მესამე მსოფლიო ღომი (ტრაგედია კომიკურ ფერებში)


პუტინ-პოროშენკო-ეშტონ-ლუკაშენკო

მოკლედ, ასეა ეს ამბავი – მთელი მსოფლიო ებრძვის აგრესორს, რომელსაც პირობითად „რუხეთი“ დავარქვათ.

ბრძოლა მიდის აღმავალი ხაზით – ჯერ იყო დაკვირვებების და გაკვირვებების კანტი-კუნტი სროლა. მერე გაძლიერდა შეშფოთებები, რომელმაც რუხეთის მიერ ღირიმის მწვანე კაცუნებით შეტევისა და რეფერენდუმული ანშლუსის ფონზე საარტილერიო ზალპის სახეც მიიღო. ზალპურმა შეშფოთებებმა გვარიანად ასიამოვნა რუხეთის პრეზიდენტი რუტინი, რომელმაც ამის საპასუხოდ მწვანე კაცუნები აღმოსავლეთ უღრაინაშიც მოთესა და მოსავალს გატრუნული დაელოდა.

ამაზე მსოფლიო სულ გადაირია და გამოაცხადა მასიური და გეომეტრიულად პროგრესირებადი სანქციები! სანქციები იმდენად მასიური იყო, რომ თავიდან მისი ადრესატების სია A4 ფორმატის გვერდის 1/8-ზე ვერ ეტეოდა. უღრაინის რაც უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს იკავებდნენ უნიშნო, უსახო და უსახელო მწვანე კაცუნები, მით უფრო იზრდებოდა სანქციებში ჩართული ქვეყნების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობის ლიდერები დილიდანვე გმობდნენ რუხეთის მოქმედებებს და გულში მჯიღს იცემდნენ, რათა საღამოსვე დაერეკათ რუტინისათვის და სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვა შეეთავაზებინათ, თან ელეგანტურად ბოდიშიც მოეხადათ მჯიღის ცემის ზედმეტი ექსპრესიულობის გამო…

უღრაინის ლიდერშიფმა უყურა ამ კატავასიას, უყურა და მიხვდა, რომ შეშფოთებებიდან აღშფოთებებამდე უსასრულო გზაზე უღრაინისაგან 1/8-ც აღარ დარჩებოდა, ამიტომ აქტიური ბრძოლის მივიწყებულ მეთოდებზე გადავიდა. იმდენად მივიწყებულზე, რომ დღეში 1 თვითმფრინავს და 2 ვერტმფრენს კარგავდა, ხოლო მწვანე კაცუნები ჰამასის მსგავსად გათხრილი გვირაბებიდან (ან სულაც ღია სასაზღვრო პუნქტიდან) ახალ-ახალ ამოუცნობ სატანკო ელემენტებს იღებდნენ… ნუ, ხომ ხვდებით, რომ მწვანე კაცუნები მწვანე ტანკების გარეშე წარმოუდგენელია, მათი სიმბიოზი კი ისეთივე სანუკვარი და გულისამაჩუყებელია, როგორც დედაზე აკრული ბემბი… არა, უფრო – როგორც იმპერიულ „სათნოებაზე“ და „მოყვასზე ზრუნვაზე“ მილესილი სეპარატიზმი…

თუმცა თანდათან მდგომარეობა შეიცვალა. რადგან გაგიკვირდებოდათ, მაგრამ როცა აქციების ადრესატთა სიებში რუხეთის ყველაზე პტივსაცემი რუხი მგლების სახელებიც დაფიქსირდა, რუტინმა თავი მოიქექა და აღიარა, რომ ღირიმში ის მწვანე კაცუნები მისი კაცუნები იყვნენ (ოღონდ, ტანკებზე არ გამოტყდა სათუთი… ტანკის ზღაპარი უფრო კარგად „პრავდება“, ეტყობა, და არც არავინ უსვამდა დასავლეთიდან ამ უხერხულ კითხვას!), მაგრამ ამავე დროს მკვეთრად გაემიჯნა აღმოსავლეთ უღრაინაში ზუსტად ისეთნაირივე მწვანე კაცუნებს და მათ არანაკლებ ანშლუსურ რეფერენდუმების მცდელობებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცუნებმა გვარების გადაკეთებით მოიწყეს სარდლობები და პრეზიდენტობები და უკვე ცოტა უკლდათ, რომ აღმოსავლეთ უღრაინაში ფულის ერთეულიც გრივნას ნაცვლად გირკა გამხდარიყო, მათი ლიდერის უკვდავსაყოფად… მაგრამ იმ დროს, როცა თავად ხატზე იფიცებდნენ, რუტინი ჩვენ არაფერს გვაძლევს, ეგ გადამგდებიო, სწორედ იმ დღეებში მსოფლიოს მორიგი უღრაინული ბომბდამშენის განადგურება უპატაკეს და მალევე პირკატა ეცათ, როცა გაიგეს, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავი იყო – სულაც დასავლური ქვეყნიდან, სადაც ერთ დროს რუხეთის მეფე განათლებას იღებდა და დროშაც კი წამოიღო იქედან…

მერე კი აშკარა გახდა, რომ თვითმფრინავი იმ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელსაც აფთიაქში ნამდვილად ვერ იყიდი (თუმცა, ეშმაკმა იცის, რუხულ აფთიაქში იქნებ მოგცენ კიდეც, თავის ტკივილის ასალაგმავად)…

მალე აღმოჩნდა და გამოჩნდა, რომ თვითმფრინავის და უდანაშაულო შემთხვევითი ადამიანების დაღუპვამ ელვისებურად სწრაფად ითამაშა დასავლურ შეშფოთებებსა და აღშფოთებებს შორის არსებული უხილავი ზღვრის გადამლახავი ფაქტორის როლი. მთელი ორი კვირის განმავლობაში (!) მართლაც გაერთიანებული დასავლეთი იქამდე მივიდა, რომ სანქციების ადრესატთა სიამ უკვე ერთ გვერდს გადააჭარბა და ბატონ რუტინს თავის ქექვა ქრონიკულ ჩვევაში გადაუვიდა. მაგრამ აქ კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდი გამოიყენა.

რამდენადაც სანქციები ძირითადად მისი ჰელიტის მიმართ იყო მიმართული, ასე არ უნდაო, და თავად დაუწესა მთელ ხალხს სანქციები – თქვენ რას გვიზამთ იმისთანას, ჩვენ რომ არ გვიქნია ამათთვისო! და პირდაპირ მასობრივი კვებითი ხარაკირი გამოაცხადა – აწი, აღარაფერს ვიყიდით თქვენგან და სულ შიმშილით რომ დაიხოცება ჩვენი მოსახლეობა, მერე ნახეთ, რა მოგივათ, გულები რომ დაგეთუთქებათ და მორალი რომ ბოყინით მოგკლავთო!

გაოგნებულმა დასავლეთმა ჯერ ერთმანეთს გადახედა, ეს ალაოდ ხომ არ არისო, და რომ მიხვდნენ, არ იყო ეს ბლეფი, გაფითრდნენ და აღშოთებების ტონუსი მკვეთრად ჩამოუვიდათ შეშფოთებების დონის ქვემოთ, რამეთუ, მართალია, რუხეთის მოსახლეობას იმაზე ცოტად ნაკლებადაც ნაღვლობდნენ, ვიდრე უღრაინისას, მაგრამ იმას კი მაშინვე ზურგის ტვინით მიხვდნენ, რომ ასე თუ გაგრძელდებოდა, ყველიც ოხრად დარჩებოდათ, და ფუა-გრაც! და ფუა-გრა თუ ოხრად დაგრჩა, მერე მარტო ვიაგრა რას გიშველის 21-ე საუკუნის განათლებულ საბაზრო საზოგადოებას?!

ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამ გარდამტეხ მომენტში უღრაინელებმა შეუტიეს, მარა რა შეუტიეს!.. თანდათან გაახსენდათ ძველი ტრადიციული ბრძოლა, და მართალია, თვითმფრინავებს ისევ ხშირად კარგავდნენ, მაგრამ სამაგიეროდ მწვანე კაცუნებს დაადეს მიტკლისფერი… და ამბოხებული აღმოსავლეთ უღრაინა შაგრენის ტყავივით შეავიწროვეს…
აყვირდა უკვე სერიოზულად შეშფოთებული და სახეწამოწითლებული ფეოლა-დასავლეთი – „ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვასო!“ და შიგადაშიგ, ოლღა ბებიასავით გამოურია – „მოაბრუნე, ილარიონ, მოსაწველია, რძე შეაწუხებსო!“, მაგრამ უღრაინის პრეზიდენტმა ილარიონის ნაცვლად, იროდიონივით გადაწყვიტა, ტემპი არ დაეკარგა და „ხვედელიძე“-ზე ხომ, საერთოდ სულ არ რეაგირებდა!

– არ გვინდოდა, ჩვენ, ეს გლახა ამბავიო! – გულწრფელად წუწუნებდნენ მისტრალების და მერსედესების მწარმოებლები, მაგრამ რუტინს რა ენაღვლებოდა, სულ რძესავით თეთრები ჰქონდა მოსხმული დედა ტერეზასავით და იძახდა, – ახია თქვენზეო. მერე როგორც იქნა მოლბა და ხრისტიანულად თავი მდაბლა დახარა – ჯანდაბას, ვინმეს ხომ უნდა შეეცოდოს ხალხი, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს გაჭირვებულ ადამიანებზე და ჩემზე უკეთ, ხომ ვიცი, ეს არავის გამოუვა (განდიც მკვდარია, და ტერეზაცო!)

ჰოდა, იმისთანა უნივერსალური იარაღი დააძრო, ყველამ ხელი აწია – 300 სპარტელი და 300 არაგველი რა მოსატანია, 300 რძისფერი ტროას „ღრუზავიკი“ გამოიღო სახელოდან და „ჰუმანიტარიუს“ დააწერა მისტიურ სიტყვად ჩვენი დროის ჯადოქარმა. დაიძრნენ „ღრუზავიკები“ ხვნეშა-ხვნეში (თუმცა ნახევრად ცარიელები იყო, მაგრამ მაინც ხვენშდნენ ყასიდად – „ქალაქი ანარას“ გმირი „გრელკებიანი ვაშკაცივით“) და რაც უნდოდათ, ის შეიტანეს უღრაინაში, და უფრო მეტად, რაც უნდოდათ, ის გამოიტანეს – უთვალავი იარაღი და დანახშირებული მწვანე კაცუნების გვამები, რომ „ძერჟავას“ რძესავით ქათქათა რეპუტაციას ჩრდილი არ მისდგომოდა…

და ამ უნივერსალური იარაღით თვითნებურ შეჭრას (ხალხი იღუპება, და – რა დროს წესებიაო, მოუკვდა პატრონი, კამაზით შემოვარდნილა რუტინი ბატონი) მეორე დღესვე საკვირველი შედეგი მოჰყვა – მწვანე კაცუნებმა უცებ ლამის მთელი უღრაინის ჯარების ტოლი არტილერიით და ტანკებით რომ დაცხეს, ეს არაფერი. ამას ის დაემატა, რომ გულზეშემოყრილმა დასავლეთმა პირდაპირ განაცხადა ფრაუ მერხელის პირით, ძაან გვინდა უღრაინის ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ ისეთი, რუხეთის ბედნიერებას რომ არ ხელყოფსო… თან ყველა ძაან გვიყვარხართ, მაგრამ თავო და თავო, ხომ გაგიგონიათო… და ჩვენი ფერმერები ანერვიულდნენ, ემანდ ჩილემ და არგენტინამ არ ჩაგვანაცვლონ აგრესორ იმპერიაშიო…

უღრაინის პრეზიდენტიც ადგა და წავიდა კანოსაში (ნუ, თითქმის იქვე) თავისი ფეხით…
დანარჩენი ტექნიკის ამბავია…

ასე გადაარჩინა ჰუმანიტარულმა ტროას ცხენებმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისაგან!

და შედეგად მივიღეთ ნელა მოთუხთუხე მესამე მსოფლიო ღომი…

= = = = = = = = = =

ეპილოგი:

ათასობით ხალხია დახოცილი – უკრაინელებიც და რუსებიც. არა მარტო სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც, ამ ტრაგიკული ადამიანური მსხვერპლის გარდა, რაც მართლაც საშურია, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს, ქვეყანა სულ უფრო პარტახდება. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს სეპარატისტული ანკლავი დონბასში და ლუგანსკში რამენაირად ავტონომიურ ერთეულად დააფიქსიროს და შემდეგ ისევე მოახდინოს ნელი მოქმედების ბომბის ხელახალი აფეთქება, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმში… და როგორც შეიძლება, მომავალში გეგმავდეს, გააკეთოს ეს ლონდონში, პრაღაში თუ ბრონქსში, თუმცა ეს დღეს მართლაც აბსაურდული ზღაპარად ჩანს, მაგრამ სულაც არაა ზღაპარი, რომ ზუსტად იგივე თავად რუსეთს მალე გაუკეთოს ჩინეთმა ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში…

თანამედროვე დასავლური სამყარო რბილად მოქმედებს. ამაში არის პოზიტიური მომენტიც და ნეგატიურიც. თავის დროზე ჰიტლერის დაშოშმინება სერიოზული მარაზმი აღმოჩნდა. ვნახოთ, ახლა რამდენად პოზიტიური იქნება დაშოშმინების პოლიტიკა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევანი ფაქტიურად არც არის, რადგან ადამიანური სიცოცხლის ღირებულების, როგორც განუმეორებელი განზომილების მუდმივმა ზრდამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ თავდაუზოგავ ავკაცებს არ ედარდებათ არაფერი და დაუფიქრებლად მიდიან სამხედრო ავანტურაზე…

რეცეპტები არ არის… არის მწარე სარკაზმი და მარადიული დეჟავიუს განცდა… რუსეთი სულ უფრო ემსგავსება კამორას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის სურს, ხოლო რუსეთს თავისი კამორობა არ ეთმობა და მზადაა ისევ დაბრუნდეს ტოტალიტარულ იზოლაციაში, რაც მართლაც არ იქნება გამოსავალი, თუ გავიხსენებთ, რომ საზარელ 1914 წელს არანაკლებ საზარელი 1917 წელი მოჰყვა…


100 საუკეთესო ფილმი (სოლომონის ვერსია)… და in memoriam of Robin Williams :(


დღეს Gogi Gvakharia-მ 15 საუკეთესო ფილმის დასახელება შემოგვთავაზა და ნამეტანი ძნელი საქმე ყოფილა.

აი, სია, რომელზეც ბოლოს შევჯერდი და მრცხვენია, იმდენი კარგი ფილმი დავჩაგრე და გარეთ დავტოვე:

1. დიდი ქალაქის ჩირაღდნები;
2. მოქალაქე კეინი;
3. 12 განრისხებული მამაკაცი;
4. ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს;
5. გადაჯაჭვულნი;
6. ნიურნბერგის პროცესი;
7. ბრალდების მოწმე;
8. ლომი ზამთარში;
9. ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო
10. გამოღვიძებანი (Awakenings);
11. ველოსიპედის გამტაცებლები;
12. მოგზაურობა ტოკიოში (თუ “ტოკიოს ამბავი”);
13. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა;
14. ჯარისკაცის მამა;
15. მონანიება.
====
ახლა კი ისინი, რომელთაც უეჭველად დავამატებდი:

16. შინდლერის სია
17. კაბირიას ღამეები
18. ლაკომბ ლუსიენ
19. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია
20. დედა რომა
21. კასაბლანკა
22. მიფრინავენ წეროები
23. როკო და მისი ძმები
24. ორკესტრის რეპეტიცია
25. ამარკორდი
26. შემოდგომის სონატა
27. იყო შაშვი მგალობელი
28. ლეგენდა ნარაიამაზე
29. კონფორმისტი
30. ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი
31. შიშის საფასური (The Wages of Fear, 1953, ივ მონტანი)
32. სიკვდილმისჯილი მოდის (Dead man walking)
33. მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets’ Society)
34. ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი
35. ტიტანიკი
36. საწვრთნელი დღე
37. ელაპარაკე მას
=====

დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი ფილმი მაინც გამომრჩა.

P.S. და აი, გამორჩენილებიც (თან დავნომრავ ყველას):

38. რომაული არდადეგები
39. წითელი ძახველი
40. ანდრეი რუბლიოვი
41. არაჩვეულებრივი გამოფენა
42. არ დაიდარდო!
43. ნათლია (განსაკუთრებით I და III)
44. მერვე დღე
45. ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
46. ღამის პორტიე
47. ორნი ქალაქში
48. ნისლების სანაპირო
49. ძველი თოფი
50. ცხოვრება მშვენიერია
51. გაქცევა შოუშანკიდან
52. სასტუმრო “რუანდა”
53. კატა გავარვარებულ სახურავზე
54. კრიმინალური საკითხავი (ან – “მაკულატურა”, Pulp Fiction)
55. მეფის სიტყვა (King’s Speech)
56. დოგვილი
57. მედისონის საგრაფოს ხიდები
58. რიგითი რაიანის გადასარჩენად
59. 7 ფუნტი (თუ “7 სიცოცხლე” ზოგ გაქირავებაში)
60. უცხო – ჩვენიანებში, ჩვენი – უცხოებში
61. როგორ მოვიპაროთ მილიონი
62. ლეონი
63. სახენაიარევი კაცი (Scarface)
64. განდი
65. შემწვარი მწვანე პომიდვრები (Fried Green Tomatoes at Whistle Stop Cafe)
66. ბატკნების დუმილი
67. ჰამლეტი (კოზინცევის)
68. იღბლიანი
69. ვატერლოოს ხიდი
70. მეფისტო
71. შეყვარებული შექსპირი
72. ადამიანი-სპილო (Elephantman)
73. ვარდნა (ან – “დასასრული” – The Downfall, Der Untergang)
74. კრამერი კრამერის წინააღმდეგ
75. ქალის სურნელი
76. მეთევზე მეფე (Fisher King)
77. წვიმის კაცი (Rain man)
78. გზა ველვილისაკენ
79. შერეკილები
80. მოღალატეები (The Departed)
81. ურჩხულის მეჯლისი (Monster’s Ball)
82. სიამაყე და ცრურწმენა (Pride and Prejudice)
83. გრძნობა და მგრძნობიარობა (Sense and Sensibility)
84. ტუტსი
85. ჭირვეულის მორჯულება
86. ყველაფერი, რაც ყოველთვის გინდოდა, გცოდნოდა სექსის შესახებ (მაგრამ გეშინოდა, გეკითხა)
87. აგონია
88. დაუმთავრებელი პიესა მექანიკური პიანინოსათვის
89. მექანიკური ფორთოხალი (A Clockwork Orange)
90. ფსიქო
91. მოკალი ჯაფარა (To kill a Mocking Bird)
92. რომეო და ჯულიეტა (ძეფირელის)
93. ამადეუსი
94. ცოფიანი ხარი (Raging bull)
95. Rashomon (აკირო კუროსავასი)
97. ბინა
98. 400 დარტყმა
99. არტისტი
100. სამი ფერი: ლურჯი, წითელი, თეთრი

P.S.
რამდენიმე დღის წინ 100 საუკეთესო ფილმის ჩემეული ვერსია შევადგინე და დავდე ფეისბუქზე…

და დღეს რობინ უილიამსი გარდაიცვალა…

ისე მოხდა, რომ იმ სიაში ჩარლი ჩაპლინის მხოლოდ ერთი ფილმი შევიტანე (“დიდი ქალაქის ჩირაღდნები”), პიტერ ო’ტულის – ორი (“ლომი ზამთარში” და “როგორ მოვიპაროთ მილიონი”), ხოლო რობინ უილიამსის – ერთბაშად სამი ფილმი.
და სამივე ისეთია, რომელსაც სანიმუშოდ ვთვლი ახალგაზრდებისათვის, კერძოდ, “მკვდარი პოეტების საზოგადოებას” – ნებისმიერი სტუდენტისათვის და ლექტორისათვის, “მეთევზე მეფეს” – ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, ხოლო “გამოღვიძებებს” (Awakenings) – ყოველთვის ვურჩევ მედიკოს სტუდენტებს…

ამ დროს, უცნაურია, ფეისბუქზე ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დაწერა – ნამდვილად არ იყო დიდი მსახიობიო! არ ვიცი, მე საშუალოზე დიდი ნამდვილად მგონია, თუმცა ჩაპლინს და თუნდაც ო’ტულს ალბათ მართლაც არ შეედრებოდა – უფრო ნიჭი ჰქონდა, რომ თავს გაყვარებდა და კარგ როლებშიც გაუმართლა, მართლაც…

და მაინც, იყო ერთი რამ, რაც მის თითქმის ყველა გმირს ძალიან ეტყობოდა – ლამის ჟონავდა მათი მიმიკიდან თუ საქციელიდან – ოპტიმიზმი!
და ბედის როგორი ირონიაა, რომ რობინ უილიამსმა, კაცმა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტს აცინებდა მსოფლიოს ბოლო ათეული წლების განმავლობაში და რომელიც ოპტიმიზმის რაღაც საოცარ, ლამის ეტალონურ სხივს ატარებდა, თავი მოიკლა…

როგორც ლორდი ჰასტინგსი ამბობს “რიჩარდ მესამეში” – “ჩვენ ერთმანეთის სახეებს ვცნობთ და არა – გულებს!”

ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე… თითქოს ჩემი ოპტიმიზმის ნაწილიც თან წაიღო 63 წლის ასაკში…

O Captain! my Captain! Our fearful trip is done,
The ship has weather’d every rack, the prize we sought is won,
The port is near, the bells I hear, the people all exulting,
While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring;
But O heart! heart! heart!
O the bleeding drops of red,
Where on the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.


“სოლომონის ფიქრები” წიგნის მაღაზიებში (მისამართები)


yda
მეგობრებო,

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თქვენი მონა-მორჩილის წიგნის – “სოლომონის ფიქრები” შეძენა დღეიდან შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

თბილისი:

„წიგნის სახლი“
პეკინის 31 (ტელ: 2 31 30 97)
აბაშიძის 22 (ტელ: 2 22 02 76)
თარხნიშვილის 2 (ტელ: 2 22 51 33)

„პარნასი“
ი. ჭავჭავაძის გამზ.22 (ტელ: 2 25 02 55)
ლესელიძის 33 (ტელ: 2 98 90 64)

„ბიბლუსი“
ვაჟა – ფშაველას 47 (ტელ: 570 900096)
„თბილისი ცენტრალი“, მე-3 სართული (ტელ: 570 900086)
აკ. წერეთლის გამზ. 49/51

“წიგნის სახლი ბახტრიონზე” – ბახტრიონის ქ. 11ბ (ტელ: 2 33 28 18)
=======
ბათუმი:
„ბიბლუსი“: მემედ აბაშიძის 62 (ტელ: 570 908915)
„წიგნის სახლი“: გამსახურდიას 18 (ტელ: 599 55 25 63)
პრეს-კაფე: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1 (ტელ: 27 79 52)

======
ქუთაისი :
„ბიბლუსი“: თამარ მეფის 34 (ტელ: 570 908933)

“ბიბლუსის” დანარჩენ მაღაზიებში ჯერჯერობით შეტანილი იქნება წიგნის მხოლოდ თითო-თითო ეგზემპლარი. გთხოვთ, წინასწარ ტელეფონით გადაამოწმოთ.

წიგნის ფასი – 14 ლარი.

დიდი მადლობა დასახელებული ორგანიზაციებს მენეჯერებს წიგნის დისტრიბუციაში დახმარებისათვის!

პატივისცემით, სოლომონ თერნალელი

P.S. გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს იმ მეგობრებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს წიგნის შეძენის სურვილი.


პოსტდრაკონული მოთხრობა – ზღაპრად


… ჰოდა, ბოროტი დრაკონი რომ გაეცალა წყაროსთვალს, მის მერე იმატა სოფელში გადარჩენილი მზეთუნახავი ქალიშვილების რიცხვმა… წყალი რომ მინდვრებს მიუშვეს, ხვავი და ბარაქაც გამრავლდა, ხალხს დარდი გაუქარვდა, შიში აღარ აღვიძებდათ ღამით, ღიმილმა დაამარცხა უილაჯობა და ნაღველი!.. სწავლობდნენ, შრომობდნენ, ქორწინდებოდნენ, ხეს რგავდნენ, ვაზს უვლიდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ, ჩვეულებრივ ჭაპანს ეწეოდნენ და ჩვეულებრივად მიდიოდნენ წუთისოფლიდან…

ერთი ეს იყო მხოლოდ დანაკლისი – ადრე, გველეშაპის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა ამ სოფელში, იღებდნენ ფილმებს, იწერებოდა რეპორტაჟები გადასანსლულ გოგონებზე და დასახიჩრებულ თუ ცეცხლით დამწვარ ვაჟკაცებზე, მთელ ქვეყანას პირზე ეკერა ამ სოფლის სახელი… ყველა ახალი ამბავი ადრე სწორედ აქედან იწყებოდა… “ახალი ამბები კეთდება აქ!” – ეწერა წყაროს წინ დადგმულ სათვალთვალო ქოხზე…

და აი, ეს ყოველკვირეული მსხვერპლშეწირვის და მარადიული თავგანწირვის ეგზოტიური “ივენთები” რომ გაქრა, სოფლის ინტერესიც დაჰკარგა მსოფლიომ… საშინელებებს მოწყურებული ტურისტებიც აღარ ჩამოდიოდნენ, აგვისტო აგვისტოს მისდევდა და ფილმი აღარ გადაუღიათ, “ეკონომისტი” და “ვაშინგტონ პოსტიც” აღარ ახსენებდნენ ამ უეცრად გამოჩვეულებრივ და წყნარ სოფელს ჰედლაინებში…

ცხოვრება გახდა მშვიდი, უპრობლემო და მოსაწყენი…

🙂


არალირიული ინტერმეცცო


ახლა წარმოვიდგინე ასეთი მოდელირება:
ნიურნბერგის პროცესი არ ჩატარდა!
ის კი არადა, – გერინგი, გებელსი, რიბენტროპი, შპეერი, როზენბერგი, ზეის-ინკვარტი, კეიტელი, ფრანკი – დაკავებით კი დააკავეს, მაგრამ სასამართლომ გირაოთი გამოუშვა.

ბორმანმა ოჯახთან ერთად საიდუმლო ბუდე მოიწყო არგენტინაში და გერმანელ ხალხს ნოსტალგიურ-ოპტიმისტურ ღია წერილებს წერს.

ჰიმლერი, კალტენბრუნერი და ჰაიდრიხი გაქცეული არიან სადღაც. თუმცა, დადის ხმები, რომ მალე დაბრუნდებიან…

ფუნკმა ბიზნესი წამოიწყო იზრაელში…

რაც მთავარია, ჰიტლერი განუწყვეტლივ მოგზაურობს – სამხრეთ ამერიკაში, საუდის არაბეთში, იაპონიაში (რა თქმა უნდა, ამ მოდელირებაში იაპონიაც არ დაუბომბია არავის), ჩინეთში და შვეიცარიაში (მონტროში ისვენებს ზამთარში, და ლოზანაში – ზაფხულში)… და წუხს, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ჰინდენბურგის მთავრობიდან გადმოყოლილმა და შემოპარულმა ვიღაც ორმა ტიპმა, რომელთაც არც კი იცნობდა პირადად – ვინმე მიულერმა და ვინმე ახმანმა, დიდი ჩირქი მოსცხეს რაიხს, დაახლოებით 6 მილიონი ებრაელისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნით, რის გამოც ეს უკანასკნელნი სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ. ჰიტლერი ძალზე წუხს, რომ ეს ორი ნაძირალა დროზე ვერ გაშიფრა და მოითხოვს მათ დაკავებას და სასტიკად გასამართლებას.

საღამოობით, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი “დოიჩე ველეს” თოქ-შოუებში გამოდიან და ადენაუერის ხელისუფლებას სასტიკად აკრიტიკებენ უმუშევრობის ზრდისა და გერმანელი ერის იმედების გაცრუების გამო. შპეერი და შახტი გერმანული ეკონომიკის და მარკის მოახლოებულ კრახზე ლაპარაკობენ. შპეერმა უნივერსიტეტი დააარსა და ლოზუნგად ნაცნობი ფრაზა შეინარჩუნა – “Arbeit Macht Frei …”

გერმანელი ხალხი დაბნეულია, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება განუწყვეტლივ დახაუს, ბუხენვალდს და ოსვენციმს აშუქებს, ხოლო ზოგიერთზე კი ისევ ისე სახეებია და ისევ ის ინსტრუმენტები… გებელსიც კვლავინდებურად მოდაშია და ამტკიცებს, რომ სწორედ ნაცისტური გერმანიის კრახმა უნდა მოახდინოს გერმანელ ხალხში ნაციზმის ხელახალი აღორძინება, რადგან სწორედ ახლა მიხვდება გერმანელი ხალხი, რა საშინელი შეცდომა იყო ჰიტლერისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა და ამით ფიურერის გრანდიოზული რეფორმების შეჩერება…

“ჩვენ დავბრუნდებით!” – ამაყად აცხადებენ ნაცისტები – “ჩვენ ისევე დემოკრატიულად დავბრუნდებით, როგორც პირველად მოვედით! ჩვენ გვიყვარს დემოკრატია და დემოკრატიაც გვწყალობს ჩვენ!”

– საიდან და როგორ უნდა დაბრუნდნენ?.. მე მგონი, არსადაც არ წასულან… – ამბობს კლაუსი, ზეინკალი, რომელიც ბედნიერია, რომ მიუხედავად ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრობისა, სამუშაო არ დაუკარგავს…

========================
P.S. რა უცნაურია ბედისწერა.
როცა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის საბედისწერო არჩევნების დღედ სწორედ 1 ოქტომბერი აირჩია, მან არ იცოდა, რომ ეს დღე მართლმადიდებლურ რელიგიურ კალენდარში “ბიძინობის” დღესასწაულია!

მაგრამ მას კიდევ ერთი რამის ცოდნა არ აწყენდა: 1 ოქტომბერს დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე გრანდიოზული სასამართლო პროცესი – 1946 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ ნიურნბერგში! სწორედ პირველ ოქტომბერს გამოუტანეს ნაცისტებს განაჩენი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის!

– მიშა, ჩაგვიპაჭუნე ახლა თვალი, ჩაგვიპაჭუნე!..

nazi-world-war-ii-leaders-everett


მერი (სიქველი არაქველზე)


კარში გაგდებდნენ იმ დილით, მერი!

მერი, იმ დილით მაგ თვალთა კვდომა,

კანცელარიის შენობის ჭერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებულსა და მოცახცახეს

გეჭირა ხელში ფურცელთ კრებული,

მაგრამ ქაღალდზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

სკამზე იჯექი, მერე წამოდექ,

ბოტოქსტუჩებით დაფქვი სათქმელი.

მაგრამ გაფიცვით გათანგულ მერთა

სხვა არის ლოცვა განსაკურნელი.

მესმოდა შენი დემაგოგია…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს სხდომა იყო, თუ – ცოცხით გვემა?

ლიფტებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და DIVA-ს ჩეკებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და თავში ჩარტყმა,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

სხდომიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად გატარებდა? ხედვა გიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

„არმანი“ ტანზე შემოიხვიე,

თავი მიანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

აჰა! მერიაც! შენ გეპეისთან

ღონემიხდილი მიაწექ კედელს.

ასე მწუხარე იდექი დიდხანს

და შენს წინ შავი “მერსედესები”

აღმუილებდნენ ძრავებს ბნელხმიანს,

ვით ბედისწერის კატა-კლიზმები.

და შრიალებდა ტოტი საჯდომი

რაზე?  – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ტრანში, რომელიც შენ არ გეღირსა, –

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: „უეცარი ჩემი იმედი

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა კომპრომატები,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვწურავდი რიყეზე ბადაგს?

ან პლეხანოვსა რად აღვადგენდი?

ვინ დააფასებს აწ ჩემსა ამაგს?“

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც გწყდებოდა გული,

და… შენ ატირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

იდეა – ბიძინა გიორგობიანისა, არანჟირება – სოლომონ თერნალელისა

09.11.2012


მარიამობის ენვერიადა – “აგვისტოს 5 დღე”-2, როგორც მოდელირებული ფარსი


And the Oscar for the Most Absurd Blokbaster nomination goes to… Mikhail Saakashvili!

საქართველოს ერთიანი ნაცმოძური პოლიტბიურო იუწყება, რომ 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, როცა მთელი ქართველი ხალხი თავის წილხვედრ ღვთისმშობელს მისი წილხვედრი ქვეყნის გადარჩენას, აყვავებას და დიადი ნაცმოძური პარტიის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ შემდგომ გამდგრადებას და მეტ სარგებელს ევედრებოდა, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა, გარედან ადრე თვალებში ჩახედილი მოღალატე პუწინის, და შიგნიდან – ადრე ნდობით აღჭურვილი მილიარდერის ქურქში გახვეული ოლიგარქის ბორის ივანიშვილის,  –  თამადობით ისევ ვერაგად შემოუტიეს ჩამოუშლელ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის სიმბოლოს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – მსხ (მეტი სარგებელი ხალხს!)!

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მმართველმა და ბრძენმა ძალამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დადებულიყო ერთიანი ნაცმოძების დეპუტატთა კანდიდატების ყოვლისწამლეკი სია, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა ჩატარებულიყო ჰაერიდან ავია და კოსმოსური დაკვირვება 11 ქართულ ქალაქში ნაცმოძური მობილიზაციის აღლუმზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო აუდიტის სამსახურმა ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლის და ერის ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ერის უპირველესი სატრაპის სტატუსი მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიაგნო თავის ყველაზე განმაცვიფრებელ სტატუსს – მსხ-ს, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ახალი ნავსაყუდელი დაიდო ერის სინდისის დასაყუდებლად, და როდესაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყო მეათმემილიონე ტურისტი ვგკ ვვს (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი – ვინმე ვლადიმერ სოკორი), ქვეყნის მტრებმა მოსალოდნელად მოულოდნელი ლახვარი ჩასცეს ჩვენს დემოკრატიას!

მაგრამ – ნურას უკაცრავად!

მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ბორის ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა: ხარება მ.-მ, გოგია უ.-მ, ბეემვე ხ-მ, კოჭოია ჭ.-მ და კლარა ყ.-მ  გაითამაშეს საკუთარი გატაცების ინსცენირება. ეჭვი რომ არავის შეპარვოდა, ისინი გავიდნენ კახეთის ტყეებში და საეჭვოდ დიდხანს დუმდნენ. შემდეგ მათ განახორციელეს თვითგაკოჭვა (გაზპრომის აგენტის, ცნობილი ინგლისელი ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის მეთოდიკით) და მოახდინეს თავისი ადგილსამყოფელის ესემესირება შსს ოპერატიული მუშაკის, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ენვერ ქიბროწ…-ლის მობილურზე. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ გაეტყუებინათ ქვეყნის ყველა ქვეითთა ბრიგადები, სატანკო-მოტორიზებული კოლონები და არტილერია ლოპოტას ხეობაში, გაეშიშვლებინათ ქვეყნის ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები და მიეცათ   გავეშებული მტრისათვის ქვეყნის ჯერგადაუცემელი ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი შანსი!

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ – ნურას უკაცრავად!

ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერშიფმა და ერის უცვლელმა მესაჭემ (დღეგრძელი იყოს დიდი პრაპორშჩიკი!) მყისვე გაშიფრეს მტრის ვერაგული გეგმები და კოვზი ნაცარში ჩაუგდეს (მსხ!)

კახეთის სოფელ ლაფანყურაში იქნა შეყვანილი საპოლიციო ნაწილები ქვეყნის აწმთავარი პოლიციელის და ადრე – თავდაცვის მინისტრის, სწორუპოვარი ახალაიას ხაზის არქიტექტორის, ქვეყნის ახალი ხერხემლის – ბაჩანა როლანდოვიჩ ახალაიას მენეჯმენტით! პოლიციური, საციხო, უფლებადამცავი, სადისტური და თავდაცვითი უნარ-ჩვევების უზადო პროპორციამ განაპირობა ჩამოუშლელი ტაქტიკა – მტრის პიკაპური დევნის და მოწინააღმდეგეზე წერტილოვან-დეფისური საავიაციო დარტყმების კომბინირებით. ტანკების ნაცვლად შეყვანილი იქნა მფრინავი ტანკები, რომლებიც აუწერელ ზარალს აყენებენ ლაფანყურაში გამაგრებულ სადივერსიო ნინძიათა რაზმეულს და მტრისგან იცავენ ლოპოტის დამსვენებლებს – თან ისე აკეთებენ  ამას, რომ ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ სპეცნაზელებს არ ავიწყდებათ ღიმილით ნომერში საუზმედ მიართვან ნანატრი ბეკონი და ორანჯჯუსი! რაზეც ტურისტების ასევე ღიმილიან გაგებას იმსახურებენ ხურდაში (მსტ! – მეტი სარგებელი ტურისტებს!)

ამავდროულად კახეთის კუდი, სოდი, მოდი, წადი და ჩფწ („ჩემს ფეხებს წავალ!“) დანაყოფები ატარებენ საძიებო-ოპერატიულ-ენისგამხსნელ-აღიარებაამოგლეჯვით სამუშაოებს ზემოთ დასახელებულ დაკავებულებთან, რამაც უკვე გამოიღო ნაყოფი – უკვე 2-მა პირმა აღიარა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ მთელი ოპერაციის დაგეგმვა, დაფინანსება და იდეოლოგიურ-ლობისტური მხარდაჭერა განხორციელდა ბორის ივანიშვილის მიერ და მისი პოლიტიკური ალიანსის ადამიანური რესურსების გამოყენებით! ამასვე ემსახურებოდა ბერა ივანიშვილის კონცერტები, სადაც მაყურებელს ჩუმად დაურიგებდნენ პარაშუტებს, რომლებიც გაშლის შემდეგ სატელიტურ თეფშებად გადაიქცეოდნენ (პარაშუტულ-თეფშური მოსყიდვის მერამდენე მცდელობა!)

საქართველოს უშიშროების საბჭოს და მისი ქორების მიერ განხორციელდა ოპერატიული გეგმა ენვერი-DDD  გეგმის ამოქმედება:

  1. საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მიეცა დავალება ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით მოახდინონ მტრის დისკრედიტაცია
  2. სტუდენტ გვარამიას მიეცა დავალება სასწრაფოდ დაასრულოს მუშაობა სცენარზე „ოქტომბრიდან – ოქტომბრამდე“
  3. საქართველოს უდიდეს ალპინისტ პარლამენტარს მიეცა დავალება შეავსოს სალუსტრაციო ცხრილი წინასწარ შეთანხმებული კანდიდატურებით
  4. ბატონ გიგა ნასარიძის ორგანიზაციას მიეცა დავალება საკუთარი და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყოველ 10 მეტრში ჩაასონ პალოები „საქართველო არ იყიდება!“, გარდა შემდეგი ობიექტების ტერიტორიებისა: „ენგურჰესი“, „თელასი“, „მადნეული“, „თბილისის წყალი“,  თბილისის რკინიგზა და საქართველოს კანცელარია.
  5. დაინიშნოს სამარშრუტო ხაზები ლაფანყური-გორის ჰოსპიტალი, რომელზეც მარშრუტირება განახორციელონ სასწრაფო დახმარების მიკროავტობუსებმა ჩართული სირენებით და ბანერებით – „მსხ!“ „#5“ „მსხ!“. ფანჯრებზე განთავსდეს სისხლიანი ხელების ანაბეჭდები! აღნიშნული ტრანსპორტით რეგიონიდან სასწრაფოდ გამოყვანილ იქნას 105 წელზე მეტი ხნის ნებისმიერი ქალბატონი და ჩატარდეს მათი გინეკოლოგიური ექსპერტიზა საჭირო მტკიცებულებების მისაღებად.
  6. ქვეყნის ყველა სამხედრო და არასამხედრო ჰოსპიტლის სახურავზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში სამდეიცინო თუ არასამედიცინო ვერტმფრენების აფრენა თუ დაფრენა, იქედან შავ ნაჭერში გახვეული პარალელეპიპედის  ფორმის საგნების გატანა-შემოტანით. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს ჩვეულებრივი და გამართული – „მიმართეთ პრეს-ცენტრს!“
  7. მოხდეს საპრეზიდენტო სასახლიდან ცხრა დაბურულმინებიანი ლიმუზინის ერთდროული გამოსვლა და ქვეყნის ცხრა კუთხეში გადანაწილება მტრის კვალის დასაბნევად.
  8. მოხდეს მეტეოსამსახურის სრული და საყოველთაო მობილიზაცია მოღრუბლული ცის უზრუნველსაყოფად.
  9. მომზადდეს ჯაჭვი საქართველო იმ 11 ქალაქში, სადაც უნდა ჩატარებულიყო საარჩევნო დემონსტრაციები. საქართველოს მთელს ტერიტორიას გადაეფაროს თალხი ზეწარი, რომლის შეკერვა დაევალოს ლაურა ღაჭავას გაკოტრებულ ფირმას.
  10. მომზადდეს ნიადაგი საარჩევნო დამკვირვებლების სასწრაფო იძულებითი ევაკუაციისათვის. ვინც უარს განაცხადებს, ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, რომ შედეგებზე თავად იღებს პასუხისმგებლობას და რომ გადასვენების ხარჯების დაფარვაზე პრეტენზია არ გააჩნია!
  11. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა
  12. პრეზიდენტი გადადგეს გენერალსიმუსად და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოვდეს ყველასათვის. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს პლასტიკური ოპერაცია ყველაფრის შეცვლით (მგზნებარების გარდა!).
  13. არჩევნები გადატანილ იქნას…

სადღეისოდ მთელი საერთაშორისო მედია მხარს უჭერს საქართველოს მარადჩამოუშლელი გმირული  მთავრობის თავგანწირულ ბრძოლას ურიცხვი და გათავხედებული მტრის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პოლკოვნიკმა მაკკეინმა უკვე გამოთქვა სურვილი უხელმძღვანელოს მოიერიშეთა ავიარაზმს.

ჩვენთან არს კალისტრატე!

————————————————–

ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.

საქართველოს მთავრობა იქცა მსოფლიო მასშტაბის კლოუნად, რომელიც კოლუნადაში ისეთ საშიშ სათამაშოებს იყენებს, როგორიცაა ვერტმფრენები, ბომბები, და სამხედრო ძალა… და ნამდვილ ადამიანებს აკისრებს ჭანჭიკების და სათამაშო სამიზნეების როლს… დააკვირდით, ნაციონალური არხები ჯერჯერობით არ აქტიურობენ ამ ყველაფრის გაშუქებაში. მათ უნდათ ჯერ პანიკა დათესონ და მერე პანიკით მოცული ხალხი ანახონ საქართველოსაც და მსოფლიოსაც!.. ძალიან დიდია ფსონი… ძალიან ბევრს კარგავდნენ აქამდე, ხოლო ახლა, თუ მათ თამაშს არ ავყვებით და მსოფლიო კიდევ ერტხელ დაინახავს რა მასშტაბის “ორსონ უელსთან” აქვს საქმე, ბევრს კი არა, ყველაფერს დაკარგავს, ვინძლო პლასტიკურმა ოპერაციამაც აღარ უშველოს! ამიტომაა, რომ მათ სპექტაკლში ჩაბმული სტატისტებიც ძალიან ნერვიულობენ და სახეებს მალავენ! იციან, რომ გიჟის პროვოკაციაში მონაწილეობა ძალიან სახიფათოა, იმის გარანტიაც არ გაქვს, რომ გადარჩები და არ გაგასაღებენ, როგორც თანამზრახველს, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცის და არც იმის, თავს სხვისი სიგიჟით გაიმართლებ – ხომ გეტყვიან, კი მაგრამ შენც გიჟი ხომ არ იყავიო?!

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქამდე მკაცრ იზოლაციაში ჰყავთ ის პირები, რომელთა “განსათავისუფლებლად” დაიწყო ვითომ ეს გიგანტური სპეცოპერაცია! მათ არავისთან არ აკონტაქტებენ! სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა მიდის, რომ რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალა მოიპოვონ “ქართული ოცნების” ლიდერებზე. ასევე უცნაურია, რომ არ გვაჩვენებენ დაჭრილებს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სადღაც მიიყვანეს დაჭრილები, მაგრამ ექიმები ამის შესახებ ჟურნალისტებისგან იგებენ… ხურჩის დროსაც “დაიჭრა: ერთი ქალი, რომელიც კვნესოდა და მეგრულად იძახდა, რა ვიცოდი, თუ მართლა დავიჭრებოდი, რატომ არაფერი მითხარითო! 🙂

მართალი გითხრათ, რაღაც მსგავს მოდელირებას ველოდი, თუმცა არა ასე მასშტაბურს, და თანაც – უფრო ზუგდიდთან. არაა გამორიცხული, ეს გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდეს და მთავარი სპექტაკლი მაინც სამეგრელოში დადგან. განმუხური და ხურჩა ძალიან კარგად “გამოუვიდათ”…

განმუხური… ხურჩა… ლაფანყურა… „7 ნოემბრის გადატრიალების მცდელობა“… პატარკაციშვილის „შეთქმულება“… „მუხროვანის ბუნტი“… “მოდელირებული ქრონიკა”… კოჭოიები… ენვერები… ბომბებიანი ტუშონკები… „იმედის“ განადგურების მცდელობები… ამერიკის საელჩოს აფეთქებები… კოჭოიები… კოჭოიები… რამპა… ცუმპა… რამპა…

ნუთუ განვითარებული მსოფლიო ახლაც ვერ ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი სულ სხვა „თეატრშია“?