ერთხელ, სამეზობლოში…


სერგეი-გავრილოვი

ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერთ უაღრესად ცნობილ ორგანიზაციაში პოლკოვნიკი სერგეი სერგეიჩ სერგეევი ძალიან ცდილობს მათი მეზობელი ქვეყნის სიტუაციის არევის გეგმა იმაზე უკეთ მოიფიქროს, ვიდრე მისი კოლეგები, დიდი ხანია, ასევე ცდილობენ. ჰოდა, ასეთ გეგმას იფიქრებს:

  • მოცემულობა: ვიცით, რომ თბილისში ივნისის თვეში დაგემილია ჩატარდეს გეი-პრაიდი. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ აზრს გაგებით არ მოეკიდება. და ამ არმოკიდებიდან ცეცხლმოკიდებამდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ – ასანთის ანთება. ჩემი გეგმის მთავარი მიზანი სწორედ ამ მოცემულობის გამოყენება – მრავალჯერადი სანთებელათი რეალიზებული.
  • ნატვრა/წინაპირობა: რა გადასარევი იქნებოდა, იმ ქვეყანაში მცხოვრებ, რომელიმე მაღალი რეპუტაციის და ცნობადობის ტრადიციულ ქართველს, ან რომელიმე პარტიას, ან ორივეს ერთად – ცნობილ ქართველს და ცნობილ პარტიას, რომ ეთავათ გეი-პრაიდის მიმართ საწინააღმდეგო კონტრაქციების დაანონსება, მერე მსუბუქად ძალადობრივი მუქარები, მერე ამ მუქარების რეალიზების მცდელობები. პრობლემა ისაა, რომ, როგორც წესი, ქართული პარტიები და ოპოზიციონერები ერთმანეთს ვერ იტანენ და ვერ იყოფენ პირველობას. თუმცა, თუ ყველა მათგანი ასეთი ქმედებების შესახებ ღონისძიებათა კოორდინირების  თხოვნა-დავალებას მიიღებდა და ეცოდინებოდათ, რომ მათი მცდელობები დავიწყებული არ იქნება… ვინ იცის, ვინ იცის… და იქნებ, როგორც ძვირფასი ამხანაგი ლენინი იტყოდა: “Есть такая партия!”
  • გეგმა: მოცემულობის და ნატვრის რეალიზებით იწყება დაპირისპირება, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა და პოლიცია ეცდება გეი-პრაიდის მცირერიცხვოვან მონაწილის დაცვას, ხოლო ტრადიციონალისტი ოპოზიციონერები ეცდებიან გეებისგან ხალხის გადარჩენას და ტრადიციების დაცვას. გასაგებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციონალისტების გვერდით დადგება, ან მორალურად მხარს დაუჭერს, ხოლო პოლიციის და ხელისუფლების იდენტიფიცირება მოხდება დასავლეთის ხელისუფლებებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ა.შ. უნდა გავრცელდეს ხმები, რომ გეი-პარადი დასავლელი ელჩების დაჟინებითი მოთხოვნით ტარდება. ამას ქართული საზოგადოება იოლად დაიჯერებს, რადგან დასავლელ ელჩებს აზრადაც არ მოუვათ, ეს ხმები უარყონ!
  • განვითარება: ყველაზე საუკეთესო ვარიანტში ხდება კონტრაქციების მონაწილეთა სერიოზული დაპირისპირება პოლიციასთან და პოლიცია აკავებს ტრადიციული ღირებულებების დამცველ სასიქადულო მოღვაწეს, რაც მის პოპულარიზაციას მრავალჯერ ზრდის!.. ქვეყანაში იწყება მასიური საპროტესტო ტალღა, რასაც აძლიერებენ ჩვენს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და ინტერნეტ-რესურსები და ქვეყანაში მყოფი მრავალრიცხვოვანი ჩვენი ტურისტები, რომელთა დიდ ნაწილს შესაბამისი ორგანოებიდან შესაბამისი დავალება და ინსტრუქციები ექნებათ მიღებული… სასურველი იქნებოდა ისეთი ინტერვიუების მომზადება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შორის მოსაზრებათა სიმეტრია იქნებოდა მრავალჯერ დაფიქსირებული.
  • აპოგეა: ამ დროს თბილისში იწყება მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობს მაიორი ამხანაგი გავრილოვი. მაიორი ამხანაგი გავრილოვი გახსნის სესიას (მოხერხდა ქართული მხარის დაყოლიება, რომ სესია პარლამენტში ჩატარდეს!), დალოცავს ქართველს ერს, გადასცემს ხატს, ისაუბრებს იმაზე, რამდენად წუხს რუსი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომ ქართველები მათ განუდგნენ და არ უნდათ უფროს ძმასთან დაბრუნება, და ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამ მძიმე ჟამს, სწორედ რუსეთი დგას მათი ტრადიციების დამცველი სასიქადულო მოქალაქისა და სასიქადულო პარტიების გვერდით და არ აძლევს უცხოეთის ხელისუფლებებს იმის უფლებას, რომ გეი-პრაიდი ჩაატარონ და ქართველი ხალხი გარყვნან! რომ მხოლოდ რუსეთის უბეში (და რუსული ძუძუების წყალობით!) გადარჩება ქართველი ხალხი.
  • ფინალი: ამხანაგ მაიორ გავრილოვს ყველა ტელევიზია ართმევს ინტერვიუს, და ყველგან ისმის იმის აღტაცებული მოთხოვნა, რომ სწორედ ასეთი ბრძენი და ქართველოფილი ადამიანები (მაგ. ბრძენი დუგინი, ბრძენი ჟირინოვსკი, ბრძენი ზატულინი და სხვები) გახდნენ ისევ ქართველი ხალხის სტრატეგიული მეგობრები. ქვეყანაში იწყება ასეულების და ათასეულების ჩამოყალიბება ლოზუნგით „ერთმორწმუნე ძმებთან ერთად!“. ამის პასუხად, რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამსმ შემდეგი 25 წლის განმავლობაში გალის რეგიონში დააბრუნოს რამდენიმე ათასი ლტოლვილი, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დამატებით 500! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, ევროკავშირზე, აშშ-ზე, ანაკლიაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯარზე, ლარზე და აზრზე!  და დაიწყებს გამალებულ მუშაობს „წიგნი ფიცისა“-ს განახლებულ ვერსიაზე.
  • სასურველი შედეგი: 2020-ის არჩევნებში იმარჯვებს სასიქადულო ადამიანისა და სასიქადულო პარტიების ჩვენდამი ლოიალური კონგლომერატი. საქართველო ხდება დსთ-ს, ევრაზიული კავშირის და „ოდკბ“-ს წევრი.

ეს გეგმა  იმედებით აღვსილმა სერგეი სერგეიჩმა მეხუთე განყოფილებაში წარადგინა. წინაღამით ესიზმრა სამოთახიანი ბინა ოდინცოვოში და მერსედეს G550 – გარაჟში…

ერთი კვირის თავზე კი ეს წერილი მიიღო:

„ამხანაგო სერგეევ!

კარგი ინიციატივაა. გაჯილდოვებთ 2-კვირიანი საგზურით ყირიმში! შეგიძლიათ მეუღლეც თან იახლოთ.

აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს გეგმაში გადაწყდა ფინალი გახდეს აპოგეის ნაწილი. ხოლო ფინალისთვის გეგმას  დაემატოს ახალი განშტოება, ვერსია B – რომლის მიხედვით მოხდება თავდასხმა მაიორ ამხანაგ გავრილოვზე – ან პარლამენტში, ან – მის გარეთ. ამას განახორციელებს ყოფილი მთავრობის პარტია. ამის შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყება „უმართვი“ პროცესები პარლამენტში შევარდნით და ძველი ხელისუფლების აღდგენით, რომელიც ჩვენთვის გაცილებით კომფორტული და მომგებიანი იყო. ვფიქრობთ, ეს უფრო რეალისტურია და მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ხანგრძლივ სამოქალაქო დაპირსპირებაში ისე ნარნარად ჩაითრევს, რომ ჩვენზე არც არავინ არაფერს იფიქრებს და ჩვენთვის ლოიალური კონგლომერატის დაფინანსების ხანგრძლივი პრობლემაც არ გაგვიჩნდება. იმ „პროდასავლურ“ ხელისფლებას ისევ ამერიკელები გამოკვებავენ, ხოლო შედეგი ისევ ჩვენთვის იქნება სასარგებლო, როგორც ეს 2008 წლის მოვლენებმა დაადასტურა.

ფინალური ვერსია  B-ს დაგეგმვას და კოორდინაციას განახორციელებს გენერალი მისტერ ტიმური, რომლის მითითებების განუხრელად შესრულება გევალებათ…“

„- იობ ტვაიუ მაც!“ – გაიფიქრა სერგეი სერგეიჩმა, ვმუშაობ, ღამეებს ვათენებ და …  გენერალ მისტერ ტიმურს, ალბათ, ყირიმში ორკვირიანი პუწიოვკით არ მოხიბლავენ… ვინ იცის, მაიამიში ახალი აპარტამენტებიც კი იყიდოს…“

=====

სერგეი სერგეიჩს არავინ გაუმხილა, რომ ამ მომენტითვის მისი გეგმის კიდევ ერთი განშტოება არსებობდა, რომელიც პრაიდის რაიმე მიზეზით ვერჩატარების შემთხვევაში თავად პრაიდის ორგანიზებასაც გულისხმობდა… აბა, ამ ერთი პატარა „პრავალოჩკის“ გამო ხომ არ ჩავარდებოდა ასეთი ბრწყინვალე ნაქარგი…

=====

„შეთქმულების თეორიებიო“, – იტყვით თქვენ…

ეგეც გეგმის ნაწილია, რომ ბევრმა ადამიანმა შეთქმულების თეორიად მონათლოს, და რაც შეიძლება დიდხანს არ შეამჩნიოს კედელზე ჩამოკიდებული თოფი, რომელიც თავის ტრიუმფალურ მომენტს მშვიდად ელოდება…



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s