ორტურიანი დემოკრატია – ტური I


არჩევნები2014

“ცუდ მთვრობას ირჩევენ ის კარგი ადამიანები, ვინც არჩევნების დღეს შინ რჩებიან” (უინსტონ ჩერჩილი)

პირველ რიგში დასწრების შესახებ:
შედეგი ასეთია: მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, ხოლო თბილისში – ორმა მესამედმა არჩევნები ფეხებზე დაიკიდა და უბნებზე არ მივიდა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს პრაქტიკულად იგივე ამომრჩეველია, ვინც 2012 წელს არჩევნებზე საოცარი აქტივობა (და ზოგან – გმირობაც!) აჩვენა, საუბარი იმაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას არჩევნების მნიშვნელობა არ ესმის, არასწორი მგონია! ძალიან კარგად ესმით, და როცა მოტივირებულები (!) არიან – სამოქალაქო გმირობაზეც მიდიან!

მაშინ, გამოდის, რომ ამომრჩეველი იმიტომ დარჩა სახლში, რომ:
ა) საქმეები საქართველოში კარგად მიდის, და ამომრჩეველმა, რომელიც ძირითადად ხელისუფლების კმაყოფილია, გადაწყვიტა, რომ ზედმეტი აქტიურობა არაფერი საჭიროა, რადგან მის გარეშეც ხელისუფლებას შეცვლა არ ემუქრება;
ან
ბ) ამომრჩეველი ხელისუფლების უკმაყოფილოა, მაგრამ არც იმდენად, რომ აქტიური პროტესტი ჰქონდეს და თან ვერ ხედავს ღირსეულ და კარგად ორგანიზებულ ოპონენტ ძალას, რომელსაც თავისი აქტიური მხარდაჭერით დაეხმარებოდა ხელისუფლების შეცვლაში.
არაა გამორიცხული, ნაწილობრივ ორივე ეს ჰიპოთეზა მართალი იყოს, ამას მომავალი დაგვანახებს.

არჩევნების პირველი (წინასწარი) შედეგები:
მე მგონი, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, “ქართული ოცნების” ყველაზე სერიოზული მონაპოვარი სწორედ თბილისში მეორე ტურის ჩატარება იქნება!
ჯერ ერთი დამტკიცდება, რომ არჩევნების შედეგების “მისადაგება” სასურველ შედეგზე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა 2008 წელს, როდესაც ჯერ დააწერინა თავის “გრინბერგ-ქვინლან-როსნერს” 53% და მერე გადააწერინა თავის ლევან თარხნიშვილს სწორედ ეს პროცენტი, – აღარ ხდება! დამეთანხმეთ, რომ გაყალბება რომ ხდებოდეს, ნარმანიასთვის 4%-ის დამატება წარმოუდგენლად იოლი ამოცანა იქნებოდა.
და მეორეც, იმედია, მეორე ტურში მხოლოდ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არ იქნებიან მობილიზებული და ამომრჩევლის მეტი აქტივობის ფონზე უფრო ცხადად გამოჩნდება, რეალურად რა მხარდაჭერა აქვს ნაციონალურ მოძრაობას (ვფიქრობ, ეს ციფრი 27%-თან შედარებით გაცილებით დაბალია)
რეგიონებში სურათი თითქოს გაცილებით უფრო შთამბეჭდავია. გამგებლების არჩევნებში 74-დან მხოლოდ 4 რაიონია (ხონი, ტყიბული, თერჯოლა და მარტვილი), სადაც ნაცმოძრაობის კანდიდატებს სერიოზული შანსები აქვთ. მარნეულის რაიონშიც კი, რომელიც წინასწარ ლამის მოგებულად გამოაცხადეს, ნაცმოძრაობის კანდიდატი ჯერჯერობით სერიოზულად ჩამორჩება ოცნების კანდიდატს (თუმცა, გააჩნია, რომელი უბნებია აქ დასათვლელი). სამაგიეროდ, არის რაიონები, სადაც მეორე ადგილზე არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიების – ნინო ბურჯანაძის, სალომე ზურაბიშვილის, ირმა ინაშვილის – წარმომადგენლები არიან.
თვითმმართველი ქალაქების მერების კონკურსშიც თელავის, რუსთავის, მცხეთის, გორის, ოზურგეთის, ფოთის და ბათუმის არჩევნებშიც სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება დანიშნული. და აქაც, ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ შვიდი ქალაქიდან მხოლოდ 3-ში იქნება ხელისუფლების ოპონენტი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო დანარჩენ 4-ში – პატრიოტთა ალიანსის, ირაკლი ოქრუაშვილის და მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები.
მოკლედ, როდესაც ამ არჩევნების შედეგები დალაგდება, მერე (თუ მაჟორიტართა არჩევნებში რაღაც მოულოდნელი სასწაული არ მოხდა) ნათლად გამოჩნდება, რომ ხმები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ აშკარად და უსაშველოდ გადაჭარბებულია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საზეიმოდ აქვს საქმე.
მოსახლეობის (განსაკუთრებით საკუთარი გუშინდელი და ჯერ კიდევ პოტენციური მხარდამჭერების) ასეთი დაბალი აქტივობა ნიჰილიზმის საწყის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, და “ქართულმა ოცნებამ” ძალიან სერიოზულად უნდა გაანალიზოს ეს გზავნილი (და სხვა არასასურველი ტენდენციები), რომ ისე ნაგვიანებად არ დაინახოს შეცვლილი რეალობა, როგორც ეს ნაცმოძრაობას მოუვიდა 2012 წელს…

მე პირადად, ძირითადად, კმაყოფილი ვარ – მეორე ტურიც ძალიან მომწონს, ნარმანიას საბოლოო გამარჯვებაშიც ეჭვი არ მეპარება, “ქართულ ოცნებას” ეყოლება უმრავლესობა თბილისშიც და რეგიონებშიც, მაგრამ თვითდამშვიდების საფუძველიც არ აქვს, შეიძლება რამდენიმე ოპოზიციონერი მერიც კი ვიხილოთ, რაც ახალი ხილი იქნება 10 წლიანი მონოპოლიის შემდეგ… საბოლოო ჯამში, არა მგონია, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლობა თვითმმართველობაში (ჯამურად = მერები+ გამგებლები+პროპორციული დეპუტატები+მაჟორიტარები) 10%-ს აცდეს.
და ალეკო ელისაშვილის გამარჯვება განსაკუთრებით მიხარია, რადგან ოცნების უმრავლესობას საკრებულოში მშვიდი განცხრომის საშუალება არ ექნება. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ალეკოს გვერდით მათი ნაწილი ალეკოს მსგავსად ხალხის და ქალაქის საჭიროებებზე უფრო მოტივირებული გახდება, ხოლო დანარჩენი ნაწილი (თუ ასეთი იქნა), თავის ლუსტრაციას მოახდენს.
მოკლედ, ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოსაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და იმედია, არანაციონალური ოპოზიციაც მიხვდება, რომ გაერთიანება იყო ის ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რაც მათ ნაციონალური მოძრაობის ჩასაჩოჩებლად დააკლდათ…

P.S. ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა იქნება ის, რომ არჩევნების მეორე ტური თუ ივლისის ბოლოს ჩატარდა, ამ დროს თბილისი საკმაოდ დაცლილია მოსახლეობისაგან, და თუ ვინმე დისციპლინირებულად დაბრუნდება აგარაკებიდან და უცხოეთიდან – ეს ძირითადად სწორედ ნაციონალების მხარდამჭერები იქნებიან მხოლოდ, რომელთაც დისციპლინაში (ან – კომპრომატის მიმართ შიშში) სერიოზული უპირატესობა გააჩნიათ…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s