როგორ დამეხმარა თენგიზ აბულაძის “მონანიება”


ეს ფილმი, რომელიც, ჩემი აზრით, შედევრია და განსაკუთრებული ადგილი აქვს არა მარტო კინოხელოვნებაში, არამედ ჩვენს ისტორიაში, ჩემთვის კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებას უკავშირდება.

1986 წლის დეკემბერია. მოსკოვში ასპირანტურის ბოლო წელი დამეწყო, როცა ორწლიანი შრომის ანალიზი და დისერტაციის დაწერა უნდა დავიწყო მალე. სრულიად მოულოდნელად ჩვენი ნაქირავები ბინის პატრონმა გამოგვიცხადა, შვილი დროზე ადრე დაბრუნდა ჯარიდან, თან ცოლი მოჰყავს და ბინა უნდა დაგვიცალოთო. ელდა გვეცა ჩემს მეგობარს – სოსო გოგიჩაიშვილს და მე. რას ვიზამდით, დავიწყეთ ყოველდღე მორიგეობით სიარული ბანნი პერეულოკში, სადაც ბინების გაყიდვა-გაცვლის ბიურო იყო და მთელი მოსკოვის მაკლერებიც იქ ტრიალებდნენ. დავდივართ ამ ყინვაში, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. როგორც კი ბინის პატრონი იგებს, რომ ორი ქართველი ახალგაზრდა კაცი ვაპირებთ ბინის ქირაობას, საუბარი უცებ მთავრდება – მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ გვქონდა ქართველებს, და ახალგაზრდა ბიჭებს, მით უმეტეს – თქვენ დაიწყებთ იქ სმას, ქეიფს, ნაშების მოყვანასო – თავს აკანტურებდნენ პოტენციური გამქირავებლები…

ერთ დღეს უკვე ლამის 8 საათი ხდება და თოვლზე დიდხანს დგომით სრულიად გაყინულმა შევნიშნე, ასე, ორმოციოდე წლის, კარგად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც რაღაც უცანაურად იდგა თავისთვის, არც არავისთან მიდიოდა და ელაპარაკებოდა… მაკლერი არ იყო აშკარად და ბინის პატრონსაც არ ჰგავდა თავისი ინერტულობით… მივედი და ვკითხე, ხომ არ აქირავებთ ბინას მეთქი. არ ვიციო, მითხრა დამაბნეველი გულახდილობით და უცნაურად გაიღიმა. მერე მკითხა, პროფესიით ვინ ხარო? – ექიმი ვარ, ასპირანტი მეთქი, ვუთხარი გახარებულმა (პოზიტიური ფაქტორი იყო ორივე, ასპირანტები როგორც წესი არ იყვნენ ცნობილი დებოშირობით) და დავამატე – დისერტაციის წერის დრო მომივიდა და ძალიან მჭირდება ბინა სასაწრაფოდ, ახალ წლამდე უნდა გადმოვიდე მეთქი… სადაური ხარო, მკითხრა კაცმა – ქართველი ვარ… მესამე წლის ასპირანტი-თქო (ისევ იმ პოზიტიურ მომენტს მივაწექი). ოჯახი თუ გყავსო? – დამისვა ჩამჭრელი კითხვა. – არა მეთქი. – მარტო იქნებიო? – და მივხვდი, როგორ ნელ-ნელა შეეპარა ეჭვი აქამდე კეთილგანწყობილ ხმაში… – არა, ჩემი მეგობარი იქნება – ისიც ექიმია, ორდინატურაში სწავლობს მეთქი… – ისიც ქართველიაო? – ისე შემეკითხა, მივხვდი, თავადაც არ უნდოდა ამ პასუხის მოსმენა, მაგრამ ხომ არ მოვატყუებდი.

მივხვდი, რომ ისევ იმ მძიმე პარადიგმთან მივედით – “ორი ქართველი უცოლო ახალგაზრდა”, რომელსაც უკვე არც ექიმობა შველოდა და არც – ასპირანტობა…

– იცით, ალბათ, არაო… – მითხრა იმ კაცმა და გაჩუმდა.

მეც გავჩუმდი, უკვე იმდენჯერ მოვისმენე მსგავსი საუბრები, რომ ვიცოდი, ამ მწვერვალიდან გზა მხოლოდ ქვევით მიდიოდა…

და უცებ, ამ კაცმა მოულოდნელად მითხრა:
– “მონანიება” ვნახე დღესო…
– იმედია, მოგეწონათ მეთქი…
– არაო, მითხრა მოულოდნელად და რომ ვიფიქრე, ამას, ეტყობა, ქართველები ისე სძულს, სუხიშვილები და ქართული ღვინოც ეზარება, ალბათ-მეთქი… გვერდზე გაიხედა და თქვა
– არა, კი არ მომეწონა, სრულიად გამოშტერებული ვარ! – ეს რა გადაგიღიათ, როგორ მოახერხეთ. რა სულისშემძვრელი, როგორი ფანტასტიური ფილმიაო!!!

და მერე თითქმის 5 წუთი ყვებოდა თითოეულ გულისშემძრავ მომენტს, რომლებმაც წარმოუდგენლად მოხიბლეს – დაწყებული დარბაისლების მოყვანიდან, ამაზრზენი ჯალათის მიერ შექსპირის დეკლამაციიდან, იმ ეპიზოდიდან, დედა რომ შვილის დანაწერ მორს ეფერება ტირილით, აივნიდან გაშვებული საპნის ბუშტების ეპიზოდს… აქებდა მუსიკას, კოსტუმებს, განსაკუთრებით კი ავთო მახარაძის შეუდარებელ თამაშს… ამაყი ვუსმენდი ამას, ჩემს ანალოგიურ გრძნობებს ვუზიარებდი. დამავიწყდა კიდეც, რატომ ვიყავი იმ საღამოს იქ მისული და გათოშილი…

– როგორ მოახერხეთ ამის გადაღება, ასე ფანტასტიურად იმის თქმა, რაც ასე საზარელი იყო… რა გენიოსები ხართ ეს ქართველები… არა, მაგრები რომ ხართ, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ეს ფილმი, ეს რეჟისურა, ასეთი მსახიობები, მიწიდან ბოროტების ამოთხრის ხერხი… – ვეღარ ჩერდებოდა ჩემი უცნობი ნაცნობი…

და უცებ, სრულიად მოულოდნელად მითხრა, სრულიად უბრალოდ:

– ეშმაკმა დალახვროს (კ ჩორტუ!) მოდი და მოგაქირავებთ ჩემს ბინას! როგორ შეიძლება, მე ამ ფილმის ნახვიდან რამდენიმე საათში ქართველებს უარი ვუთხრაო…

დამუნჯებული მოვედი სახლში – არ მჯეროდა ბედნიერების… გარდა იმისა, რომ სულ რაღაც 1 კვირა რჩებოდა ბინის დაცლის ვადამდე, და სხვა ვარიანტი არ გვქონდა, ეს ბინა აღმოჩნდა მშვენიერ ადგილზე – მეტრო პროფსაიუზნაიასთან, ძალიან წყნარ ქუჩაზე და რაც მთავარია – ცენტრალური სამედიცინო ბიბლიოთეკიდან 300 მეტრში! – სადაც შემდეგი თვეების დიდი ნაწილი უნდა გამეტარებინა სწორედ…

ასე დაგვეხმარა თენგიზ აბულაძის ეს უკვდავი ფილმი ჩემს მეგობარს და მე…

monanieba-xe

Advertisements

2 Comments on “როგორ დამეხმარა თენგიზ აბულაძის “მონანიება””

  1. Lii ამბობს:

    მშვენიერი ისტორიაა! 🙂

  2. გიორგი გოგიძე ამბობს:

    მართლაც, რომ ძალიან საინტერესო ისტორიაა. დასასრული კი ამ ამბისა ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველივე ღირებული და გენიალური არასდროს იკარგება და მას ადრე თუ გვიან ვინმე აუცილებლად დააფასებს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s