უკრაინა – ტკივილი…


KIEV

ძალიან სამწუხაროა ამ საშინელი კადრების ყურება კიევიდან.
იღუპება ხალხი… ქალაქის ცენტრში ისვრიან და ცეცხლი მეფობს…
სახეზეა სულ უფრო მეტი ძალადობა, რომლის შეჩერება პოლიტიკოსებს მგონი არც სურთ, ან აღარ შეუძლიათ (იანუკოვიჩს, მაგალითად, არ სურს, აშკარად… ხოლო კლიჩკოს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს – არ შეუძლიათ)… დასავლეთი სრულ გაუგებრობაშია იმაზე, თუ რა შეიძლება იმოქმედონ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ელოდნენ (რატომ, არ ვიცი…), პუტინი გახარებული ხელებს იფშვნეტს და ემზადება სატახტო სეფე-სიტყვისათვის, როცა (სირიის შემდეგ) კიდევ ერთხელ გამოვა მშვიდობისმქმნელის დაფნის გვირგვინით დამშვენებული და ობამას, მერკელს და სხვებს მოუწოდებს, აცალონ უკრაინელებს “მშვიდობიანი ცხოვრება”…

ჩემთვის აშკარაა, რომ იმ პირებში, ვინც სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესვრის, და მეტალის ხელჯოხებს ურტყამს არიან იანუკოვიჩის მხარდამჭერი პროვოკატორები. თუმცა ბევრი მაინც, ალბათ, მათაყოლილი ევროინტეგრაციის გულწრფელი მხარდამჭერებია – ძალიან ძნელია ორი თვე ყინვაში იდგე, უყურებდე ოპოზიციის უსუსურ ნაბიჯებს, ხედავდე, რომ არაფერი იცვლება, რომ პარლამენტი უკვე მიტინგების თავისუფლებასაც კრძალავს, და ამ ფონზე ლიდერების უმოქმედობამ და საკუთარი უილაჯობის განცდამ არ გიბიძგოს “ენერგიული ქმედებებისაკენ”… :( მაგრამ ამით ისინი მშვენიერ საბაბს აძლევენ იანუკოვიჩს, რომ სისხლში ჩაახშოს ევრომაიდანი და ეს ყველაფერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებით გაამართლოს.

თუმცა თავად იანუკოვიჩისათვის ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კარიერის დასასრულიც იქნება. არა მგონია, ასე სისხლში გასვრილი მალე ხელახლა აირჩიონ! მაგრამ პუტინი სხვას მონახავს, უფრო მორჩილს, რომელსაც დასავლეთისაკენ გახედვაც კი არ მოუვა თვალში!

ალტერნატივა მხოლოდ ქვეყნის ორად გაყოფაა. და უკრაინელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ალტერნატივის პლიუსები და მინუსები.

ჩემთვის დღევანდელ დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, რას გადავურჩით 2003 წელსაც და 2012 წელსაც!
ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძესაც, და სააკაშვილსაც (რომელთაც ეყოთ ჭკუა, ვა-ბანკზე არ წასულიყვნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში ხალხის ხოცვა-ჟლეტის სეზონი არ გაეხსნათ) და დასავლეთსაც, (პირველ რიგში, ამერიკის საელჩოს) რომელმაც ჩვენს შემთხვევაში უფრო აშკარა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ხალხის არჩევნის მხარდასაჭერად… აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, აქ მგონი, განგებას უნდა ვუთხრათ მადლობა…

მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ მადლობა – მთელ ხალხს, რომელმაც ყბადაღებული “ერთი ფოთლის არჩამოგდების” სტრატეგია აირჩია… დღეს სულ არ მეღიმება ამაზე… :(

მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან იმსახურებს, რომ მონობაში არ ცხოვრობდეს! რომ თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდეს! რომ ასეთ ძმათამკვლელ ომში არ ჩაებას…
ვუსურვებ მათ უფრო დაფიქრებულ ნაბიჯებს, უფრო გონიერ და პატიოსან პოლიტიკოსებს, უკეთეს ბედს და ამ ძალიან მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გამოტანას!

ბრძოლა არ დამთავრებულა. იგი მხოლოდ იწყება!
მაგრამ ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაგრძელდეს!

:(
kiev-dead


მოსაზრება სამთავრობო ავტომობილების რეგულაციების შესახებ


skoda-octavia
გამოცხადდა, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს იმ საკითხზე თუ როგორ უნდა იქნას დარეგულირებული სახელისუფლებო პირებისათვის მანქანების შეძენის საკითხი, რომ ეს ცალკეული პირის სურვილებზე და ფანტაზიის გაქანებაზე არ იყოს დამოკიდებული.

1) ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება შესაძენი ავტომობილების ფასის რანჟირება და მიბმა ისეთ ცვლად ინდიკატორთან, როგორც მინიმალური ხელფასის [ან – მინიმალური პენსიის] დონეა.

თუ მინიმალური ხელფასის დონეს აღვნიშნავთ MS-ით, დავუშვათ, რომ
– უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავ-რე მანქანის ზღვრული ფასი შეიძლება იყოს, დავუშვათ, – 500*MS,
– მინისტრებისა – 400*MS,
– პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციების თავმჯდომარეების, მინისტრების მოადგილეების – 350*MS,
– პარლამენტარების – 300*MS, და ა.შ…

იტყვით, რატომ პირდაპირ ფასს არ მიუთითებო?

მართლაც, შეიძლებოდა ფასების გაწერა ლარებში (ან დოლარებში), მაგრამ მინიმალურ ხელფასსზე მიბმა იმით მიმაჩნია უკეთესად, რომ ხელისუფლებას ამ მინიმალური ხელფასის მატების სტიმული მოემატოს :).

მაგრამ, ძალიანაც რომ არ გაერთოს და ინფლაციას არ უბიძგოს, ამისათვის მინიშვნელოვანია რომ ეს დონეები სწორედაც რომ ლარში განისაზღვროს. ასე რომ, თუ მთავრობა ინფლაციას „წააქეზებს“, სინამდვილეში “წაგებული” გამოვა, რადგან ლარში განსაზღვრული ზღვრის გამო ხელისუფალთ დოლარში უფრო იაფი მანქანის შეძენა მოუწევთ.

2) აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენელს შეუძლია აირჩიოს – ან ახალი და შედარებით იაფი – „სიტროენი“ თუ „შკოდა“, ან – უფრო ძვირიანი, მაგრამ მეორადი მანქანა – მაგალითად, „მერსედესი“, „ტოიოტა პრადო“, ან „ლექსუსი“ (ყველა შემთხვევაში შესაძენი მანქანის ასაკი, ალბათ არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს).

3) მაგრამ რამდენადაც უფრო ძვირიანი და მეორადი მანქანების დაზღვევის და რემონტის ხარჯები უფრო მაღალია, ისიც შეიძლება დადგინდეს, რომ ხელისუფლების პირი, რომელიც ასეთ არჩევანს აკეთებს, რემონტის 20-30%-ის თანადაფინანსებას უნდა დათანხმდეს, ხოლო ვინც ახალ მანქანას შეიძენს, მას დაზღვევის თუ რემონტის 100%-ს სახელმწიფო დაუფარავს.

4) უნდა განისაზღვროს ავტოპარკის განახლების სიხშირე – გამომდინარე უცხოური ანალოგიური ნორმატივებიდან. ამ მხრივ მიზანშეწონილია, რომ „შკოდას“, „ნისან-ტიიდას“, “ტოიოტა-ჰაილუქსის” და და სხვა შედარებით იაფი მანქანების განახლება უფრო ხშირ-ხშირად მოხდეს, ვიდრე უფრო გამძლე, მაგრამ ძვირიანი მანქანებისა (“მერსედესი”, “ტოიოტა პრადო”, ან “ლექსუსი”).

5) ავტომანქანის ახალი თანამდებობის პირისათვის გადაცემის შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ამ პირის ინდივიდუალური სურვილები და მოხდეს მათი დაკმაყოფილება მიზანშეწონილობის ფარგლებში (მაგალითად, სხვადასხვა სუნის მოშორება დეოდორიზაციის წესით, ხოლო უსაფრთხოების მიზნით საჭირო გადაკეთებები – შესაბამის სერვის ცენტრებში).

6) უნდა დაწესდეს მაღალი გამავლობის მანქანების აუცილებლობის დასაბუთების ნორმები. არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეთი მანქანა რეზერვში ჰყავდეს კონკრეტულ სამსახურს – პარლამენტს თუ სამინისტროს, – და არ იყოს მუდმივად რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირზე გაპიროვნებული.

7) უნდა დაწესდეს იმ მანქანების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში გამორიცხულია, იყოს – მაგალითად, სუპერქარის ტიპის (“ფერარი”, “ლამბორჯინი”, “ბუგატი”)…

8) თუ პირი უარს ამბობს სამსახურებრივი მანქანის და მძღოლის გამოყენებაზე, და ეს დასაშვებია უსაფრთხოების კუთხითაც, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, დაზოგილი თანხის რაღაც პროცენტის (მაგალითად, 10%-ის) პრემირება აღნიშნული პიროვნებისათვის.

9) გასათვალისწინებელია ეკოლოგიური, ე.წ. “მწვანე მანქანების”, და ალტერნატულ საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენების საკითხი. ოღონდ, ისე, რომ ეს არ უკავშირდებოდეს კოლოსალურ ხარჯებს.

ჯერჯერობით, სულ ესაა… სიამოვნებით ვნახავდი საზოგადოების, ავტოსპეციალისტების, ეკონომისტების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციის მონახაზის შესახებ (ზვიად კირტავა / სოლომონ თერნალელი)


მეგობრებო, ზოგიერთმა თქვენთაგანმა ალბათ იცის, რომ მონაწილეობას ვიღებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს არჩევნებში.

მადლობელი ვარ სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიისა, რომ მათ ჩემი მოკრძალებული ღვაწლი, დოკუმენტები და გამოსვლა დადებითად შეაფასეს და როგორც ახლახანს გავიგე, 27 შერჩეულ პიროვნებაში ჩემი გვარიც არის!

მართლაც დიდ წარმატებად მიმაჩნია ეს, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ღირსეული პიროვნება იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში! ახლა საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა, რომელიც კომისიის 9 წევრს შეარჩევს…

აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვიან – ფაქტიურად საკონკურსო დოკუმენტების ბოლოს დღეს – 12 დეკემბრის ნაშუადღევს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და სტუდენტების და რეზიდენტების გადამკიდე მხოლოდ 4 საათზე მოვხვდი კომპიუტერთან, ამიტომ ძალიან ცოტა დრო მქონდა, რომ ან ჩემი ქართული CV მომეყვანა წესრიგში და ან – კონცეფცია მომემზადებინა, უბრალოდ სიჩქარეში 16 პუნქტი ჩამოვწერე და კონკურსის ვადამდე 11 წუთით ადრე მოვასწარი ამ და მობილურზე გადაღებული დოკუმენტების (დიპლომები, შრომის წიგნაკი…) გაგზავნა პარლამენტის ელ-ფოსტაზე.

მერე, რომ ჩავუჯექი, გაცილებით ნორმალურად დავწერე კონცეფციის მონახაზი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი სრულყოფილად წარდგენის შანსი 5-7 წუთიან პრეზენტაციაზე არარეალური იყო. თუმცა ნაწილობრივ, კითხვებზე პასუხის დროსაც მომეცა ამის შანსი… არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს კონკურსი, ჩემთვის ამ 27 არჩეულში მოხვედრაც წარმატებაა, მაგრამ მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ ის, რას ვფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუმჯობესების და ჩვენი საზოგადოების განვითარების საჭირბოროტო საკითხებზე – ერთი არატელეპროფესიონალი მოქალაქე…

====================================

გამოგიტყდებით, რომ სერიოზულად არ მიფიქრია განაცხადის შემოტანა – 12 დეკემბრამდე, როცა საბჭოს შემრჩევი კომისიის შემადგენლობა გავიგე. მაგრამ კომისიის შემადგენლობამ მაფიქრებინა, რომ არჩევანი წინა წლებისაგან განსხვავებით ახლა ნამდვილად გაცილებით სამართლიანი იქნება. ეტყობა, ბევრმა სხვამაც ასე იფიქრა, რადგან ასეთი კონკურსი – 7:1-ზე – მას მერე არ მახსოვს, რაც 70-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ვაბარებდი. :)

აღარ დავიწყებ სათითაოდ იმ აქსიომების გამეორებას, რაც უკვე დავწერე კონცენფციის იმ პირველ ვერსიაში – 16 პუნქტისაგან რომ შედგება, და რომელიც საბუთების გაგზავნამდე დარჩენილ ცაიტნოტში სულ რაღაც 40 წუთში დავწერე. ამ პუნქტებს, რა თქმა უნდა, არ ვემიჯნები! უბრალოდ, კონცეფციის ფორმა ჩემს დაწრდგენილ დოკუმენტს არ აქვს და ისე სისტემატიზირებული არ არის, როგორც უნდა იყოს…

საერთოდ კი არ ვიცი, რამდენად სწორია თუნდაც ამ ვერსიისათვის, რომელიც უკვე მოგვიანებით შევადგინე და მინდა დღეს წარმოგიდგინოთ, კონცეფციის დარქმევა… ალბათ, უფრო მონახაზია, ან – „ხედვები“…

1) საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია მე ასე მესმის: სიახლე, სიმართლე, ობიექტურობა, ინტერაქტიულობა – საზოგადოების და ქვეყნის სამსახურში

2) ძირითადი ამოცანები ცნობილია – ინფორმირებულობა, განათლება და გართობა…

3) განმასხვავებელი ფაქტორები: თავიდან ვიფიქრე, რომ ამდენი გართობაზეორიენტირებული და მძლავრი ფინანსური რესურსის მქონე კერძო სატელევიზიო არხის პირობებში ეს „გართობა“ სულაც ხომ არ შევატოვოთ მათ ხელში- მეთქი, მაგრამ მერე ვერ „გავწირე“, რადგან გართობის გარეშე ზედმეტად დიდაქტიკური-მენტორული გამოვიდოდა, რეიტინიგის აწევაც გართულდებოდა, და ვიფიქრე, რომ სხვანაირი გართობა უნდა მოვიფიქროთ! და ასე მივედი იქამდე, რომ საზოგადოებრივი არხის პრიორიტეტი უნდა იყოს განსხვავებული, ე.წ. „გემოვნებიანი გართობა“. ხოლო აქედან მივედი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ ქვაკუთხედამდე:

3ა) საზოგადოებრივი არხის მთავარი ფუნქცია გემოვნებიანობის ხელშეწყობა, საზოგადოების განათლება და უკეთესი გემოვნების ჩამოყალიბება უნდა გახდეს!

კონკრეტულად რას ვგულისხმობ: – ძალიან უცნაური იქნება, რომ შეიკრიბოს სამეურვეო საბჭოში „9 განრისხებული პიროვნება“ და საზოგადოებას დაუწყონ ჭკუის სწავლება… გემოვნების ჩამოყალიბების კურსები გახსნან და სერტიფიკატები ბეჭდონ. მით უფრო, რომ სწორედ „ახალი ადამიანის“ აღზრდის ნეობოლშევიკურ-იმპერატიული სურვილი, ალბათ, მიგვაჩნდა, თქვენც, მეც და მრავალ სხვა კანდიდატსაც წინა ხელისუფლების სერიოზულ შეცდომად.

რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭო ვერ იქნება პროკრუსტეს სარეცელი საზოგადოების გემოვნებისთვის. მიდგომა უნდა იყოს კარდინალურად განსხვავებული. საზ. მაუწყებელმა საზოგადოებას უნდა შესთავაზოს არენა სამოქალაქო დებატებისათვის სწორედ ამ მაღალი (ან, მინიმუმ – უკეთესი) გემოვნების ჩამოსაყალიბებლად!

3ბ) მეორე ქვაკუთხედი – საზოგადოების აქტიურობის წახალისება, დისპუტები/დებატები და ინტერაქტიულობა, საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა – იმის გამორკვევაშიც – რა და როგორ გვინდა, და მერე – ამ ყველაფრის გაშუქებაშიც… საზოგადოებრივ მაუწყებელი უნდა იყოს – საზოგადოებისათვის და საზოგადოება უნდა წარმოჩნდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

სწორედ თოქ-შოუს (თუმცა ეს ტერმინი ძალიან გაუფასურდა) ანუ სამოქალაქო-პროფესიული დისპუტის ტიპის დებატებში, რომელიც სასურველია არხის განახლებული და ფუნქციონალურად თანამედროვე ინტერნეტ-გვერდის და ფეისბუქის აუდიტორიის ჩართვითაც იყოს გამორჩეული, უნდა მოხდეს თანდათანობით ჩვენი დღევანდელი საზოგადოების შემღვრეული რიტორიკის, დისკუსიების ტემბრის დაწმენდა, კამათის გრადუსის დაწევა და სასურველ ნორმამდე მიყვანა… სწორედ ასეთ არენაზე თვალსაჩინოდ და თანდათან უნდა მოხდეს საზოგადოების დარწმუნება – არგუმენტის და მსჯელობის ძალით (და არა დიქტატით და კარნახით!) რა არის სწორი და რა – არასწორი, სად მთავრდება სიმართლე, გამჟღავნდეს – სად არის გულწრფელობა და პროფესიონალიზმი, და სად – ბლეფი და დემაგოგია. და აი ასე მოვახერხებთ თავად სამოქალაქო აქტივობის საშუალებით საკითხების გადაჭრის ინიცირებასაც და თავად ამ სამოქალაქო საზოგადოების აქტივაციასაც. იმედია, გემოვნების გაუმჯობესების წახალისებასაც მოვახერხებთ.

3ბ) მესამე ქვაკუთხედი – რას უნდა შეეხებოდეს დებატები? – ყველაფერს, რაც გვტკივა!

მინდა გითხრათ, რომ ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში ტკივილი საშინელი სტრესული ფაქტორია, მაგრამ ამავდროულად ტკივილი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ის არის არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი ინდიკატორი, სიგნალი, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაც არ არის წესრიგში. და მხოლოდ იმ ორგანიზმს ან იმ საზოგადოებას აქვს გადარჩენის სერიოზული შანსი, ვინც ამ სიგნალს დროულად და სწორად აფასებს და სათანადო ყურადრებას აქცევს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიულ-სამოქალაქო ტიპის დებატები შეეხოს ყველაფერს, რაც გვტკივა (ან უნდა გვტკიოდეს!) – დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიუსაფარნი, სკოლის გარეთ დარჩენილი და უდედმამო ბავშვები, სოფლის და მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, პენსიონერები, მარტოხელა დედები, სხვადასხვა სახის უმცირესობები, უმუშევრები, ავადმყოფები, მიგრანტები, ტრეფიკინგის მსხვერპლნი, სტიგმატიზირებული პირები და ფენები!.. ადამიანები, ვისაც თანადგომა ჭირდება, ვისაც ჩვენი ყურადღება ჭირდება… ხალხი, ბუნება, ეკოლოგია, ისტორია, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ქართული ჯარი, და – ქვეყანა (საიდანაც ხალხი, სამწუხაროდ, დღემდე გარბის!)

ოღონდ ეს არ უნდა იყოს „გადაცემა გადაცემისათვის“, უნდა შევეცადოთ, რომ მათ ჰქონდეთ follow-up, როდესაც ჩვენ შევეცდებით, მსმენელს ვუამბოთ, რა ხდება იმ თემაზე, რაც განვიხილეთ 1, 3 თუ 6 თვის წინ. და ეს სიუჟეტის გამოძახილი უკვე უნდა იყოს სახელისუფლებო პირებისა კომენტარების მოსმენით და იმის განხილვით, რამდენად სწორი იყო ჩვენი მიდგომები და რამდენად თანხვედრილი და დროული – ხელისუფლების ქმედებები… სხვანაირად ჩვენი ინტერესი და ტკივილის თანაგრძნობა მხოლოდ პიარისთვის გამიზნულ ქმედებას დაემსგავსება…

4) კადრები! – მთლიანობაში, კადრების ოპტიმიზაცია არ მიმაჩნია გამოსავლად. უფრო – ტრენინგების მეშვეობით პროფესიული სტანდარტების ამაღლება. და მაინც კარგი იქნებოდა რამდენიმე ახალი სახის – წამყვანების აყვანა შტატში, ცოტა ბრენდინგი არ გვაწყენდა… კარგი იქნება, ყოველ გადაცემას ორი მორიგე წამყვანი ჰყავდეს. ვფიქრობ, კონკურენცია კარგი წამახალისებელია. ნელ-ნელა თემატიკის მეტნაკლებად „სპეციალიზიაციაც“ შეიძლება ამ თოქ-შოუებში.

5) პროფესიონალური ვექტორი (პროფესიონალთა კლუბი) - გადაცემის წამყვანი და გადაცემის ექსპერტები… გადაცემის წამყვანები ვახსენე. მაგრამ არანაკლებ და იქნებ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პროფესიონალების აზრი, რომლებიც გადაცემების თანაწამყვანის როლს ითამაშებენ. არაა აუცილებელი, რომ ყოველთვის ერთიდაიგივე ადამიანები ასრულებდნენ ამ როლს. პირიქით… ხშირად საქმის მცოდნე და ნიჭიერი ადამიანები არ არიან ძალიან ცნობილნი და საზოგადოებრივი მაუწყებლის როლია აღმოაჩინოს ასეთი ადამიანები და გამოიყვანოს თოქ-შოუების ასპარეზზე, მისცეს მათ ახალი ხედვების და პერსპექტივების წარდგენის შანსი. სხვათა შორის, დღეს კანდიდატებად წარმოდგენილი ადამიანების უმრავლესობა, ალბათ საკმაოდ კარგად შეასრულებს ამ როლს, და ამ პროფესიონალთა კლუბიდან შეიძლება შეიქმნას გარკვეული მრჩეველთა საბჭო, რომელიც სამეურვეო საბჭოსთვის საკონსულტაციო როლსაც შეასრულებდა…

თავისთავად ჭეშმარიტებაც და უკეთესი გემოვნებაც ცვლადი კატეგორიებია. თუმცა არის რაღაცეები, რაც უეჭველად მარად დარჩება ამ ორივე რანგში – რუსთაველი იქნება ეს, შექსპირი, ვივალდი თუ ბოტიჩელი… და სწორედ ამ და მსგავსი მარადიული ღირებულებების გაცნობიდან და ცოდნის და აზროვნების განვითარებით უნდა დავიწყოთ სიარული იმისაკენ, რაც ჩვენი ზეამოცანა უნდა იყოს – განათლებული, განვითარებული, კულტურული და პოტენციურად – უკეთესი საზოგადოებისაკენ, სადაც განათლება, კულტურა, რწმენა და თავისუფლება სასურველია, ერთმანეთის შემავსებელი კატეგორიები გახდეს, და არა – გამომრიცხველი…

როგორ?

6) ძირითადი ვექტორი – განათლება და კულტურა

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლება! და ჩვენი განათლება დღეს სავალალო დღეშია. ის, რომ გვყოლია რუსთაველი და გურამიშვილი, ვერაფერი სალბუნია ჩვენი განათლების დღევანდელი სიმწირის დასაფარავად. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, თან ისე მოფიქრებული და განხორციელებული, რომ ცოდნის მიღების ინტერესს გააღვიძებს, სწორედ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არხის მთავარი პრიორიტეტი. აქვე უნდა დაემატოს კულტურის სფეროს საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. არ ვარ იმის იმედზე, რომ ეს თავიდანვე მხოლოდ, და ძირითადად ქართული პროგრამები იქნება. არის საკმაოდ დიდი რესურსი BBC-ის, Discover-ის, National Geographic-ის, ARTE-ს და სხვა არხებზე და ეს უნდა გამოვიყენოთ!

ძალიან ძვირია? შევიძინოთ ცოტა უფრო ძველი პროგრამები და გადაცემები, ჩვენთვის ჯერჯერობით ესეც საკმაოდ ახალი იქნება. რა თქმა უნდა ისტორიაზე და ეროვნულ კულტურაზე ჩვენი ორიგინალური პროგრამების მომზადებაც უნდა დავიწყოთ. საინტერესო იქნება ჩვენი მუზეუმების გამოცდილების და მდიდარი მასალების აქტიურად გამოყენება. ტელევიზიის ამოცანა არაა ჩაანაცვლოს კულტურის მთელი ტრადიციული პლასტი – უნდა ვუბიძგოთ ადამიანებს (მოზარდ თაობას), რომ მათ გაეღვიძოთ ან დაუბრუნდეთ თატრებში, მუზეუმებში, გამოფენებზე სიარულის სურვილი და ტრადიცია! ამაზე უნდა დამყარდეს სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება.

7) დებატები რელიგიის და საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე.

საქართველოში გვაქვს ტელეარხები, რომელიც მთლიანად რელიგიურია. არის ისეთი არხიც, რომელიც საერთოდ არ მიიჩნევს მართლამდიდებლურ რელიგიას იმის ღირსად, რომ მას ტრიბუნა დაუთმოს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოახერხოს ისეთი ველის შექმნაც, სადაც რელიგიის, ფილოსოფიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, თეოლოგების, ათეისტების და უბრალო ადამიანების ღირსეული და ერთმანეთის პატივისმცემელი კამათის არეალი უნდა გახდეს. და ეს კამათი არ უნდა იყოს მიმართული იმისაკენ, რომ რომელიმე მხარემ სრული გამარჯვება მოიპოვოს მეორე მხარის კაპიტულაციის ხარჯზე. დისპუტის მთავარი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივი თანაცხოვრების, ჰარმონიის შენარჩუნება, შეთანხმება იმაზე, რა არის მისაღები და მიუღებელი. სხვანაირად, მძიმე პრობლემები დაგვიდგება (უკვე გვიდგას, თუმცა ხშორად ხელოვნურად ინსპირირებულიც შეიძლება იყოს) და ამაზე თვალის დახუჭვა არავის გვარგებს. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება! რა თქმა უნდა სხვადასხვა არხებზე იზოლირებული არსებობა და ველის მონოპოლიზაცია თითქოს უფრო ადვილი ჩანს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გზა საზოგადოების გათიშვაზე გადის. და როგორც კატასტროფული იყო 100%-იანი ათეისტური საზოგადოების კულტივაციის მცდელობა ბოლშევიკებისაგან, ისევე მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს 100%-იანი თეისტური საზოგადოების შექმნის მცდელობა. ამის აცილების ხერხი კი ურთიერთპატივისმცემელი მსჯელობა და განსჯაა.

8) ინფორმირებულობა ევროპელობის და ევროპული ფასეულობების კუთხით

ინფორმირებულობა ასევე უნდა ეფუძნებოდეს არა მარტო ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ დებატებით იმის გაზომვას, რამდენად კარგად მიდის ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე. ჩვენ შეგვიყვარდა საუბარი ჩვენს „ევროპელობაზე“, „ევროპული არჩევნის“ ერთადერთობაზე და არაალტერნატიულობაზე. როგორც ევროპული არჩევნის მხურვალე მხარდამჭერმა, ამავე დროს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ კითხვები მაქვს – არა იმდენად იმის მიმართ, რა გვინდა ჩვენ ევროპისაგან, არამედ იმაზე, რამდენად გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი – რა არის ევროპული არჩევანი, რა არის ევროპული ფასეულობები… იმიტომ რომ ძალიან დიდხანს, როცა ჩვენში ევროპული ფასეულობების მონოპოლისტებად თავს წარმოგვიჩენდნენ ნაციონალური მოძრაობის ფსევდოდემოკრატები, როდესაც „ნატოს“ ისეთივე მაგიურ-დოგმატური ნიმბი მიენიჭა, როგორც ადრე – „სკკპ“-ს და „კომუნიზმს“, ახლა ჩვენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქანქარის საწინააღმდეგო მხარისკენ მოძრაობას ვხედავთ, როდესაც „დემოკრატიის“ და „ევროპელობის“, „ევროპული ფასეულობების“ ცნებებს სერიოზული დევალვაციის და შეგნებული დისკრედიტაციის მცდელობები ემუქრება. საჭიროა სწორი, და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და კრიტიკულ დებატებში ჩაბმა… სხვანაირად, სწორედ იმავე საფრთხეს შეიძლება დავეჯახოთ, როგორც კომუნიზმის მშენებლობისას, როდესაც რაც უფრო ენერგიულად გვიბიძგებდნენ იქეთ და რაც უფრო არარეალური და აცდენილი ჩანდა მიზანი და რეალობა, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა ყველა, რომ ეს არასწორი გზა და მიმართულება იყო. მცოდნე პროფესიონალები… ადამიანები, ვისაც საკუთარი რეპუტაცია ხელისუფლების რუპორობით არ შეულახიათ… სამართლიანი დებატები, სადაც პრორუსული, პროთურქული თუ პროამერიკული/პროევროპული ვექტორების მომხრეები საზოგადოებას დაანახებენ თავიანთ შეხედულებებს, არგუმენტებს, კონტრარგუმენტებს, და სადაც აღარ დარჩება სანავარდო ველი ნებისმიერი – ჰაიჰარად მოტანილი, უსაფუძვლო – ილუზიებისა თუ ბინძური ინსინუაციებისათვის, აი, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების და პოლიტიკური და განათლების ნამდვილი სკოლა…

9) სამართლიანობის აღდგენა – უნდა იყოს დებატების თუ ჟურნალისტური გამოძიების სერიოზული თემა.
ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ თავის უპირველეს დანაპირებზე უარის თქმას და მოსალოდნელია, რომ მინიმუმ კიდევ ერთი წელი ეს თემა საკმაოდ „ცხელი“ დარჩეს. რა თქმა უნდა, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს შურისძიების ჟინი და მოლოდინი. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, და არა – სამართლის თავადაღმსრულებელი მასა, უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის გარანტი, ხოლო ის პრობლემები, რაც არის, უნდა იყოს ტელევიზიის სერიოზული განხილვების თემა. მონანიების, მიტევების, კომპენსაციის და შერიგების საკითხები ძალიან სერიოზულად არის როგორც საფრთხე შემდგომი დაპირსპირებისა, ასევე იმედი და საყრდენი საზოგადოების შესაძლო გაერთიანებისა. ამავდროულად, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ზოგადად და თუნდაც სამართლის აღდგენა უნდა იყოს პირველი არხის წამყვანი თემა (დროის მიხედვით), ალბათ იგი მეორე არხზე უნდა იყოს, თუმცა არხების გადანაწილების ჩემეული ვერსიას ბოლოს მოგახსენებთ.

10) ურთიერთობა ხელისუფლებასთან – კრიტიკული თანამშრომლობა

აუცილებლია, რომ არსებული მთავრობა გრძნობდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ყურადღებას. სასურველი იქნებოდა, როგორც პერიოდული ბრიფინგების და მიღწევების პოპულარიზაცია, ასევე „პრეს-პრესის“ ტიპის კრიტიკული გადაცემების მომზადება. ხელისუფლება უნდა აბარებდეს ანგარიშს ხალხს! და საზოგადოებრივი არხი, რომელიც ასევე ხალხის ფულით ფინანსდება, ამ ანგარიშგების საუკეთესო ასპარეზია. ეს ანგარიშგება, ოღონდ, არ უნდა დაემსგავსოს კომპარტიის პარტიული ყრილობების ანგარიშგებებს, “одобрямс!”-ს რომ წარმოადგენდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სრული დეგრადაციის დაწყებას წინ უძღოდა კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიის, პერიოდული ანგარიშგების, ჟურნალისტებთან მთავრობის წევრთა შეხვედრების და წინსაწარდაუგეგმავ კითხვებზე პასუხის გაცემის, განსაკუთრებით კი – ჟურნალისტური გამოძიებების სრული გაქრობა ტელეეთერიდან. მსგავსი შეცდომის გამეორება დაუშვებელი იქნება და დათვურ სამსახურს გაუწევს თავად ხელისუფლებასაც, ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ.

11) გართობა – პრობლემები და იმედები

დაბოლოს დავუბრუნდები ისევ იმას, რითაც დავიწყე – გემოვნებიანი გართობა. დიახ, გართობა საჭიროა. გართობის გარეშე არხს მაყურებელი მოაკლდება! ხოლო რეიტინგის, მაყურებელთა რიცხვის ზრდა ჩვენი სერიოზული ამოცანა უნდა იყოს.

ჩემს შვილს ვკითხე აზრი და მითხრა, რომ თინეიჯერებისათვის დიდაქტიკური და ლექცია-დისპუტებით სავსე არხი შეიძლება მოსაწყენი (boring) იყოს. გავმეორდები და ვიტყვი:

ა) უნდა ვეცადოთ გემოვნებიანი მომხმარებლის თანდათან ჩამოყალიბებას

და

ბ)ამავდროულად, უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ამ მომხმარებლის ინტერესებიც!

რამდენიმე ალტერნატივის ჩვენების შემდეგ უნდა გავიგოთ, რაა ის, რაც უფრო მოსწონთ და რატომ! ინტერაქტიულობა უნდა გახდეს არხის წარმატების საწინდარი! რათქმა უნდა, ბრმად არ უნდა დავემორჩილოთ იმას, რასაც მომხმარებელი ითხოვს და არ უნდა დავიდეთ მასკულტურის სტანდარტზე, მაგრამ უეჭველად რაღაც ე.წ. feedback უნდა გავითვალისწინოთ კიდეც. ცდის, შეცდომების და უკუკავშირის გამოყენების გარდა არაფერი ახალი მოფიქრებული არ არის და ვერც იქნება, უბრალოდ, უკუკავშირი ხდება სულ უფრო დახვეწილი და სწრაფი. ეს ძალიან კარგია… ფეისბუქი და ტვიტერიც უნდა გამოვიყენოთ. მედია უფრო ინტეგრირებული უნდა გავხადოთ, დროული და ეფექტური უკუკავშირისათვის, ისევე როგორც მასალების უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ტელევიზიის პარალელურად, ინტერნეტი და მობილური ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ. წარმატებული კონკურენტისგან დამარცხების თავდაღწევის ყველაზე სწორი გზა ხანდახან სწორედ მასთან ინტეგრაციაზე გადის…

გართობის გარეშე ძალიან დიდ ფენას ჩვენი საზოგადოებისა დავკარგავთ, ეს კი საზოგადოებრივი არხისათვის დაუშვებელი ფუფუნებაა. და მაინც, გარკვეულ მომენტებს უნდა შევეგუოთ. პირველი ორი წელი მაინც, არა მგონია, გვქონდეს „Voice“-ის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“, „ნიჭიერის“ და სხვა მსგავსი ძვირადღირებული გასართობი პროგრამების განხორციელების ფუფუნება. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ შედარებით მწირი რესურსების გამოყენებას. სხვადასხვა ასაკისთვის ტელევიქტორინების, ან სწორედ ამ თაობათა წარმოამდგენლების მიერ გარკვეული მოდური სიახლეების – ახალი ჰიტების, ახალი ფილმების, ახალი კონცერტების, პოპის, როკის თუ კლასიკის რეიტინგების განხილვა (თავად ახალგაზრდების მიერ!) ალბათ ასევე მიღწევადია და ახალგაზრდა თაობის მოზიდვასაც შეუწყებს ხელს. აუცილებელია უმცროსი ასაკის ბავშვების გასართობი პროგრამების შერჩევაში ბავშვთა ფსიქოლოგების ჩართვა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ჩემი აზრით, დღევანდელი ანიმაციური ფილმები ხშირად ძალიან აგრესიულია და უარყოფითი ზეგავლენის მოტანა შეუძლია. „უმჯობესია ცოტა და კარგი!“! კარგი იქნება, ტელევიზიის ციფრული ფორმატის დანერგვის კვალობაზე საბჭო შეეცადოს, რომ ტელეგასართობი პროგრამები – ინტერაქტიულობის გამოყენებით – კომპიუტერომანიის ეფექტური კონკურენტი გახდეს.

ტექნიკური მხარეა დასახვეწი – ფეისბუქის და მობილურ აპლიკაციების გამოყენება. შეიძლება ინფორმაციების ნაწილის განთავსება ფეისბუქის გვერდზე, მოკლე კლიპების და ანონსების დაგზავნა მობილური ინტერნეტის მეშვეობით.

12) საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები: ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა შეუნარჩუნდეს 3 სატელევიზიო და 3 რადიო არხი.

მე ეს ასე წარმომიდგენია:

მე-2 არხი – პოლიტიკა (ძირითადად შენარჩუნდება) + ეთნოუმცირესობების პრობლემები. იქნება ყოველსაათობრივი საინფორმაციო მოკლე გადაცემები (5 წუთი, რამდენჯერმე სრული საინფორმაციო გამოშვება), პრაიმ-ტაიმის დროს – ახალი ამბები უმცირესობების ენებზე! + პარლამენტის სხდომები, პარტიების და პოლიტიკოსების ბრიფინგები. ასევე სასურველია ეკონომიკური ბლოკების და გადაცემების მომზადება, აქვე იქნება დამატებითი პოლიტიკური თოქ-შოუ(ები)ც და დღის ბრიფინგები. უნდა ითქვას, რომ ჩემი აზრით, მეორე არხი ახლოსაა საჭირო კონდიციასთან, თუმცა სტილის და ფორმატის დახვეწა საჭიროა, ბადეც – მოსაწესრიგებელი. ამავე არხზე დილით და საღამოობით შეიძლება იქნეს ქართული ენის კურსი, ისევე როგორც, დასაშვებია – გაკვეთილები სხვადასხვა საგანში ქართულ ენაზე.


მე-3 არხი: – ძირითადი მიმართულება – რეგიონები/სოფელი + განათლება რეგიონებისათვის.
ეს არხი ძირითადად იქნება ორიენტირებული რაიონების და სოფლის მოსახლეობაზე. რეგიონების და რაიონების პრობლემების დაიჯესტი, რასაც რეგიონული მაუწყებლების მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ. სწორედ ეს, და არა რადიო „თავისუფალ ევროპაზე“ კალკირებული ერზაც-გლობალური „პიკ“-ი უნდა ყოფილიყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა.

ვფიქრობ, მე-3 არხი, ძირითადად, უნდა ახდენდეს საგანმათლებლო პროგრამების მიწოდებას იმ ხელმოკლე ოჯახებისათვის და ფენებისათვის, სადაც ბავშვების განათლების რესურსები შეზღუდულია. დასამალი არაა, რომ ჯერჯერობით სკოლებში განათლების დონე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არასაკმარისია. სხვათაშორის, ვერ ვიტყვით, რომ თბილისში საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო განათლება მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე რაიონებში. მაგრამ თბილისში მოსახლეობის რაღაც ნაწილი მაინც (ვფიქრობ 20-30%) ახერხებს ბავშვების მომზადებას კერძო მასწავლებლებთან, ხოლო თითქმის იმდენივე – კერძო სკოლებში დადის. სოფლის მოსახლეობა (და რაიონებისაც!) ამ შესაძლებლობას თითქმის სრულად მოკლებულია. ამიტომ, სხვადასხვა საგნებში გაკვეთილების თუ ამოცანების განხილვა/გაცნობა, საშინაო დავალებების მიცემა და იმ ტიპის ლექციების ჩატარებაც, როგორც ჩვენს ახალგაზრდობაში თამაზ კვაჭანტირაძე კითხულობდა, საკმაოდ საჭირბოროტდ მიმაჩნია. მესმის, რომ ბევრში ეს ირონიულ ღიმილს გამოიწვევს – რაღა დროს ლექციებიაო. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ სოფელში ბავშვების განათლების/მომზადების დონე ავამაღლოთ საზოგადოებრივი ტელევიზიის გამოყენებით – ეს ხომ სერიოზული სოციალური დაკვეთა იქნება! და თან, არა მარტო სოფლებში, და არა მარტო ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, თუ მათ მაღალი რანგის პროფესიონალები მოამზადებენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცნობილი მეცნიერისათვის თვეში 1 ლექციის მომზადება არ იქნება ძალიან ძნელი ამოცანა და ალბათ, უმრავლესობა, ამას განსაკუთრებული ანაზღაურების გარეშეც დათანხმდება. ეს ლექციები შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო სკოლის საგნებს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს (მაგალითად C ჰეპატიტს თუ ნარკოტიკებს), ან კიდე კულტურის ისტორიას, ქართულ ფოლკლორს… შეიძლება იყოს გადაცემები ავადმყოფის მოვლის თუ ქრონიკული პაციენტების განათლების აქტუალურ საკითხებზე, ხელსაქმის და კულინარიის სფეროებში, თუ რჩევები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის – განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და შინამეურნეობის მიმდევრებისათვის, თან თუ ეს ყველაფერი თანხლებული იქნება ფეისბუქის და მობილური აპლიკაციების დანართებით, ნელნელა, მაგრამ მაინც, ეს საზოგადოებრივი არხის პოპულარობას გაზრდის სწორედ იქ და სწორედ მათთვის, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს რეგიონებში, სოფლებში, იქ სადაც საზოგადოებრივი არხი ფლობდა უპირატეს რეიტინგს და უნდა დაიბრუნოს.

დაბოლოს, ის წარმატებული გადაცემები, რომელთა რეტინიგის მაჩვვენებლები ზრდას დაგვანახებს, უნდა თანდათან (ნაწილობრივ მაინც) გადმოვიდეს/გამეორდეს მეორე და მესამე არხებიდან პირველ არხზეც. არაა აუცილებელი, რომ ყველა გადაცემა მეორდებოდეს. მაგრამ ეს მიდგომა, – უკეთესის დაწინაურება და წახალისება დროითაც და მატერიალურადაც – უნდა გახდეს სანიმუშო მიდგომა როგორც ჟურნალისტების, ასევე – გადაცემების კარიერული საფეხურების დაგეგმვაში. საერთოდ კი, ალბათ, პირველ არხზე თანდათან პოლიტიკის ხვედრითი წონა დაიკლებს, ხოლო განათლების, ეკოლოგიის, ურბანული პრობლემების, სოციალური ერთობის, ჯანდაცვის და განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობისა – მოიმატებს.


ფიქრები უკრაინაზე (2013 წლის 1-2 დეკემბერი)


Ukraine-pro

1 დეკემბერი, 20:30 –
ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე მომწიფებული რევოლუციის უკან ან არავინ არ დგას (დასავლელ ლიდერებს ვგულისმობ), ან თუ ვინმე დგას, ეს შეიძლება სულაც ვლადიმერ პუტინი იყოს!
პუტინი არ აპატიებს იანუკოვიჩს იმას, რომ მან ლამის მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, და შეეცდება, ახლა ისეთივე (ან მეტი!) სარგებელი ნახოს უკრაინაში დაწყებული არეულობიდან, როგორც 2008 წელს საქართველოში ნახა.

რა თქმა უნდა, იგი ვერ მოახერხებდა უკრაინაში ტანკების შესაყვანად ნიადაგის მომზადებას, მაგრამ ახლა, თუ იანუკოვიჩმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა (და ამაში მას, ალბათ, აღარავინ დაეხმარება), სერიოზული შანსია, რომ უკრაინა ორად გაიხლიჩოს და აღმოსავლეთ უკრაინამ რუსეთს პროტექტორატი თხოვოს.

ვლადიმერ პუტინი ერთადერთი “რიცკიანი” მოთამაშეა, რომელიც ასეთ ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს!

რაც დავწერე, სულაც არ ნიშნავს, რომ იანუკოვიჩს მხარს ვუჭერ! მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში პროდასავლელი ლიდერის მოსვლას აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსული მოსახლეობა და მათი პროტექტორი რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს!
და საკითხი ასე შეიძლება დადგეს – ან უკრაინას კიდევ უფრო პრორუსი ლიდერი ეყოლება, ან ქვეყანა შეიძლება ორად გაიყოს!

1 დეკემბერი – 23:45
კიევის მილიცია არაოფიციალურად (!!!) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში 1,6 მილიონი ადამიანი გამოსული ქუჩებში საპროტესტო მიტინგებზე! ამავე დროს იგივე მილიცია ოფიციალურად მხოლოდ 40,000 პროტესტანტის შესახებ იუწყება! ანუ, ეს აშკარა დეზინფორმაციაა, რომ საკუთარი ქვემდებები და ძალადობა გაამართლონ, ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქისაკენ ტანკები მოდის!
აი, ეს არის ბიბისის 6-7 საათის წინანდელი კადრები – სადმე იგრძნობა, რომ აქ ათობით ათასი ადამიანია? აღარ ვამბობ ასობით ათასზე და მილიონებზე? და დააკვირდით, რას ამბობს ბიბისის ჟურნალისტი, რომ მილიცია უცებ კვირას სადღაც გაქრა და არავინ უშლის ხელს ხალხს, ააგონ ბარიკადები… სპეციალურად დადგმულ პროვოკაციას ჰგავს ეს – 26 მაისის მსგავსად უნდათ გამოაცხადონ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა. სამწუხაროდ, მოლოტოვისა კოქტეილებიც იქნება და უარესიც, ალბათ… http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25174937

2 დეკემბერი – 00:25
თუ ტანკები მართლა მოდის კიევისაკენ, ეს იმას ამტკიცებს, რასაც ვამბობდი.
ეს რევოლუცია იმიტირებულ სპექტაკლს ჰგავს – 45 მილიონიან ქვეყანაში 3,000 კაციანი მიტინგი არ იღებს პრეზიდენტის სასახლეს, თუ ეს ყველაფერი დადგმული არაა.
მოლოტოვის კოქტეილებით “შეშინებულ იანუკოვიჩს” ტანკები შემოჰყავს ქალაქში? D:D
ბარემ ყინწვისის შეთქმულების და “ზილის” ზღაპრებიც მოჰყვნენ…

საინტერესოა, იგივე ევროპელები, რომლებიც 26 მაისის მერეც სააკაშვილის “პროგრესულობაზე” და “დემოკრატიულობაზე” გვაბოლებდნენ – ლისეკი, ბილდტი, ევროპის სახალხო პარტია და სხვები, და მიშას დადგმულ სპექტაკლებზე რომ კურცხლი სდიოდათ, ახლა როგორ აღშფოთდებიან…
D:D:D – ხალხია ცოდო… იმედია, უკრაინულ ოპოზიციას ეყოფა ჭკუა, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს ძლიერი საპროტესტო მუხტი ლოზუნგით – “ევროპაში – იანუკოვიჩის გარეშე!”

2 დეკემბერი, 01:29

მიმაჩნია, რომ კიევში მიმდინარე პროტესტი ევროპიდან არ იმართება!

ორი ვარიანტია – ან
1)საერთოდ არც იმართება და ქაოტური მრისხანებაა, რაც სრულიად გასაგებიც იქნებოდა ასეთი ფრუსტრაციის ფონზე, როცა ერთი კვირის წინ ყველას სჯეროდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უცილობელი ფაქტი იყო, ან –
2) თუ იმართება, სწორედაც რომ პუტინისაგან იმართება!

ამ ბოლო ვერსიას ორი ქვევარიანტი აქვს –
2ა) – პუტინი ამას იანუკოვიჩის ხელით მართავს და ეს ყველაფერი იანუკოვიჩის ხელისუფლების გასამყარებლადაა, ან
2ბ) – პუტინი ამას იანუკოვიჩის გადმოსაყუდებლად, და უფრო მეტად კი – უკრაინის ორად გასახლეჩად აკეთებს, რათა “ნიღაბი” ისე ჩამოიგლიჯოს, რომ 2008 წელს გამოჩენილი სიფათი ბავშვურ ღიმილად მოეჩვენოს ყველას მსოფლიოში!

თუ ეს ასეა – ძალიან დიდ ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ აქამდე გამოსდიოდა, და გასაგებია, რომ ვისაც გამოსდის, იმას თავს გასდის!
ძალიან მეეჭვება, დღეს ჭკუათმყოფელ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იანუკოვიჩის რევოლუციური გადმოგდება ჰქონდეს ერთადერთ და სსასწრაფო ნატვრად… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში სპეციალური მე-5 კოლონა არ ჭირდება. იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედაც რომ პრორუსულია და ეკონომიურადაც ჭიპლარითაა მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე. ხოლო უკრაინის ეკონომიკის 2/3, თუ მეტი არა, სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაზე მოდის…


მედიაკოკონა


BIDZINA3

ვაჰ, მედიავ, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა…
—————————————————–
მართლაც რა არის მედია? საიდან მოდის და სად მიდის??

როგორი უნდა იყოს? რას უნდა გვიამბობდეს? უნდა გვაფხიზლებდეს თუ უნდა გვაგიჟებდეს? თუ „ნანას“ უნდა გვიმღერდეს და შაქარყინულივით გვატკბობდეს?

სინამდვილეში ჩვენ ეს არ ვიცით.
ვიცით, რომ მედია უნდა ასახავდეს სიმართლეს!
ადვილი სათქმელია! და რომელ სიმართლეს, მაპატიეთ?

განა ეკა კვესიტაძის სიმართლე როდესმე რამეთი დაემსგავსება ნინო ჟიჟილაშვილის სიმართლეს? განა როდესმე ერთ ტემბრში და ერთნაირი არგუმენტებით მოჰყვებიან სიმართლეს თამარა ჩერგოლეიშვილი და ია ანთაძე?
მედია უნდა იყოს ხალხის – საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე! სწორია!.. მაგრამ სად გადიოდა ეს საზოგადოების ინტერესების სადარაჯო 2003-ში? 2004-ში? 2005-ში? 2006-ში? 2007-ში? 2008-ში? 2009-ში? 2010-ში? 2011-ში?
და ვინ ავლებდა ამ სადარაჯოს წრფეს? – ინგა გრიგოლია თუ ნანა ლეჟავა? თუ – ნანუკა ჟორჟოლიანი?

და თუ ვინმეს აკრიტიკებს მედია – ვინც არ უნდა იყოს ეს კრიტიკის ობიექტი – რომელიმე ყოფილი ფუნქციონერი იქნება, თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, აქვს თუ არა ამ პიროვნებას კრიტიკაზე პასუხის უფლება? რა თქმა უნდა აქვს! სხვანაირად ხომ გამოვა, რომ მედია კი არა, რელიგიური დოგმა ყოფილა?!
და თუ აქვს კრიტიკაზე პასუხის უფლება, როგორ უნდა გამოიყენოს ეს უფლება – იგნორი ჰქმნას? კონკრეტული დამრღვევის მიმართ სასამართლოს მიმართოს? თუ უბრალოდ განაცხადოს, რომ ეს და ეს კრიტიკა არ იყო არგუმენტირებული და მომავალში მაინც ნუ გააკეთებთ ასეო?

გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვას ვაპირებ და ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა სწორი ფორმატის არჩევნად მიმაჩნია?

ცდებით…

მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს (და არამოქალაქესაც) აქვს უფლება კრიტიკაზე არგუმენტაცია მოითხოვოს, თავისი კონტრარგუმენტაცია მოიშველიოს, თუ საჭიროდ მიიჩნევს – სტატია გამოაქვეყნოს, და თუ გადაწყვეტს – სასამართლოშიც იჩივლოს.

მაგრამ ის, რაც დღეს ვიხილე, ჩემი აზრით არ იყო სწორი არჩევანი.

როდესაც ვინმეს ხელისუფლება გააჩნია, მას მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს კიდეც. და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისი ნაბიჯები არ (და ვერ!) შეფასდეს ზეწოლად, ანგარიშსწორებად, დაშინების მცდელობად, კრიტიკის ჩახშობად, პირის აკვრად და მედიის კონტროლად! ამიტომ, რამდენადაც საქმე არა საშუალო რანგის ყოფილ ფუნქციონერს, არამედ მოქმედ პრემიერ-მინისტრს ეხება, ნამდვილად აჯობებდა, ეს შეხვედრა ან საერთოდ არ ყოფილიყო, ან პრემიერის რეზიდენციაში მაინც არ ყოფილიყო. აბსოლუტურად უნდა გამორიცხულიყო იმის მინიშნებაც კი, რომ პრემიერ-მინისტრი უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს, თუ მედია ნაკლებს გააკრიტიკებდა მას და მთავრობას, მეტ კარგს დაწერდა და ქებით მოიხსენიებდა.
მედია ნამდვილად არ არის კეთილშობილ ქალთა პანსიონი და სადაც მედია იქცევა ისე, როგორც კეთილშობილ ქალთა პანსიონი, იქ ხშირად უკვე საკმაოდ რესპექტაბელური ბორდელია ჩამოყალიბებული.

რატომღაც მგონია, რომ პრემიერის დღევანდელი შეხვედრა უფრო მომგებიანი სწორედ იმ ჟურნალისტებისათვის აღმოჩნდა, ვისაც პრემიერმა დიდი დრო დაუთმო. ჩემი აზრით, ინგა გრიგოლიას საკმაოდ შეფერთხილმა რეიტინგმა სერიოზულად იმატა დღეს და ქ-ნი ინგა დღევანდელი შეხვედრიდან მაქსიმალურად გამოწურავს დივიდენდებს. თორემ აგერა ხართ თქვენ და აგერაა ინგაც!..

პრემიერ-მინისტრის მხრიდან საუკეთესო დაცვა და პრევენციაც არა დღევანდელი შეხვედრა, არამედ ის მინისტრები იყო, ვინც უკვე იყო დვანსა და დიცშიც და ვინც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ხშირად გამოჩნდება მომავალში. პრემიერის საუკეთესო თავდაცვა იქნება არა ნინო ჯანგირაშვილის ეკონომიკური ცოდნის პირადად შემოწმება, არამედ ეკონომიკის სფეროში წინგადადგმული ნაბიჯები – როგორც ინვესტიციების მხრივ, ასევე, ამ ინვესტიციების კარგად და კონკრეტულად გაშუქების მხრივ! თუ არ მოგვწონს, რას წერს მედია მთავრობის საქმიანობაზე, მოდით, ისიც ვიკითხოთ, რამდენ პრეს-რელიზს აწვდიან შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები მედიას? სადაც სამინისტროს ოფიციალური პირები მედიასთან რეგულარულად ურთიერთობენ, დავიჯერო, იმ სამინისტროების შესახებაც არავითარი პოზიტიური ნიუსი არ ვრცელდება? თუ მიხეილ სააკაშვილის მთავარი იდეოლოგ-პროპაგანდისტი თამარა ჩერგოლეიშვილი ახერხებს, რომ საელჩოებს, დიპლომატებს, ბიზნესმენებს ინგლისურენოვანი შხამიანი „ტაბულა“ ციმციმ მიართვას, პრემიერ-მინისტრის აპარატის შესაბამისი სამსხური ვერ უნდა ახერხებდეს ყოველკვირეული ინგლისურენოვანი დაიჯესტის გამოშვებას და გავრცელებას? მართალია, ბოლო 2 თვეა ასეთ დაიჯესტს – CGS Group Weekly Report on Georgia/Caucasus მე პირადად უკვე ვღებულობ ელექტრონული ფოსტით ყოველ სამშაბათს, მაგრამ ეს მაინც არ არის მთავრობის ოფიციალური ორგანო, და თან არაა გამორიცხული, რომ სხვა პრობლემაც იყოს – ახლა უკვე ინგლისურად კი არის, მაგრამ ქართულად თუ იღებს ანალოგიურ დაიჯესტს ქართული მედია?

პრემიერ-მინისტრის აპარატი ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს აერთიანებს, რომელთაც მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ – ნათია ლაზაშვილი, კოკა ყანდიაშვილი, თამარ ჩუგოშვილი… დავიჯერო, ისინი უფრო უმტკივნეულოდ არ მიიტანდნენ ივანიშვილის გულისტკივილს და სათქმელს ქართული პოლიტიკური ტელემედიის წარმომადგენლებთან?

არ ვიცი, ხელმძღვანელობს თუ არა ბატონი ბიძინა ნაპოლეონის დევიზით – „თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთეო“, მაგრამ ვშიშობ, ეს ფრაზა დღეს აქსიომად კი არა, აფორიზმადაც უკვე ძნელად თუ ჩაითვლება.

==================================

მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ არ მითქვამს, რომ ამ შეხვედრაზე მედია უპირობო გამარჯვებულად, ან უპირობოდ მართალ მხარედ მიმაჩნია…
სამწუხაროდ, დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული მედია და, კერძოდ ტელემედია, მათი წარმომადგენლების დიდი ნაწილის სახით, საკმაოდ მწყრალადაა თავის წილი პასუხისმგებლობის აღებაზე და გაღმა შედავება მიაჩნია საუკეთესო თავდაცვად. თუ პროფესიონალიზმის ხშირ დეფიციტსაც გავითვალისწინებთ, და იმასაც, რომ კრიტიკის არგუმენტაციის თაობაზე თხოვნა საკმაოდ ლოგიკურია, და ისიც, რომ მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენელი რესპოდენტის ჩაწერა ვერ ჩაითვლება ჟურნალისტურ სტანდარტად… მოკლედ, საკრიტიკო ნამდვილად შეიძლება ბევრი მოინახოს ქართველი ჟურნალისტების მიმართ…
და აბა, ურნალისტებზე რაღა უნდა ითქვას?! და იმ შეხვედრაზე რამდენიმე ტიპური და შეფარული ურნალისტიც იყო. და ზოგიერთები კიდე როგორ უდროოდ დააკლდნენ ახლახანს…

თუ პრემიერის მხრიდან ცოტა უხერხულიც იყო თავის თავზე რამდენჯერმე გამეორებული ფრაზა იმაზე, როგორ რისკზე და პოტენციურ მსხვერპლზე წავიდა იგი, როცა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება (თავადაც აღნიშნა ეს უხერხულობა), ჟურნალისტების მხრიდან მართლაც ცოტა უმადურობას ჰგავს ამ ფაქტის სრული იგნორირება.

თუ პრემიერის მხრიდან ტონი მიუღებელი იყო და მართლაც გამოსჭვივოდა სურვილი იმისა, რომ ასწავლოს ჟურნალისტებს, სად, რა და როგორ თქვან, და როგორი არგუმენტები მოიყვანონ (ვიმეორებ, რომ არა ივანიშვილის სტატუსი, ეს შეიძლება არც ისე მიუღებელი ყოფილიყო საკუთარი კრიტიკით გაღიზიანებული რიგითი მოქალაქის მხრიდან), ასევე ნაკლებად მისაღები მგონია ჟურნალისტების მხრიდან პრემიერისათვის იმის კატეგორიული ტონით რჩევა, როდის და სად უნდა ჩავიდეს.

თუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შეთავაზებულ შეხვედრას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში განიხილავენ, რატომ არ იხსენებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ დიდ ნაწილს (რამდენიმე რჩეული ურნალისტის გარდა), წლების განმავლობაში არამცთუ არ შეხვედრია, საერთოდ წერილობითი ურთიერთობის სურვილიც არ გასჩენია! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გულწრფელად გამოხატული ჭკუის დარიგება აღმაშფოთებლად მიაჩნიათ, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კარგად შენიღბულ, მაგრამ ყველასთვის გასაგებ ტვინების გასწორებაზე დუმდნენ, დუმდნენ იმაზე, ნაცმოძრაობის რეჟიმმა როგორ მოსპო და მიითვისა 12-დან 11 დამოუკიდებელი ტელევიზია, როგორ დახურა უამრავი გაზეთი და ჟურნალი, როგორ და რატომ დაარბიეს „იმედი“, რა გაუკეთეს ვახო კომახიძეს, როგორ ებრძოდნენ „მაესტროს“, „ბათუმელებს“, „პალიტრას“… – ნუთუ მართლა ვერ ხვდებიან, რა საოცრად მარაზმატულია ასეთი ორმაგი სტანდარტი, რომელიც უფლებას გაძლევს დაუსრულებლად აკრიტიკო ის, ვინც ადამიანად გთვლის, მაშინ როცა 10 წელი ელაქუცებოდი და შესციცინებდი მას, ვინც ძაღლადაც არ გაგდებდა? რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, თუმცა ის, რომ ზოგადად მედიის და ცალკეული ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხიც და პირშიმთქმელობაც შესამჩნევად გაიზარდა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ეს ეჭვს არ იწვევს.

მოკლედ, ეს სახელიც სწორედ ამიტომ ავირჩიე ამ სტატიისთვის.
„მედიაკოკონა“ იმ ჭიაკოკონობას ვუწოდე, რაც დღეს პრემიერის და ჟურნალისტების ერთობლივი მეცადინეობით ვიხილეთ.

პრემიერს დაავიწყდა, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქე კი არა, პრემიერია. და მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელობაც და საკუთარი ღირსების განცდაც აძლევს უფლებას, რომ მისი მაკრიტიკებელ ჟურნალისტებს არგუმენტაცია მოთხოვოს და კორექტულობა თხოვოს, სწორედ მისი პრემიერობის სტატუსი უზღუდავს ამ შანსს, რადგან თმენის მეტი ვალდებულებაც აქვს და თან ძალიან ადვილია, რომ მავანმა ეს შინ და გარეთ მის მიერ მედიაკონტროლად და ცენზურის მცდელობად წარმოაჩინოს. ეჭვი არ მეპარება, რომ თამარა ჩერგოლეიშვილის „ტაბულა“ უკვე გამალებული მუშაობს ამ „გაცდენილი“ შეხვედრის ინგლისური ტიტრებით გამდიდრებაზე და მთელ მსოფლიოში „გამოფენაზე“. ამ მხრივ, პოტენციური ზიანი პრემიერისათვის თვალსაჩინოა.

ჟურნალისტებს დაავიწყდათ, რომ ისინიც არ არიან უნაკლო ანგელოზები. რომ მათაც აქვთ თმენის ვალდებულება, როცა აკრიტიკებენ. რომ თუ პრემიერის მხრიდან იყო ეს ცოტა უცნაური ფორმატი, თავად კრიტიკის საგანი სულაც არ იყო ხელწამოსაკრავი… და რომ ქართულ საზოგადოებას შეიძლება მათ მიმართაც ჰქონდეს კითხვები იმაზე, რამდენად მომზადებულები არიან ისინი, რამდენად სწორედ და დაკვირვებით არჩევენ არგუმენტებს თუ კვალიფიციურ რესპოდენტებს, რამდენად სუფთაა მათი წარსული ან აწმყო, და როგორ სწორად ესმით მათ მედიის როლი და მოვალეობა (არა მარტო უფლებები!).

მედიაკოკონის კიდევ უფრო გაღვივების შედეგი შეიძლება ორგვარი იყოს:
ა) თუ მედია კიდევ უფრო მეტი დაჟინებით გააგრძელებს ივანიშვილის მთავრობის კრიტიკას, იმ ფონზე, როცა კოჰაბიტაციის და უსასრულოდ გადადებული სამართლის ასრულების პირობებში ნაციონალების კრიტიკა უკვე მინავლდა და აღარც იმდენად აინტერესებს საზოგადოებას, ხოლო ნინო ბურჯანაძე სარგებლობს იმით, რომ იგი ლამის ერთადერთი არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მხოლოდ კითხვები აქვს დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ, და პასუხს კი მხოლოდ 5 წლის წინანდელ და ადრინდელ წარსულზე თუ თხოვენ, ამას შეიძლება ის შედეგი მოჰყვეს, რომ მედია სულ უფრო მეტად დაასხამს წყალს ბურჯანაძის წისქვილზე და მის შანსებს გაზრდის. ამის ბოლო კი ის შეიძლება იყოს, რომ ბურჯანაძე თუ პრეზიდენტი გახდება, ივანიშვილი დაპირებისამებრ თავის ვალდებულებებს მოიხსნის, სულაც წავა საქართველოდან და ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე სიტუაციაში მყოფი საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ახალ ტალღაზე “გადატეხავს” ეკონომიკურ პრობლემებს. ჟურნალისტების სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში დღევანდელი პირობები და თავისუფლების დონე შეიძლება მოენატროთ.

ბ) თუ მედია (მიუხედავად დღევანდელი მედგარი წინააღმდეგობისა), მართლაც ხმას ჩაიგდებს, მორჩილ კეთილშობილ ქალთა პანსიონად იქცევა, ხელისუფლების ქება-დიდებას გაიხდის ხელობად, მაშინ ეს მთავრობაც ისევე შეიძლება გატუტუცდეს, როგორც ნაცმოძები და ეს იგივე დიქტატურამდე მიგვიყვანს, რომელსაც ქართველი ხალხი, გაჭირვებით მაგრამ მაინც ისევე (ან – უფრო უარესადაც მოიშორებს), როგორც ეს ნაცმოძრაობის მიმართ უკვე გაუკეთებია.

გამოსავალი კი ისაა, რასაც დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში დიდი ხანია, მიხვდნენ – მთავრობა მედიას არ უნდა ტუქსავდეს, მაგრამ მედია საკუთარი პროფესიონალიზმის, ეთიკურობის და სტანდარტების ამაღლებაზე თავად უნდა ზრუნავდეს, და თავად უნდა ცდილობდეს სარეველებისაგან განთავისუფლებასაც. მთავრობას ისევე ძალიან სჭირდება კრიტიკული და ფხიზელი მედია, როგორც მედიას – დისტანცირებული და არადამპურებელი, სამართლიანი და პროფესიონალი მთავრობა. სწორედ ასეთი გრილ-გესლიანი, მაგრამ კორექტული თანამშრომლობაა იმის საწინდარი, რომ საზოგადოება ჯანსაღი იყოს და განვითარდეს.

არაა ეს ადვილი! არცერთი მხრიდან არაა!
მაგრამ სხვა გზაც რომ არაა?!

P.S. კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო – დღევანდელი დებატების უშუალო, მოკლევადიანი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ივანიშვილზე კიდევ რამდენიმე კრიტიკული სტატია დაიწერება დასავლეთში, სამაგიეროდ, მისი რეიტინგი მოიმატებს საქართველოში :)


უცნაური არჩევნები


ბიძინა-მარგველა1
I. ოპტიმისტური სტარტი.
ერთი წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა ობიექტურად სრულიად მოსალოდნელი და პოლიტიკურად სავსებით მოულოდნელი „ძლევაი საკვირველი“ მოახდინეს, თითქმის ყველა პოლიტოლოგმა – შინაურმა თუ გარეულმა – განაცხადა, რომ ამით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც უკვე გაირკვა – „ქართული ოცნების“ კანდიდატი (სავარაუდოდ, მაშინ ირაკლი ალასანია ან ვახტანგ ხმალაძე სახელდებოდნენ), თითქმის ყველა ობიექტური ექსპერტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებდა.
მართალია, გარკვეული ეჭვები არსებობდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებდა კონსტიტუციური რევანშის არცთუ უსაფუძვლო შანსს. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2013 წლის გაზაფხულზე, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარებმა თავადაც მისცეს ხმა იმ საკონსტიტუციო ნორმის გაუქმებას, რომლის წყალობით პრეზიდენტს ერთდროულად პარლამენტის და მთავრობის დათხოვნაც და ერთპიროვნულად მთავრობის დანიშვნა შეეძლო, ფართოდ დაანონსებულმა და ნაცმოძებისათვის სანუკვარ-სანატრელმა ოპერაცია „აპრილმა“ ჩაილურის წყალი დალია. იმის ფონზე, როგორ „მოსვა“ ივანიშვილმა სააკაშვილიც და უგულავაც, და როგორ ჩასვეს წინასწარ პატიმრობაში ახალაიაც და მერაბიშვილიც, როგორ ნება-ნება ხდებოდა რიგრიგობით პრეზიდენტის ნებისმიერი ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, როგორ იშლებოდა და იფშვნებოდა ნაცმოძრაობის ფრაქცია და ადგილობრივი თვითმმართველობები, და როგორ თანდათან სუსტდებოდა სააკაშვილის უცხოელ დამცველთა მოძახილის ძალა და კოჰერენტულობა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც 2013 წლის ზაფხულის დასაწყისში შეიქმნა იმის განცდა, რომ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში „ქართული ოცნების“ ტრიუმვირატის (პრეზიდენტი-პრემიერ-მინისტრი-პარლამენტის თავ-რე) მმართველობა რეალობად იქცეოდა.
მართალია, გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ პრეზიდენტის პოსტზე ძალიან ბევრი დააბნია, მაგრამ მე პირადად, არ გამკვირვებია, რადგან ამ ადამიანის უნარ-ჩვევებში კარგად ჩანდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ხედვა იმაზე, თუ როგორი წარმოედგინა მას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, და რაც მთავარია, ეს ხედვა არცთუ შორს იდგა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ძლევამოსილი პრეზიდენტის როლის და უფლებამოსილებების შესუსტების იმ ვექტორისაგან, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის საკონსტიტუციო რეფორმაში ჩაიდო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერ-მინისტრის არნახული უფლებამოსილებების შეკვეცით, კიდევ უფრო გააძლიერა.

II. შეფერხებები

მაგრამ მოვლენების განვითარების თითქოსდა მწყობრი სისტემა 2013 წლის მაისის შემდეგ თანდათან სერიოზულად შეფერხდა. ამის მიზეზები რამდენიმეა:
1) საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ძალების სრული მობილიზაცია მოახდინა დესტრუქციული პი-არ-ის თუ ქმედებების განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის თითოეული გამოსვლა, ჟესტი, სიტყვა, თუ ღონისძიება მიმართულია ერთი კონკრეტული მიზნისაკენ – რომ მსოფლიოში შექმნას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნეგატიური სახე. პიროვნება, რომლის რეჟიმის პირობებში მასიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ურცხვად ლაპარაკობს გაცილებით ნაკლები სიმძიმის და სიხშირის დარღვევებზე დღევანდელ საქართველოში. მას და მის დამქაშებს არ ეპრობლემებათ ილაპარაკონ არც საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალების ერთადერთ ფაქტზე, რადგან ეს ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების ოდნავ ნაგვიანევი, მაგრამ ობიექტური გამოძიების წყალობით დადასტურებულია, მაშინ როცა სააკაშვილის დროს ყოველწლიურად ციხეებში მრავალი პატიმრის გარდაცვალება (2007 – 92, 2008 – 90, 2009 – 90, 2010- 144, 2011 – 132, 2012 – 63, 2013 – 16!), მათ შორის მრავალი ისეთი, როცა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები სახეზე იყო, დღესაც გამოუძიებელი რჩება, რომ არაფერი ვთქვათ პატიმართა სადისტური წამების და გაუპატიურების დადასტურებულ ფაქტებზე ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება უამრავ ბიზნესმენს აშინებდა და ციხეში სვამდა, ფაქტიურად ატყავებდა და ბიუჯეტში საკუთარი ქონების დათმობას, ან მუქარისქვეშ ინვესტირებას აიძულებდა, და რომელმაც 2012 წლის ბოლოს 2013 წლის მოგების გადასახადი – დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წინასწარ საკუთარი ხელისუფლებისათვის გადაახდევინა მეწარმეებს (რითაც იმავე ერთი მილიარდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის 2013 წლის საბიუჯეტო შემოსავლები შეამცირა!), დღეს უტიფრად ლაპარაკობს იმაზე, რომ ინვესტირების და ეკონომიკური ზრდის ტემპები და სტატისტიკური მაჩვენებლები, თურმე, გაუარესდა!.. დღეს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი ცილისმწამებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია…
2) ხოლო ამ დროს საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, სწორედ ამ მაოხრებელ გზირთან კოჰაბიტაციის რეჟიმის ერთგული დარჩეს. აბსოლუტურად მარაზმატული ჩანს დასავლეთის მხრიდან უკვე თითქმის გამჭვირვალედ გამოჩენილი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგეს. ევროპის სახალხო პარტია და სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ წარსულში დაქირავებული კონსულტანტები (კარლ ბილდტი, არიელ კოენი, კშიშტოფ ლისეკი და სხვები) ურცხვად ითხოვენ, რომ შეწყდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკოსების „დევნა“, და ლამის მზად არიან საქართველოში მართლმსაჯულების ასრულებაზე საერთოდ მორატორიუმი მოითხოვონ.
3) ამას დავამატოთ სასამართლოების დამოუკიდებლობის შენარჩუნების იმპერატიული სურვილი და ის გზა, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლება წავიდა, როდესაც თავისი ნებით უარი თქვა აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო ვერტიკალის მსხვრევაზე. ამის გამო, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს დღესაც იგივე ადამიანები მართავენ, ვინც ნაცმოძრაობის დროს რეჟიმის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის „გაპრავების“ და სამართლის დასაფლავების შემოქმედებად გვევლინებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებისთვის პირველი სერიოზული იმედგაცრუება სწორედ სასამართლო რეფორმის სათავეში კუბლაშვილის და მეიშვილის დარჩენამ გამოიწვია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ახალი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისათვის მიცემულ უპირველეს პირობას სწორედ სამართლის აღდგენა შეადგენდა. ახლა კი გამოდის, რომ ამ პირობის შესრულების გარანტი იგივე პირებით დაკომპლექტებული სასამართლოა, რომელიც აქამდე, ნაცმოძების მონური ერთგულების გარდა, არაფრით გამოირჩეოდა.
4) პოლიციის და პროკურატურის კადრები (საშუალო დონეს ვგულისხმობ) 80-90%-ით ასევე იმავე პირებითაა წარმოდგენილი, ვინც, ლამის ათი წელია, საზოგადოების მიმართ რეპრესიული მანქანის აქტიური წევრი თუ არა, კარგად გაზეთილი ჭანჭიკი მაინც იყო. ხშირია შემთხვევა, როცა ნაციონალური ეპოქის მსხვერპლი პირები საკუთარი უფლებების აღსადგენად საჩივარს სწორედ იმავე ადამიანებს აბარებენ, გაოგნებულნი, ვისაც ამ საჩივრებში უჩივიან.
5) საქართველოში მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას ადგილებზე ხელისუფლებასთან ასოცირებული პირების დასრიალება და გამარჯვებულ ოპოზიციის რიგებიდან მოსული ახალი სახეების „ასრიალება“ მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად ნაცმოძრაობის ლიდერების აღშფოთებებისა და მათი ევროპელი მხარდამჭერების შეშფოთებებისა – ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე მასობრივი ცვლილებების შესახებ, – რაც მათ მიერ ლამის „ქართული ოცნების“ ფანატასტიური ზეწოლის შედეგად აღიქმება და პიარდება, ამ დონეზე ცვლილებები მაინცდამაინც არ ჰგავს წინა შემთხვევებში მომხდარ გადაადგილებებს. მართალია, ბევრ რაიონსა (დაახლოებით 40%) და სოფელში მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა და ათობით ადამიანმა საოცარი სინქრონულობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ საინტერესოა, რომ ასევე ძალიან ბევრ რაიონსა და სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებაში, პირიქით, ახალი სახეები კი არ მოსულან, არამედ ადგილობრივმა ნაცებმა უცებ გაიძვრეს გველის პერანგი, და ცხვრის ქურქები მოისხეს! ადგილებზე, ზოგან მაინც, ნაცმოძების „გაოცნებება“ მართლაც შთამბეჭდავად მიდის. ამის მაგალითია თბილისის საკრებულოც, სადაც ყოფილი ხელისუფლების ადეპტები დღეს თავისი დახვეწილი რენეგატობის წყალობით ისევ ინარჩუნებენ ადგილებს, პრივილეგიებს, გავლენას, ხელფასს, და უკვე ანტინაცმოძური ლოზუნგებით ცდილობენ მზის ქვეშ ჩვეული ადგილის გამყარებას. ამან სერიოზულად შეარყია როგორც ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებში საკაშვილის და ნაცმოძრაობის დასაყრდენი, ასევე – ადგილობრივ მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეპუტაცია. “ოცნების” აქტივისტები, რომლებიც გურიასა და სამეგრელოში არჩევნების წინ ნაცმოძების, პოლიციის და ზონდერების მძიმე წნეხს უძლებდნენ, გაოცებულები დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ ისტორიული ანალოგიისგან განსხვავებით, ადგილები და გავლენა მათ კი არ შეხვდათ, არამედ სწორედ მათ გუშინდელ მჩაგვრელებს, რომლებმაც ხელის სისწრაფის წყალობით ყვერყვარე თუთაბერივით უცებ დააძვრეს სეიფებიდან ახალი დროშები, ხოლო ძველი საგულდაგულოდ შეინახეს – „რა იცი, რა ხდება“ მოტივით.
6) დაბოლოს, პრემიერ-მინისტრის უკვე არჩევნებამდე გაცხადებული და ბოლო დროს სულ უფრო მოხშირებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავის პოსტს დატოვებს და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის თითქმის ისევე ძნელად გასაგები და დამაბნეველი აღმოჩნდა, როგორც დასავლელი პოლიტიკოსებისათვის.

ზემოთდასახელებულ თითქმის ყველა მოვლენაში (ისევე როგორც ნაცმოძრაობის მიერ ლამის 100%-ით პრივატიზირებული უმაღლესი განათლების, საავადმყოფოების, სადაზღვევო კომპანიების თუ ბიზნესის წინა ხელისუფლების ლიდერებისა და დამქაშებისათვის სწრაფი ტემპებით ჩამორთმევაზე უარის თქმაში) არ შეიძლება მხოლოდ საზოგაგადოების იმედგაცრუების მიზეზები და ნეგატიური ასპექტები დავინახოთ! პრემიერ-მინისტრის ბოლო პრეს-კონფერენციაზე ა.წ. 4 სექტემბერს ხაზი გაესვა იმას, რომ ეს ხშირად არა უღონობის ნიშანი, არამედ შეგნებული არჩევანი და სამართლიანობის უსამართლო გზით აღდგენაზე ნებელობითი უარის თქმაა!
მართლაც და, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ალბათ, არამცთუ გაგებით, არამედ ენთუზიაზმითაც კი მოეკიდებოდა არჩევნების მოგების შემდეგ ნაცმოძრაობის ლიდერების ხაზგასმულად აფიშირებულ ჩაყრას ციხეებში და რამდენიმე კვირაში მათგან სატელევიზიო აღიარებების ხილვას. უსამართლო სასამართლოს ვაი-მესვეურების გამოყრაც სასამართლოებიდან ბევრი ჩვენთაგანისათვის, სავარაუდოდ, სამართლის მიერ პურის სწრაფი და ენერგიული ჭამის დასტური გახდებოდა. და სოფლების მოსახლეობაც თავისი ნაცმოელი მამასახლისების 10-წლიანი გაზულუქებული და ცინიკური გატყავების შემდეგ სიამოვნებით მოიფშვნეტდა ხელებს დასრიალებული მესვეურების ოჯახების სიმწარის შემხედვარე…

მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უკვე ბევრჯერ ვნახეთ?..
და ეს ყველაფერი არასოდეს დასრულებულა სიმართლის გამარჯვებით.
ყველაფერი „ძირს ნიკოლოზ! მაღლა მუშა!“ ლოზუნგის მსგავსად მხოლოდ ერთი ტიპის ავტორიტარიზმის მეორეთი შეცვლით მთავრდებოდა.

ამიტომ, საკუთარ თავსაც ძალიან ხშირად ვიჭერ იმაზე, როგორ მიჭირს მოუთმენლობის და იმედგაცრუების მოთოკვა და იმის სწორად დანახვა, რომ უსამართლობა უსამართლობით თუ დაამარცხე, ეს მხოლოდ ახალი უსამართლობის დასაწყისი იქნება და არაფერი უკეთესი.
ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია – არც ყველაფრის მიტევება იქნება სწორი და არც ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისგების მაძიებლობა.

III. წასვლა-არწასვლის შუქ-ჩრდილები

ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება და ითქმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ნაბიჯით ქართული ხელისუფლების ლიდერი, მართლაც, მსოფლიოს აკვირვებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკაში გაკვირვება კი არა, გამარჯვებაა მთავარი. და პოლიტიკა, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ კონსერვატიული რამ არის – ძალიან ბევრი დამწყები პოლიტიკოსი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეუფასებიათ, ხოლო ზოგი აღიარებული მეტრი (ჰინდენბურგი, ჩემბერლენი) ბოლოს კატასტროფული შეცდომების ავტორებად დარჩენილან ისტორიაში.
რა თქმა უნდა, სავსებით გასაგებია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ წავიდეს პოლიტიკიდან. ამაზე მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა. აი, რას სწერდა ია ანთაძე 2011 წლის დეკემბერში თავის ბლოგში „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა“:
„ჩემი აზრით, ღირსეულად წასვლის შანსი ახლა მხოლოდ მომავალ ლიდერს აქვს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა წინამორბედების მთავარი შეცდომა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამიტომ დაიწყო წასვლის ვადის განსაზღვრით – ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებას დავტოვებ და ოპოზიციაში გადავალო. მხოლოდ იმ ლიდერს (ივანიშვილს ან სხვას), რომელიც პირველი პირის პოსტს და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭება, შეუძლია, დაუშვას და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ორ-სამ წელიწადში ქვეყნის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თამაშის ახალი წესების შემოღება ნამდვილად მოესწრება.“
პრემიერის ამ, გარკვეულად გასაგებ და საკმაოდ დიდი ხნით ადრე ანონსირებულ, სურვილს დიდი ალიაქოთი მოჰყვა, რომელშიც ისმის როგორც შეშფოთება-აღშფოთების, ასევე აღფრთოვანების ნოტები, თუმცა იმედგაცრუება და „რა გვეშველება!“ სჭარბობს.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:
სახლში რომ ყაჩაღები მიჭროდნენ მავანს, გაეკოჭათ ოჯახის წევრები, ეწამებინათ, სუფრა გაემართათ ამათ ზურგებზე და ღრეობა დაეწყოთ. მოსულიყო ოჯახის მეზობელი, რომელიც ამ უბედურებას არ განერიდა, ეს ყაჩაღები იქედან გაეყარა და ოჯახი გაენთავისუფლებინა.
ჰოდა, ახლა ამ ოჯახის თავმა რომ დაუჟინოს გადამრჩენ მეზობელს – არ გაბედო, შენი ჭირიმე, აქედან წასვლა, აქ უნდა დარჩე და როგორც ახლა დამიცავი, ისე უნდა დამიცვა კიდევ ოთხი წელიო (ან – მთელი სიცოცხლეო)!..

გვითხრა ამ ადამიანმა მოსვლისთანავე – mission impossible-ზე ვარ მოსული და რომ გადაგარჩენთ ქაჯებისგან, მერე წავალო… ჩვენ კი ვერ მოგვინელებია, რომ მიწიერი სამოთხის აშენებამდე არ დარჩა პოსტზე!
ყველაზე მარაზმი კი ისაა, ის ყაჩაღები და მათი მოყვრები რომ იძახიან გაწიწმატებით – ახლა მაგის წასვლა უპასუხისმგებლო გაქცევააო!!!
მოკლედ, “მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა ჩვენი ნებააო!” – ისეა, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ამბავი!
– „უნდა გვიპატრონოს, აპა რავა!“ – ისმის მესიებზე შეყვარებული საზოგადოების იმპერატიული სურვილი…
თუმცა რა გასაკვირია, აქამდე ყველა მოსულის გადაგდებაზე ვიყავით ორიენტირებული და ნებით წამსვლელი ხელისუფალი შოკში გვაგდებს – “მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევო” – იმ დევიზის თანახმად…

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს ადამიანური უფლება, წავიდეს.
გარდა იმისა, რომ უფლება აქვს, ეს ნაბიჯი ნამდვილად სერიოზულ პოტენციურ სარგებელს შეიცავს. წესით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს სარგებელი სერიოზული წონის და რესურსების მქონე და თავდაჯერებული ადამიანის საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლების და ამ სექტორის გაძლიერებისათვის ზრუნვის პოზიტიური ხასიათი. მართლაც, ქართული პოლიტიკური სპექტრის შედარებითი განუვითარებლობა (ბალტიისპირეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით) გადაჯაჭვულია სამოქალაქო საზოგადოების შედარებით სისუსტესთან. ამიტომ პარტიების გაძლიერება უნდა მოხდეს როგორც სწორი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების რეგულაციებით, ასევე – საზოგადოებრივი სექტორის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით. ამ მხრივ, ივანიშვილის მოსვლამ შეიძლება ქართული საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორი უცხოური ფონდებზე მკვეთრი დამოკიდებულებიდან გამოიყვანოს, რასაც გარკვეულწილად პოზიტიური ეფექტი ექნება და, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საზოგადოების დიდი ნაწილის ენჯეო სექტორისადმი, როგორც „უცხოური გავლენის დამნერგავი ერუდირებული კასტისადმი“ დამოკიდებულების გაჯანსაღებას.
თავისი ამ ძალიან არაორდინარული ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ტოვებს პოლიტიკას, როგორც სფეროს, რომელიც მას აშკარად არ მოსწონს, არამედ მართლაც საფუძველს აცლის შვარცის მზეჭაბუკის დრაკონად ქცევის და მესიანიზმის მდგრად ტენდენციას ქართულ პოლიტიკაში. გავიხსენოთ 2011 წლამდე პერიოდის ქართული პოლიტიკური სპექტრი – ლამის 80% ნაციონალური მოძრაობა და მისი გაბელადებული ქურუმი, დაახლოებით 10% ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ყასიდად გაშმაგებული და სინამდვილეში სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელიდან მსუყედ ნაკვები ფსევდოოპოზიციური სატელიტები, და დაახლოებით 10% რეალური ოპოზიცური ძალები, რომლებიც მხოლოდ მედია-სივრცეში არსებობდნენ, და არა ოფიციალურ პოლიტიკურ (საპარლამენტო, სამთავრობი, ადგილობრივი თვითმმართველობის) არენაზე. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მთავარი დანაპირები – ქართული პოლიტიკიდან უსამართლო და მიზანთროპი რეჟიმის მოშორების შესახებ – პირნათლად შეასრულა. ახლა ამ რეჟიმის ნარჩენებს პოლიტიკურ სპექტრში 40%-ზე ნაკლები უჭირავთ და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, 10%-საც ჩამოცდებიან. მაგრამ თუ მოხდება დარჩენილი 90%-ის შევსება მხოლოდ ერთპარტიული და ისევ ერთ ადამიანზე აწყობილი მონოლითით, ეს ადამიანი, რაგინდ პოლიტიკის მოძულე იყოს, და ეს პარტია, სულ რომ ნარჩევი დემოკრატებით იყოს დაკომპლექტებული, სავარაუდოდ, შეიძლება, მაინც იქცეს ახალ მესიად და პოლიტიკურ მონსტრად. ამდენად, პოლიტიკური ველიდან თავისი გასვლით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ სივრცეს ანთავისუფლებს და როგორც საკუთარი კოალიციის წევრებს – „ქართულ ოცნებას“, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს და სხვებს, ასევე – არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებსაც, ბურთს და მოედანს უტოვებს, რაც ნებისმიერი სხვა ანალოგიური რეპუტაციის ლიდერის შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელი იქნებოდა. ამაში ნამდვილად არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ზრდის და განვითარების სერიოზული შანსი.

მაგრამ, არა მარტო – ზრდის და განვითარების.

როგორც წინა ქვეთავის ელემენტების განხილვის დროს, აქაც უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს. და არ შეიძლება, მხოლოდ პროგრესულ ზრახვებზე და ევოლუციის უპირატესობაზე ვილაპარაკოთ, ისევე როგორც პირიქით. აქაც, რეალობაც არის გასათვალისწინებელი. და რეალობა ისაა, რომ როგორც არსებობს პრემიერის ადრე წასვლის სერიოზული პლიუსები, ასევე არსებობს სერიოზული კითხვები და ჩრდილები, რაც ამ წასვლას გააჩნია. და რომელთა ნიველირება ან იგნორირება გაუმართლებელი ფუფუნება შეიძლება აღმოჩნდეს:
– ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდხანს (მინიმუმ 22 წელი) იყო ერთპარტიული და ერთი კაცის სურვილებით მართული, კონსტიტუცია ჯერაც დაუხვეწავია, ინსტიტუციები – მყიფე და ჯერ კიდევ პოლიტიზირებული, ან – არცთუ კომპეტენტური კადრით დაკომპლექტებული და პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში მმართველობა – უცნობი ხილი.
– სამთავრობო სახელისუფლებო გუნდი, განსაკუთრებით – პარლამენტში, არ არის გამობრძმედილ თანამოაზრეთა გუნდი. იგი უფრო ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულების და შეხედულებების პოლიტიკოსების (და არცთუ-პოლიტიკოსების) ჯგუფია. პრემიერის წასვლის შემდეგ ამ ჯგუფის ერთიანობაც და ვექტორებიც საკითხავი შეიძლება გახდეს. გარკვეული აზრით, ჯობდა ეს ჯგუფები ცალკე სიებით არჩეულთა გამარჯვების შემდგომი გაერთიანებით შექმნილი კოალიცია ყოფილიყო, ვიდრე თავიდან კოალიციურად გამარჯვებული გუნდი, რომელსაც ახლა გამაერთიანებელი ლიდერი ეცლება.
– ქვეყნის საგარეო რისკები ძალიან მაღალია და არსებობს გარე ძალები, რომლებიც დიდი ხანია ერთანეთს უპირისპირდებიან საქართველოს საშინაო ფაქტორებზე და პოლიტიკურ ძალებზე გავლენის მოსაპოვებლად. თუ 1999 წლიდან ქვეყნის საგარეო ვექტორი მეტნაკლებად დასავლური იყო, დღეს რუსული ვექტორი ძლიერდება და ასეთ დროს სერიოზული ტრანსფორმაციული რისკები – ძლიერი პროდასავლელი ლიდერის გარეშე – შეიძლება გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის წასვლის გამოცხადებამ, როგორც გარე, ისე შიდა „პრორუსულ“ ძალებს შეიძლება სწრაფად და სერიოზულად გაუზარდოთ ამბიციებიც და აჟიოტაჟიც. საერთო ჯამში, მომავალში ალბათ ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილნი იქნებიან “პრორუსული” ძალები, მაგრამ ამჟამად მათი ქვეყნის სათავეში უეცარი მოსვლა ნამდვილად მიუღებლად მიმაჩნია მრავალი მიზეზის გამო, რომელთა განხილვას აქ არ შევუდგები.
– მიუხედავად მთავარი დაპირების ასრულებისა, და რიგი პოზიტიური ტენდენციებისა (პენსიების და მინიმალური ხელფასის მატება, საგარეო ვალის შემცირება, გლეხებისთვის დარიგებული სერიოზული ვაუჩერები, სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედება, ჯანდაცვის გაპარტახების შეჩერება, კომუნალური გადასახადების მცირე, მაგრამ მაინც შემცირება, აბსურდული მეგაპროექტების გაჩერება, მედიის განთავისუფლების დაწყება, პროკურატურის და პოლიციის დეპოლიტიზაცია, ეკონომიკური რეალიზმი და ეკონომიკის ხალხისაკენ შემობრუნება) ივანიშვილის ბევრი დაპირება ჯერ შეუსრულებელია. განსაკუთრებით სავალალო დღეშია ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება. სერიოზული მრეწველობა პრაქტიკულად გაჩანაგებულია. ინვესტორები ერთ წელზე მეტია ლოდინის რეჟიმში არიან, რომლის კიდევ გახანგრძლივება მძიმე გადასატანი იქნება ისედაც გართულებულ პოზიციაში მყოფი ეკონომიკისათვის.
– ქვეყანაში სამართლის სწრაფი აღდგენის ილუზიების გაფანტვის შემდეგ და გაცილებით ლიბერალური ხელისუფლების მოსვლის ფონზე, ჯერ მცირედ, მაგრამ მაინც, გაიზარდა ინდივიდუალური წესით სამართლის პოვნის სურვილიც და მიდრეკილებებიც, რამაც სავალალო ტენდენციის ხასიათი შეიძლება მიიღოს.
– პრემიერის პასუხები იმაზე, რომ იგი უეჭველად მიიჩნევს საკუთარი გუნდის წარმატებას, მაგრამ მათი წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში, წინააღმდეგობრივია. ხოლო მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ უსუფაშვილმაც კი ვერ დაანახა მას ვადაზე ადრე წასვლის გადაწყვეტილების პოტენციური რისკები – არადამაჯერებელი. ჩემთვის ეს იმდენად არა უსუფაშვილის სისუსტის მანიშნებელია, როგორც იმის, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა ამ შემთხვევაში მის მიერ არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას ხელს უშლის.
– პრემიერის მიერ სხვადასხვა დროს გაჟღერებული „პოლიტიკაში მობრუნების“ ვარიანტი დაზუსტებას მოითხოვს – როდის და რა შემთხვევაში ჩათვლის იგი შესაძლებლად დაბრუნებას და როგორ მოხდება ეს? მით უფრო, თუ იგი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ოფიციალურ პოსტზე ყოფნას, ან – პოლიტიკურ პროცესებზე კულუარული გავლენის შესაძლებლობას.
– რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში წასვლა ძალიან მომგებიანი ნაბიჯია, საქართველოს რეალობაში ამის გამგები და დამფასებელი ხალხი ჯერჯერობით აშკარა უმცირესობაშია. და, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი კი ამას პასუხისმგებლობიდან წასვლის მცდელობად ჩათვლის. მით უფრო, რომ როგორც ნაციონალები, ასევე არანაციონალი ოპონენტებიც (მათი პოზიციების გაძლიერების შემთხვევაში) სწორედ ამაზე აკეთებენ, ან მომავალში გააკეთებენ, აქცენტს.
– ყველაზე ახლო პერსპექტივაში კი, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე ადრე წასვლის გადაწყვეტილება, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის დღეს არსებული გამოწვევებიდან, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა. სამთავრობო გუნდი, ამ გამოწვევის ღირსეულად გამკლავების შემთხვევაში, მართლაც ძალიან გაძლიერდება და გაიზრდება შიდა და გარე დამკვირვებლის თვალში. მაგრამ, არ ვიქნებოდი გულწრფელი, ეს რომ გარანტირებულად, ან, თუნდაც, მაღალი შანსის მქონე ალტერნატივად შემერაცხა. ჯერჯერობით, კი, ჩემი აზრით, სწორედ პრემიერის ამ მოსალოდნელმა წასვლამ გაზარდა მნიშვნელოვნად გიორგი მარგველაშვილის კონკურენტების შანსები… თითქმის ყველა კონკურენტის, გარდა – დავით ბაქრაძისა.

IV. კანდიდატები და შანსები.

გიორგი მარგველაშვილი:
(+) აქტივი: ჭკვიანი ადამიანი, კარგი მოაზროვნე, კარგი პოლემისტი (რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე – ნინო ბურჯანაძის ბანაკის არგუმენტებს და სტილს); რამდენადაც არ ყოფილა პოლიტიკაში, მის მიმართ ყველაზე ცოტაა სერიოზული კომპრომატი ან „ბაგაჟი“; ნამდვილად ტოვებს გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას (განსაკუთრებით, თავის საყვარელ ადამიანზე საუბრისას).
(-) პასივი: არ გააჩნია პოლიტიკური მმართველობის პირადი გამოცდილება; იმის ხაზგასმა, რომ იგი ივანიშვილის იდეების ერთგულია, უფრო სერიოზული დამხმარე ფაქტორი იქნებოდა, ივანიშვილი რომ თავად არ მიდიოდეს პოლიტიკიდან; გააჩნია დაბალი ცნობადობა რაიონებში, სადაც შედარებით კონსერვატიული მოსახლეობისათვის მისი პროდასავლური იმიჯი ზედმეტად პროდასავლური შეიძლება აღმოჩნდეს; იგრძნობა, რომ ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიტარულ საკითხებზე გაცილებით უკეთ მსჯელობს, ხოლო ეკონომიკასა და აგრარულ სექტორზე – ნაკლებ დამაჯერებლად; განათლების სისტემის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნებამ, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, დათვის სამსახური შეიძლება გაუწიოს; თითქოს ყველაზე წარმატებული მესიჯი იყო, როდესაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით კოჰაბიტაციაც დასრულდებოდა, მაგრამ ეს ცოტა სხვის მოედანზე თამაშს ჰგავს, და არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ადვილად დააჯერებს ამაში.

ნინო ბურჯანაძე:
(+) აქტივი: აქტიური, ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი, ყველაზე გამოცდილი (ორჯერ უკვე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას), საკუთარ შეცდომებზე სერიოზულად სწავლის უნარით, რეგიონებში კარგი ცნობადობით; სერიოზულად მომზადებული და მოსახლეობისათვის გასაგები მესიჯებით, რომელიც ზუსტად იმაზეა გათვლილი, რისი მოსმენაც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სიამოვნებს – იქნება ეს ყბადაღებული კოჰაბიტაციის დასრულება, თუ ნაცმოძრაობის გასამართლება, როგორც დამნაშავე რეჟიმისა, თუ დასავლური ღირებულებების ზოგიერთი იმ ტენდენციებისაგან დისტანცირება, რაც ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს, (კერძოდ, სექსუალური თუ რელიგიური ტოლერანტობის საზღვრების შესახებ საუბრებით იგი ხაზს უსვამს თავის „ტრადიციონალიზმს“), და პირიქით, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სამოთხის დაპირება, რაც ასევე ადვილად „იყლაპება“ დასავლური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობისათვის რთულად აღსაქმელობის ფონზე. ბურჯანაძეს ასევე შეიძლება აქტივად ჩაეთვალოს 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლებიდან შედარებით ადამიანური პოზიციის დაფიქსირება, და 2008 წლის ომისშემდგომი პერიოდიდან დაწყებული სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ძალიან აქტიური, თანმიმდევრული და შემტევი დაპირისპირება, რომლის დროსაც (განსაკუთრებით 26 მაისის დროს და შემდეგ) მან სერიოზული ნებისყოფა და სიმტკიცე გამოავლინა. ბურჯანაძე ხშირად იმეორებს, რომ იგი ერთადერთია, ვინც ხვდებოდა პუტინს და შეუძლია პუტინთან ერთიერთობის დალაგება. ეს ადრე მხოლოდ კომპრომატი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას პრიორიტეტად თვლის და „რუსეთის აგენტობის“ გამუდმებულმა სააკაშვილისეულმა ბრალდებებმა პარადოქსულად, ანტირუსული სენტიმენტები კი არ ჩააცემენტა, არამედ ყბადაღებულად აქცია.
(-) პასივი: იგივე პოლიტიკური გამოცდილება, რომლის უდიდესი ნაწილი მას ნამდვილად ვერ ჩაეთვლება ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებად. 2008 წლის გაზაფხულამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბურჯანაძე პარლამენტის უპირობო ლიდერობაზე „არ დაამტკიცა“, სწორედ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი ბურჯი და „რკინის ლედი“; 7 ნოემბრის და „იმედის“ დარბევის გამართლება, პატარკაციშვილის მიერ მოწყობილ პუტჩზე დღემდე აქტიური საუბრები; სიჩუმე სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ირინა ენუქიძესთან შეხვედრისგან თავის არიდება; ისევე როგორც 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების „გაპრავება“ – ბურჯანაძისთვის სერიოზული ნეგატივია. არაა გამორიცხული მისი პირადი პასუხისმგებლობის დაყენებაც 26 მაისის აქციის ორგანიზაციის დროს მოსალოდნელი მძიმე შედეგების გაუთვალისწინებლობაზე. ჩემთვის დანაშაულად, რა თქმა უნდა არა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად შეცდომად და კონფუზად რჩება 2008 წელს წყნეთის აგარაკის სატყუარის გადაყლაპვა უკვე პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, რაც უცნაურია, რატომ უნდა მოსვლოდა მისი გამოცდილების და ოპონენტის ცოდნის მქონე პირს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება ბურჯანაძემ სერიოზული ოპონენტობა გაუწიოს პუტინს, რომელიც სააკაშვილზე კიდევ უფრო გაქნილი პოლიტიკოსია და რომელსაც უკან სააკაშვილზე გაცილებით უფრო დახვეწილი და საშიში სისტემა უდგას. დაბოლოს, ბურჯანაძის მამის კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ისტორიები, რომლებიც ასე დიდხანს ცოცხლობენ და თავად ქ-ნ ნინოს ცხოვრების სტილი, რომელშიც 90-იანი წლებიდან ბოლო ხანებამდე ხალხისაგან დისტანცირებულ და საკუთარ „ფეშენებელურ იმიჯზე“ ზედმეტად მზრუნავ ქალბატონად უფრო აღიქმებოდა.

სალომე ზურაბიშვილი:
(+) აქტივი: სერიოზული დასავლური პოლიტიკური გამოცდილება, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის არქიტექტორის დამსახურებული იმიჯი, პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის რეფორმატორულ ხელისუფლებაში და რომელიც ერთ-ერთი პირველი იმდენად აქტიურად გაემიჯნა მას, რომ მისგან ხაზგასმულად აუტანლობა დაიმსახურა. პიროვნება, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს „ქართული ოცნების“ მრავალ ცნობილ სახესთან და თავად ბიძინა ივანიშვილთან, და რომელიც მაინც არ დათანხმდა რაიმე კომპრომისულ თანამდებობას.
(-) პასივი: არ ჰყავს სერიოზული საკადრო რესურსი – პარტიული რგოლები ადგილებზე. არცთუ მაღალი ცნობადობა რაიონებში, და ის ფაქტი, რომ ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო. ყველაზე სერიოზული პასივი კი მისი გაურკვეველი სტატუსია – იღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ ვერა. თან რაც უფრო მცირე დრო რჩება, ეს სულ უფრო გადამწყვეტი ხდება.

დავით ბაქრაძე:
(+) აქტივი: ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობების/გამგეობების ნახევარი ნაციონალთა ხელშია, რაც არცთუ მცირე ადმინისტრაციული რესურსია, თუმცა მისი დიდი ნაწილი ბოლო დროს შესამჩნევად „გაოცნებდა“. ბაქრაძე ბურჯანაძის შემდეგ ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, მუდმივად აქცენტს აკეთებს ნაკლებ კონფრონტაციულობაზე; მის მიმართ არ გაჟღერებულა რაიმე მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებში მონაწილეობის სერიოზული კომპრომატი; ბოლო დროს მისმა შეხვედრებმა სახლებიდან და ეზოებიდან სოფლების ცენტრებში გადმოინაცვლა და უკვე რამდენიმე ათეულ და ასეულ ადამიანსაც იკრებს; ყურადღებიდან გამოსატოვებელი არ არის ამერიკის მხრიდან დაფიქსირებული სურვილი, რომ ნაცმოძრაობა სრულად არ გაქრეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან და რომ ამ მძიმე ამოცანისთვის ყველაზე შესაფერისად როგორც დასავლეთმა, ასევე თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა სწორედ დავით ბაქრაძე დაასახელეს ე.წ. „პრაიმერების“ ყბადაღებული კამპანიის შემდეგ (და არა – შედეგად).
(-) პასივი: არასოდეს მოიაზრებოდა ნაცმოძრაობის ლიდერთა ხუთეულში, სანამ ამ ლიდერებიდან ერთი – გაქცეული ძებნილია, ერთი – დაჭერილი, ერთი – დასაჭერი და ერთი – კოჭლი (თუ გასაპუტი) იხვი არ გახდებოდა… სავარაუდოდ, არ გააჩნია თავისივე პარტიის ზედაფენის უპირობო მხარდაჭერა; ომის დროს მისი მთრთოლვარე მოწოდება ზუგდიდის დანა-ჩანგლებით დაცვის შესახებ საყოველთაო დაცინვის საგნად რჩება. და თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძისადმი არ იშურებს „მკვლელის“ ეპითეტებს და ნაცმოძრაობის ყველა ცოდვაზე მას უზიარებს პასუხისმგებლობას, გაუგებარია, რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული მაშინ იგივე მიდგომა ბაქრაძის მიმართაც, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო მიხეილ სააკაშვილის ერთგული ოფიცერი და არასოდეს ბოლომდე არ გამიჯვნია ნაცმოძრაობის წარსულს (თუ თურმეობითი ფორმის ნახევარბოდიშებს არ ჩავთვლით). დაბოლოს, თავად ბაქრაძის საარჩევნო კამპანია, რომელიც უფრო უდროოდ გარდაცვლილის წლისთავის კარგად და ორგანიზებულად ჩატარების კამპანიას ჰგავს, განსაკუთრებით იმის ფონზე – ადრე როგორი შუშპარა და მჩქეფარე იყო ნაცმოძრაობის საარჩევნო „ოლიმპიური მარათონები“.

დანარჩენი კანდიდატები, ჩემი აზრით, 5%-ზე ნაკლებ შედეგს აჩვენებენ. ალბათ, მათ შორის უკეთესი შანსები აქვთ კობა დავითაშვილს (განსაკუთრებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მიიღო საარჩევნო რეგისტრაციის უფლება, რაც საეჭვო მგონია) და მარადიულ, მაგრამ კადრებშემოძარცულ შალვა ნათელაშვილს, რომლის კამპანიის ახალი ვარსკვლავია ამერიკასთან უვიზო რეჟიმის დაპირება! (კაცი დღეში ათჯერ ამერიკას აგინებს და იმას გვპირდება, რაც არც მიშას, არც ბიძინას, არც მარგველაშვილს და არც სალომეს მოსვლიათ თავში!).

V. შესაძლო სცენარები
ამ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შესახებ ერთი წლის წინ ვფიქრობდი, რომ იგი იმდენად უინტერესო (წინასწარცნობილი) იქნებოდა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების ინტერესიც კი არ იქნებოდა. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ინტრიგა გაჩნდა. თავიდან ეს ინტრიგა მხოლოდ მეორე ადგილზე გამსვლელის სახელი იყო, უფრო სწორედ ის, მოახერხებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის რეპუტაციის შენარჩუნებას. ახლა კი, არც ისაა გამორიცხული, რომ მეორე ტური რეალობად იქცეს, თუმცა ამის შანსი ჯერჯერობით მინიმალურია. ყოველ შემთხვევაში, წესით, სერიოზული სოციოლოგიური გამოკითხვები ამ საპრეზიდენტო კამპანიის თანმდევი უნდა ყოფილიყო. ასე კი ჯერ მაინც არ ხდება. არ მინდა დავამცირო „ქართული ოცნების“ დაკვეთით შესრულებული ცენტრ „ფსიქოპროექტის“ კვლევების მონაცემები, მაგრამ არის თავად ამ კვლევების ჩატარებაში, მეთოდოლოგიასა და ველის გაუხსნელობაში რაღაც მსგავსება NDI-ის ყბადაღებულ კვლევებთან, და როგორც ადრე ნავაროს კვლევების რეალობასთან სიახლოვის დაჯერება მიჭირდა, ახლაც გარკვეული სკეპსისი მაქვს ანალოგიური კვლევების შეუცდომლობის მიმართ. გასაგებია, რომ ამჟამად არც ნაციონალური მოძრაობის და არც ნინო ბურჯანაძის მომხრეების მიმართ არ მიმდინარეობს ისეთი რეპრესიული ქმედებები, რასაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა, და მაინც, არ გამიკვირდება, ადრე რძით დამწვარი ამომრჩეველი ახლა წყალსაც სულს უბერავდეს და ამჟამინდელი ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებს ზოჯერ არ სურდეთ ღიად თავისი სიმპათიების დაფიქსირება, როდესაც იციან, რომ კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით “ქართული ოცნებისვე” აქტიური მხარდამჭერი პიროვნების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ ტარდება. რატომღაც არ მგონია, რომ დასახელებული გამოკითხვის ავტორებმა სრულად გაითვალისწინეს „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფონდის მიერ უცხოური ავტორიტეტული ორგანიზაციების -„ესომარის“ და “WAPOR”-ის დახმარებით განხორციელებული კვლევის “საზოგადოებრივი აზრის კვლევის როლის გაძლიერება საქართველოში“ შედეგები. და საერთოდ, თუ თუ წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ერთიან პრინციპებზე და ერთმანეთის შედეგების გადამოწმების შესაძლებლობაზე ვერ შევთანხმდებით, სულ იქნება უნდობლობა და ეჭვიანობა ან კვლევების შედეგების მიმართ. უცნაური იქნება, თუ ნინო ბურჯანაძე არ დადებს „თავისი“ კვლევის შედეგებს, მერე ანალოგიურად მოიქცევიან, ალბათ, სხვა კანდიდატებიც.
როცა ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ იგი კოჰაბიტაციას დაასრულებს, მას მხედველობაში აქვს ნაციონალებთან კოჰაბიტაცია. არაა გამორიცხული, რომ მას, გამარჯვების შემთხვევაში, მართლაც დაგეგმილი ჰქონდეს გაცილებით უფრო მასშტაბური „კბილი კბილის წილ“ ქმედებები, ვიდრე მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ვიხილეთ. სხვათა შორის, ბურჯანაძის ადგილობრივ შტაბებში საშუალო რგოლის ნაციონალებიც ერთიანდებიან და ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რამდენად მართლა მოხდება სამართლის აღდგენა, ისე ხომ არ გამოვა, რომ მხოლოდ ისინი აგებენ პასუხს, ვის მიმართ ქალბატონ ნინოს პირად წყენა გააჩნია, ხოლო დროულად მის კალთას დაბრუნებულებზე, პირიქით, ინდულგენცია გაიცემა?
მაგრამ, თუ მართლა ნინო ბურჯანაძე აასრულებს თავის დაპირებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დასვამს საბრალდებო სკამზე, ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად წაადგება ქართულ საზოგადოებას მასირებული ანგარიშსწორების პერიოდი. და თანაც, თუ ახლა პრეზიდენტი ნაცმოძრაობიდანაა, ხოლო ხელისუფლება „ქართული ოცნებიდან“, პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძის მოვლინება კოჰაბიტაციას გააქრობს? თუ, უბრალოდ, ერთ – „ოცნება-სააკაშვილის“ – კოჰაბიტაციას მეორე – „ოცნება-ბურჯანაძის“ – კოჰაბიტაციაში გადაიყვანს? და თუ დღევანდელი კოჰაბიტაციის ორივე მოქმედი პირი, დასავლეთის პოლიტიკური წრეების ზეგავლენით, იძულებულნი არიან გარკვეული ჩარჩოები დაიცვან, მინიმუმ, – საგარეო პოლიტიკაში, მომავალი კოჰაბიტაციის პირების საგარეო ვექტორები როცა დაპირისპირებული აღმოჩნდება, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს გაცილებით უფრო მძიმე დაპირისპირების აღმოცენებას, რითაც მომენტალურად ისარგებლებენ ჩვენი იმპერიული მეზობლები? და როგორ „წაადგება“ ეს ყველაფერი ისედაც ერთი წელის მოლოდინის რეჟიმში მყოფ საქართველოს ეკონომიკას და პოტენციურ ინვესტიციებს?

ნინო ბურჯანაძის ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ჰიპოთეტური პრეზიდენტობა არ იქნებოდა ძირეული ცვლილებების და სერიოზული დისბალანსის საწინდარი, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა. მაგრამ იმ პირობებში, როცა ივანიშვილის წასვლა უკვე ყველას გვჯერა, მართლაც, ძნელია იმის წარმოდგენა, რამდენად მოახერხებს მომავალი (ჯერ უცნობი) პრემიერ-მინისტრი სხვა ძალის წარმომადგენელ გამოცდილ პოლიტიკოსთან ურთიერთობების დალაგებას, განსაკუთრებით, თუ ბურჯანაძის შემთხვევაში ამ ურთიერთობების უკან რუსეთის ფაქტორი იქნება. მით უფრო, – იმ რუსეთისა, რომელსაც ალბათ მალე სირიაში საკუთარ უკანასკნელ მოკავშირესთან გამომშვიდობება შეიძლება დაემუქროს და ყველანაირად შეეცდება, სადმე რევანში აიღოს. რა თქმა უნდა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე აქტიურად შეეცდება საბანი თავისკენ გადაქაჩოს და სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, რაც ამ კონტექტში, კიდევ უფრო დაძაბავს პოლიტიკურ ჭიდილს, სერიოზულად გაართულებს მდგომარეობის შესაძლო პროგნოზირებას და ეკონომიკაც, შეიძლება, მართლა სტაგნაციაში შეიყვანოს.
როდესაც ზემოთმოყვანილ პოტენციურ სცენარზე ვლაპარაკობ, არ უნდა ჩაითვალოს, რომ მე ამის ალბათობა მაღალი მგონია. არა მგონია, ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში 20-30%-ზე მეტი აიღოს, იმის გათვალისწინებით, რომ მას არა მარტო პოზიტიური რეიტინგი გააჩნია, არამედ სერიოზულად მაღალი ნეგატიური რეიტინგიც უნდა ჰქონდეს (ანუ, არის საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის პოსტზე აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურაა) და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იკავებს იგი თავს თუნდაც ღია სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისაგან. და მაინც, ვიმედოვნებ „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკაში და ბიზნესში ვარდისფერი ილუზიები გაცილებით საშიშია, ვიდრე, თუნდაც დაბალი ალბათობის მქონე, ცუდი სცენარის გათვლები და პრევენციები.

რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის განწყობებზე:
1) ახალაიას, მერაბიშვილის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების სასამართლო პროცესების შედეგებმა. მაგალითად, ჩემი აზრით, ბურჯანაძის მომხრეებისთვის საოცრად „მომგებიანი“ აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი.
2) სირიის კონფლიქტმა და მისმა ახლო და სავარაუდო შორეულმა შედეგებმა.
3) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში დარჩენის ან შესაძლო დაბრუნების პირობების შესახებ.

დაბრუნებას რაც შეეხება, ბატონმა ვაჟა ბერიძემ გამოთქვა საინტერესო ვარაუდი, რომ პრემიერობიდან წამსვლელი ივანიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მოგვევლინებოდა, ეს ბევრ კითხვას მოხსნიდა! აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ვაჟას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტურისათვის პრემიერ-მინისტრობა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ყოველდღიური მართვა გაცილებით მძიმე ხვედრია, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობა მომავალ საპარლამენტო რესპუბლიკაში. და მაინც, მიმაჩნია, რომ ივანიშვილს ახლა პრეზიდენტობის სურვილიც არ ექნება და თან ეს ახლა მართლაც ძალიან ნაგვიანები „რაზვაროტი“ შეიძლება გამოვიდეს -ასეთი განვითარება მაის-ივნისში კიდევ შეიძლებოდა და არა – ამჟამად. გავკადნიერდები და გავიმეორებ, რომ მდგომარეობის ყველაზე მისაღები თანამდებობა მაინც უშიშროების საბჭოს მდივნობა მგონია.
https://solomonternaleli.wordpress.com/2013/06/27/წასვლადარჩენის-ფენომენ/
აღნიშნული და მსგავსი პოსტები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა დროს განსხვავებული რეჟიმით და ძალაუფლებრივი სტატუსით გამოირჩევა. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა, როგორც ადრე ვთქვი, სრულად დაუტოვებდა ბიძინა ივანიშვილსაც და ხელისუფლების დანარჩენ შტოებსაც მანევრის ძალიან დიდ თავისუფლებას და ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებზე საჭიროების შემთხვევაში გავლენის მომხდენი „კონსელეიროს“ ფუნქციების ოფიციალურად გამოყენების ველსაც.


იურიდიული ცუგცვანგი გვიანი სააკაშვილის პერიოდში


ახალაია როლანდი

დღეს, 2013 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების (მათ შორის გენერალ გიგი კალანდაძის) მიმართ სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ამას ნაციონალების და მათ მხარდამჭერთა რიგებში იმაზე მეტი ფურორი და აღტყინება მოჰყვა, ვიდრე ბანკომატებიდან წარმატებით გამოტანილი ბანკნოტების ხილვას! ზეიმობენ როლანდ ახალაია, ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი… ფრთა შეისხა გენერალმა კალანდაძემ, რომელიც უკვე თეა წულუკიანის და ირაკლი ალასანიას მიმართ ცილისწამების გამო სარჩელის შეტანაზე ალაპარაკდა, და რომელიც სასწრაფოდ მიემთხვია პრეზიდენტის კალთას. ხოლო ამ უკანასკნელმა თენგიზ გუნავას საკვირველი „აღდგინება“ დღესვე ბოლომდე მიიყვანა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორადაც სწორედ დღეს აღადგინა!
აი, რას წერს ბაჩანა ახალაიას გულმხურვალე მხარდამჭერი, “თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი (Sic!) თეა თუთბერიძე – “სასამართლოს დღევანდელი გამარჯვება არამხოლოდ ბაჩო ახალიასი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. როგორც იქნა, სასამართლომ გაბედა მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. მე ეს გამეხარდა დღეს ყველაზე მეტად, თორემ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჩო ახალაიას მიხეილ სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია”.

ნაცების კლანში ლამის ერთადერთი, ვინაც აღფრთოვანება არ გამოხატა და ფეისბუქში თავის კედელზე მხოლოდ ახალ ამბად გაიზიარა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოტივირებული თანამეცხედრე ქ-ნი თამარა ჩერგოლეიშვილი იყო! ამას მიზეზი აქვს – ნაციონალების გუნდიდან სწორედ მან „ჩაუშვა“ ყველაზე ადრე ბაჩო ახალაია, როცა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვა და ძმები ახალაიების მანიაკობაზე ალაპარაკდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ თამარას დღევანდელ ინდიფერენტულ „სიდინჯეს“ სხვა მიზეზიც ჰქონდა… რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყო მის მიმართ განწყობილი, ისევ გავიმეორებ, რომ საკმაოდ ჭკვიანია…

შეიძლება გაოცდნენ როგორც ბაჩანა ახალაიას მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეებიც, ხოლო მავანნი იმაზეც აიმრიზონ, ნუ გაგვიწყალე გული მაგ შენი ჭადრაკითო, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი შემთხვევა ცუგცვანგის საკმაოდ შთამბეჭდავი მაგალითია, როცა „გამარჯვებაც“ და „მარცხიც“ საკმაოდ პირობითი/დროებითი შეიძლება აღმოჩნდეს! და როცა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ახალაიას მომხრეებს სწორედ გამამტყუნებელი დანაშაული უნდა გახარებოდათ, და არა – გამამართლებელი!

ამ ცუგცვანგის ამოხსნის გასაღები კი მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილებებში და თენგიზ გუნავას აღდგინებაში ძევს. და იგი თეა თუთბერიძემაც ახსენა, თუმცა ლოგიკურ დასკვნამდე პროფესორი თუთბერიძე ვერ მივიდა…
საქმე იმაშია, რომ გუნავას შეწყალება და ბრალის გასუფთავება პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ იმიტომ შეძლო, რომ გუნავას ბრალი დაუმტკიცდა და მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება – 4 წლით პატიმრობა შეუფარდა!

ქართული იურიდიულ-პოლიტიკური სისტემის დღევანდელი ცუგცვანგური მდგომარეობის პარადოქსი იმაშია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ მაშინ იღებს შეუზღუდავი, აბსოლუტური იუპიტერობის უფლებამოსილებებს, როგორც კი სასამართლო რომელიმე ნაცმოძს დამნაშავედ ცნობს! თავის დროზე სააკაშვილის მიერ ახალაიას, შაშკინის და ადეიშვილის დაბრუნებაზე დაპატიჟებას ხომ სწორედ ეს სარჩული ჰქონდა – დაბრუნდით, და ან კუბლაშვილის სასამართლო გაგამართლებთ, ან, თუ სასწაული მოხდა და გაგამტყუნეს, აგერ ვარ „ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელით, მოუღალავი მკლავითაო“! ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, პატიმრის შეწყალების განუზომელი უფლებებით აღჭურვილი თავისი მომხრეებისათვის და ხალხისათვის მოახერხებდა, დაემტკიცებინა – ახალი ხელისუფლება ვერცერთ ჩემიანს ვერ დაიჭერს (სასამართლოს ხომ მე ვაკონტროლებ!), და თუ მაინც დაიჭერს, მაშინვე გამოვუშვებო! ხოლო შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ ქვეყანაში სამართლის აღუდგენლობით გულგატეხილობის ფონზე არ გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის ძველი დიდების უკან მობრუნება – საქართველოში ხომ დამარცხებულების მიმართ სიმპატია მომენტალურად იცვლება და სამართლის აღდგენის სფეროში მარცხი და ქუჩაში ლაღად მოსეირნე ახალაიების და ადეიშვილის ფენომენი „ქართული ოცნებისათვის“ მართლაც ძალიან სერიოზული სილა იქნებოდა!
მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ეს უფლებამოსილებები და იუპიტერის გრგვინვა ვერაფრით დაიწყება, სანამ სასამართლოს საბოლოო სიტყვა არ უთქვამს.

ასე რომ, ბაჩო ახალაიასთვის ნანატრი თავისუფლების მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ სასამართლოს მიერ მის დამნაშავედ ცნობაში და სააკაშვილის მიერ „გალაზარებულ“ აღდგენაში უნდა ყოფილიყო, და არა – თბილისის სასამართლოს მიერ გამართლებაში!

ახლა პროკურატურა ამ განჩინებას გააპროტესტებს სააპელაციო სასამართლოში… თუ დაახლოებით 1,5-3 თვის შემდეგ (თუ არ ვცდები, 1,5 თვე მინიმალური ვადაა, რაც აპელაციის დასჭირდება) სააპელაციო სასამართლოც გაამართლებს ბაჩო ახალაიას, სავარაუდოდ, პროკურატურა უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს… მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის “იუპიტერობაც”, ფაფუ და, დასრულდება!.. არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ორ საქმეზე (რეინჯერების წამების და ციხის ბუნტის საქმეებზე) სასამართლოს განაჩენი ჯერ გამოუტანია…
ასე რომ, თბილისის განვითარების ფონდის მაღალჩინოსნების სასამართლოს მსგავსად, როცა შუადღეზე ნაცები ზეიმობდნენ დარბაზიდან ბრალდებულების განთავისუფლების გამო, ხოლო საღამოს რამდენიმე საათით ზეიმი გამამტყუნებელი განაჩენის მოსმენისას – მწარე იმედგაცრუებით შეეცვალათ, დღევანდელი დღის ემოციებიც შეიძლება სრულად ამოტრიალდეს…

ბაჩო ახალაიას საქმეში გაურკვეველი სიტუაციით ნაცმოძები, თავიანთი გაპარტახებული იმიჯის გამო, ბევრს ვერაფერს მოიგებენ. ხოლო, თუ პროცესი მართლაც ძალიან გაჯანჯლდა, ამით მოგებული შეიძლება ნინო ბურჯანაძე გამოვიდეს!
ხოლო რამდენად „მოგებული“ იქნებიან ნაცმოძრაობის ლიდერები ნინო ბურჯანაძის შესაძლო გაპრეზიდენტებით, ამაზე სიტყვას ამჯერად არ დავხარჯავ…


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 169 other followers