მარტის (ა)ჩრდილები


21 მარტი

აი, 21 მარტიც ისტორიად იქცა.

ისევე როგორც 2012 წლის შემდგომი ნაცმოძრაობის ყველა აქცია, 21 მარტიც იქცა კლასიკურ „აურზაურად არაფრის გამო“, „გმირის აჩრდილად“ თუ ჩრდილიდან გამოვარდნის წარუმატებელ მცდელობად.

ნაცმოძრაობის ისტორია საოცარი ურთიერთგამომრიცხავი პირობების და პროცესების ერთობლიობაა. ესაა საგა გმირობაზე, რომელიც ლაჩრული მარცხის საწინდარი იყო,  ესაა პოემა დემოკრატებზე, რომლებმაც გულაგი ააშენეს, ესაა ეპოსი დრაკონის (კორუფციის) შემმუსრავ მზეჭაბუკზე, რომელიც ახლოდან ნებისმიერი წინა დრაკონის (კორუფციის) ასჯერ უფრო მძიმე ვარიანტი აღმოჩნდა, ესაა ზღაპარი ქვეყნის განმანთავისუფლებელზე და აღმაღორძენებელზე, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აჩუქა მტერს, ესაა უცნაური შემთხვევა, როცა ყურძნის ნაცვლად გახარებული ძაღლყურძენა სანერგედ და საჯიშედ სხვაგან წაიღეს, დაბოლოს, ესაა მედგარი მცდელობა სახელდაკარგული აჩრდილისა – ახალი ხორცი და ჩრდილი იპოვოს და სცენაზე დაბრუნდეს – ერთ მდინარეში მეორედ შემოსვლის წინასწარ განწირული დაუდგრომელი მცდელობა…

ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავ ნაცმოძრაობის ლიდერებს, – ჟინი, გაუტეხელობა, მიზნისკენ ჯიუტად სიარული, – მაშინაც კი, როცა ყოველგვარი ლოგიკა მათ წინააღმდეგ არის.

საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველად ხდება, რომ დამარცხებული პარტია, რომლის წინააღმდეგ მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, და რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გარემოებების გამო, ძალიან მძიმე უნდა იყოს, იხტიბარს არ იტეხს და თავს ისევ „იმ თამროდ“ ასაღებს, რომლის „ჰავლაბრის ტურფობა“ დიდი ხანია, ეჭვს აღარ იწვევს. მაქსიმალიზმით შეპყრობილი ამ პარტიის ლიდერები ჯიუტად ამბობენ უარს საკუთარი დანაშაულებრივი სისტემის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე, მონანიებაზე და ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების ნაცვლად რაიმე რეალური საქმიანობით ცხოვრების გაგრძელებაზე. ამის რამდენიმე მიზეზია –

  • ისინი ძალიან მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ხელისუფლება 50 თუ 70 წელი გაგრძელდებოდა და სიზმარი არ ეთმობათ,
  • მათ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვთ უამრავ ადამიანზეც და ერთმანეთზეც, ამიტომაც ილუზიებიც და შიშებიც უფრო მყარია – რომ თუ არ აღიარებენ, ბოლოსდაბოლოს გაიმარჯვებენ, ხოლო თუ მოინანიებენ, შენდობას მაინც ვერ ეღირსებიან.
  • კოჰაბიტაციის პერიოდმა და დასავლეთში გავლენიანი მფარველების არსებობამ მათ ცუდი სამსახური გაუწიათ – ირწმუნეს რა, რომ ინდულგენცია უკვე გარანტირებული აქვთ და არავითარი მონანიება არც სჭირდებათ.
  • მათ გადანახული აქვთ არა მარტო კომპრომატები, არამედ საკმარისი თანხებიც, და ასევე – სანდო პირებზე გაფორმებული ბიზნესები, რომ დიდხანს გაძლონ არალეგალურად მიღებული დონაციების ხარჯზე.

და მაინც 21 მარტი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ნაცმოძრაობამ, მიუხედავად ძალიან ენერგიული და საკმაოდ შთამბეჭდავი კამპანიისა ამ დღის მოსამზადებლად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს სერიოზული პლაცდარმი შექმნა  უკრაინაში, სადაც იშოვეს თანამდებობები, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფული, და ამდენად, მართლაც მოახდინა საკუთარი მცირე ნაწილის სერიოზული რეანიმაცია, საქართველოში მაინც ვერ შეძლო იმის დემონსტრაცია, რომ ხალხში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნია. რაიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიუხედავად მხოლოდ 15,000-მდე მხარდამჭერის გამოსვლა იმ მოედანზე, რომელსაც რაიონებიდან ჩამოსვლიას გარეშეც კი თბილისელთა 150,000-იანი მარშები ახსოვს, ნამდვილად ვერაფერი წარმატება ვერ იყო! თან ეს იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც საკმაო განაწყენებული და იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ნაცმოძრაობას ისე აქვს მოთხრილი იმიჯი, რომ მათ გვერდზე დადგომას ის ხალხიც კი არ აპირებს, რომელთაც სულაც აღარ ამოსდით მზე დღევანდელ ხელისუფლებაზე.

მიხეილ I

ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა! არა, წუთითაც ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი აქციაზე ვიდეოხიდით ჩაერთვებოდა (აქციაში მონაწილეობაზე ერთხელ განაცხადა საჯაროდ უარი და მაშინაც კი გულმა არ მოუთმინა და ბოლოს მაინც მივიდა და „აახია“ მიტინგი გიგი უგულავას და გიორგი ვაშაძეს), საოცარი იყო ის, – საიდან და როგორ ჩაერთო იგი!

მიხეილ სააკაშვილს ახლა კიევში აქვს ბუდე, სამსახური, პოლიტიკური აღორძინებისთვის ასაფრენი აეროდრომიც და ერთგულ თანამებრძოლთა საკმაოდ აქტიური გუნდიც! ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ისიც  და მისი რაზმიც სწორედ კრეშჩატიკიდან ან კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან ჩაერთვებოდნენ თბილისის ვიდეოხიდში! განა ლოგიკური არ იქნებოდა, მაიდნის მოწყობაზე მუდმივ მოლაპარაკე და მეოცნებე ნაცმოძებს სწორედაც რომ კიევიდან დაენახვებინათ თავიანთი მხარდაჭერა თანაგუნდელებისათვის?! განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ქართველ “დნეპრდალეულებს” სწორედაც რომ გუნდური თანადგომა ენახებინათ თბილისში დარჩენილი და მნიშვნელოვანწილად, მათ ბედს შემნატრი ნაცმოძებისათვის?

მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა სხვანაირად გადაწყვიტა – იგი მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოჩნდა ეკრანზე! მან არა ჯერ კიდევ მძიმე დღეში მყოფი მებრძოლი ქვეყნის დედაქალაქიდან, არამედ  – ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქიდან გადაწყვიტა ადრესის გაკეთება, რომ თავისი #1 ევროკავშირელობისათვის და #1 ნატოელობისათვის გაესვა ხაზი… არ დამავიწყდება, შევარდნაძის ეპოქაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ცნობილი დაწესებულების ხელმძღვანელს ესტუმრნენ. საუბრის დროს დაწესებულების დირექტორი თავის მოადგილეებთან და თანაშემწეებთან ერთად იჯდა და ესაუბრებოდა მომავალ პარტნიორებს. საუბრის შემდეგ ამერიკელებმა ჰკითხეს, ხომ შეიძლება ფოტოები გადავიღოთო. სიამოვნებითო, დათანმხდა ქართველი ხელმძღვანელი და მერე ამერიკელების გასაოცრად, მოლაპარაკების მაგიდიდან წამოდგა, თავის მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და ხაზგასმულად ერთადერთმა და განუმეორებელმა ისურვა ისტორიაში დარჩენა… ამერიკელებმა გვითხრეს, ამას არცერთი ამერიკელი ხელმძღვანელი არ გააკეთებდაო… მიხეილ სააკაშვილიც სწორედ შევარდნაძის ეპოქის და კომუნისტური თაობის ხელმძღვანელივით მოიქცა – გუნდს გაემიჯნა, ტრადიციულად “ღრუბლებს მიფარება” ამჯობინა 🙂

ვინმე იტყვის, იქნებ უკვე ბრიუსელში იყო და აბა, რა ექნა, კიევში ხომ არ დაბრუნდებოდაო? – მაგრამ ტვიტერში მის მიერვე გაკეთებული განცხადებით, სააკაშვილი შაბათს, 21 მარტს დილის 9:30-ზე (თბილისის დროით 11:30-ზე!!) ჯერ კიდევ კიევში იყო …“დედა და ბებია დამადგნენ თავზე. დედაჩემს სასწრაფოდ გავხადე ძველი ნორკის შუბა და თბილისში დავაბრუნე, და უკვე 3 საათზე მიტინგზე იდგაო!“ ჰოდა, თუ დილით კიევში იყო,  რა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დედის თბილისში გამოგზავნიდან სულ რაღაც 5 საათში უკვე ბრიუსელიდან (თან არა აეროპორტიდან, არამედ – ქალაქის ცენტრიდან, ევროპარლამენტის მიმდებარე ადგილიდან) ჩაერთო თბილისში მიმდინარე აქციაში???

– ნეტავ ის ხომ არა, რომ თუ თბილისში სისხლი დაიღვრებოდა, ბრიუსელში განთავსებულ ევროკავშირის და ნატოს შტაბ-ბინებში სასწრაფოდ განგაში აეტეხა???

მაგრამ მაინც ხომ შეიძლებოდა კიევში დატოვებული გუნდისთვისაც მოეწყოთ ჩართვა თბილისის აქციაზე, რომ ხალხს მანდატდატოვებული და მოქალაქეობაზე უარისმთქმელი პატრიოტები ეხილა და გაეხარა?  შეიძლება ვინმემ თქვას, ეგებ არ უნდოდათ მაიდანის ასოციაციები გასჩენოდა თბილისში ვინმესო! ნურას უკაცრავად, მიტინგამდეც და მიტინგის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ მაგას ამტკიცებს – 21 მარტის მიტინგი მაიდანი იყო და მალე კიდევ უფრო სრულად გამაიდნდებაო!

პირველი  დედა

მიტინგზე მიხეილ სააკაშვილი დედით იყო წარმოდგენილი. გიული ალასანია, რომელმაც შვილის პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესორობით დაიწყო და 10 წელიწადში სერიოზულ ბიზნეს-ვუმენად და საქართველოს უმაღლესი განათლების კერძო სექტორის #2 მედროშედ დაასრულა, რამეთუ ამ პერიოდში 1 ლარად მისთვის გადაცემული ქონებების რაოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების მისაკუთრებით და მის სახელზე გაფორმებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14%-იანი წილით  გაითქვა სახელი. 21 მარტის აქციაზე კიევიდან მოვლინებული ქ-ნი გიული ნამდვილად ოჯახის ხატება იყო და იმის განსახიერება, რომ გასაქცევი არაფერი აქვს. თუმცა, სახეზე ეწერა უკმაყოფილება. ვინ-ვინ და მან ძალიან კარგად იცის, იმ დღეს მოედანზე გამოსული ადამიანები რომ დასასრულის მანიშნებელი იყო და არა – დასაწყისისა.  “ამ ორ წელში ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდაო“ დანანებით თქვა ერთდროს ძლევამოსილმა ქ-ნმა და იქვე დაამატა, თუმცა დღეს მზიანი დღეა და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებაო…

მიხეილ სააკაშვილმა ოსტატურად კი მოახერხა საკუთარი ქონების გადამალვა, მაგრამ ავიწყდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ნაჩუქარი სახელმწიფო ქონება და სასათბურე პირობების შექმნით სწრაფად აყვავებული კლანური ბიზნესები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის კორუფციის უტყუარ ნიშნად ითვლება. ეს რომ არ ავიწყდებოდეს, დედის გამომზეურებას ისევე მოერიდებოდა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტის სხვა წევრები (ბოკერია, უგულავა…) ერიდებიან მათი პარპაშის დროს უცებგამდიდრებული მამების, ბიძების და მეუღლეების გამომზეურებას…

გენერალიტეტი და ჯუნიორები

მიხეილ სააკაშვილის გენერალიტეტი არასოდეს იყო ნამდვილი გენერალიტეტი. უფრო სწორედ ის გენერალიტეტი, რომელიც რეალურად არსებობდა, ახლა ან ციხეშია ან ემიგრაციაში, ხოლო ის ტყუილ-გენერლები, რომელთა რეალური ძალაუფლება მათი დე-იურე სტატუსის 10%-ს არ ცდებოდა, გაორებულ მდგომარეობაში არიან – თან ალბათ განგებას მადლობას წირავენ, რომ იმაზე პასუხისმგებლობა არ მოუწევთ, რაზეც არც იყვნენ პასუხისმგებელნი, ხოლო თან გული წყდებათ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მოუწევთ პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა.

მაგრამ აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჯუნიორ ნაცებს! ესენი არიან ნაცმოძრაობის ყველაზე ენერგიული და მომზადებული ფრთა, რომელთაც უშუალოდ ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობა ნაკლებად აქვთ მიღებული, რომელბიც ძირიტადად 2009 წლის შემდეგ ჩამოიჩიტნენ და საკმაოდ კარგად იციან, რომ მათთვის არც ეკონომიკური და არც 2008 წლის კონფლიქტში ვოლუნტარისტული ქმედებების ბრალდების წაყენება ადვილი არ იქნება. ამიტომ ისინი ახალგაზრდა გვარდიის სითამამით, დემაგოგიური არსენალის უზადო გამოყენებით და ხშირად, დღევანდელი ხელისუფლების რეალური შეცდომების და გადაცდომების საკმაოდ ეფექტური გამოყენებით ეფექტურად ინარჩუნებენ პირად (მაგრამ არა პარტიულ რეიტინგს). თავის დროზე რომ ჭკუა ეხმარათ და ნაციონალური მოძრაობის ბალასტს გამოჰყოფოდნენ, დღეს საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია ექნებოდათ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დროულად ვერ მიიღეს, მიშას მიერ გამოგზავნილ ფულებზე და მიმალული ბიზნესებიდან წილებზე უარი ვერ თქვეს, სავარაუდოდ, მათზე შესაძლო კომპრომატების შიშმაც ითამაშა როლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათი ახალ პარტიად  რეინკარნაცია დაგვიანებულია და ალბათ ბევრს ვერაფერს უშველის, თუმცა მინიმალური შანსი რჩებათ, თუ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს გამოყოფენ, მაგალითად –  გიგა ბოკერიას. თუმცა, ბოკერიას პიროვნული ძლიერი პოლიტიკოსის და უძლიერესი დემაგოგის პარალელურად სერიოზულად ნეგატიური ბაგაჟი აქვს და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თან აშკარად ხელიდან გაუშვა მიშასგან გამოყოფის და სააკაშვილის ნამსხვრევებზე საკუთარი იმიჯის აშენების მომენტი. ასე რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვების თუ შეთხზვით რაღაც ზიანის მიყენება კი შეუძლია, მაგრამ, 21 მარტის აქციამ გამოაჩინა, რომ მათთან ახლოს მისვლას არცერთი სხვა ოპოზიციური ძალა არ გაბედავს, იმდენად „კეთროვნული“ იმიჯი აქვთ, და მათ მიერ ნასროლი ბომბებით უბრალოდ სხვები იხეირებენ…

რაც შეეხება ნიკა რურუას და გრიგოლ ვაშაძის მიერ მოძრაობა „ივერიის“ დაარსებას, ეს ყველაფერი სასაცილოა, რადგან ქართული საზოგადოება მათ მიერ „ივერიის“ და ილია ჭავჭავაძის სახელთან ასოცირების მცდელობებს ნამდვილად ირონიით მოეკიდება. მთელი მათი გათვლა (ახალგაზრდა ნაცების მსგავსად) სწორედ იმაზეა, რომ იქნებ ალასანიას მათთან ალიანსი მონდომებოდა. მაგრამ, IRI-ს ბოლო კვლევის შემდეგ ამის შანსი აბსოლუტურ ნულზე უფრო დაბლა მგონია…

ნაციონალურ მოძრაობას ამ კვლევებში 14% რეიტინგი აქვთ და და ეს თითქოს ცოტა არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულფასოვან და ძალიან ორგანიზებულ კამპანიას უკვე ნახევარ წელზეა მეტია ატარებს, და თუ მაინც მხოლოდ 14% აქვს, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელს ბევრად ვეღარ გაზრდის, როცა სხვა პარტიები ჩაებმებიან სარჩევნო მარათონში.  14%  ბევრისთვის სანატრელი იქნება, მაგრამ ნაცმოძრაობის მიტინგზე გენერალიტეტი სულ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობდა და 21 მანდატი ამისთვის ცოტაა (თან 21 მანდატი ეს მაშინ იქნებოდა, თუ მაჟორიტარული წესი გაუქმდება, ხოლო დღევანდელ საარჩევნო სისტემით მხოლოდ 10-12 მანდატი თუ გამოვა). ის, რომ ნაციონალები მაჟორატორული არჩევნების მოგებას შეძლებენ, ასევე უტოპია მგონია. ერთადერთი იმედი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, უმრავლესობა ამ ნაბიჯზე წავიდეს.

21 მარტით ფრთაშესხმულები

21 მარტს ფეხდაფეხ მოჰყვა IRI-ს კვლევები და როგორც მიტინგმა, ასევე ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მეორე ეშელონის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ IRI-ს კვლევებმა 2012 წელს განსაკუთრებული სიზუსტით ვერ გამოიჩინეს თავი. მართალია, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, მაგრამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის და დაქირავებული ქართული ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა, სავარაუდოდ, არ გამქრალა. ჩემში პირადად, ცოტა ეჭვს იწვევს ევროკავშირის და განსაკუთრებით, ნატოს მომხრეთა საოცრად მაღალი ციფრები.

და მაინც, ამ კვლევის ხელაღებით უკუგდება ნამდვილად არ მგონია სწორი და თუ ციფრების სიზუსტეში ეჭვის მიუხედავად, ძირითად ტენდენციებს ვენდობით, მთავარი მოგებულები თავისუფალი დემოკრატები აღმოჩნდნენ – 10% ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, სახელისუფლებო ბლოკიდან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გამოყოფილი პარტიისათვის. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ IRI-ს კვლევებში ახალი პროდასავლური ძალის მაღალი რეიტინგი გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო – არ ვიცი, ეს ველის შერჩევის გავლენაა, თუ ოცნებიდან გამოყოფილი იმ გუნდის დამსახურება, რომელთა წინა საქმიანობას ნამდვილად ახლდა პოზიტიური შეფასებები. თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობას სურს რაღაც ახალი ძალის გამოჩენა, რომელსაც ამავდროულად ხელისუფლებასთან ზედმეტად დაპირისპირებულადაც არ ჩათვლის, შეიძლება თავისუფალი დემოკრატების მაჩვენებელი მხოლოდ “ახალი ცოცხის” ეფექტით არ აიხსნას. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალ დემოკრატებს რეგიონში პარტიული სტრუქტურებიც ასაწყობი აქვთ და ნაციონალებთან  მათი შესაძლო მესიჯების დამთხვევაც ბევრი ეჭვის საფუძველს დაბადებს, ისევე როგორც იმის მცდელობები, რომ ირაკლი ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ერთ ქალაქში აღმოჩენას ბევრი მაშინვე მათი ფარული შეხვედრით ახსნის, როგორც ეს 21 მარტს მოხდა… თუმცა მერე ისიც გაჟღერდა, რომ სააკაშვილი იქნებ სრულიადაც არ ყოფილა ბრიუსელში და ეს ვიდეოჩართვის კადრები დამონტაჟებული იყო – ერთი იმიტომ, რომ ბრიუსელთან მისი “ჭიპლარით მიბმის” თეორია გამტკიცებულიყო და მეორე იქნებ, იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას ნაცებთან შესაძლო საიდუმლო გარიგებებზე ეჭვები კიდევ უფრო მეტად აგორებულიყო… მე პირადად, მოხარული ვიქნები, თუ “ქართული ოცნება” vs ნაცმოძების დისკურსს “ოცნება vs. “თავისუფალი დემოკრატების” პაექრობა შეცვლის – ეს ნამდვილად გააუმჯობესებს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. და ხელისუფლებაც მოგებული იქნება, თუ სრულად მარგინალიზებული ნაცმოძრაობის ნაცვლად უფრო ძნელი კონკურენტი ეყოლება. და ახლა თავისუფალ დემოკრატებს უკვე აღარც ჭირდებათ აუცილელად ბლოკში გაერთიანება ვინმესთან, იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ…მთავარია, რამე ისეთი არ დაემართოთ, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად დაქვეითდეს.

შალვა ნათელაშვილის პოლიტარსენალი სულ უფრო სკაბრეზული ხდება, და მაინც მის მიერ მოგროვილი 6% იმის დასტურია, რომ ამ ფლანგზე მას უბრალოდ კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო ჯერ კიდევ ეკონომიკურად ძალიან დუხჭირ მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება ლეიბორისტული იდეოლოგიის პარტია.

ნინო  ბურჯანაძე შეეცდება, არ შეიმჩნიოს IRI-ს მიერ მასზე ლამის მაღლა დაყენებული ლეიბორისტები და “პატრიოტთა ალიანსი” და ახალი ძალით გააჩაღოს მთავარი ოპოზიციური ძალის კვარცხლბეკიდან ნაცმოძრაობის ჩამოგდების მცდელობა. ამის რეალური შანსი მას ისევ კოალიციის შემთხვევაში ექნებოდა. ოღონდ არა ქრისტიან-დემოკრატებთან, არამედ სწორედ – პატრიოტებთან ალიანსის შემთხვევაში. ოღონდ ასეთი ბლოკი – ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მე პირადად, წარმოუდგენელი მეჩვენება. თავად “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგი მნიშვნელოვანწილად ქართული იცნების მიერ სამართლის დამკვიდრებაში სრულ შტილს უკავშირდებოდა. ვაზაგაშვილების საქმეებში სწრაფი პროგრესის დაფიქსირების, პროკურატურის და შსს მაღალჩინოსნების განთავისუფლებისა თუ დაპატიმრებების და სავარაუდოდ, ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ  ამ პროცესის დაჩქარების ფონზე პატრიოტთა ალიანსის რეიტინგის შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.

ქართული ოცნებისნაღვლიანი სიხარული

ხელისუფლებისათვის 21 მარტმა ძალიან ურთიერთსაწინაარმდეგო ემოციები მოიტანა. ან – წესით, უნდა მოეტანა…

ერთის მხრივ, ხელისუფლებამ მორალური გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს არავითარი პრობლემა არ შეუქმნა აქციაზე ჩამოსასვლელად. თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაცმოძრაობის სიმწრის ნაბიჯებს და ისეთ ინოვაციებს, როგორც გზებზე შედუღებული ლურსმნების დაყრა, ავტობუსების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანა, მძღოლების ტერორი და სხვა იყო, აღარაფერს ვამბობ უკვე სისხლიან დაპირისპირებებზე და ზონდერბრიგადების ნაცისტურ მეთოდებზე, ოცნების ხელისუფლებამ ამას ახლა დაუპირისპირა ახალი შსს მინისტრის მხრიდან სრულიად წარმოუდგენელი კომფორტის დაპირება, რაც პირნათლად შესრულდა კიდეც! ნაცმოძრაობამ, მის მიერ ზუგდიდში დადგმული მოდელირებული პროვოკაციების მიუხედავად, ვერ შეძლო მსოფლიოსთვის დაენახებინა მათ მიმართ განხორციელებული „სასტიკი ძალადობა“, ვერ შეძლო ქართული ოცნებისათვის „მაიდნის“ ორგანიზება, ვერ შეძლო გაეჩინა ისეთი ძალადობის თეატრი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სახლში დარჩენა უფრო მიუღებლად ჩაეთვალათ, ვიდრე ქუჩაში ნაცების გვერდით დადგომა!

სწორედ ამიტომ იყო ასე გულდაწყვეტილი ბ-ნი მიშა და ქ-ნი დედა, სწორედ ამიტომ იკურთხებოდა თეა თუთბერიძე…

რამდენიმე სხვა წარმატებაც ჰქონდა ამ დღეებში „ქართულ ოცნებას“, მათ შორის მე აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია მარნეულში პრეზიდენტის და პრემიერის ასე მონატრებული ჩახუტება! მე პირადად, იმედი გამიჩნდა, რომ ყმაწვილკაცური კენწალაობა უფრო ზრდასრულ და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ დიალოგში გადავა, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია – ყოველთვის მაინცდამაინც ჩახუტებას არ ვგულისხმობ და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის პატივისცემის დემონსტრირებას (მიუხედავად განსხვავებული აზრებისა) – უეჭველად!

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმატება – არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისათვის, იყო ნინო გვენეტაძეს დამტკიცება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ! დასრულდა კოტე კუბლაშვილის ზეობის და უასამართლობის პარპაშის ხანა. თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდა ძალადობის, იმპიჩმენტის ან „საკუთარი სურვილით წასვლის“ მიშასეული პრაქტიკის გამოუყენებლად, როცა სააკაშვილმა ჯერ ლადო ჭანტურია, ხოლო შემდეგ საკუთარი გუნდის წევრი   კოტე კემულარიაც აიძულა, ვადაზე ადრე გადამგარიყვნენ! უნდა ვაღიარო, რომ კოტე კუბლაშვილის დატოვება თავის თანამდებობაზე ყოველთვის მიმაჩნდა გაუმართლებლად, რადგან ამის შედეგი იყო სამართლის დამკვიდრების ასე გაჯანჯლება და ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის ეროზია. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო,  რომ ამ არაჩქარებით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სერიოზული ისტორიული პრეცედენტი შექმნეს და ეს უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!

და მაინც, მე პირადად ერთი რამის მეშინია!

რომ ხელისუფლება 21 მარტს თავის გამარჯვებად ჩათვლის!

ფრთხილად, ბატონებო – თქვენი მთავარი და უტიფარი მოწინააღმდეგის დამარცხება ავტომატურად არ ნიშნავს თქვენს გამარჯვებას!

ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ნაცმოძრაობას არ უვიწყებს მათ შავბნელ წარსულს და უსამართლობას, სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დიდ ნაწილს თქვენ და თქვენი საქმიანობა მოსწონს და სამაგალითოდ მიაჩნიათ!

ისინი აუტანლები იყვნენ და თქვენ თუ (ჯერ კიდევ) ასატანი ხართ, ეს არ უნდა იყოს სიხარულის, ან – მით უფრო – სიამაყის საფუძველი…

ის, რომ IRI-ის კვლევებში ოცნების 36% 2.5-ჯერ მეტია ნაციონალების მაჩვენებელზე, მთავარი არაა.

მთავარი ისაა, რომ საზოგადოების მეორე  1/4-ს გამოკვეთილი არჩევანი ჯერ არ აქვს გაკეთებული და არჩევნებამდე საით გადაიხრება, სწორედ ეს განსაზღვრავს არჩევნების ბედს!

სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულში დემონსტრირებული ერთიანობის შეგრძნება წამიერად გაქრა, როგორც კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრება-არდასწრების საკითხის გარჩევა დაიწყო! ეტყობა, ჩემი დასკვნა, რომ ხელისუფლებამ ინსტიტუტების (და არა პიროვნებების) მიმართ მუდმივად პატივისცემის დაფიქსირების აუცილებლობა გაიაზრა და გაითავისა, რეალობისაგან შორს მყოფი ოპტიმისტური ილუზია იყო 😦

ჩემს წინა ბლოგში „მიმდინარე მომენტის შესახებ – სანამ ურემი გადაბრუნდება“ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები ხელისუფლების ყველაზე სასწრაფო გადაუდებელ საქმეებზე, სადაც ჩემი აზრით სერიოზული ჩავარდნებია. იქნებ ვცდები, მაგრამ თუ არ ვცდები და ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არხეინად ყოფნას გააგრძელებს, ვშიშობ, 21 მარტის მთავარი დამარცხებული სწორედ იგი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაფერია ისე საშიში, როგორც მოწინააღმდეგ(ეებ)ის წინასწარდამარცხებულად შერაცხვა… თანაც  ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთი არაა და მთავარი მოწინააღმდეგე, იქნებ, ჯერ სულაც არ გამოჩენილა…

ეს გადაუდებელი საქმეებია:

  1. პარტია ქართული ოცნების უსწრაფესი და ხარისხობრივი რეორგანიზაცია – რეგიონული და რაიონული რგოლების სერიოზული ცვლილებებით.
  2. კოალიციის დალაგება – პრინციპიალურ საკითხებზე პრინციპიალური შეთანხმების მიღწევის, დაფიქსირების და გადაყწვეტილებათა შესრულების კონტროლის გზით.
  3. საგარეო მიმართულებით – სერიოზული PR-კამპანიის დაწყება, იმისათვის, რომ ევროკავშირის ფრონტზე დასახული შესაძლო სერიოზული წარმატება ვიზალიბერალიზაციის სახით იქნებ ახდენილ რეალობად იქცეს. ხოლო ამის წინააღმდეგ ამჟამად რუსები უფრო ენერგიულად იბრძვიან, თუ ნაციონალები – ძნელი სათქმელია. აქვეა – ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად მოცლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
  4. საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება! მათ შორის იმ ახალგაზრდების მოზიდვაც, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ პოლიტიკურ თუ ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებას ფლობენ.
  5. ხელისუფლების შტოებს შორის კინკლაობის ნაცვლად ინსტიტუტციონალური თანამშრომლობის პრიმატის აღიარება და დანერგვა.


დატოვე კომენტარი