სამართლის მოლოდინში


საქართველო ყოველთვის იყო პარადოქსების ქვეყანა და ახლა – განსაკუთრებით.

რეჟიმი, რომელიც თავის თავს 50-70 წლიან ჰეგემონიას უწინასწარმეტყველებდა, მალე ჩვენ თვალწინ შეიძლება დაიშალოს.

ნაციონალურმა მოძრაობა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნები ისე გამანადგურებლად მოიგო, რომ არცერთ რაიონში არ წაუგია, ახლა მაჟორიტარული ოლქებშიც კი დამარცხდა, ხოლო იმ ოლქებში, სადაც მაჟორიტარული არჩევნები დარღვევების გამო განმეორებით ჩატარდა, საერთოდ ფიასკო განიცადა. აშკრაა, რომ თუ დღეს საქართველოში ისევ ჩატარდება არჩევნები, ნაცმოძრაობის რეალური რეიტინგი 20%-ზე დაბალი იქნება.

გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ აკონტროლებს მთავრობას და სამინიტროებს, თვით იმ კუნძულებზეც კი, სადაც მისი ჰეგემონია ფორმალურად არ დარღვეულა, კოროზია აშკარაა. პარლამენტში ნაცმოძრაობის სიით გასული 65 დელეგატიდან 6-მა დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა. კიდევ 5 დეპუტატი თავს არიდებს პარლამენტში გამოცხადებას და თავისი განწყობების დაფიქსირებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტს მალე 3 მაჟორიტარი დეპუტატი (წულუკიანი, კალაძე, კბილაშვილი) დატოვებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ხმათა შეფარდება  82/65-ზე გახდა,  ხოლო პარლამენტის 2/3 უკვე 98-ს შეადგენს. აბსოლუტურ უმრავლესობამდე დარჩენილი 16 ხმიდან „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციის 6 ხმის იმედი. ამდენად, პრეზიდენტის და უზენაესი სასამართლოდ თავ-რის იმპიჩმენტამდე, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, მხოლოდ 10 საჭირო ხმა არის დარჩენილი.

გარდა ამისა, ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა საერთოდ ფანტასტიური ფაქტები – საკრებულოებსა და გამგეობებში ქართული ოცნების მხარეს გადადიან ნაცმოძრაობის აქტივისტები და ნელ-ნელა „გაოცნებება“ თვითმმართველობის დონეზეც შეიძლება მოხდეს. ხოლო საერთოდ ფანტასტიური რამ მოხდა ახლახანს სააკაშვილ-კუბლაშვილის სამკვიდროს  ციტადელში – თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლის მოსამართლემ სააკაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი, ყველაზე დიდი ღირსებებით შემკულ მინისტრად დასახელებული ბაჩანა ახალაია გირაოთი არ გაანთავისუფლა და  2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა… თანაც, ეს მოსამართლე, როგორც იმბობენ, ისეთთა რიგებიდანაა, სააკაშვილის რეჟიმს ადრე დედის დაპატიმრება რომ დაევალებინა, უყოყმანოდ აღასრულებდა ამას…

არადა, არჩევნების წაგების შემდეგაც კი, ნაცმოძრაობის საქმე მძიმედ კი, მაგრამ უიმედოდ არ ჩანდა. ნაცმოძი პრეზიდენტი, მას შემდეგაც კი, რაც ძალოვან მინისტრებზე ჭიდაობაზე უარი განაცხადა, სერიოზულ ძალებს ფლობდა – მთელი ქვეყნის თვითმმართველობა, თბილისის მერიისა და საკრებულოს ჩათვლით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ორი ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი ერთგული „დამოუკიდებელი“ ტელევიზია, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი, და, რაც მთავარია – უზენაესი სასამართლო და მოსამართლეთა მთელი კორპუსი, რომელთაც კიდევ კარგა ხანი არ უწევთ გადარჩევა… პრეზიდენტის ხელში ასევე რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორიცაა უმაღლესი მთავარსარდლობა (ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?!) და შეწყალების ინსტიტუტი. ასევე 2013 წლის აპრილის 30 დღის განმავლობაში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის დამოკლეს მახვილი.

მაგრამ პირველი სერიოზული ნაპრალი, რომელიც ნაცმოძრაობის, ჯერ კიდევ, თითქოსდა, მონოლითურ კედელს ძირში გაუჩნდა და ტექტონიკური რღვევა გამოიწვია, იყო სააკაშვილის რეჟიმის მთავარი ბურჯების ქვეყნიდან გაქცევა!

წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილს, რომელსაც არჩევნების შემდეგ, მართალია, წაგებულის, მაგრამ მაინც ლამის ისევ გაშუქურებული დემოკრატის დაფნის გვირგვინი ერგო, კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორც დასავლური პოლიტიკოსების, ასევე – რიგი საერთაშორისო სტრუქტურების მხარდაჭერა, მაგრამ მისი იმიჯისთვის უმძიმესი იყო ქვეყნის იმ პოლიტიკური ელიტის გვარების შეხსენება, ვინც ქვეყნიდან გაიქცა – იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი (რომელზე იდგა სააკაშვილის „სამართალი“, ბიზნესების კონტროლი და ფარული სალარო, იუსტიციის და პროკურატურის მთელი სისტემა, და ასე ყბადაღებული და ლამის მსოფლიო მაშტაბის ინოვაცია – „იუსტიციის სახლები“), თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი (რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების და განათლების მინისტრი იყო), მისი მოადგილე დავით (დათა) ახალაია, და მისი უცნობილესი ძმა, შინაგან საქმეთა,  თავდაცვის და სასჯელაღსრულების ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა (რომელიც წესით, ციხეებში წამების საქმეზე დაკავებული უნდა ყოფილიყო), შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნები მეგის და ლევან ქარდავები, გურგენ დონაძე და სხვები… ქვეყნიდან გარკვეული დროით და გაურკვეველი მიმართულებით გასული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც.

სააკაშვილის ყოველი ცდა, რომ მხნე იერი შეენარჩუნებინა და საკუთარი მომხრეები გაემხნევებინა („ჩვენ ჯადოქრები ვართ და ჯერ კიდევ ბევრი რამ მოხდება“) სწორედ ამ პრობლემას ეჯახებოდა მყისიერად!

–         რატომ უნდა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან ყოფილი დიდჩინოსნები, თანაც ფაცხაფუცხით და ჩუმად, თუ მათ არაფერი ჰქონდათ დაშავებული?

–         როგორ უნდა დაეჯერებინათ, თუნდაც ნაცმოძრაობის მომხრეებს, რომ 6 თვეში სააკაშვილი ისევ დაიბრუნებდა ქვეყნის მართვას, თუ მისი უერთგულესი კადრები ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ საქართველოდან?

–         როგორ შეიძლება, ქვეყანა რუსეთთან დე იურე ომის მდგომარეობაში მყოფად მიგაჩნდეს და შენი თავდაცვის ექს-მინისტრი მიამიტურად იცინოდეს, მერე რა მოხდა, თუ ქვეყანა დავტოვე და ამერიკაში გადმოვბარგდიო?

მოკლედ, სააკაშვილი ალბათ ბევრს ცდილობდა და ეცდება, რომ ეს სამარცხვინო ლაქა ჩამოეშორებინა. გაქცეული და განდგომილი „თანამებრძოლის“ პრობლემის გადაჭრის ორი ტრადიციული გზა არსებობს: მისგან გამიჯვნა, რაც ახლა აშკარად ვერ გამოდგება, რადგან ისეთი ხალხი იყო გაქცეული, მიშას რომ მათზე ქებით და ტრაბახით ენა არ ეღლებოდა, თანაც ოქრუაშვილის ანალოგიური მაგალითისგან განსხვავებით, ამათზე ახლა რაღაც საქმეების გამომზეურებას,ალბათ, აზრი არ ექნებოდა – ხალხი (ქართველიც და უცხოელიც) იტყოდა, თუ ეგეთი საზიზღრები იყვნენ, რატომ მანამდე არ გვითხარი ეგ ყველაფერიო!    მეორე გზა უფრო მომხიბლავად ჩანდა – ამ გაქცეულთა თანდათანობითი მობრუნება საქართველოში, ვითომც არაფერი ყოფილა! გადაიღალნენ, ბატონებო ამდენი პოლიტიკური ბატალიებით, წავიდნენ, თვალს წყალი დაალევინეს, დაისვენეს  და დაბრუნდნენ – არ გარბიან, რა აქვთ გასაქცევი, ყველა კითხვას მშვიდად და დამაჯერებლად უპასუხებენო!

სავარუდოდ, სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, მისი ახლობლები რომ გარბოდნენ, მაგრამ მაშინ ვერ გაუბედა შეჩერება, რადგან თავად პრეზიდენტის იმუნიტეტი იცავს, ხოლო ამათ კი, მისი დურაქული ნაბიჯების გამო, საპარლამენტო მანდატიც კი ვერ ერგოთ (წარმომიდგენია, როგორ ირტყამენ თავში ხელს ნაცმოძრაობის ბონზები, რომელთაც პარლამენტის სიაში ადგილები მარიამ საჯაიას, ზურაბ ჯაფარიძეს, თინათინ ბოკუჩავას, სერგო რატიანს, ირმა ნადირაშვილს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, და სხვა „ახალ სახეებს“ დაუთმეს! თუ „ქართული ოცნება“ თავად ნაცმოძრაობის ტაქტიკას გაიმეორებდა და კბილის წილ კბილს დაუბრუნებდა, ადვილი მოსალოდნელი იყო, დღეს ყველა გაქცეული პირი ვირის აბანოში გვეხილა. ამიტომ სააკაშვილი მათ გაქცევას წინ ვერ აღუდგებოდა.

მაგრამ გავიდა ერთი თვე და მიშამ, სავარაუდოდ დაუწყო ხვეწნა (არ გამოვრიცხავ, მუქარაც დაიწყოს), რომ თანამებრძოლები დაბრუნებულიყვნენ. ლოგიკა ასეთი იყო – „სჯობს დაბრუნდეთ ახლა, თუ არ გინდათ, რომ ვეღარასოდეს დაბრუნდეთ!“

პირველი ამ მოწოდებას ბაჩო ახალაია დაეთანხმა. მართალი გითხრათ, არ მაქვს ზუსტი პასუხი იმაზე, რამ განაპირობა მისი ასეთი ნაბიჯი, მაგრამ შევეცდები, ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ:

  1. ბაჩო ახალაია, შაშკინისაგან და ადეიშვილისაგან განსხვავებით, არის ის პიროვნება, ვინც უცხოეთში ადვილად თავშესაფარს ვერ იშოვის. როგორც უკვე აღნიშნა ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ – პატიმრების არნახულ წამებასა და გაუპატიურების სისტემის დანერგვაზე თუნდაც ეჭვის არსებობა, და თანაც – იმის ფონზე, რომ ახალაიას სახელი 2007-2008 წლებში არა არტო საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში, არამედ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც ხვდებოდა ძალაუფლების გადამეტების და პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის (ციხის ბუნტის) გამო, თითქმის გამორიცხავს იმის შანსს, რომ ახალაია ამერიკის და დასავლეთ ევროპის ლიდერებმა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის ღირსად ჩათვალონ. მეტიც, მას უბრალოდ ვიზის მიღების პრობლემაც კი შეიძლებოდა შექმნოდა, ხოლო ინტერპოლის ცირკულარში მოხვედრის შემთხვევაში, უეჭველად მისი საქართველოში დეპორტაციაც მოხდებოდა. სწორედ ამიტომ, ახალაიამ, მისივე დასტურით, არა ამერიკას ან დასავლეთ ევროპას, არამედ თურქეთს მიაშურა.
  2. ბაჩო ახალაიას მსგავსად, სავარაუდოდ, თურქეთს აირჩევდნენ ადგილსამყოფლად მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და წამებაში ეჭვმიტანილი სხვა პირებიც. მაგრამ მათგან განსხვავებით, ბაჩო და დათა ახალაიებს ერთი უზარმაზარი პრობლემა აქვთ – მათი სავარაუდო მონაწილეობა ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვასა და სისხლიან ფინალში. როგორც ჩეჩნების, ასევე ქისტების მხრიდან უკვე არაერთხელ გაიჟღერა (ბოლოს – გადაცემა ”პოლიტმეტრში” მექა ხანგოშვილმა გაახმაურა), რომ ბაჩო ახალაიას (ან – ორივე ძმას) არ ეპატიება ის, რაც მათ ამ ხალხის შვილებს გაუკეთეს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩეჩნების ყველაზე დიდი დიასპორა სწორედ თურქეთშია. ამდენად, ახალაია, თურქეთში კიდევ უფრო დაუცველი იქნებოდა, ვიდრე თბილისში. თან თუ თბილისში მას ციხე ემუქრებოდა, თურქეთში – გაცილებით უარესი აღსასრული. ვფიქრობ, ეს საკმაოდ წონადი არგუმენტია, მით უფრო, თუ გავიხსენებთ იგივე მექა ხანგოშვილის მიერ მოყვანილ მაგალითს – რუსულ ციხეში ჩეჩენი გოგონას მოკვლისათვის 8 წლის გამტარებელ მაიორ ბუდანოვსაც კი ჩეჩნებმა ბრალი არ აპატიეს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში მოსკოვში ჩაცხრილეს.
  3. მიხეილ სააკაშვილის არგუმენტები, დათა ახალაიას დასაბრუნებლად რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა. მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო კოტე კუბლაშვილის ხელშია, მიშა ალბათ დაჰპირდა ბაჩოს, რომ სასამართლო (თუ ქვედა დონეების არა, უზენაესი – მაინც) მას უეჭველად გაამართლებდა. ხოლო თუ ესეც ვერ მოხდებოდა, თავად პრეზიდენტი გამოიყენებდა უკვე გასამართლებული პატიმარ ახალაიას შეწყალების უზენაეს უფლებას! თან ასეთი შეწყალება ახალაიასთვის ინდულგენცია იქნებოდა – შემდგომში ქართული მართლმსაჯულება იმავე ბრალდებით მას ვეღარ გაასამართლებდა. ასე რომ, სააკაშვილის მიერ შეთვლილი ვერდიქტი საკმაოდ ჰგავდა იმას, რაც მუშნი ზარანდიამ დათა თუთაშხიას გამოუტანა – ბაჩო უნდა ჩამჯდარიყო 1-2 თვით და მერე „გასუფთავებული“ გამოვიდოდა, ან – სასამართლოს მიერ გამართლებული, ან – პრეზიდენტის მიერ შეწყალებული.
  4. სააკაშვილიც და ახალაიაც კარგად ხვდებიან, რომ მათ მანევრის მეტი შესაძლებლობა ახლა უფრო აქვთ, ვიდრე მომავალში. ბაჩო ახალაიას ჩამოსვლა უნდა ყოფილიყო სიგნალი ნაცმოძრაობის დაბნეული და შეშინებული მომხრეებისათვის – „ჩვენ აქა ვართ!“ თუ წინა პუნქტში აღწერილი სააკაშვილისეული გეგმა – „ბაჩო ჯდება მიდის სასამართლოში და გამოდის განბანილი და განწმენდილი!“ წარმატებით დასრულდება, მაშინ მით უფრო მოსალოდნელია, რომ შემდეგი „დაბრუნებული“ შაშკინი იქნება და შემდეგ, არაა გამორიცხული ადეიშვილმაც მოიკრიბოს სითამამე (თუმცა, მე, პირადად, ადეიშვილის დაბრუნება ყველაზე დაუჯერებლად მიმაჩნია). საქმე იმაშია, რომ თუ ნაციონალების ქურუმები პირადი მაგალითით თავიანთ მრევლს დროზე არ გაამხნევებენ, თვითმმართველობებში დაწყებული  მაისურების შეცვლის პროცესი შეიძლება პარლამენტზეც გავრცელდეს. სააკაშვილის და ახალაიას ერთობლივი გეგმა სწორედ ის იყო, რომ არ დაეშვათ პარლამენტში ნაცმოძრაობის ზოგიერთი პოტენციურად მერყევი ელემენტის დაკარგვა – საქართველოს ქუჩებში თავისუფლად მოსეირნე ბაჩო ახალაია სწორედ ამის პრევენციის სერიოზული ფაქტორი უნდა გამხდარიყო.  სააკაშვილის ზუსტი გზავნილი სწორედ ეს იქნებოდა – მანამ დამეხმარე, სანამ მე ჯერ კიდევ შემიძლია შენი გადარჩენაო. აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველდღე სააკაშვილის სისტემის მიერ მრავალი წლის განმავლობაში დათესილი შიშის ყინული სულ უფრო ლხვება და სულ უფრო მეტ ადამიანს შეაქვს სარჩელი ამ სისტემის მიერ ლამის კანონად ქცეულ უსამართლობათა გამოსწორებაზე. ასე რომ, რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდა ბაჩო, მით უფრო თავისუფალი ხალხი დახვდებოდა მას აქ, მით უფრო ნაკლები შანსი სისტემის აღორძინებისა, და მით უფრო მეტი მტკიცებულებები მისსავე წინააღმდეგ.
  5. ბაჩო ახალაიას დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის დასაყრდენი, რომელიც მას გააჩნია როგორც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არსებულ შუა რგოლის „ლიდერშიფში“, ასევე – სამეგრელოში, სავარაუდოდ 200-300 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების სახით, რომელთა მიმართ ახალმა ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება ირაკლი ალასანიას პირით, რომ მათ შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში. ასევე, თუ სწორია ის ვარაუდი, რომ ციხეებში მარაოსავით გარდამავალი პროტესტი სწორედ რომ ძველი ხელისუფლების, და პირადად – ახალაიას, ერთგული კადრების მიერ იმართება, გასაგებია, რომ ამ პროცესის ახლოდან კონტროლიც უფრო ეფექტური იქნებოდა. სხვათა შორის, ციხეებში პროტესტი დროებით შეჩერდა, რაც ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზით შეიძლება აიხსნას – ა)საქართველოში ახალაიას დაბრუნებამ პატიმრებს გაახსენა, ვინ და რა შეიძლება იყოს სოზარ სუბარის და დღევანდელი სიტუაციის ალტერნატივა, ან ბ)ახლაიამ თავისი ერთგული კადრების მეშვეობით ამ პროცესში ტაიმ-აუტი აიღო.
  6. უკანასკნელი მოსაზრება უკავშირდება უკვე გამოთქმულ კიდევ ერთ ვარაუდს, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნება ბაჩო ახალაიას მიერ საკუთარი თამაშის დაწყების მანიშნებელი იყოს, რომელიც სულაც არ არის შეთანხმებული არც მიხეილ სააკაშვილთან და არც – ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან. და რომელიც გულისხმობს ბაჩო ახალაიას ფარულ გარიგებას დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომ ახალაიამ შეიძლება მისცეს ჩვენებები ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების საწინააღმდეგოდ, თუ მას მაქსიმალურ სასჯელს აარიდებენ და ციხეში რამდენიმეწლიანი საპატიო ყოფნის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებით გამოუშვებენ. მე პირადად ეს ვერსია არასარწმუნოდ მეჩვენება. თუმცა შიშს დიდი თვალები აქვსო და შეიძლება, ჩეჩნების მხრიდან სისხლის აღების მუქარით შეფიქრიანებული ახალაია მართლაც არ იყოს წინააღმდეგი ციხეში რამდენიმეწლიანი იზოლირებისა და სრულიად გამიზნულად აიყვანა ადვოკატად „ქართული ოცნების“ წევრი. თუ ეს ვარაუდი სწორია (და მის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს ბრალდების წაყენება შედარებით იოლი მუხლებით, სადაც მინიმალური სასჯელი შეიძლება მხოლოდ 5 წელი იყოს), მაშინ უახლოეს ხანებში საქართველოდან ყოფილ მაღალჩინოსანთა გაქცევის, ან გაქცევის მცდელობებს უნდა ველოდოთ. მაგრამ თუ ხვალ დილით ბაჩო ახალაიას ბრალდებას უკვე წამების მუხლით დაუმძიმებენ, მაშინ ჩემი ეჭვი, რომ ეს ვარიანტი ახლოს არაა რეალობასთან, გამართლდება. ოცნების წევრი ადვოკატიც, მგონი, ის ლაფსუსი იყო, რისგანაც რეალურ ცხოვრებაში არავინ არაა დაზღვეული, მათ შორის დახვეწილი ინტრიგანებიც… თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს სწორედაც რომ დახვეწილი ინტრიგა იყო – იმის დასაბრალებლად, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე დაშვებულ იქნა შეცდომები, რომელიც ადვოკატის პოლიტიკურ შეხედულებებ ს დაბრალდება.
  7. დაბოლოს, არ შეიძლება არ მივაგოთ სათანადო ბაჩო ახალაიას ერთ მხარეს – ის შეიძლება სადისტიც იყოს და ძალიან ვერაგიც, მაგრამ შეშინებული არ გვახსოვს. მისთვის, მისი მთავარსარდლისაგან განსხვავებით, ალბათ, გარკვეული აზარტი იყო ჯინსის ჯიბეებში ხელჩაწყობილად პროკურატურაში გამოცხადება. ეჭვი მაქვს, რომ  ეს არა მარტო თეა თუთბერიძეზე მოახდენდა გავლენას, არამედ ნაცმოძების ენაჩავარდნილ ყოფილ მხარდამჭერებზე. თუ გვახსოვს, სწორედ ბაჩანა ახალაია იყო ის პიროვნება, რომლის მისამართითაც ივანიშვილმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე განაცხადა, რომ იგი იქნებოდა დაკავებული და სამართალში მიცემული. ამდენად, თავის ჩამოსვლით ახალაიამ სწორედაც რომ ნაპოლეონივით შემოთვალა – „ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო!“

================================================================

ახლა, როცა ბაჩო ახალაიას დაბრუნების შესაძლო მიზეზები მიმოვიხილეთ, იმასაც მინდა შევეხო, რამდენად მომზადებული დახვდა ახალი ხელისუფლება „წამოსულ ბიჭს“. გამოგიტყდებით, მიუხედავად, ზემოთ გაანალიზებული იმ ლოგიკური მიზეზებისა,  ახალაიას ჩამოსვლამდე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, რომ იგი ამ ნაბიჯზე წავიდოდა.

ალბათ, არც პროკურატურა და შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიც არ იყვნენ ამისთვის მზად.

ახლა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – უპირატესობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს – ახალაიას მხარეზე აღმოჩნდა! როდესაც ვინმეს დაემუქრები, ყოველთვის უნდა გაზომილი გქონდეს, რამდენად მზად ხარ ამ მუქარის ასრულებისათვის. ახალაიამ კარგად გათვალა, რომ რამდენადაც ახალი ხელისუფლება მასზე ძალადობას არ აპირებდა, მისგან აღიარებითი ჩვენების იმედი არც უნდა ჰქონოდათ და მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა – აბა, თუ ბიჭი ხართ, დამიჭირეთო. რა თქმა უნდა, თითქოსდა პრობლემა არ იყო, ხელისუფლებას მწყობრად მოემზადებინა ახალაიას წინააღმდეგ ის ათობით საქმე, რის შესახებ განცხადება ან წინასწარი ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში ეს სწორედაც რომ პრობლემა იყო – რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქში თავისუფლად მოსეირნე ბაჩო ახალაია იქნებოდა მოსიარულე მტკიცებულება ახალი ხელისუფლების „უსუსურობის“, მისი ცინკური განცხადებები და ინტერვიუები იქნებოდა იმის დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სუსტია და თავის დანაპირებს („ახალაიას დავიჭერთ!“) ვერ ასრულებს. ამის შემხედავი დამოუკიდებელი მაჟორიტარები ისევ დაიწყებდნენ ნაციონალებისკენ გადახრას, და ყველა ძალოვან სტრუქტურაში სულ უფრო მეტი მოლოდინი გაჩნდებოდა იმის, რაზეც ჩუმად 2 ოქტომბრიდან ოცნებობენ ნაციონალები – „მიშა აპრილში ამ მთავრობას მოგვაცილებს!“

ასე რომ გაჩნდა სერიოზული დილემა – ახალ ხელისუფლებას არ უნდოდა ბაჩო ახალაია ისეთივე უკანონო მეთოდებით დაეჭირა, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ იმასაც ვერ დაუშვებდა, რომ ახალაიას რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ებლატავა და ამით როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იმედგაცრუება, ასევე – ყოფილი რეჟიმის მხარდამჭერ საბოტაჟორთა და რევანშისტთა გადიდგულება გამოეწვია.

გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ მოეწონა. ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რომ მან დაამცირა, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს. იგივე ბრალი წარედგინათ გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას.

და რატომ დარჩნენ უკმაყოფილონი ამით – საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია?

იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის შედეგი დაგვეტყო და მხოლოდ ისეთივე შოუს ველოდით, როგორც ეს სააკაშვილს ჩვეოდა? – ლოგინიდან მაისურ-ტრუსებიან კაცების  და ღამისპერანგიანი ცოლების წამოყრის ნატურალისტური კადრებით? ან დაკავებიდან მეორე დღეს სხდომაზე მსახიობებად დაბარებული ბრალდებულების სცენური დაკავებებით სოსო თოფურიძის არტისტულ-დეკლამატორული უნარ-ჩვევების დემონსტრირების ფონზე? მაინცდამაინც ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები უნდა ამოეღო სპეცნაზს ახალაიას ბავშვის სათამაშოების ყუთიდან?

თუ იმიტომ დარჩნენ უკმაყოფილონი, რომ მონსტრად მონათლულ ახალაიას, რომლის კაიკაცობა ჯერ კიდევ 2006-2008 წლების სახალხო დამცველი ანგარიშებსა და იმავე პერიოდში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშია ნახსენები, და რომლის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ სახდეპის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თინა კეიდენაუმ აშშ მთავრობის მოსაზრება 2008 წელს სააკაშვილს გაუზიარა, ბრალი ასეთი „რბილი“ მუხლით წარედგინა?

ძალიან ხშირად გაიხსენეს ამ დღეებში ალ კაპონე. უფრო სწორედ – მისი დაპატიმრების მიზეზი – თუ რა საბუთით გაასაამართლეს – გადასახადების დაფარვა. ყველა კომენტარი ამ თემაზე (ძირითადად, ჟურნალისტების მხრიდან) ამ ფორმით კეთდებოდა – „მართალია, ცნობილია, რომ თავად ალ კაპონეც კი გადასახადების დაფარვის გამო დააპატიმრეს, და მაინც…“

ანუ, რა გამოდის?.. 1929 წელს გამოძიების აშშ აკრძალვათა ბიუროს (დღევანდელი ფედერალური გამოძიების ბიუროს) აგენტმა ელიოტ ნეშმა დაიწყო საქმის ძიება ალ კაპონეს წინააღმდეგ, და 2 წლიანი(!) ძიების შედეგად მხოლოდ ის მოახერხა, რომ ალ კაპონეს გადასახადების დაფარვა ამოუჩიჩქნა და ამერიკის #1 განგსტერი, რომლის შესახებ ძარცვის, ყაჩაღობის, მკვლელობის ათობით ეპიზოდები იყო ცნობილი მხოლოდ ამ მუხლით გაასამართლეს! რაღაც არ გამიგია, რომ ამერიკელებს რცხვენოდეთ ამის. პირიქით, ელიოტ ნეშზე და მის ორწლიან საგაზე ამერიკის ყველაზე საშიში დამნაშავის წინააღმდეგ ტელესერიალები და ბრაიან დე პალმას მშვენიერი ფილმი – „ხელშეუხებელნი“ გადაიღეს (კევინ კოსტნერის,  რობერტ დე ნიროს და შონ კონერის მონაწილეობთ). ამერიკელებს 80 წლის წინ არ მოსვლიათ აზრად არც ის, რომ განსახვავებით სააკაშვილის კუდის და სოდისგან ალ კაპონეს სახლში იარაღი ჩაედოთ, ან იმდენი ერტყათ მისთვის, რომ შეთითხნილი „ენვერის“ ფიგურანტებივით ნებისმიერ ჩვენებაზე ხელი მოეწერინებინათ.  და არც იმის მორიდებიათ, რომ „რბილი“ მუხლით ჩაეყუდებინათ მონსტრად ცნობილი ალ კაპონე.

და იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის „რბილი“ უფლებამოსილების გადამეტების მუხლი, ან ადამიანის მოტაცების შეკვეთის მუხლი? რა, ჩვეულებრივი ამბავია, რომ თავდაცვის მინისტრი თავის კაბინეტში ჯარისკაცების ცემა-გინებას ხელმძღვანელობდეს ან პლაცზე მათ საჩვენებელ დასჯას უკვეთავდეს? თუ ასევე ჩვეულებრივია, როცა თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ადამიანს იტაცებენ, ძალადობენ, და მანქანას „აწერენ“? დაბოლოს, ეს ყველაფერი თუ ასე „რბილია“, მაშინ 5-12 წელი, რომელიც კანონშია ამ ქმედებების გამო სასჯელად არის განსაზღვრული, ასევე რბილი მოსახდელია?

მთავარმა პროკურორმა საკმაოდ ნათლად ახსნა „მაესტროს“ ტელეგადაცემა „პრეს პრესში“, რომ მათ წაუყენეს ბრალი იმ მუხლით, სადაც უფრო მალე მოიპოვეს მტკიცებულებები, უკვე ორ დღეში ახალაიას ბრალი დაუმძიმდა ადამიანის მოტაცების შეკვეთის და თავისუფლების აღკვეთის მუხლით, ხოლო სულ მალე ალბათ წამების მუხლის ბრალდებაც ამოტივტივდება. არაა გამორიცხული, რომ საქმეში აღმოჩნდეს იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდება, ადამიანების მოტაცება, მკვლელობა, ფინანსური მაქინაციები…

ასე რომ ვარიაციები თემაზე – ეს რა უბრალო რამეზე დაიჭირეს, ალბათ მალე განავლდება.

მეორე ბრალდება ნაციონალური ბანაკიდან – „როგორ გაბედეს ომის გმირების დაკავება?“

ეს საერთოდ მარაზმული განცხადებაა. ომის გმირობა არ არის ინდულგენცია არ წინა და არც გმირობის შემდგომი დანაშაულების მისატევებლად. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც სასჯელის შემსამსუბუქებელი გარემოება იგი შეიძლება ფიგურირებდეს, მაგრამ არა იმ ეტაპზე, როდესაც პირისათვის ბრალის წაყენება და დაკავება ხდება.

მესამე ბრალდება – როგორ შეიძლებოდა ასეთუ „საშინელი“ მეთოდებით ომის გმირების დაკავება. (ახალაიასთან მიმართებაში – „თავისი ფეხით მივიდა ჩვენებების მისაცემად, ამათ კი მოღალატურად დაიჭირეს!“).

ამაზე საერთოდ პასუხის გაცემაც კი არ მსურს, იმდენად ფანტასმაგორიულია ეს ბრალდება, განსაკუთრებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ან ვანო მერაბიშვილისაგან მოდის. ქუჩაში „ნულოვანი ტოლერანტულობის“ და ადგილზე ლიკვიდაციის მეთოდის დამნერგავებისაგან, აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის ბრძანების გამცემებისაგან, გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და მრავალ სხვა პირთა ადგილზე უსამართლოდ ლიკვიდატორებისაგან ეს განცხადებები უკვე მარაზმის კვადრატია.

რას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი?

იგი, იხტიბარგაუტეხლად მიდის ეჭვმიტანილთა ოჯახებში და მათ პირდება, რომ ყველაფერს იზამს „უდანაშაულოთა“ გასამართლებლად და შესაწყალებლად, ხოლო, როცა
კალანდაძეს გირაოთი უშვებენ, მას ისევ არწმუნებს, რომ სწორედ იგი უნდა იყოს გენერალური შტაბის უფროსი! (სხვათა შორის, როდესაც მათ საუბრის ამსახველ კადრებს ვუყურებდი, ისე აღვიქვი, რომ კალანდაძე უდიდესი სიამოვნებით უტყოდა უარს ამ თანამდებობაზე).

არა, ამ კაცს ელემენტარული იურიდიული ცოდნა გააჩნია? („ესაა პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?“)

შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს „თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით“ ეკავოს მაღალი თანამდებობა? და კერძოდ იყოს გენერალური შტაბის უფროსი? ანუ, ადამიანს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მან სავარაუდოდ ჯარისკაცების მიმართ გამოიყენა მუქარა, მორალური და ფიზიკური ძალადობა, ამ ადამიანს ისევ ჩააბარო მთელი ჯარი?

ხომ აშკარა იყო, რომ პროკურატურა სააკაშვილის ამ დემონსტრაციულ, მაგრამ უდღეურ ნაბიჯს გააპროტესტებდა და კალანდაძის და შამათავას თანამდებობზე აღდგენას გააუქმებდა?! მართლაც, გიორგი კალანდაძემ მხოლოდ ერთი დღით დაიბრუნა გენერალური შტაბის უფროსობა, და თუ გაჩნდება სამხილები, რომ მან ეს ერთი დღე თავისი ბრალეულობის კვალის წასაშლელად ან პოტენციური მოწმეების დასაშინებლად გამოიყენა, ამით ხომ  მისი ბრალი უფრო დამძიმდება?

ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები კი საერთოდ შეურაცხად მდგომარეობაში სრუი სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ კალანდაძის დაკავებით საქართველოს მიადგა წარმოუდგენელი ზარალი – იმის გამო, რომ ქვეყანას არ ჰყავს  გენშტაბის უფროსი, გაუქმდა თბილისში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა!

ვაა-ვა, ნანა! ვაა-ვა, ნანა!

ანუ ის სჯობდა, რომ კომიტეტის სხდომა არ გადადებულიყო, ხოლო გენშტაბის უფროსად ეჭვმიტანილი პიროვნება გვყოლოდა? ან იქნებ, ამ საქმის შესახებ ყველა ცნობა უნდა გაგვესაიუდუმლოებინა, არაფერი არ გვეთარგმნა ინგლისურად და ნატოსთვის მიგვეწერა ასეთი შინაარსის წერილი:

А в остальном прекрасная маркиза – все хорошо все хорошо

საერთოდ, ამ საქმეში გენერალი კალანდაძე სულ უფრო მეტად ეფლობა პოლიტიკური ბატალიების ჭაობში, სააკაშვილის გამო, რომელსაც გენერალი ჯოკერად უნდა გამოიყენოს. ჯერ იყო და ომის წაგებიდან 4 წლის განმავლობაში სააკაშვილმა მაიორი ბრიგადის გენერლად აქცია. მერე იყო და ჭანკოტაძის პერიოდში 29 წლის ახალგაზრდას დე-ფაქტო ქართული არმიის ხელმძღვანელობა (სინამდვილეში კი შემადგენლობის მოსმენა-დაშინება-ტერორი) დაავალეს. მერე იყო და, ალასანიას გამინისტრების შემდეგ, როცა საკმაოდ დიპლომატიური გადაწყვეტილება მოიძებნა, რომ კალანდაძე სასაწავლებლად წავიდოდა, ხოლო მისი მოადგილე კაპანაძე მის მოვალეობას შეასრულებდა, სააკაშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა  და ქართული ჯარი ორხელისუფლებიანობის ძალიან სერიოზული საფრთხის წინ დააყენა. ხოლო ახლა უკვე სასამართლოს მოლოდინში მყოფ კალანდაძეს პრეზიდენტი ისევ ჯიუტად არწმუნებს, რომ მას ვერავინ შეცვლის, და რომ სწორედ იგი უნდა დარჩეს გენშტაბის უფროსად…

სააკაშვილი ღია დაპირისპირებაზე მიდის. 12-14 ნოემბერს საქართველოს შიდა პოლიტიკური ფრონტი ბრიუსელში გადაინაცვლებს, სადაც ერთდროულად ოფიციალური ვიზიტით ჩადიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი… ნატოს კომიტეტში მოულოდნელი დებატებიც დაიწყო იმაზე, როდის უნდა ჩატარდეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.

http://argumentiru.com/politics/2012/11/213334?type=all#fulltext

 

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s