იმედის სხივი


HEPAC

დღეს, 2015 წლის 21 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და ამერიკულმა ფარმაცევტულმა ფირმა „გილეადმა“, აშშ საელჩოსა და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შუამავლობით, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის ახალი პრეპარატით – სოფოსბუვირით – ხელმისაწვდომ მკურნალობას ითვალისწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 2013 წლიდან ქართულმა ხელისუფლებამ დაიწყო მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი – ციხეებში პატიმრებისათვის C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობა, ხოლო ციხეებს გარეთ – თანადაფინანსება.

ამჟამად კი მსოფლიოში უნიკალური ამ ახალი ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია – „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!“  –  სახელმწიფო, სავარაუდოდ, წელიწადში 20 ათას C ჰეპატიტით დაავადებულს სრულიად უფასოდ უმკურნალებს, რისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პირველ ეტაპზე პროგრამაში 5 ათასი პაციენტის ჩართვა ღვიძლის დაზიანების და ზოგადი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება.  მემორანდუმის გაფორმების შემდეგ იმ პაციენტთა რეგისტრაცია დაიწყება, ვისაც ახალი პრეპარატის, სოფოსბუვირის მიღების საჭიროება აქვთ. შერჩევა ანონომურად მოხდება სათანადო საექსპერტო კომისიის წევრების მიერ, რომელთაც არ ეცოდინებათ შტრიხკოდით დაშიფრული პაციენტების გვარები და მხოლოდ მათ კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტენ დაავადების სიმძიმის დონეს და განსაზღვრავენ პროგრამაში ამა-თუ იმ პაციენტის ჩართვის დროს. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, ქართულმა მხარემ დაარწმუნა კომპანია „გილეადი“, რომ ეს უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტური, ამავდროულად ნაკლებად სახიფათო მედიკამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დაბალ ფასად მიეწოდებინა. ამ პრეპარატის დღიური დოზა 1000 დოლარი ღირს, ხოლო სამკურნალო კურსის საშუალო ღირებულება 80,000 დოლარს აღწევს. ჰეპატოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, “სოფოსბუვირი” 94%-ში ეფექტურია მკურნალობისთვის და პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირიანი იქნება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული.

სავარაუდოდ, საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა 200,000-დან 300,000-მდეა! მკურნალობის გარეშე ეს დაავადება, რომელსაც „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, უმრავლეს შემთხვევაში იწვევს უმძიმესი დაავადებების – ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარებას. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში C ჰეპატიტით მკურნალობის თანადაფინანსების სქემები არსებობს, ზოგიერთ შემთხვევაში – სრული დაფინანსებაც ხდება, მაგრამ ყველა დაავადებულის უფასოდ მკურნალობის საყოველთაო პროგრამა, თანაც ამ უახლესი და ყველაზე ეფექტური პრეპარატით ჯერ არსად განხორციელებულა! განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ პროგრამის მიმდინარეობისას მოხდება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება, რომლითაც დაზუსტდება საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი და ამის გარდა, გაძლიერდება პროფილაქტიკურ-პრევენციული სამუშაოები.

=====

ახლა კი მცირედი რეტროსპექტივა:

2007-2012 წლებში ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს საქართველოდან რამდენიმე პატიმარმა მიმართა საჩივრით იმის გამო, რომ მათ ციხეში ყოფნის დროს დაემართათ ან გამოუვლინდათ C ჰეპატიტი. სასჯელაღსრულების სისტემამ და სახელმწიფომ კი მათ უარი უთხრეს სრულფასოვან მკურნალობაზე . სტრასბურგის სასამართლომ 5 ასეთი საქმე მიიღო წარმოებაში (პოღოსიანის, ღვათაძის, ჯანიაშვილის, ჯელაძის და ჯაშის) და ხუთივე მათგანი სახელმწიფო მხარის წაგებით დასრულდა. უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოს ბრალად წარედგინა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ადექვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმა. ხაზგასმული იყო, რომ წლების განმავლობაში ავადმყოფებს უარს ეუბნებოდნენ სათანადო გამოკვლევების ჩატარებაზეც, რისი ალტერნატივაც პენიტენციალურ სისტემაში მყოფი პირებს არც გააჩნდათ! გარდა ამისა, ციხების ხელმძღვანელობა უზღუდავდა პაციენტებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას! გამოვლინდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების რიგი დარღვევები, რაც არ შეესაბამებოდა თავად საქართველოს რეგულაციებს ამ დოკუმენტაციის წარმოების შესახებ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არასათანადო კვალიფიკაციის ექიმების მიერ დაავადების არასწორ მართვას! ასევე ზოგჯერ პატიმრებს ხელი ეშლებოდათ ალტერნატიული გამოკვლევების და საექსპერტო გასინჯვების ჩატარებაში.

==== ციტატები:

პატიმართა უფლებების დაცვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ისევე როგორც სახალხო დამცველის 2007 წლის მე-2 ნახევრის ანგარიშიდან ამონარიდი, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო პრობლემებს ვირუსული C ჰეპატიტის ჩათვლით, მოყვანილია საქმეში პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ (№ 9870/07, §§ 20-22, 24 თებერვალი 2009). ა. ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე და ამ უფლების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში – საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2009 და 2010 წლის 1-ლ ნახევარს.

  1. ზემოხსენებული ანგარიშიდან შესაბამისი ამონარიდი შემდეგნაირად იკითხება:

ვირუსული ჰეპატიტი: ვირუსული ჰეპატიტის პრობლემა რჩება ერთერთ ყველაზე მწვავე საკითხად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. 2009 წელს გარდაცვლილ პატიმართა 40% იტანჯებოდა ვირუსული ჰეპატიტით. გარდაცვლილთა 15%- ჰქონდა ღვიძლის ციროზი და მასთან დაკავშირებული გართულებები, როგორიცაა კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენა, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში გახდა პატიმრის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი. 2010 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პატიმართა 47.4%-, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის პირველ ნახევარში ჰქონდა, ვირუსული ჰეპატიტი, ზოგიერთ მათგანს განუვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ეროვნული პრევენციული მექანიზმის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ციხის საავადმყოფოების მთავარი ექიმები აღიარებდნენ ვირუსულ ჰეპატიტს, როგორც ყველაზე გავრცელებულ დაავადებას. თუმცაღა, არ არსებობს ზუსტი ანგარიშები ვირუსული ჰეპატიტის ინფექციის შემთხვევებთან დაკავშირებით, ისევე როგორც არ არის სტატისტიკური მონაცემები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ექიმებს გააჩნიათ მხოლოდ ინფორმაცია იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა ჰეპატიტის დიაგნოზი დადასტურდა ლაბორატორიული გამოკვლევებით. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბევრ პატიმარს, რომელსაც ჰქონდა ღვიძლის დაზიანების კლინიკურად აშკარა ნიშნები, საერთოდ არ ჩაუტარდა გამოკვლევა ვირუსული ჰეპატიის გამოსავლენად“.

=====

სააკაშვილის ხელისუფლება “რეაგირება” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე

პოღოსიანის ხსენებული საქმე ბევრი მომენტითაა შოკისმომგვრელი. მას შემდეგ, რაც სტრაბურგის სასამართლოში საქმე წააგო, ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ პატიმრისათვის ახლა მაინც სათანადო მკურნალობა ჩაეტარებინა, „უკეთესი გამოსავალი“ იმით იპოვა, რომ იგი ციხიდან ვადაზე ადრე გაანთავისუფლა! პაციენტმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო მკურნალობის ჩატარება ვერ შეძლო, რასაც მისი მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა და სანამ სასამართლო მის საჩივარს განიხილავდა, იგი გარდაიცვალა! მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოში უკვე 4 ანალოგიური საქმე წააგო, საქართველოს ნაცმოძურმა ხელისუფლებამ საერთოდ აკრძალა ციხეებში არა მარტო C ჰეპატიტის გამოკვლევების ჩატარება, არამედ ამ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პატიმართა მდგომარეობის შესწავლაც! გავრცელებული ხმებით, ეს გადაწყვეტილება პირადად ვანო მერაბიშვილის „ინოვაცია“ იყო!

====

დღეს იმ ხელისუფლების ყოფილი მესვეურები, რომლებიც თავისი მმართველობის პერიოდში ზემოთაღწერილი დრაკონული მეთოდებით ებრძოდნენ არა C ჰეპატიტს, არამედ – დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც სპეციალურად ხურავდნენ ციხეებს, რომ ვერავის გაეგო პენიტენციალურ სისტემაში C ჰეპატიტის გავრცელების შემაშფოთებელი დონის და დაავადებულთა მიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ, ადამიანები, რომლებიც ძირითადად თავისი მეუღლეები ევროპაში მოლოგინებით ან თავიანთი ახლობლებისათვის ძვირადღირებული ოპერაციების დასავლეთის კლინიკებში ჩატარებით იყვნენ დაკავებულნი, და მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდათ, ციროზისათვის განწირული ათასობით ადამიანის ბედი, რომელთაც ძვირადღირებული მკურნალობის შანსს მხოლოდ სახლ-კარის გაყიდვა აძლევდა, სწორედ ეს პოლიტიკანები, რომელთა პრიორიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ტოტო კუტუნიების ჩამოყვანა და საქართველოს შადრევანიზაცია იყო, და რომელთა ხელისუფლებამ არა მარტო პატიმრები დატოვა უიმედოდ განწირული, არამედ ასეულ ათასობით ის ადამიანიც, რომელთაც საპროცესო გარიგებებით გატყავებულებს, არამცთუ C ჰეპატიტის ძვირადღირებული, არამედ გაცილებით იაფი სამედიცინი დახმარების სახსრებიც აღარ გააჩნდათ, – აი, ეს ყოფილი მინისტრები და პარლამენტარები ცინიკურად გამოდიან და მსჯელობენ პროგრამის „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!“ ხარვეზებზე, მოსალოდნელ პრობლემებზე და იმაზე, რატომ ბოლომდე არ წავიდა დღევანდელი ხელისუფლება და რატომ 100%-ით არ დააფინანსა ჰეპატიტისარამარტო მკურნალობის, არამედ დიაგნოსტიკის ხარჯებიც, (რაც პროგრამაში 30-70%ის დონეზეა გაწერილი)…

აშკარაა, რომ თუ მედიცინაში ღვიძლის ციროზის მორჩენის მცირე შანსი მაინც არსებობს, სინდისის ციროზი – განკურნებას არ ექვემდებარება!

თორემ ეს და სხვა მრავალი კითხვებიც ნამდვილად არსებობს, და პროგრამის რეალიზაცია გზადაგზა ახალ პრობლემებსაც გამოაჩენს… მაგრამ ხარვეზების გამოსწორება და ნებისმიერი პროგრამის დახვეწა შეიძლება… მთავარი ისაა, რომ ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებზე გაცილებით მეტად ზრუნავს და საზოგადოების აზრს გაცილებით მეტ ანგარიშს უწევს…

ნაციონალების ზეობის პერიოდში C ჰეპატიტით დაავადებული პირები უკანასკნელ იმედს საზღვარგარეთ მიგრაციაზე და იქ ნანატრ სამკურნალო პროგრამაში მოხვედრაზე ამყარებდნენ, დღეს კი პირუკუ პროცესების დაწყება მოითხოვს სათანადო დაგეგმვას და მართვას… მაგრამ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კაცობრიობის ერთ-ერთი უმძიმესი სენის დასაძლევად უმაგალითო მასშტაბის ნაბიჯი გადადგა, ნამდვილად არის სანაქებო მუხტი! რა უნდა იყოს იმაზე უფრო კეთილშობილური, ვიდრე ათასობით და ათეულათასობით უიმედოდ დარჩენილი ავადმყოფისათვის დახმარების ხელის გაწვდენა! –

ბრავო! და წარმატებები!

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s