მოზომვის ხელოვნება


სამწუხარო რეალობაა, რომ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ ხელისუფლების წევრობა არა მარტო ზოგიერთი უფლებების ზრდას, არამედ ზოგიერთი უფლებების შეზღუდვასაც იწვევს.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაა სასამართლოს (და ნაკლები ხარისხით, მაგრამ ხშირად, ასევე – მედიის) მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების საზღვრები, რადგან ხშირად რთულდება იმის დადგენა, სად მთავრდება კრიტიკა და სად უკვე იწყება ზეწოლის მოხდენის მცდელობა!

ჩემი აზრით, არსებობს ერთი წითელი ხაზი, რომელიც სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე პოლიტიკოსებმა (და განსაკუთრებით – უმრავლესობის/პოზიციის წვერებმა) არ უნდა გადაკვეთონ:

– იმის განცხადება, რომ ამა თუ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, ალბათ, თითქმის ყოველთვის დასაშვებია,

– ხოლო ამ ხაზის გადაკვეთა და იმის განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება იყო “დაუშვებელი”, “მიუღებელი”, “გაუმართლებელი”, “კორუფციული” (“კორუფციის არსებობაში დამაეჭვებელი”), “საზოგადოების დამაზარალებელი”, “დივერსიული”, თუ კიდევ უფრო უარესი – ამას უკვე ზეწოლის ფორმა გააჩნია… და, ალბათ, პიროვნული დისკრეციის ჩარჩოებში ვერ ჯდება.

ასევე არ მგონია გამართლებული აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო რგოლის ხელისუფლის მიერ ზემოდგომი საფეხურის მოსამართლისადმი იმის მოწოდება, რომ მან ქვედა რგოლის სასამართლოს გადაწყვეტილება “გამოასწოროს”, “შეცვალოს”, თუ “სამართალთან შესაბამისობაში მოიყვანოს”!.. – ქვეყნის ხელისუფლებს უნდა ჰქონდეთ იმის რწმენა, რომ აღნიშნულ საჭიროებას სასამართლო რგოლის წარმომადგენლები, კარნახის გარეშე თავად მიხვდებიან და კანონის და სამართლის ნორმებში იმოქმედებენ.  ისინი ვალდებულნი არიან სწორედ ასე მოიქცენ და არა – “სმენაზე” გაიჭიმონ სახელისუფლებო პირების შეძახილზე!

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული წესებიდან ნებისმიერი გადაცდომა აზიანებს სწორედაც რომ სახელისუფლებო სტრუქტურის კონკრეტულ წარმომადგენელს, მაგრამ ამავდროულად, თავად ამ სტრუქტურის რეპუტაციასაც და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეიძლება დაბადოს ეჭვი იმაში, რამდენად უძლებენ, ან მომავალში გაუძლებენ სასამართლო სტრუქტურების კონკრეტული პირები ასეთ ზეწოლას. საბოლო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის იმიჯს და კანონის უზენაესობის ერთგულების დაცვის პირობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიციის თუ გარეშე დაპირისპირებული ძალების მიერ ყოველი ასეთი კონკრეტული ფაქტის რეზონირება, ტირაჟირება და გაზვიადება ხდება.

P.S. მინდა მივულოცო უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, რომ მისი პასუხი პირველ გამოწვევაზე იყო დროული, ზუსტი, პოლიტიკურად დახვეწილი, და გამოზომილი! მან მშვენივრად გაართვა თავი იმას, რომ რეაგირებაც მოეხდინა და, ამავდროულად, ეს რეაგირება არ ქცეულიყო აჟიოტაჟის და იაფფასიანი ქულების ჩაწერის შოუდ!

===

ამერიკელი მოქანდაკის დენიელ ჩესტერ ფრენჩის ქანდაკება, სადაც გამოსახულია ხელისუფლება, სამართალი და კეთილდღეობა. ქალის ცენტრალური ფიგურა, სამართალი, რომელსაც კანონი უპყრია და ორ დანარჩენზე მთელი თავით მაღლა დგას...

XIX ს. ამერიკელი მოქანდაკის დენიელ ჩესტერ ფრენჩის ქანდაკება, სადაც გამოსახულია ხელისუფლება, სამართალი და კეთილდღეობა. ქალის ცენტრალური ფიგურა სამართალს განასახიერებს, რომელსაც ხელთ კანონი უპყრია და ორ დანარჩენზე დომინირებს, “კანონის უზენაესობის” ძალით (ფილადელფია, დასავლეთის პარკი, მანის სამუსიკო ცენტრის მახლობლად)



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s