სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის (ნაწილი II – აშშ/ნატო/ევროკავშირი)


scylla-color
2) აშშ/ნატო/ევროკავშირი

გასაგებია, რომ საქართველოსთვის ისტორიული პერსპექტივა ევროკავშირში გაერთიანებაა, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ამჟამად მთავარი სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად დღემდე ყველაზე მისადაგებულ ინსტიტუტად სწორედ ნატო რჩება. ამავდროულად, ქართული სახელმწიფო მიისწრაფის საბაზრო ეკონომიკის დემოკრატიული მოდელისაკენ, რომლის ყველაზე უკეთესი რეალიზება (თუ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს გავითვალისწინებთ) ევროკავშირში გაწევრიანებით იქნებოდა მიღწევადი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისაგან და უთანაბრო, არადემოკრატიული რუსოცენტრული გაერთიანებებისაგან თავდაცვის მეორე მექანიზმად წარმოუდგენიათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაახლოებული სტრუქტურა ერთ ძალად წარმომედგინა, თუმცა მათ შორის არის, რა თქმა უნდა, განსხვავებები და წინააღმდეგობები, ისევე როგორც იმაში, რამდენად გულით სწადიათ ან წარმოუდგენიათ მათ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია საკუთარ სტრუქტურებში. და სწორედ ამან შეიძლება ითამაშოს სერიოზული როლი საქართველოს მომავალი ვექტორის პრაქტიკულ განხორციელებაში. არა მგონია, ამ სტატიაში დასახელებული ტრიუმვირატის შიდა განსახვავებებზე დეტალური საუბრის ადგილი იყოს. ვფიქრობ, ამჟამად, შეიძლება მათზე, როგორც გარკვეულწილად ერთმიმართულ ძალაზე საუბარი, თუმცა დისონანსურ მომენტებს გაკვრით, დასკვნით ნაწილში მაინც, შევეხები.

2.1 პოლიტიკური ინტერესები. აშშ-ის და ევროკავშირისათვის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – რამდენადაც განლაგებულია მეტად საჭირო ენერგო- და სატრანსპორტო კორიდორების ცენტრში, და ამავე დროს – რამდენიმე მიმდინარე და მოსალოდნელი კონფლიქტის (ავღანეთი, ერაყი, სირია, ირანი) უშუალო სიახლოვეს, რაც მის ლოჯისტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საინტერესო ფაქტია, რომ რაც უფრო გაიზრდება დაძაბულობა აშშ/ევროკავშირსა და რუსეთს შორის, მით უფრო გაიზრდება მათი დაინტერესება საქართველოსადმი, რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორია (ირანის იზოლაციის პირობებში მაინც) წარმოადგენს რუსული მილსადენების ლამის ერთადერთ ალტერნატივას აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის მდიდარი ენერგორესურსების ევროპაში მისატანად, რასაც მომავალი 10-30 წელი ევროპისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომელთაც განსხვავებული ისტორიული ბედი ჰქონდათ, საქართველო რჩება ლამის ყველაზე უფრო წარმატებულ მაგალითად დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოების და ინსტიტუტების მშენებლობისა, რაც დასავლური დემოკრატიის რეპლიკაციის სიცოცხლისუნარიანობის იშვიათი ექსპერიმენტის ფორმას ატარებს და წარმატების (თუ მარცხის!) შემთხვევაში სერიოზული ფასი ექნება როგორც ამერიკის, ასევე – ევროკავშირის პოლიტიკოსებისათვის.

დაბოლოს, საქართველოს გააჩნია სერიოზული კულტურულ-ისტორიული, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, მულტიკულტურული და მულტირელიგიური ტოლერანტობის მდიდარი გამოცდილება, რასაც ნაკლები, მაგრამ მაინც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ევროატლანტიკური ოჯახისათვის.

ამავდროულად, აუცილებელია სწორად გავაცნობიეროთ, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი არ წავლენ რუსეთთან სერიოზულ კონფლიქტზე (არამცთუ – სამხედრო, არამედ – პოლიტიკურ კონფლიქტზეც კი) მხოლოდ საქართველოს გამო. ეს უკვე დადასტურდა 2008 წელს, როცა მიუხედავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერისა, ომიდან სულ რაღაც 2 თვეში რუსეთთან ურთიერთობები სრული ფორმატით აღდგა ისე, რომ მისგან ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულება არ მომხდარა.

2.2 ურთიერთობის ნეგატიური ასპექტები – სავარაუდოდ, ამერიკასაც გააჩნია აგენტურული ქსელი საქართველოში და მაინცდამაინც, არც იმას ერიდება, დააფიქსიროს საკუთარი გამოხატული სიმპათიები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, რამდენადაც დღეისათვის აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ეს შეიძლება საფრთხედ არ აღიქმებოდეს, მაგრამ წინა ხელისუფლების მაგალითმა აჩვენა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ზედმეტად დაახლოებამ შეიძლება ჩაანაცვლოს. იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლება ხალხში უკვე აბსოლუტურად არაპოპულარული იყო, აშშ-ის ელჩიც (ბ-ნი ტეფტი) და პოლიტიკური ისტემბლიშმენტის სხვა წევრებიც დეგრადაციის გზაზე მდგომი ხელისუფლების გაპიარების და გუნდრუკის კმევის მცდელობებს არ ეშვებოდნენ, ანუ ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარე ძალის, მართალია, მოქნილ (და არა რუსულად ხისტ), მაგრამ მაინც – ჩარევას, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 2008 წლის როგორც საპრეზიდენტო, ასევე – საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიჩუმათებაში და სავარაუდოდ – თავად 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებაშიც. ანალოგიური მცდელობები არც მომავალშია სრულად გამორიცხული, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი პრევენცია მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული საზოგადოების დემოკრატიულ და სამოქალაქო სიმწიფეზეა დამოკიდებული.
დღესდღეობით უფრო სერიოზული პრობლემა არის დისონანსი აშშ/ნატო/ევროკავშირის ლიდერების კეთილისმსურველ დაპირებებსა და რეალურ საქმეებს შორის. სწორედ ასეთი დაპირებებით თავბრუდახვეული ქართველი პოლიტიკოსების აჟიტირებულმა მოლოდინებმა შეიძლება მომავალშიც ითამაშოს მწარე როლი რეალობასთან აცდენილი ილუზიების განხორციელების მცდელობისას.
დაბოლოს, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მძლავრ სახელმწიფოებს შორის არსებული სხვადასხვა დაპირისპირების (ირანის ბირთვული პროგრამა, ისლამური სახელმწიფო, სირიის რეჟიმის ბედი, დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეასთან, თუ ერაყის პრობლემები…) მოგვარების მცდელობისას სწორედ სუსტი პოლიტიკური მოკავშირეების ინტერესეთა გაცვლის ხარჯზე არ მიიღწევა იმპერიათა ამბიციების შეჯერება. სამწუხაროდ, რეალური უნდა იყოს იმის განცდა, რომ აშშ/ევროკავშირისათვის საქართველო მათი გლობალური და რეგიონული პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტია ძირითადად, და არა – რეალურ პოლიტიკაში თავისთავად საინტერესო სუბიექტი.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ ნატოში შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში ვის დაეკისრება საქართველოს უსაფრთხოებაზე უშუალო ზრუნვის და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების განხორციელება. გამომდინარე არსებული რეალობიდან და ლოჯისტიკური მიზანშეწონილობის თუ პოლიტიკური ამბიციებიდან, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს-ნატოს თანამშრომლობის პრაქტიკული ღერძი საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობით იქნას წარმოდგენილი. გამომდინარე ისტორიული თუ თანამედროვე რეალიებიდან (რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში შევჩერდები), არაა გამორიცხული, რომ ქართული საზოგადოებისთვის ემოციურად მაინც, ეს არ იყოს ის ვარინატი, რასაც მისი უდიდესი ნაწილი აირჩევდა ნატოს მხრიდან დახმარების სახით.
ყველაზე უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. ნატოს და ევროკავშირის ზემოთაღნიშნული სკეპსისი საქართველოს მიღების საკითხში სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: ა)რუსეთის შესაძლო განაწყენება, ბ)ფინანსური ტვირთი, და გ)როგორ უნდა მიიღონ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს დე-ფაქტო ოკუპირებული, რასაც თავად არ ცნობენ და რისი დაბრუნების ტვირთი და პასუხისმგებლობა, ირიბად მაინც, შეიძლება ზემოხსენებულ გაერთიანებებს დაეკისროთ, თუ საქართველო მათი სრულუფლებიანი წევრი გახდება. სავარაუდოდ, შორს არაა ის მომენტი, როცა ქართული საზოგადოება გააცნობიერებს იმას, რასაც დასავლელი პარტნიორები აქამდე ღიად არ გვეუბნებიან – რომ თუ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა მართლა ასე გულით გვწადია, უნდა დავანებოთ იმაზე ფიქრსაც კი თავი, რომ ამ მძიმე ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების ტვირთს ამ ახალ ოჯახებს ავკიდებთ.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ საქართველოს ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება ილუზიაა და რეალურად დაფიქრდება კურსის ცვლილებაზე (მაგალითად – ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე), არაა გამორიცხული, ამან წარმოშვას გარკვეული პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ამას, სავარაუდოდ, არ ექნება ისეთი მწვავე ფორმები, რომ შეიძლებოდეს რუსეთის მხრიდან არსებულ ანალოგიურ პრობლემებთან შედარება. გარკვეულწილად, – იმის გამოც, რომ დასავლეთთან ასეთი ტიპის „გაყრის“ ინიციატორი საქართველო ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, მარადიულად შეღებულ კართან ატუზული ლოდინი, რაღაც ეტაპზე მაინც, შეიძლება უკვე აუტანელი გახდეს.
დაბოლოს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუ ამის საშველი დაგვადგა, შეიძლება ახლდეს პრობლემები დასავლური დემოკრატიული ნორმების სრულად დანერგვისა და ტრადიციული ორთოდოქსალური საზოგადოებისათვის რიგი ცვლილებების მიუღებლობის მხრივ. წინა ხელისუფლება ამით ოსტატურად სარგებლობდა, რომ თავისი არადემოკრატიული, არაჰუმანური არსი უმცირესობებზე ცრუ ზრუნვით და ფსევდოპროდასავლური იმიჯით შეენიღბა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი დამარცხების მიზნით საზოგადოების ფართო კონსოლიდაციაში. დღესაც, ეს ველი წარმოადგენს გარკვეულწილად დანაღმულ ველს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში და სწორედ აქედან შეიძლება მოდიოდეს პრორუსული ვექტორისადმი სერიოზული ნოსტალგიაც. მაგრამ, ამ პრობლემების შეჯერება და ამ სფეროში კონსენსუსამდე მისვლა ისეთი ძნელი არ უნდა იყოს, როგორც ზემოთაღნიშნული სხვა სირთულეებისა, რამეთუ ნატოშიც და ევროკავშირშიც არიან გაერთიანებული სხვა ქვეყნებიც, სადაც მართლმადიდებლობა წამყვანი რელიგიაა. ამ მხრივ, ნამდვილად არის პოზიტიური ნიშნები როგორ ქართული სამღვდელოების უმაღლესი პირის მიერ ევროპული განვითარების ვექტორის პრიორიტეტის გაცნობიერებაში, ასევე იმ მიდგომებში, რომელიც ბოლო ხანებში ტრადიციული ღირებულებების პატივისცემისადმი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა დააფიქსირეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით რუსეთის მიერ მთელი ძალით არ ხდებოდა მართლმადიდებლობის და პოლიტიკური კონსერვატიზმის დოქტრინაზე აქცენტირებული პედალირება.

2.3 ნეგატიური ისტორიული გამოცდილება: – გაცილებით უმნიშვნელო, რუსეთთან თუ თურქეთთან შედარებით.
დასავლეთთან საქართველოს ისტორიული პრეტენზიების შედარებით მწირ სიაში (მათი მხრიდან არ გვაქვს ოკუპაციის, ანექსიის ან ეთნოციდის მწარე გამოცდილება) ფიგურირებს საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე პერიოდში (1918-21 წწ. და 1990-წ.-დან) ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ხანებში საქართველოს მიმართ გამოჩენილი სკეპტიკური გულგრილობა და მხარდაჭერაზე გრილი უარი. მსოფლიო რეალპოლიტიკის გაკვეთილები უცვლელად ადასტურებენ, რომ დიდი სახელმწიფოები უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულნი არიან გაითვალისწინონ მათი ოპონენტი დიდი სახელმწიფოების (ამ შემთხვევაში – რუსეთის) ინტერესები.
შედარებით უფრო სერიოზული შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული ეჭვები, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სავალალო ბრავადული ავანტიურიზმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-ის მაშინდელი რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის ფარული წაქეზება, რამაც რუსების მიერ ოსტატურად დაგებული მახისა და სააკაშვილის ამბიციების გამო ისეთი ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა, რომ ამ უკანასკნელმა წარმოიდგინა, თითქოს ცხინვალის მხრიდან გახსნილ ცეცხლზე სერიოზული სამხედრო პასუხის შემთხვევაში რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ან, თუ ჩაერეოდა, – აშშ-ის და დასავლეთის ქმედითი დახმარება მოახდენდა რუსული აგრესიის სწრაფ ნეიტრალიზაციას.
კვამლი უცეცხლოდ არ არისო, და ასეთი ეჭვების საბაბი რამდენიმეა: სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ახდენდა თავისი საქმიანობის კოორდინირებას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან რამდენიმე პირის მეშვეობით – გარდა ელჩ ტეფტისა და მეთიუ ბრაიზასი, ესენი იყვნენ მრჩეველი დენიელ კუნინი, რაფაელ გლუქსმანი, სენატორ მაკკეინის თანაშემწე რენდი შუნემანი. უცნაური იქნებოდა, რომ 2008 წ. 6-7 აგვისტოს ამ პირებიდან რომელიმეს ან საელჩოების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია დაძაბულობის კერისაკენ ქართული შენაერთების და მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ლოგიკურად ჩანს ის მოსაზრებაც, რომ ამერიკაში იმ დროს მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლის ფონზე რესპუბლიკელების კანდიდატის რეიტინგის აწევა მოხდა სწორედ საქართველოში საომარი დაპირისპირების ფონზე. უცნაურია, რომ ამერიკული მხრიდან ფაქტიურად არავითარი უარყოფა არ მოჰყოლია პრეზიდენტ სარკოზის სიტყვებს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა 8 აგვისტოს მას არ ურჩია თბილისში ჩასვლა, რადგან რუსები მხოლოდ 40 კმ-ში არიან და ჩასვლას აჯობებს, უბრალოდ დაგმო რუსების მოქმედებებიო… დაბოლოს, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სიტყვები უკვე ომის დასრულების შემდეგ – კარგი იქნება, თუ ქართველებს “სტინგერებს” გადავცემთ და ისინი ისევე მედგრად და დიდხანს იომებენ რუსების წინააღმდეგ, როგორც თავის დროზე ავღანელები ომობდნენო…
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, როგორ აფრთხილებდნენ იგივე მეთიუ ბრაიზაც და, განსაკუთრებით, კონდოლიზა რაისიც სააკაშვილს რუსებთან სამხედრო კონფლიქტის დაუშვებლობის შესახებ, აფრთხილებდნენ იმაზე, რომ საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში მას აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონოდა. ეჭვი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ძალიან მყარად იყო მიბმული ამერიკელებზე და მათი წაქეზების გარეშე, თითქოსდა, ვერ გადაწყვეტდა ასეთ ავანტიურაზე წასვლას, მე პირადად, არ მგონია აქსიომა, რადგან სააკაშვილმა არაერთხელ აჩვენა, რომ მას ავანტიურებზე წასვლისას განსაკუთრებული წაქეზება არ სჭირდებოდა. ჯერ კიდევ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მიმართულებით თრიაყანის მაღლობის აღების ავანტიურა სწორედ სააკაშვილის და ოქრუაშვილის მიერ იქნა დაგეგმილიც და განხორციელებულიც და, ჩემი აზრით, სწორედ ამ ავანტიურაში სააკაშვილის კატასტროფული და ზურაბ ჟვანიას უაღრესად დროული და გადამრჩენელი ჩარევას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამერიკელების პირველი იმედგაცრუება… სამწუხაროდ, 2005 წლის დასაწყისში ზურაბ ჟვანია უცნობ ვითარებაში დაიღუპა და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ავანტიურების გამანეიტრალებელი რეალურად, არავინ დარჩა… აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველი პოლიტოლოგების და საზოგადოების საკმაო ნაწილი სრულიად სხვა ჭრილში ხედავს მიხეილ სააკაშვილის როლს 2008 წლის ომის წინა პერიოდის, თავად ომის, ტეროტორიების დაკარგვისა და გაფორმების მოვლენებში – და ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება ეს თავიდანვე რუსების სასარგებლოდ დაგეგმილი ძალიზე კარგად შენიღბული ოპერაცია იყო, რის სერიოზულ საფუძვლად სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას რუსულ პოლიტიკური და უშიშროების ისტებლიშმენტთან სერიოზულ კავშირებს განიხილავენ.
რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატოს – ქართული საზოგადოების მზარდ ნაწილში იმედგაცრუების და გაღიზიანების საფუძველს იწვევს მათი მუდმივი მერყეობა საქართველოსათვის დაპირებულ ნატოს წევრობასა (ასევე, ევროკავშირთან რეალურად მჭიდრო ინტეგრაციასა) და იმ მწარე რეალობას შორის, რომ რუსეთისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც და ევროკავშირთან დაახლოებაც (ასოცირებაც კი!) კატეგორიულად მიუღებელია (საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებასთან ამჟამინდელი “შეგუება” მხოლოდ უკრაინის კრიზისის “დამსახურებაა” – რუსეთს ჩვენთვის “არ სცხელა”). ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც იზიარებენ რუსეთის გამო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისას სიფრთხილის აუცილებლობას, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ ევროპული სახელმწიფოების გარკვეული ჯგუფი (პირველ რიგში – გერმანია), რომელთათვის რუსეთის პოზიცია არქიმნიშვნელოვანია, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ ბარიერს. ის ფაქტი კი, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს (უნგრეთის ლიდერის გარდა) რუსეთის დამოკიდებულებაზე საკუთარი პოლიტიკის ასეთი მჭიდრო ბმის არსებობის აღიარებაც სერიოზულად ეჩოთირებათ, ერთი მხრივ ზრდის ილუზიის ხანგრძლივად არსებობის, ხოლო მეორე მხრივ – ამ ილუზიის საბოლოოდ დეზავუირების შემთხვევაში – ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუების და გაღიზიანების – შანსებს.

2.4 პოზიტიური ისტორიული მომენტები.
მიუხედავად ზემოთთქმულისა, სადღეისოდ სწორედ აშშ, ნატო და ევროკავშირი რჩებიან საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორებად და სტრატეგიულ მოკავშირეებად.
დაწყებული 1992 წლიდან, როდესაც საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს, სწორედ ამერიკის ხელისუფლება იყო საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურების, ჯარის, კანონმდებლობის, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების მთავარი კონსულტანტიც და დონორიც. საერთო ჯამში ამერიკის ხელისუფლებას დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე აქვს დახარჯული საქართველოს დახმარებაზე, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო მაჩვენებელია. სხვა საქმეა, რამდენად ყოველთვის სწორად და ეფექტურად ხდებოდა ამ დახმარების დაგეგმვა თუ ათვისება, მაგრამ ამ მხრივ ქართული მხარის ცოდვები, ალბათ, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ამერიკული მხარისა.
თავის მხრივ, აშშ-ც და ნატოც უაღრესად მადლიერია საქართველოს ხელისუფლებისა ჩვენს მიერ მათი სამხედრო/სამშვიდობო, ანტიტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაში ის ფაქტი, რომ დღემდე საქართველო მეტად ეხმარება ნატოს და სერიოზული მსხვერპლი გვაქვს გაღებული, სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ მხარდაჭერილი.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ თუ არა აშშ ხელისუფლების მკვეთრი მხარდამჭერი პოზიცია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსული ჯარები თბილისშიც იქნებოდნენ შემოსულები და მსხვერპლიც და ნგრევაც გაცილებით სერიოზული იქნებოდა.
უეჭველად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ ხელისუფლების და პირადად აშშ მოქმედი ელჩის – რიჩარდ ნორლანდის მკვეთრი პოზიციის გარეშე, მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, 2012 წელსაც ისევ მოახდენდა არჩევნების გაყალბებას (ეცდებოდა მაინც), მიუხედავად იმისა, რომ ამას ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება, სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. და უნდა ვაღიაროთ, რომ 2012 წელს მაინც, ამერიკის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის, და არა – საკუთარ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მკვეთრად ინტეგრირებული – მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მხარე დაიჭირა. ისიც ვთქვათ ბარემ, არაა გამორიცხული, ქართველ ხალხს და პოლიტიკურ ოპოზიციას მსგავსი ერთიანობა და თავგანწირვა 2008 წელსაც რომ ეჩვენებინათ, იქნებ მაშინაც არ მომხდარიყო დასავლეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნებით „ინტრონიზაცია“.

2.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები.
მიუხედავად იმ საკმაოდ სერიოზული დამაზიანებელი ეფექტისა, რასაც დასავლური სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა – რუსული რუბლი, საფინანსო, საბანკო, ნავთობმომპოვებელი სექტორები – განიცდის, რუსეთის სერიოზული სავალუტო და სხვა რესურსების გამო ეკონომიკის სტაბილურობა შერყეულია, მაგრამ ჩამოშლამდე შორია. არ არსებობს მტკიცე წანამძღვრები არც იმისა, რომ ხსენებული სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ან სულაც – გაგრძელდება… და არც იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე ჩამოიშლება. პუტინის რეიტინგი ლამის კვლავინდებურად მაღალია, სანქციებმა ვერ მოახერხა, ჯერჯერობით მაინც რუსულ საზოგადოებაში მძლავრი საპროტესტო მუხტის გაჩენა. ამ ფონზე, სავსებით ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინი ზამთრის გამოყენებას ეცდება აღმოსავლეთ უკრაინაზე (მათ შორის – ხარკოვზეც!) სრული სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად და “მალოროსიის” ახალი სახელმწიფოს ასაღიარებლად.

თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად სიტყვით გულმხურვალე შეშფოთებისა და მხარდაჭერისა, ისევ მოჰყვა [საქმით!] უკრაინის მარტო დატოვება რუსეთის იმპერიის სულ უფრო მზარდი და დამანგრეველი აგრესიის წინაშე, რასაც უკვე 5,000-ზე მეტი მსხვერპლი და სულ უფრო მეტად დანგრეული უკრაინის ეკონომიკური პოტენციალი ახლავს თან, ვშიშობ, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება არა მარტო უკრაინისათვის, არამედ საერთოდ – მსოფლიოსათვის, სადაც ძალის სამართლის საშიშმა პრიმატმა სხვადასხვა წერტილებშიც შეიძლება აქტიურად იჩინოს თავი.

ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელობასაც უეჭველად მოუწევს განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხებზე.

(გაგრძელება იქნება)

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s