ადამიანური მიმართვები


 

მიმართვა არათანამოაზრეებს:

ჩემი ეს მიმართვა არ ეხებათ ჩემს მეგობრებს, თანამოაზრეებს, იმათ, ვისთანაც ერთად ბევრი საერთო ტკივილი თუ სიხარული განმიცდია ბოლო წლების განმავლობაში!

ეს მიმართვა ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მინდა რომ მომავალშიც, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნონ იმის მორალური უფლება და პასუხისმგებლობა, რომ ერთად გავაგრძელოთ ნორმალური, დემოკრატიული, ადამიანის ღირსებებზე, თანასწორობაზე და ყველას უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაცული საქართველოს შენება!

 

ბატონებო და ქალბატონებო!

როგორც ადამიანებს, მოგმართავთ!

ძალიან გთხოვთ, გამოიღვიძეთ!

ძალიან გთხოვთ, როცა ქვეყანა შოკირებულია იმით, რა სიბინძურეში ვართ, თურმე, ნაცმოძური “სამოთხის” მკვიდრნი, ნუ იქნებით როლანდ ახალაიასავით საკუთარი მშვიდი ძილის რეალიზების უფლებაზე თავგადამკვდარი! დადგა დრო, როცა ძილი და სიჩუმე დანაშაულია! მოვიდა დრო, რომ ყველამ უნდა ვიგრძნოთ და მივხვდეთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! მოვიდა დრო, როცა ყველას მოგვეცა შანსი, გადავწყვიტოთ – ვინ ვართ ჩვენ: ადამიანები, რომელთაც ღმერთმა და განგებამ შოთა რუსთაველის და ვაჟა ფშაველას თანამემამულეობის ბედნიერება გვაჩუქა, თუ ორფეხა მაიმუნები, რომლებიც სადისტების მიტევებას და მათი დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობენ?

ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მომავალში შეიძლება ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. მაგალითად იმ კითხვას, რომელსაც, მე პირადად, მრცხვენია თვალი გავუსწორო: – როდესაც ირინა ენუქიძეს შვილი მოუკლეს, რატომ არ აღმოგვაჩნდა იმის საკმარისი მოქალაქეობა და თანადგომა, რომ შვილმკვდარ გაუბედურებულ  დედას გვერდით დავგომოდით? თუ მოქალაქეობა და თანადგომა არა, იმის ტვინი და საზრი მაინც არ აღმოგვაჩნდა, რომ გვერდით დავგდომოდით თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შვილები მაინც გადაგვერჩინა ამ მოლოქისაგან?

იმით გაოცება, თურმე (!) რა ხდებოდა ციხეებში, თურმე (!) რა საშინელი მონსტრი არის ჩვენი „რეფორმირებული“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, და თურმე (!) რა იმალებოდა 3-ვარსკვლავიანი, 60-ევროიანი სასტუმროების დონეზე აყვანილი პატიმართა შეხვედრების ოთახების მიღმა – არის ფარსი! ძალიან მინდა გთხოვოთ, ეგეთ თავის მართლებას ნუ დაიუწყებთ! საქართველოში, სადაც 32,000 პატიმარია, და რამდენიმე ასეული ათასი პრობაციონერი, ძალიან ძნელია ამ ხმებს და იქედან გამოჟონილი კოშმარის აღწერებს ვინმე დამალვოდა! ვინმე, ვისაც ყურები ცვილით არ ექნებოდა დამალული და რომელსაც თვალებზე შორებად „ცხოვრება მშვენიერია!“ ან „მე მიყვარს საქართველო!“ არ გაქვთ აფარებული!

თქვენ აქამდე საქართველო არ გიყვარდათ! თქვენ გიყვარდათ საქართველო, როგორც უეკლო პლასტმასის ვარდი, თქვენ გიყვარდათ დუტას და “ჯეოსტარის” საქართველო, ნანუკას და ქაჯაიას საქართველო… თქვენ გიყვარდათ პრეზიდენტის მიერ მალიმალ ლენტებგასაჭრელი საქართველო… თქვენ გიყვარდათ საქართველო, სადაც ცხოვრება „მშვენიერი“ იყო ვითომ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რამდენი ადამიანისთვის იქცა ეს საქართველო ჯოჯოხეთად, რამდენს წაართვეს სარჩო-საბადებელი, რამდენი იძულებული გახადეს – გადახვეწილიყო და რამდენს ტანჯავდნენ ციხეებში!.. რამდენი – სულაც მოკლეს!..

თქვენ მოახერხეთ შემოგეღობათ თქვენი ცნობიერება მაღალი გალავნით, რომლის შიგნით რაიმე კრიტიკულ, ან ოდნავ შემაშფოთებელ ინფორმაციას არ აჭაჭანებდით! და თუ ამ თქვენს  პლასტმასის უზრუნველობას და უშფოთველობას რაიმე დაემუქრებოდა, თქვენ უმალ იმ რაიმეზე (ან – “ვინმეზე”) იტყოდით უარს, ვიდრე თქვენს საამურ ხელოვნურ იდილიაზე.  თქვენ გიხაროდათ საქართველოს ფეხბურთელთა წარმატებები, მაგრამ უმალ ჩარეცხეთ დემეტრაძე თქვენი ცნობიერებიდან, როგორც კი თქვენი პლასტმასის ბედნიერების მესაჭემ და მისმა სატრაპებმა გირჩიეს, რომ ბედნიერი საქართველოს იმიჯის შესანარჩუნებლად დემეს ჩარეცხვა აუცილებელი იყო! თქვენ გიხაროდათ და გეამაყებოდათ რუსთაველის თეატრის სახელოვანი წარმატებები, მაგრამ იმწამსვე იარლიყები მიაკარით მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს, როცა მსოფლიოში ცნობილმა კალთამადლიანმა დიაცებმა ეს მოითხოვეს – საქართველოს იმიჯის შესანარჩუნებლად! თქვენ არც კახი კალაძეზე გაგჭირვებიათ კეხის უკუღმა შემოტრიალება და არც არავისზე გაგიჭირდებოდათ! ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო და რამე ეთქვა ამ მთავრობაზე, იმასაც მშვენივრად ამოშლიდით საქართველოს ისტორიიდან! მით უფრო, რომ ნოდარ დუმბაძე საქართველოს ისტორიაში 2003 წლამდე იყო და ეგ – 2003-მდელი ისტორია თქვენს “მესაჭეებს” ჩალის ფასად არ უღირთ!

მაგრამ ეს დრო წავიდა! მოვიდა დრო, როცა თქვენ გაგიჭირდებათ თვალების ფახულით იმის კითხვა – „რა ცოცხი? რის წამება? აბა, რომელი სადისტებიო?“

და უკვე იმის მტკიცებაც უნდა გაგიჭირდეთ, რომ თურმე საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი და მუდმივად მზარდი რეიტინგი აქვს! რომ თურმე საქართველოს პოლიცია მსოფლიოში საუკეთესოა, რომ ფრანგებიც კი ცდილობენ ჩვენს პოლიციას მიბაძონ, რომ ნებისმიერი ქართველი ბავშვი პოლიციელობაზე უნდა ოცნებობდეს და რომ საქართველოს პრეზიდენტი სულ რუსთაველის აფორიზმებით ცხოვრობს (არ კი ახსოვს, მაგრამ – სისხლში აქვს გამჯდარი!)

როდესაც თქვენ არჩევნებზე წახვალთ (და რომ წახვალთ, ეჭვი არ მეპარება, რადგან ის ხალხი, ვინც ცხოვრების სიმშვენიერის თეზისს გატენით, არაფრით არ მოგასვენებთ, რომ სახლში დარჩეთ), და როდესაც ნაცმოძრაობის  რომელიმე სათნო იმიჯის მქონე დეპუტატისათვის ხმის მისაცემად კალამს მოიმარჯვებთ, კარგად დაფიქრდით და გააცნობიერეთ – თქვენ ამით ამ კონკრეტულ ადამიანს კი არ აძლევთ ხმას, და არა რაიმე აბსტრაქტულ ციფრს – 5-იანს ხაზავთ, არამედ – თქვენ აძლევთ ხმას წამებას, სადიზმს, მკვლელობებს და უსამართლობას! თქვენ არ გსურთ, რომ გავიგოთ, ვინ გასცა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის, გურამ შარაძის მკვლელობის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, გია კრიალაშვილის მკვლელობის, როინ შავაძის მკვლელობის, სანდრო თეთრაძის წამების ბრძანებები, ათასობით ადამიანისათვის ქონების წართმევაზე ვინ მოაწერა ხელი უკანონო  დოკუმენტებს, რა ხდება პროკურატურაში, როგორ ამცირებენ ადამიანებს, როგორ ძალადობენ ადამიანებზე – თქვენ ამით საკუთარ თავს ყველაფერ ამის თანამონაწილედ აცხადებთ!

–         თუ გადაწყვეტთ, რომ ნაცმოძრაობას მისცეთ ხმა და ნომერი 5 შემოხაზოთ, თქვენ ამით ხელისუფლების დანაშაულებათა თანამონაწილე ხდებით! თქვენ ამით საკმაოდ მკვეთრად აცხადებთ (ისე, როგორც მორალზე საბოლოოდ უარისმთქმელმა ერთმა ერთ დროს სავრაუდოდ პატიოსანმა პროფესორმა განაცხადა), მართალია, მე ვიცი, რომ ესენი საშინელი არსებები არიან, ვიცი, რომ დამნაშავენი არიან, ვიცი, რომ სადისტები არიან, ვიცი, რომ მოძალადეები არიან, ვიცი, რომ მათ ხელში საქართველოს არასოდეს სამართალი არ ეღირსება, მაგრამ… მაინც მათ ვაძლევ ხმასო!

–         და ეს ყველაფერი ასე იშიფრება – მაინც მათ ვაძლევ ხმას, რადგან მეც მათნაირი ვარ – დამნაშავეებთან უკეთ ვგრძნობ თავს!

თუ თქვენ ამ გზას აირჩევთ, ბატონებო და ქალბატონებო, მაშინ დაკარგავთ იმის მოთხოვნის უფლებას, რომ ვინმემ ოდესმე ასე მოგმართოთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივ „შპანა“-ზე გაცილებუთ უარესი გახდებით, ჩვეულებრივ კრიმინალებზე უარესი – ჩვეულებრივი ფაშიზმის არაჩვეულებრივი გამპრავებლები!

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სუპერმფლანგველმა ლიდერმა ქვეყნის საგარეო ვალი 9 წელიწადში გაასამმაგეს! – 3 მილიარდიდან 10,5 მილიარდ დოლარზე აიყვანეს! დღეს საქართველოში ნებისმიერი ახალშობილი 3,000 დოლარის ვალით იბადება, რომელსაც ჩვენ არავინ შეგვარჩენს. და ეს არ არის მაქსიმუმი! ნაციონალურ მოძრაობას ხაზინა ისე აქვს დაცარიელებული და ისე გამწარებული ეძებს, რა გამოიტანოს გასაყიდად, რომ როცა პარლამენტის შენობას, უნივერსიტეტებს და ინსტიტუტებს, სკოლებს, მუზეუმებს, თეატრებსაც გაჰყიდის (ერთადერთი – ციხეებს ვერ შეელევა!), მერე საცხოვრებელი სახლების წართმევას და რეალიზაციასაც მიჰყოფს ხელს! საკუთარი თავის გადასარჩენად ნაციონალურ მოძრაობას არ მოერიდება ღიად გაყიდოს არამცთუ ვარძია და დავითგარეჯა, არამედ მთლიანად – აჭარაც და სამცხე-ჯავახეთიც! თქვენ თანახმა ხართ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი საქართველო პირწმინდად გაყიდოს? თქვან თანახმა ხართ, რომ ყოველი ქართველი ბავშვი უზარმაზარი ვალით იბადებოდეს? 1 ოქტომბერს თქვენი არჩევნით თქვენ სწორედ ამაზე შეიძლება მოაწეროთ ხელი! დაფიქრდით, სანამ დროა…

თუ თქვენ 1 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებას შეეცდებით, ამით თქვენ იმას გვეუბნებით, რომ ჩვენი არჩევნის გაუპატიურება გსურთ ისევე, როგორც სადისტები ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას ახერხებდნენ აქამდე! თქვენც ისეთივე მოძალადეები გამოდიხართ მაშინ! დროზე უარი თქვით ამ ეშმაკის ნაკარნახებ ჩანაფიქრზე და ჩვენს მოთმინებას ნუ გამოსცდით! ბევრჯერ შეგრჩათ და დაახვიეთ ეგ “თამშები” ახლა მაინც, ბატონებო თუ ქალბატონებო! არავინ აღარ გაპატიებთ სადისტების რეჟიმის “გაპრავების” კიდევ ერთ მცდელობას!

თუ თქვენ სამართალდამცავი ბრძანდებით, გაიხსენით, რომ თქვენ საქართველოს დაცვაზე გაქვთ ფიცი დადებული და არა სადისტი დეგენერატების ბანდის დაცვაზე! როდესაც ეს ბინძური ხელისუფლება ხელჯოხს გაძლევთ, კარგად დაფიქრდით, ეს ის ხელჯოხი ხომ არაა, რომლითაც უკვე ვინმე გააუპატიურეს? როდესაც ამ ბანდის დაცვას გადაწვყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ამით საკუთარ შვილებს რანაირ სახელმწიფოში საცხოვრებლად იმეტებთ! იმაზეც დაფიქრდით, რომ ის სადისტები სწორედ ამ ხელისუფლებამ გამოზარდა, სწორედ ბაჩო ახალაიამ ასწავლა მათ ადამიანთა ცოცხით გაუპატიურება, ხოლო ბაჩო ახალაიასთვის ცხოვრებაში მისბაძი პიროვნება, მასწავლებელი და შთაგონების წყარო, მისივე აღიარებით – მიხეილ სააკაშვილია… როცა დაჭირდათ, სადისტმა ხელისუფლებმა ეს სადისტი შემსრულებლები დაუფიქრებლად გადაგდეს და მოიშორეს და არაა გამორიცხული,  მათ სამუდამოდ “დადუმებაზეც” იზრუნონ! გსურთ, რომ თქვენც ასეთ ბრმა იარაღად იქცეთ ხელისუფლებად მოსულ ავაზაკთა ბანდის ხელში? თუ ნორმალური, სამართლიანი ხელისუფლებისთვის სამსახური სჯობს, რომელიც არაფერს ისეთს არ გაიძულებს, რაც შეიძლება ვეღარასოდეს ვერაფრით გამოისყიდოთ?

გავრცელდა სია, სადაც ასზე მეტი ბიზნესმენია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა საპარს ცხვრად აქცია. ეს სია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე – ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სცენაზე არასდრო ჩანს, არის ხალხის მთავარი და უდიდესი ინკვიზიტორი. ის ბიზნესმენები კი, რომლებიც დღესაც სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებენ, ამით გვეუბნებიან – „ჩემი ფულით ფინანსებოდა ეს სისხლიანი რეჟიმი, მე ვუდექი მათ გვერდში, მას შემდეგაც კი, რაც ომი გააჩაღეს და მას შემდეგაც, რაც 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი მოაწყვეს!“  დაფიქრდით ბატონებო, თუ თქვენი გვარი საარჩევნო სიაშია, იქნებ დროზე სჯობდეს ამ სისხლიან სიბინძურეს გაემიჯნოთ და ამით ადამიანური სახე შეინარჩუნოთ? ვინ იცის, სწორედ ამით გადაირჩინოთ თავიც და სახელიც. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ თუ სააკაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა, იგი თავის პრობლემებს გადაწყვეტს და თქვენი გადასანსვლის და მონელების სურვილი გაუნელდება!  პირიქით – არჩევნების მოგების შემთხვევაში მას იმდენი ფული დასჭირდება, რომ საკუთარი დედის და ბიძის გარდა არავის დაინდობს და არ დატოვებს გაუტყავებელს.

დაბოლოს, მინდა მივმართო იმ ჯგუფს, თუ „ფენას“, რომელსაც საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ – ინტელიგენციას და პედაგოგებს! კარგად დაფიქრდით, ნეობოლშევიკებთან დამოგებრებულო, სინდისის ყოველდღიური რეცხვით დაკავებულო ჰუმანიტარებო და ტექნოკრატებო – დაფიქრდით, ვის ემსახურებით, ვის უკმევთ გუნდრუკს და როგორ გინდათ, რომ ვინმესთვის რაიმეს სწავლის უფლება გქონდეთ! 2012 წლის 1 ოქტომბერი იქნება  ასერგასის დღე, როცა უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა თქვენი მოჩვენებითი უზრუნველობა იმად, რომ საქართველოს ისტორიამ ავაზაკთა გვერდით მოგიხსენიოთ…

===============================================

მიმართვა თანამოაზრეებს:

ჩვენ კი, ჩემო ძვირფასო თანამოაზრეებო, დავიმახსოვროთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ თავად უნდა მოვიპოვოთ ჩვენი არჩევნის თავისუფლება – მთელი ეს დღე უნდა გავატაროთ საარჩევნო უბნებთან და ყველა იმ ნაძირალას, რომელიც არჩევნების გაყალბებას შეეცდება, არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საშუალება. ახლა ხომ მაინც ვიცით, რა ჯოჯოხეთს გვიმზადებენ! ახლა ხომ მაინც ვიცით, რისთვის გაიმეტებენ ჩვენს შვილებს და მთელს ქვეყანას, თუ, ღმერთმა ნუ ჰქნას და, გაიმარჯვეს!

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ სიმართლის ცოცხით უნდა გავხვეტოთ ნეობოლშევიკურ-სადისტური რეჟიმი!

უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს საქართველოს სახელის გამაუპატიურებელ ავაზაკთა ხროვა!

ახვრები არაფრით არ სჯობნიან ქურდებს!

ახვრები არ უნდა ბატონობდნენ ადამიანებზე!

ახვრები არ უნდა მართავდნენ საქართველოს!

„ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს… სიკეთეს… სიკეთეს… – თესავს!“ (ბერტოლდ ბრეხტი)

2012 წლის 1 ოქტომბერს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ავასრულოთ დიდი შოთას აფორიზმი – „ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია!“

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s