მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები


„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…

მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:

–         როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?

–         როდის მოხდება პენსიების მომატება?

–         როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?

–         როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?

–         როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?

–         როდის   დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?

„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.

მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!

ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..

ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!

–         „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…

იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…

წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!

მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“

ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!

ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?

ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!

დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!

ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!

მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?

ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული  ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ  მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?

ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?

ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?

ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?

ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?

ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?

დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად?  ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?

და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.

ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:

  1. რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
  2. ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
  3. როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
  4. დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე  საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
  5. მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.

„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!

P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი –

1949 წლის გერმანია.

კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:

–         რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?

–         როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?

–         როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?

–         როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?

–         როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?

–         როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?

ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:

– ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!

ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:

– გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!

ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე  წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!

თვალისდაუხამხამებლად!

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?

იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.

WITHOUT  JUSTICE,  THERE  CAN  BE  NO  PEACE!

Advertisements

2 Comments on “მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები”

  1. Author ამბობს:

    ბოლო პრეს-პრესის შემდეგ თქვენს პოსტსკრიპტუმში ასეთ პასაჟს ჩავამატებდი:
    ვალტერ ფუნკი ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულ სიტუაციას, თავაწეული პასუხობს:
    – მე ამ საკითხს არ ვიცნობ. მე შემიძლია გესაუბროთ გერმანიის ეკონომიკაზე და მსოფლიოში საუკეთესო გზებზე.

    • manana777 ამბობს:

      სოლომონ ძალიან მიყვარს თქვენი ფაილების კითხვა და სიამოვნებით ვდებ ფეისბუქზე. ველოდები ახალს მოუთმენლად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s