არჩევანის ზღვარზე (ქართველი ამომრჩევლის გაკვეთილები)


Bad-Officials-Are-Elected-By-Good-Citizens-Who-Do-Not-Vote.-»-George-Jean-Nathan

წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი აღნიშნა.

ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი არჩევნები ჩატარდა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი (მათ შორის – მერების). იყო საკმაოდ კარგად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის – 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მიღებამდე ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები იყო) და, – სამწუხაროდ, უფრო ხშირად – ცუდად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები), რომელთა ჩატარების მეთოდებმა და შედეგებმა სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

და მაინც, მიუხედავად ამ, თითქოსდა, უკვე ხანგრძლივი გამოცდილებისა, და იმ სანუგეშო შედეგისა, რომ ბოლო სამ არჩევნებში  – 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ არჩევნის გაკეთება საკმაოდ მოულოდნელი, ემოციური, სპონტანური, თუ სულაც გაუაზრებელი ქმედებაა, რომელიც რაციონალური ანგარიშით ნაკლებად თუ შეიძლება აიხსნას, არამედ, უფრო – ქართული ფოლკლორის მარგალიტებით: „მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველსა“, „მე ხომ გულით ვიხედები, გული – ჩემი თვალებია“, „გულამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ, ჩემო სულიკო“, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“…

მეც ერთი თქვენთაგანი ვარ. თავადაც ამ ქვეყნის შვილი და ჩვენი მძიმე უახლესი ისტორიის თანაზიარი, და, გარკვეულწილად, თანამონაწილე. მეც მიმიცია ხმა ზოგჯერ ისეთი კანდიდატისათვის, რომ მერე მწარედ იმედგაცრუებული დავრჩენილვარ. ჩემზეც მოუხდენია გავლენა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იმას გვპირდებოდა, რაც ჩემს ყურს საამოდ ესმოდა, თუმცა ძალიან საეჭვო კი ჩანდა… მეც მიმიცია უმრავლესობის წამხედურობით ხმა იმ ადამიანისთვის, ვინც არ მიმაჩნდა იმ მომენტში საუკეთესო კანდიდატად… თუმცა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ყოველთვის ვცდილობდი, წარსული შეცდომების ანალიზზე მესწავლა.

ამჯერად გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაკვეთილების სახით გაგიზიაროთ. მზა რეცეპტები არ გამაჩნია და არც შეუცდომლობის პრეტენზია მაქვს. ვიფიქროთ ერთად და იქნებ უფრო უკეთ მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი, რაც უკეთესი ხელისუფლების და უკეთესი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება…

 

====

არჩევნები, როგორც მოსახლეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ფორმალიზებული აქტი რომელიმე ხელისუფლის ასარჩევად, საკმაოდ ძველი პროცესია – ძველ საბერძნეთსა თუ რომში, ისევე როგორც ძველ ინდოეთში, სხვადასხვა სახის არჩევნები იმართებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო სისტემატური ხასიათი არჩევნებს რომის რესპუბლიკაში ჰქონდა, სადაც მრავალი სხვადასხვა დონის მოხელე, მათ შორის უმაღლესი მოხელეებიც – კონსულები – სწორედ არჩევნებით ირჩეოდა. არჩევნებს ჰქონდა თავისი პროცედურა, განრიგი და წესდება.

არჩევნები წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. დაწყებული მე-17 საუკუნიდან, ევროპის სახელმწიფოთა სულ უფრო მეტ ნაწილში ძალას იკრებდა წარმომადგენლობითი ხელისუფლების იდეა, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია სწორედ ხალხის ნების სათანადო შესწავლით უნდა მომხდარიყო. ამან მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძველი მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს დაყოფა  განვითარებული დემოკრატიის, შედარებითი დემოკრატიის და არადემოკრატიულ ქვეყნებად ყველაზე მეტად სწორედ არჩევნების ჩატარების წესს, პროცედურებს, მონაწილეობის თანაბრობას, სამართლიანობას და გამჭვირვალობას ეხება. პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები უსამართლოდ, სათანადო გამჭვირვალობის გარეშე და სერიოზული დარღვევებით ტარდება, ისევე როგორც ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი შემთხვევა, რომ ლამის იდეალური არჩევნების ტრადიციის მქონე ქვეყანა არადემოკრატიული სასამართლო და სახელისუფლებო პრაქტიკის მიმდევარი იყოს.

და აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ სერიოზულ მომენტს:

არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ერთხელ ჩატარება მხოლოდ პრეცედენტია, ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარებული დემოკრატიული საზოგადოების პრეტენზიას აკმაყოფილებდეს, ეს ყველაფერი სწორედ რომ ტრადიციად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მრავალი არჩევნების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს ჯერ არ ჰქონია ზედიზედ ოთხი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა. ამიტომ, როდესაც ზემოთ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილების მიღების უნარებზე მწარედ ვიხუმრე, სამწუხაროდ, ეს ჩვენი მწირი ისტორიული  გამოცდილების შედეგია – როგორი არჩევნების გამოცდილებაც გვაქვს, სწორედ ისეთი ამომრჩეველი გვყავს და ეს მანკიერი წრე რომ გავწყვიტოთ, მხოლოდ ხელისფლების მონდომება არ იქნება საკმარისი – თავად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ძალიან მონდომებულები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ! დემოკრატიის გაკვეთილები ისევე იწყება არჩევნების სწავლით, როგორც ენისა და ლიტერატურისა – ანბანით!

===

 

გაკვეთილი პირველი (მგონი, წესად უნდა დავრგოთ!) : არჩევნებზე უნდა წავიდეთ! არჩევნებზე ყოველთვის უნდა წავიდეთ. ყოველთვის, როცა არჩევნებზე არ წავალთ, ამით იმის შანსსაც ვზრდით, რომ ეს არჩევნები წესიერად არ ჩატარდეს, ან თუ წესიერად ჩატარდება, ისე არ დამთავრდეს, როგორც ჩვენ გვინდოდა.

ხშირად გამიგონია, რამდენჯერ ვიყავი და არაფერი შეიცვალაო.

ჯერ ერთი, ძირითადად მაშინ იყავით, როცა არჩევნები უარესად ტარდებოდა, როცა მასიურად იყო კარუსელები, როცა ხშირად იტაცებდნენ ყუთებს და ყრიდნენ ბიულეტენებს, როდესაც ათასობით ყალბი პირადობის მოწმობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მაშინ ეს არ იყო არჩევნები. ამიტომ მაშინდელი იმედგაცრუება მომავალზეც არ უნდა გადავიტანოთ.

მეორეც – და რა იცით, რომ არაფერი შეიცვალა? იქნებ, რომ არ მისულიყავით, უფრო უარესიც კი ყოფილიყო?!

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი, ჯორჯ ნათანი ამბობდა: „ცუდი ხელისუფლება იმ კარგი მოქალაქეების არჩეულია, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“

მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, ამით თავის სამშობლოს ზიანს აყენებენ თავიანთი სამოქალაქო პოზიციის მიჩუმათების ან ჩახშობის გამო. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში არ უნდა ჩანდეს. სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება ისიც უნდა იყოს, როგორ ცდილობ, რომ ამ სამშობლოს უკეთესი ხელისუფლება ჰყავდეს. თუ ეს არ გადარდებს, ან თუ ამისთვის არჩევნებზე წასვლა გეზარება, ესეიგი, არც შენი ოჯახის და შვილების მომავალი გადარდებს მაინცდამაინც. ამას კი, აბსურდის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

 

გაკვეთილი მეორე: აჯობებს, გადაწყვეტილება მივიღოთ არა არჩევნების დღეს, უბანზე შესვლის შემდეგ, არამედ მანამდე – თუნდაც 1-2 დღით ადრე. და ვეცადოთ, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ემოციონალური – არ ეყრდნობოდეს ასარჩევი პირის გარეგნობას, ვარცხნილობას ან პარტიის დროშის ფერს. არამედ იყოს გაცნობიერებული არჩევანი მის შემდეგ, რაც რაც შეიძლება მეტ კანდიდატზე რაც შეიძლება ობიექტურ ინფორმაციას მოვაგროვებთ. ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია…

 

გაკვეთილი მესამე: პოლიტიკოსებს ვირჩევთ იმათგან, ვინც გვყავს. გასაგებია, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ლადო ასათიანმა ლექსიც უძღვნა ლამაზი ცოლის უკეთესის ნდომას, მაგრამ ვერც მაჰათმა განდი, ვერც მარგარეტ თეტჩერი, ვერც რონალდ რეიგანი და არც ბარაკ ობამა საქართველოში კენჭს ვერ იყრიან. არჩევნები არის შესაძლებლიდან უკეთესის (და არა – მსოფლიოში საუკეთესოს!) არჩევა. ამიტომ, ავირჩიოთ ის, ვინც სხვას სჯობს. და ამ ჩვენი არჩევანით, ახლაც და მომავალში, ვეცადოთ გავაგებინოთ პოლიტიკოსებს, როგორები გვინდა რომ იყვნენ! თუ ყოველთვის ჯიგარ პოლიტიკოსებს ავირჩევთ, გვექნება „ჯიგარი პოლიტიკა“ (და აგვეხევა კიდეც ჯიგარი), თუ ავირჩევთ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ, გვექნება უპასუხისმგებლო ქვეყანა… დავიმახსოვროთ, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც სხვებს სჯობს! – ყველაფერი ფარდობითია და არჩევნები – განსაკუთრებით.

 

გაკვეთილი მეოთხე: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვუყუროთ და ვუსმინოთ საარჩევნო რეკლამებს, (მეტიც, გირჩევთ კიდეც, რომ ყველა პარტიის სარეკლამო რგოლი ნახოთ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი პროდუქტის გასაყიდად დამზადებული სარეკლამო რგოლებია (ხშირად ამ საქმის პროფესიონალების და არა – თავად პოლიტიკოსების, შრომის ნაყოფი) და არავინ არ იძლება გარანტიას, რომ ან იქ მოყვანილი ინფორმაციაა სწორი, ან იქ მოცემული დაპირებების რეალურად შესრულების გარანტია არსებობს!

აქ ცოტა დიდხანს შევჩერდები, რადგან საქართველოში, სადაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში სკრუპულოზურად არ აკვირდებიან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, და მხოლოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ თავს კითხვას – „ვის ვირჩევთ?“ რეკლამის შეცდომაში შემყვანი ეფექტი ძალიან დიდი შეიძლება იყოს.

ანეგდოტი: კაცი მოკვდა. იცდის, როდის ეტყვიან, სად გაამწესეს. მოვიდა ანგელოზი, საკმაოდ შეფიქრიანებული სახით, და ეუბნება – ძალიან უცნაური ამბავია შენს თავს – ღმერთმა ვერ გადაწყვიტაო –  ბევრი მამაძაღლობა გაქვს ჩადენილი და წესით, ჯოჯოხეთი შენთვის ზედგამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიკეთეც მოგისწრია და ამიტომ ასეთი უცნაური რამ გვითხრა – ორივე აჩვენეთ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და თავად აირჩიოსო! გახარებულმა კაცმა ხელები მოიფშვნიტა და – მანახეთ სამოთხეო! წაიყვანეს – საოცარი სილამაზეა ირგვლივ, ჩიტები გალობენ, ანგელოზები ფრენენ, ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, ნაკადულის ჩუხჩუხი და ჰარმონიული მუსიკა იღვრება… ძალიან მოეწონა კაცს, მაგრამ თქვა, – ამის შანსი მეორედ არ მექნება და მოდით, ბარემ, ჯოჯოხეთსაც ვნახავო!

ჯოჯოხეთი მიწისქვეშა მდებარე უშველებელი კაზინო-რესტორანია – ფულები, სათამაშო აპარატები, სტრიპტიზი, ჯაზი უკრავს, ვისკი მდინარეებად მოედინება, სცენაზე საოცარი შოუ მიდის, აქეთ კარტს თამაშობენ, იქეთ – რულეტკას… მოკლედ, დუღს იქაურობა. მოხიბლულმა კაცმა, ცოტა დარცხვენილმა თქვა, კარგი კი იყო სამოთხე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, აქ უფრო მხიარულებაა, აქ დავრჩებიო!

ეს როგორც კი თქვა, ოთხმა რქიანმა ეშმაკმა დაავლო ხელი და მიათრევენ მეორე ოთახში, სადაც უზარმაზარ კოცონზე უშველებელ ქვაბში კუპრი თუხთუხებს! აყვირდა შიშით გაგიჟებული კაცი – ეგ არ მინდა! მე ის მინდა, – კაზინო, სტრიპტიზი და ჯაზ-კონცერტი რომ იყო, ის ავირჩიე მეო!

  • ეგო, ჩვენი რეკლამა იყოვო!

 

როდესაც ვინმე ადამიანის მოწოდებას ისმენთ, იმაზე, რომ პენსიონერებს უნდა დავეხმაროთ, კარგად დაფიქრდით, რა იცით მისი ან მისი პარტიის მიერ პენსიონერების დახმარების შესახებ. მერე ეცადეთ, მარტივი მათემატიკით გაამრავლოთ ქვეყანაში არსებული პენსიონერების რაოდენობა იმ 300, თუ 500 ლარზე, რომელსაც ასე გულუხვად გპირდებიან და თუ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ან ნახევარი გამოგივათ ნაანგარიშები – დაფიქრდით იმაზე, რომ მსოფლიოს არცერთი მთავრობა ვერ და არ დახარჯავს პენსიებში მთელი ბიუჯეტის ასეთ დიდ ნაწილს. გამოდის, რომ ეს ან ლამაზი და შეუსრულებელი დაპირებაა მხოლოდ, რომელიც იმ პოლიტიკურმა ძალამა ჰაიჰარად წამოისროლა, ან უფრო უარესი – შეგნებული ტყუილი!

ახლა ეს გავარჩიოთ – რომელიმე პარტიის უფროსი ოქროს მთებს პირდება გაჭირვებულებს – სახელმწიფომ უნდა აარჩიოს რამდენიმე ათასი ყველაზე გაჭირვებული და მათ სახლიც უნდა აუშენოს და ისეთი შემწეობაც უნდა დაუნიშნოს, რომ უზრუნველად იცხოვრონო. წარმოგიდგენიათ, ასეთ მიწიერ სამოთხეში მოსახვედრად ჩატარებული კონკურსის შედეგები რა კაცთამკვლელ ომამდე მიიყვანს მოსახლეობას? და ვისაც ამ სამოთხემდე 1 ქულა დააკლდება… ის ხომ არ ყველაფრით კი აღარ ისარგებლებს, არამედ ამ ყველაფრის თანხის გადახდა სწორედ მისი შრომითაც უნდა მოხდეს… თან საინტერესოა, ეს პოლიტიკოსები, ახლა რომ ამ სიკეთეს პირდებიან ქვეყნის სახელით, ამას ხომ ჩვენი სახელით და ჩვენი ჯიბიდან პირდებიან ამ გაჭირვებულებს. კარგად მოიძიეთ, – თავად ვინ არიან ასეთი დაპირებების გულუხვად გამცემნი, და თუ აღმოჩნდება, რომ სადმე ძალიან ნოყიერ ადგილზე მუშაობით იშოვნეს საშვილიშვილო ქონება, ისიც გაარკვიეთ, ამ ქონებიდან დღემდე რა ნაწილი უწილადეს გაჭირვებულთ? ძაღლის თავი, იქნებ მანდ იქნეს დამარხული…

ერთი პარტიის ლიდერები გაიძახიან – არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, ქვეყნის 10%-ის მოთხოვნითაც კი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგესო! მუდამ რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს, რომ თუ ვინმე აშავებს – მინისტრია თუ დეპუტატი, მაშინვე გადავაყენოთო!

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კაცი მეგულება, რომელსაც 10%-იც კი არ ჰყავს უკმაყოფილო მის ქვეყანაში – კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი (იცოცხლე-თქვა, ეყოლება, მაგრამ ვინ გაბედავს კრინტის დაძვრას!)… გამოდის, თურმე მარტო ის დარჩება ამ სქემით თავის ადგილზე. ისიც საინტერესოა, რომ ამ საყოველთაო რეფერენდუმობის იდეის მატარებლები პრაქტიკულად წარმომადგენლობთი ხელისუფლების იდეას ებრძვიან. და მაშინ თავად რაღას იყრიან კენჭს პარლამენტში? თუ ისეთი სრულქმნილები და ზეპროფესიონალები ჰგონიათ თავი, რომ მათ გადადგომას არავინ მოითხოვს? თუ იმაზე დავფიქრდებით, როგორ მუდმივ სტოპორში შევა ყოველდღე ვინმეს გადაყენების მოთხოვნით რეფერენდუმების იდეით შეპყრობილ-აჟიტირებული ქვეყანა (თანაც საქართველოში ვინმეს გადაყენების გაგონებაზე ხომ ათასობით ადამიანს დაუსაბუთებელი იმედი გაუჩნდება – მაგას რომ გადავაყენებთ, იქნებ მე დამნიშნონო!), ისე ხომ არაა საქმე, რომ ამ „გენიალური ჩანაფიქრის“ უკან რომელიმე „სტრატეგიული მოწინააღმდეგე“ ქვეყნის სტრატეგები დგანან?

მოკლედ, გაკვეთილი მეოთხე: რეკლამებს ძალიან კრიტიკულად ვუყუროთ და გვახსოვდეს, წამალი, რომელიც ყველაფერს არჩენს, სინამდვილეში სრული ტყუილია! და პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს გპირდებათ, თანაც უფასოდ და მალე, არის ყველაზე გაქნილი მატყუარა, ან ყველაზე დიდი სულელი. არცერთის არჩევას არ გირჩევთ.

 

გაკვეთილი მეხუთე: კარგი იქნებოდა, საქართველოში საარჩევნო პროგრამების წერის და კითხვის კულტურა რომ არსებობდეს! მაგრამ სამწუხაროდ, ჯერაც არ არის! და ამ მხრივ, მომავალი არჩევნები ნამდვილად არ მგონია წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მგონი, პირიქით. რამდენიმე პარტიას აქვს საარჩევნო პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური პროგრამაც, რაც მისასალმებელი ფაქტია. პრობლემა იმაშია, რომ ამ ეკონომიკური პროგრამების საზოგადოების სამსჯავროზე წარდგენა წესით და რიგით საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს, რომ მათი გარჩევა და კრიტიკული შეფასება მოესწროს. როგორც წესი, ეკონომიკური პროგრამები კვალიფიციური, პროფესიული შეფასების საგანი უნდა გახდეს, რადგან უბრალო ამომრჩევლისთვის მათი ავ-კარგის განსაზღვრა არც თუ ისე ადვილია. ამას წინათ ორი პარტიის ეკონომიკური პროგრამის შესახებ მესმოდა გარკვეული შექებები, მერე კი ამ პროგრამების კვალიფიციური შეფასება წავიკითხე და გამინელდა პოზიტივი.

 

გაკვეთილი მეექვსე: წარსული უნდა გავითვალისწინოთ და შევაფასოთ – ქმედებები სიტყვების მაგიერ! წარსულში დაფიქსირებული პატიოსნების და გულწრფელობის, პასუხისმგებლობის აღების შემთხვევებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი გამოცდილებით და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვითაც, ყოველთვის სჯობს ის პარტია, რომელიც ნაკლებს გვპირდება და მეტს აკეთებს, ვიდრე პირიქით. ხოლო პარტიები, რომელთაგანაც დაპირებების მეტი არაფერი გვახსოვს, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლიან ზნეს.

პარტია, რომელიც ძალადობის ჩემპიონი იყო და დღეს არაძალადობას და შემრიგებლობას ქადაგებს, პარტია, რომელიც მედიას ახრჩობდა და დღეს მედიის დაცვის ჩემპიონობას ჩემობს, პარტია, რომელმაც სასამართლო უსამართლოდ აქცია და ახლა გახდა თემიდის ტრფიალი, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ აქლემის ქურდს, რომელსაც თავისი დანაშაული ნემსის ქურდის მხილებით უნდა მიაფუჩეჩოს. დიახ, ხდება ხოლმე, რომ მებაჟე სავლე წმინდა პავლედ ქცეულა, მაგრამ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული? მე პირადად, ვერ ვიჯერებ იმ ადამიანების კათარზისს, რომელთაც თავისი დანაშაული და შეცდომები არ უღიარებიათ და არ მოუნანიებიათ…

 

გაკვეთილი მეშვიდე: ერთი კაცის პარტიები ნაკლებ სანდო მგონია. საქართველო ასეთი პარტიებით მდიდარია და ზოგჯერ, ლიდერის ქარიზმატულობის გამო, ასეთი პარტიები საკმაოდ დიდხანსაც ძლებენ იმავე ერთკაციანობის რეჟიმში, რადგან შინაგანი წინააღმდეგობის პრობლემა არ აქვთ – ის ლიდერი უბრალოდ არ უშვებს სხვა თანაბარზომიერი ძალის ლიდერების გაჩენას პარტიაში. ასეთი პარტია განახლების ლამის ნულოვანი პოტენციალის მქონეა და შეცვლილ გარემოებებს ნაკლებად უღებს ალღოს. ამიტომ, მე პირადად, თავს ვიკავებ ხოლმე ასეთი პარტიების მხარდაჭერისაგან.

 

გაკვეთილი მერვე: ახლადგამომცხვარი პარტია ჯერ უნდა დაღვინდეს! სანამ მაჭარი დაღვინდება, ბევრი რამ შეიცვლება – საქართველოში შეიძლება სულ სხვა ხალხმა ჩაუყაროს საფუძველი პარტიას, ხოლო არჩევნებზე სულ სხვამ გამოიყვანოს. პარტიის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია და თავიდან მრავალ წინააღმდეგობას გადის, გუნდი უნდა მოითელოს, გუნდის წევრებს შორის ფუნქციები უნდა გადანაწილდეს, ინტერესთა კონფლიქტების მართვა და რისკების მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს, ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს, ვიღაცეებმა ადგილები გაცვალონ, ტაქტიკა და სტრატეგია დაიხვეწოს, ისევე როგორც შინაპარტიული დისციპლინა და ორგანიზაციული პროცესი. ამას, როგორც წესი, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება, ხოლო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – რამდენიმე ათწლეულიც კი. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია იმდენად უკიდურესად კრიზისული და მძიმეა, ხოლო ძველი პარტიები იმდენად არამიმზიდველი, რომ არჩევანს მაინც ახლადშექმნილი პარტიის სასარგებლოდ ვაკეთებთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ პარტიაში სანდო კვალიფიკაციის და პატიოსანი ხალხიც არის და სრულიად უცნობებს და გამოუცდელებს არ ვანდობთ ქვეყნის მართვას.

 

გაკვეთილი მეცხრე (საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე): ქარიზმატული ლიდერებით მოხიბვლას, აჯობებს, ვერიდოთ. პარტიას და პოლიტიკოსს რომ ირჩევთ, ეს თითქმის იგივეა, თქვენ ბავშვს (სამშობლოს!) რომ მასწავლებელს ან ძიძას ურჩევთ, და კარგად დაფიქრდით, მასწავლებლის და ძიძის ქარიზმატულობა და ეშხია მთავარი, თუ – მისი ჭკუა, აზროვნება, პატიოსნება, გამოცდილება და ტაქტი? მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება სილამაზესთან და ქარიზმასთან ერთადაც იყოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის შანსი არც ისე მაღალია, რადგან ვისაც ქარიზმა აქვს, ხშირად სწორედ ამით იოლად გადის ფონს და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებით ნაკლებად არის დაკავებული. ნიჭიერი, საქმის ერთგული, მცოდნე და პატიოსანი (კვაზიმოდოც კი!) გვერჩივნოს იმათ, ვისაც ქარიზმატულობის მეტი არაფერი ცხია…

 

გაკვეთილი მეათე: ახლა ისეთი რამ უნდა დავწერო, რაც არც სათქმელადაა ადვილი და მით უფრო – შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მისი და მისი ოჯახისთვის სარგებლიდან იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებზე. მარტო მაგით ნუ გადავწყვეტთ. იმაზეც დავფიქრდეთ, თუ ამ კონკრეტული პარტიის ან დეპუტატისგან მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახი მოიგებს, ხოლო ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წააგებს – ჩვენი „მოგებაც“, საბოლოო ჯამში, ძალიან სათუო და ძალიან ხანმოკლე გამოვა. გასაგებია, რომ მარიხუანის მომხმარებელ ამომრჩევლისთვის დედის ნანასავით ისმის მავანი პოლიტიკოსის დაპირება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, მაგრამ ვაითუ ამ პოლიტიკოსის სხვა გეგმები არაფერს გვარგებს, შეიძლება ეს მხოლოდ იაფფასიანი, პოპულისტური ხრიკი იყოს – 4 წლის განმავლობაში სხვა არაფერი თუ არ მოხდა სასიკეთო, არა მგონია, ხელმისაწვდომი მარიხუანით სერიოზულად გაბედნიერდეს ხალხი…

 

გაკვეთილი მეთერთმეტე: ორი ტიპის ძლიერ პოლიტიკოსს უნდა ვერიდოთ – გამოკვეთილ პოპულისტს და აშკარა ავანტურისტს! სამწუხაროდ, თუ ადამიანს პოპულისტის და ავანტურისტის თვისებები საერთოდ არ აქვს, ის თანამედროვე პოლიტიკაში ძალიან იშვიათად თუ იმკვიდრებს თავს. ჩვენი უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტში ქართველებს გვყავდა ასეთი ადამიანები, რომლებიც, საუკეთესო პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, ჩემი აზრით, რადგან ჭკვიანი და  პატრიოტები იყვნენ – მერაბ მამარდაშვილი, ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა აკაკი ბაქრაძე… ქართულმა საზოგადოებამ  ისინი გვერდზე (ან მეორე პლანზე) გასწია და სხვები ვარჩიეთ, ვინც ან პოპულიზმში, ან ავანტიურიზმში, ან – ორივეში ერთად, მათ სჯობდა… რა მოვიგეთ, ამაზე ახლა მაინც დავფიქრდეთ…

 

გაკვეთილი მეთორმეტე: როგორც წესი, ჩვენს შერეულ (მაჟორიტარულ-პროპორციულ) სისტემაში ადამიანთა უმრავლესობა მხარს ერთსადაიმავე პარტიას და მის წარმომადგენელს უჭერს მხარს – ან პარტია მოსწონს და მის კანდიდატსვე ირჩევს მაჟორიტარად, ანდაც – პირიქით – მისთვის კარგად ცნობილი მაჟორიტარის ხათრით პროპორციულ სიაშიც იმავე პარტიას შემოხაზავს. ასეთ საქციელში ცუდი არაფერია – თავადაც ასე გამიკეთებია საკმაოდ ხშირად. მაგრამ თუ რომელიმეში ეჭვი გეპარებათ, მაშინ მარტო დაწყვილების სიადვილის გამო ნუ მოიქცევით ასე – თუ მაჟორიტარია სანდო, მაგრამ პარტიაზე ეჭვი გეპარებათ, მაშინ პარტიულ სიაში სხვას დაუჭირეთ მხარი. და პირიქით, თუ თქვენთვის სასურველმა პარტიამ თქვენს ოლქში მოსაწონი მაჟორიტარი კანდიდატი ვერ შემოგთავაზათ, პარტიული არჩევანის გამო მაჟორიტარულს არმოსაწონ კანდიდატზე ნუ გააკეთებთ. სხვათა შორის, ასეთი მოქცევით, ცოტათი ვზრდით ხოლმე იმის შანსს, რომ ორიდან ერთი მაინც გაგვიმართლებს. თუმცა ისევ გავიმეორებ, თუ პარტიაც და მისი მაჟორიტარიც ორივე მოგწონთ, წყვილად არჩევა არ იქნება ცუდი არჩევანი.

=======

აი, ესაა, რაც ახლა მოვიფიქრე, როგორც ერთი ქართველი ამომრჩევლის 25 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკვეთილები. კიდევ ბევრ რამეზე შეიძლებოდა გვეფიქრა. ვიფიქროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და იქნებ, ერთად მოვახერხოთ, ჩამოვაყალიბოთ არჩევნებზე ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესები. გულს სრულიად ნუ გამოვთიშავთ, მაგრამ მაინც უფრო – ტვინით და აზრით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)

ექიმი/ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

 

P.S. აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა  27.08.2016 “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდზე, – “თვალსაზრისის” სექციაში. ვებ-მისამართი : – http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/394173-archevanis-zghvarze.html

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s