მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა


უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3-4 წლიანი ინტერვალით მსოფლიო ყურადღების ველში ექცევა ხოლმე (1989-90, 1992-93, 1995, 1999, 2003, 2008, 2012). ამ პერიოდში იყო ყველაზე კატასტროფული დაცემის (1992-94, 2008) და ყველაზე იმედიანი წლები (1989-90, 2003-2005, 2012). მეცნიერული ძალის მტკიცებულებად ვერ გავასაღებ, მაგრამ ჩემი საახლობლოს კოჰორტის მიხედვით ოპტიმიზმის ინდექსი შემდგნაირად ცვალებადობდა:

ამჟამად, საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, ყველაფერი თუ არა, უმრავლეს სფეროებში საქმეები უკეთესობისაკენ წავა. და ყველაზე მეტ გაუმჯობესებას ველოდებით იმ სფეროში, სადაც ყველაზე დედანატირები იყო სიტუაცია – ეს არის სამართლის და სიმართლის დამკვიდრების სფერო.

და მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წინათ, ალბათ, საუკეთესო დამცველი ახლა ციხეების მინისტრია, რომ რამდენიმე ასეული პატიმრის განთავისუფლება ან რეჟიმის გაუმჯობესება, და ათასობით პრობაციონერისთვის სასჯელის გაუქმება უკვე დაიწყო და ციხეებში სამედიცინო სამსახურის სერიოზულად გამოსწორებაც იგეგმება, როცა უფლებადამცველების ციხეებში შესვლა აღარ არის აუხდენელი ოცნება, როცა ყოფილი პატიმარი დაჩი ცაგურია თავად გვიყვება ნანახს იმაზე, დღეს რა დღეში არიან პატიმრები (და მე პირადად, დაჩის სიტყვებს ძალიან ვენდობი!), შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო – საქართველოს გარედან გალამაზებულ და შიგნიდან გაუბედურებულ და საწამებლად გადაქცეულ ციხეებში – ხელშესახები უკეთესობა უკვე არის და ეს სფერო გამოსწორების გზაზეა!

ასევე, ამ მედლის მეორე მხარეც – ანუ ვის ასამართლებენ და როგორ ასამართლებენ, მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრების რეალისტურ მოლოდინშია. თეა წულუკიანის, თინა ხიდაშელის, არჩილ კბილაშვილის, სანდრო ბარამიძის, დავით ჯანდიერის და სხვათა მოქმედების დაწყებას და შედეგებს საზოგადოება ისეთივე დაძაბული მოუთმენლობით ელის, როგორც ადრე, ცნობილი მექსიკური სერიალის Богатые тоже плачут მორიგ სერიას…

მაგრამ რაც უფრო იზრდება სამშობლოდან გადახვეწილ და დასასვენებელ წასულ, მაგრამ შორიდან კიდევ უფრო გამძაფრებულად „სამშობლოს ბედზე მეოხ“ მინისტრთა რიგები, რაც უფრო რეალური ხდება იმის აღქმა, რამდენი რამაა მოპარული და გაყალბებული და, საერთო ჯამში, მართლაც თურმე რას გადავურჩით ამათ ხელში 1 ოქტომბრის ღამეს, მით უფრო უცნაური ხდება ის გავეშების მდგომარეობა, რამაც ქართული საზოგადოება მოიცვა, რომელიც სულ უფრო ისტერიულ ხასიათს იძენს და გონების დაბინდვას ემსგავსება.

==========================================

მადლობა ხალხს!

დღემდე, მგონი, არ მითქვამს და ახლა მაინც, ალბათ უნდა დავაფიქსირო, რომ სააკაშვილის მიზანთროპულ რეჟიმზე იმ მართლაც ისტორიულ გამარჯვებაში, რომელსაც სააკაშვილი ურცხვად ცდილობს თავის ანგარიშზე ჩაიწეროს, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან წყნარი და აუღელვებელი, თავის ძალებში დაჯერებული მენეჯერის სიზუსტით მოახერხა ზუსტად ერთ წელიწადში ის, რასაც ვერავინ ახერხებდა უკვე 6 წელია – საზოგადოების კონსოლიდაცია, დარაზმვა, საუკეთესო პარტნიორების ამორჩევა და მიზანმიმართულ და ეფექტურ გუნდად შეკვრა, რისკების გათვლა და მართვა, სწორი ორიენტირების და პრიორიტეტების დასახვა და ბეწვის ხიდზე გავლა.

2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნები სრული კრახით დამთავრდა და დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც გაყალბების სულ უფრო რაფინირებულ მეთოდებს ხმარობდა, ჯენტლმენური მეთოდებით და რბილი თავაზიანობით მოგება გამორიცხული იყო. პირადად ჩემი, და საზოგადოების უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად გაყალბების soft-ტექნოლოგიებმა, არამედ იმ თავაზიანმა ქცევამ, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ „გამარჯვებული“ მოძალადის გამარჯვების აღიარებაში გამოიჩინა. განსაკუთრებით მწარე იყო 2008 წელს პირწმინდად მოგებული თბილისის პირწმინდად წაგება…

მალე ალიანსიც დაიშალა.

მე პირადად ჩავთვალე, რომ სააკაშვილის ნაცმოძრაობის დაშლის ერთადერთი გზა შიდა დაპირისპირება და რომელიმე ლიდერის მიერ სააკაშვილისთვის მოწყობილი მეტნაკლებად ხავერდოვანი პუტჩი თუ იქნებოდა.

ქვეყანა სრული კატასტროფისაკენ მიექანებოდა და ქვეყნის მმართველისთვის კი დაუსრულებელი იყო “ლხინი შავი ჭირის ჟამს”.

ივანიშვილის მოსვლამ იმედი გააცოცხლა.

და მისი ყველაზე სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ მან ხალხი დააჯერა იმაში, რომ სწორედ ხალხს შეეძლო გამარჯვება. მისი პირველივე სიტყვები –

„მე მოვედი, რომ თქვენთან ერთად გავიმარჯვო! არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ყველანი თანამებროძოლები ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მე მწამს, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!“ –  იყო ის სიტყვები, რამაც ლამის დამბლადაცემულ საზოგადოება ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა.

და მაინც, მიუხედავად მისი ამ მართლაც ფანტასტიური როლისა, გამარჯვებაში ლომის წილი არა – ბიძინა ივანიშვილს, არამედ ხალხს ეკუთვნის.

სწორედ იმედმოცემულმა ამ საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენა თავისი სიძლიერე როგორც თავის მენეჯერს, ასევე – თავის წურბელებს. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი არჩევნები, რაც კი მინახავს. ადამიანები, –  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუ ისინი, ვინც პირველად მივიდნენ არჩევნებზე და ისინიც, ვინც შეიძლება უკანასკნელად მივიდნენ, მოდიოდნენ იმიტომ, რომ სხვანაირად აღარ შეეძლოთ. მათ უკან მათი სამშობლო იდგა, იდგნენ მათი გაყვლეფილი ოჯახები და მათი სულ უფრო უბადრუკი მომავლის პერსპექტივის მქონე შვილები.

2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საქართველოს სამოქალაქო ერთობის დღე. ეს იყო დღე, როცა სოფლელები და ქალაქელები, მოხუცები და ახალგაზრდები, პროფესორები და მუშები, ქალები და კაცები, სხვადასხვა კონფესიისა და ეროვნების პირები თუ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები მოდიოდნენ თავისუფალი არჩევნის დასაფიქსირებლად. და სწორედ ამ ადამიანებმა შიშველი ხელებით და სიმამაცით დაიცვეს თავიანთი არჩევანი ხაშურში, სიღნაღში, ყვარელში, დაანახეს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელიც ღირსია თავად ირჩევდეს თავის ხელისუფლებას.

ერთმა გამოუბადრუკებულმა ფილოსოფოსმა იმ დღის შემდეგ თქვა – სამწუხაროდ, საქართველოში ფულმა გაიმარჯვა დემოკრატიაზეო! ეს იყო ამ აწუბადრუკი ფილოსოფოსის მორიგი დემაგოგიური ტყუილი – სწორედ იმ დღეს ბოლო ოცწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში ფულმა ვერ გაიმარჯვა დემოკრატიაზე. პირიქით, სამოქალაქო ერთობამ გაიმარჯვა პიარსა და უსამართლობაზე დაფუძნებულ დიქტატურაზე. ცუდია, როცა უბირი ადამიანი ტყუის, და საზიზღარი სანახავია, როგორ ტყუის ჭკვიანი ადამიანი.

======================================

გენიალური მწერლის ბერტოლდ ბრეხტის პიესაში, ჩვენი საყვარელი რეჟისორის  ჩვენთვის საყვარელი სპექტაკლის აწგარდაცვლილი საყვარელი მსახიობის მიერ განსხეულებული გმირი ამბობს:

–         ომი დამთავრდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!

დღეს რაც ხდება საქართველოში, სულ უფრო მეტად მაბრუნებს ამ მოწოდებასთან და ლამისაა, ვისურვო, რომ აზდაკის ეს გაფრთხილება სარეკლამო ჭრების ნაცვლად ჩასვას ტელევიზიამ, რომ იქნებ ცოტა გამოვერკვეთ…

ძალიან მიჭირს ქრონოლოგიურად აღვადგინო, რას რა მოჰყვა, უბრალოდ შევეცდები ჩამოვთვალო: პატიმრების გარკვეული ნაწილის პოლიტპატიმრებად აღიარების და გათავისუფლების მოთხოვნას ხელს არ აწერს არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ჯგუფი (საია, თავისუფალი არჩევნები და სხვა), რაც მოსახლეობის გაკვირვებას და გაღიზიანებას იწვევს; მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ უფრო მზარდი გააფთრებით გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ სამშობლოს ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებს! საქმე არ ეხება არც აკო მინაშვილის სიდედრის და არც კოკი იონათამაშვილის ნაბარტყ ენჯეოებს! არამედ სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზებული და დაუღალავი კამპანია „ეს შენ გეხება!“ იქცა Must Carry-ის დანერგვის, თუ საარჩევნო გარემოს მეტ-ნაკლებად გაჯანსაღების საწინდრად… მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ხდება აბსოლუტური ტოლობის ნიშნის დასმა „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე რეკომენდაციას უწევს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა, თუმცა ძალიან კვალიფიციურ იურისტს თამარ გურჩიანს, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ არის მისიით. საზოგადოების ანტი-ენჯეო ნაწილი სასწრაფო ტემპით იწყებს ხელმოწერების მოგროვებას დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად იმავე პოსტზე. ყალიბდება მხარდამჭერთა ჯგუფები სხვა კანდიდატების – გელა ნიკოლეიშვილის და ლია მუხაშავრიას მხარდასაჭერად. ყველა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ რიგებში 100-ზე მეტი ორგანიზაციია გაერთიანებული. ყალიბდება სტერეოტიპი, რომ გურჩიანი ვითომდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე იქნება კონცენტრირებული, მეორეს მხრივ ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „მამათმავლობა კრიმინალად უნდა იყოს ჩათვლილი“. ამის ფონზე ლორთქიფანიძის მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ჯერ 60,000, ხოლო მალე უკვე 75,000 ხელმოწერა აქვთ მოგროვილი. ხოლი ენჯეო ორგანიზაციები განმეორებით უგზავნიან ხელისუფლებას შეხსენებას, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ თამარ გურჩიანი სურთ იხილონ და სხვა არავინ… ეწყობა უამრავი ტოქ-შოუ და ხმაურიანი დებატები, სადაც კანდიდატების (განსაკუთრებით გურჩიანის და ლორთქიფანიძის) მონაწილეობა ცეცხლზე კიდევ უფრო მეტ ნავთს ასხამს. მდგომარეობა იძაბება ფეისბუქზეც, სადაც მოწინააღმდეგე ბანაკები ერთმანეთს ლამის ტერორისტულ ოპერაციებს უწყობენ…

ამის ფონზე მწვავდება დაპირისპირება სხვა ფრონტებზეც – ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ როცა სოზარ სუბარმა გამოთქვა ომბუდსმენად ნინა ხატისკაცის კანდიდატურის მხარდაჭერის პოზიცია, ეს იყო უხეში ჩარევა და კონსტიტუციის დარღვევა. სოზარზე, რომელიც ბოდიშს იხდის და ემიჯნება ომბუდსმენის არჩევის პროცესს, მიდის საკმაოდ სერიოზული შეტევები ყველა მხრიდან – პატიმრები, უფლებადამცველები მას ხან მოადგილეს უწუნებენ და ხან ციხის უფროსს აბურჯანიას. ჟურნალისტი შორენა მირცხულავა მთელი ფეისბუქის გასაგონად ხმამაღლა აცხადებს, რომ ფეისბუქმა პატიმრის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და მას ტელეფონი გაუთიშა (თუმცა იმის აღნიშვნა „ავიწყდება“, რომ საქმე მამამისს ეხებოდა თურმე)! ისმის სულ უფრო მკაცრი მოთხოვნები სოზარის გადაყენების აუცილებლობის შესახებ! ამავე დროს ის უფლებადამცველები, რომლებიც ციხეში იყვნენ, ამბობენ, რომ პატიმრები არ არიან ნაწამები, და რომ მართლაც ადგილი აქვს ციხის პატიმრების ნაწილის მხრიდან „პალაჟენიების“ დაბრუნების აშკარა მცდელობას… სოზარი ჯერ მოადგილეს ათავისუფლებს, შემდეგ – აბურჯანიას, რითაც საზოგადოებაში მინისტრზე გამარჯვების პრეცედენტს ქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრს  უწუნებენ სპეცნაზის უფროსის მოადგილედ არჩევას და ღარიბაშვილი ამ კანდიდატურას ცვლის.

აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როცა გარკვეული კითხვები გაჩნდა ოჯახის წევრებთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე დასახელებულმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავად მოხსნა კანდიდატურა. როცა ლოტოლვილთა და გასახლების მინისტრს აღშფოთებულმა აგრესიული და არატოლერანტული გამოთქმები დაუწუნეს, მან განმარტებები გააკეთა და ბოდიში მოიხადა. ახლა  კახა კალაძეს უწუნებენ სააკაშვილის დროინდელი იუსტიციის მინისტრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას და კალაძე ამბობს, რომ გია ქავთარაძე თავად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს…

საზოგადოებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა განათლების მინისტრის მოადგილედ ნაციონალების დროს სკოლის საკმაოდ ოდიოზური დირექტორის მინისტრის მოადგილედ დაწინაურება. მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისაგან განსხვავებით, მარგველაშვილი თურმე თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლის!

მე ყველაფერი ეს მკლავჭიდს მაგონებს!

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ვაჟკაცური სპორტის წინააღმდეგ და დღესაც მახსენდება, როგორი მოულოდნელი სიხარული განვიცადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა ქართველმა ფალავნებმა სპორტის ამ, ჩვენთვის საკმაოდ  ახალ, სახეობაში მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ერთდროული მკლავჭიდის სეანსი, რომელიც ალმოდებულ დარბაზში იმართება, დარბაზი, რომელიც სავსეა მკლავჭიდელ წყვილთა მაგიდებით, – გემის გემბანზეა, გემი კი 9 ბალიან შტორმშია მოყოლილი…

კარგია გამოღვიძება, კარგია, რომ ხალხი უკვე ყურადღებით აკვირდება მინისტრებს და მოადგილეებს, კარგია, რომ ციხეებთან აღამებენ და ათენებენ და მოთხოვნებს აყენებენ, კარგია, რომ ომბუდსმენის კანდიდატებს კითხვებს აძლევენ და ლაკმუსის ტესტებს უყენებენ… ყველაფერი ეს კარგია… პრინციპში კარგია…

მაგრამ ეს გავეშება არ მომწონს, მომკალით და… არ მომწონს, ის კატეგორიულობა და ყელში დასახრჩობად მიწოლა, რომლითაც ამ მასობრივ მკალვჭიდში დაკარგულები ერთმანეთს აწვებიან! სოზარისადმი კითხვები განა არ უნდა დაისვას, მაგრამ სოზარისადმი კითხვების დამსველები ახალაიებს რა კითხვებს უსვამდნენ? ადეიშვილის მიერ ოჯახის წევრების ბედით დატერორებულნი დღესაც რომ არაფერს ამბობენ ადეიშვილზე, სოზარზე მიწოლა რა პონტია? ხომ ვიცით, რომ სოზარს უნდა ვუთხრათ, თუ რამე შეეშალა და არაა ისეთი ადამიანი, რომ თავისას მიაწვეს და ჯიქურ დადგეს – აღიარებს, გადახედავს, შეცვლის… ყველაზე უფრო ის მაღიზიანებს, რომ ამ ცვლილებებს 100%-ით თავის მიმწოლობაზე მიითვლის უცებ ადეიშვილ-ახალაიების დროს ჩირგვში მჯდარი და ახლა სოზარ-ღარიბაშვილის პირობებში გაყარაჩოხელებული საზოგადოება და სოზარისთვის თი ირაკლისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდებათ…

და როცა ამ ენეჯეოებს ვაწვებით, გვახსენდება, რომ ასე თუ ისე, სწორედ ისინი, სწორედ საია და “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “ჰუმან რაითსი” და მრავალი სხვები, ავად თუ კარგად, სუსტად თუ მაგრად, რაც მთავარია, ლამის განუწყვეტლივ, როგორც შეეძლოთ, ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს და იმ უსამართლობას, რაზეც ჩვენთაგან უდიდესი უმრავლესობა კრინტს ვერ ვძრავდით? რა ხდება, რომ გავიმარჯვეთ, ახლა არ მოგწონთ ჩუგოშვილი და ლომჯარია?

მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ლორთქიფანიძის აბსოლუტურ მიუღებლობაზე ლაპარაკობს ენჯეო სექტორი და თავის მხრივ ჯიქურ მოითხოვს ომბუდსმენის პოსტზე მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანას, რაც მათთვის 2X2=4 აქსიომა გამხდარა, ხომ არ ავიწყდება, რომ საზოგადოებისათვის ლორთქიფანიძის და ნიკოლაიშვილის პრაქტიკული საქმიანობა (ციხის ღობეებზე გადაძვრომის ჩათვლით) უფრო ცნობილიცაა და უფრო მომხიბვლელიც, ვიდრე მისთვის უცნობი გურჩიანის უნარ-ჩვევები. ნუთუ ჩვენ ჭკვიან ენჯეოეშნიკებს დაავიწყდათ ნიუტონის მესამე კანონი და ვერ ხვდებიან, რომ მათ სულ უფრო მეტ ხისტ ქმედებას ანალოგიური და უფრო მკვეთრი უკუქმედებითი სიხისტე მოჰყვება იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც უფრო ჭრელიცაა და თავისი გუშინდელი სიზარმაცე ახლა ახალი „გამოღვიძებით“ უნდა დააკომპენსიროს? ხომ არ აჯობებდა, თამარ გურჩიანს უფრო უკეთ აეხსნა, რატომ არ იყო ქვეყანაში მაშინ, როდესაც ქვეყანას მისნაირი შეუპოვარი უფლებადამცველი, მართლაც, თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავდა და ძალიან სჭირდებოდა? იქნებ სჯობდა, რომ ენჯეო სექტორს მეტი მოქნილობა გამოეჩინა და ჯერ საზოგადოების დარწმუნება ეცადა და მხოლოდ მერე – მოთხოვნების წაყენება ხელისუფლებისადმი? ან იქნებ, სულაც ორი კანდიდატი შეეთავაზებინათ ამ მოქნილობის დემონსტრირებისათვის? რაღაც „დაგეხმარე – დამინიშნეს“ ჰგავს ყველა მხრიდან სუფრის თავისკენ გადაქაჩვის ეს მცდელობები.

ნუთუ ვერ ხვდება საკმაო სტაჟის მქონე პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ პირიდან გაფრენილი სიტყვის მოსაკლავად გულწრფელი ბოდიში უფრო უკეთესი ტყვია შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სოციალურ ქსელებში და ლაივში ისეთი მომხრეების დარაზმვა, რომელთა მეთოდები და აგრესიულობა გარეგნულ ეფექტურობას კი მატებს მის კამპანიას, მაგრამ ნამდვილად არ მატებს სიმპათიას? პირადად გამოვცადე, რომ მის მომხრეთა კედელზე ჩემი კრიტიკული შენიშვნები გაქრა, ხოლო პირად ინბოქსში თითქმის ისეთივე „მოთხოვნები და დარწმუნებები“ მომივიდა, როგორც ნაციონალთა მხარდამჭერებისაგან მომდიოდა წლების განმავლობაში. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ნიუანსი დავაფიქსირე – ბატონი დიმიტრის მხარდამჭერები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ იგი იცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. მაგრამ რატოღაც ამ ფაქტებზე ლაპარაკი ნაკლებადაა. შალვა რამიშვილმა, (რომლის დაპირისპირება ენჯეო სექტორის წარმომადგენლებისადმი ამ ორივე მხარის მიმართ ჩემს აღშფოთებას იწვევს)  ამის ორი მაგალითი მოიყვანა – მათ შორის, ერთი – ვიღაც ყველასთვის ნაცნობი ტრანსვესისტი „სექსოს“ დაცვა დიმიტრი მიერ, და ბოლოში დაამატა, დიმიტრი კი იცავდა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ სურს ამაზე საუბარი, და მე  მისი მესმისო… რა გამოვიდა? რომ ლორთქიფანიძე თავის ამ დამცველობით საქმიანობას მალავს?

მართალი გითხრათ, თავად არ მომწონს და მესმის, რომ საკმაოდ საკამათოა ის დასკვნა, სანამდეც მივედი, როცა ამ ომბუდსმენის არჩევნების უკვე აშკარად წრეგადასულ კამპანიას ვუყურებ, მაგრამ მგონია, რომ ან უნებლიედ –  საყმაწვილო სენის გამო, ან ნებით – ანგარებითი თუ გარედან შეგულიანების გამო (და ეს „გარედან შეგულიანება“ – ძალიან მრავალსუბიექტიანი შეიძლება იყოს, ცალმხრივად ნუ გამიგებთ), ჩვენმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს, და მზად არიან ბავშვი წყალს გადააყოლონ. ვეცდები, განვმარტო, რას ვგულისხმობ ამაში.

ჩემთვის ბავშვი – ყველაზე მაღალი ღირებულება – არ არის ომბუდსმენი!

საშინელ მკრეხელობად ჟღერს? კი ბატონო. არა მგონია ვცდებოდე, რომ მგონი, მხოლოდ 76 ქვეყანაში (ანუ მსოფლიოს 1/3-ში) არსებობს ომბუდსმენის პოსტი და იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არ არის, გაცილებით უკეთ იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ვიდრე იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არსებობს!  ასე რომ ომბუდსმენი პანაცეა არ არის.

მეტიც, ომბუდსმენი ზუსტად იმ ქვეყანაში და იმ ფორმაციაშია მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანის უფლებებს საშინლად ლახავენ და ფეხქვეშ თელავენ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგი ომბუდსმენი ძალიან სჭირდებათ რუანდას, ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეას და ირანს, თორემ ნორვეგიას და ისლანდიას ომბუდსმენი, მე რომ მკითხოთ, ნაკლებად სჭირდება (ვიცი, რომ ეს აზრი ენჯეო სექტორის მხრიდან შეიძლება მკრეხელობად შეფასდეს).

საქართველოსთვის ომბუდსმენი აუცილებელია! და საუკეთესო ომბუდსმენი საუკეთესო იქნებოდა! მაგრამ მოდით, სიმართლეს შევხედოთ, საქართველოსთვის საუკეთესო ომბუდსმენი სწორედ მაშინ იყო აუცილებელი, როცა საქართველოში მასიური ტერორი და უსამართლობა ბატონობდა! ამიტომ, როდესაც ენჯეო სექტორი და თავად თამარ გურჩიანი (უფლებადამცველობისათვი მართლაც ძალიან კვალიფიციური კანდიდატი!), ამბობს, რომ გიორგი ტუღუში თურმე კარგი ომბუდსმენი იყო და რომ მას თურმე მხოლოდ „ვოკალურობა“ აკლდა, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხის დღევანდელი დაჟინების რეალური მიზეზები მესმის! რადგან დღეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც მოვიდა, ასე მგონია, რომ გიორგი ტუღუშიც კი არაუშავს ომბუდსმენი იქნებოდა! მაშინ, როცა იგივე ტუღუში, ჩემი აზრით, არ იყო კარგი ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) ვერ იქნებოდა კარგი ომბუდსმენი, იმიტომ რომ ზურაბ ადეიშვილის მეგობარი იყო და ამდენად არ იყო პირუთვნელი – თუ მის ანგარიშებს კრიტიკულად გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველთვის პოლიციის და პენტიენციარული სისტემის (მერაბიშვილის ფრთის) ნაკლოვანებებს ააშკარავებდა მართლაც დაუნდობლად, მაშინ როცა სასამართლოს მხრიდან არსებული უსამართლობა, ის საოცარი ფაქტები, თუ რატომ იყო გამამართლებელ დასკვნათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლები – მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეჭვი მაქვს – შეგნებულად!

ბ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, იმიტომ, რომ დასკვნებს რომ წერდა, მერე დარღვევების მიდევნება და მუდმივად ხელისუფლების გაღიზიანება, – შეხსენება, გახმაურება,  და ქოხიდან ნაგვის გატანა – მისი სტილი არ იყო.

გ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან ხმარებიდან ამოიღო ტერმინები „წამება“ და „პოლიტპატიმარი“. – თან სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ეს მიდგომები ლამის პრაქტიკად იქცა.

დ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან როცა პატიმრები – 700-მდე ადამიანი გწერს, რომ მათ აწამებენ, და შენ ამის დადასტურების და გახმაურების მეთოდებს ვერ ნახულობ, ეს ერთი სისუსტეა, მაგრამ უარესი, როცა ციხეში მიდიხარ და წამებასა და დაშინებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პატიმარს სწორედ მისი მწამებელი ჯალათების თანდასწრებით ეკითხები, თუ აწამებენ. და მერე ანგარიშში წერ – „კითხვაზე, თუ აწამებენ ან აშინებენ, პატიმარი უარყოფით პასუხს იძლევა“…

მაგრამ ჩემთვის – დღევანდელ მოცემულობაში უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს სამოქალაქო ერთობა.

მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ერთობა, რომელიც 1 ოქტომბერს გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და ანალოგიურად, მოქალაქეებმაც ქარს არ უნდა გავატაროთ.

უკვე აღშფოთებული საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო, რომ ამ სამოქალაქო ერთობის მიღწევის მიზანს არ ვუყურებ, როგორც ასოცირებულს საყოველთაო დუმილთან, ყველაფერზე თავის დაკვრასთან და შალვა რამიშვილის ცნობილ პროვოკაციულ კლიპში ასახულ  „სტაბილურობასთან“. მაგრამ ასევე მიუღებლად მიმაჩნია, რომ მკლავჭიდი მოხრჩობად გადაიზარდოს. და რომ პატიმრების მშობლებმა, რომელბიც ადრე საკუთარი სისხლის და ხორცის სულაც მცირე ხნით გამოსაშვებად მეზობლებში საარჩევნოდ 100-100 ხმის მოსაგროვებლად თავის იმცირებდნენ და ჩვენი მომავლის გაყალბებაში მონაწილეობდნენ (ამაში მათ არ ვამტყუნებ!) დღეს გამარჯვებული პოზიციიდან ციხის ადმინისტრაციას პირობები უკარნახონ, ან ყველა პატიმრის სასწრაფოდ და უპირობოდ განთავისუფლების არარეალური ოცნებების დასაბუთება სცადონ.

ამიტომ, მე პირადად, საკმაოდ მოწყვლად და საკამათო გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ომბუდსმენის არჩევნებში ხმას იმ კანდიდატებს არ დავუჭერ, ვინც უკვე ნათელა აბაშვილივით გამოიჩინა თავი თოკმობმული მიშიკო აბაშვილის თავისკენ გადაქაჩვაში და ვისაც სამოქალაქო ერთობაში ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული გახლეჩის მოხდენა შეუძლიათ – არც თამარ გურჩიანს, რომელსაც არაფრით არ უნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობისათვის თავისი მიუღებლობა დაინახოს და ამის მიზეზი ჩემი აზრით, ისაა, რომ გურჩიანი მათთვის გეი-აღლუმების მხარდაჭერასთან ასოცირდება (და რატომ ხდება ასეთი ასოცირება, ეს თამარმა არა მარტო მოწინააღმდეგეებს უნდა ჰკითხოს, არამედ თავსაც და საკუთარ ხისტ ლექსიკასაც დააბრალოს, როდესაც მას არ უნდა ილაპარაკოს უფლებების დაცვის აუცილებლობის და განსახვავებულობის პროპაგანდის აუცილებლობას შორის შესაძლო კომპრომისზე) და – არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც არაფრით არ უნდა, თავის ქსენოფობიურ გამონათქვამის გამო  ბოდიში მოიხადოს და ამით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი პერსონისადმი უკეთ განაწყოს. ასე მგონია, რომ დღეს ნებისმიერი ამ ორიდან ერთი კანდიდატის არჩევა საზოგადოებას ძალიან მკვეთრად გახლეჩს და ეს ისეთი ფასია, რომელიც მე არ მინდა გადავიხადო არცერთი ამ კანდიდატის ომბუდსმენობაში. მირჩევნია, ოდნავ ნაკლებ მებრძოლი კანდიდატი და ნაკლებ მხარდაჭერილი კანდიდატი გავიდეს და საზოგადოების არ ც ერთმა და არც მეორე ნაწილმა თავი დამარცხებულად არ იგრძნოს და მეორე ნაპირიდან გამარჯვებულთა ყიჟინაზე შურისძიების გრძნობა არ გაუჩნდეს… სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს ამ ორივე კანდიდატიდან ნებისმიერის წარმატება იმის შანსს უკავშირდება, რომ ამას ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს – ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულად დასასუსტებლად. და ეს – იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის აპრილში პრეზიდენტ-ვოლდემორტის ის მიერ პარლამენტის   დათხოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

ხოლო ნაციონალური მოძრაობა რომ გულხელდაკრეფილი არ ზის, და საბოტაჟს ამზადებს და ახორციელებს, ამაზე ბერვი მინიშნება თუ ლამის მტკიცებულება არსებობს:

–         დევნილების კატასტროფულად გახშირებული შევარდნა სხვადასხვა საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად. დევმნილების მხრიდან უკვე გაიჟღერა ქალაქის მერიის რამდენიმე თანამშრომლის გვარმა, რომლებიც დევნილების შევარდნის პროცესს აგულიანებენ და კოორდინაციას უწევენ.

–         რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში, როცა წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა მუსულმანი და ქრისტიანი თემის თანაცხოვრებისა, უეცრად ძალიან ხისტ არატოლერანტობაში გადაიზარდა და  იმწამსვე სცენაზე გაჩნდა რამდენიმე დღით გაუჩინარებული თვალებმოცინარი პრეზიდენტიც, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ მისი მმართველობის პირობებში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა (კიდეც გაბედავდნენ!) და ივანიშვილის მთავრობას მკაცრად მოთხოვა რეაგირება იმაზე, რაც, ჩემი აზრით, სწორედ პრეზიდენტის ფარული მცდელობების შედეგია;

–         რუსთავის მე-16 ციხეში ბუნტის მცდელობა, რომელიც წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად ჰგავდა გარედან ინსპირირებულს;

–         რეგიონებში ექიმების მასიური დათხოვნა, რომელიც სულ უფრო ახლოსაა სამედიცინო პერსნალის საყოველთაო გაფიცვასთან, და რომელიც ნამდვილად სადაზღვევო კომპანიის ინტერესებში, თითქოს, არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის სიჯიუტე სასწრაფოდ მასიური დათხოვნები მოახდინოს, თავისი ალოგიკურობით ისევ ძველი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ფარული შეკვეთით თუ აიხსნება.

–         ფინანსების და ქონების მასირებული გადაქაჩვა ცენტრალური დაწესებულებებიდან პრეზიდენტის რწმუნებულების ჯიბეებში და ადგილობრივი თვითმართველოს იმ ორგანოებში, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს. თბილისის მერიის მიერ ადგილობრივ უსაფრთხოების სისტემის შექმნა და სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების მითვისების მცდელობა აღებულ ვალდებულებებზე უარის უტიფრად თქმით და თბილისელებში მასიური უკმაყოფილების ინიცირება, რომლიც მიმართვის მცდელობა ივანიშვილის მთავრობისკენ აშკარაა.

ამ პირობებში ჩემი გულწრფელი სურვილი ისაა, რომ საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან – ადრე ყველაფერზე სიჩუმიდან, მეორეში – ახლა ყველაფერზე გადარევაში, არ გადავიდეს.

პრობლემებზე რეაგირება იმის ექვივალენტური უნდა იყოს, რასაც საფრთხე წარმოადგენს, თორემ „ახალაიებით დამწვარი სუბარს სულს უბერავდაო“, ისე მოგვდის!

============================================

ბრეხტი ვახსენე და მისი მეორე გენიალური პიესა გამახსენდა – „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. უნდა გამოვტყდე, არ მინახავს სტურუასეული დადგმა, მაგრამ მქონდა ბედნიერება ეს სპექტაკლი მენახა მოსკოვში, ლუბიმოვის ტაგანკის თეატრში (სამწუხაროდ, უკვე ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ). ვისაც არ ახსოვს, ფაბულას შევახსენებ – პიესის გმირი, სეჩუანელი კეთილი ქალი შენ ტე, ცდილობს დაეხმაროს სიდუხჭირისაგან და ათასგვარი უბედურებებისაგან უიმედობის ტყვეობაში მყოფ გაჭირვებულებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სარგებლობენ მოულოდნელად გამოჩენილი კეთილსმყოფელის სიკეთით, და სულ უფრო მეტს ითხოვენ მისგან, ხოლო თავად სულ უფრო მომხარებულურ უსაქმურობასა და განცხრომაში ეფლობიან. დაღლილი და თავად გაწამებული შენ ტე იძულებული ხდება, თავისი გამოგონილი ძმის – შუი ტას იერსახით მოევლინოს მასზე გაბატონებულ თანამობინადრეებს. დის აბსოლუტური ანტიპოდი – შუი ტა მკაცრი და მომთხოვნია, იგი ყველას რკინის ხელით და ნებისყოფით იმორჩილებს და მაყურებელი საოცარი დილემის წინაშე დგება ბუნებით კეთილ შენ ტესთან ერთად, რომელსაც არ უნდა, ცინიზმის და მრისხანების ნიღბის ტარება, მაგრამ მხოლოდ ამ ნიღბის დახმარებით შეუძლია, თავადაც გადარჩეს და საზოგადოებაც გადაარჩინოს და აიძულოს, მუქთახორობას და პარაზიტობას თავი ანებოს.

ამით დავამთავრებ იმის თქმას, რასაც 3-4 გვერდზე ვაპირებდი, და როგორც ლამის ყოველთვის, ისევ გრძლად გამომივიდა.

სწორედ ბრეხტის ეს ორი პიესა მახსენდება დღეს. საზოგადოების განთავისუფლების გზა მხოლოდ საზოგადოების  გააქტიურებაზე გადის. მაგრამ საზოგადოების მშვიდობიანი გააქტიურება არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ომში თავგანწირვა. და როცა ვინმე გვეხმარება, ამან ჩვენი მოთხოვნილებების ჰიპერბოლიზაცია არ უნდა მოახდინოს. ყველას გვმართებს სიფხიზლე რეალური საფრთხეების მიმართ და საკუთარი ამბიციების რეალობასთან შეწონადობა. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება – თანაცხოვრება, რომელიც არც მარტო დათმობით მიიღწევა, მაგრამ არც – მხოლოდ მომთხოვნელობით. სამოქალაქო ერთობა არის მრავალმხრივი კონსენსუსის ძალიან რთული და უსასრულო პროცესი…

შეცდომები დღეს ნამდვილად არის – კადრების შერჩევა და სისტემის ნოლიდან აწყობა საკმაოდ  ძნელი პროცესია და დარწმუნებული ვარ, შეცდომების გარეშე ვერასდროს ვიარსებებთ. მთავარია, შეცდომების გამოსწორების სურვილი იყოს და საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რომ ყველაფერი ფარდობითია და შედარებაში ფასდება.

================================

რაც შეეხება ომბუდსმენობას – იქნებ სხვადასხვა სფეროებში აგვერჩია ერთდროულად სხვადასხვა ომბუდსმენი?

მგონი, უმრავლესობა თანხმდება, რომ თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები და იქნებ რამდენიმე მათგანი გვყოლოდა ერთდროულად? ამის გამოცდილება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, – მაგალითად,  დიდ ბრიტანეთში,  – არის. მერე დრო გვაჩვენებს, რომელი უფრო ეფექტური იყო – ძველი უნიტარული სისტემა, თუ ახალი – პოლიომბუდსმენობა. საბოლოო ჯამში, უკვე საქმეში გამოცდილი კანდიდატების შეფასებაც (თუ უნიტარულ მოდელზე დაბრუნება მოგვიწევს) უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბრავადულ-აგრესიული საარჩევნო კამპანიების შედარება…


2 Comments on “მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა”

  1. beso says:

    სოლომონ.კარგია,მაგრამ გახსოვდეს”გრძელი სიტყვა,მოკლედ ითქმის”)

    • SolomonTernaleli says:

      ეჰ, ბესო, ეგ სულ მახსოვს და ყველა ბლოგს მაგ სურვილით ვიწყებ, მაგრამ… ხომ გახსოვთ, მარჩელო მასტროიანი რომ ამბობს ფილმში “გუშინ, დღეს, ხვალ” (ადელინა პუზო) – Желание то у меня есть… :)). შექებისთვის და დარიგებისთვის – მადლობა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s