რამდენიმე კითხვა მასწავლებელთა მომზადების, განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფციის თაობაზე


განათლების და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის მუშაობა საკმაოდ იმედისმომცემია – როგორც თავად ამ კომისიის შექმნის ფაქტი, მისი შემადგენლობაც და ისიც, რომ კომისიის მუშაობა საკმაოდ ტრანსპარენტულად მიმდინარეობს და საზოგადოებასთან აქტიურ დიალოგს გულისხმობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ 4-გვერდიანი დოკუმენტი ძალიან ზოგადია და სჯობს უფრო დეტალური სტრატეგიის გამოქვეყნებას დაველოდოთ, მაინც გადავწყვიტე, რამდენიმე ის კითხვა, რაც დამებადა, ახლავე გამეზიარებინა, იქნებ ავტორებმა  ან ამიხსნან, თუ რამეში ვცდები, ან მოიფიქრონ, რითი გაფანტონ ჩემი და ჩემნაირების ეჭვები.

 

—————————————

 

„დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება პოზიტიური დიფერენციალის

ცნებას და გულისხმობს საუკეთესო მასწავლებლების წახალისებას მრავალფეროვანი

მიდგომებით, მათ შორის, წარჩინებულთა ჯგუფების, ე.წ. Excellence Cluster-ების შექმნას. ამ

მიდგომის განსაკუთრებულობა ისაა, რომ სისტემა მთლიანად მუშაობს პოზიტივზე ანუ

დადებითისა და წარმატებულის გამოვლენასა და სტიმულირებაზე.“

 

„… განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების მქონე მასწავლებლებსა და ლიდერ მასწავლებლებს მიენიჭებათ შესაბამისი სტატუსი…“

 

–         ეს რომ წავიკითხე, გამახსენდა კითხვა – а судьи кто? („ვაი ჭკუისაგან“). ვინ გადაწყვეტს იმას, როგორ დაკომპლექტდება ეს “ექსელენს კლასტერები”? თუ, მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებს ავიღებთ და დღევანდელი რექტორები – კახა ბენდუქიძე, გიული ალასანია, გიგი თევზაძე, კახა შენგელია და სხვები თუ გადაწყვეტენ ამას, მაშინ ისევ ისე ხომ არ გამოვა, რომ კარგი ინიციატივა ცუდ შედეგს მოგვცემს? გასაგებია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სკოლას ეხება და არა უმაღლეს სასწვალებლებს. მე, უბრალოდ, პარალელი იმიტომ გავავლე, რომ სკოლებში არსებული ნაკლებ ოდიოზური დირექტორების გვარები არ ვიცი (სამიოდე ვიცოდი, უფრო სწორედ და იქედან ერთი მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს :). ხშირად გვავიწყდება, რომ საუკეთესო სურვილებით მოფენილი გზა შეიძლება ჯოჯოხეთშიც მიდიოდეს… არც „მედიის განვითარების დახმარების ფონდი“ ჟღერს ცუდად, მაგრამ თუ კომისიას სააკაშვილი ადგენს და იქ მისი კარის აპოლოგეტები დგანან, გასაკვირია, რომ ეს თითქოს და კარგი იდეა ცუდი აგრონომის და მებაღის ხელში ისევ მახინჯ ნაყოფს მოისხამს – გია ნოდია მიუკერძოებლობა დასაჯერია? ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – როგორ ხდება წარჩინებული თუ წარმატებული მასწავლებლის გამოვლენა?

 

–         ერთი ვარიანტია – მასწავლებლის მოსწავლეთა ნიშნების მიხედვით. მაგრამ ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს, რომ დღევანდელ საქართველსნაირ ქვეყანაში ამან ძალიან მახინჯი შედეგი შეიძლება მოგვცეს: თუ მასწავლებელს ეს ეცოდინება, მაშინ თავის ყველა მოწაფეს 10-იანს დაუწერს. მე თუ მკითხავთ, კარგი მასწავლებელი კი ხშირად სწორედ ის შეიძლება იყოს, რომელიც არც საუკეთესო ნიშანს უწერს ყველას, და არც – ყველაზე დაბალს.

 

–         მეორე ვარიანტი ასეთია – არსებობს სასწავლო წლის ბოლოს გამოცდები, არსებობს ერთიანი მისაღები გამოცდები, არსებობს ოლიმპიადები და სწორედ ამ შეფასებებში დაგროვილი პოზიტიური (ობიექტური – სხვის მიერ peer-assessed შეფასებული) ნიშნებით შეფასდეს მასწავლებლის კვალიფიკაცია და წარმატებულობა. სამწუხაროდ, აქაც არის ცდომილების შანსი. ზოგჯერ ყველაზე უნიათო მასწავლებლების მოწაფეები იძულებულნი არიან რეპეტიტორებს მიმართონ, და თუ მერე რეპეტიტორების მომზადებულები ერთიან გამოცდებზე ძალიან მაღალ ქულებს იღებენ, ეს არ უნდა იყოს მათი სკოლის მასწავლებლის წარჩინებულად დასახელების კრიტერიუმი (შეიძლება – სულაც პირიქით).

 

–         შეიძლება გამოვიყენოთ მასწავლებლის ანონომური შეფასება თავად მოწაფეთა მიერ. რაც ასევე ვერ იქნება ყოველთვის ობიექტური, რადგან მოწაფეთა მიერ მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და ლიბერალიზმს შორის ზღვრის გავლება ძნელია – ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი მასწავლებელი ცუდ ქულებს დაიმსახურებს, მიუხედავად მისი შესაძლო მაღალი პროფესიონალიზმისა. ხოლო ლოიალური, მაგრამ სუსტი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევს, შეიძლება საყოველთაო ფავორიტად იქცეს, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ასწავლის იგი მათ.

 

–         არის კიდევ ერთი პრობლემა, სკოლის პედაგოგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვებთან მიდგომას, მის დაინტერესებას, ზოგჯერ თამაშის ელემენტებით მის გართობასაც კი და მისი შემოქმედებითი უნარების აქტიური გამოწვევის უნარს. ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის რეფორმატორებს (განსაკუთრებით შაშკინის პერიოდის ვაი-რეფორმატორებს) ხშირად არ ესმოდათ და აქედან მოდიოდა პირველკლასელთა კომპიუტერიზაციის სასწაულის მოლოდინი, რაც აბსოლუტურად ფუჭი იმედი  იყო – პირველ კლასში კომპიუტერის დანერგვა იმაზე მეტი აბსურდი შეიძლება იყოს, ვიდრე ბოლო კლასებში კომპიუტერის არარსებობა. პირველ კლასში ბავშვებს მეტი ინტერაქცია სჭირდებათ – როგორც მასწავლებელთან, ასევე ერთმანეთთან. აი ამ შემოქმედებითი ინტერაქციის უნარ-ჩვევის შეფასება მხოლოდ განსაკუთრებული მეთოდით თუ არის შესაძლებელი.

 

–         დაბოლოს, ასევე საინტერესოა ის, ვინ ითვლება უფრო წარმატებულ მასწავლებლად – ის, ვინაც 30 ბავშვიდან 3-4 ძალიან წარჩინებული მოწაფე მოამზადა, მაგრამ დანარჩენების მომზადება დამაკმაყოფილებელ დონეს ვერ ცდება, თუ ის, – ვისაც მთელი კლასი საკმაოდ მაღალ (7-9 ქულა) დონეზე ჰყავს მომზადებული, თუმცა შეიძლება ვარსკვლავები არ ჰყავდეს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასწავლებლის წარმატების საიდუმლოზე სხვა გარეშე ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის, თავად  მოწაფეთა ზოგადი მომზადების დონე, ასევე კლასში ბავშვების რაოდენობა და სხვა… რაც არ უნდა გენიალური მასწავლებელი იყოს, როცა კლასში 35 და მეტი ბავშვია, რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევა ძალიან გაძნელებულია.

 

ყველა ამ კითხვის შემდეგ მე თავად არ მაქვს მზა პასუხი. ალბათ საჭიროა კომბინირებული შეფასების დანერგვა და თავად ეს პროცესი არ იქნება არც ადვილი და არც იაფი.

 

„პროფესიონალი მასწავლებლის დეფიციტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მთავარი

პრობლემაა. არსებულ დეფიციტს სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს: მასწავლებლის

პროფესია კვლავ არაპრესტიჟული და დაბალანაზღაურებადია. არსებული სისტემა არ

იძლევა კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პროფესიაში მყოფი ადამიანები

ორიენტირებულნი არიან მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე და არა პროფესიულ

განვითარებაზე, ხოლო ახალგაზრდა პოტენციურ კადრებს არ აქვთ მოტივაცია, საკუთარ

პროფესიად მასწავლებლობა აირჩიონ.

 

… მიზნის მიღწევა შესაძლებელია უნივერსალური და დიფერენცირებული მიდგომების ერთობლიობით გონივრულ სამუშაო დატვირთვასა და ადეკვატურ ხელფასს.

 

–         კარგად ნათქვამია. მაგრამ არსებობს ამ განზომილებების გონივრულ-ადექვატური გათვლები? 🙂

 

შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, აქტიური

მონაწილეობა მიიღონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში

(მასწავლებელთა ტრენერი, მენტორი და სხვა).

 

– ვფიქრობ, კარგი იქნება მასწაველებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებში სკოლის (შესაბამისი სტატუსის მქონე) პედაგოგების ჩართვაც – მაგალითად, რაღაც კურსი ს წაკითხვა პრაქტიკულ პედაგოგიკაში. დატვირთვა შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ ეს ამ გამორჩეული კადრების რეპუტაციას აამაღლებდა და კიდევ უფრო უზრუნველყოფდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო/საუნივერსიტეტო კადრების ურთიერთქმედებას, ამჟამად უკვე ქვემოდან – ზევით. კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული, რომ რამდენადაც პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, რა ინოვაციები და ახალი პერსპექტივებია განათლების სფეროში, ასევე თავად საუნივერსიტეტო პედაგოგიური რგოლისათვის იმის გაცნობიერებაც, – რით სუნთქავს და რა ტკივა ქართულ სკოლას.

 

საერთოდ კი, დოკუმენტი, რაც გასაგებიცაა მისი ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ კითხვას სწორედ კონკრეტიკის კუთხით აჩენს, მაგალითად, კონკრეტულად რა იგულისხმება მასწავლებლის საქმიანობისათვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებაში?

 

კონკრეტულად როგორ ფორმირდება “წარჩინებულ სკოლათა” ჯგუფი? – გასაგებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მთავრობის უმაღლეს პირებთან დაახლოებული დირექტორები იღებდნენ მეტ სახსრებს სკოლის რემონტისა და კომპიუტერების შესაძენად, თუ დიზელ-გენერატორებისა და გათბობის სისტემების დასამონტაჟებლად. ამ სახსრების გარკვეული ნაწილი შეიძლება ან დირექტორების ჯიბეში ილექებოდა, ან პოლიტიკოსთა უკუგებისათვის, ამის სანაცვლოდ დირექტორები უზრუნველყოფდნენ ნაცმოძრაობის საარჩევნო კოორდინატორების ინტეგრირებას სკოლაში და მათ სახელფასო უზრუნველყოფას, ხოლო არჩევნების დღეს – კომფორტული გაყალბების პირობებს. რა იქნება ამის მაგიერ, როგორ ავარჩევთ წარჩინებულ სკოლას?

 

მიუხედავად ამ კითხვებისა, მადლობა მინდა ვუთხრა რეფორმის ჯგუფს და წარმატებები ვუსურვო. მართალია, კრიზისის დაძლევის პირველი გასაღები ეკონომიკაში უნდა ვეძიოთ, მაგრამ ჩვენი საბოლოო გამარჯვების ყველაზე სერიოზული ფაქტორი სწორედ განათლება უნდა გახდეს. როგორც ნელსონ მანდელას უთქვამს, „განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომლითაც შეგიძლია მსოფლიო შეცვალო.“

skola



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s