შეშლილის წერილები (თითქმის გოგოლის მიხედვით)


– მაშ ასე, დავიწყოთ! თქვენი სახელი? აა, მაიკლ?!! რა სასიამოვნოა!! Go ahead, მაიკლ, დავიწყოთ…

– როგორ ვხედავ მე დღევანდელობას? ჰმ… მშვენიერი კითხვაა! სიამოვნებით გიპასუხებთ…
– ჩემს დროს, ვარდისფერ ეპოქაში – ბავშვები არ კვდებოდნენ! მხოლოდ იბადებოდნენ! ათობით, ასობით, ათასობით ბავშვი იბადებოდა ყოველდღე! მე ყოველთვის ვზრუნავდი ამაზე… ამიტომ იყო, რომ ძველი უსახური სამშობიაროები დავანგრიეთ და ახლები ავაშენეთ! დემოგრაფიული ბუმი იყო ჩემს დროს!.. 5-6 ბავშვს რომ აჩენდნენ, მერე ცოტას შეისვენებდნენ, სამსართულიან სახლს გვერდით მეორეს მიდგამდნენ, რამდენიმე ჰექტარ ვაზს ჩაყრიდნენ, ოჯახურ სასტუმროს აიშენებდნენ, ბიზნესში 1-2 მილიონს კიდე მოაგროვებდნენ და ისევ შეუდგებოდნენ ბუმობანას…
– რა შიმშილი? რის შიმშილი? ისეთი ბედნიერი იყო ხალხი – დიდი და პატარა!.. მე რომ მხედავდნენ, – 8-საუკუნოვანი სტაგნაციის შემდეგ ჩვენს აღმშენებლობის ტემპებს რომ გრძნობდნენ… – არც ჭამა ახსოვდათ და არც სმა! ხანდახან შევივლიდი ხოლმე „კათარზისში“ და წარმოგიდგენიათ?.. – ცარიელი იყო!.. მერე უცებ მოირბენდნენ ხოლმე ბედნიერი მოხუცები, ვინც იქვე ცხოვრობდა, ჩემს მიერ გარემონტებულ მთავარ პროსპექტზე 4-5-ოთახიან აპარტამენტებში!.. ჩემს სანახავად მოდიოდნენ, განა საჭმელი უნდოდათ!.. მე იქეთ ვაძალებდი – ჭამეთ, რამე გადაიღეთ-მეთქი, და ეგენი, კიდე, შემომციცინებდნენ და იღიმებოდნენ ბედნიერები… მე რომ მივირთმევდი, ეს უხაროდათ, დაიჯერებთ?..
– ჩემს დროს – ოქროს ხანაში – იყო საოცარი აღმავლობა – შემოდიოდა ინვესტიციები, მდიდრდებოდნენ ადამიანები, იკლებდა ფასები, შენდებოდა შენობები, ყველა ბედნიერი იყო – არ მინახავს არცერთი უბედური ადამიანი! არ მომსწრებია არცერთი შეცდომა, არც ჩემი – არც ჩემი გუნდის მხრიდან! ხალხს ჩვენ ვუყვარდით და გულში გვიხუტებდნენ, მუცელს გვილოცავდნენ, ჩვენს ფეხსაცმელებს ჰკოცნიდნენ, ჩვენს ნაჩუქარ 2 კილო შაქარზე და მაკარონზე ცრემლები მოსდიოდათ ბედნიერებისაგან!
– და რამდენი ადამიანი ისეთი ბედნიერიც კი იყო, რომ საკუთარ ქონებას ნებით ჩუქნიდა იმ სახელმწიფოს და იმ პარტიას, ვინც მას ღირსება დაუბრუნა! – ათასობით იყვნენ ასეთები! ვეხვეწებოდით, დაიტოვეთ, ცოტა მაინც დაიტოვეთ – 50, 40, 30, 20, 10, … 5% მაინც!.. თქვენც არ მომიკვდეთ! ბოლომდე გვატენიდნენ ამ თავის ქონებებს და ბიზნესებს! ასეთი ენთუზიაზმი იყო!..
– ზოგიერთი ბიზნესმენი ბედნიერებისაგან ხელოვნებაში გადაეშვა… იყო ერთი ასეთი მეპურე, გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით, რადგან მერე იგი ჩვენი სამშობლოს პირველი პოეტად იქცა – ყველა დროის საუკეთესო ტრუბადურად! ჯერ საშუალო რანგის ბიზნესმენი იყო, მერე ჩვენ მივეხმარეთ ცოტა… აი, ჩვენი ჟანდარმერიის შეფი მიეხმარა – ისეთი კაცია, არ შეუძლია ვინმეს არ დაეხმაროს, ჰოდა, ვიღაც თავისი ხალხი შეუშვა მის ბეღელებში, რომ ჭერი გაემაგრებინათ! და ისე გაამაგრეს, რომ ეს კაცი მილიონერი გახდა, მერე – ათმილიონერი… და ბედნიერებისაგან ლექსების წერა დაიწყო… და როგორც მერე თვითონ აღწერა, ლექსს კი არ წერდა, პირიქით, ლექსი მოდიოდა მასთან და წერდა!!! ამას წერდა ლექსი!!. წარმოგიდგენიათ! ჰე-ყეეეე, ჰე-ყეე, ჰეე-ყეეეე… ჰოდა ლექსისგან დაწერილმა უკვე ასმილიონიან ქონებასაც გამოჰკრა ხელი! რა ენაღვლებოდა, ჟანდარმერია უმაგრებდა ჭერს, როგორც გითხარით!..
– იყო პირიქით შემთხვევებიც – პოეტები, მსახიობები, თავდაცვის მინისტრები, აპარატის უფროსები, უბრალო იურისტები – მიდიოდნენ ბიზნესში, იღებდნენ დაბალპროცენტიან კრედიტს, ან – სულაც გრანტებს, ფულის კეთებას იწყებდნენ… მდიდრდებოდნენ… ლაღდებოდნენ… მეორე, მესამე პირი ცოლ-შვილი მოჰყავდათ – როცა წელს მოიდგამ, ხდება ხოლმე… მიყვარს ლაღი ხალხი… მე ვიკითხო, მე – საწყალმა, თორემ … მაგრამ რას იზამ?! ზოგი ბიზნესშია ძლიერი და, სამაგიეროდ, ქვეყნის მართვის ინჩი-ბინჩი არ გაეგება, მე კი, პირიქით – მხოლოდ ქვეყნის მართვის ტალანტი მაქვს! ბიზნესში კი ისევე უბირი ვარ, როგორც საცოდავი დედაჩემი და ბიძაჩემი – მაგათ დავემსგავსე, მაგათსავით „ბესსერებრენნიკი“ ვარ, როგორც იტყვიან ისინი, ვისი ხსენებაც არ მინდა.. თუ რამე არაა გასაყიდი, ყოველ შემთხვევაში… აი, მაშინაც არ მინდა მაგ უხსენებლების ხსენება, წარმოგიდგენიათ?! ძალიან პრინციპული ვარ, ვინც მაწყენინებს, მერე იმისკენ პირს აღარ მივიქცევ… ვერავინ დამაჩოქებს…
– ახლა, ისეთი, განა რა წყენა იყო?!. არც არაფერი, – რაღაც ორიოდ რაიონი დავკარგეთ ომში! და თან, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ის ომი ჩვენ მოვიგეთ, ფაქტიურად – გავაცამტვერეთ!… ხომ გასაგებია, რომ თავად ისინი არიან დამარცხებულებიც და გულზეშემოყრილებიც! ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი საზარელი სახე… დაინახეს და ისე შეძრწუნდნენ, რომ დღემდე იქეთ გახედვა აღარ უნდათ!
– ჩვენ მივდიოდით ევროპისკენ! მივდიოდით კი არა, – მივჯგლინებდით! მივქროდით!.. და რომ მივაკაკუნეთ კარზე, – ვერ გაგიღებთო, გვითხრეს!!.
– იცით, რატომ? გაგეცინებათ და, – შეეშინდათ!.. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ იმ საზარელ ურჩხულს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ… თუმცა, რა იცი, იქნებ ნაწილობრივ იმიტომაც! არა!.. იმიტომ, რომ მათ ჩვენი უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია და თავისუფლება ვერ აიტანეს, ჩვენი საუკეთესო სასამართლოსი და სწორუპოვარი პროკურატურის ან – შეშურდათ, ან – შეეშინდათ, რომ მათი მოსახლეობაც იგივეს მოითხოვდა, ჩვენი შემყურე!.. აი, ამას ჰქვია, “ვაი დემოკრატიისაგან”, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა…

– ან როგორი სოფლის მეურნეობა გვქონდა? ფანტასტიურად წარმატებული! აქაურები უკვე ლატიფუნდიების მფლობელები გახდნენ და უცხოელ დაქირავებულ პერსონალს ამუშავებდნენ… ვეუბნებოდი, ხომ არ გინდათ დაბალპროცენტიანი კრედიტი, ან ტრაქტორები, ან სასუქი, ან რაიმე ხელშეწყობა? გაგიგონია – არაფერი უნდოდათ! შენო, ისეთი პირობები შეგვიქმენი, მეტი რაღა უნდა გვინდოდესო! თავზე გადაგვდიოდა ჭირნახული – არ ვიცოდით, სად გაგვეტანა, ან სად გაგვენადგურებინა – ჭარბწარმოების კრიზისი გვქონდა… მაგრამ იმაზეც ვიზრუნე, რომ თუ ბრაზისაგან მართლა გაანადგურებდნენ, backup-ისთვის თურქული საქონელი მუდამ იყო გამზადებული სარეზერვოდ. ეს იმისთვის, რომ ხალხი არ დაჩაგრულიყო, თუ ჩვენი ლატიფუნდისტები ფასებს ძააალიან მაღლა აწევდნენ. ვინც ვერ ერგებოდა ჩვენს აგრარულ პოლიტიკას, ჩვენმა უდიდესმა ლიბერტარიანელმა მათთვის სპეციალური სამარშრუტო გეგმა შექმნა, სად უნდა წასულიყივნენ ის კაცები და ქალები, ვისაც სოფლის მეურნეობა მოსწყინდა და თვალისათვის წყლის დალევინება და მსოფლიოს მოვლა გადაწყვიტა… ჰოდა, უვლიდნენ და უვლიდნენ მთელ მსოფლიოს, თქვენი მოწონებული! უკან არც კი ბრუნდებოდნენ, წარმოგიდგენიათ, ბედი მომეცი დ სანეხვეზე გადამაგდეო! – და ჩვენი კი, ესენი – ევროპაში გადავაგდეთ! მააშ! ძალიან მადლობელები იყვნენ! ქალები, განსაკუთრებით. ჩვენ ხომ ისინი პატრიარქალური ოჯახის ხუნდებისაგან ვიხსენით და მთელი მსოფლიო მოვატარეთ!
– და რამდენ სახლებს ვაშენებდით? ათობით, ასობით…მილიონობით სახლს, სასტუმროს, ბენზინგასამართ სადგურს (თავდაცვის მინისტრი გვყავდა ისეთი მენავთობეე… მიმიქარავს მენავთობე ქალები!) თითოეულ სასტუმროს მშენებლობაზე 20,000… ზოგან სულაც 50,000 კაცი მუშაობდა… მუშახელი გვაკლდა და ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან ჩამოგვყავდა… ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, სან-ფრანცისკოს ღარიბი კვარტლებიდანაც დაიძრა ხალხი Far and Away!.. არა, სულაც არ ვაჭარბებ! თქვენ ხომ გაგიგიათ ტრამპი? – აი, მარტო ტრამპმა ააშენა ჩვენთან 40-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – ფაქტიურად ყველგან, ბათუმიდან – წნორამდე! სადაა ახლა ეს სატუმროები?.. ჰმ… დაანგრიეს!.. ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა… ქარმა? არა ბატონო, რა ქარმა!.. ქარიშხალმა! რუსული ფულით მოსულმა ქარიშხალმა დაანგრია ჩემი სამოთხე, ჩემი გეთსიმანიის ბაღი, დაძირა ჩემი ატლანტიდა…
– ჰო, დღეს საშინელი ქარია გარეთ! სახურავები გადაგლიჯა, ათობით… ასობით… ათასობით სახლი დაინგრა ამათი უთავობის გამო… მაგრამ ეს რაა იმ მილიონობით სახლთან, რასაც უქარო ამინდშიც კი ანგრევენ… ხიდები? ხიდები სულ დაშალეს და დახერხეს… თქვენ როგორ გადმოხვედით მდინარეზე? მებორნემ გადმოგიყვანათ? – რაა?? ხიდით? უცნაურია… არცერთი ხიდი აღარ იყო დარჩენილი, ალბათ , პანტონებით ააგეს დროებით…
– ჩემს დროს ქარი კი არა, ნიავიც არ უბერავდა! ისეთი წყობა მქონდა, რომ თოვლიც საუკეთესო მოდიოდა და ბათუმში ნოემბერშიც კი დუბაიდან ჩამოდიოდა ხალხი გასარუჯად! ფაქტიურად ზონებად მქონდა დაყოფილი ქვეყანა – მესტიის ზონა – ალპური, ბათუმი (მამა ენაცვალოს!) ქობულეთი (ჯანდაბა მაგათ!) ანაკლია (ჩემი საფერფლე!) ლაზიკა (ჩემი სასულე!) ზონა – საცურაო-სადაივინგო ზონა (7X24X12X9)… სიღნაღი – სასიყვარულო ზონა… ბორჯომი – სამილსადენო ზონა… იყო კიდევ რუსთავის ზონა, გეგუთის ზონა, ქვიტირის ზონა, გლდანის განსაკუთრებული ზონა… როგორი იმედი მქონდა გლდანის ზონის… ეეხ… ყველაფერი მოსპეს და წაბილწეს…
– არც წვიმა მოდიოდა ჩემს დროს!.. ნუ ერთხელ მოწვიმა მარტო თბილისში, ცოტა წამოუშხაპუნა… კარგად არ მახსოვს, ფეხბურთზე ვიყავი იმ დღეს, პლატინის უნდა მოვლაპარაკებოდი ახალგაზრდების ოლიმპიადაზე… ბუნდოვნად მახსოვს… ერთხელ, კიდე , ჟუჟუნა წვიმა იყო ბათუმში, ცოტა დაგვისველდა ის ბრმა მომღერალი, სოფიმ ქოლგაც კი დაუჭირა სათუთს…
– ჩემს დროს არავინ ეწეოდა და არც იჩხირავდა… ახლა კი სადარბაზოები შპრიცებითაა სავსე. სადაც კი შევალ, სულ შპრიცები და შპრიცები! ჩემს დროს ახალგაზრდობა უფრო მორალური იყო, მე ვაქცევდი ამას ყურადღებას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი… ძალიან კარგად ვაქცევდი… მომენტალურად ვაქცევდი… ზუსტად იმად ვაქცევდი, რაც მდგრად ეკონომიკას და განვითარებას სჭირდებოდა… ხშირად უბრალო ოფიციანტი და მეპურე მინისტრადაც კი გადამიქცევია, მააშ! მე მიყვარდა ახალგაზრდებისათვის შანსის მიცემა! ისე ვზრუნავდი მათზე, რომ ბევრი მამა და მამაშა ვერ იზრუნებდა… მათ დაოჯახებაშიც არაერთხელ აქტიური მონაწილეობა მიმიღია… C’est la vie, mon cher, c’est la vie…
– რაა? რა ბრძანეთ?.. როგორ… არა… არა, არა, არა… ნუთუ თქვენ, არა… ნორმალური ადამიანი ბრძანდებით, ვზივართ აქ და ნორმალურად ვსაუბრობთ… არ გვეკადრება ჩვენ, ჩვენს ამ აბოლუტურად ტრანსპარენტულ დიალოგს არ ეკადრება ასეთი ინსინუაციები – რა წამება… როგორ გეკადრებათ… რა ელიტური კორუფცია… მე და კორუფცია? მე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ნოშრევანს, მეუბნებით ამას? კარგით, რა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები… ძალიან გთხოვთ არ გამიფუჭოთ, ნიკა, თქვენზე ლამის ასე კარგად ჩამოყალიბებული შეხედულება… ჩვენ ხომ მოზრდილი და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა რაღაც მასა, რომელსაც ჩასძახეს და სჯერათ, რომ იყო კორუფცია, იყო დაშინებული მოსამართლეები… გინდათ გაჩვენოთ, რამდენი დასავლური ჟურნალი და გაზეთი წერდა ჩვენზე, როგორც კორუფციის წინააღმდეგ #1 მებრძოლ ქვეყანაზე? – აი, ხომ ხედავთ იმ, აიმ უშველებელ შეკვრას – ეგ სულ ეგეთი სტატიებია! დაახლოებით მაგდენივეა მეორე სტოპკაშიც, სადაც ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად გვთვლიან! მესამე სტოპკაში აღარც ვიცი რაა, მაგრამ იქაც ძალიან კარგი რაღაცეები სწერია ჩვენს გამჭვირვალობაზე და განუმეორებლობაზე! ეკას გაახარებს ღმერთი, რომ ეს ყველაფერი ასე ლამაზად მოაგროვა და დამიდო, რომ ზოგიერთ ტვინგაყინულ ურწმუნო თომებს შუბლზე ავაფარო! ნუ, თქვენ არ ხართ, ტვინგაყინული, იმედი მაქვს!… არ გვინდა ეგ საუბრები… წამბეა, ტანჯვა, გვამები სახურავზე… ეს ხომ ცნობილია ყველასთვის, რომ ბლეფია, არავითარი გვამი სახურავზე არ ყოფილა!.. არავითარი დარბევა… როგორ გეკადრებათ… ვიღაცას წვიმაში ფეხი დაუცდა, წაიქცა, შუბლი ბორდიურს დაარტყა, ჩვენმა სპეცნაზელებმა სათუთად აიყვანეს, შეუხვიეს, განყოფილებაში წაიყვანეს ოქმის გასაფორმებლად და ა, ეგ იყო სულ რაც სინამდვილეში ხდებოდა, ხოლო მერე წერდნენ – ასობით ნაცემი, გვამები სახურვაზე… ეხლა, მაპატიეთ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რომ ადამიანებს დენი ურტყამს, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? არ უნდა ებოდიალათ სახურავებზე და დრესაც მშვენივრად იქნებოდნენ… ეგღა მაკლია ეხლა ეგეთ ბჟუტურზე სერეოზულად ვუპასუხო… ბარემ ეგეც მკითხეთ, თუ მოვკალი ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი მარჯვენა ხელი, ადამიანმა, რომელმაც მე რევოლუცია მომახდენინა – საკუთარი ხელით! ეს ხომ სისულელეა! დაიმახსოვრეთ – ეს სისულელეა და მარად სისულელე იქნება! ისევე როგორც ის, თითქოს ჩემი მეუღლე მკვდრებს აჭრიდა ორგანოებს!.. არავის არ ჯერა მაგ ბოროტი ფანტაზიების… არავის – აი, მტკიცებულებები – ეგერ დალაგებული! ან თუ გინდათ, წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებს ჰკითხეთ – ისინი მაინც პირუთვნელად გეტყვიან! აი, აგერ შემიძლია მოგცეთ მათი მეილები და ტელეფონები – კარლის, ვილფრედის, ეჟის, ვიტა… აი, ამათ უნდა მოუსმინოთ და არა იმ მნგრეველებს!..

– კარგით შევრიგდეთ, მესმის რომ ძნელია, ამ პროპაგანდას დაუპირისპირდე! როგორ მოსპეს მედია – როგორ გებელსური პროპაგანდის იარაღად აქციეს, რას არ აჯერებენ ხალხს! რომ თითქოს მე, მე მათ ფულს ვპარავდი! მე, რომელმაც ბიუჯეტი ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ გავზარდე, ვპარავდი ფულს ლტოლვილებს და უსახლკაროებს… რა მარაზმია, ალექს, ამაში არ გაერიოთ, ძალიან გთხოვთ, თქვენ ხომ რესპექტაბელური ჟურნალისტი ხართ და არა ვიღაც ვიგინდარა…

– ეეხ… ყველა ბედნიერი იყო… მეც როგორი ბედნიერი ვიყავი?! წარმოიდგინეთ, ავდგებოდი სისხამ დილით, ნაშუადღევს და გავფრინდებოდი ბათუმში, ჩემ ქალიშვილთან … ააა! როგორ არ მყავს,!… მყავს ქალიშვილი – სწორედ ბათუმია ჩემი ქალიშვილი… ჰა-ყააააააა-ჰა-ყააა-ჰააა-ყაააა…. არ იცოდით? კი, სხვა ქალიშვილებიც მყავს… მთელი რემა!.. გაუხედნავები… გახედნილები… ჰა-ყაააა-ჰა-ყაააააა… ჰოდა იქ, რაღაცას გავხსნიდი… ყოველთვის მოინახებოდა რამე გასახსნელი… მერე გადავფრინდებოდი ფოთში – ეგ განსაკუთრებით მიყვარდა, იქ ღრუბელ-ღრუბელ ნავარდი… რამდენი კილომეტრია? რა ვიცი, ალბათ 30, ან 100 – რა მნიშვნელობა აქვს, ფეხით ხომ არ მივდიოდი, ან ტაქსით, – თვითმფრინავს მივყავდი… ისე, მე იმდენი აეროპორტი ავაშენე, ხანდახან პილოტებს ეშლებოდათ და ფოთის მაგიერ სენაკში ან ბათუმში ჯდებოდნენ… იქაც, ფოთშიც რამეს გავხსნიდი… საავადმყოფოების გახსნა მიყვარდა – შევიდოდი, იქ კი ვიღაც ხალხი მხვდება და მიყვებიან, როგორ ოცნებობდნენ საავადმყოფოში მოხვედრაზე და ჩემს ნახვაზე, რომ მოეყოლათ, როგორ ოცნებობდნენ მთელი სიცოცხლე… ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სასიამოვნოა, როცა ხალხი ამას გიყვება… არა, ხანდახან კი მეპარებოდა ეჭვი, რომ არაფერს მეუბნებოდნენ გაჭირვებაზე, მაგრამ ამ აზრს უცებ ვიცილებდი თავიდან – სად იყო გაჭირვება? სად? ვერ მონახავდით ვერსად! ლტოლვილებიც კი სულ მღეროდნენ და იცინოდნენ! არავინ ისე საამურად ირ იცინოდა, როგორც ლტოლვილები – ბავშვები გან საკუთრებით… მერე ვერტმფრენით დავჯდებოდი რიკოთზედ – იქ გზების მინისტრი დამხვდებოდა მორიგი ინფარქტის შემდეგ – ეგეთი კაცია – მომხიბვლელი და ინფარქტიანი – უყვარდა, რომ ვეხუმრებოდი ხოლმე, გაწითლდებოდა და იცინოდა, ძალიან უყვარდა ჩემი ხუმრობა, სულ არ სწყინდა… – ჰოდა, გვირაბში მივდივართ და მიყვება, როგორ ვაჯობეთ უკვე იტალიასაც (წინაზე – შვეიცარიისთვის გვქონდა ნაჯობნი!) მერე იქ რომელიმე სუპერმარკეტს გავხსნიდი და გავიხსენებდი, როგორ ვიჯექით ოცი წელი ირანულ კიტრებზე… Lepota! ხსნი ამ სასტუმროებს, შადრევნებს, სუპერმარკეტებს, გადაგაქვს ძეგლები, მთები, და ხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია!.. იცით, ეს რა გრძნობაა!?
– ერთხელ მოვინდომე და ლეგოს ქალაქი ავაშენე – მთელი ქალაქი!.. აი, ისეთი, ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი… ავაშენე და დედაჩემს და ბებიაჩემს მოვუყევი, აი, ის ლეგო 4308 რომ არ მიყიდეთ, ხომ მაინც მაქვს მეთქი!.. ჰა-ყააა, ჰა-ყაააააა ჰა-ყა=-ჰა-ყა-ჰა-ყა….
– ან რა იყო ჩვენი ღამეული ცხოვრება – ყოველღამე ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ხანდახან თვითმფრინავით აეროპორტს რომ მოვუახლოვდებოდი, ჩემი გვარდია ფეიერვერკების პარადს იწყებდა – ძალიან ლამაზია, ზემოდან რომ მოდიხარ და ფეიერვერკს უყურებ… ჰოდა, როცა შენთვისაა ორგანიზებული, ხომ უფრო მაგარია!.. და თუ თავად შენი დაგეგმილია?.. – ოოოო – სულ უმაგრესი! ხანდახან, ვინმე ერთგულ ჟურნალისტს, ან მინისტრს – მოკლედ, ვინც იყო გვერდით, ხელს გადავხვევდი და ვეუბნებოდი – აი, ლამაზო, ახლა აქ წითელი გასკდება, მერე იქ – ყვითელი, მერე ცოტა მარცხნივ – მწვანე, რგოლებით, და ბოლოს – ლურჯი… ვარსკვლავებით, სასახლის თავზე… ჩამოვიდოდი და შარდენიდან – სუში ბარში, სუში ბარიდან – ბუდა ბარში, ბუდა ბარიდან – სიღნაღში, სიღნაღიდან – ანაკლიაში… და თუ კიდევ გვინდოდა რაღაც ექსტრავაგანტური – სულაც ბაქოში, ან ბოდრუმში… ბოდრუმში კი, დილით რომ გამოხვალ შორტებით ან თეთრი ხალათით ხუთვარსკვალვიანი სასტუმროს ტერასაზე, გვერდით მაგარი ნაშა გიზის და ყველამ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ხარ… აი, მაგაზეა ნათქვამი – THE WORLD IS YOURS! აი, ასეთი მომენტებისთვის ღირდა არჩევნებიც, ომიც… ათასი სხვა მაიმუნობა…

– და ახლა კი… რაღაა ახლა ჩემი ცხოვრება?.. ვარ აქ გამოკეტილი. ხანდახან ქალაქს რომ დავარტყა წრეს ვერტმფრენით, ეგეც საოცნებოდ მაქვს გადაქცეული… დაცვა არ მაძლევს უფლებას, აკრძალულიაო… დაცვა თორემ – ეგ რა დაცვაა? – 100 კაცი… 100 კაცი დამიცავს მეე?..

– მიბრძანდებით? რატომ ასე მალე? დარჩენილიყავით… აგერ ალინა გადავუშვი მეზობლად კაფეტერიაში – კარგ ხინკალს და პიცას აკეთებენ, ნაცნობ გოგოსაც გადმოიპატიჟებს, ძალიან კარგი გოგონაა, გესმით, ალბათ…დავჯდეთ… კრის დე ბურგს და კუტუნიოს მოვუსმინოთ… აღმშენებელობის სადღეგრძელო დავლიოთ… ბებოც მოვა, ჩემი საყვარელი სნიკერსი დაუცხვია, მერე დავჯდეთ… home theatre მაქვს კარგი, „კომედი შოუს“ ჩავუჯდეთ… მაგათი მთელი ფილმოთეკა მაქვს, ტერაბაიტებზეა ასული…

– კარგით, რადგან არ იშლით, კი ბატონო… აი, მანდ არის კარები. ეხლავე გაგიღებენ… ძაან მძიმეა, მააშ…

– ინტერვიუს რომ დაბეჭდავთ, გამაგებინეთ. მიყვარს, ჩემს ინტერვიუს რომ ვკითხულობ, ძველი დრო მახსნებდება… დაბრუნდება ეგ დრო! სერიოზულად ვმუშაობ ამაზე, მეორეჯერ რომ მოხვალთ, მერე მომავალზე ვილაპარაკოთ…

the-world-is-yours-lwp-vyeyo


5 Comments on “შეშლილის წერილები (თითქმის გოგოლის მიხედვით)”

  1. Lii says:

    მიშასთვის რომ გადაგეგზავნათ ეს ტექსტი, მთელი სერიოზულობით წაიკითხავდა პირდაპირ ეთერში თავისი მიჭედებული ღიმილით.
    ტიპი უკვე იძულებულია აღიაროს: “მე ის მიშა აღარა ვარ.” 😉

    ბოლო პერიოდია გვესმის, რომ სააკაშვილს, მერაბიშვილს და ბევრ სხვა მთავარ კრიმინალებს არავინ დასჯისო და ამიტომ, მათზე გაბრაზებას პირადად ჩემთვის აზრი აღარ აქვს. მოგვიწევს ნაცების საზარელი წარსულის “გატარება”. არ მგონია, რომ მათი უშუალო ბრძანებით გამწარებული ადამინებიც ასე ფიქრობდნენ…
    მიშას სიცხიან ბოდვას კი აღარავინ უსმენს საქართველოში.

    • Natela Shergelashvili says:

      დაუსჯელობა ა რ ა ვ ი თ ა რ შ ე მ თ ხ ვ ე ვ ა შ ი!!! დაიცავით მომავალი თაობები ამგვარ ცთუნებათაგან, თორემ მიშასნაირები უამრავნი არიან სამწუხაროდ დედამიწაზე ამ ცოდვილ პლანეტაზე, ძალიან სამწუხაროდ, ნუ მისცემთ ბოროტებას ფ ა რ თ ო გზას!!! დაინდეთ ქვეყნის მომავალი!!!!

      • Lii says:

        როგორც ჩანს, ეს შემთხვევაც უნდა დავუშვათ. აი, ვნახავთ ვის დასჯიან ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, აფრასიძეების და ზურაბ ჟვანიას მკვლელობებისთვის. ეს სამი შემთხვევა კი ზღვაში წვეთია იმ აურაცხელ კრიმინალთან შედარებით, რასაც წლების მანძილზე ბედავდა მიშას ბანდა.

        მარტო ბუტა რობაქიძის საქმეში ოქრუაშვილის დანაშაულიც იკვეთება. მას რომ ხელი არ დაეფარა მკვლელებზე, დუტას გაუბედურბული მშობლები ამით მაინც არ დაიტანჯებოდნენ.

        სანდრო გირგვლიანის საქმეში რომ ვანო მერაბიშვილის ცოლი უშუალო თანამონაწილე და ბრძანების გამცემია, დიდი ხანია ვიცით.

        აფრასიძეების ტრაგედიის აღმსრულებელს, გია ბარამიძეს – რომელიც ოპერაციას დაწყებიდან დამთავრებამდე ხელმძღვანელობდა – უამრავი მხილველი ჰყავს სვანეთში.

        გიგლა ჟვანიასთვის ისიც კი ცნობილი, როგორ უწევდა სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ორგანიზაციას.

        თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი ერთი დაისჯება: ოქრუაშვილი, სალაყაია, ბარამიძე თუ სააკაშვილი?
        ამათ ვინმე დონაძისთვის ვერ დაუმტკიცებიათ ბრალეულობა და ვიზე გავბრაზდე? ამ ნარკომან გიჟზე? მიშას ბჟუტურმა გამაღიზიანოს, როცა ვიცი, რომ ამ კრეტინს კანონის ძალით არ დასჯიან?!
        დღეს, ახალი მთავრობის პირობებში ნამდვილად შეინიშნება კარგი ტენდენციები. ამას რას ვეღირსეთ, რომ მთავრობა გულწრფელია ხალხთან საუბრისას. მგონი, იმასაც გულწრფელად აღიარებენ, რომ მართლა დასასჯელებს მაინც ვერ დასჯიან.

        მე მხოლოდ იმის მეშინია, რისი ტენდენციაც 8 თებერვალს შეინიშნებოდა.

  2. ქეთა says:

    კარგი ხარ, სოლომონ, კარგი!

  3. მანანა says:

    როგორ მინდა ხანდახან მაგ ჭკვიან შუბლზე გაკოცო! მაგარი ხარ სოლომონ! u are the best!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s