საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების პრობლემები


%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a3

„- და მეორეც ერთი, – კვლავ აწყვეტინებს ხელმძღვანელი, გაბრაზებულია, – რა იცით თქვენ, რომელია დიდი ნაწარმოები და რომელი – არა?

– მე, საყვარელო, – უცნაურად უღიმის რესპონდენტი, – ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება – როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს… რა, არა გჯერათ? – და რესპონდენტი პერანგის სახელოს მაღლა იწევს, ამბობს: – „დონ კიხოტი“, – მკლავს გვაჩვენებს და, სიმართლე – სიმართლედ: დაბურძგლულია…“

(გურამ დოჩანაშვილი, „კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“)

=============================

ჩემი აზრით, ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა ძალიან რთული დილემის წინაშეა.

ერთი მხრივ, სამეურვეო საბჭომ განაცხადა, რომ მარტო რეიტინგზე აქცენტირება სწორი არ არის და გამოაქვეყნა 6-გვერდიანი დოკუმენტი: http://gpb.ge/files/documents/2017/02/15bee5ef1b486ab8eb1ddb1ff2ca8717.pdf

სადაც ჩამოაყალიბა 4 ძირითადი ვექტორი, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს მაუწყებლის პროგრესი თუ რეგრესი:

1) ხარისხი (ჟანრობრივი და მოსაზრებათა მრავალფეროვნება, სიღრმისეულობა, ინოვაციურობა, განსხვავებულობა, ორიგინალობა, პროფესიონალიზმი…),

2) წვდომა და წვლილი,

3) ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებაში (ეკონომიურობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა)

4) ზეგავლენა.

ეს დოკუმენტი, რამდენადაც იმსახურებს მოწონებას – გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსაყენებლად, იმდენად, მგონი, გამორიცხავს ამჟამად გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ამ უამრავი სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის უმრავლესობის გაზომვისა თუ მოპოვების მეთოდები უაღრესად კომპლექსური და გრძელვადიანია!

მაგალითად, ზეგავლენის გაზომვა, ალბათ, უპრიანია გადაცემის რეგულარულად ეთერში გასვლიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ! ხოლო თუ ეს გადაცემა, მაგალითად ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ეხება, 2-3 წელიც არ იქნება საკმარისი! შეიძლება ვინმემ მითხრას, – რატომ, აგერ, “პირადი ექიმი” ხომ უკვე რამდენიმე წელია ეთერში გადისო… მაპატიეთ, მაგრამ ელემენტარულია ის, რომ ზეგავლენა ყოველთვის ფარდობითი (დინამიური) მაჩვენებელია და ის რაღაც საწყის დონეს უნდა შედარდეს! თანაც ისე, რომ საკვლევი ველი და მეთოდოლოგია იგივე იყოს…
საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია ზოგიერთ კონკრეტულ მეთოდოლოგიაზეც, მაგალითად, ზეგავლენის გასაზომად მოწოდებულია „სოციოლოგიური კვლევები (აუდიტორიის აღქმის ინდექსი), ციტირების ინდექსები, ფაქტებზე დამყარებული სხვა მეთოდები…“. ასევე, ხარისხის, როგორც ყველაზე ურთულესი ინდიკატორის, და მისი – ტექსტშივე ჩამოთვლილი – ქვეკატეგორიების,  გასაზომად შემდეგი მეთოდებია ნახსენები:

„…სოციოლოგიური კვლევა, საექსპერტო შეფასება და სხვა მეთოდები. ვინაიდან ხარისხის შეფასება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გემოვნებაზე, ხოლო მისი კომპონენტების ინდიკატორული კვლევა ადვილი არ არის, ამ მახასიათებლის ინდიკატორი გარკვეულ ინტერპრეტაციას საჭიროებს. გაზომვებთან ერთად, კრიტერიუმთან მაუწყებლის შესაბამისობის ობიექტივიზაციის მნიშვნელოვანი მეთოდია მსჯელობა, ანალიზი, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით.“

თუ ყველაფერს ამას გავიაზრებთ, აშკარაა, რომ ამ დოკუმენტით საზმაუს სამეურვეო საბჭომ შექმნა ძალიან საინტერესო ხედვა და სტატეგია, რომლის განხორციელებისათვის, ჩემი მოკრძალებული აზრით, რამდენიმე წელი და საკმაოდ კომპლექსური და არცთუ იაფი მეთოდოლოგიების  დანერგვა (ან შეძენა) იქნება საჭირო. არაა გამორიცხული, მრავალი ხარისხობრივი ქვეკატეგორიის გასაზომად რამე ექსპერტული საბჭოს ჩამოყალიბება გახდეს საჭირო – და ხომ გასაგებია, იმ საბჭოში მოხვედრაზე რა ამბავი ატყდება და ამ საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომ შეიძლება ან ჰქონდეს სუბიექტივიზმის ნიშანი, ან – ამაში უსაფუძვლოდ მაინც დაადანაშაულონ…

პრინციპში, მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა – საბჭოს მინიმუმ ერთი წევრისაგან (პროფ. მ. მუსხელიშვილი) რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს დოკუმენტი იქნებოდა მაუწყებლის მომავალი შეფასების სტრატეგია.

მაგრამ რა უნდა მოხდეს ამჟამად?

გამოდის, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მოწოდებულ ამ ინსტრუმენტს ამჟამად მაინც – თანაც ცალკეული გადაცემების შესაფასებლად ვერ გამოვიყენებთ. აქედან გამომდინარე, მაუწყებლის ადმინისტრაცია დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ მათთვის მოწოდებულ ინსტრუმენტი არ იძლევა გადაცემათა ამჟამინდელი შეფასების საშუალებას.

აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა შეფასების უკვე საკუთარი დოკუმენტი,  http://1tv.ge/theme/uploads/file2017.pdf , რომელიც გადაცემების შეფასებაში მხოლოდ ორ ფაქტორს – ისევ რეიტინგებს, და ფასს ითვალისწინებს (მართალი გითხრათ, ფასის რამე ბმა რეიტინგთან – ვერ დავინახე). მათემატიკური შეფასება არსებულ გადაცემებს ე.წ. ორი სიგმას კანონის (ცენტრალური ზღვრული თეორემის) თანახმად, ყოფს სამ ჯგუფად:

1) ისინი, რომელთა რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია  – ლიდერი, “გამწევი” გადაცემები (10 გადაცემა, რომელიც შენარჩუნდება),

2) ისინი, რომელთა რეიტინგი დაახლოებით არხის საშუალო რეიტინგის ტოლია (4), რომლებიც შეიძლება ასევე დარჩეს ბადეში (თუმცა, არაა ნათელი – რა პირობით) და

3) ისინი, რომლებიც, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, არხის რეიტინგს უკან ექაჩებიან (14), და ამიტომ, მათ დახურვის განაჩენი გამოუტანეს…

გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა სამეურვეო საბჭოს რეკომენდაცია და მაინც, ძირითადად, რეიტინგებზე დაამყარა გადაცემების შეფასება. მაგრამ, როგორც ვატყობ, მათ ვერც წარმოუდგენიათ რეფორმის დასაწყებად ისეთი ინდიკატორების სამოქმედოდ მიღება, რომელთა დანერგვას და მიღებას ძალიან ხანგრძლივი დრო სჭირდება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ცხრილის წითელ ზონაში ბევრი საკმაოდ ცნობილი, და ბევრი მედიაექსპერტისა თუ ცნობადი სახის მიერ მოწონებული გადაცემები (მათ შორის, “რეალური სივრცე” და თავად „წითელი ზონაც“) მოხვდა, და აგრეთვე იმას, რომ რეფორმის პირველი პროექტისაგან განსხვავებით, მენეჯმენტი უკვე ლაპარაკობს არა გადაცემების „შეჩერებაზე“, არამედ – „დახურვაზე“, გასაგებია, რომ აღმასრულებელი საბჭოს ამ გეგმას საზოგადოების სოციალურად აქტიური ფენებისაგან, და თავად თანამშრომელთა ნაწილისაგან, ალბათ, საკმაო წინააღმდეგობა შეხვდება. და სამეურვეო საბჭოსთვისაც არ იქნება ადვილი გადაწყვეტილების მიღება. მე თვითონაც არ დამიმალავს წითელ ნაწილში მოხვედრილ რიგ გადაცემათა მიმართ მხარდაჭერა, მაგრამ ისიც კარგად უნდა გავიგოთ, რომ არ შეიძლება სუბიექტური „მე მომწონს“ გადაწყვეტილებათა საფუძვლად ვაქციოთ.  კარგია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ვასილ კეჟერაძის მსგავს პერსონალურ ფიქსატორს არ გვთავაზობს. თუმცა, იმასაც გავიმეორებ, რაც უკვე მრავალჯერ ვთქვი, – მარტო რეიტინგი არ შეიძლება იყოს კარგი ინსტრუმენტი, როცა საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის განსაკუთრებულ როლს და ამოცანებს ეხება. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ წლიურად 41 მილიონის ხარჯვა ჩვენი გადასახადებიდან, თუ საზოგადოების მხოლოდ 1.85% (ან თუნდაც 3.5%) გიყურებს, ძალიან დიდი ფუფუნებაა. მით უფრო, როცა რეკლამის განთავსებაც არ შეგიძლია და ფაქტიურად, განსაკუთრებით არაპოპულარული გადაცემების დახურვა სახსრების ეკონომიის ლამის ერთადერთი საშუალებაა 😦

=======

„გვეშველება რამე?“

მე მაინც მგონია, რომ ბურთი ახლა სამეურვეო საბჭოს მინდორშია… თუ მათ (ჩემგან განსხვავებით) აქვთ  განსხვავებული ხედვა იმაზე, როგორ შეიძლება ხარისხიც, ზეგავლენაც, ეფექტურობაც და ეკონომიურობაც ახლავე (ახლო მომავალში!) შეფასდეს, მაშინ იქნებ მიაწოდონ მენეჯმენტს ზუსტი ხედვები თვლადი და ობიექტური ინდიკატორების შესახებ, ან – ერთად შეიმუშაონ ეს ინდიკატორები, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.

ხოლო თუ სამეურვეო საბჭო დარწმუნებულია, რომ ძირითადად რეიტინგებზე დაფუძნებული სისტემით გადაცემების გაცხრილვა მიუღებელია, და აჯობებს, მაუწყებლის პროგრამების ჩამონათვალში ამჟამად არც არაფერი შეიცვალოს, ხოლო მენჯმენტმა მათ მიერ მომზადებული ოთხკატეგორიანი სტრატეგიული შეფასების სისტემა (ოთხკუთხედი) უნდა დახვეწოს და მოამზადოს შორეული მომავლისთვის, მაშინ ისიც ღიად და გარკვეულად უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის ბადეში ამჟამად არც არაფერი იცვლება, ყველა გადაცემა ეთერში რჩება, ვმუშაობთ კრიტერიუმებისთვის ინდიკატორების სისტემის დახვეწაზე, და რომ ველოდებით რეფორმის პროცესის დაწყებას სადღაც 2-3 წლის შემდეგ.

რამდენად მისაღები იქნება ან პირველი, ან მეორე ვარიანტი მენეჯერული გუნდისათვის, ან საზოგადოებისათვის, – არ ვიცი.

მაგრამ დაჟეჟილს გატეხილი სჯობია – ეს გაურკვევლობა ნამდვილად ძალიან ცუდად მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე, და რაც უფრო მალე იქნება გარკვეულობა – რას უნდა ელოდონ ჟურნალისტები და საზოგადოება ამ პროცესისაგან, მით უკეთესი იქნება ყველასთვის…

 

P.S არის სხვა რიგი მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები – მაგალითად, თუ იქნა გათვალისწინებული რეიტინგებში გადაცემის გადახვევის (რამდენადაც ვიცი, კი) და განსხვავებულ დროში ნახვის მაჩვენებლები, ან – ინტერნეტ-რესურსებში ნახვის მაჩვენებელები (არა მგონია). რამდენად სწორია, რომ გადაცემები არ დაჯგუფდა ხასიათის მიხედვით და პოლიტიკური, გასართობი და შემეცნებითი გადაცემების რეიტინგები ერთ ცხრილში დაჯამდა. რამდენად გამართულია და კონკურენტულობის მაქსიმალურად განმაპირობებელი საზმაუს გადაცემათა არსებული ბადე… მაგრამ ეს მაინც ცალკეული (თუმცა, მნიშვნელოვანი!) ნიუანსებია და არ ცვლის კარდინალურ კითხვას: როდის იწყება რეფორმა, რის ხარჯზე დაიზოგება საჭირო თანხები და როდიდან იწყება და რამდენხანს გასტანს ეფექტურობის, ხარისხის და ზეგავლენის ინდიკატორების მოგროვების პროცესი, თუკი რეფორმის დაწყება ამ უკანასკნელთა დასრულების შემდგომ გადაგვაქვს.

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s