ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი “კრედიტის ლიმიტი”


დამავიწყდა, ბოლოს როდის ვიყავი ფესტივალზე… თეატრშიც იშვიათად დავდიოდი ბოლო წლებში… არადა, იყო დრო – ფესტივალებს და პრემიერებს არ ვაცდენდი.

გუშინ ვიყავი საფესტივალო ჩვენებაზე – ვნახე ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი ”კრედიტის ლიმიტი” (Line of Credit).

მშვენიერი მართალი ფილმია, რომელიც უეჭველად დაგანაღვლიანებთ.

ძალიან მართალი.

ყველაფერი ძალიან ნაცნობია ამ ფილმში – ეს სახლი – ძველი დიდების ნაშთი, სადაც მდიდრულ პარკეტს და მაღალ ჭერს ჩამოფხრეწილი შპალერი ამშვენებს… ეს ოჯახი, რომელიც ერთი ქალის იმედადღა არის, თუმცა მაინც ცდილობს ”ფასონი” შეინარჩუნოს… ტკბილი მოგონებები ოჯახის გარდაცვლილ თავზე, რომელიც საოცრად ანებივრებდა თავის ცოლს, თუმცა, როგორც გაირკვევა, თავადაც უხვად ნებივრობდა შეყვარებულებში… სადაც დედის დაბადების დღის გადასახდელად დედის უკანასკნელი ბეჭდის დაგირავება უკანასკნელი და მოსული ხერხია… სადაც შვილიშვილი ისეთი თაიგულით მოდის მოსალოცად, მილიონერი გეგონება და მოხუცებულთა ”ხუთეულის” აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა ხუთეული იმასაც კარგად ამჩნევს, რომ კედლებზე სულ უფრო მეტი ღიაფერის ლაქები ჩნდება ყოველი ახალი მოსვლისას – იყიდება ყველაფერი… სადაც ძველი ვალის გასასტუმრებლად ახალს იღებენ, რომ ცოტა ხნით მაინც მოიტყუონ თავი… სადაც სიმსივნით ავადმყოფი ადამიანი შიმშილობს, რომ ანემია დაემართოს და პროგრამაში მოხვდეს (გამოგიტყდებით, ჩემთვის ეს მომენტი – პროფესიულად, ალბათ, უმძიმესი იყო), სადაც მეგობრის მიერ მოყვანილი დამხმარე ყველაზე საშინელ წურბელად იქცევა – მთელი სიცოცხლე რომ ვერ მოიშორებ… სადაც ძველი რომანტიული გატაცება ახალი იმედის და უკანასკნელი კატასტროფული იმედგაცრუების ანტიგმირია მხოლოდ… სადაც კაპიტალიზმის მკაცრი წესების აზრზე არმყოფი მიამიტი პოსტსოციალისტური ადამიანები მხოლოდ მღვდელთან და მკითხავთან ეძებენ რიგრიგობით შველას…

ყველაფერი ეს ხდება რაღაც მიკროსამყაროში, რომლის ახლოს არსებობდა სხვა – პარალელური ”ზეციურ საქართველო”, რომელიც რეიტინგების ჩემპიონია და სადაც გიფსოკარდონით შეფუთული სილამაზე და შადრევნული იდილია მეფობდა, სადაც ბედის ნებიერი მაღალპრეზიდენტი ამაყად მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს, ხოლო საღამოობით თავისი სასახლის აივნიდან სიყვარულის ხიდის დისტანციური ჩართვა-გამორთვით ირთობდა ბავშვობაში გაურთობელ თავს, სადაც გმირთა მოედნიდან ატყორცნილი სხივი მთვარეს წვდება, ხოლო თვითმფრინავიდან რიყეზე დაგორებული ლითონის ”სუდნოები” იპყრობს მზერას…

ფილმში ეს მეორე საქართველო თითქმის არასოდეს ჩნდება – არც ის ლიდერები, რომლებმაც საკუთარი ზეციერება სწორედ გარიყულთა სისტემატურ ჩარეცხვა-გატყავებაზე დააშენეს… არც მათი ბუტაფორიული პლასტმასის სამოთხე. ორი სიცრუის გადაკვეთა არ ხდება და ეს, გაგიკვირდებათ და, ძალიან მომეწონა! მხოლოდ ერთხელ, ოდნავ, როცა მთავარი გმირი ”გადარჩენის” აღსანიშნავად შამპანურს სვამს და ცოტას წაიფლირტავებს კიდეც… რაც უფრო დიდია იმედი, მით საშიშია იგი – ამტკიცებს ფილმი… ალბათ, ამ მწარე 25-წლიანი წრეზე ხეტიალის შემდეგ, ქართული ნეორეალიზმი დროული და გამართლებულია, თუ დაგვიანებული არა, – იმ დიდი პაუზის შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ დააწესა…

ძალიან მომეწონა ნინო კასრაძე! ბრწყინვალეა! სამწუხაროდ, ”მოგზაურობა ყარაბახში”-ს გარდა, მგონი, არც მინახავს მისი კინოროლი. – არაფერს აკლებს და არაფერია ზედმეტიც!

კარგია საერთოდ სამსახიობო ჯგუფი ბევრი არამსახიობი ნაცნობის ჩათვლით. არ ვიცი, ვინ თამაშობს პროფ. ლეო კიკნაძის როლს – ძალიან, ძალიან კარგად!!! ნოტარიუსთან და ბოლო სცენაც. ვფიქრობ, სამხატვრო გაფორმებაც და კოსტუმებიც მშვენივრად არის შერჩეული.

დიდი ხანია, ქართული ფილმი არ მინახავს თბილისის კინოთეატრში – ეს ”ნასოსები”, ”ყველაფერი კარგად იქნება” და მსგავსი მურაბა-მარაზმები, მაშინ, როცა ყველაფერი ცუდად იყო – სპეციალურად დადგმული კომედიები, რომელზეც რაიმე ”საღიტინოები” უნდა დაერიგებინათ, წესით… ბავშვის ხათრით რაღაც ზღაპარი ვნახე რუსკა მაყაშვილის მონაწილეობით – ისიც საშინელება იყო…

ახლა კი ნამდვილად ძალიან მადლიერი ვარ ნუცასი და ყველასი, ვინც ”კრედიტის ლიმიტი” შექმნა – არაფერია იმაზე მწარე, ვიდრე მარაზმატული კომედია შავი ჭირის დროს და არაფერია იმაზე სასარგებლო, ვიდრე სიმართლე, როგორც გადამრჩენელი წამალი… თუნდაც ქინაქინივით მწარე… და თან ეს ყველაფერი კარგად და პროფესიონალურად იყო გაკეთებული.

დარბაზი სრულად გაივსო – ძალიან ბევრი ხალხი იყო – იმ ნაპირიდანაც და ამ ნაპირიდანაც. საოცრება იყო, რომ გვერდით აღმოვჩნდი სწორედ იმნაპირელ ნიჭიერ ადამიანთან, რომელსაც ჩემი დანახვა, მგონი, არ ესიამოვნა და მეც უხერხულად ვიგრძენი თავი. ბოლოს კი ორივემ დავუკარით ტაში – ნუცას, და მის კარგ ფილმს.

ფილმი მთავრდება იმის შეხსენებით, რომ საქართველოში 175,000-მა ოჯახმა (ოჯახების 14%-მა!!!) 2008-2013 წლებში დაკარგა თავისი საცხოვრებელი ბინა მტაცებლური იპოთეკური დაკრედიტების (და საკუთარი მიამიტური უცოდნრობის) გამო… ეს პრობლემა კიდევ დიდხანს იქნება ძალიან მძიმე და საშიში ნაღმი ჩვენი ქვეყნისთვის…

line_of_credit


One Comment on “ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი “კრედიტის ლიმიტი””

  1. ვნახე ფილმი, ძალიან ზუსტი შეფასებაა წერილში. ოღონდ დავამატებდი ალბათ, არასოდეს ასეთი სიღრმით არ განმიცდია ჩვენი მწარე რეალობა, როგორც ამ ფილმის ნახვისას. გული ჩამწყდა და უზარმაზარი ტკივილის განცდა დამეუფლა. ჩემ ირგვლივ მყოფი უსაყავარლესი ადამიანების გამო, რომლებიც ვერ ერწყმიან ახალ მკაცრ სინამდვილეს და მხიარული სახეებით ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ. ფილმი ძალიან ღრმა და ტევადი აღმოჩნდა, უამრავი სიმბოლური მინიშნებებით და დაფარული სათქმელით. ფილმის ბოლო ტიტრი ამრავლებს ტკივილს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. …”175000 ოჯახი აღმოჩნდა ბოლო წლებში საბანკო ვალდებულებების გამო უბინაოდ”…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s