ არ იტყვის უარს შანსის გამოყენებაზე, თუ ასეთ შანსს მას თავად მივართმევთ ლანგარზესაკუთარი ოპონენტების მიმართ დაუნდობლობის დემონსტრირებით, და მოდელირებული პროვოკაციებით ფსევდორევოლუციური დაძაბულობის შექმნის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი ამ გაფრთხილებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს, როგორც არ გაუთვალისწინებია 2008 წელს, როცა მას შინ თუ გარეთ ბევრი აფრთხილებდა. ყველას უნდა ახსოვდეს (მის მხარდამჭერებსაც, ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც), რომ როცა დესტაბილიზაციის ინიციატორს მაგრად გაუჭირდება, იგი ყოველთვის მოძებნის გასაქცევს, ხოლო ჩვენ შეიძლება ეს ავანტურა გაცილებით ძვირად დაგვიჯდეს, – როგორც ეს 2008 წელს კოდორის, ახალგორის, თუ თამარაშენის მოსახლეობას დაუჯდა

misha-ukr


ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


არჩევანის ზღვარზე (ქართველი ამომრჩევლის გაკვეთილები)


Bad-Officials-Are-Elected-By-Good-Citizens-Who-Do-Not-Vote.-»-George-Jean-Nathan

წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი აღნიშნა.

ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი არჩევნები ჩატარდა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი (მათ შორის – მერების). იყო საკმაოდ კარგად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის – 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მიღებამდე ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები იყო) და, – სამწუხაროდ, უფრო ხშირად – ცუდად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები), რომელთა ჩატარების მეთოდებმა და შედეგებმა სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

და მაინც, მიუხედავად ამ, თითქოსდა, უკვე ხანგრძლივი გამოცდილებისა, და იმ სანუგეშო შედეგისა, რომ ბოლო სამ არჩევნებში  – 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ არჩევნის გაკეთება საკმაოდ მოულოდნელი, ემოციური, სპონტანური, თუ სულაც გაუაზრებელი ქმედებაა, რომელიც რაციონალური ანგარიშით ნაკლებად თუ შეიძლება აიხსნას, არამედ, უფრო – ქართული ფოლკლორის მარგალიტებით: „მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველსა“, „მე ხომ გულით ვიხედები, გული – ჩემი თვალებია“, „გულამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ, ჩემო სულიკო“, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“…

მეც ერთი თქვენთაგანი ვარ. თავადაც ამ ქვეყნის შვილი და ჩვენი მძიმე უახლესი ისტორიის თანაზიარი, და, გარკვეულწილად, თანამონაწილე. მეც მიმიცია ხმა ზოგჯერ ისეთი კანდიდატისათვის, რომ მერე მწარედ იმედგაცრუებული დავრჩენილვარ. ჩემზეც მოუხდენია გავლენა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იმას გვპირდებოდა, რაც ჩემს ყურს საამოდ ესმოდა, თუმცა ძალიან საეჭვო კი ჩანდა… მეც მიმიცია უმრავლესობის წამხედურობით ხმა იმ ადამიანისთვის, ვინც არ მიმაჩნდა იმ მომენტში საუკეთესო კანდიდატად… თუმცა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ყოველთვის ვცდილობდი, წარსული შეცდომების ანალიზზე მესწავლა.

ამჯერად გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაკვეთილების სახით გაგიზიაროთ. მზა რეცეპტები არ გამაჩნია და არც შეუცდომლობის პრეტენზია მაქვს. ვიფიქროთ ერთად და იქნებ უფრო უკეთ მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი, რაც უკეთესი ხელისუფლების და უკეთესი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება…

 

====

არჩევნები, როგორც მოსახლეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ფორმალიზებული აქტი რომელიმე ხელისუფლის ასარჩევად, საკმაოდ ძველი პროცესია – ძველ საბერძნეთსა თუ რომში, ისევე როგორც ძველ ინდოეთში, სხვადასხვა სახის არჩევნები იმართებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო სისტემატური ხასიათი არჩევნებს რომის რესპუბლიკაში ჰქონდა, სადაც მრავალი სხვადასხვა დონის მოხელე, მათ შორის უმაღლესი მოხელეებიც – კონსულები – სწორედ არჩევნებით ირჩეოდა. არჩევნებს ჰქონდა თავისი პროცედურა, განრიგი და წესდება.

არჩევნები წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. დაწყებული მე-17 საუკუნიდან, ევროპის სახელმწიფოთა სულ უფრო მეტ ნაწილში ძალას იკრებდა წარმომადგენლობითი ხელისუფლების იდეა, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია სწორედ ხალხის ნების სათანადო შესწავლით უნდა მომხდარიყო. ამან მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძველი მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს დაყოფა  განვითარებული დემოკრატიის, შედარებითი დემოკრატიის და არადემოკრატიულ ქვეყნებად ყველაზე მეტად სწორედ არჩევნების ჩატარების წესს, პროცედურებს, მონაწილეობის თანაბრობას, სამართლიანობას და გამჭვირვალობას ეხება. პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები უსამართლოდ, სათანადო გამჭვირვალობის გარეშე და სერიოზული დარღვევებით ტარდება, ისევე როგორც ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი შემთხვევა, რომ ლამის იდეალური არჩევნების ტრადიციის მქონე ქვეყანა არადემოკრატიული სასამართლო და სახელისუფლებო პრაქტიკის მიმდევარი იყოს.

და აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ სერიოზულ მომენტს:

არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ერთხელ ჩატარება მხოლოდ პრეცედენტია, ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარებული დემოკრატიული საზოგადოების პრეტენზიას აკმაყოფილებდეს, ეს ყველაფერი სწორედ რომ ტრადიციად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მრავალი არჩევნების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს ჯერ არ ჰქონია ზედიზედ ოთხი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა. ამიტომ, როდესაც ზემოთ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილების მიღების უნარებზე მწარედ ვიხუმრე, სამწუხაროდ, ეს ჩვენი მწირი ისტორიული  გამოცდილების შედეგია – როგორი არჩევნების გამოცდილებაც გვაქვს, სწორედ ისეთი ამომრჩეველი გვყავს და ეს მანკიერი წრე რომ გავწყვიტოთ, მხოლოდ ხელისფლების მონდომება არ იქნება საკმარისი – თავად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ძალიან მონდომებულები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ! დემოკრატიის გაკვეთილები ისევე იწყება არჩევნების სწავლით, როგორც ენისა და ლიტერატურისა – ანბანით!

===

 

გაკვეთილი პირველი (მგონი, წესად უნდა დავრგოთ!) : არჩევნებზე უნდა წავიდეთ! არჩევნებზე ყოველთვის უნდა წავიდეთ. ყოველთვის, როცა არჩევნებზე არ წავალთ, ამით იმის შანსსაც ვზრდით, რომ ეს არჩევნები წესიერად არ ჩატარდეს, ან თუ წესიერად ჩატარდება, ისე არ დამთავრდეს, როგორც ჩვენ გვინდოდა.

ხშირად გამიგონია, რამდენჯერ ვიყავი და არაფერი შეიცვალაო.

ჯერ ერთი, ძირითადად მაშინ იყავით, როცა არჩევნები უარესად ტარდებოდა, როცა მასიურად იყო კარუსელები, როცა ხშირად იტაცებდნენ ყუთებს და ყრიდნენ ბიულეტენებს, როდესაც ათასობით ყალბი პირადობის მოწმობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მაშინ ეს არ იყო არჩევნები. ამიტომ მაშინდელი იმედგაცრუება მომავალზეც არ უნდა გადავიტანოთ.

მეორეც – და რა იცით, რომ არაფერი შეიცვალა? იქნებ, რომ არ მისულიყავით, უფრო უარესიც კი ყოფილიყო?!

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი, ჯორჯ ნათანი ამბობდა: „ცუდი ხელისუფლება იმ კარგი მოქალაქეების არჩეულია, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“

მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, ამით თავის სამშობლოს ზიანს აყენებენ თავიანთი სამოქალაქო პოზიციის მიჩუმათების ან ჩახშობის გამო. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში არ უნდა ჩანდეს. სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება ისიც უნდა იყოს, როგორ ცდილობ, რომ ამ სამშობლოს უკეთესი ხელისუფლება ჰყავდეს. თუ ეს არ გადარდებს, ან თუ ამისთვის არჩევნებზე წასვლა გეზარება, ესეიგი, არც შენი ოჯახის და შვილების მომავალი გადარდებს მაინცდამაინც. ამას კი, აბსურდის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

 

გაკვეთილი მეორე: აჯობებს, გადაწყვეტილება მივიღოთ არა არჩევნების დღეს, უბანზე შესვლის შემდეგ, არამედ მანამდე – თუნდაც 1-2 დღით ადრე. და ვეცადოთ, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ემოციონალური – არ ეყრდნობოდეს ასარჩევი პირის გარეგნობას, ვარცხნილობას ან პარტიის დროშის ფერს. არამედ იყოს გაცნობიერებული არჩევანი მის შემდეგ, რაც რაც შეიძლება მეტ კანდიდატზე რაც შეიძლება ობიექტურ ინფორმაციას მოვაგროვებთ. ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია…

 

გაკვეთილი მესამე: პოლიტიკოსებს ვირჩევთ იმათგან, ვინც გვყავს. გასაგებია, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ლადო ასათიანმა ლექსიც უძღვნა ლამაზი ცოლის უკეთესის ნდომას, მაგრამ ვერც მაჰათმა განდი, ვერც მარგარეტ თეტჩერი, ვერც რონალდ რეიგანი და არც ბარაკ ობამა საქართველოში კენჭს ვერ იყრიან. არჩევნები არის შესაძლებლიდან უკეთესის (და არა – მსოფლიოში საუკეთესოს!) არჩევა. ამიტომ, ავირჩიოთ ის, ვინც სხვას სჯობს. და ამ ჩვენი არჩევანით, ახლაც და მომავალში, ვეცადოთ გავაგებინოთ პოლიტიკოსებს, როგორები გვინდა რომ იყვნენ! თუ ყოველთვის ჯიგარ პოლიტიკოსებს ავირჩევთ, გვექნება „ჯიგარი პოლიტიკა“ (და აგვეხევა კიდეც ჯიგარი), თუ ავირჩევთ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ, გვექნება უპასუხისმგებლო ქვეყანა… დავიმახსოვროთ, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც სხვებს სჯობს! – ყველაფერი ფარდობითია და არჩევნები – განსაკუთრებით.

 

გაკვეთილი მეოთხე: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვუყუროთ და ვუსმინოთ საარჩევნო რეკლამებს, (მეტიც, გირჩევთ კიდეც, რომ ყველა პარტიის სარეკლამო რგოლი ნახოთ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი პროდუქტის გასაყიდად დამზადებული სარეკლამო რგოლებია (ხშირად ამ საქმის პროფესიონალების და არა – თავად პოლიტიკოსების, შრომის ნაყოფი) და არავინ არ იძლება გარანტიას, რომ ან იქ მოყვანილი ინფორმაციაა სწორი, ან იქ მოცემული დაპირებების რეალურად შესრულების გარანტია არსებობს!

აქ ცოტა დიდხანს შევჩერდები, რადგან საქართველოში, სადაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში სკრუპულოზურად არ აკვირდებიან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, და მხოლოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ თავს კითხვას – „ვის ვირჩევთ?“ რეკლამის შეცდომაში შემყვანი ეფექტი ძალიან დიდი შეიძლება იყოს.

ანეგდოტი: კაცი მოკვდა. იცდის, როდის ეტყვიან, სად გაამწესეს. მოვიდა ანგელოზი, საკმაოდ შეფიქრიანებული სახით, და ეუბნება – ძალიან უცნაური ამბავია შენს თავს – ღმერთმა ვერ გადაწყვიტაო –  ბევრი მამაძაღლობა გაქვს ჩადენილი და წესით, ჯოჯოხეთი შენთვის ზედგამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიკეთეც მოგისწრია და ამიტომ ასეთი უცნაური რამ გვითხრა – ორივე აჩვენეთ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და თავად აირჩიოსო! გახარებულმა კაცმა ხელები მოიფშვნიტა და – მანახეთ სამოთხეო! წაიყვანეს – საოცარი სილამაზეა ირგვლივ, ჩიტები გალობენ, ანგელოზები ფრენენ, ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, ნაკადულის ჩუხჩუხი და ჰარმონიული მუსიკა იღვრება… ძალიან მოეწონა კაცს, მაგრამ თქვა, – ამის შანსი მეორედ არ მექნება და მოდით, ბარემ, ჯოჯოხეთსაც ვნახავო!

ჯოჯოხეთი მიწისქვეშა მდებარე უშველებელი კაზინო-რესტორანია – ფულები, სათამაშო აპარატები, სტრიპტიზი, ჯაზი უკრავს, ვისკი მდინარეებად მოედინება, სცენაზე საოცარი შოუ მიდის, აქეთ კარტს თამაშობენ, იქეთ – რულეტკას… მოკლედ, დუღს იქაურობა. მოხიბლულმა კაცმა, ცოტა დარცხვენილმა თქვა, კარგი კი იყო სამოთხე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, აქ უფრო მხიარულებაა, აქ დავრჩებიო!

ეს როგორც კი თქვა, ოთხმა რქიანმა ეშმაკმა დაავლო ხელი და მიათრევენ მეორე ოთახში, სადაც უზარმაზარ კოცონზე უშველებელ ქვაბში კუპრი თუხთუხებს! აყვირდა შიშით გაგიჟებული კაცი – ეგ არ მინდა! მე ის მინდა, – კაზინო, სტრიპტიზი და ჯაზ-კონცერტი რომ იყო, ის ავირჩიე მეო!

  • ეგო, ჩვენი რეკლამა იყოვო!

 

როდესაც ვინმე ადამიანის მოწოდებას ისმენთ, იმაზე, რომ პენსიონერებს უნდა დავეხმაროთ, კარგად დაფიქრდით, რა იცით მისი ან მისი პარტიის მიერ პენსიონერების დახმარების შესახებ. მერე ეცადეთ, მარტივი მათემატიკით გაამრავლოთ ქვეყანაში არსებული პენსიონერების რაოდენობა იმ 300, თუ 500 ლარზე, რომელსაც ასე გულუხვად გპირდებიან და თუ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ან ნახევარი გამოგივათ ნაანგარიშები – დაფიქრდით იმაზე, რომ მსოფლიოს არცერთი მთავრობა ვერ და არ დახარჯავს პენსიებში მთელი ბიუჯეტის ასეთ დიდ ნაწილს. გამოდის, რომ ეს ან ლამაზი და შეუსრულებელი დაპირებაა მხოლოდ, რომელიც იმ პოლიტიკურმა ძალამა ჰაიჰარად წამოისროლა, ან უფრო უარესი – შეგნებული ტყუილი!

ახლა ეს გავარჩიოთ – რომელიმე პარტიის უფროსი ოქროს მთებს პირდება გაჭირვებულებს – სახელმწიფომ უნდა აარჩიოს რამდენიმე ათასი ყველაზე გაჭირვებული და მათ სახლიც უნდა აუშენოს და ისეთი შემწეობაც უნდა დაუნიშნოს, რომ უზრუნველად იცხოვრონო. წარმოგიდგენიათ, ასეთ მიწიერ სამოთხეში მოსახვედრად ჩატარებული კონკურსის შედეგები რა კაცთამკვლელ ომამდე მიიყვანს მოსახლეობას? და ვისაც ამ სამოთხემდე 1 ქულა დააკლდება… ის ხომ არ ყველაფრით კი აღარ ისარგებლებს, არამედ ამ ყველაფრის თანხის გადახდა სწორედ მისი შრომითაც უნდა მოხდეს… თან საინტერესოა, ეს პოლიტიკოსები, ახლა რომ ამ სიკეთეს პირდებიან ქვეყნის სახელით, ამას ხომ ჩვენი სახელით და ჩვენი ჯიბიდან პირდებიან ამ გაჭირვებულებს. კარგად მოიძიეთ, – თავად ვინ არიან ასეთი დაპირებების გულუხვად გამცემნი, და თუ აღმოჩნდება, რომ სადმე ძალიან ნოყიერ ადგილზე მუშაობით იშოვნეს საშვილიშვილო ქონება, ისიც გაარკვიეთ, ამ ქონებიდან დღემდე რა ნაწილი უწილადეს გაჭირვებულთ? ძაღლის თავი, იქნებ მანდ იქნეს დამარხული…

ერთი პარტიის ლიდერები გაიძახიან – არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, ქვეყნის 10%-ის მოთხოვნითაც კი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგესო! მუდამ რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს, რომ თუ ვინმე აშავებს – მინისტრია თუ დეპუტატი, მაშინვე გადავაყენოთო!

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კაცი მეგულება, რომელსაც 10%-იც კი არ ჰყავს უკმაყოფილო მის ქვეყანაში – კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი (იცოცხლე-თქვა, ეყოლება, მაგრამ ვინ გაბედავს კრინტის დაძვრას!)… გამოდის, თურმე მარტო ის დარჩება ამ სქემით თავის ადგილზე. ისიც საინტერესოა, რომ ამ საყოველთაო რეფერენდუმობის იდეის მატარებლები პრაქტიკულად წარმომადგენლობთი ხელისუფლების იდეას ებრძვიან. და მაშინ თავად რაღას იყრიან კენჭს პარლამენტში? თუ ისეთი სრულქმნილები და ზეპროფესიონალები ჰგონიათ თავი, რომ მათ გადადგომას არავინ მოითხოვს? თუ იმაზე დავფიქრდებით, როგორ მუდმივ სტოპორში შევა ყოველდღე ვინმეს გადაყენების მოთხოვნით რეფერენდუმების იდეით შეპყრობილ-აჟიტირებული ქვეყანა (თანაც საქართველოში ვინმეს გადაყენების გაგონებაზე ხომ ათასობით ადამიანს დაუსაბუთებელი იმედი გაუჩნდება – მაგას რომ გადავაყენებთ, იქნებ მე დამნიშნონო!), ისე ხომ არაა საქმე, რომ ამ „გენიალური ჩანაფიქრის“ უკან რომელიმე „სტრატეგიული მოწინააღმდეგე“ ქვეყნის სტრატეგები დგანან?

მოკლედ, გაკვეთილი მეოთხე: რეკლამებს ძალიან კრიტიკულად ვუყუროთ და გვახსოვდეს, წამალი, რომელიც ყველაფერს არჩენს, სინამდვილეში სრული ტყუილია! და პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს გპირდებათ, თანაც უფასოდ და მალე, არის ყველაზე გაქნილი მატყუარა, ან ყველაზე დიდი სულელი. არცერთის არჩევას არ გირჩევთ.

 

გაკვეთილი მეხუთე: კარგი იქნებოდა, საქართველოში საარჩევნო პროგრამების წერის და კითხვის კულტურა რომ არსებობდეს! მაგრამ სამწუხაროდ, ჯერაც არ არის! და ამ მხრივ, მომავალი არჩევნები ნამდვილად არ მგონია წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მგონი, პირიქით. რამდენიმე პარტიას აქვს საარჩევნო პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური პროგრამაც, რაც მისასალმებელი ფაქტია. პრობლემა იმაშია, რომ ამ ეკონომიკური პროგრამების საზოგადოების სამსჯავროზე წარდგენა წესით და რიგით საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს, რომ მათი გარჩევა და კრიტიკული შეფასება მოესწროს. როგორც წესი, ეკონომიკური პროგრამები კვალიფიციური, პროფესიული შეფასების საგანი უნდა გახდეს, რადგან უბრალო ამომრჩევლისთვის მათი ავ-კარგის განსაზღვრა არც თუ ისე ადვილია. ამას წინათ ორი პარტიის ეკონომიკური პროგრამის შესახებ მესმოდა გარკვეული შექებები, მერე კი ამ პროგრამების კვალიფიციური შეფასება წავიკითხე და გამინელდა პოზიტივი.

 

გაკვეთილი მეექვსე: წარსული უნდა გავითვალისწინოთ და შევაფასოთ – ქმედებები სიტყვების მაგიერ! წარსულში დაფიქსირებული პატიოსნების და გულწრფელობის, პასუხისმგებლობის აღების შემთხვევებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი გამოცდილებით და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვითაც, ყოველთვის სჯობს ის პარტია, რომელიც ნაკლებს გვპირდება და მეტს აკეთებს, ვიდრე პირიქით. ხოლო პარტიები, რომელთაგანაც დაპირებების მეტი არაფერი გვახსოვს, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლიან ზნეს.

პარტია, რომელიც ძალადობის ჩემპიონი იყო და დღეს არაძალადობას და შემრიგებლობას ქადაგებს, პარტია, რომელიც მედიას ახრჩობდა და დღეს მედიის დაცვის ჩემპიონობას ჩემობს, პარტია, რომელმაც სასამართლო უსამართლოდ აქცია და ახლა გახდა თემიდის ტრფიალი, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ აქლემის ქურდს, რომელსაც თავისი დანაშაული ნემსის ქურდის მხილებით უნდა მიაფუჩეჩოს. დიახ, ხდება ხოლმე, რომ მებაჟე სავლე წმინდა პავლედ ქცეულა, მაგრამ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული? მე პირადად, ვერ ვიჯერებ იმ ადამიანების კათარზისს, რომელთაც თავისი დანაშაული და შეცდომები არ უღიარებიათ და არ მოუნანიებიათ…

 

გაკვეთილი მეშვიდე: ერთი კაცის პარტიები ნაკლებ სანდო მგონია. საქართველო ასეთი პარტიებით მდიდარია და ზოგჯერ, ლიდერის ქარიზმატულობის გამო, ასეთი პარტიები საკმაოდ დიდხანსაც ძლებენ იმავე ერთკაციანობის რეჟიმში, რადგან შინაგანი წინააღმდეგობის პრობლემა არ აქვთ – ის ლიდერი უბრალოდ არ უშვებს სხვა თანაბარზომიერი ძალის ლიდერების გაჩენას პარტიაში. ასეთი პარტია განახლების ლამის ნულოვანი პოტენციალის მქონეა და შეცვლილ გარემოებებს ნაკლებად უღებს ალღოს. ამიტომ, მე პირადად, თავს ვიკავებ ხოლმე ასეთი პარტიების მხარდაჭერისაგან.

 

გაკვეთილი მერვე: ახლადგამომცხვარი პარტია ჯერ უნდა დაღვინდეს! სანამ მაჭარი დაღვინდება, ბევრი რამ შეიცვლება – საქართველოში შეიძლება სულ სხვა ხალხმა ჩაუყაროს საფუძველი პარტიას, ხოლო არჩევნებზე სულ სხვამ გამოიყვანოს. პარტიის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია და თავიდან მრავალ წინააღმდეგობას გადის, გუნდი უნდა მოითელოს, გუნდის წევრებს შორის ფუნქციები უნდა გადანაწილდეს, ინტერესთა კონფლიქტების მართვა და რისკების მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს, ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს, ვიღაცეებმა ადგილები გაცვალონ, ტაქტიკა და სტრატეგია დაიხვეწოს, ისევე როგორც შინაპარტიული დისციპლინა და ორგანიზაციული პროცესი. ამას, როგორც წესი, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება, ხოლო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – რამდენიმე ათწლეულიც კი. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია იმდენად უკიდურესად კრიზისული და მძიმეა, ხოლო ძველი პარტიები იმდენად არამიმზიდველი, რომ არჩევანს მაინც ახლადშექმნილი პარტიის სასარგებლოდ ვაკეთებთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ პარტიაში სანდო კვალიფიკაციის და პატიოსანი ხალხიც არის და სრულიად უცნობებს და გამოუცდელებს არ ვანდობთ ქვეყნის მართვას.

 

გაკვეთილი მეცხრე (საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე): ქარიზმატული ლიდერებით მოხიბვლას, აჯობებს, ვერიდოთ. პარტიას და პოლიტიკოსს რომ ირჩევთ, ეს თითქმის იგივეა, თქვენ ბავშვს (სამშობლოს!) რომ მასწავლებელს ან ძიძას ურჩევთ, და კარგად დაფიქრდით, მასწავლებლის და ძიძის ქარიზმატულობა და ეშხია მთავარი, თუ – მისი ჭკუა, აზროვნება, პატიოსნება, გამოცდილება და ტაქტი? მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება სილამაზესთან და ქარიზმასთან ერთადაც იყოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის შანსი არც ისე მაღალია, რადგან ვისაც ქარიზმა აქვს, ხშირად სწორედ ამით იოლად გადის ფონს და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებით ნაკლებად არის დაკავებული. ნიჭიერი, საქმის ერთგული, მცოდნე და პატიოსანი (კვაზიმოდოც კი!) გვერჩივნოს იმათ, ვისაც ქარიზმატულობის მეტი არაფერი ცხია…

 

გაკვეთილი მეათე: ახლა ისეთი რამ უნდა დავწერო, რაც არც სათქმელადაა ადვილი და მით უფრო – შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მისი და მისი ოჯახისთვის სარგებლიდან იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებზე. მარტო მაგით ნუ გადავწყვეტთ. იმაზეც დავფიქრდეთ, თუ ამ კონკრეტული პარტიის ან დეპუტატისგან მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახი მოიგებს, ხოლო ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წააგებს – ჩვენი „მოგებაც“, საბოლოო ჯამში, ძალიან სათუო და ძალიან ხანმოკლე გამოვა. გასაგებია, რომ მარიხუანის მომხმარებელ ამომრჩევლისთვის დედის ნანასავით ისმის მავანი პოლიტიკოსის დაპირება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, მაგრამ ვაითუ ამ პოლიტიკოსის სხვა გეგმები არაფერს გვარგებს, შეიძლება ეს მხოლოდ იაფფასიანი, პოპულისტური ხრიკი იყოს – 4 წლის განმავლობაში სხვა არაფერი თუ არ მოხდა სასიკეთო, არა მგონია, ხელმისაწვდომი მარიხუანით სერიოზულად გაბედნიერდეს ხალხი…

 

გაკვეთილი მეთერთმეტე: ორი ტიპის ძლიერ პოლიტიკოსს უნდა ვერიდოთ – გამოკვეთილ პოპულისტს და აშკარა ავანტურისტს! სამწუხაროდ, თუ ადამიანს პოპულისტის და ავანტურისტის თვისებები საერთოდ არ აქვს, ის თანამედროვე პოლიტიკაში ძალიან იშვიათად თუ იმკვიდრებს თავს. ჩვენი უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტში ქართველებს გვყავდა ასეთი ადამიანები, რომლებიც, საუკეთესო პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, ჩემი აზრით, რადგან ჭკვიანი და  პატრიოტები იყვნენ – მერაბ მამარდაშვილი, ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა აკაკი ბაქრაძე… ქართულმა საზოგადოებამ  ისინი გვერდზე (ან მეორე პლანზე) გასწია და სხვები ვარჩიეთ, ვინც ან პოპულიზმში, ან ავანტიურიზმში, ან – ორივეში ერთად, მათ სჯობდა… რა მოვიგეთ, ამაზე ახლა მაინც დავფიქრდეთ…

 

გაკვეთილი მეთორმეტე: როგორც წესი, ჩვენს შერეულ (მაჟორიტარულ-პროპორციულ) სისტემაში ადამიანთა უმრავლესობა მხარს ერთსადაიმავე პარტიას და მის წარმომადგენელს უჭერს მხარს – ან პარტია მოსწონს და მის კანდიდატსვე ირჩევს მაჟორიტარად, ანდაც – პირიქით – მისთვის კარგად ცნობილი მაჟორიტარის ხათრით პროპორციულ სიაშიც იმავე პარტიას შემოხაზავს. ასეთ საქციელში ცუდი არაფერია – თავადაც ასე გამიკეთებია საკმაოდ ხშირად. მაგრამ თუ რომელიმეში ეჭვი გეპარებათ, მაშინ მარტო დაწყვილების სიადვილის გამო ნუ მოიქცევით ასე – თუ მაჟორიტარია სანდო, მაგრამ პარტიაზე ეჭვი გეპარებათ, მაშინ პარტიულ სიაში სხვას დაუჭირეთ მხარი. და პირიქით, თუ თქვენთვის სასურველმა პარტიამ თქვენს ოლქში მოსაწონი მაჟორიტარი კანდიდატი ვერ შემოგთავაზათ, პარტიული არჩევანის გამო მაჟორიტარულს არმოსაწონ კანდიდატზე ნუ გააკეთებთ. სხვათა შორის, ასეთი მოქცევით, ცოტათი ვზრდით ხოლმე იმის შანსს, რომ ორიდან ერთი მაინც გაგვიმართლებს. თუმცა ისევ გავიმეორებ, თუ პარტიაც და მისი მაჟორიტარიც ორივე მოგწონთ, წყვილად არჩევა არ იქნება ცუდი არჩევანი.

=======

აი, ესაა, რაც ახლა მოვიფიქრე, როგორც ერთი ქართველი ამომრჩევლის 25 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკვეთილები. კიდევ ბევრ რამეზე შეიძლებოდა გვეფიქრა. ვიფიქროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და იქნებ, ერთად მოვახერხოთ, ჩამოვაყალიბოთ არჩევნებზე ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესები. გულს სრულიად ნუ გამოვთიშავთ, მაგრამ მაინც უფრო – ტვინით და აზრით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)

ექიმი/ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

 

P.S. აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა  27.08.2016 “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდზე, – “თვალსაზრისის” სექციაში. ვებ-მისამართი : – http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/394173-archevanis-zghvarze.html

 


განშტოებად ბილიკთა საფრთხე


garden of forking paths

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია ხორხე ლუის ბორხესი. ხოლო ერთ-ერთი საყვარელი მოთხრობა – „განშტოებად ბილიკთა ბაღი“. ამ არაისტორიულ იგავს სწორედ ბორხესის ამ ნოველაზე ფიქრით ვწერ…

 

ერთ ლამაზ და ბედკრულ X ქვეყანაში არის ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია F. (პრინციპში ამ ქვეყნის ბედკრულობის ერთი მახასიათებელი ისიცაა, რომ იქ ძირითადად ახალგაზრდა ოპოზიციური პარტიებია, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლა სულაც ვერ ხდება მათი გაჯანსაღების და დღეგრძელობის პირობა…)

თითქმის ყველა თანხმდება, რომ F პარტია არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია. – ჯერჯერობით,  მაინც.

თუმცა ადრე ხელისუფლების ნაწილი იყო, მერე ხელისუფლებიდან წამოვიდნენ (როგორც ამბობენ, ცუდად მოექცნენ და იმიტომ) და ამ ბოლო დროს გარკვეული გამოკვლევებით მზარდი რეიტინგი აქვთ, რაც იმის იმედს აძლევთ, რომ იქნებ #1 ოპოზიციური პარტია გახდნენ… და იმის იმედსაც, რომ იქნებ, სულაც ხელისუფლებაში მოვიდნენ!

არჩევნების წინ ამ პარტიისთვის მთავარი საკითხი ეს იყო  – ან უნდა გადაეწყვიტათ, რომ ბლოკში გაერთიანებულიყვნენ და არჩევნებში ხელისუფლებაში მოსვლის შანსები გაეზარდათ, ან პირიქით, უნდა შეენარჩუნებინათ თავისი დამოუკიდებლობა, არ შერეოდნენ არც ყოფილ მოკავშირეებს (რითაც თავის პრინციპულობას და ხელისუფლებიდან წამოსვლის ნაბიჯის მართებულობას ეჭვქვეშ დააყენებდნენ), არც – ყოფილ მოწინააღმდეგეებს (რითაც თავის რეპუტაციას მიაყენებდნენ სერიოზულ დარტყმას).

ზემოხსენებული ორის გარდა, რომელიმე სხვა ძალასთან გაერთიანება რეალურად არც განიხილებოდა, რამდენადაც პარტია F აშკარად გამოხატული ატლანტელები არიან და ე.წ. რუხისტული ანუ მეფისნაცვალისტური მიმდინარეობის წევრებთან გაერთიანებას არც აპირებენ.

F პარტიის ლიდერებმა უკვე მრავალჯერ და  2-3 კვირის წინ კი – საბოლოოდ და ურყევად – განაცხადეს, რომ არჩევნებზე მიდიან დამოუკიდებლად – არავისთან აპირებენ გაერთიანებას!

და უცებ (ან იქნებ, ეს „უცებ“ შეცდომაც იყოს), ამ პარტიის ორ ცნობილ სახეზე სულ რაღაც რამდენიმე დღის ინტერვალით ხდება საშინელი თავდასხმები – ფიზიკური და მორალური ძალადობის  ცინიკურად  დემონსტრატიული აქტები, რომლებიც საზოგადოებას შოკში აგდებს და საზოგადოებაში, რომლის უმრავლესობა სინანულს და თანაგრძნობას გამოხატავს დაზარალებულთა მიმართ, და აღშფოთებას – დანაშაულის ჩამდენთა მიმართ, იწყება იმაზე ფიქრი, ვინ შეიძლება იყოს ამის უკან და ვის უნდა აწყობდეს პარტია F-ის კუთხეში მიმწყვდევა და განადგურება. ისმის ხელისუფლების მკვეთრი განცხადებები, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, რომ გამოძიება პირად კონტროლზეა აყვანილი და რომ ყველაფერს იღონებენ, რომ უმკაცრესად დასაჯონ ისინი, ვინც ქვეყანაში ძალადობის და შიშის დანერგვას ცდილობს… პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წევრთა მხრიდან ისმის თანაგრძნობები პარტიის და მისი დაზარალებული წევრების მიმართ. თანაგრძნობები ისმის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც…

სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მიუხედავად გარკვეული პესიმისტური პროგნოზებისა და გაფრთხილებებისა, – რომ ყველაფერი რიგზე არაა და კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, – X ქვეყანამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში წარმატებული ნაბიჯები გადადგა ატლანტური ინტეგრაციის გზაზე (უკანასკნელი ნაბიჯი სულაც ამ ორ საზარელ დანაშაულის შუა პერიოდს დაემთხვა)… იქნებ არ იყოს ეს დამთხვევა შემთხვევითი ამბავი… იქნებ სულაც და ძალიანაც – „დამთხვევითი“ ამბავი იყოს ეს…

====

  1. ზევით მიმავალი ბილიკი

– ვაითუ, ეს ხელისუფლების ნაჩალიჩარი იყოს?

ამ ბილიკს აქვს რამდენიმე ქვეგანშტოება:

1.ა – სწორედაც ხელისუფლების ნაჩალიჩარი რომ იყოს…

– რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის დაძირვა?

ზოგადად, ხელისუფლებას ყოველთვის აწყობს ოპოზიციური პარტიის ჩაფლავება. წესით, #1 ოპოზიციური პარტია წარმოადგენს ხოლმე მისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს, მაგრამ თუ #1 ოპოპარტია ისეთი დისკრედიტირებულია, რომ მასთან ახლოს მისვლას ბევრი აღარც რისკავს, იქნებ, სხვა ოპოზიციური პარტიების განეიტრალებაზე ფიქრიც არ იყოს განსაკუთრებით უცნაური მავანი ხელისუფლებისათვის. თუმცა აქ არის კიდევ კითხვა იმაზეც, რამდენად თვლის ხელისუფლება F პარტიას #2 ოპოზიციად. ხომ შეიძლება იყოს,  რომ ის კვლევები, რომლითაც F პარტია #2 პარტიად დასახელდა, არც სარგებლობდეს განსაკუთრებული ნდობით ხელისუფლებაში? მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება უცებ #3 ან # 4 ოპოზიციური პარტიის მიმართ იყენებს ასეთ საშინელ იარაღს?

– რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის ასეთი ხერხით  (!) დაძირვა?

ხომ გასაგებია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ოპოზიციური პარტიის მიმართ ძალადობა ხდება, ეჭვი პირველ რიგში სწორედ ხელისუფლებაზე მიაქვთ? ჰოდა, რატომ უნდა მოსვლოდა ხელისუფლებას თავში აზრად ასეთი საშინელი მეთოდებით ანგარიშსწორება? ხომ ფაქტია, რომ ამით ხელისუფლების იმიჯი საშინლად ისვრება, ხოლო ოპოზიციური პარტიის მიმართ თანაგრძნობა ძლიერდება?

გამოდის, რომ ხელისუფლებამ ჯერ არცთუ პირველი ოპოზიციური პარტიის დასაზიანებლად ისე მოიყვანა მოქმედებაში “დინამიტი”, რომ რომ მისი ტყორცნა დაავიწყდა და ხელში აუფეთქდა? თან, არ დაგავიწყდეთ, – ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც წინამორბედი (ამჟამად კი – სწორედაც მთავარი ოპოზიციური ძალა – პარტია U) ძირითადად იმით რომ დაამარცხა, U პარტიის მიერ მასობრივი ძაალადობის, საზოგადოების ტოტალური თვალთვალისა და კომპრომატების მოგროვების სისტემურ დანაშაულს რომ ახადა ფარდა! ახლა კი თავად იმავე გზას დაადგა და არ გაეთვალისწინა, რომ ეს უფსკრულში გადამჩეხი ბილიკია? თან თუ გავითვალისწინებთ, ატლანტური კურსის რა ეტაპზეა ქვეყანა, ხომ აშკარა უნდა იყოს, რომ ერთ ასეთ „მეთოდსაც“ კი, ამ კურსზე შლაგბაუმის აღმართვა შეიძლება მოჰყვეს?

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში თითქოს გამოჩნდა ხელისუფლებასა და პარტია F-ს შორის დათბობის ნიშნები, რასაც ხელისუფლების ახალი პრემიერის პირადი ურთიერთობებიც განაპირობებდა…  ახალი პრემიერის ბოლო განცხადებები სწორედ ქვეყანაში დაპირისპირების აღმოფხვრისა და შერიგებისკენ იყო მიმართული. ამ ნაბიჯებს და მოწოდებებს მოჰყვა კიდეც ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენის ტენდენცია. და რატომ უნდა დასჭირვებოდა მას დაპირისპირების ახალი ვულკანის გაჩენა და ისედაც დაბზარულ საზოგადოებაში კატასტროფული სიძულვილების ხელახალი გაღვივება?  ხომ აშკარაა, რომ ეს, როგორც ხელისუფლების, ასევე – მის პირად რეიტინგს – ქვეყანაშიც და უცხოეთშიც – ძალიან უთხრის საფუძველს?!

ბილიკი 1.ბ. – ხელისუფლების ნაჩალიჩარი არაა, მაგრამ ხელისუფლებაში აქა-იქ არსებული, უკეთურ მეთოდებში ხელგაწაფულ ძალოვანი პირების (არა ხელმძღვანელების) ნამოქმედარია, რომ ქვეყანაში ქაოსი და დაპირისპირება გაძლიერდეს. აქაც ხელისუფლების დადანაშულება ხდება, მაგრამ უკვე იმაში, რომ ისინი კრიმინალს და ასეთ საზიზღარ კრიმინალს ვერ ერევიან.

ლოგიკა აქ თითქოს არის, – როცა ირგვლივ ძალადობა თავს იჩენს და ქაოსისკენ მიდის საქმე, ხალხში ძალოვანი სტრუქტურების  და „მკაცრი ხელის“ მიმართ ნოსტალგია ჩნდება (როგორც ეს მხედრიონის პარპაშის დროს იყო, ხალხს რომ მილიცია ლამის მოენატრა), მაგრამ მაშინ ძალოვანი სტრუქტურების ასეთ მაქციებს, წესით, იმაზეც უნდა ეზრუნათ, რომ წინასწარ შენიღბვის ოპერაცია ჩაეტარებინათ და საზოგადოებას ამ „აღმოჩენამდე“ ასე სწრაფად მისვლა ვერ მოეხერხებინა. თან უცნაურია, რატომ უნდა მოენდომებინათ მათ სწორედ ამ ერთ ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერებზე თავდასხმა? უფრო ლოგიკური არ იქნებოდა, რომ თავდასხმები სხვადასხვა მიმართულებით ყოფილიყო?

ერთი „ზედაპირზე“ მყოფი ვერსია ის არის, რომ F პარტიის ლიდერები დაპირისპირებაში არიან პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მაშინ რა გამოდის, – რომ პროკურატურამ მასიური ქაოსის დასათესად სწორედ იმ ძალას დაარტყა, ვის მიმართაც დარტყმით თითქოს საკუთარი თავი გამოააშკარავა? პირიქით ხომ არ არის აქ ყველაფერი? – ანუ, ვინმემ სპეციალურად ხომ არ შეარჩია F პარტია, რომ ეჭვის ვექტორი პროკურატურისკენ მიემართა? ხომ გასაგებია, რომ F პარტიაზე ასეთი უკანონო დარტყმა მათ მიერ ისედაც გაწელილი საქმის ძიების პროცესში მყოფი პროკურატურისთვის ძალიან არასასურველი უნდა ყოფილიყო? მოკლედ, ეს ბილიკი თან საინტერესოა და თან – ძალიან მოლიპული ლოგიკური აზრისათვის…

ბილიკი 1.გ – ქვეყანაში არის ყველაფრისშემძლე არაფორმალური მმართველი, რომელიც ფორმალური მმართველების ზურგსუკან მართავს ძალოვანი სტრუქტურების მეორე ან მესამე პირებს და აპირებს თავისი საძულველი პარტია F საბოლოოდ ჩარეცხოს და გააცამტვეროს.

ჯერ ერთი, არაფორმალური მმართველის ყველაფრისშემძლეობას, ეს თეორია, რომელიც საკმაოდ ღიად გამოითქვა მისი ყველა კრიტიკოსის მიერ, სრულიად ანგრევს. – აქამდე ამბობდნენ, რომ არაფორმალური მმართველის მოყვანილია ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელი. ახლა კი რა გამოდის? რომ იგი მთავრობის და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს ვერ მართავს და მათ ზურგს უკან რაღაცეებს ხლართავს? ისიც გამოდის, რომ ეს არაფორმალური მმართველი თავისივე პროტეჟეებს ებრძვის ლამის მოყვანისთანავე? განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, ეთქვა და გადაეყენებინა, ვიდრე მათი მხრიდან ასეთი სიბინძურის ავტორობაზე ეჭვი გაეჩინა? მესამე – რამდენად დასაჯერებელია ის, რომ ამ ადამიანმა, რომლის მხრიდან პარტია F-ის ლიდერის მიმართ პრეტენზიები არც არასდროს დაუმალავს, ასეთ საშინელ მეთოდებს ისე მიმართა, რომ არ იფიქრა, რომ ეჭვი სწორედ მასზე იქნებოდა მიტანილი? და საერთოდ, არის კი პარტია F მისი მთავარი თავისტკივილი არჩევნების წინ? თუ მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საკუთარი გუნდი დაალაგოს და ისევ ქვეყნის მოსახლეობისათვის ყველაზე პოპულარულ ძალად აქციოს? და ხომ ფაქტია, რომ თუ ასეთ „მეთოდებზე“ გადავა, მისი მცდელობები სრულიად კონტრპროდუქტიული იქნება? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად იძლევა ამ არაფორმალური მმართველის ცხოვრებისეული გზა იმის ეჭვის საფძველს, რომ მისთვის საერთოდ მისაღები შეიძლება იყოს ასეთი სახის უმძიმესი ფიზიკური და უსასიზღრესი მორალური ძალადობა?

 

  1. ბილიკი ორი – უკან მიმავალი

– იქნებ ეს ყველაფერი ისევ იმ ძველი ნაცნობების ნაჩალიჩარი იყოს?

მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, ვის აწყობს X ქვეყანაში არეულობა, ძალადობა, ქაოსი და საზოგადოებაში გაღვივებული შიში?

  • იმას, ვისაც მღვრიე წყალში თევზის [ან – სკამის] დაჭერის იმედი აქვს!
  • იმას, ვისაც უნდა გვითხრას, რომ ეს ხელისუფლება ბინძურია (ან – „ისევე ბინძურია, როგორც…“, ან „უფრო ბინძურია, ვიდრე…“)
  • იმას, ვისაც მომზადებული აქვს მძლავრი PR-კამპანია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში საკუთარი მესიჯბოქსების გასახმაურებლად ჩართავს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ.
  • იმას, ვისაც ძალიან აშფოთებს ქვეყნის ატლანტური სვლა, როცა ყოველთვის იმას აცხადებდა, რომ ატლანტური კურსი მისი დამსახურებაა, ხოლო ეს ხელისუფლება კი – მხოლოდ რუხისტების და გაზისტების მსახურია.
  • იმას, ვისაც უნდა, წესრიგი მოგვანატროს, თუნდაც ნულოვანი ტოლერანტობის ფასად…
  • იმას, ვისაც ყველანაირი რესურსები აქვს, კარგი რეპუტაციის გარდა…
  • იმას, ვისაც არ ესწავლება, როგორ გადაიღოს თუ გაავრცელოს კომპრომატები – თავად იყო ამ საქმის უბადლო პიონერი…
  • და იმას, ვინაც პარტია F-ის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებით სერიოზულად წააგო – რადგან მხოლოდ ამ პარტიასთან ალიანსის შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდა ცხვრის ტყავში გახვევის და არჩევნების მოგების ილუზია.

ასეთი ძალისათვის სწორედაც საოცარი შანსია პარტია F-ის ლიდერებზე ეს ცინიკური და საშინელი დარტყმები, რადგან საშუალებას აძლევს, თანაგრძნობა დააფიქსირონ, ერთნაირ ბედკრულობაზე, ერთნაირ ჩაგვრაზე („ჩვენ გვირტყამდნენ, თქვენ უკვე – გესროლეს“, „ჩვენ კვერცხებს გვიშენდნენ, თქვენ უკვე – მოსაკლავად გიმეტებენ“, „ჩვენ კომპრომატების გადაღებას გვაბრალებდნენ, თქვენ – უკვე კომპრომატებს გივრცელებენ“) საუბრებით, სიმპათიით – სიმპათია დაიმსახურონ, სხვა მედიასაშუალებების არაეთიკურობის დაგმობით – საკუთარის იმიჯი მოვერცხლონ და მოაოქროვონ… და ლამის უკვე უარმყოფელ პარტნიორს საბოლოოდ ისევ მორცხვად (და ჯიქურ) შესთავაზონ „საქორწინო კონტრაქტი“, რაც მათთვის ხელისუფლების ბილეთი შეიძლება აღმოჩნდეს, სჯერათ…

  • და რა ადვილი იქნებოდა ასეთ დროს ტელეინტერვიუს დადგმა შეფოთებითი ტონალობებით – „ნუთუ თქვენ ფიქრობთ?…“ „და ხომ არ გგონიათ…“ „და ისიც ხომ გვახსოვს…“
  • რა ადვილია აღშფოთებითი წყევლები და განრისხებითი კრულვები შებღალული ეთიკურობის ჯირკვლებიდან მრისხანების მტევნების ჩამოწურვით!

F პარტიის ლიდერზე ფიზიკური თავდასხმა შეიძლება მოულოდნელი “საჩუქარიც” ყოფილიყო U პარტიის იდეოლოგებისთვის. არაა გამორიცხული, აქ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, მაგრამ მშვენივრად კი გამოიყენეს ეს ნაბოძები შანსი და მაქსიმალურად ეცადნენ, “ჩვენ და თქვენ – ხელისუფლებისაგან დაჩაგრულები!” ემპათიური პარალელები გაევლოთ. გარდა ამისა, როცა კაცს კოჭლი მტერი ჰყავს და თუ ვინმე მასზე თავდასხმის შემდეგ კოჭლობით გარბის, ეს შეიძლება სპეციალურადაც იყოს იმიტირებული… არც პირადი მოტივის შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ პირადი მოტივის მქონე ადამიანი ვინმემ გაახელოს და თითქოს მინავლებული ნაკვერჩხალი ააგიზგიზოს… ვინმემ, ვისაც პროვოკაციები არ ესწავლება და მიზანს კარგად თვლის…

  1. ბილიკი სამი – გარეთ მიმავალი

იქნებ ეს ყველაფერი იმათი ნაჩალიჩარი იყოს, ვიზეც ყველაზე ნაკლებად  (ვ)იფიქრეთ?

მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, ვის აწყობს X ქვეყანაში არეულობა, ძალადობა, ქაოსი და საზოგადოებაში გაღვივებული შიში?

  • იმას, ვისაც მღვრიე წყალში თევზის დაჭერის იმედი აქვს!
  • იმას, ვისაც უნდა გვითხრას, რომ ეს ხელისუფლება ბინძურია (ან – „ისევე ბინძურია, როგორც…“, ან „უფრო ბინძურია, ვიდრე…“)
  • იმას, ვისაც მომზადებული აქვს მძლავრი PR-კამპანია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში საკუთარი მესიჯბოქსების გასახმაურებლად ჩართავს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ.
  • იმას, ვისაც ძალიან აშფოთებს X ქვეყნის ატლანტური სვლა.
  • იმას, ვინც ატლანტური სვლას გარყვნილებად და სახიფათო ქაოსად ხატავს, თავისგან განსხვავებით, რამეთუ  თავად მოჩვენებითი ასკეტიზმით და სიწმინდით მართავს მარადიულად …
  • ვისაც ყველაზე დიდი რესურები აქვს – უმსხვილესი ძალადობრივი პროვოკაციების მოწყობისაც.
  • იმას, ვინც უმცროსი ძმების გარეშე ვერ ძლებს და მათ ყოველთვის მომეტებული სიყვარულით ახრჩობს.
  • და იმას, ვინც არასოდეს არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდ X ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს ისევ ყელში დაეტაკონ და…

 

ეპილოგი

განშტოებად ბილიკთა ბაღში ბილიკები მხოლოდ იმისთვის შორდებიან დასაწყისში ერთმანეთს, რომ შემდეგ სრულიად მოულოდნელად ისევ გადაიკვეთონ. ადამიანი, რომელიც რომელიმე ერთ ბილიკს ირჩევს, სულაც არ არის გარანტირებული, რომ ბოლომდე ამ ბილიკით ივლის… შეიძლება, უფრო მალეც კი აღმოჩნდეს სხვა ბილიკის ბოლოში, ვიდრე ის, ვინც ეს სხვა ბილიკი თავიდანვე აირჩია.

ეჭვი მაქვს, რომ პირველი ბილიკის რომელიმე განშტოების ამრჩევი პირი, თუ სულაც, – პარტია F-ის მხარდამჭერები, რაღაც ეტაპზე შეიძლება მეორე ბილიკზე აღმოჩნდნენ და თავად საგონებელში ჩავარდნენ, ან გაწითლდნენ კიდეც საკუთარი პირვანდელი განცხადებების გამო.

მაგრამ თუ ის იყო მართალი, ვინც ამ ყველაფრის უკან წარსულის შინაური მაქციები ამოიცნო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მეორე ბილიკი სრულიად მოულოდნელად მესამესთან არ მიგვიყვანს, სადაც შეიძლება ის კი არ აღმოჩნდეს მოგებული, ვინც დღეს უკვე ხელებს იფშვნეტს და მომავალ არჩევნებში წარმატებას იქადნება, არამედ ის, ვინც მოთმინებით ელოდა, როგორ დაერეოდნენ ერთმანეთს ქვეყანა X-ის პარტიები და მოქალაქეები, მხოლოდ იმისთვის, რომ უფროსი რუხი ძმა გაეხარებინათ და ეხარხარებინათ…

უკვე მომხდარა მსგავსი ამბები X ქვეყანაში, სამწუხაროდ… და ისტორია კი უხშირესად იმას გვასწავლის, რომ ვერც ვერაფრს ვსწავლობთ მისგან, საუბედუროდ…

P.S. ჰო, მართლა, ერთი დეტალი მიმავიწყდა – ვის შეიძლება ჰქონდეს კომპრომატი!

ამ თემაზე ბორხესის მოხმობა ნამდვილად არ არის საჭირო…

კომპრომატი, დამწერლობის გამოგონებამდეც კი, ალბათ, იშვიათად არსებობდა ერთ პირად… ხოლო ციფრული მაუწყებლობისა და მობილური კომუნიკაციების ერაში კომპრომატის შექმნისთანავე მისი ავტორის პირველივე ფიქრი ალბათ კომრომატის/ვედეოების გამრავლებაა – საკუთარი უსაფრთხოების, თუ საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტირებისათვის… გაყიდის, მერე ისევ გაყიდის, ზოგს სეიფში შეინახავს, ზოგს კომპრომატად გამოიყენებს, ზოგს შანტაჟისთვის და ზოგს – თავის დასაზღვევად… ამასვე აკეთებენ ზოგი სხვებიც, ვისაც ეს ბინძური მასალა ხელთ ჩაუვარდებათ… ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ თურმე კომპრომატი მარტო ერთგან შეიძლება იყოს… საუბედუროდ, კომპრომატი ალბათ ყველა ზემოთდასახელებულ ბილიკზე შეიძლება ეყაროს, როგორც ნეხვი, რომელსაც უეჭველად მენიუში შემოგვაპარებენ, თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი არ ვთქვით ნეხვიჭამიობაზე…


გერმანული იდეალიზმი და იმერული რაციონალიზმი


იმ დროში როდესაც მე გავიზარდე, საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა ამ ახალგაზრდობას სტუდენტობაში ატარებდა (ზოგი – მამიკოების პარტბილეთების, ზოგი – ოლღა ბებიას ფაქიზოების წყალობით) და ამ სტუდენტობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო ისეთი ფუნდამენტალური მეცნიერება, როგორიცაა ფილოსოფია. მართალია, საბჭოთა კავშირში ამ ფუნდამენტალური მეცნიერების გაოხრებულ ერზაც-ფორმას, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას ასწავლიდნენ, მაგრამ ლექტორები მაინც იძულებულნი იყვნენ, ან – ზოგიერთი იშვიათი მათგანი, მართლაც – მოწადინებულნი, ფილოსოფიის საფუძვლების ახსნისას ჩვენთვის მეცნიერულად მოეწოდებინათ ის მარადიული ჭეშმარიტებები და ტვინის და სულის საკვები, რასაც ქართველთა უმრავლესობა, საკმაოდ არამეცნიერულ კონტექსტში და ალტერაციებით მაშინ მხოლოდ სუფრაზე თუ ეზიარებოდა და დღეს – ზიარებისას. ამიტომ ჩემი თაობის ხალხს სპინოზას, კანტის და ჰეგელის სახელები რაღაცას ეუბნება, თუმცა სამწუხაროდ, უხშირესად – მხოლოდ რაღაცას…

მაგრამ თუ სათაურის წაკითხვის შემდეგ ვინმე ჩემგან – ფილოსოფიის დილეტანტისაგან – ფიხტეს, შელინგის ან ჰეგელის ნააზრევის ინტერპრეტაციებს, ანალიზს ან თუნდაც თქვენთვის გაზიარებას ელოდება, მინდა გაგაწბილოთ. მე სულ სხვა დროის და ტიპის გერმანულ იდეალიზმს მინდა შევეხო და არა „სულის ფენომენოლოგიას“.

“გერმანულ იდეალიზმად” ამ სტატიაში მე მოვნათლე გერმანიაში მაცხოვრებელი ან იქ განათლებამიღებული ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები, რომლებიც ქართულ არჩევნებს დასავლური სტანდარტებით უდგებიან. მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა და, კერძოდ,  ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მრავალჯერ მოგვრილი აღფრთოვანებისა, უნდა ვაღიარო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი არის ისეთი იდეალისატური, რომ მეტი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანიაზე არ ვრცელდება ეს ქართული არჩევნებისადმი იდეალისტური მიდგომები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შუაშიზმის მოგვიანებითი ეტაპი, ან შეიძლება ნაცმოძრაობისათვის საოცნებო კატა ლეოპოლდის სამშვიდობო დევიზის გაპიარების ადრეული ფაზა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აზრების ზოგიერთ გამახმაურებელთა სურვილები სრულიად უანგარო იყოს, ისევე როგორც ცალკეულ შემთხვევებში ანგარების გამორიცხვაც არ იქნება ალბათ სწორი…

აი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასული „პოლიტმეტრი“, სადაც ზაალ ანდრონიკაშვილის და ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო მოსაზრებებში ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ორივე ავტორის ძალიან სწორი და როგორც ინგლისელები იტყოდნენ thoughtful პოზიციის მიუხედავად, ბ-ნი ზაალის აზრები, ერთ რაკურსში მაინც, იდეალიზმის ძალიან მსუყე პორციას შეიცავს.

1:02:07- 1:24:36. (განსაკუთრებით 1:17:31-დან)

ზაალ ანდრონიკაშვილი: „ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდნენ ტელევიზიით ორივე საარჩევნო ბლოკის ლიდერები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე – ვიღაც ჯღანაზე და ვინი პუხაზე, და ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ მაშინ, როცა საჭიროა პროგრამებზე გველაპარაკონ. ეს არის აბსურდი, სისულელე და დროის (მათ შორის ტელევიზიის და ამომრჩევლის დროის) უსარგებლო ფლანგვა! სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამომრჩეველი არის ყვითელი, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ კომპრომატების გროვება და გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის დროს არის არც რელევანტური და არც – რაიმე სარგებლის მომტანი“.

მაგრამ არის კი ე.წ. პროგრამა და ამ პროგრამის დეტალები ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ჩვენ (და ბატონმა ზაალმაც!) ვიცით ნაცმოძრაობის სიტყვის და საქმის ტოტალური აცდენის შესახებ, აქვს კი ჩვენთვის რაიმე, თუნდაც მიზერული მნიშვნელობა, რას გვეტყვის, როგორ „ნანას“ გვიმღერებს და რა ზღაპრებს მოგვიყვება ნაციონალური მოძრაობა?

როგორც საკმაოდ დელიკატურად მოგიგოთ თქვენივე კოლეგამ, ბატონო ზაალ, რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ საქართველოში (და არა ჰეგელის მშობლიურ დღევანდელ შტუტგარტში!) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტებმა სოფლის მეურნეობის პროგრამების ან საგადასახადო პოლიტიკის შედარებითი ანალიზით მოგვხიბლონ? იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც (როგორც ახლა, უკვე პოსტ-ფაქტუმ ვიცით!) ნაციონალური მოძრაობა თან  თავის გამჭვირვალე პატიოსნებაზე და დემოკრატიის განუხრელ დაცვაზე მასიურად გვაბოლებდა და თან ზონდერებს მიმაგრებულ სპეცნაზს საარჩევნო უბნებზე შეჭრის სპეცოპერაციის გეგმა „ბარბაროსას“, ხოლო პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახებს კარუსელების განრიგების ურიგებდა? ამ „ინოვაციურმა“ საარჩევნო მეთოდოლოგიამ ხომ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიტანა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგი, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა არა მარტო ბრძენი და ხეებზე ფოთლის მარადიულად დამზოგველი, არამედ ერთდროულად – მოქალაქეობრივად საკმაოდ მობილიზებულიც და უდრეკი თავისი არჩევნის დაცვაში! როგორ გგონიათ, ჩვენს ამომრჩევლებს რომ ამ არჩევნებზე არ გაეგოთ ის, რაც გაიგეს თუნდაც ძალიან შეზღუდულად ხელმისაწვდომი – ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიებით („მაესტრო“ და ტვ-9), რამდენიმე ბეჭდვითი თუ ელექტრონული საშუალებების (ipn.ge, „კვირის პალიტრა“) და რეგიონული ჟურნალისტების (კახეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრების, „ნეტგაზეთის“, TSPress-ის და „გურია ნიუს“-ის და მრავალთა სხვათა) თავგანწირული მუშაობით, როგორ გგონიათ, დადგებოდა ეს შედეგი, რაც დადგა? თუ იქნებ ივანიშვილისაგან სასწრაფოდ გადაწერილი სოციალურად მომხიბვლელი ლოზუნგების მაქსიმალური ტირაჟირებით და გაპიარებით სახელოვან ნაცმოძრაობას ისევ ის შედეგი დაედო და ამაყადაც ნიშნი მოეგო, – „ჩვენი პროგრამა უკეთესი იყო, ოლოლო თქვენო!“

დიახ, ჩვენ დღეს მართლაც ვირჩევთ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ როგორ უნდა განვირჩიოთ (გადავირჩიოთ) ძალიან დაბალი მორალური დონის მქონე ნაციონალური მოძრაობა ძალიან მაღალ დონეზე? მაშინ, როცა ციხის სკანდალის შემდეგ ბაჩა ახალაია და კალმახელიძე მხოლოდ გადადგნენ და საკმაოდ მსუყე ბონუსები, უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს პრეზიდენტისაგან, შეიძლება, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვირჩევდეთ და მეტოქის მიმართ კომპრომატების გამოყენებაზე ისევე აზიზად უარი ვთქვათ, როგორც ამას სკანდინავიის ქვეყნებში აკეთებენ? (ისე, იქაც დაზღვეული არავინაა!)

მაგრამ აი, დამთავრდა არჩევნები. მთელი მსოფლიოს გასაოცრად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. გამწარებული ტანზე იხევს კაბებს სააკაშვილისაგან ძალიან მსუყედ ნაკვები იულია ლატინინა, გამწარებული ვილფრედ მარტენსი ბელგიიდან ანათემას გვითვლის – თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს, მისთვის ნატოს  კარი დაიხურებაო (!), ერთდღიანი შოკის შემდეგ ნაცმოძრაობამ უცებ ისკუპა თავის პრეზიდენტიან-გუბერნატორებიან-გამგეობებიან-პოლიციან-სასამართლოებიან-ურნალისტებიანად ოპოზიციის იმუნიტეტიან მაშველ ნავში და ახლა იქედან არხეინად იმუქრება, კიდეც გაბედავენ და 6 თვეში სამოთხეს არ დაამყარებს “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რომ ყველაფერს ვაკვირდებით და გაგაკონტროლებთო! ბაქრაძე და ბოკერია – როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი „ვოჩდოგები“! პრეზიდენტი, რომელიც თან პრეზიდენტია და თან ოპოზიციონერია! თან ერთ დღეს აცხადებს, – ვიცი, ეგენი ქვეყანას დაღუპავენო, მეორე დღეს კი ფლიდად იცინის – ნეტა ეგენი ქვეყანას ააყვავებდნენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო!

ახლა კი მეორე ვიდეორგოლი. უკვე არჩევნების შემდეგ ჩაწერილი:

ლაშა ბაქრაძე გადაცემა „კვირის არგუმენტებში“ (13:07-დან):

ლაშა ბაქრაძე: „ის რომ, მაგალითად, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ აეროპორტიდან ვიღაც გარბის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, როგორც ჩანს. კეზერაშვილმა შეისყიდა „რუსთავი2“-ის და „მზის“ წილები. ე.ი. პროპაგანდის ინსტრუმენტებით და მეთოდებით ბრძოლა გაგრძელდება.

(14:09-დან): საერთოდ ერთი დიდი პლიუსი, რაც ეხლა მოხდა, ის რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ორივე პარტია თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს იძლევა შანსს, რომ პარლამენტი გახდება ის ადგილი, სადაც დაიწყება დებატები, სადაც დაიწყება დიალოგი, და ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება. ერთმანეთზე დამოკიდებული ვიქნებით. ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს დემოკრატია. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის დიდი შანსი, რომ საზოგადოებამ მეტი კონტროლი დაუწესოს ყველა პროცესებს, არ მივანდოთ პოლიტკოსებს, მუდმივად ლუპის ქვეშ იყოს ყველაფერი, რაც ხდება, ამისათვის, რაც მეტი საჯაროობა იქნება, მეტად შეგვეძლება.“

მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბატონი ლაშა არაფერს ამბობს, რა მოხდება მაშინ, თუ ნაციონალების დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან მთავრობის ჩამოყალიბებაში, სინამდვილეში არ ახდება! განა ცოტა გვინახავს კედელთან მიმწყვდეული სააკაშვილისაგან  ისეთი დაპირებები (საზოგადოებრივი არხის კონტროლი… ძალოვან უწყებებში მინისტროს მოადგილის დანიშვნა ოპოზიციის რიგებიდან და სხვა…), რომლებიც მერე – პრეზიდენტზე პრესის შემცირების პარალელურად – ტექნიკურად აორთქლებულა? დაპირებები არაფერს ნიშნავს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ პოლიციიდან და კუდი-დან დოკუმენტაციის გატანით და დაწვით არის დაკავებული, რომლის აღიარებული ჯალათები – ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, „მასტერა“ დგებუაძე და სხვები – ნამდვილად გაიქცნენ, რადგან სხვანაირად ნაცმოძრაობას მათ გასამართლებაზე თანხმობის გაცემა მოუწევდა. რომლის მიერ არჩევნები დემოკრატიულად კი არ ჩატარდა, არამედ ვაიძულეთ და ვერ გააყალბეს… როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ კრიმინალებთან და კრიმინალების მრავალწლიან მფარველებთან და “გამპრავებლებთან” ჩვენ ნორმალური (პირმოთნე) დიალოგი და დისკუსიები გვჭირდება? როგორ შეიძლება ასეთ ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ კარგია, როცა „ორივე ძალა პარლამენტში თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი“? ხომ გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა, არჩევნები რომ მართლაც სამართლიანად და ნორმალურად ჩატარებულიყო, – 40%-ს კი არა, ალბათ ამის ნახევარს თუ მიიღებდა?! ნუთუ ბატონი ლაშა მართლაც მოხიბლულია, რომ პარლამენტში მოხვდა როლანდ ახალაია, რომლის შტაბის უფროსი სწორედაც რომ მეგის ქარდავა იყო, ხოლო შვილების საგმირო საქმეები კი რამდენ ტომს დაიტევს, ღმერთმა იცის? ნუთუ მისაღებია იმ ტიპის განცხადებები, რასაც როლანდ ახალაია თავისი ოპონენტის შესახებ აკეთებს, რომ ალასანაის თურმე ბოროტება „გენში უზის“ (ამას ამბობს კრიმინალში ეჭვმიტანილი და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ორი პირის მამა იმ ადამიანზე, რომლის მამა საქართველოს ეროვნული გმირია!) ნუთუ სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად გაყალბებულ ხაშურის ოლქში დღემდე ის ადამიანი არის გამოცხადებული მოგებულ მაჟორიტარად, რომელსაც ხელს ადებენ, რომ ის თავის თანაქალაქელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და და დამკვირვებლებს იარაღს ადებდა და საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა? ნუთუ, ის კადრები  (1:18:23-დან), რომელიც იგივე „კვირის არგუმენტების“ გადაცემაში აჩვენეს, არ ცხადყოფს, ნაცუმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ მოქმედი როგორი მასიური გაყალბების ფასად არის მიღწეული ის საბედნიერო „ლამის თანაბრობა პარლამენტში“, რაც ბატონ ლაშას იდეალისტურ აღფრთოვანებას იწვევს? ნუთუ ის ფაქტი, რომ ახალქალაქში საარჩევნო უბანზე უკანონოდ მყოფმა ადამიანმა არა მარტო კამერა დაუმტვრია სტუდია GNS-ის ოპერატორს, არამედ შემდეგ კამერის წინვე განაცხადა, უნდა მომეკლა კიდეცო, და რომ 70-ვე უბანზე დარღვევები იმ მასშტაბის იყო (დეპუტატის მიერ მოწყობილი ხელჩართული ჩხუბების ჩათვლით), რომ წესით, არჩევნები გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს, – ნუთუ ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას არ არღვევს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ახლა ამაში დამსახურებულ პარტნიორ ნაცმოძრაობას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და მათი “კეთილი ზრახვების” უნდა ვიწამოთ?

არ გაუყალბებიათ??? უბრალოდ, არ მივეცით ყველგან გაყალბების საშუალება, თორემ შერცხვებოდათ?!

აი, ერთი ფაქტი და ერთი ინფორმაცია იმის მაგალითად, თუ როგორ აპირებს საქართველოს ჩამოოპოზიციონერებული პრეზიდენტი და მას დაქვემდებარებული სტრუქტურები „თანამშრომლობას“:

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წ. 5 ოქტომბრის N 924 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონებაზე კონტროლი დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაულოცა.

ბრძანებულებით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალი კადრებით დაკომპლექტდება, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე – ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვეღარ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების გახორციელება.

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების ხარჯი პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა გაიღო. 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებმა მსგავს ქმედებებს უკვე კანონიერი სახე მისცა.

http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6109%3A2012-10-07-11-42-32&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=11

გრეტა ციცავა:

გუშინ ვიყავი რუსთავში და იმ სუპერმარკეტს ვესტუმრე, რომელიც ტვიმედისინფორმაციით,თითქოს დააყაჩაღეს. მოკლედ გაგიჟდა ქალბატონი გამყიდველი და მითხრა: შვილო, 2 დღეა ხალხი გახარებული შემოდის აქ და უკეთესი ამბავი ვერ მითხარიო, რა დამაყაჩაღეს რის დამაყაჩაღესო!..  კი გამომისტუმრაიმედ+გაცრუებული

http://www.facebook.com/nato.gabunia.90/posts/513888908639743#!/gretatsitsava/posts/3267370142899

საბოტაჟი რომ ნელ-ნელა ძალას იკრებს, ეს აშკარაა, სააკაშვილი კი ყასიდად ესაუბრა კამერების წინ ზოდელავას და ზღულაძეს და დაავალა, არცერთმა პოლიციელმა არ თქვას უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზეო, მაგრამ ეგ კამერების წინ, და აბა ესეც ნახეთ

ნინო დუმბაძე:

ყველამ წაიკითხეთ და გაავრცელეთ!!!

აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე შანტაჟით და მუქარით, ყოფილ პატიმრებს, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, აიძულებს ოქტომბრის გამავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მოგმართავთ ყველას იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად. მივმართავ ქართული ოცნებას იყავით ყურადღებით სანამ ესენი აკონტროლებენ ძალოვნებს და თვითმართველობებს არაფერი არ არის დამთავრებული. ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნოა და ამას ამბობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას. მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს განსაკუთრებით ჟურნალისტებმა!!!!!!

აი, რას ამბობს ფეისბუქზე შალვა რამიშვილი ნაცმოძრაობის გეგმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება:

ნაც მოძის გეგმა მარტივია:

1. განწმენდა ბნელი წარსული მქონე პირებისაგან (ახალაიები და მისი ბანდა, ზონდერების უფროსები)
2. მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით
3. საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთავის ბრძოლა
4. მედია რესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო-დივერსიული ძალის შექმნა.
5. მატერიალური რესურსების მობილიზება, გადაწყობა, დალაგება, გადამალვა
6. ადგილებზე (ქალაქებსა თუ სოფლებში) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა
7. სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მოწყობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობემებს შეუქმნის.
8. ივანიშვილისთვის ცეცხლი გახსნა ყველა ამ მიმართულებიდან 6 თვის შემდეგ, როცა მიშას პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მე ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ დღესაც კი ბატონ ლაშა ბაქრაძეს მეტი არაფერი აწუხებს, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯერარდასახელებულ მთავრობაში ბევრი მისთვის მიუღებელი ადამიანია და რომ ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს თავისი საკადრო გადაწყვეტილებების ქართველი ხალხისათვის წინასწარ გაცნობას და ამას ასე კულუარულად აკეთებს, რომ მეტი გახსნილობა და ხალხთან მოთათბირება იყო საჭირო…

ძალიან უცნაური მგონია ის, როგორ ლაპარაკობს ასეთი დარწმუნებით ლაშა ბაქრაძე ლამის სასირცხვილო კანდიდატებზე, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არავის დაუსახელებია. მე პირადად 3 სხვადასხვა ექსკლუზიური ვერსია მოვისმინე და სამივე განსხვავებული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული საერთოც იყო მათ შორის. ასევე უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მის მიერ მართული სამივე ტელევიზია მთლიანად საგანგებო მდგომარეობაში გადაიყვანა და საინფორმაციო ცეცხლის გახსნა დაავალა, სადაც ყოველდღე იფრქვევა ათასი დეზინფორმაცია იმაზე, როგორ ხვდება ბიძინა ივანიშვილი ქურდებს, როგორ საშინლად იძარცვება უკვე მაღაზიები და როგორ გაიზარდა კრიმინალური სტატისტიკა, ხოლო ამის ფონზე ყოველდღიურად რეჟიმის ერთგული კრიმინალები „პაჩკა-პაჩკა“ გარბიან ქვეყნიდან, ხოლო დარჩენილთა დიდი ნაწილი სამუშაო დღეს სხვადასხვა ტყეებსა და ტბის ნაპირებზე დოკუმენტების დაწვაში ატარებს, დავიჯერო, იმის დრო გვაქვს, რომ  მოსახლეობასთან მშვიდი და აუღელვებელი კონსულტაციები ვმართოთ და ოცამდე მინისტრი ნება-ნება ვარჩიოთ?

ყველაზე მეტად კი ერთი რამ არ მომწონს ბატონი ლაშას იდეალიზმში – რაღაც ვერ ვიხსენებ, მას როდესმე ნაცმოძრაობის მიერ მთავრობაში დატრიალებულ კარუსელებზე, ან – მდგარდად გამოცხადებული მინისტრების უნარ-ჩვევებსა და მათი შერჩევის კრიტრიუმებზე კითხვები დაესვას…

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ კარგია მეტი გამჭვირვალობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სამოქალაქო კონტროლი! მაგრამ იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამომჟღავნებულ საარჩევნო გაყალბებზე მაინც პასუხი აგებინოს გამყალბებლებს (და თან არა ისე, როგორც ციხის წამების ორგანიზატორებს, რომელთაგან მთავარი ჯალათები უკვე ან საზღვარგარეთ გააცუნცულეს, ან ევრორემონტით მოწყობილი ლუქსებში გაამწესეს და ცივ ნიავს არ აკლებენ, როგორც ადრე გირგვლიანის მკვლელებს. გამონაკლისი მხოლოდ ის ორი პირია, ვინც ვიდეოები გადაიღო და გაავრცელა, მათი ბედი უცნობია!) და თავი დაანებოს პრეზიდენტის ხელით საკანონმდებლო თარეშს!

მე პირადად, როგორც იმერელ კაცს, რეალიზმი მიყვარს. და არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილიც რეალიზმით იხელმძღვანელებს და არა ბატონი ლაშასათვის მისაღები იდეალიზმით. თან ბოლო წლებში ეს ნაცმოძური იდეალიზმი და ფასადური გაპლასტმასება ისე ამომივიდა ყელში, რომ ლამის სასიქადულო გერმანული იდეალიზმიც კი გადამიყვარდეს.

არაფერი ჯერ მოგებული არ არის!

ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მხოლოდ აქამდე ყველაზე უმნიშვნელო დაწესებულება – პარლამენტი (სააკაშვილის ხელში – სანოტარო ბიურო!) წააგო, და იქაც კი უნდა ისეთი გაყალბებული რეალობა შეინარჩუნოს, რომ არაფერი არ დათმოს. აღარაფერს ვამბობს ისეთ მძლავრ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სუპერუფლებებით შეჭურვილი პრეზიდენტი, უსამართლო სასამართლოები, სადაც ნებისმიერი შავით თეთრზე ნაწერი საქმე მაინც უსამართლოდ ტრიალდება, პოლიცია, პროკურატურა, ნაციონალური მედია, – ეს ყველაფერი ამ თავმოკატუნებული “ოპოზიციის” ხელშია, რომელსაც მე ვფიქრობ, ცოტა სხვა სახელი – “ობოზიცია” უფრო მოუხდებოდა – ტერმინოლოგიური აღრევის გამოსარიცხად! 🙂

ამიტომ, პირველ რიგში:

ა) მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს, ყველა გაყალბებულ უბანსა და ოლქში ხმების დაცვა და სასამართლო დავებში ყველა არსებული დოკუმენტის გამოყენება! არცერთი ადგილი არ უნდა დავთმოთ იმ ყალბი დაპირებების სანაცვლოდ, რომ თურმე გაკონსტრუქციებული ნაცმოძრაობა ყველაფერში ხელს შეუწყობს აქამდე ოპოზიციას და მალე კი მთავრობას! ეს არის ბლეფი, რომელსაც მხოლოდ იდეალისტების იჯერებენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი უმწიკვლო თუ არა, სამართლიან პარტნიორებად მიაჩნიათ! ნაციონალური მოძრაობის მუქარები (ბაქრაძის და ბოკერიას მიერ გაჟღერებული), რომ ისინი კრიზისზე წავლენ, ამჟამად ძირითადად ბლეფია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი გაყალბებული მანდატი შეიხვილოფონ! აი, თუ გაუვიდათ, მერე კი ნამდვილად წავლენ დაპირისპირებაზეც და კრიზისზეც! როგორ წარმოდგიგენიათ, ნაცმოძრაობა თეა წულუკიანს, ან – თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრად უშფოთველად და უდრტვინველად დაამტკიცებს?

ბ) სასწრაფოდ უნდა მომზადდეს სასამართლო რეფორმა დაჩქარებული წესით. ამაში უნდა ჩავრთოთ მსოფლიოს სხვა ანალოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტები. სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები სამართალს ვერ აღასრულებენ, ხოლო სამართლის აღსრულების გარეშე ქვეყნის გამოსწორება ვერ დაიწყება!

გ) სასწრაფოდ უნდა გადატყდეს წელში გებელსურ-პროპაგანდისტული  მედიის ბატონობა ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე. პარლამენტის პრიველივე სხდომაზე უნდა დავიწყოთ მედიის ახალი კანონის მიღება, რომელიც გაქსუებულ ცრუტელევიზების დაფინანსების წყაროებს აშკარას გახდის. ამის პარალელურად უნდა მოიხსნას უკანონო და დარკონული შეზღუდვები სატელიტურ თუ საკაბელო ტელემაუწყებლობაში რომელიმე ტელევიზიის ჩართვაზე. Must Carry – Forever!

დ) უნდა დაიწყოს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როტაცია – ყველა ელჩი უნდა იყოს გამოწვეული (მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით) და უნდა აღმოიფხვრას მანკიერი პრაქტიკა, როცა ელჩებად ხელისუფლებსის ახლობლები, უმეცრები და სულაც უზრდელი ხეპრეები ინიშნებოდნენ!

კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ იდეალიზმის ფუფუნება მივცეთ თავს! რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლა ვინც მოვიდა, ამათზე კონტროლს ვაწესებთ და ადრე ვინც იყო, იმათ საქმეებს არ ვიძიებთ.


კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან –  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!