ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე


900_amarcord_blu-ray3x

ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად,  რომელ ფილმში  – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“.

საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩხავის და, გაურკვევლობის გამოც, და ხალხის გადაღლის გამოც, – გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით), მაგრამ თან მომავლის ისეთ აპოკალიფსურ სურათებს ხატავს, რომ წესით დედა ტერეზაც და მაკედონელიც ადგილზე დალევდნენ სულს დაზაფრულნი! რა თქმა უნდა, ამას ემატება მისი თანაგუნდელების ქოროს ანალოგიურად ეგზალტირებული კივილ-გალობა. ამ ფონზე ძალიან ჭირს იმაზე კონცენტრირება, რა გზით უნდა წავიდეთ, სად რა შეცდომებია (რომ არის, ფაქტია) და საერთოდ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ შეცდომა ნაკლები იყოს და პროგრესი მეტი… მიხეილ სააკაშვილი თავისი შლეგურ-მამობრივი გამოხტომებით მუდმივად გვაცხოვრებს მრუდე სარკეების გარემოცვაში და ჩვენ, თითქოს, მეტი არაფერი გვრჩება, რომ ალისას ასაკში დავბრუნდეთ და ვითამაშოთ, (მე პირადად დიდ დროს ღლაბუცობაში ვხარჯავ, ასე მგონია, რომ აღნიშნულ გაურკვევლობაში ეს საუკეთესო გამოსავალია) …

რადგან სხვა ალტერნატივა ან – უფრო უარესი კაფკაა და სრული სერიოზულობის ფონზე კიდევ უფრო მეტი ტკივილის განცდა თუნდაც იმისგან, რომ შვილდაკარგული დედის სიტყვები – „ჩემი შვილი ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს!“ სავსებით შეიძლება, რომ სრული სიმართლე იყოს! (სოციალისტური სამშობლოს პირობებში ჩვენთვის სპეციალურად ტირაჟირებული დამიანო დამიანი გამახსენდა)…

ან – ის, რომელიც ძმებმა ტავიანებმა დაგვიხატეს ფენომენალურ ფილმში „კეისარი უნდა მოკვდეს“. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არც ჩვენი თავი გვემეტება ამ როლისთვის და არც კეისარი – სიკვდილის შემდეგ გმირობისათვის… სულ უფრო მეშინია იმის, რომ მისივე თანაგუნდელებმა არ მიასაღონ, რათა შემდეგ საბოლოოდ არ აქციონ ნეობოლშევიკური ლიბერალიზმის ახალ მავზოლირებულ ლენინად.

აი მეორე ჩემი ფრენდის ნააზრევი იმაზე, არის თუ არა საქართველოში დღეს დემოკრატია:

„წიკლაური და ნასარიძე ქუჩაში რომ დადიან და არ ეშინიათ, ვანო რომ ისევ გარეთ არის, ოჩიაურისნაირი ნაძირლები რომ თანამდებობებზე ინიშნებიან…. დემოკრატიაა, აბა, რა არის…“

ძველით ახალ წელს ია ანთაძემ ძალიან კარგი სტატია დაწერა თავის ბლოგზე – “ოპერაცია „აპრილი“” http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-ia-antadze-operation-april/24823277.html  რომელიც ასე მთავრდება:

“ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის…”

ვეთანხმები იას, ოპტიმიზმი გაჩნდა, მაგრამ ეს გაურკვევლობა დამთრგუნველია. თან თითქოს სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს უკვე უსასრულოდ ლუსტრირებული და სასაცილოდ ქცეული პრეზიდენტი აპრილისთვის ისევ ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან, მაგრამ თან ეს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებული უფრო დემოკრატიული რეალობა, როცა დამარცხებულები ყინჩად დადიან და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაბოლებას არ იშლიან, მაინც ტოვებს ნერვული ეჭვიანობის საფუძველს… მით უფრო, რომ დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, ეს სავსებით შესაძლებელია, ხოლო მათი „გაფრენის მაღალი პოტენციალი“ არასდროს ეჭვს არ იწვევდა…   

ჰოდა ვართ ასე… ქუთაისის პორტში შემოცურებული ტრანსატლანტიკური ლაინერის აჩრდილის მოლოდინში…


5 Comments on “ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე”

  1. Lii Elgo says:

    სალამი სოლომონ, ეს ბოლო დროა მიშას შეშლილი მეფე ლირის მდგომარეობაში წარმოვიდგენ:  “კორდილია, ერთი ეს ღილი შემიხსენი.” ანუ,  “გიული, ერთი ეს ჰალსტუხი შემიხსენი.” ეს არის აბსოლუტურ სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის სიტყვები, რომელიც დახმარებას ითხოვს, მაგრამ ამაოდ. სწორად გავიგე?

    Суббота, 19 января 2013, 23:53 UTC от “სოლომონის ფიქრები” : >SolomonTernaleli posted: ”

    ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენდა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარ” >

    • SolomonTernaleli says:

      კი, ლირსა და რიჩარდს შუა მერყეობს… მწირი და მძიმე არჩევანია…
      თან კორდელიასაც ვერ ვხედავ… უფრო კი იმას, რომ კორდელიას დანახვის და მოსმენის მინიმალური სურვილი უჩუჩუნებდეს თავში
      😦

      • SolomonTernaleli says:

        გამოგიტყდებით, იმ უბედური დედის სიტყვები, თავისი შვილი მშენებლობაში ჩაბეტონებული რომ ჰგონია, ვერ დამიჯერებია, სიმართლე იყოს… ჩემს ბავშვობაში მახსოვს საშინელი კადრები ფილმიდან, რომელიც სსრკ-ში ძალიან პოპულარული იყო, (მოსკოვის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიანიჭეს, რადგან იტალიური მაფიის სისასტიკეს ნატურალისტურად ასახავდა) – როგორ აგდებენ მოკლული ქალის შიშველ სხეულს არმატურებში და ბეტონით ავსებენ…
        მაგრამ დღეს, მთავარ პროკურორს რომ ვუსმენდი, ვიფიქრე, იქნებ მართლაც ეს შვილდაკარგული უბედური ქალის ყველაზე საშინელი კოშმარული ფანტაზია კი არა, იქნებ მართლაც ასე მოხდა მეთქი…

        გუშინ, როცა ამ სტატიას ვწერდი, უფრო “ამარკორდის” განწყობა მქონდა… დღეს ვფიქრობ, რომ სულ უფრო მძიმე ფინალს ვუახლოვდებით… როცა აღარ იცი, რა გინდა… ის, რომ გაიგო სიმართლე, თუ იმდენად გეშინია იმ საშინელი და საზარელი შესაძლებლობისა, რომელიც შეიძლება იყოს კიდეც ეს სიმართლე, რომ მზადა ხარ უკან დაიხიო, რადგან არ გინდა, რომ სიმართლემ გული გაგიხეთქოს…

        მაგრამ თუ არასოდეს გავიგებთ სიმართლეს და თვითდამშვიდების სურვილით ყოველთვის მივუტევებთ, რამდენჯერ უნდა ვიაროთ ამ წრეზე? იქნებ რამე ფორმულა მოვიგონოთ? მაგალითად იქნებ ყველას მათი დამსახურებული სასჯელის მხოლოდ 1/3 მივუსაჯოთ, ან უფრო ნაკლებიც კი, ოღონდ თუ თავად აღიარებენ და მოინანიებენ?.. მე პასუხები არ მაქვს… მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს… მათ შორის, ბევრი – საკუთარი თავის მიმართ…

    • Lii says:

      ეს ფილმი, რომელსაც თქვენ იხსენებთ, მეც მაქვს ღრმა ბავშვობაში ნანახი. ეს იყო პირველი უსასტიკესი ძალადობა, რომელიც სამწუხაროდ ვნახე. მას შემდეგ როგორი საშინელი კადრი არ მინახავს, მაგრამ იმას ვერაფერი გადაფარავს.
      ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი სისასტიკე 21-ე საუკუნის საქართველოში რეალობა გახდებოდა. მოიცათ, როგორ მშენებლობაში ჩააბეტონეს?! ვინ არის ეს ქალბატონი?! რეალურად არსებობს მისი საუბრის ვიდეოჩანაწერი?

      • SolomonTernaleli says:

        აი, ესეც არის კომენტარი ვორდპრესის ბლოგზე, რომელსაც თუ მე მივცემ დასტურს, მაშინვე ყველასთვის გამოჩნდება.

        როგორც ვხვდები, ეს არ გსურთ.

        დიახ, ამ ქალის ინტერვიუ არსებობს, თუმცა იქედან მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საცოდავი ქალი ამ შოკური ინფორმაციით ყურადღების მიქცევას ლამობს. თუმცა იმის მერე, რაც ვიცით სერგო თეთრაძის მკვლელობის შესახებ, წარმოუდგენლად ესეც არ მეჩვენება


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s