ფარისეველ მტრედთა ღუღუნი


რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?

(ნეტარი ავგუსტინე)

საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ქართველის და ყველა ქართული ძალის გაერთიანებაზე გულისამაჩუყებლად ილაპარაკა!

მან დიდი მადლობა უძღვნა პატრიარქს მისი საქმიანობისათვის!

მან დიდი მადლობა მიიღო პატრიარქისაგან მისი საქმიანობისთვის!

საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტის სახელით ბაგრატის ტაძრის კურთხევაში მონაწილე პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ბანკეტზე მიიწვია!

სავარაუდოდ, სუფრას სწორედ საქართველოს აღორძინების და გაერთიანების სიმბოლოს – ბაგრატის ტაძრის – აღმშენებელი, და საქართველოს აღორძინების და გაერთიანების შემოქმედად თავის ჩამთვლელი, დემოკრატიის შუქურა, მესიის მახვილი, წმინდა ქართული ტრადიციების დამცველი, და ქართული კულტურის, მევენახეობის, არქიტექტურის, ცეკვის, ოპერის, განათლების, საბრძოლო სტრატეგიისა და ეროვნულობის სიმბოლო – მიხეილ (დაღმაშენებელ) სააკაშვილი წარუძღვება!

ითამადებს ბატონი მიხეილი, ისე, როგორც მას ჩვევია – ქართული ღვინით სავსე ყანწებს და სიბრძნით სავსე სადღეგრძელოებს მარგალიტებად ჩაურთავს გალაკტიონ კალანდაძის და შოთა ორბელიანის ლექსებს, მუხრან მაჭავარიანსაც (ბრანდსპოიტისწყაროდანაპირებს) წაიკითხავს ცრემლმორეული და კაკალაშვილის ღვთიურ სტროფებსაც მიაშველებს; გაიხსენებს რუსთაველის გმირებს, რომლებიც ისევე ებრძოდნენ რაბათის ციხის ახლოს მუმიებსა და მღრღნელებს, როგორც იგი ებრძვის; ილაპარაკებს კლასობრივი ბრძოლის ტრიუმფით დასრულებაზე და უკანასკნელი კლასობრივი მტრის  სისხლის ბოლო წვეთის დალევის დამამშვიდებელ აპოთეოზზე… აქა-იქ წაიღიღინებს „ჩაკრულოსა“ და „გაფრინდი შავო მერცხალოს“, და ყველაფერ ამის კეთებისას ხშირ-ხშირად პირჯვარს გადაიწერს ღვთისმოშიში და თავმდაბალი, ღრუბელ-ღრუბელ მალვით ფრენით ქართველი ხალხის მეოხი და მსახური, ქართველი ხალხისთვის პრომეთეულად – ამირანი და ათათურქივით – დ.აღმაშენებელი (ან – აზიზიე, განა მისთვის სულერთი არ არის?!)…

ხოლო მისი ერთგული რაზმი, მისებრ ვაშა-კაცნი და ქართველი ხალხის სარგებელზე ფიქრში დამაშვრალნი, ლამის გადამწვარნი და გაღლეტილნი, მისი უპოვარნი და მარადუსახლკარონი – ვანო და ზურა, გიგი და გიგა, ბოცო და პალიკო, ნიკა და გოკა, კეზერა და ბენდუ, ბაჩო და დათა (და მამაო როლანდ), ჩიორა და ხათუნები… – მისი ლეგიონი მოკლედ – იქვე იქნებიან,  ქვეყანაზე ფიქრებით გაცისკროვნებულნი და მშვიდობაზე ღუღუნით ჩამტრედებულნი, ხოლო – შიგადაშიგ – საკუთარი  სულის გადარჩენაზე და ქართველი ხალხის სარგებელზე ქვაზე თავისრტყმევით მლოცველნი (განსაკუთრებით – რუსუდან ეფემია კერვალიშვილი, ქართველი ხალხის დედა და ათასთაგან დედახსენებული და ხაჭომირთმეული)…

და იქვე იდგებიან მიხეილ სააკაშვილის საგარეოდ მტერნი პოლიტიკურნი და საშინაოდ კი – იდუმალნი ძმანი იდეურნი – ყასიდად მოკრიტიკე ქდმ-ელები და ედპ-ელები, ყასიდად მაგინებელნი ლეიბორისტები და პადოშისტები და სხვაი ძუძუით მარადმლოცველები,  მაია სერგოევნა ორჯონიკიძიდან – თამარა ტაბულევნა ჩერგოლეიშვილამდე, ქეთა ბენზინმზიდ გაბიანიდან – კარდუ მუტრუკ-ნასარიძემდე თუ – მიშა ვოდკინ-თავხელიძემდე…

და შიგადაშიგ, უკიდურესი აღელვებისა ჟამს, როცა კულტურული ოჯახიდან გამოსული მინისტრი სუფრაზე ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულს გაიხსენებს, ან როცა ოპერის უპირველესი მეგობარი და ლატარიის კარუზო კეზერაშვილი კავარადოსის არიას ქვითინში ჩაასრულებს, ან როცა აშუღი კობა ხაბაზი ხოსროვ-შირინის სტროფებს ჩააბულბულებს, წარმოდგება მეფის სავარძლიდან კავკასიის ლომი და მშვიდობის მტრედი, მიეახლება უკნიდან თავის თინათინ-სანდრას და თმაზე ნაზად ეამბორება ისე, როგორც ჭეშმარიტნი რაინდნი ეამბორებიან ხოლმე უკიდურესი ტრფობის სიწმინდეს…

და ერს კურცხლი მოსწყდება მაშინ… სათნოების და მთრთოლვარე კდემამოსილების კურცხლი – ხომ ყველამ იცის ჩვენი მთავარსარდალ კურდღლისტყაოსნის გარდარეული სიყვარულისა და უსაზღვრო ერთგულების ამბავი…

და იდგებიან იქვე მღვდელმთავარნი. და მათ შორის – კუდისგან ხელდასმულნი თუ შენარჩუნებულნი – გაენათელი კალისტრატე მიშთაყვანისმცემელი, ფოთელი გრიგოლ ჟურნალისტთმცემელი და შემოქმედელი იოსებ ოპოზიციამწყევლელი, სანატრელი იმპერატორის ახლოს ყოფნით ახურვებულნი და ნეტარების ოფლდასხმულნი…

ხოლო ბოლოს კი ყველანი ერთად, ბაგრატის ტაძრის საოცრებაში – ლიფტში შეილალებიან და და ზედა პლატფორმიდან მათ მიერ გახსნილი ახალი ქუთაისის ხილვისას უფლისა და ტექნიკური პროგრესის ერთობას დალოცავენ განსხვავებულით (შეიძლება სულაც – რომელიმე ცელქი და მდგრადი მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის იტალიური ფეხსაცმლით).

==================================================================

ხდება ხოლმე, ის კი არადა, – ლამის ყოველთვის არის რაღაც მცირე ცუდიც, როცა დიდი კარგი ამბავი ხდება…

მაგრამ როცა ამდენი სიყალბეა კარგ ამბავში ჩაქსოვილი, როცა სიწმინდეს უკეთურები მოასხდებიან ქედზე და როცა ეკლესიას ზარს ქვეყნის დამანგრეველი და ხალხის უბედურებით გაბრწყინებული მედროვე ადგამს, რაღაც ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ამბავს. აი, ისეთი სიდამპლის სუნი, როგორც ჰამლეტის ეპოქაში – დანიას… და რაზეც ასე დიდებულად თქვა გენიოსმა პოეტმა:

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა…

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

===================================================================

და ამიტომ, სანამ ეს მტრედთა ღუღუნი თქვენშიც აღძრავს  საყოველთაო იდილიის მონატრებული ხატების მოახლოებულ მოლოდინს, ზოგი რამ მინდა შეგახსენოთ:

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე და ერთიანობაზე ლაპარაკობს, და იმაზე, რაც თურმე “ყველა ქართველს გვაერთიანებს”, – საქართველოს ციხეებში 115 პოლიტპატიმრიდან დიდი უმეტესობა ისევ რჩება, სულ კი საქართველოს ციხეებში 32,000 პატიმარია, 72,000 კაცს ახეული აქვს ქონება საპროცესო შეთანხმებით, თითქმის 150,000 პრობაციონერია და ყველა ამ ადამიანის ახლობლებს სწორედ ეს ფარისევლურად მოღუღუნე მტრედები სწორედ ახლა  ოჯახებში კუდის და სოდის მანქურთებს უგზავნიან დასაშინებლად და არჩევნების გასაყალბებლად!

სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის აღმშენებლობაზე ლაპარაკობს, მისი ხაზინადარები სიხარულით ითვლიან იმ მრავალ მილიონს, რაც ბაგრატის მშენებლობაზე „გააპრავეს“ და ახლა „ატკატებით“ უკან დაუბრუნდათ! ყოველი 500 ეკლესია-მონასტრის მშენებლობა თუ აღდგენა საქართველოში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა – იყო საჩუქარი საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობისათვის, (და ბიძინა ივანიშვილი იქ მედიდურად არ გამოჩენილა გახსნისას და ამპარტავნულად თავად არ ყოფილა გახსნის ცერემონმაისტერი, რადგან უფლის სახლში უფლის მსახური უნდა იყოს მასპინძელი), ხოლო ყოველი ის მშენებლობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს, არის ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ფულიც კი, ვიდრე სინამდვილეში რეალური ხარჯთაღრიცხვისას ეს მშენებლობები დაჯდებოდა. თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არიან გაჩუმებულნი ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე და სხვა ეკლესიაზე მწყრალად მყოფნი ნაცმოძრაობის იდეოლოგები? იმიტომ, რომ ბაგრატიდან, ფოთის ტაძრიდან და სხვა მშენებლობებიდან მოტეხილი ფულის ნაწილი მერე სწორედ მათ ჯიბეებშიც და მათ “პროჯექტებშიც” გადანაწილდება, ხოლო  დარჩენილი ნაწილით ბუდა ბარები და „შანგრი-ლა“ კაზინოები შენდება!

სწორედ იმ დროს, როცა მოყვასის სიყვარულზე და საერთო ქართულ საქმეზე ხმაათრთოლებული ლაპარაკობდა (ზოგადადს კი კლასობრივი მტრების და მუმიების განადგურების მსურველი) პრეზიდენტი, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი დისლოკაციის ადგილებზე აგზავნიან ზონდერბრიგადებს და სპეცნაზს, რომელთაც არაფერს ეუბნებიან საერთო ქართულ საქმეზე და მოყვასის სიყვარულზე. სულაც – პირიქით, ჩვენს სისხლზე გეშავენ.

სწორედ იმ დროს, როცა პატიოსნებაზე, სიმართლეზე და სამართალზე ენას იქაფებენ ნაცმოძრაობის კდემამოსილი და ხელში სანთელანთებული ლიდერები, ზურაბ ხარატიშვილი მიხეილ მაჭავარიანთან და ხათუნა გოგორიშვილთან ერთად სახავს არჩევნების გაყალბების ნატიფ სქემებს, ხოლო ლუის ნავაროს მიერ დაქირავებული კავკასიის რესურს ცენტრის თანამშრომლები გაყალბებულ ველში გაყალბებული სოციოლოგიური კვლევის ფორთოხლებს კრეფენ, რომ ყოველგვარი პატიოსნების, სიმართლის და სამართლის გარეშე მოგვახალონ მიშასთვის სასურველი პროცენტები.

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს სიყვარულით გულანთებულის” როლს თამაშობს, მას და მის სატრაპებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ თუ არჩევნებს მოიგებენ, საქართველოს კიდევ რომელ კუთხეში რას გაყიდიან, რომელ სამუზეუმო ექსპონატს, რომელ ტყეს თუ მდინარეს, თუ სულაც რომელ რეგიონში რამდენი კილომეტრით გადმოსწევენ უკან საზღვარს, როგორ აჩუქებენ საქართველოს კულტურის ძეგლებს ჩვენს მეზობლებს რამდენიმე მილიარდის ფასად, რომელსაც მერე თავიანთ ბოზებს და მანქურთებს დაახარჯავენ, რამდენ თანამოქალაქეს მოახვედრებენ საბანკო კრედიტის დაუნდობელ ბრჭყალებში, რამდენ ადამიანს ჩაუდებენ ნარკოტიკს ან შეუსევენ საგადასახადო პოლიციას, რომ საპროცესო შეთანხმებით მათაც ტყავი გააძრონ და მათი ბიზნესი თუ სახლკარი ხელში ჩაიგდონ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აიძულებენ ლტოლვილად იქცეს და მათ მაგიერ რამდენ უცხოელს ჩამოასახლებენ – საქართველოს ადგილზე სინგაპურის ასაშენებლად!

ნაციონალური მოძრაობა და მისი უსინდისო ფარისველი ნერონი არის ქართველი ხალხის სახადი, რომელიც 2012 წ. 1 ოქტომბერს უნდა საბოლოოდ მოვიშოროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ ისინი, ვინც ახლა ძმობას და ერთობას გვთავაზობენ, მაშინვე გადააგდებენ ცხვრის ტყავებს და თავის მგლის ხელობას გვაჩვენებენ ისევ და უფრო უარესადაც ვიდრე აქამდე.

ჩვენ, ესენი, კარგად ვიცით, ვინც არიან!

ჩვენ კარგად ვიცით, მათ სიტყვებს, დაპირებებს, და ვითომ ხალხისთვის შეპირებულ “სარგებელს” სინამდვილეში რა ფასი აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ხალხია,  ვისაც ჩვენზე 70 წლით ბატონობის გეგმები აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რა უყვეს მათ სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს და სხვა უდანაშაულოდ დახოცილ ახალგაზრდებს! რა უყვეს მათ ლტოლვილებს!  ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს! ბინათმშენებლობაში მოტყუებულებს! ომის წინ კრედიტის ამღებ და გაკოტრებულ ბიზნესმენებს! გარემოვაჭრეებს!უნივერსიტეტის პედაგოგებს! სწავლის ფულის ვერგადამხდელ სტუდენტებს! ლოპოტის ხეობაში ჩახოცილ მოტყუებულ ქისტებს და ჩეჩნებს! სამარშრუტე ტაქსის მძღოლებს! გაფიცულ მეტალურგებს! წეროვნის დასახლების მაცხოვრებლებს! სახელმწიფო მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს!.. – არ არის ფენა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებამ არ გადაგდო, არ გაყიდა, არ უყალატა, არ მოატყუა და არ დაჩაგრა!

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად გვინდა, რომ მომავალი 4 წელი ყოველ ოჯახზე 1000 ლარიანი ვაუჩერის, (ანუ თვეში 20 ლარის, ხოლო დღეში თითო სულზე – 23 თეთრის!) ფასად მივეყიდოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დამონება სწადიათ!

ამ ხალხმა არჩევნების უფლება წაართვა საზღვარგარეთ წასულ ჩვენს მოქალაქეებს. გაგიკვირდებათ, რომ მათ მალე პასპორტებიც გაუუქმონ და საერთოდ სამშობლოს გარეშე დატოვონ, თუ ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაში დარჩა?

თუ ვინმე ჩვვენი ოჯახის წევრს, ჩვენს მეზობელს ან ნაცნობს აწამებს, აუპატიურებს ან კლავს, უსამართლოდ და უმიზეზოდ ციხეში აგდებს და მთელ საცხოვრებელს აყიდვინებს, თუ თუ ვინმე მათხოვრად გვაქცევს, რომ მერე, ოთხ წელიწადში ერთხელ სამადლოდ 20 ლარი გადმოგვიგდოს, თუ ვინმე ჩვენს სამშობლოს ყიდის, რომ თავად იგრიალოს – ვინ ვართ ჩვენ, თუ ასეთ ადამიანებთან ისევ „საერთო ქართული საქმის კეთების“ ილუზია გვექნება? ხომ ან მონები ვიქნებით, ან – დებილები! გვინდა, რომ მონები და დებილები ვიყოთ?!

ჩვენ დღეს ძალიან ძლიერები ვართ!

სწორედ ამით არის განპირობებული ფარისეველთა ეს ლამაზ-ლამაზი ლაქუცი! უნდათ, კიდევ ერთხელ გვაჭამონ და გადაგვაგდონ, რომ მერე საერთოდ მათხოვრებად და ლტოლვილებად გვაქციონ!

არ მოვტყუვდეთ, ძმებო და დებო!

რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა!..

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s