დრამატული ენდშპილი (ქუთაისური ცარცის წრე)


ცარცი

სანამ სხვა რამეს გეტყოდეთ, გულახდილად გეტყვით, რომ, ალბათ, ზოგიერთი თქვეთაგანივით, გაორებული ემოციური მდგომარეობა მაქვს – რაღაცით კმაყოფილი და ამაყიც კი ვარ და რაღაცით – გაბრაზებული და გულდაწყვეტილი.

პარლამენტის დღევანდელ ბატალიებსა და საბოლოო გადაწყვეტილებაში კარგიც ბევრი იყო:

– კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომელი მხარეა პრინციპებს გამოკიდებული ახვარი და რომელი – ქვეყნის ბედზე მოაზროვნე და გულშემატკივარი;

– დადასტურდა, რომ ნაცების დაუსრულებელი გნიასი იმაზე, ხელებს გვიწრიახებენ, გვაშინებენ, გვაშანტაჟებენ, გვირტყამენ… და ასე შემდეგ, იყო სრული სიცრუე და ისეთივე დადგმული სპექტაკლი, როგორც ჩიორამ ევროპარლამენტარის წინაშე გაითამაშა! სინამდვილეში სხდომას არ დაესწრო სწორედ ის ათიოდე ნაცპარლამენტარი, რომელთაც დიდი შანსი იყო, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის და ზუსტად ისინი რომ არ დაესწრნენ, ამის ლოგიკური მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თუ ვინმე მათ აშინებდა კომპრომატებით და ხელებს უწრიახებდა – ეს სწორედ ნაცმოძრაობა იყო, თორემ მთავრობას რომ მოენდომებინა, შსს მშვენივრად მოახერხებდა მათ „მობილიზაციას“! ამავდროულად ის ფაქტი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის, ირმა ნადირაშვილის, ბარამიძის და სხვა მამალი ნაციონალების ოჯახის წევრები ისევ მშვიდად მუშაობენ საჯარო სამსახურში, იმის დასტურია, რომ მათ წინააღმდეგ იმ პოლიტიკური ზეწოლის 0,0001%-საც კი არ აქვს ადგილი, რასაც ისინი თავად ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპონენტების (და არა – იდუმალი სატელიტების!) მიმართ, ლამის დაუფარავად და ამაყადაც კი მთელი 10 წელი!

– ეს ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო. დღეს მან გადააბარა ის ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც თავის მომხრეებს არწმუნებდა, რომ, არაუგვიანეს აპრილისა, მისი ძველი მთავრობა კონსტიტუციურად დაბრუნდებოდა! ახლა აშკარაა, რომ კონსტიტუციურად ხელისუფლებაში დაბრუნება ნაცმოძრაობას 2016 წლამდე აღარ შეუძლია (მანამდე, კიდე, ან მიაწევენ და ან – არა!) და ეს ის პოზიტიური შედეგია, რომელიც ნამდვილად ღირდა რეიტინგულ კენჭისყრაზე დათანხმებად! დღეს კონსტიტუციაზე და ქართველი ხალხის ბედზე მოძალადე ნაცმოძრაობის მარშალ ბეტანკურს ეს ჯადოსნური ჯოხი ჩამოერთვა და იგი ვეღარ მოახერხებს გიორგი ვაშაძის, გოგა ხაჩიძის და სხვა ჩლუნგი პოლკოვნიკ სეზარების და ლეიტენანტ ნავოლეების დაბოლებას და აღტყინებას, რომ იმათ ფეისბუქში ნეტარი ღიმილით წერონ „იდუმალი“ კოდური სიტყვა „აპრილი“… და თავად პრეზიდენტის გამოსვლაც კენჭისყრის შემდეგ კარგად მეტყველებდა იმაზე, რომ მისი ვითომ ნასიამოვნები სიფათის უკან ძალიან ცუდად შეფარული ნერვიულობა და დაბნეულობაც კი გამოსჭვივოდა და ბოღმამაც ისე ამოხეთქა, როგორც გამარჯვებულებს, წესით, არ ჩვევიათ. – მკვახე იყო ის ყურძენიო, სთქვა მელა მიხეილმა და მთელი თავისი გულ-ღვიძლი და პოსტოქტომბრული ილუზიები ტანჯვით გაატანა ამ მორიგ სიცრუეს… მაგ „მკვახე ყურძენზე“ იმედით რაზმავდი ბატალიონად ქცეულ ლეგიონებს, სათუთო! .. – აბა, ერთი კიდე დაურეკე ადეიშვილს! მიდი, დაურეკე და დაპაიჭე 19 აპრილისთვის და ნახე, სად გაგაგზავნოს ზურამ!

– ვიცი, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი ამოიოხრებს, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და დღეს ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა (უსუფაშვილი რომ კარგი პოლიტიკოსია, ამას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ დებილი უნდა იყოს დღეს ადამიანი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უსუფაშვილს მიაწეროს – რასაც ნაცები ინტენსიურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება ჩამოაგდონ), დიახ, ბიძინა ივანიშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანასაც სჭირდებოდა (ამით დავიწყე არგუმენტები!), მაგრამ ამავდროულად ისიც, რასაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწონებენ. ამ პოლიტიკური პროცესის ბებიაქალი ნამდვილად იყო ამერიკულ-ევროპული დიპლომატია და ვიცი, რომ ბევრს ეს არ ეპიტნავება, მაგრამ დღეს სწორედ მათ თვალში ივანიშვილმა და ოცნებამ სერიოზული გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ძალიან უხიაგი, დაუპროგნოზებელი, და საკუთარ ვიწრომერკანტილურ ინტერესებს გამოკიდებული ავანტიურისტია და გუნდიც შესაფერისი ჰყავს!

მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ცუდიც ბევრი იყო:

– ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა, ეჩვენებინა, რომ მათი მინიმუმ 42 დეპუტატი მართლაც შეკრული გუნდია და მზადაა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვეს.

– თან ეს ნაციონალებმა მოახერხეს იმ საკითხზე, რომელზეც მათ მართლაც გაუჭირდათ ეთქვათ, რომ მათ რამე არგუმენტი ჰქონდათ, რატომ უნდა მიეცათ ხმა წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა, როდესაც დაიწყება დებატები იმ საკითხზე, სადაც ისინი ძალიანაც არ იქნებიან შინაარსზე თანახმა, მათი წინააღმდეგობის პოტენციალი უფრო გაიზრდება.

– სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ წინადადებაზე დათანხმება დღეს და არა გუშინ, იმის ნიშანია, რომ რეალობა ნაციონალებმა უკეთ შეაფასეს, თორემ სხვა შემთხვევაში უკეთესი იყო, არ დაგვეწყო ამდენი კატა-ვასია და თავიდანვე გვეთქვა, თუ გინდათ სპექტაკლი, ჯანდაბას, იყოს სპექტაკლი, მთელ ხალხს ეცოდინება, რომ ეს თქვენი ხუშტურიაო. მთელი დღის დაძაბულობის შემდეგ ფინალი აშკარად ძალიან ბევრი ჩვენთაგანისათვის ფრუსტრაციის ტოლფასი იყო.

– ნაციონალები შეეცდებიან, რომ ამ პირველ, „ნაჩუქარ“ ხმების მოცემას, მეორე მოსმენაზე უკვე სერიოზული ვაჭრობა მოაყოლონ – მოითხოვენ გარანტიებს, ამნისტიას, საქმეების შეჩერებას და ა.შ… ეს ის რეალობაა, რაზეც ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი – ამაზე დათანხმება უკვე იმის ტოლფასი იქნება, რომ ტერორისტის ნებას დაჰყვე! რამე სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. უნდა გამოძიებულ იქნას, ვინ მოახდინა, იმ არგამოცხადებულ 12 დეპუტატზე ზეწოლა!

– ახლა, როცა ნაციონალებმა საკუთარი ნება მოახვიეს ოცნებას (კიდევ ერთხელ ვიმეორებ – შედეგი პოზიტიურია, მაგრამ რიგი ტაქტიკური შეცდომების გამო ეს სწორედ ასე გამოჩნდა, და არა სხვანაირად!), უკვე ის თავდაპირველი დაგეგმვა, რომ ამ კენჭისყრას მოჰყოლოდა სასამართლო რეფორმის საკითხის მეორე მოსმენა, აშკარად აღარ ჩანს მომგებიანად. მე პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხის გადადება უკეთესი იყოს.

– დაბოლოს, მთავარი – ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინდელი ფრუსტრაციის შემდეგ, როცა მათი მომხრეებში სრული დაბნეულობა იყო, დღეს მოახერხა იმ ილუზიის აღორძინება, რომ ეს სწორედ ასე იყო საჭირო, და რომ მათი ბელადი ახლა მეორე სუნთქვის, და აბსოლუტური იარაღის მოლოდინშია! მაგრამ ამაზე გაცილებით უარესია ის იმედგაცრუება, და განხეთქილებაც კი, რაც ოცნების მხარდამჭერთა შორის დღეს, სამწუხაროდ, არის. ბევრი მათგანი, ტრადიციულად, რესპუბლიკელებზე იყრის ჯავრს (რასაც ნაციონალები ახლა მთელი ძალღონით შეეცდებიან: როგორც ადრე იძახოდნენ, – ირაკლი ალასანია კარგი პოლიტიკოსიაო, ახლა უსუფაშვილის სიბრძნის ქებას დაიწყებენ ცეცხლზე ნავთის დასასახმელად), სხვები საგანელიძეს არ უწონებენ მის ზედმეტ ფამილარობას და ლამის ნაციონალების ერთობლივი ქეიფით მოხიბვლას, ბევრი ივანიშვილზეც იტყვის, რომ შეეშალა და პროცესისგან თავის შორს დაჭერით სადავეები გაუშვა და ა.შ და ა.შ.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის!
დღევანდელი შეცდომა ის კი არ იყო, რომ რეიტინგული კენჭისყრა ჩატარდა – მე პირადად (დიდი ეჭვების მიუხედავად), შედარებით დამშვიდებულზე მაინც ისე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგიულად, ალბათ, ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო და ამას ჩვენს მალე დავინახავთ, შეცდომა იყო გუშინდელი ვერგათვლა, რომ მოწინააღმდეგე მოახერხებდა ფეხების ჯორივით გაჩიკინებას და იმის ქადილი, რომ რეიტინგული კენჭისყრა გამორიცხული იყო…

მაგრამ რადგან შედეგი ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი არ არის – პირიქით, სტრატეგიულად ჩვენ მოვიგეთ, ხოლო ტაქტიკური მოგება ნაციონალებს იმის ილუზიებს დიდხანს ვერ შეუქმნის, რომ მათი მეფე უკვე სრული ბანკროტია და რომ მისი რეანიმაციის მცდელობა ისეთივე წარმატებით შეიძლება დასრულდეს, როგორც კრემლში ლენინისთვის ფეხების დათბუნვა და მიკროფონის ტუჩებთან მიტანა, ეგება ისევ გვითხრას, რა ვაკეთოთ და სად წავიდეთო!…

და ის 42 ნაციონალიც, რომელთაც დღეს „უდრეკობა“ გვიჩვენეს, მალე მიხვდებიან (უნდა მივახვედროთ), რომ დღეს მათ სააკაშვილის მონობა დაადასტურეს მხოლოდ!
და ამისთვის – მათ აზრზე მოსაყვანად – ჩვენ უნდა მოვინდომოთ. გვეყოფა მხოლოდ ივანიშვილის იმედად ყოფნა.
უბრალოდ, უნდა ვაგრძნობინოთ როგორ გვეზიზღებიან, რომ ქვეყნის უკვე საბოლოოდ გაბანძებულ პარაზიტს ერთგულებენ, – ქვეყნის ერთგულების ნაცვლად.
არავითარი აგრესია! არავითარი გინება და მუქარა! უბრალოდ მოვექცეთ ისე, თითქოს არც არსებობენ! არაა საჭირო სალამი და კეთილმეზობლობის დადასტურება! არავითარი მოკითხვები და გაღიმებები ქუჩაში შეხვედრისას! დღეს თუ საქართველოში არსებობს მე-5-ე კოლონა, ეს სწორედ ისინი არიან, რადგან მათ ქართველი ხალხის ცხოვრების გამწარება სურთ, საკუთარი ნაძარცვით ტკბობის თავისუფლების დაუძლეველი სურვილის გამო. მათი პრობლემა ჩვენ ვართ – ან უნდა შევუნდოთ, ან უნდა იგნორირება გავუკეთოთ…

ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მათ არ გავამარჯვებინოთ ისე, რომ არ ვიძალადოთ მათზე.

როგორც მოხუცმა სანტოსმა უთხრა მისი ოჯახის გამანადგურებელ მასიმოს, ჩვენც ისე უნდა ვუთხრათ ამ მორალისტ მასიმოებს:
– ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს! წადი!..

დამერწმუნეთ, ისინი ძალიან ინანებენ, რომ თავისი ბოლო შანსი – სამშობლო აერჩიათ და სააკაშვილი მარტო დაეტოვებინათ – ასე ქარაფშუტულად გაუშვეს ხელიდან!
და ამას, ალბათ, მაშინ მიხვდებიან, როცა მიშა პირველი მიატოვებთ მათ…

მე არ ვიცი, ვის რისი ილუზია აქვს, მაგრამ მე გახვრეტილ შაურს არ დავდებდი იმაზე, რომ დღევანდელი დღე ნაცმოძრაობის აღორძინების და კოჰაბიტაციური სამოთხის საწყისად იქცევა… სულაც – პირიქით… ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას სწორი და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ხელოვნება კარგად ესმის. მისი ფრთხილი სტილი და თითქოს დუნე დინამიკა, როგორც ია ანთაძემ ერთხელ შენიშნა, აბსოლუტურად განსხვავებულია სააკაშვილის ცეცხლოვანი სტილის და ფეთქებადი, მაგრამ მოკლევადიანი დინამიკისაგან… მე ასე მგონია, რომ ივანიშვილის სტილი აიკიდოს ჰგავს, როცა მოწინააღმდეგეს აქტივობის შანსს აძლევ, რათა მისივე დაწყებულ ილეთზე წამოიკიდო და ძირს დააძნეყვო. ამ მხრივ, სააკაშვილის დღევანდელი შტურმი ძალიან მდიდარ შესაძლებლობებს იძლევა…

დღეს კი პარტია უკვე მერამდენედ გადაიდო. ჯერჯერობით ოცნებამ პაიკი შესწირა, მაგრამ სამაგიეროდ ენდშპილში სერიოზული პოზიციური უპირატესობა აქვს, რადგან მოწინააღმდეგის მეფე სრულიად დაუცველი და შიშველია, ხოლო მის ვითომ ერთგულ ფიგურებს გაქცევის სურვილს მხოლოდ მისდამი ძველი შიში უჩერებთ.
მაგრამ დაუცველი და შიშველი მეფისადმი შიში ძალიან სწრაფად აქროლადი რამეა, ღმერთმანი…

P. S.
დღეს მთელმა საქართველომ ქუთაისი პარლამენტის დარბაზში კიდევ იხილა ბრეხტის გენიალური „კავკასიური ცარცის წრე.“ და მაშინ, როცა ის მოხდა, რაც მოხდა, და როცა ქართულმა ოცნებამ მისეულ ვარიანტზე ქვეყნის და მომავლის სასარგებლოდ უარი თქვა, კიდევ ერთხელ ჩამესმა ნათელცხონებული რამაზ ჩხიკვაძის სიტყვები:
– ასე და ამრიგად, ყველასათვის ნათელი გახდა, თუ ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი დედა!


One Comment on “დრამატული ენდშპილი (ქუთაისური ცარცის წრე)”

  1. borjgali says:

    ,,როგორც მოხუცმა სანტოსმა უთხრა მისი ოჯახის გამანადგურებელ მასიმოს, ჩვენც ისე უნდა ვუთხრათ ამ მორალისტ მასიმოებს:
    – ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს! წადი!”

    ====
    აქამდე იყო ,,მოფერება’’ და ბოლოს პანჩური.
    და კიდევ , სატოსი ერთ-ერთი იყო დიდთაგან.
    არის რომ აქეთ ვინმე დიდი? უკეთესი უდაოთ, დიდს ვერ ვხედავ.
    გადაწყვეტილება რეზულტატის მიხედვით , მისაღებია. უბრალოდ ცუდი თამაშით მიღწეული შედეგია, ეგრეთ წოდებული ,,ტაბლო’’.
    ენის წინ, კბილებია. კარგია თუ გაიხსენებენ ოცნებისტები.
    პ.ს.
    საგანელიძე უსუსტესია. ტეხავს ასეთი უმრავლესობის ლიდერი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s