თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა


თბილისი
როგორც იქნა, ვეღირსეთ და თბილისს მიწათსარგებლობის (თუ განაშენიანების) გენერალური გეგმა ექნება!

აი, რას გამოაქვეყნა 2015 წ. 16 იანვარს commersant.ge-მ:
“როგორც თბილისის საკრებულოში განმარტავენ, მიწათსარგებლობის მოცემული გეგმა ჯერ მხოლოდ ჩარჩო – დოკუმენტია და საბოლოო სახეს სავარაუდოდ წლის ბოლოს მიიღებს. დედაქალაქის მერიც განმარტავს, თუ პრაქტიკაში როგორ აპირებენ დასახული მიზნების შესრულებას. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა პრაქტიკაში განხორციელებისთვის მზად რომ იყოს, დაახლოებით 1 წელი და 2 მილიონ რვაასი ათასი ლარია საჭირო, რაც ქალაქის ბიუჯეტში გათვალისიწნებულია. ეს თანხა თბილისში ინვესტორების მოსაზიდად მიმზიდველი პირობების შესაქმნელად საკმარისია თუ არა, წლის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე საკრებულოში აღნიშნავენ, რომ თანხა ცოტაა, თუმცა უნდა იმყოფინონ.
“ეს თანხა ცოტაა, მაგრამ რაც შევძელით ამ ბიუჯეტის ფარგლებში 2 მილიონ რვაასი ათასი, არც თუ ისე ცუდი თანხაა და მგონი ბევრი სერიოზული საკითხი გადაწყდება ამით. ინვესტორი ჩამოდის და გეუბნება, რომელი რაიონები უნდა განავითაროს. ქალაქს თუ არ აქვს გენერალური განვითარების გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი? ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, სადაც ვის რა უნდოდა, იქ აშენებდა ამ სახლებს. ახლა არის ეს გენერალური გეგმა, რომ გვეცოდინება, სად რის გაკეთებას ვაპირებთ, სად – სახლის აშენებას, სად – სპორტული დარბაზის, სად – რეკრეაციული ზონა და ბაღი და სკვერი იქნება. ამისთვის არის გენერალური გეგმა”,– განმარტა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისისს თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა.”

ნამდვილად კარგია, რომ “ყინული დაიძრა”.

თუ არ მეშლება, კომუნისტების დროიდან – 1970-2000 წლებისათვის დამტკიცებული თბილისის გენგეგმის შემდეგ – მსგავსი არაფერი შექმნილა. ნაცმოძრაობის პერიოდში ქალაქი ქაოტურად ვითარდებოდა და არჩევნების წინ საპრეზიდენტო ლიმუზინის უკანა სავარძელზე მოკალათებული ორი ჯეელის მიერ 3D ფორმატში ამობეჭდილი რაღაც უგვანი კონსტრუქციის ძალიან გამოუშუშარ სურათზე მეფურად ორწუთიანი „მაჩვენე! – მაგარია! – მიაწექი!“ მესიჯბოქსით ამოიწურებოდა ხალხისთვის იმის ცნობება, რომ იქ – ზეციურ საქართველოში – რაღაც დიდი გადაწყდა ჩვენს გასაბედნიერებლად … 2009 წელს კი მიიღეს განაშენიანების გეგმა, რომელიც თუ არ ვცდები, მხოლოდ ზონებს აწესებდა და არა ქალაქდაგეგმარების სერიოზულად გათვლილ სტრატეგიას, დაფუძნებულს არსებული სხვადასხვა ვეტორების და პერსპექტივების კრიტიკულ ანალიზზე.

ასევე კარგია, რომ რაც ახლა თბილისის საკრებულომ განიხილა, მხოლოდ ჩარჩო-დოკუმენტია. იმედია, 1 წლის განმავლობაში ამ მონახაზში ცვლილებების შეტანაც იქნება შესაძლებელი და ეს 2.8 მილიონი ლარიც ისე დაიხარჯება, რომ მხოლოდ ჩინოვნიკთა ვიწრო ჯგუფი არ გადაწყვეტს იმას, თუ როგორი უნდა იქნეს თბილისი მომავალ ათწლეულებში.
ბოლო თვის განმავლობაში “პანორამა თბილისის” განხილვამ კომუნიკაციის და სამოქალაქო და ბიზნეს-მიდგომების შორის ღრმა ნაპრალის პრობლემა წარმოაჩინა. გვიან ატეხილ ხმაურში ბევრი სწორი და კარგი პერსპექტივის, და ასევე სწორი და კარგი კრიტიკის დამარხვა უფრო ხდება, ვიდრე სწორი აწონა ანალიზი. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან მიმართებაში მაინც, ვფიქრობ, მთავარი არის ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელი სხვადასხვა დარგის პროფესიონალების დროული და სრული ჩართულობა დაგეგმარების საკითხებში.
არაა გამორიცხული, რომ ასეთი სამუშაოს შესრულებაში პროფესიონალიზმის დეფიციტთანაც გვქონდეს საქმე – ხომ ფაქტია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებას ურბანისტებიც და არქიტექტორებიც სრულად ჰყავდა იგნორირებული და რამდენი ჩინოვნიკით ჩანაცვლებული. ამ მხრივ, არც ახალ ხელისუფლებას ეტყობა საქართველოში არსებული კადრების მოზიდვის დიდი სურვილი… გასაკვირია, ამდენი ხნის განმავლობაში პროექტების სიმწირისა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო ამას პროფესიონალების ნიჰილიზმი, მიგრაცია ან სულაც ამ სფეროებში ახალი კადრების მოზიდვის შემცირება გამოეწვია?
ისიც სათქმელია, რომ ზოგადად ყველგან, და საქართველოში – ალბათ განსაკუთრებით, დარგის პროფესიონალები მაინცდამაინც არ წყალობენ ერთ-ურთის აზრს. სამართლიანი კრიტიკის არც გამოთქმა და არც მოსმენაა, მაინცდამაინც, ჩვენი ძლიერი მხარეები. ამიტომ, ხშირად დაწყებული ჯგუფურ-დარგობრივი საყვედურები „ჩვენ რატომ არ გვეკითხებიან?“ მერე ბოლოს მიდის უზომოდ გამრავლებულ „მე რატომ არ მკითხეთ?“-მდე. რაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია – ყველას ვერსად და ვერასდროს კითხავენ…

და მაინც, სწორედ მერიისა და ქალაქის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად უზრუნველყონ გეგმაზე მომუშავე პროფესიონალების სამართლიანი შერჩევაც, დანარჩენი პროფესიონალების და ზოგადად საზოგადოების აქტიური მონაწილეობაც, და საჯაროობაც, მაგალითად ფეისბუქში განხილვების და ტელედისკუსიების (განსაკუთრებით – საზოგადოებრივ არხზე, ასევე – სხვა არხებზე) მოწყობით… რა თქმა უნდა, ამას ბევრი ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვება, მაგრამ დემოკრატიის წესია ეს და აბა, თუ კულუარული და დახურული განხილვები, და ჩუმად დამტკიცებაა წყნარი და მშვიდი პროცესი, ეს სწორედ ავტოკრატული პროცესია, რომელსაც ხმაური ბოლოს მოჰყვება ხოლმე.

თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უსამართლო და არასწორია ამ საკითხის ზე-პოლიტიზაციაც. დღევანდელი ხელისუფლება შეუდარებლად უკეთესია წინაზე არა იმით, რომ შეცდომებს არ უშვებს (არა, ნაკლებს კი უშვებს, მაგრამ ეს არაა მთავარი), არამედ იმით, რომ თითოეულ დაშვებულ შეცდომის განხილვისას პირს არ გვიკრავს, სამსახურიდან არ გვყრის და ძალიან ხშირად თავის გადაწყვეტილებას ან ცვლის, ან საერთოდ უკან მიაქვს.

ახლა ჩვენი ამოცანაა ლამის ურთიერთგამომრიცხველი ორი მიზანი განვახორციელოთ –
1)ჩვენი სოციალური და მოქალაქეობრივი აქტივობა უფრო სწორად გააზრებული, მიზანდასახული და კოორდინირებული გავხადოთ და თითოეულ მოქალაქემდე დროულად მივიტანოთ ჩვენი პროფესიული სათქმელი – თუ რამე არ მოგვწონს, რატომ არ მოგვწონს.

2)არ მოვახდინოთ იმის უგულვებელყოფა, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები ჩვენი ქვეყნის მოძლიერებას და გადარჩენას განსაზღვრავს მომავალი 5-10 წლის განმავლობაში! უხშირეს შემთხვევაში საკითხი არ უნდა დავაყენოთ ასე – ავაშენოთ, თუ არ ავაშენოთ? უმჯობესი იქნება ასეთი მიდგომა – სად და როგორ ავაშენოთ, რომ რამე არ დავაზიანოთ, რადგან როცა გადავრჩებით და მოვძლიერდებით (და მე მწამს და მჯერა, ასე იქნება), მერე არ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ბევრი რამე დასანგრევი გვაქვს, რადგან როგორც ძლიერ ქვეყანას, უკვე არ გვეკადრება.

მოკლედ, იმედია, ეს ახლადგაჩენილი იმედი მდგომარეობის გამოსწორების საწინდარი გახდება და არა – ახალი მწვავე და შეურიგებელი დაპირისპირების კოცონი…

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s