ლევანმაისურაძეობის მოკრძალებული ხიბლი – რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტი


საკმაოდ გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ადამიანი გაკვირვებული კითხულობს იმას, თუ რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი.

რა თქმა უნდა, არ მიკვირს, როცა ამას კითხულობენ მიხეილ სააკაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი ვაშაძე (ვისაც მშვენივრად უნდა ახსოვდეს ამ პასპორტის გაცემის დღეც კი) და სხვა „წმინდანები“. მათ სწორედაც რომ უნდა იკითხონ, მხრები უნდა აიჩეჩონ, აღშფოთდნენ („რას გვიშვება ეს მთავრობა?!“), ირონიულად იქირქილონ, უცხოელების წინაშე ჩაგრულის მანტია მოისხან, ეკლიანი გვირგვინი დაიდგან და ამით კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი „პირუთვნელი“ იმიჯი.

მაგრამ ნამდვილად მიკვირს, როცა ამას კითხულობს ის ხალხი, ვისაც ზემოთჩამოთვლილთა „წმინდანობაში“ ეჭვი კარგა ხანია ეპარება…

მე პირადად, რამდენიმე ვერსია მაქვს იმის ასახსნელად, თუ რად უნდოდა ვანო მერაბიშვილს ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და იმისთვისაც, როგორ აღმოჩნდა ეს პასპორტი აეროპორტის საპასპორტო კონტროლის მორიგის ხელში.  ნამდვილად მიჭირს იმის მტკიცება, რომელი ვარაუდია ზუსტი, და იმაზეც ვერ დავდებ თავს, რომ სხვა ვარაუდი უფრო სწორი არ იქნება, მაგრამ გაზიარებით (გაკვირვებულებსაც და ჩაფიქრებულებასაც)- სიამოვნებით გაგიზიარებთ.

  1. ნაციონალურ მოძრაობას ისეთი დღეები დაუდგა, რომ შაშკინის და თუნდაც, სავარაუდოდ ნაცემი, ზურა ადეიშვილის ბედი ბევრს სანატრელი აქვს. მართალია, მიხეილ სააკაშვილს გაუჭირდება (პლასტიკური ქირურიგიის გარეშე) მსოფლიოში დამალვა, მაგრამ ყველა ზემოთჩამოთვლილ პიროვნებას, ალბათ ნაკლები შანსი აქვთ, რომ რომელიმე სან ტომე და პრინსიპის, თუ ბერმუდის კუნძულებზე, ან – სულაც აბუ დაბისა და მალაიზიის აეროპორტში მათ ფოტოპასპორტს მესაზღვრე დახედავს და გულაჩუყებული შესძახებს – „გოჩა, დაღიანო!“ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებს არაერთი პასპორტი გააჩნიათ, რომელთა უმრავლესობა 2-დან 25 ოქტომბრამდეა გაცემული, თუმცა, გაცემის თარიღად, ასე მგონია, რომ სულ სხვა პერიოდი იქნება მითითებული.
  2. როგორ გგონიათ, რა ქონების პატრონია გაღლეტილი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც, მისივე სატელევიზიო აღიარებით, არ იცოდა – თავისი ხელფასი რაში დაეხარჯა? გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მარტო ნარკოტრეფიკიდან (როდესაც წლების განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს აღარ ნახულობდნენ, ხოლო საქართველოდან გასული ტონობით ნარკოტიკი არაერთხელ დაუკავებიათ თურქეთის, ბულგარეთის და უკრაინის პორტებში) ბ-ნ ვანოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უნდა დალექოდა სადმე. შემოსავლების მეორე წყარო იყო ნინო ზურიაშვილის წყალობით კარგად გაცნობილი მინისტრის მეგობარი – ლუხუმ კაპანაძე და მისი ფირმები, რომლებიდანაც ასევე მრავალი ათეული მილიონიც, სავარაუდოდ, ბატონი გაღლეტილისაკენ მიედინებოდა. ვანო მერაბიშვილი განაგებდა იმ ფონდებს, რომლითაც საქართველოს მთავრობა თუ უცხოეთი 2008 წლის ომის შემდეგ ლტოლვილებს სახლებს უშენებდა, ხოლო ამ ფონდების მიერ აშენებული ათასობით სახლის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიებს ოფიციალურად დაფიქსირებული თანხების ნახევარიც კი არ მიუღიათ! სავარაუდოდ, ესეც რამდენიმე ათეული მილიონი ლარია! – ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ამ თანხებს სადმე შენახვა არ უნდოდა? რა თქმა უნდა ამდენი ფულის მუთაქებში შენახვა დივან-სარაის პირობებშიც კი გაჭირდება🙂. სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის ლიდერებს სხვა პირებზე გაცემული ყალბი პასპორტები, ძირითადად, სწორედ, უცხოეთის ქვეყნებში ამ ფიქტიურ პირებზე ძალინ სერიოზული საბანკო ანგარიშების გასახსნელად სჭირდებოდათ! რატომღაც მგონია, რომ ეს ანგარიშები  ისეთ ქვეყნებში უნდა იყოს, როგორიცაა ემირატები, ჩინეთი, ოფშორული ზონები და ჩვენი უახლოესი მეზობლები – თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. წარმოიდგინეთ,   რომელიმე არარატბანკის რომელიღაც განყოფილებაში მენეჯერის სიხარული, როცა ვინმე ლევან მაისურაძე რამდენიმე მილიონ დოლარს შეიტანს დეპოზიტზე.  არც ქუვეითის ან თურქეთის ბანკებში იქნებიან ნაწყენი და, არა მგონია, ზედმეტი ჩხრეკა დაუწყონ მოქ. ლ. მაისურაძის ნაკვთებს რომელიმე უცხოელ „გაღლეტილთან“ ფეისკონტროლის მიზნით.
  3. არაა გამორიცხული, რომ რაიმე საეჭვო გადარიცხვები უცხოეთში – იარაღის თუ რაიმე სხვა არგასახმაურებელი საქონლის შესაძენად ასევე ყალბი პასპორტის გამოყენებით ხდებოდეს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ვინმე „ლევან მაისურაძეები“ ურიცხავდნენ ფულს ისეთ „ხელისხელ საგოგმანებ“ „ოპოზიციონერებს“, როგორებიც იყვნენ გიორგი თარგამაძე, პადოშა თორთლაძე, ბაჩუკი ქარდავა და პაატა დავითაია. არ გამოვრიცხავ, ინგა გრიგოლიას ლონდონში განათლების ფულიც სწორედ ვინმე „ლევან მაისურაძეს“ გაეღო!
  4. არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები ვინმე ისეთებს ხვდებოდნენ საზღვარგარეთ, რომ ამის გახმაურება არცერთ მხარეს არ ნდომებოდა. ამიტომ ძალიანაც მოხერხებული იქნებოდა, თუ თბილისიდან ბუქარესტში, მალაგასა თუ როსტოვში ჩავიდოდა არა ხერხემალი ვანო, არამედ ვინმე „ლევან მაისურაძე“, რომელსაც თავისუფლად შეეძლო არა მარტო ლუკაშენკოს მინისტრებთან შეხვედრა, არამედ სულაც პუტინის ემისრებთან, ან – ჰამასის ოფიციალურ პირებთან…

სწორედ ეს ოთხი ვერსია – დამალვა, ფულის შენახვა, საიდუმლო ფინანსური ოპერაციები და საიდუმლო შეხვედრები – მგონია, ვანოს გალევანმაისურაძეობის შესაძლო მიზეზ(ებ)ი.

ახლა რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა, რომ ლევან მაისურაძის საიდუმლო, ყალბი პასპორტი თბილისის აეროპორტის მესაზღვრეთა ხელში აღმოჩნდა.

5. როგორც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურის ისტორია მეტყველებს, უშეცდომო არავინაა – sh…t happens! თუ აბელს, ფიმ კლიბის და შტირლიცს მოსვლიათ შეცდომები, ვანო მერაბიშვილიც არ იქნებოდა დაზღვეული ამისგან. დიდი შანსია, რომ როცა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლის მიერ სამთავრობო დელეგაციის პასპორტების მოგროვება მოხდა, მერაბიშვილმა შეცდომით სულ სხვა პასპორტი მიაწოდა და იმ დალოცვილმა წარმომადგენელმაც არ ჩახედა – დიდ ხერხემალს ხომ არ გადაამოწმებდა.

6. ვერ გამოვრიცხავ, რომ პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმა შეცდომით (ან – შეგნებულადაც!) მიაწოდა ყალბი დოკუმენტი საპასპორტო კონტროლის გასავლელად, მერაბიშვილის იმ ორივე დოკუმენტიდან, რომელიც შეიძლება სულაც მას ჰქონდა.

7. მოდით, ნუ დავჩაგრავთ იმ ვერსიასაც, რასაც ნეტარი ირმა ნადირაშვილი და უნეტარესი მიხეილ სააკაშვილი აწვებიან, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა და ვანოს ყალბი პასპორტი „ჩაუდეს“.

8. კახი კახიშვილმა გააჟღერა ძალიან საინტერესო ვერსია, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად იყო დაგეგმილი ნაცმოძრაობის ლიდერთა მიერ, რათა ყალბი დოკუმენტის წარდგენას მოჰყოლოდა მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება, სამთავრობო ვიზიტის ჩაშლა და ერევნის ტრიბუნის 100%-ით გოდების პიარისათვის გამოყენება – დევიზით: „ნახეთ, რა შეგვითითხნეს! ნახეთ, რისთვის დააკავეს ჩვენი ქვეყნის ხერხემალი და რეფორმების ჰანიბალი!“

მოდით, განსაკუთრებულად განვიხილოთ ბოლო ორი ვერსია, რადგან 5 და 6-ის ლოგიკურად ახსნა რთულია. მე-6 ვერსიის ის ვარიანტი, რომ ყალბი პასპორტი პროტოკოლის სამსახურის მოხელემ მიაწოდა აეროპორტის სასაზღვრო პოლიციას, სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება, რაზეც მერაბიშვილის დაცვა ეცდება საბოლოოდ შეჩერდეს, მაგრამ  მეეჭვება მათ ამის დადასტურება შეძლონ.

თუ მე-7 ვერსია იქნებოდა სწორი, სავარაუდოდ, ის შედეგი არ უნდა დამდგარიყო, რაც დადგა – მერაბიშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეშვათ აეროპორტის შენობიდან და ერევნის მაგიერ მთავარ პროკურატურაში უნდა მიებრძანებინათ! ფაქტია, რომ შსს და პროკურატურა ამ გამაოგნებელ ფაქტს სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ, არავითარი სასწრაფო განცხადებები არ გაკეთებულა, აეროპორტში ძალოვანთა კონცენტრირება და მერაბიშვილის დაკავების მცდელობა კი, – არა დელეგაციის ერევანში გაფრენის წინ, არამედ – დელეგაციის დაბრუნებისას მოხდა. ისიც უშედეგოდ, რადგან მერაბიშვილმა სავარუდოდ, აეროპორტი პრეზიდენტის კორტეჟით დატოვა და პრეზიდენტის კორტეჟის შეჩერების მცდელობას ძალიან მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამდენად, ძალიან ალოგიკური ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და შსს-ს ვანოსთვის ეს ყალბი პასპორტი „ჩაედოთ“ და ამ ფაქტის სასწრაფოდ და მაქსიმალური სარგებლით გამოყენებაზე არ ეფიქრათ! წესით, ეს a-la Soso Topuridze ვარიანტი ზუსტადაც რომ საკარნავალო გაგრძელებას – აეროპორტში წულუკიანის, ღარიბაშვილის და კბილაშვილის ერთდროულ გამოჩენას და გასკვანჩული მერაბიშვილისათვის კამერების წინ – „თქვენ დაკავებული ხართ!..“ და მისი უფლებების შესახებ ფრაზების ჩამღერების კლასიკურ სიუჟეტურ ხაზს მოითხოვდა. ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდის მხრიდან ასეთი განვითარების ხაზი ყოფილა გამოყენებული. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა  და ვანო მერაბიშვილი ფაქტიდან მეორე დღეს – 1 დეკემბერს დაიბარეს დაკითხვაზე.  მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მსჯელობა საბოლოოდ არ გამორიცხავს დასახელებულ ვერსიას, თუმცა, ძალიან ალოგიკურია, თუ ქართული ძალოვნები ამ ფაქტს თვითონ ამზადებდნენ და მერე მისი ჩაკვრა თონეში მხოლოდ გაცივების შემდეგ დაიწყეს.

განვიხილოთ თითქოს ყველაზე უფრო მწყობრი – მე-8 ვერსია – რომ მერაბიშვილმა სპეციალურად წარადგინა ყალბი პასპორტი, რათა მისი დაკავება სააკაშვილის პიარ-მანქანისთვის ფანტასტიურ საჩუქრად ექციათ. მართალია,  თავდაპირველად მეც დავეთანხმე ბატონ კახის, რომ ეს სწორედაც ასე უნდა ყოფილიყო, მოვლენების შემდეგი განვითარება ამას არ ადასტურებს:

ა) მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მიერ მერაბიშვილის დაკავება არ მოხდა და თუ ეს უნდოდათ კიდეც სააკაშვილს და მერაბიშვილს, მათ თითქოს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ნაცმოძურ ოპოზიციას მაინც შეეძლო მეორე წრეზე წასვლა – ერევანში მათ უახლოეს და ფიცვერცხლნაჭამ ვილფრედ მარტენსისათვის, ასევე –  სომხეთის პრეზიდენტისათვის ამ „აღმაშფოთებელი ფაქტის“ შესახებ ინფორმაციის  მიწოდება – „წარმოგიდგენიათ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყეს ყალბი პასპორტი ჩაუდეს! ალბათ, რომ დავბრუნდებით, დაიჭერენ კიდეც ეს დემოკრატიის მნგრეველები!“ და მერე იმის მცდელობა, რომ მერაბიშვილი დაბრუნებისას მართლაც დაეჭირათ. მაშინ იგი აეროპორტიდან საპრეზიდენტო კორტეჟით კი არ უნდა გამოეყვანათ, არამედ ლამის თაფლწასმული (ამდენი ცოტნე დადიანი ნამეტანია, მაჭკატ!) უნდა გამოცხადებულიყო  საპასპორტო კონტროლზე და ირონიულად გამოეწვია საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. სინამდვილეში კი არ დასტურდება, რომ ეს ასე მოხდა. არც ვილფრედ მარტენსის და არც სერჟ სარქისიანის მხრიდან რაიმე აღშფოთებული განცხადებები ჯერ არ ყოფილა (ახლა, რომ მოტვინავს მიშა, ალბათ იქნება კიდეც)

ბ) თუ ეს ყველაფერი სააკაშვილის გუნდის მიერ ასე მოფიქრებული და დადგმული იყო, მერაბიშვილს შსს-ში დაკითხვისას კი არ უნდა ეთხოვა, ჩემი დაკითხვა არ გადაიღოთო, არამედ თავად მიეყვანა იქ გადამღები ჯგუფი და მთელი მსოფლიოს წინაშე ემილ ზოლასავით უნდა ეძახა – J’accuse! – „მე ბრალს ვდებო!“ (ცოტა ნამეტანი კი მომდის ვანოს ზოლასთან შედარება, მაგრამ ვერ ვძლიე ცდუნებას!🙂. არადა, მერაბიშვილი საკმაოდ აღელვებული და განერვიულებული ჩანდა და ეს ხვითოსავით ჩავარდნილი შანსი არ გამოიყენა, რითაც მიშაც და მსოფლიო პრესაც გაწბილებული დატოვა.

გ) პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების განცხადებებიც იმაზე უფრო მოზომილია, რაც, ალბათ უნდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი მათ რომ დაედგათ. სულ ცოტა ამას უნდა მოჰყოლოდა დიპლომატიურ კორპუსთან მრისხანე შეხვედრა და ესქილეს და სოფოკლეს გმირების დონეზე აყვანილი თეატრალური ტრაგიზმი.

მერაბიშვილის პრობლემა იმაშია, რომ მას შეიძლება აწყობდეს კიდეც ნაწყენი და უსამართლოდ დამცირებული გმირის როლი და თუ ქვეყანას სასწრაფოდ გაარიდებს თავს, შეუძლია სცადოს, აიცილოს ის გაცილებით მძიმე ბრალდებები, რაც გირგვლიანის, გამცემლიძის, 7 ნოემბრის, 26 მაისის, ასევე მისი მეგობარი ლუხუმ კაპანაძის ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისათვის შეიძლება წარუდგინონ. მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობის „ტიტანიკზე“ გაყურსულ „პოლიტიკოსებს“ არ უნდა აწყობდეთ. მათთვის ხომ ვანო აქამდე ბოლო მხსნელ გმირად რჩება…

ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ პასპორტგეიტს🙂

vano deep



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s