კონსერვატორობის დაკარგული ხიბლი


trump-lepenn-putin-2
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგრამ ერთი საერთო მიზეზი, რაც აერთიანებს ისეთი პოპულისტი და დემოკრატიული სამყაროსათვის საშიში პოლიტიკოსების აღზევებას, როგორებიც არიან მარინ ლე პენი, დონალდ ტრამპი, ნაიჯელ ფარაჯი და ზოგი ცენტრალურევროპელი ლიდერი, ეს არის დასავლური კონსერვატიზმის დეგრადაცია და დასუსტება.
 
“Cвято место пусто не бывает”-ო, ამბობენ რუსები და როდესაც კონსერვატულ ფრონტზე დამთავრდა რეიგანის, თეტჩერის და კოლის ერა, როდესაც კონსერვატორი პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად ეჯიბრებიან დემოკრატ და ლიბერალ ლიდერებს ლიბერალიზმსა და დემოკრატიაში, კონსერვატიზმის ფლანგი საჩუქრად დარჩა ვლადიმერ პუტინს, რომელიც თავის დიქტატურას ტრადიციული ფასეულობების – ოჯახის, რწმენის, პატრიოტიზმის და სხვათა – დაცვის ლოზუნგებით ღებავს და აძლიერებს. განა სავალალო და აშკარა არ არის, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი ულტრამემარჯვენე/პოპულისტი ლიდერი სწორედ ვლადიმერ პუტინზე, როგორც ერის მამაზე და ძლიერ პოლიტიკოსზე აკეთებს სწორებას?
 
ვშიშობ, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლა ძალიან სერიოზული კატაკლიზმების დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. – პირველ რიგში ეს იქნება მსოფლიოში ულტრამემარჯვენეების გაძლიერება, დასავლური სამყაროს შემობრუნება ნაციონალური იზოლაციონიზმისაკენ, სამყაროს ახალ-ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფარდებით გადატიხვრა, მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული მკვეთრი შოვინიზმი და “წმენდა” და მთელი რიგი აფეთქებები და შეჯახებები რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე, რასობრივი შუღლისა და ეთნოციდის დაბრუნება მსოფლიო არენაზე… თუნდაც განვითარებული ქვეყნებში ჰეიტ-პოლიტიკის რეალიზაცია, რომელიც ძალად დაშაქრული რეალპოლიტიკის ალტერნატივად შეიძლება მოგვევლინოს.
 
რა თქმა უნდა, ეს სურათი ზედმეტად ჰიპერბოლიზებული და სუპერპესიმისტურია. მაგრამ კარგად მახსოვს ერთი მშვენიერი გამოთქმა – “პესიმისტი არის ადამიანი, რომელმაც დიდხანს ოპტიმისტების გარემოცვაში იცხოვრაო”. არც 30-იანი წლების დასაწყისში არ ეგონა ვინმეს, თუ გულჩახვეული ფანატი ეფრეიტორი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის (ბახის, ბეთჰოვენის, კანტის, ფოიერბახის, ჰაინეს, და სხვათა) შლეგ დიქტატორად იქცეოდა და ამ ქვეყნის მრავლმილიონიან მოსახლეობას, ხოლო შემდეგ ლამის ნახევარ მსოფლიოს ფაშიზმის იდეებს თავზე მოახვევდა. მაგრამ ეს მოხდა. და მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ის რეალური პრობლემები, რაც ჰიტლერმა თავისი აღზევებისათვის ასე უნაკლოდ გამოიყენა, უფრო ჭკუადამჯდარმა პოლიტიკოსებმა ვერ და არ გადაჭრეს.
 
როდესაც დღეს ყველას გვიკვირს, როგორ მოხდა, რომ ტრამპის ცოდნის და პრინციპების მქონე გაქნილი პოპულისტი ასე ახლოს მივიდა მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი, ამავდროულად, – დემოკრატიის ლიდერად ცნობილი ქვეყნის სათავეების ხელში ჩაგდებასთან, უნდა ვაღიაროთ: ის იმას ამბობს, რაც ძალიან ბევრ ადამიანს, ლამის ამერიკის მოსახლეობის ნახევარს, ან ვაითუ ნახევარზე მეტსაც, – მოსწონს!
ამიტომ, თუ ტრამპი დამარცხდება და მსოფლიო გადაწყვეტს, რომ ამით ტრამპიზმი დაამარცხეს, ისე იქნება ყველაზე სულელური დასკვნა ამჯერად ყველაზე სასურველი სცენარის რეალიზებიდან…
ფოტო: Ian Bremmer-ის ბლოგიდან

არჩევნები 2016 – ასპექტები: 2. სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები


2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად დარჩება თავისებური ბატალიები სოციოლოგიურ-სტატისტიკურ კვლევათა ავტორებს, დამკვეთებსა და მხარდამჭერებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, არა იმდენად მოსახლეობის განწყობათა სტატისტიკური შესწავლა მოახდინეს, რამდენადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის განწყობების შესაძლო მოდელირება ან – ამ მოდელირების პრევენცია ჰქონდათ მიზნად.

ფრონტი რუსთავი2-მა გახსნა, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი გერმანული კომპანია GFK დაიქირავა. რუსთავი2-ის დირექციის მიერ ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, რომ წინა საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ შერჩეულმა ამ კომპანიამ ცესკოს შედეგებთან მიახლოებული მაჩვენებლების პროგნოზირება გააკეთა ეგზიტ-პოლში. თუმცა არც ექსპერტებს და არც მოსახლეობას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ GFK-მ, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა მოწვეული ეგზიტ-პოლის ჩასატარებლად, რეალობისაგან მეტად  (22%-ით!)  აცდენილი შედეგი დადო, როცა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას თანაბარი – 33%-33% პროცენტიანი შედეგი დაუწერა, რაც ცესკოს საბოლოო შედეგისაგან არა დასაშვები 2-3%-ით, არამედ ლამის 15%-ით აღმოჩნდა განსხვავებული.

ძველი ლაფსუსის გამართლება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექციას (გია ჭანტურიას) გადააბრალა, იმათ ვერ გაიგეს და შედეგები ისე გამოაცხადეს, რომ ეგზიტ-პოლში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა არ გამოაკლესო. ეს “ახსნა-განმარტება“ უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი შალვა რამიშვილმა მალევე მოიპოვა 2012 წლის კადრები, სადაც სწორედ GFK-ის წარმომადგენელმა (და არა გია ჭანტურიამ) გამოაცხადა ეგზიტ-პოლის ზემოთდასახელებული შედეგები. თანაც, როგორც არ უნდა დათვალო – გინდათ, უარისმთქმელთა გათვალისწინებით, ან მათ გარეშე, თუ ორ პარტიას ზუსტად თანაბარი შედეგი (33%-33%) ჰქონდა, ეს შედეგები, კვლევაში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა გაბათილებით კი მოიმატებდა, მაგრამ  სიმეტრიულად – 47%-47%-მდე მოიმატებდა, ხოლო ორ პარტიას შორის ცესკოს მიერ დაფიქსირებული 15%-იანი განსხვავება ჰაერიდან ვერაფრით გაჩნდებოდა! ნიკა გვარამია კია ცნობილი, როგორც ნიჭიერი, მაგრამ ეგრეთ დაბოლებას ჩვენ „არ ვჭამთ“! D:D

უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ რუსთავი2-მა ცოცხალი თავით არ მოინდომა იმის გამხელა, გერმანულ კომპანიას ვინ უტარებდა ადგილზე საველე სამუშაოებს. საბედნიეროდ, GFK-მ თავად არ ისურვა ზედმეტი კუკუდამალობანას თამაში და გულახდილად აღიარა, რომ ეს კომპანია ნაცმოძრაობის დეპუტატის და დეპუტატობის კანდიდატის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის მიერ დაფუძნებული და მისი მეუღლის – ანი თარხნიშვილის მიერ დღემდე მართული კომპანია BCG იყო. ამან, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს საზოგადოებისათვის რეალობის მოდელირების ფუნქცია უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე რეალობის დადგენა. ამის გამჟღავნების შემდეგ, ნიჭიერთა და საზრიანთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა და ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ ასეთი ფანტასმაგორიული ახსნა შემოგვთავაზა: ის კი არაა მთავარი, საველე სამუშაოებს ვინ ატარებსო (თარხნიშვილის ცოლი, თუ რომელი კამპანიაო)! და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა – სამუშაოთა მთავარი შემსრულებელი GFK იქნებოდა, თუ ვინმე სხვაო! მთავარი – დამკვეთიაო!!  ანუ, კვლევის ხარისხის გარანტიისთვის რუსთავი2 ყოფილა მთავარი და უმთავრესი ფაქტორი – შეუცდომლობის ვარსკვლავი და სისპეტაკის აპოთეოზი! ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, „ნიჭი“ არ მეყოფა!🙂

სამწუხაროდ, არც იმედის მიერ დაქირავებული კომპანიის JPM-ისა და მის მიერ საველე სამუშაოებისათვის შერჩეულ GORBI-ის კვლევების მიმართ არსებობდა საზოგადოებაში მაღალი ნდობის ფაქტორი. JPM ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიოში ანალოგიური კვლევების გრანდებს, ხოლო GORBI-ის ნაცმოძრაობასთან დაახლოებული წრეები მის მიერ პოლიტოლოგიური კვლევების სიმცირეს უწუნებდნენ. აღნიშნული ეჭვები გააძლიერა პირველი კვლევის პრეზენტაციის დროს დაშვებულმა რამდენიმე ტექნიკურმა უზუსტობამ, მაგალითად იმან, რომ კვლევის პროცენტების ჯამმა არა 100%, არამედ 101% შეადგინა. ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც კითხვის ქვეშ აყენებდა, რომ განსხვავებით NDI/CRRC და IRI/IPM  კვლევებისაგან, JPM-ის კვლევებში ქართული ოცნების უპირატესობა ნაცმოძრაობისაგან არა 2-3%-ით გამოხატებოდა, არამედ ორმაგი, ხოლო ოქტომბერში კი – კიდევ უფრო მაღალიც – კი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყველა კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3-ს მაინც არ ჰქოპნდა ბოლო დღეებამდე არ ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, ან – არ აპირებდა მის გამხელას.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი გამოკითხვის პროგნოზი, თანაც არც არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი, არ გამართლდა. მათ შორის ის ეგზიტ-პოლიც, რომელიც 4 ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ TNS-მა ჩაატარა (ისევ იმავე GORBI-სთან ერთად).

არ დადასტურდა GFK-ის (ისევე როგორც NDI და IRI) კვლევებზე დაყრდნობილი მოლოდინები იმაზე, რომ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის სხვაობა მინიმალური იქნებოდა – ეს სხვაობა 21%-ს აჭარბებს! ისევე როგორც არ დადასტურდა TNS-ის ეგზიტ-პოლის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება 2.5-ჯერ და მეტად უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე ნაცმოძრაობა (ეს სხვაობა 1.8-ჯერ მეტი იყო მხოლოდ). ახლა, ორივე ამ კომპანიის ხელმძღვანელობას ასახსნელი ექნება, როგორ მოხდა, რომ ეგზიტპოლების 1-2%-იანი სავარაუდო ცდომილების ნაცვლად ეს ცდომილება ლამის ორმაგი ციფრებითაა გამოხატული. სწორედ ამიტომ ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ოთხეულში მონაწილეობა მიეღო.

და მაინც, თუ ციფრებს კარგად დავაკვირდებით და გარკვეულ ანალიზს მოვახდენთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთება იმაზე, სად იყო უფრო მეტი და უფრო ნაკლები სიზუსტე თუ ტენდენციურობა. და, რაც მთავარია – აწი რა ვქნათ – საბოლოოდ დავასაფლაოთ ეგზომ დისკრედიტირებული სოციოლოგიური კვლევები, თუ უბრალოდ, ის გავასწოროთ, რაც გასასწორებელია და რასაც, სამწუხაროდ  ჯიუტად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა – შინაურიც და უცხოელიც… – როგორ აღვადგინოთ სოციოლოგიური კვლლვების სიზუსტეც და მათდამი საზოგადოების ნდობაც.

======

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა, არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა: დროში, ველში, გამოკითხულთა რაოდენობაში, დათვლის შემდეგ ექსტრაპოლირების მეთოდებში და ა.შ. რაც მთავარი – კვლევას ატარებ მაშინ, როცა ხმა ჯერ არ მიუცია ამომრჩეველს. ხოლო ეგზიტ-პოლს – უკვე ბიულეტენის ურნაში ჩაგდების შემდეგ (თუმცა ეს სულაც არაა გარანტია, რომ ამომრჩეველი თავის არჩევანს პირუთვნელად გაგიმხელს). და მაინც ამ განსხვავებებზე, მირჩევნია, პროფესიონალებმა ისაუბრონ.

მე კი მოკლედ გეტყვით –

ა) მთავარი პრობლემა სწორედ სოციოლოგიურ კვლევებში იყო!

ბ) ეგზიტ-პოლების მაღალი ცდომილების პრობლემა (ნაწილობრივ მაინც) ძალიან იოლად ახსნადი მგონია.

გ) ეგზიტ-პოლებზე, დროებით, აჯობებს, უარი ვთქვათ – არაფერს მაგით არ წავაგებთ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტ ხანს მოგვიწევს ცესკოს დაველოდოთ! თუ ცესკოს კონტროლი გვსურს, აჯობებს, პარალელური დათვლის არსებული გამოცდილება გავაგრძელოთ.

დ) ხოლო სოციოლოგიურ კვლევებში კი მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებები გავატაროთ და “ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ”🙂  როგორც არაპროფესიონალიზმი, ასევე და უფრო მეტადაც კი – იქ გამეფებული პოლიტიკურად მოტივირებული გაყალბება, რომლის მთავარი არეალი ის მგონია, სადაც უცხოური კომპანიები შეგნებულად არ შედიან, რათა არც თავი დაიღალონ და არც რეპუტაცია შეიბღალონ – კვლევების ველი. სწორედ ველშია ძაღლის კუდები დამარხული!

====

წარმოგიდგენთ 4 ცხრილს, სადაც GFK-ის და JPM-ის 2-2 კვლევაა ასახული. საბედნიეროდ, ეს კვლევები თითქმის დაემთხვა დროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:

gfk-1-aug

jpm-1-sept-geo

gfk-2-oct

jpm-2-oct-geo

როგორც თავად ხედავთ, კვლევების შედეგები (4-ვე მათგანში!) მკვეთრად აცდენილია არჩევნების საბოლოო შედეგებს. თავისთავად ეს ფაქტი გასაოცარი არ არის ორი რამის გამო – ჯერ ერთი, ეს კვლევები არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ჩატარდა და თეორიულად შეიძლებოდა, რომ ამომრჩევლების განწყობებში უკვე შემდგომ სერიოზული ცვლილებები მომხდარიყო. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს NDI-ის  და IRI-ის კვლევების ავტორებმა და თანამონაწილეებმა სწორედ ახსნეს კატასტროფული ცდომილება, რომ მათ კვლევებსა და არჩევნებს შორის საკმაო დრო და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები (მაგ. ციხის კადრების გასაჯაროვება) იყო მოქცეული.

მეორე შესაძლო მიზეზი კი არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, (29-41%), რომელიც თავის არჩევანს არ ამხელდა, ან გამოკითხვის ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ფაქტორი 2012 წელსაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, მაშინ დაშინების და ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან მოსალდნელი რისკების გამო, ხოლო ამჟამად,  სავარაუდოდ, ამომრჩევლის ბოლო მომენტამდე მოცდით შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად განპირობებული.

თუ დავაკვირდებით 6 პირველ ადგილზე გასული პარტიებთან მიმართებაში ე.წ. ჯამურ ცდომილებას, ნიშანდობლივია, რომ 4-ვე კვლევა საკმაოდ აცდენილიცაა და პრაქტიკულად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (28-33%). მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორ პირველ ადგილზე გასული ლიდერების მაჩვენებლების ცდომილების შედარება ცესკოს საბოლოო შედეგებთან. თანაც ამ შემთხვევაში მათემატიკური შეკრების ნაცვლად გადავწყვიტე ერთმიმართული ცდომილებები ერთმანეთისათვის გამომეკლო, ხოლო საპირისპიროდ მიმართული – პირიქით, შემეკრიბა, ცდომილების “ტენდენციურობის” დასადგენად. და აი, რატომ:

თუ, მაგალითად, ერთსადაიმავე კლასში ორ სხვადასხვა მასწავლებელს ჩაატარებინებთ გამოცდას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი მათგანი ყველა მოსწავლეს უფრო ლოიალურად და რბილად გამოცდის და უფრო მაღალ ნიშნებს დაწერს, ხოლო მეორე –  პირიქით, უფრო  მკაცრად მოეკიდება ყველას და ნიშნებიც უფრო დაბალი იქნება!  მაგრამ თუ  მოხდება, რომ რომელიმე მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გაცილებით რბილად გამოცდის, ხოლო დანარჩენებს – პირიქით – უფრო მკაცრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ობიექტური არ არის და მის ამ მიკერძოებას რაღაც მიზეზი აქვს (საქართველოს სინამდვილეში, უხშირესად, ეს ნეპოტიზმი იქნება, ალბათ).

ამის ანალოგიურად, თუ გამყიდველს ასაწონი საქონლის წონაც და ფასიც ხშირად ეშლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასწორის და კალკულატორის გამოყენება არ იცის. მაგრამ თუ მუდმივად წონაში აკლებს და ფასს კი ყოველთვის უმატებს, აქ უკვე სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და გამყიდველი იქნებ იმაზე „ჭკვიანიც“ აღმოჩნდეს, ვიდრე სრული შეუცდომლობის შემთხვევაში იქნებოდა. ანუ, მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, როდის და როგორ შეიძლება ცდომილება იყოს სიმეტრიული ანუ ნაკლებტნდენციური და როდის და როგორ – მიკერძოებული.

თუ დავაკვირდებით, GFK-ის ორივე კვლევაში ლიდერებს შორის ცდომილება თანაბარზომიერად არ იყო გადახრილი მეტობისკენ, ან ნაკლებობისაკენ. ამ კვლევებში ქართული ოცნების მაჩვენებელი ორივეჯერ გაცილებით უფრო აცდენილი აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. რის გამოც პარტიების ცდომილებათა ვექტორული ჯამი ძალიან მაღალი იყო: 19.8% (12.7%+7.1%) და 22.1% (23.2%-2.1%).

პრაქტიკულად იმავე პერიოდებში JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი სულ სხვა სურათს იძლეოდა: ლიდერი პარტიების  ცდომილებათა სხვაობა ძალიან უმნიშვნელო იყო – აგვისტოში მხოლოდ 5.5% (16.6%-11.1%), ხოლო ოქტომბერში სულაც – მხოლოდ 1.5% (14.1% -12.6%), რაც GFK ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით პირველ შემთხვევაში  3.8-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – სულაც 14.7-ჯერ უფრო ნაკლები:

2012-polls-difference-geo

აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

ის რომ გაცილებით უფრო ნაკლებგამოცდილმა JPM-მა შეუდარებლად უკეთ – 4-15-ჯერ უფრო ზუსტად და/ან ობიექტურად – ჩაატარა კვლევა?

თეორიულად ესეც არაა გამორიცხული! თუმცა არა მგონია, ამ დასკვნის საფუძველი გვქონდეს. ჯერ ერთი ჯამური ცდომილების მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას სიზუსტეზე სერიოზულად ვისაუბროთ. საქმე მე მგონი, ველშია და ამის დადასტურების საფუძველს იძლევა ეგზიტ-პოლების შედეგების ანალოგიური შედარება:

2016_exitpolls-gfk_geo

2016_exitpolls-jpm_geo2016-exit-polls-difference_geo

 

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილებები აქაც სერიოზული იყო, თავად ცდომილებების სხვაობები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა! ანუ, TNS (რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე JPM) ვერაფრით დაიკვეხნიდა GFK-ის ეგზიტ-პოლთან შედარებით. თუ GFK-ის კვლევაში ქართულ ოცნებას „დააკლდა“ თითქმის 9%, ხოლო ნაცმოძრაობას „მოემატა“ ლამის 5%, TNS-ის კვლევაში, პირიქით, ოცნების მაჩვენებელი იყო თითქმის 5%-ით მაღალი, ხოლო ნაცმოძრაობისა – -ლამის 8%-ით დაბალი, ვიდრე ცესკოს შედეგებში! შედეგი კი ისაა, რომ ორივე ეს ეგზიტ-პოლი ზუსტად თანაბრად აცდენილი აღმოჩნდა, ან უფრო ზუსტად – თანაბრად ტენდენციურიც!

ცდომილებათა ზემოთმოყვანილი დისონანსის (კვლევების დროს) და უნისონის (ეგზიტპოლების დროს) ახსნა მე მგონი შემდეგია: – საქმე ველშია!

კვლევების დროს GFK-ის კვლევის ველი გაცილებით მკვეთრად გაჯერებული შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის ამომრჩევლით, მაშინ როცა JPM-ის ველი, ალბათ, უფრო თანაბარია. ამის გამო, GFK ველში გაკეთებული „არჩევანი“ 4-15-ჯერ უფრო გადახრილია ერთ მხარეს (და გასაგებია, რომელ მხარესაც!), ვიდრე JPM-ის ველში იმავე პერიოდებში დაფიქსირებული არჩევანი. განსაკუთრებით ეს აშკარაა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში: – მართალია, ორივე მთავარ სუბიექტს ცდომილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (გასაგებიცაა – უკვე უფრო მეტი ადამიანია მზად არჩევნის გასაკეთებლად), ვიდრე შემდეგ ცესკოს საარჩევნო ურნებში, სამაგიეროდ, ეს ძალიან სიმეტრიული (ანუ – ნაკლებტენდენციური) გადახრა იყო.

ეგზიტ-პოლის დროს ველი უფრო დიდიცაა და მისი მოდელირებაც გაცილებით რთულია. თუმცა, ის, რომ ამ შემთხვეევაშიც GFK/BCG-ის ეგზიტ-პოლში მონაწილე პირების არჩევანი უფრო ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იყო, ხოლო TNS/GORBI-ის ეგზიტ-პოლში – ოცნების სასარგებლოდ, ეს ამომრჩეველთა განწყობითი არჩევითობით შეიძლება აიხსნას: შესაძლებელია ოცნების ამომრჩევლები, რომლებმაც ბევრჯერ მოისმინეს იმის შესახებ, რა არაობიექტურია GFK კვლევა, ნაკლებად იყვნენ განწყობილნი მისულიყვნენ ამ კომპანიისა  და რუსთავი2-ის სიმბოლიკით გაწყობილ ყუთებთან, და პირიქით, – ნაცმოძრაობის ამომრჩევლები – სულაც არ აპირებდნენ TNS-ის კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, განწყობის გამო ე.წ. “ბუნებრივი გადარჩევა” მოხდა და ორივე კვლევა ტენდენციური აღმოჩნდა – ორივემ მათდამი ლოიალური ამომრჩევლების არჩევანი გვიჩვენა და არა – მთელი საზოგადოებისა…

ამერიკაში 6-7 კომპანია ატარებს არჩევნების დროს გამოკითხვებსაც და ეგზიტ-პოლებსაც. ზოგ მათგანს თავისი პარტიული პრეფერენცია ასე თუ ისე, შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩეველი არ ირჩევს „თავისი“ და „მოწინააღმდეგე“ პარტიის ეგზიტ-პოლებს და სწორედ ამიტომაც მათ შედეგებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. და ოფიციალურ შედეგებთანაც ყველა საკმაოდ ახლოს არის.

ამიტომ, სანამ ჩვენი ეგზიტ-პოლების ჩამტარებელი კომპანიებიც ისეთივე ნეიტრალურები არ იქნებიან, როგორც ამერიკაში, ხოლო ჩვენებური ამომრჩეველი – ისეთივე მიუკერძოებელი იმ საკითხში, რომელი კომპანიის ეგზიტ-პოლში მიიღოს მონაწილეობა, ეგზიტ-პოლების ჩატარება დროის და ფულის ფუჭი კარგვაა. მოვიცადოთ არჩევნების შემდგომ დილამდე და ჯერ პარალელური დათვლის შედეგები მოგვცემს ძალიან ზუსტ სურათს (ამისათვის ISFED-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც კმარა), ხოლო შემდეგ 24 საათში უკვე ცესკოს შედეგებიც გვეცოდინება.

აი, რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევებს, ისინი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ საზოგადოებაში ამჟამად მათ მიმართ გაბატონებული სკეფსისისა და ირონიული უარყოფისაგან. სოციოლოგია მეცნიერებაა და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეცნიერების აღორძინება და ნდობის დაბრუნება. ამისათვის გამოკვლევები სხვადასხვა საკითხზე უნდა ვატაროთ ხოლმე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე). უნდა გამოვარჩიოთ იმ კომპანიები და ის პროფესიონალები, რომელთა რეპუტაცია მათი შედეგებით არის გამყარებული და პირიქით… ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რაც ამ დარგის ერთ ჭკვიან პროფესიონალს ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვურჩიე – ველის და მეთოდოლოგიის მაქსიმალური გახსნა და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთდროული პარალელური კვლევების ჩატარება! სწორედ 1 კვირის წინ წავიკითხე, რომ იგი ახლა თავად ითხოვს იმას, რაზედაც 1 წლის წინ უარი არ მითხრა, მაგრამ საერთოდ აღარც გამომპასუხებია. რას ვიზამთ –  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

 


არჩევნების ბოლო კვირა – აჟიოტაჟი, რეალობა და მირაჟები


 

ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ტელევიზიებში იმ საკითხზე, მოხდება თუ არა რევოლუცია, გადატრიალება, დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ან მინიმუმ – რაიმე ლოკალური „თაქი“.

ეს კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში პირველად 26 სექტემბერს გაჩნდა, როცა ნაციონალური მოძრაობის შვილობილი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ დატოვა რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის ახალგაზრდამ, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაშიც კი იყო 117-ე ნომრად. როგორც მათ განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვდა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობების მოწყობას და პროვოკაციული ქმედებების ინსპირირებას თუ ასეთ პროვოკაციებში მონაწილეობას. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ნაცმოძრაობამ ამ მიზნებისთვის შექმნა ახალი სპეციალური ორგანიზაცია – „საქართველოს ერთგულების სახელით“.

მეორე დღეს (27.09) იუთუბზე აიტვირთა აუდიოფაილი, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტის კიდევ ოთხი ლიდერი, რომლებიც პარტიულ საარჩევნო სიაში არიან, თანმხდებიან რა იმაზე, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რომ მეორე ადგილი და რამე კოალიციებში შესვლა, განსხვავებით გიგა ბოკერიას პოზიციისაგან, მათ არაფერს შველით, იხილავენ ქვეყანაში გადატრიალების სცენარს და საუბრობენ ამ სცენარში სხვადასხვა კომპონენტების – კარვების აქციის, მომიტინგეთა დაქირავების, შენობებში შევარდნის, სექსუალური ძალადობის და სხვა დეტალებზე. ხოლო ერთი მათგანი ამაყად აცხადებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და გამოცდილი კადრია.

ამას მალევე (28.09) დაემთხვა წინადღით საზეიმოდ გახსნილ აღმაშენებლის გამზირზე ფაშისტური სიმბოლიკით გამოწყობილი ქართველი ნაციონალისტების მარში, რომელთაც თურქული მაღაზიების და რესტორნების დარბევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მალევე გაანეიტრალა ეს მცდელობები და დარბევის ათიოდე მონაწილე დააკავა.

დაბოლოს, 29 სექტემბერს საკმაოდ მოულოდნელად შსს-მ გამოაცხადა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ამოღებული არსენალი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე (ნორიოში, გორში, საგურამოში, და – კიდევ 2 ადგილზე – თბილისში) 2009-2011 წლებში იყო გადამალული,  მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ზემოთაღწერილ მოვლენებს. აშკარაა, რომ ამ მასალების აღმოჩენა სხვადასხვა დროს ხდებოდა.

და ყველაფერ ამას ემატება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ მათთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იქნება არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, არამედ ის, თუ რას შედეგს დადებს რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია GFK მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლში.

 

ახლა ვცადოთ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას, – თუ ცდილობს ვინმე რამე გადატრიალებას და რამდენად შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოს.

====

  1. რევოლუცია თუ ალიაქოთი?

არსებობს ხმაურიანი და ძალადობრივი განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, ან – სხვადასხვა ფაზა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხმაური, ან სხვადასხვა პარტიის თუ კანდიდატის მომხრეთა დაპირისპირება, რაც ყოველთვის ახლავს საარჩევნო კამპანიას. დამოუკიდებელ საქართველოში  ეს არასოდეს არ გვიკვირდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, რომ წელს ასეთი შეხლა-შემოხლის მაგალითები ამერიკაშიც ვიხილეთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე.

რაც შეეხება გადატრიალების ან რევოლუციის შესაძლებლობას:

გადატრიალებისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გააჩნდეს ერთგული მებრძოლი კადრები როგორც ძალოვან სტრუქტურებში (საშუალო ან მაღალ ეშელონებში), ასევე – პარტიზანული რაზმები, საკმაოდ მძლავრი შეიარაღება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერა უცხოეთის რომელიმე წამყვანი ძალიდან – ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი ან თურქეთი. ძლიერი საინფორმაციო რესურსის (რუსთავი2-ის) გარდა, მას სხვა დასახელებული ფაქტორები არ გააჩნია. კაკო ბობოხიძის სამხედრო გადატრიალების გამოცდილების იმედად თუ დარჩენილა მიხეილ სააკაშვილი და მართლა არაფერი ჰქონია მარაგად… ამერიკის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად კარგია, რომ ნეტავ შეერთებულ შტატებში იყოს ამჟამად ასეო, ძალიან ცივი შხაპი იყო ნაცმოძრაობისთვის, რომლის ადეპტები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა, ასევე – თემურ იაკობაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ ევროპასა და ამერიკაში იმ სურათის დასახატად, თითქოს საქართველოში საშინელი წინასარჩევნო ტერორი მძვინვარებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

რევოლუციურ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტი ფაქტორი სჭირდება – ხალხში სათანადო განწყობების, უკმაყოფილების მაღალი მუხტის, რევოლუციისთვის ქუჩაში გამოსასვლელად და დაპირისპირებისათვის მზადყოფნის, ხელისუფლების მხრიდან ხალხის საჭიროებების სრული დაიგნორების, და სხვა ფაქტორები. რეალურად არაფერი მსგავსი ამჟამად არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ:

1.1. – საქართველოს და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს გადატრიალებებმა და რევოლუციებმა რა ხეირი მოგვიტანა! ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, საკმარისად მომწიფებულია, და უკვე შორს არის აგრესიული განვითარების სცენარებიდან, რომ გადატრიალებას არ ანაცვალოს ძლივს მიღწეული სტაბილური ყოფა, რომელიც ნამდვილად არაა საკმარისი და ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას, ალბათ, იწვევს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების დასამხობად აღდგნენ.

1.2. – მიხეილ სააკაშვილის და მისი დესტრუქციული, ანტიჰუმანური გუნდის ხელისუფლებაში და მეთოდების ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც რევანშმოწყურებული რეჟიმის დაბრუნება. არ ვიცი, მონანიების რა სხივი დაინახა სანდრა რულოვსმა მისი მეუღლის თვალებში, მაგრამ კარგად გვახსოვს სწორედ ამ მეუღლის მხრიდან სარკასტული ხითხითი – „ქინძი ვიყო, მანდ სისხლი დაიღვრებაო!..“ და არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა ამ რეჟიმის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, რევოლუციურმა სცენარის ამოქმედებამ შეიძლება ამ სცენარის ავტორები – ლეგალურადაც და პრაქტიკულადაც – ძალიან მძიმე პოზიციაში ჩააყენოს!

ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტაიგენოსსე შეეცდება, რომ მოახდინოს, ეს არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სხვადასხვა კომპლექსური პროვოკაციების რეზონირებით, რასაც უახლოეს დღეებში, ალბათ ვნახავთ.

 

  1. თავად მცდელობა და მცდელობის ორი ვარიანტი

2.1. აჟიოტაჟის შექმნა

არაა გამორიცხული, რომ რეალურად დაგეგმილ პროვოკაციათა გარდა, ნაცმოძრაობის ტაქტიკაში დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა მოდელირებები და გაყალბებები, რათა მაქსიმალურად შეიქმნას აჟიოტაჟი მოსალოდნელ რევოლუციურ კატაკლიზმებზე! არ დაგვავიწყდეს, რომ ძალების სისუსტე მათ ხმაურის სიძლიერეს აიძულებს, თანაც ეს ის ასპექტია, სადაც მათ ჯერ კიდევ შენარჩნებული აქვთ თავიანთი ყველაზე მძლავრი რესურსი – გებელსური დემაგოგიის უნარ-ჩვევები + რუსთავი2.

ამის მაგალითები დღეს უკვე მრავლად ვიხილეთ –

2.1.1 – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ეკლესიაში ამბიონიდან მოქადაგე (მესიჯი – ქართული ეკლესიები, მინიმუმ საზღვარგარეთ – მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს!) მერე გამოირკვა, რომ ეს უკრაინული კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მასთან საარჩევნო შეხვედრისთვის იქირავეს და იქ არავინ სხვა არ შეუშვეს!

2.1.2 – მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე! მოდელირებული მესიჯი –  ამერიკა, მისი [გარდაცვლილი, ცოცხალი თუ მომავალი] ლიდერები და მისი დემოკრატიის სიმბოლოც მხარს უჭერს „დემოკრატიის შუქურას“! – სინამდვილეში ამერიკაში ნებისმიერი დიქტატორიც, თუ ვიზა ჩაურტყეს, მოახერხებს ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე ვიდეოს გადაღებას. მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაც კონფერენციაზე იყო და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ რა ისაუბრა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა, ამაზე დუმს. ჯონ მაკკეინთან შეხვედრის კადრებიც ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების გარეშე იყო რუსთავი2-ის რეპორტაჟში, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ მიშას მისთვის სასურველი მიღება ამერიკის ისტებლიშმენტში არ ჰქონდა.

2.1.3 – გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებები იმის თაობზე, თითქოს მათ გაიგეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს და თხოვენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, – არ დატოვოთ ქვეყანა, უბრალოდ ოპოზიციაში  გადადით, ხელს არ გახლებთ, არ დაგიჭერთო. იმასვე იძახის ვაშინგტონიდან მათი ბელადი. მოკლედ, ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, იმდენად სიურეალისტური, სალვადორ დალის შეშურდებოდა!

2.1.4 – დაბოლოს, „უშველებელი გარღვევა“ პროპაგანდისტულ ფონზე – ვის გაგიკვირდათ, არ ვიცი, მაგრამ მოხდა დიდი ხნის წინ უკვე აშკარა ამბავი და რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK კვლევაში ნაცმოძრაობამ ქართულ ოცნებას გადაასწრო! მართალია, ჯერ უპირატესობა მინიმალურია, და მხოლოდ 0.6% უდრის (26% vs. 25.4%),  მაგრამ დარწმუნებული ბრანდებოდეთ, დარჩენილ დღეებში კვაზი-გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და ეგზიტ-პოლი რომ მოვა, იქნებ სულაც 51% vs. 22% გახდეს, ვინ დაუშლით, რომ? როგორც კოსტა ჟორჟოლიანის გმირი იძახდა „დაკარგულ სამოთხეში“ – „მასპინძელს უხარია და, შენ ვინ გკითხავსო!“ ამის შეგრძნებას განსაკუთრებით აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თურმე GFK-ის საველე სამუშაოებს ქართული კომპანია BCG ასრულებს, როლის დამფუძნებელი ნაცმოძრაობის დეპუტატი და 2008 წელს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყო, ხოლო ამჟამინდელი დირექტორი  – მისი მეუღლე ანი თარხნიშვილია! მოკლედ, ამაზე იტყვიან – “შენ დაუკარ!”-ო

2.1.5 – ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რუსთავი2-მა და ნაცპროპაგანდის სხვა საშუალებებმა უშველებელი ცრუ-ციფრი ააზვირთეს, რომელსაც ყველა ნაცლიდერი დაჟინებით იმეორებს – ივანიშვილმა აღიარა თავის ბოლო გამოსვლაში, 30% უჭერს მხარს ნაცმოძრაობასო – ანუ, უკვე შეგუებულია მარცხსო! სინამდვილეში, ივანიშვილმა თქვა, ამომრჩეველთა 30% ჯერაც ფიქრობს, გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, ხოლო 150-200 ათასი ადამიანი კი რჩება ნაცმოძრაობის ერთგულიო… თუ კარგად დავთვლით, 150-200,000 მაქსიმუმ მხოლოდ 10%-12%-ია პოტენციურად არჩევნებზე სავარაუდოდ მიმსვლელი 1,5-1.7 მილიონი ამომრჩევლისაგან!

ეს ყველაფერი შეიძლება დავასათაუროთ, როგორც „ბიძინა, მოვედით!“ და “Леопольд, выходи! выходи подлый трус!” კამპანია და ძირითადად, საკუთარი ერთგული მხარდამჭერების, რომელთა შორის რღვევის ნიშნები გამოჩნდა, გამხნევების ოპერაცია. რათა დააჯერონ ისინი, რომ ყველაფერი უმაღლესადაა, არჩევნები მოგებულია, თან, როგორც სააკაშვილი ამბიონიდან იძახდა, თუ რომელიმე რეგიონს აგებს ხელისუფლება, ესეიგი, მთლიანადაც წაგებული აქვთ არჩევნები! (არ ვიცი, რამდენად თუნდაც ერთ რეგიონს იგებს, მაგრამ ეს სისულელე რომელ საარჩევნო კოდექსში წაიკითხა ან რომელი ლოგიკით ასკვნის, საინტერესოა!)

 

2.2.  რეალური მცდელობა

რეალური მცდელობები სააკაშვილს ექნება და უკვე ჰქონდა.

2.2.1 – თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ შარშან, რუსთავი2-ის საკუთრების საქმის სასამართლოში გარჩევის დროს მის საუბრებს ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა უარყოფილი ამ პირების მიერ: სააკაშვილი ავალებდა გვარამიას, რუსთავი2-ის შენობაში „ბაევიკების“ შემოყვანას და ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიაში მოსლოდნელი შეჭრის დროს თუ შვილიანი დედა დაიჭრებოდა. ამ საუბრების შემდეგ საქმეც აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის შესახებ.

2.2.2 – ამჟამინდელ საუბარში, რომელიც ასევე სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერაა ინიცირებული (ყოველ შემთხვევაში, სხვა სავარაუდო პირებსს საკუთარი ხმის ავთენტურობა არ ეეჭვებათ, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია და ისინი სხვა პერიოდსა და სხვა გადატრიალებაზე საუბრობენ…) ძალიან ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ არჩევნები წაგებული აქვთ (ამას ყველა ეთანხმება), და რომ საჭიროა რევოლუციის მოწყობა – სააკაშვილი ამბობს – ბოკერია არჩევნების წაგების მერე კოალიციებზე ფიქრობს და მე ეგ გზა არ მაწყობს, მე კაკოს იმედი მაქვს, ეგ გამოცდილიაო (ეს „კაკოც“ ომახიანად ადასტურებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული!)

2.2.3 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია, კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის რევოლუციის დაწყების ნიშანი იქნება ის, თუ ცესკოს შედეგები არ დაემთხვა რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს! იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წარმატების დასტური იყო მის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის სრული ლოიალურობა, ან – არჩევნების დღეს შუადღეზე ჯორჯ ბუშისგან მოლოცვა! ან – ეუთოს თუ სხვა უცხოელ დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნა! ან – ამერიკის ელჩის განცხადება! მაგრამ ახლა მისი ლეგიტიმაციის დონე ძალიან ქვევით დაეშვა და მხოლოდ საკუთარი ერთგული ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული GFK-ის ეგზიტპოლია მისი სანუკვარი ბილეთი! სწორედ იმ GFK-ისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა დაქირავებული, რომელმაც მაშინ ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ 33% დაუწერა, რაც არჩევნების რეალურ შედეგს, არა – დასაშვები 3%-ით, არამედ, – 22%-ით ჩამორჩებოდა! ამჟამადაც GFK-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა უკვე „იგებს“ და სავარაუდოდ, მისი „უპირატესობა“ პროგრესულად ან გეომეტრიულადაც კი – „გაიზრდება“. მართალია, სერგი კაპანაძე და ნაცმოძრაობის სხვა დე-იურე ლიდერები იძახიან, – ჩვენ ცესკოს შედეგებს ვენდობითო, მაგრამ ეს მხოლოდ ყასიდი განცხადებებია, რომელსაც ის და ნაცმოძრაობის სის პირველი ათეულის დანარჩენი წევრებიც მაშინვე უარყოფენ, როგორც ამის საჭიროებაზე სააკაშვილის ბრძანებას მიიღებენ.

2.2.4 – დღეს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, მათ შორის სოფლის ყოფილმა გამგებელმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სცემეს, მათ შორის ერთ გოგონას – ლიკა დემეტრაძეს თავში ქვა ჩაარტყეს და ოცნების 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს უკვე სამეგრელოს რეგიონში სიხლიანი დაპირისპირებისთვის მზადყოფნისა და მაგალითის მიცემის ხასიათს ატარებს.

2.2.5 – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სიის ლიდერებს პარლამენტში მოხვედრა და კიდევ 4 წელი პოლიტიკურ აქტივობა, ალბათ, გულის სიღრმეში მაინც, დამაკმაყოფილებელ პროგრამა-მინიმუმად მიაჩნიათ, მაგრამ აბა, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ?! მას ეს ვარიანტი აბსოლუტურად არ აწყობს. საკუთარი ცოლის პარლამენტში ხილვაც კი ვერაფერი ბედენა იქნება მისთვის, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი პარლამენტარის მეუღლეზე ვერ გავრცელდება. ასე რომ, როგორც დაუდეგარი ავანტურისტის  ტვინს ახასიათებს, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორის ფანტაზიებში ახლა მრავალი პროვოკაცია იხარშება, როგორ მოაწყოს რამე ისეთი  საქართველოში, რაც მას თეთრ ცხენზე დაბრუნების შანსს მისცემდა. მის პროვოკაციულობას საზღვარი არ აქვს და არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც და ახლობლებსაც კი დაუფიქრებლად დააყენებს საფრთხის წინაშე, ოღონდ, მინიმალური, ან სულაც ილუზორული შანსი გაუჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად დააპირებენ მასთან პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას მისი თანაგუნდელები, და რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება გაყვნენ ავანტიურაში უბრალო მოქალაქეები.

 

  1. წინასაარჩევნო გარემოპოზიტიური რეალობა

3.1 – ამერიკის ელჩის უაღრესად პოზიტიურ განცხადებაზე ზემოთ უკვე დავწერე.

3.2. – ასევე ძალიან პოზიტიური იყო ეუთოს სადამკვირებლო მისიის პირველი ანგარიში. თუმცა აღინიშნა ორ მთავარ კონკურენტ პარტიას შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.

3.3. – საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნების ბედი ცესკოს ნაცმოძრაობის ერთგული თავმჯდომარის კაბინეტში საიდუმლოდ ჩაკეტილი ფაქსის აპარატზე საიდუმლოდ მოსული ფაქსებით წყდებოდა. ამავდროულად მაშინ ინტენსიურად გამოიყენებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, უბანზე კარუსელები, გადაღებული იყო პოლიცილების მიერ ყუთების დატაცების, ან მასიურად საარჩევნო ურნებიდან ნაგვის ურნებში ბიულეტენების ჩაცლის ფაქტები, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საუბნო კომისიებიდან სააჩევნო ურნების ნიღბინა სპეცნაზელათა მიერ გატაცების ფაქტები, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დაშინების და ზეწოლის ფაქტები… მეტიც, 2008 წელს ევროკავშირის მისიის ხელ-ლი პიტერ სემნები ნაცმოძრაობის წევრებმა უბანზე მოიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სადღაც! საგულისხმოა, რომ თავად პიტერ სემნებიმ, რომელიც კარგად ხვდებდა, რა დონის ავანტიურისტებთან და კრიმინალებთან ჰქონდა საქმე, ამჯობინა, ხმა არ ამოეღო ამ ფაქტზე, რაც თავისთავად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი სისტემის სიმახინჯეს. მეტიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა პირველ ტურში მხოლოდ 3.7%-ით მოიგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ხმის დათვლა უბნების 19%-ზე ჩატარდა სერიოზული დარღვევებით! და იყო ან ცუდი, ან – ძალიან ცუდი! მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს 19% სწორედ მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა, და რომ არა ეს ფაქტი, 3.7%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო!

3.4. –  ეს ყველაფერი იყო წარსულში! ახლა კი მოხერხდა ნაცმოძრაობის მიერ 50%-დან 30%-მდე ჩამოქვეითებული მაჟორიტარული ბარიერის ისევ აწევა 50%-მდე. და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად – მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება. ელექტრონული ID ბარათების შემოღებით მათი გაყალბების შანსი ძალიან შემცირდა, უბნებზე სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უკვე ფოტოებსაც შეიცავს, რაც აქაც გაყალბების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო ახლახანს ცესკომ ისიც განაცხადა, რომ ხმათა დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში ლაივ-სტრიმით განხორციელდება. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. და არა – ესა თუ ის წინასწარი კვლევები, ან ეგზიტ-პოლები. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეგზიტ-პოლი არ ხდება არჩევნების საფუძველი. პირიქით, ცესკოს შედეგებთან ეგზიტ-პოლების სიახლოვე ამ ეგზიტ-პოლების სისწორეზე მეტყველებს და არა – პირუკუ, როგორც მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სურთ, რომ იყოს.

 

  1. კითხვები ხელისუფლებასთან:

4.1 – რა ხდება ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ანტისახელისუფლებო გადატრიალების მოწყობის შესახებ? ვინ დაიკითხა, რა შედეგებია? ხომ არ იყო უპრიანი, მიხეილ სააკაშვილზე და მისი პარტიის აქტივისტებზე, რომლებიც წამდაუწუმ ოდესაში დადიან და საათებს ასწორებენ, ლეგალურად დაწყებულიყო მოსმენები და ეს საუბრები იქედან ყოფილიყო მიღებული და არა – ვიღაც უცნობი წყაროსაგან?

4.2 – რატომ მოხდა იარაღის საწყობების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ახლა გამჟღავნება? თუ ამდენი უკანონო იარაღი იყო აღმოჩენილი, ვინ დაიკითხა, თუ არის უკვე რამე ინფორმაცია და თუ ვიცით, ვისი ბრძანებით და ორგანიზებით მოეწყო ეს სამალავები?

4.3 – ვინ იდგა აღმაშენებელზე ნაციონალისტების მარშის ორგანიზების უკან? თუ დადგენილია, ვინ ახდენს ამ ჯგუფის იდეურ ხელმძღვანელობას და დაფინანსებას? თუ ფიქრობს ვინმე, რომ სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილს ძალიან ენდომებოდა ერდოღანისათვის იმის დემონსტრირება, რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოში თურქ მოქალაქეებზე და ბიზნესმენებზე ნაციონალისტები “ნადირობენ”!

4.4 – თუ ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე სუს-ში, როდის და როგორ მოხერხდება მათი დაკითხვა?

4.5 – რამდენი ხანი დაჭირდება ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და თუ ეს დადასტურდა, ხოლო ამ მომენტისათვის არჩევნები დასრულებული არ იქნება, რა ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ სასამართლოსთვის თავის არიდება ვერ მოხერხდეს?

4.6 –  როგორ მოხერხდება სავსებით ლოგიკური ეჭვის აცილება, რომ ბოლო კვირაში მხოლოდ ნაცმოძრაობის გააქტიურება კი არა, ნაცმოძრაობის აქტივობებთან პარალელურად მომხდარი მოულოდნელი აღმოჩენები – საიდუმლო ჩანაწერები იქნება ეს, უცებ გაცხადებული იარაღის საიდუმლო საცავები, თუ კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება ახლა ამოტივტივდეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაგროვებული მასალა არ არის, რომელიც დროულად გაჟღერების ნაცვლად არჩევნების ბოლო კვირისთვის იყო შემონახული, რათა ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა მოეხდინათ?

 

  1. სხვა პარტიების შესაძლო აქციები

ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეიძლება არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოუნდეს: ნინო ბურჯანაძემაც და შალვა ნათელაშვილმაც განაცხადეს, რომ მათი პარტიების რეიტინგი შეიძლება 80%-იც კი იყოს! საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასევე აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებს ისინი იგებენ (მინიმუმ 30% გვაქვსო). პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად აქტიური რღვევითი პროცესებისა მის შიგნით, ხშირ-ხშირად გვახსენებს, რომ იგი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც  ხალხისთვისაა მოწოდებული და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გააჩნია. თავის ამბიციებს არ ფარავენ თავისუფალი დემოკრატებიც და ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურებული რესპუბლიკელებიც. ეს პარტიები თუ მინიმალურ გამსვლელ ხმებს მაინც მიიიღებენ, ეს უკვე 30%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ  ამ პარტიათა ლიდერების ამბიციებს, არაა გამორიცხული, რომ მათ, თუნდაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი,  მაინც გამოთქვან პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ეჭვებს შეუერთდნენ. ისიც დასაშვებია, რომ ბევრმა მათგანმა თავისი ეგზიტ-პოლი ჩაატაროს და განაცხადონ, რომ სწორედ ამ ეგზიტ-პოლს ენდობიან და არა – ცესკოს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს. რომ ცესკოს და ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები – მობილიზებული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად ძალზე ფრთხილად, რომ მათმა ზედმეტმა ჩარევამ  საარჩევნო პროცესის  სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩინოს.

========

 დასკვნა:

 ჩემი აზრით, მიუხედავად  მრავალფეროვან პროვოკაციათა  მოსალოდნელი მცდელობებისა, 8 ოქტომბერს პროცესი მაინც მშვიდობიანად განვითარდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი გაკვეთილი აქვს მიღებული და წესით, აღარ უნდა ელოდოს რაიმე სარგებელს რევოლუციური პროცესებისაგან და ეგზალტირებული ავანტიურისტებისაგან. ანუ, დესტაბილიზაციის მცდელობები მოსახლეობაში ნოყიერ ნიადაგს ვერ ჰპოვებს

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში აქა თუ იქ (ძირითადადსამეგრელოსა და აჭარაში) დესტაბილიზაციის მდგრადი კერები შეიქმნა, ამით უდავოდ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა, რომელსაც ახლა აქტიურად საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ არ იტყვის უარს შანსის გამოყენებაზე, თუ ასეთ შანსს მას თავად მივართმევთ ლანგარზესაკუთარი ოპონენტების მიმართ დაუნდობლობის დემონსტრირებით, და მოდელირებული პროვოკაციებით ფსევდორევოლუციური დაძაბულობის შექმნის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი ამ გაფრთხილებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს, როგორც არ გაუთვალისწინებია 2008 წელს, როცა მას შინ თუ გარეთ ბევრი აფრთხილებდა. ყველას უნდა ახსოვდეს (მის მხარდამჭერებსაც, ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც), რომ როცა დესტაბილიზაციის ინიციატორს მაგრად გაუჭირდება, იგი ყოველთვის მოძებნის გასაქცევს, ხოლო ჩვენ შეიძლება ეს ავანტურა გაცილებით ძვირად დაგვიჯდეს, – როგორც ეს 2008 წელს კოდორის, ახალგორის, თუ თამარაშენის მოსახლეობას დაუჯდა

misha-ukr


თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი აღვნიშნეთ წელს.

როდესაც ვფიქრობ ამ 25 წელზე, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებას წარუშლელი კვალი დააჩნია, ასე მგონია, რომ პოლიტიკოსებით ერთდროს საკმაოდ მდიდარ ქართველებს (მეფეებს არ შევეხები) – ალექსანდრე ბაგრატიონიდან, სოლომონ ლიონიძიდან და სოლომონ დოდაშვილიდან დაწყებული, და ილია ჭავჭავაძით, ნიკო ნიკოლაძით, სპირიდონ კედიათი გაგრძელებული, მენშევიკების (ნიკოლოზ ჩხეიძე, კაკი წერეთელი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვ.) და ადრეული ბოლშევიკების (სტალინი, ალიოშა ჯაფარიძე, მამია ორახელაშვილი) შემდეგ აღარ ჰქონდათ ის, რაც მანამდე ახასიათებდა ქართულ პოლიტიკურ აზრს – პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური ფილოსოფიის სიჭარბე, როცა განსჯა, ფიქრი და პუბლიცისტიკა მეტ ადგილს და დროს იკავებდა, ვიდრე – წმინდა პოლიტიკური პროცესი და სამოქალაქო აქტივობა.

სტალინმა და მმართველობის მისეულმა რეპრესიულმა სტილმა პოლიტიკა, როგორც რუსეთში, ასევე – საქართველოში, აქცია მაკიაველიზმის და პოლიტიკური ინტრიგნობის, თუ უბრალოდ – პოლიტიკური კრიმინალის უალტერნატივო სფეროდ. სწორედ ამიტომ, თუ რუსული ცარიზმის დროს საქართველოში დროებით ჩაკლული პოლიტიკური აზროვნება მე-19 საუკუნის ბოლოდან საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა და ქართული დამოუკიდებლობის 3-წლიანი ვარსკვლავის გაბრწყინებით (მაგრამ, საუბედუროდ, სწრაფადვე ჩაქრობით) დაგვამახსოვრა თავი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების სახელმწიფო ტერორის შემდეგ პოლიტიკური აზროვნება სრულიად განადგურდა. პოლიტიკოსები ძირითადად დაერქვათ იმ პირებს, რომლებიც უბრალოდ სხვადასხვა კალიბრის დემაგოგები, აღმსრულებლები, ან – უარეს შემთხვევაში – ტირანები და სადისტები იყვნენ. და სწორედ ამიტომ, როგორც ხრუშჩოვის „ოტტეპელი“, ასევე გორბაჩევის „პერესტროიკა“ ძალზე ხანმოკლე გამოდგა გამყინვარების პერიოდის ყინულის დასადნობად და საქართველოში ახალი ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის დასამკვიდრებლად.

ამის გამო, სამწუხაროდ, საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს – დამოუკიდებლობის მოპოვების დროისთვისაც კი აშკარა იყო პოლიტიკური პარტიების სისუსტე და ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსების ნაკლებობა! მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში წინა პლანზე იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მიტინგებზე და მსვლელობებზე მომიტინგეთა ენერგეტიკული დამუხტვა და აღტყინება კი კარგად შეეძლოთ, მაგრამ რომელთაც ნაკლები დრო ჰქონდათ დახარჯული ქართული სახელმწიფოებრიობის არა – მოპოვების, არამედ – განვითარებისა და გაძლიერების საკითხებზე ფიქრსა თუ კამათში.

კითხვა იდგა მხოლოდ ასე: „როდის და როგორ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა?“ ხოლო ის, თუ რას ვუზამდით შემდეგ ამ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, რა იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური მდგენელი, თუ საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ვინ ვისთან ალიანსში და როგორ მოახერხებდა ახალგაზრდა, პატარა ქვეყნის ურთულესი გეოპოლიტიკური გეოგრაფიისა და ისტორიის გამოწვევებთან გამკლავებას – ეს კითხვები, პრაქტიკულად, არც კი ისმებოდა. არც არის გასაკვირი, რატომ. – ქართული დამოუკიდებლობის ყველაზე რადიკალ აპოლოგეტებსაც ხომ ამის მიღწევა არც კი ეჯერათ ახლო მომავლის ამბად…  შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მართლაც სერიოზული მსხვერპლი გაიღო 1991 წლისთვის დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ სერიოზულად არ მომზადებულა ამ დამოუკიდებლობის შესახვედრად, რომელიც, დიდწილად მაინც, მოულოდნელად თავს დაგვეცა…

და პრობლემა ქვეყნის დამოუკიდებლობის რეალური განხორციელებისათვის არა მარტო პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მოუმზადებლობა იყო (უნდა ითქვას, რომ სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ფონზე, ამ მხრივ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით), არამედ, ის აჟიოტაჟური მოთხოვნილება ქარიზმატულ ლიდერებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობდა. ის „მოუთმენლობა გულისა“ და მესიის მარადიული მოლოდინი, რაც ქართულ პოლიტიკას ისეთ მითოლოგიურ-რელიგიური ნაზავის ელფერს სძენს დღემდე, ჯეიმს ფრეიზერის „ოქროს რტოს“ რომ შეშურდებოდა. რეალობაა ის, რომ უახლეს ქართულ ისტორიაში ქარიზმატული ენერგეტიკული ლიდერი, როგორც წესი ახერხებდა საზოგადოების დიდი უმრავლესობის უკეთ დარწმუნებას, ვიდრე – საფუძვლიანი ანალიზის მოყვარული რაციონალისტი მოაზროვნე პროფესიონალი. ქართულმა საზოგადოებამ (მისმა დიდმა ნაწილმა მაინც) გარიყა და არ მიიღო მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ქართველ ხალხს იმასვე ეუბნებოდა, რასაც ზოგადად ფიქრობდა, და არა – ტრადიციულ სადღეგრძელოებსა და დითირამბებს. ქართულმა საზოგადოებამ ამჯობინა უფრო რადიკალური და ეგზალტირებული ზვიად გამსახურდია – შედარებით უფრო მოზომილ და მორიდებულ მერაბ კოსტავას, ისევე როგორც – გაცილებით ხმაურიანი და ფუყე ირაკლი წერეთელი – მოაზროვნე პოლიტიკოსს ზურაბ ჭავჭავაძეს. დაბოლოს, სწორედ საქართველოში 2%-იც კი ვერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე აკაკი ბაქრაძემ, რომლის ფილოსოფიური აზროვნება, პატრიოტიზმი და პატიოსნება ათჯერ და ოცჯერ გადაფარა არა მარტო ედუარდ შევარდნაძის, არამედ ჯუმბერ პატიაშვილისთვის მიცემულმა ხმებმა…

აი ეს ვართ, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი – როგორი პოლიტიკური სპექტრი გვყავს და როგორი ამომრჩეველი.

ნიჰილიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არ გვაქვს (დამოუკიდებელი ქვეყნის გონივრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას ათწლეულები ჭირდება), მაგრამ – დასკვნების გაკეთება, დიდი ხანია, დროა…

==============================

 

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

და ამ მე-9 მოწვევის პარლამენტში შეიძლება არ აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც მე პირადად, თანამედროვე ქართული პოლიტიკის და განსაკუთრებით, პარლამენტარიზმის, ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავად მიმაჩნია! შეიძლება, საუკეთესოც კი იყოს.

მისი მასწავლებლებისაგან გამიგია, რომ ის იყო ბრწყინვალე სტუდენტი და დადგა საუკეთესი იურისტი. მის პოლიტიკურ კარიერას ვაკვირდები დიდი ხანია და ვერ ვიხსენებ, მას რამე ისეთი გაეკეთებინოს, რაც მის რეპუტაციას და პატიოსნებას ჩრდილს მიაყენებდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, რესპუბლიკური პარტიის ღირსეული მესაჭე იყო 2005-13 წლებში, ხოლო 2012 წლიდან – საქართველოს პარლამენტშია და პარლმენტის თავმჯდომარედაც აირჩიეს. მოკლედ, დავით უსუფაშვილზე მოგახსენებთ.

du-best

მას გააჩნია როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის ბრწყინვალე გამოცდილება და უნარ-ჩვევები, ასევე მშვენივრად ართმევს თავს განსხვავებული პარტიების, ფრაქციების, კომიტეტების, ადამიანების საქმიანობის კოორდინაციას, კონფლიქტური სიტუაციების მართვას და პოლიტიკური დებატების პიროვნულ დაპირისპირებებში გადაზრდის პრევენციას, ისევე როგორც – სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების სწორად და ეფექტურად წარმართვას. ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტში ჩატარებული მრავალი მსოფლიო მასშტაბის კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებაში მისი შეტანილი წვლილითა და აქ თუ უცხოეთში უაღრესად აწონილ გამოსვლებში კარგად ჩანს უსუფაშვილის ორგანიზატორული ნიჭი და სტრატეგიული ხედვები. ბევრ ასპარეზზე მისი საერთაშორისო საქმიანობა ცდება წმინდა საპარლამენტო და საკანონმდებლო არეალს და იგი ახერხებს თავისი სერიოზული როლი შეასრულოს ქვეყნის განვითარების, ახალი ეკონომიკური მეგაპროექტების დასახვის, სამომავლო სტაბილურობის განვითარებასა და მიღწევაში. ვერ ვიტყვი, რომ იგი დაზღვეულია შეცდომებისაგან, მაგრამ მისი სწორი გადაწყვეტილებები განუზომლად უფრო მრავალია და მნიშვნელოვანი, ვიდრე შეცდომები, და რაც მთავარია, მას არ აქვს პრობლემა თავისი შეცდომები აღიაროს, და რაც მთავარია, არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობას. ეს კი პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთ უპირველეს ღირსებად მიმაჩნია.

ვიცი, არ მომიწონებს ასეთ დაუფარავ რეკლამას ბატონი დავითი.

ფაქტიურად, მან არც ისურვა თავის საარჩევნო კამპანიაში ჩემი ჩართვა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მას არ მოუცია ჩემთვის ისეთი სახის დავალება, რაც პირადად მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, თუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, იმიჯის გაძლიერებისთვის იქნებოდა გამიზნული… და ნამდვილად არ მგონია, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ არ მენდობა და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

მაგრამ რაც არ უნდა მითხრას, სხვანაირად არ შემეძლო, რადგან ეს ჩემი წერილი არ არის დავით უსუფაშვილის კარიერაზე ზრუნვით განპირობებული. ასე მგონია, რომ ამ ჩემი წერილით მე უფრო საკუთარ უბანზეც, საბურთალოზეც, თბილისზეც და საქართველოზეც ვზრუნავ, რადგან ხმამაღლა ნათქვამად მოგეჩვენოთ, იქნებ, მაგრამ მჯერა, პარლამენტარი უსუფაშვილი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკას, ვიდრე – პირიქით.

მისი საჯარო ლექციების მოსმენის და ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრების მომსწრე, დარწმუნებული ვარ, დავით უსუფაშვილს შეუძლია იყოს ძალიან წარმატებული ლექტორი ან სულაც – რექტორი. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი იქნებოდა საუკეთესო იურისტი იურისპრუდენციის ნებისმიერ სფეროში… მაგრამ ასევე კარგად ვხედავ, რომ დღეს დავით უსუფაშვილი სწორედ ქართულ პოლიტიკას და სწორედ ქართულ პარლამენტს ჭირდება ჰაერივით – ჭირდება როგორც მისი ცოდნა, მისი პროფესიონალიზმი, დისპუტებისა და დებატების მისეული ხელოვნება, ასევე და არანაკლებ – მისი ტაქტი და სიდინჯე, კონფლიქტების მოგვარების და მეხანძრეობის მისი მართლაც ბრწყინვალე უნარი, პარტნიორებთან და ოპონენტებთან საუბრისა და დარწმუნების, განსაკუთრებით კი – კონსენსუსის მიღწევის მისეული ნიჭი… ეს ძალიან იშვიათი კომბინაციებია – არამცთუ საქართველოში, ზოგადად – ევროპაში თუ მსოფლიოში. და ჩვენ არ გვაქვს უფლება თუ ფუფუნება, ასეთი ძალიან საჭირო პოლიტიკოსი პარლამენტს გარეთ დავტოვოთ. მე ასე ვუყურებ ამ ამბავს და გეტყვით, რატომ ვხედავ ამ საფრთხეს…

ამ ყველაფერს რომ ვამბობ, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დავით უსუფაშვილს ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ გავუწიო რეკომენდაცია. ჯერ ერთი, ეს მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტია, და თანაც, ვფიქრობ, მართლაც კარგი იქნება, თუ პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ეყოლება – პარლამენტისთვისაც და დავით უსუფაშვილისთვისაც ასე აჯობებს. დროებით მაინც!

რატომ გავკადნიერდი ასე და რატომ ვბედავ, რომ ქართველ ამომრჩეველს რჩევა მივცე?

უბრალოდ მგონია, რომ ოდნავ მაინც უფრო კარგად ვიცნობ უსუფაშვილს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ქართველი ამომრჩეველი. და სამწუხაროდ, როგორც გამოუსწორებელი რეალისტი, კარგად ვხედავ იმის რეალურ შანსსაც, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში ბევრი მშვენიერი, და ზოგი არცთუ სახარბიელო, კანდიდატის გვერდით – დავით უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს.

ბოლო თვის განმავლობაში მაოცებს, რომ ნაცნობები – იქნებიან ეს ჟურნალისტები, ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, სტუდენტები, დიასახლისები თუ სხვები – უბრალოდ ის ხალხი, ვისაც პოლიტიკა ასე თუ ისე ესმის და აინტერესებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ ნეგატიურ შესაძლებლობას ვერ ხედავს. მათ დიდ უმრავლესობას ეს პოტენციური ვარიანტი, რომ დათო უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში, რატომღაც არც კი მოსვლია თავში!

არადა, ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ. ჩვენი საარჩევნო სისტემა შესაძლებელს ხდის, რომ თუნდაც საკმაოდ პოპულარული ადამიანი არ აღმოჩნდეს პარლამენტში, თუ მისი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ხოლო თავად მაჟორიტარულ ოლქს (სადაც დაახლოებით 46-48 ათასი ადამიანი ცხოვრობს) ვერ მოიგებს.

ის, რომ რესპუბლიკური პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავს, შეუძლებელი არ არის, მაგრამ არც გარანტირებულია და მე არ მაქვს რაიმე ობიექტური მოცემულობა, რომელიც ჩემს აზრს შემაცვლევინებდა. 2008 წელს რესპუბლიკელების რეიტინგი იყო 3.8%. მე ვუშვებ, რომ კოალიციურ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ეს ციფრი იქნებ უფრო მაღალი იყოს, მაგრამ რამდენად მაღალი, არავინ იცის. არ ვიცი, აქვს თუ არა ჩატარებული რაიმე შიდა კვლევა რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო საჯაროდ გახმაურებული კვლევები ან მანამდე იყო ჩატარებული, სანამ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში ცალკე მონაწილეობას გამოაცხადებდა, ან ამ განცხადებიდან ძალიან მალე (მაგ, 2016 წლის აპრილის NDI და IRI კვლევები). IPN.ge, For.ge  სხვა ინტერნეტ-პორტალებზე თუ საგაზეთო გამოკითხვებით რესპუბლიკელების მაჩვენებელი 2%-დან 9%-მდე მერყეობს, მაგრამ ეს სოციოლოგიურ გამოკითხვად ვერ ჩაითვლება. და საერთოდ, ბოლო წლების პრაქტიკა უფრო იმას ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოკითხვებისა თუ ეგზიტ-პოლების მხოლოდ 10-20% თუ ემთხვევა არჩევნების შედეგებს.

ამ წერილში არ ვაპირებ არც რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე მსჯელობას და არც იმის განხილვას, როგორ აღიქმება საზოგადოებაში ეს (ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი) პარტია თუ მისი ცალკეული ლიდერების პოზიციები და განცხადებები. ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტია, ალბათ, ყველაზე არაპოპულისტი პარტიაა და ამიტომაც მას ჰყავს გულმხურვალე მხარდამჭერებიც, და უფრო მრავალრიცხვოვანი მკვეთრი მოწინააღმდეგეებიც.

იმას მინდა გავუსვა ხაზი (და ჩემი ნაცნობ-მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა მეთანხმება ამ შეფასებაში!), რომ დავით უსუფაშვილი არ არის არც მხოლოდ რესპუბლიკელი და არც მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. მისი პოლიტიკური წონა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსხვავებულია, ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან ცნობილი და ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელისუფლებო კოალიციის წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წონა იქნებოდა – და ეს უკავშირდება როგორც მის პერსონალურ უნარ-ჩვევებს, (განსაკუთრებით, სიმშვიდეს, საკითხის შესახებ სხვათა აზრის მოსმენა-გათვალისწინების უნარს და კონსენსუსის მიღწევის გამორჩეულ ნიჭს), ასევე – მის პოლიტიკურ გამოცდილებას.

==========

რაც შეეხება საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქს, სადაც დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს (პეკინის ქუჩის დასაწყისი, შარტავას და გოთუას ქუჩები, ბახტრიონი, ალექსიძის ქუჩა – სპორტის სასახლის უკან არსებული აკადემქალაქის დასახლება), აქ გასამარჯვებლად სულ სხვა სახის მათემატიკა და ციფრები იქნება განმსაზღვრელი.

დღევანდელი საარჩევნო სისტემით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დავით უსუფაშვილს გასამარჯვებლად ვერაფრით ეყოფა რესპუბლიკური პარტიის ყველა იქაური მხარდამჭერის ხმები, თუნდაც მათი მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში. ხოლო ის, რომ თბილისის მასშტაბით, თუ მთლიანად ქვეყანაში დათო უსუფაშვილს ძალიან ბევრი აფასებს და მხარს უჭერს, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს!.. ამიტომ ვუჭერ მე პირადად მხარს არა მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას, არამედ – მრავალმანდატიანი მსხვილი (რეგიონული) მაჟორიტარული ოლქების შემოღებას. მაგრამ ეს მომავლის თემაა… ახლა კი დავით უსუფაშვილს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლების ხმებიც ჭირდება გამარჯვებისათვის, რომლებიც თავს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად არ მოიაზრებენ, მაგრამ დავით უსუფაშვილის, როგორც პოლიტიკოსის სარგებლის დანახვა შეუძლიათ.

მე-6 ოლქში უსუფაშვილის მთავარი კონკურენტები არიან ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნებიდან“, შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და სევდია უგრეხელიძე ნაცმოძრაობიდან. ნამდვილად გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მათი, ან სხვა კანდიდატების ამომრჩევლების ამათუიმ ფორმით დამუნათება. მინდა მივმართო საბურთალოს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლებს, რომელთაც დღემდე არ გაუკეთებიათ არჩევანი და ჯერაც ფიქრობენ.

შეიძლება, თქვენთან ამ დღეებში, როგორც ეს 4 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე, სხვადასხვა კანდიდატები იყვნენ და დაგპირდნენ თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას – წყალი იქნება ეს, გათბობა, გზა, ლიფტი თუ სახურავი. მართალია, სრულიად ბუნებრივი იქნება, თუ თქვენ 8 ოქტომბერს არჩევანში ამ დაპირებასაც გაითვალისწინებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ამჟამად პარლამენტს ვირჩევთ (და არა თვითმმართველობას, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი საკითხები ეხება!), და რომ პარლამენტში თქვენს რჩეულს ქვეყნისთვის უკეთესი კანონების წერა და კონსტიტუციის და სამართლის დახვეწა უნდა შეეძლოს, უნდა შეეძლოს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის სწორი ვექტორების დასახვა, უნდა აირჩიოს მთავრობა, რომელიც კვალიფიციური იქნება და რომელსაც მერე მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს მოთხოვს, ისეთი პარლამენტარი, რომელიც იქნება კრიტიკული, მაგრამ არა – დესტრუქციული და დემაგოგი. და თან კარგია, თუ ეს იქნება ის ადამიანი, რომლის ასეთ უნარ-ჩვევებსა და ნიჭიერებაში მისი საქმიანი გამოცდილება იქნება თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი, და არა – მხოლოდ მისი დაპირებები, რადგან ზოგადად ხომ გვახსოვს, – „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!“

თუ თქვენ დღემდე არ გაგიკეთებიათ არჩევანი, დაფიქრდით იმაზე, რომ სწორედ თქვენზე, როგორც საბურთალოს მე-6 ოლქის ამომრჩეველზე, შეიძლება იყოს დამოკიდებული, მოხვდება თუ არა პარლამენტში დავით უსუფაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, თავისი პროფესიული პოტენციალიდან და ადამიანური თვისებებიდან გამოდინარე, არამცთუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი მგონია საქართველოს პარლამენტისათვის დღევანდელ ეტაპზე.

მინდა გთხოვოთ არა ჩემი შეხედულების ბრმად გაზიარება, არამედ, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში იქნებ დაფიქრდეთ ამ საკითხზე, ჰკითხოთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ნახოთ ინტერნეტში პარლამენტის თავმჯდომარის სატელევიზიო გამოსვლები, დებატები და ინტერვიუები, უკეთ გაიგოთ, – ვინ არის და რა სურს დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს. და თუ თქვენი აზრი ამის შემდეგ ჩემსას დაემთხვევა, მხოლოდ მაშინ მე-6 ოლქში შემოხაზოთ მისი ნომერი – 6 – მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენში.

მე სამწუხაროდ, მოკლებული ვარ ამ შანსს, რადგან საბურთალოს მე-6 ოლქში არ ვცხოვრობ.

აი, ამიტომ დავწერე ეს წერილი და დავწერე დღეს – არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რომ საკმარისი დრო გქონდეთ იმისათვის, რომ გააზრებული არჩევანი თავად გააკეთოთ. არა – ემოციებზე და გრძნობებზე, არამედ – თქვენს მიერ მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციასა და პირად ანალიზზე დაფუძნებული.

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დრო დამითმეთ და ჩემი წერილი ბოლომდე წაიკითხეთ.

 

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი),

ექიმი, ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე


ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე!🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…”😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


არჩევანის ზღვარზე (ქართველი ამომრჩევლის გაკვეთილები)


Bad-Officials-Are-Elected-By-Good-Citizens-Who-Do-Not-Vote.-»-George-Jean-Nathan

წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი აღნიშნა.

ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი არჩევნები ჩატარდა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი (მათ შორის – მერების). იყო საკმაოდ კარგად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის – 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მიღებამდე ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები იყო) და, – სამწუხაროდ, უფრო ხშირად – ცუდად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები), რომელთა ჩატარების მეთოდებმა და შედეგებმა სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

და მაინც, მიუხედავად ამ, თითქოსდა, უკვე ხანგრძლივი გამოცდილებისა, და იმ სანუგეშო შედეგისა, რომ ბოლო სამ არჩევნებში  – 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ არჩევნის გაკეთება საკმაოდ მოულოდნელი, ემოციური, სპონტანური, თუ სულაც გაუაზრებელი ქმედებაა, რომელიც რაციონალური ანგარიშით ნაკლებად თუ შეიძლება აიხსნას, არამედ, უფრო – ქართული ფოლკლორის მარგალიტებით: „მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველსა“, „მე ხომ გულით ვიხედები, გული – ჩემი თვალებია“, „გულამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ, ჩემო სულიკო“, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“…

მეც ერთი თქვენთაგანი ვარ. თავადაც ამ ქვეყნის შვილი და ჩვენი მძიმე უახლესი ისტორიის თანაზიარი, და, გარკვეულწილად, თანამონაწილე. მეც მიმიცია ხმა ზოგჯერ ისეთი კანდიდატისათვის, რომ მერე მწარედ იმედგაცრუებული დავრჩენილვარ. ჩემზეც მოუხდენია გავლენა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იმას გვპირდებოდა, რაც ჩემს ყურს საამოდ ესმოდა, თუმცა ძალიან საეჭვო კი ჩანდა… მეც მიმიცია უმრავლესობის წამხედურობით ხმა იმ ადამიანისთვის, ვინც არ მიმაჩნდა იმ მომენტში საუკეთესო კანდიდატად… თუმცა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ყოველთვის ვცდილობდი, წარსული შეცდომების ანალიზზე მესწავლა.

ამჯერად გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაკვეთილების სახით გაგიზიაროთ. მზა რეცეპტები არ გამაჩნია და არც შეუცდომლობის პრეტენზია მაქვს. ვიფიქროთ ერთად და იქნებ უფრო უკეთ მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი, რაც უკეთესი ხელისუფლების და უკეთესი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება…

 

====

არჩევნები, როგორც მოსახლეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ფორმალიზებული აქტი რომელიმე ხელისუფლის ასარჩევად, საკმაოდ ძველი პროცესია – ძველ საბერძნეთსა თუ რომში, ისევე როგორც ძველ ინდოეთში, სხვადასხვა სახის არჩევნები იმართებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო სისტემატური ხასიათი არჩევნებს რომის რესპუბლიკაში ჰქონდა, სადაც მრავალი სხვადასხვა დონის მოხელე, მათ შორის უმაღლესი მოხელეებიც – კონსულები – სწორედ არჩევნებით ირჩეოდა. არჩევნებს ჰქონდა თავისი პროცედურა, განრიგი და წესდება.

არჩევნები წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. დაწყებული მე-17 საუკუნიდან, ევროპის სახელმწიფოთა სულ უფრო მეტ ნაწილში ძალას იკრებდა წარმომადგენლობითი ხელისუფლების იდეა, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია სწორედ ხალხის ნების სათანადო შესწავლით უნდა მომხდარიყო. ამან მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძველი მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს დაყოფა  განვითარებული დემოკრატიის, შედარებითი დემოკრატიის და არადემოკრატიულ ქვეყნებად ყველაზე მეტად სწორედ არჩევნების ჩატარების წესს, პროცედურებს, მონაწილეობის თანაბრობას, სამართლიანობას და გამჭვირვალობას ეხება. პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები უსამართლოდ, სათანადო გამჭვირვალობის გარეშე და სერიოზული დარღვევებით ტარდება, ისევე როგორც ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი შემთხვევა, რომ ლამის იდეალური არჩევნების ტრადიციის მქონე ქვეყანა არადემოკრატიული სასამართლო და სახელისუფლებო პრაქტიკის მიმდევარი იყოს.

და აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ სერიოზულ მომენტს:

არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ერთხელ ჩატარება მხოლოდ პრეცედენტია, ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარებული დემოკრატიული საზოგადოების პრეტენზიას აკმაყოფილებდეს, ეს ყველაფერი სწორედ რომ ტრადიციად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მრავალი არჩევნების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს ჯერ არ ჰქონია ზედიზედ ოთხი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა. ამიტომ, როდესაც ზემოთ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილების მიღების უნარებზე მწარედ ვიხუმრე, სამწუხაროდ, ეს ჩვენი მწირი ისტორიული  გამოცდილების შედეგია – როგორი არჩევნების გამოცდილებაც გვაქვს, სწორედ ისეთი ამომრჩეველი გვყავს და ეს მანკიერი წრე რომ გავწყვიტოთ, მხოლოდ ხელისფლების მონდომება არ იქნება საკმარისი – თავად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ძალიან მონდომებულები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ! დემოკრატიის გაკვეთილები ისევე იწყება არჩევნების სწავლით, როგორც ენისა და ლიტერატურისა – ანბანით!

===

 

გაკვეთილი პირველი (მგონი, წესად უნდა დავრგოთ!) : არჩევნებზე უნდა წავიდეთ! არჩევნებზე ყოველთვის უნდა წავიდეთ. ყოველთვის, როცა არჩევნებზე არ წავალთ, ამით იმის შანსსაც ვზრდით, რომ ეს არჩევნები წესიერად არ ჩატარდეს, ან თუ წესიერად ჩატარდება, ისე არ დამთავრდეს, როგორც ჩვენ გვინდოდა.

ხშირად გამიგონია, რამდენჯერ ვიყავი და არაფერი შეიცვალაო.

ჯერ ერთი, ძირითადად მაშინ იყავით, როცა არჩევნები უარესად ტარდებოდა, როცა მასიურად იყო კარუსელები, როცა ხშირად იტაცებდნენ ყუთებს და ყრიდნენ ბიულეტენებს, როდესაც ათასობით ყალბი პირადობის მოწმობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მაშინ ეს არ იყო არჩევნები. ამიტომ მაშინდელი იმედგაცრუება მომავალზეც არ უნდა გადავიტანოთ.

მეორეც – და რა იცით, რომ არაფერი შეიცვალა? იქნებ, რომ არ მისულიყავით, უფრო უარესიც კი ყოფილიყო?!

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი, ჯორჯ ნათანი ამბობდა: „ცუდი ხელისუფლება იმ კარგი მოქალაქეების არჩეულია, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“

მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, ამით თავის სამშობლოს ზიანს აყენებენ თავიანთი სამოქალაქო პოზიციის მიჩუმათების ან ჩახშობის გამო. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში არ უნდა ჩანდეს. სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება ისიც უნდა იყოს, როგორ ცდილობ, რომ ამ სამშობლოს უკეთესი ხელისუფლება ჰყავდეს. თუ ეს არ გადარდებს, ან თუ ამისთვის არჩევნებზე წასვლა გეზარება, ესეიგი, არც შენი ოჯახის და შვილების მომავალი გადარდებს მაინცდამაინც. ამას კი, აბსურდის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

 

გაკვეთილი მეორე: აჯობებს, გადაწყვეტილება მივიღოთ არა არჩევნების დღეს, უბანზე შესვლის შემდეგ, არამედ მანამდე – თუნდაც 1-2 დღით ადრე. და ვეცადოთ, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ემოციონალური – არ ეყრდნობოდეს ასარჩევი პირის გარეგნობას, ვარცხნილობას ან პარტიის დროშის ფერს. არამედ იყოს გაცნობიერებული არჩევანი მის შემდეგ, რაც რაც შეიძლება მეტ კანდიდატზე რაც შეიძლება ობიექტურ ინფორმაციას მოვაგროვებთ. ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია…

 

გაკვეთილი მესამე: პოლიტიკოსებს ვირჩევთ იმათგან, ვინც გვყავს. გასაგებია, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ლადო ასათიანმა ლექსიც უძღვნა ლამაზი ცოლის უკეთესის ნდომას, მაგრამ ვერც მაჰათმა განდი, ვერც მარგარეტ თეტჩერი, ვერც რონალდ რეიგანი და არც ბარაკ ობამა საქართველოში კენჭს ვერ იყრიან. არჩევნები არის შესაძლებლიდან უკეთესის (და არა – მსოფლიოში საუკეთესოს!) არჩევა. ამიტომ, ავირჩიოთ ის, ვინც სხვას სჯობს. და ამ ჩვენი არჩევანით, ახლაც და მომავალში, ვეცადოთ გავაგებინოთ პოლიტიკოსებს, როგორები გვინდა რომ იყვნენ! თუ ყოველთვის ჯიგარ პოლიტიკოსებს ავირჩევთ, გვექნება „ჯიგარი პოლიტიკა“ (და აგვეხევა კიდეც ჯიგარი), თუ ავირჩევთ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ, გვექნება უპასუხისმგებლო ქვეყანა… დავიმახსოვროთ, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც სხვებს სჯობს! – ყველაფერი ფარდობითია და არჩევნები – განსაკუთრებით.

 

გაკვეთილი მეოთხე: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვუყუროთ და ვუსმინოთ საარჩევნო რეკლამებს, (მეტიც, გირჩევთ კიდეც, რომ ყველა პარტიის სარეკლამო რგოლი ნახოთ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი პროდუქტის გასაყიდად დამზადებული სარეკლამო რგოლებია (ხშირად ამ საქმის პროფესიონალების და არა – თავად პოლიტიკოსების, შრომის ნაყოფი) და არავინ არ იძლება გარანტიას, რომ ან იქ მოყვანილი ინფორმაციაა სწორი, ან იქ მოცემული დაპირებების რეალურად შესრულების გარანტია არსებობს!

აქ ცოტა დიდხანს შევჩერდები, რადგან საქართველოში, სადაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში სკრუპულოზურად არ აკვირდებიან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, და მხოლოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ თავს კითხვას – „ვის ვირჩევთ?“ რეკლამის შეცდომაში შემყვანი ეფექტი ძალიან დიდი შეიძლება იყოს.

ანეგდოტი: კაცი მოკვდა. იცდის, როდის ეტყვიან, სად გაამწესეს. მოვიდა ანგელოზი, საკმაოდ შეფიქრიანებული სახით, და ეუბნება – ძალიან უცნაური ამბავია შენს თავს – ღმერთმა ვერ გადაწყვიტაო –  ბევრი მამაძაღლობა გაქვს ჩადენილი და წესით, ჯოჯოხეთი შენთვის ზედგამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიკეთეც მოგისწრია და ამიტომ ასეთი უცნაური რამ გვითხრა – ორივე აჩვენეთ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და თავად აირჩიოსო! გახარებულმა კაცმა ხელები მოიფშვნიტა და – მანახეთ სამოთხეო! წაიყვანეს – საოცარი სილამაზეა ირგვლივ, ჩიტები გალობენ, ანგელოზები ფრენენ, ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, ნაკადულის ჩუხჩუხი და ჰარმონიული მუსიკა იღვრება… ძალიან მოეწონა კაცს, მაგრამ თქვა, – ამის შანსი მეორედ არ მექნება და მოდით, ბარემ, ჯოჯოხეთსაც ვნახავო!

ჯოჯოხეთი მიწისქვეშა მდებარე უშველებელი კაზინო-რესტორანია – ფულები, სათამაშო აპარატები, სტრიპტიზი, ჯაზი უკრავს, ვისკი მდინარეებად მოედინება, სცენაზე საოცარი შოუ მიდის, აქეთ კარტს თამაშობენ, იქეთ – რულეტკას… მოკლედ, დუღს იქაურობა. მოხიბლულმა კაცმა, ცოტა დარცხვენილმა თქვა, კარგი კი იყო სამოთხე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, აქ უფრო მხიარულებაა, აქ დავრჩებიო!

ეს როგორც კი თქვა, ოთხმა რქიანმა ეშმაკმა დაავლო ხელი და მიათრევენ მეორე ოთახში, სადაც უზარმაზარ კოცონზე უშველებელ ქვაბში კუპრი თუხთუხებს! აყვირდა შიშით გაგიჟებული კაცი – ეგ არ მინდა! მე ის მინდა, – კაზინო, სტრიპტიზი და ჯაზ-კონცერტი რომ იყო, ის ავირჩიე მეო!

  • ეგო, ჩვენი რეკლამა იყოვო!

 

როდესაც ვინმე ადამიანის მოწოდებას ისმენთ, იმაზე, რომ პენსიონერებს უნდა დავეხმაროთ, კარგად დაფიქრდით, რა იცით მისი ან მისი პარტიის მიერ პენსიონერების დახმარების შესახებ. მერე ეცადეთ, მარტივი მათემატიკით გაამრავლოთ ქვეყანაში არსებული პენსიონერების რაოდენობა იმ 300, თუ 500 ლარზე, რომელსაც ასე გულუხვად გპირდებიან და თუ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ან ნახევარი გამოგივათ ნაანგარიშები – დაფიქრდით იმაზე, რომ მსოფლიოს არცერთი მთავრობა ვერ და არ დახარჯავს პენსიებში მთელი ბიუჯეტის ასეთ დიდ ნაწილს. გამოდის, რომ ეს ან ლამაზი და შეუსრულებელი დაპირებაა მხოლოდ, რომელიც იმ პოლიტიკურმა ძალამა ჰაიჰარად წამოისროლა, ან უფრო უარესი – შეგნებული ტყუილი!

ახლა ეს გავარჩიოთ – რომელიმე პარტიის უფროსი ოქროს მთებს პირდება გაჭირვებულებს – სახელმწიფომ უნდა აარჩიოს რამდენიმე ათასი ყველაზე გაჭირვებული და მათ სახლიც უნდა აუშენოს და ისეთი შემწეობაც უნდა დაუნიშნოს, რომ უზრუნველად იცხოვრონო. წარმოგიდგენიათ, ასეთ მიწიერ სამოთხეში მოსახვედრად ჩატარებული კონკურსის შედეგები რა კაცთამკვლელ ომამდე მიიყვანს მოსახლეობას? და ვისაც ამ სამოთხემდე 1 ქულა დააკლდება… ის ხომ არ ყველაფრით კი აღარ ისარგებლებს, არამედ ამ ყველაფრის თანხის გადახდა სწორედ მისი შრომითაც უნდა მოხდეს… თან საინტერესოა, ეს პოლიტიკოსები, ახლა რომ ამ სიკეთეს პირდებიან ქვეყნის სახელით, ამას ხომ ჩვენი სახელით და ჩვენი ჯიბიდან პირდებიან ამ გაჭირვებულებს. კარგად მოიძიეთ, – თავად ვინ არიან ასეთი დაპირებების გულუხვად გამცემნი, და თუ აღმოჩნდება, რომ სადმე ძალიან ნოყიერ ადგილზე მუშაობით იშოვნეს საშვილიშვილო ქონება, ისიც გაარკვიეთ, ამ ქონებიდან დღემდე რა ნაწილი უწილადეს გაჭირვებულთ? ძაღლის თავი, იქნებ მანდ იქნეს დამარხული…

ერთი პარტიის ლიდერები გაიძახიან – არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, ქვეყნის 10%-ის მოთხოვნითაც კი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგესო! მუდამ რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს, რომ თუ ვინმე აშავებს – მინისტრია თუ დეპუტატი, მაშინვე გადავაყენოთო!

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კაცი მეგულება, რომელსაც 10%-იც კი არ ჰყავს უკმაყოფილო მის ქვეყანაში – კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი (იცოცხლე-თქვა, ეყოლება, მაგრამ ვინ გაბედავს კრინტის დაძვრას!)… გამოდის, თურმე მარტო ის დარჩება ამ სქემით თავის ადგილზე. ისიც საინტერესოა, რომ ამ საყოველთაო რეფერენდუმობის იდეის მატარებლები პრაქტიკულად წარმომადგენლობთი ხელისუფლების იდეას ებრძვიან. და მაშინ თავად რაღას იყრიან კენჭს პარლამენტში? თუ ისეთი სრულქმნილები და ზეპროფესიონალები ჰგონიათ თავი, რომ მათ გადადგომას არავინ მოითხოვს? თუ იმაზე დავფიქრდებით, როგორ მუდმივ სტოპორში შევა ყოველდღე ვინმეს გადაყენების მოთხოვნით რეფერენდუმების იდეით შეპყრობილ-აჟიტირებული ქვეყანა (თანაც საქართველოში ვინმეს გადაყენების გაგონებაზე ხომ ათასობით ადამიანს დაუსაბუთებელი იმედი გაუჩნდება – მაგას რომ გადავაყენებთ, იქნებ მე დამნიშნონო!), ისე ხომ არაა საქმე, რომ ამ „გენიალური ჩანაფიქრის“ უკან რომელიმე „სტრატეგიული მოწინააღმდეგე“ ქვეყნის სტრატეგები დგანან?

მოკლედ, გაკვეთილი მეოთხე: რეკლამებს ძალიან კრიტიკულად ვუყუროთ და გვახსოვდეს, წამალი, რომელიც ყველაფერს არჩენს, სინამდვილეში სრული ტყუილია! და პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს გპირდებათ, თანაც უფასოდ და მალე, არის ყველაზე გაქნილი მატყუარა, ან ყველაზე დიდი სულელი. არცერთის არჩევას არ გირჩევთ.

 

გაკვეთილი მეხუთე: კარგი იქნებოდა, საქართველოში საარჩევნო პროგრამების წერის და კითხვის კულტურა რომ არსებობდეს! მაგრამ სამწუხაროდ, ჯერაც არ არის! და ამ მხრივ, მომავალი არჩევნები ნამდვილად არ მგონია წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მგონი, პირიქით. რამდენიმე პარტიას აქვს საარჩევნო პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური პროგრამაც, რაც მისასალმებელი ფაქტია. პრობლემა იმაშია, რომ ამ ეკონომიკური პროგრამების საზოგადოების სამსჯავროზე წარდგენა წესით და რიგით საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს, რომ მათი გარჩევა და კრიტიკული შეფასება მოესწროს. როგორც წესი, ეკონომიკური პროგრამები კვალიფიციური, პროფესიული შეფასების საგანი უნდა გახდეს, რადგან უბრალო ამომრჩევლისთვის მათი ავ-კარგის განსაზღვრა არც თუ ისე ადვილია. ამას წინათ ორი პარტიის ეკონომიკური პროგრამის შესახებ მესმოდა გარკვეული შექებები, მერე კი ამ პროგრამების კვალიფიციური შეფასება წავიკითხე და გამინელდა პოზიტივი.

 

გაკვეთილი მეექვსე: წარსული უნდა გავითვალისწინოთ და შევაფასოთ – ქმედებები სიტყვების მაგიერ! წარსულში დაფიქსირებული პატიოსნების და გულწრფელობის, პასუხისმგებლობის აღების შემთხვევებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი გამოცდილებით და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვითაც, ყოველთვის სჯობს ის პარტია, რომელიც ნაკლებს გვპირდება და მეტს აკეთებს, ვიდრე პირიქით. ხოლო პარტიები, რომელთაგანაც დაპირებების მეტი არაფერი გვახსოვს, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლიან ზნეს.

პარტია, რომელიც ძალადობის ჩემპიონი იყო და დღეს არაძალადობას და შემრიგებლობას ქადაგებს, პარტია, რომელიც მედიას ახრჩობდა და დღეს მედიის დაცვის ჩემპიონობას ჩემობს, პარტია, რომელმაც სასამართლო უსამართლოდ აქცია და ახლა გახდა თემიდის ტრფიალი, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ აქლემის ქურდს, რომელსაც თავისი დანაშაული ნემსის ქურდის მხილებით უნდა მიაფუჩეჩოს. დიახ, ხდება ხოლმე, რომ მებაჟე სავლე წმინდა პავლედ ქცეულა, მაგრამ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული? მე პირადად, ვერ ვიჯერებ იმ ადამიანების კათარზისს, რომელთაც თავისი დანაშაული და შეცდომები არ უღიარებიათ და არ მოუნანიებიათ…

 

გაკვეთილი მეშვიდე: ერთი კაცის პარტიები ნაკლებ სანდო მგონია. საქართველო ასეთი პარტიებით მდიდარია და ზოგჯერ, ლიდერის ქარიზმატულობის გამო, ასეთი პარტიები საკმაოდ დიდხანსაც ძლებენ იმავე ერთკაციანობის რეჟიმში, რადგან შინაგანი წინააღმდეგობის პრობლემა არ აქვთ – ის ლიდერი უბრალოდ არ უშვებს სხვა თანაბარზომიერი ძალის ლიდერების გაჩენას პარტიაში. ასეთი პარტია განახლების ლამის ნულოვანი პოტენციალის მქონეა და შეცვლილ გარემოებებს ნაკლებად უღებს ალღოს. ამიტომ, მე პირადად, თავს ვიკავებ ხოლმე ასეთი პარტიების მხარდაჭერისაგან.

 

გაკვეთილი მერვე: ახლადგამომცხვარი პარტია ჯერ უნდა დაღვინდეს! სანამ მაჭარი დაღვინდება, ბევრი რამ შეიცვლება – საქართველოში შეიძლება სულ სხვა ხალხმა ჩაუყაროს საფუძველი პარტიას, ხოლო არჩევნებზე სულ სხვამ გამოიყვანოს. პარტიის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია და თავიდან მრავალ წინააღმდეგობას გადის, გუნდი უნდა მოითელოს, გუნდის წევრებს შორის ფუნქციები უნდა გადანაწილდეს, ინტერესთა კონფლიქტების მართვა და რისკების მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს, ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს, ვიღაცეებმა ადგილები გაცვალონ, ტაქტიკა და სტრატეგია დაიხვეწოს, ისევე როგორც შინაპარტიული დისციპლინა და ორგანიზაციული პროცესი. ამას, როგორც წესი, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება, ხოლო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – რამდენიმე ათწლეულიც კი. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია იმდენად უკიდურესად კრიზისული და მძიმეა, ხოლო ძველი პარტიები იმდენად არამიმზიდველი, რომ არჩევანს მაინც ახლადშექმნილი პარტიის სასარგებლოდ ვაკეთებთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ პარტიაში სანდო კვალიფიკაციის და პატიოსანი ხალხიც არის და სრულიად უცნობებს და გამოუცდელებს არ ვანდობთ ქვეყნის მართვას.

 

გაკვეთილი მეცხრე (საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე): ქარიზმატული ლიდერებით მოხიბვლას, აჯობებს, ვერიდოთ. პარტიას და პოლიტიკოსს რომ ირჩევთ, ეს თითქმის იგივეა, თქვენ ბავშვს (სამშობლოს!) რომ მასწავლებელს ან ძიძას ურჩევთ, და კარგად დაფიქრდით, მასწავლებლის და ძიძის ქარიზმატულობა და ეშხია მთავარი, თუ – მისი ჭკუა, აზროვნება, პატიოსნება, გამოცდილება და ტაქტი? მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება სილამაზესთან და ქარიზმასთან ერთადაც იყოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის შანსი არც ისე მაღალია, რადგან ვისაც ქარიზმა აქვს, ხშირად სწორედ ამით იოლად გადის ფონს და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებით ნაკლებად არის დაკავებული. ნიჭიერი, საქმის ერთგული, მცოდნე და პატიოსანი (კვაზიმოდოც კი!) გვერჩივნოს იმათ, ვისაც ქარიზმატულობის მეტი არაფერი ცხია…

 

გაკვეთილი მეათე: ახლა ისეთი რამ უნდა დავწერო, რაც არც სათქმელადაა ადვილი და მით უფრო – შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მისი და მისი ოჯახისთვის სარგებლიდან იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებზე. მარტო მაგით ნუ გადავწყვეტთ. იმაზეც დავფიქრდეთ, თუ ამ კონკრეტული პარტიის ან დეპუტატისგან მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახი მოიგებს, ხოლო ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წააგებს – ჩვენი „მოგებაც“, საბოლოო ჯამში, ძალიან სათუო და ძალიან ხანმოკლე გამოვა. გასაგებია, რომ მარიხუანის მომხმარებელ ამომრჩევლისთვის დედის ნანასავით ისმის მავანი პოლიტიკოსის დაპირება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, მაგრამ ვაითუ ამ პოლიტიკოსის სხვა გეგმები არაფერს გვარგებს, შეიძლება ეს მხოლოდ იაფფასიანი, პოპულისტური ხრიკი იყოს – 4 წლის განმავლობაში სხვა არაფერი თუ არ მოხდა სასიკეთო, არა მგონია, ხელმისაწვდომი მარიხუანით სერიოზულად გაბედნიერდეს ხალხი…

 

გაკვეთილი მეთერთმეტე: ორი ტიპის ძლიერ პოლიტიკოსს უნდა ვერიდოთ – გამოკვეთილ პოპულისტს და აშკარა ავანტურისტს! სამწუხაროდ, თუ ადამიანს პოპულისტის და ავანტურისტის თვისებები საერთოდ არ აქვს, ის თანამედროვე პოლიტიკაში ძალიან იშვიათად თუ იმკვიდრებს თავს. ჩვენი უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტში ქართველებს გვყავდა ასეთი ადამიანები, რომლებიც, საუკეთესო პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, ჩემი აზრით, რადგან ჭკვიანი და  პატრიოტები იყვნენ – მერაბ მამარდაშვილი, ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა აკაკი ბაქრაძე… ქართულმა საზოგადოებამ  ისინი გვერდზე (ან მეორე პლანზე) გასწია და სხვები ვარჩიეთ, ვინც ან პოპულიზმში, ან ავანტიურიზმში, ან – ორივეში ერთად, მათ სჯობდა… რა მოვიგეთ, ამაზე ახლა მაინც დავფიქრდეთ…

 

გაკვეთილი მეთორმეტე: როგორც წესი, ჩვენს შერეულ (მაჟორიტარულ-პროპორციულ) სისტემაში ადამიანთა უმრავლესობა მხარს ერთსადაიმავე პარტიას და მის წარმომადგენელს უჭერს მხარს – ან პარტია მოსწონს და მის კანდიდატსვე ირჩევს მაჟორიტარად, ანდაც – პირიქით – მისთვის კარგად ცნობილი მაჟორიტარის ხათრით პროპორციულ სიაშიც იმავე პარტიას შემოხაზავს. ასეთ საქციელში ცუდი არაფერია – თავადაც ასე გამიკეთებია საკმაოდ ხშირად. მაგრამ თუ რომელიმეში ეჭვი გეპარებათ, მაშინ მარტო დაწყვილების სიადვილის გამო ნუ მოიქცევით ასე – თუ მაჟორიტარია სანდო, მაგრამ პარტიაზე ეჭვი გეპარებათ, მაშინ პარტიულ სიაში სხვას დაუჭირეთ მხარი. და პირიქით, თუ თქვენთვის სასურველმა პარტიამ თქვენს ოლქში მოსაწონი მაჟორიტარი კანდიდატი ვერ შემოგთავაზათ, პარტიული არჩევანის გამო მაჟორიტარულს არმოსაწონ კანდიდატზე ნუ გააკეთებთ. სხვათა შორის, ასეთი მოქცევით, ცოტათი ვზრდით ხოლმე იმის შანსს, რომ ორიდან ერთი მაინც გაგვიმართლებს. თუმცა ისევ გავიმეორებ, თუ პარტიაც და მისი მაჟორიტარიც ორივე მოგწონთ, წყვილად არჩევა არ იქნება ცუდი არჩევანი.

=======

აი, ესაა, რაც ახლა მოვიფიქრე, როგორც ერთი ქართველი ამომრჩევლის 25 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკვეთილები. კიდევ ბევრ რამეზე შეიძლებოდა გვეფიქრა. ვიფიქროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და იქნებ, ერთად მოვახერხოთ, ჩამოვაყალიბოთ არჩევნებზე ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესები. გულს სრულიად ნუ გამოვთიშავთ, მაგრამ მაინც უფრო – ტვინით და აზრით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)

ექიმი/ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

 

P.S. აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა  27.08.2016 “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდზე, – “თვალსაზრისის” სექციაში. ვებ-მისამართი : – http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/394173-archevanis-zghvarze.html

 


8 წელი 8 აგვისტოდან


riolasha

 

გუშინ რვა აგვისტო იყო.

რვა წელი გავიდა იმ ტრაგიკული 2008 წლის რვა აგვისტოდან.

ყველა ეს განვლილი 8 წლისთავი იყო მწარე და მძიმე დღე ნებისმიერი ქართველისათვის – სულ უფრო მეტად ამოდის ბალახი ქართველთა ნასახლარებზე, რუსები ავლებენ მავთულხლართებს, იტაცებენ ქართველებს, აგრესორი სულ უფრო ხვეწს ტაქტიკას – ჰიბრიდულ ომს და მცოცავ აგრესიას იყენებს…

და მაინც, იყო რაღაც განსახვავებულიც წლევანდელ რვა აგვისტოს: ორი რამ – სასიხარულოც და გულისდამამძიმებელიც.

8 აგვისტოს საღამოს ვიხილეთ კარალეთელი ბიჭის – ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ოლიმპიადაზე. ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასი იყოო – ბევრმა აღნიშნა. არ ვიცი… მგონი, გუშინ, ბევრ ჩვენგანს,  ბრინჯაოზე და ოქროზე მეტად ლაშას რუს იარცევთან მოგება გაგვიხარდა. ბოლო 30 წამში წარმოუდგენელი გარდატეხა, ლამის წაგებული ბრძოლის მოგება და ის ძალიან ემოციური ჟესტი – მიწაზე გართხმულ რუს მოჭიდავეს საქართველოს დროშა რომ დაანახა თავის კიმონოზე!..

ეს ხომ ის ლაშაა, რომელმაც 8 წლის წინ, მაშინ 16 წლის ბიჭმა გადამწვარი მშობლიური კარალეთიდან, ცეცხლისა და რუსების ტანკებისგან გამოქცეულმა ლამის მხოლოდ ჯვრის და კიმონოს წამოღება-ღა მოახერხა სახლიდან.

რა თქმა უნდა, იარცევი არ იყო იმ სამხედროთა შორის, კარალეთს და აჩაბეთს რომ წვავდნენ, ან გორს და სენაკს რომ ბომბავდნენ. და დარწმუნებული ვარ, ლაშა მტრად არ მოიაზრებს არც მას და არც სხვა რუს სპორტსმენებს. მაგრამ იარცევმაც და სხვა რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს, განსაკუთრებით კი ლაშას ასაკის ბიჭებს და გოგოებს – ამ თაობას – არ დაავიწყდებათ საკუთარი გადამწვარი სახლ-კარი, ნაწამები გიორგი ანწუხელიძე, დახოცილი შინდისის გმირები,  აოხრებული და გადახნული სასაფლაოები, – რომ ამას ყველაფერს ვერ გადაფარავს დოსტოევსკი და ტურგენევი, რუსული ბალეტი და ჩაიკოვსკი.

=====

და უცებ, სწორედ იმ წუთებში, ათასობით ქართველი ბედნიერნი რომ ვუყურებდით გამარჯვებულ ლაშას, იმ ბიჭს, რომელიც მშობლიური კერიდან რუსის ჯარმა რომ აჰყარა 8 წლის წინ და რომელმაც – სისხლით კი არა, – ჯანით და სისხარტით, ღონით და თავდადებით რომ დაჯაბნა რუსი და ჩვენთვის ყველაზე უახლეს და მოუშუშებელ ეროვნული ტრაგედიის  მე-8 წლისთავზე მალამო რომ მოგვცხო, სწორედ  იმ წუთს, როცა ომში დაღუპული ჩვენი გმირების სულებიც ხარობდნენ ალბათ, უცებ …

უცებ ეკრანზე ჩნდება კოხტად ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ყველა ვიცნობთ – ალბათ, უფრო მეტიც კი ვიცნობთ, ვიდრე ლაშა შავდათუაშვილს, რომელიც საქართველომ მხოლოდ 4 წლის წინ გაიცნო, ხოლო ამ ქალბატონს ვიცნობთ უკვე ლამის 30 წელია, ხოლო მე პირადად კი  მასთან ისიც მაკავშირებს, რომ ერთი სკოლა დავამთავრეთ… მხოლოდ 2 თუ 3 წლის ინტერვალით და ალბათ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ დიდგორის ომის ამბებსა და რაფიელ ერისთავის თუ ვაჟას ლექსებს…

ნინო

ჰოდა ეს ქალბატონი, თვალებში თვალს გვიყრის ათასობით (ან მილიონობით) ქართველს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინ გამარჯვების ყიჟინა აღმოგვხდა და ცივად გვაჭედებს ტვინში სარეკლამოდ გამიზნულ პოსტულატებს:

“საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება.

ჩვენი სამშობლო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი.

ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს  ჯარი.

სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია.  

ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება.

მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული  და გამბედავი პოლიტიკა. ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან და მოვაგვაროთ თითოეული თქვენგანის პრობლემები…”

 

და უცებ ეს ისეთი ცივი შხაპია, როგორც პატარა ბავშვს რომ უსმენ, ამაყად რომ ამბობს – „მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას…“ და უცებ …  „ვრემიას“ დიქტორები რომ ჩნდებიან შემთხვევით დარჩენილ ტელევიზორის ეკრანზე და იწყება  ორთავიანარწივიანი ჰიმნი:

„Славься, Отечество наше свободное,

Братских народов союз вековой…

 

სამწუხაროდ, ბევრი გულუბრყვილო ადამიანი გადაყლაპავს ამ სატყუარას.

მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს თანასკოლელ ქალბატონს, რომელსაც არც ცოდნა და არც უნარ-ჩვევები არ აკლია, ამჟამად საკუთარი თავის მოტყუებაც სურს ქვეცნობიერად. თორემ სხვანაირად გამოვა, რომ მხოლოდ ჩვენ გვატყუებს ანგარიშიანად.

მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ ამას ვერ ხვდება, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სინამდვილეში საქართველოს ოფიციალურად დაბლოკვაა, ხელფეხშეკვრაა, მოძალადისათვის საკუთარი ერთგულების შეფიცვაა და მეტი არაფერი. რომ საქართველო, რომელიც უბლოკო სტატუსის ზებუნებრივ დაცვით პოტენციალს დაიჯერებს, ისევე მწარედ მოტყუვდება, როგორც უკრაინა, რომელმაც ბირთვული განიარაღებისას ბუდაპეშტის მემორანდუმის „ფიცი“ დაიჯერა. რომ ახლაც არაფერმა უშველა უკრაინას, რომელიც ნამდვილად არ ჰქონდა გაცხადებული ნატოსკენ მისწრაფება, და ძალიანაც უბლოკო სტატუსიანი იყო, მაგრამ ამით რა მოიგო? ყირიმი არ აახია ერთმორწმუნე და მოძმე ხალხის იმპერიამ, თუ მალოროსიის ჩაყლაპვაზე და უკრაინის გახლეჩვაზე თქვა უარი?

 

„ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს  ჯარი.“-ო!

– გადავირიე და ესაა! და როდის არ უნდა იყოს? და რომ არის უკვე? ნუთუ არ იცის ამდენი რეგალიებით დამშვენებულმა ისტორიკოს-იურისტმა ქალმა და საერთაშორისო სამართლის მცოდნემ, რომ საქართველოში დიდი ხანია არის უცხო სახელმწიფოს ჯარი? ეს არ გაუგია? ჩვენ უნდა ვუთხრათ, – სად არის, როდიდან არის და რამდენი არის? თუ, იქნებ, ის დაკარგული ტერიტორიები აღარ მიაჩნია საქართველოს სახელმწიფოდ და ახლა იმის პირობა უნდა ჩვენგან, რომ საქართველოში არასოდეს სხვა მეორე სახელმწიფოს ჯარს არ დავპატიჟებთ, რომ ვინც უკვე არის, იმან არ იგრძნოს თავი უხერხულად და შმუშვნა არ დაეწყოს, ან ღაწვები არ შეეფაკლოს მორცხვად?

 

და რატომ პირდაპირ არ გვეუბნება იმას, საითკენაც მიჰყავს ეს თავისი სარეკლამო რგოლი? რომ საქართველოში, მისი აზრით არ უნდა იყოს არცერთო სხვა სახელმწიფოს ჯარი, თვინიერ რუსის ჯარისა! ალბათ, ის დღეც უნდა დავინახოთ, როცა რუსის ჯარის მთავარსარდალი საქართველოში არამცთუ სხვა ქვეყნის ჯარის ხილვას ჩათვლის დაუშვებლად და უკანონოდ, არამედ თავად საქართველოს ჯარის ხილვასაც, რადგან მათთვის ისიც ხომ სხვა სახელმწიფოს ჯარი იქნება??

 

“საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი”-ო!

– ვაიიი? და ეს ნეტა შეთანხმებულია იმ ქვეყნის მთავარსარდალთან, ვისი ჯარიც უკვე არის საქართველოს ტერიტორიაზე და ვინც ქალბატონ ნინოს აღშფოთებას არ იწვევს? ანუ, ის არც აგრესორია, არც ოკუპანტია, და არც ისე ცუდია, ალბათ, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ქ-ნი ნინო მას ცუდად არ მიიჩნევს, ან საერთოდ, არც იმჩნევს… ჰოდა, იქნებ ეს პატიოსანი კაცი სულაც არ არის უარს, რომ საქართველო გახდეს სამხედრო კავშირის წევრი, ოღონდ, იმ სამხედრო კავშირის არა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სურდა… მე მგონი, ქალბატონ ნინოს მოუწევს ამ პოსტულატის უფრო დაზუსტება – “საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი, გარდა იმ სამხედრო კავშირისა, რომელსაც დიდი ძმა შექმნის და გვირჩევს”!

 

„სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია“-ო!

– მართალია!! ეს გადაწყვეტილება „გააერთიანებს“ საქართველოს! როგორც იყო ზოგჯერ „ერთიანი“ საქართველო მონღოლთა ქვეშ, ან – ოტომანთა იმპერიის ქვეშ, ან – რუსეთის იმპერიის ქვეშ… რა შეიძლება იყოს ასეთ “ერთიანობაზე” უფრო სანატრელი  და სტაბილური?!

და როგორი ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი იქნება ეს, ესეც შეიძლება წარმოვიდგინოთ – ყველაფერი, თუ კი რამ წარმოება არსებობს საქართველოში – მაგთი იქნება თუ ჯეოსელი, რკინიგზა თუ აეროპორტი, ფოთის პორტი თუ ღვინის ქარხნები – მალე ეს ყველაფერი რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში გადავა, როგორც არის კიდეც ეს ჩვენს მეზობელ ერთ სახელმწიფოში.

 

„ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება“-ო.

– მართალია, უნდა გაბედო და თვალებში შეხედო გიორგი ანწუხელიძის შვილებს და უთხრა, რომ საქართველოს არც სამხედრო კავშირი ჭირდება და ალბათ, არც სამხედროები ჭირდება. რადგან ის დიდი ძმა იქნება ქალბატონ ნინოს გამბედაობის მიზეზიც და საქართველოს „დამცველიც“.

 

„მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული  და გამბედავი პოლიტიკა“-ო…

და რამდენჯერ იყო ჩემი თანასკოლელი ქალბატონი და მისი გუნდი სახელმწიფოს სათავეში? და მაშინ როგორ პოლიტიკას ატარებდა?

და საერთოდ, მხოლოდ ერთი დაპირება მახსოვს მისგან ამ ბოლო ხანებში – დავიწყოთ რუსეთთან უპირობოდ მოლაპარაკებები და გარწმუნებთ,  რუსეთი მოგვცემს … უვიზო რეჟიმსო!!!

 

რუსეთთან უვიზო რეჟიმზე გავცვალოთ აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი?

რუსეთთან უვიზო რეჟიმით ვანუგეშოთ ასეულ ათასობით ლტოლვილი?

რუსეთთან უვიზო რეჟიმი იქნება ევროპასთან უვიზო რეჟიმის საპირწონე?

 

მაინტერესებს, რას გვპირდება რუსეთი, თუ საქართველო უბლოკო სტატუსს მიიღებს?

აფხაზეთის დაბრუნებას? – არა! (ამას ჩემი თანასკოლელიც კი ვერ ბედავს, თქვას, მიუხედავად გამბედაობისა)

ცხინვალის ოლქის დაბრუნებას? – არა!

ახალგორის რაიონის დაბრუნებას? – არა!

სოფელ პერევის დაბრუნებას ? -არა!

თავიანთ მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების ღირსეულად დაბრუნებას? – არა!

საერთოდ, რამის დაბრუნებას???

ან, იქნებ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას? – არა!

საერთოდ არაფერს არ გვპირდება!

 

გამოდის, ჩვენ უბლოკო სტატუსი უნდა განვაცხადოთ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ მისწრაფებაზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირთან ასოცირებაზე (ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ამას გვაიძულებს ჩემი თანასკოლელისთვის მისაღები „არაოკუპანტი“ იმპერია!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სურვილზე (აბა, გამოდის, უფროსი ძმა ჩამოგვრჩება და უხერხული გამოვა, ნაღდად!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ალბათ, დამოუკიდებელ  ჯარზე და დამოუკიდებელ ეკონომიკაზე, ჩვენ  უნდა დავთანხმდეთ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას და „დამოუკიდებლობას“…

 

და ამის საფასურად რუსეთი … აღადგენს უვიზო რეჟიმს, გააგრძელებს იყიდოს ჩვენი ღვინო, ნელ-ნელა (ან ჩქარ-ჩქარა) მოაშთობს საქართველოს ტრიტორიაზე გამავალ მილსადენებს და ნელ-ნელა  (ან ჩქარ-ჩქარა) ჩაიგდებს ხელში მთელს ჩვენს ეკონომიკასაც. ალბათ, იმის უფლებას კი დაგვრთავს, რომ იმპერიის მთავარი გამრთობის სტატუსი გავიფორმოთ…

 

ხოლო ჩემი თანაკლასელი ქალბატონი წელიწადში ერთხელ შეხვდება პუტინს, სავარაუდოდ, – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან ერთად და ყოველ ჯერზე დაგვიბრუნდება იმის ურყევი რწმენით, რომ უბლოკო სტატუსი ისეთივე ბედნიერებაა საქართველოსთვის და ქართველებისათვის, როგორც მისი და მისი პოლიტიკური გუნდის „ეროვნული, გონივრული  და (ძალიან) გამბედავი პოლიტიკა“…

 

ისე კი, რას გადავეკიდე ქ-ნ ნინოს, ბოლო-ბოლო ქუთაისლობის და თანასკოლელობის ხათრით მაინც ხომ შეიძლებოდა დამეხუჭა თვალი მისი ლამაზი და გამბედავი პოსტულატების საეჭვო სიწრფელესა და სიმართლეზე…

მით უფრო, რომ ნინო ბურჯანაძეს ერთი რამ უნდა დავუფასოთ – ის, რასაც იგი პირდაპირ ამბობს, ბევრ სხვასაც აქვს გულში და ცდილობს, უფრო შეალამაზოს და შეფუთოს… განა იგივეს არ ამბობს თამაზ მეჭიაური და მისი გუნდი? ყველა ოკუპანტია – რუსეთიც და ამერიკაცო! (კიდე კარგი, მონღოლეთი და ინკებიც არ დაამატა სიას სისრულისთვის!), განა იგივეს კიდევ უფრო მძაფრად არ იძახიან მრეწველობით საქართველოს გადარჩენის დამპირებელთა პარტიის სტალინ-ნატრული ლიდერები? განა იგივე ნოტები არ ისმის პატრიოტთა ალიანსის “დაბალანსებული ურთიერთობების“ მოწოდებებში? განა იგივე იმედი არ ასაზრდოებს МГИМО-ს კურსდამთავრებულ შალვა ნათელაშვილს? და თურმე მედასავლეთეებით გარშემორტყმული პაატა ბურჭულაძეც თავს კვლავაც საბჭოთა ადამიანად გრძნობს (2012-ში მაინც ასე გრძნობდა!)  და ძალიან გული სტკივა, რომ ეს დიადი ქვეყანა დაიშალა და ჩვენს შვილებს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება…(http://izvestia.ru/news/519688)…   და ამ ადამიანებს ეს ყველაფერი შეფუთული აქვთ სარწმუნოების დაცვის, ეროვნულობის, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდისკენ მოწოდებების მართლაც სერიოზულ თემებში, მაგრამ ამ შემთხვევაში კი – მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენებულ ლოზუნგებში…

 

ჰოდა, სწორედ ეს – ქართულ პოლიტიკაში რუსეთის აგრესიიდან მე-8 წლისთავზე ასე მოძალებული “ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანი” აშკარა თუ ფარული რუსეთუმეები და მათი ღია თუ ლამაზად შეფუთულ-შეფარული  შეტევები საქართველოს ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე,  არის 8 აგვისტოს მე-8 წლისთავზე ჩვენი გულდამძიმების მიზეზი…

რომ იყვნენ რამის მართლა შემცვლელები და რამის მართლა დამბრუნებლები – კი, ბატონო, მოვუსმენდი ეჭვით, მაგრამ მაინც მოვუსმენდი… მაგრამ, მგონი, ვხვდები, რისი დაბრუნების მსურველებიც არიან – საკუთარი სკამების, ალბათ …😦