უკანასკნელი მიხუკანები


„ომი დამთავრდა! კოჰაბიტაციის გეშინოდეთ, ხალხო!“

panaSvidi

მაშ ასე: „საქართველოში პირველად ჩატარდა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები და მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.“

სიაფანდ!

ჯერ ერთი საქართველოში ეს პირველად არ მომხდარა.

პირველად ეს მოხდა 1990 წელს, როცა 9 აპრილის შემდეგ გაკოტრებულმა კომუნისტურმა პარტიამ ყველაზე დღემდე ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა კი არა, მიართვა „მრგვალ მაგიდას“.

ხოლო მეორე სიაფანდობა კი იმაშია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები არც დემოკრატიული იყო, არც – გამჭვირვალე. ეს იყო შედარებით (!) დემოკრატიული და შედარებით გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც სააკაშვილის მორალურად დეგრადირებულმა და პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მხოლოდ ქართველი ხალხის სიმამაცის, ოპოზიციის კარგი ორგანიზებულობის და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის გამო იძულებით ჩაატარა არა ისე, როგორც უნდოდა (ნიღბიანებით, შევარდნებით, ურნების გატაცებებით, ხალხის დაშინებებით და დაპატიმრებებით, ხოლო შეიძლება – „უცხოური გადატრიალების“ მოდელირებული სცენარის 879-ე რიმეიკით), არამედ ისე, როგორც არ უნდოდა.

ამიტომ არავითარ „მშვიდობიან გადაცემაზე“ ლაპარაკი ამჯერად არ უნდა იყოს.

ეს გადაცემა დაახლოებით ისეთივე „მშვიდობიანი“ იყო, როგორც ვერსალის ზავი და თავის თავში, ვერსალის ზავის არ იყოს, ძალიან ბევრ ხიფათს შეიცავს. ოღონდ არა იმიტომ, რომ დამარცხებული მხარე ზედმეტად მძიმე პირობებში იქნა ჩაყენებული, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დამარცხებულმა მხარემ კონსტიტუციაში წინდახედულად ჩადებული, ფანტასმაგორიამდე მისული ალოგიკური მექანიზმების წყალობით შეინარჩუნა ძალიან დიდი ბერკეტები, რომელიც სულ რაღაც 6 თვეში ხელისუფლების მზაკვრულად უკან გამოგლეჯის გეგმის რეალიზებაში უნდა დახმარებოდათ. თუმცა, რეალური პოლიტიკა თეორიულ გათვლებს ხშირად არ მიჰყვება, ამიტომ დღევანდელი სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად უნიკალურია, როცა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს აქვს სიტუაციის სათავისოდ მობრუნების შანსები, და ეს შანსები იმდენად კატეგორიულად ურთიერთგამომრიცხავია, რომ მშვიდობიანი თანაარსებობის (ე.წ. კოაბიტაციის) პერსპექტივა, პრაქტიკულად და ჯერჯერობით, ნოლის ტოლია.

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დატკბობის და აგრესიულობის ურთიერთმონაცვლე რამდენიმე ეპიზოდის და საბოლოოდ ეგრეთწოდებული 5-პუნქტიანი გეგმის შეთავაზების შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად იგნორირებულ იქნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და იმის ფონზე, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების მიმართ დაპატიმრებების  ინტენსიურობა კი შემცირდა, მაგრამ დათმობა გამოიხატა საკმაოდ მკაცრი ფორმულით „ამნისტია მათ, ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და ვინც მოინანიებს“; ხოლო, მეორეს მხრივ – რაიონებში და რეგიონებში სრული ანშლაგით მიმდინარეობს საკრებულოების და გამგეობების ნაცმოძი წევრების გადადგომა და ადგილობრივ ხელისუფლებებში ნაცმოძრაობის 100%-იანი დომინირების სწრაფი დნობა, მდგომარეობა საკმაოდ ნათელი ხდება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უპრობლემოდ პირველივე ცდაზე დაძლია პრეზიდენტის ვეტო, თან ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა პატიმრების (მათ შორის 200-მდე პოლიტპატიმრის!) ამნისტია, და თანაც ამას ნაცმოძრაობის 64 დეპუტატიდან მხოლოდ 24-ის (1/3-ზე ოდნავ მეტის!) მხრიდან მოჰყვა წინააღმდეგობა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალი სულ უფრო ემსგავსება შაგრენის ტყავს, საიდანაც თავის გადარჩენის ერთადერთი სწორი მეთოდი დროზე გასწრება უნდა იყოს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მათი ხელმძღვანელობა დღესაც ინარჩუნებს სამომავლო ბატალიებისათვის დემონსტრირებულ [გარეგნულად მაინც] მზაობას და მეტიც, უკვე გამოიკვეთა ბრძოლის არა მარტო სტრატეგიულ-ტაქტიკური მონახაზიც, არამედ ის მოქმედი პირებიც, რომელთა მეშვეობითაც აპირებს ნაციონალური მოძრაობა ახლო მომავალში რევანშის განხორციელებას.

მე მათ “უკანასკნელი მიხუკანები” ვუწოდე, თუმცა ვშიშობ, მოჰიკანებთან მათ მხოლოდ ზედსართავი სახელი „უკანასკნელი“ აერთიანებთ. აი, ისინიც:

  1. მიხეილ სააკაშვილი – ნაცმოძრაობის მთავარი ძრავიც, ტვინიც და ყელზე მობმული ლოდიც. სამწუხაროდ, მისი ყოველი გამოსვლა სულ უფრო ადვილად პროგნოზირებადი ხდება და გამოთქმა – „მეთოდები დაგიძველდა, მიშიკო!“ გაცილებით უფრო ხალხური გახდა, ვიდრე ადრე არსებული კლასიკური ფრაზა მურტალოსადმი. და მართლაც ვერც მურტ(ა)ლობაში და ვერც მეთოდდაძველების ტემპებში მიხეილ სააკაშვილს ვერავინ შეედრება. დღეს იგი ასრულებს ძალიან საინტერესო როლს – ადრინდელი დრ. ჯეკილისა და მრ. ჰაიდის კლასიკური იანუსი ახლა შეცვალა ისეთმა წინააღმდეგობრივმა და რეჟისორულად ძნელად მოსაფიქრებელმა კონგლომერატმა, როგორიცაა ნაპოლეონ ბონაპარტე და პიერო. მიხეილ სააკაშვილი ერთის მხრივ ახდენს მხედართმთავრის თვისებების დემონსტრირებას – ჩადის ავღანეთში, თან წინასწარ აცხადებს იმასაც, სად ჩავა და იმასაც, როდის ჩავა, რითაც თავის უშიშობაში უნდა დაგვარწმუნოს, მაგრამ მხოლოდ იმას იმკის, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობას არ სჯერა, რომ იგი ნამდვილად ქართულ ბაზაზე იყო, ან რომ ეს ნამდვილად 31 დეკემბერს მოხდა, ხოლო სამაგიეროდ ISAF-ის ხელმძღვანელობასაც და ქართველ ჯარისკაცებსაც მრავლად გაუჩინა პრობლემები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა – „სადაც სააკაშვილია, იქ პრობლემებია!“  მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმ ფაქტის დემონსტრირება, რომ იგი პიარ-ძუძუმწოვარია და მისი უპირველესი და უმთავრესი ინსტიქტიც სწორედ ეს არის, მას სწორედ ტელეკამერისთვის აქვს მიძღვნილი უკვდავი სიტყვები – „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!“ მაგრამ მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ასევე ცდილობს პიეროს როლის შესრულებასაც, სადაც მისი „მალვინა“ მიშაყვავებული და ვარდოვანი საქართველოა. ჰოდა, დადის ჩვენი USAirForce-პილოტისკურტკიანი პიერო და მოსთქვამს, მაგრამ რას მოთქვამს – „როგორ დაგანგრიეს! ვაი, ვაი!“ „რას დაგამსგავსეს! ვაი, ვაი!“ „რამდენი უმუშევარია! ვაი, ვაი!“ „სასტუმროები გააჩერეს! ვაი! ვაი!“ “ანაკლიაში (ზამთარში!) ტურისტი აღარ არის! ვაი, ვაი!” – მოთქვამს პიერო, ხანდახან ცოტა წაიკასანდრებს კიდეც – „დააქცევენ ესენი ქვეყანას, გააპარტახებენ! ინვესტორები გაიქცევიან!“  და ბოლოს კი მაინც წაინაპოლეონებს – „მაიცათ, დავბრუნდები! ყველაფერს შემოვატრიალებ! აგერ ვარ – ელბაზე, შორს კი არ წავსულვარ!“ ვუყურებ ამ საოცარ რეჟისორულ აჯაფსანდალს და გული მწყდება, ოღონდ იმაზე, რომ ქართული კინო და თეატრი ის აღარ არის, რაც იყო – თორემ ამისთანა ფენომენალური ფენომენის გაშვება შეიძლება? იმედია, გამოსწორდება ეს ხარვეზი და კინოც და თეატრიც სათანადო პატივს მიაგებენ მიხეილ სააკაშვილის განუმეორებელ იერსახეს.
  2. არ გაგიკვირდეთ და მიხუკანთა ჩემეულ სიაში მეორე ადგილზე არც გენმდივანი და ექს-პრემიერი მერაბიშვილია და არც – გაცოტნებული ბაჩა ახალაია. თუ პირველ ადგილზე ორსახოვანი იანუსი იყო, მეორე ადგილზე ორკაცოვანი მიშთემიდაა – ძმები კუბლაშვილები. სადღეისოდ მათ უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, მათ უნდა დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ქართული სასამართლო თან დამოუკიდებელია, (ძირითადად, რადგან მას შივასავით ყველა-პოსტზე-ხელისმომკიდე კოტე კუბლაშვილი მეთაურობს) და თან პროკურატურისაგან ცოტა დაშინებულიც (ამ მიმართულებით კოტიკო კუბლიკოს ძამიკო პალიკო მუშაობს, რომელიც არქივში თეა წულუკიანის მამის დოსიეს ადგენს გულმოდგინედ. თუ მამით ვერ აისრულეს იუსტიციის მინისტრის განქიქების წადილი, მერე ბაბუაზე და პერპერაზეც ჩავლენ). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ ქართულ სასამართლოს ლამის სულ რაღაც 4 თვის წინ ვითომ 85% ენდობოდა, როგორ გინდა თქვა, რომ ახლა ეს ლამის უმწიკვლო სხეული, სადაც იგივე ხალხი მუშაობს, უცებ ასე დაბეჩავდა? ხოლო თუ იმას აწვები, რომ პროკურატურა აშინებს მოსამართლეებსო – კაცო, როცა პროკურორების ადეიშვილისეული სისტემა აბსოლუტურად არ უშვებდა პროკურორის ნებისაგან მოსამართლის ნების ოდნავ გადაცდომასაც კი (მაგალითად პირობითი სასჯელების შეფარდების სფეროში), დღეს რომ ამ მხრივ სერიოზული და თვალსაჩინო პროგრესია, ეს როგორღა ავხსნათ? კოტე კუბლაშვილი ძალიან მძიმე პოზიციაშია – მასზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული – იგი არის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული ფუნდამენტიც, კარკასიც, ქვაკუთხედიც (იმდენი თანამდებობა აქვს, დილით რომ დაიწყოს სასამართლოზე ჩამოთვლა, პროცესის გადადება გახდება საჭირო!),  და ამავე დროს, სწორედ კოტე კუბლაშვილი არის ამ ჯაჭვის – სასამართლო სისტემის – ყველაზე მოწყვლადი რგოლიც! ანუ, სხვას უნდა ამაგრებდეს და  ამ დროს თავად უდევს ფეხი ბანანის ქერქებზე. თან სულ ვენეციის კომისიის მზეს იფიცებს, და თან ისიც ხომ დაფიქსირებულია დოკუმენტებში, თავად როგორ ფეხზე დაიკიდა სწორედ ვენეციის კომისია, როცა უსამართლო სასამართლო „რეფორმა“ განახორციელა!
  3. ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში მოუწევთ სამთავრობო „კონსტიტუციონალისტებს“, თერძთუხუცეს ავთანდილ დემეტრაშვილს და იმ ვიღაც ახალაღჰყავავებულ დემაგოგს – ოთო კახიძეს… არის კიდევ ისეთი სერიოზული ძალა, როგორიც ბატონი თენგიზ შარმანაშვილია, მაგრამ ისეა მიჩუმებული იერევანში, რომ მგონი დიპლომატობაში საბოლოოდ გაცვალა და დაივიწყა პროფესიული „ბექგრაუნდი“ (ადრე კი ამ დიპლომატობაში ბევრი სხვა რამეც გაცვალა და დაივიწყა). ეს ხალხი ნამდვილად არ არის ნაცმოძრაობის პარტაქტივი, მაგრამ სწორედ მათ სიჩაუქეზეა დამოკიდებული, რამდენად მიახერხებენ სულ მალე დაწყებულ საკონსტიტუციო ბატალიებში ჯერ საზოგადოების, ხოლო შემდეგ (რამდენადაც ქართული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის დიდი იმედი გიორგი მაზმანიანის და ორგანიზაცია „ქართველი პატრიოტების“ გარდა ბევრს არ უნდა ჰქონდეს) – უცხოური ისტებლიშმენტის მხარდაჭერას! მიხეილ სააკაშვილი ადრეც საკმაოდ გულუხვი იყო საკონსტიტუციო თერძების მიმართ, და არც ახლა დაიშურებს შავი დღისთვის გადანახულ ოქრო-ვერცხლს თუ თვალ-მარგალიტს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, იმით გაცოფებული, რომ მისი და თერძების 2010 წლის გენიალური ჩანაფიქრი შეიძლება გენიალურად გაცამტვერდეს, რაიმე ცუდი კომპრომატებით დაემუქროს მათ. ყოველ შემთხვევაში ადრე მარადმღიმარი დემეტრაშვილის სულ  უფრო მჭმუნვარე შუბლი ამის განცდებს მიქმნის… თუმცა ეს ბავშვურად გაღიმებული ოთო კია ყოჩაღდემაგოგიურად, მაგრამ მაგას რა ენაღვლება, მაგის შეკერილი ხომ არ იყო კონსტიტუცია, მაგას კი შეუძლია რაღაც ეტაპზე შეატრიალოს კეხი, მაკვარანცხი ტიპი ჩანს ნამეტანი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სწორედ კონსტიტუციონალისტების ჭიდილში მნიშვნელოვანწილად გადაწყდება, ვის ექნება სერიოზული უპირატესობა. ჯერ ჯერობით ეს უპირატესობა მაინც სააკაშვილის მხარეზეა – მას ხომ არაფრის ცვლილება არც ჭირდება – ის ვარიანტი აწყობს, რაც ამჟამად წერია კონსტიტუციაში და თან მას ჰყავს თითქოსდა გაუჭრელი ჯოკერი – ბათუმში ავი თვალისაგან საგულდაგულოდ, მზეთუნახავივით გადანახული საკონსტიტუციო სასამართლო და მისი უფროსი – გიორგი პაპუაშვილი! აბა, აიწიეთ ხელი, ვის გახსოვდათ საერთოდ ეს კაცი, რომელიც ერთ დროს მიშას პირველი იუსტიციის მინისტრი იყო? არავის არ გახსოვდათ? მეც არ მახსოვდა. საერთოდ მეგონა, რომ ეკა ხოფერიას სიძეობის გარდა სხვა ოფიციალური პოსტი არც ეკავა. თურმე ნაკავება და მერე – რანაირი! და მაინც, როცა გიორგი პაპუაშვილზე და მის სერიოზულ ჯოკრობაზე იფიქრებთ, არის რაღაც ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია და ამაზე ბოლოს ვიტყვი.
  4. ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საპრიზო სამეულთან ახლოს მაინც იყოს. მერაბიშვილი ის კაცია, ვინც ყველაზე დიდხანს გაძლო ნაცმოძრაობის მინისტრად და თან ძირითადად ერთ ადგილზე – თანაც ყველაზე სერიოზულ მინისტრად! მაგრამ იგი ამავე დროს ის კაციცაა, ვინც საქართველოში ყველაზე ცოტა ხანს გაძლო პრემიერ-მინისტრად! 🙂 ვანო საკმაოდ გამოუცნობ როლს თამაშობს, რომელიც, ვეჭვობ, თავადაც აღარ იცის ბოლომდე. იყო პერიოდი, რეჟიმის მთავარი ხერხემალი იყო. მერე კი ხალხს ივანიშვილის ფარული მოკავშირეც კი ეგონა (სხვათაშორის, მეც მქონდა ეს აზრი). ვანოს ამაღლება ბევრმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ სწორედ იგი დანიშნა მიშამ „მემკვიდრედ“ (აი ეგ კი არასოდეს მიფიქრია – მიშა იმ ადგილზე, რომელიც სათავისოდ უნდა, თავის თავის გარდა არავის – თავის შვილსაც, არ დანიშნავს მემკვიდრედ!), მაგრამ მალე გამოჩნდა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო – ვანოს შსს-დან დაშორებამ მიშას, ფაქტიურად, მხოლოდ პასივები გაუმრავლა და თუ მანამდე ვანო იქნებ არც იყო ივანიშვილის თამაშში ჩაბმული, მერე კი უნებლიედ სწორედ ის გააკეთა, რაც ივანიშვილისთვის იყო სასარგებლო – ახალაიას დაარტყა…  ამჟამად მერაბიშვილს ძალიან მძიმე პოზიცია აქვს – ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ იგი თავის გუნდში ერთპიროვნულ ლიდერობას ვერ ჩაიგდებს ხელში,  მაშინ მას სწორედ ამ გუნდიდან შეიძლება მეტი საფრთხე დაემუქროს, ვიდრე ივანიშვილისაგან. რადგან ყველას – მიშას, ახალაიების, ბოკერიას და უგულავას – თვალში ვანომ მინიმუმ „ვერ ივარგა“! ვანო ახლა ნაცმოძრაობის ლიდერების უსიტყვო შეთანხმებით ჯერ სახემწუხარი პიერო-2 იყო, მაგრამ მიშამ ჩამოართვა ეს როლი, მერე კასანდრობაში შეეზიარა მიშას (ნათელხილულობს იმაზე, როგორ დაიქცევა პოლიცია, როგორ დაირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში, როგორ გამეფდებიან ქურდები…), მაგრამ ბოლოს (პასპორტაღრევის შემდეგ) უფრო მიყუჩდა და სეთურის ზებოს როლი მოირგო – ჩუმად სადღაც ზის და ნაცმოძრაობის იმედს ინახავს. მას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს – მიშისტების „ჟერმინალში“ (ფრანგული რესპუბლიკის კალენდრით – 21 მარტიდან 20 აპრილამდე) შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან უმტკივნეულოდ დაბრუნება უნდა უზრუნველყოს! ხოლო შემდეგ იქნებ ისევ პრემიერ-მინისტრობას გამოჰკრას ხელი (მიშას დიზაინით – რა თქმა უნდა მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე). როლი კი გაწერილია და შეიძლება სააკაშვილმა სულაც მარტშივე მოინდომოს ვანოს გამინისტრება (როგორ უკაწკაწებს კბილები მიშას!), მაგრამ არა მგონია, ვანო ვერ ხვდებოდეს, რომ ეს „კონსტიტუციური გადატრიალება“ ისეთ რამეში შეიძლება გადაიზარდოს, რომ ან თავი წააგოს, ან სწორედ მასზე გამოიცადოს ნაცმოძრაობის მიერ შეყვარებული და დაკანონებული სასჯელის შეკრებითობის მაქსიმუმი. თანაც ისიც ძალიან საინტერესოა, რამდენად ენდობა ვანო სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, და, სავარაუდოდ, სააპრილო სცენარის  თავშივე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ციხიდან გამოშვებული ბაჩო ახალაიას მიმტევებლობას. ამდენად, რაღაც ეტაპზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვანო ნაცმოძრაობის უპირობო (და არა მარტო ოქტომბრამდე სათამაშო) ლიდერის როლს ვერ მიიღებს, მას შეიძლება ერჩივნოს, როგორც იტყვიან – „სამიანი და ჯანმრთელობა“. ფული ადეიშვილზე მეტი ექნება ალბათ და წასვლასაც უკეთ მოახერხებს (თუ ისევ სხვა პასოპორტი არ ამოიღო გულისჯიბიდან).
  5. გიგი უგულავა გარეგნულად ყველაზე მაგრადა დგას! ადამიანი, რომელიც ოქტომბრის არჩევნების წინ ყველაზე დაჩაგრულად ჩანდა ნაცმოძრაობის ლიდერთა შორის – ახლა ფაქტიურად სააკაშვილზე მეტ რესურსებს განაგებს! მას ჯერ კიდევ 2-წლიანი მმართველობის ვადა აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რა შავად აქვთ საქმე უგულავასთან დაახლოებულ პირებს, მალე მისი დაკითხვაც არის მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში დღეს გიგი უმუშევარი ნაცბანდის მთავარი დამსაქმებელია და ქალაქის სამსახურების საბოტირებით თუ ამუშავებით გარკვეული ვაჭრობის რეზერვიც გააჩნია უმრავლესობასთან. თუმცა, მისი პირველი ნაბიჯები იმდენად მოუქნელი და ამპარტავანი იყო, რომ ვეჭვობ, ივანიშვილს უგულავასთან სერიოზული მოლაპარაკების მინიმალური სურვილი ჰქონდეს! გიგის ძალიან სერიოზულად შეეშალა, მერიისთვის თანხების და დაცვის სამსახურის გადაქაჩვების, ხოლო ჯანდაცვის პროგრამების მთავრობისათვის „გადმოლოცვის“ ფონზე „პრავების კაჩავი“ რომ დაიწყო, და ახლა მისთვის ყველაფერი ნათელია – ან ნაცმოძრაობის გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ან ცუდად ექნება საქმე. გიგი – ისევე როგორც მიშა და ვანო სევდიან სახეს ატარებს და მისტირის „დაკარგულ ინვესტიციებს“ და დაკარგულ შანსებს, 600,000 მოქალაქის სვე-ბედზეც ხშირ-ხშირად ჩივის ადრე მხოლოდ სანათესაოს და სამეგობროს ბედზე მოფიქრალი მერი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც – მიშასგან და ვანოსგან განსხვავებით გიგი სრულ „ძაძებში“ არაა და ხანდახან რაღაცეებს ხსნის, ლენტებს ჭრის, ღიმილის დემონსტრირებას ახდენს… პოზიტივსაც აწვება, მოკლედ…
  6. გიგა ბოკერია ყველაზე ჩუმადაა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მიშა იმითაა ყველაზე უფრო გათანგული, რომ გრძნობს, დასავლეთმა ისიც ისევე დაივიწყა და გადააგდო, როგორც თავის დროზე იმედების ვერგამამართლებელი შევარდნაძეო… და თუ ეს ასეა, უცხოეთის მიმართულება და უცხოელებთან ლაციცი ხომ გიგა ბოკერიას პირველადი ამოცანა იყო? – აბა სხვა რას აკეთებდა ე.წ. უშიშროების საბჭო, რომელიც სწორედ რომ მიშას უშიშროების საბჭოდ ფუნქციონირებდა?! ახლა კი ლამის 30-მილიონიანი ბიუჯეტი 2 მილიონს ქვემოთ ჩამოუყვანეს. აბა, აწი ვინ გადაუხდის ლობისტურ კომპანიებს? ბოკერიას როლი მომავალ თამაშებში არაა ბოლომდე ნათელი. არაა გამორიცხული, მან თავისი თამაში ითამაშოს, რადგან ის ცნობილი თვითნაბადი ხალხური ზოდი, ჯერ „24 საათში“, ხოლო შემდეგ ეკა კვესიტაძის აქცენტებში რომ ამოხეთქა ნათია მეგრელიშვილის „ვაიმერაექსპრესიულია“ პიროვნებით, სააკაშვილის გვერდით სწორედ იმ ხალხს ასახელებდა მუდმივად, ვინც ბოკერიას ფრთას შეადგენს და მთავარი საყვედურიც მიშასადმი ეს იყო – ამათი მიჩქმალვა და უკან გადამალვა რამ გაფიქრებინაო?! სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას როლი უფრო მისი ბენდუთკურთხეული მეუღლის ტელევიზიის ამოქოქვის შემდეგ გაცხადდება – თუ ეს ტელევიზია, ივანიშვილის განქიქების გარდა, ძირითადად მიშას რეკლამით იქნება დაკავებული, მაშინ აშკარა გახდება, რომ ბოკერიას ისევ რუხი კარდინლობა ურჩევნია ავანსცენაზე გამოსვლას. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მალე ნაცმოძრაობის რებრენდინგის გამო სწორედ მიშას გადამალვა და გიგას გამოჭენება გახდეს მომხიბვლელი იდეა?! ბოკერიას ვერც დიპლომატიას დაუკარგავს კაცი და ვერც იმას, რომ თუ ვინმე ჯერ კიდევ პოპულარულია სააკაშვილის გუნდიდან დასავლელი პოლიტიკოსებისათვის (ვილფრედ მარტენსი არ მყავს მხედველობაში), ეს სწორედ ბოკერია უნდა იყოს. ასე რომ არ ვიცი, რამდენად მოიგებს ნაცმოძრაობა ქართულ საზოგადოებასთან ბოკერიას წინ წამოწევით, მაგრამ დასავლეთში რომ კოჰაბიტაციის და მოქნილობის მის პოტენციალს უკეთ აფასებენ, ვიდრე სააკაშვილისას, ეს, მგონი, უკვე საეჭვო აღარ არის.
  7. იმისათვის, რომ პიეროებმა და კასანდრებმა საწუწუნო, სატირალი და მოსათქმელი თემების დეფიციტი არ განიცადონ, მიშასთვის აუცილებელი ხდება ირგვლივ ნაწამები წმინდა სებასტიანების არსებობა! საბედნიეროდ, ამის დეფიციტს იგი არ განიცდის, ჯერ ბაჩო ახალაიას ცოტნედ დადიანად კურთხევა მოხდა, მერე გიგი კალანდაძე და თენგიზ გუნავა იქცნენ კამელოტის კურთხეულ რაინდებად, ბოლოს ნიკა გვარამიას გაუჩნდა ჯორდანო ბრუნოს პერსპექტივები! მიშას ამ მხრივ მომავალშიც არ ექნება დეფიციტი – „ქართულმა ოცნებამ“ ტაქტიანად, მაგრამ მაინც უარი თქვა დაკითხვების და დაკავებების შეჩერების ტაქტიკაზე, რაზეც დასავლეთი საკმაოდ გამჭვირვალედ უბიძგებდა. მთავარი მიშასთვის ისაა, რომ ეს ხალხი მაქსიმალური შესაძლო იმუნიტეტით აღჭურვოს. ალბათ, ძალიან ნანობს ბაჩო ახალაიას გადაყენებას – ამით ხომ ფაქტიურად ირიბად აღიარა მისი შესაძლო ბრალეულობა! რა იცოდა, რომ მაინც წააგებდა არჩევნებს, თორემ ბაჩოს კი არ გადააყენებდა, სულაც წმინდანად გამოაცხადებდა. სამაგიეროდ, ახლა ცდილობს მაქსიმალურად – როგორც კი ვინმეს საფრთხე დაემუქრება, მაშინვე თანამდებობას ურიგებს – ნიკას – გამოძიების დაწყებისთანავე სასწრაფოდ ტელევიზია უბოძა, გუნავას – სამეგრელო-ზემო სვანეთი, გიგი კალანდაძე – დააბრუნა გენშტაბის უფროსად, თუმცა არ გამოუვიდა. ამ პირებს ძალიან სერიოზული ამოცანა ეკისრებათ: ა) უნდა დაამტკიცონ, რომ მიშიკოს შაგრენის ტყავივით შეკუმშულ არეალში მაინც რჩება ნავსაყუდლები, სადაც მისი სიტყვა კანონია, და ბ) თუკი მათ მაინც დააკავებენ, შექმნან მთელი მსოფლიოს გასაგონად მაქსიმალური ვაების საფუძველი. მართლაც, ნიკა გვარამიას დაკავებისას, ის რომ მას ინტელექტუალობასთან ერთად უკვე „დამოუკიდებელი“ (დამოუკიდებელი არა, – კვახი!) მედია საშუალების დირექტორის მანტია ჰქონდა, ამან გარკვეული როლი მაინც ითამაშა. თუმცა, როგორც ვნახეთ გიგი, კალანდაძის მოტრიალება ვერ მოხერხდა და მაინცდამაინც ამას არც ჰქონია მისთვის დამცავი ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, რომ პირიქითაც – კალანდაძე მართლაც რომ წასულიყო სასწავლებლად, იქნებ ინტერპოლი მის საძებნელად არც შეწუხებულიყო… ვნახოთ, რა მოხდება გუნავას შემთხვევაში. ვფიქრობ, მისი დანიშვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად იქ მიმდინარე საკმაოდ სერიოზული დაპირსპირების დაშოშმინებას სულაც არ შეუწყობს ხელს. საკითხავი ისაა, საერთოდ თუ შეიძლებოდა ძიებაში მყოფი პირის გუბერნატორად დანიშვნა (კალანდაძე ხომ სწორედ ამიტომ ვერ აღადგინა). თუ მთავრობა მოახერხებს იმის დემონსტრირებას, რასაც წულუკიანი და კბილაშვილი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ დანაშაულის არსებობის პირობებში ვერავითარ თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია და იმუნიტეტი ვერ იქნება, მაშინ შეიძლება ამ პიროვნებებმა სულ სხვა კუთხით შეხედონ საქმეს – პირადად მათთვის უარესი ხომ არ არის ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა? ამ კითხვის დასმის საფუძველი განსაკუთრებით მაშინ ხდება აშკარა, როცა იმ ორ თანამდებობის პირზე ფიქრობ, ვინც სადაც არ სჯობდა, იქედან სასწრაფოდ გაცლა აჯობეს – ადეიშვილზე და შაშკინზე. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს ორი მინისტრი გახდა სააკაშვილის ხელისუფლების კრახის ერთ-ერთი ნიშანსვეტი! რაც არ უნდა ივიშვიშონ მარტენსმა და სხვებმა უცხოეთში იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შესაძლოა„პოლიტიკური მოტივაციით“ აკავებს ყოფილი ხელისუფლების პირებს, ჯერჯერობით, სანამ არცერთი არაა გასამართლებული და სანამ არცერთის მიმართ პატიმრობაში უსამართლო მოპყრობის ფაქტები არ არსებობს, ძალიან ძნელია ახსნა, რატომ გაშპა ქვეყნიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი? თან ისე, რომ უფლებამოსილების მოხსნა და დამშვიდობებაც კი არ უფიქრიათ? და თუ მათი „დევნა“ უეჭველია, რატომ არ ცდილობენ ისინი, შეხვდნენ უცხოურ მედიას და მისცენ ვრცელი განმარტებები იმ ბრალეულობის შესახებ, რაც მათ მიმართ შეიძლება იყოს? ეს განსაკუთრებით ადეიშვილს ეხება, რომელიც შაშკინისაგან განსხვავებით ძალიან ცდილობს, კვალი არიოს და დაიმალოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი და მისი გუნდი ძალიან ეცდება, ადეიშვილი დაითანხმოს ქვეყანაში დაბრუნებაზე, ან იმაზე მაინც, რომ მან უცხოეთის მედიასთან დაიწყოს ინტერვიუების მიცემა და ამით ცოტა აღადგინოს ნაცმოძრაობის შელახული იმიჯი. არ ვიცი, ეს რამდენად მოსალოდნელია, მაგრამ ნაცმოძრაობისთვის ამას სერიოზული წონა მართლაც ქნება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერპოლი ცირკულარით ადეიშვილზე ძებნა გამოცხადდება, ამას ასევე ექნება სერიოზული წონა თავად ადეიშვილისთვისაც :).
  8. მედიაფრონტზე სააკაშვილის გუნდი საკმაოდ ცუდ დღეშია. „იმედი“ დაკარგეს (ერთადერთი შვება ის ვერ იქნება, რომ გიორგი არველაძის ცოლმა შეინარჩუნა თანამდებობა). ეს განსაკუთრებით მტკივნეულია იმიტომ, რომ „იმედს“, განსხვავებით „მაესტროსაგან“, „კავკასიისაგან“ და მე-9 არხისაგან, მთელი საქართველო უყურებს. რუსთავი2-მა უნდა თქვას – „ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა სინათლეო“… ნიკა გვარამია ვითომ იხტიბარს არ იტეხავს, მაგრამ მაინტერესებს, როგორ დაასაბუთებს სასამართლოზე, რომ რაც მერაბიშვილს ებაზრა, იმაში ყველაფერი პატიოსნად იყო… ნაფტალინიდან ნინო შუბლაძის ამოღება არა მგონია, საქმეს შველოდეს. თან შუბლაძე არ ჩანს ისეთი მატროსოვი, ხალხისთვის ძლივს მივიწყებული სახელი ისევ სახსენებლად რომ ემეტებოდეს და ვინ იცის, რამდენად „შეუპოვარი“ იქნება… ამ ფონზე ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი იმედები მაინც “ტაბულა ტვ”-ს უკავშირდება. სწორედ უშიშროების საბჭოს მდივნის ცნობილი თანამეცხედრის, მარადი ლიბერტარიანელის და სტრასბურგში მარად სანატრელი (თქვენ იკითხეთ, თორემ მე თუ გადავწყვეტ, მაშინვე ძალიან კარგ სამსახურს მინახავენ სტრაბურგშიო) თამარა ჩერგოლეიშვილის “ტაბულა ტვ” უნდა გახდეს როგორც ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების განქიქების ყველაზე აქტიური მოტორი, ასევე ის ასპარეზი, სადაც დარცხვენილი და პირშიჩალაგამოვლებული ნაცმოძრაობის ლიდერები თავს მართლა ლაღად იგრძნობენ და მოყოჩაღდებიან, თორემ დავით ბაქრაძის დაბნეული სახე რომ მახსენდება არჩევნების შემდეგ “პოლიტმეტრში”, ისეთი საცოდავი იყო, ლამის გული მომილბა :). თავიდან გამოკვირდა, რომ გავიგე, ღამის 8 საათიდან დილის 8 საათამდე ექნება “ტაბულას” მაუწყებლობაო, ეტყობა, მიშამ თხოვა, რომ არაფერი გამოტოვოს და შოკოლადივით  ჩაატკბარუნოს დეპრესიის მოსახსნელად. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს ახალგაზრდულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. მიშას ყველაზე დიდი კრახი ხომ ბოლო არჩევნებზე ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და ლამის 100%-ში საპროტესტო მუხტი იყო. ვიღაცამ დაწერა ფეისბუქზე (სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ ვინ) – “ტაბულა ტვ”-ს სლოგანი იქნება „სისტემა უნდა დაინგრესო!“ 🙂 ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩერგოლეიშვილის სამიზნე აუდიტორია ახლა „ზაოგადსტატისტიკური ჟუჟუნადან“ ზოგადსტატისტიკური თინეიჯერი გახდება. საინტერესოა, ჩერგოლეიშვილის ფონდის მთელი გამგეობა გადმოერთვება ტაბულა ტვ-ს ამოსაქოქად? გასაგებია, რომ ბენდუქიძის ფულები შეუცვლელია და ლიფონავა-დევდარიანი სერიალურ კრეატიულობას უზრუნველყოფენ, მაგრამ გიგა ზედანია, რომელიც რადიო “თავისუფლებაზე” სულ იმას ცდილობდა, პოლიტიკური თემებისთვის თავი აერიდებინა, და კინოკრიტიკოსის როლი ეთამაშა, რამდენად აუბამს მხარს პოლიტდემაგოგიაში გია ნოდიას? ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სრულიად მოულოდნელად “აიეტი” და “სილქნეტი” მგონი უარს ეუბნებიან “ტაბულა ტვ”-ს ტრანსლიაციაზე, რაც (ამ კომპანიათა მფლობელობიდან გამომდინარე) გამჭვირვალედ მოდელირებული მგონია. ალბათ, ჩი-ბი-ბი-სის (Chergo-Bendu Broadcasting Company) უნდა, ქართველი ერის მიერ სულიერი საზრდოს მოთხოვნის პროტესტით შემოგლიჯოს კარი, რომლის უბრალოდ შემოღება არაეფექტური იქნებოდა.
  9. დაბოლოს, ძალიან სერიოზული როლი – კოლექტიური WE PROTESTO! პროტესტი, რომელიც ორ განსხვავებულ დონეზეა გაყოფილი – ა) პარლამენტის სცენა, სადაც ცნობილი დემაგოგები მღერიან  – გაბაშვილი, მინაშვილი, წიკლაური, ხაჩიძე, ნადირაშვილი, თარგამაძე, დარჩიაშვილი, გოგორიშვილი, თაქთაქიშვილი, ხაბაზი… ასევე ახლადშემომატებული მეც-ხომ-სოპრანოები – საჯაია და ბოკუჩავა – ურტყამენ პარტიებს და ბ) სასწრაფოდ კლონირებული მიშმადიდებელთა არმია ფეისბუქზე – თეა თუთბერიძის, ირმა გაჩეჩილაძის, თეა მიქაიას, ეკა ეკიზაშვილის და სხვა მიშმადიდებელი მანდილოსნების თამადობით, რომელთა ძირითადი ფუნქციაა მარად ამრავლონ ან გამოიგონონ ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია („დენი არ არის!“, „შუქი არ არის!“, „გაზი არ არის!“, „პატრიოტიზმი არ არის!“, „გართობა არ არის!“, „ფეიერვერკი არ არის!“, „ლენტის გაჭრები არ არის!“ „კუტუნიო არ არის!“… არ გამიკვირდება – „თბილი წყალი არ არის!“… :), და თავისი მარადიული პრუტუნით და ლაილაით აუტანელი გახადონ ფეისბუქზე იმ პირთა კედლებზე დისკუსია, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში სდებენ ბრალს. თეა თუთბერიძის განსაკუთრებული ფუნქციაა საკუთარ თავის მიმართ ისეთი აგრესიის გამოწვევაც, რამაც შეიძლება ვინმეს მისდამი ფიზიკური შეურაცხყოფის პროვოცირება მოახდინოს. რაც სააკაშვილის რეჟიმს მალე შეიძლება მართლა შეიძლება დაჭირდეს, ეს იქნება რომელიმე მხარდამჭერის ნაგვემი და ნათრევი სხეული, რომელსაც მთელი მსოფლიოს სანახებლად საზეიმოდ გამოფენენ, რათა „მხსნელი და ბრძენი“ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნა ქვეყნის გადარჩენის უალტერნატივო ნაბიჯად შერაცხონ. ამიტომ, ნებისმიერი შემთხვევა პატრულის მიერ ვინმეს სადმე წაყვანის და ცემის შესახებ ძალიან სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული და დადასტურების შემთხვაში ეს პატრული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მალე ასეთი ეპიზოდზე „დაზარალებულიდან“ შეკვეთაც მოვიდეს.

შეიძლება, სულ ეს იყოს. არადა, 2-3 წლის წინ მიხუკანობაზე რიგი იდგა. პარტია 70 წლის შემდეგ აპირებდა მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრის რეჟიმში გადართვას… Sic transit gloria mundi…

კიდევ არიან ყოფილი მთავრობის პოლიტიკოსები, რომლებიც მკვეთრად ასოცირდებიან მიშასთან და ნაცმოძრაობასთან – მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, კობა ნაყოფია, ცეზარ ჩოჩელი… სხვებიც, და რაც მთავარია, – დავით ბაქრაძე. მე მგონი, არავინ, მათი ჩათვლით, არ იცის ზუსტად, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ისინი, როცა გადამწყვეტი ბატალიების დრო მოვა. იგივე ეხება გიორგი პაპუაშვილსაც, რომელიც ყოველთვის იმას ასრულებდა, რაც მიშას სურდა, მაგრამ ტექტონიკური ცვლილებებისას ხანდახან გადარჩენის ინსტიქტი სჯობნის მსახურების ჩვევას. განსაკუთრებით, თუ თავად არ არის ადამიანი სერიოზულ კრიმინალში გასვრილი.

და საერთოდ, არც ისაა საბოლოოდ გარკვეული, ზუსტად როდის დადგება ეს – გადამწყვეტი ბატალიების – დრო…

ჯერ ხომ არცერთი სასამართლო არ გამართულა. და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ეს სასამართლოები და რა შედეგს მოიტანს, ან როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს მის მერე, რაც ყოფილი ხელისუფლების პირების დანაშაულებზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს, ძალიან არის დამოკიდებული ისიც, რამდენად მძაფრი იქნება უკვე არავისთვის საიდუმლო ეს ბატალიები, ან – იქნება თუ არა საერთოდ ბატალიები. რადგან თუ ზემოთჩამოთვლილმა მიხუკანებმა ხალხის ფართო მასები ვერ აიყოლიეს პათოსში, მაშინ მათ მაშინ კი უკვე ფაქტად ქცეულ “უკანასკნელობას” მხოლოდ გროტესკული და ანეგდოტური ელფერი ექნება, დაახლოებით ასეთი:

–         მახსოვს, 2013-ში, ნაცმოძრაობა ჯერ კიდევ აპრილს რომ ელოდებოდა… 🙂

P.S. და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ზუსტად მოახერხებს „ქართული ოცნება“ რისკების პრევენციას და ამ, სავარაუდოდ, ბოლო სახიფათო ეტაპის გადალახვას. არის ნიშნები, რომ „ოცნებაში“ წარმატებისაგან თავბრუდახვევა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, არადა, რუბიკონი ჯერ კიდევ ფეხქვეშაა… პოლიტიკაში, როგორც ცხოვრებაში, ორი მთავარი საფრთხეა – სასოწარკვეთა/ნიჰილიზმი და გაყოყოჩება/თვითკმაყოფილება… არავინ იცის, როდის რომელი უფრო საშიში შეიძლება აღმოჩნდეს…

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s