იურიდიული ცუგცვანგი გვიანი სააკაშვილის პერიოდში


ახალაია როლანდი

დღეს, 2013 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი დარახველიძემ ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულების (მათ შორის გენერალ გიგი კალანდაძის) მიმართ სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ამას ნაციონალების და მათ მხარდამჭერთა რიგებში იმაზე მეტი ფურორი და აღტყინება მოჰყვა, ვიდრე ბანკომატებიდან წარმატებით გამოტანილი ბანკნოტების ხილვას! ზეიმობენ როლანდ ახალაია, ბოცო წიკლაური, აკო მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი… ფრთა შეისხა გენერალმა კალანდაძემ, რომელიც უკვე თეა წულუკიანის და ირაკლი ალასანიას მიმართ ცილისწამების გამო სარჩელის შეტანაზე ალაპარაკდა, და რომელიც სასწრაფოდ მიემთხვია პრეზიდენტის კალთას. ხოლო ამ უკანასკნელმა თენგიზ გუნავას საკვირველი „აღდგინება“ დღესვე ბოლომდე მიიყვანა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორადაც სწორედ დღეს აღადგინა!
აი, რას წერს ბაჩანა ახალაიას გულმხურვალე მხარდამჭერი, “თავისუფლების და დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი (Sic!) თეა თუთბერიძე – “სასამართლოს დღევანდელი გამარჯვება არამხოლოდ ბაჩო ახალიასი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. როგორც იქნა, სასამართლომ გაბედა მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა. მე ეს გამეხარდა დღეს ყველაზე მეტად, თორემ დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაჩო ახალაიას მიხეილ სააკაშვილი მაინც შეიწყალებდა, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, ვინ არის ბაჩო ახალაია და რა უკეთებია”.

ნაცების კლანში ლამის ერთადერთი, ვინაც აღფრთოვანება არ გამოხატა და ფეისბუქში თავის კედელზე მხოლოდ ახალ ამბად გაიზიარა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოტივირებული თანამეცხედრე ქ-ნი თამარა ჩერგოლეიშვილი იყო! ამას მიზეზი აქვს – ნაციონალების გუნდიდან სწორედ მან „ჩაუშვა“ ყველაზე ადრე ბაჩო ახალაია, როცა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვა და ძმები ახალაიების მანიაკობაზე ალაპარაკდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ თამარას დღევანდელ ინდიფერენტულ „სიდინჯეს“ სხვა მიზეზიც ჰქონდა… რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყო მის მიმართ განწყობილი, ისევ გავიმეორებ, რომ საკმაოდ ჭკვიანია…

შეიძლება გაოცდნენ როგორც ბაჩანა ახალაიას მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეებიც, ხოლო მავანნი იმაზეც აიმრიზონ, ნუ გაგვიწყალე გული მაგ შენი ჭადრაკითო, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ დღევანდელი შემთხვევა ცუგცვანგის საკმაოდ შთამბეჭდავი მაგალითია, როცა „გამარჯვებაც“ და „მარცხიც“ საკმაოდ პირობითი/დროებითი შეიძლება აღმოჩნდეს! და როცა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ახალაიას მომხრეებს სწორედ გამამტყუნებელი დანაშაული უნდა გახარებოდათ, და არა – გამამართლებელი!

ამ ცუგცვანგის ამოხსნის გასაღები კი მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილებებში და თენგიზ გუნავას აღდგინებაში ძევს. და იგი თეა თუთბერიძემაც ახსენა, თუმცა ლოგიკურ დასკვნამდე პროფესორი თუთბერიძე ვერ მივიდა…
საქმე იმაშია, რომ გუნავას შეწყალება და ბრალის გასუფთავება პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედ იმიტომ შეძლო, რომ გუნავას ბრალი დაუმტკიცდა და მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება – 4 წლით პატიმრობა შეუფარდა!

ქართული იურიდიულ-პოლიტიკური სისტემის დღევანდელი ცუგცვანგური მდგომარეობის პარადოქსი იმაშია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ მაშინ იღებს შეუზღუდავი, აბსოლუტური იუპიტერობის უფლებამოსილებებს, როგორც კი სასამართლო რომელიმე ნაცმოძს დამნაშავედ ცნობს! თავის დროზე სააკაშვილის მიერ ახალაიას, შაშკინის და ადეიშვილის დაბრუნებაზე დაპატიჟებას ხომ სწორედ ეს სარჩული ჰქონდა – დაბრუნდით, და ან კუბლაშვილის სასამართლო გაგამართლებთ, ან, თუ სასწაული მოხდა და გაგამტყუნეს, აგერ ვარ „ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელით, მოუღალავი მკლავითაო“! ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, პატიმრის შეწყალების განუზომელი უფლებებით აღჭურვილი თავისი მომხრეებისათვის და ხალხისათვის მოახერხებდა, დაემტკიცებინა – ახალი ხელისუფლება ვერცერთ ჩემიანს ვერ დაიჭერს (სასამართლოს ხომ მე ვაკონტროლებ!), და თუ მაინც დაიჭერს, მაშინვე გამოვუშვებო! ხოლო შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ ქვეყანაში სამართლის აღუდგენლობით გულგატეხილობის ფონზე არ გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის ძველი დიდების უკან მობრუნება – საქართველოში ხომ დამარცხებულების მიმართ სიმპატია მომენტალურად იცვლება და სამართლის აღდგენის სფეროში მარცხი და ქუჩაში ლაღად მოსეირნე ახალაიების და ადეიშვილის ფენომენი „ქართული ოცნებისათვის“ მართლაც ძალიან სერიოზული სილა იქნებოდა!
მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ეს უფლებამოსილებები და იუპიტერის გრგვინვა ვერაფრით დაიწყება, სანამ სასამართლოს საბოლოო სიტყვა არ უთქვამს.

ასე რომ, ბაჩო ახალაიასთვის ნანატრი თავისუფლების მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა, რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ სასამართლოს მიერ მის დამნაშავედ ცნობაში და სააკაშვილის მიერ „გალაზარებულ“ აღდგენაში უნდა ყოფილიყო, და არა – თბილისის სასამართლოს მიერ გამართლებაში!

ახლა პროკურატურა ამ განჩინებას გააპროტესტებს სააპელაციო სასამართლოში… თუ დაახლოებით 1,5-3 თვის შემდეგ (თუ არ ვცდები, 1,5 თვე მინიმალური ვადაა, რაც აპელაციის დასჭირდება) სააპელაციო სასამართლოც გაამართლებს ბაჩო ახალაიას, სავარაუდოდ, პროკურატურა უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს… მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის “იუპიტერობაც”, ფაფუ და, დასრულდება!.. არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ორ საქმეზე (რეინჯერების წამების და ციხის ბუნტის საქმეებზე) სასამართლოს განაჩენი ჯერ გამოუტანია…
ასე რომ, თბილისის განვითარების ფონდის მაღალჩინოსნების სასამართლოს მსგავსად, როცა შუადღეზე ნაცები ზეიმობდნენ დარბაზიდან ბრალდებულების განთავისუფლების გამო, ხოლო საღამოს რამდენიმე საათით ზეიმი გამამტყუნებელი განაჩენის მოსმენისას – მწარე იმედგაცრუებით შეეცვალათ, დღევანდელი დღის ემოციებიც შეიძლება სრულად ამოტრიალდეს…

ბაჩო ახალაიას საქმეში გაურკვეველი სიტუაციით ნაცმოძები, თავიანთი გაპარტახებული იმიჯის გამო, ბევრს ვერაფერს მოიგებენ. ხოლო, თუ პროცესი მართლაც ძალიან გაჯანჯლდა, ამით მოგებული შეიძლება ნინო ბურჯანაძე გამოვიდეს!
ხოლო რამდენად „მოგებული“ იქნებიან ნაცმოძრაობის ლიდერები ნინო ბურჯანაძის შესაძლო გაპრეზიდენტებით, ამაზე სიტყვას ამჯერად არ დავხარჯავ…


6 Comments on “იურიდიული ცუგცვანგი გვიანი სააკაშვილის პერიოდში”

  1. marine says:

    თქვენს ნააზრევს ვიზიარებ(-როგორც ყოველთვის) ! მაგრამ, ბოლო აბზაცის გამოკლებით!! და,ვინ არის ნინო ბურჯანაძე?!-ადამიანი,რომელმაც პირადად(!!),,გააპრავა” სამხრეთ ოსეთი.!!!!!!!!! ანუ,საქართველოს პარლამენტის მიერ,ერთხელ უკვე გაუქმებული ,,სამხრეთ ოსეთის ო ლ ქ ი”(-რაც იმავდროულად ა ღ ი ა რ ა რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა!!,)ბურჯანაძის პარლამენტმა,უფრო დიდი სტატუსით (და ტერიტორიებით)-სამხრეთ ოსეთის რ ე ს პ უ ბ ლ ი კ ა!-დაგვიბრუნა… და,სხვა რაში გამოიჩინა თავი?! ყველაფერზე იძახის,-არ შემეძლო,ძალა არ მქონდაო!! ვინმეს ჯერავს,რომ ,,ნაცებს” დასჯის?! აგერ for ge-ზე ვიღაცეები ,,იმუქრებიან”-ბურჯანაძეს მივცემთ ხმას,вот так-ო!,ნეტა ვის ექადნებიან?????????????????????

    • SolomonTernaleli says:

      ნინო ბურჯანაძე, მგონი, არ შემიქია.
      ხოლო, თუ თქვენ ყველა მათზე გაბრაზდებით, ვინც ნინო ბურჯანაძის შანსების ზრდაზე ლაპარაკობს, მგონი, ერთადერთი, ნავარო დაგრჩებათ სანდო წყაროდ🙂

      • მარინა says:

        ბ-ნო სოლომონ,არასწორედ გამიგეთ,არც თქვენზე და არც მათზე, ვინც ნინო ბურჯანაძის შანსების ზრდაზე ლაპარაკობს,არ ვბრაზდები.ვაღიარებ,მაქვს სისუსტე გავბრაზდე მათზე,ვინც ბურჯანაძეს მხსნელად გვისახავს.. აგრეთვე,მინდა გითხრათ რომ,დიდ პატივს გცემთ და თქვენი მადლობელი ვარ იმ ბლოგებისთვის,რამაც გადამატანინა ის კოშმარი,რაც ქვეყანაში ხდებოდა(და ნაწილობრივ ეხლაც გრძელდება).მერწმუნეთ,არ ვაჭარბებ,, დიდი მადლობა!გაიხარეთ!! პატივისცემით მ, ჯიჯიაშვილი

      • SolomonTernaleli says:

        ჩემ კომენტარზე ბოლოში ღიმილი უნდა მიმეხატა – არც მე გავბრაზებულვარ! თქვენი მესმის.
        დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის!! ძალიან დიდი მადლობა!
        მინდა გითხრათ, რომ ეს ორმხრივი პროცესი იყო და მეც იმან გადამატანინა, რომ ვხედავდი, რამდენი ხალხი კითხულობდა და ეთანხმებოდა ჩემს ნაწერებს.

        პატივისცემით, სოლომონი
        ჰმ! ახლა ვნახე, რომ მქონია კიდეც ღიმილი მიხატული🙂

  2. Giorgi Benashvili says:

    არამგონია სააკაშვილს ახალაია შეეწყალებინა. ვიღაცამ თქვა ეგ აზრი და მერე გაპრავების სხვა საშუალება, რომ აღარ არსებობდა ყველამ აიტაცა.
    სააკაშვილს და ნაცმოძს დღეს არც ახალაიას გამოსვლა აწყობთ და არც მერაბიშვილის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბაქრაძე გამწარებული გაიძახის შეცდომებს ვუშვებდითო, ხოდა ამ აღიარებას რა თქმა უნდა ჭირდება განტევების ვაცი, ასეთებად ყავთ დგეს ნახერხემლარი და ახალაია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაშიც სხვადასხვა პოლუსები ამოტივტივდა და ამ პოლუსებზე სულაც არ არიან ერთ მხარეს მერაბიშვილი-სააკაშვილი-ახალაია-ბოკერია.

    მეორე არგუმენტსაც გეტყვით: ახალაია-მერაბიშვილის შეწყალებით, რა თქმა ეცემა ოცნების რეიტინგი, მაგრამ ეს ხელს არ უწყობს ბაქრაძეს, რადგან მის მიმართაც იზრდება აგრესია. ამ შემთხვევაშ ყველაზე მეტ სარგეველს ღებულობს ბურჯანაძე, რომელიც ამბობს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვაში ის ქოცლანდიისგან განსხვავებით ნაცებს დაიჭერს და სამართლიანობას აღადგენს. აწყობს ბურჯანაძის რეიტინგის სერიოზული მატება სააკაშვილს? თუ ისევ კოჰაბიტაციაში ტკბობა ურჩევნია ოცნების ხელისუფლებასთან?

    • SolomonTernaleli says:

      გიორგი, მე მგონი, სააკაშვილი ახალაიას შეიწყალებდა, მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში სამალავების “აღმოჩენასთან” დათა ახალაიას შეიძლება ჰქონდეს კავშირი. მაგრამ სააკაშვილს აწყობს არ გამოაჩინოს თავისი ეჭვები, არამედ ხალხის თვალში დემონსტრაცია გაუკეთოს ნაციონალური მოძრაობის ძველებურ “ერთიანობას”. თან ციხეში მყოფი და პოტენციაურად პატრონის შესახებ მრავალი ამბის მთხრობელი ახალაია მისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე თუნდაც სამალავების არსებობის გამხელა ყოფილიყო, რამაც უფრო მეტად მერაბიშვილს დაარტყა და არა პირდაპირ – სააკაშვილს. ბაქრაძის შანსები მეორე ადგილზე 0.0001%-ზე ნაკლები მგონია, ჯერჯერობით მაინც! რაც შეეხება ბურჯანაძის გაძლიერებას და ნაციონალებისათვის ამის სასურველობას, ჩემი ბლოგი ზუსტად ამით თავდება🙂.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s