ნეონაცური ევოლუცია


misha-frustrated

19 აპრილის „ისტორიულ“ (მაგრამ არც თუ ისე – ისტერიულ) აქციას ბევრი შედეგი აქვს.
აქედან ზოგიერთი ჯერ კიდევ დაფარულია და უახლოეს 2-3 თვეში გამოჩნდება.
1. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა! (მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ოფიციალურად არ გამოცხადებულა). ძველი სახელი, მგონი, არავის უხსენებია, ხოლო მომავალი რებრენდინგული სახელი – „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ყველას სტეპლერით ჰქონდა ენაზე დაკრული. ნათლიათა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ძველი ძირის – „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება, რაც რებრენდინგის დროს სერიოზული ამოცანაა პარტიის ცნობადობის შესანარჩუნებლად, ამავე დროს აქცენტად მოიტანეს, რომ ეს „ახალია“ და „ზეცნობიერად“ სურთ ამით თავიანთ წარსულსაც ნაწილობრივ გაემიჯნონ, და თან ქართველ ხალხს მიმართონ ილიას სიტყვებით: „ამ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია!“. თუმცა ისევ გავიმეორებ, არაფერი არაა იმაზე ამაზრზენი და იმაზე სასაცილოც, როგორც ნაცმოძრაობის მუდმივი სურვილი „ილიელობაზე“ დადონ თავი. ქართულ პოლიტიკაში მათზე მეტი ანტი-ილიელი მარტო ერთი მახსოვს, გვარად – ბერბიჭაშვილი. თუმცა ის ბანდიტი იყო, ხოლო ანტი-ილიელი პოლიტიკოსი ნეობოლშევიკების მამა სტალინი იყო, რომელსაც ილიას სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ ასევე „შეუყვარდა“ ილია, ხოლო სინამდვილეში – ილიას სახელით მანიპულირება…
2. როგორც ეტყობა, ახალი ნათლობის მიზეზი ორია:
– უნაკლოს პარტია მიხვდა, რომ გაერთიანებული ვეღარაფრით იქნება და „სადაც არა სჯობს, გაყრა სჯობსო”, გადაწყვიტეს.
– ნაციონალები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ „ნაცებს“ უძახიან. სწორედ ეს უნდა იყოს სიტყვა „ეროვნულის“ არჩევის მიზეზი, და არა ის, რომ მათ ქართული ენა გვიან, მაგრამ მაინც, დააფასეს და ლევან ღვინჯილიას შეგონებებს მიუგდეს ყური. სამაგიეროდ, ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ინგლისურმა ვერსიამაც განიცადა ტრანსფორმაცია New National Movement-ად, ხოლო აქედან „ნეონაცების“ წოდებამდე ერთი ნაბიჯია. სალომე ასათიანმა უკვე შენიშნა ეს ფეისბუქზე🙂
3. ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ აუცილებელია ზოგიერთი ყოფილი მაღალი ფუნქციონერისაგან უფრო აშკარად დისტანცირება, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. ეს განსაკუთრებით ცხადად გიგი უგულავას გამოსვლაში გამოჩნდა. რენეგატების სიაში მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც ახალ ეროვნულ მოძრაობას „ომერტას“ ფიცს არ მისცემს. გარდა ამისა, უკვე არის შავი სია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაემიჯნება – ახალაიები, ადეიშვილი (თუ იგი თავისი ფეისბუქის განცხადებას არ უარყოფს, თუმცა შეიძლება მაინც მოიკვეთონ, როგორც ის პირი, რომლის დანაშაულების უარყოფა გაუჭირდებათ), ქარდავები, ციხის კადრების შემდეგ მხილებული და გაქცეული ყველა პირი), სავარაუდოდ, ასევე – კალმახელიძე, არაა გამორიცხული, რომ შაშკინიც, უდესიანი…
4. ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაბედა, ანდა არ მოინდომა, ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართაც არსებობს ეჭვები. ეს ეჭვები ორი სახის შეიძლება იყოს:
– ვანოს სიწმინდეში ეპარებათ ეჭვი – რამდენად იგი ერთგული იყო ნაცმოძრაობის (მართლა ხომ არ მოქმედებდა ივანიშვილის სასარგებლოდ? ყველას გვახსოვს ივანიშვილის მიერ 1 ოქტომბრის წინ ვიღაც მითიური პიროვნებისათვის გადახდილი მადლობა!), ან რამდენად ახალაიებთან ინტრიგებს არ გადააყოლა ნაცმოძრაობის იმიჯი და მომავალი (ახალაიების და თეა თუთბერიძის ვერსია).
– შეიძლება ვანო არც ჰყავთ ლუპის ქვეშ მოქცეული, მაგრამ ეჭვობენ, რამდენად ვანოს იმიჯის (ქარიზმატულობადაკარგული) და ორატორული ნიჭის პატრონი შეძლებს პარტისათვის ახალი სულის შთაბერვას და ხალხისათვის ამ „ახალი“ ძალისაკენ გულის მობრუნებას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისათვის, (ვის იმედადაც მაინც რჩება ნაცმოძრაობა) ვანო მერაბიშვილი ყოველთვის საეჭვო რეპუტაციის პარტოკრატად რჩებოდა და მისი რუსეთთან თუ ლუკაშენკოსთან შესაძლო და დადასტურებული კავშირები მაინცდამაინც დიდ რენესანსს არ უქადის „ნეონაცების“ ამერიკის თუ ევროპის (განსაკუთრებით – ბალტიისპირეთის ლიდერებთან, და – ევროპის სახალხო პარტიასთან) ურთიერთობებს. ვანო დღეს ისე წავიდა მიტინგიდან, როგორც დამარცხებული, (თუმცა გადარჩენილი!) რობესპიერი.🙂 კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა, რომ მერაბიშვილზე ჯერ არც უარი არ უთქვამთ, და მას კიდევ ექნება შანსი (მით უფრო, რომ მომავალში ფულად რესურსებს დიდი მნიშვნელობა ექნება და არაა გამორიცხული, რომ ნაცებს დღევანდელი მიტინგის შემდეგ დამფინანსებლები მოაკლდეს, ხოლო ვანო ნამდვილად არ არის ისე გაღლეტილი, რომ ნინო ჩხეიძის მდგმურის/ხიზანის სტატუსზე მეტი ვერ გაქაჩოს. 🙂
5. ნაციონალური მოძრაობის მომავალ პოლიტბიუროში აქტიურ როლს ითამაშებენ ის ახალგაზრდა/ახალი სახეები, ვინც ამ „ახალი ძალის“ არაკორუმპირებულობის და გაუსვრელობის მითი უნდა შექმნას – სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თინათინ ბოკუჩავა… მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია… რაც შეეხება სხვა ახალგაზრდა პარლამენტარებს – გიორგი ვაშაძე იქნება ეს, დათო საყვარელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი თუ თავად დავით ბაქარაძე, მათ მიმართ გარკვეული კითხვები ყოველთვის არის და იქნება კიდეც! კაკო ბობოხიძის მიერ ნასროლი ტალახი „მთავრობად ქცეული და პუტინის მიერ მართული რუსული ტროას ცხენის“ თავიდან მოშორების შესახებ, ისევე როგორც მერაბიშვილის, უგულავას და სააკაშვილის ცინიკურ-აგრესიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ 4 წელი ვერავინ მოიცდის და დღევანდელი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ/ჭკუა ვასწავლოთ, იმაზე, რა საშინელი მომავალი ელოდება ივანიშვილს, იმის საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ კოჰაბიტაციის თაფლობის თვე (მიუხედავად იმისა, რომ ამ თაფლში აქამდეც საკმაო კუპრი იყო) დასასრულს მიუახლოვდა და დღევანდელ „სეტყვას“ მალე ბევრი „ქვა“ დახვდება… ამ მხრივ შეიძლება ყველაზე შორსმჭვრეტელურად ნაცმოძრაობის ის გამოცდილი პარლამენტარები და ფუნქციონერები მოიქცნენ, რომლებიც მიტინგზე კი იყვნენ, მაგრამ კაკო ბობოხიძის მსგავსი სუპერგესლიანი განცხადებები არ უკეთებიათ. ფაქტია, რომ მინიმუმ 1 თვეში ისიც უნდა გამოჩნდეს, ვინ არის ნეონაცების ბირთვი. და არაა გამორიცხული, მათ პოლიტსაბჭოში სულაც ახალი სახეები ვიხილოთ, მაგალითად, რიხიანი ელენე ხოშტარია, მოაზროვნე სერგო კაპანაძე, ექსტრა კლასის დემაგოგი ნინო ლაპიაშვილი, ჯერ ნებით ჩანერგილი და მალევე ნებით ამონერგილი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რამდენიმე ყოფილი ელჩი (მაგალითად, მამუკა ჟღენტი, ან ვანო მაჭავარიანი, თუმცა შეიძლება დიპლომატიურმა ალღომ არ უმტყუნოთ და დაცდა ამჯობინონ) ან სულაც – წვერგაპარსული გია ნოდია (აბა, ეგ წვერით ძალიან ძველია… :)) ნაციონალების პრობლემა ისაა, რომ მათ პარტიულ ახალგაზრდულ ფრთაში გამოხატული ლიდერების ნაკლებობაა, ხოლო ელენე ხოშტარიას, სერგი კაპანაძის ან ნინო ლაპიაშვილის ღიად გადმოყვანა პარტიაში პრონაცურ არასამთავრობო სექტორს დაასუსტებს, რაც სტრატეგიულად შეიძლება წამგებიანიც კი აღმოჩნდეს – მოპარულ ფულებს სადღა გააპრავებენ მერე?
6. ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა ის მწირი ევროპული მხარდაჭერაა, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება. პარტია, რომელიც სულ უფრო მეტად ირტყამს მკერდში მჯიღს თავისი პროევროპული ორიენტაციის დასამტკიცებლად, სულ უფრო მეტად აწყდება სავალალო ფაქტს, რომ მის მიმართ დასავლეთის იმედგაცრუება იზრდება! მე პირადად არ მეგონა, რომ დღეს რომელიმე ევროპელი ლიდერით ჩვენს გაკვირვებას ვერ შეძლებდნენ – ველოდი დელეგაციებს უნგრეთიდან, ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან… ვილფრედ მარტენსის პარტიიდან სტუმარს თუ არა, 10-სიტყვიან დეპეშას მაინც ველოდით… როგორც იტყოდნენ, – „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“… პარტია, რომლის მხარდასაჭერად ადრე ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი მინისტრები სიტყვებს, ოფიციალურ განცხადებებს (და ვიზიტებსაც!) არ იშურებდნენ, დღეს მდუმარე იგნორირების მოწმე გახდა. და ამის სერიოზული მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მეტად გამოჩნდება სინამდვილეში რა „ღირებულებებს“ ეყრდნობოდა ნაცმოძრაობის წარსული! გაუგონარი წამების, ადამიანის დამცირების, კერძო საკუთრების გამაოგნებელი ხელყოფის, მედიაზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები, ათეულ ათასობით უსამართლო განაჩენი, დოკუმენტები ბიუჯეტის თავიანთი ფუფუნებისა და დაახლოებული პირების, პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ლამაზმანების მოთაფვლის მიზნით ხარჯვის შესახებ, მრავალი უნამუსო სიცრუის დადასტურება – ეს ისაა, რაც ზოგჯერ ევროპაშიც და ამერიკაშიც შეიძლება მოხდეს (მარტო ბერლუსკონის ისტორიები რად ღირს), მაგრამ არა – ამ მასშტაბით! და თან ამაზე იქ საკუთარ პოლიტიკოსებს აგებინებენ პასუხს და აქ რატომ უნდა დააფარონ ხელი სააკაშვილის ბანდას? ვერ დააფარებენ, რომც უნდოდეთ, და შორს არ არის ის დროც, როცა ვილფრედ მარტენსსაც მოუწევს თვალების გახელა და მხრების აჩეჩვა… ამას ისიც ემატება, რომ 5- თუ თუნდაც 10,000-იანი მიტინგით შეიძლებოდა ზუგდიდში მოგეწონებინა თავი დასავლელ პოლიტიკოსებთან, ხოლო თბილისში, სადაც ჯერ კიდევ ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ნაცმოძების ზეწოლის მიუხედავად, 100- და 150- ათასიან მიტინგებს მართავდა, სასაცილოდ ჟღერს და ნებისმიერ დასავლელ რეალისტ პოლიტიკოსს მათგან დროულად დისტანცირების საღ აზრზე მოიყვანს. ჰოდა, ამ პრობლემის – სულ უფრო სუსტი დასავლური მხარდაჭერის – გადასაწყვეტად ნაცმოძრაობას მოუწევს მიხეილ სააკაშვილსაც გაემიჯნოს (განსაკუთრებით, მისი საიდუმლო ხარჯების განსაჯაროვების შემდეგ!). თუ სრულად არა, იმით მაინც გაემიჯნოს, რომ მისი ლიდერობა წარსულში დატოვოს და დღევანდელივით ის შთაბეჭდილება არ შექმნას, რომ პრეზიდენტობიდან წასული მიშა მაინც ნაცმოძრაობის მარადი და უცვლელი ლიდერი იქნება. დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია იყო დასაწყისში ტრიბუნაზე მიშას არარსებობა და „საქართველო! საქართველო!“-ს ყიჟინა, მაგრამ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და როგორც კი ნაცმოძრაობის ერთგული დივიზიის წევრებმა „ჩატყაული“ „დუჩე“ იხილეს, ისევ იძალა „მიშა-მიშა!“-ს დაუოკებელმა ჟინმა, რაც მათი ვითომ „ევროპული არჩევნის“ რეალურ (ჩრდილოკორეულ!) ვექტორს უსვამდა ხაზს…
7. ზემოთმოყვანილი დასავლური მიმართულების გამოსწორება მხოლოდ გიგა ბოკერიას და ზემოთდასახელებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს თუ შეუძლიათ, მაგრამ პირველს ჯერაც სერიოზული ნეგატიური რეიტინგი აქვს საქართველოში (როგორც ყველაზე „არაეროვნულ“ პოლიტიკოსს), ხოლო სხვებს – არასაკმარისი რენომე დასავლეთის თვალში. ბოკერიას ჩრდილში ყოფნა, ალბათ, დღევანდელი მიტინგის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ისევე, როგორც მისი მოტივირებული მეუღლის შედარებით არგამოჩენა, რომელიც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას საუკთესოდ ახერხებს (სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, დღეს ბოკერიას ტიპის პოლიტიკოსის რეინკარნაციის ლამის ერთადერთ გზად მისთვის ისეთი მეუღლე მესახება, რომელშიც სევდია უგრეხელიძის ბიოგრაფია იქნებოდა განსხეულებული D:D:D). ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს სასწრაფოდ მოუწევთ იმის გადაწყვეტა, ვის მიეკედლონ – ვანოს თუ გიგის. და დარწმუნებული ვარ, კონკურენტული წინადადებები ორივე მხრიდან იქნება. ისევე, როგორც ის ვარიანტი, რომ დროებით საერთოდ წავიდნენ აქაური პოლიტსცენიდან, და ქართული ემიგრაციული პოლიტცენტრის მართვა სცადონ დასაბრუნებელი პლაცდარმის მოსამზადებლად. ამაში კი ზურაბ ადეიშვილის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. თუ საქართველოს მთავრობამ ამ უკანასკნელის საქართველოში დაბრუნებას ვერ მიაღწია… ყოველ შემთხვევაში, გიგა ბოკერია კარგა ხანს კიდევ იქნება ნაცრისფერი კარდინლობის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ფიგურა ნაცმოძრაობაში…
8. დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მიტინგის გამარჯვებული შეიძლება გიგი უგულავა იყოს – სწორი იყო ისიც, რომ ჯერ დააანონსა, არ მივალო და მერე მივიდა (აი, სააკაშვილის მსგავსმა ნაბიჯმა კი რეგიონებში ხალხი დააბნია)… ისიც, რომ ყველაზე აშკარად ამოიღო ხმა პარტიის გაწმენდის აუცილებლობის შესახებ, რაც მის მიერ ლიდერობის ამბიციებსაც უსვამს ხაზს და რეალობის შეგრძნებასაც… და ისიც, რომ მიშასგან დისტანცირებას ისე მკვეთრად არ შეეცადა, როგორც მერაბიშვილი, რომელმაც თავისი ბელადი შუა სადღეგრძელოში მიატოვა. გიგის სერიოზული შანსები გაუჩნდა დღეს, რომ მომავალში სწორედ იგი დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად, და არა – ვანო მერაბიშვილი, რომელიც, თუ დასასახელებელი იყო, წესით, სწორედ დღეს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, დასახელებულიყო. ახლა, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალაიები საბოლოოდ გარიყა და მოიშორა, ადეიშვილი უცხოეთში იმალება, და ბოკერიას კი მიტინგზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა (ან თავად აარიდა თავი), მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ მერაბიშვილის და უგულავას ჭიდილში უნდა გამოვლინდეს. დღეს მერაბიშვილის აქამდე მაღალი შანსები შემცირდა, ხოლო უგულავასი – გაიზარდა. თუმცა ჯერ კიდევ შორია ოქტომბრამდე და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ერთი აშკარაა, დღეს გიგიმ იმითაც მოუგო ვანოს, რომ აქციაზე მობილიზებულთა მინიმუმ 2/3 სწორედ „გიგის ხალხი“ იყო – მერიის და გამგებების თანამშრომლები, გიგის მადლიერი რამდენიმე ასეული პენსიონერი, მერიის დამატებით სამსახურებში აყვანილი ნაცმოძების ახლობლები და უმუშევრად დარჩენილები, თბილისელი თინეიჯერები … ხოლო რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა (რაც ვანოს ფრონტი იყო) აშკარად ჩავარდა… მაგრამ ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი, სწორედ უგულავას მიმართ შეიძლება არსებობდეს საკმაოდ ადვილი მტკიცებულებები მისი კორუმპირებულობის შესახებ, რაც მას განახლებული სასამართლოს პირობებში უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს, ვიდრე – მერაბიშვილს, რომელსაც შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულიც დაუმტკიცდეს, მაგრამ ეს არც ისე მალე იქნება…
თუმცა ახალაიების პირდაპირი სამიზნე აქამდე მერაბიშვილი იყო და ვნახოთ, გიგიზეც თუ გახსნიან კარტებს…
=====
დასკვნები: დღევანდელი აქცია, რომელშიც დაახლოებით 5,000-10,000 ადამიანი მონაწილეობდა (12,000 ძალიან გადაჭარბებული მგონია, რადგან იქ ბევრი სეირის მაყურებელიც იყო და უბრალოდ – რუსთაველზე მოსიარულე ხალხიც) ერთის მხრივ, იმაზე მეტი იყო, რასაც მე პირადად ველოდი (ჩემი მაქსიმალური მოლოდინი 3,000-5,000 კაცი იყო), მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლები, რაც ნაცმოძრაობას მსოფლიოს თვალში კონკურენტულ ძალად გამოაჩენდა. ხვალ რომ კახა კუკავამ „პრორუსული არჩევნის“ მომხრეები გამოიყვანოს, არაა გამორიცხული, უფრო მეტი ადამიანის მობილიზება შეძლოს! რაც იმით კი არ აიხსნება, რომ თბილისში (ან თუნდაც – საქართველოში) პრორუსულ არჩევანს მეტი მომხრე ჰყავს, არამედ იმით, რომ დღევანდელ მიტინგს პროევროპულობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ნაცმოძრაობის შიშველ ტანზე მხსნელი ზეწარივით შემოკრული ლოზუნგის გარდა! თუ დღეს პროევროპელობა ისეთივე მხარდაჭერილი არაა ჩვენთან, როგორც 2003 წელს იყო, ეს მხოლოდ ნაცმოძრაობის და მათთან შეკრული დასავლელი ობსკურანტი პოლიტიკოსების „დამსახურებაა“.

აქცია – ქელეხის პირობაზე – მრავალრიცხვოვანი იყო. და იყო კიდეც ერთიანი ნაცმოძრაობის ქელეხი, მათივე აღიარებით.
რამდენად ახალი ყრმის დაბადების დღედ იქცევა, ამას ვნახავთ… წიწილებს ახლა, გადატანითი და უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც, ჩვენში შემოდგომაზე ითვლიან🙂

აქციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ სარგებლობს ნაცმოძრაობის ელიტაში ისეთივე მხარდაჭერით, როგორც თუნდაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წაგების შემდეგ, მაგრამ – საკონსტიტუციო ცვლილებებამდე და ახალაიების გარიყვამდე – სარგებლობდა. თუმცა, „ტიტანიკის“ კაპიტანზე უკეთესი რეიტინგი რომ აქვს, თავისი გემის რამდენიმე ათასი მგზავრის თვალში, ესეც ცხადია… ვნახოთ… ჯერ აისბერგის წვერიც კი არ ჩანს კარგად…

აქცია ჩემთვის იქცა იმ ზღვრად, რომლის შემდეგ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია მხოლოდ მათ მიერ წარსული შეცდომების და კრიმინალის (!) აღიარების შემთხვევაში და ამ აღიარების პროპორციულად (!) შეიძლება მოხდეს! თუ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ მისი რეიტინგის მრუდიც ისეთივე დაღმავალი გახდეს, როგორც ნაცმოძრაობის რეიტინგია 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.

UNM office

P.S. (20.04.2013):
სააკაშვილი მიხვდა, რომ რაღაც ახლის დაწყებით მისთვის ადგილი მხოლოდ არქივის სარდაფში თუ დარჩებოდა და ამიტომ კატეგორიულად არ დაეთანხმა, ერთიანი ნაცმოძრაობის ახალი ეროვნული მოძრაობით ჩანაცვლების მცდელობას, რაც მიტინგზე მის გამოჩენამდე ყველა გამომსვლელის სიტყვაში აშკარა იყო. ხოლო ამ უკანმობრუნების გახმაურება ყველაზე მორჩილ პაიკს – დავით ბაქრაძეს დაავალა.
არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები იმასაც მიხვდნენ, რომ ეროვნული მოძრაობის სახელის მითვისებას, როგორც ადრე საქართველოს დროშა მიითვისეს, ხალხიც არ დაეთანხმებოდა (თუმცა, ის, რომ ახალ სახელზე გადასვლის დეზავუირება ასე სასწრაფოდ – რამდენიმე საათში – მოხდა, იმას მაფიქრებინებს, რომ სწორედ პირველი – მიშას – ფაქტორი იყო ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, და არა – მეორე).
„ეროვნული მოძრაობის იდეა არც “ნაციონალური მოძრაობის” სახელის შეცვლაა და არც 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაბრუნება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 19 აპრილს, მიტინიგს დასრულებიდან რამდენიმე საათში “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა …
და ამით ფაქტიურად ის გვითხრა, დაივიწყეთ, რაც რამდენიმე საათის წინ „გებაზრეთ“, ისევ ის „ერთიანი, ურღვევი და ურყევი“ შუბლძარღვგაწყვეტილები ვართ და რა გვჭირს ჩვენ სახელშესაცვლელი, როცა ასეთი საამაყო ისტორია გაგვაჩნიაო.

ხოლო ეს რომ ნამდვილად ასე არ იყო, და ნაცმოძრაობის ლიდერები (ოღონდ არა სააკაშვილი!) სახელის გადარქმევას ძალიანაც რომ ცდილობდნენ, სანამ მიშა ვანოს ქეიფს ჩააშხამებდა, აი, For.ge-ზე გამოქვეყნებული ლალი ზირაქიშვილის სტატიიდანაც ჩანს:
=====
ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ცნობადი სახეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებიან და ახალ თავისი არსით ყველასათვის წმიდათა-წმიდა, ეროვნულ მოძრაობაში ერთიანდებიან.

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ! და ეს დიდი არის – ახალი ეროვნული მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენად გამოუვიდათ ამ „რაღაც დიდის“ დაწყება, ძნელი სათქმელია, რადგან აქციაზე გამოჩნდა მიშა და ყველაფერი აურ-დაურია.

ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრებოდა და აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებც არ იგეგმებოდა. მართალია, კანდიდატი არ დასახელებულა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე გამოჩნდა და ყველაზე ხმამაღლა ეროვნულობასა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულზე სწორედ მან იყვირა.

კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი და მისი გუნდი ეროვნული მოძრაობის დაანონსებით ავტომატურად გაემიჯნებოდა ყველას, ვინც აქციაზე არ იქნებოდა. ლოგიკურად ამ გუნდში ადეიშვილ-ახალაიებთან ერთად სააკაშვილიც მოხვდებოდა, მაგრამ მისმა აქციაზე გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

როგორც ჩანს გარჩევები, განხილვები და განხეთქილებები ისევ ნაციონალთა კულუარებში გადაინაცვლებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მალე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს რაუნდი აშკარად მიშამ მოიგო და მისი აქციაზე გამოჩენისთანავე მერაბიშვილი აქციას გაეცალა.
http://www.for.ge/view.php?for_id=23017&cat=2



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s