ქართული აურზაური და რუსული პროპაგანდა ავსტრიის მინისტრის განცხადების გამო
Posted: 2017/03/05 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: ბილდი, ევროკავშირი, ლტოლვილთა ბანაკები, რუსეთი, რუსული პროპაგანდა, სებასტიან კურცი, ფრანც კლინცევიჩი დატოვე კომენტარი
„ყოველმან ჩემმან მკოცნელმან…“ – ვინ დაგვიცავს გრიპისგან?
Posted: 2017/01/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები, ჩემი ბლოგები ჟურნალებიდან, წერილები და მიმართვები | Tags: გრიპი, გრიპის ვაქცინა, გრიპის პროფილაქტიკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ვირუსული ინფექცია დატოვე კომენტარიზამთარი ბავშვებისთვის ნანატრი სეზონია – ოცნებები თოვლის პაპისთვის ნათხოვნი საჩუქრების ასრულებაზე, თოვლის მოლოდინი, არდადეგების მოლოდინი, სადღესასწაულო კონცერტებზე, ბაკურიანსა და სხვა სასიამოვნო წუთებზე ფიქრი, დრო, როცა დედ-მამა მეტ დროს ატარებს მათთან და გოზინაყი, ჩურჩხელა, შოკოლადები და ტორტები უფრო მეტად ჩნდება სადღესასწაულო მაგიდაზე, ვიდრე როდესმე…
ზამთარი ახალგაზრდებისთვის საოცნებო სეზონია – ახალი წელი, ახალი ამბები, შეხვედრები, საოცნებო ადამიანთან შეხვედრის მეტი შანსი, გუდაური თუ უცხოეთში მოგზაურობა, ახალი წლის, ბედობისა და ბედის გახსნის იმედების სეზონი…
მაგრამ ზამთარს სხვა სახეც აქვს – მკაცრი და დრამატული – ვერგამთბარი ბინები, დიდთოვლობა და უგზოობა, გათოშილი თუ გაყინული ადამიანები და, როგორც წესი, გადამდები დაავადებების ყველაზე პიკური შემოტევა – გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები. და ასაკის მატებასა და ცხოვრების მკაცრ რეალობებთან შეჯახებების კვალობაზე სწორედ ამაზე უფრო ვფიქრობთ ხოლმე…
გრიპი სულ უფრო საშიში დაავადება ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ კაცობრიობამ ზოგიერთი სხვა საშიში დაავადების წინააღმდეგ გარკვეული პროფილაქტიკა და უფრო ეფექტური მკურნალობა გამონახა, გრიპისთვის კი ჯერ ვერ მოიცალა. ისიც, რომ ბოლო წლებში გრიპის სულ უფრო საშიში და ლეტალური შტამები გავრცელდა. ისეთ მდიდარ და მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, წელიწადში საშუალოდ 30 000-35 000 ადამიანი იღუპება გრიპისაგან, და გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი მოხუცებულებზე მოდის. ბილ გეიტსის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ უახლოეს ათწლეულში სწორედ გრიპის დამანგრეველი ეპიდემიები შეიძლება იქცეს კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხედ. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერებიც, რომელთა ჯანმრთელობა თითქოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, არ არიან დაცული გრიპის ინფექციის რისკისაგან.
გრიპის შემთხვევები წელს ჩვენთან ნაკლები იყო, მაჩვენებლები (ჯერჯერობით, მაინც) ეპიდემიისგან საკმაოდ შორსაა – 100 000 მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 250-300 ადამიანს არ ასცდენია. უფრო მეტად H3 ვირუსი იყო გამოვლენილი, რომელიც, წესით, უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე წინა წლებში პრევალირებადი H1.
და მაინც, პირადი გამოცდილებით და ჩემი ბევრი ნაცნობის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წლევანდელი გრიპის ბევრი შემთხვევა ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა – 40 გრადუსამდე სიცხით, მძიმე ფარინგიტით და/ან ბრონქიტით, ხშირი იყო ფილტვის ანთებით გართულებული შემთხვევები, თითქოს გამოჯანსაღებულ ადამიანებში გრიპის მეორედ და მესამედაც შემობრუნების შემთხვევებიც. და იანვარში პნევმონიით გამოწვეული სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილიც (1 თბილისში და 2 – ბათუმში), არაა გამორიცხული, სწორედ გრიპის გართულება ყოფილიყო.
სანამ ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებდეთ, რა მიმაჩნია დღევანდელ დღეს გრიპთან ბრძოლის მთავარ პრობლემად და შესაძლო გამოსავალზეც დავიწყებდეთ ფიქრს, მინდა შემოგთავაზოთ დაავადებათა კონტროლის და საზ. ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პროფ. ამირან გამყრელიძის ინტერვიუ პირველ არხზე და მისი მოკლე პოსტულატები:
- პროფილაქტიკური ღონისძიებები – უნდა დავიწყოთ ოქტომბრიდან, და არა დეკემბრის ბოლოს.
- გრიპის ვაქცინა აუცილებელ ვაქცინაციათა ჩამონათვალში არ შედის (მსოფლიოში არსად!), მაგრამ ანტიგრიპოზული ვაქცინაცია, როგორც გრიპის პროფილაქტიკის მთავარი დასაბუთებული მეთოდი, რა თქმა უნდა მიზანშეწონილია. სახელმწიფომ წელს შეიძინა 20,000 ვაქცინა, რომელიც უფასოდ და სრულად იქნა ათვისებული მაღალი რისკის ჯგუფებში: მოხუცებულები, ბავშვები, შიდსით დაავადებულები, სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს და წელს უკვე თითქმის იმდენივე ადამიანმა იყიდა და აიცრა. გრიპის ვაქცინის დაცვის უნარი ისეთი მკვეთრი, როგორც წითელის თუ ყბაყურის ვაქცინებისა არაა, და, საუკეთესო შემთხვევბში მხოლოდ 75-80%-იანი ეფექტურობა გააჩნია, (თუმცა, ზოგჯერ გაცილებით დაბალიცაა, მაგალითად, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 2015 წელს გრიპის ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 23% იყო, რადგან იმ წელს მრავალი შტამი გვიან, ვაქცინის შემუშაების შემდეგ გამოვლინდა). მაგრამ თუ აცრილ ადამიანს გრიპი მაინც დაემართა, როგორც წესი, უფრო იოლ ფორმებში გადაიტანს. ოღონდ აცრა გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს (მაგალითად სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის შუა რიცხვებამდე), რომ ორგანიზმმა პირველ პიკურ სეზონამდე (ჩვეულებრივ – დეკემბერში) შესაბამისი იმუნიტეტის გამომუშავება მოესწროს.
- აუცილებელია მასობრივი თავშეყრის ადგილების ხშირი განიავება და სველი წესით დამუშავება.
- ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკა არის ხელების ხშირი დაბანა. მით უფრო თუ ოჯახში გვყავს გრიპიანი პაციენტი.
- თუ რისკის ჯგუფს ეკუთვნით, მიზანშეწონილია იმ ადგილებისთვის თავის არიდება, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ბევრი ადამიანი იკრიბება. მაღალი რისკის ჯგუფებია – ბავშვები, მოხუცები, ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებებით დასუსტებული ადამიანები (დიაბეტი, ჰიპერტენზია, ასთმა, სიმსივნეები, იმუნოდეფიციტი და ა.შ.)
- გრიპით დაავადებულის ოჯახის წევრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ – მიზანშეწონილია სამედიცინო ნიღბის გამოყენება. ავადმყოფი აჯობებს ცალკე ოთახში იყოს, რომელიც ხშირად განიავდება.
- დაავადებულთა 90% თავისით გამოჯანმრთელდება. მიზანშეწონილია სახლში დარჩენა, წოლითი რეჟიმი, ბლომად სითხეების მიღება, ძალიან მაღალი სიცხისას (დიდებში > 39 გრადუსზე, ხოლო ბავშვებში >38 გრადუსზე) – სიცხისდამწევი პრეპარატები (პარაცეტამოლი).
- მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით, თუ პაციენტი რისკის ჯგუფს განეკუთვნება, საჭიროა პირველივე დღეებში ექიმთან კონსულტაცია ან ბინაზე გამოძახება! ანტივირუსული პრეპარატების (ტამიფლუ) მიღების საკითხს (როგორც წესი, ინფექციის პირველ 48 საათში) სწორედ ექიმი უნდა წყვეტდეს, რადგან ამ პრეპარატებს გვერდითი ეფექტებიც ძლიერი აქვთ და დაგვიანებულ შემთხვევებში დაწყებაც, ხშირად, უეფექტოა.
- ანტიბიოტიკის მიღებას – თუ რესპირატორული ინფექციის გამომწვევი ვირუსია, – აზრი არ აქვს. თუმცა, გრიპის გართულებები თუ, არა – ვირუსის, არამედ – თანდართული ბაქტერიული ინფექციის შედეგია, მაშინ ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება აუცილებელიც იყოს. ოღონდ, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს!
===
ასევე გირჩევთ, საზოგადოებრივ არხზე მარი მალაზონიას გადაცემა „პირადი ექიმი“ მონახოთ და გრიპისაგან თავის დაცვის შესახებ იქაური რჩევებიც გაითვალისწინოთ. ქ-ნი მარი თავადაც ძალიან კვალიფიციური ექიმია და კარგი პროფესიონალების შერჩევის უნარიც აქვს!
ახლა კი დამატებით ჩემს მოსაზრებებს შემოგთავაზებთ. არა მგონია, რამე კარდინალურად ახალი გითხრათ, მაგრამ ვეცდები… თანაც, იქნებ ბევრმა შემისწოროთ კიდეც და დავიწყოთ საუბარი იმაზე, თავად როგორ შევამციროთ გრიპის საშიშროება და არ ვიყოთ მუდამ მხოლოდ სახელმწიფოს, სამინისტროსა და ექიმების იმედად?!
===
გრიპის შემთხვევების დიდ უმრავლესობაში ინფექციის გავრცელება ძირითადად დახურულ სივრცეში საზოგადოებრივი თავშეყრისას ხდება. უხშირესად ეს შეიძლება იყოს:
1) სკოლა ან უნივერსიტეტი,
2) საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
3) მასობრივი ღონისძიება (კონცერტი, კინო, კონფერენცია, დაკრძალვა, საეკლესიო რიტუალები).
რა თქმა უნდა, თითქმის არავინ მოაკლებს ბავშვს საახალწლო ღონისძიებაზე წასვლის სიამოვნებას, და არ უნდა ველოდოთ, რომ მორწმუნე ადამიანი საშობაო ლიტურგიაზე ან წირვაზე წასვლას გრიპის რისკის გამო თავს აარიდებს, ან რომ საინტერესო კონფერენციაზე დასწრებისთვის გრიპის შიში საკმარისი არგუმენტია, მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ რისკი მინიმუმამდე შევამციროთ? დავფიქრდეთ იმაზე, სად არის ყველაზე დიდი პრობლემა და როგორ შეიძლება მარტივად და ეფექტიანად ამ პრობლემასთან ბრძოლა.
====
თუ დაინტერესებულხართ, ზამთრობით თქვენი ბავშვის კლასში რა რეგულარობით ხდება ფანჯრების გაღება და განიავება? მე დავინტერესდი და 8 ბავშვის გამოკითხვით ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მასწავლებლების დიდი უმრავლესობა ამას ან საჭიროდ არ მიიჩნევს, ან სულაც – წინააღმდეგია! ბავშვებმა მხოლოდ ერთეული მასწავლებლები გაიხსენეს, ვინც შესვენებაზე ფანჯრებს აღებს და, ხანდახან მაინც, მთელი დღის დაგროვილ მიკრობებით დატვირთულ ჰაერს ასუფთავებს. არა მგონია, უნივერსიტეტებში უკეთესი ვითარება იყოს. არადა, ყველა სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ სწორედ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჰაერის ხშირად განიავება და სველი წესით დასუფთავება არის ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი. გთავაზობთ ინტერნეტ-გამოკითხვას ამ საკითხზე, თუმცა აჯობებს, გამოკითხვა ანონიმურად ჩატარდეს… მეტი გახსნილობის მისაღწევად. არადა, თბილისი ნამდვილად ნოვოსიბირსკი ან ვორკუტა არ არის, რომ ზამთარში კლასის ფანჯრის გაღება მართლა პრობლემა იყოს…
მოდით, მეორე ყველაზე საინტერესო საკითხზეც ჩავატაროთ გამოკითხვა – უკვე არა მოსწავლეებში ან სტუდენტებში, არამედ – მშობლებში: რამდენად ხშირად ტოვებენ სახლში ბავშვს, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციის ნიშნები (ტემპერატურა, ხველა, სურდო, ყელის ან თავის ტკივილი… ) უკვე აღენიშნება? რა ვქნათ, როცა ტრადიციული სამთაობიანი ოჯახები (ბინათმეურნეობები) სულ უფრო იშვიათია, დამტოვებელი ბებია-ბაბუა ზოგჯერ ვერ იცლის, ან თავადაა შეუძლოდ, ხოლო დედები ხშირად სამუშაოდან დათხოვას ვერ ახერხებენ სამსახურის დაკარგვის შიშით? საინტერესოა, რამდენად ხშირია ჩვენს ირგვლივ შემთხვევები, როცა გრიპიან ბავშვს მაინც სკოლაში უშვებენ, სანამ კლასის დიდ ნაწილს არ გამოთიშავს სასკოლო პროცესიდან?.. მერე ეს ბავშვები თავის მშობლების დიდ ნაწილს გადადებენ ვირუსს და ეს ყველაფერი ბოლოს რა უჯდება საზოგადოებას, წარმოიდგინეთ…
სტუდენტებშიც იგივე პრობლემაა – ბოლო ხანებში ძირითადად უცხოური ჯგუფები მყავს. თავიდანვე ვაფრთხილებ, თუ გრიპის ნიშნები გექნებათ, აჯობებს, სახლში დარჩეთ-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გაფრთხილებაც არ ჭრის: შარშან ერთმა ყმაწვილმა სრული „ბიოტერორი“ მოგვიწყო და ჩემი ჩათვლით მთელი ჯგუფი გაგვიშვა „ბიულეტინზე“. ორი კვირის წინ ვხედავ ერთ ჩემს სტუდენტ გოგონას, გამორბის თეთრნიღაბაკრული რექტორატის შენობაში ლიფტისაკენ. ლიფტში შესული დაველოდე, შემოვარდა, და სანამ მადლობას მეტყოდა, სასწრაფოდ ნიღაბი მოიხსნა – „ზრდილობა გამოიჩინა“! და მაშინვე ხველებაც დააყოლა. ისიც მითხრა, სიცხე მაქვსო… გარკვეული ძალისხმევის შემდეგ ავუხსენი, რომ ჩემი „პატივისცემა“, სწორედ ნიღბიანი სტატუსის აღდგენა იქნებოდა.
===
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: სამარშრუტო ტაქსებში ისევ წესია ფეხზე მდგარი მგზავრობა და გადაჭედილობა. ასეთ პირობებში ერთი დახველება ან დაცემინება საკმაოდ დიდ შანსს აჩენს, რომ ერთდროულად რამდენიმე თანამგზავრისთვის მოხდეს ვირუსის „გადაწოდება“. თან ფეხზე მდგომი ადამიანისგან თავზე დახველება „ციურ მანანასავითაა“ – გარანტირებულად ვერ აიცილებ! არადა, ხალხის დიდი ნაწილისთვის ტაქსით გადაადგილება რთულად მისაღწევი ფუფუნებაა. თუმცა, თუ გაგანია გრიპის სეზონია და რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, იქნებ დროებით, გეფიქრათ ამაზე? ხოლო თუ უკვე ავად გრძნობთ თავს, აჯობებს, სულაც სახლში დარჩეთ…
სხვათა შორის, წინა წლებში ორსულთა შორის გრიპის ტრაგიკული შემთხვევების მედიაში ფართოდ გაშუქებამ ის შედეგი მოიტანა, რომ ორსულებმა ყურად იღეს საფრთხის შესახებ განგაში და ქუჩებშიც და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მათი ადვილად გარჩევა უკვე არა იმდენად – მუცლის ზომით, როგორც – სამედიცინო ნიღბით შეიძლება! ეს ძალიან კარგია და მივესალმები, რომ გვიან, მაგრამ მაინც, დავიწყეთ ზრუნვა მათზე და მათაც მიაქციეს სათანდო ყურადღება საკუთარ და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას. მაგრამ მაინტერესებს, სხვები რატომ არ ვატარებთ ნიღაბს? რა – ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები, ან სულაც – ახალგაზრდა მამაკაცები – არ საჭიროებენ ჯანმრთელობის დაცვას? ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ორსული ქალბატონების კარგად ყოფნა ადარდებს? აჰა, წლევანდელი სავალალო სტატისტიკა – სავარაუდოდ, სამი საშუალო ასაკის გარდაცვლილი მამაკაცი სწორედ ვირუსული პნევმონიის მსხვერპლი გახდა. ეგებ აქაც სიკვდილმა შეასრულოს მკაცრი „განმანათლებლის“ როლი?
რასაც გირჩევთ – ავტობუსსა და სამარშრუტო ტაქსში ეცადეთ, რომ იღება, ისეთი ფანჯრის ახლოს მოხვდეთ და ფანჯარა ოდნავ მაინც შეაღოთ! ტრანსპორტში სამედიცინო ნიღაბს თუ გაიკეთებთ, თქვენი დაცულობა 1.5-2-ჯერ მეტი იქნება. საერთოდ, სამედიცინო ნიღბის ქუჩაში ტარება მაინცდამაინც ბევრს არაფერს იძლევა, ხოლო დახურულ სივრცეში – ნამდვილად აქვს აზრი. მაგალითად, სახლში ავადმყოფის ყოფნისას ოჯახის წევრების მიერ ქირურგიული ნიღბის ტარება გადაცემის რისკს 80%-ით ამცირებს. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დაცულია სხვა წესებიც – ახლო კონტაქტის შეზღუდვა, საერთო ჭურჭლის (ჭიქა) გამოყენების დაუშვებლობა, და ხველების/დაცემინების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე.
სხვათა შორის, ნუთუ ასე ძვირი დაჯდებოდა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს რომ სამედიცინო ნიღბები ჰქონდეს ცელოფნის პაკეტში და ტრანსპორტში ასვლისას მგზავრებს რომ შეეძლოთ აღება? ეპიდემიის დროს, მგონი, ძალიან გამართლებული იქნებოდა! თორემ ამ ჩემს სტუდენტებს, რამდენს არ ვუჩიჩინებ, ყველა მაინც ვერ მივაჩვიე, რომ სამედიცინო ნიღბები თან ატარონ და ისარგებლონ. ან ხანდახან ისეთ „ანტიკვარულ“ ნიღაბს გაიკეთებენ, ასე მგონია, ჯერ კიდევ „ისპანკის“ პერიოდი რომ ახსოვს.
დაბოლოს, დაცემინებით და ხველებით გადაცემაზე უფრო საშიში ხელით გადაცემაა – თან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მრავალი ადამიანი ეხება სახელურებს და სკამების საზურგეებს, ხოლო საავადმყოფოებში და სკოლებში – კარების სახელურებს. ამიტომ არა მარტო ნიღბები, არამედ სველი ჰიგიენური ხელსახოცებიც კარგი იქნება, ისევე თან ვატაროთ, როგორც ერთჯერადი ცხვირსახოცები. მაგრამ ეს სველი ხელსახოცები, სამწუხაროდ ისეთ მძაფრ პარფიუმერული საშუალებებით არის დასველებული, რომ ძალიან მოუხერხებელი მგონია. იქნებ, საქართველოში მოგვეხერხებინა ასეთების წარმოება? დამიჯერეთ, გრიპის გავრცელებასაც ხელს შეუშლიდა და იქნებ კარგი საექსპორტო საქონელიც გამხდარიყო?!
===
ძალიან მნიშვნელოვანი ორი რჩევა, რაც ადვილი გასაზიარებელი არ იქნება, მაგრამ მინდა რომ იცოდეთ – ხელის ჩამორთმევის ე.წ. არატრადიციული მეთოდები „High Five“ (ხელისგულების მირტყმა) და „Fist bump“ (მუშტების მიჯახუნება)
2014 წელს ჟურნალმა American Journal of Infection Control გამოაქვეყნა ბრიტანელ მეცნიერთა საინტერესო სტატია, სადაც ნაჩვენები იყო, რომ კონტაქტის ნაკლები ხანგრძლივობის (High five) და ნაკლები ფართით შეხების (Fist Bump) გამო, ეს არატრადიციული მისალმებები გაცილებით ნაკლებ ბაქტერიის გადაცემას იწვევდა – კერძოდ High Five – 2-3-ჯერ, ხოლო მუშტებით მისალმება – სულაც 5-10-ჯერ ნაკლებს! ავტორებმა დაასკვნეს, რომ გრიპის პროფილაქტიკის მიზნით მუშტის მიჯახების მეთოდი ყველაზე ნაკლებ სახიფათოა და დაცვის კარგ მეთოდად უნდა მივიჩნიოთ!
===
გრიპის სეზონზე კონფერენციები და პანაშვიდები სრული კოშმარია. სწორედ აქ ხდება, რომ დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება და უამრავ ისეთ ნაცნობს ხვდები, დიდი ხანია, რომ არ გინახავს, ჰოდა ხდება უამრავი „ჯვარედინი“ კოცნა-ხვევნა და ვირუსის გავრცელების შანსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება! ბოლო ჩემი გაცივება სწორედ კონფერენციის შემდეგ მოხდა. 20-მდე ადამიანმა გადამკოცნა და მერე სამი დღე 40 გრადუსამდე სიცხე მქონდა. პნევმონიას კი გადავრჩი, მაგრამ ოჯახის წევრებიც „ამყვნენ“, თუმცა, საბედნიეროდ, ჩემზე გაცილებით იოლ ფორმაში გადაიტანეს! მე კი 10 დღე გამყვა ხველება და სანამ რენტგენი არ გადავიღე, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პნევმონია არ მქონდა. საკუთარ ავადმყოფობას ისე არ ვჩივი, როგორც იმას, რომ მთელი ოჯახი რისკის ქვეშ დავაყენე! კარგად დაფიქრდით, როცა ვინმე ნაცნობს ხვდებით, ღირს კი მისი გადაკოცნით განსაკუთრებული „სითბოს დემონსტრირება“ სერიოზული დაავადების შეძენის რისკის ფასად? მით უფრო, თუ სახლში ბავშვები ან მოხუცებული მშობლები გყავთ?
===
კინო „რუსთაველი“ სულ უფრო ნაკლებ ჰგავს კინოთეატრს და სულ უფრო მეტად – პოპ-კორნის შეძენაში გინესის რეკორდის დამყარების მსურველთა ასპარეზს. თან რაც ძალიან საინტერესოა, ეს მსოფლიოში აღიარებული ძალიან მავნე საკვები პროდუქტი, რამდენიც ინთქმება, ორი იმდენი – იატაკზე იყრება. ბლომად კოკა-კოლაც იყო დასხმული იატაკზე, ლამის ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, ისე მივეწებე… ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ მაღიზიანებს ეს „სვეცკი გოიმობები“, რომელიც თან ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა გრიპთან უშუალო კავშირში არაა. სამაგიეროდ, რაც გრიპთან კავშირშია, – ჩვენს წინა სეანსი 15 წუთის დაგვიანებით დამთავრდა და მისი დამთავრებიდან ზუსტად 1 წუთში შესვლისთვის კარები გახსნეს. რა თქმა უნდა, განიავებისა და ჰაერის გაწმენდის შანსი იქ არ იყო! ხოლო სეანსზე ისეთი პროდუქტიული ხველა მესმოდა ირგვლივ, რომ ნიღაბი კი არა, აირწინაღის გაკეთებაც არ იქნებოდა ზედმეტი. საბედნიეროდ, გადავრჩით. არ ვიცი, უკვე გადატანილი გრიპის გამო, თუ იმიტომ, რომ ბოლოსწინა რიგში ვისხედით და ხველა-ცემინების ძირითადი ბატალიების ფრონტი ჩვენს წინ იყო გაშლილი კურსკის რკალივით…
სხვათა შორის, ხველებასაც ჰქონია თავისი „წესი“ – თურმე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახველებისას პირზე ხელი კი არ მივიფაროთ, არამედ ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან – იდაყვის არე. რადგან თუ ხელისგულს ვიფარებთ, ამით მიკრობების გავრცელებიის შანსს მნიშვნელოვნად ვზრდით, რადგან მერე იმ ხელს რაიმეს შევახებთ და იქ ვირუსს დავტოვებთ.
თავისი წესი აქვს გრიპის დროს შედარებით უსაფრთხო კოცნასაც – რაც შეიძლება პირიდან შორს – არა ლოყაზე, არამედ სადღაც ყურს უკან. საერთოდ კი, მეცნიერები გვირჩევენ მისალმების ნიშნად კოცნისას მხოლოდ ყვრიმალების მიდება თუ მოხდება 🙂 ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ ძველად საქართველოში მამაკაცთა მიერ ერთმანეთის გადაკოცნა წესი არ იყო, ხოლო განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ამბორი მხრის არეზე მოდიოდა. დღესაც, მორწმუნეთა დიდი ნაწილი სწორედ ასე იქცევა და მგონი, ამ წესს პროპაგანდა უნდა გავუწიოთ, მით უფრო, თუ დასავლური Take Five და მუშტების ჯახუნი არ მოგვწონს.
დაბოლოს, ცხვირის მოწმენდისას აუცილებელი წესი – ერთჯერადი ცხვირსახოცი სწორედ ერთჯერადად უნდა იქნას გამოყენებული! განსაკუთრებით, გრიპის სეზონზე!
===
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახში აქტიურად ვიყენებთ ფუტკრის რძეს, რომელიც საკმაოდ კარგი იმუნოსტიმულატორია. წინა ორ სეზონზე შეიძლება ითქვას, რომ მგონი, ამან გაამართლა – გრიპი ან ავიცილეთ, ან – უფრო მსუბუქ ფორმებში გადავიტანეთ. წელს, სამწუხაროდ, დაგვაგვიანდა და, არ ვიცი, სწორედ ამიტომ მქონდა ისე მძიმე ფორმის გრიპი, თუ შემთხვევით დაემთხვა. მსგავსი ფრანგული სტანდარტიზებული პრეპარატი, სახელად Royal Gelly წელს გაყიდვაში შემოვიდა. სამწუხაროდ, მისი ეფექტიანობა არც ამერიკის FDA-ს და არც ევროპული შესაბამისი სააგენტოს მიერ დადასტურებული არ არის. ამიტომ არც მისი და არც ვიტამინ C-ს მაღალი დოზების გამოყენება მეცნიერულად დასაბუთებული არაა. თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ მომავალში საქართველოში ჩატარდეს საკუთარი ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევა და შედარდეს გრიპის სეზონში სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიების ეფექტიანობა:
- გრიპის ვაქცინა (სეზონისწინა ვაქცინაცია),
- სხვადასხვა იმუნოსტიმულატორი (მაგ ფუტკრის რძე ან ყვავილების მტვერი)
- სამედიცინო ნიღბის გამოყენება (საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ავადმყოფებთან კონტაქტისას)
- მუშტით მისალმება
- ნაცნობების მისალმებისას კოცნისაგან თავის არიდება
თუ ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდებით, ეგებ, იმდენად საინტერესო კვლევაც კი გამოვიდეს, რომ რომელიმე ცნობილმა ჟურნალმა, მაგალითად British Medicl Journal-მა (BMJ), გამოაქვეყნოს კიდეც. ჩემი აზრით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო უნივერსიტეტს, შიდსისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს, და კორპორაცია „ევექსს“ – ცალ-ცალკე ან ერთად – მსგავსი კვლევის ჩატარება სავსებით ხელეწიფებათ.
კიდევ რამდენიმე ღონისძიება, რომელზეც ვფიქრობ:
- რამდენადაც ბოლო წლებში გრიპის პიკი ძირითადად დეკემბრის მეორე ნახევარში და თებერვალშია. ეგებ სასკოლო არდადეგები ორად გაგვეყო და 10 დღე – შობის წინ, ხოლო 1 კვირა – თებერვალში დაგვესვენა? ხომ ფაქტია, რომ გრიპის ეპიდემიაში სკოლები ფრონტის წინა ხაზზე არიან და ეგებ სწორედ იქ გავწყვიტოთ ინფექციის გადაცემის ჯაჭვი?!
- რა იქნება, რომ გრიპის სეზონზე დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა პატარა ბავშვების მშობლებს მაქსიმუმ 7 დღით 50%-ით ანაზღაურებული დღეები მისცენ ბავშვის ავადმყოფობის ცნობის შემთხვევაში?
- არ შეიძლება, რომ განათლების მინისტრმა (ტუალეტების მოწესრიგების მართლაც აუციელებელ ღონისძიებასთან ერთად) კლასებში ზამთრის სეზონზე შესვენებებისას ჰაერის სავალდებულო განიავებაც რომ მოითხოვოს ბრძანებიით – ჯანდაცვის მინისტრთან ერთად?
===
ამ ბლოგის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, როდესაც თავად გადავიტანე გრიპი. მერე ეს მოსაზრებები ამ სფეროს ექსპერტს, ჩემს საყვარელ პედაგოგს და უფროს მეგობარს გავუზიარე, გაეღიმა და მითხრა, – ზვიად, ჩვენი საზოგადოება ძნელად ამბობს უარს ტრადიციებზე, ხომ გაგიგონია, „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო, კოცნაზე უარის თქმას მეხუმრებიო?“… თუმცა, მაინც დაწერეო…
ჰოდა, მეც დავწერე. საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა ფეისბუქზე ჩემი მეგობრის ახლობელი 36 წლის კაცი, სავარაუდოდ, ვირუსული პნევმონიით დაიღუპა…
თან რომ ვწერდი, ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებიც შეხვედრისას გადაგკოცნიან და მერე რომ ჰკითხავ, – როგორ ხარო, სრულიად გულახდილად გეტყვიან: „საშინლად, კაცო, საშინელი ხველა და სიცხე მაქვს და ყელის ტკივილმა მომკლა!“ და იმათზეც, – მისალმებისას ხელს შორიდან რომ გაუწვდი და მორიდებით ეტყვი, – არ გაკოცებ, გაცივებული ვიყავი და ჯერ მგონი, არ ვარ მორჩენილიო, და… იმწამსვე რომ დაჟინებით გადაგკოცნიან „ჯიგიტურად“ – „მე გრიპის და ვირუსის არ მეშინიაო!“
ჰო, არ იქნება ადვილი… გაცილებით ადვილია „ჯიგიტურად“ მოქცევა და მერე, როცა ინფექცია ყელში წაგიჭერს, ახლობლებთან რეკვა და ფეისბუქზე ნერვიულად კითხვა, – რამე ხომ არ მომივა, ნეტა, რა დავლიო, როგორ მოვიქცე… რა ვაქცინა? რის ნიღაბი? რომელი კოცნისგან თავის არიდება? ვის ახსოვს სასკოლო კლასებში ჰაერის განიავება?! მთავარია, როგორც კი გაგვიჭირდება, მთავრობას შევღაღადოთ, ან სულაც გავთათხოთ, რომ დროზე არ გაგვაფრთხილა, რომ კარგად არ მოგვიარა, და რომ საკმარისი რაოდენობით სასწრაფოებს არ აგზავნის დროულად… და საერთოდ, რა გახდა ეს გრიპი!..
და მთავარია, ტრაგიკულ-ეგზისტენციალური ინტონაციით დავსვათ ის მარადიული კითხვა – „გვეშველება რამე?!!!“
P.S. როგორც ამას წინათ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გვამცნო, თებერვლის შუა რიცხვებში ალბათ გრიპის მეორე პიკს უნდა ველოდოთ… ხოლო დღეს წავიკითხე, რომ აჭარაში გრიპის შემთხვევებმა მატება დაიწყო…
ურემი ისევ მზადაა გადასაბრუნებლად…
წინადადებები აფხაზებს
Posted: 2014/11/24 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: აფხაზები, აფხაზეთი, მერაბ მეტრეველი, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთის იმპერია, ჯუმბერ კირვალიძე %(count)s კომენტარივფიქრობ, დღევანდელი მომენტი დროულს ხდის რაიმე ახალი – არგაცვეთილი წინადადებებით მიმართვას აფხაზი ხალხისათვის!
აშკარაა, რომ დღეს დამთავრდა უდღეური ზღაპარი იმაზე, როგორ ყოველთვის “ზრუნავდა” რუსეთი აფხაზი ერის გადარჩენაზე და თვითგამორკვევაზე! როგორ “მნიშვნელოვანი” იყო რუსეთისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება! უკვე თავად აფხაზებისთვისაც აშკარა ხდება, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება იმ “დიადი გზის” დასაწყისია, რომელზეც მათ დიდი ხნის წინ გაუყენეს უბიხები! ამ გზაზე სიარულის შემთხვევაში გავა 10-20 წელი, როცა დაუფინანსებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო აფხაზეთში აღარ იქნება არცერთი აფხაზური სკოლა (როგორც ჩრდილოეთ ოსეთშია), აღარ იქნება აფხაზური უნივერსიტეტი, ბავშვების უმეტესობას აფხაზურიც არ ეცოდინება, და მხოლოდ ტოპონიმიკა თუ შეიძლება ვინმეს მოაგონებდეს აფხაზეთს…
ახლა მაინც უნდა მიხვდნენ აფხაზები, “დაყავი და იბატონეს” ამ მარადიულ თამაშში, რატომ აარჩია რუსულმა იმპერიამ ისინი დროებით მოკავშირეებად – უფრო მცირერიცხვოვანნი იყვნენ და იმიტომ. ახლა, როცა რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს უკვე გაუსწორდა, ახლა აფხაზების დამოუკიდებლობაზე ზღაპრის დასრულების და მათი თანდათან კაზაკებით ჩანაცვლების დროც მოვიდა!
სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც კი – ქართველების მიმართ რუსული თუ კომუნისტური იმპერიების აპოლოგეტთა მიერ დათესილი უნდობლობა და მტრობა, რომელიც ჯერ კაცთმოძულე ავანტიურისტი ბერიას, ხოლო შემდეგ 1992 წელს ჩვენივე უგუნური და სასტიკი ქმედებების გამო გავაღვივეთ, აფხაზთა დიდ ნაწილში ისეა მტკიცედ გამჯდარი, რომ რუსეთის მხრიდან მათი ასიმილაციისა და თანდათანობითი ჩანაცვლების უკვე გამოკვეთილ გეგმასაც კი თვალს არიდებენ და ხავსს ეჭიდებიან, რომ არავითარი საფრთხე რუსეთის მხრიდან არ არსებობს…
მაინც საჭირბოროტო მგონია, ითქვას ქართული სახელმწიფოს მხრიდან, სად გადის ის შესაძლებლის ზღვარი, რაზეც ჩვენ თანახმანი ვართ… იმედი მაქვს, რომ როცა საფრთხეს უფრო უკეთ გააცნობიერებენ, მათი ის ძველი ილუზია, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ერჩივნათ ქართულ ჭაობში ჩაძირვას (სერგეი შამბას აფორიზმი), თანდათან უფრო პრაგმატული ხედვით შეიცვლება – იმაზე, რეალურად სად უფროა აფხაზი ერის არსებობისათვის საფრთხეები და სად – გადარჩენის და განვითარების რეალური შანსი.
საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენივე საზოგადოებაში გაბატონებული ცრურწმენების გამო და წინა ავანტიურისტი ხელისუფლების ნარჩენების პროვოკატორული კურსის გათვალისწინებით, შეიძლება, ამჟამად არ გააჩნდეს სრული თავისუფლება თამამი და ექსტრაორდინარული განცხადებების და ნაბიჯების დაპირებისათვის.
მაშინ საზოგადოების – პროფესიონალი ისტორიკოსების, პოლიტოლოგების და საზოგადოების აქტიური წევრების, ვალია, წამოვაყენოთ ასეთი წინადადებები, რომელთა აქტიური განხილვა ჩვენთანაც უნდა მოხდეს და აფხაზებსაც უნდა მივცეთ დრო, რომ კარგად დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ ის – რას ვპირდებით ჩვენ, და რას პირდება რუსეთის ხელისუფლება! არა მგონია, აფხაზებს, რომელთაც სიტყვით და საქმით დაამტკიცეს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობას უმაღლესი რანგის საკრალურ ღირებულებად თვლიან, ახლა რუსული პენსიის ფასად შეეძლოთ ამ დამოუკიდებლობის გაყიდვა…
ჩემი მხრიდან, ასეთ წინადადებების პაკეტად მიმაჩნია:
1. საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების შეთავაზება;
2. აფხაზეთში 1992-93 წლების შედეგად ლტოლვილების დაბრუნებაზე შეთანხმებისა და პროცესის დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროებითი (10-წლიანი) შეზღუდული აღიარება, მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გაეროს, ევროკავშირის და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგით;
3. აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში დახმარება;
4. აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად ცვლილების მცდელობების არდაშვება (ქვეყანაში შეიძლება დაბრუნდნენ მხოლოდ 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი პირები და მათი უშუალო მემკვიდრეები);
5. დროებითი დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლის თავზე აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება საქართველოსთან შესაძლო ფედერაციული ან კონფედერაციული ურთიერთობის დამყარების თემაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციული და ფედერაციული მოწყობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საბოლოოდ ცნობა – საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ცნობის აღიარების თხოვნის პარალელურად.
P.S. მიმაჩნია,რომ ჩემი, როგორც არაპროფესიონალის, ეს წინადადებები სათანადო პროფესიონალების(ისტორიკოსების, კავკასიოლოგების, იურისტებისდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მიერ) დახვეწას და შესწორებებს საჭიროებს. ფაქტიურად, მე იგი ჯერჯერობით, ძირითადად ქართული საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს.
აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.
P.S. (27.11.2014)
გადავწყვიტე, რომ სხვა საინტერესო წინადადებებიც გამოვაქვეყნო ამ ნოუთში, რათა იქნებ მათ საჯარო განხილვას დავუდოთ სათავე.
ამავდროულად, ვეთანხმები ჟურნალისტის, ”სტუდია-რე”-ს დირექტორის, ბატონ მამუკა ყუფარაძის ფეისბუქის ნოუთში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული ამ ხელშეკრულების მოწერით არაფერი განსაკუთრებული – ანუ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოხდა, არ მომხდარა – https://www.facebook.com/notes/10204356877513678/?pnref=story .
რუსეთი მაინც არასოდეს აპირებდა აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის რეალურად მინიჭებას და თუ ახლა თანდათან ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ამან აფხაზების გამოფხიზლებაზე უნდა იმოქმედოს და ჩვენ არ უნდა გვიბიძგოს იმ სრულიად უსარგებლო და პიარულად-დემონსტრაციული ნაბიჯებისაკენ, რისკენაც ყოფილი ხელისუფლების მომხრეები ბრავადულად (და შეგნებულად!) მოგვიწოდებენ!
ახლა კი ის წინადადებები, რაც მე ვნახე და საინტერესოდ მივიჩნიე:
ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი, საქართველოში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:
1. აფხაზეთის ტერიტორია უნდა გაიყოს მდ. კელასურის გასწვრივ და მის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში (კელასურიდან ფსოუმდე) გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებელი რეპუბლიკა, ხოლო მის სამხრეთით მდებარე ნაწილი (კელასურიდან ენგურამდე) დაუბრუნდეს საქართველოს იქ ქართველი დევნილების განსასახლებლად.
2. საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ფსოუდან კელასურის საზღვრებში) და მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას თხოვნით მოხდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
3. დამოუკიდებლობის აღიარებიდან და გაერო-ს წევრობიდან რამდენიმე წეილწადში ორივე სახელმწიფოში – აფხაზეთში და საქართველოში ჩატარდება რეფერენდუმები ფედერაციული მოწყობის მიზანშეწონილობაზე.
უფრო დაწვრილებით ბ-ნი ჯუმბერის მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ – http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/125797-jumber-kirvalidze-qarthulafkhazuri-shethankhmeba-kavkasiashi-rusethis-hegemoniis-dasasrulis-dasatsyisi.html?ar=A
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება:
აფხაზეთის რესპუბლიკამ – დედაქალაქით სოხუმში და საქართველოს რესპუბლიკამ – დედაქალაქით თბილისში შექმნან კონფედერაციული გაერთიანება – დედაქალაქით ქუთაისში, სადაც განთავსდება გაერთიანებული პარლამენტი და კონფედერაციის სხვა მმართველი ორგანოები.
იმედია, ქართველებს გვეყოფა საღი აზრი, რომ დროზე დავინახოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები და 10 წლის შემდეგ არ ვიძახოთ, ნეტა ეს წინადადება მაშინ მიგვეცა აფხაზებისთვისო, როგორც ეს სულ მოგვდის 1989 წლის შემდეგ…
მიუნხენი-2? (მიმართვა 21-ე საუკუნის დემოკრატ მმართველებს)
Posted: 2014/03/04 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დასავლეთი, ობამა, პუტინი, რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინა, ყირიმი %(count)s კომენტარივფიქრობ, ამაღამ (04.03.2014) რუსული ჯარები ყირიმში სისხლიან კონფრონტაციაზე წავლენ!
მიუხედავად რუსების მიერ უკრაინელებისათვის დილის 5 საათამდე “დიდსულოვნად” მიცემული ულტიმატუმისა, მათ უკვე დაიწყეს სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბზე შეტევა! ნაცნობი პროვოკაციული მეთოდით – წინ გაუშვეს ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები და სპორტსმენები – ტიტუშკები. თუ უკრაინელები თავდასაცავად იარაღს გამოიყენებენ, რუსები მათ ჩახოცავენ, თან წინასწარ გადაიღებენ, როგორ გაიხსნა “პირველი ცეცხლი” უკრაინელების შტაბიდან! D:D:D
პუტინის აჩქარების მიზეზი ორია –
1) მას არ სურს ეუთოს სადამკვირებლო მისიის შესაძლო ჩამოსვლის შემდეგ (ამაზე უარს კი ვერ იტყვის) აკეთოს ბნელი საქმეები. ტერიტორია მანამდე უნდა “მოასუფთავოს”…
მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა:
2) დღეს რუსულმა საფინანსო ბაზრებმა დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის ზარალი ნახეს!
პუტინის ამოცანაა, დაუყონებლივ დაარწმუნოს მსოფლიო და თავად რუსებიც, რომ თავად უმაგარესია, და რომ მსოფლიო მის წინაშე უსუსურია. თუ სასწრაფოდ ამის დემონსტრირებას მოახერხებს, რუსული საფონდო ინდექსები და რუბლი მალე ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება! პუტინის ხსნა ელვისებურ გამარჯვებაშია! თან ძალიან კარგად ხვდება, რომ რაც უფრო მეტად დაიცდის, უკრაინელებიც და დასავლეთიც უკეთ მოახერხებს გეგმების დასახვას და კოორდინაციას!
ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ, როგორც დღეს გამოჩნდა, განსხვავებით ამერიკისაგან, ევროპელი ლიდერების დახმარების მაქსიმუმი მხოლოდ სოჭში G8 შეხვედრაზე წასვლის შესახებ გულდამწყდარი უარი და უკრაინისათვის 600 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფაა! მხოლოდ კანადის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები წავიდნენ მოსკოვიდან ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევაზე…
მართალია, უკვე მარტია, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა და გაზის გადაკეტვის პერსპექტივა უფრო მძიმე ალტერნატივაა, ვიდრე პუტინის მიერ ჯერ ყირიმის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება… ასეა?
იმედია, მიუნხენის მეორე სამარცხვინო შეთანხმებას არ ვიხილავთ! თუმცა, ჯერჯერობით პერსპექტივა საკმაოდ არაოპტიმისტურია… 😦
გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღშფოთებულმა განაცხადა, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის დაპყრობითი ტაქტიკის და მეთოდების გამოყენება, და ეს დაუშვებელიაო!..
ბატონებო და ქალბატონებო!
მოვიდა დრო, ანახოთ მე-19 საუკუნის უკვე მრავალჯერ ნიღაბჩამოხსნილ აგრესორს, როგორ მოსვამთ თავის ადგილზე 21-ე საუკუნის ნატიფი დიპლომატიური მეთოდებით! (და ეს შეუძლებელი მართლაც არაა!)
მაგრამ თუ ამას ვერ ანახებთ, თქვენი მჭერმეტყველების ფასი გახვრეტილი ცენტი იქნება.
რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარება სჯობს ომს და სისხლისღვრას. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმათ, ვისაც თქვენგან მესამე მსოფლიო ომის დაწყება „ეიმედებოდა“…
მაგრამ თუ ამ მშვიდობის მისაღწევად მტაცებლისთვის რიგრიგობით თქვენი მეზობლების ბარტყების გადაყრის ტაქტიკა იგულისხმება, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი ახალი მეზობლის გაწირვა რიგში თქვენც სულ უფრო წინა პოზიციაზე გწევთ.
რადგან მტაცებლის მადა ჭამაში მოდის,!.. და მერე როგორ მოდის…
რამდენიმე დღეში ალბათ პუტინი ყირიმზე სრულ კონტროლს დაამყარებს და ცინიკური ღიმილით მსოფლიოს კიდევ ერთ სილას გააწნის…
რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საბოლოო დამარცხება.
დამარცხება ის იქნება, თუ თქვენ ამას შეშფოთებით, მაგრამ მაინც ელეგანტურად შეეგუებით…
მაშინ გამოვა, ჯობდა, უკრაინელებისათვის ტყუილი იმედები არ მიგეცათ…
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი მოქ. ზვიად კირტავას (სოლომონ თერნალელის) ღია წერილზე
Posted: 2014/02/04 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დავით უსუფაშვილი, საზმაუს ბორდი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კონკურსი, სოლომონ თერნალელი დატოვე კომენტარიბატონო სოლომონ,
წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…
მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.
დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).
აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა…
შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.
საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.
1. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა.
ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ 2013 წლის 23 დეკემბერს წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს.
2. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა.
პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.
3. თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები.
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.
მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს).
4. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათ დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი!
როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…
თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“
მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.
ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..
ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.
უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?
თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.
ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?
კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი, თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?
შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“
დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე
შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…
შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.
ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შესრულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა, ან პარლამენტმა არ აირჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდატების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.
სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?
მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…
ანტი-ჩიხური მექანიზმები.
თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.
არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამენტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.
უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა – კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).
ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.
5. თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან.
ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია, მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.
მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.
თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება, თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა.
6. თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.
საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად.
7. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…
მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკარაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9-კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა).
შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…
ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.
ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…
მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.
არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.
……….
„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ – იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…
დ. უსუფაშვილი
4 თებერვალი, 2014
========
(სოლომონ თერნალელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს – https://solomonternaleli.wordpress.com/2014/01/29/ღია-წერილი-საქართველოს-პ/ )
ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს
Posted: 2014/01/29 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: დავით უსუფაშვილი, პარლამენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კონკურსი დატოვე კომენტარიპირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ ძალზე საშური ინიციატივისათვის, რომელიც კანონის თანახმად თქვენ თავზე იტვირთეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმიღებული კანონის თანახმად ბორდის არჩევნების ჩატარება.
აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრების ბლოგზე გამოქვეყნებას არ ვთვლიდი აუცილებლად, რადგან მეგონა (და ახლაც მგონია), რომ საკუთარი არარჩევით განაწყენებული კაცის პოზად ჩათვლიდა მკითხველთა უმრავლესობა. ეს დღესაც არაა გამორიცხული. მაგრამ თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ, რომ ეს პროცესი ჩატარდა კანონის და ყველა ნორმის დაცვით, და ამ მოსაზრების ოპონენტებისათვის მიმართვამ, რომ ღიად დაეფიქსირებინათ, რაში არ გეთანხმებიან, მაიძულა ჩემი შეხედულება გადამესინჯა და თქვენთვის ამ წერილით მომემართა.
ჩემი სუბიექტური აზრია – თუმცა გამყარებული მრავალი ანალოგიური სუბიექტური აზრით და ავტორიტეტული ორგანოების დასკვნითაც, რომ როგორც თავად შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, ასევე თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით შერჩეული (და ერთხმად დამტკიცებული) საბჭოს კანდიდატების შემრჩევი კომისიაც მოწონებას იმსახურებენ.
სხვათა შორის, არ გამიგია რაიმე სერიოზულად დასაბუთებული კრიტიკა კომისიის მიმართ, რომელმაც საკუთარი მუშაობა წარმართა კანონის და ვადების სრული დაცვით და წარმოგიდგინათ 68-დან შერჩეული 27 კანდიდატის სიაც და გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმებიც. ეს შერჩევა, ხაზს გავუსვამ, დაეყრდნო კანონის მიერ დადგენილ ნორმებს – კანდიდატთა ავტობიოგრაფიას (CV-ს), მათ მიერ მომზადებულ მაუწყებლის კონცეპტუალურ ხედვას, ასევე მათთან კომისიის გასაუბრებას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატების უფრო სრულად გაცნობის მიზნით მათთან გასაუბრებაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა მათი მონაწილეობა სპეციალურად მოწყობილ ტელედებატებშიც.
ასე რომ, კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები არ ყოფილა, ვადები იყო დაცული, მიდგომები იყო დაყრდნობილი ობიექტურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე. მაგალითად, კანდიდატის ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შესაძლო კავშირის განსასაზღვარავად გამოყენებულ იქნა პარლამენტარ თინა ხიდაშელის ის განსაზღვრება, რომელიც მან გამოიყენა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას – პირი ითვლება პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის მქონედ, თუ იგი არის ამ პარტიის წევრი, ან წარმოადგენდა ამ პარტიას სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე (ბოდიშს ვიხდი არაზუსტი პერიფრაზისათვის).
კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე გაისმა, რომ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ან ვერ გაიგო დროულად, ან ვერ მოასწრო საბუთების შეტანა და მათ მიერ გამოთქმული იყო თხოვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსში საბუთების შეტანის ვადა გაეხანგრძლივებინა. სხვათა შორის, ჟურნალისტმა მადლენა მაჭარაშვილმა კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებთან ერთად მეც მომმართა კითხვით, პირადად რას ვიტყოდი ასეთ შესაძლებლობის დაშვებაზე. როგორც სხვათა უმრავლესობამ, ასევე მეც ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იყო (ჩემი პასუხი ქ-ნმა მადლენამ გვიან მიიღო და იგი მედიაში ვერ მოხვდა).
ბატონო დავით, თქვენ მაშინ არ დაუჭირეთ კონკურსის ვადების გაფართოებას მხარი და განაცხადეთ, რომ ვადები კანონითაა გაწერილი და კანონი უნდა იქნას დაცული. სრულად გეთანხმებით, რომ ეს უფრო სწორი იყო, ვიდრე პროცესის თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების სურვილზე მორგება.
მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც და მეც, მათ შორის, ვერ დავინახეთ პარლამენტის მხრიდან კანონის და ნორმების ერთგულება. თან, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს არის სწორედ ამ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი. და ძალიან რთული იქნება მინიშნებაც კი იმაზე, რომ იგი ან მოძველებულია, ან – უკვე გადასასინჯი.
შევეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის დარღვევა, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და არაპროფესიონალური აზრით, კანონთან მიმართებაში მოხდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში და მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შესაძლო შეცდომებზე მიმითითებთ ან თქვენ, ან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები:
1. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა – #26.4 („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“). – თუმცა თანახმა ვარ, რომ ეს მცირე პროცედურული დარღვევაა.
2. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა – სახალხო დამცველმა წარდგენა დააგვიანა, და მასზე ადრე კანდიდატი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. #26.1 („აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო…“) – ესეც მცირე პროცედურულ დარღვევად ჩავთვალოთ.
3. ყველაზე სერიოზული დარღვევა – არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა. უმცირესობამ ნაცვლად სამისა წარადგინა 2 კანდიდატი, ხოლო უმრავლესობამ – მხოლოდ 1 კანდიდატი. ამ დროს კანონი სავსებით ცალსახად განსაზღვრავს იმ რაოდენობას, რასაც უფლებმოსილი სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ. ტექსტში ნათქვამია „წარუდგენს სამს“, რაც არ არის ყველაზე კატეგორიული ფორმა, მაგრამ ამავდროულად არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაგებულ იქნას, როგორც „შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი“. იქნებ, მე ვცდები, მაგრამ არ მომისმენია დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი! – #26.1 („საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად“). აქვე დავამატებ, რომ ჩემს გაგებას, რომ ეს მოთხოვნა უმცირესობის და უმრავლესობის მიერ სწორედ 3-3 კანდიდატების დასახელების ნამდვილად აუცილებლობაა და არა დასაშვები შესაძლებლობა, შემდეგი მომენტიც ადასტურებს ირიბად: თუ ეს მხოლოდ შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ, ლოგიკურად, კანონს იქვე უნდა განემარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო კვოტით დაშვებული რაოდენობა – მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არავინ დააკმაყოფილებდა უმცირესობის და უმრავლესობის გემოვნებას.
4. დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადებიც, თუ არ ვცდები, როგორც პირველ, ასევე – მეორე შემთხვევაში – #26.5 – („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს…) და #26.6 („თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა… და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი… 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს“). სხვათა შორის, ეს დარღვევა უმცირესობამაც დაუშვა და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა მართლაც გვიან წარმოადგინა. რაც, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ამით თავის მიერ წარმოდგენილ ძალიან კვალიფიციურ კანდიდატს ფორმალური წინააღმდეგობა თავადვე შეუქმნეს.
როდესაც პარლამენტის წევრები ლოგიკურ წინააღმდეგობაზე უთითებენ და ამბობენ, ფრაქციაში ვერ შევთანხმდით ერთიან კანდიდატზე და როგორ უნდა წარგვედგინა კენჭისყრაზე, როცა ვიცოდით, რომ ასარჩევად საჭირო ხმებს მაინც ვერ მიიღებდაო, ეს ნონსენსია. რადგან მართალია, წარდგენა ხდება საკუთარი ქვოტიდან და საკუთარი ფრაქციის (ან ფრაქციათა ერთობლიობის) მიერ, მაგრამ არჩევა ხომ ხდება მთლიანად პარლამენტის მიერ! ასე რომ, თუ თეორიულად უმრავლესობის რომელიმე კანდიდატი აგროვებდა უმრავლესობაში, დავუშვათ, მხოლოდ 40 ხმას, მისი კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მას ასარჩევად საჭირო დარჩენილი ხმები (36) უმრავლესობის გარედან მიეღო და კანონის თანახმად არჩეული ყოფილიყო პირველივე ტურში. იგივე შეიძლება ითქვას უმცირესობის კანდიდატებზეც. გარდა ამისა, პირველ ტურში კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ტურში გასამარჯვებლად ხომ საჭირო ხმათა რაოდენობა 76-დან სულაც 51-მდე ჩამოდიოდა!
საინტერესო იყო თავად პროცესზე დაკვირვება.
ა) ჯერ პარლამენტში უმრავლესობის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა 27-კაციან სიაში 3-4 პირის გარდა – ცნობილი სახეები! ძალიან უცნაური განცხადებაა – როგორ უნდა მომხდარიყო სიაში „ცნობილი სახეების“ კონცენტრირება! თან რა კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ „ცნობილ სახეებს“? – ხომ აშკარაა, რომ ერთი ადამიანისთვის ვიღაცები იქნებიან ცნობილნი და მეორისათვის – სხვები! ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ კანდიდატებს (მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილს, დავით მჭედლიძეს, უჩა სეთურს, გენო გელაძეს, ჯანა ჯავახიშვილს, ქეთევან კინწურაშვილს, ნინო ლომჯარიას, ნაზი ჯანეზიშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ანნა ძიაპშიპას, ნინია კაკაბაძეს, ალექსანდრე ვახტანგოვს, ელისო ჯანაშიას… და, სავარაუდოდ – ყველას იმ 27-დან!) შესაბამის პროფესიულ წრეებში ძალიან კარგადაც იცნობენ! და რამდენადაც კანდიდატთა შესარჩევი პროფესიული წრეების ჩამონათვალი კანონის მიხედვით ძალიან ფართო იყო („… ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“), გასაგებია, რომ ასეთი მრავალფეროვანი კოჰორტა ვერ იქნებოდა უნივერსალურად და თანაბრად ცნობადი ყველა პარლამენტარისათვის.
ბ) ამ განცხადებას სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა სრულიად საპირისპირო განცხადება! – იმდენი ბრწყინვალე კანდიდატურა იყო იმ 27-კაციან სიაში, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელი იყოო (და გამოდის, გული რომ არავის ძალიან დაწყვეტოდა, ყველას თანაბრად (!) დაწყვიტეს გული!)
გ) გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო პარლამენტარებისათვის კანდიდატების უფრო კარგად გაცნობა! კანონი ითვალისწინებდა ავტობიოგრაფიის, კონცეფციის, ტელევიზიით გადაცემული გასაუბრების და ტელევიზიითვე გადაცემული დებატების ხელმისაწვდომობას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც კი ინტერნეტზე და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. გაცნობის დამატებითი ფორმა იქნებოდა პარლამენტში კანდიდატების დაბარება და მათთან გასაუბრება, რაზეც პარლამენტმა თავად უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა (რამდენადაც ვიცი, – ალექსანდრე ვახტანგოვმა, უჩა სეთურმა, გენო გელაძემ) შესთავაზეს ასეთი გამოსავალი. ამით, მაპატიეთ და, მგონი, ძალიან უცნაური მიდგომა გამოჩნდა – არ ვიცნობთ, და არც გვინდა, რომ გავიცნოთ?
გენო გელაძის შემთხვევა განსაკუთრებით აუხსნელი და გასაოცარი იყო! ადამიანი დაასახელა კოლექტიურმა ორგანომ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იქაურმა როგორც უმრავლესობამ, ასევე -უმცირესობამ! იგი ასევე დაასახელეს აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მას აქვს ტელევიზიის კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი მდიდარი გამოცდილება. კანდიდატების შემრჩევი კომისიის მიერ მან მიიღო მაქსიმალური ქულა – 9. აჭარის უმაღლესმა საბჭომ იგი განმეორებითაც დაასახელა კანდიდატად. მისი კონცეფცია არის, ჩემი აზრით, იმდენად კარგი, რომ ძალიან მაინტერესებს, ბატონი გენოს დამწუნებელი პარლამენტარები რას უწუნებენ ამ კონცეფციას. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ორჯერ ისე ჩააგდეს, რომ არც მასთან შეხვედრა და გაცნობა უცდიათ და არც რაიმე კითხვებზე (თუ ასეთი კითხვები მის მიმართ არსებობდა) პასუხის მიღება. თუ გენო გელაძის მიმართ უმრავლესობას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი უმცირესობასთან დაკავშირებულია, რატომ არ უნდა ცდილიყვნენ ამის ისევე ღიად გარკვევას, როგორც ეს კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ გააკეთა ცალკეული კანდიდატების მიმართ? გენო გელაძის შემთხვევაში, პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ იგი არ მოიწონეს, არამედ ის, რომ იგი ისე დაიწუნეს, რომ არც მას და არც ჩვენ არ განგვიმარტეს, რა იყო ამ დაწუნების ლოგიკური მიზეზი… და ამით გაჩნდა ეჭვი, რომ ლოგიკური მიზეზი არც არსებობდა, ხოლო რეალური მიზეზი გასამჟღავნებლად უხერხული იყო!…
ახლა მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რაზეც აპელირებას აკეთებდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, და დღეს თქვენც – როგორ უნდა დაგვეძალებინა რომელიმე დეპუტატისათვის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, ამით ხომ მის პიროვნული არჩევნის თავისუფლებას დავარღვევდითო!
და ვინ ითხოვს, რომ პიროვნული არჩევნის თავისუფლება უნდა დარღვეულიყო?
წარსადგენი კანდიდატურის გამოსავლენად ხომ საკმარისო იქნებოდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარება! როგორ დავიჯერო, რომ 27 კანდიდატიდან (რომლებიც ბოლოსკენ ძალიან ცნობილებად და პატივცემულებადაც კი მოიხსენიებოდნენ) არ აღმოჩნდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სულ ცოტა 2 დეპუტატის მიერ მაინც იქნებოდნენ დასახელებულნი? და თუ ასეთები იქნებოდნენ (X, Y, ან Z), სწორედ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ კენჭისყრისათვის, თუკი ყველა დანარჩენი 2-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა! სწორედ პროცესის ამ ელემენტზე უარის თქმა – უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან სავალდებულო რაოდენობის კანდიდატთა წარდგენა პარლამენტისათვის – იყო დარღვეული. ხოლო თუკი წარდგენილ კანდიდატებზე კონკრეტული პარლამენტარები თავს შეიკავებდნენ ან წინააღმდეგი იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, არავის მისცემდა უფლებას მათი არჩევნის თავისუფლება შეეზღუდა!
მეტყვიან, რომ ასეთი წარდგენა და ასეთი კენჭისყრა წინასწარ განწირული და უაზრობაა?!
რატომ?
რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუნდაც მხოლოდ ორი ხმით დასახელებული და წარდგენილი კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც მეორე ტურში უცებ არ „აქაჩავდა“ ხმების საჭირო რაოდენობას? განა ასე არ მოხდა, როცა პირველ ტურში ძალიან მცირე – n რაოდენობის ხმების მიმღებმა კანდიდატმა მეორე ტურში ლამის n+100 ხმა მიიღო? არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ცვლილება პარლამენტარების პიროვნული არჩევნის თავისუფლებაზე ზემოქმედებით შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო იმას ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა რაღაც ისეთი დაინახეს ამ კანდიდატში (ან – გაიგეს!), რამაც მათი თავდაპირველი ნეგატიური განწყობა სერიოზულად შეცვალა. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ სხვების კანდიდატურებიც რომ დამდგარიყო კენჭისყრაზე, ან პროცესის გულშემატკივარ დიპლომატებს ცოტა ადრე რომ გაეკეთებინათ კრიტიკულ-წამაქეზებელი განცხადება, იქნებ იქაც მომხდარიყო მსგავსი შთამბეჭდავი პოზიტიური დინამიკა კანდიდატების მხარდამჭერთა რიცხვში!
სხვათა შორის, პირველი ტურის ჩავარდნის შემდეგ მეორე ტურში უფლებამოსილ სუბიექტებს თითოეულ ადგილზე არა ერთი, არამედ უკვე სამი კანდიდატის დასახელებაც შეეძლოთ! – რაც რომელიმეს არჩევნის შანსებს (თუნდაც შიდარეიტინგული კენჭისყრის შემდეგ) ალბათ გაზრდიდა – #26.7 („მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან“). თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს პუნქტი კანონში ცოტა გასამართია, რადგან ცალსახად არ ჩანს, რომ იგი მეორე ტურს ეხება. თუმცა იმ რიგითობის და ადგილის მიხედვით, რაც მას უკავია და შემდეგი ფრაზის გათვალისწინებით („შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა“) ლოგიკურად გასაგებია, რომ ეს სწორედ ასეა.
მაგრამ ეხლა გადავალ იმაზე, რაც მგონი, კიდევ უფრო სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კარგად დაწყებული პროცესის ასე საჩოთიროდ გაჯანჯლება – ეჭვი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებს იღებდა, და მაშინაც, როდესაც ამ კომისიას ამტკიცებდა, მათ სრულად ვერ გაიაზრეს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება ინერციით მიიღეს! და მხოლოდ მერე „აღმოაჩინეს“, რომ თურმე, ასეთი კანონით არჩევისას, რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს (სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტისათვის მისაღები კანდიდატის გასვლა საკუთარი ქვოტიდან!), რაც უკვე აღარ მოეწონათ! და რომ თურმე მათ მიერ ერთხმად დამტკიცებულ კომისიას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანდიდატები ჩააგდოს, რაც მერე მათ არ მოეწონათ… ეს კი ალბათ, მხოლოდ ორი ლოგიკური შესაძლო მიზეზით შეიძლება აიხსნას:
1) რომ დეკლარირებული „დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული ბორდი“ მხოლოდ დეკლარირებული სურვილი ყოფილა და არა – რეალური მიზანი.
და/ან
2) რომ პარლამენტარები კანონების მიღებისას ამ კანონების რეალიზაციის პოტენციურ შედეგებს კარგად ვერ თვლიან!!!
არაა გამორიცხული, რომ ორივე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს საკითხისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ის მეორე საკითხი გაცილებით უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.
განსაკუთრებით, იმ სერიოზული გამოწვევების და ინტრიგების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოდ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ!
ბატონო დავით!
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და კეთილ სურვილებს. შეიძლება სახეზე მართლაც ლამის არავინ მცნობდეს თქვენდამი რწმუნებულ ორგანოში, მაგრამ რატომღაც მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი ნაწერები მაინც შეიძლება იცოდეს პარლამენტის (უმრავლესობის) ზოგიერთმა წევრმა. ალბათ, შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ პირადი „გაბრაზება“ არ მალაპარაკებს. ნამდვილად არ ვარ გაბრაზებული. გულდაწყვეტილი კი ვარ. და არა იმიტომ, რომ მე არ ამირჩიეთ (ან უფრო სწორი იქნება – „არა იმდენად იმიტომ“), არამედ იმიტომ, რომ თავიდან ძალიან კარგად დაწყებული პროცესი ისე წარიმართა, რომ საზოგადოების ნდობა დაიკარგა. სწორედ ეს მგონია ამ შემთხვევაში მთავარი დანაკარგი და არა – რომელიმე ჩვენთაგანის ამბიციები, უნარ-ჩვევები და გამოცდილება…
ისე კი, მიმაჩნია, რომ საზმაუს საბჭოს უკვე არჩეული 4 წევრი (ყველა მათგანს ვულოცავ!) ჯერ კიდევ კარგ შანსს ქმნის, რომ ეს საბჭო წინაზე ბევრად უკეთესი იყოს. მთავარია, რომ ახალი კომისიის მიერ ახალ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ისევ გამჭვირვალედ წარიმართოს, და რომ ეს არჩევნები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს (მაინტერესებს, რას იზამთ, თუ ახლა მომავალი 15 კანდიდატიდანაც არ აღმოჩნდება პარლამენტარების მოსაწონი 5 „დიმიტრი გელოვანი“? კენჭისყრაზე ისევ არავის კანდიდატურა დადგება?)
ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ პარლამენტარებს არ გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მოწონებით იქნება აღქმული. მაშინაც კი, თუ იგი პროცედურების, ნორმების და ლოგიკის შესაბამისობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.
წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ, თქვენს გვერდით მიგულოთ!
არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენთვისაც, საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც კარგი მინდა… და ამისთვის, არ მომერიდება გითხარათ – ძალიან მერკანტილური მიზეზი მაქვს: მინდა აქ დავრჩე და ვიცხოვრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში!
პატივისცემით,
ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)
(ექიმი, ბლოგერი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი)
29.01.2014
მადლობა მიშას!
Posted: 2013/10/24 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა %(count)s კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა მის მიერ აშენებულ თბილისის საგამოფენო ცენტრის ფანტასმაგორიულ შენობაში იყო დახვეწილი დემაგოგიის, თვალუწვდენელი ბოღმის და ენითაუწერელი შიშის მართლაც ფანტასმაგორიული ნაზავი.
ეს იყო ძალიან ნიჭიერი მცდელობა ცხვრისტყავმოსხმული კრიმინალისა, რომელიც ცდილობდა (მეასიათასჯერ!) დავერწმუნებინეთ, როგორი კარგი და პატრიოტი იყო, როგორ მარად ხალხზე ზრუნავდა, როგორ არ ეძინა საქართველოს სიკეთეზე ფიქრში, როგორ წყლულად აჩნდა ერის წყლული, წმინდა სებასტიანივით ისრებით დაკორტნილ წამებულ სხეულზე…
მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რაც მისმა “თავგადაკლულმა პატრიოტობამ” მოიტანა? ვინ დაგვიბრუნებს მის მიერ დაკარგულ ტერიტორიებს? ვინ გააცოცხლებს მის მიერ ჩახოცილ ახალგაზრდებს, თუ მისი უთავობით და უტვინობით დაღუპულ ჯარისკაცებს? ვინ აუნაზღაურებს ათეულათასობით მოქალაქეს მიყენებულ ზარალს თუ ციხეში უსამართლოდ გატარებულ (როგორც თავად ამბობს) – “წლეებს”? როდის დააბრუნებს ის და მისი ნაცბანდა იმ სახელმწიფო სიმდიდრეს, რაც უხვად გაყიდეს, ჩაიჯიბეს და მიითვისეს, დაწყებული ტყეებიდან და სახნავ-სათესი მიწებიდან და დამთავრებული – საავადმყოფოებით, საბავშვო ბაღებით, სკოლებით, ბიბლიოთეკებით და მუზეუმებით? როგორ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც დამპალი ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის პენსიონერ ლტოლვილს ერთ წელ ციხეს უსჯიდა, ხოლო თავად მილიონებს და მილიარდებს იპარავდა და ახლა კი პოლიტიკური სარჩულით საკუთარი დაუსჯელობის დაკანონებას ცდილობს, ამავე დროს ლტოლვილად აქცევდა ათასობით და ათეულათასობით საქართველოს მოქალაქეს, ხოლო აქ საცხოვრებლად ეპატიჟებოდა ირანელებს, ჩინელებს, ინდოელებს და ბურებს და მათთვის ქართული მიწის ფასს 40-ჯერ უფრო დაბლა სწევდა, ვიდრე თავად ქართველებისათვის, იმისათვის, რომ საქართველო სინგაპურად ექციათ, – მათი და მათი შვილების მიერ სამუდამოდ მართულ სინგაპურად?! რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდობამ მიხეილ სააკაშვილისაგან, თუ არა უტიფრობა, უნამუსობა, ღალატი, სულმდაბლობა, უზნეობა და ავზნეობა?!
მიხეილ სააკაშვილი დღეს ლაპარაკობდა “ბრძოლის ახალ ეტაპზე”, მისი “იდეების უკვდავებაზე” და იმაზე, როგორ კარდინალურად განსხვავდება იგი პუტინისაგან. ჩემი აზრით, იგი მხოლოდ ორი რამით განსხვავდება პუტინისაგან – მოქალაქეობით და სიმაღლით. ხოლო რაც შეეხება მართვის მეთოდებს, კლანურ პრინციპებს, და საქართველოსადმი დამოკიდებულებას, ამაში ისინი ტყუპისცალები არიან…
მიხეილ სააკაშვილს მართლაც მადლობას ვუხდი, იმისათვის, რომ სრულყოფილად დამანახა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება!
27 ოქტომბერს სწორედ ამაზე ფიქრით წავალ არჩევნებზე.
ჟამი სინანულისა
Posted: 2013/06/24 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: მიტევება, მიხეილ სააკაშვილი, მონანიება, ნაცმოძური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება %(count)s კომენტარი
რაც უფრო ახლოს ვართ ნაცმოძური კოშმარის დასასრულთან, სულ უფრო მეტს ვფიქრობ არა იმაზე, რაზეც მთელი ეს ოთხი წელი ვფიქრობდი – სამართლის აღსრულებაზე, არამედ იმაზე, რაც ადრე ლამის არც მახსოვდა – მონანიებაზე, მიტევებაზე, შენდობასა და შერიგებაზე.
არ ვიცი, რითი აიხსნება ეს.
ალბათ იმით, რომ ადრე გაცილებით უფრო პესიმისტი (ზოგჯერ -სასოწარკვეთილიც კი) ვიყავი. ახლა შემიძლია გამოგიტყდეთ, რომ 2008-2011 წლებში ძალიან მიჭირდა. არა მატერიალურად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ყოფა მქონდა. უფრო იმით მიჭირდა, რომ დეპრესიასთან ახლოს ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი ძალა შემძინა. ორი რამ მეხმარებოდა, გამეძლო – ოჯახი, და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მსგავსად აზროვნებდნენ, მამხნევებდნენ, და რომელთაც, ვატყობდი, რომ ჩემი ნაწერები შვებას აძლევდა. ხოლო მე არანაკლებ შვებას მაძლევდა მათი მხრიდან იმედის გამტკიცება. და აი, ასე – ხელიხელჩაკიდებულები მოვდიოდით და ღმერთმა არ გაგვწირა. თავდაპირველად, ძალიან ბევრს ჩემს მიერ დახატული კოშმარული მომავლის სურათი (მატარებელი, რომელიც დროში უკან მიდის, 1953-ს გასცდა და 1937-საკენ მიიჩქარის) ბევრს ჰიპერბოლიზებული ფანტაზია ეგონა. მერე კი, თითქოს როლები შეიცვალა და მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდი მომავალს, ვიდრე ახლა ჩემზე უფრო შეძრწუნებული თანამოაზრეები… მართლაც უცნაური იქნება ამ ოთხწლიანი ანდერგრაუნდის ეტაპების უკან გადახვევა და იმის განცდა, რა დიდი ძალაა თანაგრძნობა და ჭირის თანაზიარება…
მაგრამ ამაზე კიდევ დავწერ. ძალიან ბევრია დასაწერი, და მაინც, მგონია, რომ ეს მოითმენს.
============================================
კრიმინალური რეჟიმი და ნიურნბერგის პროცესი
ფაქტები ჯერ კიდევ დასალაგებელია, რომ სრული მოზაიკა დაიხატოს, მაგრამ მთავარი ფაბულა არა მარტო გამოიკვეთა, არამედ ეჭვს, მგონი, მხოლოდ 5% (შეურაცხად) მიშისტებში თუ იწვევს:
მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორებად წოდებული ახალგაზრდა სუპერკარიერისტები, რომელთაც დემოკრატიის სახელით დედა უტირეს ასე თუ ისე არსებულ დემოკრატიას, სასამართლოს, მედიას. დაიჭირეს ლამის ყოველი მე-100 ადამიანი, პრობაციონერად აქციეს ლამის ყოველი მე-20-ე თუ 30-ე, უსმენდნენ ყველას, იყენებდნენ წამებას, გაუპატიურებას, ყველაფრის გაყალბებას – პირველ რიგში კი არჩევნების გაყალბებას. გაყიდეს და მიითვისეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც და მითვისებაც მოასწრეს. ოცნებობდნენ საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციაზე და უცხოელების მასობრივ ჩამოსახლებაზე და საქართველოს გადაქცევაზე მათი კლანის მიერ სამუდამოდ მართულ ბანტუსტანად, რომელსაც გარედან ფასადური დემოკრატიის ატრიბუტებით შენიღბავდნენ, პირველ რიგში – სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების პრიმატის მოჩვენებითი პრიორიტიზაციით.
და მაინც, იმის მიუხედავად, მოვახერხებთ თუ არა ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო პროცესის ჩატარებას (მგონია, რომ საჭიროა, მაგრამ ვეთანხმები ქ-ნ ლია მუხაშავრიას, რომ გაგვიჭირდება. და, ალბათ, კარგი გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას ვთხოვთ ამას – რომის სტატუსთან ჩვენი მიერთების წყალობით) – აშკარაა, რომ სასამართლო სკამზე დასმულთა რაოდენობა არ იქნება დიდი.
საინტერესოა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენთაგანმა არ ვიცით (მეც არ ვიცოდი) ნიურნბერგის პროცესის მასშტაბები. 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე სტალინმა პირველად დასვა საკითხი, რას ფიქრობდნენ მოკავშირეები გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშიზმის სამხედრო მექანიზმის – გერმანული არმიის – განადგურებაზე და თავადვე გამოთქვა აზრი – ალბათ 50,000-100,000 გერმანელი ოფიცერი უნდა დაიხვრიტოსო. რუზველტმა, რომელსაც კარგად ესმოდა რუსებისთვის გერმანელების მიერ მიყენებული კოლოსალური ადამიანური, მატერიალური ზარალი და მიწის პირისაგან აღგვილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, უხერხულობის განტვირთვა ხუმრობით სცადა – ეგებ, 49,000 ვიკმაროთო. ჩერჩილს კი არ მორიდებია დაეფიქსირებინა თავისი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია – ოფიცრები ბრძანებას ასრულებენ და მალე საკუთარი სამშობლოს დაცვა მოუწევთ, მე მაგ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობას არ მივიღებო. ამის შემდეგ იალტასა და პოტსდამში ამ საკითხზე რამდენიმე გეგმის გადახედვის შედეგად ძირითადად ამერიკელების და ინგლისელების წინადადებებზე დაყრდნობით შემუშავდა სასამართლო პროცესის სქემა. თავად ნიურნბერგის (მთავარ) პროცესზე, რომელიც დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა, მხოლოდ 200-მდე ნაცისტი გასამართლდა, აქედან 23 მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი – ე.წ. მთავარი ტრიბუნალის მიერ. მათგან 12-ს სიკვდილი მიესაჯა (თუმცა ბორმანი ვერასოდეს ნახეს), 3 კი გაამართლეს. გარდა ამისა, იყო კიდევ ნიურნბერგის დამატებითი სასამართლოები, სადაც კიდევ 1600-მდე პირი გაასამართლეს.
მიუხედავად მთელი რიგი სერიოზული კრიტიკისა, რაც ნიურნბერგის პროცესს მოჰყვა, ის თავისი დროის ყველაზე უფრო მასშტაბურ, სამართლიან და ჰუმანურ სასამართლოდ ითვლება. შესადარებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ 1936-38 წლებში საბჭოთა დიდი ტერორის დროს თითქმის 700,000 ადამიანი დახვრიტეს (ყოველდღიურად – საშუალოდ 900-ს სჯიდნენ!) და პროცესების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გრძელდებოდა.
როდესაც ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ნიურნბერგს ვახსენებთ, რა თქმა უნდა, იურისტებსაც და საზოგადოების რიგით წევრებსაც ორგანიზებული სახელმწიფო კლანის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულის გასამართლების ანალოგია გვაქვს მხედველობაში და არა – ამ ორი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა არსის და მასშტაბების ფარდობითობა. რა თქმა უნდა, ვერავითარ სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცმოძრაობის შედარება ნაციზმთან. სავარაუდოდ, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ასეთი ტიპის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევდა, გაცილებით მცირე იქნება, და ალბათ რამდენიმე ათეულს არ გადააჭარბებს. არ გამოვრიცხავ, რომ დამნაშავეთა უმრავლესობის მიმართ, სასამართლომ არ გამოიყენოს სასჯელის ის მაქსიმალური ზომა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გამართლებულად ჩათვლიდა.
==========================
მცირედდამნაშავეთა არმია
მაგრამ გაცილებით უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია სხვა საკითხი, რომელიც ასევე დადგა ან დადგება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამა თუ იმ ტიპის კრიმინალური რეჟიმები მოქმედებდნენ/იმოქმედებენ:
რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ქმედებებით ან უმოქმედობით, გაყალბებებში მონაწილეობით, ან ფალსიფიკაციებზე თვალის დახუჭვით, ცილისწამებით, თუ დაშინებების, მოსყიდვის, გადაბირების, სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევით – უშუალო სარგებლის მიღების მოტივით, ან დამნაშევე რეჟიმისათვის ხელისშეწყობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი აქტით ჩაიდინეს კრიმინალური თუ ეთიკურ-მორალური დანაშაული, ფარავდნენ დანაშაულს, ახდენდნენ მეზობლების, თანამშრომლების დაშინებას, დასმენას, და გარკვეულწილად, რეჟიმის ქვედა დონის საცეცებს წარმოადგენდნენ?
ასეთი ადამიანების რაოდენობა, სავარაუდოდ, გასასამართლებელთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი იქნება. სხვადასხვა ტიპის ქმედებებთან მიმართებაში შეიძლება, საქმე ეხებოდეს ასობით ან ათასობით (ან ათეულ ათასობით?) ადამიანს – ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ნოტარიუსებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკებს, მედიამუშაკებს, ადგილობრივი მმართველობებისა და სახლმმართველობის თამნამშრომლებს, დირექტორებს და პედაგოგებს, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტებს, კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს, ე.წ. ექსპერტებს…
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელი იქნება, ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დევნის დაწყება. ძალიან სწორად განაცხადა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, იმისთვის არ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ მის მიერ გადავსებული ციხეები ახლა მათი მომხრეებით გადავავსოთ და საქართველოს სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრებული „ლიდერობა“ პატიმართა რიცხვის მხრივ, ისევ შევინარჩუნოთო.
ასევე დაუშვებელი იქნება იმის მინიმალური შანსის დატოვება, რომ რადგან არსებობს ამ ადამიანთა მიმართ გაღიზიანებული საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ უკანასკნელთ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თავად შეუძლიათ აღასრულონ „მართლმსაჯულება“ კრიმინალურ რეჟიმთან დაახლოებული პირების, ხოლო ზოგჯერ – უშუალოდ საკუთარი მჩაგვრელების მიმართ. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი ყვითელი თუ შავი გაზეთი, ტელევიზია თუ ინტერნეტ-მედია, რომლებიც ისეთ აბსოლუტურად მიუღებელ მეთოდებს არ თაკილობენ, როგორიცაა პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილთა მისამართების გამოქვეყნება! ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლებულ ამ მედია-საშუალებების დიდი ნაწილის რეალური მფლობელების ვინაობა და დაფინანსების წყაროები უცნობია და არაა გამორიცხული, ისინი იმ ძალების ინტერესებს ახორციელებდნენ, ვისაც სურთ საქართველოში ახალი მასიური სამოქალაქო დაპირსპირების წაქეზება.
როგორია გამოსავალი?
ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს, და ჩემი ეს წერილი სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა დროულად დავიწყოთ.
===============================
მიტევების პროცესი.
როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ეთიკის ნორმები მიტევების პროცესს სამოქალაქო ერთობის და ჯანსაღი მრევლის თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლად უნდა სახავდეს.
თუ არსებობს შეცოდება/ცოდვა ან პირის დანაშაულებრივი ქმედება, ან თუნდა შეცდომა, ე.ი. არსებობს რაღაც მიყენებული ზიანი ან ტკივილი.
ზიანის ან ტკივილის მოშუშების საუკეთესო მეთოდი ორია: სამართლის აღდგენა და/ან მიტევება. სხვათაშორის, მიტევების/პატიების საწყის ეტაპად ხშირად სწორედ სამართლის აღდგენა იქცევა ხოლმე.
მაგრამ, მოდით, განვიხილოთ ის სიტუაცია, თუ სამართლის აღსრულება სასამართლო ძალით არ ხდება.
ამ შემთხვევაში მიტევების პროცესი შეიძლება იყოს ორი ტიპის – ცალმხრივი (ზოგიერთის მიერ იგი შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ქრისტესმიერი, ქრისტიანული მიტევება და ყველაზე ხშირად აქ გვახსენდება „მეორე ლოყის მიშვერის“ ფენომენი, რომელიც მე პირადად, ნაკლებმისაღებად მიმაჩნია ქართულ საზოგადოებაში) და მეორე – ორმხრივი ტიპის, რომელსაც ვემხრობი და რომელიც როგორც სამართლის სპეციალისტების (მაგ. – Randall J. Cecrle), ასევე ზოგიერთი დასავლელი თეოლოგის (მაგ. ცნობილი ამერიკელი პასტორის Marc Driscoll) მიერაც ყველაზე გამართლებულად არის მიჩნეული.
ამ პროცესში აუცილებელ ელემენტებად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საფეხურები:
1. ცოდვის ან შეცდომის შეგრძნება (ეთიკური ან რელიგიური მორალის პრინციპების გათავისებიდან გამომდინარე)
2. აღიარება/აღსარების თქმა
3. მონანიება (ვისაც ზარალი მიადგა და/ან უფლის მიმართ) და იმის პირობის დადება, რომ მსგავსი ქმედებები აღარ იქნება გამეორებული
4. ზარალის ანაზღაურება / უფლის მსახურის მიერ დაკისრებული ეპიტამიის შესრულება
5. მიტევება/შერიგება
მაგრამ როცა ეს ყველაფერი თავიდან გადავიკითხე, მივხვდი, რომ რელიგიური ბილიკის მითითება შეიძლება საზოგადოებისათვის წამგებიანი აღმოჩნდეს, რამეთუ საჯარო პირი, რომელმაც თავისი სერვილანტობით, კონფორმიზმით თუ ყალბისმქმნელობით (აღარაფერს ვამბობ – ჩაგვრასა და წამებაში მონაწილეობაზე, ქონების ძალადობრივი გადაფორმების მსგავს დანაშაულში ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე) რელიგიური მიტევების გზას დაადგება, მან შეიძლება მერე ამაყად ან თავდახრილმა გვითხრას, რომ მან უკვე მოინანია და მიტევებულია. ამის მკაფიო მაგალითები ბევრი გვინახავს ამ ბოლო დროს – მაგალითად 2010 წლის ოსტატურად გაყალბებული თვითმმართველობის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი როგორ ყურებამდე გახეული პირით და ლამის სიცილით მომყვირალი „ცოდვილი ვარ, ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ!“ შევარდა ეკლესიაში, ემთხვია კათალიკოსს-პატრიარქს, მსწრაფლ ხელი ჩამოართვა გაოგნებულ ირაკლი ალასანიას, და მერე კათედრასთან დადგა და ეკლესიაში ქადაგად დავარდა!.. ამას კი შედეგად სულ მალე 2011 წლის 26 მაისის ძალადობა მოჰყვა!.. იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილი „მომნანიე“? იყო იგი ღირსი, რომ ჩვენს საზოგადოებას მისთვის მიტევება ებოძებინა? მსგავსი მაგალითი იყო ისიც, როგორ განაცხადა „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანმა – მის მერე ხშირად ეკლესიაში დავდივარო! ვშიშობ, ნაცმოძრაობის ლიდერებს და ადეპტებს მალე საყოველთაო „გაეკლესიურების ეპიდემია“ დაერევათ – აგერ უკვე გია ნოდია და დავით დარჩიაშვილი ლამის ყოველკვირეულად უფლის მიერ მოვლენილ განსაცდელზე გველაპარაკებიან და ისეთ წინადადებებს აღავლენენ („ღმერთმა დაიფაროს საქართველო, პოლიტიკური არენიდან ნაციონალური მოძრაობა გაქრეს“!), რომ სახტად დადის ერიც და ბერიც! ჰოდა, რა გამოვა, არა მარტო მედია ურნალისტები და სექსპერტები არამედ ბევრი ინტერპოლით ძებნილიც სამაგალითოდ მიიჩნევს ნეტარი იოსების (ერისკუდობაში – სოსო თოფურიძის) ქმედებას და ეკლესიიდან მოტანილ ინდულგენციის ფურცლებით მოგვიწოდებენ მათი მიტევების უპირობოდ გაზიარებას?
მე ამას ასე ვხედავ, თუმცა, შეიძლება ვცდები და გამისწორეთ:
ა) სისხლის სამართლის დანაშაულზე საეკლესიო მიტევება შემამსუბუქებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება, აღარ ვლაპარაკობ დანაშაულის მოხსნაზე.
ბ) თუ ადამიანს ეთიკური და პროფესიული დანაშაული ან შეცდომა აქვს ჩადენილი, და მას საზოგადოებისათვის ან საზოგადოების კონკრეტული წევრისათვის აქვს მიყენებული ზარალი, ამ ქმედების საზოგადო მონანიების და ამ ზარალის ანაზღაურების გარეშე, ასევე არ იქნება საკმარისი საეკლესიო მიტევების და ზიარების მიღება;
გ) ასევე არ იქნება საკმარისი ზიარების ფაქტი იმ ურნალისტების, (ს)ექსპერტების თუ პარტიული ადეპტებისათვის, რომელთაც შეიძლება კონკრეტული პირი არ ედავებათ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ მათ მიერ საზოგადოებისათვის სიცრუით თუ გაყალბებებში მონაწილეობით, ან სიმართლის მრავალჯერადი დაფარვით მიყენებული ზარალი აშკარაა, და რომლებიც აპირებენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.
დ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გ) პუნქტში აღნიშნული პირები აღარ აპირებენ თავიანთი პროფესიული ან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, ალბათ, მართლაც მისაღებია, რომ მათ რელიგიური მიტევება გამოიყენონ. თუმცა ეს საზოგადოებისათვის თუ უცნობი დარჩება, როგორ მოხდება მათთვის საზოგადოების მხრიდან მიტევება და შერიგება, ვერ ვხვდები.
თანაც, რამდენადაც საქართველო სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეები სხვადასხვა აღმსარებლობის პირები შეიძლება იყვნენ, ალბათ აჯობებს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ, სამოქალაქო სამართლის პარალელურად სამოქალაქო მონანიების და მიტევების პროცესებს შევეხოთ.
არის კიდევ რამდენიმე სირთულე ლამის თითოეული ზემოთჩამოთვლილი საფეხურის მიმართ, რომელთა განხილვა აუცილებლად მიმაჩნია:
1. როდესაც ვლაპარაკობთ რომელიმე მომნანიე პირის მიერ შეცდომის, დანაშაულის ან ცოდვის გაცნობიერებაზე, მე პირადად ეს, ძალიან ხშირად, დაუჯერებლად მიმაჩნია. გასაგებია, რომ ზემოხსენებულ შერიგების ნაბიჯებზე ეთიკური დარღვევის თუ მცირე დანაშაულის ჩამდენ პირთა უმრავლესობა ძალიან პრაგმატული მიზეზის – შურისძიების შიშის და/ან საზოგადოებიდან გარიყვის მოლოდინის გამო წავა, და არა იმიტომ, რომ მათში მომნანიე პირმა გაიღვიძა. თუმცა, მე პირადად, ყველას მივცემდი ერთ შანსს და არ დავიწყებდი იმის საცეცხლურით ჩხრეკას, რამდენად გულწრფელნი არიან თავის მონანიებაში. (რამე კითხვები რომ არ დარჩეს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუნდაც მას არავითარი დანაშაული ვერ დაუმტკიცდეს, მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთი შანსის მიცემას, რომელიც ჩვენ მას უამრავჯერ მივეცით, მან კი უამრავჯერ გადაგვაგდო და საზარლად იძია შური თავის დროებით სისუსტეზე).
2. აღიარების აქტი, სავარაუდოდ, სასურველია მოხდეს რაიმე საზოგადოებრივად მისაღები ფორმით, ისე, რომ არსებობდეს ამ აქტის წერილობითი ან ვიდეო ფორმის დოკუმენტი.
3. მონანიების რამდენიმე ფორმა არსებობს თითქმის ყველა ენაზე. ქართველებსაც გვაქვს გრადაცია: „ბოდიშს ვიხდი“ – „მაპატიეთ“ – „მომიტევეთ“. პირველს დაახლოებით ისეთივე გაცვეთილი შინაარსი გაუჩნდა, როგორც უკვე ყბადაღებულ „პასუხისმგებლობას ვიღებ“-ს, როდესაც ტიპები ამის შემდეგ უტიფრად აცხადებენ, მე ხომ პასუხისმგებლობა ავიღე, მეტი რაღა ჯანდაბა გინდათო! პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს პასუხისგების აუცილებლობას, თუ აღებულ სფეროში დანაშაული შენი ხელქვეითის მიერ არის ჩადენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ დანაშაულზე. რაც შეეხება „ბოდიშს ვიხდი“-ს, შენ კი მოიბოდიშე, მაგრამ შენს მიერ დაზარალებულმა პირმა/საზოგადოებამ ჩაგითვალა, რომ ბოდიში მიღებულია? ხომ არ სჯობს, ამიტომ თავიდანვე „მაპატიეთ“/“მომიტევეთ“ იყოს ნათხოვნი?
4. ზარალის ანაზღაურების საინტერესო გამოცდილება – მეორე მსოფლიო ომის ანალოგიიდან გასათვალისწინებელია არა მარტო ნიურნბერგის პროცესი, არამედ დენაციფიკაციის მწყობრი სისტემა, რომელიც გულისხმობდა ნაცისტური რეჟიმის და პარტიის წევრების, ისევე როგორც საზოგადოების წევრების მხრიდან ნაციზმის დაგმობას, ნაციზმის/ფაშიზმის სიმბოლიკის განადგურებას და რაც მთავარია, გარკვეული ტიპის ქმედებებს – როგორიც იყო ადამიანების წამების და მასობრივი განადგურების დოკუმენტების სავალდებულო გაცნობა და ასევე – დაღუპული ადამიანების (ძირითადად საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების) საფლავების გათხრა, გადასვენება და წესის მიხედვით დასაფლავება. ამ სამუშაოებში, მთელი გერმანიის მაშტაბით რამდენიმე ასეულმა ათასმა გერმანელმა მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, მხარს დამიჭერთ, თუ არა, წინა პარლამენტების ყველა დეპუტატს და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ დეპუტატებს, რომლებიც ხშირად ცინიკურ კომენტარებს აკეთებდნენ სახალხო დამცველის თუ გია ცაგარეიშვილის მოხსენებებზე, ვაიძულებდი, გაცნობობდნენ როგორც ამჟამად მიმდანარე ხმაურიანი საქმის დოკუმენტებს, ასევე ადამიანების დამცირების და წამების დოკუმენტებს, და ასევე – სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებების დოკუმენტებს, ხოლო იმ ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომელთაც წართმეული ქონებები აქვთ გადაფორმებული ღამის საათებში, ალბათ საინტერესო იქნებოდა, ასევე ღამის საათებში, ოღონდ უკვე კამერების თანდასწრებით, იმის დაფიქსირება, როგორ მოახდენდნენ ამ ქონების უკანვე დაბრუნების იურიდიულად გაფორმებას. არ არის გამორცხული, რომ ზოგიერთი ყველაზე პირწავარდნილი ურნალისტის მიმართ რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადაც გამართლებული იყოს, მაგალითად, საინტერესო იქნებოდა, როგორ იმუშავებდა სტაჟორად მათე კირვალიძე ტელესტუდია „მაესტროში“ (თუმცა არა მგონია, მამუკა ღლონტს მოეწონოს ეს ინოვაცია 🙂
5. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენთაგანმა, ვინც თითქოს კარგა ხანია, ვემიჯნებოდით ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის ქმედებებს, მაინც ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა – ჩვენც საკმაოდ დიდხანს ვიყავით ჩუმად, საკმაოდ დიდხანს ვამართლებდით იმის მომიზეზებით, რომ არაუშავს, მერე გამოსწორდებიან, საკმაოდ დიდხნს არ გვჯეროდა, გვერდით არ დავუდექით ირინა ენუქიძეს, საკმაოდ დიდხანს სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიგვაჩნდა… ახლა კი ჩვენც უნდა მოვინანიოთ. არაა გამორიცხული, პირველებმა სწორედ ჩვენ მივცეთ კიდეც მაგალითი იმათ, ვისაც უფრო მეტი აქვს მოსანანიებელი. და ამავე დროს უნდა დავპირდეთ ამ ადამიანებს, რომ ვისაც კრიმინალი არ ჩაუდენია, რომ მათ ხელს გავუწვდით და დავეხმარებით იმაში, რომ ისევ იმ ადამიანებად ქცევაში დავეხმარებით, რაც იყვნენ კიდეც სანამ ნაცმოძრაობასთან და სინდისთან გარიგებაზე არ წავიდოდნენ… მთავარია, ოღონდ მათ მოინანიონ…
გერმანელები ლამის ასმილიონიანი ერია და მათ სიბრძნედ მიმაჩნია, რომ იმ საშინელი კოშმარის გადატანის შემდეგ, როდესაც ეგონათ, რომ სამოთხეს აშენებდნენ და ბოლოს სინამდვილეში საზარელი ჯოჯოხეთი ააშენეს, როდესაც ეგონათ, რომ მსოფლიო წესრიგის დამწესებლები და წარმმართველები გახდებოდნენ და კარგა ხნით მსოფლიოს პატიმრად და გამოსასწორებელი გარედან მართული ტერიტორიის სტატუსი მიიღეს, მაინც არ დაკარგეს ადამიანობა და როგორც მონანიების – ასევე, რაც უფრო მთავარია – მიტევების უნარი! წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა გერმანია, ერთმანეთის ბრალდებებს, ანგარიშსწორებებს და შურისძიებებს რომ გადაჰყოლოდნენ! ჩემი აზრით, სწორედ ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მონანიების ამ ნიჭმა და ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მიტევების უნარმა, ისევე როგორც სამართალმორჩილებამ და შრომისმოყვარეობამ გადაარჩინა გერმანელი ერი, რომელიც არნახული დამარცხებიდან და დამცირებიდან მსოფლიოს წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად იქცა.
ჩვენ, რომელბივ გაცილებით მცირერიცხვოვანი ერი ვართ, ნამდვილად არ უნდა გვქონდეს ადამიანების დაკარგვის ფუფუნება და ყოველი ჩვენი მოქალაქის იტნეგრაციისათვის უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ სამართლის აღდგენა მასიურ ანგარიშსწორებად არ ვაქციოთ და შერიგების პროცესი ამჟამად მაინც პატიოსნად და ბოლომდე მივიყვანოთ.
მინდა გითხრათ, რომ ერთ ნიჭიერ ადამიანს და ნაცმოძრაობის ძალიან ცნობად სახეს უკვე შევთავაზე ჩემი გულწრფელი დახმარება და ჩემი ხელი მანამ არის გაწვდილი, სანამ მას ამაზე უარი არ უთქვამს. თუმცა იმასაც არ დავმალავ, რომ არიან ადამიანები, რომელთა მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვერ წარმომიდგენია. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მათი მხრიდან მონანიების გულწრფელობა ვერ წარმომიდგენია. არა უშავს, ყველაფერი იცვლება და ვიცვლებით ჩვენც. და მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ მაგალითები არსებობს, მოციქულ პავლედან დაწყებული, იმის, თუ როგორ შეძლეს საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე ადამიანებმა არამცთუ გამოსწორება, არამედ საზოგადოებისა და მთელი მომავალი თაობებისათვის სამაგალითო ნიმუშის მიცემა.
ვფიქრობ, რომ სამართლის ქმნის პარალელურად სინანულის ჟამიც დადგა. იმაზე, თუ როგორ სწორად წარვმართავთ ამ ორივე პროცესს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მომავალი.
P.S. ეს არის ის ერთ-ერთი პირველი მერცხალი, რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა. თან მომეწონა – სხვათა მდუმარების ფონზე ნუ დავუკარგავთ დამსახურებას დავით კიკალიშვილს, და თან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს მეც და ფეისბუქზე ჩემს მეგობრებსაც ამ ბოდიშის მოხდის მიმართ… და სწორედ ამიტომ დავწერე ეს ბლოგი…
სხვათა შორის, დავით კიკალიშვილს წლების წინ პირადად ვიცნობდი და მასაც სიამოვნებით დავეხმარებოდი იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა.
კიკალიშვილის ბოდიში
დღეს შეიძლება ჩემი აზრები ბევრს ისევე არ მოეწონოს, როგორც 2009 წლის ბოლოს დაწერილი პირველი ბლოგი – ჰავლაბრის ტურფებზე/ურნალისტებზე – არ მოეწონათ. რას ვიზამ, უნდა დავიცადო.
P.P.S. ისევ მოკლედ მინდოდა მეთქვა და ისევ ძველებურად გამომივიდა…
ვენესუელელი ბლოგერის ადრესი – 10 მიზეზი, რატომ არ მომენატრება უგო ჩავესი
Posted: 2013/03/09 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ვენესუელა, უგო ჩავესი %(count)s კომენტარიგადავხედოთ ამ ბლოგს და შევადაროთ ჩვენს რეალობას
=================================================
აი, რას უწუნებს ვენესუელელი ბლოგერი თავის აწგარდაცვლილ პრეზიდენტს:
1. ავტორიტარიზმი – იმის სრული უუნარობა, რომ ოპონენტთან პატიოსანი დიალოგი ეწარმოებინა.
2. კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობა და დაუსჯელობის კლიმატის შექმნა. კონსტიტუციის მორგება საკუთარ ტანზე და მაინც, ლამის ყოველდღიურად ამ გადაკეთებული კონსტიტუციის დარღვევაც.
3. ცარიელი დაპირებები, რომ მისი ხელისუფლება ხალხისთვის იმუშავებდა. ამ დროს 14 წლის განმავლობაში ჩავესის დროს ნაკლები საზოგადო სახლები აშენდა, ვიდრე ნებისმიერი წინა პრეზიდენტის 5-წლიანი პრეზიდენტობის დროს. ჰოსპიტლებს დღეს არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. ცარიელი პროპაგანდა – აი, ჩავესის სტილი!
4. სამთავრობო კორუფციის ფანტასტიური დონე! მთავრობაში კორუფცია მანამდეც იყო, მაგრამ ახლა მისი მასშტაბი გაიზარდა თუ მედია მილიონობით დოლარის აორთქლების შესახებ რამეს დაწერდა, ჩავესის მთავარი რეაქცია მედიაზე შეტევა იყო. მხოლოდ მაშინ ხდებოდა კორუფციის გამოძიება, თუ საქმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეხებოდა.
5. გაშვებული შესაძლებლობები! როცა ჩავესი პრეზიდენტი გახდა, ნავთობის ფასი $9.30 იყო, ხოლო 2008 წელს – $126.33 მიაღწია!.. ამ ფულით რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა! ხოლო ჩავესმა გადაწყვიტა, იგი კორუფციულად აეთვისებინა და ამომრჩეველთა მოსასყიდად და იარაღის საყიდლად გამოეყენებინა.
6. შეტევები კერძო მეწარმეებზე და ბიზნესზე! ასობით კერძო კომპანიის პრივატიზაცია, და მრავალი ასეულის გაბანკროტების ხელშეწყობა. არა იმიტომ, რომ სოციალისტი ან კომუნისტი იყო, არამედ უნდოდა, მის მეტს არავის ჰქონოდა მოგების მიღების და ოპონირების უნარი. რაც უფრო მეტი ხალხი ხდებოდა საჯარო (და არა კერძო კომპანიების) მოსამსახურე, მით მეტის ორგანიზება შეიძლებოდა ჩავესის მხარდასაჭერად პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად. ხოლო ოპოზიციის დამფინანსებელი კი აღარავინ რჩებოდა!
7. დაცინვა და ცინიკურობა თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართ. ჩავესმა ის 30-ზე მეტი რადიო და ტელესადგური დახურა, რომლებიც მას აკრიტიკებდა! მან აუკრძალა გაზეთებს ვალუტის ოპერაციები, რათა საბეჭდი ქაღალდი ვეღარ ეყიდათ (ვენესუელაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეუძლიათ ვალუტის ყიდვა სპეციალური ნებართვის გარეშე!). ადამიანები წლობით იყვნენ ციხეებში სასამართლოს გარეშე, ან მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გაჩნდათ! ათეულ ათასობით ადამიანს, ვინაც რეფერენდუმის მოთხოვნის პეტიციაზე ხელი მოაწერა, ჯარიმები დაკისრეს და საჯარო სამსახურში მოხვედრა აუკრძალეს. ხოლო მრავალს საერთოდ პირადობის მოწმებები და პასპორტებიც კი ჩამოართვეს.
8. აბსოლუტურად ცინიკური დემაგოგია ვენესუელის სუვერენობის საკითხით მანიპულირებაში. ამერიკელები კი გააგდო, მაგრამ კუბელებს, რუსებს, ჩინელებს და ირანელებს ხელებს ულოკავდა (ავტორი უფრო მძაფრ მეტაფორას ხმარობს, რაც მკვდრის მიმართ გაუმართლებლად ჩავთვალე, ს.თ.). ახლა უკვე კუბელი ოფიცრები გასცემენ ბრძანებებს ვენესუელის არმიაში. ხოლო ჩინურმა ნავთობის კომპანიებმა მოგების მარჟა იმაზე მეტად გაზარდეს, ვიდრე ამას დასავლური კომპანიების აკეთებდნენ. და ჩავესი არასოდეს მალავდა, რომ სწორედ იმ მთავრობებთან იყო კარგად, ვინც საკუთარ ხალხს ჟლეტს
9. ჩავესის ცინკური მიდგომა ძალადობის საკითხში. მან განაცხადა, ვენესუელაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდაო, მაგრამ, სინამდვილეში, დაუშვა ისეთი შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, როგორც Tupamaros, La Piedrita და FBLN, მისცა მათ იარაღი, ისივე როგორც კოლუმბიელ ბოევიკებს, რომელბიც მკვლელები და ნარკოგამსაღებლები არიან.
10. მუდმივი დაცინვა დემოკრატიის მიმართ. ჩავესის საყვარელი შეტევა ოპოზიციის მიმართ იყო, ის, რომ მათ მუდმივად „პუტჩისტებად“ მოიხსენიებდა. მაგრამ მას ავიწყდებოდა მის მიერვე ორგანიზებული პუტჩი 1992 წელს და ისიც, რომ სამხედროები მუდამ არწმუნებდნენ, კიდეც რომ წააგო არჩევნები, ოპოზიციას ჩვენ „გადავუვლით“ და მოგებული მაინც შენ დარჩებიო! საკუთარ პარტიაშიც არავითარი დემოკრატია არ ჰქონდა, თავად პირადად არჩევდა პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ მერს თუ რაიონულ ხელმძღვანელს. როცა ოპოზიციიამ 2007 წელს მოიგო რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ჩავესს კონსტიტუციის შეცვლა სურდა, მან ეს რეფერენდუმი გაუქმებულად გამოაცხადა და მაინც მოახერხა, ცალკეული პარაგრაფების ისე შეცვლა, რომ რამდენჯერაც სურდა, იმდენჯერ შეეძლო კენჭი ეყარა. ხოლო 2010 წლის არჩევნებისთვის, ისე გადააკეთა საარჩევნო სისტემა, რომ ოპოზიციას ვერ შეძლებოდა 1/3-ზე მეტი ადგილის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროპორციული სისტემით 51%-ზე მეტი ხმები მოაგროვეს! ხელისუფლების შტოებს შორის არავითარი ბალანსი არ არსებობდა. ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ინსტიტუტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა…
================================
სტატიის ავტორი ასე ამთავრებს თავის საბრალდებო დასკვნას:
– აი, ამიტომ არასოდეს მომენატრები, უგო!
____________________
Follow Pancho49 on Twitter or read his Blog.
http://ireport.cnn.com/docs/DOC-937093?hpt=hp_c2
რეჟიმის ჩამოშლის ზარი
Posted: 2013/01/13 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: ამინისტია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, პოლიტპატიმრები 6 CommentsDelay of justice is injustice.
(Walter Savage Landor)
რამდენიმე საათი დარჩა და ასზე მეტ ადამიანს ციხეებიდან გამოუშვებენ.
ასეთი რამ ადრეც მომხდარა ალბათ, მაგრამ დღეს დილით სახლში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც ბრალი არ მიუძღოდათ! ისინი, რომლებიც იყვნენ ცრუდემოკრატის და გამყალბებლის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმრები. რომლებიც მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ასობით და ათასობით სხვა ადამიანისთვის შემაძრწუნებელი მაგალითი გახდარიყვნენ – “აი, იცოდეთ, რა დაგემართებათ, თუ მიშა მაგარიას წინააღმდეგი იქნებითო!”
ისინი იჯდნენ იმიტომ, რომ ვითომცდა დემოკრატიის შუქურის ვარდისფრად შეთითხნილი პლასტმასების და გიფსოკარტონის “სამოთხის” მითი გაემაგრებინათ!
ისინი იჯდნენ იმიტომ, რომ არავის გაებედა ხმის ამოღება, განსხვავებული აზრის გამოთქმა ან მოწონება, სიმართლისაკენ და სამართლისკენ მოწოდება… ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სიცრუის სიმართლედ და ბნელის ნათლად გასაღების პი-არ ამოცანის გადასაჭრელ ჭანჭიკებად აქციეს მავანთ!
მინდა მივულოცო გიორგი დემეტრაძის ოჯახს, მერაბ რატიშვილის მეუღლეს, ლევან გოგიჩაიშვილის მამას, მელორ ვაჩნაძის დედას, კობა ოთანაძის ოჯახს… კიდევ მრავალს, ვისაც არ ვიცნობთ, ან ვინც დამავიწყდა – მინდა მივულოცო იმათაც, ვინც ჯერაც საპატიმროს კედლებს იქეთ არის და იმათაც, ვინც მოუთმენლად ელოდება, როდის გაივლის საყვარელი ადამიანების სახლში დაბრუნებამდე დარჩენილი საათები და წუთები… მინდა მივულოცო ბიძინა გიორგობიანს და კიბარ ხალვაშს და მათ ოჯახებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ!..
2012 წლის 1 ოქტომბერი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის გამყალბებელი და ფარისეველი, ანტიჰუმანური და უსამართლო რეჟიმის ჩამოშლის დასაწყისი.
და, ვფიქრობ, სწორედ ახლა ეს ჩამოშლა შეუჩერებელი რღვევის სახეს მიიღებს.
დღეს სახეაშლილი პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმაზე, ვითომ როგორ სასტიკად უკრძალავდა თავის ძალოვნებს, ნებისმიერი ადამიანის – თუნდაც ბრალდებულის, თუ ეჭვმიტანილის – ოჯახის წევრებზე ზეწოლას! და მე გამახსენდა, როგორ დააპატიმრეს კობა ოთანაძის ოჯახის ათამდე წევრი და მათ შორის ძუძუმწოვარა ბავშვი (!) თავის დედასთან ერთად, როდესაც ოთანაძისაგან “აღიარებითი ჩვენების” გამოგლეჯა უნდოდათ! სწორედ დღეს სააკაშვილის რეჟიმის უგონო აპოლოგეტი დიაცი, ბავშვით ხელში, მიტინგიდან გვამუნათებდა, რომ ჩვენ თურმე კრიმინალებს და მოღალტეებს ვუშვებთ ციხეებიდან და მოითხოვდა, თითოეული ამ საქმის დეტალურ გამოძიებას და საზოგადოების ინფორმირებას! და ჩვენც ყველა ამას მოვითხოვთ! დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ დააპატიმრეს ეს ხალხი! ოღონდ ეს უნდა გვესმოდეს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს პროკურორების პირიდან და იმ პირობებში, როცა პატიმრებს ცოცხებით წამებით და მათ ახლობლებს – გარეთ დარჩენილების დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, არამედ თავად ამ ხალხისგანაც უნდა მივიღოთ ჩვენებები იმაზე, როგორ დააპატიმრეს, რა მოსთხოვეს, რისთვის გაასამართლეს და როგორ ექცეოდნენ მათ ვითომ-და ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერის კინგის მიმდევრები, ხოლო სინამდვილეში კი – უტიფარი და მიზანთროპი ნეობოლშევიკები.
დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე “მუხროვანის ამბოხსა” და “ყინწვისის შეთქმულებაზე”! ჩვენ მოვალენი ვართ, გავერკვეთ, რა იყო ის მოდელირება, რომელიც “ენვერის” სახელით ჯაშუშების დაჭერის არნახულ წარმატებად შემოგვასაღეს! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რისთვის დაიჭირეს ეგრეთწოდებული “ჯაშუში ფოტოგრაფები” და “ჯაშუში” ვახტანგ მაისაია. ჩვენ ბევრ რამეში უნდა გავერკვეთ და არაა გამორიცხული, გუშინდელი პატიმრები ხვალ მოწმეებად იქცნენ და ზოგიერთ შუქურ-პოლიტიკოსებს მართლა მოუხდეთ ზუგდიდში კი არა, გაცილებით შორს სასწრაფოდ გადახვეწა!
მე მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ მოეგნენ გონს, აღიარონ თავისი შეცდომები და ახლა მაინც დაანებონ თავი მთელი ქვეყნისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობებს. მოინანიონ, რომ მათ მიერ დაჩაგრულ ხალხში შენდობის სურვილი გააჩინონ! მიეცით საშუალება, რომ მოგიტევონ, რადგან თქვენც ჩვენი ძმები და დები ხართ და არ გვემეტებით მოსაგლეჯად.
—————————————————
“თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!”
დილიდან უკვე საქართველოში გაცილებით მეტი სამართალი იქნება!
ყველას გილოცავთ! – მათაც, ვისაც საყვარელი ადამიანები დაუბრუნდებიან ოჯახებში, და მათაც, ვისაც აღარ შეგვეშინდება, რომ უმიზეზოდ და უსამართლოდ დაგვაპატიმრებენ.