საპრეზიდენტო კანდიდატი თუ სახელმწიფო მოდელი?


ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმ საკითხს, რატომ მოხდა 3 თვის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო უნარ-ჩვევების მქონე პირად შერაცხული ირაკლი ალასანიას “განკანდიდატება”.

დასახელდა სხვადასხვა ვერსიები – შიდაკოალიციური დისციპლინის დარღვევა – კანდიდატობაზე საკითხის კონფიდენციალურად განხილვა, ნაცმოძრაობიდან სხვადასხვა ჩანერგილი პირების დესტრუქციული მოქმედებები, თავად ირაკლის შესაძლო კონტაქტები ნაცმოძრაობის ლიდერებთან ან მათი ოჯახის წევრებთან, და სხვ…

მე არ შემიძლია, რომელიმე ზემოთდასახელებული უარვყო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მთავარი სულ სხვა მომენტია.

ირაკლი ალასანიამ რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელის მხარდამჭერია.

მართალია, არავითარი დეტალიზაცია იმის თაობაზე, თუ კერძოდ, როგორ საპრეზიდენტო მოდელს ემხრობა, ალასანიას არ ჰქონია, მაგრამ თუ ზედმეტ დეტალიზაციას თავს დავანებებთ, ლოგიკურად გამოდის, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მთავარი მოქმედი პირი პრეზიდენტი უნდა იყოს, და არა – პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ირაკლი ალასანია ჯერ 40 წლისაც არაა, გასაგებია, რომ იგი ახალგაზრდა ამბიციურ პოლიტიკოსად განიხილება. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, როცა ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებდა, იმაზე ფიქრობდა, რომ ეს კანდიდატი საპრეზიდენტო მმართველობის სიმპათიით იქნებოდა გამსჭვალული. იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თავად ივანიშვილი რამდენ ხანს დარჩება პოლიტიკაში, მას ნამდვილად არ უნდა აწყობდეს ამ ეტაპზე სერიოზული დისბალანსის გაჩენა კოალიციაში, როცა ირაკლი ალასანიას გაპრეზიდენტება შეიძლება მის კრონ-პრინცად კურთხევის ტოლი გახდეს.

ამის სრული საპირისპიროა ის მეორე პოლიტიკოსი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ ბოლო დროს მუდამ ასახელებს პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად – ვახტანგ ხმალაძე, სწორედ რომ არაამბიციურობის, სიდინჯის, სიბრძნის და პირუთვნელობის განსახიერებაა და ზუსტად ჯდება იმ მოდელში, როდესაც პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია შესაძლო კრიზისების პრევენცია ან მოგვარებაა. თავის მხრივ, ვახტანგ ხმალაძეც, ისევე როგორც მთლიანად რესპუბლიკური პარტია, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის მომხრეა, თანაც ახლა კი არა, ძალიან დიდი ხანია უკვე…

ამდენად, ვფიქრობ, ვახტანგ ხმალაძის თანაგუნდელებს რომ დაეწყოთ მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის სერიოზულად განხილვა ვიწროპარტიულ შეკრებაზე, ეს არ გამოიწვევდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ისეთ მტკივნეულ რეაქციას, როგორც ალასანიას შემთხვევა. რადგან ქვეყნის მოწყობის მათი მოდელი – ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერ-მინისტრი და კონფლიქტების მომრიგებელი ბრძენი კონსელიერო-პრეზიდენტი – სწორედ ისაა, რაც ბიძინა ივანიშვილსაც სწორად მიაჩნია (და რომელ მოდელზეც მოხდა ივანიშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება).

მე, პირადად, გული მწყდება. ირაკლი ალასანიას შეეძლო, კარგი ვიცე-პრემიერი დამდგარიყო. თანაც, ვიცე-პრემიერად თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ყოფნა ძალიან სწორი იყო შიდაკოალიციური ბალანსის დასაცავად, და თუ პირადად ირაკლი ალასანიას ჩანაცვლება იქნა მიჩნეული საჭიროდ, ალბათ, გამართლებული იქნებოდა, ისევ თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს დაეკავებინა ეს პოზიცია, მაგალითად – თეა წულუკიანს…

ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში კიდევ ახალი ტვინისჭყლეტა იმაზე, როგორი რესპუბლიკა უნდა იყოს საქართველო, ზედმეტია. საპრეზიდენტო რესპუბლიკის 22-წლიანი სავალალო გამოცდილება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ახლა საპარლამენტო რესპუბლიკის ავ-კარგი ვცადოთ. მით უფრო, რომ ევროკავშირში, სადაც ჩვენ მივისწრაფით, ეს სწორედაც რომ დომინანტი მოდელია.

 

al-x

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s