სიკვდილით მხსნელი


სირიელი ბიჭი

გენიოსის სიტყვები იმის შესახებ, რომ არცერთი იდეა არ ღირს ბავშვის ცრემლის ფასად, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ბავშვების მიმართ სისასტიკეს ვაწყდებით. უფრო სწორედ, როცა ეს სისასტიკე თვალებში ფაქტად შემოგვაფურთხებს და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი სათნოება და სიკეთე სინამდვილეში თვალთმაქცობა და წაყრუება ყოფილა…

რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი ქურთი ბავშვის აილანის ცხედრის ფოტოებმა ყველა შეგვძრა. რა სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელების გარეშე ვერც ჩვენ ვხვდებით ომისგან ლტოლვილთა გამოუვალი ტრაგიზმის სიმძაფრეს და ვერც – პოლიტიკოსები.

თუმცა პატარა აილანმა თავისი სიცოცხლის ფასად შეძლო წარმოუდგენელი რამ – მან ჩვენი სინდისი ისე გამოაღვიძა, რომ ევროპის წამყვანმა პოლიტიკოსებმა იგრძნეს, რომ უმოქმედობა ადამიანურობის წინაშე დანაშაული იქნებოდა. რამდენიმე დღით ადრე ავსტრიაში საშინელ ტანჯვაში სულამოხდილი, ტრაილერში გამოკეტილი ლტოლვილების მასიურმა სიკვდილმა პირველი ბიძგი მისცა ამ გამოღვიძებას, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ სამუდამოდ დაძინებული პატარა აილანის ქვიშაში ჩაფლულმა სახემ, ამოტრიალებულმა ხელისგულებმა და ფეხუცებმა მოახდინეს სასწაული … 😦

და სასწაული მოხდა – ავსტრიამ და გერმანიამ საზღვრები გახსნეს. ბუდაპეშტის სადგურში ჯერაც ბლოკირებული ლტოლვილების ჯარი რკინიგზის მაგიერ ავსტოსტრადებით მიიწევს ავსტრიის საზღვრისაკენ, „დედა მერკელი“ მათთვის ანგელოზად იქცა. 800,000 ლტოლვილის მიღება, თანაც არცთუ საუკეთესო ეკონომიური მდგომარეობის დროს, მართლაც, მძიმე და მამაცური გადაწყვეტილებაა და არ ვიცი, რამ იმოქმედა ამ უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსის ნაბიჯზე – სწორედ გათვალა, რომ ახლა გერმანელი ხალხის ეკონომიურ მდგომარეობაზე ზედმეტად ზრუნვას თავად გერმანელი ხალხი არ აპატიებდა და მკრეხელობად ჩაუთვლიდა, თუ იმან, რომ ქალია და მასზეც, მიუხედავად პოლიტიკაში გატარებული ათწლეულებისა, სილაში ჩაფლული პატარას სხეულის ხილვა და მისი მშობლების ტრაგედიის გაცნობიერება სულ სხვა – გამანადგურებელი – ძალის არგუმენტია…

სირიელ ქურთებს აქამდე ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პიროვნება სალადინი ჰყავდათ – ძლევამოსილი მხედართმთვარი, სასტიკი გენიოსი და დახვეწილი პოლიტიკოსი, რომელმაც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ლამის ერთადერთმა შეძლო ჯვაროსანთა ლაშქრის დამარცხება. სალადინს დამასკოში მავზოლეუმი აუგეს მისმა მადლიერმა შთამომავლებმა.

ასე მგონია, აილან ქურთი, სამი წლის პატარა – სალადინზე უფრო დიდი გმირია, რადგან ის შეძლო, რაც სალადინსაც არ გაუკეთებია: მილიონამდე თავის თანამემამულეს გადარჩენის შანსი მისცა, მთელ მსოფლიოს კი – გამოღვიძების და ადამიანობასთან დაბრუნებისა…

Turkish officer carries Aylan Kurdi body

P.S. კიდევ ერთი უცნაური იმედის სხივი ამ უმწარეს ტრაგედიაში, დააკვირდით ამ თურქ ოფიცერს, რომელსაც ბედმა პატარა აილანის ცხედრის ქვიშიდან აღებისა და ტარების ტვირთი არგუნა ხვედრად. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იგი იმ წუთებში… შეიძლება, ამ კადრებმა რამე ახალი ეტაპს დაუდოს სათავე, როცა ამ ორი, ზოგჯერ ძლიერ დაპირისპირებული, ხალხის წარმომადგენლები უფრო გაგებით მოეკიდებიან ერთმანეთის ტრაგედიებს, უფრო ნაკლებ გაიმეტებენ ერთმანეთს…

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s