წინასაარჩევნო ფიქრები ბრიუსელზე


ხვალ საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია და გადავწყვიტე, ბრიუსელზე დამეწერა ბლოგი.

ოღონდ, არ ვაპირებ ამ ბლოგში ნატოზე, ევროკავშირზე, ევროპულ პარლამენტზე და სხვა იმ საერთაშორისო სტრუქტურებზე ვილაპარაკო, რომელბისკენაც საქართველო მიისწრაფის. აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერთა შორის ჩემს თავსაც მოვიაზრებ.

აბა, რა შუაშია, საქართველოს არჩევნების წინ ბრიუსელზე ბლოგი – რა გეჩქარებოდაო?

თუ ცოტას მოითმენთ, მიხვდებით, რა შუაშიცაა.

ბრიუსელში ბევრი ლამაზი და თანამედროვე შენობაა, ბევრი ძველი არქიტექტურის მომხიბლავი ძეგლი, ბევრი ლამაზი ქანდაკება, ღირშესანიშნავი მუზეუმი (ხელოვნების მუზეუმი, მაგრიტის მუზეუმი), ძალიან კარგი მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, ბელგიური ლუდიც განთქმულია და შოკოლადიც, აქაური მაღაზიები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უძველეს შენობებში და გალერიებში, მაგ. მეფის გალერეაში, არიან განთავსებული, თავისი სილამაზით (და სიძვირით!) მოგჭრით თვალს… მოკლედ, ბევრი რამაა ისეთი, საუბრის და ბლოგის ღირსი რომაა…
მაგრამ დღეს მინდა ბრიუსელის პარკებზე შევჩერდე – რამაც კიდეც მომხიბლა და გულიც დამწყვიტა.

სამეფო პარკი (Royal park, Warrandepark)
Royal Palace-2

Parlementbelgiumbrussels

angel

angels-2

walkers

woman statue

ამ პარკის გვერდით ვცხოვრობდი და თუ დრო მქონდა მეტროთი სიარულს ფეხით სიარულს ვამჯობინებდი. არ დაგიმალავთ, სამუშაო ადგილამდე ნახევარსაათიანი მოციონის სურვილი სწორედ ამ პარკის ტერიტორიაზე გავლის სიამოვნებას უკავშირდებოდა. ივნისის თვეში პარკის ტერიტორიაზე უამრავი ცაცხვის ხე ისეთ სურნელს აფრქვევს, თავი სამოთხეში გეგონება.
პარკს 13 ჰექტარი ტერიტორია უკავია და ძალიან მნიშვნელოვან შენობებს შორისაა მოქცეული – სამეფო სასახლე, ბელგიის პარლამენტი (მისი ქვედა პალატა მართავს აქ სხდომებს), იუსტიციის სამინისტრო, მეცნიერებათა აკადემია და … აშშ საელჩო.
პარკი სწორი მართკუთხა ფორმისაა და 1776-1783 წლებში აშენდა, როცა აქ მის ახლოს ჯერ კიდევ ე.წ. კუდენბერგის სასახლე იყო, რომელიც 1900 წლიდან ბელგიის სამეფო სასახლედ გადაკეთდა. პარკს გარედან ისეთი მონუმენტალური რკინის მესერი და გრანდიოზული ჭიშკრები აკრავს, რომ იფიქრებ, შესვლა აკრძალულიაო. სინამდვილეში იგი ყველასთვის ღიაა და მუდამ იზიდავს უამრავ ხალხს, განსაკუთრებით დილა-საღამოს, როცა ბევრისთვის ამ პარკის ირგვლივ სირბილი ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ადვილი მეთოდია. სამეფო პარკი ქალაქის ცენტრშია და ძალიან ადვილი მისასვლელია, რადგან მეტროს სამი სადგური აკრავს ირგვლივ (Park, Trone/Troon და Art-Loi/Kunst-Wet). ბევრი შაბათ-კვირას ამ პარკში ბავშვებს ასეირნებს – აქ მათთვის სპეციალური მშვენიერი სათამაშო ადგილია, დაბალი მესრით შემოღობილი და ძაღლებისაგან თავისუფალი, რაც სულაც არ ითვლება ცხოველების დისკრიმინაციად, ბევრი კიდევ საყვარელ ადამიანთან ერთად ბალახზე წამოგორებული წიგნებს კითხულობს ან მუსიკას უსმენს. რამდენიმე ადგილზე ბედნიერად ჩაძინებული ლოთებიც ვნახე, რომელთა ირგვლივ ჩიტები საკვებს კენკავდნენ ბალახში. ჩემი ვიზიტის პერიოდში იხვების ოჯახმა პატარა ტბორში ჭუჭულები დააფრთიანა და მათი ცურვის პროგრესი ბავშვების თუ დიდების მუდმივი ინტერესის საგანი იყო…

people sitting

birds

ducks

ჯოგინგის თუ სეირნობის მოყვარულთათვის ამ და ბრიუსელის სხვა პარკებშიც ხშირად რაღაც დეკორატიული თუთისმაგვარი ხეების ორმაგი ხეივნებია მოწყობილი. თუთა ნამდვილად არ არის, რადგან ნაყოფის ნატამალი ვერ შევნიშნე, თუმცა ფოთლები ძალიან ჰგავდა. Lime tree წერია ზოგან პარკის დახასიათებაში, მაგრამ ლიმონისგანაც ძალიან შორს იყო ამ ხის ფოთლები. ყველაზ საინტერესო ისაა, რომ ამ ხეების ტოტებით ვერტიკალური ტალავრებია შექმნილი და ისინი ძალიან მჭიდრო ფოთლოვანი კედლით მშვენიერ ჩრდილს ქმნიან, ხოლო რადგან ორი რიგია, დილა იქნება თუ საღამო, რომელიმე მხარეს მაინც იქნება ამ ხეების მწკრივიდან ზაფხულში ასე სანატრელი ჩრდილი და სიგრილე.

Lime tree talaver

ხელოვნებათა ბაღი (Kunstberg, Jardin du Monts des Arts)

სამეფო ბაღის დასავლეთით, ცენტრალური სადგურის მიმართულებით თუ წასვლას დააპირებთ, კიბეებით დაეშვებით პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღისაკენ, რომელსაც ხელოვნების ბაღი ან ხელოვნების ბორცვის ბაღი ჰქვია. მეფე ლეოპოლდ მეორეს მე-19 საუკუნის ბოლოს ამ ადგილზე მდებარე ბორცვის ადგილზე ხელოვნებათა სასახლეების უბნის გაშენება სურდა, მან მთელი უბანი შეისყიდა (!!! კარგად დააკვირდით! „მეფემ ქალაქისაგან უბანი შეისყიდა“!… გვახსოვს, ჩვენმა ყოფილმა მერმა სულ სხვანაირად როგორ „შეისყიდა“/გადაყიდა რიყის უბანი…), მაგრამ დაწყებული პროექტი მე-20 საუკუნის დასაწყისში უსახსრობის გამო შეჩერდა და მეფემ 1910 წლის ბრიუსელის ექსპოს წინა პერიოდში ლანდშაფტის არქიტექტორს (ნეტა ჩვენ როდესმე თუ გვეყოლება ასეთი სპეციალისტი) დაავალა, ამ ადგილზე დროებით ბაღი გაეშენებინა. შედეგად, კიბეებით, შადრევნებით, ქანდაკებებით და მცენარეებით შექმნილი არქიტექტურული კომპოზიცია მივიღეთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფერებს იცვლის და უამრავ ტურისტს თუ ადგილობრივს იზიდავს. მართალია, 50-იან წლებში სამეფო ბიბლიოთეკის, კონგრესის სასახლის, ფილმების სამეფო მუზუმის და სხვა მასიურმა შენობებმა ძალიან შეავიწროვა ბაღი, მაგრამ უკვე ლანდშაფტის არქიტექტორ რენე პაშერის დიზაინით მან მაინც შეინარჩუნა ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი მწვანე კუნძულის რეპუტაცია.

Jardin from top

ხელოვნების ბაღთან ახლოს არის ბელგიის ხელოვნებათა სამეფო მუზეუმი და საკათედრო ტაძარი. ბაღის შუა ნაწილში ალბერტინას მოედანზე ერთმანეთის პირდაპირ ცხენზე მჯდარი მეფე ალბერტ I-ის და ბელგიის დედოფალ ელიზაბეტ ბავარიელის ქანდაკებებია. ბაღის ზემო წერტილიდან კარგად ჩანს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა (სიტიჰოლი) და მშვენიერი ხედი იშლება.

ბოტანიკური ბაღი (Le Botanique / Kruidtuin) –

ქალაქის ჩრდილოეთ ფინანსურ ნაწილში, მეტროს სადგურებს Botanique/Kruidtuin-სა და Rogier-ს შორის განთავსებულია თანამედროვე მაღლივი შენობებით გარშემორტყმული ლამაზი ორანჟერეა და ბაღი, რომლის ხილვა და სადაც გავლა სამუშაოდან წამოსული ადამიანებისათვის ალბათ ისეთივე შვება არის, როგორც ჩემთვის იყო ათიოდე დღის განმავლობაში. ეს ბაღი სამეფო პარკზე დაახლოებით ორჯერ უფრო მცირეა.

Botanical-1-S

Botanical-7-S

Botanique_01

ამ ადგილზე პირველი პარკის დიზაინი 1826 წელს მოამზადა არქიტექტორმა Tilman-François Suys-მ, რომელმაც სწორედ ორანჟერეის გუმბათიანი შენობა და მისი მიდებარე ბაღი დააპროექტა. მაგრამ შემდეგ ბელგიის სახელმწიფოს შექმნიდან (1830 წლიდან) დიდი ხნის განმავლობაში ფინანსების მოზიდვა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ ბელგიის ხელისუფლებამ 1870 წელს შეისყიდა პარკის ტერიტორია და გამოჰყო ფინანსები, რომ ამ ტერიტორიაზე 50-მა ქანდაკება დაედგათ და ბაღი გაშენებულიყო.
Botanical-2-S

Botanical-3-S

Botanical-4-S

Botanical-5-S

Botanical-6-S

მართალია, მეორე მსოფლიო ომის წინ ბელგიელებმა გაცილებით უფრო დიდი ბოტანიკური ბაღი გააშენეს, რომელიც თავის სახელს – სამეფო ბოტანიკური ბაღი – უფრო ამართლებს, მაგრამ რამდენადაც იგი ქალაქგარეთაა (ფორმალურად ბრიუსელს კი არ ეკუთვნის, არამედ მეისს), მას შეიძლება არ ჰყავდეს იმდენი სტუმარი, სამუშაო დღეებში მაინც, როგორც Le Botanique-ს.

=====
ბრიუსელში კიდევ ბევრი პარკია, თავად ქალაქის ცენტრშიც: შუმანის პარკი, იუბილეუმ პარკი, მალოუს პარკი, იოსაფატის პარკი, მაქსიმილიან პარკი, მაალბეკის პარკი, ასევე – გარეუბანშიც: ელიზაბეტის პარკი, მეფე ბადევინის პარკი, ვან ლაკენის პარკი, ოსეგემის პარკი, ტყის პარკი, დუდენის პარკი, ზაველენბერგი, ვოლუვეს პარკი, წყაროების პარკი, ჰერცოგინიას პარკი, პარმენტიეს პარკი, ტერვურენის პარკი (სადაც ცენტრალური აფრიკის სამეფო მუზეუმია – ძალიან საინტერესო მუზეუმი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კოლონიური აფრიკის ისტორია აინტერესებს).

და მაინც, როდესაც ადგილობრივებს ვესაუბრები, სულ ჩივიან, რომ ქალაქს სიმწვანე აკლია, რომ სუფთა ჰაერის და სასეირნო ადგილების ნაკლებობა მათთვის მზარდი პრობლემაა, რომ მეტი მონდომება უნდა გამოიჩინონ ქალაქის ეკოლოგიური და ურბანული სახის შერსანარჩუნებლად, მწვანე საფარის ზოლების დასაცავად და მეტიც – გასაფართოებლად.

ინფორმაცია დასაფიქრებლად:
ბრიუსელის პარკების და ბაღების ტერიტორია 8000 ჰექტარს აღწევს.
თუმცა აქედან ქალაქის ცენტრში მხოლოდ 10%-ია, ანუ 800 ჰექტარი.

თბილისში? თბილისში რამდენი ჰექტარი დაგვრჩა მწვანე საფარი?
ნაწყვეტი 2012 წელს ჟურნალ „ლიბერალში“ ეკა მაღალდაძის სტატიიდან „თბილისის ფილტვები“:
ვერის პარკის მთლიანი ტერიტორიის ძირითადი დაუნაწევრებელი ნაწილიდან 2008 წელს 93% იყო დარჩენილი, 2011 წელს კი – 72%.
ბავშვთა ქალაქ “მზიურის” დაუნაწევრებელი ტერიტორიის ფართობი 2000-2007 წლებში მართალია შემცირდა, მაგრამ თავდაპირველი მოცულობის 90%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდა.
ვაკის პარკის დაუნაწევრებელი ტერიტორიის ფართობი კი 2002-დან 2012 წლებში 66%-მდე დაიწია.
დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია მთლიანად დანაწევრდა და გაიყიდა, თუმცა, 2007–2012 წლებში სახელმწიფოს მთელი 205,000 კვ. მ.–ის 38,44% დაუბრუნდა.“

მე მხოლოდ ერთი ციფრი მოვიძიე – 2001 წელს თბილისში ერთ სულზე 5.6 კვ. მ მწვანე საფარი მოდიოდა, რაც კომუნისტების პერიოდის ნორმაზე (15 კვ.მ-ზე) ლამის სამჯერ ნაკლებია! დღეს თბილის აგრონორმა საერთოდ არ გააჩნია! თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა გაიზარდა, ხოლო მწვანე საფარი, სავარაუდოდ, შემცირდა, დღეს ეს მონაცემი 5 კვ.მ-ზე მეტი არ უნდა იყოს, გამოდის, რომ თბილისში დაახლოებით 600 ჰექტარი მწვანე საფარი გვქონია.

ალბათ, არც ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ გორში არის უკეთესად საქმე. კარგად დავფიქრდეთ, მგონი, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს არცერთ ქალაქში ერთი პარკი, ერთი ბაღიც კი არ გაშენებულა, ხოლო ხეების გაჩეხვა და პარკებში მასშტაბური მშენებლობები – გაგიხარია…

ხვალ არჩევნებია. როდესაც არჩევნებზე წავალთ, სხვა ფიქრებთან ერთად, ვიფიქროთ იმაზეც – ექნებათ თუ არა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს წინა თაობების მიერ შექმნილი პარკები და ბაღები, რომლებიც არა მარტო ფილტვებია ნებისმიერი ნორმალური ქალაქისათვის, არამედ ადამიანების ბუნებასთან ერთიერთობის და ჰარმონიული განვითარების აუცილებელი პირობა…

მე პირადად, ხმას ვაძლევ კანდიდატს, რომელიც, ვიცი, რომ თბილისის პარკებზე და ბაღებზე განუხრელად იზრუნებს, რადგან ამას ისედაც აკეთებს უკვე დიდი ხანია 🙂

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s