ერთი დღის ორი ამბავი და ერთი “შემოქმედი”


panashvidi2

წვიმს.
საშინლად წვიმს.
ცა ჩამოვიდა ქვეყნად.
10 ივნისის დილაა და გარეთ რომ გაიხედავ, ისეთი ნაცრისფერია და მოღუშული თბილისი, ნოემბრის საღამო გეგონება.
ამინდმაც თითქოს გაიზიარაო ჩვენი გლოვა და ტკვილი. ცამ გუშინვე გახსნა პირი და დღეს უკვე თავშეუკავებლად დასტირის იმ ბიჭებს, ასე ერთბაშად რომ მოგვწყვიტა ომმა.
ვზივარ და „კვირის პალიტრაში“, კი არ ვკითხულობ, კანკალით მივყვები დაღუპულ ბიჭებზე ეკა ლომიძის, თეა ხურცილავას, ლალი პაპასკირის დაწერილ წერილებს. ჯერ ეკა ლომიძის „დედის ბლოგი“ წავიკითხე, მერე დაღუპულ გორელ ბიჭებზე, მერე ძეგვში, მარტყოფში, რუსთავში, ყვარელში წამიყვანა 20 წლის ერთგულმა მეგობარმა გაზეთმა…
ძალიან მძიმეა ეს. მამა ვარ და მძიმეა… დედებისთვის წარმომიდგენია, უფრო მძიმე იქნება. ხოლო დაღუპულთა დედებისთვის და ოჯახებისათვის კი – ჯოჯოხეთი…
როგორი საშინელი და ლამის არარეალური მეჩვენება ბავშვობიდან ნაცნობი ასე ლამაზი სიტყვები:
– ერთი შვილ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია!..
ამ სტატიებით გულდამძიმებულმა უფრო ვიგრძენი ჩვენი ტრაგედია, რომელიც გუშინ ამდენი ყვავილების, გვირგვინების, სანთლების, შავჩოხოსნების თუ შავკოსტუმიანი პოლიტიკოსების ფონზე ზედმეტად თეატრალიზებული და პომპეზური მეჩვენა… გუშინ ისე ვერ განვიცადე სახალხო გლოვა, როგორც დღეს, ამ გაზეთის კითხვისას. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ყელში ბურთი მაქვს გაჩრილი და ლამისაა ვტირი… თუ უკვე ვტირი…

რა უნდა ვთქვა?! ყველაფერი ნათელია: 7 დაღუპულიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის იყო, ყველაზე უფროსი – 32-ის. 7 დაღუპულიდან შვიდივე რაიონის მკვიდრია. 7 დაღუპულიდან 6 გაჭირვებამ წაიყვანა საკონტრაქტო სამსახურში და მერე – ავღანეთში. ზოგს ვალები ჰქონდა გადასახდელი, ზოგს – ოპერაციის ფული, ზოგი საკუთარ სახლზე ოცნებობდა, ზოგი – შვილზე და ზოგი საყვარელი გოგოს ცოლად მოყვანას აპირებდა დაბრუნებისას. ავღანეთში ჯარისკაცად წასვლის მთავარი მიზეზი უმუშევრობა და უიმედობა იყო. ყველაზე ზუსტად ამ ყველაფერს ეს წინადადება გამოხატავს:
„სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ, აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში.“ (ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილი)
====================================
ქვემოთ ზოგიერთი ციტატა მოვიყვანე სტატიებიდან. ისე კი გირჩევთ, სრულად წაიკითხოთ -www.kvirispalitra.ge. ან 10 ივნისის გაზეთში.

ზურა გურგენაშვილის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა… ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო. საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო…” – ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.”
“ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო”, – ტირის და.
“ჩემი შვილი ყველას შემწე იყო. ჯარისკაცის ხელფასი, რომელიც 700 ლარსაც არ აღემატებოდა, შეეძლო ყველასთვის გაენაწილებინა. პატრონობდა ავადმყოფ ძმას, ჩვენ, მშობლებს, გათხოვილ დებს, რომელთაგან ერთს ბავშვი შეუძლოდ ჰყავდა და რომ არა ზურა, წამალსაც ვერ იყიდდა…” – ხმა და ცრემლი ერთად გამოუშრა დედას.
“ავღანეთში წასვლის წინადღეს მოგვინახულა ნათესავები. ჯოჯოხეთში მივდივარ და წასვლამდე ყველას უნდა ჩაგეხუტოთო. ეს არ ქნა ზურა-მეთქი, – ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ მეთაურს მივყვებით, ყველას უკლებლივ დაგვაბრუნებსო”, – მოთქვამს მამიდა.
——
ბორისმა [ბორის ცუგოშვილი] ერთხელ უკვე ჩაათავა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2008 წლის ომის დროს საინჟინრო-სატანკო ბატალიონში იყო და გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიჭრა, ტვინის შერყევა დაემართა, ცხვირი გაუტყდა. როდესაც კონტრაქტი გაუთავდა, აღარ აპირებდა ჯარში დაბრუნებას. მცირე დანაზოგით ცოლი შეირთო. ეგონა სხვა სამსახურს იშოვიდა, მაგრამ ამაოდ. მერე ბავშვი გაჩნდა, ახლა პატარა ბიჭი 10 თვის არის. დედას საკეისრო ოპერაცია დასჭირდა. 1.000 ლარი მოგვთხოვეს ექიმებმა, ძროხა და ხბო გავყიდე, რომ ბავშვი დაბადებულიყო, სხვა ვალებიც აიღო ბორისმა და იძულებული გახდა მათ გასასტუმრებლად, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. ერთხელაცო, თქვა და წავიდა. რას იფიქრებდა, რომ ეს ერთხელაც უკანასკნელი გამოდგებოდა? რას იფიქრებდა, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდებოდა მათ სიცოცხლეს და სისულელეებს მოროშავდა ტელევიზორში?

შალვა ცუგოშვილი, ბორისის ბიძაშვილი: – სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში. სააკაშვილს ნატოში შესვლის იმედი რომ აქვს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და გვიპასუხოს, ქვეყანა, რომელსაც ამდენი დაქცეული ოჯახი ჰყავს, ვის რად უნდა ნატოში?
გორში, ცუგოშვილების ბინაში სასოწარკვეთილი დედა, ცოლი და პატარა ვაჟკაცი ელოდებიან ქართველი ვაჟკაცის დაბრუნებას, რომ მერე ისევ გააცილონ, ოღონდ უკანასკნელ გზაზე და ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩნენ, ტკივილებით, ცხოვრების შიშით და ვალებით, რომელიც ბორისს გაუსტუმრებელი დარჩა.
“მადლობა შენ, რომ შვილი მაჩუქე, სამაგალითო ბიჭო. შენ ხომ ვალები იმისთვის აიღე, რომ ჩვენ გყოლოდით თბილად და ბედნიერად…” ჩურჩულებს პირგამეხებული ნინო, ბორისის მეუღლე.

გიორგი ადამოვის ბინის შესასვლელში 20-იოდე წლის გოგონა იატაკზე, თავჩარგული მოთქვამს. ის გიორგის ს აცოლეა. 23 მაისს ბიჭს 23 წელი შეუსრულდა. დროა ცოლი შევირთოო, უთქვამს წასვლამდე და საცოლე ოჯახისთვის წარუდგენია…

დალი ადამოვი, გიორგის და – “6 ივნისს, დილით, შვიდ საათზე დაგვირეკა და ყველა მოგვიკითხა. მასზე 11 წლით უფროსი ვიყავი. ულამაზესი ძმა მყავდა, ძალიან მამაცი, კეთილი და თავმდაბალი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით, დამოუკიდებლობით. ერთხელ მონასტერში წასულა, ისე, რომ არ გვითხრა. გვისაყვედურა, რომ ვეძებდით, სად უნდა წავსულიყავი, რამეს ხომ არ დავაშავებდიო. ოცნებობდა საუკეთესო მეომარი ყოფილიყო, მაგრამ… არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელი ტკივილი გამეფდა ჩვენს სახლში, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს. გიორგი ისეთი იყო, თავისი საქმით იტყოდა სათქმელს, მაგრამ არ დააცალა ოხერმა სიკვდილმა…”

რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის იყო. მარტყოფში ჩასულს საზარელი სურათი დამხვდა – ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები 21 წლის ახალგაზრდას გლოვობდნენ. გიორგიმ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წასვლა 3 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. იგი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს… გიორგი ღუჭაშვილი მარტყოფში დედასა და ძმებთან ერთად ცხოვრობდა.
გიორგი ღუჭაშვილი, გარდაცვლილის ბიძა: მე დიდი გიორგი ღუჭაშვილი ვიყავი, ის – პატარა, მაგრამ აღარ მყავს ჩემი გიორგი. ჩემს ხელში გაიზრდა. ჩემი ძმა 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმ წელს გიორგიმ სკოლა დაამთავრა და პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, თავად ეპატრონა ოჯახისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა ჯარში. ამით არჩენდა ოჯახს. სულ მირეკავდა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო.

ლია ღუჭაშვილი, გიორგის ბიძაშვილი: როცა საკონტრაქტო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, გვითხრა, მამის დაკარგვამ გული ძალიან მატკინა, ოჯახსაც დახმარება სჭირდება, ქვეყანასაც უნდა პატრონობაო და წავიდა. ძალიან უყვარდა მამა. სანამ ბიძაჩემი დაიღუპებოდა, სახლი აუშენა გიორგის. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ ამ სახლში აპირებდა ცხოვრებას.
—-
ზვიადი [ზვიად სულხანიშვილი] საოცრად კეთილი ბიჭი იყო. დედამისი, ვერიკო, თურმე ისე მძიმედ არის, წამლებით აძინებენ. სამი ვაჟკაცი გაზარდა, გოჩა, ვასიკო და ზვიადი. ზვიადი ნაბოლარა იყო და განსაკუთრებულად ელოლიავებოდნენ. ძალიან უჭირდათ და ეს იყო ჯარში სამსახურის დაწყების მიზეზი. მერე პროფესიამაც გაიტაცა და ღირსეულად იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მთელი სოფელი საშინლად განიცდის, გლოვობს, მაგრამ ზვიადს რაღა ეშველება. ავღანეთში წასვლამდე ვნახე და ვუთხარი, ზვიად, ნუ მიდიხარ-მეთქი. გამიცინა, ნუ გეშინია, მშვიდობით ჩამოვალო…”, – მითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

ზვიადის უფროსი ძმა გოჩაც წლებია სამხედრო სამსახურშია და სამშვიდობო მისიით ორჯერ იყო ავღანეთში. იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თურმე გოჩა ზვიადმა შეცვალა. მონატრებული ძმები უცხო მიწაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამი დღე-ღამე ერთად გაატარეს. ალბათ, ძმისგან ზვიადი ბევრ რჩევას მიიღებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მათი დაშორება იქნებოდა, რადგან გოჩამ კარგად იცოდა, როგორ სახიფათო ზონაში ტოვებდა უმცროს ძმას. თურმე სამშობლოში დაბრუნებული თავს იმით ინუგეშებდა, შედარებით მშვიდ ადგილას დავტოვეო. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ესაუბრა ოჯახი ზვიადს, არ ინერვიულოთო, დაამშვიდა ახლობლები, მაგრამ ტერორისტულ აქტს შეეწირა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, უმძიმეს მდგომარეობაშია გოჩა, სულ განმარტოებას ცდილობს. მისი მოთხოვნა ყოფილა, ძმაზე ჟურნალისტებთან არავის ესაუბრა.
——
მზია ცოფურაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილის ნათესავი: – საოცრად კეთილი იყო, გულიანი. დედამისი მუშაობდა და ბებია ზრდიდა. ის ახლა 84 წლის არის. არ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ მიშოს ამბავი.
რა არ სცადა, მაგრამ სამუშაო ვერსად იშოვა. ძალიან უჭირდათ და რცხვენოდა, ამხელა კაცი დედის კმაყოფაზე როდემდე ვიყოო. ამიტომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში წასვლა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მერე კი ძალიან მოეწონა იქაურობა. ძალიან დარდობდა, ოჯახი რომ დაენგრა. გერმანიაში წავიდა, ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა. ამბობდა, ცოტას წელში გავიმართები და ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო…
—-
ერთი დაღუპულის შესახებ რეპორტაჟს ასეთი სათაური აქვს – “ფულის გამო არ წასულა ჯარში”

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: “რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა.

[თეიმურაზ ორთავიძე] – თემურის მამიდა: …ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა”.

შოთიკო მონასელიძე, მეგობარი: – მე და თემური ერთად ვიზრდებოდით. ჩვენი მამებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენ მირონიც გვაკავშირებს. მისი დის ნათლია დედაჩემია. პატიოსანი ბიჭი იყო. ერთად ვენახებშიც გვიმუშავია და მწყემსადაც ვყოფილვართ. მის ოჯახს კარგი მეურნეობა ჰქონდა, თემო მამას ეხმარებოდა. მეც ხშირად მივხმარებივარ და მწყემსად გავყოლივარ. ყველას უყვარდა, ამ ოჯახზე ცუდს არავინ გეტყვით. 18-19 წლისა მამას გვერდში ედგა. თავის საქონელს თვითონ უვლიდა. კრივზე დადიოდა. ცოლი რომ შეირთო, ძალიან ბედნიერი იყო. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ჯარში სამსახური. ფულის გამო არ წასულა ჯარში. ძალიან გვიჭირს მის სიკვდილთან შეგუება. ძალიან მეგობრული იყო. ფიზიკურად დახმარება თუ გინდოდა, მოგეხმარებოდა, თუ ფინანსურად გჭირდებოდა, ხელს გაგიმართავდა. უკან არ დაიხევდა. მართლა ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი მშობლები.

ზვიად ბეჟანიშვილი, თანაკლასელი: – ერთად გავიზარდეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაჭირვებულს სულ გვერდით ედგა, შრომისმოყვარე და კეთილშობილი იყო. მდინარე ალაზანში ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი. ცურვა კარგად იცოდა და მაშინვე საშველად გაიქცეოდა. ერთხელ ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და ხშირად ვთამაშობდით. კრივშიც წარმატება ჰქონდა.
—–

panashvidi3

========================
მესმის, რომ წინა ხელისუფლების აცუნდრუკებით ასე გაზრდილ კონტინგენტს უცებ ვერ შევამცირებთ, მესმის, რომ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეწყვეტა წარმოუდგენელია და გადახედვაც არ იქნება ადვილი, მესმის, რომ ახალი მთავრობა უცებ ვერ შეცვლის იმ ფანტასტიურ განსხვავებას, რაც არსებობს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცის არა მარტო ანაზღაურებას, არამედ სიკვდილის შემთხვევაში გაცემული კომპენსაციის მოცულობებს შორის, მესმის, რომ დაღუპულებს ეს ვერ გააცოცხლებს, თუმცა მათი ხსოვნის უკვდავყოფაზე ზრუნვა მცირე მალამო მაინც იქნება ოჯახებისათვის… და, ყველა ამ მიმართულებით მუშაობა ახლავე დასაწყებია და რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი სამძიმარიც და თავის დახრაც დაღუპულთა ხსოვნისადმი…
======================

9 ივნისს საოცრად დაემთხვა მეორე, დიდი ხნის წინ გამოცხადებული მოვლენა: მოსამართლეთა მე-10, რიგგარეშე კონფერენცია – დიდი ხნის წინ გამოცხადებული და დაანონსებული შეკრება, რომელსაც სააკაშვილის და ადეიშვილის ხელში გაბახებული და გაუბედურებული სასამართლოს რეფორმის გზაზე თითქოსდა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა.

კარგად ვიცი, როგორ მოწამლეს და მოსპეს ზემოთხსენებულმა პოლიტიკოსებად ცნობილმა კრიმინალებმა სასამართლო და სამართალი, როგორ აქციეს პროკურორები – ყოვლისშემძლე უზნეო პროკურატორებად, მოსამართლეები – აგარაკებით და ნაჩუქარი სახლებით, მაღალი ხელფასებით და პრემიებით მოსყიდულ სულგაყიდულ მონებად, ხოლო ადვოკატების გარკვეული ნაწილი – საპროცესო გარიგებების მომრიგებელ მაკლერებად. ისიც მესმის, რომ სასამართლოს, რომელიც აშკარა დანაშაულს ჩადიოდა და ხელს აფარებდა, რომელიც ბრალდებულს მხოლოდ 0.04%-ში ამართლებდა, ერთი კონფერენცია კი არა, ავგიას თავლის მსგავსად, ნიაღვარი თუ გამორეცხავს უწმინდურობისაგან. და მაინც უნდა გამოვტყდე, მჯეროდა, რომ მოსამართლეთა ნახევარს მაინც ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ სააკაშვილის უზნეო სასამართლო სისტემის უტიფარი დემაგოგებისათვის – კუბლაშვილისა და მეიშვილისათვის ახლა მაინც გაებედათ და პირში ეთქვათ, რომ მათი დიქტატით, და არავის დიქტატით (!), ცხოვრება აღარ სურთ, რომ კანონს სურთ ემსახურონ და არა – კანონდამრღვევ პოლიტიკანებს, რომ სამართალია უზენაესი და არა უზენაესი სასამართლოს მიშასლაქია თავმჯდომარე, რომელიც მილიონერად ქცევის სურვილით ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილ მონად იქცა.

მწარე იმედგაცრუება განვიცადე!

აი, რა განაცხადა კონფერენციაზე დამკვირვებლად დამსწრე პარლამენტარმა, თავადაც იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა:
,,… ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა ორი ფრთა. მე, როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ერთია პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და მეორე ფრთა, რომელიც ხმას არ იღებს და მხოლოდ ტაშს უკრავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. კენჭისყრებმა აჩვენა, რომ სადღაც 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყაროს. ეყოფა თუ არა 90 მოსამართლის ხმა და ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება…”

დავუშვათ, ძნელია ადამიანს, რომელიც შენი კორპორაციის უზენაესი პირია და ერთპიროვნულად წლების განმავლობაში განაგებდა უზენაეს საბჭოსაც და იუსტიციის საბჭოსაც, და რომელსაც ერთადერთს და განუმეორებელს შეეძლო, დაესახელებინე კარიერული ზრდისთვის, თუ ეს გზა და ჟანგბადიც გადაეკეტა – მართლაც ძნელია ამ ადამიანს ხელი დაადო და სისტემის მოსპობაში ბრალი ხმამაღლა და ყველას თვალწინ დასდო! მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ მისთვის, ან მისი ბურჯი დამქაშებისათვის კითხვა დაგესვათ? რამე კონკრეტული საკითხი ისე დაგეყენებინათ, რომ მათ თავიანთი ბინძური მაქინაციების ძველებურად გაგრძელების შანსი შეზღუდოდათ?
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას არა მარტო თავად არ სურდა კითხვების დასმა, არამე აქტიურად განწყობილ კოლეგებსაც არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება!

KONFERENCIA-3

როცა ერთეული გამბედავი მოსამართლეები (ნათია წკეპლაძე, ბესიკ სისვაძე…) რაიმე საკითხზე სასამართლო სისტემის უზურპატორებთან დაპირისპირებას ლამობდნენ, მორჩილი უმრავლესობა მათ ხელს კი არ უწყობდა, ყოველნაირად უშლიდა – უდროობის მომიზეზებით, რეგლამენტის ხელუხლებლობის მომიზეზებით, თუ „სადილზე დროულად გასვლის“ (!!!) მარაზმატული სურვილის დაფიქსირებით!

საშინელება იყო გუშინდელი კონფერენცია! უსამართლობის და უპრინციპობის აპოთეოზი!
და სიტყვები? გამოსვლები? ესაა ჩვენი მოსამართლეთა კორპუსი? მოსამართლეს სიტყვა მაინც ხომ უნდა უჭრიდეს (ნამუსზე რომ უმრავლესობა მწყრალად იყო, აშკარაა 😦 )
მოსამართლეთა კონფერენციებზე გამომსვლელთა უმრავლესობის სიტყვებს რომ ვუსმენდი, კედლებზე ბრეჟნევის სურათს ვეძებდი და სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ მალე საბჭოთა კავშირის ჰიმნსაც დაუკრავდნენ…
3 წუთი რომ გაქვს რეგლამენტი და 5 წუთი რომ რაღაც ზოგადსაკაცობრიო ფრაზებს ისვრი და იმას ჰპირდები კოლეგებს, რომ პრემიებისთვის და ხელფასების გასაზრდელად ბრძოლაში დახარჯავ მთელს შენს ენერგიას და ენთროპიას!..

აი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარი კახა კოჟორიძის შეფასება, რომელიც ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა (თუმცა მასალის ყველასათვის მიუწვდომლობის გამო FOR.ge ბმული მყავს მოყვანილი):
——–
მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს იმას, როცა გალიაში ჩაკეტილ ჩიტს გალიას უხსნიან, მაგრამ ის გაფრენას ვერ ახერხებს. ამ კონტექსტში კოჟორიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ სხდომის დღის წესრიგის თავად განსაზღვრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვების დასმის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

“მოსამართლეთა კონფერენციამ ვერ გაითავისა, რომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივ რაღაცაში გამოიხატა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს. გარდა ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოვლინდა იმაში, რომ მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმა, მაგარამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან კენჭისყრის დროს მოსამართლეთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე პრობლემატურია მისი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის საკითხი. კოჟორიძის შეფასებით, კუბლაშვილი ტენდენციური იყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც სხდომას უძღვება, იმავდროულად ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. “ის ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. რეგლამენტის და დღის წესრიგის შემუშავებაში კუბლაშვილი მონაწილეობდა და მოსამართლეთა დღის წესრიგთან და რეგლამენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქტიურად გამოხატავდა. ჩემი აზრით, სხდომის თავმჯდომარის მთავარი ამოცანაა არა საკუთარი პოზიციების აქტიური დაფიქსირება, არამედ ის, რომ ობიექტურად წარუძღვეს სხდომას და ყველას მოსაზრების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლოგიკური იყო, როცა კონფერენციაზე დაისვა საკითხი, ფარული კენჭისყრით ჯერ ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მომხდარიყო და ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წაეყვანა სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ არც ამ შეთავაზებას დაუჭირა მხარი.

http://for.ge/view_news.php?news_id=19959&news_cat=0

100%-ით ვეთანხმები კახა კოჟორიძეს!
ეს კონფერენცია – სასამართლოს რეფორმირების დასაწყისი კი არა – სრული ბრეჟნევშჩინა იყო!
რამდენიმე ადამიანის გარდა, აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი იყო სადმე შეყუჟულიყო, კადრში არ მოხვედრილიყო, პირზე ბოქლომი დაედო და არავითარ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებოდა სხდომის წამყვანის – კოტე კუბლაშვილის რაფინირებულ დიქტატს, არატრანსპარენტულობას და დემაგოგიას.
ყველა იმ მოსამართლეს მინდა მივმართო, ვინც ნაცმოძრაობის მიერ წლობით ჩაკეტილი გალიის გახსნის შემდეგაც მაინც შიგ დარჩენა და ხელიდან საკენკის კენკვა არჩია თავისი აზრის დაფიქსირებას და მონიჭებული თავისუფლებით სარგებლობას:
“Рожденный ползать – летать не может!” 😦
სამართალმა დღეს პური კი არა, ჟანგა ჭამა!

საბოლოოდ კი ყველა კანდიდატურა იმ ნაცმოძმორჩილმა უმრავლესობამ გაიყვანა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კუბლაშვილის ერთგული დარჩა და პირველივე ტურში აირჩია კუბლაშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი. ასე რომ ეს 7 ახლადარჩეული, ერთი ძველი – გიორგი შავლიაშვილი – უფლებამოსილებაშენარჩუნებული და თავად კოტე კუბლაშვილი უკვე 9 ხმაა, საბჭოში კი სულ 15 წევრი უნდა იყოს! ჩათვალეთ, რომ სწორედ ისევ კუბლაშვილი, ან თუ მას აღარ შეუძლია – მეიშვილი გახდება საბჭოს თავ-რე! რაც შეეხება დარჩენილ 6 წევრს, იქედანაც 2 წევრი მთელი პარლამენტის 2/3-ით უნდა აირჩეს, რაც არარეალურია, ასე რომ მხოლოდ 4 წევრი შეიძლება აირჩეს ამჟამად (ისეთი, რომელსაც უმრავლესობის ხმები ეყოფა) და 13-კაციან საბჭოში ეს იქნება 9:4 შეფარდება, ანუ 2/3 აბსოლუტური უმრავლესობა, სავარუდოდ კუბლაშვილის გვარდია იქნება, რაც იუსტიციის საბჭოს ლამის ისეთივე მკვრადშობილად აქცევს, როგორც იყო. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას – ვისი ერთგული იქნება თავად კოტე კუბლაშვილი – სააკაშვილის/ნაცმოძრაობის, თუ – ივანიშვილის/”ქართული ოცნების”. და მე ასეთი იუსტიციის საბჭო ნებისმიერ შემთხვევაში არ მიმაჩნია მისაღებად! თანაც რატომღაც მგონია, რომ კუბლაშვილი მაინც ისევ ნაცმოძრაობის ერთგული დარჩება, რომელსაც მასზე უდავოდ კომპრომატები ექნება!
საქმეში ჩახედული ზოგი ადამიანის აზრით, ამ წუთისათვის მაინც (ვიდრე პარლამენტს საბჭოში არამოსამართლე წევრები არ აურჩევია) იუსტიციის საბჭოს ეს შემადგელობა წინაზე უარესიც კია!
ჩემი აზრით, სასამართლო ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია უნდა ამუშავდეს, და ყველა “ჩემიები” უნდა დისციპლინარული წესით მოიშორონ თავიდან. არ შეიძლება მოსამართლედ უვადოდ ნიშნავდე ადამიანს ვისაც გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტაში აქვს ხელი გასვრილი და ათას ეგეთ საქმეებში – ათობით იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მონობის ქრესტომათია იყო!

====================
ჰოდა, როცა 9 ივნისის ამ ორ ამბავზე ვფიქრობ, აღარ ვიცი, რა უფრო დიდი საშინელებაა – იმ 7 ვაჟკაცის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და სამუდამოდ დასამარებული ოცნებები, თუ ეს საშინელი სპექტაკლი, სახელად „მოსამართლეთა კონფერენცია“ – სპექტაკლი, რომელმაც სახელმწიფოს აღორძინების და ინსტიტუციური განვითარების იმედები შეიძლება გაყინოს, ან – სულაც დაასამაროს, თუ ამ “კუბლაშვილიადა-მეიშვილიადას” დროზე არ შევაჩერებთ.
მესმის, როგორ მკრეხელობად ჟღერს ბევრისთვის ეს ჩემი კითხვა.

მაგრამ მოდით, რაც არ უნდა გვიჭირდეს, ცივი გონებით განვსაჯოთ – იმ 7 დაღუპულ ახალგაზრდას რაღას ვუშველით, ხოლო თუ გუშინდლამდე იმ ათეულ ათასობით უსამართლოდ გასამართლებულ ადამიანთა საქმეების გადახედვის იმედები ჯერ კიდევ იყო, ამ ტიპის იუსტიციის საბჭოთი და ამ ტიპის ვაი-მეიშველებით ეს იმედებიც უკვე სულს ღაფავს! ზაზა მეიშვილმა არჩევისთანავე ხელთათმანი გვესროლა ყველას იმას, ვისაც სამართლიანობის დადგომის იმედი გვქონდა:

“მე ძირითადად ყურადღებას გავამახვილებდი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე. როგორც მოგეხსენებათ, წესით ნოემბერში უნდა ამოქმედდეს ეს კანონი. ამიტომაც, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიცია იქნება ეს კანონი ამოქმედდეს, არ მოხდეს მისი გადაწევა ან ამ კანონის გაუქმება, როგორც გაისმა ერთი-ორი პოლიტიკოსის მხრიდან.
რაც მთავარია, ეს კანონი უნდა შეეხოს მოქმედ მოსამართლეებს, დღის წესრიგში ავტომატურად დადგეს მათი გადანიშვნის საკითხი, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარჩინებით დამთავრებულებისთვის ავტომატურად თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხი. სხვა თემებიც არის. ერთ-ერთი ეხება ხარვეზების კომისიას, რომელთან მიმართებაში მე მაქვს ასეთი პოზიცია: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა მექანიზმს მოიფიქრებს. მე, როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შევასრულებ იმ კანონს, რაც არის. მაგრამ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ დაუჭერ მხარს იმას, რომ ხარვეზების კომისიის ესა თუ ის დასკვნა გამოყენებული იყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნის დასაწყებად. ეს დაუშვებელია, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში და საერთოდ, ვფიქრობ რომ მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო.”

http://gurianews.com/home/2010-11-25-16-59-29/10687—q—–q.html

ხომ გაიგონეთ?!!! „მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო“!!! ხოლო იმ მოსამართლეებს, ვინაც გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის, მოლაშვილის, გვანცა ყუფარაძის, ვალიკო ჭელიშვილის, ჯაშუში ჟურნალისტების, ვახტანგ მაისაიას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, ათასობით ადამიანისათვის ქონების ახევის და საპროცესო გარიგების საქმეებზე მრავალი დარღვევები დაუშვეს, ბუზს ვერ აუფრენს ვერავინ! ანგელოზებისთვის არ მიუნიჭებია უფალს ისეთი უფლებები, როგორსაც ჩვენს მრავალჯერგასვრილ მოსამართლეებს სამუდამოდ აპირებს მიანიჭოს მეიშვილი. აი, რა შეიძლება მოხდეს, როცა დამნაშავესთან გარიგებაზე მიდიხარ… ის ჯერ საკუთარ უდანაშაულობის აღიარებას გამოგტყუებს, მერე საკუთარ პატიების ფირმანს მთელ ბანდას გადააფარებს, მერე საკუთარი სტატუსის მარადიულობის აღიარებას მოგთხოვს, და ჯამში კი ისევ ისე გააგრძელებს მამაძაღლობას – ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია. 😦 .
==========================
misha-tiris-1

მაგრამ ამ ორივე ამბავს ერთი „შემოქმედი“ ჰყავს!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც მის მიერ შექმნილი კლანის და დამნაშავე სისტემის წყალობით ბოლო ათი წლის განმავლობაში 250,000 ზე მეტი ადამიანი პრობაციონერად აქცია და ფაქტიურად 1 მილიონ ქართველს პირიდან ლუკმა გამოაცალა!
ეს არის ის ადამიანი, ვინაც მისი მარჯვენა ხელის – იუსტიციის მინისტრის – დახმარებით ის სისტემა შექმნა, რომლის მეშვეობითაც 20,000-ზე მეტ ბიზნესმენს ქონება აახიეს და ან სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, ან მათი კლანის წევრებმა თავად მიითვისეს.
ეს არის ის ადამიანი, ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სულ რაღაც ორი რაიონი და 150 სოფელი დაკარგა” მისი ამპარტავნული ავანტიურის წყალობით! და ამ ავანტიურსვე წყალობით იმის შანსი გააჩინა, რომ ამ და ადრე დაკარგული სხვა ტერიტორიების დამოუკიდებლობა აგრესორის მიერ ოფიციალურად აღიარებული ყოფილიყო.
ეს არის ის ადამიანი და მისი დამნაშავე კლანი, რომელმაც საკუთარი გამდიდრების მიზნით ქართული სოფელი დააჩაჩანაკა და ქართველი გლეხი მათხოვრად აქცია! ეს არის ის ადამიანი, რომელსაც, საკუთარი მარადიული მეფობის სურვილით ატროვებულს, საქართველოში ასეულ ათასობით ჩინელის თუ სხვა უცხოტომელის ჩამოსახლების „ბრწყინვალე“ იდეები მოუვიდა თავში! ეს მაშინ, როცა მისი წყალობით დაკაბალებული ქალები – უცხოეთში ძიძებად და მომვლელებად, ხოლო მამაკაცები – შავ მუშებად და ჯარისკაცებად გადახვეწილან!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ომის წაგების შემდეგ სასწრაფოდ ქართული საჯარისო კონტიგენტი საქართველოში შეამცირა, ხოლო ავღანეთში 160-დან ჯერ 750-მდე, ხოლო შემდეგ 1565-მდე გაზარდა!
ეს ადამიანი გუშინ ფარისევლურად ტიროდა ქართველი ჯარისკაცების კუბოების წინ, ხოლო შემდეგ ბედნიერებით აღფრთოვანებული სამდღიან ქეიფს და ფეიერვერკების ზალპს აგრძელებდა სამების წინ – რიყეზე და ქართველებისაგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეში, რადგან მისი ჩაფიქრებული გეგმა სასამართლოების უსამართლოებად დატოვების შესახებ ჯერჯერობით “წარმატებით სრულდება”. და მის და მისი მანქურთების მიმართ სამართლის ასრულების პერსპექტივა განუსაზღვრელი დროით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

=============

მე მგონი, კოჰაბიტაციაზე ფუჭ ოცნებებს (დროებით მაინც) თავი უნდა დავანებოთ და ვენეციის კომისიას კი არა, ვაჟას დავეკითხოთ ზნეობრივ-სამართლიანი პოზიცია:

რაც უნდა ჭირი მამკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა …

კოჰაბიტაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ ავისმქნელი გასამართლდება, ან ჩადენილ ბოროტებას აღიარებს და მოინანიებს.
მანამდე კი კოჰაბიტაციის პოლიტიკას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – ხალხის თვალში რეპუტაციის შებღალვა…

P.S. (გადაცემა პოლიტმეტრის შემდეგ):

ახლა ვუსმინე პოლიტმეტრში დებატებს სასამართლო რეფორმაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ სიცოცხლუნარიანია სიყალბე და დანაშაული, როგორ ბოლომდე, უკანასკნელ შანსამდე იბრძვიან ადამიანები, ვინაც სამართალი დაარღვია იმისათვის, რომ ყველაფერი წაშალონ, ამოშალონ, ყველა საბუთი დაამახინჯონ და არა მარტო მშრალად ამოვიდნენ წყლიდან, არამედ ურცხვად გააგრძელონ მოღვაწეობა სიმართლის და სამართლის სახელით იქ, სადაც ისინი ბრალდებულები უნდა იყვნენ და არა – “სამართლის მსახურნი”.

როდესაც ვიცოდით, ვინც იყვნენ კუბლაშვილი, მეიშვილი და სხვები (მეიშვილს თურმე უშუალო ბრალი მიუძღვის სულხან მოლაშვილის წამების შესახებ ფაქტების გაყალბებაში!), არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ეს ადამიანები, მათი ბრალის დადგენის ან გაბათილების გარეშე, მოხვედრილიყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც სხვა მოსამართლეების ბედი უნდა გადაწყვიტოს!

ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს თავი დამპალია და აყროლებული თავის მქონე ორგანო ძალიან ძნელად შეძლებს გაწმენდას.

ვიღაცას შეიძლება ყელში ამოუვიდა ჩემგან ამის მუდმივად გამეორება, მაგრამ 4 წელია ამას ვიმეორებ და გავიმეორებ, რომ სანამ არ იქნება სამართალი, სანამ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის შეგრძნება რომ ისინი სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობენ, აქ მშვიდობა არ იქნება!

ნებისმიერი ჩვენი სფერო – ეს იქნება თავდაცვა, ეკონომიკა, განათლება თუ ჯანდაცვა, უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს და ყველაზე უმთავრესად მე მიმაჩნია სამართლიანობა! მხოლოდ სამართლიანობა და მოქალაქეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა, მათი უფლებების განუხრელი დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა, და სწორედ ნორმალური კანონების და სასამართლოს პირობებში კანონმორჩილება უნდა იქცეს იმის გარანტად, რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკასაც ავაყვავებთ, ჩვენს ლტოლვილებს და ემიგრანტებსაც დავიბრუნებთ, და რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის შექმნას, სადაც აფხაზებიც და ოსებიც დაბრუნდებიან!

ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, რომ ახლავე და დღესვე, საქართველოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, თავად მოსამართლეებმა, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი (სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ 1/3) რეალური რეფორმების მომხრეა, სასწრაფოდ დაიწყონ ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ იმ მაფიოზურმა ჯგუფმა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა ხელში ჩაიგდო, ვერ მოახერხოს თავისი სიდამპლის განგრენასავით გადადება მთელს სასამართლოზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს სწრაფად და დამაჯერებლად, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მთავარ კოშმარს – უსამართლობას!

Advertisements

ვინ გვემუქრება ჯიჰადით?


ვნახე ეს ვიდეო (მუქარა ჯიჰადის სახელით) და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ავღანელი მოჯაჰედების გადაღებული ვიდეოკლიპი!

ავღანელი მოჯაჰედები თავიანთ პროპაგანდისტულ კლიპების მოზადებისას არ ხარჯავენ ამდენ დროს და ენერგიას სარეკლამო ტრიუკებში. მათი ვიდეორგოლები ძალიან მარტივია – როგორც ყოველთვის იქ მთავარი მოკლული ან დაჭრილი ან ტყვედაყვანილი მოწინააღმდეგის ჩვენებაა და არა ამდენი და ასე ვირტუოზულად დალაგებული ლოზუნგები, სლოგანები და ლამის რენე ჰარლინის ბლოკბასტერის პრომო-ფლეშ-ეფექტები და მუსიკა!

ისიც სისულელეა, რასაც ახლა ზოგი რუსოფილი ან “ამერიკოფობი” ფეისბუქელი აცხადებს, – რომ ეს ვითომ ამერიკელების გაკეთებული ვიდეოა.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს არაქართველი სპეციალისტების გაკეთებული იყოს, მაგრამ რატომღაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციული მასალის დამკვეთი არის ორიდან ერთი – ან რუსები, ან მიშისტები! მით უფრო, რომ ამ უკანასკნელრბს მოდელირებული ქრონიკის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.

როგორც მავთულხლართების გადმოწევის ისტორიაში, როგორც 17 მაისის მოვლენების პროვოცირებაში, ამ ორი ძალის ინტერესები უდავოდ სულ უფრო მეტად ერთმანეთის პარალელურია და არაა გამორიცხული, მათი კოორდინირება ხდებოდეს კიდეც.

წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი:

მიხეილ სააკაშვილი სპეციალურად უსვამს იმ პროვოკაციული კითხვას – “რამდენი კაცი მოკალი?” ქართველ ჯარისკაცს. არა მარტო ერთხელ სვამს, არამედ ეშხით იმეორებს და მანამ არ ეშვება, სანამ არ აყოლებს – სად და რამდენი მოკლა!
რუსთავი-2, რომელიც ამ პროვოკაციის ტირაჟირების ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ამას სასწრაფოდ ავრცელებს ყველა მედია ფორმატით. ამის შემდეგ მზადდება ეს კლიპი, რომელიც ქართველი სამხედროების და განსაკუთრებით მათი ოჯახების შეძრწუნებას ისახავს მიზნად!
მთავარი მიზანი არის ის, რომ აგორდეს ფართომასშტაბიანი კამპანია ავღანეთიდან ქართული შენაერთების სასწრაფოდ გამოსაყვანად!!!
რა თქმა უნდა სააკაშვილს და მის დაქმაშებს გაუჭირდებათ ამ კამპანიის თავად წარმართვა – ქართული კონტიგენტი ხომ 160-დან ლამის 1500-მდე სწორედ მათი დაუდგრომელი მეცადინეობით გაიზარდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში! მაგრამ მათ ჰყავთ სატელიტები – ქდმ, ლეიბორისტები, ბაჩუკი ქარდავისტები (ედპ), “ჩვენ თვითონ” დავითაია და სხვები, რომლებიც ამ როლის შესრულებაზე და ქართველი ხალხის წინაშე პოლიტიკური ქულების დაგროვებაზე უარს არ იტყვიან.

და თუ საქართველოს ხელისუფლება მართლაც დააყენებს საკითხს ISAF-დან ქართული კონტიგენტის გამოყვანის ან სასწრაფოდ შემცირების შესახებ (ასეთი მოლაპარაკებები კი ისედაც მიდის, მაგრამ ლაპარაკი თანდათანობით და გეგმაზომიერ შემცირებაზეა), მაშინ მიხეილ სააკაშვილი თავს მოიწონებს მთელი მსოფლიოს წინაშე, – აი ხომ ვამბობდი, ივანიშვილი კრემლის აგენტია და ნატოსკენ მისი მისწრაფება მხოლოდ ფუჭი სიტყვებიაო! ხომ ხედავთ როგორ უარი თქვა ნატოს წინაშე ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებზეო! ამით კიდევ ერთხელ ეტყვის ამერიკელებს – შეცდით, ჩემისთანა ერთგული მეკავშირე ივანიშვილზე რომ გაცვალეთო!

რაც შეეხება რუსების ინტერესებს და მათ პოტენციურ მოგებას: თუ საქართველო მართლაც სასწრაფოდ გამოიყვანს ავღანეთიდან თავის კონტიგენტს, რითაც ნატოსა და აშშ ადმინისტრაციაში, ასევე ევროკავშირშიც მხარდაჭერას მნიშვნელოვანდ დაკარგავს, რუსების პოლიტიკური წარმატება იმდენად აშკარა იქნება, რომ ამის განმარტებაზე დროს არ დავხარჯავ!

მაგრამ ფაქტი ერთია – მიხეილ სააკაშვილი ამ 10-დღიან სპექტაკლში, (რომელშიც სამწუხაროდ თავისი არასრულწლოვანი შვილიც ჩართო 😦 ) არა მარტო რეჟისორად, არამედ მთავარი როლის შემსრულებლადაც მოგვევლინა და საკითხავი მხოლოდ ისაა – პუტინის დადგმაშია მიწვეული ვარსკვლავი, თუ თავად რეჟისორობს ჩვენი ნერონ-კალიგულა!

http://www.gurianews.com/home/2010-11-26-08-10-05/10598-2013-06-06-10-39-14.html#.UbBm71e7NCI.facebook

afgan


[სხვისი] სისხლით ამაყნი


თუ გვინდა, რომ  გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია!

გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ! (მიხეილ სააკაშვილი)

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში მრავალჯერ უამაყია იმით, რა როლს ასრულებდნენ ქართველი საჯარისო ფორმირებები ჯერ ერაყში და ახლა – ავღანეთში. ავღანეთში ქართული კონტიგენტი  მალე 937-დან 1700-ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს.

ISAF-ის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების წვლილი (ცხრილი)

ამჟამად საქართველო მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება 1 მილიონ მოსახლეობაზე გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით (აშშ – 291, საქართველო – 219, დიდი ბრიტანეთი – 153, დანია – 136, ესტონეთი – 117, კანადა, ნორვეგია, რუმინეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, მაკედონია – 80-85… ნატოს წამყვანი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია – მეორე ათეულში არიან. როდესაც ქართული კონტიგენტი 1700-მდე გაიზრდება, ამერიკა 90,000-დან 68,000-მდე შემაცირებს თავის კონტიგენტს, საფრანგეთი 3,600-დან – 2,000-მდე… და ამ დროს საქართველო მოსახლეობის მიხედვით გაგზავნილი ჯარის ოდენობით ISAF-ის ლიდერი ქვეყანა იქნება და მისი მაჩვენებელი 397/1,000,000-ზე გახდება! ანუ, საქართველო დაეწევა და გადაუსწრებს ამერიკას! ამერიკის მიერ დაწყებულ ომში მთავარი კონტრიბუტორი საქართველო გახდება…

ეს ყველაფერი სისხლის ფასად მოდის!.. ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად.

პრეზიდენტს ბევრი უწუნებდა იმას, რომ ამდენი წლების განმავლობაში, აღლუმებისა და სამხედრო ანტურაჟებისადმი მისი დაუოკებელი სიყვარულის მიუხედავად, ვერასოდეს „ვერ მოიცალა“ და არ ჩასულა არც ავღანეთში და არც ერაყში.

და აი, ორი დღის წინ პრეზიდენტი ბაჩო ახალაიასთან ერთად მოულოდნელად ჰელმანდის პროვინციის ქართულ ბაზა „შუკვანში“ გამოჩნდა. ქართული საზოგადოება სახტად დარჩა, როცა სპორტულ ბაზებსა, ძეგლების და საავადმყოფოების გახსნასა და კონცერტის ნაცვლად ახლა მართლაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იხილა მთავარსარდალი, რომელიც ტრადიციულად ჯარისკაცებთან სადილს არ დააკლდა და მათ სიტყვითაც მიმართა.

რატომ ჩავიდა სააკაშვილი ავღანეთში?

უფრო სწორად, რატომ ჩავიდა სწორედ ახლა?

სავარაუდოდ, ეს არჩევნებს უკავშირდება. 2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთ ნაბიჯს არ დგამს ისე, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდებოდეს. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ქართველი ხალხის თვალწინ თავისი „გმირული და უშიშარი სულის“ დემონსტრირება მოეხდინა და დიდ ქართველ მხედართმთავრებს – ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, შალვა და ივანე  ახალციხელებს, გიორგი სააკაძეს, გიორგი XI-ს, ერეკლე II-ს…  გატოლებოდა! «Vene, Vidi, Vici!»…

მაგრამ სწორედ ამ „ვიდი-სთან და „ვიცი“-სთან არის პრობლემა…

სააკაშვილის ჩასვლას 2 დღეში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამოცხადება მოჰყვა. სააკაშვილი ახლა უკვე ერის მჭმუნვარე მამის როლში ვიხილეთ – დაღუპულთა ოჯახების თანამგრძნობელი.  თან კაეშნით გულგანგმირული და თან, როგორც თავად თქვა – უზომოდ ამაყი:

„გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი, ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის – ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე.“

კარგად დააკვირდით ამ კადრებს და ამ სიტყვებს. სააკაშვილი ზის, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქალბატონისა და ელჩისაგან სამძიმარს იღებს და ყვება იმაზე, რაც ყველაზე მძიმეა მისთვის…

„…გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება...“

ანუ, თურმე გუშინწინაც (ორშაბათს, 20 თებერვალს) დებდნენ თალიბები ნაღმს!

ამის წამკითხველს, სავარაუდოდ, მაშინვე იმის განცდა შეიპყრობს, რომ თალიბებმა, როგორც კი გაიგეს, რომ ქართველთა ბაზას კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და ამერიკელთა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი სტუმრობდა, დაუყონებლივ გადაწყვიტეს ბომბის დადება, მაგრამ მთავარსარდლის იქვე ყოფნით გულანთებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა ეს არ დაუშვეს.  სავარაუდოდ, სწორედ მთავარსარდლისა და მისი მხარდამამშვენებელი თავდაცვის მინისტრის თვალწინ მოახდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ნაღმის გაუვნებელყოფა და ცეცხლითაც უპასუხეს თალიბებს… მაგრამ მერე, როცა მთავარსარდალი და მინისტრი წამოვიდნენ… მერე თალიბებმა, როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…

ეს არის ერთი ვერსია… ბატონი პრეზიდენტის მიერ მოყოლილი… და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ “ანკარა წყაროსავით სიმართლეს” ჰყვება ხოლმე ბატონი პრეზიდენტი… განსაკუთრებით, როცა ეს მის შორეულ თუ ახლო წარსულს ეხება…

ახლა წარმოვიდგინოთ სხვა ვარიანტი, რომელიც რეალობასთან შეიძლება ისე ახლოს იყოს, რომ მეტი არ შეიძლება. ორი ცნობილი ავანტიურისტი, ერთი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გირგვლიანის მკვლელების დაფარვასა და გამოძიების ხელის შეშლაში, ხოლო შემდეგ – ციხის ბუნტის პროვოცორებასა და სისხლიან ჩახშობაში, რისთვისაც დამსახურებულად აშშ სახ. დეპარტამენტის წლიურ მოხსენებაში მოხვდა, და მეორე, რომელმაც სახელი გაითქვა უამრავი დიდი და უდიდესი პროვოკაციების და თეატრალური თუ სისხლიანი სპექტაკლების დადგმით (ჟვანიას გაგუდვა, სვანეთის სპეცოპერაცია, 7 ნოემბერი, 7 აგვისტო, 6 მაისი, მოდელირებული ქრონიკა, 26 მაისი…)  წინასაარჩევნო პერიოდში ჩადიან ცხელ წარტილში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ხვდებიან. თავის გამოსაჩენად ენთუზიასტი მინისტრი სთავაზობს პატრონს, რომ ანახოს ქართველ ჯარისკაცთა მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია იმ მიწაზე, სადაც ქართველები ოდითგან იბრძოდნენ. სპეცოპერაცია ტრაგედიით სრულდება. მთავარსარდალი და მინისტრი სასწრაფოდ ტოვებენ ავღანეთს და ორი დღის შემდეგ ცხადდება სამი ჯარისკაცის გარდაცვალების ამბავი. ყოველგვარი დეტალების გარეშე… არ ამბობენ, როდის და როგორ დაიღუპნენ ეს ჯარისკაცები… სამაგიეროდ, პრეზიდენტი ბუნდოვნად იხსენებს:

„… ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…“

ხომ არ გაგონებთ ეს დეტექტივებში ნანახ სცენებს, როდესაც ეჭვმიტანილი, რომლის თითების ანაბეჭდები დანაშაულის ადგილზე ნახეს, ამბობს: „- ჰო, ვნახე გარდაცვლილი… მაშინ არაუშავდა… მესაუბრა, იცინოდა კიდეც… მაგრამ რაღაც აგზნებული იყო და ლოგინთან ალესილი ხანჯალი ედო… ეტყობა, რომ წამოვედი, მაინც მოახერხა…“

მეორე ვერსია:

სამი დღის წინ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებმა – პრაიმტაიმმა, თბილისიონლაინმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ თბილისს ეწვეოდა „ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ვალანდერი“. ქვეტექსტები და სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო „ჩიირლიდერები“ აგზნებას ძლივს ფარავდნენ – აჰააა! ვაშინგტონში მიშას ვიზიტს უკვე მოჰყვა შედეგები… თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადმოცემული ამერიკული შეიარაღების პირველი პარტიის ჩამოსვლის დეტალებს დააზუსტებს…

სინამდვილეში ქალბატონი სელესტე ვალანდერი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეა. იგი ევრაზიის საკითხებს კურირებს და საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყო, მათ შორის ბოლოს – 2 თებერვალს ბათუმში კადეტთა კონფერენციას დაესწრო. ქალბატონი ვალანდერი სააკაშვილთან ჯონ ბასთან ერთად მივიდა და სამძიმარი გამოხატა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა იყო და ვალანდერმა ქართველი სამხედროების დაღუპვა გზაში, ან – სულაც თბილისში გაიგო. და მაინც, რადგან არაფერი ვიცით იმაზე, კერძოდ, როდის დაიღუპნენ ქართველი სამხედროები, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ჯერ კიდევ ამერიკელი სტუმრის წამოსვლამდე მოხდა და არც იმას, რომ მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი სწორედ პარტნიორი ქვეყნის მთავრობისათვის სამძიმრის გამოცხადება იყო! თუ ეს ასეა, მაშინ სავარაუდოდ, საქართველოს პიარ-გენია პრეზიდენტმა გადაწყვიტა, გადაჭარბებით აეთვისებინა გამოჩენილი სატელევიზიო შანსი, გაქანდა ჰელმენდის პროვინციაში და დაღუპული ჯარისკაცების გვამების გადმოსვენება საკუთარი ავღანური ვოიაჟით გააფერადა, ხოლო შემდეგ ქალბატონი ვალანდერისაგან სამძიმარი უკვე თავისი ავღანური შთაბეჭდილებების მოყოლის ფონზე მიიღო…

ამ ორივე ვერსიას (რა თქმა უნდა, ერთი თუ შეუძლება იყოს სიმართლე) ეჭვად უდევს ის არასაზეიმო ფონი, რაც ჩვენი სწორუპოვარი მთავარსარდლის ავღანეთში ვოაიჟის კადრებში გამოსჭვივის. იქნებ მე მეჩვენება კიდეც (ობიექტურობაზე თავს ვერ დავდებ!), მაგრამ ამ კადრებში ქართველი ჯარისკაცებიდან გაღიმებული და გახარებული არავინ ჩანს… საერთოდაც, ისეა გადაღებული და დამონტაჟებული, რომ მაინცდამაინც არავინ ჩანდეს, მოზეიმე კურდღლის მეტი… მაგრამ როდესაც აქა თუ იქ ჩნდებიან ჯარისკაცები, მათ თვალებში სწორედ ის ბუნებრივი სევდა და დაბნეულობაა, რაც ნამდვილ სამძიმარს თან ახლავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ამ კადრებს იღებდნენ – ტრაგედია ან უკვე მომხდარი იყო, ან – იგეგმებოდა და ყველამ იცოდა, რა რისკი იყო ასეთ „თამაშებში“…

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ჰელმანდის პროვინციაში (პრეზიდენტის სამსახურის ვიდეოკადრები)

ვიცი, რა საშინელ აღშფოთებას გამოვიწვევ ამ ჩემი წერილით!

ვიცი, როგორ უკანსაკნელი სიტყვებით მაგინებენ გოგოტიშვილები, თავხელიძეები და ბერულავები… როგორ დამდებენ ბრალს ნაციონალური ფრონტის ფარისეველი მიშოხისტები ამორალობაში, მკვდრების სულების და სახელების პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში და ა.შ. ზოგიერთი მათგანი დღეს ცნობილ დემაგოგიურ „შერისხვას“ მიმართავდა ბლოგებზე – „ღმერთი არავის გაუწყრეს!.. არ გაბედოთ პოლიტიკურ მიზნებით დაღუპულთა სულების შეწუხება!…“ ამას ის ხალხი ამბობს, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით ოთხი წელია საფლავში მკვდარს ატრიალებენ…

ღმერთი უკვე გამწყრალია, თქვე უღმერთოებო!

ვის ამუნათებთ, როდესაც ამას წერთ: – „მადლობა ღმერთს, რომ დღეს საბჭოთა კავშირი აღარაა და ყველა თავისი სურვილით მიდის ავღანეთში!“??

რაო? “თავისი სურვილითო”?

და ვინ შეისწავლა ეგ ამბავი?

ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ბიზნესით და პატიოსანი  პროფესიონალიზმით თავის გატანის და წელში გამართვის შანსი თითქმის ნულამდეა დაყვანილი, გასაკვირია, რატომ და რისთვის მიდიან ჩვენი ვაჟკაცები ავღანეთში?

ვინმემ გაარკვია, რამდენია მათგან მართლა მხედრული სულით აღტყინებული და თალიბებისაგან მსოფლიოს გაწმენდის მისიის მართლაც სამართლიანი საქმის ლეგიონერი, ხოლო რამდენი – ჯარში სპეციალურად აკიდებული კრედიტებით გაწამებული, როდესაც ავღანეთში წასვლა ძლივს ნაყიდი ბინის ან სხვა სესხის დაფარვის ერთადერთ საშუალებად ქცეულა?! განა საიდუმლოა, რომ ახალაიამ ჯარი ერთ დიდ სატუსაღოდ აქცია, სადაც მთავარი მეციხოვნე და ჯალათი – საბანკო კრედიტია?

სარკეში ჩაიხედეთ, ჯიგრებო!

ვისი არ მჯერა? ვისი უნდა მჯეროდეს?- მსახიობი გურულის მიერ მუცლით გამოლოცილის? მუხრანის წყაროზე სახანძრო მანქანის მიერ მდინარის წყლის დამლევის? ასობით ობიექტის ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უსირცხვილოდ გამხსნელი – „ატკრივალკა“ პრეზიდენტის? ადამიანის, რომელმაც კობა კობალაძეს აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ საქვეყნოდ ცილი დასწამა? რომელმაც მუხროვანის ჯანყი შეთხზა და ათობით პატიოსანი ოფიცრის კარიერა დაანგრია? ადამიანის, რომელმაც შავაძე და კრიალაშვილი სასამართლოს გარეშე დაახვრეტინა და ოთანაძე მთელი ოჯახის და მცირეწლოვანი ბავშვის დაპატიმრებით დააშანტაჟა? ადამიანის, რომელიც ქართველების სისხლით გაწითლებული რუსთაველი სასწრაფოდ მოარეცხინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეზეიმა? ადამიანის, რომელსაც მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან გვამები სპეციალურად არ გამოჰქონდა, ხოლო როდესაც ჩვენმა სამღვდელოებამ გმირების გვამები გამოიტანა, სასწრაფოდ ბულდოზერით ჩააყრევინა სანგარში და გადაასწორებინა, რომ საკუთარი დანაშაულის კვალი იმ ბულდოზერით დაეფარა?…

არ მჯერა მათი სიტყვის! არ მჯერა მათი ხელოვნურად დაღვრემილი სახეების და ნიანგის ცრემლების!

არც არასოდეს დავიჯერებ, რომ მიხეილ საკაშვილს და ბაჩო ახალაიას ჯარისკაცების ბედი ანაღვლებს!

რომ ეგენი ქართველი ჯარისკაცების დაღვრილ სისხლს ნაღვლობენ!

სწორედ ქართველი ჯარისკაცების სისხლით აპირებენ ისინი და მათი მანქურთები საბატონო სკამის სამუდამო ლიცენზიის ყიდვას! და რაც მეტს დაღვრიან, მით უფრო რიხით ლაპარაკობენ საქართველოს შეუცვლელობაზე და წვლილზე (და ამაში საკუთარ შეუცვლელობას და „წვლილს“ გულისხმობენ)…

და ვერაფერს უფრო მეტს ვერ გავაკეთებდი მე (საუბედუროდ), იმ დაღუპული ვაჟკაცების სახელის მოსაგონრად და სულის პატივსაცემად, თუ არა ამ ორი ვაჟბატონის ჭეშმარიტი სახის სხვებისათვის დანახებას…

რადგან, თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, ათობით და ასობით, ვაითუ, იქნებ – ათასობით ახალ მსხვერპლს ნახავს ქართული ჯარიც და ქართული საზოგადოებაც… თანაც უაზრო მსხვერპლს! მსხვერპლს მხოლოდ იმისათვის, რომ ეს სკამსმიზრდილები სამუდამოდ ჩვენს მტანჯველ ბატონებად დარჩნენ…

არ ეგების ესე!

=====================================================================================

ამას კი დაღუპულ ქართველ გმირებს ვუძღვნი. ნათელში ამყოფოს! (“გაფრინდი, შავო მერცხალო” – ჰამლეტ გონაშვილი)

===============================

P.S. ნაადრევი სამძიმარი თუ ნაგვიანევი აღიარება?

აშშ საელჩოს ვებ-გვერდზე ყველა მთავარ განცხადებას (Headlines) თავისი თარიღი აქვს დასმული. გარდა ერთისა – რომელშიც საელჩო სამძიმარს უცხადებს ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული მეომრების ოჯახებს.

http://georgia.usembassy.gov/latest-news/official_statements2012/condolence_on_death_of_georgian_soldiers.html

როგორ გგონიათ, ეს რატომ მოხდა?

სავარაუდო ვერსია:

საელჩომ ეს განცხადება უკვე 21 თებერვალს მოამზადა, მაგრამ რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო კრინტს არ ძრავდა ერთდროულად სამი ქართველი ჯარისკაცის ტრაგიკულ დაღუპვაზე, ამიტომ საელჩო მოერიდა ტრაგიკული ამბის პირველწყაროდ გამოსვლას; სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 22 თებერვლისთვის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის – სელესტე ვალანდერის შეხვედრა შეუთანხმა და მოკრძალებულად ისიც აღნიშნა, რომ ქ-ნი ვალანდერი აპირებდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ავღანეთში დაღუპული სამხედროების გამო თავისი სამძიმარი გამოეხატა! ამით საელჩომ კედელთან მიიმწყდვია ქართული მხარე, რომელიც საერთოდ არ აპირებდა (!) უახლოესი 2 კვირის მანძილზე ტრაგიკული ფაქტის გახმაურებას, რათა არავის ეჭვად არ აეღო, რომ ეს ამბავი სწორედ სააკაშვილის ვიზიტის დროს მოხდა! ეს შეხვედრა და სამძიმარი რომ არა, მთელი საქართველო სრულ ინფორმაციულ სიბნელეში იქნებოდა კიდევ დიდხანს, როგორც ეს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების წინანდელი დაღუპვის დროსაც არაერთხელ მომხდარა…

თუმცა საელჩოს მოერიდა თავის ვებ-გვერდზე სამძიმრის განცხადებისთვის 21 (ან სულაც – 20!) თებერვლის თარიღის მითითება, რაც სახელისუფლებო ვერსიის სრული ლუსტრაცია იქნებოდა. ამავე დროს, ისიც არ უნდოდათ, რომ „22 თებერვალი“ მიეთითებინათ და სახელისუფლებო სიცრუე გაემყარებინათ! მოინახა ბრწყინვალე დიპლომატიური გადაწყვეტილება – განცხადება თარიღის გარეშე გამოქვეყნდა!

ამ და მსგავსი „ჩხვლეტებით“ (აშშ საელჩოს ვებ-გვერდზევე იხილეთ ქალბატონ ვალანდერის უაღრესად გამჭვირვალე გამოსვლა საქართველოს თავდაცვის აკადემიაში იმავე დღეს – 22 თებერვალს, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მომავალ ქართველ ოფიცრებს, რომ მათი უმთავრესი მოვალეობა სწორედ დემოკრატიის დაცვაა!) ამერიკის მთავრობა  ცდილობს, აზრზე მოიყვანოს საქართველოს გაჯიუტებული პრეზიდენტი. მაგრამ სააკაშვილი დათმობას არ აპირებს. რაც, ალბათ, „ჩხვლეტების“ სიხშირისა და მტკივნეულობის გაზრდას გამოიწვევს.

P.P.S. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მოიძია ISAF-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც განცხადებულია, რომ ISAF-ის შემადგენლობის 3 ჯარისკაცი დაიღუპა 20 თებერვალს (სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლის დღეს!) დასავლეთ ავღანეთში!! იქვე წერია, რომ დეტალების გახმაურება ისაფ-ის შესაბამისი წევრი ქვეყნის მთავრობის პრეროგატივაა!!!!

http://www.isaf.nato.int/article/isaf-releases/isaf-casualties-55.html

ახლა რას ველოდოთ? რომ აკო მინაშვილი რომელიმე სხვა ქვეყანას „შეაწერს“ 20 თებერვლის მსხვერპლს? (მაგრამ უკვე 5 დღე გავიდა და საქართველოს გარდა მსხვერპლის შესახებ არავის განუცხადებია)

თუ რომ ნუგზარ წიკლაური ჰელმენდის პროვინციას და თავად მდინარე ჰელმენდს აღმოსავლეთ ავღანეთში „გადაისვრის“?

რას უნდა ველოდოთ თავქარიანი და მშიშარა მთავარსარდლისგან, რომელიც მუდამ ურცხვად ტყუის და მის თავქარიანობას, სიმხდალეს და ტყუილს მუდამ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლი ახლავს თან?

აბა, ვნახოთ, ვინ დაუსვამს საპარლამენტო მოსმენებზე მიხეილ სააკაშვილს ამ შეკითხვას: რატომ მოიტყუა მან და რატომ დამალა, რომ ავღანეთში სწორედ მისი ჩასვლის დღეს დაიღუპა სამი ქართველი კაპრალი?